11 February, 2011

თავი I. მეამბოხე კოპალა




"So comrades, come rally
And the last fight let us face.
The Internationale
Unites the human race!"

უზარმაზარი, გაუთლელი ქვებით ნაშენ გალავანს მიღმა პირველყოფილი ტყე ფარავდა მთებს, მის შიგნით კი, ქვის საძირკველზე ოსტატურად დაშენებული ხის სამსართულიანი სასახლის შორიახლო, კიდევ რამდენიმე ფიცრული შენობა იყო განთავსებული. ფართო ეზოში ადამიანები დაფუსფუსებდნენ, რომელთა უმეტესობას ტყავებისაგან უხეშად შეკერილი ჯუბებით დაეფარათ სიშიშვლე, მხოლოდ რამდენიმე ახოვანს, როგორც ჩანს, წარჩინებულს, ეცვა აბრეშუმის მსგავსი ნაზი ქსოვილისგან დამზადებული სამოსი.
სასახლის სარკმლებში შემოფენილი მზის სხივები დერეფანში მიმავალ თვრამეტი წლის ჭაბუკს ოქროსფერ თმებზე ათინათებად დასთამაშებდა. უხეშ ტანსაცმელსა და ფრთხილ სიარულზე ეტყობოდა, რომ ის აქ ხელზე მოსამსახურე ბიჭის მოვალეობას ასრულებდა. მისი ზღვისფერი თვალები ხან ლურჯად ხასხასებდა, ხანაც – ქარიშხალივით დაიქუფრებოდა, – გააჩნია, რა ხასიათზე იყო, – ახლა კი, ცნობისწადილისაგან, ზურმუხტისფრად გაანათეს: ოთახიდან ხმამაღალი ლაპარაკი შემოესმა. კოპალა სვეტს აეკრა და ყური მიუგდო.
რად გინდა ელ–ბრუსელი ასკეტების ამოხოცვა? არიან თავისთვის, ბჟუტურობენ...
ჩვენი ცხოვრების წესი არ მოსწონთ, ვერ გვიტანენ, ნაბიჭვრებსა და ქიმერებს გვეძახიან! ჩემი ყურით მოვისმინე ურიელისა და მიქაელის საუბარი: დროთა მეუფეს კიდევ ერთხელ უნდა შევატყობინოთ ყველაფრის შესახებ, რაც ახლა დედამიწაზე ხდებაო, – აღშფოთებული იყო ახალგაზრდა.
უფრო ასაკოვანმა გადაიხარხარა.
დაწყნარდი, მაგათი ხმა იქამდე ვერ მიაღწევს. აზაზელმა ისე დააპროგრამა ელ–ბრუსის გადამცემი, რომ მაგ ოთხეულის შეტყობინებები იბლოკება. ერმონის გადამცემს კი ჩვენ ვაკონტროლებთ. მხოლოდ მაგ ცვედნებმა არ ინდომეს დედაკაცებთან სექსი და საკუთარი შთამომავლობის მიღება, ყველა სხვა კი ჩვენ მხარესაა.
რამენაირად რომ მოახერხონ? ხომ შეიძლება, ერთხელაც მიხვდნენ და, ვთქვათ, კაცი მიუშვან გადამცემთან? ასეთ შემთხვევაში ხომ წავა გზავნილი?
ინსტრუქციით აკრძალულია კაცებისთვის მისი შესაძლებლობების ჩვენება. მათთვის ის „კუბური ქვაა- საკულტო ნივთი, რომელთანაც არათუ შეხება, სიახლოვეც კი კლავს: ინფორმაციის ნაკადები გამოსხივების ისეთ მაღალ დონეს ქმნის, რომ მათი ორგანიზმი ვერ უძლებს.
მაინც, უფრო მშვიდად არ ვიქნებოდით, რომ დაგვეხოცა?–არ ცხრებოდა ახალგაზრდა.
ელ–ბრუსელების სიკვდილის შესახებ ცნობას დიდხანს ვერ დავმალავთ: პერიოდული ავტორიზაციისას გამოაშკარავდება, ამაზე კი სერიოზულად შეშფოთდებიან. მათი დაღუპვის მიზეზების შესასწავლად აუცილებლად გამოგზავნიან ახალ მისიას, ნახავენ, რომ ინსტრუქცია დავარღვიეთ და „პრო-მეთეს“ მთელი გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
გასაგებია...
კოპალა ფრთხილი ნაბიჯებით გაეცალა იქაურობას. ყველა ტერმინის მნიშვნელობას ვერ ჩასწვდა, მაგრამ საუბრის დედააზრი კარგად აღიქვა. თვალწინ დაუდგა დევთა სასახლეში სტუმრად მოსული იმ ელ–ბრუსელი ტიტანების სახეები, რომელთა ამოხოცვაზეც ლაპარაკობდნენ. თბილად, სიბრალულით უმზერდნენ მას, როცა სატრაპეზოში სადილი მიართვა.
დასკვნების გამოსატანად სვეტებიანი სასახლიდან შორს გაიქცა და ტყეში, ნაკადულის პირას ჩამოჯდა:გამოდის, დევებს ვიღაც „დროთა მეუფისაძალიან ეშინიათ; მათ შორისაც არ ყოფილა თანხმობა და ელ–ბრუსელ ბერებს რომ ვეძახით, ისინი, თურმე, კაცთა მოდგმის მხარეს არიან, მაგრამ დროთა მეუფეს რომ ვერ აწვდენენ ხმას, თავადაც არ იციან.
