28 May, 2013

ბუმერანგი საქართველოს მთავრობისათვის

                                                   გაზეთი "ქრონიკა +", #5, 21.05.2013
როგორც ბოლო პერიოდში მედიაში გაჟონილი მასალებით დასტურდება, „კოჰაბიტაციად“ წოდებული პროცესი არჩევნებამდე ცხრა თვით ადრე ჩაისახა, როცა „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციების შექმნას მამუკა არეშიძე ჩამოაცილეს და ეს საქმე „ჩეკისტს“, გელა ხვედელიძეს ჩააბარეს.  ეს უკანასკნელი მამალაძის გუბერნატორობისა და ხაბურძანიას მინისტრობის დროს ქვემო ქართლის უშიშროების უფროსად მუშაობდა და, როგორც ჩანს, მისი ძველი კავშირები, მაგალითად, შს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძესთან და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილთან, პოლიტიკურ ბრძოლაში მეტად სასარგებლოდ იქნა მიჩნეული: „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა მისთვის საინტერესო ინფორმაციას უკვე ამ არხიდან იღებდა.
კუდ-ის ძირითადი ამოცანა ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა კი არა, პოლიტიკური პოლიციის როლის შესრულება და ოპოზიციურად მოაზროვნე ადამიანებზე კომპრომატების შექმნა იყო: ვიდეომასალის მოპოვება, მოსმენა, დასმენა და ა.შ. ყოველივე ამის სულისჩამდგმელი კუდ-ში იყო ვაჟა ლილუაშვილი - ადამიანი, რომელიც არ იძირება, ლევან მამალაძის დროიდან მოყოლებული, სულ თანამდებობაზეა. ლილუაშვილმა საშინელი სისტემა შექმნა არა მარტო ქვემო ქართლში, არამედ მთელ საქართველოში, განსაკუთრებით კი - აღმოსავლეთ საქართველოში. მან ადამიანები აქცია დამსმენებად და "ჩამშვებებად", შექმნა მოსასმენი სისტემები და დაიწყო კომპრომატების შეგროვება ყველაზე - როგორც ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებზეც", - აცხადებს არეშიძე გაზეთ „ყველა სიახლისათვის“ მიცემულ ინტერვიუში.
საზოგადოებრივ მოძრაობაში მისული ენთუზიასტები ახლადშექმნილ პარტიას აღარ გააკარეს, დარგობრივი ჯგუფების მიერ შემუშავებული კონცეფციები და პროგრამები მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებების „დრაფტებად“ მოიხმარეს. ივანიშვილის მხარდასაჭერად მისული საზოგადოება მხოლოდ მოხალისე აგიტატორებად და კენჭისყრის დღეს - დამკვირვებლებად,  ასევე მასობრივი აქციების სტატისტებად გამოიყენეს, ხოლო არჩევნების შემდეგ „ოცნების“ ოფისის კარი ისე მიუკეტეს ცხვირწინ, რომ მადლობაც კი არავის უთქვამს.
მასობრივი წინასაარჩევნო აქციების ორგანიზებისათვის, ცხადია, უპრიანი იყო უმეტესწილად შსს-ს მიერ მართული პირების გამოყენება, რომლებსაც კუდ-ი არაფერს ერჩოდა და ასეთი გარანტიის გამო თავად ეს ადამიანებიც უფრო აქტიურები იყვნენ, ვიდრე საკუთარი ოჯახების უსაფრთხოების რისკებზე მოფიქრალი უბრალო ენთუზიასტები. ამგვარად, „ოცნების“ ბევრ შტაბში ხელმძღვანელი პოსტებიც, ხვედელიძის ხელდასხმით, უშიშროების ყოფილმა თუ მოქმედმა „სანდო პირებმა“ დაიკავეს, რომელთა მართვა, საჭიროებისამებრ, ნებისმიერი მიმართულებით შეიძლებოდა.  ამ გზით ფორმირებული პარტაქტივი დახვდათ ივანიშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატებს ბევრ მაჟორიტარულ ოლქში, რაც არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების ბერკეტად გამოდგებოდა: „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატთან მორიგების შემთხვევაში ოპოზიციის მაჟორიტარი იმ ოლქში, ფაქტიურად, განწირული იყო.
ჩემი და საერთოდ "ქართული ოცნების" დამარცხება ქვემო ქართლში ვაჟა ლილუაშვილის ქმედებებით იყო გამოწვეული. ვერ გამოვრიცხავ და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ჩემს დამარცხებაში გელა ხვედელიძეც იყო ჩართული",- ამბობს მამუკა არეშიძე, რომელიც გარდაბნის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი იყო „ქართული ოცნებიდან“. შემიძლია მისი ნათქვამი დავადასტურო, რომ მიუხედავად მრავალეთნიკურობით გამოწვეული სირთულისა, ქვემო ქართლის შვიდი საარჩევნო ოლქიდან ხუთში  მაინც იყო „ნაციონალების“ დამარცხების რეალური შანსი, თუ „ოცნების“ ცენტრალური ოფისი განახორციელებდა მიღებული ხმების დაცვისთვის ზვიად ძიძიგურის მიერ მოწოდებულ გეგმას, რომელსაც აგვისტოს დასაწყისში ამ რეგიონის ყველა მაჟორიტარობის კანდიდატი ვიზიარებდით, მაგრამ მისი შესრულება გელა ხვედელიძემ იკისრა და ფიქციად აქცია.  არაფერი გაკეთდა აზერბაიჯანში მყოფი ემიგრაციის წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩასართავად, რომლის სათავისოდ მართვა სახელისუფლებო რესურსის გამოყენებით მმართველ პარტიას არ შეეძლო, რასაც მე პირადად ვთავაზობდი „ოცნების ხელმძღვანელობას“ არჩევნებამდე ცხრა თვით ადრე.
„ქართული ოცნების“ ბევრი მხარდამჭერის მონაყოლით, რომლებიც წინასაარჩევნო ბრძოლიდან მათ ჩამოცილებას რეგიონული სამსახურის უფროსს, გელა ხვედელიძეს აბრალებენ, სხვა რეგიონებშიც, მ.შ. სამეგრელოში, ანალოგიური სქემა მოქმედებდა და ოპოზიციური კოალიციის წარუმატებლობის მიზეზი „ნაციონალებთან“ შესაძლო ფარული გარიგება იყო. ფაქტია, „ქართულმა ოცნებამ“ არა მარტო ქვემო ქართლში წააგო ნაყოფიას, ოქრიაშვილისა და ბეჟუაშვილის მსგავს ბიზნესმენ-დეპუტატებთან, არამედ ბევრ სხვა ოლქშიც, და ამ წაგების მიზეზებში წამყვანი ადგილი სულაც არ ეკავა ამომრჩევლის მოსყიდვას მათი ფულით, რომელსაც წინასაარჩევნოდ არც თუ ხელგაშლილად ხარჯავდნენ. საკუთარი ბიზნესების დაცვის მიზნით ასეთი დეპუტატების „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლა და ამ გზით „ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა, როგორც ჩანს, არჩევნებამდე დიდ პრობლემად არ ეჩვენებოდა ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ როცა საქმე კონსტიტუციაში ცვლილებებამდე მივიდა, აღმოჩნდა, რომ ამ ნაბიჯზე წამსვლელი ყველა არ იყო, - სააკაშვილს აღმოაჩნდა სხვა, კოალიციის ლიდერისათვის უცნობი ბერკეტები მათ „დასაბმელად“.
ცხრა თვის შემდეგ, როგორც ბუნების წესია, „კოჰაბიტაციაც“ დღის სინათლეზე გამოჩნდა. სახელმწიფო სტრუქტურებიდან, მ.შ. ძალოვნებიდან ყოფილი „ზონდერები“ და სააკაშვილის რეჟიმის ერთგული მსახურები არათუ დაითხოვეს, დააწინაურეს კიდეც,  მომხრეთა მხრიდან საპროტესტო შეძახილების მიუხედავად.  მაგალითად, ლაშა ამირეჯიბი ხშირად აქვეყნებდა ამგვარ ფაქტებს, მაგრამ, უმრავლეს შემთხვევაში მათზე რეაგირება არ ყოფილა. საკრებულოებში მყოფი „ნაციონალები“ კოალიციის პარტიებში გადაბარგდნენ, ზოგიერთმა კუდ-ელმა გამგებლის სავარძელშიც გადაინაცვლა. შეიქმნა მითი, რომ პრემიერ-მინისტრი ყოვლისშემძლე ხუხაშვილს (ან, მეორე ვერსიით, „რესპუბლიკელებს“) ინფორმაციულ ვაკუუმში ჰყავთ. შესაძლოა, არჩევნების შემდეგი პერიოდის საკადრო პოლიტიკაც გელა ხვედელიძეს დაბრალდეს, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს გაცნობიერებული მიდგომა იყო, რომელსაც შემსრულებლები, უბრალოდ, ახორციელებდნენ. ვგონებ, „ოცნების“ ხელმძღვანელობა იმედოვნებდა, რომ მას შემდეგ, რაც „კომპრომატების არქივმა“ მათთან დაივანა, ძველი კადრები ახალ ბატონსაც ისეთივე ერთგულებით მოესახურებოდნენ, როგორც ძველს. გასაგებია, რომ გაცილებით ადვილია სახელმწიფოს მართვა, თუ „ყურებიდან დაჭერილ“ უსიტყვო შემსრულებლებს ეყრდნობა მმართველი, ვიდრე „ბუნტავშიკებს“, რომლებიც ძველ ხელისუფლებასთან საბრძოლველად სჭირდებოდათ. ამიტომაც „ოცნების“ აქტივისათვის დასაქმების პერსპექტივა გაურკვეველი ვადით გადაიდო, გარდა იმ შემთხვევებისა, ვისაც მინისტრებთან ან პარლამენტარებთან ნაცნობ-ნათესაობა დაეხმარათ. აქ, უნებურად, გაგვახსენდება ლამის 100 წლის წინანდელი „კადრები წყვეტენ ყველაფერს!“
შედეგმა არ დააყოვნა და 1 მაისს, როცა დემონსტრანტი სტუდენტები პოლიციამ ძველი მეთოდებით, „ზონდერების“ გამოყენებით დაარბია, რაც ამ მშვიდობიანი აქციის მიმართ გადამეტებული ძალადობა იყო, კუბლაშვილის სასამართლომ მშრომელთა უფლებების დასაცავად გამოსულ ღარიბ „ანარქისტებს“ სასწრაფოდ აჰკიდა 400-ლარიანი ჯარიმები. რამდენადაც ამის რეალური საჭიროება არ იყო და საპირველმაისო დემონსტრაციის დაშლას ევროპის სოციალისტებში გაწევრიანების მსურველ „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსთვის“ საერთაშორისო ასპარეზზე მხოლოდ ზიანის მოტანა შეეძლო, გაჩნდა ეჭვი, რომ მინისტრი საკუთარ უწყებას საკმარისად ვერ აკონტროლებს და პოლიციის ეს „არაროპორციული ქმედება“ მის წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს დადასტურდა მისი პირველი მოადგილის მიერ ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების „კუდ-ის არქივიდან“ უკანონო ამოღებითა და ინტერნეტში განთავსებით.  დაზარალებული აშშ ელჩს რიჩარდ ნორლანდს შეხვდა იმ დღეს, როცა თბილისში სტუმრად აშშ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელი რობერტ მიულერი იყო ჩამოსული რაღაც „განსაკუთრებით საიდუმლო მისიით“. ამ ვიზიტის შემდეგ ჩვენს პრემიერს უხასიათობა დაეტყო, რაც ჩანდა როგორც პრეზიდენტობის კანდიდატად მარგველაშვილის დასახელებისას, ისე ჟურნალისტებთან პრეს-კონფერენციაზე, სადაც განსაკუთრებით არ სიამოვნებდა „ხვედელიძის საქმესთან“ დაკავშირებული კითხვებზე პასუხის გაცემა.
მმართველმა გუნდმა გელა ხვედელიძეს „ღვაწლი დაუფასა“ და ბრალი მხოლოდ სსკ 157- მუხლის მე-3 ნაწილის "" პუნქტით წაუყენ, ანუ პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფისთვის, „თანამდებობის ბოროტად გამოყენება“, რაც ესოდენ ჩვეულია სამართალდამცავთათვის მოხელის დაკავებისას, არც კი ახსენეს.   სასამართლომაც, უკანასკნელი თვეების „მოდის“ გათვალისწინებით, 5000 ლარიანი გირაოს საფასურად გამოუშვა საკნიდან მინისტრის პირველი მოადგილე, რომელსაც პრემიერ-მინისტრის კანცელარიამ წინა დღის რიცხვით დაწერილი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება სასწრაფოდ დააწია. 
 ევროკავშირის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში თომას ჰამარბერგმა 17 მაისისთვის დაანონსებული ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციისა და მის მოწინააღმდეგეთა შეკრების თაობაზე განაცხადა"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქციამ ძალადობის გარეშე ჩაიაროს, მე ვესაუბრე შინაგან საქმეთა მინისტრს და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ შეტაკება არ მოხდეს, იმედს გამოვთქვამ, რომ დემონსტრანტებიც პატივს სცემენ გამოხატვის თავისუფლებას". ჰამერბერგის იმედები ჩვენმა შსს-მ ვერ გაამართლა, პოლიციამ ბარიერის ჯაჭვი გაუხსნა მღვდლებისა და ცალკეული პოლიტიკოსების მიერ შეკრებილ ათასობით მორწმუნეს, რომლებიც, ევროპელთა შეხედულებით, ბარბაროსულად დაერივნენ „უმცირესობათა უფლებადამცველებს“.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმა თბილისის ცენტრში მომხდარი არეულობების პრევენციისა და აღკვეთის უუნარობაში პირდაპირ დასდეს ბრალი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას. ყველასათვის ცხადი გახდა, რომ ეს ამბები უკვე მთელს მსოფლიოში გახმაურდება და მათი მიჩქმალვა, საპირველმაისო დემონსტრაციის დარბევის მსგავსად, ვეღარ მოხერხდება.
სოციალურ ქსელებში დისკუსიებისას ზოგმა მომხდარი „იდენტობის“ მიერ მოწყობილ პროვოკაციად მონათლა და მის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დაინახა, რომლის აშშ-ში ვიზიტად მყოფი მათი ლიდერი სააკაშვილი, უეჭველია, სუპერსახელმწიფოს მთავრობის თვალში ამას ოპონენტი მთავრობის დისკრედიტაციისათვის ოსტატურად გამოიყენებს.  თუმცა, ჩვენი პრეზიდენტის ხელის შეშველება რად უნდა, როცა   აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრიკნი თავისუფლების მოედანზე იმყოფებოდა და საკუთარ თავზე იწვნია ამქვეყნად მშვიდობისა და სიყვარულის დასამყარებლად განკაცებულის თანამედროვე ქართველ მიმდევართა აგრესია.
ამდენად, „გარკვეულმა ძალებმა“, რომლებადაც შეიძლება ჩრდილოელი მეზობლისადმი სიმპატიაში შემჩნეული არასახელისუფლებო პოლიტიკური ძალები ჩავთვალოთ, პატარა გამოცდა ჩაუტარეს ხელისუფლების ძალოვნებს. აშკარაა, რომ რაიმე საბაბით „რევოლუციის“ ისცენირების შემთხვევაში პოლიცია, თავისი სპეცრაზმებითურთ, უძლურია დაიცვას წესრიგი და რამდენიმე ათას მომიტინგეს თავისუფლად შეუძლია დააშანტაჟოს ივანიშვილის მთავრობა, თუ ანაფორებსა და ჯვრებს ამოეფარება, - ტანკები აქ საჭირო აღარ იქნება. „ქართულ ოცნებას“ ბუმერანგივით უბრუნდება უშიშროების ყოფილ თანამშრომლებთან ჩახუტებით ხელისუფლებაში მოსვლის სიამოვნება.

