06 July, 2011

თავი VII. მანუსკრიპტი

თბილისი მოახლოვებული არჩევნების მოლოდინში დუღდა. არა მარტო დედაქალაქში, მთელ საქართველოში ხალხი მხოლოდ იმაზე მსჯელობდა, შეძლებდა თუ არა „მრგვალ მაგიდად“ გაერთიანებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ნაწილი კომუნისტების დამარცხებას პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში. ოპოზიციურ პარტიათა მეორე ნაწილი ამ გზას არასწორად მიიჩნევდა და თვლიდა, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე სახელისუფლებო სტრუქტურებში შესვლა არ ღირდა: „ეროვნული კონგრესის“ სახით პარალელური ორგანო უფრო ეფექტურად შეძლებდა უკვე დისკრედიტირებულ ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენას. ორივე მხარე ერთმანეთს „კრემლის აგენტების“ ეპითეტით ამკობდა და „თეთრ მელასთან“, ანუ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად მომუშავე თანამემამულე ედუარდ შევარდნაძესთან ალიანსს აბრალებდა.
გიორგი და მისი თანამოაზრე ახალგაზრდები ცდილობდნენ, ამ დაპირისპირებისგან შორს დაეჭირათ თავი და ორივე მხარესთან კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინათ, რამდენადაც გრძნობდნენ, რომ ოპოზიციის ორივე ბანაკში მრავლად იყვნენ როგორც გულანთებული პატრიოტები, ისე საეჭვო რეპუტაციის მედროვენი და, სავარაუდოდ, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ შეგზავნილი აგენტებიც. ზვიად გამსახურდიას ბანაკში მყოფი მეგობრებისგან გიორგიმ იცოდა, რომ „მრგვალი მაგიდის“ ხელმძღვანელთა პროგნოზით, ეს ბლოკი უმაღლეს საბჭოში ოცდაათ პროცენტამდე ადგილების მიღებას ვარაუდობდა, რამდენადაც საბჭოთა ხელისუფლება ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერი იყო და ხალხში მისი რეპრესიული აპარატის შიშის დაძლევა ასე ერთბაშად ვერ მოხერხდებოდა. ჯერ არც საიმისოდ იყვნენ გამობრძმედილები, რომ არჩევნების შედეგების გაყალბებას წინ აღდგომოდნენ. მიუხედავად ამისა, რეალურად სთვლიდნენ ძლიერი ოპოზიციური ფრაქციის შექმნას, რომელიც საპარლამენტო ტრიბუნას გამოიყენებდა და მასობრივი ქუჩის აქციებით ზეწოლის მეშვეობით მისთვის სასურველ საკანონმდებლო ბაზას შექმნიდა კომუნისტური სისტემის დემონტაჟისათვის. დედაქალაქში სტუდენტობა ეგულებოდათ მხარდამჭერად, პროვინციაში კი ეროვნულ მოძრაობას საკადრო რესურსი ყველაზე მეტად უჭირდა, ამიტომაც მეგობრების თხოვნას, რომელიმე რაიონულ საარჩევნო კომისიაში წასულიყო წარმომადგენლად, გიორგი, მცირე ფიქრის შემდეგ, დასთანხმდა.
ამ მიზნით ის რაიონული ცენტრი აირჩია, სადაც მამიდა ცხოვრობდა. გიორგი მშობლებმა სკოლის ბოლო კლასებში ვაჟის სწავლა-აღზრდა მას ანდეს, რომ მოზარდი დიდი ქალაქის ქუჩებში გაბატონებული კრიმინალური მენტალობისგან და ფეხმოკიდებული ნარკომანიისაგან მოეშორებინათ. იქ ბავშვობის მეგობრებიც მრავლად ეგულებოდა, რომელთა თანადგომის იმედად შამათავა პატარა ქალაქისკენ გაემგზავრა.
საოლქო კომისია კომუნალური სამსახურის შენობაში განეთავსებინათ. როცა გიორგიმ კომისიის წევრის მოწმობა წარადგინა, ოპოზიციის მიერ დანიშნული რამდენიმე წევრი სახეგაბადრული გაეცნო, მმართველი კომპარტიის წარმომადგენლებს კი დაღრეჯილ სახეებზე უმალ დაეწერათ, რომ არაფრად ეპიტნავათ მოწინააღმდეგეთა ბანაკის შევსება.
         ეროვნული მოძრაობის პარტიებს საუბნო კომისიებისთვის კანტი-კუნტად თუ შეერჩიათ წარმომადგენლები, ბევრი უბანი საერთოდ უკონტროლოდ, ხელისუფლების ლუკმად იყო დატოვებული. გიორგიმ იფიქრა, ეგებ ამ საქმეში თანაკლასელები გამომადგნენო და ნაცნობ-მეგობრებს ჩამოუარა.
ნუკრი წიკლაური მთიელი კაცისათვის ჩვეული გულღიაობით გადაეხვია და დაჰპირდა: საარჩევნო კანონსაც შევისწვლი და რითაც შემეძლება, გვერდში დაგიდგებიო. სკოლაში ის ყველაზე კარგ სპორტსმენად ითვლებოდა და მძლეოსნობის მრავალი ასპარეზობის პრიზიორიც იყო. მისი მხარდაჭერით მადლიერი, გიორგი გამომშვიდობებას აპირებდა, მაგრამ კუნთების დაძაგრულობაზე მეგობარს მღელვარება შეატყო.
-არჩევნების გარდა, რა ხდება აქ ახალი, თუ ძველებურად მშვიდობა და სიწყნარეა?-გულახდილ საუბარზე გამოიწვია გიორგიმ.
-ეჰ, ვერ არის კარგი ამბები... ზოგმა ძალიან აურია.
-ვინ?
-თედო თედეევი ხომ იცი, სპორტკომიტეტის თავმჯდომარე?
კაცი, რომელზეც ნუკრი საუბრობდა, ორი ათეული წლით იქნებოდა მათზე უფროსი და, როგორც ყოფილ ჩემპიონს, ხალხში პატივს სცემდნენ.
-კი, მახსოვს, კრივზე მის სექციაში დავდიოდი...
-ჰოდა, ეგ თედო, თურმე, ჩვენი და მეზობელი რაიონების ოსურ სოფლებში დადის და ოჯახებიდან ფულს აგროვებს: - ცხინვალში მიმაქვს „ადამონ ნიხასის“ ბიჭებისთვის იარაღის საყიდლად, ქართველებისგან თავი უნდა დავიცვათო. აქაურმა წვეროსნებმა გაიგეს და ოსებს ემუქრებიან, მაგის გულისთვის გაგყრით აქედანო.
ადამონ ნიხასი“ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შექმნილი ოსური ორგანიზაცია იყო, რომელიც ცხინვალის რეგიონის ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთებას ისახავდა მიზნად, „წვეროსნებს“ კი ნუკრი ეროვნული მოძრაობის აქტივისტებს უწოდებდა, რომელთაგან ბევრი თვალშისაცემად წვერმოშვებული დადიოდა.
-იქნებ, ტყუილად აბრალებენ?
