09 February, 2012

საით მიცურავს სააკაშვილი?

გამოქვეყნებულია საიტზე http://european.ge/672/

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ობამასა და სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ გამართული პრესკონფერენციის განსხვავებული ინტერპრეტაციების მიუხედავად, ყველა  პოლიტოლოგი აღნიშნავდა, რომ საზოგადოებისათვის მაინც საიდუმლოდ რჩება, თუ რა ითქვა დახურულ კარს მიღმა, რაც სპეკულაციებისათვის ფართო ასპარეზს ტოვებს. შენიშნეს, რომ სიტყვა „რუსეთი“ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე აშშ პრეზიდენტს მხოლოდ წამოსცდა, ამ თემას ორივე ქვეყნის ლიდერმა თავი აარიდა.
„ცივი ომის“ დამთავრების შემდეგ დასავლეთმა რუსეთის მიმართ თავისი დამოკიდებულება კარდინალურად რომ შეცვალა, ამის გაცნობიერება საქართველოში დღემდე ძალზე ჭირს. რუსეთს კვლავ განიხილავენ, საბჭოთა კავშირის ანალოგიურად, ნატო–ს მტრად თუ არა, მოწინააღმდეგედ მაინც, და საქართველო–რუსეთის ურთიერთობებს ამ პრიზმიდან ხედავენ მაშინ, როცა რეალობა სულ სხვაა.  რუსეთთან მიმართებაში პრეზიდენტ ობამას მიერ გამოცხადებული  „გადატვირთვის“ პოლიტიკა რას ნიშნავს, აქაურმა „სახელისუფლები ექსპერტებმა“ ვერ გაიცნობიერეს.
1980–იანი წლების ბოლოს დასავლეთი იმედოვნებდა, რომ შესაძლებელი იყო საბჭოთა კავშირის ლიბერალიზაცია სახელმწიფოს დაშლის გარეშე, გაერთიანების გზაზე მდგომ ევროპასთან მისი შემდგომი ინტეგრაციით.  მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომელთაც ევროპასთან გაცილებით მჭიდრო ისტორიულ–კულტურული ერთობა ჰქონდათ შენარჩუნებული, მოიაზრებოდა მომავალი ევროგაერთიანების ნაწილად, ამიტომაც სსრკ–ს დაშლის შემდეგ ისინი სწრაფად მიიღეს ევროპულ ოჯახში. „დანარჩენ სსრკ–ს“ კი „ზემოდან გარდაქმნას“ უპირებდნენ, უფრთხოდნენ რა მის ნამსხვრევებზე კონფლიქტების, ავტორიტარული რეჟიმების და სხვა, ძნელად სამართავი პროცესების წარმოშობას. ისტორიამ გვაჩვენა, რომ ეს ხედვა სწორი იყო, მაგრამ „ბოთლიდან ამოშვებულმა ჯინმა აიწყვიტა“ და რესპუბლიკების ძლიერმა ცენტრიდანულმა მისწრაფებებმა საბჭოთა კავშირის რღვევა გამოიწვია. მართლაც, შედეგად მივიღეთ ავტორიტარული რეჟიმები შუა აზიასა და ბელარუსში, ნაციონალისტურად განწყობილი მთავრობები ამიერკავკასიაში, ოლიგარქულ–კრიმინალური რუსეთი და მრავალი დღემდე ჩაუმცხრალი ეთნიკური კონფლიქტი.
დასავლეთის ამ სურვილს, საბჭოთა კავშირის ნაბიჯ–ნაბიჯ რეფორმირებითა და ევროპასთან ინტეგრაციით მიეღო ერთიანი პოლიტიკურ–ეკონომიკური სივრცე ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე, რასაც დასავლეთ ნახევარსფეროში აშშ–სა და კანადას თუ მივათვლით, შეგვიძლია ხატოვნად „ჩრდილოეთის სარტყელი“ ვუწოდოთ, საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობა იდეურად დაუპირისპირდა და „ერთიანი კავკასიის“, როგორც მსოფლიოში დამოუკიდებელ, სულ ცოტა, რეგიონალურ მოთამაშედ ცნობის განუხორციელებელ ამბიციას შეეჭიდა.
