29 March, 2011

თავი IV. ოტტო, გრაალის მაძიებელი

1935 წლის 24 ოქტომბერს ბერლინში, ვილჰელმშტრასსე 77–ში მდებარე შენობის შესასვლელში მოფრიალე შავსვასტიკიანი წითელი დროშების ქვეშ მკვირცლად შეირბინა ოცდაათიოდე წლის სიმპათიურმა მამაკაცმა. მისაღებში ხანმოკლე ლოდინის შემდეგ, მდივანმა ის დიდი მოწიწებით შეუშვა ადოლფ ჰიტლერის კაბინეტში.
–ჩემო ფიურერო, როგორ მოგეწონათ რეკონსტრუირებული რეიხსკანცხელარია? – იკითხა ახალგაზრდა არქიტექტორმა მისალმების შემდეგ. ალბერტ შპეერი გერმანიის ახალი კანცლერის გარემოცვაში ერთადერთი იყო, რომლის მიმართაც ჰიტლერი მეგობრობის მსგავს რაღაცას გრძნობდა, ვისაც უსმენდა და ხანდახან გულახდილად ესაუბრებოდა კიდეც.
თავად რადზივილის ყოფილი სასახლის მეორე სართულზე მყოფი კაბინეტის სამი ფანჯარა ვილგელმსპლაცს გადაჰყურებდა. თითქმის ყოველდღე იკრიბებოდა ბრბო, სკანდირებდა და ბელადის ხილვას ითხოვდა:
–ჰაილ ჰიტლერ! ჰაილ ჰიტლერ! ჰაილ ჰიტლერ!
ამან მუშაობა შეუძლებელი გახადა. ჰიტლერმა შპეერს ბაღს იქით მდებარე დიდ დარბაზში უბრძანა ახალი კაბინეტის მოწყობა, წინ კი „ახალი ისტორიული აივანი“ მიაშენებინა, საიდანაც აღტკინებული ხალხის წინაშე გამოჩნდებოდა.
–ფანჯარა ძალიან მოუხერხებელი იყო, ყველა მხრიდან არ ვჩანდი, – კმაყოფილებით უთხრა,– ბოლოს და ბოლოს, ხომ არ გადავეყუდებოდი? ოთახიც პატარა იყო, სად მიმეღო უცხოელი სტუმრები, კუთხეში მიმეკუნჭა? მოკლედ, იმ საპნისმხარშავი კონცერნის კანტორას, რაც იყო, გაცილებით სჯობია, – შეაქო ჰიტლერმა მომავალი პირადი არქიტექტორი, რომელსაც მოკლედშეჭრილი თმის ქოჩორი, მაშინდელი მოდის წესებით, მარჯვნიდან მარცხნივ ჰქონდა გადატკეცილი.
–მაგრამ მესამე რეიხის გრანდიოზულ გეგმებს უფრო მასიური შენობა შეეფერება. ალბერტ, უნდა ვიფიქროთ ახალი რეიხსკანცელარიის აშენებაზე, რომელიც თავისი ზომებით და იერ–სახით ნაციონალ–სოციალიზმის ბატონობის იდეის შესატყვისი იქნება. ერის ისტორიაში სისუსტის პერიოდებიც არის–ხოლმე, ასეთ დროს შენობები იწყებენ მეტყველებას წარსულ ძლიერებაზე. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამით ვერ გააღვიძებ ეროვნულ ცნობიერებას. მაგრამ, დაცემის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ თუ ისევ გაიღვიძა ნაციონალური სიდიადის გრძნობამ, წინაპართა ეს ძეგლები საუკეთესო შეხსენება იქნება შთამომავალთათვის.
–დღეიდანვე პროექტის შემუშავებას შევუდგები, ფიურერო!
ჰიტლერის სულში მისიონერულ მოწოდებასთან განუყოფლად იყო თანშეზრდილი ხუროთმოძღვრობისადმი დაუოკებელი ლტოლვა. „–როგორ მინდოდა, არქიტექტორი გავმხდარიყავი!“– შესჩივლებდა–ხოლმე ის ალბერტს, როცა მის მორიგ პროექტს ათვალიერებდა. ათი წლის წინ, შემკვეთი რომ ჰყოლოდა, შეიძლება ჩამოსცილებოდა კიდეც პოლიტიკას, მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა კი შპეერში ხედავდა საკუთარ ახალგაზრდობას და თავისი არარეალიზებული ოცნების ხორცშესხმას მისთვის ხელისშეწყობით ახერხებდა: „ის მე ამიგებს ისეთ შენობებს, როგორებიც არ აღმართულა უკანასკნელი ოთხი ათასწლეულის განმავლობაში.“
–საბოლოოდ, ისტორიის დიდი ეპოქების შესახებ ხსოვნას მხოლოდ მათი მონუმენტური არქიტექტურა შეინახავს, – ჰიტლერმა აზრი განაგრძო, – რა დარჩა დიდი რომის იმპერიის იმპერატორებისგან? რა დაამტკიცებდა მათ არსებობას, ხუროთმოძღვრება რომ არა?
რომის სიძველეთა ხსენებამ ფიურერს გერმანთა წარსული მოაგონა, რომლის განდიდებისათვის ჰიმლერმა სამი თვის წინ ორგანიზაცია „Ahnenerbe” („წინაპართა მემკვიდრეობა”) ჩამოაყალიბა.
–რა ძალა გვადგა, მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ წარსული არ გაგვაჩნია? ის არ გვეყოფა, რომ როცა რომაელები გიგანტურ შენობებს აგებდნენ, მაშინ ჩვენი წინაპრები თიხის ქოხებში ცხოვრობდნენ... ახლა კიდევ, ჰიმლერმა ამ ნასოფლარების გათხრები დაიწყო და ექსტაზი ემართება ყველაფერზე, რასაც იპოვის, – ქოთნის ნატეხი იქნება ეს თუ ქვის ცული! ამით მხოლოდ ვამტკიცებთ, რომ ველურებივით ცეცხლის გარშემო ვროკავდით და ქვის ცულებით ვნადირობდით იმ დროს, როცა საბერძნეთმა და რომმა კულტურული განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწიეს... საკმარისი საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ საკუთარი წარსული მივაჩუმათოთ. ამის ნაცვლად, ჰიმლერი მის შესახებ მთელი მსოფლიოს გასაგონად გაჰკივის.*
შპეერის წასვლის შემდეგ ფიურერი ერთხანს ჩაფიქრებული იჯდა, შემდეგ თაროდან გადმოიღო ჰიმლერის მიერ მისთვის ნაჩუქარი წიგნი "Kreuzzug gegen den Gral". შუა საუკუნეების მოყვარული მკვლევარი ოტტო რანი ხატოვნად აღწერდა ლანგედოკში თავისი მოგზაურობისას ნანახსა და მოსმენილს და ასკვნიდა, რომ ვოლფრამ ფონ ეშენბახის ალეგორიულ პოემა „პარციფალში” ნახსენები მუნსალვეშეს მთის ციხე-კოშკი, სადაც გრაალი ინახება, იგივე მონსეგიურია, რომელზეც კატარების უკანასკნელი ბასტიონი იყო აღმართული.
