21 February, 2013

დაასრულებს თუ არა ივანიშვილი „ბელადების დროს“


ქართველი ხალხის ცოცხალ მეხსიერებაში საბჭოეთის პერიოდმა ღრმად ჩაბეჭდა ბელადის ხატება, რომელიც მასსისთვის არ არის მტერთან საბრძოლველად ან საკუთარი ცხოვრების უკეთესად თვითორგანიზებისათვის არჩეული წინამძღოლი, არამედ  „მამაა“, რომელსაც ერი საკუთარ ყოფასა და მომავალზე მთელ პასუხისმგებლობას აკისრებს, თავად კი კაპრიზებიანი ბავშვის პოზას იკავებს. ამ არქეტიპის შესაბამისად, პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოს სამივე პრეზიდენტს მოუწია „ბელადობა“, რაც განაპირობებდა მმართველობის სტილის შესატყვის ფორმებსაც: ხელისუფლების ცენტრალიზაციას და ერთი პირის ხელში კონცენტრაციას, გადაწყვეტილებების მიღებას მხოლოდ მმართველი ელიტების ინტერესების გათვალისწინებით, „სამეფო კარის“ ინტრიგებსა და ნეპოტიზმს...
როგორც ჩანს, ზოგიერთმა მოაზროვნემ, ხელისუფლებათა ცვლის მიუხედავად, ქვეყნის ერთსადაიმავე წრეზე სიარულის მიზეზად კონსტიტუციური წყობის არასრულყოფილება და პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩვენი ხასიათისთვის „შეუფერებლობა“ მიიჩნია, ამიტომაც დღეს არსებული პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის შემოღებაში ხედავს გამოსავალს. თუმცა, მათ ავიწყდებათ, რომ ნებისმიერი სისტემა თავისთავად არ შეიძლება იყოს „ცუდი“ ან „კარგი“, ისევე, როგორც ჩაქუჩი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც შრომის, ასევე მკვლელობის იარაღად. საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციით აღიარება თავისთავად ვერ იქნება პანაცეა, რამდენადაც მის პირობებშიც თავისუფლად არის შესაძლებელი ფასადური დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული ავტოკრატიის შექმნა, თუ საამისო განწყობები და პირობები არსებობს.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ხალხმა დიდი იმედებითა და ხმათა უდიდესი უმრავლესობით თავის ბელადად სამჯერ აირჩია სხვადასხვა ასაკისა და ყაიდის სამი ადამიანი, მაგრამ არჩევიდან მცირე ხანში სამივეს მიმართ ჯერ დრტვინვა, შემდეგ კი გინება დაიწყო და დღეს უკვე მესამე პრეზიდენტს იგივე ხალხი აცილებს ერთიდაიგივე „გა–და–დე–ქი!“ და „დიქ–ტა–ტო–რო!“ შეძახილებით. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებიდან მათი გაძევების ფორმები სხვადასხვა იყო: 1991–1992 წ. – სამხედრო გადატრიალება, 2003 წ. – ხავერდოვანი „ვარდების რევოლუცია“, ხოლო 2012 წ. „ხალხის საარჩევნო შეთქმულება“, სამივე შემთხვევაში პროცესების არსი პრაქტიკულად ერთნაირია: ქართულ პოლიტიკურ სცნაზე სამჯერვე, განსხვავებული ვარიაციებით, გათამაშდა თაურმამის წინააღმდეგ შვილების შეთქმულებისა და ბელადის სიმბოლური მკვლელობის ფროიდისეული სცენარი.
თუ დავუშვებთ, რომ ხალხს გააჩნია კოლექტიური ფსიქოლოგიური ფენომენი, მისი ამ ე.წ. „ეროვნული ხასიათის“ განვითარებასა და ადამიანის ინდივიდუალურ განვითარებას შორის შესაძლებელია პარალელები, მაშინ ადვილად დავინახავთ ანალოგიას იმ ასაკთან, როცა ბავშვი მშობლის მიმართ ამბივალენტურ დამოკიდებულებას ავლენს. ჩვენი ხალხი სწორედ ამგვარი გაორებული დამოკიდებულებითაა საკუთარი „ბელადების“ მიმართ: თავიდან მხსნელად მიიჩნევს, შემდეგ ნაწილი მასზე აფანატებს, ნაწილს – სძულს, ბოლოს კი აგრესია სძლევს სიყვარულს. აშკარაა, რომ მასსის ფსიქიკამ სამივე შემთხვევაში ვერ დასძლია „ოიდიპოსის კომპლექსი“ და განვითარების ამ ინფანტილურ ფაზაში „გაიჭედა“, რაც არ გამორიცხავს საზოგადოების იმ ინტელექტუალური ნაწილის სრულ მომწიფებულობას, რომელსაც პოლიტიკურ პროცესებზე და მასების ცნობიერებაზე რეალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობა არ გააჩნია.
