14 September, 2010

დანი და პატარა ქალაქი

ანდერძად - ჩემს ნიკოლოზს

I. ვიღაც

პავლე სახლიდან გამოვიდა და სამთო კომპანიის ოფისისაკენ გაემართა. რევოლუციის შემდეგ პატარა ქალაქში სამუშაოს შოვნა თითქმის შეუძლებელი იყო: აქ მხოლოდ პრეფექტურა, რამდენიმე სახელმწიფო სამსახური და სურსათის თითო–ოროლა მაღაზიაღა მუშაობდა. ხალხი ან საზღვარგარეთ გარბოდა ბედის საძებნელად, ან სულს ღაფავდა. პავლეს უცხოეთში წასასვლელ ფულს აბა ვინ ასესხებდა და თავის რჩენას იმით ცდილობდა, რომ ნაგავსაყრელებზე დეტალებს პოულობდა, რომლებსაც სახლში მისი ცოლი და სამი მცირეწლოვანი შვილი შლიდნენ. ამ გზით მოპოვებულ სპილენძს შემდეგ ჯართის მიმღებ პუნქტში აბარებდა და მიღებული მცირე თანხით საკვებ პროდუქტებს ყიდულობდა. ხუთსულიან ოჯახს, ცხადია, ამით ვერ გამოკვებავდა და ნახევრადმშივრები იყვნენ, ნათესავებისგან სამადლოდ მოცემული ტანსაცმელიც ბავშვებს უკვე შემოაცვდათ და ათგზის დაკერებული ფეხსაცმელებით სკოლაში წასვლისაც რცხვენოდათ. სამთო კომპანიამ ქალაქის შემოგარენში მანგანუმის მადნის მოპოვება უნდა დაიწყოსო რომ გაიგო, იმედი მოეცა, – ეგებ სამუშაო ვიშოვოო.
სამთო კომპანიის ოფისის ხელმძღვანელად ახალგაზრდა კაცი დანიშნეს, რომელსაც ეს თანამდებობა რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის არგუნეს. მისი დამსახურება კი ის იყო, რომ წვიმასა და ქარში ჩატარებული მიტინგების დროს ომახიანად ყვიროდა: „ძირს მეფე! გადადგეს დიქტატორი!” და, რაც მთავარია, მეფის ფიტულის დაწვაში მონაწილეობისას ჟურნალისტს მისცა მოკლე ინტერვიუ, რომელსაც მთელი დღე აჩვენებდნენ ახალ ამბებში. ამის შემდეგ აღარავინ დაინტერესებულა მისი წარსულით, ისე ჩარიცხეს პარტიის აქტივისტებში და საპასუხისმგებლო საქმეებს ავალებდნენ: როგორიც იყო, მაგალითად, სოფლებიდან ჩამოსული მომიტინგეებისთვის დღის ბოლოს სურსათის შესაძენი ფულის დარიგება და იმის კონტროლი, რომ მეორე დღეს ყველანი ისევ გამოსულიყვნენ მიტინგზე. რევოლუციაში შეტანილი წვლილისათვის ნოდარი ისე დანიშნეს სამთო კომპანიის მენეჯერად, რომ არც კი უკითხავთ, ჰქონდა თუ არა რაიმე განათლება. არადა, ცხრა კლასის შემდეგ სკოლაში აღარ უვლია და როცა ქუჩაში „ძველბიჭებმა” ერთ–ერთი გარჩევისას „ნასედკობისთვის მოაჩმორეს”, მიტინგებიც დაიწყო.
პავლემ, სახლიდან გამოსვლის წინ, კარადიდან გამოიღო სამთო ინჟინრის დიპლომი და გაიღიმა, მაგრამ მალევე დათრგუნა სტუდენტობის ხალისიანი წლების მოგონებები და მწარე რეალობას დაუბრუნდა. ამ დიპლომის იმედი ჰქონდა, – სამუშაოდ კომპანიამ სხვა სპეციალობის ინჟინრები აიყვანა, როგორც ჩანს, სამთო საქმის მცოდნეებს ადგილზე ვერ შოულობდნენ. მართალია, პრეფექტურაში არავინ ჰყავდა ნათესავი, რომ სიტყვა შეეშველებინა, მაგრამ ქალაქში, პავლეს გარდა, სხვას არავის ჰქონდა დამთავრებული პოლიტექნიკური ინსტიტუტი ამ სპეციალობით, მაღაროებში ჰქონდა გავლილი ორწლიანი საწარმოო პრაქტიკა და უარს აბა როგორ ეტყოდნენ? ამ იმედით ჩადგა ბატონი ნოდარის კაბინეტის წინ რიგში. ოფისში მას ფეხდაფეხ ვიღაც შეყვა. პავლემ მოხედა მის შემდეგ რიგში ჩამდგარს – მასავით რეცხვისაგან გაცრეცილი თეთრი პერანგი და გახუნებული შარვალი ეცვა, ასაკითაც პავლეს თაობის, ორმოცსგადაცილებული იქნებოდა. უცნაური მის გარეგნობაში მხოლოდ ის იყო, რომ ერთი თვალი ცისფერი ჰქონდა, მეორე კი–თაფლისფერი. როცა მდივანმა მოუხმო უფროსის კაბინეტში შესასვლელად, შეეშვა უცნობის თვალიერებას, რომლისთვისაც აქამდე ქალაქში თვალი არ მოუკრავს.
ახლადგამომცხვარმა მენეჯერმა პავლეს იმედი დაამსხვრია. არც დიპლომმა გაჭრა, არც მაღაროებში მუშაობის გამოცდილებამ. ბოლოს პავლე შეეხვეწა, – ბატონო ნოდარ, მუშად მაინც მიმიღეთ, სამი შვილი მყავს სარჩენი, შიმშილით მეხოცებიანო. მის მუდარას ყრუ კედელი დახვდა. სიმწრისაგან სახეაჭარხლებული გამოვიდა, პირგამშრალი ნერწყვს ძლივს ყლაპავდა, რომ როგორმე ცრემლი შეეკავებინა.
პავლე ოფისიდან გამოვიდა და სახლისკენ წაჩანჩალდა. არავითარი ფიქრი. თვალწინ მხოლოდ ნოდარ–მენეჯერის დამცინავი ტუჩებისა და სიგამხდრისაგან ნეკნებგადმოცვენილი შვილების სურათები ენაცვლებოდა. საკუთარი უსუსურობით გონებადაბინდულმა ამჯერად ვეღარ შენიშნა, რომ ვიღაც ოფისიდან ფეხდაფეხ გამოყვა. სახლში შევიდა. იქ არავინ დახვდა, – ცოლ–შვილი ალბათ სადმე სტუმრად წავიდა, ცხელი კერძით გამასპინძლების იმედით.
ის, ვინც პავლეს გამოყვა, ჭიშკართან მდგომ ხის გრძელ სკამზე ჩამოჯდა, იქვე დაგდებული ხმელი ტოტი აიღო და თითქოს მიწის მტვერზე რაღაც ნიშნებისმაგვარს ხაზავდა. სინამდვილეში კი მსხვერპლს დადარაჯებული ნადირივით მომართული იჯდა და ღია ფანჯრებიდან გამომავალ თითოეულ ჩქამს აყურადებდა. სკამის იატაკზე დაცემის ბრახუნთან ერთად წამოხტა და რამდენიმე წამის შემდეგ კისერზე ყულფწაჭერილ პავლეს სხეულს აჰყურებდა. ოთახი ფოტოაპარატის სანათის გაელვებით წამიერად განათდა.
სახეგალურჯებულმა პავლემ რამდენჯერმე ამოიხრიალა და მხოლოდ მერეღა გაახილა თვალი. მაგიდასთან უცნობი იჯდა, ხელში მის მიერ ყულფგამონასკვულ სქელ თოკს ათამაშებდა. პავლეს ის თითქოს ეცნო, მაგრამ ვერ გაიხსენა – საიდან. ყელი სტკიოდა. წამოჯდა და უცნობს კითხვანარევი მზერით მიაშტერდა.
როგორც იქნა, უცნობმაც ამოიღო ხმა და უხალისოდ განუმარტა:
–ფულის გამო სიცოცხლეზე არ უნდა გეთქვა უარი. ფულს მიიღებ, ბევრს... ოღონდ რასაც მოგთხოვ, უსიტყვოდ უნდა შეასრულო. თუ არა – ჯოჯოხეთაპეტთან მერეც გაგისტუმრებ. თანახმა ხარ?
პავლემ, ცხადია, კარგად ვერ გაიაზრა, რას ეუბნებოდა უცნობი, მაგრამ ფულის ხსენებამ ის მხსნელად მიაჩნევინა და სასწრაფოდ და უყოყმანოდ დაეთანხმა.
–როცა დამჭირდები, მე თავად გნახავ,–ამ სიტყვებით უცნობი ოთახიდან გავიდა. პავლემ ახლაღა შენიშნა მის არათითზე კარიდან შემოჭრილი მზის სხივით აკიაფებული დიდი, სამკუთხა, ბრილიანტისთვლიანი ოქროს ბეჭედი.
-----------------------------------------------------------
ჯოჯოხეთაპეტი – (სულხან–საბა ორბელიანი) ჯოჯოხეთის მბრძანებელი

