15 September, 2011

მერიტოკრატიის ქართული ხიბლი

როცა 1999 წელს მე და ჩემი მეგობრები ნოტარიუსთან შევედით, არც ის ვიცოდით, რომ ქვემო ქართლში პირველი გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის რეგისტრაციას ვახდენდით და არც იმას ვიფიქრებდით, რომ მოქალაქეების გაერთიანების ამ ფორმას ვინმე თავის იდეებში საზოგადოებრივი მოწყობის მოდელში ერთ–ერთ რგოლად მოიაზრებდა. უბრალოდ, გვეგონა, რომ ჩვენი პატარა ქალაქის მოსახლეობა გარემოს მძიმე ელემენტებით დაბინძურების საფრთხის წინაშე იდგა და თუ მის წინააღმდეგ ბრძოლას ოფიციალურ სახეს მივცემდით, პრესით მოვახდენდით იმის დეკლარირებას, თუ ვინ ვიყავით და რამ შეგვაშფოთა, მაშინდელი ხელისუფლების მფარველობის ქვეშ მყოფ მეწარმეებს არ ექნებოდათ ჩვენზე დაცინვით სათქმელი:–ვინ არიან და რა უფლებით იღებენო ხმას.


ბანკში ანგარიშის გახსნა და თანხების მოზიდვა მაშინ აზრადაც არ მოგვსვლია: მოსახლეობა, რომელსაც საკუთარი ჯანმრთელობის მომავალი აწუხებდა, პეტიციაზეც კი ხელისკანკალით აწერდა ხელს, ორგანიზაციის დაფინანსების თავი და სახსრები ვის ჰქონდა?! სხვას კი რაში ანაღვლებდა ჩვენი პრობლემები და რა მიზეზით უნდა დავეფინანსებინეთ? დაფუძნების ხარჯებიც თავად გადავიხადეთ და სხვა ხარჯებიც წვრილმანად მივიჩნიეთ იმასთან შედარებით, რომ ჩვენთვის და ჩვენი შვილებისათვის ჯანსაღი გარემო შეგვენარჩუნებინა. რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ. როცა საფრთხე აღარ იყო – მანგანუმის მადნის ღია კარიერებიდან მოპოვება შეწყდა – ჩვენი არასამთავრობოსგან ბეჭედიღა დარჩა.

იყო პრობლემა – იყო ორგანიზაცია.

„ვარდებით მოსული“ ხელისუფლების დამყარების შემდეგ სხვადასხვა უცხოურმა ფონდებმა და ინვესტორებმა „საქართველოში არასამთავრობო სექტორის განვითარებისათვის“ თანხების ხაჯვა გულუხვად დაიწყეს. დედაქალაქში რომ შექმნეს „ცენტრალური არასამთავრობოები“, რომელთაც ეროვნული დონის პრობლემატიკაზე უნდა ეზრუნათ, შემდეგ რეგიონებს მოედნენ და ლამის ყველა სოფელში დააფუძნეს სათემო თუ სხვა სახის NGO –ები. გაიცემოდა გრანტები, ტარდებოდა ტრენინგები, გვასწავლიდნენ პროექტების წერას, მონიტორინგის ჩატარებას, შედეგების შეფასებას... ჩვენც არ ჩამოვრჩით დროს და პროექტი სათაურით: „არასამთავრობო სექტორის გაძლიერება წალკისა და თეთრიწყაროს რაიონებში“ წარმატებით განვახორციელეთ.

ჩანს, იდეის ავტორებმა გადათვალეს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების რიცხვი და სამოქალაქო სექტორის განვითარების დონე ამით საკმარისად მიიჩნიეს, ამიტომ თავიანთი ფონდები სხვა „განვითარებადი“ ქვეყნებისაკენ მიმართეს, ჩვენ კი გვირჩიეს, ადგილობრივი ბიზნესის მიერ დაფინანსებულ, ადგილობრივე ფონდებში გვეძება სახსრები „ლოკალური პრობლემების გადაწყვეტისათვის“. ასეთები სად გვეძია, როცა ბიზნესი მთლიანად მმართველი პარტიის ხელში გადავიდა და მისი ქოლგის ქვეშ მშვენივრად გრძნობს თავს (თუ ოფიციალურ სტატისტიკას დავუჯერებთ), ავსებს თავისი პარტიის სალაროს და სულაც არ აწუხებს „მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა“, რომ რაღაც ფონდები აფინანსოს. ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, უცხოელი პატრონების თვალის ასახვევად, ამ მიმართულებით სახელწიფო ფონდიც გახსნა და ალაგ–ალაგ მცირე პროექტებიც დააფინანსა, არასამთავრობო სექტორში ფონდების მოძიებასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოსაფხვრელად კი ზოგიერთმა ცენტრალურმა არასამთავრობომ შეფობა იკისრა და მოსალოდნელი საგრანტო კონკურსების შესახებ წვიმის შემდეგ სოკოებივით მომრავლებული ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის მიწოდება ითავა. ფულის წვიმა შეწყდა და დამდგარ გვალვაში თითო–ოროლა არასამთავრობომ თუ შეძლო სადღაც ჩრდილში თავის შეფარება, დანარჩენებმა დოკუმენტაცია უჯრაში ღრმად შეინახეს.

აღარ არის ფული – აღარაა ორგანიზაცია.

ვისაც ჩვენებური "ლიბერთარიანიზმის" იდეოლოგიის შესახებ არაფერი გვსმენოდა, დღემდე გაუგებარია, რა საჭირო იყო სოფელ–სოფელ სიარული, აქტიური მოქალაქეების ძებნა, (ითვლება, რომ დედაქალაქში მოღვაწე ექსპერტების მსგავსად, ასეთები ხალხში არაპოპულარულები შეიძლება იყვნენ, ანუ უბირი ხალხი მათ სადმე არ აირჩევს), ლოკალური პრობლემების მოსაგვარებლად მათგან ორგანიზაციების შექმნა–დაფინანსება, რომ მცირე და საშუალო პროექტების განხორციელებით გამოცდილება შეეძინათ? ამ პრობლემების გადაწყვეტა ხომ ისედაც ევალებოდათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომლებიც ჯერ 1990 წელს, შემდეგ 2008 და 2002 წლებში აირჩია ხალხმა, ამისათვის მათ ჩვენი გადასახადებით შექმნილი ბიუჯეტებიც ხომ ჰქონდათ, მაშ რა მიზნით იქმნებოდა პარალელური სტრუქტურები?