საბჭოთა კავშირის რღვევა არ შედიოდა დასავლეთის გეგმებში, მაგრამ სახელმწიფოს ერთიანობის შენარჩუნება სამხედრო–ტოტალიტარული მმართველობის აღდგენასღა შეეძლო, რაც კიდევ უფრო მეტად არ აწყობდათ. 1991 წლის აგვისტოში გკჩპ- მიერ მოწყობილმა, წარუმატებელმა შეთქმულებამ მსოფლიოს დაანახა, რომ იყო მხოლოდ ორი ალტერმნატივა: ან სსრკ–ს აღდგენა სტალინისეული მეთოდებით და „რკინის ფარდის“ ხელახალი ჩამოშვებით, ან მისი დაშლა. მესამე, „რეფორმულ–ცივილური გზა“ გამოირიცხა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც შეეგუა მიღებულ რეალობას, თუმცაღა, გულისტკენით.
გამსახურდიამ ამ შეთქმულების თაობაზე განაცხადა, რომ  ეს გორბაჩოვის მიერ დადგმული შოუ იყო, რაზეც ჟურნალისტის შეკითხვაზე აშშ მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა (მამამ) გააკრიტიკა:
"მე ვფიქრობ, რომ ამ კაცმა (ანუ გამსახურდიამ) ცოტათი მაინც უნდა დაამუშაოს ის განცხადებები, რომელთა გაკეთებასაც აპირებს... ეს არის კაცი, რომელიც მიცურავს დინების საწინააღმდეგოდ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენება... ის უნდა მიჰყვეს დინებას და გაიგოს, რა ხდება მსოფლიოში". 
„რა ხდებოდა მსოფლიოში“, ამის გაგება მაშინ გამსახურდიამ არ ინდომა, რაც მისი გაძევებით დასრულდა, ჩვენს ქვეყანას კი გლობალიზაციის პროცესის ეს მიუღებლობა და „ახალი მსოფლიო წესრიგის“ ჩარჩოებში საკუთარი ადგილის ვერგააზრება სამოქალაქო ომის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სისხლიანი კონფლიქტებით  დაკარგვის ფასად დაუჯდა.
ედუარდ შევარდნაძემ ამ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში საქართველოს ფუნქცია მოუძებნა, რომელიც ქვეყნის გავლით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ენერგომატარებლების ტრანზიტში, ხოლო საპირისპირო მიმართულებით – ლიბერალური ღირებულებების გავრცელებაში მდგომარეობს. ხილულ სამყაროში ეს ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის მშენებლობის წარმატებული დასრულებით გამოიხატა, რასაც ახლა ბაქო–თბილისი–ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის პროექტის განხორციელება აგრძელებს. ეს ასუსტებს ევროპის დამოკიდებულებას რუსეთის ენერგომატარებლებზე და ამ ქვეყნის შესაძლო ამბიციას, „ჩრდილოეთის სარტყელში“ ლიდერი იყოს, აღვირს სდებს, რომ თანასწორუფლებიანი სახელმწიფოების ნებაყოფლობითი ერთობის ნაცვლად EuroRussia არ მივიღოთ მომავალში.
2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ მეორე მიმართულებითაც სცადა მსოფლიოს წინაშე თავის წარმოჩენა, როგორც „ხავერდოვანი რევოლუციებისა“ და პოსტრევოლუციურ ქვეყნებში რეფორმების გამოცდილების ექსპორტის მცირე ლაბორატორიამ. მაგრამ საქართველოში, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ატლანტიკიდან წყნარ ოკეანემდე ერთიანი სივრცის შექმნის გეგმა დასავლეთმა სამუდამოდ დაივიწყა, საკუთარ ხედვებში რუსეთს კვლავ საბჭოთა კავშირის მემკვიდრედ და ნატო–სთან დაპირისპირებული ქვეყნად მოიაზრებენ, ხოლო სააკაშვილის ხელისუფლებისადმი უპირობო მხარდაჭერისათვის საკმარისად მხოლოდ ნეოკონსერვატიული იდეოლოგიისადმი ერთგულება მიიჩნიეს.
რა თქმა უნდა, ზემოაღნიშნულ გეგმაში დასავლეთმა, წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, კორექტივები შეიტანა. გამოჩნდა ახალი ფორმულა: „ჯერ–მოდერნიზაცია, შემდეგ–ლიბერალიზაცია“. იმ რეფორმებს, რასაც საქართველოში სააკაშვილი აკეთებს მცირე მოდელზე, ვლადიმერ პუტინი შემდეგ რუსეთის მასშტაბებზე განვრცობას ცდილობს, რაც ჩვენს პრეზიდენტს ბავშვივით ახარებს და ამას ტრაბახით ამბობს, სადაც კი საშუალება მიეცემა.
