23 August, 2013

საითკენ, პრემიერო?

                    გაზეთი "ქრონიკა+" #18, 20.08.2013
„არაბული გაზაფხულის“ რევოლუციების შემდეგ ეგვიპტეში განვითარებულმა სისხლიანმა მოვლენებმა პროგრესულად მოაზროვნე კაცობრიობა უნდა დააფიქროს, თუ რამდენად სწორია ცივილიზირებულობის ეტალონად მიჩნეული დემოკრატიული სისტემების გაფეტიშება. ყოველთვის სამართლიანობისა და ჰუმანიზმის იდეალებისაკენ მიჰყავს საზოგადოება სახელმწიფოს მოდელს, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა ირჩევს მმართველებს, წყვეტს ქვეყნის მოწყობის პრინციპებს და შეუზღუდავად იღებს კანონებს? უნდა ვაღიაროთ, რომ, უმცირესობების უფლებების დაცვის მყარი გარანტიების გარეშე, ასეთი დემოკრატია ხშირად ავტოკრატიაზე გაცილებით უარესია.
ეგვიპტე, უძველესი ცივილიზაციის კერა, რომელიც მნახველს პირამიდებითა და სხვა საოცრებებით ანცვიფრებს, დღეს რელიგიური ფანატიზმისა და სამოქალაქო დაპირისპირების ასპარეზადაა ქცეული. საპრეზიდენტო არჩევნებში „ძმები მუსლიმანების“ კანდიდატმა გაიმარჯვა – უმრავლესობის ნებით – და ქვეყანა იმ გზით წაიყვანა, რომ სამხედროები, რომლებიც ზოგიერთ ისლამურ ქვეყანაში პროგრესულად მოაზროვნე ძალად გვევლინებიან, იძულებული გახდნენ, მუჰამედ მურსი დაეპატიმრებინათ და მართვის სადავეები ხელში აეღოთ. ეგვიპტეში ამჟამად მიმდინარე მოვლენებზე საგანგაშო ცნობებს გვატყობინებს ახალგაზრდული საღვთისმეტყველო-შემეცნებითი „ფეისბუქ“–ჯგუფი Junior Theologians:
„მუსლიმი ფუნდამენტალისტები ქუჩის აქციებს აწყობენ ქაიროსა და ქვეყნის სხვა პროვინციებში. ქრისტიანები, რომელნიც ეგვიპტის მოსახლეობის 10%–ს შეადგენენ, ფუნდამენტალისტთა მხრიდან განიცდია სერიოზულ დევნასა და შევიწროებას. დემონასტრატებმა გადაწვეს 8 კოპტური და მართლმადიდებლური ტაძარი. პოლიციამ აღმოაჩინა ფუნდამენტალისტთა მიერ შედგენილი სია იმ პირებისა, რომელნიც უნდა მოეკლათ, მათ შორის იყო ეგვიპტის კოპტთა პატრიარქი. კაიროს წმინდა მარკოზის კათედრალის კედლებზე დაუდგენელმა პირებმა საღებავით წააწერეს: ეგვიპტე იქნება ისლამური! არეულობებისას დაიღუპა 638 ადამიანი და 4000 დაიჭრა“...
ჯგუფის ადმინისტრატორი, სტუდენტი ბექა ებრალიძე აღნიშნავს, რომ ეგვიპტელი მუსლიმების ნაწილი ქრისტიანებს მფარველობს და ოჯახებს იფარებს, ქალაქ სოხაში მათ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს კოპტურ ეკლესიის წინ, როცა გაიგეს თუ რას აპირებდ ,,მუსლიმთა საძმო'', მოვლენებს კი ასეთ  კომენტარს უკეთებს: ფუნდამენტალიზმი საშინელებაა, გინდ მუსლიმური იყოს და გინდა – ქრისტიანული!“ სამწუხაროდ, ჩვენში ასე მხოლოდ ერთეულები აზროვნებენ, თუმცა, ტელეეკრანით სისასტიკისა და ძალადობის ხილვისას, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა დაგმობს ისლამისტ–ფუნდამენტალისტთა ქმედებებს. თუ ეს სხვაგან ხდება, ყველანი ჰუმანისტები ვართ, მაგრამ, როცა საკუთარ ქვეყანაში, რომელიც ტოლერანტობის ტრადიციებით იწონებს თავს, რაღაც ამდაგვარი იწყება, მაშინ სხვა სტანდარტები მძლავრობს ქართველების აზროვნებაში.
