23 May, 2015

დიახ, ეს არის КГБ!

საბჭოეთის დროინდელი ანეკდოტი: კაცი ტელეფონ-ავტომატიდან უშიშროების სამსახურში რეკავს და ხალისობს: „Алло, это Ка-Гэ-Бю?” დარეკა ერთხელ, იცინა რეაქციაზე. დარეკა მეორედ. დარეკა მესამედ და უკნიდან მხარზე ხელი დაჰკრეს: „Да, это Ка-Гэ-Бэ. Пройдёмте в отделение!”
30-იანი წლების НКВД-ს ტრადიციების გამგრძელებელმა საბჭოთა უშიშროების სისტემამ  ყველაზე ყველაფერი იცოდა და ტოტალიტარული სისტემის მყარი დასაყრდენი იყო. მის „ფხიზელ თვალს“ არაფერი გამოეპარებოდა და ყველას შიშის ზარს სცემდა.
გასული საუკუნის 60-80-იანი წლებში ქართველებს არ დაჰბადებიათ კითხვა: თუ ყოვლისმცოდნე KГБ-მ ყველაფერი უწყოდა, მაშ, როგორ ხდებოდა, რომ ქართულ სკოლებში მოზარდობიდანვე ინერგებოდა კრიმინალური მენტალიტეტი, რანაირად ჩნდებოდა ყველაზე მეტი „კანონიერი“ ქურდი ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, - განა, კრიმინალისადმი მიდრეკილება მხოლოდ ქართველებს გვქონდა?
არავინ უფიქრდებოდა, როგორ დაუსჯელად იპარავდა ჩვენში, მეტ-ნაკლებად, ყველა: მუშაც და ქარხნის დირექტორიც, კოლმეურნეც და მეურნეობის თავმჯდომარეც, გამყიდველიც და ღვინის მწარმოებელიც... ამ ნაპარავით ყიდულობდა პრესტიჟულ ГАЗ-24-ებს თუ არა, Жигули-ს ან Москвич-ს მაინც, იშენებდა დიდ სახლებს, როცა საბჭოეთის სხვა რესპუბლიკებში და, მათ შორის, რუსეთში ხალხი მორებისგან изба-ს ძლივს იშენებდა და ტრამვაი-ტროლეიბუსით მგზავრობდა, შრომით კი მეტს თუ არა, ნაკლებს არ შრომობდა - კანონები და ბუღალტერია მთელ ქვეყანაში ხომ ერთნაირი იყო?
რატომ მიაღწია კორუფციამ, „მიწერებმა“ და მაქინაციებმა საბჭოთა საქართველოსა და ზოგიერთ სხვა რესპუბლიკაში არნახულ მასშტაბებს? უმაღლეს სასწავლებელში საკუთარი ცოდნით ჩასაბარებლად (ან, იქაც ქრთამით, ოღონდ გაცილებით მცირე ოდენობის) „რუსეთში“ უწევდათ ახალგაზრდებს წასვლა?
ნუთუ, არ იცოდნენ ეს ლუბიანკაზე? ცხადია, იცოდნენ და კრემლიც ბევრ რამეზე ხუჭავდა თვალს, რასაც იმდროინდელი ქართველები აქედან ჩატანილი კონიაკებითა და ყვავილებით რუსი ჩინოვნიკებისა და მათი მდივანი ქალების გაბრუებით ხსნიდნენ. სამწუხაროდ, „რუსი ვანია“ კი არ იყო „დურაკი“, ჩვენ ვიყავით ახლომხედველნი.
ეს იყო ქართველი ერის გარყვნა-გათახსირებისაკენ  მიზანმიმართული იმპერიული პოლიტიკა, რომ ჩვენ ვერასოდეს შეგვძლებოდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა.