„ვარდოსნების“ იდეოლოგები ამ ჯიუტი ბავშვის როზგებით აღზრდას შეეცადნენ. პოლიციური სახელმწიფო, ეკონომიკაში ულტრალიბერალიზმი და ქვეყნის მართვაში მერიტოკრატიის დამკვიდრების გაცხადებული მცდელობა, „ზემოდან“ ქცევის წესების ძალადობრივი დამკვიდრებით, ანგრევდა ხალხის კოლექტიურ გონს, სტალინის ძეგლების აღებით ებრძოდნენ „ბელადიზმის“ გარეგნულ გამოვლინებებს, მაგრამ რეალობაში გატკეპნილ გზას დიდად ვერ გასცდნენ და საკუთარ მოღვაწეობას კრახით ასრულებენ, როცა მათი რევოლუციური ლიდერი თავად გადაიქცა მასსისგან აწ უკვე უარყოფილ ბელადად. ახალი პრემიერ–მინისტრიც საუბრობს „საზოგადოების აღზრდის აუცილებლობაზე“, რაც  თავის თავში მსგავსი მეთოდებით „ბნელი მასსის“ მზრუნველი, მაგრამ მკაცრი მამის ხელით განათლების ცდუნებასაც მოიცავს, მიუხედავად იმისა, რომ ხალხმრავალი შეკრებებისას ყოველთვის ცდილობს „ბი–ძი–ნა, ბი–ძი–ნა!“–ს შეძახილების კორექტულ ტრანსფორმაციას „სა–ქარ–თვე–ლო!“–დ.
წარსულთან შედარებით, დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში ქვეყნის შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე გარეგანი ფაქტორები გაცილებით დიდ გავლენას ახდენს. წინამორბედებისგან განსხვავებით, რომლებსაც ბიპოლარული მსოფლიოს ნგრევისა და აშშ მსოფლიო ჰეგემონობის პირობებში უწევდათ მოღვაწეობა, როცა ქვეყანას შავ აჩრდილად თავს ადგა ჩრდილოელი მტრის ხატება, ივანიშვილი განსხვავებულ სიტუაციაში იწყებს მოღვაწეობას. ომისა და ძლიერი მტრის პირობებში თვითგადარჩენის ინსტინქტი ხალხში არა მარტო სულიერი და მატერიალური რეზერვების მობილიზაციას, არამედ „ძლიერი ხელის“ მქონე ბელადის მოთხოვნის გაჩენა–გაძლიერებასაც უწყობს ხელს. წინამორბედი ნეოკონსერვატორებისაგან განსხვავებით,  აშშ ხელისუფლებაში ამჟამად მყოფი დემოკრატები, ბარაკ ობამას მეთაურობით, მულტიცენტრული მსოფლიოს იდეას იზიარებენ, რაც საქართველოს შანსს აძლევს, გამოძვრეს ჩვენს რეგიონში აშშ–რუსეთის დაპირისპირების „წინა ხაზზე“ მყოფი ქვეყნის როლიდან, რომლის დროსაც ორ დიდ მოთამაშეს შორის ერთ–ერთიპატრონად“ უნდა გვეღიარებინა, მეორე კი „საერთო მტრად“ შეგვერაცხა.