კოპალამ მაშინაც სცადა დაყურადება, როცა ტიტანები სასახლის დიდ დარბაზში შეიკრიბნენ და რაღაცაზე მსჯელობდნენ, მათი დევი–შვილები კი იქ არ მიუშვეს. მაშინ დელეგაციები ჩამოვიდნენ ერმონიდან, ელ–ბრუსიდან და ატლანტიდიდან. აი, რა გაიგო კპალამ: სტოუნჰენჯის ობსერვატორიაში ბარაკალს, კოკაბელსა და ასტრადელს ვარსკვლავთა მოძრაობაზე დაკვირვებით დაუდგენიათ, რომ დედამიწას დიდი საფრთხე ემუქრება: პლანეტა ნიბირუ ასცდა თავის ორბიტას, დაეჯახა ფაეტონს და ნაწილებად დაშალა. მისი ორი ნამტვრევი დედამიწისკენ გამოიტყორცნა, მალე ციდან ჩამოცვივდებიან და ყველაფერს მოსპობენ. ამიტომაც მოუხმეს ყველა ტიტანს. საუბარი ცხარე კამათში გადაიზარდა. ელ–ბრუსელი გაბრიელი ყველაფერში ერმონელ ასბიელს ადანაშაულებდა: მისი აზრი იყო, კაცთა მოდგმას შევჯვარებოდით და ახალი რასა მიგვეღო, ამან კი დრო–სივრცე არია და ახალი განზომილების კონტინუუმი შექმნა, რამაც კატასტროფა გამოიწვიაო.
ეს „კონტინუუმირა იყო, კოპალამ კარგად ვერ გაიგო, მაგრამ ტიტანებს რომ დედაკაცებისგან ბავშვების ყოლა თავიდან აკრძალული ჰქონიათ და ეს ტაბუ დაურღვევიათ, – ამას კარგად მიხვდა. ელ–ბრუსელები ამტკიცებდნენ, მოსალოდნელი კატასტროფა ტიტანების ამგვარმა საქციელმა გამოიწვიაო, დანარჩენები ამას უარყოფდნენ და სხვა მიზეზებს ასახელებდნენ. ტიტანების მეთაური – სემიაზა კი წამდაუწუმ ახსენებდა ყველას: მე შეჯვარება არავისთვის დამიძალებია, ეს თქვენ თავად გადაწყვიტეთ და ერმონში ამის თაობაზე ფიცი გაქვთ დადებულიო. იყაყანეს, იყაყანეს და დაიშალნენ.
საბოლოოდ რა გადაწყვიტეს, კოპალამ ვერ გაიგო, – სამჭედლოში დროზე უნდა დაბრუნებულიყო, ვიდრე მოიკითხავდნენ. სავენტილაციო ხვრელით გადაძვრა სასახლის სახურავზე, საიდანაც სვეტზე ისე ჩამოსრიალდა, რომ ვერავინ შენიშნა. კოპალა ხომ კაცთა შვილებს შორის მოხერხებულობითა და საზრიანობით გამოირჩეოდა, – ამიტომაც შენიშნეს და თორმეტი წლის ბიჭი მოსამსახურედ აიყვანეს. გონებაც ხელს უწყობდა: ტიტანების ენაც სულ მალე დაისწავლა. ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ დევებს ეჭვიც არ შეპარვიათ, კოპალა რომ ბევრ რამეზე ფიქრობდა და მათ საიდუმლოებებს თანდათან ხვდებოდა: თავს ისე მოისულელებდა–ხოლმე, ვითომ ჯერ ანბანიც არ იცოდა ბოლომდე. ტიტანი პენემუ სულ იმის ცდაში იყო, როგორმე მისთვის წერა–კითხვა ესწავლებინა და ძალიან ბრაზობდა, რომ ვერაფერი გააწყო. ამიტომაც თავისუფლად უშვებდა ბიბლიოთეკაში, - იქნებ ცნობისმოყვარეობა გავუღვიძოო. კოპალა კი, თავს მარტოდ რომ დაიგულებდა, სხაპასხუპით კითხულობდა წიგნებს, მიუხედავად იმისა, მათი შინაარსი ესმოდა თუ–არა, თან ყველაფერი ზეპირად ამახსოვრდებოდა.
კოპალა ფიქრებში ისე ღრმად ჩაიძირა, რომ აღარც ნაკადულის რაკრაკი ესმოდა და აღარც – ნაირფერი ყვავილების ხალიჩას დასეული ფუტკრების ზუზუნი. იხსენებდა, აანალიზებდა გაგონილს და სულ უფრო რწმუნდებოდა, რომ ელ–ბრუსელები კაცთა მოდგმის მიმართ კეთილგანწყობილნი, ხოლო ტიტანებისა და მათი შვილების მიერ დედამიწაზე დამყარებული რეჟიმის მოწინააღმდეგენი უნდა ყოფილიყვნენ. წარსულიც აინტერესებდა, მაგრამ წიგნებში, ისტორიებსრომ ეძახდნენ, ვერაფერი გაიგო. იქ ისეთი ამბები იყო აღწერილი, არანაირად რომ არ მოხდებოდა დედამიწაზე, თორემ მოხუცებს ლეგენდად მაინც რამე ემახსოვრებოდათ: მეფეებზე, ადამიანთა შორის გაჩაღებულ დამანგრევებალ ომებზე, ახალი ერშალაიმის მშენებლობაზე, უკვდავების ელექსირზე...
ერთხელ წარსულის შესახებ ჰკითხა მჭედელს, გაუცინარობის გამო ყველა რომ სახელად პირქუშს ეძახდა. ეს კაცი კარგი ოსტატი იყო და დიდი ხანია, რაც დევებთან მსახურობდა. ქცევით ის ელ–ბრუსელ ბერებს ბაძავდა: ქალებს არ ეკარებოდა,–წმინდად უნდა შევინახო თავიო. ამის გამო ზურგსუკან დასცინოდნენ კიდეც, მაგრამ პირში თქმას დევებიც ვერ უბედავდნენ, ისეთი ჯანმაგარი იყო.
