01 August, 2011

თავი IX. სიცოცხლე მხოლოდ ნაპერწკალია

«Мохаммед Буазизи,
покончивший самосожжением
26-летнюю жизнь,
никогда не думал,
что подожжет
весь арабский мир.
С его смерти начинается
настоящий некалендарный ХХI век
…»
Давид Эйделман, «Освящённые Смертью»
-გპირდები, ბასმა, უნივერსიტეტში შენი სწავლისათვის საჭირო ფულს ვიშოვი! მიდი, იმეცადინე, გული ნუ აიცრუე სწავლაზე! – თავზე ხელი ალერსით გადაუსვა თექვსმეტი წლის შავთვალა გოგონას მისმა უფროსმა ნახევარძმამ.

ბასმამ მსხვილი ტუჩები დაბურცა და კორპუსებს შორის მომწყვდეულ მომცრო ეზოს ფანჯრიდან გადახედა. ყელში მობჯენილი ბურთი იმაზე დიდად ეჩვენა, რომლითაც იქ ბავშვები თამაშობდნენ. მათმა ჟრიამულმა დააფრთხო ელექტროსადენებზე სულის მოსათქმელად ჩამომსხდარი გადამფრენი ჩიტები. ბასმამ ფრინველებს აწყლიანებული თვალები გააყოლა, ვიდრე წერტილებად ქცეულები ნაცრისფერ ცაში არ გაუჩინარდნენ. გახშირებულ სუნთქვაზე მოჰამედმა შეატყო, რომ სადაცაა დაიკოს ლამაზ სახეზე ცრემლების ნიაღვარი ტროპიკული წვიმის თქეშივით უნდა გადმომსკდარიყო, აღარაფერი უთხრა და ვერცხლისფერპანელიანი ტელევიზორი იმ არხზე ჩართო, სადაც გამუდმებით რომელიმე ბოთეს თავსგადახდენილი უბედურებით ართობდნენ მაყურებელს. მისმა მხიარულმა სიცილმა ბასმა მოახედა და მალე პატარა გოგონას კისკისმა გაახალისა ისედაც ხმაურიანი ბინა.
–პატარები ხომ ძლივს მოვაცილე მაგ ყუთს, გარეთ გავისტუმრე, რომ ერთი წუთით ჩემს ყურებს დასვენება ღირსებოდათ, და ახლა ამათ დაიწყეს...–ღიმილიანი ბუზღუნით გამოიხედა მანუბიამ სამზარეულოდან, თან თეფშს ტილოთი აპრიალებდა.
–შვილო, მოჰამედ, იქნებ ცოტა წაგეთვლიმა, დაგესვენა, დღედაღამ ფეხზე ხარ,–მიმართა რვასულიანი ოჯახის ერთადერთ მარჩენალს.
–არა, არ მცალია: სუპერმარკეტში უნდა გავიქცე, ხილით დავტვირთო ჩემი ურიკა. საღამოს კარგი ვაჭრობა მელის, ვგრძნობ! – დააიმედა მშობელი ხუჭუჭთმიანმა მხარბეჭიანმა არაბმა, სახლში მყოფები ნაჩქარევად გადაკოცნა და კარი გაიხურა. მანუბიამ ხელისგულები ზეცისკენ აღაპყრო და ჩუმად რაღაც ჩაიდუდღუნა, – შვილი დალოცა.
–მამა არ მოსულა?–იკითხა ბასმამ.
–ისევ სამუშაოს დაეძებს. არ კარგავს იმედს. ვის რად უნდა ავადმყოფი და გაუნათლებელი კაცი, ჯანმრთელი და უნივერსიტეტდამთავრებული ახალგაზრდები ვერ შოულობენ ახლა სამსახურს,–ამოიოხრა.
–ნუ გეშინია, დედა, მე კარგად ვისწავლი, უმაღლეს განათლებას მივიღებ, მერე ევროპაში წავალ, იქ ვიმუშავებ და ყველას დაგეხმარებით, რომ ჩემი და–ძმებიც განათლებულები გამოვიდნენ და მამასავით არ გაწვალდნენ! – ძმის თანადგომამ მომავალი ვარდისფრად დაანახა გოგონას.