        ჩემთვის, პირადად, ძალზე სამწუხაროა, რომ ხალხი თავის ენერგიას აგრესიად ანთხევს და ვერ ამჩნევს, რომ ზუგდიდში 55 წლის აფხაზეთიდან დევნილმა ნაირა ქარცხიამ უკიდურესი სიღატაკისა და ბანკის ვალების გამო თავი ჩამოიხრჩო. რა თქმა უნდა, მომავალში ყველა იმას მოიმკის, რაც დღეს დათესა...

19 May, 2013

საგულისხმო პარალელები, ანუ პოლიტპროგნოზი déjà vu-ს ფონზე


                                              გაზეთი "ქრონიკა+", 14.05.2013
 „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყნის ერთპარტიული მართვის სტილი თავისი ერთბელადობით, გრანდიოზომანიით, გარეშე ძალის “მტრის ხატის“ შექმნით, მასობრივი მიყურადების შიშითა და მრავალი სხვა ნიშნით კომუნისტებისას ისე ჰგავდა, რომ „უკვე ნანახის“- déjà vu - შეგრძნება გააჩინა ადამიანებში, ვინც სსრკ-ს მოესწრო. ბოლშევიკების მმართველობის ბოლო წლების, „გლასნოსტის“ ეპოქისა არ იყოს, აქაც იყო დაშვებული ოპოზიციურობა და დოზირებული თავისუფალი სიტყვა, რომელმაც ორივე რეჟიმს ტოტალიტარული სიმყარე გამოაცალა.
2011 წლის 26 მაისის მშვიდობიან მომიტინგეთა ეგზეკუცია სისასტიკით არ ჩამოუვარდებოდა 1989 წლის 9 აპრილის დარბევას, ორივე ადამიანთა მსხვერპლით დასრულდა, რომელთა „დანაშაული“ მხოლოდ ის იყო, რომ „არასანქცირებულ“ მიტინგში მონაწილეობდნენ. რეპრესიული მანქანის სისასტიკემ საზოგადოებაში გამოიწვია ბუნებრივი პროტესტი და ის ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკებად გახლიჩა.
სახელმწიფოს მხრიდან ხალხზე უსამართლო ძალადობას მასობრივი  აქციები მოჰყვა. ტალღის სათავეში მოქცეულმა დისიდენტებმა კომუნისტური რეჟიმის დასასრული  გაფორმეს 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებით, თუმცა ოპოზიციისთვის მოულოდნელი იყო შედეგები: დემორალიზებულ კომპარტიას მაინც საკმარისი რესურსი გააჩნდა ფალსიფიკაციისათვის, მაგრამ რატომღაც მაშინდელმა უშიშროების სამსახურმა - „კა-გე-ბემ“ ის არ გამოიყენა და, მოსალოდნელი 30-35%-ისა და უზენაეს საბჭოში ძლიერი ოპოზიციური ფრაქციის შექმნის ნაცვლად, კოალიცია „მრგვალ მაგიდას“ ხელისუფლების აისბერგის მწვერვალი მთლიანად გადააბარა.
22 წლის წინანდელი მოვლენების ანალოგიურად, წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნება“ ასევე ახდენდა ხალხის მხარდაჭერის დემონსტრირებას უპრეცენდენტო მასობრიობის მქონე აქციებით. სააკაშვილის რეჟიმის მიერ ადმინისტრაციულ-პოლიციური რესურსის სრულად გამოყენების შემთვევაში ოპოზიციურ კოალიციას 40-45% პროცენტისა და პარლამენტში ძლიერი ოპოზიციური უმცირესობის შექმნაზე მეტის მიღება არ შეეძლო, მაგრამ აქაც, რატომღაც, უშიშროების სამსახურს - „კუდ“-ს პატიმრების წამების სკანდალური კადრები ტელეეთერში გაეპარა. დიდმასშტაბიანმა დემონსტრაციებმა ხელისუფლებას ჩამოაცილა შსს მინისტრი ახალაია, რომელიც რეპრესიული მანქანის თავკაცად აღიქმებოდა. მმართველი პარტიის აქტივსა და მხარდამჭერებში დემორალიზაცია მოხდა. არჩევნების წაგების შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა არ გამოიყენა საკუთარი უფლებამოსილება, მინისტრთა კაბინეტის ძალოვანი ბლოკი თავად დაეკომპლექტებინა და ხელისუფლება მთლიანად „ქართულ ოცნებას“ შეაჩეჩა, რომლის დაბნეულობა ამ მოულოდნელობით მთავრობის დაკომპლექტების პროცესში აშკარა იყო.
როგორც გამსახურდიას, ისე ივანიშვილის მთავრობები ვერ აკონტროლებენ სახელისუფლებო ვერტიკალის ქვედა დონეებს, ხელმძღვანელ პოსტებზე (მინისტრ-მოადგილეებად თუ რაიონების პრეფექტებად/გამგებლებად) საკუთარი კადრების დანიშვნის მიუხედავად. მათ უწევთ აღიარება, რომ „აგენტები“/„ჩანერგილები“ ბლომად ჰყავთ სახელისუფლებო, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში, რომლებიც კულისებს მიღმა მდგომ სხვა „პატრონს“ ემორჩილებიან.  პროცესების მართვის უნარის დეფიციტს, პოლიტიკურ-ეკონომიკურ სისტემებში კარდინალური რეფორმების გატარების გაუბედაობას, ეკონომიკაში „ძველებსა“ და „ახლებს“ შორის გავლენების გადანაწილების დაძაბულობას და მოსალოდნელი სოციალური კრიზისის აჩრდილის შიშს დიდხანს ვერ შველის ლიდერის მაღალი რეიტინგი, რომლის იმიჯის მსხვრევა დროის საქმეა.
მაშინაც და ამჯერადაც, ხელისუფლებაში ახლადმოსულთა აქილევსის ქუსლია სისტემის ერთპიროვნული მართვა, რაც ძალზე მაღალს ხდის ლიდერის მიერ შეცდომების დაშვების ალბათობას, ასევე პოლიტიკური პროცესების კულუარულობა: გამსახურდიას მთავრობაში „ძოძუაშვილის გავლენის“ ფუნქციას ივანიშვილის კარზე „ხუხაშვილის ყოვლადმრჩევლობა“ ასრულებს (სხვა საკითხია, მითია ეს, თუ რეალობა, - ხალხი ხელისუფლების სახეს ასე ხედავს). ხანგრძლივი და სტაბილური მმართველობის მხოლოდ ორი ფორმა არსებობს - დიქტატურა (ავტორიტარიზმი) და ნამდვილი დემოკრატია, მათი ნაზავი ყოველთვის ეკლექტურია და არამყარი. შეუძლებელია დიდხანს გაგრძელდეს ხელისუფლების სათავეში მოსული ძალზე განსხვავებული პარტიების ინტერესების დაბალანსება და მხოლოდ მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალის რეაქციონერობის შიშით შეკავშირება, ამიტომ მთავრობაში მყოფი ძალების კოალიციურობა საკუთარ თავში შეიცავს იმის საფრთხეს, რომ რაღაც მომენტში მათი ნაწილი ლიდერის კონტროლს აღარ დაემორჩილება და ოპოზიციაში ჩაუდგება, როგორც ეს 1991 წელს მოხდა. იმედია, ისტორიის კალკირება შემდგომში აღარ გაგრძელდება და თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი ალასანია არ გაიმეორებს კიტოვანის როლს, თუმცა, საამისო პიროვნული საბაბი თითქოს აქვს კიდეც, პრემიერის მხრიდან მისი საპრეზიდენტო ამბიციებისათვის „ადგილის მიჩენის“ გამო.
გახანგრძლივებული déjà vu-ს ზმანება არ ქრება და უკანასკნელ მოვლენებსაც დაღს ასვამს: 1991 წლის 2 სექტემბერს მილიციის მიერ კინოს სახლთან მცირე ოპოზიციური მიტინგის ძალით დაშლის მსგავსად, იმავე ადგილას, 2013 წლის 1 მაისს საპატრულო პოლიციამ დაარბია განსხვავებულად მოაზროვნე სტუდენტთა დემონსტრაცია. ორივეჯერ აქციები მცირერიცხოვანი და „კანონის ფარგლებიდან გამოსული“ იყო, მაგრამ საკმარისი იმისათვის, რომ  მოქალაქეთა ცნობიერებაში სამართალდამცავი სახელმწიფო სტრუქტურა აღქმულ იქნას არა მათ დამცველ, არამედ რეპრესიულ მანქანად. რეიტინგებითა და მხარდაჭერის მაღალი ციფრებით ხიბლში ჩავარდნილ და უმნიშვნელო პროტესტის რევოლუციად გადაქცევის მოშიშ ხელისუფლებას ამჯერადაც დაავიწყდა, რომ ძალადობის გამოყენებაზე საზოგადოების თანხმობა მთავრობას მხოლოდ კრიმინალთან ბრძოლაზე აქვს, თავისი ამ ქმედებით კი  ბიძგს აძლევს საპროტესტო წერტილის ზრდას, რომლის დინამიკა მის კონტროლს აღარ დაექვემდებარება.
ორი ათეული წლის ინტერვალით ისტორია თითქოს სპირალურად მეორდება, მაგრამ მხოლოდ „უკვე ნანახის“ საფუძველზე მოვლენათა განვითარების პროგნოზირება მართებული არ იქნება: ამასობაში განვითარდა როგორც ხელისუფლების შენარჩუნების PR-ტექნოლოგიები, ასევე დაიხვეწა მმართველი ძალის დამხობის „ხავერდოვანი“ და უსისხლო მექანიზმები, რომელთა გამოყენების მოსურნე ჩვენში ყოველთვის გამოჩნდება.
საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენს შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე ყოველთვის მძლავრ გავლენას ახდენს დიდ სახელმწიფოთა ინტერესების გადაკვეთა, რაც აქ გადატრიალებებისა და რევოლუციების შესაძლებლობებს აჩენს, განსხვავებით ისეთი ქვეყნებისგან, როგორიც აშშ, რუსეთი ან ჩინეთია, რომლის მთავრობებს აქვთ ფუფუნება, ანგარიში არ გაუწიონ მსოფლიოს სხვა ქვეყნების აზრს. ამიტომაც მიმდინარეობს გამალებული ბრძოლა მმართველ კოალიციასა და ოპოზიციაში გადასულ „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებისათვის. სააკაშვილმა იცის საგარეო ფაქტორის ფასი, რაზეც უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში მისი ვიზიტების ინტენსივობა მეტყველებს. თუ  მან არსებული მთავრობის დისკრედიტაციის მიზანს წარმატებით მიაღწია და დასავლეთის სერიოზული მხარდაჭერა მოიპოვა, შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილის მთავრობის დამხობა მისთვის მხოლოდ „ტექნიკის საქმეა“. საამისო წინაპირობები უკვე შექმნილია ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის ვარდნით, რაც სოციალურ დაძაბულობას და მთავრობის პოლიტიკისადმი უკმაყოფილოთა რიცხვს განუწყვეტლივ გაზრდის.
რა თქმა უნდა, არ სძინავს რუსეთსაც, რომელსაც ამიერკავკასიაში საკუთარი ინტერესები გააჩნია. სააკაშვილის ხელისუფლებიდან „ჩაჩოჩებისა“ და ორმხრივი ურთიერთობების დათბობის ფონზე სწრაფად ვითარდება კულტურულ-ეკონომიკური კავშირები, რაც საფუძველს უქმნის საზოგადოებაში ანტიდასავლური დისკურსისა და რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი პოლიტიკური ძალების გაძლიერებას. სავარაუდოდ, რუსეთი „იანუკოვიჩის უკრაინული ვარიანტის“ გათამაშებას შეეცდება, და ფსონს ნინო ბურჯანაძის გაპრეზიდენტებაზე დადებს, რომელსაც სააკაშვილმა „კრემლის მეგობარი“ უწოდა. ამაში მას „ქართულ ოცნებაში“ მყოფი ცალკეული ძალების ფარული მხარდაჭერის იმედი შეიძლება ჰქონდეს.
ბურჯანაძის გამარჯვების შემთხვევაში, მისი შემდგომი ლოგიკური ნაბიჯი იქნება საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი პოლიტიკის მხარდამჭერების მნიშვნელოვანი წილის მოპოვება, რისთვისაც პროცესები იმგვარად უნდა წარმართოს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. ამის მოთხოვნა საზოგადოებაში სულ უფრო მძლავრდება, მმართველ კოალიციასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ყბადაღებული „კოაბიტაციით“ უკმაყოფილების გამო.  მოვლენების ამ სცენარით განვითარება  არა მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“ დაასამარებს, არამედ გავლენის სახელისუფლებო ბერკეტებს დიდი ხნით დააკარგვინებს პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს.
საზოგადოებრივი აზრის ცვლილების არსებული დინამიკის შენარჩუნების პირობებში ქალბატონი ნინოს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების  მოგების შანსი სულ უფრო მოიმატებს და ის ადვილად მოერევა როგორც სახელგატეხილი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, რომლის რეიტინგი, შუალედური არჩევნების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, 15-20%-ს არ სცილდება და კლების ტენდენცია აქვს, ასევე „ქართული ოცნებასაც“, რომელსაც საპრეზიდენტო სკამისათვის ბრძოლაში არ ჰყავს ბურჯანაძის საპირწონე პოლიტიკური ფიგურა - ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი მათთვის ბოძებულ თანამდებობებს სჯერდებიან. მხოლოდ PR-ტექნოლოგიებით აქ ფონს ვერავინ გავა, რამდენადაც საპრეზიდენტო არჩევნები პიროვნებათა ბრძოლაცაა, სადაც „რკინის ლედის“ იმიჯის მქონე გამოცდილ პოლიტიკოსს გამარჯვების მეტი პოტენციალი აქვს.
ამგვარად, პროდასავლურ პოლიტელიტას ხელისუფლების სათავეში დარჩენის შანსი ოქტომბერში ეწურება, თუ მანამდე არ მოახერხეს გადაჯგუფება და შეთანხმებული მოქმედებებით ახალი პოლიტიკური სპექტაკლის დადგმა, რომელიც, ალბათ, ისევ გაგვიჩენს déjà vu-ს შეგრძნებას: ეს შეიძლება იყოს სანაია-გონგაძის მკვლელობათა მსგავსი ტრაგედიით მასების ცნობიერებაზე მკვეთრი ზემოქმედების მოხდენა, შექმნილი ისტერიული ფონის მეშვეობით მასობრივი საპროტესტო გამოსვლებიის ინსპირირება და „ელვისებური ხავერდოვანი რევოლუცია“. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი, ალბათ, ქვეყნის სტაბილიზატორის როლს შეასრულებს  და გვირგვინდადგმული დაასრულებს თავის ვადას. შესაფერისი პირობების შექმნის შემთხვევაში არ არის გამორიცხული მთავარსარდლის მიერ სამხედრო პუტჩის განხორციელება და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ან განსხვავებული სცენარი, რომელთა მოფიქრებაში თანამედროვე პოლიტტექნოლოგიების სპეციალისტებს კრეატიულობა არ აკლიათ.   
რამდენად არის შესაძლებელი „ზემოდან“ და „გარედან“ დაგეგმილი სცენარებით ჩვენი შიდაპოლიტიკური სიტუაციის მართვა?  იმის გათვალისწინებით, რაც ბოლო ათწლეულებში თავს გადაგვხდა, გამორიცხული არაფერია. თუმცა, სოციალური უსამართლობით შეწუხებულმა „უბრალო ხალხმა“ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს თვალგახელილმა გაიღვიძოს და ამგვარი გეგმები ჩაშალოს კიდეც. ფილოსოფოსი და პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე ამ კვირაში თბილისში ბრუნდება, მან უკვე დააანონსა „მემარცხენე ფრონტის“ აქტივობის დაწყება, “რომელიც იწყებს მუშაობას იმისათვის, რომ  დაიკავოს მთელი საქართველო”. ორი ათეული წლის წინ, თანამოაზრეთა გარსშემოკრებით, მან ერთხელ უკვე მოახერხა მაშინდელი სისტემის დასაყრდენის - კომკავშირის დაშლა.  ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ დუღილში ირაკლის აქტიური ჩართვა ჩვენს თაობაში déjà vu-ს შეგრძნებას კიდევ უფრო გააძლიერებს.
ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება რომ გახდეს სამართლიანი. ამისათვის ვიწყებთ ყოველდღიურ აქციებს ძალიან მალე. ჩვენი გზა არის მშვიდობიანი: არაძალადობა მთავარი პრინციპია. თუმცა ჩვენ არ მოვერიდებით ბურჟუა-ოლიგარქიული და ნეოლიბერალური კანონების დარღვევას. უსამართლო კანონები უნდა შეიცვალოს! ჩვენ შევცვლით კლასობრივ სეგრეგაციას და დავამკვდრებთ ნამდვილ თანასწორობას!“ - გაცხადებულია მგზნებარე მანიფესტში, რომელიც სოციალური ქსელებით გავრცელდა. მსოფლიო მოძრაობა Occupy-ს მსგავსი ქართული ტალღის გაჩენა, რომელიც საზოგადოებრივი მოწყობის არსებულ უსამართლო სისტემას დაუპირისპირდება, ის ამბიციური განაცხადია, რომელიც ობივატელს უახლოეს მომავალში მშვიდი ცხოვრების ილუზიას გაუქრობს.  რამდენად გაითავისებს მემარცხენე ინტელექტუალების მოწოდებებს ქართველი ხალხი, ჯერ-ჯერობით ძნელი სათქმელია, მაგრამ სიდუხჭირე, რომელშიც მოსახლეობის უდიდესი ნაწილია ჩავარდნილი, საამისოდ ნოყიერ ნიადაგს ქმნის.
თუმცა, „კაცი ბჭობდა - ღმერთი იცინოდაო“,- ნათქვამია და, ნუ ვიმკითხავებთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

