16 August, 2013

წარსულის გაკვეთილები – სამომავლოდ

გაზეთი "ქრონიკა+" #17, 13.08.2013
2008  წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების მეხუთე წლისთავზე ქართულმა საზოგადოებამ იხილა მათი მთავარი მოქმედი პირების – დიმიტრი მედვედევისა და მიხეილ სააკაშვილის ტელემონოლოგები, სადაც ორივე საკუთარ სიმართლეს ამტკიცებდა და ცხინვალში საბრძოლო მოქმედებების დაწყებას მოწინააღმდეგეს აბრალებდა. საქმე ისე წარმოგვიჩინეს, რომ მათ თავიანთი ქვეყნების წინა ხელისუფლებებისგან მხოლოდ „მძიმე მემკვიდრეობა ერგოთ“,  მაგრამ დაავიწყდათ, რომ უახლესი ისტორია სახელმძღვანელოებიდან არ გვისწავლია და ჩვენი თაობის ცოცხალ მეხსიერებაში მკაფიოდ არის აღბეჭდილი რუსეთ–საქართველოს ომის ყველა ეპიზოდი, რომელიც არა ხუთი წლის წინ, არამედ 1988–89 წლებში დაიწყო.
ჯერ კიდევ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, როცა  ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა ასპარეზზე გამოვიდა და აშკარა გახდა საბჭოთა კავშირის რღვევის გარდაუვალობა, მეტროპოლიამ ყველა ღონე იხმარა, რომ ცენტრიდანული მისწრაფებების მქონე რესპუბლიკებში ეთნოკონფლიქტების გამოწვევით, მათზე ზეგავლენის მძლავრი ბერკეტები მოეპოვებინა და ნეოკოლონიალიზმის პოლიტიკა წარმატებით განეხორციელებინა. ომი არ დაწყებულა შეიარაღებული ძალების დაპირისპირებით, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დამოუკიდებლობის მოსურნე ქვეყნებს საკუთარი ჯარები არ გააჩნდათ. რუსეთ–საქართველოს ომის უხილავი ფრონტი მაშინ გადიოდა საბჭოთა КГБ-ს აგენტურის მოქმედებებთან საღად მოაზროვნე საზოგადოების დაპირისპირებაში და, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს პირველი ბრძოლები ქართველებმა პირწმინდად წავაგეთ, რამდენადაც ვერ მოვახერხეთ მათი ვერაგი მოქმედებების გონივრული გააზრება, საზოგადოებრივი კონსენსუსისა და ქვეყანაში მცხოვრებ სხვა ეთნოსებთან თანხმობის მიღწევა. იმ პერიოდისთვის, როცა დაიწყო საქართველოს აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე, რუსულმა სპეცსამსახურებმა ქვეყანაში უკვე მოახერხეს არა მხოლოდ რამდენიმე ეთნოკონფლიქტის კერის, არამედ სამოქალაქო ომისა და, მისი მეშვეობით, კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობის ინსპირირებაც.
რუსული სპეცსამსახურების მიერ ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გაშლილი ფარული ომის პირველი აშკარა გამოხატულება იყო მშვიდობიანი მიტინგის დარბევა საბჭოთა სპეცრაზმების მიერ 1989 წლის 9 აპრილს, რაც შეგვიძლია მივიჩნიოთ რუსეთ–საქართველოს ომის დაწყების თარიღად, ხოლო ეთნიკური მტრობის ნიადაგზე გაღვივებული  სისხლიანი კონფლიქტები აფხაზებთან, ოსებთან და სხვა ეთნოსებთან, სიგუა–კიტოვანის სამხედრო პუტჩი, სამეგრელოს დარბევა იოსელიანის ბანდფორმირებების მიერ, აბაშიძის ანკლავის გაჩენა აჭარაში და უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში მომხდარი სხვა, ანალოგიური ფაქტები, ამ ომის ცალკეულ, განსხვავებული ფორმებით გამოვლინებებს წარმოადგენენ.
სამწუხაროა, რომ ქართული საზოგადოება არ ცდილობს, გაიაზროს საკუთარი შეცდომები, რომლებიც იქნა დაშვებული უახლეს ისტორიაში, აგრძელებს აზროვნებას იგივე შტამპებით და საუბრობს ისეთივე რიტორიკით, როგორც 20–25 წლის წინ, რაც საშუალებას აძლევს მოწინააღმდეგეს, ქვეყნის დასუსტებისა და მისი მთლიანობის რღვევის მიზნით  კვლავ გამოიყენოს აპრობირებული მეთოდები, უკვე სხვა საზოგადოებრივ სეგმენტებსა და კუთხეებში. ახალი ურთიერთობები, და ამას ვერ გავექცევით, - ეს იქნება რუსეთთან თუ ოსებთან და აფხაზებთან - იწყება სიმართლით... რამეთუ ნათელზე ნათელია, რომ ისტორიის ხელახლა დაწერით წარსულს მაინც ვერ შეცვლით!“–წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე. ამასთან დაკავშირებით მეხსიერებიდან ბევრი ისეთი რამ ამოტივტივდება–ხოლმე, რაზეც არათუ არ ვწერთ, საუბარსაც კი ვერიდებით. არადა, ტაბუს დადებით წარსულიდან სამარცხვინო ლაქების  ამოშლა შეუძლებელია.
გასული საუკუნის 80–90–იან წლებში რუსულმა სპეცსამსახურებმა ოსტატურად გამოიყენეს ქართული საზოგადოების მიჩქმალული, მაგრამ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ძარღვებში ღრმად გამჯდარი მერკანტილიზმი, რომლის არდანახვა შეუძლებელია თბილისსა და სხვა რაიონებში მცხოვრები ოსების საკუთარი სახლებიდან გაყრაში, აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას მაროდიორობის მასშტაბებში, ხოლო სამეგრელოში, ე.წ. ზვიადისტების დევნისას, ამ ავხორცული სიხარბის მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: ჩემი ერთ–ერთი ნაცნობის მამა საკუთარ ჭიშკართან მიახვრიტეს მისი „ჟიგულის“ წაყვანის მსურველმა, ფორმიანმა ყაჩაღებმა.  ქართველობა სირაქლემას პოზაში ყოფნას ირჩევს და არ აღიარებს, რომ ცხინვალის რეგიონში КГБ-ს მიერ მართული ბანდიტების მიერ ჩადენილი როგორც ქართული, ისე ოსური ოჯახების დაწიოკებისა და შემზარავი მკვლელობების ამბებს მორჩილად ყლაპავდა, როგორც „სეპარატიზმის გამოვლინებებს“, თვალს ხუჭავდა ექს–პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეთა მიტინგების თბილისის ქუჩებში ავტომატებით დაცხრილვაზე იმ იმედით, რომ „ედუარდი დიდი პოლიტიკოსია და კარგ ცხოვრებას მოგვიტანს“,  კიტოვანის რაზმების აფხაზეთში შეჭრას ამართლებდა „არძინბას მიერ ქართველების მოსალოდნელი დახოცვა–გამოყრის“ მითით, ხოლო ასლან აბაშიძის მეფუკობა აჭარაში მოსწონდა იქ ჩამოყალიბებური კლანური წესრიგის გამო...
კიდევ ბევრ სხვა საკუთარ მანკიერებაზე ხუჭავს თვალს ქართველობა და თავს ძალად იბრიყვებს. რა თქმა უნდა, ძნელია იმის აღიარება, რომ ზნეობრივად დამპალი ხარ: ქეიფობ რესტორანში იმ დროს, როცა პატრიოტული ლოზუნგებით საომრად გაგზავნილ პირტიტველა ბიჭებს ხოცავდნენ სოხუმში, როცა შენგან გაყვლეფილი ოჯახის შვილს, რომლის მშობელს ოპერაციის ფული არა აქვს და სიმსივნით კვდება, ტყვედ იგდებენ და სასტიკად აწამებენ ცხივალში, შენ კი „ჯიპში“  ტენი ოქროულობას და ქვეყნიდან მიარბენინებ ოჯახს. უფრო ადვილია ტელეკამერების წინ „ელიტარობით“ მოიწონო თავი და ყველაფერში „აფხაზი და ოსი სეპარატისტები“ დაადანაშაულო, ან დიდი რუსეთი, რომელმაც, თუ მოახერხა და საკუთარი მარიონეტები თავზე დაგვასვა, ისევე შეამკობ დითირამბებით და ძირს გაუწვები, ოღონდ ბიზნესი არ წაგართვან, როგორც მანამდე ამბობდი „ნიკოფსიიდან დარუბანდამდის“ სადღეგრძელოებს.
დიდ სახელმწიფოებს, რა თქმა უნდა, თავისი ინტერესები აქვთ და ეს დანაშაულად მხოლოდ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აქვს წარმოდგენილი, რათა ანტირუსული ისტერია გააღრმავოს. ამას დიდი სახელმწიფოები არც მალავენ,“– თქვა შარშან ნინო ბურჯანაძემ. მართლაც, რუსეთს არ დაუმალავს ახალი სამხედრო ბაზების განთავსება სოხუმისა და ცხინვალის რეგიონში, მაგრამ ეს შეფუთა „მცირე ხალხების“ სახელმწოფოებრივი დამოუკიდებლობის ცნობით და მათთან ხელშეკრულებების გაფორმებით. მართალია, ამ კვაზისახელმწიფოებრივი წარმონაქმნების  საერთაშორისო აღიარების მცდელობა შემდგომში ჩაუვარდათ, მაგრამ, „მადა ჭამაში მოდისო“, ნათქვამია, და „ევრაზიული კავშირის“ შემნის იდეით შეპყრობილი რუსი პოლიტიკოსები ახლა უკვე ულტიმატუმებს უყენებენ ამიერკავკასიის ქვეყნების მთავრობებს.  ან დაემორჩილება საქართველო ბირთვული იარაღის არსენალების მფლობელ დიდ მეზობელს, ან – დაიშლება და დაქუცმაცდება, – ეს იყო მედვედევის ინტერვიუს  ქვეტექსტი. აგრესიის მიმართ რეზისტენტობაზე რუსეთმა ქართველობას წელსაც ჩაუტარა გამოცდები: ჯერ იხილა ოციოდე ლგბტ–აქტივისტის მიერ  ე.წ. „ფლეშ–მობის“ ჩატარებაზე ეკლესიის მრევლის რეაქცია, როცა ათიათასობით ადამიანი გავეშებული დასდევდა „სოდომიტებს“ და, ათიოდე დღეში, ქართულ სოფლებზე გადაატარა მავთულხლართები, რაზეც „ეროვნულობისა და ზნეობის“ დამცველმა ათასებმა სამზარეულოებში მიმალვა ამჯობინეს. საზოგადოების „თეოკრატებად“ და „ლიბერალებად“ გახლეჩვისა და დაპირისპირების გამოწვევის საშიშ ტენდენციაზე თვალის დახუჭვა,  დაავადების პირველი სიმპტომების მიმართ უყურადღებობით, მისი გაძლიერების ხელშეწყობის ტოლფასია.
ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით თავის მომწონებელი ქართველობა ტურისტებთან ტრაბახობს თბილისის ცენტრში ქრისტიანული ტაძრების, სინაგოგისა და მეჩეთის სიახლოვით, და ხმაგაკმენდილია, როცა სოფლებში მართლმადიდებელი ქართველები მუსლიმან ქართველებს ლოცვას უკრძალავენ. ქვეყნის კონსტიტუცია და საერთაშორისო პაქტები აქ ხომ მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა კანონები ელიტის ინტერესებზეა მოსარგები. ნიგვზიანში, წინწყაროსა და  სამთაწყაროში მომხდარი ფაქტები ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის რელიგიური შუღლის გამოწვევის მოსინჯვაა და იმითაა საშიში, რომ ჩვენი სახელმწიფოს დანაწევრების მზაკვრულ გეგმაში შეუძლია ძირძველი კუთხის – აჭარის მოგლეჯის წინაპირობა შექმნას, რომელსაც დღეს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი აქვს. ქართველობა, ამ პრობლემისადმი წაყრუებით და ანტითურქული განწყობებით, რასაც გარკვეული სოციალური საფუძვლები გააჩნია, მტრული სპეცსამსახურების წისქვილზე ასხამს წყალს.  საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს აფხაზებთან და ოსებთან მიმართებაში დაშვებული შეცდომები და დროულად ამხილოს ქართველ მუსლიმებთან მშვიდობიან თანაცხოვრებაში ხელის შეშლის მსურველი პროვოკატორები.
მუსლიმი ქართველების მიმართ არატოლერანტულობასა და აგრესიულ ქმედებებს შესაძლოა მოჰყვეს ეთნოსებს შორის დაძაბულობის მიმცხრალი კერის ხელახალი გაღვივება ქვემო ქართლში, რომელიც უპირატესად მაჰმადიანი აზერბაიჯანელებითაა დასახლებული. ჩვენ გავხსოვს მარნეულში მწვანე დროშების გამოჩენა და „ბორჩალოს ავტონომიის“ მოთხოვნა 1989 წელს. ამის გამეორების ხელისშემშლელი ფაქტორი ამ ეტაპზე აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობაა, გამოხატული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გავლით ენერგომატარებლების ტრანზიტში. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ეთნოუმცირესობა ძალზე სუსტადაა ინტეგრირებული ჩვენს საერთო–სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში,  მისი ინტელიგენციის თვითრეალიზაციის არეალი, როგორც წესი, მეზობელი სახელმწიფოა, საკმარისია მთავრობებს შორის „შავმა კატამ“ გაირბინოს, რომ ეს ზღუდე მოიხსნება და მოსახლეობა პროვოკაციების მეშვეობით ადვილად მანიპულირებადი გახდება.
ქვემო ქართლის გარდა, საქართველოს სამხრეთში კიდევ ერთი, თითქმის მონოეთნიკური რეგიონია, ჯავახეთის სახით, სადაც ბოლო 25 წლის განმავლობაში პერიოდულად გაისმის სეპარატისტული ლოზუნგები, რომელსაც უნისონში აჰყვება ხოლმე არმენოფობიური განწყობები თბილისში. ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობას არ დაემუქრება საკუთარი საცხოვრისებიდან გაყრა, თუნდაც მთავრობაში ულტრანაციონალისტები მოვიდნენ და „საქართველო ქართველებისთვისო“,– იძახონ, იმ მარტივი მიზეზით, რომ ჯავახეთის ზეგანის მკაცრი კლიმატური პირობების გამო იქ დასახლების მსურველი ქართველი არ მოიძებნება, რა შეღავათებსაც არ უნდა დაჰპირდნენ. თუ სახელმწიფომ ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებისათვის სპეციალური რეგიონული პროექტები გააგრძელა, „ჯავახკის“ მსგავს ავტონომისტებს სოციალური დასაყრდენი ფეხქვეშ გამოეცლებათ. თუმცა, არაა გამორიცხული ანტისომხური კამპანიის ფართოდ გაშლის მსურველები თბილისში აღმოჩნდნენ, რომ ქალაქის ცენტრად ქცეულ ავლაბარსა და ისანში მცხოვრებ ამ უმცირესობას საფრთხის შეგრძნება გაუჩინონ და გააქციონ, მათი ქონება კი ხელში იაფად ჩაიგდონ. ამდენად, ე.წ. „სომხური საკითხის“ გამწვავების რისკის ფესვები არა იმდენად სომხეთში, ან ახალქალაქის სეპარატისტულ განწყობებში უნდა ვეძებოთ, არამედ უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ ჯავახეთის მოსახლეობის ნაციონალისტური ლოზუნგებით ზომბირების საშიშროებაში და ცალკეული ქართველების ქვენაგრძნობებში, რომელთათვისაც ჯიბე სამშობლოზე ძვირფასია.

თუ საქართველოს მთავრობა გაუძალიანდა საგარეო–პოლიტიკური ვექტორის ცვლილების თაობაზე რუსეთის მოსალოდნელ ულტიმატუმს, დიდი ალბათობით, ჩრდილოელი ერთმორწმუნე ძმა, ამ სიჯიუტის გამო, ქართველთა დასჯას ჩამოთვლილი ნაღმებიდან რომელიმეს აფეთქებით შეეცდება. იმედია, ჩვენი საზოგადოება აღარ გაიმეორებს წარსულის შეცდომებს და უფრო შორსმჭვრეტელურად გაიაზრებს სიძულვილის ენის გამოყენებით დაწყებული ნებისმიერი კამპანიის რეალურ მიზნებს.

3 comments:

  1. "საქართველოში ეროვნული დაპირისპირების სუნი დგას"
    15:39 19.08.2013
    ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, საქართველოში ეროვნული დაპირისპირების ფონი არსებობს.

    ამის შესახებ არეშიძემ "პრაიტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას აღნიშნა.

    "ბევრი რამ საქართველოში ხელოვნურად ხდება, ვფიქრობ, ხელოვნურად მოხდა პანკისის ხეობაშიც სიტუაციის დაძაბვა. მინდა, ვირწმუნო, რომ ეს კონფლიქტი იყო საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი. თუმცა, შეიძლება, ამან საფუძველი რელიგიურ კონფლიქტსაც ჩაუყაროს. საქართველოში ეროვნული დაპირისპირების სუნი დგას. მინდა, გავახსენო ყველას, რომ ჩვენ წაგვიგია ასეთი ბრძოლები და შესაძლოა, კიდევ ერთხელ დავმარცხდეთ, ამიტომ, საჭიროა, არა ძალისმიერი მეთოდებით მოქმედება, არამედ, გამოცდილი ხალხის მიერ პრობლემის მოგვარება", - განაცხადა არეშიძემ.

    ReplyDelete
  2. ვინ აღვივებს ეთნიკურ კონფლიქტს წალკაში?
    გამოქვეყნებულია:ხუთშაბათი, 22 აგვისტო 2013 11:11
    ავტორი CCI
    http://cci.ge/index.php/sazogadoeba/1386-2013-08-22-11-11-03

    ReplyDelete
  3. 26.08.2013 ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სოფელ ჭელის მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. მინარეთის უკანონოდ დადგმისთვის კი ადგილობრივ მუსლიმებს 200-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ
    http://sknews.ge/index.php?newsid=2088#.UhtDAJIwdqV

    ReplyDelete