17 December, 2011

იყო და არა იყო რა, ანუ "არჩევნები"

მზე მთებს იქით ჩაგორდა. მაღაზიასთან, მცირე მოედანზე შეკრებილ კრიალოსანმოჩხარუნე პენსიონერებს და უსაქმურ ახალგაზრდებს სოფლის თავკაცი დაემშვიდობათ. მათ მდუმარედ გააყოლეს თვალი დინჯი ნაბიჯით სახლისკენ მიმავალს და ზოგი ნარდის თამაშს მიუბრუნდა, ზოგი კი იმაზე ფიქრს, რით შეექციათ თავი ამ ბუღში, რომელიც ადამიანებს არათუ მოძრაობის, ლაპარაკის ხალისსაც კი უკარგავდა.
თითქოს მსუბუქმა ნიავმაც დაუბერა ფიქრისგან გახურებულ შუბლზე ჰუსეინ ალიევს, რომლის ჭმუნვის მიზეზი მოახლოვებული არჩევნები იყო. საუბნო კომისიაში წევრებად დასანიშნი ხალხის სია რომ ჩაუტანა რაიონის გამგებელს, კარგა ხანს მოუწია მისაღებში მოცდა და კოლეგებისგან ახალი ამბები გაიგო: ოპოზიციას, თურმე, დეპუტატობის კანდიდატად მუსა მამედოვი დაუსახელებია იმის იმედით, ყველაზე დიდი გვარია და ხმების მოპოვება გაუადვილდებაო. მმართველი პარტიის კანდიდატი ეროვნებით ქართველი იყო, მაგრამ ჰუსეინმა საკუთარი გამოცდილებიდან კარგად იცოდა, რომ ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა. გამგებელმა მკაცრად გააფრთხილა:
–ასი თვალი გამოისხი და როცა მამედოვი ან მისი ხალხი თქვენკენ გამოჩნდება, არ გამოგეპაროს, ვისთან დაიჭერს საქმეს.
–ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ მეტყვით, უფროსო,– რაც შეიძლება დამაჯერებლად მიუგო ეჭვნარევ მზერაზე, – მამედოვი ხომ მას გარე ბიძაშვილად ერგებოდა და ეს გარემოება გამგეობაში უკვე გამოჩხრეკილი ექნებოდათ.
„რატომ არ სჯერათ ამ გურჯებს, რომ ჩვენ ქირვას (ნათლიას) არ ვუღალატებთ?“–ფიქრობდა ჰუსეინი. ნაბოლარა ვაჟის წინადაცვეთის რიტუალის ჩატარებაზე კარგა ხანს ითრია ფეხი, სანამ გამგებელთან ამ გზით დამოყვრება არ მოახერხა. ბრძნულად განსაჯა: როცა რევიზია წყალსადენის გაყვანის ხარჯებს ჩაუჯდა, ალიევს უკვე ციხის საკანი ელანდებოდა, მაგრამ ქირვამ ხელი დააფარა და კონტროლის პალატის შერბილებული დასკვნა პროკურატურაში აღარ მოხვედრილა.
–რამდენი ამომრჩეველიცაა სიაში, 100% თუ არა, 99%–ს მოიტან! ლაი–ლაი და თავის მართლება მერე არ გიშველის... იცოდე, სასამართლომდე თუ მივიდა შენი საქმე, მე ვეღარაფრით დაგეხმარები,– მუქარანარევ ტონს თანაგრძნობა შეურია ქირვა–გამგებელმა.
ჰუსეინმა მხოლოდ თავი დაუქნია, იმის ნიშნად, რომ თავს არ დაზოგავდა, თვალწინ კი ისევ ციხის საკნის სურათი წარმოუდგა, სადაც ქართველი ქურდები ძალით აჭმევდნენ ღორის მწვადს, „თათარო, თათაროს“ ხორხოცით. „არა, ეს არ მოხდება, არჩევნებს ჰუსეინი მოიგებს, ხალხი მას დაუჯერებს!“
ჭიშკრის ხმა რომ გაიგო, ცოლმა აივნიდნ გადმოსძახა:
–ჰუსეინ, აი ჰუსეინ!
–რა იყო?