13 May, 2013

"ოცნების" ხიდს ბზარები დაეტყო

                                                   გაზეთი "ქრონიკა+", #3, 07.05.2013


სააკაშვილის მმართველობის ვირტუალური სამოთხე 1 ოქტომბრის ტყუილით დასრულდა, სადაც "ნაციონალურ მოძრაობას" არარეალური 40% დაუწერეს, იმ საბაბით, რომ პრეზიდენტი დაეოკებინათ, წაგების გამო წონასწორობიდან არ გამოსულიყო და სპეცრაზმებით ხალხის მორიგი დარბევებისა და დიქტატურის დამყარების მაგვარი რაიმე საშინელება არ ჩაედინა. საამისოდ გაწვრთნილი "ზონდერები" და ძალოვნები სრულ მზადყოფნაში იყვნენ, ასე რომ, ეს შიშები საკმაოდ რეალური იყო. თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, მოვლენების ამგვარი განვითარების თავიდან აცილებაში, ისევე, როგორც ცესკოს მიერ დადებულ შედეგებთან გამარჯვებული ოპოზიციის შეგუებაში, აშშ და ევროპის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევამ დიდი როლი ითამაშა.
არჩევნებს, ახალ მთავრობაზე დასავლეთის გარკვეული ძალების აქტიური ზეწოლის შედეგად, კვლავ სიცრუე მოჰყვა, სახელად - "კოჰაბიტაცია", რაც "ქართული ოცნების"
მხარდამჭერებში იმედცრუებისა და ანტიდასავლური განწყობების გაძლიერების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად იქცა. საზოგადოება ძირეულ ცვლილებებს ელოდა, უპირველეს ყოვლისა კი - წინასაარჩევნო კამპანიისას დამნაშავეებად გამოცხადებული ხელისუფლების მაღალჩინოსების დასჯის ხილვას. ამის ნაცვლად ვიხილეთ მათი "დაჭერა-გაშვებების" სერიალი, რასაც ძველი ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მოსამართლეთა კორპუსის შეუცვლელობით გვიხსნიდნენ, მაგრამ ჩნდებოდა სულ უფრო და უფრო მეტი კითხვები მთავრობის კონტროლს ქვეშ მყოფ სტრუქტურებში "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს აღზევებული კადრების წამყვან თანამდებობებზე დატოვება-დაწინაურების და კოალიციის პარტიებში მათი მასობრივი "პორტირების" გამო.
ორი თვის წინ ექს-პრეზიდენტმა, რომლის სახელით გამოქვეყნებული პროგნოზები ბევრჯერ ასრულებულა, მთავრობას მოქმედების სტილის შეცვლისაკენ უშედეგოდ მოუწოდა. მისი აზრით, ივანიშვილისა და მისი გუნდის წევრების უმოქმედობა ქვეყანას სავალალო შედეგამდე მიიყვანს, თუკი ხელისუფლება არ დასჯის ძველი მთავრობის წევრებს და სამართალი არ აღსრულდება, ამას თავად ხალხი გააკეთებს. "პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს, ხალხიც ჯერჯერობით მხარს უჭერს. მოვიდა კონკრეტული მოქმედებების დრო. მარტო ლაპარაკი საქმეს არ აკეთებს. თუ ბიძინა არ იმოქმედებს, მისი ხელისუფლება სააკაშვილის ხელისუფლების ბედს გაიზიარებს", - აცხადებს შევარდნაძე გაზეთ "ასავალ-დასავალთან" საუბრისას.
წინა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მასაში გაჩნდა განცდა, რომ ცხრაწლიანი ტყუილების დრო ახლა "ქართულმა ოცნებამ" გააგრძელა, რომელიც "სამართლიანობის აღდგენას" სააკაშვილის საპრეზიდენტო დროის გასვლამდე ჭიმავს და ამ საკითხს უყურებს მაკიაველისეული პრინციპით - "მიზანი ამართლებს საშუალებას". კაცობრიობის ისტორია ვინც იცის, გაახსენდება მრავალი შემთხვევა, როცა კეთილშობილი ზრახვებით ხელისუფლებაში მოსულებს, ამ პრინციპით მოქმედებისას, მიზნებამდე ვერ მიუღწევიათ, დროთა განმავლობაში იდეებიც დავიწყებიათ და ხელში მხოლოდ ბინძური "საშუალებები" შერჩენიათ, როგორადაც აღიქმება ნებისმიერი სიცრუე, რომელსაც მალევე ეხდება ფარდა ჩვენს პატარა ქვეყანაში, რომელშიც ყველამ ყველაფერი იცის. "თეთრი ხელთათმანებით" მუშაობა ვერ შეძლო და საკუთარი პოსტიდან უკვე ახალი მთავრობის ერთი მინისტრი გადადგა, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სამსახურის მიერ მის უწყებაში სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის სკანდალური ფაქტების გამომზეურების შემდეგ.
ჯერ-ჯერობით ბიძინა ივანიშვილი, მედიასთან კომუნიკაციისას თავისი გახსნილობითა და საოცარი გულახდილობით, მთავრობის მიმართ სიმპათიების და ნდობის შენარჩუნებას ახერხებს, თუმცა, ბოლო ტელეინტერვიუში მისი ერთი გამონათქვამის დაჯერება მოსახლეობას გაუჭირდა. საქართველოს ადვოკათა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა გადაცემის ნახვის შემდეგ პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართა: "...ქალბატონ ნინო შუბლაძესთან ... თქვენ განაცხადეთ, რომ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს მოსახლეობას ყველა დაპირება შეუსრულა. უბრალოდ გაოგნებული ვიყავი თქვენი გამოსვლით ... ეტყობა, თქვენ გარემოცვა ვირტუალურ გარემოში გაცხოვრებთ და არ ფლობთ არანაირ ინფორმაციას თუ რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში."
გარემოცვის მიერ პირველი პირის იზოლაციისა და რეალობისგან მოწყვეტის პრობლემა ძირძველი დემოკრატიების ევროპულ ქვეყნებშიც დგას, მაგრამ იქ ამის ნიშნები ხელისუფლებაში მოსვლის 2-3 წლის შემდეგ შეინიშნება. ჩვენში ფეხმოკიდებულ ამ სტერეოტიპს დავით ზურაბიშვილმა ენამოსწრებულად "კეთილი მეფისა და მოღალატე ვეზირების ზღაპარი", რომლის პერსონაჟებადაც გადააქცია "რესპუბლიკელებისა" და "ოცნების რუხ კარდინალად" წოდებული გია ხუხაშვილის დემონიზაციის ბოლოდროინდელმა ტენდენციამ. ჩახედული არ ვარ პრემიერ-მინისტრის კარის ინტრიგებში, მაგრამ რასაც აბრალებენ, ერთის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარის პარტიას, მეორეს მხრივ კი - პრემიერის აწ უკვე ოფიციალურ მრჩეველს, ძნელად დაიჯერებს საღად მოაზროვნე, რომ ისეთი მრავალჭირნახული და ბრძოლებში გამობრძმედილი კაცის ტკბილმოუბარი ენით მართვა, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, ვინმემ შეძლოს.
პრემიერ-მინისტრის ავტორიტეტი საზოგადოებაში იმდენად მაღალია, რომ ნაძალადევის ოლქში ამ ფაქტორით მმართველი კოალიციის კანდიდატის გარდა, მისმა კონკურენტებმაც ისარგებლეს შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში, სადაც საარჩევნო უბნებში 7 თვის წინ მოსული ამომრჩევლების ნახევარზე ოდნავ მეტმა მიიღო მონაწილეობა. თამარ კორძაიას ოპონირება მიდიოდა ბინძური "შავი პიარის" მეთოდებით, რომ ის არის "პროდასავლელი ლიბერალი, ანტიეროვნული და მოღალატე რესპუბლიკელი", "ლეზბიანკებისა და პედერასტების უფლებების დამცველი, შესაბამისად, ერთსქესიანი ქორწინებების პოტენციური ლობისტი" (ციტატების გამო ბოდიშს ვიხდი), ხოლო პრემიერ-მინისტრი, არაოფიციალურად, მის მეტოქეს უჭერს მხარს. ამ გზით ე.