გრაალის თემამ ბავშვობის მოგონებები წამოუტივტივა. მაშინ ტანმორჩილ, ფერმკრთალ ავსტრიელ ბიჭუნას ადოლფ შიკლგრუბერი ერქვა და ქალაქ ლამბახის ბენედიქტიანელთა მონასტრის გუნდში მღეროდა. მონასტრის წინამძღვარი თეოდორ ჰაგენი კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობიდან როცა დაბრუნდა, მის ბაგეთაგან გაიგო პირველად დიდი მოწიწებით წარმოთქმული ეს სიტყვა - „გრაალი“. ბიჭი გაუბედავად შეეკითხა, - რას ნიშნავსო. აბბატმა თავზე ხელი გადაუსვა და ცნობისმოყვარეობა დაუკმაყოფილა:
–გრაალს თასთან აიგივებენ, რომელშიც იოსებ არიმათიელმა ქრისტეს ჯვარცმისას უფლის სისხლი მოაგროვა. ზოგი ფიქრობს, არქანგელოზმა მიხეილმა ლუციფერთან ბრძოლის დროს მახვილის წვერით ამოაგდო მისი გვირგვინიდან დიდი მწვანე ზურმუხტი, რომელიც დედამიწაზე ჩამოვარდა და გრაალი ეს ქვააო. მაგრამ, როგორც ახლახანს ჩემს მიერ მოგზაურობიდან ჩამოტანილი უძველესი მანუსკრიპტებიდან შევიტყე, ასე არ უნდა იყოს. გრაალი, ალბათ, ქვებია, რომლებზეც წარღვნამდელი დამწერლობით - რუნებით არის დატანილი უდიდესი ცოდნა, კაცობრიობამ რომ დაკარგა. ფონ ეშენბახმაც „პარციფალში“გრაალი ხომ ქვად წარმოგვიდგინა – Lapsis exillis...
ადოლფი გაიზარდა, აბბატ ჰაგენის ეს სიტყვები კი მტკიცედ ჩაებეჭდა და, ახლა უკვე მესამე რაიხის ფიურერს, სჯეროდა, რომ სწორედ მოძღვარმა უთხრა სიმართლე.
სიჭაბუკისას, ვენის მუზეუმში დიდხანს იდგა-ხოლმე და უმზერდა ერთ ექსპონატს „ლონგინის შუბის“ წვერს, რომლითაც რომაელმა ჯარისკაცმა ჯვარცმულს ფერდი განუგმირა და ტანჯვა შეუმოკლა. დამწყები მხატვარი ცდილობდა, წარმოესახა ქრისტეს ვნებათა სიმძაფრე. ერთხელაც ყური მოჰკრა, როგორ უთხრა ექსკურსიამძღოლმა ტურისტებს, - ის, ვინც ლონგინის შუბსა და გრაალს დაეპატრონება, მსოფლიოს მბრძანებელი შეიქნებაო.
მეცნიერებისა და ტექნიკის პროგრესმა ყველას მიავიწყა ძველი ლეგენდები, მაგრამ ადოლფი მრავალჯერ გამხდარა სასწაულების მომსწრე, რომელთაც მატერიალისტური ახსნა არ მოეძევებოდათ. ახლა, როცა გერმანია ძალას იკრებს სხვა ხალხებზე გასაბატონებლად, რა ბედნიერება იქნება, მის ბელადს ხელთ ეპყას შუბიცა და გრაალიც!
ჰიტლერმა მდივანს უხმო და წერილის კარნახს შეუდგა. საბეჭდი მანქანის კლავიშები სწრაფად და რიტმულად აჩხაკუნდნენ, მაგრამ მათი ხმიანობა, ვაგნერის ტაქტების ნაცვლად, უკვე ავტომატების შორეულ კაკანად მოისმოდა.
„ვაიშენფელდი, ბავარიის მიწა.
უძველესი გერმანული ისტორიისა და წინაპართა მემკვიდრეობის კვლევის საზოგადოება.
პროფესორ გერმან ვირტს.
პატივცემულო ბატონო ვირტ!
თქვენი ინსტიტუტის სწრაფი ზრდა და წარმატებები, რომლებსაც მიაღწიეთ ბოლო ხანებში, ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ვთვლი, რომ ახლა „ანანერბე“ მზადაა გადაწყვიტოს აქამდე მის წინაშე არსებულ ამოცანებთან შედარებით გაცილებით სერიოზული საკითხები. საქმე ეხება ეგრეთწოდებული წმინდა გრაალის მოძიებას, რომელიც, ჩემი შეხედულებით, წარმოადგენს ჩვენი არიელი წინაპრების დანატოვარ, რეალურად არსებულ რელიქვიას. ამ არტეფაქტის მოსაძებნად შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი ფულადი ფონდები საჭირო ოდენობით.“
სამი თვის შემდეგ, ვეველსბურგის ციხე-კოშკში განთავსებულ „ანანერბეს“ შტაბ-ბინაში, მაგიდასთან ორნი ისხდნენ და ყურადღებით ეცნობოდნენ პროფესორ-ისტორიკოსის ოტტო კლიუზეს მოხსენებით ბარათს, რომელსაც ვირტმა საკითხის ძირფესვიანი შესწავლა დაავალა.
ერთი მათგანი: საკმაოდ შემელოტებული თმითა და დაბალი შუბლით, წელში ოდნავ მოხრილი. სწორი ცხვირის ქვეშ - მოკლედ შეკრეჭილი ულვაშის ბნელი ზოლი და წვრილი ტუჩები, ისეთივე ფერმკრთალი, როგორც სახის კანი. მის უძრავ სახეს ხანდახან აცოცხლებდა პირის კუთხეებში გაელვებული დამცინავი ღიმილი. წვრილ, ქათქათა თეთრ ხელებზე მოცისფროდ გამოკრთოდა სისხლძარღვები. ბავშვურ თითებზე უადგილოდ მოჩანდა მასიური ვერცხლის ბეჭედი, თავის ქალის გამოსახულებით. რომ არა ეს-ესელის შავი უნიფორმა, ვერ იფიქრებდით, რომ ეს მოინტელიგენტო, შუახნის სოფლელი პედაგოგის ტიპი ამ საშინელი უწყების ხელმძღვანელი ჰენრიხ ჰიმლერი იყო.
მეორე მამაკაცი, რომელსაც „შავი ორდენის“ ასეთივე ბეჭედი ეკეთა, თავისი წარმოსადეგი გარეგნობით მის სრულ ანტიპოდს წარმოადგენდა: ახოვანი, საოცრად მაღალი შუბლით, პატარა და მოუსვენარი თვალებით, რომლებიც მხეცის სიეშმაკესა და ძალას ასხივებდნენ, გრძელი ცხვირით და მსხვილტუჩებიანი ფართო პირით. ზორბა მამაკაცისთვის შეუფერებელი, წიკვინა ხმა და ფართო თეძოები ყოველგვარ ეშხს უკარგავდნენ ნაცისტური გერმანიის პოლიტიკური პოლიციის, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის შეფის - რეინგარდ ჰეიდრიხის ფიგურას.
მოხსენებითი ბარათის შედგენამდე, გრაალის თაობაზე ინფორმაციის მისხალ-მისხალ შესაგროვებლად პროფესორ კლიუზეს და მის ასისტენტებს, გერმანული პედანტურობით, ყველა ხელმისაწვდომი წიგნსაცავის მტვრიანი ფოლიანტები გადაუქექავთ, საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი და პოლონეთი მოუვლიათ. მათ მიერ შედგენილი მიმოხილვა ობიექტურ მეცნიერულ ანგარიშს წარმოადგენდა, რომლის მიხედვითაც გრაალს ყველზე აქტიურად ჯვაროსანი რაინდები ეძებდნენ, რომელთაგან ტამპლიერთა ორდენმა იერუსალიმში, სოლომონის ტაძრის ადგილას ჩატარებული გათხრებისას, სავარაუდოდ, მიაგნო კიდეც. ამას მოწმობდა ამ ორდენის ძლიერებისა და სიმდიდრის სწრაფი ზრდა, რომელიც შეწყდა საფრანგეთის მეფე ფილიპე ლამაზისა და მისი გავლენის ქვეშ მყოფი რომის პაპის შურიანობის გამო. ერთ დღეში, 1307 წლის 13 ოქტომბერს, პარასკევ დღეს, ფილიპემ ტამპლიერთა ხელმძღვანელები დააპატიმრა, შემდეგ ინკვიზიციისათვის ჩვეული მეთოდებით აწამა და დახოცა, მაგრამ მათი სიმდიდრის ხელში ჩაგდება ვერ მოახერხა და მიწების კონფისკაციით დაკმაყოფილდა.