–სად ხარ აქამდე, ბიჭები გელოდებიან, სახლის უკან თამაშობენ, გახედე...
მის უფროს ვაჟს და ძმისშვილებს ნათურა ტოტზე ჩამოეკიდათ და „ჯოკერს“ ხმამაღალი შეძახილებით თამაშობდნენ. ჰუსეინი რომ მიუახლოვდათ, კარტი მაგიდაზე დაყარეს და ხმადაბლა მოახსენეს სოფელში უცხო მანქანის გამოჩენის და მისი მარშრუტის შესახებ.
–გასაგებია, ვისთანაც იყვნენ... ყოჩაღ, კვლავაც ყურადღებით იყავით!
მეორე დღესვე ჩამოუარა მამედოვის წარგზავნილების მასპინძლებს. ისკანდერ ისმაილოვი, სოფლის მასწავლებელი, მალევე გამოტეხა.
–ჰო, იყვნენ, მოგვეხმარეო...
–და რას დაგპირდნენ?
ისკანდერმა მცირე ხანს იჭოჭმანა, მაგრამ სიძის გამჭოლ მზერას ვეღარ გაუძლო და დაფქვა;
–პასპორტის ქსეროასლი გამომართვეს და... ათას დოლარს მოგცემთო...
–მხოლოდ ათასს? უყურე მუსას, ფულის გაკეთებაზე ფიქრობს, დეპუტატობაზე კი არა,–ჩაიცინა ჰუსეინმა.
–რა, მეტი უნდა მომეთხოვა?
–აბა რა, მაგათ პარტიას მილიარდერი აფინანსებს, ათასს შენ ან მოგცემს, ან–არა, შენზე კი ხუთჯერ მეტს მაინც გამოწერს, დანარჩენს თავის ჯიბეში ჩაიდებს და არჩევნების შემდეგ ბაქოში გაიქცევა, შენნაირი ბრიყვების მოტყუებით ერთბაშად გამდიდრებული!
–რა ვქნა?
–შენ ხმა არ ამოიღო, რასაც მოგცემენ – წინასწარ გამოართვი, არჩევნებამდე. როცა გკითხავენ, უთხარი: ხალხში ვმუშაობ, მთელი უბანი თქვენსკენ გადმოვიყვანე, მაგრამ ჰუსეინი მიშლის ხელს და იქნებ დაელაპარაკოთ–თქო...
–იცი კიდევ რა თქვეს? გურჯებს აღარ უნდათ სომეხი პრეზიდენტი, ესე თქვი ხალხშიო.
ამაზე ჰუსეინს გულიანად გაეცინა:
–შენც დაიჯერე, რა! ეგრე აწყობთ და ამბობენ, ჭორის მოგონებას რა უნდა?! ბაირამობა რომელმა გურჯმა მოგილოცა, პრეზიდენტის პარტიის გარდა? მისი და ჩვენი ჰეიდაროვიჩის ცოლები რომ დაქალები არიან და საერთო ბიზნესი აქვთ, შენს ყურებამდე არ მოუღწევია? „სოკარი“ და სხვა აზერბაიჯანული ფირმები რომ აქ თავისუფლად მუშაობენ, სომეხი რომ იყოს პრეზიდენტი, გაუშვებდა?! ჰა? შენც იტყვი, განათლებული ვარო, რა... ისიც არ დაგავიწყდეს, სკოლაში მასწავლებლად მე რომ მივაღებინე შენი თავი,–დაამუნათა ჰუსეინმა და წელგამართული წავიდა ოპოზიციის მიერ გადაბირებული თანასოფლელების უკან გადმოსაბირებლად.
მხოლოდ ელშატ ბაირამოვი გაჯიქდა. არაფრით არ გატყდა – ეტყობოდა, მიწის ნაკვეთი რომ მის მეზობელს არგუნეს, ჰუსეინზე ძველი წყენა ჯერაც გულში მწარედ შეენახა.
–არაუშავს, –იფიქრა ჰუსეინმა და უბნის ინსპექტორს დაურეკა.
–ბადრი, პრობლემა მაქვს, ბაირამოვი როა, ელშატა, ოპოზიციის მხარეს იჭერს.
–შვილები თუ ჰყავს იმხელა, სკოლა რომ ჰქონდეთ დამთავრებული?
–კი, ერთმა ბიჭმა სკოლა შარშან დაამთავრა და აქ არის.
–ჰოდა, არ იდარდო, მივხედავ საქმეს.
ათიოდე დღეში პოლიციამ ელშატის უფროსი ბიჭი დააკავა ციკნის ქურდობის ბრალდებით.
–რა ციკანი? ციკნის ფული ბიჭებმა შევაგროვეთ, რომ გვექეიფა და ზელიმხანასგან ვიყიდეთ! –ამტკიცებდა თავის უდანაშაულობას ყმაწვილი.
–აი, ზელიმხანა წერს, ფული არ მოუციათ, უკვე ერთი კვირაა, ციკანი კი ძალით წაიყვანესო,–აუფრიალა გამომძიებელმა თვალწინ მეზობლის ჩვენების ფურცლები,–ეს ქურდობა კი არა, ყაჩაღობაა და ათი წლით მაინც ჩაგსვამთ ციხეში!
–ფული დაგვაკლდა და მაგასაც მივცემთ, ათი ლარის გულისთვის მიჩივლა და ათწლიან სროკზე მიშვებს?–ატირდა ბიჭი.
ელშატ ბაირამოვი არ იყო ისეთი გულუბრყვილო, ვერ მიმხვდარიყო, ვისი გაჩარხული იყო „ციკნის საქმე“. ჯერ ოპოზიციას მიმართა, დამეხმარეთო, და რომ ნახა, მათი ადვოკატებისგან ხეირი არ იქნებოდა, ისევ ჰუსეინთან მიხოხდა:
–შვილი არ გამიუბედურონ, ოღონდ დამახსნევინე და არჩევნებზე რასაც მეტყვი, უსიტყვოდ დაგემორჩილები. მაგათ მოცემულ ორი ათასს ზედ კიდევ მაგდენს დავადებ და მოგცემ, ოღონდ დამეხმარე.
„ყოჩაღ, ბადრი! ნახევარს მაგას გავუყოფ, ეკუთვნის!“–გულში ჩაიცინა ჰუსეინმა. ელშატს ხელი დაავლო და ზელიმხანთან გადავიდნენ. მათ სოფელში ამ უქნარაზე გაუბედურებული ოჯახი არავის ჰქონდა, სული კბილით ეჭირათ და სახელმწიფოსგან სოციალურ შემწეობასაც იღებდნენ.
–ზელიმხან, ან ხვალვე შენი ფეხით ახვალ პოლიციაში და ჩვენებას გადათქვამ: იტყვი, ცოლისთვის მიუციათ ის ათი ლარი და არ ვიცოდიო, ან საქმე ჩემთან გექნება და ყოველთვიურ დახმარებას დაემშვიდობები!–დაემუქრა ჰუსეინი,–აჰა შენ თხუთმეტი ლარი, ხუთი ლარი გზაზე გეყოფა, ათი დაგრჩება.
ფული მიწაზე დაუყარა. ზელიმხანი წელში მოიკაკვა, მადლობების მოხდით კუპიურები ისე სწრაფად აკრიფა ბალახიდან, თითქოს მათი გამტვერიანების ეშინოდა.
–ხვალ დილითვე წავალ, როგორც შენ მითხარი, ისე ვიტყვი პოლიციაში!
–კაი, წავიდეთ,–ხელი მოხვია სოფლის თავკაცმა ელშატს,–ეს ერთხელ მიპატიებია, ბოლო–ბოლო, ჩვენი ცოლები დეიდაშვილები არიან, –დაუყვავა ჰუსეინმა,–სხვა დროს არ მიჰქარო და უჩემოდ საქმე არავისთან დაიჭირო!
–გამაბრიყვეს, ჰუსეინ–აღა, ამხელა კაცი, ფულს დავხარბდი,–მოინანია ბაირამოვმა.
–აბა, ამის შემდეგ ჭკუით იყავი!–ჰუსეინმა გამარჯვებული სახით სახლისაკენ გასწია.

მმართველი პარტიის შტაბ–ბინასთან გამგებლის „ჯიპი“ შენიშნა. ჰუსეინი იქვე, ბორდიურზე ჩამოჯდა. კარგა ხანს მოუწია ლოდინი, მაგრამ ფეხი არ მოიცვალა. როგორც იქნა, ქირვაც გამოჩნდა.
