20 November, 2011

ხელისუფლება „ბიძინაშოკიდან“ გამოფხიზლდა

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე ოპოზიციური სპექტრის უპერსპექტივობის ძირითადი მიზეზი საზოგადოების ნიჰილისტური განწყობა იყო, რაც არსებული პოლიტელიტის მიმართ ხალხის ნდობის დაკარგვამ გამოიწვია.

არსებული ხელისუფლებით უკმაყოფილო საზოგადოების მხარდაჭერა 7 ოქტომბერს გამოჩენილი ახალი პოლიტიკური ლიდერის მიმართ გამოიწვია არა იმდენად იმ იმედმა, რომ მისი მილიარდების გამოყენებით მშვიდობიანი გზით გახდებოდა შესაძლებელი რეალური დემოკრატიული ცვლილებები, რამდენადაც მისმა წარმატებულმა დებიუტმა: ივანიშვილმა ეპისტოლარულ ჟანრშიც კი მოახერხა ღიად და მკვეთრად გამოეხატა ხალხში არსებული ეჭვები და განწყობები, ხოლო ინტერვიუებისა და პრეს–კონფერენციების ნახვის შემდეგ გაჩნდა იმის შეგრძნება, რომ ეს კაცი, მიუხედავად მისი თითქოს კარჩაკეტილი ცხოვრებისა, ჩვენნაირად ხედავს და ფიქრობს, „ჩვენიანია“.

საზოგადოებამ როგორღაც კიდევ აიტანა „თავისუფალ დემოკრატებთან“ და „რესპუბლიკელებთან“ მისი პარტნიორობის გამოცხადება, ახსნა რა ეს არჩევნებამდე დარჩენილ მოკლე პერიოდში ახალი პარტიის სწრაფი აშენების სირთულეებით, მისი საგარეო–პოლიტიკური ვექტორის დემონსტრირებისა და მოსალოდნელ ბრძოლაში გონიერი მოკავშირე ძალების საჭიროების აუცილებლობით, თუმცა აღშფოთება ვეღარ შეიკავა სხვა პოლიტიკურ ძალებთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციაზე.

„ოლიმპოზე მჯდომი ოლიგარქის“ ნაცმოძრაობისეული იმიჯის მსხვრევასა და ხალხის ფართო მასებთან მისი სიახლოვის ქვეცნობიერი შეგრძნების გაჩენას ობიექტურად შეუწყო ხელი თავად ხელისუფლებამ თავისი პანიკური ნაბიჯებით: ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევითა და „ქართუ“ ბანკზე აღვირახსნილი ზეწოლებით, რასაც დაუყოვნებლივ მოჰყვა არა მარტო უცხოელი დიპლომატების იმედისმომცემი მხარდაჭერა, არამედ თავად საზოგადოების სპონტანური პროტესტიც, ბანკში ანგარიშების გახსნის მეშვეობით სოლიდარობის გამოხატვითა და მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებით.

განვლილ პერიოდში არსებულ განწყობებზე ერთადერთი სწორი საპასუხო ნაბიჯი ივანიშვილის გუნდის მხრიდან იყო დავით მაღრაძის მიერ „ქართუში“ ანგარიშის დემონსტრატიული გახსნით სოლიდარობის აქციისათვის ბიძგის მიცემა (სხვა საკითხია, რეალურად არის თუ არა მაღრაძე ამ გარემოცვის წევრი, მაგრამ მედიამ ამგვარი ქვეტექსტი მისცა). პეტიციაზე ხელისმოწერის პროცესის გადატანა „ქართუს“ ოფისებში, ნაცვლად მისი მასობრიობისათვის სხვაგვარი ხელშეწყობისა, იყო შეცდომა, რითაც მყისვე ისარგებლა ხელისუფლებამ და ბანკს პოლიტიკურ ანგაჟირებულობაში დასდო ბრალი.

ივანიშვილის გუნდის ამგვარი „წვრილმანი“ შეცდომები, მაგალითად, „ქართუს“ მიერ იმის გახმაურება, რომ ეროვნულმა ბანკმა მათგან ახალი მეანაბრეების მონაცემები წაიღო მის მხარდამჭერებზე ზეწოლის მიზნით, რამაც ხალხში ხელისუფლების შიშის სინდრომის დაძლევის დასაწყისი შეაფერხა და ამით თავად სოლიდარობის აქციის გაგრძელების პერსპექტივა ეჭვქვეშ დააყენა, ჯამდება და საზოგადოებაში გაჩენილი იმედის მუხტის ტემპერატურას დაბლა აგდებს.