„სოლომონის ტაძრის რაინდებთან“ მჭიდრო კავშირი უნდა ჰქონოდათ ერეტიკოს-გნოსტიკოსებს, კატარებს, რომლებიც, შესაძლოა, თავიანთ ტაძრებში ინახავდნენ და თაყვანს სცემდნენ გრაალს, ვიდრე ვატიკანი კათოლიკე რაინდების დახმარებით ალბიგოურ ომებში მათ გაანადგურებდა. მათი უკანასკნელი სიმაგრე - ციხე-კოშკი მთა მონსეგიურზე 1244 წლის 16 მარტს დაეცა. მოხსენებაში მოიხაზა ძიების სავარაუდო ტერიტორიები პირენეებისა და ალპების მთებში, ისტორიულ ლანგედოკში, სადაც შუა საუკუნეებში კატარების მოძღვრება იყო გავრცელებული.
-ინგლისში, მეფე ართურის მითიური სამეფოს ტერიტორიაზე, გრაალის ამჟამად ყოფნას უარყოფს...-ჩაილაპარაკა ჰიმლერმა.
-კი, საფუძვლიანად ასაბუთებს... გლასტონბერის სააბატოს ნანგრევებში არ იქნებაო...
-რეინგარდ, „პარციფალზე“ გსმენიათ?- პენსნეს ქვემოდან მონაცრისფრო-ცისფერი, სევდიანი თვალები გამოაბზინა ჰიმლერმა.
-ვაგნერი უდიდესი კომპოზიტორია, ძალიან მიყვარს!-ჰეიდრიხი მუსიკის დიდი მოყვარული იყო და მშვენივრად უკრავდა ვიოლინოზე.
-არა, მე ფონ ეშენბახის პოემაზე გეუბნებით, ვაგნერის უკვდავ ოპერას რომ უდევს საფუძვლად. მისი და კატარების ისტორიის ანალიზის შედეგები ახალგაზრდა მკვლევარმა ოტტო რანმა გრაალის მისტერიებზე დაწერილ წიგნში ორი წლის წინ გამოაქვეყნა. თქვენსავით ახალგაზრდაა, ენერგიული და ეგ ადგილები მოვლილიც აქვს. წერილებსაც წერდა ჩემს სახელზე, ექსპედიციები დამიფინანსეთო.
-ჰოდა, მივიღოთ ეს-ეს-ში. ალპინისტების ექსპედიცია წაიყვანოს, - შესთავაზა ჰეიდრიხმა.
-კარგი, ასე მოვიქცეთ. დავითანხმებ და მაშინვე უნტერშარფიურერის წოდებას მივანიჭებ, ხალისიანად რომ იმუშაოს... ჰიტლერი გრაალის სასწრაფოდ პოვნას ითხოვს.
ჰეიდრიხმა აღარაფერი თქვა. საქაღალდე დაკეცა და წამოდგა.
-ჰაილ!- ხელის აწევით ნაცისტური მხედრული სალამი მისცა და სხვა, რელიკვიების ძებნასთან შედარებით, მისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საქმეების მოსაგვარებლად გაეშურა.
* * *
სამშობლოდან გადახვეწილის ბედი მწარე რომ იყო, ფრიდონ წულუკიძე წარმოიდგენდა, მაგრამ ამდენ ხანს თუ ვერ დაბრუნდებოდა, არ ეგონა, როცა 1921-ში თურქეთის გავლით საფრანგეთისკენ გაემგზავრა და ბოლშევიკებს გარიდებულ ქართველობას შეუერთდა. რვა წლის შემდეგ გერმანიაში გადასახლდა, გერმანელ არისტოკრატზე დაქორწინდა და ორიოდე წელი „ქართველ მოქალაქეთა საზოგადოებასაც” თავმჯდომარეობდა, მაგრამ აქაც მეტად უჭირდა საარსებო საშუალების პოვნა, მით უფრო, რომ ახლა მის იმედად მოხუცი მამა, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ბავშვიც იყო. პროფესია ერთი ჰქონდა – სამხედრო ოფიცერი, მაგრამ უცხოეთის არმიებში დაქირავებისაგან დიდხანს იკავებდა თავს, - ქართულ ჯარში ეწადა სამსახური. ამაყი თავადი ცხოვრებამ აიძულა, დახმარების სათხოვნელად მიხეილ ახმეტელთან მისულიყო, რომელსაც გერმანელები საბჭოთა კავშირის დიდ ექსპერტად მიიჩნევდნენ. ახმეტელი ახალი გადმოსული იყო ვროცლავის აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტიდან გერმანიაში, სადაც „არქეოლოგიური კვლევის ცენტრის” სახელით შენიღბული საბჭოთა კავშირის კვლევის ინსტიტუტი შეუქმნეს ჰიმლერმა და ჰეიდრიხმა. ამ უკანასკნელთან ახმეტელს დიდი ხნის თანამოაზრეობა აკავშირებდა. მესამე რეიხის ასეთი გავლენიანი პირების მეგობარს არ უნდა გასჭირვებიყო ფრიდონისთვის სამსახურის გამოძებნა.
–დარწმუნებული ვარ, პირველ მსოფლიო ომში ბატალიონის უფროსად შენს ნაბრძოლობას გერმანელები დაგიფასებენ, მით უფრო, რომ ვილჰელმ კაიზერისგან მე–3 და მე–4 ხარისხის „ანნას მედლებით” ყოფილხარ დაჯილდოებული,–დააიმედა მიხეილმა.
მართლაც, ჰეიდრიხთან ახმეტელის შუამდგომლობით, ფრიდონს ეს–ეს–ში შესვლისთანავე ობერ–შტურმფიურერობას დაჰპირდნენ, უახლოეს მომავალში წოდების მომატების პერსპექტივით. მიუხედავად იმისა, რომ ერთგვარი „გამოსაცდელი ვადის” განმავლობაში სამსახური დახაუს საპატიმრო ბანაკში მოუწევდა, ფრიდონმა ვეღარ უთხრა უარი. დახმარების სათხოვნელად მისული კაცისაგან სამსახურის ადგილის დაწუნება არ იქნებოდა ლამაზი და, შესაძლოა, ნაცისტები ამის გამო გადამტერებოდნენ კიდეც. სად წასულიყო? წასასვლელი არსად ჰქონდა. 1937 წელი იყო. როგორც საბჭოთა კავშირიდან ახლადგამოღწეულები ჰყვებოდნენ, საქართველოში ისეთი სასტიკი რეპრესიები მძვინვარებდა, რომ უმნიშვნელო ბრალდებით ხვრეტდნენ ადამიანებს. სხვა სამშობლო კი მას არ ჰქონდა.
როცა ფრიდონი დახაუს ბანაკის უფროს ჰანს ლორიცს ადიუტანტმა წარუდგინა, ობერფიურერმა ეჭვის თვალით შეათვალიერა. მაღალ და ხმელ ქართველს გერმანელივით აკურატულად გადაევარცხნა ჩალისფერი დატალღული თმა და რომ არა ოდნავ კეხიანი ცხვირი, ნამდვილი არიელისგან არც განირჩეოდა. ჰანსმა მის პირად საქმეს ჩახედა.
–ორმოცდასამი წლის ხდებით... – თავად ერთი წლით უმცროსი იყო და თუმცაღა ეცადა, ჰეიდრიხის პროტეჟეს მიმართ უკმაყოფილება მისი თანდასწრებით მაინც არ დასტყობოდა, ხმის ინტონაციამ მაინც გასცა. „აზიური წარმოშობის კაცს, თანაც არისტოკრატს, რა დისციპლინა უნდა მოვთხოვო?”-უსიტყვოდ დაეწერა სახეზე.
