30 August, 2013

საოცნებო დემოკრატიიდან – მაჟორიტარულ ფეოდალიზმამდე

გაზეთი "ქრონიკა+" #19, 27.08.2013 
 ამერიკულმა გამოცემა Bloomberg-მა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან  ურეკში ჩაწერილი ექსკლუზიური ინტერვიუ გამოაქვეყნა. სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილმა მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებაც ისაუბრა და დასძინა: "ჩემი აზრით, ჩვენი პრობლემა არა მთავრობაში, არამედ საზოგადოებაშია, რომელიც ძალიან გამოუცდელი და მცირე პოლიტიკური კულტურის მატარებელია. როგორი „მაღალი პოლიტიკური კულტურის“ მატარებელია მისი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი, პრემიერი შეიტყობს, თუ ამ წერილის ბოლომდე ჩაკითხვას ინებებს.
ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბი, სააგიტაციო კამპანიის ამ ეტაპზე, საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ რაიონული ოფისების გახსნის გაშუქებასთან ერთად, „ქართული ოცნებიდან“ და სხვა პარტიებიდან მათ მხარეს აქტივისტთა მასობრივი გადასვლის თაობაზე ინფორმაციებს პერიოდულად ავრცელებს, თან ამას „ბუნებრივ პროცესად“ მიიჩნევს.  „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ მესვეურები ამ ხმებს უარყოფენ: „ორი წევრის გადასვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ყველა თავისუფალია არჩევანში“, – ამბობს პარტიის აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი.
ახვლედიანისგან მკვეთრად განსხვავებული მოსაზრება აქვს მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერს, სანდრო ბრეგაძეს, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასულ ათასობით აქტივისტზე გულისტკივილით საუბრობს, პარტიის დაშლაში კი საგანელიძესა და ახვლედიანს სდებს ბრალს: „როდესაც გულანთებულ პატრიოტებს, თავგანწირულ ჯარისკაცებს, "ქართული ოცნების" დამფუძნებლებს ჰყრი პანტაპუნტით და მათ ადგილას ნაცზონდერები მოგყავს - მაგალითისთვის, პირდაპირ გეტყვით, მისაბიშვილისნაირი, შიხიაშვილისნაირი, ხაჩირიშვილისნაირი მედროვეები, ყოფილი მხედრიონელები, ავაზაკები და ათასი ჯურის ხალხი, მე ამას ნამდვილად ვერ ჩავთვლი დადებით მოვლენად. ტრანსფორმირებულ "ნაციონალურ მოძრაობად" უნდათ ვიღაცებს, რომ გადააქციონ "ქართული ოცნება". ვინც ამაში ხელი შეუშალა, ისინი გაყარეს და მათ ადგილას ნაცზონდერები მოიყვანეს – განაცხადა მან პრეს–კონფერენციაზე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსის, დავით საგანელიძის მიმართ „ოცნების“ ყოფილ აქტივისტთა ანტიპათია არჩევნების შემდეგ რაიონული ოფისების ჩამოყალიბებისა და მათი ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესს უკავშირდება. გადაწყვეტილების მიმღებად მაშინ მას ასახელებდნენ და, დაპირისპირების მიზეზიც, აქტივისტთა თქმით, ის იყო, რომ საგანელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ კადრებს ლობირებდა. საგანელიძის მიმართ ნეგატიურმა დამოკიდებულებამ ზოგან ისეთ მუხტს მიაღწია, რომ  მარტვილში  მისი ფიტული საჯაროდ დაწვეს.
