31 May, 2012

ამოდის, ნათდება!

„Весь мир насилья мы разрушим
До основанья, а затем
Мы наш, мы новый мир построим
Кто был ничем, тот станет всем.“
კაცობრიობის უახლესმა ისტორიამ ნათლად დაგვანახა, რომ „ინტერნაციონალის“ რუსული ვარიანტის ეს სიტყვები ოცნებად დარჩა.  მათი ილუზორულობა არ მდგომარეობს იმაში, რომ უკეთესი, უფრო განვითარებული საზოგადოების შექმნა ხალხს არ ძალუძს, არამედ ხელოვნურად და ძალდატანებით ამის გაკეთების შეუძლებლობაშია.
როგორც არ გამოვა ინდივიდუალური ცნობიერების წაშლა და ტვინში „სუფთა ფურცლიდან“ ახლის ჩაწერა ისე, რომ ადამიანი პიროვნებად დარჩეს, ასევე შეუძლებელია საზოგადოების ცნობიერებაზე ისეთი ზემოქმედება, რომ მისგან, სრული დეგრადაციის გარეშე, მოკლე დროში ახალი და განსხვავებული მივიღოთ. საზოგადოების ნახტომისებურად გაკეთილშობილება, სხვადასხვა ადგილას და განსხვავებულ დროს, მრავალჯერ სცადეს: „ძმობა, თანასწორობა, თავისუფლების“ კეთილშობილური იდეით 1789 წელს ბასტილიის აღებასაც, „მიწა–გლეხებს, ძალაუფლება–საბჭოებს!“ ლოზუნგით 1917 წლის პატერბურგის გადატრიალებასაც და შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმისგან ხალხის გათავისუფლების მოწოდებით 2003 წლის „ვარდების რევოლუციასაც“ მოჰყვა ახალი წელთაღრიცხვის შემოღების მცდელობები, მაგრამ ვერც სისხლისღვრით და ვერც დაჭერა–დაშინებებით არ წაიშალა ხალხის კოლექტიური მეხსიერება და ვერ აღიზარდა „ახალი ადამიანი“.
საქმე ისაა, რომ ადამიანის ცნობიერება  არსებულ კულტურულ სივრცეში ყალიბდება, საზოგადოებაში კი მოქმედებს აზროვნების დონის მემკვიდრეობითობის, იდეების ვერტიკალურად გადაცემის მექანიზმი. წინაპრები მომავალ თაობას უტოვებენ იდეებს, რაც მას უადვილებს განვითარების შემდეგ დონეზე გადასვლას. ჯერ ცალკეული ინდივიდები უნდა განვითარდნენ უფრო მაღალ სტადიამდე, მათ მიერ კულტივირებულმა იდეებმა უნდა მოიცვას მასების ცნობიერება და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მთელი საზოგადოება მათ კვალს გაჰყვება.
„ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება,
და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!“
საზოგადოება ჯერ უნდა მომწიფდეს განვითარების ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე ასასვლელად, მის ფასეულობათა სისტემაში მომხდარი ცვლილებები კი განაპირობებენ ცხოვრების პროგრესის გარდაუვალობას, რასაც ვერავითარი დესპოტური პოლიტიკური რეჟიმი ვეღარ აღუდგება წინ – ამის მაგალითებიც მრავლადაა ისტორიაში.
1970–90–იან წლებში ამერიკელმა ფსიქოლოგმა კლერ გრეივსმა, შემდეგ კი მისმა მიმდევრებმა კრის კოუენმა, დონ ბეკმა და კენ უილბერგმა შეიმუშავეს ახალი სოციალურ–ევოლუციური თეორია, რომელსაც სპირალური დინამიკის თეორია ეწოდა. ის განვითარების სტადიებს აღწერს ცნობიერების პარადიგმების, ანუ ფასეულობათა კომპლექსების მეშვეობით (რელიგიური რწმენების, კულტურული იდეების, მორალური პრინციპების, სწავლების მოდელების და ა.შ. ერთობლიობა), რომელთა წარმოშობა ხდება  სოციოკულტურული ევოლუციის პროცესში. მოდელი იერარქიულია: ყოველი შემდეგი დონე წინმსწრებთან შედარებით უფრო რთულია.
 ამ მოდელის მნიშვნელოვანი თავისებურებაა, რომ  სპირალისებურად, არამკვეთრი ცვლილებებით ხდება აღმასვლა უფრო მაღალ დონეებზე, ინდივიდუალურ და კოლექტიურ ღირებულებებზე ორიენტირებული სტადიების მონაცვლეობით იქამდე, ვიდრე ეს ფასეულობები ჰარმონიულ ურთიერთშეთავსებას არ მიაღწევენ.
ამდენად, ლოგიკურია, რომ საბჭოთა ტოტალიტარული კოლექტივიზმის მიმართ 1980–იანების ბოლოს ჩვენში წარმოქმნილი ძლიერი ნეგატიური დამოკიდებულების გამო საზოგადოების ცნობიერება, ქანქარასავით, ისე რადიკალურად „გამემარჯვენდა“, რომ ოც წელიწადში კომუნისტური ერთპარტიული მმართველობიდან მკვეთრად გადავიხარეთ ლიბერთარიანულ ერთპარტიულ რეჟიმამდე, რომელსაც სატელიტი „ოპოზიციური“ პარტიები დემოკრატიულობის ფასადის „ლეღვის ფოთოლად“ სჭირდება და რომელთან იდეოლოგიურად დაპირისპირებული ჯგუფები პრაქტიკულად არ არსებობდა.  საზოგადოებრივი ცნობიერების ამ „ქანქარამ“ გზად  ერთგვარი „ჭრელი“ პერიოდიც გაიარა, პოსტკომუნისტური ეპოქის შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირს“ მმართველობის სახით, ხუმრობით საზამთროს რომ ადარებდნენ: „გარედან – მწვანე, შიგნით – წითელი, ალაგ–ალაგ კი  შავი“.