პირქუშს ნაყვავილარი სახე მოექუფრა. მიმოიხედა, – არავინ გვისმენდესო, – და ჩუმად, შეთქმულივით მოთხრო:
თურმე, ადრე კაცნი ძალიან შეჭირვებულნი ყოფილან მხეცთაგან, ქვის იარაღები ჰქონიათ და ლითონის დნობისა არაფერი გაეგებოდათ, არც ხვნა–თესვისა იცოდნენ რამე და არც წამლობისა, ხის ნაყოფებითა და დაცემულ ნადირთა ლეშით თუ იკვებებოდნენ, რის გამოც ბევრი კვდებოდა. მერე გამოჩენილან ტანმაღალი, უკვდავი ტიტანები, ბრჭყვიალა სამოსში ჩაცმულნი. კაცებს ძალზე კეთილად ეპყრობოდნენ, მათაც მზისა და ვარსკვლავთა თაყვანისცემა დაივიწყეს და ტიტანები აღიარეს ღმერთებად. ტიტანებმა გვასწავლეს მოსავლის მოყვანა, ნადირობა, მკურნალობა და ბევრი სხვა საჭირო რამ, ახლაც ბევრი მათგანი ცდილობს ჩვენს დახმარებას. აი, პენემუც ხომ სულ იმის ცდაშია, შენნაირ გონებაგახსნილ ბალღებს წერა–კითხვა და მეცნიერებანი შეაყვაროს. მერე კი მოსწონებიათ დედაკაცები და, დახმარების სანაცვლოდ, მამაკაცთათვის ხარკად დაუდიათ მათთვის ქალის მიგვრა. ასე გაჩენილან მათი შვილები – დევები, მათსავით მაღლები, მაგრამ კაცთა მოდგმის უმრავლესობისავით – ბრიყვნი და უჭკუონი. ჯანიანები კი არიან, მაგრამ არაფრისმაქნისნი – ნადირობაში თუ გამოდგებიან. სამაგიეროდ, ბღენძიები არიან და კაცთა ჩაგვრა მათ დაუწყიათ. ტიტანები თავიდან გვესარჩლებოდნენ, მერე კი მიუშვეს დევები თავიანთ ნებაზე. როგორც არ უნდა გაგვამწარონ, არას ეუბნებიან: უყვართ თავიანთი შვილები. ესენი კი მოშინაურებული ცხენებივითა და სახედრებივით გვიყენებენ, ჩვენი ნაჯაფ–ნაშრომით იკვებებიან და თან სულ გვამცირებენ. ცხენის დასაჭედი ნალი რაა, იმის სანაცვლოდაც კი რამდენიმე დღით ქალის მიყვანას ითხოვენ. მხოლოდ რამდენიმე ტიტანი, ელ–ბრუსის მთასთან რომ სახლობენ, არ წაიბილწა დედაკაცებთან და ცდილობენ ჩვენს დაცვას. ეჰ, როდის იქნება, დროთა მეუფემ გადმოგვხედოს და უსამართლობა მოსპოს დედამიწაზე, – ამოოხვრით დაასრულა პირქუშმა, დადუმდა და ქურიდან გამოღებული გავარვარებული ლითონის ჭედვა დაიწყო. კოპალა ერთხანს ელოდა, იქნებ კიდევ მომიყვეს რამეო, მაგრამ პირქუშს მისი არსებობა სულ გადაავიწყდა, ისე გაერთო საქმესა და ფიქრებში.
კოპალამ დაასკვნა, რომ კაცთა მოდგმის ხსნა დროთა მეუფისათვის სიმართლის მიწვდენას შეეძლო. უკვე ისიც გაიგო, თუ საიდან შეიძლებოდა ამის გაკეთება. დიდი ხანია, თავისუფლებისმოყვარე ჭაბუკი დევთა სასახლიდან გაქცევისათვის ემზადებოდა და საამისოდ საჭირო ბევრი ნივთ–იარაღი და საგზალი ტყეში, უზარმაზარი მუხის დიდ ფუღუროში ჰქონდა გადამალული, მაგრამ სად წასულიყო? ახლა კი მიზანი გაუჩნდა: ელ–ბრუსი. იქ მცხოვრებ ტიტანებს უნდა მოუყვეს გაგონილის შესახებ და დროთა მეუფესთან დალაპარაკებაში დახმარება სთხოვოს. ეს უკანასკნელი როგორ უნდა მოახერხოს, ჯერ არ იცის, მაგრამ, თუ მართალია პირქუში, ისინი მოიფიქრებენ რამეს და, იმედია, არ გასწირავენ კოპალას.
ბუჩქები შეირხა, ნაცრისფერი მელი ფრთხილი ნაბიჯებით ნაკადულთან მიცუნცულდა და წყალს ისე დაეწაფა, რომ გარინდებული კოპალა ვერ შენიშნა. ჭაბუკს კუნთები დაეძაგრა. ერთი ნახტომით ცხოველს დააფრინდა და მიწას გააკრა. ცალი ხელით გააკავა მოფართხალე, მეორეთი კი ლითონის ავგაროზიანი ძეწკვი მოიძრო და მელს თავზე გადააცვა. ისე დაუმაგრა, რომ ცხოველს თათებით კისრიდან მისი მოძრობა ვერ მოეხერხებინა და ხელი გაუშვა. დამფრთხალი მელი ტყისკენ გაშლიგინდა. „ამას სდიონ ხევ–ხუვებში, თუ ჩემი პოვნა მოინდომეს,” – ჩაეღიმა. საზრიანი ბიჭი კარგა ხანია, მიხვდა, თუ როგორ პოულობდნენ–ხოლმე, სადაც არ უნდა დამალულიყო: ავგაროზის საშუალებით, რომელსაც სასახლეში მოყვანისთანავე კაცთა ყველა ძეს ჰკიდებდნენ და სასტიკად უკრძალავდნენ მის მოხსნას: ავად გახდებითო. შესაძლოა, მართლაც იცავდა ავგაროზი სნეულებათაგან, – რაც აქ იყო, კოპალას შეუძლოდ არ უგრძვნია თავი, – მაგრამ პატრონის ადგილსამყოფელსაც რომ ის ამჟღავნებდა, ამაშიც ბევრჯერ დარწმუნდა.
კაცთა მიწურ სადგომებსა და დევთა სასახლეებს თავს არიდებდა, შორიდან უვლიდა და ტყეებსა და გაუვალ ჯაგნარებში მიიკვლევდა კოპალა გზას კავკასიონის მთებისაკენ. გაქცევიდან მეხუთე დღე იწურებოდა, როცა ჭაბუკმა უღელტეხილი ვიწრო ბილიკებით მშვიდობიანად გადაიარა და ჩამავალი მზის სხივებით ვარდისფრად აელვარებული ელ–ბრუსის ორწვერა მყინვარი წინ წამოემართა. იქამდე ჯერ კიდევ დიდი მანძილი ჰქონდა გასავლელი, უღრანი ტყით დაფარული რამდენიმე ქედისა და ხეობის გადალახვა დასჭირდებოდა.
