06 September, 2013

ვის აწყობს რელიგიური შუღლი საქართველოში?

გაზეთი "ქრონიკა+", #20, 03.09.2013

გაზეთის წინა ნომერში ქართული სამოქალაქო სექტორის მიმართ „ვაზელინის ზღვაზე დასასვენებლად წასვლის“ გამო ჩემი საყვედური უსამართლო აღმოჩნდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა არა მარტო გააკრიტიკეს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობაში ცენტრალური ხელისუფლების ჩარევის ფაქტები, არამედ მკაცრად შეაფასეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რამდენიმე დღის განმავლობაში ზედიზედ ჩატარებული რეიდები, რომელთა დროსაც ჩატარებული ღონისძიებები „ხშირ შემთხვევაში უკანონო ხასიათს ატარებდა და არღვევდა მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.
ავადმოსაგონარი 90–იანი წლების დროინდელი „წესრიგის დაცვის“ ამ ფორმების განმეორებამ, რომელიც რეალურად დანაშაულის პრევენციაში არანაირ ეფექტურ როლს არ ასრულებდა და, შედეგად, მხოლოდ სამართალდამცავებისადმი მოსახლეობის ნეგატიურ დამოკიდებულებას აყალიბებდა, ამჯერადაც ხალხისა და უფლებადამცველთა გაღიზიანება გამოიწვია: „პოლიციელთა მიერ ხდებოდა არა რომელიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული ან სხვა სამართალდამრღვევი პირის ძებნა მისი დაკავების მიზნით, არამედ ზოგადად გამვლელი პირების ალბათობით შერჩევა, შეჩერება და ჩხრეკა. საინტერესოა, რომ თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც აღნიშნულია, რომ აღნიშნული რეიდები პრევენციულ ხასიათს ატარებდა, რაც ეწინააღმდეგება რეიდის ჩატარების კანონისმიერ მიზნებს,“– აღნიშნულია ოთხი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში.
არასამთავრობო სექტორი ასევე მწვავედ გამოეხმაურა სხვადასხვა სარწმუნოების თემებს შორის მესხეთში განვითარებულ დაპირისპირებას და ხელისუფლებას, ფაქტიურად, რელიგიური შუღლის გაღვივებაში დასდო ბრალი: „26 აგვისტოს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ მეჩეთის მინარეთის მოშლითა და ძალოვნების მიერ მუსლიმი მოსახლეობის ფიზიკური შეურაცხყოფით უხეშად დაირღვა მუსლიმთა უფლებები... აღნიშნული ღონისძიების მიზანს არ წარმოადგენდა გადასახადის შესაძლო დანაკლისის დადგენა და ბიუჯეტში მიმართვა. ჭელაში მომხდარი ინციდენტი სცილდება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უკანონო მოქმედებას და რელიგიური უმცირესობებისადმი მთავრობის დისკრიმინაციული პოლიტიკის უკიდურესად შემაშფოთებელ სიმპტომად გვევლინება", – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელი  რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა.

ჭელაში მინარეთის მოჭრამდე ორი კვირით ადრე იმ იმედით, რომ „სადაც ჯერ არს“ გონიერი ხალხი ისხდებოდა და ყურად იღებდა გაფრთხილებას, ვწერდი: „ნიგვზიანში, წინწყაროსა და  სამთაწყაროში მომხდარი ფაქტები ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის რელიგიური შუღლის გამოწვევის მოსინჯვაა და იმითაა საშიში, რომ ჩვენი სახელმწიფოს დანაწევრების მზაკვრულ გეგმაში შეუძლია ძირძველი კუთხის – აჭარის მოგლეჯის წინაპირობა შექმნას“. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ შესაბამისი სტრუქტურები ქვეყნის მთლიანობაზე მზრუნველი მამულიშვილებით არ ყოფილა დაკომპლექტებული. სამხრეთი მეზობლის პანთურქიზმის იდეით განმსჭვალული პოლიტელიტა ჩვენში ისლამის მხარდაჭერით რომ ცდილობს საკუთარი გავლენის გაძლიერებას, შესამჩნევი პროცესია, მაგრამ აკრძალვებით და მუსლიმანი ქართველებისთვის ქრისტიანობის თავს მოხვევით რომ ეს პრობლემა არ გადაიჭრება, გონიერ ადამიანებს უნდა ესმოდეთ. პირიქით, გაჩნდება წინააღმდეგობა და მივიღებთ პოლიტიზირებულ სუნიტურ მიმდინარეობას, დაპირისპირებას ტრადიციული რელიგიების მიმდევართა შორის, რაც ქართველობას დახლეჩს რელიგიური ნიშნით.