21–ე საუკუნის დასაწყისის ქართული საზოგადოების ცნობიერებას, გრეივსის თეორიიდან, ყველაზე მეტად მე–5 დონე შეესაბამება: მატერიალისტური და მიღწევებზე ორიენტირებული. მას ახასიათებს რაციონალიზმი, საკუთარი კეთილდღეობის მიზნით კერძო მეწარმეობა, ადამიანის სოციალური ქმედების უპირატესად ეკონომიკური მოტივაცია. პოსტსაბჭოთა პერიოდის განმავლობაში ქართულ ბაზარზე კონკურენცის წლებიც იყო, რომელიც აუმჯობესებდა საქონლის რაოდენობას და ხარისხს, ხელს უწყობდა ეკონომიკურ ზრდას, სანამ ხელისუფლებასთან შეზრდილი მონოპოლიები არ ჩაკლავდნენ ამ პროცესს და კონკურენციის ცნება არ იქნა დაყვანილი ატომიზირებულ მასაში, საარსებო ლუკმის მოპოვებისთვის ბრძოლაში მყოფ ინდივიდებს შორის მგლურ დამოკიდებულებამდე: Homo homini lupus est!
2003 წელს, ხელისუფლებაში მოსასვლელად, ამ პრინციპთან სრული თანხმობით „ვარდოსნებმა“ არ დაინდეს საკუთარი აღმზრდელი, მოხუცი მგელი ტოტია – შევარდნაძე, რათა ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ უმალ დაევიწყებინათ სოციალური დაპირებების „ფოჩიანი კანფეტები“ და ცხოვრების ყველა სფეროში უკიდურესი ლიბერთარიანიზმის პრინციპები  გაბატონებულიყო. ეთიკა, გრეივსის თანახმად, ამ სტადიაზე ეფუძნება პოსტულატს: საერო კანონი ყველაფერზე მაღლა დგას. თუმცა, ეს მტკიცება ჩვენში მხოლოდ „ქვედა დონეებისთვის“ არის მართებული, ანუ ხალხისთვისაა, მმართველი ელიტა რეალურად კანონს ზემოთ დგას და კონსტიტუციას,  მოხვეჭილის დასაცავად, საკუთარ საჭიროებებს არგებს.
გრეივსის თეორიით, განვითარების ყოველ შემდეგ სტადიაზე ხდება საზოგადოების იმ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რომლებიც წინა სტადიაზე  არ იქნა დაკმაყოფილებული. მართლაც, დამყარდა საზოგადოებრივი წესრიგი, განვითარდა ინფრასტრუქტურა: გზები, სკოლები, სატუმროები, შადრევნები, ხიდები... წარმატებებია მოსახლეობის ელექტროდენით, ბუნებრივი აირითა და წყლით უზრუნველყოფაში, სახელმწიფო სტრუქტურებში ქვედა დონეებზე აღმოიფხვრა კორუფცია და მისთ. ხელისუფლების ყველა ეს მიღწევა, როგორც ვხედავთ, მხოლოდ მატერიალურ სფეროშია, რომლის სიკეთეებითაც, ძირითადად, პარტიული და მასთან შეზრდილი ბიზნეს–ელიტა სარგებლობს.
განვითარების გრეივსისეულ სპირალზე, მივაღწიეთ რა „მატერიალისტური დონის“ უკიდურეს წერტილს, საზოგადოებრივი ცნობიერების აღმასვლისათვის კოლექტიური ფასეულობებისკენ შემობრუნება უნდა მოხდეს. შემდეგ საფეხურს, რომელსაც „სოციოცენტრული“ ეწოდება, ახასიათებს აქცენტები ერთობლივ ზრდაზე, თანასწორობაზე, ჰუმანიზმზე, ტოლერანტულობაზე, სტაბილურობაზე, გარემოს დაცვის საკითხებისადმი ყურადღებაზე.  მოტივაცია ადამიანური ურთიერთობებსა და სწავლებას ეფუძნება, ფასობს გახსნილობა და ნდობა, და არა – კონკურენცია. ავტოკრატიული ლიდერების დრო წარსულს ბარდება, იერარქიები თვალშისაცემი აღარ არის. ეთიკაში მძლავრობს შეხედულება: კანონები მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი ყველა ადამიანის კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდნენ. ასეთი საზოგადოებების მაგალითად გრეივსს ევროპის სოციალური სახელმწიფოები მოჰყავს, სადაც მემარცხენე მოძრაობაა ძლიერი.
ევროპული ფასეულობებისაკენ მისწრაფება სააკაშვილის რეჟიმის საწყის სტადიაზე თუ დეკლარირებული მაინც იყო, თანდათან მას ჩაენაცვლა ღია ანტაგონიზმი სოციალური დემოკრატიის მიმართ და  „სოციალიზმის“ ცნებაც კი დემონიზირებულ იქნა. ყურადღებამისაქცევი ნამდვილად არ არის მისი პოპულისტური წინასაარჩევნო ლოზუნგები, რომლებიც მიმართულია ხალხის გაბრიყვებისა და მმართველი პარტიისთვის ელექტორატის მოზიდვისაკენ. „ხე ნაყოფით იცნობა“ – სააკაშვილის რეჟიმის ნაყოფი კი ლიბერთარიანული ტოტალიტარიზმია.
