11 December, 2013

ბელიკოვის ვირუსი პარლამენტში, ანუ ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

«И мысль свою Беликов также старался запрятать в футляр. Для него были ясны только циркуляры и газетные статьи, в которых запрещалось что-нибудь... В разрешении же и позволении скрывался для него всегда элемент сомнительный, что-то недосказанное и смутное. Когда в городе разрешали драматический кружок, или читальню, или чайную, то он покачивал головой и говорил тихо:
             — Оно, конечно, так-то так, всё это прекрасно, да как бы чего не вышло.»                                       
ბატონო ბიძინა!
ჩემი კოლეგის, ექიმისა და მწერლის, ანტონ ჩეხოვის მოთხრობა „ადამიანი ფუტლიარში“ სასკოლო რუსულის პროგრამიდან თქვენც გეხსომებათ. ეს ციტატა საქართველოს პარლამენტში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებს რომ დავესწარი, მაშინ ამომიტივტივდა მეხსიერებიდან. ამდენ ბელიკოვს, ერთად თავშეყრილს თუ ვნახავდი, და თანაც - საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც ხალხს გვიწყვეტს, თუ როგორ ვიცხოვროთ, - ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი არ მომელანდებოდა.
 „სოფლებში არჩევნების ჩატარება თავის ტკივილიაო“, - ბრძანა მსახიობმა დეპუტატმა და, სასწრაფოდ, კანონპროექტიდან ის თავები ამოიღეს, რომელიც დასახლებებში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნას, თბილისში კი - საუბნო საბჭოების არჩევას ითვალისწინებდა: ამაზე უნდა დავფიქრდეთ, დიდხანს ვიმსჯელოთ და მერე ვნახოთო, - იმ დეპუტატმა, რომელმაც ამ გაზაფხულზე არჩეული სოფლის თვითმმართველობებით  გამგებელ-მერების დაკრულზე მოცეკვავე ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულების ჩანაცვლების კანონპროექტი ჯერ დიდი ენთუზიაზმით შეიტანა,  შემდეგ კი თავადვე უკან გაიტანა. სხვა დროს ხალხის უფლებების დამცველად თავის გამსაღებელი, პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიციის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა სწორედ საზოგადოების მონაწილეობის ამ ფორმების კანონპროექტიდან ამოღება გამხდარა, თურმე, უმრავლესობისთვის საფუძველი, „პოლიტიკური გადაწყვეტილებით“ საერთოდ ამოეღოთ ეს ნაწილი კანონპროექტიდან. როცა პოლიტიკოსებს პარლამენტში ვირჩევთ, მაშინ „ხალხი ბრძენია“, მაგრამ სკამებზე ოთხი წლის ვადით მოჯდომის შემდეგ ხალხს რომ საკუთარი საყოფაცხოვრებო გარემოს კეთილმოწყობის საკითხებზე მსჯელობის უფლება მისცენ, ეს საფრთხილო თემა ყოფილა: „ვაითუ რამე მოხდეს?“
 „რა საჭიროა ეს ორი სათაური?“ - იხუმრა ერთმა დეპუტატმა „სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორების“ ტიტულატურაზე, მეორემ ეს „ნამესტნიკები“ გრენლანდიის პეიზაჟს შეადარა, თუმცა, საკომიტეტო მოსმენებზე არსებული სიტუაცია ამ საპარლამენტო ასოციაციების გარეშეც ჰგავდა კინოფილმს „ცისფერი მთები“. მთავრობის მიერ 30 ოქტომბერს მოწონებული კანონპროექტი მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრთაგან რეგიონული საბჭოს შექმნას ითვალისწინებდა, რომელსაც გუბერნატორისთვის ზედამხედველობა უნდა გაეწია, მაგრამ ე.წ. „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ მოთხოვნით, რომელსაც ბოლო არჩევნებზე ხალხმა საერთოდ არ დაუჭირა მხარი, საპარლამენტო უმრავლესობამ კოდექსის ეს იდეაც განხილვის დაწყებისთანავე დაიწუნა: „ვაითუ, რამე მოხდეს?