გასული წლის შემოდგომის რეალური, ლამის 80%–ზე მეტი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ ისე მალე შემოეძარცვა, რომ მართლაც დამაჯერებელი ხდება „შიგნიდან ღალატის“ კონსპირაციული თეორია. ხელისუფლებაში მოსვლიდან ათიოდე თვეში კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბში უკვე კულუარულად საუბრობენ, რომ „ყველა რაიონში ძალზე მძიმე მდგომარეობა აქვთ“ და მის გამოსწორებას მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრების ფორსირებულად წარმართვით ცდილობენ. მოსახლეობასთან თავის მოსაწონებლად აქვთ უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების დარიგებაზე ბიუჯეტიდან დახარჯული 10 მილიონი, საგაზაფხულო ხვნა–თესვაში გლეხებისთვის მხარდაჭერა, რის გამოც მაშინდელი სოფლის მეურნეობის მინისტრს ახლა დაკითხვებზე დაატარებენ პროკურატურაში, და „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის“ ამოქმედება, რომლის დადებით ეფექტებთან ერთად, თანდათან, ნეგატიური მხარეებიც იჩენს თავს: სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ აღორძინებას იწყებს ექიმისთვის ფულის „ჯიბეზე გადახდის“ შევარდნაძის დროინდელი პრაქტიკა, ხოლო სამედიცინო პერსონალი ამ სფეროს მფლობელი კომპანიების თავგასულობითაა შეწუხებული და გაფიცვას გაფიცვაზე მართავს ხელფასების სიმწირისა და მასობრივი დათხოვნების გასაპროტესტებლად.
წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობა და სერიოზული საკადრო შეცდომები თუ აქამდე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საბოტაჟს ბრალდებოდა, ახლა უკვე თავად „ქართული ოცნების“ მესვეურთა უნიათობასა და ოლიგარქებთან ფარულ გარიგებებზე მიდის ღია საუბარი.  როცა სოციალურ ქსელებში არსებული მდგომარეობის გამართლებას ზოგიერთები ცდილობენ არგუმენტით: „ივანიშვილს გარემოცვა რეალობას უმალავს“, სულ უფრო ხშირად სარკასტულად პასუხობენ, რომ ეს ჰგავს მითს: „სტალინმა არაფერი იცოდა დახვრეტების შესახებ“.
შექმნილი სიტუაციის გამო, საპრეზიდენტო არჩევნებში ფიასკოს თავიდან ასაცილებლად, მმართველი პარტია იძულებული გახდა კანდიდატთა რეგისტრაციის დასრულებამდე დარჩენილ თვენახევარში ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელ პერსონათა ცვლილებების სერია მოეწყო. ეს  პროცესი, „საარჩევნო კოდექსის“ 49–ე მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, ათიოდე დღეში უნდა შეწყდეს, რამდენადაც დაიწყება პერიოდი, რომლის დროსაც „აკრძალულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება, გარდა მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან/და მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა“.
ივლისის ბოლოს თელავის გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე საკრებულომ, კანონის შესაბამისად, კონკურსის წესით, 60 კანდიდატიდან ერთ–ერთი შეარჩია და დაამტკიცა. თელავს კი მოჰყვა წინასაარჩევნოდ კადრების გადახალისების საეჭვო მოვლენები, რომლებიც დაიწყო ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სადაც საკრებულომ გამგებელს უნდობლობა სამსახურებრივი მოვალეობის არასრულფასოვნად შესრულებოსთვის გამოუცხადა და მის ნაცვლად მოვალეობის შემსრულებელი დანიშნა. ახალი თანამდებობის პირს „უშიშროების ორგანოებთან წარსულში თანამშრომლობა“ დააბრალეს, რაც მან, ფაქტიურად, არ უარყო.
ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარემ, იმავე „არაეფექტური მუშაობის ბრალდებით“, გამგებელი და მისი მოადგილე თანამდებობებიდან გაათავისუფლა, რამაც საკრებულოში დაპირისპირება გამოიწვია, წევრთა ნაწილმა თავმჯდომარის, მალხაზ ერაძის იმპიჩმენტი მოითხოვა. პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" დისციპლინარული დარღვევის გამო საკრებულოს თავმჯდომარეს და ახალ გამგებელს პარტიული სტატუსი შეუჩერა, სახელმწიფო კანცელარიის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ ერაძის გადაწყვეტილება შეისწავლა და ის „კანონს გადასცდა“.
აჭარის მუნიციპალიტეტების გამგებლებს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, როგორც ჩანს, გასული წლის შემოდგომის მსგავსად, ახლაც „თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ მოუწოდა“, რის შედეგადაც ტყავგამოცვლილი „ნაციონალებით“ უხმაუროდ შეიცვალნენ ადგილობრივი ხელისუფლების აღმასრულებელი სტრუქტურების ხელმძღვანელები ქობულეთში, ხულოში, ხელვაჩაურსა და  შუახევში.