საქმე ისაა, რომ ახალ მსოფლიოში საზოგადოებრივი პრობლემებიც ახლებურად უნდა გადაწყვეტილიყო და დრომოჭმული სოციალისტური ადგილობრივი საბჭო–საკრებულოების ნაცვლად "ლიბერთარიანელებმა" თავისი შეხედულებების შესაბამისი მოდელის შექმნა დაიწყეს. მათი აზრით ხალხი ხომ ბნელია, ჰოდა, აბა სად შეუძლია ამ გაუნათლებელ მასებს, რომელთათვისაც უფასო საშუალო განათლებაც კი ზედმეტი ხილია, არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით საკუთარ პრობლემებში სწორად გარკვევა, პრიორიტეტების განსაზღვრა და მათი ეფექტური გადაწყვეტა?

სამაგიეროდ, მოდელი „ბიზნესი–ფონდი–არასამთავრობო“ უფრო ადვილად სამართვია: ცხადია, ფონდი იმ მუსიკას დაუკრავს, რასაც დამფინანსებელი შეუკვეთავს, არასამთავრობოც გრანტს ვერ მიიღებს, თუ ფონდისთვის არასასურველი პროექტი წარადგინა. თანაც, კორუფციის შანსებიც აქ ნაკლებია: ყველა ცენტი კონტროლდება – ასეთია ერთმანეთთან გაფორმებული ხალშეკრულებები ამ სისტემაში. გრანტი თუ ერთხელ „შემოგეჭამა“, შავ სიაში მოხვდები და მას აღარავინ მოგცემს. რაც მთავარია, წარმოების „მდგრად განვითარებას“ საფრთხე არ ემუქრება წარსულის გადმონაშთი იდეებით შეპყრობილი ზოგიერთი პირისაგან, რომელიც უბადრუკ მასებში შეიძლება პოპულარული იყოს, ხელისუფლებაშიც მოხვდეს არჩევნებით და პრობლემები შექმნას.

ამიტომ, სულაც არაა საჭირო ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელმაც "ლიბერთარიანელთა" იდეოლოგიის „წმინდა ძროხას“ – ბიზნესს შეიძლება რამეში ხელი შეუშალოს. ჰოდა, ადგნენ და, რადგან სამოქალაქო სექტორი უკვე საკმარისად იყო განვითარებული, თემებს ეს თვითმმართველობაც გაუუქმეს, ბოლო ადგილობრივ არჩევნებში კი მხოლოდ რაიონული საკრებულოები „აირჩიეს“, რაც „სახელმწიფოს მოწყობის ორდონიან მოდელად“ ლამაზად შეფუთეს.

ამ მოდელში რა ზედა დონეზე – პარლამენტში, რა ქვედა დონეზე – საკრებულოში (ანუ მინი–პარლამენტში) ის სისტემაა, რომ გადაწყვეტილების მიღება რეალურად „ლობირებით“ ხდება, ანუ, გასაგებად რომ ვთქვათ, დაინტერესებული მხარე (ბიზნესი) დეპუტატების და პარტიების მოსყიდვას ახდენს, რომ თავისთვის სასურველი გადაწყვეტილება მიაღებინოს. ქვედა დონეზე ლობირებისა რა გითხრათ: გამგებელს „ზემოდან“ უბრძანებენ და მისი გუნდი საკრებულოში ტაშისკვრით მიიღებს საჭირო გადაწყვეტილებას. სამაგიეროდ, რაღაც–რაღაცებზე, საკრებულოს წევრთა არცთუ კანონიერ საქმეებზე ხელისუფლება თვალს დახუჭავს. ერთი–ორი პატიოსანი ოპოზიციონერის ხმა სათვალავში მისაღები არ არის: მაინც უმცირესობაში არიან და მათ ყვირილს ყველგან სიყრუის კედელი დახვდება. შეიძლება, პრესა დაინტერესდეს და რაღაც დაწეროს, – წერონ და იკითხონ!

თუ ხალხს არ მოსწონს რამე, მისი ინტერესი ილახება? ამისათვის ხომ არის ცენტრალური არასამთავრობოები, რომელთაც ასევე აქვთ ლობირების კანონიერი უფლება. იმაზე, რომ ეს არასამთავრობოები, ფონდების შუამავლობით, იმავე ბიზნესიდან ფინანსდება, რომლის წინააღმდეგ უნდა მოაწყონ კამპანია – თვალები დავხუჭოთ.

მაგალითისათვის: იმპორტიორებს იაფად შემოაქვთ დაბალი ხარისხის საწვავი, რომელიც გარემოს აბინძურებს და ჩვენს ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს. იმპორტიორებმა მმართველ პარტიაში ლობირებით მიიღეს კანონი, რომ ასეთი საწვავის გაყიდვა ნებადართულია. მოსახლეობის ინტერესების გამომხატველ გარემოსდაცვით არასამთავრობოს უნდა, რომ ასეთი საწვავის გაყიდვა კანონით აიკრძალოს და ხარისხიანის შემოტანა აიძულოს იმპორტიორებს (რაც მათ ნაკლებ მოგებას დაუტოვებს). სად უნდა იპოვოს მან კამპანიის ორგანიზებისა და დეპუტატების ლობირებისათვის საჭირო თანხები? რა თქმა უნდა, გარემოსდაცვით ფონდში, რომელში შენატანებს ნებაყოფლობით (?!) უნდა აკეთებდნენ ეს იმპორტიორები მხოლოდ იმიტომ, რომ მათ „მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება აქვთ და თავადაც ზრუნავენ იმ გარემოზე, რომელშიც ცხოვრობენ“.

ლოგიკა მოიკოჭლებს? თქვენ საიდან იცით, რა არის ლოგიკა, ეს თქვენთვის სკოლაში არ უნდა ესწავლებინათ, ამას მხოლოდ მაღალგადასახადიან კერძო სასაწავლებლებში ასწავლიან, სადაც ელიტის შვილები არიან.

ასეა იდეაში. ცხოვრება კი სულ სხვაა. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: პარტიებისა და დეპუტატების მოსყიდვა კორუფცია არ არის, ეს ნებადართულია და მხოლოდ და მხოლოდ ლობირებად იწოდება!

თქვენ თუ იცით, მითხარით, რამდენს ხარჯავს რომელიმე ჩვენებური დიდი ბიზნესმენი საზოგადოებრივად საჭირო საქმიანობაზე? მე რასაც ვხედავ (უფრო სწორად, ტელევიზიებით მაჩვენებენ), არც ერთ მათგანს არ შეაქვს რაიმე ფონდში ფული და მერე ჩრდილში არ დგება. რად უნდა ფონდი? იმ ფასად, რასაც მისი მეუღლე ერთ დღეში ხარჯავს სალონებში, ან თვითონ – ერთ ჯიგრულ სუფრაზე რესტორანში, თავადაც კარგად გამოჩნდება ტელეკამერების წინ, როცა ობოლ ბავშვებს საშობაო საჩუქრებს მიუტანს. ამით სატელევიზიო ვიდეორგოლებზე გაცილებით იაფად და ეფექტურად რეკლამასაც გაიკეთებს და თან ქველმოქმედის იმიჯიც ექნება.

