10 August, 2013

„ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი“?

                                     გაზეთი "ქრონიკა+"#16, 06.08.2013
პროკურატურის მიერ ბაჩანა ახალაიასთვის წაყენებული ბრალდებებიდან ერთ–ერთში გამართლებამ და, მასთან ერთად სამხედროების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში  ბრალდებული შვიდი პირის განთავისუფლებამ, საზოგადოებაში არაერთგვაროვენი რეაქცია გამოიწვია. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ზეიმობდნენ დაცვის მხარის მიერ ბრალდების არგუმენტების გაცამტვერებას, ხოლო კოალიცია „ქართული ოცნების“ ელექტორატმა, რომელიც ახალაიას დემონიზირებულ ფიგურას სააკაშვილის დროინდელი სადამსჯელო სისტემის ერთ–ერთ მთავარ შემოქმედად მიიჩნევს, ეს ფაქტი საკუთარი მოლოდინების მორიგ გაცრუებად აღიქვა და სოციალურ ქსელებში გადმონთხეული აგრესია ყოფილი კუმირებისკენ მიმართა. არა მარტო გენერალურ პროკურორ კბილაშვილისა და მისი მოადგილე ნაცვლიშვილის გადადგომის მოთხოვნები, არამედ საერთო–სახალხო აჯანყებისკენ ემოციური მოწოდებებიც კი გაისმა. ეს უკანასკნელი ამ ეტაპზე არარეალურად ჟღერს და ირონიას იწვევს: მართლაც, ვის უნდა აუჯანყდეს ხალხი, ოპოზიციაში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ პრეზიდენტობის ვადამიწურულ სააკაშვილს? მაგრამ, ეს იდეა შეიძლება ანგარიშგასაწევი გახდეს იმ შემთხვევაში, თუ მმართველმა კოალიციამ სერიოზულად დაკარგა ნდობა მოსახლეობაში, რასაც ის „წარმატებით ახერხებს“. ყოფილ მმართველ პარტიასთან „ქართული ოცნების“ ე.წ. კოჰაბიტაციის პროცესმა გააჩინა მყარი ეჭვი, რომ კოალიციამ დაივიწყა წინასაარჩევნო დაპირებები და, „დასავლეთის ზეწოლით“, კოლაბორაციონიზმის გზა აირჩია. არ არის გამორიცხული, „ქანქარას პრინციპით“, ხალხის სიყვარული და ნდობა ახლანდელი მმართველების მიმართ, მათი არჩევიდან ერთ წელიწადში, სიძულვილსა და უნდობლობაში გადაიზარდოს.  ასეთ ვითარებაში ამბოხისკენ მოწოდებებმა შეიძლება ნაპერწკლის როლი შეასრულოს და სოციალური უსამართლობის გაგრძელებით გამოწვეულმა უკმაყოფილებამ გამოხატვის უფრო სერიოზული და საშიში ფორმები შეიძინოს მთლიანად ხელისუფლების მიმართ, პოზიცია–ოპოზიციანად, რომელთაც უკვე ერთობლივად მოიხსენიებენ კიდეც „ნაც–ქოცებად“.
ამ ფონზე კოალიცია "ქართული ოცნების" რიგები პარლამენტარმა კობა დავითაშვილმა დატოვა და ეს ნაბიჯი ამგვარად განმარტა: „ჩვენ შორის მრავალ საკითხზე დაგროვდა სისტემატური უთანხმოება. უმთავრესი მაინც იყო სამართლიანობის აღდგენა. კოალიციის მიმართ საზოგადოების უმთავრესი მოთხოვნა, სააკაშვილის რეჟიმის მოშორებასთან ერთად, იყო სამართლიანობის აღდგენა. სააკაშვილის რეჟიმი მოვიშორეთ, სამართლიანობის აღდგენა კი მხოლოდ დაჭერები არაა, ამ სამართლიანობაში იგულისხმება უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება, უკანნოდ განთავისუფლებული ადამიანების დაბრუნება სამსახურში და სხვ. ამ მიმართულებით კი ვერავითარ წინსვლას ვერ ვხედავ, პირიქით, საპირისპირო ნაბიჯები დავინახე.
უმრავლესობიდან ერთი წევრის წასვლა კოალიციაში ტრაგედიად არ მიიჩნიეს, იმედი აქვთ, რომ ეს ერთეულ ფაქტად დარჩება და ტენდენციად არ გადაიქცევა. თუმცა, ზოგიერთი მათგანი დავითაშვილს თანაგრძნობითაც ეკიდება. ლევან ბერძენიშვილის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კობა  „ნაციონალებთან" მივა. ის ჩვენგან წავიდა იმიტომ, რომ სათანადოდ ვერ გავეცით პასუხი ნაციონალებს, ამიტომ კიდევ უფრო დაუპირისპირდება მათ. მესმის მისი, არ მოხდა იმ ფაქტის გამოძიება, კინაღამ რომ მოკლეს ნაციონალებმა. იმედი მაქვს, რომ მომავალში ამას მაინც დაესმება წერტილი“.