სამცხეში მომხდარმა მოვლენებმა უახლოეს მომავალში სხვა „ნაღმების“ გააქტიურების შიში გააჩინა საზოგადოებაში. ფილოსოფოსი ირაკლი კაკაბაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს: „ნაციონალური მოძრაობა და რუსული სპეცსამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოში დაიწყოს რელოგიური ან ეთნიკური კონფლიქტი. მამუკა არეშიძე თვლის, რომ ხელისუფლებაში მყოფი „მეხუთე კოლონის“ მიერ „შეგნებულად და მიზანმიმართულად იძაბება ვითარება ქართველ ქრისტიანებსა და მუსლიმნებს შორის“ და ეჭვობს, რომ „ყოფილი ხელისუფლების წევრები, რომლებიც ამ საქმეში არიან ჩართულნი, თანამშრომლობენ ჩვენი მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურებთან. რელიგიურ დაპირისპირების გაჩაღებაშიი, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელთან ერთად, „რუსულ კვალს“ ხედავს ლაშა ამირეჯიბიც და ჯავახეთში ეთნიკური შუღლის გაღვივების პროგნოზს აკეთებს: „უახოეს მომავალში გართულებებს უნდა ველოდოთ სამცხეჯავახეთში, სომხეთის მხრიდან.“  
საზოგადოების დიდი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ რელიგიური და ეთნიკური შუღლის პროვოცირება მხოლოდ ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალების ინტერესშია, რომლებიც ადგილზე ყოველთვის პოულობენ დასაყრდენს. „ვიღაცას ყოველთვის ექნება ინტერესი შენი ქვეყნის მიმართ. ნაძირლებიცა და რენეგატებიც ყოველთვის იარსებებენფარულიც და აშკარაც. შენ არ უნდა მოატყუებინო თავი, არ გაბრიყვდე, ტაშის კვრით, ვაშას ძახილითა და პირჯვრის წერით არ უნდა გაეკიდო უკან ყველა ნაძირალას, ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური ჯილდოსა და ნეტარების მოლოდინში“,–წერს ეკატერინე აღდგომელაშვილი სოციალურ ქსელში.
ყველას კარგად გვახსოვს, რომ ამგვარივე მეთოდებით დაიწყო ეროვნული დაპირისპირების გაღვივება გასული საუკუნის 80–იანი წლების ბოლოს, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების საქართველოსგან ჩამოგლეჯით დასრულდა. ასე რომ, მოკლე პერიოდში საქართველოს ოთხ სხვადასხვა რეგიონში რელიგიური შუღლის კერების გაჩენაში კრემლის სამფეროვანი ძაფით ნაკერი ხელწერა აშკარაა, მაგრამ გასაკვირია როგორც ჩვენი სპეცსამსახურების უმოქმედობა, ისე ფსევდოეროვნული და ფსევდორელიგიური ლოზუნგებით ხალხის გაბრიყვების მასშტაბები: ნუთუ, ჭკუას ვერასოდეს ვისწავლით?!