პუტინმა მართლაც წარმატებით გაართვა თავი ამოცანას, ოლიგარქიულ–კრიმინალური რუსეთი მოდერნიზაციის გზაზე დაეყენებინა. ის ისეთივე ნეოკონსერვატიული იდეოლოგიის მიხედვით აშენებს რუსეთს, როგორც სააკაშვილი, ამიტომაც ჰგავს მათი მართვის სტილები ერთმანეთს. ქართველი კოლეგისგან განსხვავებით, მას გაცილებით უკეთ აქვს გააზრებული გლობალურ პროცესებში რუსეთის ინტეგრაციისათვის ზემოაღნიშნული ფორმულის გატარების მნიშვნელობა, ამიტომაც ბოლო არჩევნებში საკუთარ პარტიას 50% აკმარა, ხოლო „რუსული ზამთარი“ რომ „არაბულ გაზაფხულს“ არ დაემსგავსოს, სავარაუდოდ, ქვეყნის ზომიერი ლიბერალიზაციის მიმართულებით ნაბიჯებსაც, დაპირებისამებრ, გადადგამს. ახლა მან „ბეწვის ხიდზე“ უნდა გაიაროს, რაც ქვეყნის მოდერნიზაციის გაგრძელების კვალდაკვალ ლიბერალური რეფორმების გატარების დაწყებას ნიშნავს ისე, რომ პროცესი უკონტროლო არ გაუხდეს და ქვეყანა არ დაენგრას. მისი სახელისუფლებო პარტნიორი, პრეზიდენტი მედვედევი „ელექტრონულ დემოკრატიაზეც“ კი საუბრობდა, როგორც მართვის სამომავლო მოდელზე, მაშინ, როცა ამ იდეის მშობელი „მეკობრეთა პარტიები“ ევროპაში კანტი–კუნტად არიან წარმოდგენილნი საკანონმდებლო ინსტიტუტებში, ხოლო საქართველოში ამის შესახებ ერთეულებს თუ სმენიათ.
გარკვეულ დონემდე უკვე მოდერნიზებული რუსეთის გლობალურ ეკონომიკაში ჩართვის ერთ–ერთი ინსტრუმენტი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაა. „The Washington Post“ აშშ–სა და საქართველოს პრეზიდენტების 30 იანვრის შეხვედრას თავის სარედაქციო სტატიაში ასე აფასებს: „პრეზიდენტმა ობამამ, რომელსაც გასული სამი წლის განმავლობაში სააკაშვილისგან თავი შორს ეჭირა, გასულ კვირას ის თეთრ სახლში მიიღო. ეს ნაწილობრივ იყო ჯილდო იმისთვის, რომ, მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ამჟამინდელი ოკუპაციისა, საქართველომ რუსეთის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში დაუშვა.“ ორი დღის წინ კი რუსეთის პრემიერ-მინისტრი "გაზპრომის" პრივატიზაციის შესაძლებლობაზე ალაპარაკდა. პუტინმა პოლიტოლოგებთან შეხვედრაზე თქვა: „ოდესღაც, ჩვენ "გაზპრომის" ლამის სრული პრივატიზება მოვახდინეთ, მაგრამ თქვენმა მონა-მორჩილმა ის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ დააბრუნა. ეს ცალკე დისკუსიის საკითხია, მაგრამ ოდესღაც გადავალთ იმაზე, რომ "გაზპრომი" სხვა რეჟიმში იმუშავებს". ცხადია, ამჯერად ამ რუსულ ენერგომონსტრს პუტინი  ელცინისდროინდელ ოლიგარქებს აღარ ჩაუგდებს ხელში. უნდა ვივარაუდოთ, რომ მოხდება „გაზპრომის“ კაპიტალის ინტერნაციონალიზაცია და ის საერთაშორისო კორპორაციად გადაქცევისკენ წავა, რაც რუსეთის დასავლეთთან ინტეგრაციის კონტექსტს კარგად ესადაგება.
2011 წლის 7 ოქტომბერს თბილისში ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ თავისი გამოსვლა თითქმის მთლიანად რუსეთ–საქართველოს ამჟამინდელ უკიდურესად დაძაბულ ურთიერთობებს  მიუძღვნა და საკუთარი ქვეყნისა და გერმანიის მაგალითზე ნათლად თქვა, რა არჩევანის გაკეთებას ელის ევროპა საქართველოსგან:
„ეს ის არჩევანია, რომელიც საფრანგეთმა და გერმანიამ 1945 წელს სამი დამანგრეველი კონფლიქტის შემდეგ გააკეთა. მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნების მეხსიერებაში ომის მოგონებები ღრმად იყო ჩაბეჭდილი, ორმა შორსმჭვრეტელმა ადამიანმა, შარლ დე გოლმა და კონრად ადენაუერმა, კაცობრიობის ცნობიერებაში ყველაზე საშინელი კონფლიქტის ნანგრევებზე თავისი ხალხი შერიგების გზაზე დააყენა. დღეს საფრანგეთისა და გერმანიის მეგობრობა გულწრფელი და მტკიცეა. ეს მეგობრობაა სწორედაც ევროკავშირის მამოძრავებელი ძალა. საქართველოსა და რუსეთს მოვუწოდებ მტკიცედ დაადგნენ ამავე გზას. რადგან არც კავკასიაში და არც არსად სხვაგან,  დაპირისპირება ბედისწერა არ არის...