კოალიციის რიგებიდან წასვლის გარდა, „ხალხის პარტიის“ ლიდერმა პრეზიდენტობისათვის ბრძოლაში ჩაბმის საკუთარ გეგმებიც გაამხილა. „ჯორჯიან თაიმსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში მან არ დამალა, რომ იმ სეგმენტში გაუწევს კონკურენციას ნინო ბურჯანაძეს, რომელთაც „კოჰაბიტაციის მოწინააღმდეგეებს“ უწოდებენ: „რაც შეეხება საპროტესტო ელექტორატს, მათი ნაწილი არჩევნებამდეც არ იყო „ოცნების“ მხარდამჭერი, უბრალოდ, „ნაციონალების“ გაყრაში დაეხმარნენ ივანიშვილს. ამ ელექტორატში არ შევედავები ქალბატონ ნინოს, მაგრამ ამ ათი თვის მანძილზე საპროტესტო ელექტორატი კიდევ უფრო გაიზარდა „ქართული ოცნების“ ყოფილი მხარდამჭერებით, რომლებიც იმედგაცრუებულები არიან „ოცნების“ უნიათო და უხერხემლო ქმედებებით, კოჰაბიტაციის გამო, – გულახდილად უთხრა კობა დავითაშვილმა ჟურნალისტ მაკა დეკანოსიძეს, – და აქ, ვის მეტი შანსი აქვს, კოალიციასთან ერთად მებრძოლ კობა დავითაშვილს თუ ცალკე მდგომ ნინო ბურჯანაძეს, ეს ძალიან საკამათო საკითხია“.
სამართლიანობისათვის, უნდა გავიხსენოთ, რომ ნინო ბურჯანაძის „ცალკე მდგომობის“ მიზეზი ამ ქალბატონის ამბიციურობა სულაც არ იყო, ის და დღევანდელი არასაპარლამენტო ოპოზიციის სხვა პარტიებიც ესწრაფვოდნენ კოალიციაში შესვლას, მაგრამ “სახალხო კრებიდან“ სოსო ჯაჭვლიანისა და ლუკა კურტანიძის გადმოპატიჟების შემდეგ, სხვებს კარი ცხვირწინ მიუხურეს. კოალიციისა და მისი ლიდერის პოზიციას მაშინ იმით ამართლებდა საზოგადოება, რომ „პრორუსულობაში ეჭვმიტანილი“ ბურჯანაძისა და ზოგიერთი სხვა ოპოზიციური ფიგურის მიღება დაადასტურებდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოებულ კამპანიის მითს ჩრდილოელი მეზობლის დავალებით ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის თაობაზე, რითაც „ქართული ოცნება“ დასავლეთის მხარდაჭერას დაკარგავდა, რაც ესოდენ აუცილებელი იყო, სააკაშვილის იმპულსური ხასიათიდან გამომდინარე,  პროცესების მშვიდობიანად განვითარებისათვის. ამ მიზეზით ე.წ. „პრორუსული“ პოლიტიკური ძალები ქუჩაში დარჩნენ და არჩევნების შემდეგ  აქტიური კამპანია გამართეს საზოგადოების იმ ნაწილის მისამხრობად, რომელსაც კონსერვატიული შეხედულებები აქვს.
„ანტი–ნატოს“ დროშებით შეიარაღებული პოლიტიკური ძალების ამ აქტივობის თაობაზე, რის გამოც მათ ზურგს უკან რუსული სპეცსამსახურებისა და ფულის ყოფნის ეჭვი ჩნდება, რამდენიმე თვის წინ ხათუნა ლაგაზიძე აღნიშნავდა: „ბოლო პერიოდში ძალიან საეჭვოდ ხდება საქართველოს საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელი ღირებულებების გათანაბრება დასავლეთის კულტურის ნაწილთან, ანუ იმ ღირებულებების, რომელიც თანამედროვე საქართველოს საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელია და აპრიორი აგრესიას იწვევს. ამ ღირებულებების გაიგივებას ახდენენ დასავლეთთან. 
ანტიდასავლური პროპაგანდისტული კამპანიის ძირითადი მესიჯები, რომელთა გავრცელებაც ხდება საზოგადოებაში, არის ევროატლანტიკური ცივილიზაციის ცხოვრების წესის გაიგივება სექსუალური და რელიგიური უმცირესობების მხარდაჭერასთან და ქრისტიანობის უარყოფასთან, ხდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დათმობის გარეშე NATO–ში საქართველოს შესვლის უპერსპექტივობის მტკიცება და დასავლური ორიენტაციის ამ ნეგატივის გაიგივება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „რესპუბლიკურ პარტიასთან“. ამის ალტერნატივად გვისახავენ ერთმორწმუნე რუსეთის „სიწმინდეს“, სადაც აიკრძალა ლგბტ პროპაგანდა, და ხდება რუსეთთან დამოყვრების მოსურნე ძალების ასოცირება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, რომლის ავტორიტეტის გამოყენებას ამ გზით ცდილობენ მასების თვალში საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად.