–თაფლი შენს ენას, შვილო!–პირზე ღიმილი გადაიფინა მანუბიამ, მისი გულის მღრღნელი ეჭვები რომ არ დაენახვებინა: თავად ზაფხულის პაპანაქებაში დაქირავებულ მუშადაც კი მიდიოდა მინდვრებში, რომ მოჰამედს მათი პატარა სოფლის, სიდი–სალაჰის სკოლა დაესრულებინა, სადაც ერთ–ერთ ყველაზე ნიჭიერ მოწაფედ ითვლებოდა, მაგრამ – ამაოდ. ათი წლის ასაკიდან მკვირცხლი ბიჭუნა თავისი პატარა ხელებით ნაშოვნი ფულით ეხმარებოდა ოჯახს, რის გამოც გაკვეთილებს ხშირად აცდენდა. როცა სოფელში ცხოვრება შეუძლებელი შეიქნა, ქალაქში, სიდი–ბუ–ზიდში გადმოიხიზნენ. უფროსი ვაჟი, აქ რომ სამუშაო ვერაფრით იშოვა, სფაქსში წავიდა, მაგრამ იქიდანაც ვერაფრით ეხმარება ოჯახს. ისევ ყველანი მოჰამედის იმედად არიან, რომელმაც ჯერ არმიაში სამსახური უნდოდა, მაგრამ უარი უთხრეს, მერე კი, შვიდი წლის წინ, ურიკა იქირავა, ხილ–ბოსტნეულს ქუჩა–ქუჩა დაატარებს, ხანაც – ბაზარში დგას და მწირი ნავაჭრით შიმშილით დახოცვის საშუალებას არ აძლევთ, დანაზოგის გაკეთებასაც კი ახერხებს და ხან ახალ მაცივარს მოიტანს სახლში, ხან – ტელევიზორით გაახარებს ოჯახს. ახლაც დინარს დინარზე ადებს, – იქნებ „პიკაპის საყიდელი ფული როგორმე მოვაგროვო და ავტომობილის მეშვეობით უფრო კარგად შევძლებ ვაჭრობასო. მაგრამ ვინ აცალა: ცოტა ხნის წინ პოლიციამ ულიცენზიოდ ვაჭრობისათვის 400 დინარით დააჯარიმა! ლიცენზიაში ფული რომ იხადოს, თავად რაღა დარჩება, ისედაც, თვეში 200 დინარი თუ იშოვა, ალაჰის მადლობელია. საკვები ამ ბოლო დროს დღითი დღე ძვირდება, ბავშვებს რა აჭამოს, როგორ გადაიხადოს ყოველთვიური გადასახადები, არ იცის... მაგრამ ეს არ აინტერესებთ, ბავშვობიდანვე ათვალწუნებული ჰყავთ ფორმიანებს მოჰამედი, სულ მის ჩაგვრასა და დამცირებაში არიან, ალბათ იმიტომ, რომ თამამი და ამაყი მზერა აქვს, მათ კი კუდიქიცინა და ქლესა მონები მოსწონთ მხოლოდ...
მწარე ფიქრებიდან ქარიმის ქარიშხალივით შემოჭრამ გამოარკვია.
–დედა, მოჰამედი დღეს მალე მოვა?
–აბა როგორ, შვილო, სანამ ვაჭრობა იქნება, თავს ხომ არ დაანებებს, ცხოვრება ხომ გვინდა?!
თოთხმეტი წლის ყმაწვილისთვის მოჰამედი კუმირი იყო, მაგრამ მასთან ურთიერთობის დეფიციტს მწვავედ განიცდიდა. ახლაც ცხვირი ჩამოუშვა. რამდენჯერაც უკან გაეკიდა:– შენთან ერთად ვივლი და მოგეხმარებიო, – იმდენჯერვე დიდი ალიაქოთი ატეხა ძმამ:
–ახლავე სახლში წადი და იმეცადინე!
–უკვე ყველა გაკვეთილი ვისწავლე!
–წიგნი წაიკითხე!
–შენ რომ მომეცი, „აივენჰო, უკვე დავასრულე.
–ოჰო! ასე მალე?!
–მაშ, წადი, კალათბურთი ითამაშე!
–არ მინდა!
–წადი, აქ არაა შენი ადგილი!
როგორც ჩანს, მოჰამედს არ უნდა, რომ ქარიმი მის გზას გაჰყვეს და ბაზრის ორომტრიალს ბავშვობიდანვე შეეჩვიოს. მოზარდს კი ანდამატივით იზიდავს უფროსების საუბარი, ერთმანეთს რომ გაელაზღანდარებიან და გულიანად ხარხარებენ–ხოლმე. მოჰამედი თუ სახლშია, მაშინ ქარიმი ზეიმობს – ხან ერთად ჩხირკედელობენ, გემებისა და თვითმფრინავების მაკეტებს აგებენ, ხან – კალათბურთს თამაშობენ... ქარიმს მოჰამედი გულის სიღრმეში ეცოდება კიდეც, მაგრამ არ ამხელს: სამი წლისას მოჰკვდენია მამა, მერე დედა მეორედ გათხოვილა და კიდევ ხუთი შვილი გაუჩენია. ქარიმის მამაც კარგი ადამიანია, – მამინაცვლობა არ მაგრძნობინა, სულ მეფერებოდაო,– ამბობს–ხოლმე მოჰამედი. თუმცა, რაც ავად გახდა და უმუშევარია, სიტყვაძვირი და მოღუშულია. ადრე მხიარული კაცი იყოო, რომ ამბობენ,–ქარიმი ვერ იჯერებს, სულ ასეთი დაღვრემილი ახსოვს და დალაპარაკებას ვერ უბედავს.