-ქალაქის ცენტრში გააჩერეს თედეევი ამასწინათ და შეკამათდნენ. ჩვენი მღვდელიც იქ ყოფილა და იმან ღიად დასდო ბრალი, რატომ თესავ შუღლსო. როგორც ჩანს, თედომ უკმეხად უპასუხა. მამაო ისე გაბრაზდა, თავისი ძმაკაცებისთვის უთქვამს, ხელი არ დაადოთ და აქედან არ გაუშვათო. სახლში წავიდა, ანაფორა გაიხადა და ისე დაბრუნდა. მაგარი ჩხუბი აწეულა, ძლივს გაუშველებიათ.
-მაშ, თამამად იქცევა თედეევი?
-ჰო, ძალიან თავხედურად.
-თავად ოსები რას ამბობენ?
-ისევ მათგან არ გაიგო ხალხმა ეგ ამბავი? არ მოსწონთ, რასაც თედეევი აკეთებს, – ფულს გვართმევს და ქართველებთან გადაგვამტერებსო, - ჩივიან, -მაგრამ ის ღამ-ღამობით დადის ყველა ოჯახებში და ყველას აშინებს.
-გასაგებია... წამომყვებით ბიჭები თედოსთან დასალაპარაკებლად?
-რადენსაც მეტყვი, იმდენ მაგარ ბიჭს მოვიყვან!
-არა, საჩხუბრად კი არა, მხოლოდ დალაპარაკება მინდა,-გაეცინა გიორგის.
-კარგი, ეგრე იყოს, დაელაპარაკე, იქნებ რამე შეაგნებინო, მაგრამ ეჭვი მეპარება.
მეორე დღისთვის შეთანხმდნენ, სამსახურიდან გამოსვლისას დახვედროდნენ თედეევს.ნუკრის მონაყოლიდან გიორგიმ ის დასკვნა გააკეთა, რომ ოს სპორტსმენს ზურგს უშიშროების კომიტეტი უმაგრებდა, მისი მოძრაობის მასშტაბებით კი ჩანდა, რომ ეს არა ადგილობრივი სასახური, არამედ თბილისში მყოფი რომელიმე მაღალჩინოსანი იქნებოდა. გიორგისაც სწორედ ასეთზე გასვლა ესაჭიროებოდა.
მამიდასთან დაბინავდა და საღამო მის მცირეწლოვან შვილებთან თამაშში გაატარა. ბავშვებმა დაიძინეს, მათი მამა კი არა და არ ჩანდა.
-მორიგე ხომ არ არის, რატომ არ ჩანს ლადო ბიძია?
-არა, შვილო, აუცილებლად მოვა. ხომ იცი, როგორ აირია დრო, გვიანობამდე უწევთ მუშაობა.
-დაველოდები და მასთან ერთად ვივახშმებ.
ლოლა მამიდამ ღიმილით დაუქნია თავი. მის მეუღლეს, მილიციის მაიორს, საპასუხისმგებლო პოსტი ეკავა. ადრე თუ ძალზე მშვიდი რაიონი იყო და ათასში ერთხელ თუ რაიმე დანაშაული მოხდებოდა, ისიც – ყოფით ნიადაგზე, განცვიფრებულ ხალხს ეს ამბავი პირზე ეკერა. ახლა ისე გახშირებულიყო ქურდობა, ყაჩაღობა და ათასგვარი მამაძაღლობა, სამართალდამცველებს საქმე თავზესაყრელი ჰქონდათ.
შუაღამისას შინ დაბრუნებულმა ლადომ გიორგის ნახვით გაიხარა. მის ხელში დავაჟკაცებულს საკუთარ შვილობილად თვლიდა და მამობრივ ალერსს არ აკლებდა.
-ლადო ბიძია, ერთი თხოვნა მაქვს შენთან,-წამოიწყო გიორგიმ რთული საუბარი, როცა ვახშამს მორჩნენ და ლადო სიგარეტის მოსაწევად აივანზე გავიდა,- ვიცი, ეს შენი პროფესიის კაცისათვის რა რთული გასაკეთებელია, მაგრამ სხვისთვის თხოვნას, ისევ შენი შეწუხება გადავწყვიტე.
-ეგეთი რა არის, ვინმეს ციხიდან გამოშვება უნდა მთხოვო?-მხარზე ხელი მოუთათუნა ბიძამ.
-ხვალ ერთ კაცს უნდა შევხვდე სალაპარაკოდ და... იარაღი მჭირდება. არა, არ იფიქრო, რომ სროლას ვაპირებ! შესაშინებლად მჭირდება, თუ გინდა, ტყვიებსაც ნუ ჩადებ.
ლადო დაფიქრდა. გიორგი დარწმუნებული იყო, რომ ბიძა არ გააწბილებდა.
-არც მამაშენს და არც მე ისე არ გაგვიზრდიხარ, რომ რაიმე სისულელე ჩაიდინო. ერთი არარეგისტრირებული “ნაგანი“ მაქვს და წაიღე. ოღონდ, თუ გამოცდილი კაცია, ცარიელი იარაღით ვერ შეაშინებ, ტყვია ჩადე. ნაგანის ლულას თუ თვალებთან ახლოს მიუტან, ტყვიის გულა ჩანს და ადამიანის ფსიქიკაზე ძლიერად მოქმედებს, ამიტომ, მაგ საქმისათვის ეგ იარაღი ჯობს.
-ჯიგარი ხარ, ლადო ძია! ხვალ საღამოს დაგიბრუნებ, გპირდები, სასხლეტს თითს არ გამოვკრავ!
-მაგაში ეჭვი რომ მეპარებოდეს, ხომ იცი, რომ არ განდობდი!
სპორტკომიტეტიდან გამოსულ თედეევს მანქანაში სამი მისი ნამოწაფარი ჩაუჯდა და ოსურ სოფელში საქმეზე წაყვანა სთხოვა. ყასიდად ბენზინის ჩასხმასაც დაჰპირდნენ, მაგრამ თედომ იუკადრისა. პატარ ქალაქს როცა გასცდნენ და ტყის კორომში გაჭრილ გზას გაუყვნენ, ბიჭების მხიარულება აორთქლდა და უცებ დასერიოზულდნენ. თედო უშიშარი კაცი იყო და ამ ცვლილების მიზეზს გუმანით ვერ მიხვდა. გზაზე არავინ ჩანდა. მიშამ მანქანა გააჩერებინა და თედეევი სალაპარაკოდ გაიხმო. თედომ ეჭვის თვალით ერთი კი გახედა თავის „ჟიგულს“, მის წართმევას და გატაცებას ხომ არ მიპირებენო, მაგრამ სამივეს კარგად იცნობდა ბავშვობიდანვე და ეს აზრი მყის უკუაგდო.
ლადოს გამოცდილება გიორგიმ კარგად გამოიყენა: თედეევთან ლაპარაკისას ისე დადგა, რომ როცა ნაგანი იძრო და მის შუბლს მიუშვირა, ლულაში შეპარული დაისის სხივებმა იარაღის პირში მიცემული ტყვია გამოაკრთო.
მხოლოდ იარაღი არ შეაშინებდა მრავალრინგგამოვლილ თედეევს, მაგრამ გარეგნულად თითქოს მშვიდად მოსაუბრე გიორგის თვალები უცებ რომ გაუფერულდნენ, აშკარად სიკვდილის ყინული იგრძნო. გვამის უახლოეს ხევში გადაგდება და ტყით მიმალვა არ გაუჭირდებათო, – იფიქრა და გატყდა.