წინა ნომერში გამოქვეყნებულ ჩემს სტატიაში მკითხველს შემდეგი წინადადება არ მოეწონა და დამირეკა: „ქართველობა ტურისტებთან ტრაბახობს თბილისის ცენტრში ქრისტიანული ტაძრების, სინაგოგისა და მეჩეთის სიახლოვით, და ხმაგაკმენდილია, როცა სოფლებში მართლმადიდებელი ქართველები მუსლიმან ქართველებს ლოცვას უკრძალავენ.“ მესხეთში რამდენიმე ათეული წლის წინ ჩასახლებული კაცი აღშფოთებული იყო, რომ ადიგენის რაიონში ახლადჩამოსულმა აჭარლებმა ერთ–ერთ სოფელში მინარეთი აღმართეს, რომელიც 40–იან წლებში იქიდან გასახლებულ თურქ მესხებსაც კი არ ჰქონიათ.
თეთრიწყაროს რაიონში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის Asureti Open Air ჩატარება „სატანიზმის“, „მასონობისა“ და „ელგებედეობის“ მიზეზით აკრძალეს, რასაც სრულიად სერიოზულად გვიმტკიცებდნენ ადგილობრივი „ოცნების“ აქტივისტები, და მუნიციპალიტეტიც მათ ნებას დაჰყვა.
ორივე შემთხვევაში გავაანალიზე არგუმენტები, რომლის მიხედვითაც, უმრავლესობის სახელით მოითხოვენ აკრძალვას. არც მკითხველს უთქვამს, მეზობელი სოფლიდან მინარეთზე გადმომდგარი მუეძინის ხმამაღალი ლოცვა მაწუხებს, და არც თეთრწაროელ „მეოცნებეებს“, რომ ტყიდან მომავალი მუსიკის ჟღარუნი მოსახლეობას ძილს დაუფრთხობდა, ანუ ჩვენი კანონიერი უფლებები შეილახებაო. ბოლო თვეებში ჩვენს ქვეყანაში გაბატონდა  აზრი, რომ „ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე“ აიკრძალება ყველაფერი, რაც არ მოსწონს მრევლს, – უმრავლესობის ნებით. ამ „ლოგიკას“  თუ გავყვებით, კარგად გამოჩნდება ჩვენი ხალხის მენტალურ–კულტურული „განვითარების“ ტენდენციის მიმართულება.
მახსენდება, რომ გერმანიის მოსახლეობის უმრავლესობამ, დემოკრატიული არჩევნების პრინციპების დაცვით, ხელისუფლებაში მოიყვანა ჰიტლერი და მისი ნაცისტური პარტია, რაც კაცობრიობას 50 მილიონი უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლის ფასად დაუჯდა.  ამგვარი შემთხვევები ისტორიაში მას მერეც არაერთხელ განმეორდა. დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის 22 წლის განმავლობაში ჩვენც რამდენჯერმე დიდი უმრავლესობით ავირჩიეთ მმართველები, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ავიწყდებოდათ ხალხი და მისი პრობლემები, მალევე დგებოდნენ კლანურ–ელიტარული ინტერესების სამსახურში. ფაქტია, რომ დღეს ეს არის „საოცნებო ქართული დემოკრატია“. სიტყვა „უფლება“ მხოლოდ ფარატინა ქაღალდად ქცეულ კონსტიტუციაში ჩასაწერ ტერმინად იქცა.  
ახლა მკითხველს ვთხოვ, ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენები სარკისებრი პრინციპით წარმოიდგინოს საკუთარ ქალაქში, სადაც უმრავლესობას, ვთქვათ, ქრისტიანები შეადგენენ, ხოლო მათი აზროვნება დაბინდა საკუთარი ტრადიციების „ამერიკანიზაციისგან“ გადარჩენის, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ან სხვა, პატრიოტული ლოზუნგებით  რადიკალურ–ფუნდამენტალისტურმა პოლიტიკურმა ძალამ და, მოსახლეობის უმრავლესობის ნებით, ხელისუფლებას დაეპატრონა. რაღაც ამდაგვარი ხომ არ გვახსენდება, ან ხომ არ ჩანს ამის ნიშნები უახლოესი მომავლისათვის? თუ, ამჯერად კრიტიკული აზროვნება გვიჩლუნგდება, რადგან საფრთხე „ჩვენ“, ანუ უმრავლესობას კი არ გვეხება, რომელთაც „სუფთა სინდისით“ შეგვიძლია გავაგრძელოთ ჯდომა საკუთარ სახლებში, არამედ „სხვებს“, რომლებსაც სხვა ფერის კანი აქვთ, ან სხვანაირად ლოცულობენ, განსხვავებულ ენაზე მეტყველებენ, თუნდაც, სხვანაირად აცვიათ?