ძალიან გულკეთილი ძმა ჰყავს, თან – გულჩვილიც. ბიძაშვილმა, ალიმ თქვა, რომ ღატაკ ბავშვებს თავისი ურიკიდან ხილს უფასოდ აძლევს. მოჰამედმა ქარიმს თავის საძინებელშიც კი დაუთმო ადგილი: – უკვე კაცი ხდება და გოგოებთან ერთ ოთახში არ უნდა იწვესო.
ქარიმს იმ დღესაც ისე მოუწია დაძინება, რომ უფროსი ძმა ვერ ნახა. რომ სცოდნოდა, რაც მოხდებოდა, თვალს არ მოხუჭავდა, მაგრამ აბა, რას წარმოიდგენდა?! ძილში კი თითქოს ჩაესმა მისი ხმა, ქოჩორზე ხელის გადასმაც იგრძნო თითქოს, თუ – ესიზმრა? ყმაწვილს სჯერა, რომ ასე იყო და ახლა, მოჰამედის ნაქონ შალის ნაცრისფერ ჟაკეტში გახვეული, ცას სევდიანად გაჰყურებს, თან ეჩვენება, რომ ჟაკეტი კი არ ათბობს, ძმას აქვს მის ბეჭებზე ხელი მოხვეული.
* * *
2010 წლის 17 დეკემბერს ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყანა ზამთრის გრილმა აისმა გაანათა. სიდი ბუ–ზიდის ორმოცი ათასი მცხოვრები ყოველგვარი ავისმომასწავებელი წინათგრძნობის გარეშე შეუდგა ყოველდღიურ ფუსფუს. ათი საათისათვის მოჰამედმა თავისი ურიკა სხვადასხვა ხილით სავსე კალათებით დატვირთა და, ჩვეულებისამებრ, ბაზრისაკენ გაემართა, რომ პირველ მყიდველებს დალოდებოდა.
მხნედ მიაწრიალებდა თავის მარჩენალ ურიკას, როცა ქუჩის კუთხიდან უცებ პოლიციის მანქანა გამოვარდა და მის ზურგსუკან მუხრუჭები ააღრჭიალა. საჭესთან მჯდომი პოლიციელი ადგილზე დარჩა, ლურჯფორმიანი ქალი კი დაეწია და წინ გადაუდგა. მისი მოწკურული ტუჩების შემხედვარე მოჰამედს ნირი წაუხდა.
–მერამდენედ უნდა დაგაჯარიმო ულიცენზიო ვაჭრობისათვის?
–ქალბატონო ფედია, გემუდარებით, ამას ნუ იზამთ,–კაპასი ქალის გულის მოსალბობად, საწყალი ღიმილით სთხოვა მოჰამედმა,–თუ არ ვიმუშავე, როგორ გადავიხადო ოთხასდინარიანი ჯარიმა?! აი, რასაც ინებებთ, მიირთვით.
–კარგი, ამჯერად მაგდენით აღარ გაჯარიმებ,–ნიანგის ღიმილით უპასუხა ოფიცერმა. ოცდაქთექვსმეტი წლის ფედია ჰამდის მტკიცედ სწამდა, რომ მოჰამედისნაირ მუშა ხალხს რაც მეტად დასჯი, მით უფრო დამჯერნი გახდებიან,–ათი დინარი სამშობლოს, ჩემთვის კი ბანანებს წავიღებ!
მოჰამედი მდუმარედ შესქეროდა, მისი ურიკიდან როგორ თავხედურად გადაიღო კალათა პოლიციელმა საპატრულო მანქანის საბარგულში. ერთი სული ჰქონდა, როდის დაანებებდნენ თავს და გზის გაგრძელების საშუალება მიეცემოდა. დილანდელი ხალისიანი განწყობა, რა თქმა უნდა, გაუქრა: მისი დღევანდელი მოგება ფორმიანების მუცლებმა უკვე შეიწირეს, ისევ მუქთად შრომა გამოსდიოდა.
საკუთარი პატარა მაღაზიის ვიტრინის შიგნით მდგომი ალი პოლიციელების მიერ მისი ბიძაშვილის დაყაღების სცენას თვალს მდუმარედ ადევნებდა, მაგრამ სიმწრისაგან მუშტად შეკრულ მაჯებზე ეტყობოდა, რომ მისი სული აღშფოთების ცეცხლს მოეცვა.
–როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? რატომ ვითმენთ ამდენს, რატომ არ გავყრით ჩვენი ქვეყნიდან ამ მაფიას, რომელიც პატიოსან მშრომელებს ადამიანური ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევს და ჩვენი ჯაფის ხარჯზე მდიდრდება? ნუთუ, შიშის გამო დუმილით აღარ დავიღალეთ?! – კაბინეტიდან გამოსული მამის დანახვაზე ალიმ ვეღარ დამალა აღშფოთება. შემცბარმა მამამისმა მიიხედ–მოიხედა,–ვინმე ხომ არ გვისმენსო. დარწმუნდა, რომ სავაჭრო დარბაზში კლიენტები არ იყვნენ და ხმადაბლა ჩაეკითხა:
–რა მოხდა, რამ გამოგიყვანა წონასწორობიდან?
–პოლიციელებმა მოჰამედი კიდევ ერთხელ დააჯარიმეს და ბანანებით სავსე კალათი წაართვეს! რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, არ შეიძლება ამდენი მოთმენა! ოცდასამი წელია, ბენ ალის რეჟიმს იტანთ და იჯერებთ მის ტყუილებს, რომ მალე ქვეყანაში კარგი ცხოვრება იქნება. წელიწადში შვიდი მილიონი ტურისტი ჩამოდის, მაგრამ ხალხი ისევ უმუშევარი და ნახევრადმშიერია! ვის მოუტანა ბედნიერება მისმა ხელისუფლებამ, მისი და მისი ცოლის ნათესავების, მათ სამსახურში ჩამდგარი ერთი მუჭა ხროვის გარდა?! ხალხი მონებად აქციეს, მედია – საკუთარ რუპორად, ოპოზიცია – თავიანთ ლაქიებად, კონსტიტუცია – ფარატინა ქაღალდად, რომელსაც როცა მოესურვებათ, გადასწერენ–ხოლმე და ბენ–ალის პრეზიდენტობის ვადას უხანგრძლივებენ...
–კარგი, დამშვიდდი, წავალ და პოლიციის შეფს დაველაპარაკები. მართლაც, ცოდვაა მუჰამედი.
მამამ პოლიციაში წასვლა აღარ გადადო, მაშინვე გავიდა მაღაზიიდან და მანქანის ძრავი ჩართო. ალი დახლთან დარჩა და ფიქრობდა: „არც ჩვენი მშობლების თაობაა გულგრილი იმის მიმართ, რაც ხდება. რა თქმა უნდა, მათაც აღელვებთ ეს უსამართლობა, მაგრამ თავს იკავებენ ჩვენს გამო, ეშინიათ, მათ შვილებზე არ იყაროს ბენ–ალის პოლიციურმა რეჟიმმა ჯავრი: ციხეების სარდაფებში არაერთი თამამი ტუნისელი უგზოუკვლოდ გაქრა.“
* * *
ფედია ჰამდი ადგილობრივი პოლიციის უფროსის კაბინეტიდან გაწიწმატებული გამოვიდა.
–თერთმეტი წელია, რაც პოლიციაში ვმუშაობ და ჯერ ერთი შენიშვნაც კი არ დამიმსახურებია, ამ ვიგინდარას გულისთვის შეფმა როგორ გამლანძღა!
პოლიციის შენობაში მყოფი კოლეგები გარს შემოეხვივნენ, ფედია აღშფოთებული ჰყვებოდა, რის გამო დაიმსახურა უფროსის რისხვა, რომელიც ახალი გადმოყვანილი იყო ზღვისპირა ქალაქიდან სიდი ბუ–ზიდში.
–შეფს ეს გომბიოები პლაჟზე წამოწოლილი უცხოელი ტურისტები ხომ არ ჰგონია, კოჭებს რომ უგორებს?! – აღშფოთდნენ პოლიციელები.
–ასე თუ გაგრძელდა და ყველამ ჩივილი დაიწყო, პოლიციაში მუშაობაში რაღა ხეირი იქნება?!
–კანონები უსწალიათ ამ ვაჭრუკანებსა და გლეხუჭებს,განათლებულები გახდნენ...
ფედია გასასვლელისაკენ გაემართა:
–რა უფლებები აქვს, ვაჩვენებ მაგ ხულიგანს... როგორ უნდა ჩივილი, ახლა ვანახებ!
სამი პოლიციელი უკან მიჰყვა. საპატრულო მანქანის კარი ძალუმად მიიჯახუნეს და ბაზრისაკენ დიდი სიჩქარით გაქანდნენ.
* * *
განათლებით ფილოსოფოსი, უმუშევრობისგან ბაზრის მოვაჭრედ ქცეული ალა ალ–დინ ალ–ბადრი თავის ფარდულში საქონლის დალაგებას მუშტრისათვის მიმზიდველად ცდილობდა, როცა გარედან ხმამაღალი შელაპარაკების ხმა მოესმა. მოჰამედ ბუაზიზი დილაობით თავის ურიკას შორიახლო აჩერებდა, ათიოდე წუთის წინ კეთილი სალამი უთხრეს ერთმანეთს. ალიმ მოჰამედის ხმა იცნო და მის დასახმარებლად გაეშურა.