თუ ბიზნესმენიც, ექსპერტისა არ იყოს, მორცხვია (ანუ, არ სურს გამოჩენა, რომ არ გაჩნდეს კითხვები, – რა გზით იშოვაო ფული), მმართველი პარტიის მინისტრთა, დეპუტატთა, გუბენატორ–გამგებელთა რიგია, სიხარულით გამოჩნდებიან ტელე–ნიუსებში და ამით პოლიტიკურ რეკლამას მუქთად გაიკეთებენ. მერე სადმე ელიტარულ კლუბში დასხდებიან (სადაც, ლიბერთარიანელთა აზრით, მამულიშვილური აზრების გაზიარებისათვის უნდა შეიკრიბონ და ფარდის მიღმა მიიღონ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები), კოქტეილს მიირთმევენ, ბომონდის ახალ ჭორებს განიხილავენ და სამშობლოს წინაშე ვალმოხდილები დაიშლებიან.

ასე რომ, ჩვენს ქვეყანაში სახეზეა „ღირსეულთა მმართველობის“, ანუ მერიტოკრატიულად საზოგადოების მოწყობის იდეის კრახი. არც მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების ბიზნესმენები გაჩნდნენ, არც – მათ მიერ დაფინანსებული ფონდები და არასამთავრობოთა არმიაც ქაღალდზე დარჩა. ექსპერტები? რაღაცებს წერენ ხოლმე ელიტარულ ჟურნალ–გაზეთებში, ხალხს ლიბერალური ღირებულებების სისწორითა და მომავალი ამქვეყნიური სამოთხის დაპირებებით აზომბირებენ.

ვინც ვერ მოხვდა სამოთხეში მცხოვრებ ვიწრო წრეში, „ჭკვიანთა“ აზრით, თავს უნდა დააბრალოს: უინტელექტოა, ან ზარმაცია და ცოტა იმუშავა, ან, უბრალოდ, „არ გაუმართლა“. ეს ბოლო არგუმენტი, მგონი, იმათზეა, ვისაც „მიშას მატარებელზე“ შეხტომის შანსი ჰქონდა და ეს ვერ შეძლო.

სამართლიანია ასეთი საზოგადოებრივი წყობა, რომელსაც, რატომღაც, დემოკრატიას უწოდებენ? ამაზეც პასუხი აქვთ: „დემოკრატია მთლად სამართლიანი არ არის, მაგრამ უკეთესი ჯერ კაცობრიობამ ვერ გამოიგონაო“. ტყუილი! არც უცდიათ, რამე მოეფიქრებინათ, ხალხის პროპაგანდით გაბრუება–დათრგუნვის ტექნოლოგიების დახვეწის გარდა.

არანაირი „ღია სამოქალაქო საზოგადოება“ საქართველოში არ აშენებულა. ამ მოდელით ვერც აშენდებოდა, რამდენადაც ეს სისტემა, როგორც ნახეთ, თავისი არსით, შინაგანად წინააღმდეგობრივი და ხელოვნურია. რეალური, სახალხო დემოკრატიის ის მარცვლებიც კი, რაც წინა ხელისუფლებებმა თვითმმართველობის კანონების მიღებით ხალხისათვის ე.წ. პირველ დონეზე, ანუ თემისა და ქალაქის უბნისათვის, ვითომ გამოიმეტეს, და რომელთა აღმოცენებას ტოტალიტარული საბჭოეთის მიერ დატოვებულ მწირ ნიადაგზე ზრუნვა სჭირდებოდა, ამ ხელისუფლებამ ოლიგარქოკრატიული ავტორიტარიზმის ასფალტით გადაფარა.

როგორც ჩანს, ბოლო დროს ჩვენს მმართველებს ეს ტყუილებიც მობეზრდათ და „სინგაპურულ მოდელზე“ ალაპარაკდნენ, ანუ ღიად გვეუბნებიან: სინგაპურულ რეჟიმს ვამყარებთ, სადაც ქვეყნის მმართველად ტახტზე ერთხელ დამჯდარი მასზე მარადიულად რჩება, შემცვლელად კი შვილი ეყოლება. გაიხარეთ, მონარქისტებო: ახალი სამეფო დინასტია გვეყოლება, „ნაციონალი“ თავად–აზნაურებით. რა აუცილებელია, მაინცდამაინც ბაგრატიონი იყოს? ღვთივკურთხეულობა თუ გნებავთ, ეკლესიის მესვეურები მზად იქნებიან კურთხევის რიტუალის ჩასატარებლად. მათი პირით ხომ თავად უფალი ღაღადებს, ოდებს უძღვნიან პირველ პირს და კურთხევა გაუჭირდებათ?!

სამაგიეროდ, „ჩემო ტკბილო და მურაბა ხალხო“, დემოკრატიაზე უარის თქმისა და პირში წყალჩაგუბებულობის ფასად, სინგაპურელებივით დაძღებით ყველანი და კარგად იცხოვრებთ.

თქვენ გჯერათ? მე – არა. „ურწმუნო თომა“ ვარ, სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ... თუმცა, ჩემი თაობა ამას ვერ მოესწრება – „ჩარეცხილია“, ჩვენს შემდეგ კი – წარღვნასაც წაუღია ყველაფერი. უკაცრავად, აპოკალიფსი უნდა მეთქვა, რომელიც, როგორც გვეუბნებიან, მოახლოვდა და რაღა დროს დემოკრატიის მშენებლობაზე ფიქრია, მაინც ვერ მოესწრება უფლის მეორედ მოსვლამდე. პერსონალური თვითმფრინავით „ღრუბლებზე მომავალს“ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მთავარ ტაძარში მის მსახურთა მიერ ნაკურთხი მერიტოკრატი ხელისუფლება დახვდება.