ამ მდგომარეობიდან განვითარების ახალ დონეზე გადასვლის პროცესი, გრეივსის თეორიით, არ არის არც შეუქცევადი და არც გარდაუვალი. დღევანდელი რეჟიმი, ცხადია, შეეცდება status quo შეინარჩუნოს და ძალაუფლებაში დარჩეს, მაგრამ მას უკვე გამოუჩნდა სერიოზული ალტერნატივა: რეალური ოპოზიცია  „ქართული ოცნების“ სახით, რომელმაც უმოკლეს დროში მოსახლეობის სერიოზული მხარდაჭერა მოიპოვა.
 ხელს შეუწყობს თუ არა ხელისუფლების მოსალოდნელი შეცვლა ჩვენი საზოგადოების ასვლას განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე? თუ მხოლოდ მმართველების სახეები შეიცვლება?
ეს თავად საზოგადოებაზე, მისი ცნობიერების ამჟამინდელ მდგომარეობაზეც არის  დამოკიდებული: უნდა არსებობდეს წინაპირობები (transitional factors), რომლებიც უზრუნველყოფენ ფასეულობათა ერთი დონიდან მეორეზე არამკვეთრ გადასვლას. თეორიულად, სოციოცენტრულ საფეხურზე ასვლის ასეთი ფაქტორებია: იმის გაცნობიერება, რომ მატერიალურ კეთილდღეობას არ მოაქვს ბედნიერება, კოლექტივიზმის განახლებული გრძნობა, კონკურენციითა და არათანასწორობით გამოწვეული უკმაყოფილება.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დაწყების აქციაზე არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე,  150 ათასზე მეტი თბილისელის გამოსვლამ  27 მაისს, სადაც ძირითად ემოციურ მუხტს სოლიდარობის გრძნობა ქმნიდა, ნათლად აჩვენა, რომ არათანასწორობისა და უსამართლობის არსებულ მდგომარეობას საზოგადოება აღარ ეგუება. მოსახლეობა თავს უკვე მოიაზრებს არა გათოთოკაცებულ მასად, რომლითაც მანიპულირება ადვილად შეუძლია მმართველ კასტას, არამედ კოლექტიურ კრებულად – ერად, რომელსაც ბედნიერი ცხოვრების სურვილი აქვს და მის მოსაპოვებლად ბრძოლისათვის მზადაა.
მსოფლიოში პოლიტიკური სიტუაციაც თანდათან, მაგრამ კარდინალურად იცვლება, თან – ჩვენი მმართველი ელიტისთვის არასასურველი მიმართულებით: მრავალ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, პოლიტიკაში მემარცხენე დისკურსის გაძლიერება ლოგიკური და გარდაუვალია. ამის შიშს რომ დიდი თვალები აქვს, უნგრეთის მაგალითმა აჩვენა: შარშან, ნოემბერში მმართველი კონსერვატიული პარტია ცდილობდა, უნგრეთის სოციალისტური პარტიისა და სხვა მემარცხენე პოლიტიკური ორგანიზაციების საქმიანობა აეკრძალა (!)
საქართველოს ხელისუფლების იდეების მთავარი  რუპორი – ჟურნალი „ტაბულა“ აშშ პრეზიდენტის ბარაკ ობამას, როგორც „სოციალისტის“ მიმართ ზიზღს არ მალავდა, საფრანგეთის პრეზიდენტად სოციალისტი ფრანსუა ოლანდის არჩევამ ქართველ ლიბერთარიანელთა იდეოლოგები განახლებული ძალით მემარცხენეთა ხელისუფლებაში დაბრუნების ფაქტის წინაშე დააყენა. სააკაშვილის გამოსვლების „გამემარცხენებული“ რიტორიკა მიანიშნებს მის მცდელობაზე, როგორღაც შეაღწიოს ახალ მსოფლიო „მეინსტრიმში“, მაგრამ ჩიკაგოში, ნატო–ს უკანასკნელ სამიტზე, ოლანდთან ხელის ჩამორთმევის ამსახველი ფოტო ლობისტებმა ვერ „გაუჩალიჩეს“ –ელისეს სასახლეში ისინი ახლოს არ გაიკარეს.
 „მრავალი კვირის განმავლობაში ჩემ მიერ შემოთავაზებული იდეები მხარდაჭერას მოიპოვებდნენ არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ ევროპაში. ვითარება იცვლება, და კიდევ უფრო მეტად შეიცვლება საფრანგეთის არჩევნების შემდეგ,“– თქვა ფრანსუა ოლანდმა. ინტერნეტმა და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების გლობალურმა განვითარებამ ყველა ქვეყანა საერთო ინფორმაციულ სივრცეში მოაქცია, ამდენად, ევროპა–აზიის გზაგასაყარზე მდებარე პატარა საქართველო ვერ „გამოსინგაპურდება“ და ეს ტალღა ჩვენამდეც აღწევს.
ახლა უკვე ჯერი ოპოზიციურ ლიდერებზეა: რამდენად გაიცნობიერებენ ისინი როგორც ქართულ საზოგადოებაში გაჩენილ მოთხოვნილებებს, ასევე საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების ტენდენციებს. თუ ადრე ისეთ ფასეულობებს, რომლებიც სოციოცენტრულ საზოგადოებას შეესაბამება, ინტერნეტ–სივრცეში მხოლოდ ერთი საიტი – european.ge უწევდა პოპულარიზაციას, ევროპული ღირებულებების მატარებელი პოლიტიკური პარტიისთვის „სოციალ–დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები კი, პრაქტიკულად, დახურული იყო, ბოლო დროს საზოგადოების ცნობილმა სახეებმა (ვასილ მაღლაფერიძე, გია მაისაშვილი, ზურაბ ბიგვავა, ნანა დევდარიანი და სხვ.) პრესითა და ტელეეთერით დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ სკანდინავიის ქვეყნები და კანადა, სადაც ლიბერთარიანელთათვის საძულველი სოციალიზმია აშენებული, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერთა ათეულში არიან, საქართველო კი უბედურთა შორის მე–9 ადგილზეა.  
ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერთა შორის, რომლებიც „პროქართველობას“ იბრალებენ,  ერთმანეთს კი ძველებურად „პრორუს–პროამერიკელებად“ ჰყოფენ, შექმნილი სიტუაციის ადექვატურად აღმქმელად ჯერ–ჯერობით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი მოსჩანს, რომელმაც ზედიზედ სამ ინტერვიუში  ხაზი გაუსვა როგორც ქართველ სოციალ–დემოკრატებთან თანამშრომლობას, ასევე გააცხადა კოალიციის მიერ შემუშავებული პროგრამის სოციალური აქცენტები.
ბიძინა ივანიშვილმა აქციაზე გამოსვლისას ბიზნესმენებს მიმართა და განაცხადა, რომ ვერანაირი პირადი მატერიალური კეთილდღეობა ვერ მიანიჭებს მათ ბედნიერებას, როდესაც მილიონნახევარზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და როდესაც მოსახლეობის დიდ ნაწილს ბანკის ვალი აქვს.
ხელისუფლებასთან ჩახუტებული ბიზნესმენების მხრიდან პასუხი ასეთი იყო: „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ და „მაკდონალდსი–საქართველოს“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ ივანიშვილის ეკონომიკურ იდეებს სოციალისტური უწოდა; „ალიანს–ჰოლდინგის“ დამფუძნებლის განცხადებით კი სოციალისტური რეფორმები საქართველოში ბიზნესს ადგილობრივი ბაზრის დატოვებას აიძულებს.
ჩასაძირად განწირული გემიდან ვირთხები, ცხადია, პირველები გაიქცევიან, თან „ტომრებით“ საკუთარი ფულების უცხოეთში წაღებასაც შეეცდებიან: მას–მედიაში წერენ, რომ  კახა ბენდუქიძეთავისი კაპიტალის უდიდესი ნაწილი, სავარაუდოდ, 400 მილიონი დოლარი უკვე საბერძნეთში გაუტანია და იქ დაუბანდებია.
გაუმაძღარი მგლები უკვე აყმუვლდნენ: „ამოდის, ნათდება!“




18 May, 2012

2012–ის შემოდგომა: არჩევნები თუ ამბოხება?

1991 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა და მის ერთ–ერთ მცირე ნაწილში, უკვე დამოუკიდებლობაგამოცხადებული საქართველოს რესბუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას საკუთარ მომავალზე უნდა გვეზრუნა. წარმოვიდგინოთ, რომ ამ დროს თბილისში გამსახურდიას ხელისუფლების ჩამოსაგდებად სამოქალაქო ომი არ ყოფილიყო გაჩაღებული და, უბრალოდ, ყველა მცხოვრები ჩვენს ნებაზე ვყოფილიყავით, საღ აზრზე და არა ერთმანეთის მტრობით გონებაამღვრეულები, რას მოვიმოქმედებდით?
ვიტყოდით, რომ სახელმწიფო გვჭირდება, რომლის შესანახად თითოეული ჩვენგანი გავიღებთ შემოსავლის ნაწილს, ყველასათვის სავალდებულო გადასახადების სახით. ამას გვიკარნახებდა ჩვენი ისტორია, რომელმაც უცხოტომელთა თითქმის განუწყვეტელი შემოსევების შესახებ ცნობები აღგვიბეჭდა მეხსიერებაში, ამიტომ ამ სახელმწიფოს უპირველეს ფუნქციად  მეზობელთა თუ შორეულთაგან ჩვენი მიწა–წყლის დაცვას მოვიაზრებდით.
· სხვა სახელმწიფოების მხრიდან ქვეყნის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ანექსიისგან დაცვისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება დიპლომატია, ჯარი, საგარეო და კონტრდაზვერვა.
ამის შემდეგ თითოეული ჩვენგანი დაფიქრდებოდა, რომ საკუთარი სიცოცხლის, ქონებისა და შვილების ყაჩაღთა ბანდებისაგან დასაცავად, სახლების მავთულხლართიანი ღობეებით შემოვლებისა და ავტომატებით სიარულის ნაცვლად, აჯობებდა ქვეყანაში ერთობლივად დაგვემყარებინა კანონზე დამყარებული წესრიგი.
· საზოგადოებრივი წესრიგისა და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისდასაცავად ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება პოლიცია, სასამართლო და პენიტენციალური სისტემა, რომელსაც ზედამხედველობას გავუწევთ სახალხო დამცველის აპარატის მეშვეობით.
საკუთარი თავისა და ოჯახების გამოსაკვებად, მატერიალური კომფორტის შესაქმნელად რომ შრომის დანაწილება ჯობია, – როცა ყველა იმას აკეთებს, რაც სხვაზე უკეთ ეხერხება, – ამას კაცობრიობა ათასწლეულების წინ მიხვდა და ჩვენც, ცხადია, გვჭირდება ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, შრომითი ურთიერთობების დარეგულირება, რაც ჩვენი დასაქმების საწინდარი და საკუთარი შრომით მიღებული შემოსავლებით ღირსეულად ცხოვრების წინაპირობაა.
· საერთაშორისო და შიდა ბაზარზე კონკურენტული პროდუქციის წარმოებისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად ჩვენმა სახელმწიფომ უნდა განავითაროს თანამედროვე კომუნალური ინფრასტრუქტურა და მოქნილად დაარეგულიროს ეკონომიკური ურთიერთობები.