პინებიან ელექტრონულ სასწორს ერთი მხრიდან პოლიციელი ქალი ჩასჭიდებოდა და მოჰამედისათვის მის წართმევას ლამობდა, ახალგაზრდა კაცი არ უთმობდა.
–მომეცი–მეთქი სასწორი, უნდა შევამოწმო, როგორ ატყუებ ხალხს წონაში!–ურცხვად სწამებდა ცილს პოლიციელი. სასწორი რომ ვერაფრით გამოგლიჯა ხელიდან, ვაშლებით სავსე ყუთს დასწვდა და საპატრულო მანქანის საბარგულში ჩადო, რომელიც ერთ–ერთმა მისმა მეწყვილემ გაუღო.
ქალი უკან მობრუნდა:
–შენი ურიკიდან მთელ ხილს ვუკეთებ კონფისკაციას, პოლიციელებს პიკნიკი გვექნება!–სარკაზმით სავსე სიტყვები ესროლა და ამჯერად სხვა ყუთს სტაცა ხელი. მოჰამედი შეეწინააღმდეგა, რამაც ჰამდი გააცოფა: მოჰამედს ხელი ჰკრა და ხელჯოხი კისერში მოსცხო:
–გაეთრიე, თორემ ციხეში ამოგალპობ!
ფედიას სხვა პოლიციელებიც წამოეშველნენ, მოჰამედი ძირს დასცეს და ხელჯოხებს ურტყამდნენ.
–რა გინდათ ჩემგან? მე უბრალო ადამიანი ვარ, მუშაობა მინდა, რატომ არ მანებებთ თავს?! – ემუდარებოდა მტვერში ამოთხვრილი მოჰამედი.
პოლიციელები ხილის ყუთებს დასწვდნენ და მანქანისაკენ წაიღეს. მოჰამედი წამოდგა და ურიკისაკენ გაიწია. ფედიამ არ მიუშვა და სახეში გაარტყა.
შე ნაბიჭვარო!
მოჰამედს შეურაცხყოფისაგან თავბრუ დაეხვა. ცრემლმორეული თვალების წინ დაუტრიალდა გარს შემოხვეული ოცდაათიოდე მოვაჭრისა და უცნობი ადამიანების გაოგნებული სახეები.
–ალლაჰ, ეს რას მოვესწარით, ქალმა კაცს სილა გაარტყა! – ვეღარ შეიკავა ვიღაცამ თავი. პოლიციელებმა მანქანა დაქოქეს და იქაურობას გაეცალნენ.
დარეტიანებული მოჰამედი წამოდგა, ანგარიშმიუცემლად ტანსაცმლიდან მტვერი ჩამოიფერთხა და ბაზრის გასასვლელისაკენ ფერმიხდილი წაბარბაცდა.
–განა რახან ღარიბები ვართ, ღირსება არ გაგვაჩნია?! –მოესმა უკნიდან. ეს სიტყვები მარილივით მოეყარა მისი დამცირების ისედაც მწველ ჭრილობას და ყურში ყოველ გადადგმულ ნაბიჯთან ერთად ხელახლა ჩაესმოდა. სხვა ვერაფერზე ფიქრობდა, ისე მივიდა მუნიციპალიტეტის შენობასთან. ეზოში შესასვლელად ოთხკუთხა ყვითელი თაღის ქვეშ, გისოსებიან ჭიშკარში უნდა გაევლო. აქაც ლურჯფორმიანები დახვდნენ.
–სად მიდიხარ?–უხეშად ჰკითხეს.
–მუნიციპალიტეტის რომელიმე მოხელე მინდა ვნახო, საქმე მაქვს.
–რა საქმე გაქვს?
–საჩივარი უნდა შევიტანო.
–კარგი, ვნახავთ, თუ სცალია ვინმეს შენთვის.
დაცვის ერთი თანამშრომელი შენობაში შევიდა და მალევე გამობრუნდა.
–არავის სცალია, ყველა თათბირზეა.
–ერთი კაციც არ არის, რომ მომისმინოს?
–სხვა დროს მოდი–თქო, გეუბნებით!–ხმაში მუქარა გამოურიეს.
-იქნებ...
–გაეთრიე აქედან!
მოჰამედი ბაზრისაკენ გამობრუნდა.
მისი ნახევრადდაცლილი ურიკის გარშემო ხალხი ჯერაც არ დაშლილიყო. ისევ ყაყანებდნენ, ხელებს ცისკენ იშვერდნენ: ალაჰს უზიარებდნენ თავიანთ აღშფოთებას, ამქვეყნიური სამართლის იმედი ყველას გადაწურული ჰქონდა. მოჰამედის დანახვაზე დადუმდნენ.