რამდენიმე თვეში მისი დამოკიდებულება ფრიდონის მიმართ მკვეთრად შეიცვალა. ქართველი მისდამი მინდობილ საქმეს პირნათლად და სკრუპულოზურად ასრულებდა, ასე რომ ჰანსი მისი დანახვისას აღარ ბრეცდა თავის სქელ ტუჩებს და, ისედაც აპრეხილ ცხვირს, კიდევ უფრო მაღლა აღარ სწევდა. ყველასთვის გასაოცრად, ლორიცმა წულუკიძისთვის წოდების ვადამდე მომატების თხოვნით პატაკი თავად დაწერა, როგორც ჩანს, ქართველების არანაკლებ არიელობაში დარწმუნდა.
–მალე ჰაუპტშტურმფიურერი გახდებით, ფრიდ,–გაღიმების მიუხედავად, ჰანსის ოდნავ მოჭუტულ თვალებში მაინც გამოსჭვიოდა მგლური სიავე. ფრიდონმა მხოლოდ თავშეკავებული მადლობა მოახსენა. ობერფიურერმა მის ცისფერ თვალებში ღრმა სევდა ვერ ამოიკითხა.
ფრიდონს ნებისყოფის დიდი დაძაბვის ფასად უჯდებოდა გულის გაკერპება უამრავი განათლებული, პატიოსანი და უდანაშაულო ადამიანის ტანჯვის ცქერისას, რომლებიც ციხეში მხოლოდ იმიტომ იყვნენ ჩაყრილი, რომ განსხვავებულად აზროვნებდნენ ან წინაპრებში ებრაელი ერიათ. ოფიცრის მაღალმა ხელფასმა საშუალება მისცა, მიუნჰენში უკეთეს და მზიან ბინაში გადაეყვანა ოჯახი, ბავშვები სრულფასოვნად ეკვება და სამსახურში სასიარულოდ ავტომობილი შეეძინა, მაგრამ ერთი სული ჰქონდა, როდის გაასრულებდა ამ „გამოსაცდელ ვადას” და ჩვეულებრივი ჯარისკაცული ცხოვრებით იცხოვრებდა. მამას არ აგებინებდა, რცხვენოდა ეთქვა, რომ ციხის ყარაულად მუშაობდა.
კვირაში ერთხელ, სხვა ოფიცრების მსგავსად, ბანაკის პასუხისმგებელ მორიგედ უწევდა დახაუში ღამე დარჩენა. გვიან შემოდგომაზე ეს–ეს–ის ხელმძღვანელობამ მათ რიგებს მასზე ათი წლით უმცროსი ოტტო რანი შეჰმატა. როგორც ამბობდნენ, ჰიმლერი რაღაცით განურისხებია ამ პოეტივით შთაგონებულმზერიან ახალგაზრდას, რომელიც სამხედრო ფორმას ისეთი ზიზღით დახედავდა–ხოლმე, გეგონებოდა, ძალით ჩააცვესო. ასეთ დროს მორკალულ შავ წარბებს ზეაზიდავდა და ოდნავ გადმობურცული ზედა ტუჩით გაბუტულ ბავშვს ემსგავსებოდა.
ობერშტურმფიურერ რანს ფრიდონთან ერთად უწევდა დღეღამური მორიგეობა. მიუხედავად იმისა, რომ წოდება ერთნაირი ჰქონდათ, ოტტოს, როგორც ახალბედას, ბანაკს არ ანდობდნენ და მორიგე ქვედანაყოფის უფროსის მოადგილედ ნიშნავდნენ.
ღამის სიჩუმეში ნაგაზების განუწყვეტელი ყეფით ნერვებმოშლელი ფრიდონი დასამშვიდებლად ის–ის იყო, წიგნს ჩაუღრმავდა, რომ შემობრაგუნებული ოტტო საყარაულო პოსტების შემოვლის დასრულების შესახებ მოხსენებისათვის გამოეჯგიმა.
–დაჯექი, არ არის საჭირო ამ უკუნ ღამეში ფორმალობები,–ხელით ანიშნა წულუკიძემ.
ოტტო გადაშლილ წიგნს მიაჩერდა: აშკარად, შრიფტი ეუცნაურა და დაინტერესდა.
–რა ენაზე კითხულობთ, ჰერრ ფრიდ?–ვეღარ შეიკავა ცნობისწადილი.
–ჩემი მშობლიური ენაა, ქართული,–გაეღიმა ფრიდონს, – მსოფლიოში არსებული თოთხმეტი ანბანიდან ერთ–ერთია.
–გამიგონია, მაგრამ არასოდეს მინახავს,–გამოტყდა ოტტო,–მე ხომ პროფესიით ისტორიკოსი ვარ.
–აქ როგორ მოხვდით?
–გრალი** ვერ ვუპოვე ფიურერს და ჰიმლერი გამიბრაზდა, დახაუში გამამწესა.
ფრიდონი შეცბა. წიგნს, რომელსაც ის კითხულობდა, „გრაალის მცველნი” ერქვა და სულ ახალი გამოცემული ჰქონდა ემიგრაციაში მყოფ მწერალს, გრიგოლ რობაქიძეს. „ნუთუ ქართული იცის და სათაური წაიკითხა?”
-გრაალს ეძებდით? –გაიკვირვა ფრიდონმა,–რა საოცარი დამთხვევაა, ეს წიგნიც გრაალზეა, ოღონდ მოქმედება ჩვენს დროში, საქართველოში ხდება. ეშენბახის „პარციფალის” თავისებური ინტერპრეტაცია აქვს ავტორს.
–სწორედ მაგ მისტიკური პოემის ალეგორიების ამოხსნით ვიყავი დაკავებული, როცა ჰიმლერმა „ანანერბეში” მიმიწვია...
გრაალის თემამ ორივეს დაავიწყა, თუ ვინ იყვნენ და სად იმყოფებოდნენ. ოტტო თავდავიწყებით უყვებოდა თავის ექსპედიციებზე ლანგედოკში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობაში ლეგენდებად შემორჩენილ ამბებს ისმენდა, კატარების ისტორიისა და ეშენბახის პოემის ანალიზით ნაპოვნი „გასაღებების” მეშვეობით პოულობდა მონსეგიურის მთის მიწისქვეშეთში საიდუმლო შესასვლელებს... მუხლების კანკალით როგორ ჩავიდა ლომბრივისა და საბარტის გროტებში, მკრთალ სინათლეზე მბზინავ მთის ბროლის კედლებსა და კირქვის სტალაგმიტებს შორის ხეტიალში რამდენი წმინდა კატარისა და ტამპლიერი რაინდის ძვლებს შეეხო ხელით. ადამიანების თვალთაგან დაფარულ ამ უძველესი სალოცავების კედლებზე გამოსახული სიმბოლოებით ოტტომ დაადგინა, რომ კატარებსა და სოლომონის ტაძრის რაინდებს შორის ნამდვილად იყო ძალზე ახლო კავშირები და ღრმად იყო დარწმუნებული, რომ გრაალის ადგილსამყოფელიც აქ იყო.
–აი რა მომიყვა, ჰერრ ფრიდ, ერთმა მწყემსმა: იმ დროს, როცა მონსეგიურის კედლები ჯერ კიდევ დანგრეული არ იყო, კატარები იქ ინახავდნენ წმინდა გრალს. მის დასაუფლებლად და თავიანთი პრინცის დიადემაში დასაბრუნებლად ლუციფერის არმიები გარს შემოერტყნენ ციხესიმაგრეს. ყველაზე კრიტიკულ მომენტში ციდან ჩამოეშვა თეთრი მტრედი, რომელმაც ნისკარტით მთა ორად გააპო. ესკლარმონდამ, გრალის მცველმა, ეს წმინდა, უძვირფასესი ქვა ნაპრალის სიღრმეში ჩააგდო. მთა კვლავ შეიკრა – ასე გადარჩა გრალი. როცა დემონები შევიდნენ ციხესიმაგრეში, უკვე გვიანი იყო და, გაცოფებულებმა, ყველა წმინდანი დაწვეს. ყველა დაიღუპა, ესკლარმონდა დე ფუას გარდა. როცა მან დაინახა, რომ გრალი გადარჩენილია, მთის მწვერვალზე ავიდა, გადაიქცა თეთრ მტრედად და აზიის მთებისაკენ გაფრინდა.