II. F03

პრეზენტაციის წინ ნოდარი ძალიან ნერვიულობდა. წინა საღამოს, მდივნის რჩევით, დამამშვიდებელი აბიც კი დალია. მდივანი გოგონა ყოჩაღი გამოდგა: პრეზენტაციაზე გამოსასვლელი სიტყვა დაუწერა, სლაიდ–შოუ მოუმზადა და რჩევებიც მისცა, როგორ მომზადებულიყო თავისი პირველი საჯარო გამოსვლისათვის. თუ კარგად გამომივიდა და უფროსობამ შემაქო, ხელფასს მოგიმატებო, - დაჰპირდა. ღარიბი დორა სიხარულისაგან გაიბადრა.
პრეზენტაციაზე სამთო კომპანიამ, პრეფექტურის თანამშრომლების გარდა, გუბერნატორი და ჟურნალისტებიც მოიწვია. ნოდარი გააფრთხილეს, რომ გამოსვლაში აქცენტი დასაქმებაზე უნდა გაეკეთებინა. ამიტომ ტექსტის ის ადგილი, სადაც იმაზე იყო საუბარი, თუ რა სიკეთე უნდა მოუტანოს მანგანუმის მოპოვებამ ადგილობრივ მოსახლეობას, მათთვის სამუშაო ადგილების შექმნის სახით, ასჯერ მაინც წაიკითხა სარკის წინ, რომ ერთი სიტყვაც კი არ გამორჩენოდა. ტაშის დაკვრის დამწყებებად ინჟინრები დასხა, რომლებთანაც რეპეტიცია გაიარა, რამდენიმე მუშას წინასწარ დაურიგა კითხვები. „მეორე განყოფილება”, ანუ დიდი და უხვი სუფრა სტუმრებისთვის, რესტორანში იყო გამზადებული. თამადად აქაური "კოლორიტი" მელექსე გაამწესა, რომელიც მას სადღეგრძელოში ხოტბას შეასხამდა.
თავიდან ყველაფერი კარგად წარიმართა. გამოსვლის წინ მღელვარება დაძლია და ომახიანად შეუდგა ტექსტის კითხვას. როცა დასაქმების პერსპექტივებზე გადავიდა, მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა: ეკრანზე უცებ თოკზე ჩამომხრჩვალი კაცის ფოტო გაჩნდა და ჯიუტად გაიჭედა, მიუხედავად იმისა, რომ დორა გამწარებული ურტყამდა თითებს პროექტორთან მიერთებული ლეპტოპის კლავიშებს. მიკროფონი გაითიშა, გამაძლიერებელში მისი ხმა კი ისმოდა, მაგრამ სულ სხვა რამეს ამბობდა:
–ეს ადგილობრივი სამთო ინჟინერია, პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა და მაღაროებშიც უმუშავია რამდენიმე წელი. მუშად მაინც მიმიღეო, მთხოვა, მაგრამ უარი ვუთხარი, იმიტომ რომ არც პრეფექტს ჰქონდა დარეკილი, და არც მაღარიჩი იკისრა. წასულა და საკუთარ ოჯახში თავი ჩამოუხრჩვია.
ამის გაგონებაზე დარბაზი გაშტერდა. ნოდარი ჯერ თვალებს უბრიალებდა ხან მდივანს და ხან აპარატურაზე პასუხისმგებელ ინჟინერს, მაგრამ როცა სკამიდან წამომხტარი, განრისხებული გუბერნატორი დაინახა, რომელსაც კუდში სამთო კომპანიის გენერალური დირექტორი აედევნა, მაშინღა გაიაზრა, რა მოხდა, მუხლები აუკანკალდა და შარვლის ტოტში თბილი სითხის ჩაღვრა იგრძნო.
სენსაციით აღტკინებული ჟურნალისტები ჯერ მას ეცნენ. რომ ნახეს, გაზეპირებული ტექსტის ნაწყვეტების უაზრო ბლუყუნის გარდა ვეღარაფერს მოისმენდნენ, გუბერნატორს და პრეფექტს უკან გამოენთნენ, მაგრამ მათ ჯიპებით გაქცევა მოესწროთ. სახვალიოდ ნამდვილად გამოჩნდებოდა სტატიები სათაურებით: „სამთო კომპანიის მენეჯერის აღსარება”, „მენეჯერმა სამუშაოს მაძიებელი თვითმკვლელობამდე მიიყვანა”, თუ კომპანიის თავკაცები გვარიანი თანხებით, ან ნაცნობ–მეგობარი ძალოვნებისა და „შავების” მუქარით ვერ გააჩუმებდნენ ქალაქელ კალმოსნებს.
დაახლოებით ერთ საათში კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მობილურზე დაურეკა, დედა აგინა და ციხეში ჩაყუდებით დაემუქრა. ნოდარმა მობილური გათიშა, ბარგი ჩაალაგა და მშობლიურ ქალაქში გაიძურწა. სახლში რა გააჩერებდა. წავიდა, ქუჩებში იბოდიალა და თანდათან იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს ვიღაცამ მოუწყო. თუ რატომ – ესეც ახსნა: ჩემი ადგილი ენდომებოდაო. იმაზე არც კი დაფიქრებულა, მართლა ჩამოიხრჩო თუ არა იმ საწყალმა თავი. რაღა უნდა ექნა, ბედთან შერიგების გარდა. ფული ხომ მაინც იშოვა იმ რამდენიმე თვეში, რაც მენეჯერად იმუშავა და მერე მოიფიქრებდა რამეს. გულის გადასაყოლებლად რომელიღაც ბარში გამოთვრა და ნაცნობ „პუტანკას” ესტუმრა. იმ დღის განცდებისაგან იყო ალბათ ძალზე აღგზნებული, ამიტომ ქალი სასწრაფოდ საწოლში შეათრია. იმას კი აღარ ელოდა, რომ აქაც ფიასკო დაემართებოდა. ზედ ინტროიტუსის წინ მოელანდა, რომ ქალს ყელზე თოკის ყულფი ჰქონდა ჩამოცმული, როგორც პროექტორის ეკრანზე იმ კაცს, და აღარაფერი გამოუვიდა. დარცხვენილმა ჩაიცვა.
–მეორედ აქ აღარ მოადგა ფეხი, შე იმპოტენტო,–მიაძახა ბოზმა გამოსვლისას.
დათრგუნულმა ჩაიფლახუნა სადარბაზოს კიბეებზე. გარეთ, სკამზე, მოხუცი კაცი იჯდა. გვერდზე როცა ჩაუარა, ბებერმა გაბზარული ხმით წაუღიღინა:
–ეს ცხოვრება კიბე არის, ზოგი ადის, ზოგიც ჩადიის...
ნოდარმა იგრძნო, რომ მას დასცინოდნენ. სხვა არც არავინ იყო ეზოში. „შენ მაინც მოგერევი, შენი დედა…” და მოხუცს ყელში სწვდა. შეეხო თუ არა, ჯერ თითები გაეყინა, შემდეგ ხელები გაუცივდა და ბოლოს მთელი სხეული გაუშეშდა.
კაცი დინჯად გაიწია გვერდზე. ახლა აღარ გავდა მიხრწნილ ბერიკაცს, პირიქით, სპორტსმენივით მკვირცხლად წამოიმართა.
–ეჭვი მეპარება, შენნაირი არაკაცი ოდესმე მიხვდეს რამეს. შენს არსებობას ბნელშიც კი არა აქვს აზრი.
–ვინ ხარ?–ამოიხრიალა ნოდარმა.
ამჯერად რატომღაც უცებ მოტვინა, რომ ყველა დღევანდელი უბედურება ამ ვიღაცამ დაატეხა თავს.
–ჩემი სახელია დან, რახან გაინტერესებს, მაგრამ ეს არის უკანასკნელი, რაც შენ ამქვეყნად გაიგე.
უცნობმა ხელი ასწია და მუშტი თვალწინ გაუჩერა. მის არათითზე უზარმაზარი სამკუთხედი აკიაფდა, რომლისგან გამომავალმა მწველმა სინათლემ საბოლოოდ დაუბნელა გონება.
რამდენიმე საათის შემდეგ ფსიქიატრიულ კლინიკაში საპატრულო პოლიციის მანქანამ ახალგაზრდა მიიყვანა, რომელსაც მორიგე ექიმმა დაუსვა დიაგნოზი: „დაუზუსტებელი დემენცია, დაავადებათა X საერთოშირისო კლასიფიკაციით:F03 ”
------------------------------------
დან – (ებრ.) მსჯავრი

III. დორა

სამთო კომპანიის ოფისის დახურვის შემდეგ დორა უმუშევარი დარჩა. ომის შემდეგ ის და დედამისი ამ პატარა ქალაქში დასახლდნენ და ერთ პატარა ოთახში იყვნენ შეკედლებული, რომელიც სამადლოდ დაუთმო უცხოეთში წასულმა ოჯახმა და თან სახლის პატრონობა დაავალა. ლტოლვილებისთვის სახელმწიფოსგან გამოყოფილი მიზერული შემწეობა და, იშვიათად, სასურსათო ამანათები უცხოური ჰუმანიტარული ორგანიზაციებიდან – მათი “პური არსობისა”. უნივერსიტეტის დამთავრებასა და დიპლომის აღებაზე უკვე ოცნებაც აღარ შეეძლო. კომპანიაში აღებული ხელფასი მაღაზიებს ვალებში ჩააბარა, ახლა კი დედისთვის წამლის საყიდელი ფული აღარ ჰქონდა. ასთმის ბოლო შეტევისას საავადმყოფოში დააწვინეს და მესამე დღეს გამოწერეს – სახელმწიფო სტანდარტით მეტი აღარ გეკუთვნით და თუ დარჩებით, ფული გექნებათ გადასახდელიო.

ღია ფანჯარასთან მიმჯდარი დედა ცდილობდა როგორმე სულისხუთვისათვის გაეძლო, რომ ინჰალატორში დარჩენილი წამლის რამდენიმე დოზის ეკონომია გაეკეთებინა. დორა საწოლზე დაემხო და აქვითინდა. ტირილით დედას ვერ უშველიდა, ამიტომ ცრემლი მალევე შეიმშრალა და გამოსავლის ძიება დაიწყო. სხვა ვერაფერი მოიფიქრა, გარდა იმისა, რომ თვით პრეფექტისათვის მიემართა. მანამდე რამდენჯერმე იყო ნამყოფი პრეფექტურაში, სადაც ჩინოვნიკები განცხადებას აწერინებდნენ, ფურცელს იტოვებდნენ და მის განხილვას „უახლოეს სხდომაზე” პირდებოდნენ. შემდეგ კი, პასუხისათვის მისულს, უარით ისტუმრებდნენ, ბიუჯეტში თანხების არქონის საბაბით.
მივიდა და მთელი დღე მისაღებში იჯდა. მკაცრსახიანი მდივანი ქალი ხალხს შერჩევით უშვებდა ორმაგკარიან კაბინეტში – სტუმრებს დედაქალაქიდან, პრეფექტის მიერ დაბარებულ თანამშრომლებს... დორა მაინც ელოდა, კაბინეტში შეღწევის მტკიცე გადაწყვეტილებით. სადილზე შესვენების დრო დიდი ხანია გავიდა, შემსვლელ–გამომსვლელის ნაკადი კი არ დაილია. მოსაღამოვებულზე მოესმა ზიზღნარევი ქედმაღლობით ნათქვამი:
-შებრძანდით, ქალბატონო!
ვეებერთელა კაბინეტში დორას თავი პატარა მწერად მოეჩვენა, რომელიც მაგიდასთან მჯდომ ღიპიან–ღაბაბიან კაცს შეიძლება უნებლიე მოძრაობით გაესრისა. მოუყვა თავისი გასაჭირი. პრეფექტმა შეწუხებული ადამიანის ნიღაბი უმალ მოირგო და საფინანსო განყოფილების გამგე ტელეფონით გამოიძახა.
–აი, ეს ქალბატონი ძალიან გაჭირვებულია, დედა ჰყოლია ავად და წამლის ფული არა აქვს, – პრეფექტურის ფინანსისტმა წამიერი მზერა ესროლა და ისევ ფინია ძაღლივით შესციცინა უფროსს თვალებში, – რა გვაქვს ბიუჯეტის ანგარიშზე, რომ დავეხმაროთ?
–ამ მომენტში არაფერი გვაქვს, ნულზეა ანგარიში.
–როდისთვის ელოდებით შემოსავლებს?
–ათ დღეში, ალბათ, რაღაც თანხები ჩაირიცხება...
პრეფექტმა დორას გადმოხედა და ხელები გაშალა:
–აი, ხომ ხედავთ, ქალბატონო, რა დღეში ვართ, განა არ გვესმის თქვენი გაჭირვება?
–მე პირველად არ ვარ, ბატონო, და რით ვერ შეივსო ეს ბიუჯეტი...–შეჰბედა დორამ.
–მისმინე, ოთარ,–მიმართა პრეფექტმა ფინანსისტს,–ჩამოურბინე ახლა თანამშრომლებს და შეაგროვეთ, ვისაც რა გაქვთ ჯიბეზე, რომ ქალბატონმა დედამისს დღეს ერთი ფლაკონი წამალი მაინც უყიდოს.
ჯიბიდან ორდოლარიანი ამოიღო და გაუწოდა. ფინანსისტმა გამოართვა, თავადაც ამოიბრუნა ჯიბე:
–აი, მეც მქონია ერთი დოლარი,– კუპიურები შეაერთა და გავიდა.
კარი არ მიუხურავს და დორამაც გაიგო, როგორ ანამუსებდა ოთარა–ფინანსისტი მდივანსა და მისაღებში მყოფ რამდენიმე თანამშრომელს, – პრეფექტმა დაგვავალა, დოლარ–დოლარი უნდა შევკრიბოთო, - ისინი კი აბუზღუნედნენ, – რა ჩვენი სარჩენია ამ ქალაქში ყველა გაჭირვებულიო.
დორამ თავი დამცირებულად იგრძნო. ზღვისპირეთში ცნობილ და ომში გმირულად დაღუპულ გემის კაპიტნის ქალიშვილს მათხოვარივით მოექცნენ. კაბინეტიდან ისე გავარდა, რომ გვერდზე არ გაუხედავს, მხოლოდ ზურგი თითქოს აეწვა „გაოცებული” პრეფექტისა და მისი ჩინოვნიკების მზერით.
გონს თოლიის ჩხავილმა მოიყვანა. დაინახა ტალახისფერი მდინარის ტალღები. ბუნდოვნად მოაგონდა, თუ როგორ იმგზავრა დედაქალაქამდე ავტობუსით. სანაპიროზე არავინ იყო. მხოლოდ მანქანები მიქროდნენ აქეთ–იქით. მათი გამონაბოლქვი აირების სუნისა და მტვრისაგან ჰაერი აღარ ყოფნიდა და ხეს მიეყრდნო. დაღამდა და ლამპიონებმა გააჩირაღდნეს ხმაურიანი ქალაქი.
შავი „მერსედესი” მის წინ გაჩერდა. მძღოლმა მინა ჩაწია და თითით მოუხმო. დორა თავისდაუნებურად მიუახლოვდა. მანქანაშიც გაუცნობიერებლად ჩაჯდა. თითქოს ეს მას კი არა, ვიღაც სხვას, სხვა ქალს ევაჭრებოდა ახალგაზრდა მამაკაცი სხეულს და თან ჟინიანად ათვალიერებდა:
–ოცი დოლარი არ გეყოფა ერთ საათში, ჰა, რას იტყვი? რას გაჩუმებულხარ? კაი, ოცდაათი იყოს თუ კარგად იხტუნავებ!
დორა დაყაბულდა. მორჩა, აღარ იარსებებს ამაყი და თავნება, ჭკვიანი და ლამაზი, დედიკოს და მამიკოს დორა. დე, გახდეს უკანასკნელი კახპა, ბოლომდე დაეშვას ცხოვრების ბინძურ ფსკერზე – დედას მაინც გადაარჩენს.
–ოცდაათი ძველ დროშიც ძალზე დაბალი ფასი იყო ქალწულობისთვის, მაზანდა აწიეთ, ახალგაზრდავ!
უკანა სავარძლიდან ხმის გაგონებაზე მძღოლი ისე შეხტა, ლამის საქარე მინას მიახეთქა თავი.
–ეს ვიღაც აქ საიდან გაჩნდა, ტო?! დავაი, დაახვიე აქედან!
უკნიდან ხარხარი მოისმა. მანქანის ძრავა ამუშავდა და ავტომობილი დაიძრა.
– ვა, ეს რა ჯანდაბაა, ჩემი დედა...–ამ სიტყვებით გადავარდა მძღოლი თავისთავად გაღებული კარიდან, რომელიც უმალ თავისით დაიხურა.
–რადგან მეძავობა გადაგიწყვეტიათ, ქალბატონო, იქნებ ჩვენ დაგვდოთ პატივი და გაცილებით მაღალი ანაზღაურების ფასად გვემსახუროთ?
დორასთვის უკვე ყველაფერი სულერთი იყო. ისიც კი აღარ აოცებდა, როგორ იმართებოდა ავტომობილი მძღოლის გარეშე, მხოლოდ დანის აზრის ძალის მეშვეობით.

IV. „ძაღლები” და „მწვანეები”

სამთო კომპანია მანგანუმის ახალი საბადოების ათვისების პროექტისათვის საჭირო თანხებს იღებდა ამერიკაში, დელავარის შტატში რეგისტრირებული კომპანიისგან „ინტერნეიშენალ ქემიქალ ენდ თრეიდინგ ლიმითედ”. რეალურად ეს იყო შირმა, რომლის მეშვეობითაც მეფის კორუმპირებული ჩინოვნიკები და რევოლუციურ ტალღასთან ერთად ამოტივტივებული მედროვეები ქრთამებისა და ბიუჯეტიდან მოპარული თანხების, სხვადასხვა სახის არალეგალური ბიზნესით ნაშოვნი ფულის „გათეთრებას” და უცხოურ ბანკებში გახსნილ პირად ანგარიშებზე ჩარიცხვას ახერხებდნენ. ფირმის პრეზიდენტმა უშანგ მამედოვმა საქმის გაჩერების გამო სამთო კომპანიას ახსნა–განმარტება მოსთხოვა:

–რათომ გააჩერეთ ბიზნესი, სულხან? ხალხი უნდა მოგება მიიღოს…
გენერალურმა დირექტორმა თავისი მენეჯერის სამარცხვინო ამბავი არ გაამხილა და ადგილობრივ „მწვანეებს” გადააბრალა ყველაფერი - ხელს გვიშლიან, ხალხი ააბუნტეს, მუნიციპალურ საბჭოში პეტიცია შეიტანეს და ვიდრე გარემოს დაცვის სამინისტროსგან ოფიციალურ ნებართვას არ მივიღებთ, მადნის მოპოვებას ვერ ვაგრძელებთო.
–„მცვანეები” ჩვენ არ გვაინთერესებს. მოგება უნდა იყოს მალე!
პრეფექტს ცივმა ოფლმა დაასხა, როცა სულხანმა დაურეკა და დანაპირების შესრულება მუქარის ტონით მოსთხოვა. საწარმოს მოგებაში ფარული წილის სანაცვლოდ სიტყვა ჰქონდა მიცემული – არც ხელისუფლება და, მით უფრო, ვერც მოსახლეობა, ხელს არაფერში შეგიშლით, რაიონს მთლიანად მე ვაკონტროლებო. არ ეგონა თუ ამ საქმეში მუნიციპალური საბჭო გაბედავდა ცხვირის ჩაყოფას, რომელიც სულ ორიოდე თვის არჩეული იყო. საბჭოს მკვდრადშობილ ორგანოდ თვლიდა და ანგარიშის გაწევას არ უპირებდა, ამიტომ მის თავმჯდომარესთან გარიგებასა და წილის გაყოფაზე ფიქრი თავში არ გაუვლია. როცა გაიგო, საბჭოს ერთ–ერთი წევრის, ბესიკ ბირთველის მეგობრები პეტიციაზე ხელმოწერებს აგროვებენ, რომლითაც მანგანუმის კარიერებიდან მადნის ღია წესით ამოღება–ტრანსპორტირებისას ეკოლოგიური ნორმების დაცვა უნდა მოითხოვონო, ჟანდარმერიის, პროკურატურისა და პოლიციის ადგილობრივი უფროსები დაიბარა და „ლაწირაკების გაჩერება” დაავალა. ახლაც მათ უხმო.
–მე თქვენ დაგავალეთ, ინვესტორებს პრობლემები არ შექმნოდათ. რა გამიკეთეთ? გააჩერეთ ეს ვითომ “მწვანეები”?
–მარტო ეკოლოგიაში არ არის პრობლემა, – დაიწყო პოლიცმაისტერმა, – სამების მთა, რომლიდანაც მანგანუმს იღებენ, სალოცავი ყოფილა. სანდო პირები გვატყობინებენ, ხალხი ამაზე უფროა აღშფოთებული, სალოცავის ტყეში ჩვენ ხესაც კი არ ვჭრით და მისი გადათხრა როგორ შეიძლებაო. მთის წვერზე კანონით დაცული სამი ისტორიული ძეგლია...
–მთის წვერზე არ ხდება მოპოვება, ფერდობებზეა მანგანუმი. ილოცონ რამდენიც უნდათ, რა პრობლემაა?- გააჩუმა პრეფექტმა.
–ინფორმაციამ გაჟონა, მეორე კარიერის ამოღებასაც აპირებენ, ბურღვა–აფეთქებებით, რაც მთის ლანდშაფტებს დაანგრევს, ისეთი ქანები ყოფილა, – აჰყვა პოლიციის უფროსს პროკურორი, – სოფლელმა მათემ რომ ოპოზიციურ გაზეთში წერილი გამოაქვეყნა, წაიკითხეთ? მთა „წითელ წიგნშია” შეტანილიო...
–„წითელი წიგნი” აღარ არსებობს, რით ვერ გაიგეთ?! ეგ მეფისდროინდელი რაღაცეები პარლამენტმა გააუქმა! რევოლუციური მთავრობა ჩვენგან ბიზნესისთვის ხელშეწყობას ითხოვს. რა დროს ეკოლოგიაა, სამი წლის პენსიები და ხელფასებია გასაცემი, ამიტომ ბიუჯეტი სასწრაფოდ უნდა შეივსოს. თქვენ რასაც გეკითხებით, იმაზე გამეცით პასუხი, ეკოლოგია და სალოცავები თქვენი საქმე არაა.
–რაც შეგვეძლო, კი გავაკეთეთ: ხელმოწერების აქცია რომ დაიწყო, ჩვენი ხალხი შევუგზავნეთ „დასახმარებლად”. მაგათ პეტიციაში ორი გვერდი ყალბი ხელმოწერებითაა სავსე. მოკიდებენ ბიჭები ახლა ამას ხელს,–ჟანდარმერიის უფროსმა პოლიცმაისტერს და პროკურორს გადახედა, – აგებინებენ გაყალბებისათვის პასუხს.
–აქამდე რას ელოდებით?
–საბჭოს თავმჯდომარე პეტიციას არ გვაძლევს, –თავი იმართლა პროკურორმა,– მომწერა, ჩემს დეპუტატს აქვს უფლება, განმცხადებელთა ანონიმურობა დაიცვასო. მაგ ექიმ ბირთეელს კი სახლში წაუღია. ვინ იცის, სად გადამალა? დაკითხვაზე დავიბარეთ, არაფრით არ გატყდა და პეტიცია არ გვანახა. საბჭოს სხდომა იქნება და იქ ვაჩვენებ დეპუტატებს, თქვენ – არაო.
–რა საბჭოს სხდომა, ხომ არ გაგიჟდით? - გაბრაზდა პრეფექტი, –მე დაველაპარაკები საბჭოს თავმჯდომარეს, რომ ჯერ არ დანიშნოს სხდომა. მათ ზურგს უკან ვინ დგას, ეს მაინც თუ ათქმევინეთ?
–ათი ფურცელი დაწერა, როგორ მოუვიდათ მის მეგობრებს თავისით ეს იდეა მდინარეზე ბანაობისას...
ჟანდარმერიის უფროსმა და პოლიცმაისტერმა ჩაიხითხითეს. პრეფექტი ამან უფრო გააცეცხლა:
–როცა გინდათ, ვისაც გინდათ, რასაც გინდათ, იმას აბრალებთ და თუ ფული არ გამოსძალეთ, ციხეში უკრავთ თავს! რა გაგიხდათ ერთი უბრალო ექიმი! წადით ეხლა და ერთ კვირაში მაგ ბესიკას და მაგისი “მწვანეების” ბუნდღა აღარ იყოს ქალაქში, გეუბნებით მე თქვენ, თორემ დავსვამ თქვენს მინისტრებთან საკითხს, ეს მეფისდროინდელი ხალხი მომაშორეთ, ვერ მუშაობენ–მეთქი ახლებურად!..
... როცა გამომძიებელი პოლიციის შენობაში შევიდა, მორიგემ უპატაკა:
–მაიორო პატარძალიშვილი, უფროსი გიბარებთ.
პოლიცმაისტერი ფანჯარასთან იდგა და ქუჩაში გამვლელებს უმზერდა.
–რა ხდება „მწვანეების” საქმეზე?
–ეე, რა ვიცი, ამ ქალაქში, მგონი, სულ გააფრინეს. სანდო პირებისგან გავიგე, სამხედრო ნაწილის უფროსის ცოლი ოფიცრების ცოლებს პეტიციაზე ხელს აწერინებდაო და გუშინ თავად ვეახელი სახლში, ქალია და იქნებ ვათქმევინო: დეპუტატმა დაგვავალა, თქვით, რომ მანგანუმი რადიაციას ასხივებსო. სანამ სახლის ეზოში ველაპარაკებოდი, გამომივარდა მაგის ქმარი ავტომატით, ვიღაც გიჟი, პოლკოვნიკი გიგაური, - ჩემი ორსული ცოლის დაკითხვა როგორ გაბედეო, - და სროლა ამიტეხა. ტყვიების წვიმას თუ გადავურჩებოდი, არ მეგონა, ძლივს გამოვასწარი.
–ომის წაგების შემდეგ სამხედროებმა სულ გარეკეს... მაგათ თავი დაანებე. ეს საქმე სასწრაფოდ უნდა დავამთავროთ! დავალებაა ასეთი...
–როგორ? -თავი მოიკატუნა პატარძალიშვილმა, ვითომ ვერ მიხვდა.
–ახალბედა ხომ არა ხარ, იცი, ასეთი საქმეები როგორ კეთდება. დაიჭირე დროზე ეგ გამწვანებული ექიმი–დეპუტატი.
–ბირთველი რახან ექიმია, „წამალზე” ხომ არ დაგვეჭირა?
–კარგი აზრია. ხალხი ბრიყვია, დაიჯერებს, თითქოს ნარკოტიკებს საავადმყოფოდან იპარავდა და ყიდდა.
–ჯობს, ექიმებზე ჰქონდეთ ეჭვი, ვიდრე ჩვენზე.
– მართალი ხარ. წადი, აფთიაქის სეიფიდან აიღე მორფის რამდენიმე ამპულა, ოღონდ მერე სასამართლოს არ გადასცე ნივთმტკიცებად, ამოიღებ და ისევ სეიფში დააბრუნებ. გასაგებია?
მაიორი პატარძალიშვილი მხედრული სალამით გამოემშვიდობა.
–უქუდოდ “ჩესტის აღება” რომ არ შეიძლება, ჯარში არ გასწავლეს? - დააწია სიტყვა პოლიცმაისტერმა.
–ჯარში რა მინდოდა, სიმამრმა “სამხედრო ბილეთი“ მიყიდა,–ჩაიქირქილა თავისთვის მაიორმა.


V. ქურდი

უჩა პირველ კლასში იყო, როცა მამამისი კაცის მოკვლისთვის გაასამართლეს და თხუთმეტი წელი მიუსაჯეს. მას შემდეგ ბაბუა ბრძოლებში მიღებულ ორდენებს კიტელზე აღარ იკიდებდა და სამსახურში – სამხედრო კომისარიატში უბრალო პიჯაკით დადიოდა. მან დედა დაარწმუნა, უბანში მოტრიალე „შავები” ბიჭს თავს არ დაანებებენ, კრიმინალურ სამყაროში ჩაითრევენო. ამის გამო ცამეტი წლის უჩა დედაქალაქს გააცილეს და რაიონში მამიდამისს მიაბარეს. სკოლაში უჩა ბესიკ ბირთველს დაუმეგობრდა. ბევრი რამ ჰქონდათ საერთო – ორივე კარგად სწავლობდა, გიტარაზე უკრავდნენ, თხილამურებზე სრიალებდნენ... ბესოს, მიუხედავად იმისა, რომ პირველიდან ბოლო კლასამდე სულ ფრიადებზე სწავლობდა, ოქროს მედალი არ მისცეს – ბოლო სემესტრში ერთ საგანში ქულა დააკლეს და ვერცხლს დასჯერდა. მართალია, ის სკოლის დამთავრებისთანავე იმ დროს ძალზე პრესტიჟულ, სამედიცინო უნივერსიტეტში მოეწყო, მეგობრის მიმართ ჩადენილ უსამართლობაზე უჩას გული მაინც დასწყდა და თავად აღარ ცდილობდა მედლის აღებას: მხოლოდ იმ საგნებსღა სწავლობდა, რომლებიც აინტერესებდა, გამოთავისუფლებულ დროში კი მხატვრულ ლიტერატურას, ძირითადად, კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებებს კითხულობდა.

უმაღლესი განათლების მისაღებად ბაბუამ უჩა მეზობელ ქვეყანაში წაიყვანა, ამჯერადაც კრიმინალებისგან მისი მოცილების მოტივით. თვეში, სულ ცოტა, ორჯერ მაინც აკითხავდა, ჩაჰქონდა მისთვის ალბათ მთელი თავისი ხელფასი,–არ მოშივდეს და არ დამიჭლექდესო. რა იცოდა ბაბუამ, რომ მისი ნაშრომით თავისუფლებისა და უზარმაზარი ქალაქის ორომტრიალისგან თავბრუდახვეული უჩა და მისი ახლადგამომცხვარი ძმაკაცები „ნაშოჩკებთან” გრიალებდნენ. დეკანატშიც მიდიოდა, ნიშნებს უმოწმებდა და უკმაყოფილო არ იყო – შვილიშვილი აქაც კარგად სწავლობდა.
ვერ გაამართლა ბაბუს იმედები თუ ბედისწერა ჰქონდა ასეთი, ახლა ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია – უჩა ციხეში მოხვდა. მის მიერ სიმთვრალეში ნაცემი ბიჭი პოლიციის მაღალჩინოსნის ვაჟი აღმოჩნდა და ბაბუ სათოფეზე არ გაიკარეს. ასე მიუსაჯეს სამი წელი. ბაბუამ ისღა მოახერხა, რომ ერთი წლის შემდეგ სამშობლოში გადმოაყვანინა სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოსახდელად.
ციხეში თავი ღირსეულად ეჭირა. საპატიმროს ცხოვრებას რეალურად „კანონიერი ქურდები” მართავდნენ, ციხის ადმინისტრაცის მოქრთამვა ადვილად შეიძლებოდა. ნიჭის წყალობით მალევე აუღო ალღო ქურდულ კანონებს და კარგად შეისწავლა კრიმინალური საქმიანობა. პრინციპში, სხვა გზა არც ქონდა – პატიმრობის შემდეგ უმაღლესი განათლების მიღების და ნორმალური სამუშაოს პერსპექტივა აღარ ექნებოდა, შავ მუშად, ან ხელოსნად კი თავადაც არ აპირებდა ყოფნას.
ციხიდან გამოსულს ბაბუა – გარდაცვლილი, სამშობლო კი ომში ჩათრეული დახვდა. ქვეყანაში მეფე კი არა, ქაოსი და ანარქია მეფობდა. ფაქტიურად, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ინგრეოდა, მხოლოდ ეკლესია და კრიმინალური სამყარო ინარჩუნებდნენ სტაბილურობას. უჩა ხედავდა, როგორ სარგებლობდნენ დიდი გავლენით კრიმინალური ავტორიტეტები და დიდი ფულის შოვნასაც ახერხებდნენ. გადაწყვიტა, თავადაც გამხდარიყო ასეთი. ამისათვის „კანონიერი ქურდის” სტატუსი სჭირდებოდა, მის მისაღებად კი ციხეს უნდა დაბრუნებოდა.
უჩამ, კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტის სწრაფად მოსახვეჭად, რომელიმე მაღალჩინოსანი პოლიციელის სახლის გატეხვა განიზრახა. ზაზა ოქროშვილზე გაგონილი ჰქონდა: ქვეყნის მთავარ პოლიცმაისტერთან მისატან ფულს ქალაქის ყველა განყოფილებიდან ის აგროვებს, თანაც სადისტურად სცემს პატიმრებსო და ამიტომაც მის ბინას მიუჩინა მეთვალყურე. დილით, როცა ზაზა და მისი ცოლი სამსახურში იყვნენ, ხოლო შვილები სკოლაში, მერვე სართულზე დინჯად ავიდა. გასაღები კარს მალევე მოარგო. თავიდანვე ეუცნაურა, მაღალი რანგის პოლიციელის ბინას ფარღალალა ხის კარი და მორყეული საკეტი რომ ჰქონდა, შიგნით შესული კიდევ უფრო განცვიფრდა: ერთოთახიანში ცოლ–ქმარი უკვე მოზრდილი ქალ–ვაჟით როგორ ეტეოდნენ? ხმარებისგან გაცვეთილი ძველი ავეჯი, იაფფასიანი ფარდები, ჭურჭელი და ლოგინი, ჭაღის მაგივრად – ნათურა... კედელზე შავ ჩარჩოში ჩასმული სურათიდან თორმეტიოდე წლის ანგელოზისსახიანი ბიჭუნა უმზერდა. სავარაუდო სამალავის მოსაწყობად ვარგისი ყველა ადგილი შეამოწმა, ბალიშები და ნალები დაფატრა, მაგრამ ფულის კვალს ვერ მიაგნო. მხოლოდ ბავშვის ყულაბაში მოჩხრიალე ხურდები და სამი დოლარი იპოვა კომოდზე დატოვებულ წერილზე: „ლაშა, შვილო, ამით პური და ძეხვი იყიდეთ, სამზარეულოში სადილია, გაითბეთ და ჭამეთ. დედიკო”. სამზარეულოში გავიდა და ქვაბში ჩაიხედა – უხორცო წვნიანი იყო. უჩა მორყეულ სკამზე ჩამოჯდა და დაფიქრდა: ეს ბინა ნამდვილად ოქროშვილის იყო – საოჯახო ფოტოზე ზაზა ვიცე–პოლკოვნიკის სამხრეებით იყო გადაღებული, ასე ღარიბულად რატომ უნდა ეცხოვრა? როგორც ჩანს, ოქროშვილი ცოლ–შვილთან ფულს არ აჩენდა და სიღარიბეში ხდიდა სულს ოჯახს, ხოლო ავაზაკების გარეთ გაშვებისა და მათ მაგივრად უბრალო ხალხის ციხეში ჩაყრის სანაცვლოდ ქალაქის პოლიციელებისგან აკრეფილ დიდძალ ფულს, რომლიდანაც მოზრდილი წილის ჩაჯიბვა შეეძლო, ალბათ სადმე საყვარელთან ინახავდა. უჩამ თვალი მოავლო თავდაყირა დაყენებულ ბინას და შვილმკვდარი დიასახლისი შეებრალა, რომელსაც ეს არაკაცი თვის ბოლოს პოლიციელის ხელფასის მცირე ნაწილს თუ ჩაუთვლიდა. უჩამ ჯიბიდან საფულე ამოიღო, მთელი თანხა, რაც მასში ჰქონდა – სამას ოცდაათი დოლარი კომოდზე წერილს დაადო, რომელსაც მარცხენა ხელით ქვეშ მიაწერა „ბოდიშს გიხდით, ქალბატონო.”
ორი კვირის შემდეგ უჩამ დაადგინა ოქროშვილის საყვარლის ვინაობა და მისი ბინა პირწმინდად გაასუფთავა. პოლიციელების “ობშიაკსაც” მიაგნო ნახატის უკან ჩაშენებულ მცირე სეიფში, რომელიც კედლიდან გამოანგრია და, ლამაზად შეფუთული, ბიჭებს მანქანაში ჩაატანინა. ერთი დოლარიც კი არ მოაკლო, ისე გადასცა ქურდების ხაზინდარს ნადავლი.
რამდენიმე ყაჩაღობის შემდეგ უჩას მიერ შექმნილი ჯგუფი დააკავეს და, რამდენადაც ქრთამისათვის საჭირო ფული არც ერთს არ გააჩნდა, მოსამართლემ ყველას კანონის მთელი სიმკაცრით შეუფარდა სასჯელი. ქურდებმა ნიჭი და მონდომება დაუფასეს და უჩა მალევე აკურთხეს „კანონიერი ქურდად”. რამდენიმე წელიწადში თავის “საძმოში” უკვე იმხელა ავტორიტეტი მოიპოვა, რომ „ზონის მაყურებლის” საპასუხისმგებლო საქმე, ანუ კოლონიის მართვის სადავეები უჩას ჩაბარდა, მიუხედავად მისი ახალგაზრდა ასაკისა. საპყრობილეებში გატარებულმა წლებმა ბევრი რამ გადააფასებინა და ნაადრევად დააბრძენა, რელიგიასაც ეზიარა.
–წლების განმავლობაში ყოველ დღე ერთი და იგივე, მხოლოდ ნაძირალების სიფათები იცვლებიან,– უთხრა მის სანახავად მოსულ ბირთველს, როცა პირისპირ დარჩნენ,– პერიოდულად ჩამოვუვლი–ხოლმე ამ მოძალადეებს, მკვლელებს, პათოლოგებს და ვცემ: ამათზე ხომ მხოლოდ შიშის ფაქტორი მოქმედებს. სხვაგვარად წესრიგს ვერ დავამყარებ. წარმოიდგინე, დილის ლოცვისას, შემოეხეტება რომელიმე ნარკუშა საკანში და გამოთაყვანებული მეკითხება: არ გაიკეთებო? რა ჭკუაზე დადგები ამ დროს?! მაგრამ ვუძლებ, ვცდილობ კაცად დავრჩე და მხეცად არ ვიქცე.
–ჰო, მძიმე ჯვარი გერგო სატარებლად. მთელი ცხოვრება საზოგადოების ნაგავის გარემოცვაში, თუნდაც მათზე მაღლა იდგე – საშინელებაა.
–მხოლოდ ბავშვობის მოგონებები მაქვს, მერე კი – სულ ციხე, ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს ამქვეყნიური ჯოჯოხეთი აღარასოდეს დასრულდება... მხოლოდ წიგნის კითხვისას ვახერხებ მისგან დროებით თავის დაღწევას.
წასვლისას ბესომ ჰკითხა, ხომ არაფერი გჭირდებაო.
–თუ საშუალება გექნა, აკუტაგავა და სტრინდბერგი გამოატანე ვინმეს.
ბავშვობის მოგონების მეშვეობით მეგობრებს შორის ხელახლა გაბმული ძაფები ციხიდან გამოსასვლელი რკინის კარის მიბრახუნებამ გაგლიჯა. ისინი კვლავ ორ სხვადასხვა სამყაროში აღმოჩნდნენ. დამშვიდობების ნიშნად უჩამ გისოსების უჯრედებს შორის ხელის თითები გამოყო. ბესომ ეს ჟესტი საპყრობილიდან თავისუფლებისაკენ სწრაფვის სიმბოლოდ აღიქვა. თვალებიდან უნებურად გამოჟონილი ცრემლი უჩასთვის რომ არ დაენახვებინა, გარეთ გამოვარდა.
მეორე სასჯელის მოხდის შემდეგ უჩა მეგობართან შეხვედრას თავს არიდებდა. ფიქრობდა, ჩემთან ურთიერთობის გამო სამართალდამცავები ალმაცერად დაუწყებენ ყურებას და რამე არ მოუწყონო. მეტროში ბირთველი რომ დაინახა, ბავშვივით გაუხარდა, უნდოდა მაშინათვე მივარდნოდა და გადახვეოდა, მაგრამ გამოცდილებამ თავისი გაიტანა, შეჩერდა და უცდიდა რომელიმე სადგურში მის ჩასვლას. ვაგონის მოპირდაპირე მხრიდან ნაცნობი სახე თანდათან მოიწევდა. იცნო – ვახტანგი იყო, ჯიბგირი. ციხეში ამ ფლიდ ადამიანს მხოლოდ პროფესიული ეთიკის გამო იტანდა და სულ ეჭვობდა, პოლიციასთან იქნება შეკრულიო, თუმცა ვერაფერში გამოიჭირა. იფიქრა, ალბათ მგზავრებს ჯიბეებს უსუფთავებსო. ვახტანგი ისე გასცდა რამდენიმე მგზავრს, მათი ჯიბეებისა და ჩანთებისკენ ხელი არ გაუცურებია. ამან დააეჭვა და დაკვირვება დაუწყო. მხოლოდ მაშინ შენიშნა ვახტანგის ხელის სწრაფი მოძრაობა, როცა ის ბესოს ზურგსუკან მოექცა. ვახტანგი პირველივე გაჩერებაზე გაქრა ვაგონიდან. „სხვა ჯიბეები არ გაუსინჯა, მხოლოდ ქურთუკის გარე ჯიბე, საიდანაც არაფერი ამოიღო”,-კიდევ უფრო შეფიქრიანდა. აღარ დაელოდა ბესოს გასვლას ვაგონიდან, მივიდა და როცა დიდი ხნის უნახავი მეგობრები ერთმანეთს გადაეხვივნენ, ქურთუკის ჯიბეში შეუცურა ხელი. ნაჭერში გამონასკვული ამპულები იგრძნო. ასე ექიმი არ შეინახავდა წამალს, ესე იგი, ვახტანგმა ჩაუდო. ამპულები მეგობარს ამოაცალა და სასწრაფოდ დაემშვიდობა, მეჩქარებაო, – მოუბოდიშა.
ბესომ გაგებითა და დანანებით შეხედა ვაგონიდან გასულს. ის კი ვეღარ შენიშნა, რომ უჩამ სხვა ვაგონში გადაინაცვლა და უკან გაჰყვა გამოსვლისას. ესკალატორიდან ფეხი გადმოდგა თუ არა, ბესოს ორი პოლიციელი ეცა და ხელები დაუჭირეს. მოწმეების თანდასწრებით გაჩხრიკეს. ვერაფერი უპოვეს, მოუბოდიშეს, სხვაში შეგვეშალეთო და გაუშვეს.
ამ სცენას, უჩას გარდა, დანიც უმზერდა დაჟინებით. ის სასიამოვნოდ გაოცდა: ბესო არ იმსახურებდა ციხეს, ამიტომ დანი ამას არ დაუშვებდა, მაგრამ მეგობრული სიყვარული მასზე ძლიერი და მსწრაფლშემწე ყოფილა.
იმ საღამოს, თითქმის ერთდროულად, ორი პაციენტი მიიყვანა სასწრაფო დახმარებამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში. ავარიაში მოყოლილი, ძვლებდამსხვრეული მაიორი პატარძალიშვილი ამტკიცებდა, რომ მის მანქანას ქუჩაში გადმოსული ხე დაეჯახა, მის აგენტს კი, პროქტოლოგებმა, ანუსიდან შამპანურის ბოთლის ნამსხვრევები ამოაცალეს.