კოპალას თვალი მოსტაცა იმის ცქერამ, მთების ზურგს ამოფარებამდე თუ როგორ სტყორცნა მზემ ზურმუხტისფერი სხივი იისფრად შეღებილ ცის თაღს, დაღლილი კუნთების მოსასვენებლად მოლზე ჩამოჯდომა დააპირა. ანაზდად, გულ–მუცელში რაღაც შეეკუმშა და საფრთხის ინსტინქტურმა შეგრძნებამ მოდუნების უფლება არ მისცა. ქვეცნობიერ იმპულსებს მიჰყვა, უკან მიიხედა: ტყის ბინდ–ბუნდიდან ორი ცეცხლოვანი მუგუზალი დაჟინებით უმზერდა. ვეებერთელა კატის ფორმის შავკოპლებიანი კონტური მდუმარე ტყის ფონზე მახვილი თვალით ძლივს გაირჩეოდა, მაგრამ მის უძრაობაში ავისმომასწავებლად იგრძნობოდა მსხვერპლის სისხლს მოწყურებული მხეცის მზაობა.
ჯიქი!” – თავში გაუელვა კოპალას. ხმალი ქარქაშიდან თვალდაუხამხამებლად ამოასრიალა. ერთმანეთს მიშტერებული ორი სულიერის შერკინება გარდაუვალი იყო და მისი დაწყების მოლოდინით დაძაბულმა ჭაბუკმა სხეულის შეგრძნება დაკარგა, მთელი არსებით შეენივთა სამყაროს.
ჯიქმა თვალები ცის მიმართულებით დააკვესა. სამკუთხა, დიდი ფრინველის მსგავსმა საფრენმა აპარატმა კოპალას გადაუარა და მინდორზე მსუბუქი შრიალით დაეშვა. მხეცი უკუიქცა და ტევრში გაუჩინარდა. ტყეს მიჩერებული კოპალა ადგილიდან მაინც არ იძვროდა და ხმლის ვადას კვლავ ძლიერად უჭერდა ხელს.
ციდან დაშვებული მაშველი, – ახალგაზრდა, საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი მამაკაცი საფრენ აპარატს მოსცილდა და კოპალასაკენ გამოქანდა. ისიც ტყეს აკვირდებოდა და, როცა საფრთხის გადავლაში დარწმუნდა, კოპალას გაცნობის ნიშნად ხელი გაუწოდა:
იაჰ სარაკა!–სარაკა მქვიაო,–უთხრა ტიტანების ენაზე.
კოპალამ ხმალი ქარქაშში ჩააგო, გაოფლილი ხელისგული შეაგება და მადლიერად გაუღიმა.
დამშვიდდა და უცნობი კარგად შეათვალიერა: სარაკა ტიტანებს და მათ შვილებს არ ჰგავდა, მაგრამ – ფრთები? საფრენ აპარატებს კაცის ძეთ არ აკარებდნენ. ახლადგაცნობილმა თავის შესახებ უამბო: ელ–ბრუსელებთან მომსახურე კაცი ყოფილა, მათი ნდობით აღჭურვილი პირი, რაღაც ტვირთი მოჰქონდა და, ამის გამო დაბალ სიმაღლეზე მოფრინავდა. ამიტომაც შეუნიშნავს, ტყიდან გამოსული ჯიქი რომ კაცზე თავდასხმას აპირებდა. სარაკას გულღიაობამ ეჭვი მალე გაუფანტა და კოპალამაც გაანდო, რომ ელ–ბრუსელთათვის მნიშვნელოვანი რამ იცის და დევთა ერთ–ერთი სასახლიდან ამიტომაცაა გამოქცეული.
სარაკამ კოპალას შესთავაზა თან წაყვანა, ტვირთის ნაწილი მდელოზე დატოვა, – ხვალ მოვბრუნდებიო. ფრენა?! ცოტა კი შეაჟრჟოლა, მაგრამ უარს როგორ ეტყოდა? მხეცების სიახლოვეს ღამის გათენება ნამდვილად არ იყო გონივრული ალტერნატივა. თან,  ჰაერში ლივლივისთვის გემოს გასინჯვის ცნობისწადილი...
სიტყვებით შეუძლებელია იმ შეგრძნებათა ნაზავის გადმოცემა, რაც კოპალამ ვარსკვლავების მკრთალ შუქზე დედამიწის ზემოდან დანახვისას იგრძნო. ადრენალინის სიჭარბით უშხუოდა ყურები, თუ ჰაერის ტალღებისაგან, – ძნელი სათქმელია.
ვიდრე ელ–ბრუსს მიაღწევდნენ, კაცთა სადგომს ახლოდან გადაუფრინეს, სადაც დიდი კოცონი დაენთოთ და როკავდნენ, ალბათ, ნადირობაში წარმატების აღსანიშნავად.
ეს ხალხი თავს „ნარტებსუწოდებს! – მოესმა სარაკას ხმა.
საფრენი აპარატის დანახვაზე ქალებმა დაიწივლეს და ბალღები მიწურებში გადამალეს, მამაკაცთაგან ყველაზე გაბედულებმა კი ორიოდ ისარიც სტყორცნეს ჰაერში,– ფასკუნჯს კაცი მოუტაცია და, ეგებ, გავაგდებინოთო.
კავკასიონის ქედის უმაღლესი მწვერვალის აღმოსავლეთ კალთაზე თეთრი ქვებით აშენებულ სასახლეს დიდი გალავანი ჰქონდა შემოვლებული, უდუღაბოდ ნაშენი უზარმაზარი, გაუთლელი ლოდებისაგან, რომელსაც ბოლომდე ჩაუმქრალი ვულკანის ამოფრქვევის შემთხვევაში იქ მყოფნი ევაკუაციამდე უნდა დაეცვა. ტიტანები მხოლოდ მათთვის ცნობილი ანტიგრავიტაციული ტექნოლოგიებით ახერხებდნენ მაგალითების წონის შემცირებას და ზუსტ გადაადგილებას. საფრენი აპარატი გალავნის შიგნით, ეზოში დაეშვა. კოპალა განცდილი ემოციებისაგან ისე იყო ძალაგამოწურული, რომ ბარბაცებდა. ამიტომ მასპინძლებმა მხოლოდ დაანაყრეს და დააძინეს, მასთან საუბარი კი ხვალისათვის გადადეს.