–პარციფალის ნახევარძმა, ფეირეფიცი, აზიიდანაა, – თქვა ფრიდონმა, – მისი არაევროპელობა კი კანის ფერით არის გამოხატული – იგი ჭრელია, თეთრიც არის და შავიც. გრაალის დედოფალი რეპანს დე შოი მას ცოლად მოჰყვება და მიდის მის სამეფოში – ინდოეთში, მათი შვილია Presviter Joahn, რომელმაც სათავე დაუდო აღმოსავლეთის ქრისტიან მეფეთა დინასტიას.
–ეშენბახი ხომ ტამპლიერი იყო, ამიტომაც პოემაში გაჟღერებულია მათი უმთავრესი იდეა, რომ არა ცეცხლითა და მახვილით, არამედ ქრისტიანული სიყვარულის ძალით უნდა გაერთიანდეს მსოფლიო ჭეშმარიტი სარწმუნოებით. წმინდა გრალი უნდა იქცეს იმ ცხოველმყოფელ ძალად, რომელიც ყველა ხალხსა და ქვეყანას გააერთიანებს ერთი რელიგიით, რათა მოისპოს ომები და დამყარდეს საყოველთაო მშვიდობა. ეს უნივერსალისტური იდეაა ზეეროვნული მსოფლიო სახელმწიფოსი, ანუ იმპერიისა, რომელსაც ვოლფრამის კონცეფციით არა რომის პაპი, არამედ გრალის მიერ არჩეული მეფე უდგას სათავეში. მის ხელთ ორი მახვილია – საერო და სასულიერო ხელისუფლებათა სიმბოლოები.
–პრესვიტერი იოანე ორივეს აერთიანებს, მეფე–ბერია, როგორც ტამპლიერები იყვნენ რაინდი–ბერები. ოტტო, არ გიფიქრიათ, აღმოსავლეთის რომელი ქვეყანა იყო მისი სამეფოს პროტოტიპი ეშენბახისათვის? საით გაფრინდა ესკლარმონდა?
იმ ღამეს საუბრის დასრულება არ დასცალდათ, შემდეგ მორიგეობაზე ოტტომ ისევ ჩამოაგდო თავის იდეა–ფიქსზე საუბარი.
–რას წერს გრალზე თქვენი თანამემამულე?
–რომანის სამოქმედო დრო გასული ათწლეულია, რუსეთის მიერ 1921 წელს დემოკრატიული საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებული აგრესიისა და ოკუპაციის პერიოდი, რასაც უსასტიკესი რეპრესიები მოჰყვა. რობაქიძე ქმნის გრაალის ქართულ მისტიკურ ისტორიას, თითქოს თასი საუკუნეთა განმავლობაში ქართველ ერისთავთა საგვარეულოს ებარა. იმ დროს, როცა რომანის მოქმედება მიმდინარეობს, მისი მფლობელია თავადი გიორგი. საქართველოს უმძიმესი განსაცდელი უდგას და გიორგი ერისთავი ქმნის გრაალის წმინდა მხედრობას, მის რაინდთა ორდენს. აქ შეიძლება შევნიშნოთ პარალელები ეშენბახთან: ვოლფრამის მეთევზე–მეფეს თავადი გიორგის სახით თავისი ორეული ჰყავს, ხოლო პარციფალს – ლევან ორბელიანი, ასევე თავისი ორეული გრაალის დედოფალსაც ჰყავს, თავად გიორგის რძალი ნორინა, რომელიც ქართველი კი არა, უცხოელია.
–რატომ არის ქართული გრალის დედოფალი უცხოელი ქალი? –ჩაეძია ოტტო.
–რატომ თხოვდება ეშენბახისეული გრაალის დედოფალი აღმოსავლეთში?–კითხვითვე უპასუხა ფრიდონმა.
–გამოდის, ტამპლიერებს გრალი თქვენს სამშობლოში წაუღიათ,–გაიღიმა ოტტომ,–ამიტომაც ვერ მივაგენი ევროპაში. კიდევ კარგი, არ ისურვა წმინდა გრალმა, რომ მე მეპოვა, თორემ იდგებოდა ახლა ვეველსბურგის ციხე–კოშკში, შავი მარმარილოსგან მისთვის გამოკვეთილ კვარცხლბეკზე...
ფრიდონმა ტუჩებთან თითი მიიტანა, ანიშნა: სიფრთხილე გვმართებსო. ოტტო ამაზე კიდევ უფრო გაღიზიანდა და, მართალია ჩურჩულით, მაგრამ მაინც უთხრა:
–ამ ყველაფრის შემხედვარე, რაც ახლა ხდება, ძალიან ვღელავ. საით მიექანება ჩემი გერმანია? ჩემნაირ შემწყნარებელ და ლიბერალ ადამიანებს სამშობლოში აღარ ედგომებათ, უფრო სწორად, მათ აქ, დახაუში მიუჩინეს ადგილი!
–რა გიკვირთ? ნაციონალიზმი ნაძირალების თავშესაფარია,–ჩურჩულითვე უპასუხა წულუკიძემ.
ემოციების მოზღვავების ფონზე წარმოთქმულ ამ სიტყვებში ოტტო რამდენიმე დღეში კიდევ ერთხელ დარწმუნდა, როცა პატიმრის ზოლებიან პიჟამაში გადაცმულ პროფესორ იაჰვენსენს დახაუს ერთ–ერთ ბარაკში შეეფეთა. რანი 1922–26 წლებში გიესსენის უნივერსიტეტში იურისპრუდენციას, გერმანულ ფილოსოფიას და ისტორიას სწავლობდა და სწორედ ამ პროფესორს ემადლიერებოდა ყველაზე მეტად, როგორც თვითონ ამბობდა, საკუთარი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისათვის. სპეტაკი თეთრი თმითა და ჭაღარა „ბლანჟე” წვერით ის სხვა პატიმრებს შორის თვალში მოსახვედრი იყო და ოტტოს მის დანახვაზე სირცხვილის ალმურმა თავით ფეხამდე დაუარა. ვერც კი გამოელაპარაკა. ან რა ეთქვა, რა იმედი მიეცა, როცა აქედან ცოცხალი თითქმის არავინ გადიოდა? კრემატორიუმში ყოველდღე წვავდნენ შიმშილისგან ჩონჩხადქცეულ ათობით ადამიანყოფილს.
დილით ჰანსმა, ბანაკის უფროსმა, ფრიდონს და ოტტოს დაავალა: დოქტორი ავგუსტ ჰირტი მოვა და ყველანაირად შეუწყეთ ხელიო. „ანანერბეს” სამედიცინო პროგრამების ხელმძღვანელი რამდენიმე თანაშემწით გამოცხადდა. პუტკუნა ლოყებქვეშ, ფორმის საყელოზე მარცხნივ, შავ ფონზე სამი ვერცხლისფერი რომბი და ორი ორმაგი ხაზი ბზინავდა, ანუ მათზე მაღალჩინოსანი იყო და ორივემ ერდროულად გაშალეს მარჯვენა, ნაცისტური მისალმების ნიშნად. ჰირტმა ოდნავ აიქნია ხელი, თითქოს არც შეუნიშნავს მასპინძლები, ისე გასწია ლაზარეთისკენ.
ჰირტს 20–დან 60 წლამდე ასაკის ებრაელები აინტერესებდა, როგორც თვითონ განმარტა, „ჩამოყალიბებული თავის ქალებით”. ფრიდონი და ოტტო მთელი დღე კარტოთეკაში იქექებოდნენ, იწერდნენ ებრაელი პატიმრების ნომრებს, რომლებსაც მერე მათი ქვეშევრდომები ეძებდნენ ბარაკებში და რიგ–რიგობით მიყავდათ ლაზარეთში. შტანგენფარგლით მათი თავების გაზომვებში დოქტორი ისე იყო გართული, სადილად არც კი შეუსვენია. ნაშუადღევს, როგორც იქნა, დაღლილობა მოერია და ორივე თავისთან დაიბარა:
–მნიშვნელოვანი ექსპერიმენტისთვის ქალი და მამაკაცი შევარჩიე. აი მათი ნომრები, ოღონდ თავად გაისარჯეთ და მოიყვანეთ, ჯარისკაცებს ნუ ანდობთ ამ საქმეს,–სთხოვა.