გიორგის მოთხოვნა იყო, ხვალვე შეეხვედრებინა „კა-გე-ბე“-ს იმ მაღალჩინოსანთან, რომელთანაც მას ჰქონდა კავშირი. ამისათვის თავის გაწირვა ნაღდად არ ღირდა, თანაც მათი ლაპარაკის ხმა მანქანაში დარჩენილ ბიჭებამდე ვერ მიაღწევდა, ამიტომაც დათანხმდა. გიორგიმ „ნაგანი“ საქამრეში გაირჭო, ზემოდან ისევ პერანგი გადმოუშვა, თავისი ტელეფონის ნომერი უთხრა და უკან დაბრუნდნენ. დამშვიდობების გარეშე დასცილდნენ. გიორგი არც კი დაემუქრა, მოტყუების შემთხვევაში თუ რა ზომას მიმართავდა. თედო ხვდებოდა, რომ უკვე ძლიერ შეცვლილ დროში უშიშროების სამსახური გადამტერებული ახალგაზრდებისგან ვეღარ დაიცავდა და, სულ მცირე, რაიონიდან გაქცევა მოუწევდა. ამით სუკ–ის დავალებას ვეღარ შეასრულებდა, ცხინვალში კი ის არაფერში სჭირდებოდათ.
თბილისში გიორგი მეორე დილას, ავტობუსის პირველივე რეისით დაბრუნდა. შუადღე გადასული იყო, როცა დედამ დაუძახა, ტელეფონზე ვიღაც რუსი გკითხულობსო. „გამომივიდა!’-კმაყოფილი შეუთანხმდა უცნობს საღამოს შვიდი საათისთვის ალექსანდროვის ბაღში შეხვედრაზე, რომელსაც თედეევი გაუწევდა ორგანიზებას.
ქაშუეთის ეკლესიასთან პირჯვრისწერით მიმავალ ადამიანებს გასცდა და ბაღში დათქმულ დროზე ადრე ჩავიდა. დიდიან–პატარიანად დაიწყო ხალხმა ეკლესიებში სიარული და უდაბნოში მოწყურებულივით დაეწაფა აქამდე აკრძალული ხილის წვენს, შავი ტანისამოსისა და ჯვრის სხვის დასანახად ტარება ერთგვარ მოდადაც კი იქცა. „ათეიზმს მორწმუნეობა კი ჯობს, მაგრამ შეიმეცნებს და იცხოვრებს კი ეს ხალხი იმ პრინციპებით, რაც იესო ნაზარეველმა იქადაგა?! თუ ერთი, უკვე დამსხვრეული იდეოლოგიის ნაცვლად, ახალს ეძებენ?”–ფიქრობდა გიორგი.
თედეევი და მისი „პატრონიპუნქტუალურები გამოდგნენ. შეჭაღარავებულ–შემელოტებული ჩაფსკვნილი კაცი, თხელი ტუჩების მოსაწყლებული ღიმილით, უბრალო პიჯაკითა და უფერული შარვლით ისე მოდიოდა, რომ ადგილობრივი, ორმოცდაათს გადაცილებული, არცთუ წარმატებული ინტელიგენტი რუსის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ამ ნიღბის იქით დაკვირვებული თვალი თუ შეამჩნევდა უშიშროების ადგილობრივი სამსახურის მუშაობაზე თვალყურის სადევნებლად ლუბიანკიდან დანიშნული ემისრის მხედრულ სიარულის მანერა და „კა–გე–ბესგამოცდილი ოფიცრისათვის დამახასიათებელ, სულში გამჭოლ მზერას.
ედუარდ პავლოვიჩ, აი ამ ახალგაზრდა კაცს უნდოდა თქვენთან შეხვედრა,– გააცნო მიშა თედომ. პატრონის ხელის ოდნავი აქნევა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ის გაწვრთნილი ძაღლივით უმალ მოსცილებოდა მათ და შორიახლოს დაეწყო ბოლთის ცემა. საუბარი რუსულად წარიმართა.
რით შემიძლია გემსახუროთ, გიორგი ნიკოლაევიჩ?–ნაძალადევად თავაზიანი მაღალჩინოსნის ხმაში ქვეტექსტად იკითხებოდა,–შენზე ყველაფერი ვიცითო.
გიორგი პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
ჩვენი წინაპრების ხელნაწერი თქვენს არქივშია და მისი დედანი მინდა.
დარწმუნებული ხართ, რომ ჩვენ გვაქვს?
ოცდაათიან წლებში რეპრესირებული თავადის, იესე ანდრონიკაშვილის საქმეს თუ ამოიღებთ არქივიდან, იქ უნდა იყოს.
პავლოვიჩმა არაფერი უპასუხა, უტყვად მიანიშნა: „მე რა ხეირი, თუ შენ ამ ხელნაწერს გიშოვი?!გიორგი მიუხვდა.
მზად ვარ, იმდენი გადავიხადო, რამდენსაც მეტყვით.
სუკის გენერალს ჩაეღიმა და თავისთვის გაიფიქრა: „ურიგო არ იქნება, თუ ამით საგრძნობ ფინანსურ შენატანს გავაკეთებ „იუნონაში. ამ სახელწოდებით „უშიშროების კომიტეტის ვეტერანების ფონდიორი წლის წინ დააარსეს, ქვეყანაში მოსალოდნელი კატაკლიზმების გამო უმუშევრად დარჩენის შემთხვევაში ბიზნესის წამოსაწყებად და საკუთარი ოჯახების უზრუნველსაყოფად.
ათი ათასი?
თანახმა ვარ!–უყოყმანოდ უპასუხა გიორგიმ.
კარგით, მე კი მოვძებნი, მაგრამ მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი, ცოტა თქვენც უნდა გაისარჯოთ.
რანაირად?
ლამის ყოველდღე მიტინგებია. ერთ–ერთი მიტინგისას, საღამო ხანს, ახალგაზრდობა უშიშროების კომიტეტის შენობის დასარბევად უნდა აიყოლიოთ. წინააღმდეგობას არავინ გაგიწევთ, არც არავინ დაისჯება. სამაგიეროდ, მაგ თქვენი წინაპარი თავადის „საქმესმთლიანად გამოვიტან თქვენთვის.
გიორგი შეჭოჭმანდა: რაიმე ხაფანგს არ მიგებდესო, – ფიქრობდა. მაინც გადაწყვიტა, დასთანხმებოდა, თუმცა, რამდენად სანდო იყო ჩეკისტის პირობა,–ამაში ბოლომდე არ იყო დარწმუნებული.
მაგას თუ შეძლებთ, შემდგომში დაგიკავშირდებით. თედეევმა თქვენი ტელეფონი მომცა, – ამ სიტყვებით დაემშვიდობა.
ედუარდ ვოიციცკი რუსთაველის გამზირიდან ლესია უკრაინკას №3–სკენ ქუჩას აუყვა და თან შამათავასთან გარიგების შედეგებზე ფიქრობდა. ცენტრიდან მოსული ზესაიდუმლო ინსტრუქცია ავალებდათ, არათუ ხელი არ შეეშალათ გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლისათვის, არამედ შეუმჩნევლად ისე შეეწყოთ ხელი, რომ უზენაეს საბჭოში მის მომხრეებს მიეღოთ უმრავლესობა. რატომ იქცეოდა ასე და რა სცენარს გეგმავდა კრემლი, ეს მისი ჭკუის საქმე არ იყო, მაგრამ ამის შემდეგ, უეჭველია, მშობლიურ ურალში დაბრუნება მოუწევდა. წლების მანძილზე ჩეკისტად ნამუშევარს, სპილენძის საბადოზე სამთო ინჟინრად დაბრუნების პერსპექტივა სულაც არ ხიბლავდა. ამიტომ, ისე იყო საქმის მოწყობა საჭირო, რომ უფროსობის ბრძანება საქართველოდან უშიშროების აგენტურის არქივის გატანაზეც პირნათლად შეესრულებინა, და თავადაც რამე ეხეირა, ვიდრე „მზიური რესპუბლიკიდანგააპანღურებდნენ.
* * *
რამდენიმე დღეში თბილისიდან ლუბიანკაზე დეპეშა აფრინეს: „მიტინგის ორგანიზატორთა მოწოდებით, ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა შეძლო სუკ-ის ადმინისტრაციული შენობის დაცვის თანამშრომელთა წინააღმდეგობის დაძლევა და შენობაში შეიჭრა. დაარბიეს სამუშაო ოთახები, გაიტაცეს პირადი ნივთები და დოკუმენტაცია, მათ შორის, სისხლის სამართლის ერთ-ერთი საქმის რამოდენიმე ტომი.
გენერალ–მაიორის სამხრეებიანმა, საქართველოს უშიშროების კომიტეტის თამჯდომარემ თავისთან სათათბიროდ ორი ქართველი ოფიცერი იხმო.
ბატონო ოთარ,–მოახსენა პოლკოვნიკმა მაისურაძემ,–მომხდარზე, წესისამებრ, შიდა მოკვლევა ჩავატარეთ და მნიშვნელოვანი ხარვეზები აღმოჩნდა. ციხე შიგნიდან ტყდებაო, – ნათქვამია, – აქაც შინაურების ხელი ურევია. ჯერ დაზუსტებით არ შემიძლია ვთქვა, ვინ გვღალატობს, მაგრამ ფაქტია: გარედან კარის შემტვრევა და შენობაში შემოღწევა შეუძლებელი იქნებოდა, შიგნიდან დამხმარე რომ არ ჰყოლოდათ.
როგორ ფიქრობთ, რა იყო ამ დარბევის მიზანი?–იკითხა ხატიაშვილმა.
ვიცე–პოლკოვნიკ გიქოშვილის აზრით, სარდაფში ჩაკეტილი არქივებიდან აგენტურის ბარათების ხელში ჩაგდება შეიძლება ეროვნული მოძრაობის თავკაცებს სდომოდათ.
ლიდერები ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურებენ და, საჯაროდ, სუკ–ის აგენტებს უწოდებენ, განსაკუთრებით, ზვიად გამსახურდია: თავის გარემოცვაშიც აგენტები ელანდება.
არც არის გასამტყუნარი,–ჩაეღიმა მაისურაძეს.
სანამ თქვენი ჯგუფი მათთან ჩვენი თანამშრომლების კავშირებს აღმოაჩენს,–მიმართა მას გენერალმა,–არქივები უფრო დაცულ ადგილას ხომ არ გადაგვეტანა?
კი, აჯობებს,–დაეთანხმა ორივე ოფიცერი, რომლებსაც უფროსმა დაავალა:
შეარჩიეთ შენობა, არქივის თანამშრომლებთან ერთად შეადგინეთ საევაკუაციო დოკუმენტაციის და ფასეულობების ნუსხა. ხუთშაბათის საღამოა... ხვალ საღამოს მომახსენეთ, ევაკუაციისათვის რა ტრანსპორტს გამოიყენებთ და ვის ჩართავთ ამ საქმეში, ორშაბათს კი გადაიტანეთ დოკუმენტაცია!
არქივის თანამშრომელმა ვიტალი ნოვოდნიჩის მოახსენა თუ არა, – ხატიაშვილის დავალებით ქართველი ოფიცრები მასალების აღწერას აკეთებენ, სავარაუდოდ, მის გასატანად ემზადებიანო, – სასწრაფოდ ედუარდ პავლოვიჩის კაბინეტს მიაშურა. ცენტრში დარეკეს.
ჩვენთან არაფერი შეუთანხმებიათ, დაგველოდეთ და შესაბამის ბრძანებას მიიღებ,– იყო პასუხი.
პარასკევს ორივე გვიანობამდე დარჩა სამსახურში, დოკუმენტებზე მუშაობა მოიმიზეზეს. ღამის პირველი საათი იქნებოდა, ლუბიანკიდან ბრძანება მოვიდა, რომ სასწრაფოდ ემოქმედათ.
ღამის სიჩუმეში უმაღლესი საბჭოს შენობის კედლებიდან არეკლილი საკუთარი ფეხის ხმა სუსტ ექოდ ესმოდა პოლკოვნიკ იგორ გიორგაძის მახვილ სმენას. არ გაჰკვირვებია, გენერლებმა რომ გამოიძახეს,–სამშობლოში დაბრუნება მზვერავს ძალზე არეულ დროში მოუწია.
იგორ, აი ბრძანება!–გრიფიანი დოკუმენტი გაუწოდა ნოვოდნიჩიმ,–შენი ბიჭებით, დაუყოვნებლივ უნდა გაზიდოთ არქივები აეროპორტში, თვითმფრინავი მალე ჩამოფრინდება.
საით მიგვაქვს? აქ არ წერია...
ედუარდმა და ვიტალიმ ერთმანეთს გადახედეს:ვუთხრათ თუ არა?”
ჩვენ შენ ბოლომდე გენდობით, იგორ! საარქივო ფონდი, მთელი ოპერატიული მასალა, აგენტების პირადი და სამუშაო საქმეები სმოლენსკში გადაგვაქვს.
ვემსახურები საბჭოთა კავშირს!–მხედრული სალამი აუღო გენერლებს იგორმა და ბრძანების შესასრულებლად გაეშურა.
შაბათს საღამოს მაისურაძეს უშიშროების კომიტეტის ოპერატიულმა მორიგემ სახლში დაურეკა.
საარქივო დოკუმენტაციის ევაკუაციასთან დაკავშირებით გირეკავთ, ორშაბათისთვის რომ იყო დაგეგმილი...
გისმენთ.
საჭირო აღარ არის, საკავშირო სუკ–ის ბრძანებით მთელი დკუმენტაცია უკვე სმოლენსკშია გაგზავნილი.
გენერლები – ვოიციცკი და ნოვოდნიჩი მორიგეს მახლობლად იდგნენ და, წარმოისახეს რა გაბითურებული ქართველი კოლეგების სახეები, კმაყოფილებით იფშვნეტდნენ ხელებს. ცენტრის დავალების წარმატებით შესრულება ენისელისმარკის კონიაკის თითო სირჩით ვიტალის კაბინეტში აღნიშნეს, – ედუარდის სამუშაო ოთახი, რომლის კარიც დამრბევებსმან ღია დაუტოვა, ჯერაც დასალაგებელი იყო.
Молодец, Игорёк!
* * *
სახლში მისულმა ვოიციცკიმ იესე ანდრონიკაშვილის საქმე გადაფურცლა და იეროგლიფებიან მანუსკრიპტსაც მცირე ხანს უკირკიტა. აღმოაჩინა, რომ ამ ხელნაწერის გაშიფვრის სურვილის გამო მხოლოდ ეს თავადი არ მოხვედრილა შინსახკომის მარწუხებში: ზღარბისეკლებიანი ხელთათმანები* ანდრონიკაშვილების გვარის მეორე შტოს სიძის – ბორის პილნიაკის სისხლითაც ყოფილა შეღებილი.
ეს სახელგანთქმული რუსი მწერალი იესეს დახვრეტის დღეს – 1937 წლის 27 ოქტომბერს – მოსკოვის მახლობლად მდებარე აგარაკიდან წაიყვანეს სამუდამოდ და აცრემლებული დატოვეს მისი მეუღლე და ვაჟი, რომელიც იმ დღეს სამი წლის შესრულდა. ერთი თვის შემდეგ კირა ანდრონიკაშვილიც დაატუსაღეს, მაგრამ შვიდ წელიშადში გამოუშვეს: როგორც ჩანს, მისი დის – საბჭოთა კინოს კაშკაშა კინოვარსკვლავის, ნატო ვაჩნაძის ხათრით. პილნიაკი კი, რომელიც ეროვნებით გერმანელი, გვარად ვოგაუ იყო, შპიონაჟის ბრალდებით 1938 წლის 21აპრილს დახვრიტეს ისე, რომ ამის შესახებ მის ახლობლებს არაფერი შეატყობინეს. პატარა სანდრო უპატრონო ბავშვთა სახლში ჩაბარებისგან დეიდა ნატომ და მისმა მეუღლემ, რეჟისორმა ნიკოლოზ შენგელაიამ იხსნეს: საქართველოში ჩამოიყვანეს, გვარი ანდრონიკაშვილად გამოუცვალეს და თავიანთ ოჯახში ზრდიდნენ, ბორის პილნიაკის არქივიც თან წამოიღეს და ის მის შვილს გადაურჩინეს.
პილნიაკის არქივში მანუსკრიპტის შესაძლო შიფრის აღმოსაჩენად სუკ–ის ლიტერატურათმცოდნეთანამშრომლები სტალინის ეპოქის შემდგომ წლებშიც სტუმრობდნენ ანდრონიკაშვილების ოჯახს. იესეს საქმეში ჩაკერებულ მათ მოხსენებით ბარათებს გადახედა ედუარდმა და თავი გადააქნია: „რახან ჩვენმა სპეციალიტებმა ვერ ამოხსნეს ამ მანუსკრიპტის საიდუმლო, იმტვრიონ ახლა თავი ქართველებმა, საეჭვოა, რამე გამოუვიდეთ. მერე მიშა ობოლაძის ტელეფონის ნომერი აკრიფა და არქივიდან აწაპნული საქმის ფულზე გადაცვლის დეტალებზე შეუთანხმდა.
გიორგიმ ჯერ სუკის მაღალჩინოსანს მანუსკრიპტის ქსეროასლი გამოართვა და ვენაში ფაქსით გადააგზავნა. იქაური ძმები კმაყოფილები დარჩნენ და რამდენიმე დღეში ათი ათასი მანეთი მისი მეგობრის კუთვნილი ფირმის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა, საიდანაც თანხის გამოტანა არ დასჭირვებია: პავლოვიჩის მიერ მიცემული რეკვიზიტების მიხედვით ფონდი „იუნონასანგარიშზე „თეთრმა რაშმაგადარიცხა თუ არა ფული, ვოიციცკიმ გიორგი თავის სახლში მიიწვია. შამათავა, ხმის ჩამწერი აპარატურის შიშით, მოერიდა მასთან სტუმრობას. არადა, ისე ჩანდა, თითქოს პავლოვიჩი მართლაც გულღიად, მხოლოდ „სდელკის დასასველებლადეპატიჟებოდა. მოუცლელობა მოიმიზეზა, ბინაში არ შესულა და პარმაღზევე გამოართვა გახუნებულ ყავისფერ საქაღალდეში აკინძული ფურცლები. დროთა გამავლობაში შეყვითლებულ ქაღალდებს შორის ჩაკერებული, შუა საუკუნეების დროინდელი ხელნაწერის არსებობაში დარწმუნდა და „Прощайте!”** მიუგდო: ამ პროფესიის ადამიანებთან შემდგომი ურთიერთობა არაფრად ეპიტნავებოდა.
მეორე დღეს ვენაში ტელექსით აცნობა, რომ მანუსკრიპტი მას ჰქონდა. გვიან ღამით სახლში დაურეკეს და თბილისის ერთ–ერთ სასტუმროში დაბინავებული გერმანელი ტურისტის სახელი და გვარი უთხრეს. ხმა შორიდან და ხარვეზებით ესმოდა, რაც იმდროინდელი სატელეფონო ქსელებისათვის უჩვეულო არ იყო, მაგრამ მეორე დილას იგივე განმეორდა ყველა ზარისას: ყურმილში წკაპუნის შემდეგ მოსაუბრის ხმა შესამჩნევად სუსტდებოდა. ეტყობა, პავლოვიჩი მანუსკრიპტის უკან დაბრუნებას ფიქრობს და ტელეფონი მოსმენაზე დასვეს. ალბათ, თვალთვალსაც დამიწყებენ, ფხიზლად უნდა ვიყო,”–იეჭვა გიორგიმ.
სახლიდან გამოსვლის შემდეგ, როგორც დეტექტივებში ჰქონდა წაკითხული, სავარაუდო მოთვალთვალეების ამოსაცნობად გიორგი რამდენჯერმე შეჩერდა და, შეძლებისდაგვარად შეუმჩნევლად, მის უკან მომავალ ადამიანებს დააცქერდა. თითქოს, არავინ მიჰყვებოდა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავდა – შეიძლება სასტუმროში დალოდებოდნენ. ეჭვი ადმინისტრატორის საქციელმა გაუმძაფრა, რომელსაც ტურისტის ოთახის ნომერი ჰკითხა. კიბეებზე ასვლისას გიორგი უცებ მოტრიალდა და ტელეფონის ყურმილმომარჯვებულ სასტუმროს თანამშრომლის მისკენ მომზირალ თვალებს შეეფეთა. გზა აღარ გააგრძელა, სასწრაფოდ გამობრუნდა და ბიზნესმენი მეგობარი კიდევ ერთხელ შეაწუხა: მისი ფირმის ოფისში მდგომი ტელექსის აპარატით კავშირი უფრო საიმედოდ ეჩვენებოდა. ავსტრიელ „კალატოზებს“ ეჭვები გაუზიარა. მათი ალტერნატიული შემოთავაზება მოსკოვი–ვენის რეისის პილოტისთვის ხელნაწერის გადაცემა იყო, მაგრამ მოსკოვში გადაფრენა გიორგისთვის უკვე სარისკო იყო: „კუდს” აუცილებლად გააყოლებდნენ და გზაში ხიფათისაგან თავს ვერ აირიდებდა.
რა ექნა, როგორ გაეცურებინა უბრალო სტუდენტს საბჭოთა უშიშროების სამსახური, რომელიც თავისი საქმის ოსტატობით მსოფლიოს აზანზარებდა? „ქურდების” შიშით ხელნაწერს უკვე სახლშიც ვეღარ ტოვებდა, სულ თან დაჰქონდა, მაგრამ არც ეს ვარგოდა მისი დაცულობის სრულ გარანტიად. არჩევნების დღე – 28 ოქტომბერიც კარს მოადგა. გიორგიმ გადაწყვიტა, სწორედ ამით ესარგებლა: ამ დროს ხომ სუკ–ის მთელი შტატი და აგენტურა არჩევნებზე იქნებოდა მობილიზებული?! თანაც, მათ აუცილებლად ეცოდინებოდათ, რომ ამ დღეს გიორგი რაიონში, საოლქო კომისიაში უნდა ყოფილიყო.
წინა დღეს მამიდასთან გაემგზავრა და დილის შვიდ საათზე კომისიაში გამოცხადდა. დღის განმავლობაში რამდენიმე უბანზე მოახერხა გასვლა და დარღვევების აქტით დაფიქსირება: მის თვალწინაც კი აგრძელებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები საარჩევნო კაბინებში შესული ამომრჩევლების თავზე დგომას და კომუნისტური პარტიისა და მათი მაჟორიტარი კანდიდატის შემოხაზვას აძალებდნენ. მიშას მიერ ამ უბნების გაუქმების მოთხოვნას გვიან ღამით აყალმაყალი მოჰყვა, მაგრამ მათი შედეგების გაუქმებაც ამაო გამოდგა: საბოლოოდ, არაფერი შეიცვალა, ეს რაიონი კომუნისტების „ქვოტაში” აღმოჩნდა. თბილისში დაბრუნებულმა, მის მსგავსად რაიონებში გასული მეგობრებისაგან შეიტყო, რომ იქ, სადაც „მრგვალმა მაგიდამ” გაიმარჯვა, არც კომპარტია და არც ძალოვნები არ გამოჩენილან, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო.
საღამოს ნუკრიმ მოაკითხა და ღამის გასათევად მასთან დარჩა.
როგორ იმოგზაურე რუს „ნაშებთან”?–გაეხუმრა გიორგი.
უზარმაზარი ქალაქი ყოფილა ეს მოსკოვი! შენი ჯარის ძმაკაცმა, სერგეიმ თავად მიპოვა „ვნუკოვოს” აეროპორტში. საღამოს „პშენიჩნაიათი”*** დავთვერით და დღეს შენთან დიდი მოკითხვებით გამომისტუმრა.
ხომ კარგად აუხსენი, როგორც უნდა მოიქცეს?
კი, უცხოეთის პასპორტს ხვალ იღებს და ბრატისლავამდე სამგზავრო ფულიც დავუტოვე.
ორი დღის შემდეგ სერგეიმ დაურეკა:
Всё нормально, братан! Франтишек привет тебе шлёт!**
-Спасибо, дружище! Надеюсь, как-нибудь приедешь в солнечную Грузию, погостишь у меня.
-Если будет мир, то приеду.****
* * *
სამოცდაათწლიანი ტოტალიტარული რეჟიმის ნგრევა პირველი მრავალ–პარტიული არჩევნების შედეგებით გაფორმდა, რომელთა მიხედვითაც აქამდე ქვეყნის ერთპიროვნულად მმართველი კომუნისტური პარტია უმცირესობაში აღმოჩნდა. საქართველო ოფიციალურად ჯერ კიდევ რჩებოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, მაგრამ ყველა გრძნობდა, რომ ამ „ხალხთა საპყრობილის” ჩამოშლა დღე–დღეზე იყო მოსალოდნელი. თუმცა, არც ის იყო გამორიცხული, სულთმობრძავ ურჩხულს კუდი ბოლოს მაინც მოექნია და ორთოდოქს კომუნისტებს დიქტატურის აღდგენა ეცადათ, რაზეც საგარეო საქმეთა მინისტრობიდან გადადგომისას გაკეთებული განცხადებით აფრთხილებდა მსოფლიოს ედუარდ შევარდნაძე.
უზენაეს საბჭოში დიდი უმრავლესობით შესულმა საარჩევნო ბლოკმა „მრგვალი მაგიდა–თავისუფალი საქართველო” საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ თავისი ლიდერი – ზვიად გამსახურდია აირჩია, მთავრობა თავად დააკომპლექტა და ადგილობრივი ხელისუფლების ცვლაც დაიწყო. აქამდე რაიონებს ფაქტობრივად კომუნისტური პარტიის ადგილობრივი რაიკომების მდივნები განაგებდნენ, რომლებიც კაბინეტებიდან გამოყარეს და მათ ნაცვლად მმართველებად პრეფექტად წოდებული რწმუნებულები დაინიშნენ.
არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე ზვიად გამსახურდიას საცხოვრებელი – „კოლხური კოშკი” – საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების დელეგაციების სტუმრობის ადგილად იქცა. მათ თავკაცებს აწუხებდათ, აქამდე მიტინგებზე წამოძახებულ ლოზუნგს „საქართველო–ქართველებისთვის!” განხორციელებას თუ აპირებდა ახალი ხელისუფლება, დაედგომებოდათ ქვეყანაში, თუ აქედან თავ–თავიანთ „ისტორიულ სამშობლოებში” მათ აბარგებას უპირებდა ქვეყნის მართვაში მოსული ეროვნული მოძრაობა. გიორგის მეგობარმა უამბო თბილისში მოარული ხმების თაობაზე: გამსახურდიას ყველა ეროვნების დელეგაცია მიუღია; აფხაზები, სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, ებრაელები, ქურთები და ასირიელებიც კი, ყველა კმაყოფილი წამოსულა „კოლხური კოშკიდან” , ყველას მიუღია ქართველებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების გარანტიები, მხოლოდ ოსები არ მიუღია. სამიდღე უცდია გამსახურდიასთან აუდიენციისათვის „ადამონ ნიხასისა” და ოსი კომუნისტების ნომენკლატურის წარმომადგენლობას, და როცა იმედი გადასწურვიათ, დაბოღმილი სახეებით წასულან ცხინვალშიო, – თვითმხილველების ნანახს ჰყვებოდა ხალხი.