ბიძინა ივანიშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის ყველაზე სუსტი წერტილი არა მისი „პოლიტიკაში გამოუცდელობა“ ან დეტალური პროგრამის არარსებობაა, რის კომპენსირებაზეც, სავარაუდოდ, მუშაობენ შემოკრებილი მრჩევლები (თუმცა, ამის შესახებ ჩვენთვის არაფერია გაცხადებული), არამედ საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან ურთიერთობის დეფიციტი და, ამის გამო, ელიტარული ბიზნესმენიდან „ელიტარულ პოლიტიკოსად“ ქცევის საშიშროება, რამაც მისი მხარდაჭერა მასებში შეიძლება ისევე სწრაფად გაანულოს, როგორც ავანსად მოიპოვა პოლიტიკაში წარმატებული შემოსვლითა და წარსულში დიდი მეცენატის იმიჯით, თუ ხალხთან ურთიერთობისა და დიალოგისათვის არ გაიხსნა და თავის გარემოცვაში ჩაიკეტა.

საზოგადოებასთან კომუნიკაციის ფაქტორის გადამწყვეტ მნიშვნელობაზე ბრწყინვალედ მიუთითა ჟურნალისტმა ია ანთაძემ თავის სტატიაში, ეს კარგად გაიცნობიერეს „ფი–არში“ გამოწრთობილ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ და უკვე გარკვეული სვლებიც გააკეთეს, რის საპასუხოდ ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან რაიმე ქმედითი ინიციატივა არ იგრძნობა.

ივანიშვილსა და ხალხს შორის გაჩენილ ემოციურ–ქვეცნობიერ ერთობაში პირველი ბზარის გაჩენა ხელისუფლებამ სიების გამოქვეყნებით სცადა, სადაც „ქართუს“ მიერ დაფინანსებული დამსახურებული მოღვაწეებისათვის ყოველთვიურად გადახდილი ათასობით ლარი იყო ჩამოწიკწიკებული. „ნაცმოძრაობის“ მოღვაწეობით სიღარიბის ზღვარს იქით გადაგდებული მოსახლეობის 90%–ის რეაქციაზე გათვლილმა ამ ქმედებამ ივანიშილის გუნდი მოკრძალებული თავის მართლების პოზიციაში გადაიყვანა, სუსტი არგუმენტით: „მისი ფულია და ვისაც უნდოდა, იმას აძლევდა“, ნაცვლად იმისა, რომ სხვა ფლანგზე გაკეთებული საპასუხო სვლით გადაეფარა სიების გამოქვეყნებით გამოწვეული ნეგატივი, თუნდაც, რეგიონულ მედიასთან პრეს–კონფერენციის დაჩქარებით, სადაც ეს თემა მხოლოდ „ერთ–ერთ საკითხად“ გაიჟღერებდა.

ეს ბოლო პრეს–კონფერენციაც დაინტერესებულმა მაყურებელმა ხარისხიანად ვერ იხილა. რა დიდი პროგნოზირება უნდოდა იმას, რომ მხოლოდ „ნეტგაზეთიდან“ მისი ტრანსლაციისას საიტი გადაიტვირთებოდა, „ნაც–ტროლების“ ყოველგვარი შემოსევის გარეშეც?! რეგიონებში ინტერნეტის წვდომის სიმცირისა და საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, ტელეარხებისათვის მის ტრანსლირებაზე უარის თქმაზე უპრიანი ამ შემთხვევაში სახელისუფლებო ტელევიზიებზე სარეკლამო ფასად ეთერის ყიდვა იქნებოდა.