მიუხედავად ამ კამპანიის პოსტულატების სიმყიფისა, პრინციპი „რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო დამაჯერებელია გაუთვითცნობიერებელი ხალხისათვის“ ხშირად პროპაგანდისტულ აქციებში ამართლებს და სამართლიანი სოციალური უკმაყოფილების სასურველ კალაპოტში მიმართვის აპრობირებული მეთოდია. როგორც ჩანს, ამ ტენდენციას, როგორც საზოგადოების ცნობიერებაზე ზემოქმედების მოსამზადებელ ეტაპს, ითვალისწინებს მამუკა არეშიძე, როცა გაზეთ „ალიასათვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ „ხვალ–ზეგ ულტრაძლიერი ძალა გამოჩნდება და დღევანდელი პოლიტიკური სურათი უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. დღევანდელი პოლიტიკოსები იმდენს იზამენ, ბოლოს და ბოლოს ამ ძალის გამოჩენას შეუწყობენ ხელს“.
რთული არაა იმის პროგნოზირება, რომ პრორუსულ ძალებს საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის მხოლოდ ერთი შანსი აქვთ: საპრეზიდენტო არჩევნებში მათი კანდიდატის დამარცხების შემდეგ მასობრივი არეულობების გამოწვევა და რევოლუციის მცდელობა, ან ამ ტალღაზე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისათვის დანიშნულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისათვის ბრძოლა. მმართველი კოალიციის მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდის კვალობაზე, ვადამდელი არჩევნების თემა სულ უფრო მძლავრად ხმოვანდება და სასურველ ნიადაგს უმზადებს პროცესების ამ მიმართულებით განვითარებას.
რაც შეეხება „ამბოხის“, „რევოლუციის“ თუ მასობრივი გამოსვლების მაპროვოცირებელ მოვლენას, მისი გამოწვევა,   საზოგადოებრივი ცნობიერების მანიპულირებით სათანადო კონდიციამდე მიყვანის შემდეგ, რთული არაა და მისი როლი შეიძლება შეასრულოს ბაჩანა ახალაიას ან ვანო მერაბიშვილის გამართლება–განთავისუფლებამ სასამართლოს მიერ, რომელიც კვლავ ძველი კადრებითაა დაკომპლექტებული და „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშ რჩება.  რევანშისტული სულისკვეთებით განმსჭვალული ამ პოლიტიკური ძალის გარდა, ქვეყანაში ქაოტური მდგომარეობის შექმნას ხელი შეიძლება შეუწყოს წარსულში გარკვეული გავლენების მქონე ისეთი ფიგურების დაბრუნებამ, როგორებიცაა თენგიზ კიტოვანი, იგორ გიორგაძე, ასლან აბაშიძე, ლევან მამალაძე და სხვები. ამგვარი ძველი თუ ახლადგამოჩეკილი ლიდერების გარშემო უმუშევრად დარჩენილი და უკმაყოფილო, ყოფილი სამხედროების, პოლიციელების, სპორტსმენებისგან შემდგარი ორგანიზებული ძალების ფორმირებაც არ არის გამორიცხული. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძალოვანი სტრუქტურები ძირითადად კვლავ მერაბიშვილის დროინდელი კადრებითაა დაკომპლექტებული, გარე ძალების აქტიური ფინანსური და აგენტურული ჩარევის შემთხვევაში საეჭვოა ჩვენი სტრუქტურების მზაობა, გაუძლონ  ასეთ გამოწვევებს, მით უფრო, რომ სპეცსამსახურებს, ოფიციალურად, აკრძალული აქვთ პარტიების საქმიანობაში ცხვირის ჩაყოფა, როგორც ამას აკეთებდა სააკაშვილის დროინდელი კუდ–ი.
დღეს უკონტროლო პროცესების განვითარების ხელისშემშლელი მთავარი ფაქტორი არის პრემიერ–მინისტრის მაღალი ავტორიტეტი და მის მიმართ საზოგადოების ნდობა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებიდან მოკლე ხანში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, რაც მან არაერთხელ დააანონსა, შეიქმნება ავტორიტეტული ხელისუფლების ის ვაკუუმი, რომლითაც სარგებლობის საშუალება შეიძლება ფსევდოპატრიოტული ლოზუნგებით ქუჩაში გამოსულ, რეალურად კი უცხოეთის სპეცსამსახურების ფარული კონტროლის ქვეშ მყოფ ძალებს მიეცეთ.


 


1 comment:

  1. ევროკავშირის კრიზისის გამო ფინეთი ისევ რუსეთზე ხდება დამოკიდებული
    http://uk.reuters.com/article/2013/08/11/uk-finland-russia-idUKBRE97A03E20130811

    ReplyDelete