სასახლის დიდ დარბაზში კოპალას, სარაკას გარდა, კიდევ ოთხი ელბრუსელი გაესაუბრა: მიქაელი, რაფაელი, გაბრიელი და ურიელი, – ელ–ბრუსელი „ბერები. კოპალას მონაყოლმა მასპინძლები სერიოზულად შეაშფოთა.
მართლაც, გასაოცარია, რომ ჩვენს შეტყობინებებს ამდენი ხნის განმავლობაში არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ეს ბიჭი სიმართლეს უნდა ამბობდეს,–დაასკვნა ურიელმა. სხვებიც დაეთანხმნენ და გამოსავალზე მსჯელობას შეუდგნენ.
დროთა მეუფესთან დაკავშირების ერთადერთი შანსი უცხო პირის მიერ გადამცემის გამოყენება იყო. ასეთი საგანგებო სიტუაციის გათვალისწინებით, აკრძალვის მიუხედავად, ეს დასაშვებად მიიჩნიეს. მაგრამ ელ–ბრუსში მცხოვრებთაგან, ტიტანთა ამ ოთხეულის გარდა, სხვა ყველა კაცი იყო, ხოლო გადამცემთან კონტაქტი ნებისმიერი მათგანისათვის სასიკვდილო იქნებოდა.
კოპალა მზად იყო, თავი გაეწირა და უთხრა კიდეც ამის შესახებ ტიტანებს.
არა, ვაჟკაცო, შენ ცხოვრება ჯერ კიდევ წინ გაქვს!–ღიმილით იუარა მიქაელმა.
სარაკა ჩვენი გაზრდილია და თითქმის ყველაფერში ვენდობით. ელექსირს თუ მივცემთ, არ დაიღუპება...–გაუბედავად დაიწყო გაბრიელმა.
სხვებმა პასუხად მხოლოდ ზეაწიეს წარბები, შეფიქრიანებულები დადუმდნენ.
კიდევ ერთი დარღვევა... გამართლებული იქნება, ვითომ?
კოპალა მიხვდა, რომ ელექსირის მიღების შემდეგ სარაკა ტიტანებივით უკვდავი გახდებოდა.
სხვა გზა მაინც არ გვაქვს. რისკზე უნდა წავიდეთ!–მღელვარება დაეტყო რაფაელს.
მიქაელმა ხელი აწია. სხვა ტიტანებმაც მას მიბაძეს. გადაწყვეტილება მიღებული იყო. სარაკას უარი არ უთქვამს.
დიდ დარბაზს ერთი მაღალი, ოქროთი მოჭედილი კარი ჰქონდა, რომლის იქით შესვლის უფლება მხოლოდ ტიტანებს ჰქონდათ. ამ კარს იქიდან გამოტანილი თვლებით მოჭედილი თასით მიართვეს ტიტანებმა უკვდავების ელექსირი სარაკას და დალოცეს:
ამიერიდან ერთ–ერთი ჩვენთაგანი იქნები, სახელად – სარაკაელ!
ამის შემდეგ, სამი დღის განმავლობაში სარაკაელი თავს შეუძლოდ გრძნობდა. დღეში რამდენჯერმე ტიტანები მასთან იკრიბებოდნენ და იმაზე მსჯელობდნენ, პირველ რიგში რა საკითხებზე უნდა ესაუბრათ დროთა მეუფესთან, როცა ი გადამცემს აამოქმედებდა.
კოპალას გული გამალებით უცემდა, როცა დილით, მომჯობინებულ სარაკაელთან ერთად, დიდ დარბაზში მასაც უხმეს. ახლადშეძენილი მეგობრის ჯანმრთელობაზეც ღელავდა, – ვაითუ, კაცის ძეზე არ ემოქმედა ტიტანთა ელექსირს და მაინც დაღუპულიყო?!
ტიტანებმა კოპალას დარბაზში დარჩენა უბრძანეს, თვითონ კი სარაკაელთან ერთად გაიარეს ჭიშკარი. ვიდრე ის მძიმედ და უხმაუროდ დაიხშობოდა, ცნობისმოყვარე ჭაბუკმა მოასწრო დაენახა ოქროსგან ჩამოსხმული ორი ლომის ქანდაკს შუა აღმართული კვარცხლბეკი და მასზე დასვენებული თეთრი კუბი, რომელზეც მისთვის უცნობი მრავალი სიმბოლო და ასონიშანი იყო ამოტვიფრული.
მზე გადაიწვერა და მაინც არაფერი ისმოდა კარს იქიდან. კოპალა ბოლთის ცემითა და კედლების უაზრო თვალიერებით გაბეზრდა და ის იყო, გარეთ გასვლა დააპირა, რომ კარი გაიღო და მიტკლისფერ სარაკაელს უკან ტიტანები გამოჰყვენენ, თავადაც არანაკლებ ფერმიხდილები.
კოპალას, ზრდილობის გამო, არაფერი უკითხავს, მხოლოდ სარაკაელი მიაცილა სარეცელამდე. მისი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, ტიტანადქცეულმა დამშვიდობებისას ცერა თითის ზეაღმართვითა და ნაძალადევი გაღიმებით ანიშნა, ყველაფერი რიგზე არისო.
მეორე დღეს სარაკაელმა გაანდო, რაც იხილა:
კუბურ ქვას ხელი დავადე თუ არა, წინ უზარმაზარი დარბაზის ჰოლოგრაფიული გამოსახულება გაჩნდა, შავ–თეთრი ფილების მოზაიკური იატაკით, სადაფისფერი კრისტალებისგან აგებული კედლებით. მის ცენტრში დიდი მრგვალი მაგიდა იდგა, რომლის გარშემო ოცდაოთხმა ტიტანმა მსწრაფლ მოიყარა თავი. ყველანი ფეხზე წამოდგნენ, როცა სულ მთლად გაჭაღარავებული თმა–წვერის მქონე შემოვიდა და ოდნავ შემაღლებულ ტახტრევანზე დაჯდა. ჩვენ შეულამაზებლად მოვუყევით ყველაფერზე, რაც დედამიწაზე ხდებოდა, ყურადღებით მოგვისმინეს, ალაგ–ალაგ კითხვებსაც გვისვამდნენ. სიმართლე გითხრა, მათი მსჯელობისას ყველაფერი ვერ გავიგე, ისე ვიყავი აღელვებული.