–რა მოხდა, ჰუსეინ, რამ ჩამოგიყვანა?
–სეკრეტნი საქმე მაქვს, იქნებ მანქანაში გითხრათ?
–კაი, ჩავსხდეთ.
ჰუსეინმა ქაღალდის დიდი შეკვრა გაუწოდა.
–ეს რა არის?
–ეს მამედოვის ფულია.
–მე რად მაძლევ? –ხელი უკან წაიღო შეცბუნებულმა გამგებელმა.
–ეს მაგათ მომცეს, ჩემი მოსყიდვის მიზნით, ერთი დოლარიც არ მომიკლია, ისევე ჩამოგიტანეთ, არჩევნებში ჩვენს პარტიას დასჭირდება: დესიტ ტიშჩი!
–ვაა, შენ რა მაგარი ვინმე ყოფილხარ?!–გაუღიმა ქირვამ და შეკვრა გამოართვა,–მშვიდობაა შენკენ? გაიგებდი ალბათ, არჩევნებზე ქალაქიდან დამკვირვებლები იქნებიან?
–მოვუხერხებთ რამეს. სოფელში ყველაფერს ვაკონტროლებ, ყველამ იცის, რომ „ბეშ“ (ხუთიანი) უნდა შემოხაზოს.
–თუ კარგად ჩაიარა ამ ამბებმა, შენ საქმეს ავაორთქლებინებ, გპირდები.
–საღოლ, საღოლ! (მადლობა), ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ მეტყვით, – ჰუსეინი მანქანიდან გადმოვიდა და რამდენიმე შენობის იქით, მოფარებულში გაჩერებული თავისი „ოპელისაკენ“ გულდაარხეინებულმა გაისეირნა.
არჩევნების დღე ჯერ ხეირიანად გათენებულიც არ იყო, თბილისელი ახალგაზრდების ჯგუფი, ყელზე ჩამოკონწიალებული პლასტიკატის „აი–დი“–ებით რომ სკოლის შენობას მიადგა, სადაც საუბნო კომისიას დაედო ბინა.
შუადღემდე ჰუსეინმა სკოლასთან იტრიალა, ჩაინიშნა, ვინ გამოცხადდა და ვინ ითრევდა ფეხს, მერე კი დაგვიანებულებს ჩამოუარა და ლამის კინწისკვრით გარეკა „ბეშის“ მოსახაზად.
საუბნო კომისიის თავმჯდომარე სკოლის დირექტორი იყო, ამ საქმეებში გამობრძმედილი კაცი, უკვე არაერთი არჩევნების გადამგორებელი.
–ჰუსეინ, ხალხი გვაკლდება რომ პროცენტი შესრულდეს, ორასორმოცდაათი გრაფა ცარიელია. ეგ ხალხი აზერბაიჯანშია წასული.
–შენ რამდენს მოახერხებ?
–ჰა–ჰა, ორმოცდაათი–ასი ჩავაგდოთ, ძალიან ყურადღებით არიან.
–კაი, შენ ეგ გააკეთე, ოღონდ ფრთხილად, მე ხალხს „მეორე კრუგზე“ გამოვუშვებ.
ჰუსეინმა იქვე მდგომ სამი მიკროავტობუსის მძღოლს თვალით ანიშნა და მათაც ჩამოუარეს ოჯახებს, კიდევ ერთხელ უნდა მიხვიდეთ საარჩევნო უბანზეო. ბიჭებმა იქვე, ეზოში, ცხვარს წააცალეს თავი და დახელოვნებული მოძრაობებით გაატყავეს.
–აბა ახლა, სტუმრებო, სუფრას შემოვუსხდეთ, ცხვრის მწვადებზე გეპატიჟებით, – მიიწვია სახელდახელო სუფრასთან კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებლები. რომ შეატყო, რამდენიმეს თვალი გამჭვირვალე ყუთისაკენ გაექცა, გაუცინა:
–რამე კი არ იფიქროთ, აქედან უყურეთ მაგ თქვენს ყუთს, არავინ მოგტაცებთ!
სტუმრებსაც მწვადის სუნმა შეუღიტინათ ნესტოებში და კუჭში მარილმჟავას გამოტყორცნამ შიმშილი ძალუმად აგრძნობინათ. თან მოტანილი ბუტერბროდები და პიცები მაგიდას შეჰმატეს და შემოუსხდნენ.
–აბა, საქართველოს გაუმარჯოს, მის მომავალს, აქ მცხოვრებ ყველა ერის ხალხს, ძმურად და მეგობრულად რომ ვცხოვრობთ!–არყიანი ჭიქა ასწია თამადად დამდგარმა თავმჯდომარემ.
–ღვინოს არ ვსვამთ, ყურანი გვიკრძალავს, მაგრამ თქვენ თუ ინებებთ, ისეთი კახური ღვინო გვაქვს სტუმრებისთვის... ლიქიორი, გოგონებო?
ჯგუფ–ჯგუფად შემოსული ადამიანების დანახვაზე ქალაქელები ცოტა კი გაოცდნენ, – დილით საზეიმოდ გამოწყობილი ხალხის რიგები იყო, ახლა კი სამუშაო სამოსიანი გლეხები შემოლაგდნან და აქეთ–იქით საწყლად იყურებოდნენ.
–ლეილა, მიხედე, მიეცი ბიულეტენები!–უბრძანა ახალგაზრდა მასწავლებელს თავმჯდომარემ, – სტუმრებს კი განუმარტა,–ხომ იცით, სოფელია, საქონელი, მიწა... ახლაღა მოიცალეს.
ურნასთან რამდენჯერმე ჯგუფად მივიდა ხალხი და ვერავინ შენიშნა, რომ ამ დროს თითო კი არა, რამდენიმე ბიულეტენი ცვიოდა ვიწრო ხვრელში, ერთმანეთის მიყოლებით.
გადასატანი, მცირე ყუთით ავადმყოფებთან გასული ჯგუფიც შემოესწროთ და უბნის დაკეტვის დრომაც მოიწია. მაგიდები შეაერთეს, ზედ ყუთები დადგეს.
–აბა, სტუმრებმა გახსნან ყუთები და დარწმუნდნენ, რომ საკონტროლო ფურცლები შიგნითაა.
დიდი ყუთის ამოყირავებისას ბიულეტენების გროვა დადგა მაგიდაზე, ზოგი ძირს დაცვენილს დასწვდა, ზოგი ყუთის ფსკერზე მიტმასნილ საკონტროლო ფურცლის ამოღების ცქერით იყო დაკავებული. როგორ შეერია კიდევ 50 ბიულეტენი კომისიის წევრთა ჯიბეებიდან საერთო გროვას, ჩოჩქოლში ვერავინ შენიშნა. ზუსტად იმდენი, რამდენი ხელმოწერაც გააკეთა ლეილამ გარდაცვლილი თანასოფლელების გვარების გასწვრივ.
ოქმიც შედგა და ექსცესებსაც ადგილი არ ჰქონია. ჰუსეინმა „მოხულიგნო“ ახალგაზრდების ჯგუფი სახლში გაუშვა, რომლებიც იმ შემთხვევისთვის ჰყავდა მომზადებული, რომელიმე „ქალაქელი“ თუ გაჯიუტდებოდა და ურნას არ მოსცილდებოდა:
– მართალია, არ დამჭირდით, მაგრამ აჰა თქვენ ასი ლარი, იქეიფეთ!

საოლქო კომისიაში დამკვირვებლების თანდასწრებით მიაბრძანეს ოქმი, სადაც ოპოზიციის ხმები, სტუმრების გარდა, მხოლოდ იმ ორ ამომრჩეველს მოეხაზა, რომელსაც სკოლაში ციფრების ცნობა ვერაფრით ასწავლეს.


მეორე დღეს, ორშაბათს, ხუთჯვრიანი თეთრი დროშა აღიმართა სკოლის წინ აღმართულ ფლაგშტოკზე და შავტუხა გოგო–ბიჭების გუნდმა ერთხმად დააგუგუნა:
„ცისკრის ვარსკვლავი ამოდის,
და ორ ზღვას შუა ბრწყინდება!“
ჰუსეინს მშვიდად ეძინა, ციხე აღარ ესიზმრებოდა.