24 June, 2012

სიმბოლოებთან მებრძოლი დონ–კიხოტების დრო


„ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე, რაა მამული?
წინაპართაგან წასულა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული...“

გენიოსმა გალაკტიონმა ორ სტრიქონში მოაქცია თეზისი, რომ თაობათა ცვლის მიუხედავად, ადამიანის მიერ სამშობლოს აღქმაში გადამწყვეტი მნიშვნელობა იმ გარემოსთან სიმბოლური ერთობის განცდას აქვს, რომელიც ბავშვობიდან ჩაგვებეჭდა.
 სიმბოლო წარმოადგენს საგნის, მოვლენის, ადამიანური ურთიერთობის ან საზოგადოებრივი ინსტიტუტის ხატებას, რომელიც შინაარსობრივად გამოეყო ამ ობიექტების ფიზიკურ არსს, ჩვენს ცნობიერებაში აღიბეჭდა და მეტაფიზიკური შინაარსი შეიძინა. სიმბოლოები ქმნიან  სამყაროს, რომელშიც ჩვენ სულიერად ვცხოვრობთ, რომელიც ახდენს  ხალხის, საზოგადოების, ქვეყნის ისტორიის მოწესრიგებას, ჩვენს კოლექტიურ ცხოვრებაში ერთმანეთთან აკავშირებს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. წარსულის სიმბოლოები: ზღაპრული გმირები, ისტორიული პერსონები, კულტურულ–არქიტექტურული ძეგლები, რომელთა მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება გვაქვს ყველას, ვინც თავს კონკრეტული ეთნოსის წარმომადგენლად მივიჩნევთ, ქმნიან კოლექტიურ მეხსიერებას, რომელიც ცალკეულ ინდივიდთა მექანიკურ მასას ხალხად გვაქცევს. ზოგადეროვნულ სიმბოლიკაზე შეტევის შედეგად შესაძლებელია საზოგადოების „კულტურული ბირთვის“ რღვევა, რასაც მოჰყვება მისი სტრუქტურების დაშლა: ხალხი ისე გათითოკაცდება, რომ ადამიანების  ერთმანეთთან ურთიერთობაში მეგობრულ–მეზობლურ–ნათესაური სოლიდარული კავშირებიც კი ქრება.
მე–20 საუკუნეში ჩვენ გავიარეთ ის ეტაპები, როცა ბოლშევიკებმა, რელიგიასთან ბრძოლის ლოზუნგით, მრავალი ისტორიულ–კულტურული ძეგლი ხელყვეს და მათ მიერვე შექმნილი ახალი სიმბოლიკის დანერგვას შეეცადნენ. თუმცა, ფაშიზმთან დაპირისპირების საფრთხემ აიძულა სტალინი, მტერთან ბრძოლაში ხალხის შეკავშირების მიზნით, მოეხდინა ისტორიული სიმბოლოების რესტავრაცია (ფილმი „გიორგი სააკაძე“, ტეტრალოგია „დავით აღმაშენებელი“ და სხვ.). თანდათან მიღწეულ იქნა ათასწლოვანი წარსულის  კულტურული ხაზის გაგრძელება საბჭოთა სინამდვილეში: „შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი“. ქართველთა ცნობიერებაში სხვადასხვა ეპოქისა და ტიპის სიმბოლიკის სიმბიოზი შეიქმნა: ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე თანაარსებობდნენ დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და სტალინის კულტები, ვახტანგ გორგასლის ძეგლი  თეატრად ქცეულ მეტეხის ტაძართან, თბილისის თავზე აღმართული „ქართვლის დედა“  და ნარიყალას ნანგრევები, ხოლო რესტავრირებული „ძველი თბილისი“ გვერდიგვერდ მდგომი სიონით, მეჩეთითა და სინაგოგით ქართული ტოლერანტობის (რასაც მაშინ „ინტერნაციონალიზმი“ ერქვა) სიმბოლოდ გადაიქცა. შუა საუკუნეების წარსულზე ხსოვნას გვინახავდა სვეტიცხოველი და ჯვარი, გელათი და ბაგრატის ნანგრევები, ვარძია და უფლისციხე, ხოლო უახლესი წარსულისას – დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალები და  სტალინის  ძეგლ–მუზეუმი გორში. ეს არ იყო მხოლოდ არქიტექტურული ეკლექტიკა, ის სიმბოლოებად იყო ასახული ხალხის ცნობიერებაში: ქართულ სუფრაზე „წინაპართა სადღეგრძელოსთან“ ერთად „ომში დაღუპულთა და დიდი ბელადის“ სადღეგრძელოებიც ითქმებოდა. დიდი ადგილი ეჭირა სპორტს, განსაკუთრებით ქართულ ფეხბურთს, თბილისის „დინამოს“ წარმატებები საერთო–სახალხო დღესასწაულად იქცეოდა ხოლმე.