ქალი მალევე იპოვეს და მიუყვანეს. მამაკაცის მოსაძებნად ბარაკში რომ შევიდნენ და ნომერი გამოაცხადეს, ახალგაზრდა, მაგრამ უკვე თმაშევერცხლილი განაწამებსახიანი ებრაელი გამოეყო პატიმართა რიგებს. „ალბათ მუსიკოსი იქნება”,–გაიფიქრა ფრიდონმა, როცა მის გრძელ თითებს შეხედა, რომლებსაც, სიგამხდრის მიუხედავად, მაინც არ დაკარგოდათ სინატიფე. ორი ბიჭუნა ერთდროულად აზლუქუნდა. ერთი, უფროსი, ათიოდე წლის, ცდილობდა ვაჟკაცურად მოქცეულიყო და ცრემლი შეეკავებინა, მასზე უმცროსი კი მამას გამოენთო და მერე ოტტოს წინ დაეცა მუხლებზე, ჩექმაზე ხელი შემოხვია და შესტირა:
–ჰერრ, ნუ წაიყვანთ მამას, გევედრებით, მის მეტი აღარავინ დაგვრჩა... ჰერრ...
ოტტო გახევდა და წულუკიძეს ფერდაკარგული თვალებით გახედა. ფრიდონსაც ხახა გადაუშრა, ხმას არ იღებდა. ასაკოვანმა, თეთრთმიანმა პატიმარმა მიირბინა, ბავშვს ხელი მოხვია და წამოაყენა, გულში ჩაიკრა. ამ დროს აჰხედა ოტტოს. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ და პროფესორმა თავისი მოწაფე იცნო.
პატიმარმა ბავშვი უკან–უკან წაიყვანა, თან ოტტოს თვალს არ აცილებდა. მეორეც მას აეკრა. ფრიდონმა შენიშნა ეს მრავლისმეტყველი უტყვი მზერა და გახევებული ოტტო გამოაფხიზლა:
–ობერშტურმფიურერო, გველოდებიან!
ოტტოს წამოსვლას წამოლასლასება უფრო ერქვა. თავჩაღუნული დასცქეროდა თავის გაპრიალებულ ჩექმებს, რომლებიც ბავშვის ცრემლს დაენამა.
პატიმარი ლაზარეთში მიიყვანეს, თავად კი ეზოში გაჩერდნენ. ოტტომ, რომელმაც სიგარეტის წევა დახაუში ყოფნისას დაიწყო, მაგრად მოქაჩა თამბაქო. თითები უცახცახებდა.
–ის ჩემი მასწავლებელი იყო უნივერსიტეტში. ვაღმერთებდი,–უპასუხა ოტტომ ფრიდონის კითხვანარევ მზერას,–ჰერრ ფრიდ, თქვენ გყავთ შვილები?
–ორნი. მათი თანატოლები არიან.
–მადლობა ღმერთს, ოჯახს არ მოვეკიდე. ამ ჯოჯოხეთურ დროში, ვინ იცის, რა მოელით ბავშვებს.
ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ ჰირტის თანაშემწეებმა ჯარისკაცების დახმარება ითხოვეს. როდესაც ლაზარეთიდან საკაცეებით ორი გვამი გამოასვენეს, ოტტო უცნაურმა ცნობისწადილმა აიტანა, მივიდა და ერთ–ერთს ზეწარი გადახადა. ძვირად დაუჯდა თავმოკვეთილი გვამის წაკვეთილი კისრიდან გამოჩხერილი ხერხემლის მალების, გადაჭრილი საყლაპავისა და ტრაქეის, სისხლშემხმარი არტერიების ნაფლეთების ხილვა. ფრიდონი რომ არ მიშველებოდა ფერწასულს, ალბათ წაიქცეოდა. მერე გაზონზე ახლადმოსულ თოვლს არწყია.
ფრიდონს ომის დროს ჭურვებით დაფლეთილ–დასახიჩრებული ბევრი უნახავს და აიტანა. მაგრამ ომი – ომია, აქ კი ფრონტის ხაზი არ იყო. ან, იქნებ იყო კიდეც, ოღონდ უხილავი, რომელიც საზღვარს ავლებდა ადამიანობასა და მხეცობას შორის?
ჰირტმა და მისი თანაშემწეებმა სამშობლოს წინაშე ვალმოხდილებივით, ამაყად თავაწეულებმა გაიარეს და ჩანთები ავტომანქანის საბარგულში ჩააწყვეს. მათი ყნოსვა მიჩვეული იყო ფორმალინის სპირტხსნარის მძაფრ სუნს, რომელიც უხვადდასხმული ძვირფასი ოდეკოლონების არომატში ირეოდა. კმაყოფილებით დატოვეს დახაუ: ხუმრობა ხომ არაა, თავის ქალების კოლექციას ორი ტიპიური სემიტის ეგზემპლარი შემატეს!
ოფიცრების ოთახში ოტტო მარტო იყო, იჯდა და იატაკს უაზროდ დასჩერებოდა. წულუკიძე შევიდა, გვერდზე მიუჯდა და ისე ანგარიშმიუცემლად უთხრა, რომ ეგონა, სხვა ვიღაც ლაპარაკობდა მის მაგივრად:
–ოტტო, მე გავიყვან აქედან თქვენს პროფესორს და იმ ბავშვებს, თუ, რა თქმა უნდა, დამეხმარებით და არ დამასმენთ.
ახალგაზრდამ ამოხედა, თვალებში სინათლის სხივი გაუკრთა.
–მერე მე მივატოვებ ამ სამსახურს და წავალ სადმე, მთებში... მაგრამ თქვენ ძალიან რისკავთ, შეიძლება მათ ადგილას აღმოჩნდეთ.
ფრიდონმა თავი გაიქნია.
–მეც წავალ აქედან, აქ ჩემი ადგილი არ არის. წავალ ესპანეთში, კომუნისტებთან ვიომებ.
ღამის მორიგედ წასვლის წინ ფრიდონმა მამისა და ბავშვების პასპორტები გულის ჯიბეში ჩაიდო და მეუღლეს სთხოვა, მათი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის თითო კომპლექტი გაეტანებინა. ქმრის დაღარულ შუბლსა და დარდიან თვალებს რომ შეხედა, გრეტამ არაფერი ჰკითხა, ჩუმად შეუსრულა თხოვნა.
ზამთრის გრძელი ღამე ისე გალიეს ფრიდონმა და ოტტომ, არაფერზე უსაუბრიათ. ორივე თავ–თავის ფიქრებს მისცემოდა.
ირიჟრაჟა. რანმა, მეტი დამაჯერებლობისათვის, ავტომატი გადაიკიდა და ბარაკისაკენ წავიდა. მისი ლულა ზურგში მიუშვირა და მოხუცი და ბავშვები ისე წამოიმძღვარა წინ.
-შნელ, შნელ!
ფრიდონს ავტო მოფარებულში ეყენა. სანამ პროფესორმა ტანისამოსი გამოიცვალა და ბავშვებსაც გადააცვა, ოტტო მოშორებით იდგა და თვალყურს ადევნებდა, ვინმეს შემთხვევით არ გამოევლო. როცა პატარები მანქანის საბარგულში ჩატიეს, პალტოგადაფარებული მოხუცი კი უკანა სავარძელთან ჩაწვა, ოტტო კაბინეტში ავიდა და დაღუპულების ჟურნალში სამივეზე ჩანაწერი გააკეთა. ფრიდონს დაანახა, თითქოს ამით უნდოდა დაერწმუნებინა, რომ არ უღალატებდა.