14 September, 2011

თავი X. ინტერნეტ–რესპუბლიკა

ახლადნაოპერაციები პაციენტის მდგომარეობა ვიდრე არ გაუმჯობესდა, გულმშვიდად ვერ მიატოვებდა და, ამიტომ, გიორგი შამათავა სახლში შებინდებისას დაბრუნდა. გადაღლილი იყო, მაგრამ ნერვულმა დაძაბულობამ ძილი გაუკრთო. აივანზე გავიდა, სარწეველა სავარძელში ჩაჯდა და ცაზე ახლადგამომკრთალი ვარსკვლავების ცქერით სცადა სიმშვიდის მოპოვება. არ დააცალეს – მეზობლების ფანჯრებიდან ხმამაღალი ლაპარაკი შემოესმა. „დაქორწინებამდე ერთმანეთს თავს ევლებოდნენ, ახლა რა ჯანდაბა აჩხუბებთ, რა ვერ გაიყვეს?!“
ვარაუდში შეცდა. რამდენიმე წუთში ახლადცოლმოყვანილმა, ზურამ, ფარდის მიღმიდან გამოიხედა და, ცისკენ მშვიდი ღიმილით მომზირალი გიორგი რომ შენიშნა, ფანჯარა გამოაღო და გადმოსძახა:
გიორგიბატონო, გაიგეთ, რა მოხდა?! მეზობლის გაოცებული მზერით მიხვდა, რომ დასტაქარსნიუსებიარ მოუსმენია და განაგრძო:
ექსპრეზიდენტი მოკლეს! ააფეთქეს! რა გვეშველება ახლა? ამის გამო ომს გამოგვიცხადებენ?
გულუბრყვილო ყმაწვილი სერიოზულად შეშფოთებული ჩანდა.–რა ომს, ბიჭო, რას ამბობ? ეგ ციხეში არ ჩასვეს?
ჰოდა, ზუსტად, ციხეში აუფეთქებიათ. თან, ვიღაც უცხოელ სტუმართან ერთად.
დაწყნარდი, ზურა, მაგის გამო ომს არავინ დაიწყებს!–რა ვიცი, მე კი შემეშინდა, ეგ მინდა ახლა? ნათია დღედღეზე ბავშვს ელოდება.
თუ დახმარება დაგჭირდეს, არ მოგერიდოს.
გაიხარე, ბატონო გიორგი!
შამათავა სახლში შევიდა და კომპიუტერს მიუჯდა. ვიდრე ინტერნეტით ახალი ამბების რომელიმე სააგენტოს საიტს მოძებნიდა, სოციალურ ქსელებში ვირტუალურ მეგობართა სტატუსებს გადახედა. ცხადია, ყველას, მის გარდა უკვე გაეგო ახალი ამბავი და საკუთარ ვერსიებს გამოთქვამდნენ მომხდართან დაკავშირებით.„მაინც ვის უნდა სდომოდა პრეზიდენტყოფილის სიკვდილი? ბევრი ოჯახი კი გაამწარა თავისი დიქტატორული მმართველობისას, ათასობით უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა, ხელისუფლება რომ შეენარჩუნებინა, მაგრამ დაცვა ხომ ეყოლებოდა?! ახლა ამ ამბავს საერთაშორისო სკანდალად აქცევენ... აბა, მასთან ერთად ვინ უცხოელი დაიღუპაო, რა თქვა... აჰა...
აჟიტირებული ტელეწამყვანების ისტერიული ხმის გაგონების ნერვები არ ჰქონდა, სააგენტოინტერნეტნიუსიკი იტყობინებოდა, რომრუსთავის საპატიმროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ექსპრეზიდენტი. გამაყრუებელი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მონიტორინგის მიზნით მის მოსანახულებლად მივიდა Human Rights Watch-ის წარმომადგენელი ანელ სატი. ადამიანის უფლებათა ეს ამერიკელი დამცველი და ციხის ადმინისტრაციის ორი თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალნენ. მძიმე მდგომარეობაშია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კიდევ 3 თანამშრომელი და მეზობელ საკნებში მსხდომი რამდენიმე პატიმარი, რომელთა ვინაობა და რაოდენობა ოფიციალურ პირებს არ დაუკონკრეტებიათ. მიმდინარეობს გამოძიება. ვაშინგტონმა თბილისს გამოძიების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენელთა დახმარება აღუთქვა.“
რაღა არ გადაიტანა ამ ბოლო ათწლეულებში პატარა ქვეყანამ, ომები, პუტჩები, რევოლუციები, ანარქია, დიქტატურა... ძლივს ეღირსა ხალხს დამშვიდება და ისევ რაღაც ხდება, ვიღაც ისევ ურევს ბინძურ ხელს, რომ მშვიდობა შეიწიროს,“ – ფიქრობდა გიორგი, როცა მისი მობილური ტელეფონის ეკრანზე უცხოეთის კოდით დაწყებული ნომერი გამოისახა.
უკანასკნელ ამბებთან დაკავშირებით ხვალ ჩვენი საძმოდან მაღალი რანგის სტუმარი გეწვევათ. შეგიძლიათ, უმასპინძლოთ? სასტუმროში მისი გაჩერება არ იქნებოდა სასურველი,–სთხოვეს.
არაა პრობლემა. ჩამოსვლის დრო და რეისი შემატყობინეთ.–მეილზე გამოვგზავნით. წაშალეთ, როგორც ყოველთვის.
დედაქალაქამდე რამდენიმე წლის წინ დაგებული მშვენიერი საავტომობილო ტრასის გამოისობით ერთი საათიც არ დასჭირდა, მცირე შეყოვნება მის შესასვლელთან და აეროპორტთან საჩქაროდ განთავსებული საპატრულო პოლიციის პიკეტებთან მოუწია, რომლებიც ყველა მანქანას აჩერებდნენ და საბარგულებს სინჯავდნენ.
ამასუსაფრთხოების ზომების გამკაცრებასეძახიან, თითქოს მომხდარის შემდეგ რამე აზრი ჰქონდეს,“–ჩაეცინა შამათავას, სახეშეჭმუხნილი ახალგაზრდა პოლიციელები კი შეებრალა: ჯერ ერთი წელიც არაა, რაც სახალხო რაზმელების პატრულები ისევ აღდგენილმა პოლიციამ ჩაანაცვლა და საზოგადოებაში ნდობისა და ავტორიტეტის დაბრუნებას ცდილობდა, რომელიც დიქტატურის ბოლო წლებში სახალხო მღელვარებებისას მშვიდობიან მანიფესტანტთა სასტიკი დარბევების გამო დაკარგა.