რა გადაწყვიტეს?
ვიდრე მეტეორიტები ციდან დაგვეცემა, სავარაუდოდ, ოკეანეში ჩაცვივა და აზვირთებული ზღვა დედამიწას წალეკავს, კაცთა მოდგმის ნაწილის გადასარჩენად მითითებები მოგვცეს. კაცთა ჩაგვრისათვის კი დევებს სასტიკი განაჩენი გამოუტანეს: უნდა ამოწყდნენ, უკლებლივ! მათ მშობელ ტიტანებსაც აღარასოდეს მისცემენ იქ დაბრუნების უფლებას, საიდანაც მოვიდნენ, და თავიანთი შვილების განადგურების ხილვით ტანჯვა მოუწევთ. სხვათა შორის, შენს შესახებაც ვუამბეთ და, თუ წინააღმდეგი არ იქნები, შენც შეგასმევთ უკვდავების ელექსირს. მოგვცემენ საოცარი ძალის იარაღს დევების ამოსახოცად და ჩაგრულთა აჯანყების მეთაურიც შენ იქნები.
სახელსაც შემიცვლიან?
კი, მოვიფიქრეთ უკვე, რემიელი დაერქმევა მეამბოხეს!
უამრავი დევია ახლა დედამიწაზე. რამდენიმე მებრძოლისთვის ძნელი არ იქნება მათი ამოჟლეტა?
გეგმა ასეთია: გაბრიელი გვასწავლის იარაღის ხმარებას. კაცები, რომელთაც ჩვენ დავიცავთ, მათ აღარ დაემორჩილებიან და აღარ გამოკვებავენ. მათი მშობელი ტიტანები ამ საქმეში ვეღარ ჩაერევიან, დევებს მფარველობას ვეღარ გაუწევენ. ამჟამად გაზულუქებულებს, თავად მოუწევთ საკუთარი სარჩოს მოძიება. საკვების გამო მათ შორის ბრძოლა ატყდება და თავად ამოხოცავენ ერთმანეთს, ჩვენ მხოლოდ გადარჩენილების ლიკვიდაცია მოგვიწევს.
კოპალას არაფერი ჰქონდა საწინაღმდეგო – იმ უხსოვარ დროში ჰუმანიზმის შესახებ წარმოდგენები არ არსებობდა.
რამდენიმე დღეში მიქაელი და რაფაელი ერმონში გაემგზავრნენ. მიქაელმა სემიაზა და ერმონელთა სხვა მეთაურები შეკრიბა და განაჩენი ამცნო:
აქამდე ჩვენი მისია წარსულის შეცვლით კაცობრიობის განვითარების მიმართულებაზე ზემოქმედების მოხდენა იყო იმ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, რომელმაც ჩვენი ცივილიზაცია თითქმის გაანადგურა, რადიოაქტიური ნივთიერებებით საშინლად დაბინძურებულ პლანეტაზე, ელექსირის მიღების გარეშე, ცხოვრება შეუძლებელი გახადა. თუმცაღა, მაგ პრეპარატმა ჩვენს ქალებს შვილოსნობის უნარი დაუკარგა...
თქვენი უგუნური საქციელის გამო დრო-სივრცის ახალი განშტოება შეიქმნა, დედამიწა პარალელურ განზომილებაში ვითარდება. ამჟამინდელი ამოცანა მომხდარის გამოსწორებაა.
მისიის შესრულების შემდეგ უკან უნდა დავბრუნებულიყავით ყველანი, რომ მომავალში საკუთარ თავს არ შევხვედროდით და დროის პარადოქსი არ მომხდარიყო. ახლა, პირიქით, ფიქრობენ, რომ ამ ორი, პარალელურად განვითარებადი სამყაროს ხელახალი შერწყმა მხოლოდ ამ გზით მოხერხდება. ყველანი აქ დავრჩებით – ასეთია გადაწყვეტილება. გადამცემებით თქვენ ვეღარ ისარგებლებთ.
რაფაელმა აზაზელი ცალკე გაიხმო:
ვწუხვარ, მაგრამ მამაშენმა შენ ყველაზე მძიმე სასჯელი დაგადო, რომლის აღსრულებაც მე მომიწევს. იცი, რომ ყველაზე მეტად შენი იმედი ჰქონდა. წარმომიდგენია, რამდენად დიდი დარტყმა იყო მისთვის, როცა გაიგო, რომ ჩვენსა და მას შორის კავშირი სწორედ შენ დაბლოკე.
რა სასჯელია ასეთი?
არ არის იმის გარანტია, რომ რომელიმე ჩვენგანი უეჭველად მიაღწევს იმ დრომდე, როცა უნდა დავიბადოთ მომავალში, და საკუთარ თავს შეხვდება, რათა დროის პარადოქსი მოხდეს. ამიტომ, ეს მისია შენ დაგეკისრა. ოღონდ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ათასწლეულების განმავლობაში გადარჩები. ამისათვის კი კავკასიის მთებში, დუდაელის მიწისქვეშა ლაბორატორიაში მომიწევს შენი დამწყვდევა. პარაბიოზის მდგომარეობაში იქნები, დროის მდინარება რომ ვერ აღიქვა და ფსიქიკა არ შეგერყეს.
ათასწლეულების განმავლობაში მიწისქვეშეთში, ნახევრადცოცხალ მდგომარეობაში ყოფნის წარმოდგენისგან აზაზელს დაჰბურძგლა. რაფაელს არაფერი უპასუხა და დარბაზიდან გარეთ გავიდა.
ერმონის მთის სამხრეთ–დასავლეთ კალთაზე ენოქი დაინახა, – ნიჭიერი კაცი, რომელსაც ტიტანები კეთილად ეპყრობოდნენ და ბევრი რამ შეასწავლეს. ხელი დაუქნია, დამელოდეო, და მასთან ჩაირბინა.