ცხინვალის რეგიონში 2008 წლის სამხედრო კონფლიქტმა მსოფლიოს დაანახა კავკასიაში ამგვარი დაპირისპირების გლობალურ პრობლემად გადაქცევის საფრთხე, როცა მცირე ქვეყნის „ცხელთავიანი“ ხელმძღვანელის ერთ გაუაზრებელ ქმედებას შესაძლოა მთელი ცივილიზაციისათვის დამღუპველი შედეგები მოეტანა. პოლიტიკოსები იძულებული გახდნენ დაფიქრებულიყვნენ ნატო–ს „ასპირანტი ქვეყნის“ რუსეთის ასეთ სიახლოვეში ყოფნის მიზანშეწონილობაზე – კავკასია ბალტიისპირეთი არ არის, სადაც ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის პოლიტელიტების ცივგონებიანობიდან გამომდინარე, ორი სამხედრო მონსტრის (ვიდრე ერთმანეთს შეეწყმიან) მეზობლობა შესაძლებელია. მეომარ მხარეთა დაშოშმინება ევროპას მოუწია, რომლის თავმჯდომარეობის რიგი მაშინ საფრანგეთს ეკუთვნოდა. პრეზიდენტი სარკოზის მაშინდელმა შუამავლობამ გაზარდა მისი ქვეყნის საგარეო–პოლიტიკური მნიშვნელობა კავკასიის რეგიონისთვის, პოლიტიკური ასპარეზიდან წასვლამდე მცირე ხნით ადრე ის ჩვენს დედაქალაქებსაც ესტუმრა და მომავლის ხედვის მნიშვნელოვანი მესიჯებიც ანდერძივით დაგვიტოვა, რომელთა შორის უპირველესი რუსეთთან მტრობის დაძლევისა და მშვიდობიან თანაარსებობა–თანამშრომლობაზე გადასვლის აუცილებლობაა. ამ ამოცანის დაძლევა იტვირთა მისი სტუმრობის დღეს  პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენილმა მილიარდერმა, რომელიც ასევე საფრანგეთის მოქალაქეა და, იმავდროულად, საქართველოს პრემიერ–მინისტრიც არჩევნების გზით გახდა.
„შეთქმულების თეორიის“ მოყვარულთა სმენისათვის საამო  შეიძლება აღმოჩნდეს ვარაუდის გამოთქმა, რომ კავკასიის რეგიონში დაპირისპირებულ მხარეთა დაშორიშორების აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა ერთგვარ „ბუფერულ ზონად“ უნდა გადაიქცეს, რომლის პროტექტორატიც ევროპამ იკისრა, მისი  ერთ–ერთი ლიდერის – საფრანგეთის მეშვეობით, რომელსაც საქართველოსთან დამაკავშირებელი ღრმა ისტორიულ–კულტურული ფესვები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი მეტწილად „პრორუსულობა–პროამერიკელობის“ ნიშნითაა ძველებურად  პოლარიზებული და გამოკვეთილი ძლიერი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალა მას აქ არ ჰყავს, არსებობს ქვეყნის ევროპულ არჩევანზე საერთო–სახალხო კონსენსუსი, რაც  ისეთი პროევროპული პოლიტიკური პარტის გაძლიერებისათვის მყარ ელექტორალურ საფუძველს ქმნის, როგორიც არის, მაგალითად, „სოციალ–დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“, რომელსაც საფრანგეთისა და მრავალი სხვა ევროპული ქვეყნის ამჟამინდელ მთავრობებთან იდეოლოგიური სიახლოვე და ერთ მსოფლიო გაერთიანებაში – სოციალისტურ ინტერნაციონალში ერთად ყოფნაც აკავშირებს
ევროპელთა შორის ფრანგები გამოირჩევიან როგორც ამერიკასთან პარტნიორობით, ასევე რუსეთთან ტრადიციული პოლიტიკური მეგობრობითაც, შესაბამისად, მათ უნდა დააბალანსონ ორივე ზესახელმწიფოს როგორც სამხედრო–პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ინტერესები კავკასიის რეგიონში, რაც თავად ევროპისთვისაც ძალზე მომგებიანია, რამდენადაც აქ უკვე გადის ენერგომატარებელთა და სატრანსპორტო ნაკადების დივერსიფიკაციისათვის მათთვის აუცილებელი სატრანზიტო გზები. თუ ახალი ხელისუფლება საგარეო–პოლიტიკურ კურსს ევროპასთან და, განსაკუთრებით, საფრანგეთთან მეგობრობაზე აიღებს, ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციის შემდეგ, საქართველოს, როგორც რეგიონალური მოთამაშის როლი გაიზრდება, რაც შეზღუდავს კავკასიაში როგორც რუსეთის, ასევე ნატო–ს წევრი თურქეთის ჰეგემონობის მადას. გარეგანი დაკვირვებით, ასეც არის: ივანიშვილმა პირველი უცხოური ვიზიტი ბრიუსელში განახორციელა, შემდეგ კი მეზობლებს – ბაქოს, ერევანსა და ანკარას ესტუმრა, რაც მის საგარეო–პოლიტიკურ პრიორიტეტებზე სიმბოლურად მიანიშნებს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროგაერთიანებას, რომლის ასოცირებულ წევრად მალე ოფიციალურად მიგვიღებენ, დემოკრატიის მკაცრი კრიტერიუმები აქვს დაწესებული თავისი მეგობრებისათვის დემოკრატიის განვითარების კუთხით, მას შეუძლია ფსევდოდემოკრატიულ რეჟიმებზე თვალის დახუჭვა, თუ ასეთს თავად ხალხი ჰგუობს. მაგალითისთვის იგივე ტუნისი გამოდგება, რომლის „განათლებულ და პროგრესულ პრეზიდენტთან“ ფრანგები კარგა ხანს მეგობრობდნენ, სანამ მოსახლეობას მოთმინების ფიალა არ აევსო, რამაც „არაბული გაზაფხულის“ რევოლუციების ტალღას დაუდო სათავე. ასე რომ, ივანიშვილის პოლიტიკური ბედი უკვე არა იმდენად საგარეო ფაქტორებზეა დამოკიდებული, რამდენადაც თავად მასზე და ქართულ საზოგადოებაზე.