წ. "ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი" მეტ-ნაკლებად ოთხ კანდიდატზე გადანაწილდა. "სეთურის მანქანამ" კი იმუშავა, მაგრამ კორძაიას დამარცხება ვერ შეძლო, თუმცა, "ქართულმა ოცნებამ" ამჯერად ვეღარ მოიზიდა 1 ოქტომბერს მოსული მხარდამჭერების 75%: ზოგს დაეზარა, ზოგმა "მოიოცნება" და, გულაცრუებულმა, თავისთვის სასურველი სხვა ძალა ჯერ ვერ შეარჩია, სხვებმა დანარჩენი კანდიდატები მოხაზეს, მაგრამ არა - "ნაციონალური მოძრაობა", რამაც დაადასტურა ის სუბიექტური დაკვირვება, რომ მმართველი კოალიციის პოპულარობის კლება არაფერს მატებს სააკაშვილის პარტიის რეიტინგს. თუმცა, შედეგების ინტერპოლირებით ძველ აქტივობაზე (ანუ ამომრჩევლის იგივე აქტივობა რომ ყოფილიყო და ხმები ისეთივე პროპორციით გადანაწილებულიყო) ვხედავთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე თვეში გაცილებით მეტი აქტიური ამომრჩეველი (32,71% - 27700) დაკარგა, ვიდრე "ნაციონალურმა მოძრაობამ" (8,83% - 7500). იმერეთის რაიონებში ''ოცნების'' მომხრეთა რაოდენობის ცვლილებები (აბსოლუტურ ციფრებში) უმნიშვნელოა, მაშინ, როცა "ნაციონალების" მხარდაჭერა, 2012 წლის არჩევნებთან შედარებით, 65-70%-ით შემცირდა. ნაძალადევის შედეგებზე, სავარაუდოდ, გავლენა იქონია თავად კოალიციის აქტივისტებში ფარულმა განხეთქილებამაც, რაზეც სოციალურ ქსელებში ღიად საუბრობენ: "ოცნების აქტივისტები და თუნდაც კომისიის წევრები "ოცნებიდან" სხვა კანდიდატზე და სხვის პიარზე მუშაობდნენ, კორძაიაზე კი, ძირითადად, - "რესპუბლიკელები". თუ ეს მართალია, პროდასავლურ-ლიბერალურ მიმართულებას, როგორადაც პოზიციონირდება "რესპუბლიკური პარტია" ამომრჩევლის თვალში, თბილისელების საკმაოდ მაღალი მხარდაჭერა ჰქონია. ამდენად, შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ გამოთავისუფლდა ფართო ელექტორალური სეგმენტი "მესამე ძალისათვის", რაც არასახელისუფლებო პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატს გამარჯვების შანსს აძლევს.
დრო გვიჩვენებს, როგორ იმოქმედებს მმართველი ძალის იმიჯზე მისი დაპირისპირების პირველი შემთხვევა მისი მხარდამჭერი საზოგადოების ყველაზე აქტიურ ნაწილთან. 1 მაისს, მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, როცა ევროპის ქალაქების მთავარი მოედნები წითელი დროშების ფრიალმა წალეკა, თბილისში ამ დღის აღსანიშნავად მოწყობილი სტუდენტური დემონსტრაცია პოლიციამ დაშალა, არასამთავრობოთა შეფასებით, "არაპროპორციული ძალის გადამეტებით". უფლებადამცველებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს ყველას, რომ "შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაა დაცული", მაგრამ...
უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაწყებული, ვარაზისხევის, თამარ მეფისა და აღმაშენებლის გამზირების გავლით რუსთაველის პროსპექტამდე მოღწეული მსვლელობის ორგანიზატორები - "ლაბორატორია-1918"-ის 24 აქტივისტი დააკავეს, უფრო სწორად, მუჯლუგუნებითა და გინებით წაათრიეს და საპატრულო მანქანებში შეტენეს, ზედ ორიოდე ჟურნალისტიც მიაყოლეს. მართალია, ხელწერილების ჩამორთმევის შემდეგ ყველა დაკავებული სახლებში გაუშვეს და ჩვენი პოლიციელებისა და მათთან შეთანხმებულად მოქმედი სამოქალაქო ტანსაცმლიანი კუნთმაგარი პროვოკატორების ("ზონდერები" ექსკლუზიურად ჩვენებური ფენომენია) "ვაჟკაცობა" ბევრად ჩამოუვარდებოდა ჩილეს, კოლუმბიის, მექსიკის ან თურქეთის 2013 წლის საპირველმაისო დემონსტრაციების დამრბევი მათი კოლეგების სისასტიკეს, მაგრამ აქ "ძაღლის თავი" ჩამარხულია წითელდროშოვან სტუდენტთა დაჭერების ტელეკადრებში, რომლებიც მსოფლიომ იხილა და საქართველო იმ ქვეყნების რიგში ჩააყენა, სადაც მშრომელთა უფლებების დაცვისათვის მებრძოლთა დემონსტრაციებს არბევენ.
საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ თავი იმართლა:"სტუდენტები სხვადასხვა ადგილებში კეტავდნენ გზებს, არ აძლევდნენ ავტომაქანებს გადაადგილების საშუალებას, ღებავდნენ ვიტრინებს და ავტომანქანებს, იყვნენ აგრესიულები მოქალაქეებისა და პოლიციელების მიმართ". ჩვენი ობივატელისთვის ეს საკმარისი არგუმენტია, რომ "ანარქისტი" სტუდენტების უსაქციელობით აღშფოთდეს და პოლიციელების უხეშობა გაამართლოს, თუმცა ათენის, პარიზის, ლონდონის თუ მადრიდის ქუჩებს სტუდენტური გამოსვლების დროს ისეთი ლეწვა-მტვრევა ახსოვს, რომ ევროპელთათვის, ალბათ, გაუგებარი იქნება საღებავ-პულველიზატორებით ვიტრინების გათხუპვნის, დაზიანებული საქარე მინისა და ტროტუარიდან გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საბაბით მოსოციალისტო ახალგაზრდების დასჯის მიზეზი. სავარაუდოდ, ამ ამბავს არაოფიციალურად ის საკმაზიც დაერთვება, რომ მშრომელთა უფლებების დამცველი ახალგაზრდების აქცია იმ მთავრობის პოლიციამ დაარბია, რომლის სათავეშიც "რუსეთში ფულნაშოვნი ოლიგარქ-მილიარდერია". ახლა ერთი შარშანდელი გეი-პარადის მსგავსი სამაისო დარბევაღა დარჩა გასამეორებელი და ახალ მთავრობას გარანტირებული ექნება როგორც ევროპელი სოციალისტების, ისე ამერიკელი დემოკრატებისგან ზურგშექცევა.
უცხოელთათვის არ აქვს მნიშვნელობა, პირველმაისობის ისტორიული ტრადიციის დასაწყისის - ჩიკაგოში მუშათა გამოსვლის დახვრეტის პაროდია - "ჩიკაგო-2013" - თბილისში პრემიერის მთავარი დასაყრდენი მინისტრის ბრძანებით მოხდა, თუ ეს თავად ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა, მოწყობილი მის უწყებაში მოკალათებული, მერაბიშვილის აღზრდილი კადრების მიერ, როგორც ეს "პრაიმერ-ინფოს" მეშვეობით უმალ გააჟღერა ვინმე "პოლიციიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ამ ეტაპზე ვინაობის გამხელა არ ისურვა". მათთვის ფაქტია "სექსისტური შრომის კოდექსის" წინააღმდეგ პროტესტით გამოსულ სტუდენტებზე სახელმწიფოს ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა, რითაც საკუთარმა პოლიციამ საერთაშორისო ასპარეზზე "ღორი შეუგდო" ევროპელ სოციალისტთა პარტიაში გაწევრიანების მსურველ "ქართულ ოცნებას".
თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა გაამართლა 1 მაისს თავის ხელქვეითთა მოქმედება, რითაც უარყო მის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ვერსია: “ჩვენ ვართ ხელისუფლება და ეს არის სახელმწიფო, თუ გნებავთ, რომ მიიღოთ ქაოსი, მაშინ საზოგადოებამ მხარი უნდა დაუჭიროს გუშინდელი ტიპის აქციებს, თუ გინდათ დაწყნარებულ სახელმწიფოში ცხოვრება, მაშინ პოლიციამ უნდა დაიცვას წესრიგი”, – მეორე დრესვე განაცხადა ღარიბაშვილმა. "პოლიციელის მუნდირის ღირსების დაცვა" აღარ უხსენებია, მაგრამ გასაგებია, რომ ამ მოტივით ფორმიანი კაცის მუშტი თუ წიხლი უდრტვინველად უნდა ავიტანოთ, გინებაზე და "ბიჩოკების" სროლაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამგვარი ლექსიკა ყველა მის წინამორბედსაც ჰქონდა, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა ხალხისაგან ხელისუფლების გაუცხოების პროცესების ლოგიკურ დასასრულამდე მისვლა.
-რატომ არის შერჩევითი სამართალი "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ? - მინისტრის მისამართით იკითხა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა და უცხოური ლობისტების მფარველობის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ მიტინგის ჩატარებისას კანონდარღვევაზე მიუთითა. პასუხი იმდენად მარტივია, რომ სიღრმეებში ქექვას არ საჭიროებს: იმიტომ, რომ პოლიტელიტებს და მათ ბიზნეს-ინტერესებს შორის "კოჰაბიტაცია" იყო, არის და იქნება! ასევე დარჩება "ხიდჩატეხილობისპრობლემა" ქართულ პოლიტიკურ მოდელში, მაგრამ ამჯერად რატომღაც ძალიან სწრაფად და დინამიურად ვითარდება ეჭვისა და უნდობლობის ჭიებით 1 ოქტომბერს გადებული ნდობის ხიდის საყრდენების გამოხვრის პროცესი.