ამგვარი ზოგადეროვნული სიმბოლიკის შექმნა ძალდატანებით, ხელოვნურად შეუძლებელია, თუ ის არ ასოცირდება კოლექტიურ მეხსიერებაში რაიმე ისეთ მოვლენასთან, რომელმაც  ძლიერი საერთო განცდა გამოიწვია. ამიტომაც კომუნისტურმა სიმბოლიკამ, როგორიც იყო „ნამგალი და ურო“ და ლენინის ყველგანმდგომი ძეგლები. ჩვენში ფეხი ვერ მოიკიდა და უცხოდ დარჩა, ხოლო 1941–45 წლების ომი, თითქმის ყველა ოჯახიდან ადამიანები რომ იმსხვერპლა და 1956 წლის 9 მარტის ტრაგედია ხალხის ე.წ. „ცოცხალ“ მეხსიერებაში ინახებოდა.
80–იან წლებში ქართული საზოგადოება სტრუქტურირებული იყო არსებული სოციალური წყობის წესებით, მას ჰყავდა გამოკვეთილი კულტურული ელიტა, რომელსაც პატივს სცემდა და რომელიც ერის ლიდერის, პარტოკრატიასთან შუამავლის, ხალხის აზრის მიმტანის, მისი ინტერესების დამცველის  როლს ასრულებდა: 1978 წელს ენის სახელმწიფოებრიობის დაცვა, „თვითმფრინავის ბიჭების“ საქმეზე შუამდგომლობა და სხვა, ნაკლებად გახმაურებული ფაქტები ამის მაგალითებად გამოდგება. ამ საზოგადოებრივ ფენას ჯერ „წითელი ინტელიგენცია“ უწოდეს, შემდეგ „ჩარეცხეს“ კიდეც, მაგრამ ვერ ჩაანაცვლეს „ახალი ელიტით“, რამდენადაც დღეს „გაპიარებული“ ნიჭიერი და უნიჭო მწერლები, მსახიობები, მომღერლები თუ სპორტსმენები არ სარგებლობენ ხალხში იმ საერთო თაყვანისცემით, რაც მათ სიმბოლოებად აქცევდა. დღეს ისინი, ერთეულების გარდა, მხოლოდ „ცნობადი სახეები“ არიან, რომელთა ფუნქცია პოლიტიკური შოუს ფასადის შელამაზებაა და არა – ხალხის ინტერესების დაცვა.
საბჭოთა კავშირი ჩამოყალიბდა იდეოკრატიულ სახელმწიფოდ, რომლის ლეგიტიმაცია და ჰეგემონიის შენარჩუნება ემყარებოდა სწორედ სიმბოლოებისა და იდეების ავტორიტეტს, და არა – ინდივიდუალურად ხმის მიცემის სპექტაკლს ე.წ. პოლიტიკურ ბაზარზე, ამდენად, მისი რღვევა ასე სწრაფად არ მოხდებოდა, რომ არა საზოგადოების გამამთლიანებელი სიმბოლიკის მიზანმიმართული ნგრევა, რასაც თავად კომუნისტური პარტიის მაშინდელი ელიტა  ფარულად ხელს უწყობდა. მანამდე მკაცრად ცენზურირებული აზრებისადმი ამგვარი „ლოიალობის“ საყოველთაოდ ცნობილი მაგალითია ედუარდ შევარდნაძის მფარველობა თენგიზ აბულაძის ფილმისადმი „მონანიება“, რომლის ეკრანებზე გაშვებამ კულტურული შოკი გამოიწვია. მიუხედავად ამ ნაწარმოების ზოგადსაკაცობრიო იდეებისა, ჩვენს რეალობაში ფილმმა კონკრეტული როლი შეასრულა – სტალინის კულტისა და მასთან დაკავშირებული კომუნისტური იდეალების ჩამოფშვნა მოახდინა. ბერია, ორჯონიკე და სხვა ბოლშევიკები დემონებად გადაიქცნენ, სტალინის თაყვანისცემა – პენსიონერ–ვეტერანთა რეტროგრადობად. არქიტექტურაში საბჭოთა სიბოლოებზე შეტევის ეს პროცესი „ძეგლების ნგრევის“ დიდ ტალღაში გამოიხატა, რომელმაც საქართველოს ყველა კუთხე–კუნჭულს გადაუარა.