ივანიშვილის გამოჩენასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მოლოდინი სულაც არ არის ის, რომ არსებული ოპოზიციური პოლიტსპექტრიდან ზოგი პარტია „დაიძიროს“ და ზოგიც – „ამოტივტივდეს“. ჩვენ მის გარშემო თვისობრივად ახალი, საღი და პატიოსანი პოლიტელიტის ფორმირებას ველით, რომელსაც შეიძლება ქვეყნის მომავალი ვანდოთ, ძველი და წლების განმავლობაში თავისი უუნარობით მობეზრებულ–ნდობადაკარგული „ფეისების“ ალტერნატივად. თვენახევრის განმავლობაში „მაესტროს“ ეთერით (სახელისუფლებო არხებზე რომ აღარაფერი ვთქვათ) ისევ ის სახეები მეორდება, იგივე ექსპერტები დებატობენ, რაც ადრე. „ივანიშვილის მხარე“ კი ასე გამოიყურება: ალასანია, „რესპუბლიკელები“, ბესელია... ბესელია, „რესპუბლიკელები“, ალასანია... სად არის საკუთრივ ივანიშვილის ახალი გუნდი? გავიგეთ, რომ, თურმე 10–12 კაცი დღედაღამ თათბირობს, მაგრამ რას მსჯელობს და ურჩევს,– საიდუმლოა. უკვე ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამ „მრჩეველთა საბჭომ“ ბიძინა ივანიშვილზე ექსკლუზივი მოიპოვა და კაცს, რომელმაც იმედის ნაპერწკლები აანთო ასიათასობით ჩაგრულის გულში, ზღაპრული კოშკის სარკმლიდან ხანდახან თუ გამოგვიჩენს –ხოლმე, შორიდან დასანახად.

უკვე როლებიც შეიცვალა და თუ თავიდან პანიკაში ჩავარდნილი ხელისუფლება თავისი იმპულსური ქმედებებით ივანიშვილის წისქვილზე ასხამდა წყალს, ახლა „ბიძინას შტაბის“ უინიციატივობამ და დახურულობამ ხელ–ფეხი გაუხსნა პროპაგანდაში გამობრძმედილ ნაციონალების საკადრო რესურსს აბსურდული ჭორ–მართლის ნაზავის მეთოდურ გავრცელებაში ყველა საშუალებით, ე.წ. დამოუკიდებელ ტელევიზიებზე დისკუსიებში მონაწილეობიდან დაწყებული, სოციალური ქსელებითა და მუშნი ზარანდიასეული „ჭორების მანქანით“ დამთავრებული.

ახალი ლიდერის პოლიტიკური დებიუტის ბოლო აკორდი „ქართული ოცნების“ კარსმომდგარი სადამფუძნებლო კრება იქნება, რომელიც განსაზღვრავს ივანიშვილის გუნდისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხს. ამჯერად პასუხისმგებლობა მთლიანად მის გარემოცვაზეა, „ნაციონალების ტროლებს“ ვეღარ დაბრალდება ის, თუ ტრიბუნიდან კვლავ ძველი „ფეისები“ დაგვმოძღვრავენ, ხოლო დარბაზში ფულის სუნზე გააქტიურებული „მასოვკა“ დავინახეთ.

ნურავინ იტყვის, რომ ქართული საზოგადოების წიაღში ახალი პოლიტელიტის ფორმირებისათვის საკმარისი რესურსი არ არის. თუ ვერ ვიხილეთ „ქართული ოცნების“ ბირთვში სხვადასხვა ასაკისა და სოციალური სტატუსის ის პიროვნებები, ვინც ივანიშვილის გამოჩენამდეც თამამად აფიქსირებდა თავის მოქალაქეობრივ პოზიციას, თუ ამ მოძრაობაში არ გაერთიანდა ის ახალგაზრდობა, რომელსაც ვერ გამოურეცხეს ტვინი „პატრიოტთა ბანაკებში“ თუ სტუდენტურ თვითმმართველობებში და რომლებსაც ეკუთვნით საქართველოს მომავალი (ასი ამგვარი გვარ–სახელის დასახელება შემიძლია, მაგრამ ამჯერად თავს შევიკავებ, რომ სხვა ასობით მამულიშვილს არ ვაწყენინო), მაშინ არ იქნება გასაკვირი, რომ ივანიშვილის მომავალი პარტია მივიჩნიო არა საერთო–სახალხო მოძრაობის დასაწყისად, არამედ ახალი პოლიტიკური კლანის ჩანასახად და ისევე დავემშვიდობო „ქართულ ოცნებას“, როგორც გულმხურვალედ მივესალმე.