რაც მთავარია, ომიდან სამი წლის შემდეგ, დადგა დრო, რომ აზროვნება და მიდგომები შეიცვალოს... საფრანგეთი რუსეთს თავის მეგობრად მიიჩნევს, მას სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს, რადგან ჩვენი ბედი ურთიერთდაკავშირებულია. ჩვენ ერთად, ევროპელები და რუსები, უზრუნველვყოფთ ჩვენი ხალხების მდგრად კეთილდღეობას, ჩვენი კონტინენტის სტაბილურობას და გავაგრძელებთ მსოფლოში გავლენის შენარჩუნებას ისე, რომ სხვებმა თავისი წესი არ მოგვახვიონ თავს. პარტნიორი და მეგობარი, აი, ვინ უნდა იყოს ან კვლავაც გახდეს რუსეთი საქართველოსთვის.
სარკოზის ვიზიტის დღეს საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენილი ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან დიალოგის დაწყებისა და ურთიერთობების კონსტრუქციულ რეჟიმში გადაყვანის ინიციატივით გამოვიდა. სააკაშვილის ხელისუფლებამ სცადა, ეს გამოეყენებინა მასზე ნეგატიური PR-კამპანიის აგორებისთვის, რომელიც თავისი ანტირუსული რიტორიკით ქსენოფობიის კლასიკურ  ნიმუშებს, დიდი ხანია, გასცდა. ივანიშვილი ყოველთვის სვამს აქცენტებს „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგების მიერ გლობალური პროცესებში რუსეთისადმი დასავლეთის დამოკიდებულების გაუაზრებლობაზე და დასავლეთს საკუთარ პოლიტიკურ დაჯგუფებას მის გონივრულ ალტერნატივად წარმოუჩენს: „როდესაც სააკაშვილის აბსოლუტურად არადიპლომატიური, შეურაცხმყოფელი განცხადების შედეგად რუსეთის მთავრობის მისამართით, რუსეთის მთავრობა ისე გაღიზიანდა, რომ საერთაშორისო სამართლისთვის მიუღებელი და გაუაზრებელი ქართველბის დეპორტაცია დაიწყო.
ბიძინა ივანიშვილმა ამერიკულ პრესაში ღია წერილის გამოქვეყნება  შტატებში სააკაშვილის ვიზიტს დაამთხვია, სადაც მას დიდ შეცდომად მიუთვალა საომარი კონფლიქტამდე რუსეთთან ურთიერთობების გამწვავება: „ბოლო წვეთად იქცა უგუნური ჩართვა 2008 წლის აგვისტოს ომში, რომელიც იმით დასრულდა, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა.
„საქართველო, რომლის წინაშეც უამრავი საფრთხეა, არ უნდა დაისაჯოს მისი მმართველი ელიტის შეცდომებისთვის“ – მიმართავს ივანიშვილი დასავლეთს და  მისივე ფინანსური დახმარებით უკვე მოდერნიზებული საქართველოს ლიბერალიზაციის ეტაპზე გადასვლას სთავაზობს, ქვეყნის ხელისუფლებაში ახალი, „ნაცმოძრაობასთან“ შედარებით უფრო პროგრესულად მოაზროვნე ძალების მოყვანით. ამით ჩვენმა ატლანტიკელმა პარტნიორებმა უნდა დაინახონ, რომ, რუსეთისგან განსხვავებით, სადაც პუტინი–მედვედევის ტანდემი, მათ ოპონენტებთან შედარებით, გაცილებით ლიბერალურია, ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს ჭეშმარიტ დემოკრატიას, ხელისუფლების შეცვლის გზით. ამით საქართველო თავისი მმართველების გაუაზრებელი მოქმედებით აღარ შეუშლის ხელს „ჩრდილოეთის სარტყლის“ კონტურების გამოკვეთას. გადააგდებს თუ არა დასავლეთი მის ყელში გაჩხერილ, მსოფლიო პოლიტიკის დინების საწინააღმდეგოდ მცურავი თევზის ძვალს – სააკაშვილის ხელისუფლებას, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ გარეშე ფაქტორების გათვალისწინება რომ გვმართებს, – ესეც უეჭველია.