02 May, 2013

ივანიშვილის პოლარული ვარსკვლავი


                                              გაზეთი "ქრონიკა+", #2, 30.04.2013

ცივი ომის“ დამთავრების შემდეგ დასავლეთმა რუსეთის მიმართ თავისი დამოკიდებულება კარდინალურად რომ შეცვალა, ამის გაცნობიერება საქართველოში დღემდე ძალზე ჭირს. რუსეთს, საბჭოთა კავშირის ანალოგიურად, კვლავ განიხილავენ NATO–ს მტრად თუ არა, მოწინააღმდეგედ მაინც, საქართველო–რუსეთის ურთიერთობებს კი მხოლოდ ამ პრიზმიდან ხედავენ. ქართული საზოგადოება თვალს ხუჭავს იმაზე, რომ ბარაქ ობამა ორჯერ აირჩიეს და ორჯერვე აშშ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება რუსეთთან მიმართებაში "გადატვირთვის“ პოლიტიკის გამოცხადებით დაიწყო, ევროპელი პოლიტიკოსების გამუდმებულ მოწოდებებსაც, -რუსეთთან ურთიერთობები დაალაგეთო, - ყურადღების მიღმა ტოვებს.
ცხადია, თუ მოვლენების აღქმისას ჩვენი წინასწარი მზაობა დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირებულობის დრომოჭმულ სტერეოტიპს ემორჩილება, ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციაზე და მეზობელთან აგრესიული რიტორიკით საუბარზე უარის თქმის საგარეო-პოლიტიკური კურსი "პრორუსულად" მოგვეჩვენება, ხოლო მთავრობის განცხადებები ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ სწრაფვაზე - ბლეფად. მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ამგვარი "მრუდე სათვალის" გარეშე დაკვირვებამ კი, შესაძლოა, სულ სხვა რეალობა დაგვანახოს, სადაც რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება არათუ ვნებს ქვეყნის ევროინტეგრაციას, პირიქით, ხელს უწყობს.
1980–იანი წლების ბოლოს დასავლეთი იმედოვნებდა, რომ შესაძლებელი იყო საბჭოთა კავშირის ლიბერალიზაცია სახელმწიფოს დაშლის გარეშე, გაერთიანების გზაზე მდგომ ევროპასთან მისი შემდგომი ინტეგრაციით. მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომელთაც ევროპასთან გაცილებით მჭიდრო ისტორიულ–კულტურული ერთობა ჰქონდათ შენარჩუნებული, მოიაზრებოდა მომავალი ევროგაერთიანების ნაწილად, ამიტომაც სსრკ–ს დაშლის შემდეგ ისინი სწრაფად მიიღეს ევროპულ ოჯახში. „დანარჩენ სსრკ–ს“ კი „ზემოდან გარდაქმნას“ უპირებდნენ, უფრთხოდნენ რა მის ნამსხვრევებზე კონფლიქტების, ავტორიტარული რეჟიმების და სხვა, ძნელად სამართავი პროცესების წარმოშობას. ისტორიამ გვაჩვენა, რომ ეს სიფრთხილე უსაფუძვლო არ იყო, მაგრამ „ბოთლიდან ამოშვებულმა ჯინმა აიწყვიტა“ და რესპუბლიკების ძლიერმა ცენტრიდანულმა მისწრაფებებმა საბჭოთა კავშირის რღვევა გამოიწვია. მართლაც, შედეგად მივიღეთ ავტორიტარული რეჟიმები შუა აზიასა და ბელარუსში, ნაციონალისტურად განწყობილი მთავრობები ამიერკავკასიაში, ოლიგარქულ–კრიმინალური რუსეთი და მრავალი დღემდე ჩაუმცხრალი ეთნიკური კონფლიქტი.
დასავლეთის ამ სურვილს, საბჭოთა კავშირის ნაბიჯ–ნაბიჯ რეფორმირებითა და ევროპასთან ინტეგრაციით მიეღო ერთიანი პოლიტიკურ–ეკონომიკური სივრცე ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე, რასაც დასავლეთ ნახევარსფეროში აშშ–სა და კანადას თუ მივათვლით, შეგვიძლია ხატოვნად „ჩრდილოეთის ლიბერალური სარტყელი“ ვუწოდოთ, საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობა იდეურად დაუპირისპირდა, გლობალურ პოლიტიკაში „ერთიანი კავკასიის“ დამოუკიდებელ მოთამაშედ ცნობის განუხორციელებელ ამბიციას შეეჭიდა და, საბოლოოდ, ემსხვერპლა.
ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს ახალი გეოპოლიტიკური ფუნქცია მოუძებნა, რომელიც ქვეყნის გავლით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ენერგომატარებლების ტრანზიტში, ხოლო საპირისპირო მიმართულებით – ლიბერალური ღირებულებების გავრცელებაში მდგომარეობდა. აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარებას, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რეფორმების გამოცდილების ექსპორტის მცირე ლაბორატორიის ფუნქციაც დაემატა. მაგრამ ნეოკონსერვატიულ წრეებთან დამეგობრებულმა სააკაშვილმა ჩათვალა, რომ ატლანტიკიდან წყნარ ოკეანემდე ერთიანი პოლიტიკურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის გეგმა დასავლეთმა სამუდამოდ დაივიწყა. ის რუსეთს კვლავ NATO–ს მტრად მოიაზრებდა და ჩრდილოელ მეზობელთან მკვეთრი დაპირისპირების ხარჯზე აგებდა საკუთარ "პროდასავლურ" პოლიტიკას.
სააკაშვილის ანტირუსული ისტერია, გარკვეული დოზით, შესაძლოა, კიდეც აწყობდა დასავლეთს პუტინთან პოლიტიკური ვაჭრობის საწარმოებლად, მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ უმთავრესი გეგმების ცვლილება არ მომხდარა. რა თქმა უნდა, წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, მათში კორექტივები მოხდა. გამოჩნდა ახალი ფორმულა: „ჯერ–მოდერნიზაცია, შემდეგ–ლიბერალიზაცია“, რომელსაც განსხვავებული ტემპებითა და წარმატებით მიჰყვება რუსეთიც და სხვა ქვეყნებიც. რუსეთთან ურთიერთქმედებას შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ ამოცანად მიიჩნევს ზბიგნევ ბზეჟინსკი: "რუსეთი ახლა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომ პუტინთან ერთად თუ პუტინის გარეშე, დასავლეთის მიმართულებით მოძრაობის გარდა მას სხვა არჩევანი არა აქვს... შესაძლოა, პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთი დემოკრატიზაციის უკუმიმართულებით მოძრაობს, მაგრამ ამ შირმის უკან ხდება ცვლილებები, რომლებიც უეჭველს ხდიან დასავლეთთან თანამშრომლობის გარდაუვალობას." ბზეჟინსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთი აუცილებლად დაადგება განვითარების დასავლურ გზას.
ცხინვალის რეგიონში 2008 წლის სამხედრო კონფლიქტმა მსოფლიოს დაანახა კავკასიაში ამგვარი დაპირისპირების გლობალურ პრობლემად გადაქცევის საფრთხე, როცა პატარა ქვეყნის „ცხელთავიანი“ ხელმძღვანელის ერთ გაუაზრებელ ქმედებას შესაძლოა მთელი ცივილიზაციისათვის დამღუპველი შედეგები მოეტანა. პოლიტიკოსები იძულებული გახდნენ დაფიქრებულიყვნენ ევროატლანტიკური სამხედრო ბლოკის „ასპირანტი ქვეყნის“ რუსეთის ასეთ სიახლოვეში ყოფნის მიზანშეწონილობაზე – კავკასია ბალტიისპირეთი არ არის, სადაც ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის პოლიტელიტების ცივგონებიანობიდან გამომდინარე, შესაძლებელია ორი სამხედრო მონსტრის მშვიდობიანი მეზობლობა. მეომარ მხარეთა დაშოშმინება ევროგაერთიანებას მოუწია, რომლის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა მაშინ საფრანგეთი იყო. პრეზიდენტი სარკოზის შუამავლობამ გაზარდა მისი ქვეყნის საგარეო–პოლიტიკური მნიშვნელობა კავკასიის რეგიონისთვის, პოლიტიკური ასპარეზიდან წასვლამდე მცირე ხნით ადრე ის ჩვენს დედაქალაქებსაც ესტუმრა და მომავლის ხედვის მნიშვნელოვანი მესიჯებიც ანდერძივით დაგვიტოვა, რომელთა შორის უპირველესი რუსეთთან მტრობის დაძლევისა და მშვიდობიან თანაარსებობა–თანამშრომლობაზე გადასვლის აუცილებლობაა. ამ ამოცანის დაძლევა იტვირთა მისი სტუმრობის დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენილმა მილიარდერმა, რომელიც ასევე საფრანგეთის მოქალაქეა. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ფეხის შედგმისთანავე დასვა აქცენტები „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგების მიერ გლობალური პროცესებში რუსეთისადმი დასავლეთის დამოკიდებულების გაუაზრებლობაზე და პროგრესული მსოფლიოს თვალში საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფება მის გონივრულ ალტერნატივად წარმოაჩინა.