წულუკიძემ მანქანა დაქოქა. როცა მის უკან დახაუს მძიმე ჭიშკარი მიიხურა, მაშინღა ამოისუნთქა. შესასვლელის თაღზე შემომჯდარმა უზარმაზარმა არწივმა, რომელსაც სვასტიკა ბრჭყალებით ჰქონდა ჩაბღუჯული, ქვის ბრმა თვალებით გააყოლა მზერა მანქანის საბარგულს, რომელშიც ორი პატარა გული გამალებით ძგერდა.
სახლებს გასცდნენ თუ არა, ფრიდონმა მანქანა მომცრო ტევრში შეაყენა. ბავშვები საბარგულიდან ამოიყვანეს, დაბუჟებული ხელ–ფეხი დაუზილეს და უკანა სავარძელზე დასვეს. ყმაწვილები, რომლებიც პატიმრობას დროზე ადრე დაეჭკვიანებინა, ყურადღებით ისმენდნენ მათ დარიგებებს. ფრიდონმა მამამისის პასპორტი პროფესორს გადასცა.
–ელ იაჰვენსენი,–მადლიერი ღიმილით გაუწოდა ხელი მოხუცმა.
–სასიამოვნოა, ჰერრ, თქვენი გაცნობა,–მექანიკურად უპასუხა ფრიდონმა, – ობერ–შტურმფიური წულუკიძე,–ხელი შეაგება.
მანქანა საავტომობილო ტრასაზე გაქროლდა. სამშვიდობომდე გრძელი გზა ჰქონდათ გასავლელი, რომლის ყოველ ნაბიჯზე შეიძლება გესტაპოსფორმიანი სიკვდილი ყოფილიყო ჩასაფრებული. მიუნჰენი და აუგსბურგი მშვიდად გაიარეს, არავის შეუჩერებია. როგორც ჩანს, ესესელის ფორმა, საყელოზე სამი რომბითა და ორი ხაზით, საშვის ფუნქციას კარგად ასრულებდა. ფრიდონსაც ამის იმედი ჰქონდა.
ერთ–ერთი სოფლის გზის პირას მდგომ მაღაზიაში ფრიდონმა ბუტერბროდები იყიდა, მისავათებული ბავშვები შეაღვიძა და როცა სარკეში დაინახა, დამშეულები როგორ ხარბად შეექცეოდნენ საჭმელს, ყელში მობჯენილი ბურთი ძლივს გადაყლაპა. იაჰვენსენი, ნებისყოფის დაძაბვით, თავშეკავებულად, მცირე ლუკმებით ცდილობდა მიეღო საკვები, რომ ნაშიმშილარი კუჭი არ ასტკივებოდა.
შტუტგარტის შემდეგ ფრიდონმა გეზი სამხრეთისაკენ აიღო და მალე შვეიცარიის თოვლიანი ალპებიც გამოჩნდა.
–ჰერრ ცულუკიდზე...
–ფრიდი დამიძახეთ.
–კარგით. მინდოდა მეკითხა, თქვენ გერმანელი არ ხართ, ხომ ასეა?
–დიახ, ქართელი ემიგრანტი ვარ.
–კომუნისტებს გამოექეცით, ალბათ, და გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის იმედით დაიწყეთ ფაშისტებთან სამსახური?
–მართალი ბრძანდებით.
–ამ ბოლო დროს ჰიტლერი და სტალინი კარგად უგებენ ერთმანეთს, ალბათ მსოფლიოს გაყოფაზეც შეთანხმდებიან... თქვენ ეს არ გაწყობთ, ხომ ასეა?
–ნამდვილად.
–ციურიხში რომ ჩავალთ, იქიდან მე ერთ ძველ მანუსკრიპტს გამოგატანთ, იქნებ რაიმე საბაბით ჰიმლერთან შეაგზავნოთ. ამით ამ მოსალოდნელ ზავს ბუტაფორიად აქცევთ და, ვინძლო, ამით დავატაკოთ ეს ორი მონსტრი, რომ კაცობრიობა გადავარჩინოთ.
–ძველ მანუსკრიპტს დღევანდელ პოლიტიკაში რა ძალა ექნება?–დაეჭვდა წულუკიძე.
პროფესორს ჩაეღიმა.
–შეიძლება გაგონილი გქონდეთ კიდეც, რომ ჰიტლერი მისტიური გრაალის დაუფლების სურვილითაა შეპყრობილი.
–თქვენი ნასტუდენტარის მონაყოლიდან შეიძლება ასეთი დასკვნის გაკეთება.
–ავსტრიის ანშლუსით იმიტომ დაიწყო, რომ ლონგინის შუბი ჩაეგდო ხელში. ახლა გრაალის ჯერია, რომ მსოფლიოზე გაბატონდეს. ეგ ხელნაწერი, რომელსაც მე მოგცემთ (თუ, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად გავაღწიეთ), წერილია. სხვათა შორის, თქვენს სამშობლოში დაიწერა***. იქიდან ჰიმლერი შეიტყობს, რომ გრაალს ევროპაში ტყუილად ეძებს, მერე კი თავის ფიურერსაც დაარწმუნებს, რომ გერმანულ სამხედრო მანქანას, დასავლეთის ნაცვლად, აღმოსავლეთისაკენ უქნას პირი. თქვენც ხომ ეს გინდათ?
წულუკიძე ჩაფიქრდა. „რობაქიძის აზრს იმეორებს, გეგონება, რანთან ჩემი საუბარი მოისმინაო. ოტტომ ხომ არ მოუყვა?”
–ოტტოსთან მე არ მისაუბრია, არ დაგვცალდა,–გამოიცნო ფრიდონის აზრები იაჰვენსენმა.
–არა, მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. რა თქმა უნდა, ვეცდები.
–ფრიდ, თქვენ ამით, შესაძლოა, პლანეტა დაღუპვისაგან იხსნათ. გერმანელი ფიზიკოსების პოტენციალი, თავის რუს და ამერიკელ კოლეგებთან შედარებით, ძალიან მაღალია. ისინი ახლოს არიან კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი და მომწამლავი იარაღის – თერმობირთვული ბომბის შექმნასთან. უფრო სწორად, რამდენიმე წელიწადში იქნებიან. თუ ჰიტლერმა ანგლოსაქსებთან გამართა ომი, როგორც ახლა აპირებს, ამასობაში რუსებიც კუდში მიჰყვებიან და მათაც ექნებათ ანალოგიური ბომბები. რა თქმა უნდა, ეს ორი პარანოიკი ბოლოს მაინც დაეტაკება ერთმანეთს, მაგრამ ამ იარაღით დედამიწას დაანგრევენ. ამიტომ, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჰიტლერი საბჭოთა კავშირს დაესხას თავს და არა – ინგლისსა და ამერიკას. მსხვერპლი ამ შემთხვევაშიც უზარმაზარი იქნება, მაგრამ კაცობრიობა გადარჩება.
–თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ძველი წერილი ჰიტლერს გეგმებს შეაცვლევინებს?
–შეუძლებელია, გერმანელთა დაზვერვას არ მოეხსენებინა, რომ ჩეკისტი ალექსანდრე ბარჩენკო კრიპტოგრაფიის საიდუმლო განყოფილების უფროსი, 1926 წლიდან ყირიმში ეძებს გრაალს. და არა მარტო ყირიმში. ასე რომ, სტალინსაც ჰიტლერივით სჭირდება ეს არტეფაქტი, იმავე მიზნით – მსოფლიოზე ბატონობისთვის. თუ ჰიტლერმა დაიჯერა, რომ გრაალი საბჭოთა კავშირშია, სასწრაფოდ დაიწყებს ომს, თუნდაც გერმანიის სამხედრო პოტენციალი არ იყოს საამისოდ სათანადოდ მომზადებული*. ფიურერი აღარ დაუგდებს სამხედრო სპეციალისტების რჩევებს ყურს, იმის შიშით, სტალინმა არ დამასწროს გრაალის ხელში ჩაგდებაო.
