03 May, 2011

ჭაობი, რომელიც მიშას ვერტმფრენიდან არ ჩანს

(წაკითხვისთანავე დაწვით!)

როგორც ყველა პატარა ქალაქში, აქაც ცენტრში „ბირჟაა. ახალგაზრდებს აქ ვერ ნახავთ: ან სასწავლებლად არიან დედაქალაქში, ან საზღვარგარეთ – ლუკმაპურის საშოვნელად. ძირითადად, შუა ხნის და უფრო ასაკოვანი მამაკაცები დგანან და, შეთქმულებივით, ხმადაბლა უზიარებენ ერთმანეთს სიახლეებს.

იმ დღეს ბევრნი შეყრილიყვნენ. ჩვეულებრივად არ ეცვათ, საეჭვოდ გამოწკეპილები ჩანდნენ და ორიოდე ბიძას, წარმოიდგინეთ, ძველმოდური შლაპა ეხურა და ჰალსტუხიც კი ეკეთა. საცხრამაისოდ ვეტერანები მედლებს რომ იკიდებენ პიჯაკებზე, ისეთი შეგრძნება დატოვა მათმა ხილვამ. მივესალმე და ჩემი თაობის ჯიბეებში ხელებჩაწყობილს ვკითხე:

–„პრაზდნიკია? ბირჟის დაარსების რომელიმე წლისთავს აღნიშნავთ?

–არა, რას ამბობ. უბრალოდ, მეზობელ რაიონში რაღაც უნდა გახსნას პრეზიდენტმა. ვერტმფრენმა რომ გადაიფრინა, დაინახე? ეგ იყო.

–იქიდან დურბინდით გათვალიერებდათ?

–არა, ამათ გაგვაფრთხილეს,–თვალით მანიშნა წითელჯვრებიანი დროშის ქვეშ გამოფენილ აბრაზე, რომელზეც დიდი ასოებით ეწერა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ნაღდად ვერ მოვისაზრე, რა კავშირი ჰქონდათ ჩვენს უსაქმურებს მეზობლების ზეიმთან და ჩავეძიე.

–ვაა, რას ვერ ხვდები: იქიდან ხომ შეიძლება, მანქანით წამოვიდეს და ესე გამოიაროს?

–აჰა... და თქვენ აქ წარმატებული რაიონის იმიჯს ქმნით? რამდენი გადაგიხადეს?

–კაი რა... თუ გამოიარა, მერე ვნახოთო, –თითო ჭიქით ვადღეგრძელებთ.

–ესე იგი, ნისიად დგახართ?–გამეცინა და გზა განვაგრძე.

ისე, მართლა რა გაუხდა მიშასაც, რომ ამათ ასე მოანატრა თავი?! მთელი მსოფლიო მოიარა, საქართველოში ხომ კუთხე–კუნჭული არ დატოვა და აქ ერთხელ, წინასაარჩევნოდ მაინც ამოსულიყო?! ჩემს თანაქალაქელებს სჯერათ, რომ პრეზიდენტმა თუ აქაური ბუნება ნახა: ტყეებით დაფარული მთა–გორები, მდინარეთა ულამაზესი ხეობები, ისტორიულ–არქიტექტურული ძეგლების სიმრავლე, რომელთაგან ზოგი „მსოფლიო კულტურის საგანძურში შეუყვანიათ, რაიონი ერთბაშად აშენდება, ინვესტიციების ნაკადი ზვავივით მოვარდება და უბადრუკ ყოფას წარსულში გადააგორებს, უსაქმურობისთვის აღარავის ეცლება – საკურორტო ინფრასტრუქტურაში დასაქმდებიან. ტელევიზორები აქვთ და ბათუმ–სიღნაღ–მესტიის შურს ხომ ვერ აუკრძალავ?! არადა,შორი კი არაა: აქსელერატორს რომც არ დააჭიროს ფეხი, დედაქალაქიდან ერთ საათში შეუძლია აქ ამოსეირნება.