რაზე შეწუხებულხარ, კაცთათვის სინათლის მომტანო?–გაუღიმა ენოქმა.
აზაზელმა მომხდარის შესახებ უამბო და სთხოვა:
ენოქ, მეგობარო! იქნებ შეძლო ჩვენი დახმარება? როგორც ჩანს, ელ–ბრუსელებმა ჩვენს შესახებ მხოლოდ აუგი უამბეს. შენ კი იცი, რაოდენი სიკეთე გვაქვს გაკეთებული კაცთა მოდგმისათვის: სემიაზამ აგრონომია შეგასწავლათ, ბარაკალმა, კოკაბელმა და ასტრადელმა – ასტრონომია, არაკიელმა–გეოლოგია, გადრელმა – ორთაბრძოლების ოსტატობა, კასდეიამ–მკურნალობა, პენემუმ – წერა–კითხვა... რომელი ერთი ჩამოვთვალო. ახლა ამას ყველაფერს ცოდვად გვითვლიან, ტიტანების ყველა საქციელზე პასუხისმგებელი კი მე გამხადეს. აზაზელს მოჰკითხეთ ყველა ცოდვაო, – რატომ?! რა დავაშავე იმის გარდა, რომ მეტალურგიაში, ოქრომჭედლობასა და პარფიუმერიაში დაგახელოვნეთ?!
მე რით შემიძლია დაგეხმაროთ, ჩვენო ცისკრის ვარსკვლავო?
ჩვენ აღარ გვისმენენ. იქნებ შენ დაელაპარაკო და შენი მჭევრმეტყველებით გული მოულბო? უკვდავების ელექსირს მე დაგალევინებ, რომ შენთვის უსაფრთხო იყოს კუბურ ქვასთან შეხება.
შეთანხმდნენ, რომ ენოქი ღამით შეიპარებოდა გადამცემთან და ეცდებოდა დროთა მეუფესთან გასაუბრებას, აზაზელი კი პასუხს სენეზერთან მდებარე აბელის მღვიმეში დაელოდებოდა.
აზაზელმა რამდენიმე ტიტანს გაანდო ეს ამბავი და გამთენიისას მათთან ერთად გაემართა მღვიმისაკენ. ყველა საოცრად დათრგუნული იყო, როგორც საკუთარი დანაშაულის შეგრძნებისგან, ისე–განაჩენის სისასტიკისგან. ენოქის მოსვლამდე აზაზელი სიბნელეში ბოლთას სცემდა, სხვები კი კრიჭაშეკრულნი ელოდნენ.
ვერ მოგიტანეთ კარგი ამბავი, ვერაფერი გავაწყე, – დაიწყო ენოქმა შესვლისთანავე, – მიუხედავად მონანიებისა, თქვენი და თქვენი შვილების მიმართ განაჩენი არ შეიცვლება. ასე დამაბარეს: თქვენ უნდა შუამდგომლობდეთ მოკვდავთათვის, ენოქი კი არ უნდა ითხოვდეს თქვენთვის სასჯელის შერბილებას, კაცთა სახელითო...
ამასობაში ელ–ბრუსის სადგურზე იარაღი გადმოაგზავნეს, რომელიც შორ მანძილზეც კი, ლახტივით ტყორცნიდა მომაკვდინებელ ჭურვებს. სარაკაელმა და რემიელად გადანათლულმა კოპალამ პირქუში შეიამხანაგეს და, ამ ლახტების სამიზნეში სროლის გარდა, მომცრო ხელსაწყოს მეშვეობით უსწრაფეს გადაადგილებაშიც გაიწაფნენ: წამიერად შეეძლოთ უმცირესი ნაწილაკების ღრუბლის მსგავს გროვად ქცეულიყვნენ და ასეულობით ნაბიჯს იქით კვლავ აღედგინათ საკუთარი სხეული.
დაუმორჩილებლობა, საყოველთაო დაუმორჩილებლობა! აღარ გადავუხდით ხარკსა და ბეგარას დევებს! –კოპალას მოწოდება სწრაფად მოედო კაცთა სადგომებს.
ტიტანადქცეულ კაცთაგან გამოსარჩლების იმედით, აქამდე თავჩაღუნული და ღირსებააყრილი მამაკაცები, დედაკაცები და მათი ნაშიერები ახლა უშიშრად მიმოდიოდნენ დედამიწის ზურგზე და თავს ამაყად უწოდებდნენ „ადამიანებს.
ტიტანთა შვილების სისხლით მოირწყა დედამიწა, ერთი მეორის მიყოლებით იკავებდნენ ადამიანები მათ სახლებს და იტაცებდნენ ქონებას. დიდი განუკითხაობა სუფევდა, სახელად – რევოლუცია.
ნამსხვრევებად ქცეული პლანეტა ფაეტონის ნაკუწები კოსმოსის მრუმე სივცეში დედამიწისაკენ მოექანებოდა, მაგრამ მიწურებიდან სასახლეებში გადაბარგებული, სიღატაკეში არსებობიდან – ოქრო–ვერცხლის ჯამ–ჭურჭლის მოხმარებაზე გადასული ადამიანებიდან არავინ უგდებდა ყურს ტიტანთა გაფრთხილებას, რომ მაღალი მთებისათვის შეეფარებინათ თავი. მხოლოდ ნოახი, შვილებთან ერთად, ურიელის მითითებით, მუხისა და ურთხელის გამომშრალი ფიცრებით გამალებით აგებდა ხომალდს.
* * *
ახალი ერშალაიმის მიწისქვეშა ბუნკერის უდიდეს დარბაზში, რომელიც მარმარილოს თეთრი და წითელი ფილებით იყო მოპირკეთებული, ბირთვულ კატასტროფას გადარჩენილი კაცობრიობის ნაშთების ინტელექტუალებისაგან შემდგარი დიდი საბჭო იყო შეკრებილი. სპიკერის ფუნქცია ამჯერად ელს ერგო, უკვდავების ელექსირის გამომგონებელს, რომელსაც ამის გამო მთელი კომუნა ზურგს უკან მეგობრების მიერ ნახევრადხუმრობით შერქმეულ „დროთა მეუფესეძახდა. ამ კაცს დაბადებიდან 66 წელი ჰქონდა განვლილი, მაგრამ მისი ცინცხალი მოძრაობებისა და ენამოსწრებულობის შემყურე ამაში ვერც კი დაეჭვდებოდით, რომ არა მისი სპეტაკი სითეთრის, მოკლედ შეკრეჭილი თმა–წვერი.