შედეგმაც არ დააყოვნა: სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის უმაღლესმა საბჭომ ადმინისტრაციულ–სახელმწიფოებრივი სტატუსი თბილისთან შეუთანხმებლად აიმაღლა და ცხინვალის რეგიონი რესპუბლიკად გამოაცხადა. საქართველოს უზენაესმა საბჭომ, საპასუხოდ, ქვეშევრდომი ორგანოს არა მარტო ეს გადაწყვეტილება სცნო უკანონოდ, არამედ, სამხრეთ ოსეთის ავტონომია საერთოდ გააუქმა – ეგ ტერიტორია ისტორიული სამაჩაბლოა, „სამხრეთ ოსეთი” ბუნებაში არ არსებობს და ბოლშევიკების გამონაგონიაო . ჰაერში დენთის სუნი დატრიალდა და კვირაში რამდენჯერმე მოდიოდა ცნობები ცხინვალის გარშემო სოფლებში დატრიალებული ტრაგედიების შესახებ, რომელთაგან რომელი იყო ჩვეულებრივი კრიმინალი და რომელი – მართლაც ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი, აღარავინ არჩევდა. აქამდე რომ აღარავის ახსოვდა, ახლა გაიხსენეს ოსებმა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ცხინვალის ბოლშევიკთა აჯანყება 1920 წელს როგორ ჩაახშვეს სისხლში და ქართველები საკუთარი ქვეყნის დამპყრობებად, ანუ „ოკუპანტებად” მონათლეს. ეროვნებათაშორისი შუღლი უპასუხისმგებლო ქართველი და ოსი პოლიტიკანების მოქმედებებით თანდათან სულ უფრო და უფრო ღვივდებოდა, ლუბიანკაში მსხდომნი კი კმაყოფილებით იფშვნეტდნენ ხელებს, რომ ასე წარმატებით „ააფეთქეს” მათი წინამორბედების მიერ 70 წლის წინ ჩადებული ნაღმი.
ავტონომიური ოლქის ტერიტორიის გარდა, ოსური სოფლები ქვეყნის რამდენიმე რაიონში იყო და თბილისშიც ბევრი ოჯახი ცხოვრობდა, მათი დიდი ნაწილი შერეული ქორწინებებით იყო შექმნილი – ეს ორი ერთმორწმუნე ხალხი ხომ ისე იყო თანშეზრდილი, რომ ენობრივი სხვაობა ათწლეულების განმავლობაში ეთნილურ განსხვავებად აღარც კი აღიქმებოდა. გიორგი შამათავას ორგანიზაცია „ქართულ ეროვნულ მოძრაობას” კი მიაკუთვნებდა თავს, მაგრამ ბევრ საკითხში მმართველობაში მოსული ძალებისგან განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ ქვეყნის განვითარების კურსზე, მათ შორის ეროვნულ საკითხზეც. მისი თანამებრძოლი ახალგაზრდები თვლიდნენ, რომ ქართველი ერი როგორც ათასწლეულების განმავლობაში შეიქმნა სხვადასხვა მონათესავე და ერთმანეთის მეზობლად მცხოვრები ტომებისაგან, მომავალშიც ასევე უნდა განვითარდეს, საკუთარ თავში სხვა ეთნოსების ინტეგრაციის გაღრმავებით, რაც მხოლოდ ქვეყანაში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებთან მშვიდობიანი და მეგობრული თანაცხოვრების საფუძველზეა შესაძლებელი. ამიტომაც ეროვნული შუღლის გემოწვევის ყველა ფაქტი მათ მიერ მტკივნეულად და ქართული ეროვნული ინტერესების ღალატად აღიქმებოდა.
გიორგის მეგობრებმა შეიტყვეს, რომ თბილისში გახშირდა ოსების რუსეთში გახიზვნის შემთხვევები და რამდენიმეს გამგზავრებამდე მიუსწრეს. ყოველ ასეთ კონკრეტულ შემთხვევაში ახალი ხელისუფლების ბრალს მათ ვერ მიაგნეს: მეზობლის ბინის იაფად ხელში ჩაგდების მსურველი ნაძირალების მიერ ტელეფონზე ანონიმური ზარებით, „მრგვალმაგიდელთა” სახელით ოსური ოჯახების დაშანტაჟების შემთხვევები აღმოჩნდა, მაგრამ მათ მტკიცებას, ეროვნული მოძრაობა ხელს არ გახლებთ და დაგიცავთო, ყველგან უნდობლობისა და შიშის ყრუ კედელი დახვდა.
ამიტომაც არ გაუკვირდა, როცა ნუკრიმ რაიონიდან დაურეკა და ჩასვლა სთხოვა:
კაცო, ჩვენი ქართულის მასწავლებელს, ამირანს აგდებენ თურმე სკოლიდან, ოსი რათა ხარო!!! – ყურმილიდან აღშფოთებული ყვირილი ისმოდა.
ჩასვლისთანავე წიკლაურს შეხვდა და საქმის გარემოებები გამოჰკითხა.
ჩვენი დირექტორი დარბაისელი კაცია, ამას როგორ იკადრებდა? ჭორი იქნება...
სადღაა ჩვენი დირექტორი? აქაურმა „სახალხო ფრონტელებმა” ბავშვებს მაგიდებზე აჯღაბნინეს: გადადგეს, გადადგესო და პრეფექტმაც კვერი დაუკრა, კაცი პენსიაზე გაუშვა და მის ადგილას ახალგაზრდა მასწავლებელი დანიშნეს, მაგ „ფრონტის” სულელურ აქციებზე რომ წივილ–კივილით გაითქვა სახელი.
ეგ პრეფექტი ვინღაა?
აქაურ ქორწილებში არ ყოფილხარ?–ირონიულად გაეღიმა ნუკრის.
კი, რამდენჯერმე...
მედოლე ალე გეხსომება, ეგაა ეხლა ჩვენი პრეფექტი.
მეგობრებს სიცილი წასკდათ.
წამო, დავადგეთ მედოლე–პრეფექტსა,–მთიულურად მოუქცია გიორგიმაც,– სხვა თანაკლასელებიც გავიყოლოთ!
წინა წელს – რაიკომის, ამჟამად კი უკვე პრეფექტურის სამსართულიანი შენობის ფართო კიბეების ავლის შემდეგ ახალგაზრდების ჯგუფი ბოლო სართულზე, პრეფექტის კაბინეტის მისაღებში ხმაურით შეიჭრა.
მდივნის ნაცვლად ავტომატებით შეიარაღებული მათი სამი თანატოლი დახვდათ.
სად მიდიხართ?– წინ გადაეღობნენ.
ბიჭო, ე, გასწი აბა ეგ იარაღი, შენ თავში ხო არ აგივარდა?
დაცვის ბიჭებმა გიორგი და მისი მეგობრები იცნეს, ცოტა დაირცხვინეს, მისალმების ნიშნად გადაკოცნეს:
აქ დაიცადეთ, ბატონ ალექსანდრეს მოვახსენებთ.
ამას გოგოების ფხუკუნი მოჰყვა, რაზეც გიორგიმ თვალით ანიშნა,– კარგით ახლა, დაწყნარდითო.
უზარმაზარ მოპარკეტებულ კაბინეტში შეუძღვნენ, სავარძელში გამოჯგიმულმა პრეფექტმა მისალმების ნიშნად წამოდგომაც არ იკადრა. გიორგიმ თავისი მოწმობა გადაშალა, სახესთან მიუტანა და იმდენ ხანს გაუჩერა, რომ კარგად წაეკითხა.
დაბრძანდით, ბატონო გიორგი, რაზე შეწუხებულხართ?– პრეფექტის მედიდური გამომეტყველება უმალ გაქრა.
მართალია, რომ ამირან ცარაზონოვი მასწავლებლობიდან მისი ეროვნული კუთვნილების გამო გაათავისუფლეს?
არ ვიცი, საქმის კურსში არა ვარ. რა მოხდა მერე, თუ ოსი კაცი თავის ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას აპირებს?–ცინიკურად ჩაიცინა პრეფექტმა.