არცთუ შორეული წარსულიდან დავიწყოთ, რომელიც ჩვენმა ცოცხალმა მეხსიერებამ შემოინახა. 1956 წლის 9 მარტს რუსთაველზე სასტიკად დახვრიტეს სტუდენტობა, რომელმაც „სტალინის კულტის“ წინააღმდეგ ხრუშჩოვის გამოსვლა ერის დამცირებად მიიჩნია, - იმდენჯერ გაუსვა საბჭოთა კავშირის მაშინდელმა ხელმძღვანელმა თავის მოხსენებაში ხაზი სტალინის ქართულ წარმომავლობას. არადა, ჯუღაშვილს პასპორტში, ეროვნების გრაფაში "Русский" ეწერა, მაგრამ ბელადის ეროვნულ თვითშეგნებაზე აქ არ არის საუბარი.
იმპერიამ იგრძნო, რომ მიუხედავად 20-30-იან წლებში ქართული ინტელიგენციის მასობრივი დახვრეტა-განადგურებისა, ეროვნული თვითმყოფადობის იდეის ჩაკვლა ბოლომდე არ მოხერხდა და მას სპონტანურად კვლავ შეეძლო ეფეთქა. ამიტომ სასწრაფოდ დაშალა ქართული სამხედრო შენაერთები და დაიწყო ზრუნვა იმაზე, რომ ქართველებს ოფიცრობა აღარ გვყოლოდა. რომელი სპეციალობა იყო ყველაზე პრესტიჟული იმ წლებში? ნებისმიერი, ვისაც ის დრო ახსოვს, გიპასუხებთ: „სამედიცინო და იურიდიული“. მაგრამ ექიმი და იურისტი ვერ დაგეგმავენ ომში ვერც შეტევას და ვერც თავდაცვით სტრატეგიას,  ქართველები კი არათუ ოფიცრობას ვსწავლობდით, სავალდებულო სამხედრო სამსახურშიც კი ვცდილობდით, გვემსახურა სასადილოში „პოვრებად“, საწყობებში „კაპწიორშიკებად“, ან, სულაც, სამშენებლო ნაწილში - „სტროიბატში“ მოვხვედრილიყავით, - სამხედრო სპეციალობის მცოდნე 90-იანი წლების დასაწყისისთვის ერთეული ოფიცრები თუ გვყავდა, ჩვენი ჯარისკაცები კი Пушечное мясо-დ ვარგოდნენ. ამიტომაც არაა გასაკვირი აფხაზეთში კონფლიქტის დროს  სამხედრო სარდლობის უვიცობა, უდისციპლინობა, მაროდიორობა და უზარმაზარი მსხვერპლი ჩვენს ახალგაზრდებში, რომლის თავიდან აცილება (და, ალბათ მარცხისაც) შეიძლებოდა, საკმარისი საკადრო რესურსი რომ ჰყოლოდა ჩვენს ჯარს.
60-70-იან წლებში კრემლი თვალებს ხუჭავდა ეკონომიკურ დანაშაულზე, ოღონდ ქართველს დავიწყებოდა შრომა და ხალხი გათათქარიძებულიყო. ყველაზე მეტი უმაღლესგანათლებული ხომ საქართველოში გვყავდა? ცხადია, „დიპლომიანი“ აღარ იკადრებდა მძიმე შრომას, მას კაბინეტში თბილად მოყუჩება და მუქთა ფული სწყუროდა, რომ „მოსკოველ ნაშებში 37 მანეთად გადაფრენილიყო და ეგრიალა“. უშრომელად ფულის შოვნა და თავადური ცხოვრება - აი რა იყო მაშინდელი ქართველისთვის იდეალი, და რა გზას დაადგებოდა: კრიმინალობის, რაიკომის მდივნობის თუ „ცეხავიკობის“, - ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, - ხალხში ავტორიტეტით მხოლოდ „მაყუთის მშოვნელი“ სარგებლობდა. 
როცა აღარ იყო „მეწველი ძროხა“, ანუ საკავშირო ბიუჯეტი, რა ქნა მუქთა ძუძუს გარეშე დარჩენილმა, გამუქთახორებულმა თაობამ? ცხადია, გააგრძელა ის, რაც იცოდა: საწარმოები გაძარცვა და აგურ-აგურ დაშალა მეზობელ ქვეყნებში გასაყიდად, ქურდობდა და აყაჩაღებდა საკუთარ ქვეყანას.