სისხლიან სამოქალაქო დაპირისპირებამდე რამდენი ნაბიჯი დაგვრჩა, ან მიგვიყვანენ თუ არა ეგზალტაციის ამ ზომამდე დღევანდელი პოლიტიკოსები თუ „უფლებადამცველები“, არ ვიცი. ვიცი ის, რომ რელიგიურ–პატრიოტული ლოზუნგების მეშვეობით ხალხის ცნობიერებით მანიპულაცია არეულობათა გამოწვევის ყველაზე სწრაფი და იაფი ხერხია. ამგვარი მამულიშვილური აღტკინების შემდეგ სარგებელს რომ ნაძირალათა მცირე ჯგუფი ნახულობს, ხოლო ხალხი სისხლიან დარბევებსა და ომებში იტანჯება, ეს ჩვენმა თაობამ რამდენჯერმე ნახა, მაგრამ, სავალალოა, რომ ჭკუა საკუთარ შეცდომებზე ვერ ისწავლა და „ივანუშკა დურაჩოკიც“ კი მასზე გონიერი აღმოჩნდა.
შარშან თუ საზოგადოების პოლარიზაცია მხოლოდ ერთი ნიშნით მოხდა, – „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მომხრეებად, წლევანდელი ტენდენცია მისი მრავალ, ურთიერთდაპირისპირებულ სეგმენტად დაყოფაა. ჯერ წამოწიეს სექსუალური უმცირესობების თემა, რომელმაც, 17 მაისის მოვლენების შეფასებაში განსხვავებულობით, „თეოკრატებად“ და „ლიბერალებად“ გაყო ქართველობა, მას მალევე მოჰყვა საოკუპაციო მავთულხლართების გაჭიმვა ქართულ სოფლებზე, რითაც რუსეთის პოლიტიკისადმი ლოიალობისა და ანტაგონიზმის ნიშნით გაიმართა მწვავე დისკუსიები. როგორც ჩანს, მიმდინარე თემატიკა საკმარისი არ აღმოჩნდა და ახლა უკვე ისტორიული პირებისა და მოვლენების მიმართ საპირისპირო შეხედულებების მიხედვით გაგრძელდა ჩვენი გახლეჩის მცდელობები: სრულიად მოულოდნელად ამოტივტივდა გორში სტალინის ძეგლის ხელახლა დადგმისა და მისი ნაღვაწის შეფასების თემა, რომელიც გაგრძელდა 2008 წლის აგვისტოს ბრძოლების დაწყებაში საქართველოსა და რუსეთის მაშინდელი ხელისუფლებების ბრალეულობის განხილვით, პერიოდულად ამოტივტივდება–ხოლმე ჯაბა იოსელიანის პანთეონიდან გადასვენების მოთხოვნები და, იმავე ტალღაზე, ზვიად გამსახურდიას სახელის თბილისის აეროპორტისათვის მინიჭების იდეა გააჟღერეს...
ყველა ზემოთჩამოთვლილ თემას (მსგავსი კიდევ ბევრი შეიძლება მოიფიქრონ) ერთი საერთო ნიშანი აქვს: კონკრეტული საკითხების მიმართ ხალხს არა აქვს ერთგვაროვანი დამოკიდებულება, არ არსებობს მათზე საზოგადოებრივი კონსენსუსი და დისკუსიების ხელოვნური გამწვავება არა მხოლოდ შეუძლებელს ხდის საზოგადოების კონსოლოდაციის პროცესს მიმდინარე პრობლემების და სამომავლო მიზნების გარშემო, არამედ ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ ჯგუფებად ჰყოფს ისედაც გათითოკაცებულ ქართველობას, რომელშიც აშკარად იგრძნობა სოლიდარობის გრძნობისა და საყოველთაოდ აღიარებული საერთო–ეროვნული ღირებულებების  დეფიციტი.
საზოგადოება აღარ არის ისეთი ბნელი და ბრიყვი, როგორც გარე ძალებს თუ მათ სპეცსამსახურებს წარმოუდგენიათ, უმალ აანალიზებს სიტუაციას და დიაგნოზსაც სწორად სვამს. მაგალითად, გამსახურდიას თემის უკანასკნელ გააქტიურებას ნინო გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში ასეთ კომენტარს უკეთებს: „ეს წინადადება იმიტომაც შემოაგდეს, რომ კიდევ ერთი, თუნდაც მცირე დაპირისპირების კერა გაჩნდეს. ასე მისხალ–მისხალ ცდილობენ ბუნტის პროვოცირებას“.
ბოლო პერიოდში გარეშე დამკვირვებლისთვისაც შესამჩნევი გახდა, რომ საშემოდგომოდ დაგეგმილი არეულობისათვის წინაპირობების შექმნისა და მეამბოხე სულის მქონე აქტივის ფორმირების  პროცესის ინტენსივობამ  იმატა.  საზოგადოების სეგმენტებად დახლეჩის და მათ შორის დაპირისპირების გამოწვევის პარალელურად, საპროტესტო გამოსვლებისთვის გამოსადეგი საკადრო რესურსის ხელში ჩასაგდებად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების გეგმაზომიერი განაწყენებისა და მთავრობის ოპოზიციაში ჩადგომისკენ მიმართულების მიცემის საყოველთაობა იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ ამ გეგმის განხორციელება მაღალი ეშელონებიდან იმართება და მასში ივანიშვილის გარემოცვის ნაწილიც უნდა იყოს ჩართული.
უკანასკნელი ერთი წლის ტენდენციების ანალიზი იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ თანამდებობებზე მომჯდართაგან  ნეპოტიზმის აშკარა გამოვლინებები და „ქართული ოცნების“ აქტივის იმ ნაწილის მოძულება, რომელმაც საკუთარი ოჯახების უსაფრთხოებით გარისკა და ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად გულანთებული გამოვიდა ქუჩაში, არ იყო სტიქიური მოვლენა და ე.წ. ქართული ხასიათის გამოვლინება, როგორც ეს, ფრანგებთან მსგავსებით,  პრემიერმა ახსნა.   იმავდროულად და საკმაოდ ტენდენციურად ხდებოდა კუდ–ის კადრებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების აშკარა წახალისება–დაწინაურება, ყველა ახალგაჩენილ ვაკანსიაზე დანიშვნა, მათი მხრიდან კი გაისმოდა „ბრიყვი მეოცნებეების“ ხმამაღალი დაცინვა, რომლებიც „გამოიყენეს და გადააგდეს“. ამის შემდეგ რად უკვირს ივანიშვილს ყოფილ „ოცნებელთა“ ბურჯანაძესთან გადასვლის მასშტაბები?! მისი გარემოცვის ნაწილი, რომელმაც გამოიწვია და ხელი შეუწყო ამას, ცდილობს პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს და დააჯეროს ყველა, რომ „ბურჯანაძესთან გადასულები თავიდანვე „სახალხო კრების“ მხარდამჭერები იყვნენ“. ეს ტყუილია!
თუ ბიძინა ივანიშვილმა ისურვა, შემიძლია დავუსურათხატო მისი სახელის გატეხისა და ხელისუფლებაში სხვა ძალის მოსვლის გეგმის ხორცშესხმის მიმდინარეობა, რომლის შესახებ გასული წლის სექტემბრის დასაწყისიდან იყო სიგნალები და იმ დროიდან ვადევნებ თვალს. ძირითადი მომენტები იმდენად იმეორებს გამსახურდიას გამარჯვებისთვის ხელის არშეშლის, მისი შემდგომი ინფორმაციული იზოლაციის, დისკრედიტაციისა და, ბოლოს, სისხლიანი გაცილების სცენარს, რომ ავტორთა კოლექტივის ისევ დიდი ლუბიანკის, ან ხოროშევსკოეს გზატკეცილის დაცული შენობების კაბინეტებში ყოფნა გასაკვირი არ იქნება.