თუ დროულად არ გადავწყვეტთ „პრომეთესმიერ დაშვებული შეცდომების გამო მოსალოდნელი კატასტროფისაგან დედამიწის გადარჩენის საკითხს, პლანეტა განადგურდება! –ომახიანად დაიწყო სიტყვა მორიგმა გამომსვლელმა.
თქვენ რას გვთავაზობთ, დან?–ჩაეძია ელი.
ამ ბოლო დღეებში, მგონი, ყველას გასაგონად და ძალზე გასაგებად ვამბობ: პარანოიკი ყავისფერებისა და წითლებისაგან დარჩენილი მთელი ეს სარაკეტო არსენალი, „ფაუ–7”–ები და „კატიუშა–3”–ები, კაცობრიობას არაფერში სჭირდება, მაშინ, როცა არის შანსი ფაეტონის ნამსხვრევებს მათი მეშვეობით ორბიტები შევუცვალოთ. მართალია, ეს უშორეს წარსულში, პარალელურ განზომილებაში განვითარებად პლანეტაზე ხდება, მაგრამ ის მაინც დედამიწაა – ჩვენი სახლი! ჩვენ, ახალი ერშალაიმის მცხოვრებლებს, უშუალოდ არაფერი გვემუქრება, მაგრამ რად დავკარგოთ თუნდაც ერთი, თუნდაც მიზერული შანსი, რომ ოდესმე ეს განზომილებები კვლავ შეერწყმება ერთმანეთს და ჩვენს მიერ გადარჩენილი პლანეტა ჩვენი საცხოვრისი შეიძლება გახდეს?! რადიაციით დაბინძურებულ პლანეტაზე ბუნკერებში ცხოვრებას, თუნდაც მარადიულს, ერთხელ სიკვდილი მირჩევნია იმ დედამიწაზე, რომლის ჰაერს ურესპირატოროდ და თავისუფლად შევისუნთქავ!
ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ დანის აზრმა გაიმარჯვა. ახალი მისიის მოხალისეები მრავლად გამოჩნდნენ, მაგრამ ისინი მათი ცოდნისა და უნარების გამოსადეგობის მკაცრი კრიტერიუმებით შეარჩიეს. მეთაურად ყოფნას ელი დასთანხმდა.
ერმონის მთის ძირში მდგომი ენოქი გაოცებით შეჰყურებდა არსაიდან უცებ გამოჩენილ ახალ ტიტანებს, რომლებიც მთის კალთებზე მომწვანო–ტალახისფერ უზარმაზარ ყუთებში მოთავსებულ ხის მორებისმაგვარ დიდი ლითონის ღეროებს ცას უმიზნებდნენ. გაგონილი ჰქონდა, ატლანტიდისა და ელ–ბრუსის ბაზებზეც იგივე ხდებაო.
ჭაღარა კაცი, რომელსაც ყველა ტიტანი უსიტყვოდ ემორჩილებოდა, მთის კალთაზე დაეშვა, ენოქს ხელისგულის მაღლა აწევით მიესალმა, მის სიახლოვეს გაჩერდა და მიმდინარე სამუშაოებს შორიდან ჭვრეტდა. ენოქმა გაბედა და სახელი მოწიწებით ჰკითხა.
იაჰ ვე ელ! (მე ვარ ელ)უპასუხა ჭაღარამ.
ელოჰიმ? (ყოვლისშემძლე)გაიოცა ენოქმა.
ჰმ... ელოჰიმ, ელოჰიმ... – რატომღაც ჩაიცინა ტიტანების უფროსმა და თავისთვის ხმადაბლა ჩაილაპარაკა: - იქ – „დროთა მეუფე, აქ –„ყოვლისშემძლე... ვერა, ვერ ძლებენ ადამიანები ღმერთის გარეშე...
რამდენიმე დღეში ვერხვის ფოთოლივით მთრთოლვარე ენოქმა იხილა, ცეცხლის ფრქვევითა და საზარელი წივილით ლითონის მორები როგორ ზეაიჭრნენ და ცაში გაუჩინარდნენ. ჭაღარა მაინც რაღაცით უკმაყოფილო იყო და ყველა იქ მყოფს ელ–ბრუსზე ევაკუაცია უბრძანა. ენოქიც თან წაიყვანეს, თეფშისმაგვარი, მრგვალი საფრენი აპარატით.
ორმოცდღიანი გადაუღებელი წვიმისა და ქარიშხლის შემდეგ, როგორც იქნა, მზემ გამოანათა და ელ–ბრუსის სასახლის თეთრ კედლებზე დარჩენილი წყლის წვეთები ცისარტყელის შვიდივე ფერად ააკიაფა. ოხშივარადენილ ეზოში კოპალა გახარებული დარბოდა, დახტოდა და პირველყოფილი ადამიანის ყიჟინით ეგებებოდა წარღვნისშემდგომ ეპოქას. ბავშვურად აღტკინებული სულაც აღარ ჰგავდა დევთა წინააღმდეგ აჯანყების მრისხანე მეთაურ რემიელს.
დაღამდა და სიჩუმემ დაისადგურა. კოპალა–რემიელმა დაძინება დააპირა, მაგრამ სარკმლიდან შემოჭრილმა ვერცხლისფერმა სინათლემ ისევ გარეთ გამოიხმო. გარშემო ყველაფერი ნაზი ნათელით იყო მორწყული, თითქოს უცაბედად მოსულმა თოვლმა დაფარა არემარე.
მაღლა აიხედა. ცაზე გამოკიდებულიყო ახალი მნათობი, რომელიც მხოლოდ ღამის გუშაგივით დასცქეროდა და არ ათბობდა დედამიწას.
თთუე...*ჩაიბურდღუნა გაოცებისგან ენადაბმულმა ჭაბუკმა.

---------------------------------
* - მთვარის შესაძლო სახელწოდება წარმართ ქარველებში (ი. ჯავახიშვილი)
11.02.2011-20.07.2011