თბილისიდან ჩვენამდე ევროსტანდარტების დონის საავტომობილო ტრასა „მილენიუმ ჩელენჯმა” აშშ კონგრესის მიერ მოცემული ფულით კი დააგო, მაგრამ მოასფალტებული შიდა გზები ხომ ადგილობრივი ხელისუფლების დამსახურებაა? მაინცდამაინც აუცილებელი არ არის, პრეზიდენტს ქალაქის ის ადგილები ანახონ, სადაც ასფალტის საფარი ქუჩის ბოლომდე არაა მიყვანილი. ვისაც ნაციონალურ ასფალტზე ფეხშედგმამდე ტალახში ამოსვრა გვაწუხებს, მომავალში მათი დასრულების იმედი გვაქვს, რა თქმა უნდა, თუ ჭკვიანად მოვიქცევით, ანუ შემდგომ არჩევნებშიც 5–იანს შემოვხაზავთ.

წარმოვიდგინე, რას ეტყვიან მასპინძელ–ჩინოვნიკები, ახლადგარემონტებული სკოლის წინ, მოედანზე, ბაზალტის თლილი ქვებით აშენებულ დიდ კვარცხლბეკზე რომ ჰკითხავს,–ეს რისი ძეგლიაო? რას უპასუხებენ, არ ვიცი, მაგრამ სინამდვილეში ეს დიდი ლენინის ნაძეგლარია. წინა ხელისუფლების ფანტაზია მეტს ვერ გასწვდა და ყოფილი აღმასკომის დარბაზიდან ჩამოხსნილი ჭაღი უკუღმა დააკოსეს ზედ, წინ ფარ–ხმალი დაჰკიდეს და რაღაც ავანგარდულ–პატრიოტული გამოუვიდათ. მიშა, უეჭველია, იფიქრებს, რომ ეს განათებული მთა–ბარის” თანამედროვე ხოტბაა.

განათებით კი მართლაც გაანათეს ლამპიონებით ქალაქისა და სოფლების ცენტრალური ქუჩები. მთავარიც ეგაა, რომ გარეთ სინათლეა, თორემ ჩვენს სულებში თუ ჯიბეგაფხეკილობისა გამო ბნელა, –ეგ არაფერი. დამსვენებელს პარკში, ღამის განათების გარდა, პატარა შადრევანიც მოუწყეს. მერე რა, რომ ცოტა ხანში მისი ფერადი ილუმინაცია ხულიგნებმა იმსხვერპლეს და წყალიც ორიოდე თვე აუზში სახანძროს მანქანებით ამატეს , – დროს ხომ არ ჩამორჩებოდნენ?!

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თავის თავმჯდომარეს მინი–ფეხბურთისა და კალათბურთის სამ მოედანსაც ამაყად აჩვენებდა, მის აღმატებულებას რომ აქ ჩამობრძანება ენება და ახალ საჭიდაო დარბაზსაც, შემინულ პოლიციასაც და ევრორემონტიან სასამართლოსაც. მუსიკალური სკოლის შენობა მართლაც გულიანად არის გარემონტებული, ყოველგვარი ირონიის გარეშე გარწმუნებთ.

ამდენი რამის სანახავად განა არ ღირს ჩამოსვლა და რამდენიმე წითელი ლენტის ერთბაშად გაჭრა? უკანასკნელი იმედი ახალი საავადმყოფოა, რომელსაც წვიმასა და ქარბუქშიც ლამის დღეღამური რეჟიმით აშენებენ, წლის დასასრულამდე რომ მოასწრონ. ვინ იმუშავებს იქ, ჯერ არ ვიცით, რამდენადაც ვაკანსიების შესახებ „ჯობს.ჯე“-ზე გამოკიდებული განცხადება მც კი, რომელსაც ინტერნეტში ძრომიალით ჭიპი თუ არ მაქვს მოჭრილი, ერთი კლავიატურა მაინც მაქვს გაცეთილი, ვადის გასვლისას ვნახე და „სი–ვი“ სასწრაფოდ „მეილით“ ვაფრინე (სხვანაირად არ შეიძლებოდა–არაცივილურია!).

სამაგიეროდ, ის ვიცით, რომ ახალი საავადმყოფო მისი მფლობელი სადაზღვევო კომპანიის ბენეფიციარებს მოემსახურება. მთელი რაიონის „უმწეოები” ერთ კომპანიაში დააზღვიეს, რომელმაც მთავრობის მიერ გამართულ ტენდერში გაიმარჯვა. არც მანამდე იყო დიდი არჩევანი: ამ კომპანიას ადგილობრივი ხელისუფლება კარგი თვალით უყურებდა და სოციალურად დაუცველთა ოჯახებს აფრთხილებდა: სხვაგან არ დაეზღვიოთ, თორემო... ცოტანი კი არ არიან – 8000 სულამდეა, რაც რაიონის მთელი მოსახლეობის მესამედია. ეს წილი აღწერის შედეგებიდან გამოვიყვანე, თორემ რეალურად აქ გაცილებით ნაკლები ხალხი დარჩა. ვინც მოახერხა და გააღწია, ახლა ევროპელ ბაბუა–ბებიებს უვლის, რომ აქ დარჩენილები შეგვინახოს. არ იფიქროთ, რომ ერთბაშად გულმოწყალების ეპიდემიამ იფეთქა ჩვენში, მიზეზი მარტივია: აქ არაფერი მუშაობს, გარდა რამდენიმე შერეული მაღაზიისა და მაგდაგვარი ობიექტისა, რომელთა „მცირე ბიზნესის კატეგორიისათვის მიკუთვნებაც კი სევდიანი ღიმილის მომგვრელია. შესაბამისად, „საშუალო შეძლების ოჯახების ჩამოსათვლელად თითები გეყოფათ, თუ, რა თქმა უნდა, მათ რიცხვში ადგილობრივ ხელისუფალთ არ მოიაზრებთ, რომელთა ხელასი, ავი ენების თქმით, ოთხციფრიანია. ყველაფრისმცოდნე იმავე ენების ნაჩურჩულებით, ამას ემატება არანაკლები პრემიები და სხვა „წვრილმანი” ხარჯები – მობილურისაო, ბენზინისაო...

პრემიები, რა თქმა უნდა, ეკუთვნით. მაგალითი? წინა ხელისუფლების დროს ნაგვით იყო სავსე ქალაქი, ახლა ურნებიც დგას და სადაც არ ეყოთ (თვალსმოფარებულ ქუჩებში), იქ კვირაში ერთხელ სპეცმანქანა დადის. გამოდის, სულაც არ ვყოფილვართ ბინძური ხალხი, თუ ჯიბის ნაცვლად საქმეზე ცოტა მაინც გაიხარჯება. ასე რომ, ხალხის მსახურნიც დამსახურებულად დასრიალებენ უცხოური ძვირადღირებული მანქანებით, რომლებიც ჩემნაირი გადამხდელების მიერ შეკოწიწებული ბიუჯეტის ფულითაა ნაყიდი. მე კი, ჩემი ორციფრიანი ხელფასით, ჯანმრთელობას ვუფრთხილდები და ამიტომ ფეხით დავდივარ, თან ამით ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას ვეწევი.

როგორც ჩანს, ხელისუფლებამ იმაზეც იზრუნა, რომ ამ კეთილშობილურ საქმეში მე მარტო არ ვიყო და უკვე ორი კვირაა, სკოლის ავტობუსი აღარ დადის, რომელიც დილაობით დაუვლიდა– ხოლმე მოწაფეებს და ბავშვებით გადაჭედილი მიხრიგინებდა. ახლა ჩემი ათი წლის ბიჭი სამ კილომეტრს სკოლისკენ გადის იქით, სამს –უკან. კარგი ვარჯიშია, განსაკუთრებით, წვიმასა და ქარბუქში. სამაგიეროდ – ჯანმრთელი გაიზრდება. დაღლილი სწავლას ვეღარ შეძლებს? არაუშავს, აუცილებელი არაა, რომ კარგად ისწავლოს, თორემ მერე შეიძლება პრეზიდენტობაც კი მოინდომოს და მშობლიურ ქალაქში ფეხიც აღარ ჩამოდგას, ვერტმფრენით ან Google Earth-ით გადაუფრინ–გადმოუფრინოს.

ცნობისათვის: სკოლისათვის ავტობუსის დანიშვნა ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის დამსახურებაა, რომელიც ასაკით ზუსტად ჩემხელაა და მალე მეოთხედ ავირჩევთ პარლამენტში. სად ვნახო და ხმა როგორ მივაწვდინო, არ ვიცი. თავიდან ჩამოდიოდა–ხოლმე და მოგვიკითხავდა:–რას შვრებით, როგორ ხართო? მერე მობეზრდა (აქ ახალი და საინტერესო არაფერი ხდება, რაც თავი მახსოვს), და თავის ბიზნესებს მიხედა. არჩევნების წინ, ალბათ, გამოივლის. ერთი წელი დარჩა და წინასააღდგომოდ ყველა ოჯახი მოგვიკითხა „კამფეტებითა და ერთი ბოთლი ღვინით. დარწმუნებული ვარ, კარგი ღვინო იქნება, თუმცა ჯერ არ გამისინჯავს: ჩვენი მშობლიური რაიონის სადღეგრძელოს დალევას ვაპირებ, მაგრამ ჯერ ვერ გადავწყვიტე „ცოცხლებში უფრო უპრიანია მისი თქმა, თუ „მიცვალებულებში. მგონი, სადმე შუაში აჯობებს.