“ ქვეტექსტი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სეპარატიზმის გაჩენის ნაკურთხი ფობია იყო. „ენის, მამულისა და სარწმუნოების“ ბაირაღის ქვეშ დარაზმული დეპუტატები ისე მედგრად იბრძვიან „კოდექსიდან“ ურჩხულის მეშვიდე თავის ამოსაკვეთად, რომ წმინდა ილია მართლის ნააზრევი თვითმმართველობის თაობაზე მათთვის არგუმენტად არ გამოდგება. განმარტებისთვის: „კოდექსით“ გათვალისწინებული დაკომპლექტების წესით, ქვემო ქართლის 48-50 წევრიან საბჭოში, მაქსიმუმ, 20-23 აზერბაიჯანელი შეეყვანათ იმავე პარტიებს, რომლებიც ზამთრის მოახლოვებისას შიშებმა მოიცვა, ხოლო 38-40 კაციან სამცხე-ჯავახეთის საბჭოში კი 10-12 სომეხი ეროვნების დეპუტატი აღმოჩენილიყო, მაგრამ ამის დამთვლელი არც პარლამენტში, და არც მის გარეთ, არავინ აღმოჩნდა, - რაციონალური არგუმენტები სიახლის მოშიშარ ბელიკოვებზე არ მოქმედებს, ირაციონალური მოწოდებები კი ისეთი სიძლიერისაა, რომ მათში დაეჭვებაც კი მკრეხელობად მიაჩნიათ.
დემოკრატია, ცხადია, კარგია და საჭიროა, მაგრამ არ უნდა იყოს იმდენად ზედმეტი, რომ ხელს უშლიდეს მართვას“, - ქალბატონ დეპუტატს ხალხის მმართველობა ხელის სასწორით ასაწონი პროდუქტი ალბათ არ ჰგონია, რომელმაც შეიძლება სადილი გადაუმლაშოს, მაგრამ, „ვაითუ რამე მოხდეს?“ ბელიკოვის ვირუსის ეპიდემია მძლავრობს პარლამენტში და მას მხოლოდ თქვენ თუ უწამლებთ, ბატონო ბიძინა.
ერთი სეთურის მოშორების გამო თქვენდამი უღრმესი მადლიერების გრძნობით განმსჭვალული საზოგადოების იმედად, რომელსაც პროგრესი სწყურია, კვლავ სამოქალაქო სექტორში თქვენი დანაპირები გადასვლაღა რჩება.   რეფორმის იდეებზე მომუშავე საზოგადოებრივ საბჭოსთან შეხვედრაზე თქვენ მხარი დაგვიჭირეთ და გვითხარით, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობა ხალხის გააქტიურების  ქმედითი ინსტრუმენტი შეიძლება გახდეს“, მაგრამ თქვენი ხელმოწერით პარლამენტში შესულ კანონპროექტს მალე ისე გამოშიგნავენ ის დეპუტატები, ვინც თავი დაირწმუნა, რომ მათი ღირსებების გამო გახდნენ ხალხის რჩეულები გასული წლის 1 ოქტომბერს, და არა - თქვენი ავტორიტეტის ლოკომოტივობით, ამ ინსტრუმენტისგან უხარისხო პლასტმასის ბუტაფორია შეგვრჩება ხელთ - ის, რაც აქამდე იყო და არ მოგვწონდა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამიდან ამონარიდი რომ შევახსენე და დანაპირების შესრულებაზე ხელაღება ვუსაყვედურე, არ ესიამოვნათ,  - ვაჭვობ, პარლამენტს ჯადო აქვს და იქ მყოფთა ქვეცნობიერში მალულად ჯდება ძალაუფლებით ამპარტავნების ვირუსი: „შიში თუ არა აქვს ადამიანს, შიში - დაიღუპება უეჭველად. მაგრამ მარტო შიშიც არ კმარა, სხვაცაა საჭირო კიდევ. ერთი რომ, კაცი ჩონგურის სიმივით უნდა იყოს დაჭიმული სულ. თავის ნებაზე თუ მიუშვი მოხავდება და დაძაბუნდება. დაძაბუნებული კაცი ვერც თავს წაადგება და ვერც ქვეყანას... რავარც მოაკლებ საზრუნავს და რავარც მოხავების და მოდუნების საშუალებას მისცემ, უმოკლდება წუთისოფელი“.
ამ ვირუსისადმი იმუნიტეტი, ჩემი მწირი თვალსაწიერიდან, მხოლოდ თქვენ აღმოგაჩნდათ, ამიტომ მოგმართავთ თხოვნით: შეუძახეთ ფუტლარში შემალულ პარლამენტარებს, თორემ ერთადერთ დემოკრატიულ ნორმას, რაც ჯერ კიდევ შერჩა კანონონპროექტს - მერებისა და გამგებლების პირდაპირ არჩევას - „ვაითუ, რამე მოხდეს“ პრინციპით, არ დააკანონებენ.

დიდი პატივისცემით,
მამუკა აბულაძე,

 ექიმი და პუბლიცისტი 
(ჩეხოვის წაბაძვით)