გიორგის თანაკლასელებმა აღარ აცალეს:
ოსს გიჩვენებთ შენა, ქართული წერა–კითხვა, ქართველობა, „ვეფხისტყაოსანი” და „მგზავრის წერილები” მაგან გვასწავლა...
შენ, ძმაო, ეგენი ალბათ არც გაგიგონია და საქორწილო სიმღერები გგონია...
თქვენი ბრძანებით გაათავისუფლეს?
პრეფექტმა თვალები ფანჯრებთან ატუზული დაცვის ბიჭებისკენ გააცეცა.
არა, მე რა შუაში ვარ, დირექტორის ბრძანება იქნება, გავარკვევთ, – ახალგაზრდების სითამამემ პრეფექტი დააბნია.
არ ვიცი, რას გაარკვევთ და რას –არა, მაგრამ თუ არ გინდათ, რომ ბატონ ზვიადს პირადად მოვახსენო აქაური განუკითხაობის ამბები, გირჩევთ, ჩვენს პედაგოგებს თავი დაანებოთ, – მუქარა გაურია გიორგიმ. პროვინციაში გამსახურდიას სახელის ხსენებას მაგიურად უნდა ემოქმედდა.
მე მისი ერთ–ერთი პირველი თანამებრძოლი ვარ,–გაიჯგიმა პრეფექტი.
რა ვიცი, არც ერთ მიტინგზე არ მინახიხარ...–მოუჭრა შამათავამ.
სადა ნახავდი, ქორწილში იქნებოდა,–ბოლომდე იმეტებდნენ გაალექსანდრებულ ალე–მედოლეს მისი მეგობრები.
ოსურ სოფლებში ხულიგნები რომ ხელყუმბარებს აფეთქებენ, არც მაგის შესახებ არა იცი რა?
არა, მილიციას არაფერი შეუტყობინებია.
ეგეც თქვენ გბრალდებათ, იცოდეთ, კაპიკებად გაყიდული მაგათი სახლების ქალაქელებზე გადაფორმების წილშიც ზის პრეფექტურაო, ხალხი ლაპარაკობს...
გავარკვევთ, ყველაფერს გავარკვევთ...
ეროვნულ მოძრაობას ჩირქი არ უნდა მოეცხოს!– მკაცრად დაუსრულა გიორგიმ და მეგობრებთან ერთად პრეფექტის კაბინეტი დატოვა.
ამირან მასწავლებლის სახლისაკენ ორი მანქანით წავიდნენ. ორღობეებში არავინ შეხვედრიათ – ნახევრად უკვე დაცარიელებულიყო ოდესღაც მოფუსფუსე გლეხებით სავსე სოფელი.
ეზოში მისი ორსული მეუღლე შეეგებათ – ნანას მუცელი უკვე დამჩნეოდა. ის და ამირანი ახალშეუღლებულები იყვნენ.
კი, მართალია ეგ ამბავი, შრომის წიგნაკშიც ასე ჩაუწერეს: „გათავისუფლებულ იქნას ოსური ეროვნების გამო”,– დაუდასტურა და სახლში შეიპატიჟა,– შემოდით, ბარგს ალაგებს, ხვალ მივემგზავრებით და თქვენი ნახვა გაუხარდება.
წიგნებისგან დაცლილი კარადები და თაროები გამოშიგნულებივით გამოიყურებოდნენ და ამან ახალგაზრდებზე დამთრგუნველად იმოქმედა.
ჩვენ პრეფექტს ველაპარაკეთ, იქნებ გადაიფიქროთ გამგზავრება?
არ დაგიმალავთ, ძალიან გულნატკენი ვარ და... დარჩენა გამიჭირდება, – მაღალი და მხარბეჭიანი მათი მასწავლებელი თითქოს წელში მოხრილიყო, ზღვისფერი სილურჯის თვალებიც განაცრისფერებოდა.
თქვენ ხომ ქართულის მასწავლებელი ხართ, რუსეთში რა უნდა აკეთოთ?
ორჯონიკიძეში ქართული სკოლაცაა, ეგებ იყოს ადგილი... ან სხვა სამუშაოს ვიშოვი, რამეს.
ამირან მასწ., თქვენ ხომ რუსული არც კი იცით წესიერად? –არ ეშვებოდნენ მოწაფეები,– ან ცოლს რას უპირებთ, არ გაუჭირდება უცხოობაში?
ამირანის ნაცვლად ნანამ უპასუხათ:
თუ ძალიან გაგვიჭირდა, გადავალ ამირანის გვარზე, მაგრამ არა მგონია, ეს საჭირო გახდეს, – იქ ბევრი ქართველი ცხოვრობს და არ უჭირთ.
ეგ ახლა, მაგრამ საქართველო დამოუკიდებელი რომ გახდება, მერე? ალბათ ქართველების მიმართ აგრესია გაძლიერდება, გაგიჭირდებათ...
უკვე გადავწყვიტეთ...
ისე წამოვიდნენ, თითქოს პანაშვიდიდან ბრუნდებიანო. ნანასთვის ხელგადახვეული ამირანი როგორ უქნევდა ხელს, და იმ დროს ყელსმობჯენილი ბურთის გადაყლაპვისას ცრემლის გემო გიორგის სამუდამოდ დაამახსოვრდა.
სვეტიცხოველთან გავჩერდეთო, – ნანამ სთხოვა. შევიდნენ, სანთლები დაანთეს და ილოცეს, სამშობლოში დაბრუნება და ქართულად ლოცვა თუ ოდესმე კიდევ ეღირსებოდათ – არ იცოდნენ.
მანქანა ღმუილით მიუყვებოდა აღმართს. „საქართველოს სამხედრო გზა” კავკასიონის მაღალ მთებს შორის არ იყო გაყვანილი ლტოლვილების აქედან წასასვლელად – ეს ქვეყნის დასაპყრობად რუსეთის იმპერიის ჯარის შემოსასვლელი იყო. მაგრამ დრო შეიცვალა და ოდესღაც სამხედრო ჩექმით ამტვერებულს, ახლა ნამად ეცემოდა ნანას ცრემლის წვეთები.
ამირანის დანისლული მზერა მყინვარწვერის სიდიადემ მიიპყრო. ნანამ ჩუმად შეჰკივლა.
ცუდად ხარ?–შეშფოთდა ვაჟკაცი.
არა, მგონი... ბავშვი გაინძრა,– გაღიმება სცადა ნანამ.
რას დაარქმევ, ბიჭი თუ იქნა?
მამაშენის სახელს, დავითს. თუ გოგო იქნა, რა დავარქვათ?
სიყვარული. ჩვენი სიყვარულის ნიშნად.
სიყვარული?
- Любовь. რუსულად. რადგანაც რუსეთში მოუწევს დაბადება და გაზრდა...– ჩუმი ოხვრა დააყოლა.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
*„Ежовые рукавицы” - შინაგან საქმეთა სახალხო კიმისარის – Ежов–ის გვარიდან წარმომდგარი გამოთქმა
** (რუს.) მშვიდობით
*** ხორბლის არაყი
***** (რუს.) ყველაფერი კარგადაა, ძმაო! ფრანტიშეკი მოკითხვას გითვლის!
–გმადლობ, მეგობარო! იმედი მაქვს, მზიურ საქართველოში სტუმრად ჩამოხვალ ჩემთან.
თუ მშვიდობა იქნა, ჩამოვალ.