წინამორბედებისგან განსხვავებით, "თეთრი სახლის" ამჟამინდელი, დემოკრატების ადმინისტრაცია ერთპოლუსიანი გლობუსის იდეას აღარ იზიარებს. მსოფლიო ჟანდარმის როლის შესრულება რომ ძალზე ძვირი უჯდებათ, ეს პრაგმატულმა ამერიკელებმა უკვე გაიცნობიერეს და ე.წ. "მულტიცენტრული მსოფლიოს" ხედვით აღიჭურვნენ. გლობალური პოლიტიკის ცენტრებიდან საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი კვლავ ვაშინგტონი და მოსკოვია, მათთან ერთად კი ევროპაც, რომლის ფლაგმანად უკანასკნელ ხანს პარიზს მოიაზრებენ.
ბოლო დროს საგრძნობლად გაცივდა პოლიტიკური ურთიერთობები გერმანიასა და რუსეთს შორის, რამაც აამაღლა ფრანგულ-რუსული კავშირების მნიშვნელობა. ევროპელთა შორის ფრანგები გამოირჩევიან როგორც ამერიკასთან პარტნიორობით, ასევე რუსეთთან ტრადიციული პოლიტიკური მეგობრობითაც, შესაბამისად, მათ შეუძლიათ დააბალანსონ ორივე ზესახელმწიფოს როგორც სამხედრო–პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ინტერესები კავკასიის რეგიონში, რაც თავად ევროპისთვისაც ძალზე მომგებიანია, რამდენადაც აქ უკვე გადის ენერგომატარებელთა და სატრანსპორტო ნაკადების დივერსიფიკაციისათვის მათთვის აუცილებელი სატრანზიტო გზები. თუ ახალი ხელისუფლება საგარეო–პოლიტიკურ კურსს ევროპასთან და, განსაკუთრებით, საფრანგეთთან მეგობრობაზე აიღებს, ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციის შემდეგ, საქართველოს, როგორც რეგიონალური მოთამაშის როლი გაიზრდება, რაც შეზღუდავს კავკასიაში როგორც რუსეთის, ასევე ნატო–ს წევრი თურქეთის ჰეგემონობის მადას.
ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტი არაერთგვაროვანია და თუ სააკაშვილის გუნდს უკანასკნელი ცხრა წლის მანძილზე ჩამოუყალიბდა მყარი მეგობრული ურთიერთობები ევროპის სახალხო პარტიასთან, რომელთა ერთ-ერთი ლიდერი რუსეთზე გულაცრუებული გერმანიის პრემიერი ანგელა მერკელია, "ქართულ ოცნებას" ასეთი მეგობრები ჯერ არ ჰყავს. მწვავე ეპისტოლეების გაცვლა-გამოცვლამ EPP-სა და საქართველოს მთავრობას შორის ყველასათვის თვალსაჩინო გახადა, თუ რამდენად ეფექტურად იყენებს ამ ინსტრუმენტს სააკაშვილი საერთაშორისო ასპარეზზე ოპონენტების დისკრედიტაციისათვის.
მმართველი კოალიციის წინაშე მწვავედ დადგა ევროპელ პოლიტიკოსებში მხარდამჭერთა მოძიების ამოცანა. "რესპუბლიკელების" გაწევრიანება ლიბერალ-ინტერნაციონალში და მჭიდრო კავშირები ევროპარლამენტის ლიბერალ-დემოკრატების ფრაქციასთან EPP-ს დასაბალანსებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ორიოდე თვის წინ ივანიშვილმა თავისი პარტიისათვის სასურველ პარტნიორებად ევროპელი სოციალ-დემოკრატები - PES გამოაცხადა, რომელთა შორის არის საფრანგეთის სოციალისტი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი. ევროპელი მემარცხენეებისათვის, იდეოლოგიური თვალსაზრისით, მისასალმებელი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ცვლილებები, როგორიცაა საბავშვო ბაღების გადასახადის გაუქმება, უმაღლეს სასწავლებლებში რიგი სპეციალობეით უფასო სწავლებისა და სკოლებში - უფასო სახელმძღვანელოების შემოღება, ქვეყნის მთელი მოსახლეობის ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტით უზრუნველყოფა, სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის ინვესტირება. შეუქმნის თუ არა მათთან დამეგობრებაში უხერხულობას "ქართულ ოცნებას" ის, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე მილიარდერია? აშშ დემოკრატიული პარტიის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, რომლის წევრები, უპირატესად, დაბალი სოციალური ფენა და მულტიმილიარდერები არიან, ხოლო მისი ოპონენტი რესპუბლიკური პარტია საშუალო ფენას ეყრდნობა, ასეთი რამ მთლად გასაოცარი არ უნდა იყოს, მაგრამ ევროპელთა შეხედულებები ამერიკელებისაგან მაინც განსხვავებულია.
როგორც ჩანს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამდე, სადაც პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა, ამ მხრივ გარღვევის მოხდენა ვერ მოხერხდა და ივანიშვილს "ორმხრივი ცეცხლის" ატანა მოუხდა, ერთის მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" ლობირების შედეგად ქართული შიდაპოლიტიკური პროცესების თაობაზე მიკერძოებული პოზიციის მქონე EPP-სა და, მეორეს მხრივ, რუსული დელეგაციისაგან, რომელიც საქართველოს მთავრობის განცხადებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების პრიორიტეტულობაზე ყოველთვის "ხიშტებით" ხვდება.
სტრასბურგში ვიზიტისას ბიძინა ივანიშვილი ევროპელ პოლიტიკოსთა იმ ჯგუფების წარმომადგენლებსაც შეხვდა, რომელთა მყარი მხარდაჭერის მოპოვებას მმართველი კოალიცია მომავალში შეეცდება: ევროპის ლიბერალ-დემოკრატების ალიანსის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს ანე ბრასორს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტთა ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილეს, ნატაშა ვუკოვიჩს. პრემიერ-მინისტრი კმაყოფილი დაბრუნდა:"ამ მოკლე დროში, რაც შეიძლებოდა, ძალიან კარგი ურთიერთობები დავამყარეთ. აინტერესებდათ ახალი გუნდი და დაგვინახეს. მგონი, კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ," - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
რუსეთთთან ურთიერთობის დალაგებასა და საქართველოს ტერიტორიულ საკითხზეც პრემიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი:"ამას დრო დაჭირდება. მოკლე დროში ის შეიძლებოდა, რაც ჩვენმა პრეზიდენტმა ძალიან ოსტატურად გააკეთა. ჩიხში შესვლა იოლია, გამოსვლა არ არის მარტივი. მე გარწმუნებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვალთ ამ ჩიხიდან. დავიბრუნებთ ამ ტერიტორიებს და მეგობრულ ურთიერთობასაც დავამყარებთ." ევროსაბჭოში გამოსვლისას ივანიშვილის სიტყვის დედააზრი იყო ის, რასაც ჩვენგან, დიდი ხანია, ელიან, - საქართველო აღარ აპირებს, რომ ევროპელები ჩაააყენოს უხერხულ მდგომარეობაში და აიძულოს, ჩვენს გამო შევიდეს კონფრონტაციაში რუსეთთან, რომელიც მათ ძალიან სჭირდებათ.
ვაშინგტონისა და მოსკოვის ფალავნების საჭიდაო მოედნად ჩვენი ქვეყნის გადაქცევის ნაცვლად, რამაც არც ერთ მხარეს სასურველი შედეგი არ მოუტანა, თუ ორივე დათმობს პოზიციებს და ევროპის ფარულ პროტექტორატზე შეთანხმდება, მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივა ექნება არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონსაც. ამ ეტაპზე NATO-სა და ОДКБ-ს შორის გარკვეულწილად ნეიტრალური, "ბუფერული" ზონის შექმნით რუსეთი მიიღებს მისი სამხრეთი საზღვრების უსაფრთხოების გარანტიებს, ხოლო მსოფლიო კიდევ ერთ "თავის ტკივილს" ასცდება. ამ ორი ბლოკის ინტეგრაცია დაწყებულია და შორს არაა ის დრო, როცა რუსეთს ევროპა ჩაიხუტებს, ჩვენი მხრიდან კი ამ პროცესისათვის ხელის შეშლა პოლიტიკური სიბეცეა.
შესაძლებელია თუ არა ამგვარი ოპტიმალური გამოსავლის მონახვა, მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობა აიძულებს ივანიშვილის მთავრობის ხომალდს, საგარეო პოლიტიკურ ზღვაში ცურვისას, პოლარული ვარსკვლავი პარიზის, ბრიუსელისა და სტრასბურგის თავზე ეძიოს, თუ უნდა, რომ მშვიდობიანად გააღწიოს "სცილასა" და "ქარიბდას" შორის.