–მუნიციპალიტეტში წავედი, უნდა მეჩივლა,– ენის ბორძიკით დაიწყო მოჰამედმა,–ჩემნაირი უბრალო კაცისათვის არავის ეცალა, გამომაგდეს...
თვალი მიმოავლო. ყველა მას მისჩერებოდა, თანაუგრძნობდნენ. მათაც არაერთხელ გამოუცდიათ ხელისუფალთაგან დაბეჩავების სიმწარე.
–არ შემიძლია ამ დამცირებისა და უსამართლობის ატანა. თავს დავიწვავ!
მოჰამედი კვლავ ბაზრის გასასვლელისაკენ გაემართა. ვიღაცები უკან გაჰყვნენ, რაღაცას ეუბნებოდნენ, ალბათ ამშვიდებდნენ, გადაფიქრებას ურჩევდნენ. მოჰამედს მათი არ ესმოდა. მეხსიერება წამდაუწუმ უმეორებდა:
„ალლაჰ, ეს რას მოვესწარით, ქალმა კაცს სილა გაარტყა!“... „განა რახან ღარიბები ვართ, ღირსება არ გაგვაჩნია?!“
მაღაზიაში შევიდა და კანისტრა იყიდა. ბენზინგასამართ სადგურზე აავსებინა. მის სიმძიმეს არ გრძნობდა, მსუბუქი ხელჩანთასავით მიჰქონდა.
მუნიციპალიტეტის შენობის მახლობლად, სიდი ბუ–ზიდის ფართო ცენტრალურ ქუჩაზე მანქანებს შორის გაიკვლია გზა. ბაზრიდან გამოყოლილი ადამიანების ჯგუფი ტროტუარზე გაშეშდა.
ავტობუსის გაჩერებასთან ბოძზე დაკიდებულ ელექტრონულ საათზე 11:30 გამოისახა, როცა მოჰამედი ქუჩის შუახაზზე შეჩერდა. კანისტრას სახურავი მოხსნა, კისრამდე ასწია და ბენზინი ტანზე გადაიღვარა. ჯიბიდან სანთებელა ამოიღო, ცას ახედა:

–სიღატაკეს – არა!
უსამართლობას – არა! ალლაჰ...
ნაპერწკალმა ადამიანის სხეული ჩირაღდნად აანთო.
ელეგანტური ორსართულიანი თეთრი შენობის ლაჟვარდისფერი დარაბები არ გაღებულა და იქიდან არავის გამოუხედავს,– მათ არაფერი ადარდებდათ, საკუთარი ჯიბის გარდა.
* * *
მუჰამედ ბუჰარიმ ოთხ ათეულს ისე გადააბიჯა, წესიერი სამუშაო არ ღირსებია. პროფესიით ისტორიის მასწავლებელი იყო, მაგრამ თავს მშენებლობებზე მუშაობით ირჩენდა. ფრანგული, ყველა განათლებული ტუნისელის მსგავსად, იცოდა, მაგრამ ინგლისური და გერმანულიც თვითონვე, წიგნებისა და აუდიოკასეტების მეშვეობით ისწავლა. იმედი ჰქონდა, რომ შავ მუშად შრომით ევროპაში წასასვლელ ფულს იშოვიდა და იქ კი ენების ცოდნა გამოადგებოდა.
სასტუმროში დაბინავებულ გერმანელი ტურისტს გიდად ის ძმისშვილმა, შვეიცარად მომუშავე ბიჭმა შესთავაზა. მუჰამედი აღტაცებული იყო: – ორკვირიანი სუფთა სამუშაო, მაღალი ანაზღაურებით!
–ჰერრ, თქვენ ალბათ მეორე მსოფლიო ომის დროს სიდი ბუ–ზიდთან მომხდარი გერმანელებისა და მოკავშირეების ბრძოლის ადგილების მონახულება გაინტერესებთ? – ჰკითხა მორიდებით სტუმარს, რომელიც ოციოდე წლის ჭაბუკივით გამოიყურებოდა.
–ჰო, ურიგო არ იქნება, თუ მაგ ამბავსაც მომიყვებით,–ლურჯი თვალები შეანათა გერმანელმა,– გთხოვთ, რამიელი დამიძახეთ, ანდა – რამი, ზედმეტი ფორმალობების გარეშე.
ბუჰარიმ „ჰერრ“მაინც არ მოიშალა. ტურისტის სასტუმროდან გამოსვლის მოლოდინში კედელს მიყრდნობილი მოჰამედი გერმანულ–არაბულ ლექსიკონს ჩასცქეროდა და საჭირო სიტყვებს იხსენებდა, როცა სახეშეშლილმა ალა ალ–დინმა უსალმოდ ჩაუქროლა.