რამ უნდა გამოიყვანოს ჩვენი ხალხი „ბელადომანიის“ მდგომარეობიდან, როგორ უნდა განვითარდეს ის „მამა–მარჩენალის“ ყოლის მოთხოვნილების მქონე ჭირვეული ბავშვიდან საკუთარ მომავალზე პასუხისმგებლობის აღებისუნარიან ზრდასრულ საზოგადოებად? ბევრს წუწუნებენ ჩვენში პოლიტიკური კულტურის არქონაზე, მაგრამ რა გზით უნდა გაჩნდეს ელექტორატში უნარები, რომ პარტიებს არა ლიდერების მიმართ სიმპათია–ანტიპათიების მიხედვით მისცეს ხმა, არამედ მათი პროგრამების გაცნობის შემდეგ – ამის მზა რეცეპტი არავის აქვს. არადა, ამის გარეშე, ქვეყნის ნებისმიერი ხელმძღვანელი, მიუხედავად მისი პიროვნული თვისებებისა, მორიგ ბელადად გადაქცევის რისკის ქვეშ იმყოფება.
რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში მოსულმა ძალამ თუ არ ინება ჭეშმარიტი დემოკრატიული პროცესისათვის ხელშეწყობა და არ შექმნა სივრცე სხვა პოლიტიკური ძალების განვითარება–გაძლიერებისათვის, თავად ჩაიგდო ხელში მართვის ყველა ბერკეტი და ისინი მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ჰეგემონობის შექმნა–გახანგრძლივებისათვის გამოიყენა, გარდაუვალია ქვეყნის კვლავ ავტორიტარიზმის გზაზე დადგომა, რაც არ უნდა დემოკრატიული რიტორიკისა და შეხედულებების მქონე პოლიტიკოსები იყვნენ ხელისუფლების მწვერვალებზე. ამ არჩევანის ბედი ახლა კოალიცია „ქართული ოცნების“  პოლიტიკური ელიტის, არსებული რეალობის გათვალისწინებით კი, უმთავრესად, თავად ბიძინა ივანიშვილის პირად პასუხისმგებლობაზე ჰკიდია. დღეს ეს ძალა პოსტრევოლუციურ რეჟიმშია, „ოპოზიციად“ აღიარებს და პოლემიკაშია მხოლოდ რევანშისტული სულისკვეთებით გაჟღენთილ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რითაც სხვა ოპონენტების გამოჩენას მედია–სივრცეში შანსს უსპობს. ამით ის, შესაძლოა, თავისდაუნებურად, მაგრამ ემსგავსება მოწინააღმდეგეს. ჯერ–ჯერობით პოლიტიკური პლურალიზმის დამკვიდრების პრიორიტეტს საზოგადოება მმართველი ძალის მხრიდან ვერ ხედავს. იმედი ვიქონიოთ, რომ დემოკრატიისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს „ნაციონალთა“ პოლიტიკური ასპარეზიდან განდევნის შემდეგ ვეღირსებით, თუ ამგვარი „ორპარტიული სისტემა“ პროცესის ორივე მხარეს ხანგრძლივად არ გაუტკბა.
მეორე ტესტი, რომლის გავლის შემდეგ შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ ივანიშვილი არ გახდება მორიგი „ბელადი“, ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილებზე რეალური თვითმმართველობის დამკვიდრება იქნება. პრემიერ–მინისტრი აცხადებს, რომ ეს დემოკრატიის ქვაკუთხედია და ამ რეფორმას მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებული აქვს პარლამენტის  რეგიონული პოლიტიკის კომიტეტს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მასთან არსებულ საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოსთან ერთად, რომელთა ძალისხმევით „სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონის პროექტი თითქმის მზად არის (სხვა მიმართულებებით მუშაობა გრძელდება).
ამ კანონპროექტზე მუშაობისას, რომლითაც სოფელს ეძლევა უფლება და შესაძლებლობა, პირდაპირი დემოკრატიის ფორმით მართოს საკუთარი თავი, ქალბატონი მარინა მუსხელიშვილი პრინციპულად იცავდა პოზიციას, რომ  სოფელს რეალურად მართავდეს მცხოვრებთა საერთო კრება, და არა – მათ მიერ არჩეული საბჭო და თავმჯდომარე. არ ვიცი, რამდენად გაიზიარებს ის ჩემეულ ხედვას იმასთან დაკავშირებით, რომ საერთო კრებას („აგორას“, „ვეჩეს“ ანალოგს) და არჩეულ წარმომადგენელთა შორის დომინანტობის საკითხი გადამწყვეტია მასსის ფსიქიკაში არსებული ბელადის არქეტიპის დაძლევაში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გზით შექმნის მცდელობები ადრეც იყო – 1991 წელს მათ მუშაობას აკონტროლებდა დანიშნული პრეფექტი, 1998–2006 წლებში – რეალურად ასევე ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული და პარტიულ კომისრად ქცეული გამგებელი, ხოლო ამის შემდეგ „ვარდოსნებმა“ სოფლის პრობლემების გადაწყვეტა მუნიციპალური ცენტრიდან დანიშნულ რწმუნებულებს და ადგილობრივი მერიტოკრატიის კარიკატურულ ფორმას – NGO-ების ფორმით შექმნილ ე.წ. „სათემო ორგანიზაციებს“ მიანდეს. ამდენად, დამოუკიდებლობის 22 წლის განმავლობაში არც ერთმა ხელისუფლებამ არ დაუშვა ხალხისთვის ძალაუფლების რეალური გადაცემა, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციური რიტორიკით მის წყაროდ სწორედ ხალხს ასახელებდა. თუ ადამიანებმა საკუთარი სოფლისა და ქალაქის მართვის მაგალითზე არ იგრძნეს, რა არის სინამდვილეში დემოკრატია, გასაკვირი არ არის, რომ მუნიციპალური საკრებულოებისა და მერების, პარლამენტებისა და პრეზიდენტების არჩევნები ჩვენთვის მხოლოდ დემოკრატიის ბუტაფორიული მექანიზმები და „ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა“ იქნება და ისევ „კეთილი ბელადის“ მარადიულ მოლოდინში ვიქნებით.
 თუ მთელმა მოსახლეობამ, თითოეულმა ჩვენთაგანმა, საზოგადოებრივი თვითმმართველობის მუშაობაში ჩართვის მეშვეობით აიღო და იგრძნო პასუხისმგებლობა საკუთარი უბნის, სოფლის, ქალაქის მომავალზე, არ გადააბარა ის მხოლოდ თავის „რჩეულებს“, თავად კი სამზარეულოებიდან მათი კრიტიკოსის როლით არ შემოიფარგლა, თანდათან გაჩნდება საკუთარი მამულის მეპატრონობის კოლექტიური განცდა, რომელიც, განივრცობა რა მთელს ქვეყანაზე, ჩაენაცვლება და მოსპობს ბელადის ყოლის სურვილს. ხალხი, მისთვის ამჟამად ფსიქოლოგიურად კომფორტული, მაგრამ უპერსპექტივო ინფანტილური მდგომარეობიდან თანდათან გადავა სამოქალაქო პასუხისმგებლობის შეგრძნებით განმსჭვალული საზოგადოების მდგომარეობაში.
როგორ ჩაივლის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნები: რეალურად აირჩევენ თუ არა ადგილებზე თავიანთ თავკაცებს, თუ მმართველი ძალა ისევ „დაუნიშნავს“ მათ მოსახლეობას, გაჩნდება თუ არა კონკურენტული გარემო სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური პარტიებისათვის, ამაზე დიდად იქნება დამოკიდებული ახლანდელი მმართველი ვერტიკალის სათავეში მყოფი პიროვნების ბედი (რა სახელიც არ უნდა ერქვას მას კონსტიტუციით)  – ბელადად გადაიქცევა ის თუ დარჩება პოლიტიკოსად.