ასევე უმტკივნეულოდ შეიცვალა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელიც გადადგომამდე შს სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში ჰყავდათ დაბარებული, „ქართუ ბანკიდან“ ყალბი აქტების ხარჯზე კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებით. ის ჩაანაცვლა გურჯაანის ყოფილმა პროკურორმა რომელიც ბოლოს შსს–ს თბილისის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად მუშაობდა. 
ლენტეხის საკრებულოს სხდომაზე გამგებლის გადაყენების საკითხი დააყენა ფრაქციარესპუბლიკელები - ქართული ოცნებისთავმჯდომარემ ბესო მუკბანიანმა, რომელმაც. განაცხადა, რომ ეს მისი სურვილი  არაა და მას აიძულეს,  შეესრულებინა კოალიციის დავალება.
კასპის გამგებელთან, ოლეგ იაძესთან დაპირისპირებული სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ადგილობრივი თანამშრომლის „მეცადინეობის“ შედეგად საკრებულოს წევრებმა ახალი თავმჯდომარე აირჩიეს, ხოლო იაძის დაგეგმილი გადაყენების შემდეგ, აქაც ფრაქცია ,,ქართული ოცნებარესპუბლიკელებს დაევალათ გამგებლის ახალი კანდიდატურის წარდგენა.
ბოლო ორ შემთხვევაში „რესპუბლიკელთა“ ფიგურირებამ ეჭვი გააჩინა, რომ თვითმმართველობების თანამდებობის პირთა ცვლილებების პროცესის უკან ბიძინა ივანიშვილის „ფავორიტობაში შემჩნეული“ პარტია დგას, რომლის პროდასავლური კურსი საყოველთაოდაა ცნობილი, მაგრამ არავინ დაფიქრდა: ხომ არავინ ცდილობს მასზე ხელის შეწმენდას, რომ თავად ჩრდილში დარჩეს? რესპუბლიკური პარტიის მიმართ დაუფარავი ზიზღით განმსჭვალულმა ყოფილმა „ზვიადისტებმა“ და რუსოფილებმა სასწრაფოდ მისკენ გაიშვირეს ხელი: რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილებს აძევებენო. ბოლო დროს მათთვის ლამის მოდად იქცა ყველა უკეთურობაში ამ პარტიის დადანაშაულება, მაგრამ ვერ გაართვეს თავი კითხვას, თუ რას ერჩიან ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაქარია ქინქლაძეს, რომელიც ასევე „რესპუბლიკელია“. ამაზე საანეკდოტო პასუხი იყო: –„ეგ რუსეთუმე რესპუბლიკელი იქნებაო“. უზნაძისეული წინასწარი განწყობის თეორიით ამგვარი აბსურდული ეკლექტიზმის ახსნას ჯობს იმაში გარკვევა, თუ რატომ არ სურს ქინქლაძეს, რომ ხელი გაისვაროს ზვიადაურის კლანის წევრის ახმეტის გამგებლად დამტკიცებაში, რომელზეც ყალბი პირადობის მოწმობის დამზადება – გამოყენების ფაქტზე სსკ–ის 362–ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
„ნაციონალური მოძრაობის“ ზეობის დროს ზაქარია ქინქლაძეს, ოპოზიციური პარტიის წევრობის გამო, იმდენი დევნა–შევიწროვება განუცდია, რომ გასაკვირი არაა, სააკაშვილის რეჟიმთან გაუტეხელი მებრძოლი არ ეპუებოდეს XXI საუკუნის ფეოდალობის მსურველი მაჟორიტარის თვითნებობას. 2012 წლის გაზაფხულიდან „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსად დანიშნული ქინქლაძე მაჟორიტარობის უალტერნატივო კანდიდატად მოიაზრებოდა. გელა ხვედელიძესთან შეხვედრის შემდეგ ახმეტაში დაბრუნებულს,  პროვოკაცია მოუწყეს და პატიმრობა მიუსაჯეს სწორედ იმ დროს, როცა კოალიციაში კანდიდატების შერჩევის პროცესი დასასრულს უახლოვდებოდა. მას შემდეგ, რაც საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა „ოცნების“ რეგიონული სამსახურის მაშინდელი უფროსისა და შსს მაღალჩინოსანთა მეგობრული კავშირები, ძნელი აღარაა იმის ეჭვი, თუ ვისი თხოვნით მოაწყო კუდ–მა „ავტოსადგომის სპეცოპერაცია“. უკანდიდატოდ დარჩენილმა კოალიციამ „ნაციონალების“ ყოფილი ფავორიტი, ოლიმპიური ჩემპიონი ზვიადაური იპოვა, ხოლო მის გადეპუტატებაში ლომის წვლილი შეიტანა ციხიდან გამოსულმა  ზაქარია ქინქლაძემ, რომელმაც თავისი ოპოზიციური წარსულითა და ზვიადაურის გვერდში დადგომით  „ოცნების“ კანდიდატის მიმართ ამომრჩევლის ყოველგვარი ეჭვი გაფანტა.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახმეტის საკრებულოს შემადგენლობიდან ერთადერთი ოპოზიციონერი – ზაქარია ქინქლაძე აირჩიეს თავმჯდომარედ, დანარჩენ  „ნაციონალებში“ კი „ფერიცვალების“ ისეთივე პროცესი დაიწყო, როგორც მთელს საქართველოში. თუმცა, „მგელი მგლობას არ მოიშლის“ და ფარჩაკი–ფარჩაკობას: საკრებულოს თხუთმეტმა წევრმა თავისი სულმდაბლობა განცხადებაზე ხელისმოწერით დაადასტურა, რომელშიც თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვენ, მიზეზს კი ვერ ასახელებენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ბიუროში არაერთხელ დაიბარეს საკრებულოს წევრები და თავმჯდომარის თანამდებობიდან ზაქარია ქინქლაძის გადაყენება მოსთხოვეს. პოლიციის მაღალჩინოსნის დახმარებით ზვიადაურმა ისინი ისე დააშინა, რომ ტელეკამერების წინ, სირცხვილით, თვალებზე ხელს იფარებენ და იმით იმართლებენ თავს, რომ ეს ყველაფერი „პრემიერთან შეთანხმებულია“.
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის გადაღებულმა კადრებმა და სტატიამ „ნეოფეოდალიზმი ახმეტაში“ სოციალური ქსელები მოიარა, მაგრამ დემოკრატიული ღირებულებების ქართველი უფლებადამცველების ყურთასმენამდე ვერ მიაღწია. ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობა ჩვენს ქვეყანაში რომ ფიქცია იყო და ასეთად რჩება, ახალი ამბავი არ არის, მაგრამ სად დაიმალა "ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია", რომელიც ხმალამოღებული იბრძვის, როცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების სამსახურებიდან გათავისუფლებაზეა საუბარი? სად არიან ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევით გართული არასამთავრობოები, რომლებიც სიგარეტის ნამწვის სროლაზე მწვავედ რეაგირებენ? სად არის სახალხო დამცველი და მისი აპარატი, როცა კონსტიტუცია ირღვევა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები იქ ყოფენ ცხვირს, სადაც არ ესაქმებათ? ნუთუ, ყველანი ვაზელინის ზღვაზე არიან წასულები... იმედია, 30 აგვისტომდე, ახმეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომამდე, ტელეეკრანებიდან თუ არა, საკუთარი ვებსაიტებიდან მაინც გაგვაგონებენ თავიანთ კომპეტენტურ აზრს.

''ამ დღეებში ''ქართული ოცნების'' გენერალურ მდივანს, არმაზ ახვლედიანს გარკვეულმა ჯგუფმა მიაწოდა დოკუმენტები და ფირები, სადაც დაფიქსირებულია მაჟორიტარების უამრავი დანაშაული. თავიდან ივანიშვილის გარემოცვაში გაოცდნენ, ყველაფერი ფაბრიკაცია ეგონათ, მაგრამ, როცა ნამდვილობაში დარწმუნდნენ, ბატონ ბიძინას შეუტანეს...'' – „ალიას“ მიერ გავრცელებულ, გულუბრყვილო ადამიანების დამაიმედებელ ამგვარ ხმებზე ქართველებს კარგი ანდაზა გვაქვს:“ფიცი მწამს – ბოლო მაკვირვებს“.

No comments:

Post a Comment