–ჰეი, ალა! საით გარბიხარ?–მიაძახა მუჰამედმა.
ალა მკვეთრად შემობრუნდა.
–მუნიციპალიტეტთან მოჰამედმა თავი დაიწვა!
–რომელმა მოჰამედმა?
–ბუაზიზიმ, ჩემს გვერდით რომ ვაჭრობდა ხილითა და ბოსტნეულით.
–რატომ, რა მოხდა ასეთი?–შეშფოთებული სახით მუჰამედი ალა ალ–დინს მიუახლოვდა.
რამიელს სასტუმროდან გამოსვლისას თავისი ექსკურსიამძღოლი რაღაცაზე აღშფოთებულ არაბ მამაკაცთან მოსაუბრე დახვდა. კაცი ემოციურად, ხელების ქნევით ჟესტიკულირებდა, მათ გარშემო გამვლელები ჩერდებოდნენ და ისინიც უმალ ერთვებოდნენ საერთო ვიშვიშში.
ალა ალ–დინის მონაყოლმა ბუზიდელებზე ისე იმოქმედა, რომ ათიოდე მათგანი შეჯგუფდა და მერიის მიმართულებით შეძახილებით გაემართა. ალამ ბაზრისაკენ სრბოლა განაგრძო.
–მისტერ ბუჰარი, მითხარით, რა ხდება?–ჰკითხა რამიელმა სახეარეულ მუჰამედს და როცა ბუაზიზის თვითდაწვის ამბავი მოისმინა, ხმამაღლა, მკაფიოდ და სუფთა არაბულით წარმოთქვა:
–დაიწყო! არაბი ხალხი იღვიძებს მჩაგვრელთა წინააღმდეგ უკანასკნელი ომისათვის!
როცა მუჰამედმა გაიცნობიერა, რომ ტურისტი მის მშობლიურ ენას მშვენივრად ფლობს, პირი დააღო.
–თქვენ ნუ ღელავთ, მისტერ ბუჰარი, დაპირებულ გასამრჯელოს მიიღებთ, – ახალგაზრდა კაცის ტუჩებზე წამიერად გაკრთა ღიმილი, რომელიც უცებ ჩაიკარგა კოპებშეკრულ, გამეხებულ გამომეტყველებაში, – ჩვენც ხალხს გავყვეთ!
აუტანელი ჩაგვრის საპასუხოდ მოჰამედ ბუაზიზის მიერ თვითდაწვის ამბავი ელვის სისწრაფით მოედო ქალაქს. მუნიციპალიტეტთან მისულმა რამიელი და მისი გიდმა ნახეს, რომ დამწვრობისაგან დასახიჩრებული მოჰამედის ტანზე ცეცხლის ჩაქრობა უკვე მოესწროთ.
–პოლიციაში დავრეკეთ და ყურიც არ შეიბერტყეს!
–მაგათგან მეტს რას ელით?!
ადამიანები ჯგუფ–ჯგუფად მირბოდნენ და შემთხვევის ადგილას შეკრებილ ხალხს უერთდებოდნენ. მოჰამედი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, კვნესოდა. სასწრაფო დახმარების მანქანა საათნახევრის შემდეგღა მოვიდა და გონდაკარგული მოჰამედი ჰოსპიტალში გააქანა. ხალხი არ იშლებოდა.
–აი, სადამდე მიიყვანეს პატიოსანი კაცი!
–მკვლელები, მტარვალები! მუნიციპალიტეტის უსულგულო მოხელეებს პასუხი მოვთხოვოთ! – მოუწოდა ხალხს მოკლე შავ ქურთუკსა და ჯინსებში ჩაცმულმა ახალგაზრდამ. ჯაბერ ჰაჯლავი მოჰამედის მეზობელი იყო, უმუშევარი იურისტი. ის დაშავებულს კარგად იცნობდა, სხვების მონაყოლის გარეშეც კარგად ხვდებოდა, როგორ მიიყვანეს ახალგაზრდა კაცი თვითმკვლელობამდე და აქამდე ჩუმი და ბეჯითი, ახლა ერთბაშად ლიდერად იქცა, აღშფოთებულ ხალხს მუნიციპალიტეტის ჭიშკრისაკენ გაუძღვა.
რამიელმა მობილური ტელეფონის კამერით მუნიციპალიტეტის შესასვლელთან სპონტანური საპროტესტო დემონსტრაციის გადაღება რომ დაიწყო, დაცვის წევრებმა მისკენ ერთი კი გაიწიეს, მაგრამ ამ დროს ხალხს მოჰამედის მამიდა, რადია შეუერთდა სასოწარკვეთილი ყვირილით, რამაც სიდი ბუ–ზიდელები გააშმაგა და კანონმორჩილება დაავიწყათ. ფორმიანები გისოსებს უკან დაიმალნენ და კარი ჩარაზეს. რამიელის მაგალითს რამდენიმე ახალგაზრდამ მიბაძა.