იცის თუ არა პრემიერ–მინისტრმა, საითკენ მიაქანებენ ჩვენს ქვეყანას?



ბექა ებრალიძე: ქალაქ სოხაში მკვიდრმა მულიმანებმა მიატოვეს სამლოცველო და ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს კოპტურ ეკლესიის წინ,როცა გაიგეს თუ რას აპირებდნენ ,,ძმები მუსლიმანები''.
აი ,ასეთი ადამიანების წყალობითააა ცოცხალი ეს ერი!

5 comments:

  1. "უმრავლესობას, ვთქვათ, ქრისტიანები შეადგენენ, ხოლო მათი აზროვნება დაბინდა საკუთარი ტრადიციების „ამერიკანიზაციისგან“ გადარჩენის, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ან სხვა, პატრიოტული ლოზუნგებით რადიკალურ–ფუნდამენტალისტურმა პოლიტიკურმა ძალამ და, მოსახლეობის უმრავლესობის ნებით, ხელისუფლებას დაეპატრონა"......მე პირადად აი აქ ვხედავ პრობლემას, გმადლობთ სტატიისთვის მამუკა <3

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა სტატიის წაკითხვისა და გამოხმაურებისთვის. წინა სტატიებშიც ვწერდი ამ პრობლემაზე, ნახეთ, მაგალითად, "ხელისუფლება აკვარიუმში, შტაინერი და მშიერი ბავშვი", "რუსეთს ივანიშვილის პოკლონი ეჩქარება".

      რამდენადაც არავის არ გამოუთქვამს პროტესტი, რად გვაბრალებ რუსეთის დავალებების შესრულებასო, ესე იგი, ასეცაა. :)

      Delete
  2. 26.08.2013 ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სოფელ ჭელის მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. მინარეთის უკანონოდ დადგმისთვის კი ადგილობრივ მუსლიმებს 200-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ
    http://sknews.ge/index.php?newsid=2088#.UhtDAJIwdqV

    ReplyDelete
  3. სოფელ ჭელის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მინარეთის დემონტაჟის დროს, პოლიციამ ადგილობრივები ჯერ სცემა, შემდეგ კი დააკავა. http://sknews.ge/index.php?newsid=2093#.UhtXJNJSjSm

    ReplyDelete
  4. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს შენობასთან სპეცრაზმსა და მუსლიმებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე მუსლიმი დააპატიმრეს

    http://sknews.ge/index.php?newsid=2101#.UhuGi9JkNRe

    აჭარიდან მუსლიმი მრევლი ახალციხისკენ მიემართება
    http://www.netgazeti.ge/GE/105/News/22873/

    ReplyDelete