ქაიროთბილისის რეისით ავიალაინერი ტურისტებით სავსე დაბრუნდა ეგვიპტიდან. ჭრელაჭრულა შორტებსა და მაისურებში გამოწყობილ, ზურგჩანთიან და ფოტოაპარატჩამოკონწიალებულ ახალგაზრდებში გიორგი თავის სტუმარს ვერ გამოარჩევდა, თავად რომ არ მოეძებნა ჩამოსულს. არა მარტო დამსვენებლების მსგავსი ჩაცმულობის გამო – „მაღალი რანგის სტუმარიოციოდე წლის ჭაბუკივით გამოიყურებოდა, რასაც გიორგი ნამდვილად არ მოელოდა. ისე გარუჯულიყო, არაბს ჰგავდა და ოქროსფრად მბზინავი თმებით და ხასხასა ლურჯი თვალებით (გეგონება, ლინზები უკეთიაო) თუღა ამოიცნობოდა მასში ევროპელი. გარეგნობის გარდა, სახელიც საოცარი აღმოაჩნდა, მაგრამ ყველაზე მეტად გიორგი იმან გააოცა, რომ უცხოელი, მართალია, უცნაური კილოთი, მაგრამ მაინც ქართულად დაელაპარაკა:
რამიელად მიხმობენ, მაგრამ კოპალას თუ მიწოდებთ, მადლობელვორექ,–გაუღიმა და ეშმაკურად თვალი ჩაუკრა. ძველი ქართულისა და მეგრულის ნაზავით ნათქვამზე პასუხად შამათავამ გაუღიმა, იფიქრა: „ძმებმა, ალბათ ჩემზე სახუმაროდ, სპეციალურად დაასწავლეს უცხოეთში მყოფი ქართველებისგან გაგონილი რამდენიმე ფრაზა“.
ამჯერადაც შეცდა ვარაუდში: სტუმარმა იმავე კილოთი გააგრძელა ქართულად საუბარი, ოღონდ, ხშირად შეყოვნდებოდახოლმე, თითქოს სიტყვებს იგონებსო.
აეროპორტის ტრასიდან ქალაქში შევიდნენ თუ არა, უკანა სავარძელში მოკალათებულმა სტუმარმა შეჩერება სთხოვა:
ეგებ არ იყოს სამარცხვინო, რათა სამოსი გარდავიცვა? ამაზე კი უკვე გულიანად გადაიხარხარა გიორგიმ:
არაა პრობლემა, გამოიცვალეთო,–უთხრა.
კოპალამ ჩემოდნიდან ტანსაცმელი ამოიღო და რამდენიმე წუთში ჰოლივუდური ფილმების სპეცაგენტს დაემსგავსა, შავი სათვალეც კი მოირგო.
საქონდაქრო მინისთრისთან მიმიყვანეთ, გეთაყვა. გიორგიმ ვერ გაიგო.
ხალხში რომ წესრიგს ამყარებენ, მსტოვრები რომ ჰყავთ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო?–ჰო, რამე FBI- ანალოგი გექნებათ. მე მათ agent-ად წარვუდგები. ტრასის პირას მდებარე, მწვანე შუშებისგან შექმნილი უზარმაზარი ტალღით გადაფარულ შენობასთან გაუჩერა.
კოპალა მკვირცხლად გადახტა და ისე გავარდა სამინისტროს შესასვლელისაკენ, გიორგიმ თქმაც ვერ მოასწრო,–ხომ არ წამოგყვეთო. ნახევარ საათში დაბრუნდა.
რას იტყვით, რაინდო, ამა ორი სახის ხილვისას? ორი ფოტოსურათი ხელში მიაჩეჩა მანქანაში ჩაჯდომისას. გიორგი ყურადღებით დააცქერდა. ორივე ფოტოზე ერთიდაიგივე პიროვნებაქვეყნის ყოფილი მმართველი იყო გადაღებული.
ორივე ექსპრეზიდენტისაა, ოღონდ ერთერთზე შეჭაღარავებული ულვაში და ბაკენბარდები მიუწებებიათ.
არამც და არამც! ერთი ეგ არს, მეორე Human Rights Watch...
გაქცევას უმზადებდნენ?!–გაოცდა გიორგი.
კოპალამ მხრები აიჩეჩა. ერთის ძვლებია დაშთომილი, დამწუარი. მეორისაარა.
გაიქცა, ვითომ?! მაგრამ აფეთქება მაშინათვე რად მოხდა, ხომ უნდა მოესწრო ქვეყნიდან გაღწევა...
თქვენსას წავიდეთ, არა მსურს, ვიდეოკამებზე კიდევ ერთხელ აღმბეჭდონ.
გზაზე სტუმარს ხმა არ ამოუღია, აღარც გიორგიმ შეაწუხა: ეტყობოდა, რომ აფეთქების გამოცანის ამოხსნაზე ღრმად იყო ჩაფიქრებული. მხოლოდ ერთხელ, მთები რომ გამოჩნდა, გამოცოცხლდა:
– ესე თრიალეთის გეზი არს?
კი, მე თბილისის მახლობლად, მთებში ვცხოვრობ. ნამყოფი ხართ?
კოპალამ გაიღიმა:
ნაცნობი სანახებია.
სახლში მისვლისთანავე, შხაპი გადაივლო თუ არა, სტუმარი ტელევიზორს ჩაუჯდა და, გიორგის მითითებული საათების მიხედვით ახალი ამბების გამოშვებებს ყველა არხზე უყურა, შემდეგ ინტერნეტით არა მარტო წინა დღის, ყველა ბოლოდროინდელი გამოშვება მოიძია და გვიანობამდე არ მოსცილებია მონიტორს, ვახშმადაც კი არ მოიცალა და ყავას და ნამცხვარს დასჯერდა.
მეორე დილით გიორგი სტუმრის ნიჭიერებამ გააოცა: მის მეტყველებაში ძველქართული გამოთქმების ადგილი ტელეჟურნალისტების თანამედროვე შტამპებს უმალ დაეკავებინათ.
არ დაისვენეთ, კოპალაბატონო?–ჰკითხა გიორგიმ, შეწითლებული თვალები რომ შენიშნა.
არაფერია, ანგარიშს დავწერ, გადავცემ და მერე მოვისვენებ მცირე ხანს. თქვენ არ მოსცდეთ საქმეს.
გიორგიმ სტუმარი სახლში დატოვა, თავად ცოლშვილი სკოლასთან ჩამოსვა და ჰოსპიტალში დროულად მოასწრო შესვლადილის კონფერენცია ჯერ არ იყო დაწყებული. კოლეგას, რომელიც წინა დღით შეენაცვლა, გულწრფელი მადლობა გადაუხადა: პაციენტს გამოჯანმრთელებისკენ ექნა პირი.
* * *
რამიელის წერილი მოვიდა,– პროფესორმა ელ იაჰვენსენმა, რამდენიმე ფურცელი ამობეჭდა და კითხვას შეუდგა.
რას წერს, რა მომხდარა?–დაინტერესდა აზაზელი, რომელსაც ჰოსპიტალიდან გამოწერის შემდეგ მალე აღუდგა მეხსიერებაც და აზროვნების ჩვეული სიმკვირცხლეც.ელმა ჩაიკითხა და მხოლოდ მერეღა მოუყვა:–უცნაურია, ძალზე უცნაური! შენ რას ფიქრობ?
ის ადამიანის უფლებადამცველი ჩვენიანი ხომ არ იყო, რა ერქვა?
ანელ სატი.
ანელ სატი... სატ ანელი... სატანელი!–შესძახა აზაზელმა. იაჰვენსენი სასწრაფოდ ფოტოების გადმოტვირთვას შეუდგა.
ის არის!– Human Rights Watch–ის წარმომადგენლის ფოტოს დანახვისთანავე ორივეს ერთდროულად აღმოხდა.
რა უნდა მომხდარიყო? ექსპრეზიდენტის ფოტოც ჩამოიტვირთა და ეკრანზე გაიხსნა.
შეუძლებელია!
პარადოქსი? დროის პარადოქსი მოხდა?! ნუთუ?!
მამაკაცების ხმამაღალ შეძახილებზე ლუბამ შემოიხედა ოთახში, რომელიც აზაზელს, ოთხიათასწლოვანი ძილიდან გამოღვიძების შემდეგ, აღარ მოსცილებია, უნივერსიტეტიც კი თითქმის მიატოვა, მიუხედავად პროფესორის დაჟინებული პროტესტებისა.
რა პარადოქსი, აზ?–იკითხა ლუბამ.
გახსოვს, გეუბნებოდი, თუ წარსულში დაბრუნებული რომელიმე ჩვენგანი საკუთარ თავს მომავალში შეხვდება, დროის პარადოქსი მოხდება და ორ სხვადასხვა განზომილებაში განვითარებადი სამყაროები შეიძლება შეერთდნენმეთქი?
შეახსენა იაჰვენსენმა და ჭაღარა წვერზე ხელი ჩამოისვა. ლუბამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
ეს აზაზელი უნდა ყოფილიყო, ახლა კი... მგონი ეს უკვე მოხდა...
ჯერ დარწმუნებულები არ ვართ,– დააყოლა აზაზელმა.
ლუბას ცრემლები მოერია და სატრფოს ფართო გულმკერდზე მიეხუტა:
ბედი არ გაგვწირავს... ჩვენ ერთად ვიქნებით... სამუდამოდ!
* * *
კოპალამ გიორგის დაურეკა, –სამსახურიდან როდის თავისუფლდებიო
.–თუ სასწრაფო საქმეა, დავეთხოვები კლინიკის დირექტორს.
შემთხვევის ადგილამდე მისვლას უთქვენოდაც მოვახერხებდი, მაგრამ, შექმნილი ვითარებისა გამო...
მოვდივარ!
სახლში მისულს კოპალა სამგზავროდ გამოწყობილი დახვდა, ამჯერად უბრალოდ, ჯინსებში გამოწყობილიყო. გიორგიმ თვალი შეავლო მისი მაისურის წითელ ფონზე გამოსახულ, ზეაღმართულ მუშტს.
როდის მოასწარით შეძენა?
თქვენი ქვეყნის წარმოების არაა. ალბათ გეხსომებათ, თქვენთან რომ არეულობა დაიწყო, ჰუმანიტარული ტვირთი გამოვუგზავნეთ რევოლუციონერებს.
კი.
იმ პარტიიდანაა,–გაუღიმა კოპალამ,–ჯორჯ, სადმე თუ არის დოზიმეტრის ყიდვის შესაძლებლობა?
ყიდვისარა მგონია. მაგრამ, შეიძლება ვითხოვოთ. ჩემი მეგობარი, კოლეგა და გარემოსდამცველი აქვე ცხოვრობს. დღეს ისვენებს და, ვიცი, არ გადააგდებდა: ერთ დროს ნავთობსადენთან სიახლოვეს რადიაციის მომატების შესახებ ჭორების შემოწმებაგაფანტვით იყო დაკავებული.
მამუკა სახლში დახვდათ.–რა თქმა უნდა, გათხოვებ,–უპასუხა გიორგის თხოვნაზე,–ეს შენი სტუმარი კი საიდანღაც მეცნობა...
-How do you do!-მიესალმა კოპალას.
–Hello! Doctor Abuladze, aren’t you?
-Yes, I’m.
-Do you remember me? „Fight for Forests”, some years ago…
-O, yes! Mr. Ram Iel, from Germany!*
გიორგიმ უთხრა, რომ სტუმარს ეჩქარებოდა. მამუკამაც დოზიმეტრში ახალი ბატარეები სასწრაფოდ ჩასვა, მისი მოხმარების მოკლე ინსტრუქტაჟი ჩაუტარა და დაემშვიდობა:
-იცოდე, გიორგი, უნდა მოიცალოთ და მესტუმროთ! ამ კაცისგან დავალებული ვარ: ის რომ არა, ახლა ჩემი ძვლები რომელიმე ციხის სასაფლაოზე ეყრებოდა,-შემდეგ კოპალას მიმართა:
– We have to go together to see those beautiful forests saved with your help!
-Of course, later!**
ათიოდე წუთში შამათავას ავტომობილი მთებიდან დედაქალაქისაკენ მიექანებოდა. სოღანლუღში რუსთავისაკენ გადაუხვიეს, „მეტალურგთა ქალაქს“ გასცდენენ და ციხის კედლებიც გამოჩნდა.
–გადასახვევიდან უკვე პოლიციის პიკეტებია, რა ვქნათ?–ჰკითხა გიორგიმ.–ერთი წამით...
–კოპალა დოზიმეტრს ჩასცქეროდა. უბის წიგნაკში მისი მაჩვენებლები ჩაინიშნა.
–განვაგრძოთ გზა, გავცდეთ ამ ადგილს, ფონის კვლევას დავასრულებ. ათიოდე წუთის შემდეგ ისევ ასწია თავი.
–შეგვიძლია დავბრუნდეთ. გიორგის კითხვანარევ მზერაზე უპასუხა:–საპატიმროსთან რადიოაქტიური ფონი მკვეთრად არის მომატებული... მაგრამ, შეიძლება ადრეც ასე იყო. თქვენი კოლეგებისგან დაზარალებულების მდგომარეობის გაგებას თუ შევძლებთ?
–ვცადოთ. დამწვრობებს სპეციალიზირებულ კლინიკაში მკურნალობენ. გიორგის თანაკურსელს იმ დროს მიუსწრეს, როცა ჰოსპიტალიდან გამოდიოდა. მან დაუდასტურათ, რომ საპატიმროდან მოყვანილი პაციენტების მდგომარეობა ძალზე ჰგავდა მწვავე სხივურ დაავადებას, როგორც აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანებებით, ისე მეორე დღეს გამოვლენილი სიმპტომებითაც.ელისა და აზის ეჭვები მართლდებოდა: ციხის საკანში ასეთი მცირე ძალის ბირთვული აფეთქება?! ამის ტექნოლოგიები დედამიწაზე არ არსებობდა, არც იყო ამის საჭიროება, თუ ეს ტერორისტული აქტი იყო – ჩვეულებრივი პლასტიკური ბომბიც სრულიად საკმარისი იქნებოდა. თანაც, გარეგნულად იდენტური ორი ადამიანისგან დარჩენილი მხოლოდ ერთი დამწვარი ჩონჩხი...
მართლაც, დროის პარადოქსს უფრო ჰგავდა: რომ სატანაელი საკუთარ თავს შეხვდა და ამ დროს გამოყოფილმა ენერგიამ, როგორც მატერიისა და ანტიმატერიის შეხებისას, ბირთვული აფეთქების მსგავსი კვალი დატოვა. ამის პროგნოზირება და თავიდან აცილება კი შეუძლებელი იყო, რამდენადაც დედამიწის პარალელურ განზომილებაში განვითარების გამო უკვე კაცობრიობის ისტორიაც შეიცვალა, ადამიანების დაბადების დროისა და ადგილის ცვლილების, მათი ცხოვრების შეცვლის ჩათვლით. თეორიულად, უნდა დაწყებულიყო გონებისათვის მიუწვდომელი პროცესი: ბირთვული ომის შემდეგ გადაბუგული პლანეტა თავის თავს უნდა შერწყმოდა იმ განზომილებაში, სადაც ეს არ მომხდარა. ორი სამყაროს კვლავ შეერთდებისას რა ელოდათ ადამიანებს, პლანეტას მთლიანად? იგივე, რაც სატანაელს? თუ ეს ერთჯერადი მსხვერპლი აღმოჩნდებოდა საკმარისიპრომეთე–2“ ექსპედიციის მისსიის დასასრულებლად?
ამ კითხვებზე პასუხი არავის ჰქონდა. ჯერჯერობით კი გიორგი თავის სტუმართან ერთად, რომელმაც მოკვლეული ინფორმაცია იაჰვენსენს გადაუგზავნა, მშვიდად მიემართებოდა რუსთავის ჩახუთული ჰაერიდან თრიალეთის მთების სიგრილისაკენ.
ჯორჯ, პროფესიული საქმიანობის გარდა, კიდევ რა სფეროში მოღვაწეობს თქვენი მეგობარი? ისევ გარემოსდაცვითი პრობლემებითაა დაკავებული, თუ ოჯახის სიმყუდროვეს ამჯობინებს? –დაინტერესდა კოპალა.
ჯერ ელექტრონული დემოკრატიის იდეები გვაფრქვიაახლა ახალი ჰობი გაიჩინა, მწერლობას მიჰყო ხელი, მაგრამ მეამბოხე სული არ ასვენებს,–გაიღიმა გიორგიმ, – ვინც საზოგადოებრივ საქმეებში არ ერევა, ისეთ მოქალაქესიდიოტსუწოდებს და თან არ გეწყინოთო, – ანტიკურ საბერძნეთში სიტყვას ეს მნიშვნელობა ჰქონდაო.
ორიგინალური ადამიანია, რამ მოაფიქრა უპარლამენტო რესპუბლიკა? დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს თქვენში მიმდინარე პროცესებს, მაგრამ დეტალები არ ვიცი. როგორ მუშაობს ეს მოდელი?
რთული არ არის. დემოკრატიის საწყისებს მივუბრუნდით, ოღონდთანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. სასოფლო თემების, ქალაქებში კიმცირე უბნების დონეზე ხალხი ირჩევს რამდენიმე დეპუტატს, ოღონდ, მათი უკან გაწვევის მექანიზმით, დამოკლეს მახვილივით, მუდმივად აკონტროლებს თავის რჩეულებს. გადაწყვეტილებას როგორც მუნიციპალიტეტების მასშტაბით, ისე სახელმწიფო დონეზეც ეს დეპუტატები იღებენ, რისთვისაც ინტერნეტს იყენებენ: შედიან შესაბამის საიტზე და ხმას იმ კანონპროექტს აძლევენ, რომლის ავკარგიანობის გარკვევაშიც თავს კომპეტენტურად თვლიან.
რა გამოდის, რომ თქვენ პარლამენტიც და მუნიციპალური საბჭოებიც ვირტუალური გაქვთ? ინტერნეტრესპუბლიკა ყოფილა,–მახვილგონივრულად შენიშნა კოპალამ.
ჩვენს დროში, როცა ტექნიკამ კომუნიკაცია ასე გაამარტივა, რა საჭიროა ხალხის რჩეულების ერთად თავშეყრა და ამ ორგანოების შენახვაზე ხარჯის გაწევა? ოღონდ, ხმები ადრინდელისგან განსხვავებულად ითვლებათითოეული დეპუტატის ხმა გადაწყვეტილების მიღებისას მისი ამომრჩევლების რაოდენობას, ან მის ნაწილს უდრის.
უკაცრავად, კარგად ვერ გავიგე...–ჩემს ქალაქში 9000–მდე მოქალაქეა, ამიტომ 9 დეპუტატის ყოლა გადავწყვიტეთ. თუ საიტზე კანონპროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის შემდეგ, მითითებული ვადის ამოწურვამდე, ყველამ მოვინდომეთ კენჭისყრაში მონაწილეობა, თითოეულის ხმა 1000– უდრის, ხოლო იმ სოფლის წარმომადგენლის ხმა, სადაც, ვთქვათ, 200 კაცი ცხოვრობსამდენივეს. მაგრამ თუ სხვებმა თავი შეიკავეს და მხოლოდ მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, მაშინ 9000 ხმის ძალა აქვს ჩემს დაწკაპუნებასმომწონსანარ მომწონსღილაკზე, თუ ორმა–4500... ამას კომპიუტერული პროგრამა ადვილად ართმევს თავს.
აღმასრულებელი ხელისუფლების პირებს ასევე ირჩევთ?
რა პრობლემაა? თავიდან იყო კანდიდატურების ცვენა, თორემ რამდენიმე რომ გადავირჩიეთ, თანძალიან მარტივი პროცედურებით, ახლა ქალაქის მერობის ან მუნიციპალიტეტის მენეჯერობის მსურველები აქეთ გაგვიხდა საძებნელი. პრემიერმინისტრად კი, ცხადია, ვერ გავა კანდიდატი, თუ მას პარტია არ უჭერს მხარს და ქვეყნის მასშტაბით არ ეხმარება საკუთარი პროგრამის ხალხისთვის ახსნაში. მისი ვადამდე გადარჩევა კი ტექნიკურად უფრო რთულია. პარტიების ან მოქალაქეთა არაპოლიტიკური გაერთიანებების საქმეა კანონპროექტების მომზადებაც, თუმცა, აღმასრულებელი ხელისუფლებაც აქტიურობს ამ მხრივ, რომ საკუთარი პროგრამის განხორციელებისათვის საკანონმდებლო ბაზა შეიქმნას. პირველ პირებს თავიანთი კაბინეტების დაკომპლექტების სრული თავისუფლება აქვთროცა უნდა, მაშინ შეცვლის მერისამსახურის უფროსს, ან პრემიერიმინისტრს.