საზოგადოებრივ–პოლიტიკური ცხოვრების ასპარეზზე ქვეყნის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოსულ „ეროვნულ მოძრაობას“ საკუთარი სიმბოლიკა  სჭირდებოდა, რომელიც ჩაენაცვლებოდა წარმატებით დანგრეულ საბჭოთა ხატებებს. ახლის არარსებობის გამო მოხდა გადავიწყებული სიძველეების რეანიმაცია, აფრიალდა 1918–21 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამფეროვანი დროშები. ეროვნულ გმირთა პანთეონში შემოვიდნენ იდეური მიმდინარეობის  ამ ტალღის შესაბამისი დადებითი სახეები: 1924 წლის აჯანყების მეთაური ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ტრაგიკულად დაღუპული თანამედროვე, გაუტეხელი დისიდენტი მერაბ კოსტავა, წმინდანად და ერის სულიერ მამად შეირაცხა ილია ჭავჭავაძე.
„ეროვნულ მოძრაობის“ პერიოდს სიმბოლურად დაუკავშირდა დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის დაცვის სამოქალაქო აქციებით დაიწყო სტუდენტი ახალგაზრდობის აქტიურობა, ასევე უზენაესი საბჭოს (პარლამენტის) შენობა და მასთან განუყოფლად დაკავშირებული ტერიტორია, სადაც 1989 წელს მოხდა ჩვენს „ცოცხალ მეხსიერებაში“ აღბეჭდილი, თვითმყოფადობისათვის ბრძოლისა და ერის ერთიანობის განცდის მომნიჭებელი 9 აპრილის ტრაგედია.
ქუთაისში  პარლამენტის გადატანის მიზნით მისი ახალი, მინისბაკნიანი კუს ფორმის ჯერ დაუსრულებელ შენობაში საზეიმო სხდომის ჩატარების ახირებაც და იმავდროულად, დავით–გარეჯის ტერიტორიის აზერბაიჯანისადმი კუთვნილების განცხადებაც იმის უკანასკნელი ფაქტებია, თუ როგორ დაუნდობელ ბრძოლას აწარმოებენ სააკაშვილის „ვარდოსნები“ ყველა ამ სიმბოლოსთან. მათ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეცვალეს „მენშევიკური“ (სოციალ–დემოკრატიული) საქართველოს დროინდელი სახელმწიფო სიმბოლიკა: სამფეროვანი დროშა – თეთრი ხუთჯვრიანით, რომელსაც არანაირი ემოციური კავშირი არა აქვს ჩვენს ისტორიაში მომხდარ მოვლენებთან, გარდა 2003 წლის „ვარდების რევოლუციისა“; ხოლო გერბი, მასზე გამოსახული საწყლად მომზირალი ლომითა და დამხრჩვალ ცხვარს მიმსგავსებული „ოქროს საწმისით“, შუასაუკუნოვანი ევროპელი რაინდების საგვარეულო გერბების ასოციაციას იწვევს და ემოციური მუხტით ვერაფრით შეედრება წმინდა გიორგისა  და შვიდი მნათობის გამოსახულებიან, შვიდქიმიანი ვარსკვლავში ჩასმულ ძველ გერბს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 1991 წლის დეკლარაციაზეა გამოსახული. თავად ამ დეკლარაციის მიღების ფაქტის მნიშვნელოვნობის მიჩქმალვა მეთოდურად ხდება დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნით 26 მაისს, რომლის მხოლოდ ქრონიკალური აღმა გვაქვს, რამდენადაც მისი შესაბამისი ისტორიული მოვლენა ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში „ცოცხალი“ აღარ არის. თავის დროზე, გამსახურდიას ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის გამოცხადება ტრაგედიის ზუსტად ორ წლისთავს იმ განზრახვით დაამთხვია, რომ დღესასწაულის  9 აპრილის თარიღის ტრაგიკულობასთან შერწყმით მისი სიმბოლური დატვირთვა გაეძლიერებინა.

შკარაა, რომ ჩვენი საზოგადოების „კულტურული ბირთვის“ სიმბოლოებთან ბრძოლის 25 წლის წინ დაწყებულ პროცესს სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო გააფთრებით აწარმოებს, ვიდრე გამსახურდიას დროინდელი საზოგადოებრივ–პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელსაც იგივე სახელს (ოღონდ ქართულად) – „ეროვნული მოძრაობას“ ვუწოდებდით: გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟი მაშინ აზრად არავის მოსვლია, ისევე, როგორც 9 მაისის თარიღით მანიპულირება.  ასევე ვერანაირი პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვერ აიხსნება „პადოშას კანონის“ მიღება კომუნისტური სიმბოლიკის აკრძალვის თაობაზე, როცა ამგვარი პოლიტიკური მიმდინარეობა ჩვენში ამჟამად არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით იმ  ზიზღს ყოველივე კოლექტიურისადმი, რაც ლიბერტარიანული იდეოლოგიის მატარებელ დღევანდელ პოლიტელიტას შინაგანად ახასიათებს, რომელსაც წითელი ფერის დანახვაც კი ხარივით აღიზიანებს. დღევანდელი მმართველების „წარსულის გადმონაშთებისადმი“ სიძულვილისა და მართვის ავტორიტარული მეთოდების პარადიგმა ჩვენს ისტორიაში გასული საუკუნის  20–30–იან წლებში ადვილად მოიძებნება, რის გამოც მათ „ნეობოლშევიკები“ და „ნეოკომკავშირლები“ შეერქვათ, შესაბამისად, აღარავის უკვირს, რომ გაზეთ „ალიას“ ბოლო წლის ნომრებს გამოშვების თარიღად, სიმბოლურად,   „1937 წელი“ აწერია, ხოლო მერები და გამგებლები ძეგლებს აქეთ–იქით „დაათრევენ“.
ისტორიის დიდი ეპოქების შესახებ ხსოვნას მხოლოდ მათი მონუმენტური არქიტექტურა ინახავსო“, – ამბობდა ადოლფ ჰიტლერი, რომელსაც არქიტექტურის ცვლილების მანიაკალური ჟინით ბაძავს ქვეყნის დღევანდელი პირველი პირი. თავისთავად, აღმშენებლობაში არაფერია ცუდი, თუ ის გააზრებულად ხდება და არ არღვევს საზოგადოებრივი ცნობიერების „კულტურული ბირთვის“ შემადგენელ სიმბოლიკას, როგორც ძველი თბილისის იერ–სახეს – მტკვარზე სწორედ ამ უბანში გადაჭიმული „ოლვეის“–ხიდი. ხელისუფალთა დაუოკებელი სწრაფვა, გადაწერონ ისტორია, რამდენადმე უფრო ასატანი იქნებოდა, რომ ამ პარანოიის გამო არ იკარგებოდეს ფასდაუდებელი ისტორიულ–კულტურული მემკვიდრეობაც, რაც ბაგრატის ტაძრის ნანგრევების „რასტავრაციით“ მოუვიდა ჩვენი ქვეყნის გაერთიანების ამ სიმბოლოს. ქვეყნის ბიუჯეტის სახსრებით, გაღატაკებული ხალხის ხარჯზე მსოფლიო მოიარეს და მაინც ვერაფერი შეიგნეს ამ სულითკალოშიანებმა: ათენში ნახეს რესტავრირებული აკროპოლი თუ რომში – რკინა–ბეტონით აღდგენილი კოლიზეუმი?
თეთრი ძაფითაა ნაკერი სააკაშვილის სურვილი, ამგვარი კონვულსიური ქმედებებით როგორმე გადაფაროს, გააფერმკრთალოს ის ღვაწლი, რომელიც მის ამჟამინდელ კონკურენტს – ბიძინა ივანიშვილს აქვს შეტანილი თანამედროვე საქართველოს სულიერი სიძლიერის შესანიშნავი სიმბოლოს – სამების ტაძრის აშენებაში. ასევე ნათელია მიზანი, რატომაც ებრძვის დღევანდელ მმართველთა „ელიტა“ ზოგადეროვნულ სიმბოლოებს – ამ გზით შეიძლება საზოგადოების დეგრადაცია, დესტრუქტურირება, ჩვენი გადაქცევა ატომიზირებულ, ბრბოს თვისებების მქონე, ადვილად სამართავ მასად. 
ძალაუფლების მქონე ჯგუფისთვის ბრბოდ გადაქცეული ადამიანთა მასა, ცხადია, ადვილად სამართავია, მაგრამ ის თავის ქაოტურობაში იმავდროულად მოიცავს დიდ დამანგრეველ პოტენციას, რომელმაც შეიძლება სპონტანურად იფეთქოს და წალეკოს ძალადობაზე დამყარებული სახელმწიფო. ამიტომაც საზოგადოებრივი ყოფის სტაბილიზებისათვის საჭირო გახდება ძველი სიმბოლოების ღრმად გააზრებული, საერთო–სახალხო კონსენსუსზე დაფუძნებული რესტავრაცია ან ახლის შექმნა.