გასაძარცვი და მოსაპარი რომ აღარაფერი დარჩა, დაჯდა უშუქობაში და უმუშევრობაში, შრომა „ეპაზორებოდა“, კაპიტალიზმის დროს კი ოფლისღვრის გარეშე ფულს არავინ გადაუხდიდა. ევროპა-ამერიკაში წასვლა და იქ დავრდომილთა მოვლით სიმწრით ნაშოვნი ფულით ოჯახების გამოკვება სანატრელი გაუხდათ ქართველ ქალებს. მათმა ქმრებმა კი ლოთობას და ნარკომანობას მიჰყვეს ხელი, ცხოვრების ბედუკუღმართობაზე ბოღმის ჩასახშობად.
ადრე ლოთობა რუსებზე დაცინვის საგანი იყო, ნარკომანობას კი, რატომღაც, ელიტარული რომანტიკა დაჰკრავდა. როდის  მოიკიდა ინტენსიურად ამ სენმა ფეხი ჩვენს ქალაქებში? გაიხსენეთ: ქართული ენის კონსტიტუციურობის დასაცავად 1978 წელს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორების გამოსვლების შემდეგ. 14 აპრილი გახდა იმის ბიძგი, რომ საბჭოთა უშიშროების მფარველობის ქვეშ მყოფ „წამლის ბარიგებს“ სამიზნედ ქართული ინტელიგენცია, მისი ახალგაზრდა თაობა ამოეღოთ, - რომ ერს აღარ ჰყოლოდა ის ფენა, რომელიც საღად იაზროვნებდა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას შეძლებდა. ჩვენი ინტელექტუალურ-კულტურული ელიტა გარყვნილებაში უნდა გაბანგულიყო...
ლოგიკურია, რომ გაქურდებულ-გაყაჩაღებული, გამუქთახორებული და ტვინგაბანგული ერის მართვა ადვილი აღმოჩნდა რუსული სპეცსამსახურებისათვის. მისი აგენტურის პროცენტული რაოდენობა სხვა საბჭოთა რესპუბლიკებშიც ანალოგიური იყო, მაგრამ თბილისში მოხერხდა სამოქალაქო ომის მოწყობა და ქალაქის ცენტრის გადაწვა, ეთნიკურ სისხლისღვრებზე „ეროვნულად გულანთებულთა“ პროვოცირება და ეშერის სამხედრო ბაზის დანარჩუნება...
ამან ეროვნული ნიჰილიზმის ნიადაგი შექმნა: „ჩვენ, ქართველები, ცუდები ვართ“. საკუთარ შესაძლებლობებში რწმენის გარეშე კი ყოფილი მონა ისევ პატრონის ძებნას იწყებს. იმავდროულად - საკუთარი ისტორიული წარსულით უზომო ტრაბახი და ყანწების სმით სამშობლოს სიყვარულში გაჯიბრება შორიდან მართლაც უჭკუო და მატრაბაზული საქციელია, ამიტომაც არ უნდა გვიკვირდეს მოსკოვში ჩვენზე არსებული სტერეოტიპები.
ყველაფერი ეს იმიტომ კი არ გავიხსენე, რომ „რაც კარგები ვართ - ქართველები ვართ“ და ყველა ჩვენი უბედურება იმპერიის ხრიკებს გადავაბრალო. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ისეთივე ადამიანები ვართ, როგორც სხვები: არც უკეთესები, არც უარესები.
დღეს ვინც მისტირის იმ დროს, როცა მუქთად და უშრომელად შეიძლებოდა ფულის შოვნა და ცხოვრება, წარსულის დაბრუნების ილუზიებშია ჩარჩენილი. ზოგ აქტივისტზე კი, რომელიც მოგვიწოდებს იმპერიის კალთის ქვეშ დაბრუნებისაკენ, პირდაპირ შეიძლება ითქვას: დიახ, ეს არის КГБ!

მხოლოდ რეალისტურად მოაზროვნე, თავისუფალი ადამიანები შეძლებენ ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნას.