28 July, 2013

ივანიშვილის ჩანაფიქრი: რეალობა თუ ოცნება?


გაზეთი"ქრონიკა+"#14,23.07.2013
ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლიდან ათი თვის განმავლობაში მისი მთავრობის მოღვაწეობაზე დაკვირვებით ძნელია, ზუსტად განისაზღვროს, თუ როგორი  ტიპის ქვეყნის აშენებისკენ მიჰყავს მას საქართველო, რამდენადაც ამორფულია მისი პარტიის იდეოლოგიური ბაზისი და ძალზე  ჭრელია თავად კოალიცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობაც, რომელშიც უპრობლემოდ „პორტირდებიან“ პოლიტიკაში და სკამებზე დარჩენის მსურველები „ნაციონალური მოძრაობიდან“. მიუხედავად ამისა, უკვე შეიძლება მისი მართვის სტილის გარკვეული ანალიზის გაკეთება პრინციპით „ხე ნაყოფით იცნობა“, პრემიერის კონცეპტუალური ხედვის ზოგიერთი მნიშვნელოვანი ელემენტის ამოსაცნობად.

პოლიტიკაში მოსვლიდან დღემდე ივანიშვილი ერიდება საკუთარი მსოფლმხედველობის აფიშირებას, ძალზე იშვიათად და ფრაგმენტულად თუ უხსენებია, რომ არის ლიბერალი და მართლმადიდებლური სარწმუნოებისაა. ორივე ეს ცნება ჩვენს დღევანდელობაში იმდენად ზოგადია და ფართო დიაპაზონის შეხედულებებს შეიძლება მოიცავდეს, რომ რთულია, კონკრეტულად განისაზღვროს ძირითადი ვექტორი, რომელსაც ის ხედავს ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გზისათვის. საზოგადოებაში კითხვების გაჩენის საპროფილაქტიკოდ პრემიერი იშველიებს იმას, რომ არის ბიზნესმენი, არ არის გათვითცნობიერებული პოლიტიკური იდეოლოგიების თეორიაში და მხოლოდ დროებით, კონკრეტული ფუნქციით არის შემოსული ამ სფეროში, რასაც ავტორიტარული რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლება ჰქვია. იმედი მაქვს, მისთვის საწყენი არ იქნება  ეჭვი, რომ ასეთ ნიჭიერ ადამიანს არ შეიძლება არ ჰქონდეს მწყობრი და ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობა და საკუთარი ხედვა სამშობლოს მომავალზე, რომელსაც, პრაგმატული მოსაზრებით, არ გვიზიარებს.
ივანიშვილის მართვის სტილის კონტურები პოლიტიკაში გაკეთებული მისი პირველივე ნაბიჯებიდან გამოჩნდა. ის ცდილობდა, თავის გარშემო შემოეკრიბა პრინციპული ადამიანები, რომლებიც შეხედულებებს არ იცვლიან კონიუნქტურის გამო, მაგრამ თავად ამ შეხედულებათა სპექტრი ყოფილიყო ძალზე მრავალფეროვანი, ისეთივე, როგორიც არის დღეს ქართული საზოგადოება. „ქართული ოცნების“ თემატურ ჯგუფებში შეკრებილ ენთუზიასტებს, რომელთა ნააზრევსაც შემდგომში დიდწილად დაეყრდნო კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა სამომავლო დაპირებების კუთხით, მცირეოდენი შანსიც კი არ ჰქონდათ, გამოეცნოთ ლიდერის თვალსაზრისი ამა თუ იმ საკითხზე და შეეძლოთ მხოლოდ საკუთარი მოსაზრებების ჭიდილში დაეწერათ კონცეფციები ცალკეული დარგობრივი მიმართულებების მიხედვით, სრული თავისუფლების პირობებში. ივანიშვილმა ამით თითქოს უთხრა არსებული რეჟიმით უკმაყოფილო საზოგადოებას: „თავად განსაზღვრეთ, როგორ ქვეყანაში გსურთ ცხოვრება, მე ამაში არ ჩავერევიო“. ის გამოვიდა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ხალხის მაკონსოლიდირებელი ლიდერის როლში, წინასაარჩევნო მესიჯების შეფასებაც კი არ დაუწყია მათი იდეალისტურობა–რეალისტურობის თვალსაზრისით, თუმცა, უეჭველია, მათზე საკუთარი მოსაზრებები ექნებოდა, რომელთა გამჟღავნებასაც ერიდებოდა.
ლიდერის ამგვარი „გაბუნდოვანებული“ დამოკიდებულება იმ ეტაპზე საკმაოდ პრაგმატული იყო, რამდენადაც, მაშინდელ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული საზოგადოებრივი ჯგუფების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ივანიშვილის მიერ საკუთარი იდეოლოგიური ხედვის დაფიქსირებისთანავე რომელიმე სეგმენტის მხარდაჭერა აუცილებლად იქნებოდა დაკარგული. ამით ის სააკაშვილის ანტიპოდი იყო, რომელიც მხოლოდ საკუთარი შეხედულებების ჭეშმარიტებას აღიარებდა და არათუ არ უგდებდა ყურს იმას, თუ რა განწყობები იყო ხალხში ამა თუ იმ საკითხის მიმართ, არამედ დიდად არ იწუხებდა თავს საკუთარი გადაწყვეტილებებისა თუ მთავრობის დარგობრივი პოლიტიკების  ახსნით, მხოლოდ ტელეპროპაგანდით იფარგლებოდა.
"ნაციონალური მოძრაობის" ყველაზე დიდი შეცდომა იყო ხალხთან საუბრის უუნარობა („საჯარო შეხვედრების“ PR-სპექტაკლები ანგარიშში ჩასათვლელი არ არის). არადა, სახელმწიფო მართვაში აქსიომა უნდა იყოს, რომ რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე მოსახლეობაში ფართო საინფორმაციო კამპანია უნდა გაშალო, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა ჩართო და არ უნდა გარიყო, მით უფრო, მტრად არ უნდა გამოაცხადო შენი ოპონენტი რომელიმე საზოგადოებრივი ჯგუფი, თუ გსურს, რომ ნაბიჯ–ნაბიჯ არ დაკარგო სხვადასხვა სეგმენტის მხარდაჭერა და ხელისუფლებაში ხანგრძლივად დარჩე.
სააკაშვილი იქცეოდა როგორც კარგი და კრეატიული მენეჯერი, რაც ბიზნესისათვის მშვენიერია, მაგრამ ბიზნესში საქმიანობა სხვაა და სახელმწიფოს მართვა სხვა, აქ თუ ნარცისიზმი შეგეპარა და შენი მიზნები, ამოცანები ხალხს არ განუმარტე, არ დაარწმუნე საკუთარი ხედვის სისწორეში და თითოეულ საკითხზე მაქსიმალური მხარდაჭერა არ მიიღე, დემოკრატიდან ბოლშევიკად მალევე გადაიქცევი, რომელიც მოქმედებს პრინციპით "Лес рубят-щепки летят" (სადაც ხე იჭრება, იქ ნაფოტი ცვივაო...). ასე მოხდა კიდეც „ნაციონალური მოძრაობის“ ზეობის ცხრა წლის განმავლობაში. იგივე საფრთხე ემუქრება ნებისმიერ ხელისუფალს, რა გარემოში და სახელმწიფო წყობაშიც არ უნდა უწევდეს მას მოღვაწეობა, მათ შორის ახლანდელ ხელისუფლებასაც.
ობიექტურობისათვის უნდა ითქვას, რომ მთავრობა დღეს პრემიერისგან იღებს მაგალითს და ცდილობს, ჟურნალისტებთან, არასამთავრობო სექტორთან იყოს მაქსიმალურად გახსნილი. ზოგ მინისტრს ეს უკეთ გამოსდის, ზოგს – ნაკლებად, მაგრამ ამ კუთხით ხალხი მაინც უკმაყოფილოა და მეტი დიალოგის, კრიტიკისადმი საჯარო პირების მეტი ამტანობის მოთხოვნილება აქვს. საოცარია, მაგრამ არჩევნების შემდეგ პარლამენტის დეპუტაცია საერთოდ „დაეკარგა“ მისსავე ამომრჩეველს. ამ „წესს“ ცალკეული გამონაკლისების არსებობა ადასტურებს და მათ შორის კომუნიკაბელობის თვალსაზრისით თინათინ ხიდაშელი ლიდერობს, რომელიც ამისათვის სოციალურ ქსელებს წარმატებით იყენებს პირადად, და არა „მდივნის“ თუ „პიარშიკის“ მეშვეობით, ისევე აგრძელებს უცნობ–ნაცნობ „ფეისბუქ–მეგობრებთან“ მიმოწერას თუ დისკუსიებს, როგორც მაშინ, როცა ოპოზიციაში იყო, ჭორ–მართლის ნაზავით „რესპუბლიკელების“ მიმართ აგორებულ კამპანიას არ უშინდება და საკუთარი „ვოლლიდან“ ღვარძლიან კომენტარებსაც კი  არ შლის.
ბიძინა ივანიშვილმა არც გაპრემიერების შემდეგ შეცვალა საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში პირადი ჩარევის მინიმალურობის დაცვის პრინციპი, მიუხედავად იმისა, რომ საამისოდ უამრავი სახელისუფლებო ბერკეტი  შეიძინა, საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების ამ მიზნით გამოუყენებლობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. აქამდე ერთი, მმართველი პარტიის იდეოლოგიურ–პოლიციური წნეხის ქვეშ მყოფ საზოგადოებას მან მაქსიმალური თავისუფლება მისცა და მწვავე კონფლიქტების დროსაც კი მხოლოდ მსხვერპლის არიდების ტაქტიკას მიმართავს, რაც 17 მაისის მოვლენებში მკაფიოდ გამოჩნდა. ივანიშვილი ლამის ანარქიის ზღვარზე პროცესების მიშვებამდე ბალანსირებს, რაც აჩვენებს, რომ ის საზოგადოებას „თავისუფალი ბაზრის თვითრეგულირების“ ეკონომიკური მოდელის მსგავსი ხედვით უდგება და თვლის, რომ არსებულ პრობლემებსა და წინააღმდეგობებს მიჩქმალვა–დაწნეხვა კი არა, გაშიშვლება და ზედაპირზე ამოტანა უნდა, აზრთა ჭიდილი და დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის ბრძოლა არის ის გზა, რომელიც მჩქეფარე საზოგადოებრივ ცხოვრებას თავისთავად დაადუღებს და დაწმენდს.
თუ ეს თეზა სიმართლესთან ახლოსაა, მაშინ გასაგები ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან არა ფორმალურად, არამედ რეალურად უმოკლეს ვადაში წასვლის სურვილი ნაკარნახევია არა მხოლოდ მისთვის ამ სფეროში მოღვაწეობისას ცხოვრების სტილის შეცვლის დისკომფორტულობით, არამედ მსოფლმხედველობრივი პრინციპითაც: სანამ ის პოლიტიკაში რჩება, საზოგადოებრივი ცხოვრების პროცესების სრულად განთავისუფლება შეუძლებელია სწორედ მისი ფიგურის არაადექვატური მძიმეწონიანობის გამო, რაც თავისთავად ახშობს პოლიტიკურ ბაზარზე თავისუფალ კონკურენციას და ამ სფეროში სხვა მოღვაწეებს კვლავ ბელადის ორბიტაზე მოტრიალე ნაწილაკებად აქცევს, ისევე როგორც საეჭვოს ხდის მისი საპირწონე ოპოზიციური ძალების რეალურად ჩამოყალიბების პერსპექტივებს.
ბიძინა ივანიშვილის წინაშე დღეს ორი გზაა: ან დარჩეს პოლიტიკაში და გადაიქცეს მორიგ ქართველ „მეფუკად“, ან მალევე შექმნას ამ ველზე თავისუფალ კონკურენციასთან მიახლოებული პირობები მაინც, ჯერ კიდევ ორგანიზაციულად საკმაოდ სუსტი პოლიტიკური პარტიებისთვის, და პროცესი თვითდინებით მიუშვას, მათი ბუნებრივი სელექციის მიზნით. იმედია, მას არ მოხიბლავს პირველი პერსპექტივა და ქვეყანას კვლავ იმ წრეზე არ წაიყვანს, რომელიც მრავალჯერ გვიტკეპნია და ისეთ რეალობას შექმნის, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას ახალ, ჯერ ჩვენთვის ძალზე უცხო ეტაპზე გაიყვანს და მის მონაწილეებს თვითგანვითარებისა და საკუთარი პოტენციალის რეალიზაციის საშუალებას მისცემს.  
ამგვარი მიმართულებით „წრფივი და თანაბარი მოძრაობის“ პერსპექტივა რეალური იქნებოდა, ჩვენი პოლიტიკური სისტემა გარე ძალების გავლენისაგან  თავისუფალი რომ იყოს. ამგვარი შანსი, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, სიზმარშიც კი ძნელი წარმოსადგენია, რამდენადაც მსოფლიოს დიდი ქვეყნების სტრატეგიული ინტერესების გადაკვეთის ერთ–ერთ საკვანშო წერტილში ვიმყოფებით და ღიად თუ ფარულად, ისინი აუცილებლად ეცდებიან ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე საკუთარი გავლენის გაძლიერებას. თუმცა, არის ერთი, შესაძლოა, თეორიული, მაგრამ მაინც შანსი:  მოძრაობის ფიზიკური პროცესის ანალოგიურად, სისტემაზე თუ გარე ძალების მოქმედება ერთმანეთს აწონასწორებს, მაშინ ეს ისეთსავე სიტუაციას ქმნის, როგორიც ასეთი გავლენების არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა.
ამდენად, ჩვენი შიდა „პოლიტიკური ბაზრის“ გათავისუფლების იდეალთან მისაახლოვებლად საჭიროა  ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის, რუსეთის, თურქეთის და უფრო მცირე მეზობლების – აზერბაიჯანისა და სომხეთის ინტერესებისა და გავლენების იმგვარი დაბალანსება, რომ „მათი ტოლქმედი ნულის ტოლი იყოს“, ანუ არც ერთ მათგანს არ შეეძლოს პოლიტიკური სისტემის თავის მხარეს „გადაქაჩვა“. თუ ივანიშვილის საგარეო  აქტივობას დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ის სწორედ ამგვარი ბალანსის მიღწევისკენაა მიმართული, რასაც ხელი შეიძლება შეუწყოს ჩვენში სხვა ქვეყნების (მაგ., ისრაელის) ინტერესების გაჩენამ.

თუ ეს მოხერხდა, ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკურ აღმავლობასაც მძლავრი ბიძგი შეიძლება მიეცეს, ინვესტიციების შემოდინების სახით. იზოლაციაში ყოფნას და „დიდი ქართული კედლით“ გარე სამყაროსგან შემოზღუდვას, რაც, თუ ჩრდილოეთ კორეას არ დავემსგავსეთ, გლობალიზაციის პირობებში შეუძლებელია, ჩვენი შვილების მომავლისთვის გაცილებით უმჯობესი იქნება, თუ ყველა იმ საგარეო ფაქტორს, რაც აქამდე ქვეყნის განვითარებას უშლიდა ხელს, ჭკვიანურად გამოვიყენებთ და ჩვენთვის სასარგებლოდ ავამუშავებთ.

20 July, 2013

ხალხი და სამართალი სანახაობას არ ჭამს!

2011 წლის 26 მაისის მიტინგის სასტიკმა დარბევამ საზოგადოებრივი აზრის პოლარიზაცია გამოიწვია. საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც არ თანაუგრძნობდასახალხო კრებისაქციების ლოზუნგებს და ქუჩაში არ გამოდიოდა, პირდაპირი ეთერით მშვიდობიანად მოპროტესტე თანამოქალაქეების, მათ შორის ბავშვებისა და მოხუცების სადისტურად ცემის ხილვის შემდეგ, სამართლიანმა აღშფოთებამ მოიცვა. 28 მაისს, სოლიდარობისმდუმარე აქციაზე“ 15000 თბილისელის გამოსვლამ  აჩვენა, რომ მაშინდელ  მმართველ ელიტას  „პროგრესულობის“ ნიღაბი ჩამოეხსნა.


საზოგადოების სხვადასხვა ფენაში ისედაც არსებობდა მზარდი უკმაყოფილება სააკაშვილის პოლიტიკის მიმართ, მაგრამ ოპოზიციური პარტიების დასუსტებით, მათი ლიდერების იმიჯის მეთოდური შელახვით ხელისუფლება ახერხებდა ნიჰილიზმსა და მორჩილებაში ჰყოლოდა დაქსაქსული ხალხი. გრამშის დოქტრინის მიხედვით, რევოლუციონერების ამოცანა ობივატელური მასების საკუთარ რწმენაზე მოქცევა არ არის, მთავარია, ინტელიგენციას შეეცვალოს ცნობიერება. 26 მაისს ღამით დარბევის საზარელმა კადრებმა ბუნებრივი პროტესტი გააჩინა იმ ადამიანებში, ვისთვისაც ჰუმანიზმის იდეალებია ღირებული და სწორედ ამით სააკაშვილმა ლიბერალურად მოაზროვნე ინტელიგენციის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა დაკარგა.
რამდენიმე თვის შემდეგ პოლიტიკაში შემოსულ ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციის ლიდერის როლის შესასრულებლად მზა ნიადაგი დახვდა, თავისი შემადგენლობითა და შეხედულებებით საკმაოდ ჭრელი, მაგრამ საპროტესტო მუხტით ერთნაირად გაჟღენთილი საზოგადოების სახით. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის მაისის საპროტესტო გამოსვლების მთავარი ინიციატორის, ნინო ბურჯანაძისგან ის დღემდე დისტანცირებულია, ივანიშვილი არ უარყოფს რეალობას, რომ 26 მაისის მიტინგის დარბევის სისასტიკემ განაპირობა მოვლენათა იმგვარი განვითარება, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის მსხვრევამდე მიგვიყვანა. სამების საკათედრო ტაძარში დაღუპულთა წლისთავზე გამართული პანაშვიდის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  26 მაისი არის გლოვის დღე, რადგან ხელისუფლებამ დანაშული ჩაიდინა ხალხის წინაშე... სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოში ხალხი თავისუფლებისთვის ბრძოლაში იღუპება“.
წელს, აპრილში, გადაცემაპოზიციაში პრემიერ–მინისტრმა დარბევაზე პასუხისმგებელი პირიც დაასახელა: „...26 მაისს, გახსოვთ, რაც მოხდა და მერაბიშვილი გახლდათ ამის ავტორი. მაგრამ, ახალი ხელისუფლება ფეხს ითრევდა და, „დასავლეთის ნეგატიური რეაქციის შიშით“, ყოფილი შს მინისტრისა და პრემიერის პასუხისგებაში მიცემას არ ჩქარობდა. ამ განცხადებიდან ერთი თვის შემდეგ, 19 მაისს, სპორტის სასახლეში ჩატარებულ მასშტაბურ შეკრებაზე, რომლის ერთ–ერთი მთავარი აქტორი ნინო ბურჯანაძე იყო, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა დასჯა მოითხოვეს. პრემიერმაპრაიმ-ტაიმთან" ინტერვიუში აღიარ, რომ ეს შეკრება არ მოეწონა და დასძინა, რომრაღაც ძალებს უნდათ, სახელმწიფოს ფუნქცია შეასრულონ და ნაწილობრივ მაინც ჩაენაცვლონ". თუმცა, ორიოდე დღის შემდეგ ვანო მერაბიშვილის დაჭერა რომ ამ გაბრაზებული ხალხის დასაშოშმინებლად მოხდა, ამის საფუძვლიანი ეჭვი არსებობს.
ამდენად, დღევანდელმა მმართველმა გუნდმა „მატროსოვის ციხეში“ ჩასვა ის ადამიანი, რომელმაც 26 მაისის მიტინგის სადამსჯელო ოპერაციის ჩატარებით, ნებსით თუ უნებლიედ, ივანიშვილის ხელისუფლებაში ტრიუმფალურ მოსვლას შეუქმნა წინაპირობა და რომელსაც პრემიერ–მინისტრი თავიდან „კარგ მენეჯერს“ ეძახდა. ზუსტად ორი კვირით ადრე კი თეა თუთბერიძემ ვანო მერაბიშვილი "ქართულ ოცნებასთან" გარიგებასა და ე.. ციხის კადრების“ შექმნა–გავრცელებაზე თვალის დახუჭვაში დაადანაშაულა: "მაშინაც კი, როდესაც ვინ ვისთან იწვა, ლამის ამას აკონტროლებდა შს სამინისტრო, ხოლო ყველა უწყება, თავდაცვის სამინისტროს გარდა, კონტროლდებოდა ვანო მერაბიშვილის მხრიდან, რატომღაც წლების და თვეების განმავლობაში მსგავსი ვიდეოების გადაღება ხდებოდა ციხეებში და ამის შესახებ არაფერი იცოდა ვანო მერაბიშვილმა. ვინ შეიძლება დაიჯეროს ეს ზღაპარი?
 ბოლო დროს დიდი დისკუსია გაიმართა გენერალური პროკურორის მიერ ლადო ბედუკაძის სამართლებრივი დევნიდან საპროცესო გარიგებით განთავისუფლებაზე. არჩილ კბილაშვილი არა მარტო სააკაშვილისა და „ნაციონალების“ გუნდის, არამედ პრემიერის, იუსტიციის მინისტრისა და მათი ფანების კრიტიკის ორმაგ ცეცხლში გაეხვია.   არადა, გვახსოვს, რომ არჩევნების წინ სწორედ იმ კადრების ტელეეთერით გაშვებამ, რომლებიც ბედუკაძემ და სხვებმა გამოიტანეს ციხის ჯურღმულებიდან, განაპირობა „ცოცხების სკანდალი“ და მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, რომელთა შედეგი იყო არჩევნების გასაყალბებლად შემართული "ნაცმოძრაობის" აქტივის დემორალიზაცია, ბაჩანა ახალაიას შს მინისტრობიდან გადაყენება და გაყალბებული არჩევნების შედეგების  გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული ხალხის დარბევისათვის ტრენირებული სპეცრაზმების განეიტრალება, რისი გამოისობითაც, ფაქტიურად, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში „ხავერდოვნად“ მოვიდა.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თუთბერიძის კონსპიროლოგიურ ვერსიას ირიბად ამყარებს ამჟამინდელი მინისტრის მოადგილ, ლევან იზორიას ნათქვამი: "კუდი და სოდი მართალია გაუქმდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ის თანამშრომელი, ვინც მერაბიშვილის სამსახურში იყო, დავითხოვოთ. იცით, რომ  "მოდულის" შენობაში 1 ოქტომბრის არჩევნებში ხმების უმრავლესობა მიიღო სწორედ ოპოზიციამ, იცით ამ ფაქტის შესახებ?“ დღევანდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნის ამ სიტყვების შემდეგ უფრო სარწმუნო ხდება ვარაუდი, რომ მერაბიშვილის კადრები, მ.შ. პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის მატარებელი კუდი–სა და სოდ–ის მაღალჩინოსნები, სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენისათვის მუშაობის ნაცვლად, „ქართულ ოცნებას“ გულშემატკივრობდნენ და სწორედ ამ დამსახურებისთვის ბევრი მათგანი აგრძელებს მუშაობას შს ორგანოებში ან ინიშნებიან სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობებზე, არ ხდება მათი მონაწილეობის გამოძიება 7 ნოემბრის, 26 მაისის დარბევებში, ოპოზიციონერთა მიმართ პერმანენტულ რეპრესიებში და, „სისტემის მსხვერპლად“ გამოცხადებით, იღებენ ინდულგენციებს მანამდე ჩადენილ დანაშაულებზე. ლოგიკურია იმის ფიქრიც, რომ მერაბიშვილი საქმის კურსში იყო და მოვლენათა განვითარებას თავისი პოსტიდან დირიჟორობდა. თუ ამ ვერსიას გავყვებით, პასუხგასაცემი ხდება კითხვა: რატომ უნდა მოქცეულიყო ასე „ნაცმოძრაობის ხერხემალი“, რომელსაც,  „ვიკილიქსს“ თუ დავუჯერებთ, დიდ ანგარიშს უწევდა აშშ–ს საელჩო საქართველოში? ინფანტილური „შეთქმულების თეორია“, თითქოს პრეზიდენტთან წაჩხუბებულმა მილიარდერმა მას საყრდენი მინისტრი გარიგების მეშვეობით გამოაცალა, სოფლის ბირჟებზე განსახილველ სატყუარად მეჩვენება.
ბიძინა ივანიშვილმა ესტონურ გაზეთ Postimees-თან იმ ინტერვიუში, სადაც თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს, ახსენა ისიც, რომ გასულ წელს არჩევნების მშვიდობიანად დასრულებასა და მათი შედეგების სააკაშვილის მიერ აღიარებაში „კარგად იმუშავეს ამერიკელებმა“.
გავიხსენოთ, რომ 2012 წლის 30 იანვარს შშ და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრისას, ამერიკელმა ლიდერმა ქებით მოიხსენია საქართველო პროგრესი ინსტიტუტების მშენებლობის საქმეში და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მოელისპრეზიდენტმა ობამამ თქვა: „ძალაუფლების ფორმალური გადაცემა, რასაც ადგილი ექნება საქართველოში, ვფიქრობ, განამტკიცებს ბევრ იმ რეფორმას, რომელიც უკვე ტარდება“.
 შარშან, 6 ივნისს საქართველოში ვიზიტად მყოფმა სა­ხელ­­წი­ფო მდი­ვან­მა, ჰი­ლა­რი კლინ­ტონ­მაც  გა­ნაცხა­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნია ინ­­ტი­ტუ­ტე­ბი და არა ინ­დი­ვი­დე­ბი, რად­გან ლი­დე­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა წა­ვიდ­ნენ ან ძა­ლა­უფ­ლე­ბა მო­­პო­ვონ, თუმ­ცა ინ­­ტი­ტუ­ტე­ბი პა­რა­ლე­ლუ­რად უნ­და ძლი­ერ­დე­ბო­დეს... სა­ქარ­­ვე­ლო­ში ამის მიღ­წე­ვის გზა სა­პარ­ლა­მენ­ტოს შემ­დეგ, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბაა. მდგრა­დი დე­მოკ­რა­ტი­ის­­ვის მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნია ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მა და ინ­­ტი­ტუ­ცი­­რი გაძ­ლი­­რე­ბა“.
როგორც ვნახეთ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ აშშ პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი უნისონში აკეთებდნენ აქცენტს ორ სიტყვაზე: „ინსტიტუტები“ და „ძალაუფლების გადაცემა“. სააკაშვილის მიერ შექმნილ პოლიციურ სახელმწიფოში შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ–ერთი, წარმატებულად აღიარებული რეფორმის შედეგად ჩამოყალიბებული „ინსტიტუტია“, რომელსაც „ძალაუფლების გადაცემაში“ შეეძლო როგორც ხელისშემშლელი, ასევე ხელშემწყობი როლი ეთამაშა, და მან ეს უკანასკნელი მისია შეასრულა, რის გამოც  „პროფესიონალი კადრებისგან“  დაცლით შსს–ს დასუსტება, როგორც ჩანს, მიზანშეუწონლად მიაჩნია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორსაც და ახალ მთავრობასაც.
შარშან – ობამა და ქლინთონი, წელს კი – ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და დასავლეთიდან ჩამოსული სხვა მაღალი რანგის სტუმრები აღნიშნავენ, რომ ახლა პრიორიტეტს წარმოადგენს რეფორმების განხორციელების გაგრძელება, ასევე იმის დემონსტრირება, რომ დემოკრატიას „ღრმად აქვს ფესვები გადგმული“ და  უზრუნველყოფა იმისა, რომ 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები „ყველაზე მაღალ სტანდარტებს დააკმაყოფილებს“. ივანიშვილი მათ არწმუნებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები „გაცილებით უკეთესი იქნება და ტიპიურად ევროპული“. პრემიერ–მინისტრმა ხალხისადმი თავის ბოლო ვიდეომიმართვაში ხაზი გაუსვა იმას, რომ „სახელისუფლებო და ადმინისტრაციული სისტემა, იქნება ეს საბიუჯეტო თანხები, პოლიცია თუ სხვა საჯარო დაწესებულებები, მიმართული იქნება თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად და არა რომელიმე კანდიდატის გასამარჯვებლად.
საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმული ბურჯანაძე აგრძელებს სამართალდამცავ სისტემაში მყოფი დამნაშავეების დასჯის აუცილებლობაზე პედალირებას: „26 მაისთან დაკავშირებით მხოლოდ ვანო მერაბიშვილი კი არ უნდა იქნას დაკავებული, არამედ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელთა სახეებიც ზედაპირზე დევს. თუნდაც „ციხის კადრებმა“ აჩვენა,  რომ ეს სისტემური დანაშაული იყო და პირველი, ვინც ციხეში ჩაჯდება, იქნება მიხეილ სააკაშვილი“, – ჰპირდება ის ამომრჩეველს.
ამ ფონზე სახელისუფლებო კოალიციის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის რეიტინგი კლებულობს და მისი ერთ–ერთი მთავარი ოპონენტის, ნინო ბურჯანაძის მხარდაჭერა სწრაფად იზრდება: 17.05–02.06 პერიოდის IRI-ს კვლევაში თუ მათ, შესაბამისად, 41% და 5% ჰქონდათ, 12–26 ივნისს ჩატარებულ NDI–ს კვლევაში მარგველაშვილს უკვე 35,4% აქვს და მას უკან ბურჯანაძე მოჰყვება 14,9%–ით. ეს საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურის გარდაუვალობას გვიჩვენებს, თუ  ამჯერადაც რაიმე „ვიდეოკადრები“ არ გამოჩნდა, რომელთა ჩვენებას საზოგადოების ნაწილი უკვე სკეფსისით უყურებს და „პურის გარეშე სანახაობად“ აფასებს.  ახალგაზრდებიც კი ადვილად ერკვევიან პი–არ ტექნოლოგიებში: „ახალი მთავრობა საკენკივით აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას. ჩააგდებენ ინტრიგას და წავიდა... მოძველდა მსგავსი ხერხები“, – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ყიფიანი („ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი“).
საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების გამწვავებას გულისტკივილით ეხმაურება ჩვენი სულიერი ლიდერი: „მთელი საქართველო სასამართლოდ არის ქცეული. ყველა ერთმანეთს განიკითხავს და მიაჩნია, რომ სხვა არის დამნაშავე, - იქადაგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ პეტრე-პავლობის სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, – "ეს სიკეთისაკენ არ მიგვიყვანს. მე მინდა, ვთხოვო ხელისუფლებას, ხალხს, იფიქრონ გაჭირვებულ ადამიანებზე, ადამიანების დასაქმებაზე, განათლებაზე, ვიფიქროთ ობლებზე და გაჭირვებულ ადამიანებზე“... პატრიარქს სავლეს პავლედ გარდაქმნის მაგალითი მოჰყავს, მაგრამ ხალხს სამხრეებიანი სავლეების უმანკო პავლეებად მასობრივი გადაქცევის სასწაულისა არ სჯერა.