როგორც ვხვდები, თქვენც არ მიეკუთვნებითიდიოტებისკატეგორიას და დეპუტატად აურჩევიხართ,–ხუმრობის ხასიათზე დადგა სტუმარი,–ხელფასი რამდენი გაქვთ?
რა ხელფასი? მაუსის ღილაკზე დაწკაპუნებისათვის რა უნდა გადამიხადოს ხალხმა? – გაიოცა გიორგიმ,– ჩვენთან ეგ დრო მოკვდა, როცა უსაქმურობისთვის ბიუჯეტიდან ფულს იჯიბავდნენ!
აბა, თქვენთვის გაუსროლიაავრორას“!–გაიცინა კოპალამ.
არა, „ავრორაარაფერ შუაშია, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისა და სოციალური პროგრამების საკითხები ჯერაც დიდი კამათის საგანია. ხან მემარჯვენეებისკენ იხრება სასწორი, ხანმემარცხენეებისკენ, ცხოვრება კი ასე, კუს ნაბიჯებით, წინ მიდის... გვეყო ტანჯვა, სისხლი და რევოლუციები!
კოპალამ აღარაფერი ჰკითხა იმაზე, თუ როგორ მიაღწია ხალხმა ასეთი პოლიტიკური სისტემის შემოღებას, მასპინძელს გუნება აღარ წაუხდინა: მსოფლიო მედია რამდენიმე წლის განმავლობაში ინტენსიურად აშუქებდა პატარა ქვეყანაში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს.
* * *
ახალი ერშალაიმის მიწისქვეშა ბუნკერების მცხოვრებნი გუგუნმა გამოაღვიძა. აქ დიდი ხანია, შეთანხმდნენრომ ძილღვიძილის რეჟიმი დედამიწის ბრუნვის პერიოდის შესაბამისად დაერეგულირებინათ, მიუხედავად იმისა, რომ მზეს მხოლოდ მიწისზედა თაღებში გარემოზე დასაკვირვებლად ასული მორიგე პერსონალი ხედავდა. ახლა მიწისზემოთ, სადაც მტვრის ღრუბლები უკვე დალექილიყვნენ და ბირთვული ომის შემდგომი გამყინვარების პერიოდის დასასრული იწყებოდა, მზე უკვე ჰორიზონტიდან ამოგორებას იწყებდა და თითქოს არც არაფერი მოასწავებდა რაიმე კატაკლიზმებს. მიწისქვეშა ბუნკერებში კი გუგუნი თანდათან რკინაბეტონისა და ტყვიის სქელი კედლების ღრჭიალში გადაიზარდა და პანიკამოცული ხალხი მიხვდა, რომ მათ თავშესაფარს მიწის ქანების ზეწოლა ჩაჭყლეტვით ემუქრებოდა.
ყველამ ჩაიცვით სკაფანდრები, ზემოთ, ზემოთ ადით!–გაისმა დინამიკებში.კიბეები ნაჩქარევად ჩაცმულ ადამიანთა ნაკადებს ძლივს იტევდა. ყველანი ზემოთ ავიდნენ და სქელი, ტყვიანარევი მინებიდან, რომლებიც ასევე შემზარავად აჭრიალდნენ ლითონის ბუდეებში, გასცქეროდნენ შავ ცას, რომელსაც ერთი მხრიდან შეჰპარვოდა ჭუჭყისა და ცეცხლის ფერთა ნაზავი რიჟრაჟი.
მინები ვეღარ უძლებს, ჩამოცვივდებიან, გარეთ გავიდეთ!
დაიძახეს სხვადასხვა მხრიდან.ლუკები გაიღო და მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩქარობდა, მაინც ცდილობდნენ, წესრიგი დაეცვათ და ზედახორა არ შეექმნათ გასასვლელებში.გარეთ, რადიოაქტიური ნარჩენებით გაჯერებულ ველებზე გამოფენილებსსაზარელმა ჭახუნმა წამიერად გონება დაუბნელათბევრი ჩაიკეცასანამ სხვები გონს მოვიდნენ და გულწასულების მოსულიერება სცადეს, მიწა შეირყაერთბაშად ჩანთქა ახალი ერშალაიმის გუმბათები და გაიყურსა.ასორმოცდაათ ათასამდე გაოგნებული ადამიანი ქვიშას იფერთხავდა, წაქცეულებს აყენებდა დაპლანეტის უკიდეგანო ველების წინაშე შიშის გამოინსტინქტურად ჯგუფდებოდა. სკაფანდრები გადამცემებით იყო აღჭურვილი, სანამ მათ ბატარეებში არსებული ენერგიის მარაგი არ ამოიწურებოდა, ერთმანეთთან საუბარი შეეძლოთ, მაგრამ ხმას არავინ იღებდა, დაზაფრულები მომხდარის გაანალიზებას ჯერ არც ცდილობდნენ, კვლავ რაიმე საშინელების მოლოდინში იყვნენ.ყურსასმენებში ვიღაცის ხმა გაისმა:
ჩემი დოზიმეტრი, როგორც ჩანს გაფუჭდა, თქვენსაზე რადიაციის რა მაჩვენებელია? ყველა ერთბაშად დაფაცურდა, დოზიმეტრებს დახედეს და ყურსასმენებში გნიასი ატყდა: რადიაციის დონე, ხელსაწყოების მიხედვით, მიზერული იყო.როცა მიჩუმდნენ, დანიელის ყვირილის ხმა გაისმა:
–„პრომეთემგაიმარჯვა, სუფთა დედამიწა დაგვიბრუნა! ხალხი მაინც ეჭვიანად იდგა და არ იძვროდა.–ვერ ხვდებით, რა მოხდა?! –დანი ქვიშის გორაკზე აძვრა, სკაფანდრი გაიხადა, ძირს დააგდო და ხელაბგაშლილმა დაიძახა:
სალამიგადარჩენილო დედამიწავ!

ირიჟრაჟა და შორს, ქვიშის უდაბნოს ჰორიზონტთან, თითქოს ქალაქის ოთხკუთხა კორპუსების კონტურები გამოკრთა. ჯერ არავინ იცოდა, რა იყო ესპარალელურ სამყაროში მცხოვრებ დედამიწელთა საცხოვრისი თუ მირაჟი, მაგრამ საერთო აღტკინებამ მოიცვა ყველა, ერთმანეთს თვალცრემლიანები ეხვეოდნენ და ულოცავდნენ.

-----------------------------------------------------------------------

 * -სალამი! ექიმი აბულაძე არ ხართ? –დიახ. –გახსოვართ? „ბრძოლა ტყეებისათვის“, რამდენიმე წლის წინ... -რა თქმა უნდა! ბატონი რემ იელი, გერმანიიდან!

**–ჩვენ აუცილებლად უნდა ერთად ვნახოთ თქვენი დახმარებით გადარჩენილი ტყეები!–რა თქმა უნდა, მოგვიანებით!