ჭელას მოვლენებში აშკარად გამოიკვეთა სახელმწიფო სტრუქტურების როლი, რასაც მოხელეთა უპასუხისმგებლობითა და ახლომხედველობით ხსნიან. სხვათა შორის, ასევე ფინანსთა სამინისტროს სამსახურის მიერ იყო მოწყობილი თბილისის მერიის თანამდებობის პირების დემონსტრაციული დაპატიმრება–გაშვებები საქართველოში მყოფი მაღალი რანგის უცხოელი სტუმრების თვალწინ, რაზედაც მთავრობამ მაშინ თვალი დახუჭა და არავინ დაუსჯია. ამჯერადაც, „კანონის თვალსაზრისით“, მათ საქციელს ამართლებენ, რაც ეჭვს აჩენს, რომ ხელისუფლებას შეიძლება გარკვეულწილად აწყობდეს კიდეც მოვლენათა ასეთი განვითარება და საზოგადოებრივი დისკუსიის ამ მიმართულებით წარმართვა.
2013 ლს საქართველოში ეკონომკური ზრდის ოპტიმისტური საპროგნოზო მაჩვენებელის (6%) მიღწევის შესაძლებლობაში რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულმა ბანკმა, მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მალევე ეჭვი შეიტანეს. ივლისის დასაწყისში ეკონომიკის მინისტრმა აღიარა, რომ ამ ციფრის მიღწევა არარეალისტურია და, რიგი წინაპირობების შესრულების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება 4,5%-5%-იანი ეკონომიკური ზრდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, 2013 წლის განვლილ 7 თვეში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი საშუალოდ 1,7%–ს შეადგენს, ბოლო სამ თვეში სტაბილურად უარყოფითია დღგ–ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ცვლილება, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით (–5,6 მაისში, –2,7 ივნისში და –3,5 ივლისში). ამდენად, თუ წლის მეორე ნახევარში საქართველოს ეკონომიკაში ბუმი არ აღინიშნა, რისი ნიშნებიც ჯერ არ ჩანს, ეკონომკური ზრდის დაგეგმილი მაჩვენებლის მიღწევა ვერ მოხერხდება, ხოლო საპროგნოზო 5–6%–იანი ზრდის მიხედვით გაწერილი სახელმწიფო ბიუჯეტი, შესაძლოა, კორექტირების საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს და საეჭვო გახადოს იმ სოციალური პროექტების მდგრადობა, რომლებიც მთავრობას აქვს დაწყებული ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში.
ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე აკრიტიკებს ჯანდაცვაში მიმდინარე ცვლილებების არასისტემურობას: „ჯანდაცვა, მისი იდეოლოგია, რეალიზებული ფორმები - ერთადერთ მიზანს ისახავს: რაკი ქართველები იხდიან ფულს, ბოლომდე ამოხადონ სული. ისტემა აგებულია ვიწრო ჯგუფის ინტერესებზე. მთავრობაში არ არსებობს რესურსი იმ რეფორმის გასატარებლად, რომელიც საზოგადოებრივ მოძრაობა "ქართულ ოცნებაში" მუშავდებოდა მთელი წლის განმავლობაში. ეს არის პოლიტიკური ნების საკითხი. როცა არ არის სერიოზული სოციალური პოლიტიკა, იქ ჯანდაცვის რეფორმა არ გაკეთდება, - ერთი ჩაკეტილი და მახინჯი წრის წარმომადგენლებია საპარლამენტო კომეტეტშიც და სამინისტროშიც, მინისტრის ჩათვლით!“ მიუხედავად ამისა, მოსახლეობამ მიიღო საგრძნობი შეღავათი საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებამდე მცირე ხნით ადრე „საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის“ შემოღებით, თუმცა სპეციალისტები ამ სისტემაში კორუფციის თანდათანობით განახლებისა და დარგის განვითარების შეფერხების საფრთხეებს ხედავენ.
განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კონცეფცია, რომელიც შემუშავდა გია დვალის ხელმძღვანელობით, მკვდრადშობილი აღმოჩნდა და დაწერისთანავე  მიივიწყეს. ამ ფონზე სტუდენტურ გრანტებზე გამოყოფილი ხარჯების გაორმაგება და უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების შემოღება განათლების ყოფილი მინისტრის წინასაარჩევნო კამპანიისთვის წინასწარი ხარკის გაღების პოპულისტური ნაბიჯების ელფერს ატარებს.  ორივე ღონისძიება, ისევე როგორც თინათინ ხიდაშელის ინიციატივით მიღებული კანონი საბავშვო ბაღებში გადასახადის გაუქმების შესახებ, სასექტემბროა, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებს ემთხვევა. იმავდროულად, კახეთში შარშანდელი სეტყვის შედეგად დაზარალებულთათვის საგრძნობი კომპენსაციების გაცემისა და, რთველის წარმატებით ჩატარების მიზნით, ყურძნის ჩასაბარებელი მინიმალური ფასის ერთ ლარამდე აწევამ ამ რეგიონის მოსახლეობის სახელისუფლებო კანდიდატისადმი მხარდაჭერა უნდა უზრუნველყოს.
ფაქტია, წელს არანაირი უცხოური კერძო ინვესტიცია ჩვენს ეკონომიკაში არ განხორციელებულა და ეს ტენდენცია არ შეიცვლება საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომლის შემდეგაც მრავალმილიარდიანი ინვესტიციების ილუზიით გვკვებავს რუსეთში მცხოვრები ჩვენი დიასპორა იმ ქვეტექსტით, რომ ამას კრემლისთვის სასურველი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში გააკეთებს. რა უშლიდათ აქამდე ხელს, ან ახლა რატომ არ აბანდებენ ფულს თავიანთ სამშობლოში და რატომ ელოდებიან საპრეზიდენტო არჩევნებს? ამ კითხვაზე პასუხგაუცემლობა დიდი ეჭვის ქვეშ აყენებს მათი მამულიშვილური ზრახვების გულწრფელობას და აშკარას ხდის ამ „პირობებიანი პატრიოტიზმის“ დამოკიდებულებას კრემლის ნება–სურვილზე.
ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის ნაწილობრივად გახსნის შედეგები ჯერ–ჯერობით ხელშესახები არ არის და დადებითი განწყობების სტიმულირებას არ ახდენს. „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებებით გამოწვეული, კეთილდღეობის ეპოქის სწრაფი დადგომის გადაჭარბებული მოლოდინების მსხვრევისა და, ეკონომიკური სტაგნაციის გამო, მოსახლეობის ფართო ფენების შემოსავლების კლების შედეგად, ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების სოციალური საფუძველი შეიქმნა. ხალხში სულ უფრო იკიდებს ფეხს აზრი, რომ ახალი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა კრახს განიცდის და ქვეყნის განვითარების ჩამოყალიბებული ხედვა ხელისუფლებას საერთოდ არ გააჩნია.
ამდენად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სხვადასხვა მოტივებითა და ხარისხით, საქართველოში რელიგიური შუღლის გაღვივება შეიძლება აწყობდეს მხოლოდ პოლიტელიტებს: კრემლს – რუსოფილური პოლიტიკური ძალებისთვის მართლმადიდებელი მრევლის ელექტორალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად და საქართველოს ნაწილებად დახლეჩის იმპერიული გეგმის ასამუშავებლად; ანკარას – პანთურქისტული აზროვნების გავლენის სფეროს გასაჩენად; ოპოზიციაში გადასულ „ნაციონალურ მოძრაობას“ – ამომრჩევლისა და მსოფლიო საზოგადოებისათვის ახალი ხელისუფლების მიერ ქვეყნის მართვის უუნარობის საჩვენებლად; ოფიციალურ თბილისს – წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობიდან და სოციალური სიდუხჭირის პრობლემატიკიდან საზოგადოების ყურადღების გადასატანად,  მაგრამ  შინააშლილობა დამღუპველია ხალხისა და ქართული სახელმწიფოსათვის.





No comments:

Post a Comment