–კარგით, დამარწმუნეთ. ვეცდები ეს მანუსკრიპტი ჰეიდრიხის ხელში აღმოჩნდეს. ეს საკმარისი იქნება?
–სავსებით. ალბათ გაგონილი გექნებათ ანეგდოტი ოთხი H-ს შესახებ–Himmlers Hirn Heisst Heydrich**** .
–კი, რა თქმა უნდა, ემიგრანტულ წრეებშიც შემოაღწია, – უგულოდ გაიცინა წულუკიძემ,–თქვენ შეძლებთ, ბავშვებს უპატრონოთ? შვეიცარიაში გყავთ ვინმე ნაცნობი? ცოტაოდენ ფულს მე მოგცემთ, დასაწყისისთვის გეყოფათ.
–მაგაზე არ შეწუხდეთ, ფრიდ. შვეიცარიის ბანკებში საკმაო ფული ირიცხება ჩემს სახელზე. თუ თქვენ გადაწყვეტთ ოჯახთან ერთად თავი დააღწიოთ ფაშისტებს, სიამოვნებით გიმასპინძლებთ.
–მადლობელი ვარ შემოთავაზებისათვის, ჯერ საზღვრის გადაკვეთაა საქმე.
წულუკიძემ შვებით ამოისუნთქა: ესე იგი, ბავშვებსა და მოხუცს უცხო ქვეყანაში ბედის ანაბარა არ მიაგდებდა. ახლა მთავარი იყო, რომ იქამდე ჩაეყვანა.
საბაჟო კონტროლი უპრობლემოდ გაიარეს. გაუმართლათ: ახალგაზრდა გესტაპოელმა მებაჟემ პასპორტებში კირკიტს თავისი მხედრული ქცევით საჭესთან გაბღენძილი ობერშტურმფიურერისათვის თავის მოწონება ამჯობინა.
იაჰვენსენმა ფრიდონს ციურიხის ერთ–ერთ ბანკთან მიყვანა სთხოვა. მალევე გამობრუნდა, დაპირებული მანუსკრიპტითა და ბანკნოტებით სავსე ჩანთით.
–ფრიდ, თავს მოუფრთხილდით, თქვენნაირი ადამიანი ბევრი არ დადის ამ ბედკრული დედამიწის ზურგზე,–უთხრა ჭაღარამ დამშვიდობებისას. მისი სიმკვირცხლის შემხედვარე წულუკიძეს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ აქამდე თითქოს მოტეხილი მოხუცი ალპების ჰაერს ერთბაშად გაეახალგაზრდავებინა, ან, შეიძლება, თავისუფლებამ იმოქმედა ელექსირივით.
* * *
ჰიმლერმა ჰეიდრიხის მიერ მოტანილ ლათინურ ხელნაწერს დახედა, ექსპერტთა დასკვნასაც გადაავლო თვალი, სადაც მისი ხუთასწლოვანი ასაკი ეჭვგარეშედ იყო ცნობილი. ჯერ ფრიდონ წულუკიძისთვის ჰაუპტშტურმფიურერის წოდების მინიჭების ბრძანებას მოაწერა ხელი, მერე ეს–ესიდან წასვლის შესახებ ოტტო რანის პატაკს წააწერა: „დაკმაყოფილდეს”. მდივანს დაავალა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დავალების შესასრულებლად ესპანეთში ხანგრძლივი მივლინებით წულუკიძის გამგზავრების ბრძანება მოემზადებინა.
ამასობაში რეინგარდიც მოვიდა.
–რა გითხრათ მიხეილ ახმეტელმა საქართველოსა და ტამპლიერებს შორის კავშირების შესახებ?–დაინტერესდა ჰიმლერი მისალმებისთანავე.
–თავად ისტორიკოსი არ არის, მაგრამ ისე ჰყვარებია თავიანთი წარსული, სპეციალისტებზე არანაკლები ცოდნა აქვს. მისი ნათქვამით გამოდის, რომ ეშენბახის პრესვიტერი იოანე ქართველთა მეფე დავით მშენებელია. ჰერალდიკა ამას ამტკიცებს: დავითის დროშა ისეთივეა, როგორც ტამპლიერების – შავ–თეთრი, მასზე წითელი ჯვარია და რქიანი ცხენი - მარტორქა. იგივე სიმბოლიკა აქვთ ტამპლიერებს – წითელი ჯვარი თეთრ ფონზე, მათ გერბზე კი ზუსტად ასეთივე ცხენია გამოსახული. ჰენრიხ, შეუძლებელია, ეს შემთხვევითი დამთხვევები იყოს. მანუსკრიპტში ნახსენები დინასტია კი ტრაპიზონის მეფეებისაა, კომნინების. მათ წინაპარს, ისააკს, დავითის ქალიშვილი ჰყავდა ცოლად. ტრაპიზონის იმპერია ყირიმის მიწებსაც მოიცავდა. ახლა გასაგებია, რას ეძებენ იქ რუსები.
–ვივარაუდოთ, რომ გადარჩენილმა ტამპლიერებმა გრაალი კავკასიაში წაიღეს?
–სრულიად შესაძლებელია. ფილიპე ლამაზის დროს საქართველოს სამეფო ხელახლა გაძლიერდა და მათ მეფეს, გიორგი ბრწყინვალეს, „რაინდთა მფარველსაც” უწოდებდნენ – ასე ამბობს ახმეტელი.
–რას იტყვით, რეინგარდ, გავაგზავნოთ ექსპედიცია თურქეთში?
–აუცილებლად. ყირიმსა და კავკასიაშიც... როცა ჩვენი გახდება.
–ალბათ, მალე!–გაიღიმა ჰიმლერმა,–ფიურერს მოვახსენებ.
–ჰაილ ჰიტლერ!

-- * * *
მზემ შეალღო ტიროლის მთები, ერთფეროვანი სითეთრე ნაკადულებით გადაიდღაბნა, ალაგ–ალაგ ენძელებმა წამოყვეს თავი. ოტტო აუჩქარებლად ავიდა მწვერვალზე. ქვიდან სველი თოვლი გადაფერთხა, ჩამოჯდა და დაისის ალში ცეცხლის ენებად აელვარებულ მყინვარებს მიმოავლო თვალი.
16 მარტი მოახლოვდა – დღე, როცა საუკუნეების წინ ორასმა კატარმა თავი გაწირა რწმენისათვის და ცოცხლოდ დაწვა ირჩია. მათთან მისვლა ეწადა, ვისი დატოვებული კვალის შესწავლასაც მიუძღვნა ცხოვრება. როგორ უნდოდა, მათი მოძღვრებისათვის თანამედროვენი ეზიარებინა, რითაც სისხლით მორწყულ მიწაზე მშვიდობა და ახალი წესრიგი დამყარდებოდა, მაგრამ ევროპის გაერთიანებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორს იყო. ბნელი ძალები ბოგინობდნენ ცოდვილ დედამიწაზე და კაცობრიობას კაცთაკვლის მორიგ ციკლონში ითრევდნენ.
აქედან კი, მაღალი გადმოსახედიდან, ადამიანთა უგუნურობისაგან შორს, ოტტო გრძნობდა სამყაროსთან სიახლოვეს, მასთან ერთობის დაუოკებელ სურვილს. ციანიდის ამპულა კბილებით გადატეხა და ნუშისსსუნიანი სითხე პირში ჩაეღვარა. მალე აყვავდებოდა ნუში...

-----------------------------------------------
* ალბერტ შპეერი, „მოგონებები”
** ოტტო რანი თავის წიგნებში ამ არტეფაქტს, ფრანგული მანერით, „გრალს” უწოდებს
*** იხ. „მეთოთხმეტე მეფე”
**** (გერმ.)ჰიმლერის ტვინს ჰაიდრიხი ჰქვია