ადამიანი თავის საქმიანობაში იყენებს ბუნებრივ რესურსებს, რომლებიც ამოუწურავი არაა. მტაცებლური დამოკიდებულება ბუნების მიმართ მისი განადგურებით დასრულდება, რაც ბუმერანგივით მოუბრუნდება ეკონომიკას – დაცემით, ხოლო ადამიანებს, დაბინძურებულ გარემოში ცხოვრების გამო, დაავადებებითა და სიკვდილიანობით.
·  სახელმწიფომ, ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის, უნდა დაიცვას გარემოს სისუფთავე,  ბიომრავალფეროვნება და ხელი შეუწყოს ბუნებრივი რესურსების აღწარმოებას.
გენეტიკური მრავალფეროვნების შედეგად ადამიანები ერთმანეთისგან განვსხვავდებით ჩვენი ნიჭებითა და უნარებით, საზოგადოებაში საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისათვის ჩვენი მისწრაფებების შესაფერისი განათლების მიღებაა საჭირო, რაც არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, თუ სად და რა პირობებში დაიბადა და იზრდება ბავშვი.
· სახელმწიფომ ყველასათვის უნდა უზრუნველყოს ხარისხიანი სკოლამდელი, საშუალო და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა.
სამწუხაროდ, ამქვეყნად არავინაა დაცული დაავადების, დასახიჩრების, სიბერის ან სხვა მიზეზებით შრომის უნარის დაკარგვისაგან. დღეს ყველაზე წარმატებული პიროვნება ხვალ, შემთხვევის გამო, შეიძლება უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდეს. რადგან ეს რისკები ყველას აქვს, ლოგიკური და ჰუმანურია, რომ მათგან ყველა ერთნაირად ვიყოთ დაზღვეული.
·  სახელმწიფომ უნდა უზრუნველგვყოს ყველა მოქალაქე თანაბრად ხელმისაწვდომი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ეფექტური და ხარისხიანი სისტემებით.
მატერიალური კომფორტის სურვილის გარდა, ადამიანებს სულიერი და ესთეტიკური მოთხოვნილებებიც გაგვაჩნია, რომლებსაც ვიკმაყოფილებთ როგორც ჩვენი თანამედროვე ხელოვანების შემოქმედებით, ასევე წინაპართა მიერ დატოვებულ კულტურულ მემკვიდრეობასთან ზიარებით.
· სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კულტურისა და სპორტის განვითარება, ამ სფეროებში ყველა  ადამიანის ნიჭის გამოვლენის თანაბარი შესაძლებლობა და კულტურული მემკვიდრეობის მოვლა–პატრონობა.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს ყველა მცხოვრები, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა, დაახლოებით ამგვარი დეკლარაციით შევთანხმდებოდით ჩვენი ქვეყნის მშენებლობაზე 20 წლის წინ, რომ დაგვცლოდა. მაგრამ ვინ გვაცალა საღად გვეაზროვნა და ჩვენი ნება გამოგვეხატა?!
ჯერ „სამხედრო საბჭომ“ მიიტაცა ძალაუფლება, მერე შევარდნაძის კლანურ–მაფიოზურმა ხელისუფლებამ, რომელმაც სააკაშვილის „ვარდოსნებს“ ხავერდოვნად გადაგვაბარა. ხალხს არავინ გვკითხა, როგორი სახელმწიფო გვინდოდა, „ელიტამ“ სათავისოდ მოირგო კონსტიტუცია და კანონები,   ქვეყანაც სათავისოდ მოიწყო, რომ შეუზღუდავად გვძარცვოს და ჩვენზე იბატონოს. რიტორიკის დონეზე და მხოლოდ ქაღალდზე, პროპაგანდით ჩვენს გასაბრუებლად კეთილდღეობას გვპირდებიან, მაგრამ რეალურად რა გააკეთეს?
2012 წელს ასეთი მდგომარეობა გვაქვს:
·     პოლიტიკური დამოუკიდებლობა ფიქციაა – გავლენის სფეროებად ისე გვყოფენ, რომ არც გვეკითხებიან; ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია; ნახევარი მილიონი ლტოლვილი ხელისუფლების „კეთილ ნებას“ შეჰყურებს, თუ სად მოუზომავენ საცხოვრებელს; ეკონომიკის სტრატეგიული დარგები ანექსირებულია ძლიერი მეზობლების მიერ; ჯარი, საკუთარ მიწას ვერ იცავს და ცხრამთას იქით „ამყარებს მშვიდობას“, ხოლო შეიარაღებულ კონფლიქტებში ბიუჯეტიდან მოპარული ფულის „ჩამოწერა“ ხდება.
·  საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში პოლიციის წარმატების მიუხედავად, ადამიანის უფლებები დაუცველია; დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს და ის, პროკურატურასა და პოლიციასთან ერთად, ხელისუფლებაში მყოფი „ელიტის“ მიერ  ინსტრუმენტად გამოიყენება განსხვავებულად მოაზროვნეთა დევნის პოლიტიკური დაკვეთების შესრულებისათვის; პენიტენციალურ სისტემაში გაურკვეველ ვითარებაში იღუპებიან პატიმრები; სახალხო დამცველს ყურს არავინ უგდებს.
·  სახელმწიფო გაუაზრებლად და ერთი კაცის ხუშტრუკებით ფულს ხარჯავს გრანდიოზულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა შესრულების ხარისხი ხშირად სავალალოა; ბაზარზე ოლიგოპოლური კარტელები ბატონობენ და ერთმანეთთან შეთანხმებული ფასებით ყვლეფენ მოსახლეობას; დასაქმებული მშრომელი ადამიანი უფლებააყრილი და ლამის მონაა, უმუშევართა არმია კი უცხოეთში ლუკმა პურის საძებნელადაა გაქცეული.