შემთხვევით რომ ეს ჩემი ნაწერი პრეზიდენტმა წაიკითხოს (Мечтать не вредно-ო, აგრესორს უთქვამს), ხომ მეტყვის და მართალიც იქნება: –დეპუტატს რას დაეძებ, გაუშვი, კანონები წეროს, მანდ პატრონი არ გყავთო?

–კი გვყავს, თქვენო აღმატებულებავ, თან, ალბათ, არაერთიც, მაგრამ მათი შეწუხება და მოცდენა ისეთ წვრილმანზე, როგორიც სასკოლო ავტობუსია, ფრიად მერიდება. ეგენი ახლა უზარმაზარი საკურორტო–ტურისტული ბაზის აშენების საკითხით იქნებიან დაკავებულნი, ჩვენს ქალაქს რომ ყოფილი სამხედრო ნაწილის ყაზარმები გადმოჰყურებს, იმ ტერიტორიაზე. ასე თქვეს, გეფიცებით, ჩემი ყურით მოვისმინე საპირველსექტემბროდ, თორემ სხვას კი არ დავუჯერებდი. მართალია, ეს ავი ენები იმასაც ამბობენ, თავდაცვის სამინისტრომ ამ იდეაზე საფეთქელთან თითი დაიტრიალა,– თქვენ ხომ არ უბერავთო, –მაგრამ მე ეგ უფრო ოპოზიციონერების მონაჩმახი მგონია.

ასე ვეტყოდი, ალბათ, მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობს და უნდა გამოვტყდე, თუ რატომ არ მივდივარ იმ ყვითელი თლილი ქვით ნაშენ შენობაში, მუნიციპალიტეტი რომ ჰქვია. ჩემმა მეგობარმა, A.E.–მ მითხრა:

–ნუ ხტუნაობ და დაყენდი, თორემ, ხომ იცი, რაც მოჰყვება ინტრიგანობას? აგერ, ვინც ხმის ამოღება კი არა, ოპოზიციის წინასაარჩევნო შეხვედრაზე გაბედა მისვლა, ზოგი ციხეში ჩააყუდეს და ზოგს კიდევ საგადასახადომ აჰკიდა მრავალათასიანი ჯარიმები. თუ სხვებს არ აწუხებს ეგეთი საკითხები, შენ ვინღა მყავხარ? გაიღიმე, ტაში დაუკარი და ყველაფერი კარგად იქნება!

ეს ჩემი მეგობარიც და სხვა აქაურები კუდელებს ისე ჰყავთ გაკურდღლებულები, ჯობს, მართლა დავუჯერო. მეც ხომ აქაური ვარ?! რა მრჯის, რომ ხმა ამოვიღო?! ცოტასაც მოვითმენთ და მალე მოვა ახალი არჩევნებიც, თითო ტომარა ფქვილს თუ არა, ვაუჩერებს ხომ მაინც გამოიმეტებენ? მთავრობის საქმეა ხალხზე იზრუნოს და ზრუნავს კიდეც, დღედაღამ ოფლი გადასდის. მე კი ერთი პატარა კაცი ვარ და წყნარად მინდა ვიცხოვრო. არჩევნებზეც თუ არ მივალ (როგორც აქამდე ვაკეთებდი), ამით არაფერი დაშავდება: იქ ჩემზე უკეთ იციან, ვის უფრო ეკუთვნის ჩემი ერთი, საწყალი ხმა.

მოკლედ, Alter Ego მართალია და ეს ნაწერიც, თუ ვინმემ წაიკითხეთ, დროზე დაწვით. ხელნაწერები არ იწვისო? Delete და მისი ჯანი, რომელ საუკუნეში ხართ, ხალხო?!