–ინტერნეტში გაავრცელეთ კადრები!–გადასძახა მათ რამიელმა.
ვიღაცას ფოტოს გადაღება ალმოდებული მოჰამედისათვის მოესწრო, ერთმანეთისაგან ბლუ–თუზით გადაიწერეს.
–აჰა, გაძეხით!– მეგობრების მიერ ხელში აიტაცებული ჯაბერი ბანანების შეკვრას ფცქვნიდა და სათითაოდ მუნიციპალიტეტისაკენ ისროდა,–გაძეხით ჩვენი შრომით, ბოლომდე გამოგვწოვეთ სისხლი, ვამპირებო!
„ზეაღმართული მუშტების ტყე და ხალხის შეძახილები, რადიასა და სხვა ქალების გამწარებული სახეები – ეს ყველაფერი მთელმა ტუნისმა, მთელმა მსოფლიომ უნდა იხილოს,“–ფიქრობდა რამიელი.
–ჰერრ რამიელ, თქვენი აქ ყოფნა უსაფრთხო აღარ არის, პოლიციელები მალე ალბათ სპეცრაზმს გამოუძახებენ,– ყურში ჩასძახა ბუჰარიმ.
–უარეს ამბებსაც შევსწრებივარ, მეგობარო! მე ყოველთვის ციკლონის შუაგულში ვარ*. ახლა წავიდეთ, ეს კადრები „იუ–თუბზე“ ავტვირთოთ და სოციალური ქსელებით გავავრცელოთ.
–ეგ ჩვენთან აკრძალულია და ტექნიკურად შეუძლებელი.
–ნუ ღელავ, მოვახერხებთ. კანონსა და სამართალს რაც შეეხება, ახლა მას უკვე ხალხი დაადგენს. რევოლუცია დაიწყო, ისტორიაში პირველი არაბული რევოლუცია, მუჰამედ!
ბუჰარი უცნაურ უცხოელს უკან გაჰყვა და უცებ იგრძნო, რომ რამიელის სიტყვებმა მასზე ჯადოსნურად იმოქმედა: საოცარი სიმსუბუქე დაეუფლა, თითქოს ხელ–ფეხიდან უხილავი ბორკილები ერთბაშად მოსძვრა, რომელთაც ბავშვობიდან დაათრევდა და ვერ ამჩნევდა. ბუჰარი მიხვდა: ის აღარ იყო ძველი მუჰამედი, – მას აღარ ეშინოდა!
–თუნდ გვესროლონ და დაგვხოცონ, მაინც დავამხობთ საძულველ რეჟიმს, ჩვენც მოვიპოვებთ თავისუფლებას! სამართლიანობას დავამყარებთ ჩვენს მიწაზე! მაგრამ, ამერიკისა და ევროპის მთავრობები ბენ–ალის რომ მხარს უჭერენ, ჰერრ რამიელ?
–ხალხის ნებას წინ ვერავინ დაუდგება, მეგობარო! ხალხი როგორსაც მოინდომებს, ისეთ რეალობას შექმნის. ოცდამეერთე საუკუნეა, შუა საუკუნეების ბნელეთი კი არა! უცხოელებიც თქვენ დაგიჭერენ მხარს, თუ არა და – მათ მთავრობებსაც იგივე ელით. თავისუფლება ისეთი რამ არის, რომელსაც ვერავინ გაჩუქებს, ვერავისგან იყიდი – ის თქვენში იბადება და მას საზღვრები არა აქვს.


„ახალი მსოფლიო წესრიგი“ აქამდე ზოგს მულტინაციონალური კორპორაციების ხალხებზე ბატონობად წარმოედგინა. ასე არ ფიქრობდნენ რამიელი და მისი საძმოს წევრები. მათ მრავალი ტანჯვის ფასად თავიანთი გულებით ათასწლეულების განმავლობაში გამოატარეს ძმობის, ერთობისა და თავისუფლების იდეალები. ახალი მსოფლიო სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპებზე აიგება, ამისათვის ღირს უკანასკნელი ბრძოლის გამოცხადება!
უბრალო კაცის – მოჰამედ ბუაზიზის ფერფლადქცეული სიცოცხლე ის ნაპერწკალი აღმოჩნდა, რომლისგანაც მისნაირი ჩაგრული ადამიანების თავისუფლებისათვის მრავალწლიანმა ომმა ახალი ძალით იფეთქა, – ასე ინება განგებამ.
–––––––––––––––––––––
* –გამგები გაიგებს :)
01-09.08.2011