·   ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე და ბუნებრივი რესურსების აღწარმოებაზე არავინ ზრუნავს, გარემოს დაბინძურება მატულობს,  ბიომრავალფეროვნება ნადგურდება. ქვეყნის ბუნებრივი რესურსები, ტყეების, მდინარეების, წიაღისეულისა და ცხოველთა უიშვიათესი სახეობების ჩათვლით გაყიდულია ან აუქციონზეა გატანილი.
·    ძიძებისა და გადიების ყოლის ფუფუნება მხოლოდ „ელიტას“ აქვს, ბაგა–ბაღების შენახვაზე კი ხელისუფლებამ უარი თქვა; საშუალო და საბაზო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების მიუხედავად, აშკარაა დიფერენცირება სწავლების ხარისხში საჯარო და „ელიტარულ“ ფასიან სკოლებს შორის; ერთიანი ეროვნული გამოცდებით კორუფცია აღმოიფხვრა, მაგრამ უმაღლესი განათლება ფასიანი და ათიათასობით ახალგაზრდისთვის ხელმიუწვდომელია.  
·  ჰოსპიტალური სექტორის განვითარების მიუხედავად, ჯანდაცვის მთელი სისტემა  აჩუქეს ე.წ. სადაზღვევო კომპანიებს, რომლებიც მათ მეპატრონეთა ჯიბეებში საბიუჯეტო სახსრების დალექვის მექანიზმადაა ქცეული; ჯანდაცვის ხარისხიანი სერვისები მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის ხელმიუწვდომელია და „ავად გახდომა“ ოჯახთა უმრავლესობისათვის გაღატაკების სინონიმია; ხელოვნურად გაძვირებული წამლების გამყიდველი ფარმაცევტული ქსელი, ისევე, როგორც ეკონომიკის სხვა დარგები, მონოპოლიზირებულია; სოციალური შემწეობის მოლოდინშია უღატაკესი მოსახლეობის უზარმაზარი ფენა, რომელსაც სახელმწიფო არ აძლევს თუნდაც საარსებო მინიმუმის ექვივალენტს –დახმარებისა და პენსიის სახით; უმუშევრობის შემწეობას აღარავინ ახსენებს.
·   კულტურისა და სპორტის სფეროები ასევე „ფულის კეთების“ არეალია და მმართველი „ელიტის“ გამგებლობაშია, კულტურული მემკვიდრეობა მისი ბიზნესად გამოყენების პრიზმიდან განიხილება.
უსამართლობა, ღია თუ ფარული, ცხოვრების ყველა სფეროში, – ესაა „ვარდოსნების“ მიერ გაცხადებული ე.წ. მერიტოკრატიის შედეგი. სახელმწიფოს ამგვარი მოწყობა, ფარისევლურად მონათლული „ღირსეულთა მმართველობად“, სინამდვილეში მხოლოდ ფსევდოელიტის მიერ ძალაუფლებისა და სიმდიდრის შენარჩუნებაზეა მიმართული, მოსახლეობის დანარჩენი 99% კი სამუდამო ექსპლოატირებისთვისაა განწირული. განა, ასეთ სახელმწიფოს ვინდომებდით და ავაშენებდით 20 წელიწადში, ჩვენი ნება რომ ყოფილიყო?!
საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო..”– ამ სიტყვებით იწყება საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ფარატინა ქაღალდად იქცა მმართველი „ელიტის“ ხელში. არც დემოკრატიის, არც ეკონომიკური თავისუფლების და, მით უფრო, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ნიშანწყალი დღეს ჩვენ ქვეყანას არ სცხია.
საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი“, – აცხადებს ჩვენი კონსტიტუცია, თუმცა ხალხისთვის ამ ათწლეულების განმავლობაში არავის მიუცია საშუალება, თავისუფლად გამოეხატა თავისი ნება, ამიტომაც ამ კონსტიტუციაში ჩაწერილი ყველა სხვა „უფლება და თავისუფლება“ რეალურად უგულებელყოფილია. ჩვენ მხოლოდ „არჩევნებად“ წოდებული სპექტაკლების მომსწრენი ვხდებით, რომელთა ჩატარებისას მმართველი „ელიტა“ ჩვენს მოსატყუებელ სულ ახალ–ახალ მეთოდებს იგონებს, დაწყებული ბიულეტენების ჩაყრითა და მოსახლეობის დაშინებით ღია გაყალბებიდან, საკუთარი კონტროლის ქვეშ მყოფი მედიის მეშვეობით საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების დახვეწილი მეთოდებით დამთავრებული. ყოველ ახალ არჩევნებს თუ რევოლუციებს კვლავ იმედით ველით და მაინც პირშიჩალაგამოვლებულები ვრჩებით.
ლიბერტარიანული იდეოლოგიით გაჟღენთილმა პოლიტელიტამ, თავი რომ „ღირსეულად“ მიიჩნია, წაგვართვა წინაპრებისა და ჩვენი შრომით შექმნილი მატერიალური დოვლათი და მასზე უფლება მიისაკუთრა. 90–იან წლებში ჩატარებული „პრივატიზაცია“ სხვა არაფერი იყო, თუ არა ამ პროცესის დაკანონების დასაწყისი, როცა დედასამშობლოში ჩვენი წილის სანაცვლოდ „ვაუჩერები“ მოგვიყარეს. ქვეყნის ხალხისაგან ყიდვის ამ ფორმალური აქტის შემდეგ ხელისუფლებაში  მყოფი სახეცვალებადი „ელიტები“ თავს უფლებამოსილად თვლიან, თავისი შეხედულებისამებრ მოეპყრან ქვეყნის მიწა–წყალს და პერმანენტულად ძარცვონ მისი მოსახლეობა. მიუხედავად იმისა, თუ რა სახელს დაირქმევენ „პარტიად“ წოდებული ხელისუფლებამოყვარული ჯგუფები, რომელთათვისაც არჩევნები მხოლოდ დიდი საბიუჯეტო ნამცხვრიდან თავისთვის წილის წაგლეჯის ტექნოლოგიაა, სულაც არ არიან ძნელად ამოსაცნობი. მათი საქმეებიდან და რიტორიკიდანაც კი მშვენივრად ჩანს, რისთვის უნდათ სადეპუტატო სკამები თუ მინისტრის პორტფელები.