"ვარდოსნები" ახალ "ხავერდოვან რევოლუციას" ამზადებენ


გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებიდან ზუსტად ოთხი თვის შემდეგ, 2 თებერვალს, იარებმოშუშებული „ნაციონალურმა მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ახალ მთავრობას ოთხ წელიწადს ვერ აცდის და 2003 წელი გაიხსენა, როცა ეს პარტია დედაქალაქს მართავდა.
 „დღესაც უნდა დავიწყოთ რაღაც ფორმით ხელისუფლებაში დაბრუნება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, ხელისუფლების ნაბიჯ-ნაბიჯ შევიწროვება და მისი შეცვლის დაჩქარება. უნდა დავბლოკოთ მათი დესტრუქციული ქმედებები. რა ფორმით მოხდება ეს ყველაფერი ამას დრო აჩვენებს. ჩვენ გვაქვს მთელი არსენალი ქმედებებისა, რომელიც დაასუსტებს ამ ხელისუფლებას", - გეგმები გაამჟღავნა ვანო მერაბიშვილმა.
 ამ ფრაზაში პოლიტიკური ლუდიზმის ნიშნები შეიმჩნევა, რომელიც ახასიათებს „ხავერდოვანი რევოლუციებისათვის“ გამოყენებულ ტექნოლოგიებს პოსტმოდერნულ ეპოქაში: პოლიტიკური ძალა, რომელიც წარმოგვიდგენს თავს ხელისუფლების ოპოზიციად, სინამდვილეში მის რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკას კი არ ებრძვის, არამედ უარყოფს მას მთლიანობაში და ფარულ საბოტაჟს უწყობს.
ასე რომ, „ოთხ წელს ვერ დავაცდით“, გამეორებული პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ, მართებული იქნება გავიგოთ, როგორც ახალი უსისხლო გადატრიალებისთვის სამზადისის გამოცხადება, რომლის მოწყობა-განხორციელების წარმატებული გამოცდილება აქვთ მის თანამებრძოლებს და არც საამისო კრეატიულობა აკლიათ.
-ისევ „ვარდების რევოლიცია“?-ეჭვიანად იკითხავს მკითხველი.
-რატომაც არა? ათი წლის წინ „ვარდოსანთა“ ხელში თუ მხოლოდ თბილისის საკრებულო, ტელეკომპანია „რუსთავი-2“ და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, უმთავრესად „თავისუფლების ინსტიტუტისა“ და „კმარას“ სახით, დღეს ისინი პოზიციებს არ თმობენ ხელისუფლების მთელ რიგ შტოებში, პრეზიდენტის ინსტიტუტი, სასამართლოები, თვითმმართველობების ნაწილი, ერთგული კადრები სახელმწიფო უწყებებში, პოპულარული ნაციონალური მაუწყებლები, მათ არსენალს დღითი დღე ემატება სოკოებივით მომრავლებული „ენ-ჯე-ო“-ები, როგორც პოლიტიკური კამპანიის დამატებითი ინსტრუმენტი და დაფინანსების წყარო. „ხავერდოვანი რევოლუციის“ დასაწყებად ამჟამინდელი სასტარტო პირობები“ გაცილებით უკეთესია, ვიდრე მაშინ, ხოლო ვანო მერაბიშვილის ეს „წამოცდენა“ სულაც არ მეჩვენება საქილიკო ან უმნიშვნელო თემად. მასობრივი კულტურისა და ტელევიზიის მუდმივი ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოსახლეობა კვლავ ადვილად შეიძლება გადააქციონ უზარმაზარ ვირტუალურ ბრბოდ, რომელიც ჯერ არ არის მოედანზე გამოსული, მაგრამ მყუდრო ბინებში, ტელევიზორებთან შეყუჟული, უსმენს ერთსადაიმავე ლიდერებს.
„ხავერდოვანი“ რევოლუციების ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი მათი არაძალადობრივი ხასიათია, ან, სულ მცირე, დასაწყისისთვის მოვლენათა უსაფრთხო, არაძალადობრივი განვითარების სრული ილუზია უნდა შეიქმნას. ამ აპრობირებული მეთოდით ხდება მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ ძალოვანი სტრუქტურების გამოყენების ნეიტრალიზება, ანუ იმ მთავარი ძალისა, რომელიც სახელმწიფოს რევოლუციის საპირწონედ გააჩნია. ამგვარი რევოლუციების ტექნოლოგია იყენებს თანამედროვე ლიბერალური სახელმწიფოების იმ თვისებას, რომლითაც სიტყვის, გამოხატვისა და შეკრებების თავისუფლებების უზენაესობა აღიარებულია არა მარტო მათი კონსტიტუციებით, არამედ, პრაქტიკულადაც, მასებისა და სამართალდამცავი ორგანოების მუშაკების ტვინებში ჩაბეჭდილი აქსიომით, რომ ძალადობის გამოყენება დაუშვებელია უიარაღო დემონსტრანტების მიმართ.
 „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ხაზს უსვამენ მათ მიერ მოწყობილი აქციების არაძალადობრივ ხასიათს: „19 აპრილის აქცია იქნება ჩვეულებრივი, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. ჩვენ ვართ ის ოპოზიცია, რომელსაც სხვაგვარად არც წარმოუდგენია", - აცხადებდა გიორგი გაბაშვილი, - "ჩვენი ლიდერები აქციაზე მოსვლას ოჯახებით აპირებენ და მთელი ის პანიკური კამპანია, რომელიც მთავრობის მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში წარმოებს, რომ თითქოს რაღაც სახიფათო უბედურება ელოდება ქვეყანას 19-ში, ტყულია, სიმართლე არის ის, რომ მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ ხელისუფლება ისტერიკაშია".
ოპოზიციის მოქმედებათა არაძალადობრივი ხასიათი აჩლუნგებს ხელისუფლების უნარს, დაინახოს საფრთხეები, რომლებადაც ის, ტრადიციული შეხედულებებით, მხოლოდ შეიარაღებულ ამბოხსა და შეთქმულებას განიხილავს. ამ გზით რევოლუციების პირველ ეტაპზე მიიღწევა სახელმწიფოს ხელოვნური „მიძინება“. მშვიდობიანი ბრძოლის განუწყვეტლობას არა მარტო სახელმწიფო აპარატის დაუძლურება მოჰყვება, არამედ საზოგადოების გახლეჩაც. თუ ხელისუფლება ძალადობით უპასუხებს, მაშინ ხალხის უდიდეს ნაწილში ეს გამოიწვევს თანაგრძნობის გაჩენას პროტესტანტების მიმართ, როგორც ეს მოხდა 2011 წლის 26 მაისის შემდეგ. როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცნობიერებდა ხელისუფლებისათვის ამ საფრთხეს, ამიტომ 19 აპრილის აქციის მზადებისა და მიმდინარეობის პერიოდში იყო მაქსიმალურად ფრთხილი და კორექტული მომიტინგეთა მიმართ: „რეგიონებიდან მომავალ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს პოლიცია არ აფერხებს“ - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.
„დემოკრატიულობანას“ ამ თამაშში შსს-მ მცირედ გადააჭარბა კიდეც და, თავისდაუნებურად, ჯერ არდაწყებული დადგმის თანამონაწილე გახდა: შს მინისტრმა, საავტომობილო ესკორტით, რუსთაველის გამზირზე გაიარ-გამოიარა და „სიტუაცია დაათვალიერა“ მიტინგის დაწყებამდე. არადა, ყველა „ხავერდოვანი რევოლუცია“ სხვა არაფერია, თუ არა დიდი პოლიტიკური სპექტაკლი, რომელიც სპეციალური ტექნიკური და მხატვრული საშუალებების გამოყენებით იდგმება და ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად გამოიყენება. გადამწყვეტი მომენტი ფართო აუდიტორიის მქონე ამ, უხშირესად, ტელეშოუს მიმდინარეობისას მაშინ დგება, როცა ხელისუფლების მიერ დაწესებული ისეთი წესები, როგორიცაა ლეგალური პროცედურები, მათი ძალოვანი უზრუნველყოფა, ნორმებისა და შეზღუდვების სისტემა და მისთ. უკვე აღარ მოქმედებს, - მათ თამაშის წესები ცვლის. ასეთ მომენტში კარნავალის რეალობა ყოფას სჯაბნის და აქამდე „ბერიკაობის ყეენად“ მყოფი ფიგურა რეალური მმართველი ხდება, რომელსაც მასები ემორჩილებიან, ნამდვილი „მეფე“ კი მასხარად გადაიქცევა. ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ ეს 2003 წელს და იგივე მსახიობებით ამ სანახაობის დასაწყისს ათი წლის შემდეგ გვაჩვენებენ, თუმცა, ჯერ მხოლოდ დასაწყისია და ამ საკვანძო მომენტის დრო არ მოსულა.
ჩვენში ხელისუფლების ჩამოგდებისათვის მზადება სიმბოლური სახელების დარქმევით იწყება, რომელთაგან საშინაო და საგარეო მაყურებლის დასანახად მმართველი ლიდერის დემონიზირება უკვე მრავალჯერ ნაცადი მეთოდია, - ასე იყო გამსახურდიას, შევარდნაძის, თავად სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლის დასაწყისშივე. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შეესაბამება რეალობაში ხელისუფალის მოქმედებები მისთვის ოპოზიციის მიერ მინიჭებულ ეტიკეტს, ახლაც იგივე სახელდებამ გაიჟღერა: „ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დიქტატურას ამყარებს!“ (აკაკი ბობოხიძე, 06.02); „ქვეყანაში მყარდება რუსი ოლიგარქის ტოტალიტარული რეჟიმი!“ (სერგო რატიანი, 22.02). 19 აპრილის მიტინგზე კი „ვარდოსნებმა“ ე.წ. შეფუთვა შეცვალეს და თავს „ახალი ეროვნული მოძრაობა“ უწოდეს.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ ახალი ეროვნული მოძრაობა. ეს არ იქნება პოლიტიკური მოძრაობა, მაგრამ წარმმართველი ძალა, რა თქმა უნდა, იქნება "ნაციონალური მოძრაობა". ეს მოძრაობა გააერთიანებს სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ვისთვისაც სულ ერთი არ არის საქართველოს მომავალი, გააერთიანებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჯგუფებს. ჩვენ გვინდა, რომ ამ მოძრაობამ შექმნას წარმომადგენლობა ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ყველა სადარბაზოში,“ - რით არ არის ვანო მერაბიშვილის ეს სიტყვები ახალი „ხავერდოვანი რევოლუციისთვის“ მასობრიობის საფუძვლის შექმნის გეგმის გაჟღერება?
„ხავერდოვანი რევოლუციების“ გამოცდილებამ აჩვენა, რომ ძალზე ადვილია მასებში პოლიტიზირებული ეთნიკურობისა და მტრის ხატის შექმნა, რომელზეც ეთნოსმა შური უნდა იძიოს. მხარდამჭერთა ამ გზით მიღწეული შეკავშირება თავისი ინტენსივობით გაცილებით ძლიერია სოციალური სამართლიანობის და კეთილდღეობის ამაღლების მოტივებზე, რომელთა მეშვეობითაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. სააკაშვილის მგზნებარე მოწოდებით, „საქართველოს მთავარი მტერი რუსეთია“, ოკუპანტი, რომელსაც ადგილზე განასახიერებს „კრემლის მეგობარი ბურჯანაძე და კრემლის ნახევრად მეგობარი მთავრობა“ .

„ეს ადამიანები ყველაფერს ეროვნულს, ცხრა წლის განმავლობაში ასამარებდნენ და დღეს ამ ბრენდით გამოსვლა მათი მხრიდან აბსოლუტური ცინიზმია", - განუცხადა სააგენტო "ივერონს" გია ხუხაშვილმა. გასაკვირი ამაში არაფერია: სპექტაკლი იწყება და თუ ის დაემსგავსება აბსურდის თეატრს, უხილავ რეჟისორს ძალიან აწყობს, - ჩვენი ცნობიერების ირაციონალურით მანიპულირება უფრო გაადვილდება, ტრადიციებისა და საღად აზროვნებისათვის მყარი ნიადაგის გარეშე დარჩენილი ადამიანები ადვილად მართვად მასად გადაიქცევიან.

                                              გაზეთი "ქრონიკა +",#1, 23.04.2013