„მერიტოკრატიად“ წოდებული ეს  სახელმწიფო სისტემა, მატერიალური დოვლათისა და სიკეთეების უსამართლო გადანაწილების გამო, საკუთარ თავში მოიცავს სოციალური ამბოხით მისი რყევა–განადგურების გარდაუვალობას.
მმართველი „ელიტა“ ქვეყნის მოსახლეობას აღიქვამს არა „ერად“ ან „ხალხად“ (ეს ცნებები მათთვის უცხოა), არამედ ერთმანეთთან მუდმივ კონკურენციაში მყოფ ცალკეულ სუბიექტებად, რომელთაგან ზოგს შეიძლება „გაუმართლოს“ და მილიონები იშოვოს, ან მმართველობაში აცოცდეს. მათი საქმეებიც იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს მოსახლეობა იყოს გათითოკაცებული და პოლიციური სახელმწიფოს მიერ დაშინებული. ეს, მათი პრაგმატიზმით, მერიტოკრატიის ბატონობის გარანტიაა. მიუხედავად ლიბერალური რიტორიკისა, „ვარდოსნების“ მიერ შექმნილი სახელმწიფო სისტემა, თვითგადარჩენის აუცილებლობის გამო, ლოგიკურად და შეუჩერებლად მიექანება ავტორიტარიზმისა და დიქტატურისაკენ, ანუ „სინგაპურიზაციისაკენ“. ასეთი ქვეყანა, თავისი შინაარსით, ემსაგავსება ფანტასტიკური ფილმების „მატრიცა“ და „ექვილიბრიუმი“ მძინარე და გაბრუებულ საზოგადოებრივ ყოფას.
იმავდროულად, ხალხის მდგომარეობა განუხრელად უახლოვდება ჯოგში არსებულ სიტუაციას, როცა თაურმამა („ელიტა“) ფლობს დედა–სამშობლოს. „დედა გვიტირეს!“– სიძულვილით ნათქვამი ამ ჩურჩულით, რომელიც წამდაუწუმ გაისმის სამზარეულოებსა თუ  სოციალურ ქსელებში, ძალზე ზუსტადაა გადმოცემული ხალხის ამჟამინდელი ფსიქოლოგიური განწყობა.
„სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა...“–ხატოვნად ამბობს პოეტი. დედის ძუძუსკენ, ანუ მატერიალური დოვლათისკენ ხელის გაწვდენა კი ამ ქვეყნის შვილებს სასტიკად ეკრძალებათ, მათი ხვედრი დღიურ ლუკმაპურზე ზრუნვით არსებობაა.
ჯოგის ფსიქოლოგიამდე საზოგადოების ამგვარი დეგრადაცია, ლიბერტარიანული ფსევდოელიტის მოქმედებით გამოწვეული,  გამოსავალს ჰპოვებს თაურმამის მკვლელობაში (ზ.ფროიდი, „ტოტემი და ტაბუ“). ანუ, ამგვარი სახელმწიფო სისტემის დასასრული მაინც გაღატაკებული ხალხის ამბოხი და „ელიტის“ გადაგდება–განადგურებაა, რაც არ უნდა „რკინის კაცები“ იცავდნენ მმართველობას. ტუნისის რევოლუციაც, რომელმაც „არაბული გაზაფხული“ დაიწყო, ინგლისის სოციალური ბუნტიც, ამერიკული მოძრაობა „ოქუფაი უოლ–სთრით“, ესპანური „მ–15“, მრავალი სხვა სპონტანური სოციალური მოძრაობა მთელს მსოფლიოში თავისი არსით ერთმანეთის მსგავსია და ამ გზის ერთგვარი რეპეტიცია–გაკაფვაა.
ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა ეს კარგად გაიცნობიერა, მიუხედავად იმისა, რომ ის შორიდან თითქოს თავის სასახლეში  „გამოკეტილი“ და ხალხის მდგომარეობას მოწყვეტილი მოსჩანდა:
„ვთქვათ, არ მოვედი მე, მოიგეს არჩევნები, მერე რა?.. მუდმივ ტერორში ეყოლებათ ქართველები?! კიდევ უფრო გაღარიბებაზე წაიყვანენ?! ეს ხომ გასაგებია, რომ ოდესღაც ეს ძაფი გაწყდება. გაწყდება და მოხდება კატასტროფა. კატასტროფაში მოყვებიან, პირველ რიგში, სააკაშვილი და მისი ახლო გარემოცვა... გადატყდება ოდესღაც, დამშეული ხალხი არ აიტანს ამას დიდხანს და მოხდება კატასტროფა!“ (25.10.2011, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილთან).
სამშობლოწართმეული ხალხის დამოკიდებულება არსებული პოლიტელიტისადმი სიძულვილში რომ გადაიზარდა, ეს კარგად ჩანს იქიდან, რომ ის „ერთ ქვაბში“ ხარშავს ყველა „ნაცნობ ფეისს“, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ასოცირდება ხელისუფლებასთან თავისი წარსულით თუ შესაძლო ფარული კავშირებით, ამიტომაც ნეგატიურადაა განწყობილი ივანიშვილის გვერდით ნებისმიერი „ძველი“ პოლიტიკური ჯგუფის თუ პოლიტიკოსის გამოჩენის მიმართ და „ახალ სახეებს“ ითხოვს.
ასეთ სიტუაციაში სააკაშვილმა, რომელიც განასახიერებს მმართველ „ელიტას“, შეცდომა დაუშვა, როცა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა და ამით მილიარდერი ჩაგრულთა რიგებში გადაიყვანა.  ივანიშვილის მიერ ნასროლ ამ ანკესზე შოკირებული ხელისუფლება ადვილად წამოეგო. ამის გარეშე მილიარდერი, მიუხედავად მისი ხალხის წიაღიდან წარმოშობისა და წლების განმავლობაში გაწეული უზარმაზარი უანგარო ქველმოქმედებისა, ასე ერთბაშად ვერ გახდებოდა სახალხო ლიდერი და სახელისუფლებო პროპაგანდა ადვილად შეძლებდა მისთვის „რუსი ოლიგარქის“ იმიჯის მორგებას.
ლიდერის გამოჩენისთანავე მის მიმართ ჩაგრულთა სიმპათიების გაჩენით,  აქამდე გათითოკაცებული ხალხის „ქართული ოცნების“ გარშემო გაერთიანებით დაიწყო დაუფარავი „შეთქმულება“ დიქტატორი თაურმამის – მმართველი ელიტის წინააღმდეგ, თუმცა ჯერ ყველაფერი გადაწყვეტილი არაა და „თაურმამის მკვლელობა“, ამბოხით იქნება ეს, თუ უფრო ცივილურად  – არჩევნების გზით, ჯერ ჩვენში არ მომხდარა.
ამ პროცესის ეფექტური ინიციაციისათვის სოციალური სამართლიანობის ლოზუნგია საჭირო. ამის შანსი რომ წაართვას ოპოზიციას, ხელისუფლება სასწრაფოდ „გამემარცხენდა“  და საკუთარი თავის „ღარიბი მინისტრების“ გუნდად პრეზენტირებას ცდილობს. რამდენად შევჭამთ ამ ახალ საკენკს, ჩვენზეა დამოკიდებული.
რაც არ უნდა პოპულისტური ფრაზეოლოგია დაახვავონ წინასაარჩევნოდ „ნაციონალებმა“ და მათმა სატელიტმა პარტიებმა, არც თუ მოკლე მეხსიერების მქონე ხალხი ყოველთვის დასვამს კითხვას: როცა ეს ვითომპარტიები არჩევნებს შორის ხმას არ იღებენ სოციალურ სამართლიანობაზე, განა დაეჯერებათ?! ჩავიხედოთ მათ პროგრამებში: სადმე უწერიათ, რომ თუნდაც ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომ განათლებას ან ჯანდაცვას გვთავაზობენ, ან ეკონომიკის სფეროში მონოპოლიებს დაშლიან, ან მშრომელ კაცს უფლებებს აღუდგენენ და ღირსეული ცხოვრების პირობებს შეუქმნიან?
ქართველი მილიარდერის პოლიტიკაში მოსვლის მოტივაციის საფუძველი, გარდაუვალი სოციალური ამბოხის თავიდან აცილებასთან ერთად, დღევანდელთან შედარებით, უფრო სტაბილური და დაბალანსებული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაა:
„მგონია, რომ დროულად და სწორად მოვედი და ხელისუფლების შეცვლას ყოველგვარი რევოლუციის გარეშე მოვახერხებთ... ჩვენ ისეთი კონსტიტუცია უნდა შევქმნათ, რომ გამოვრიცხოთ რისკები... ჩემთვის იდეალურის პარლამენტი, სადაც სამი პარტიაა და არც ერთ მათგანს არ აქვს 50%. ორპარტიული პარლამენტი არ მიმაჩნია საუკეთესო ვარიანტად. ოთხიც შეიძლება იყოს, ხუთიც, მაგრამ ვფიქრობ, რომ პარლამენტში ყველაზე ეფექტური იქნება სამი პარტია“ (07.10.2011, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ჟურნალისტ ია ანთაძესთან).
ივანიშვილმა არ თქვა, რა ტიპის, იდეოლოგიის სამ პარტიას გულისხმობს. თუ სამივე ლიბერტარიანიზმის იდეოლოგიის გამზიარებელი იქნა, სხვადასხვა მოდიფიკაციით და სახელწოდებებით, არა მგონია, ამან შექმნას რაიმე ქმედითი უკუკავშირი ხალხსა და მმართველობას შორის. ხელისუფლება ჩვენთვის ისევ ის „თაურმამა“ იქნება, ოღონდ ნიღაბშეცვლილი, რომლის უკან მის ნამდვილ სახეს ადვილად ამოვიცნობთ.
უკუკავშირის გარეშე არც ერთი სისტემა არაა სტაბილური: ამ პრინციპით მოქმედებს მდგრადი ბიოლოგიური სისტემების ყველა მექანიზმი, რაც კიბერნეტიკულ სისტემებშიც აისახა. ხალხთან ხელისუფლების ამგვარი უკუკავშირის მექანიზმი, სადღეისოდ ცნობილ პოლიტიკურ მოდელებში, მძლავრი საპარლამენტო ოპოზიცია და ჭეშმარიტად თავისუფალი მედიაა, რომელიც ზღუდავს მმართველთა თავგასულობას და გონიერებას უბრუნებს.
ძირეულ ცვლილებებს ვგეგმავ და ამის შემდეგ ხელისუფლებიდან წავალ... ყველანაირად გავაძლიერებ ოპოზიციას, რათა სათანადო კონტროლი გავუწიო ხელისუფლებას,“– გვპირდება ბიძინა ივანიშვილი. არა მგონია, სიტყვა გატეხოს, მაგრამ მან საამისოდ ჯერ არჩევნები უნდა მოიგოს.


09.03.2012