VI. თევზი თავიდან ყროლდება

დანმა პავლე და დორა ქალაქის პარკში, კაფეში დაპატიჟა. ზაფხული იყო და მაგიდები ღია ცია ქვეშ განეთავსებინათ. ქუჩაში ცხელოდა, ასწლოვანი მუხების ჩრდილში კი სასიამოვნო სიგრილე იყო და გულახდილი საუბრისთვის განაწყობდა. დორასთვის წვენი და ნამცხვარი შეუკვეთეს, კაცებმა კი ლუდისა და შებოლილი თევზის გასინჯვა ისურვეს. ოფიციანტმა შეკვეთა მოართვათ თუ არა, პავლემ თევზს თავი წაატეხა და უყნოსა, რაც იმით ახსნა, რომ თევზის გაფუჭების პროცესი პირველად მისი თავიდან იწყება და მერე ვრცელდება სხეულზე.

–„თევზი თავიდან ყროლდებაო”, ჩვენში ასეთ გამონათქვამსაც გაიგონებთ, რითაც იმას მიანიშნებენ, რომ ხელმძღვანელის უვარგისობა ხალხსაც აფუჭებს.
–მე გავიარ–გამოვიარე თქვენს ქალაქში და თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებ, რაც ვნახე და მოვისმინე, თქვენს ხელისუფლებას ხრწნა, კარგა ხანია, რაც შეპარვია,–გაიღიმა დანმა.
პავლემ მოყოლა შორიდან დაიწყო: „წაგებულმა ომმა ჩვენი სამეფო დანგრევის პირას მიიყვანა. ხალხი სიღატაკისგან გმინავდა და მეტის ატანა აღარ შეეძლო. მინისტრებიდან დაწყებული, ყველაზე პატარა მოხელით დამთავრებული – ყველა ხაზინიდან მოპარვას ეშურებოდა, ვისაც რაზე მიუწვდებოდა ხელი. კანონები იწერებოდა და ქაღალდზევე რჩებოდა. სოკოებივით მომრავლებული ოპოზიციური ჯგუფები, თავს პარტიებს რომ უწოდებდნენ, მასებში მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდნენ, რომ უუნარო მეფის გარდაუვალი დამხობის შემდეგ ხელისუფლების ტორტიდან მსუყე ნაჭერი მიეღოთ.
ქალაქის ახლანდელი პრეფექტი მაშინ უბრალო მეწაღე იყო. უმაღლესში სწავლობდა ტყავის დამუშავების ტექნოლოგიას, მაგრამ დიპლომი ვერ აიღო – უმუშევრად დარჩენილმა მშობლებმა ბოლო კურსზე მისი შენახვა ვეღარ შეძლეს. ჩამოვიდა და ტუფლების შემოკერებაში აღებული ფულით არჩენდა ოჯახს.
დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლები რომ დაიწყო, შეკრიბა ათიოდე ახალგაზრდა და მეფისნაცვლის გადადგომის მოთხოვნით, მისი რეზიდენციის კიბეებზე შიმშილობის აქცია წამოიწყო. ხალხი ჩუმ–ჩუმად იცინოდა, დღე მინერალურ წყალს სვამენ, ღამღამობით კი, კუპატებითა და ხინკლით ძღებიან და არყით იბრუჟებიანო. სეირის საყურებლად ჯგუფ–ჯგუფად მაინც დავდიოდით.
მეწაღეს ბევრი ეუბნებოდა: მეფისნაცვლის გადადგომას რა აზრი აქვს, მთავარი მონარქიის დამხობააო, მაგრამ ის ყურს არ იბერტყავდა. სიდუხჭირის მიზეზს ხალხი ლიმუზინებით მოსრიალე მეფესა და მის მთავრობაში ხედავდა, ამიტომაც დაგროვილ ბოღმას მეგაფონებში ყვირილით ანთხევდა.
აქციაზე ტრიბუნას ყველას უთმობდნენ, ვინც კი მეფის ლანძღვას მოისურვებდა. მოსაღამოვებულზე სოფლიდან ამოსულ მოხუც ქალსაც დააჭერინეს ხელში მეგაფონი. საერთო აღტკინებით აყვირებული, “წავიდეს მეფისნაცვალის” ძახილში უცებ მოცელილივით დაეცა, –გული გასჩერებიყო.
მეწაღემ აქცია არც ამის შემდეგ შეწყვიტა. პირიქით, დაღუპული ორატორი ტირანიის მსხვერპლად გამოაცხადა. ამის შემდეგ მეფისნაცვალს “მკვლელო, მკვლელო!”–ს ძახილით ხვდებოდნენ. ბუნებით მშვიდმა ადამიანმა, ეს ვეღარ აიტანა და გადადგომაზე პატაკი დაწერა. მეწაღე გამარჯვებას ზეიმობდა.
ცოტა ხანში მეფე დაამხეს, მისი ძეგლები, ყველგან, პოსტამენტებიდან გადმოყარეს. მეწაღე პრეფექტად დანიშნეს. მანამდე შიმშილისგან გაძვალტყავებულს, მალე ღაბაბი ჩამოეკიდა. სავარძელში ჯდომამ, ყოველდღიურმა მუქთა ღრეობამ გვარიანი ღიპითაც დააჯილდოვა. პრეფექტობისას ნაშოვნი ფულით ნაყიდ სახელმწიფო უნივერსიტატის დიპლომში ეკონომისტის კვალიფიკაცია ჩაიწერა – ტექნოლოგობა აღარ იკადრა. სახლი ევრორემონტით და ანტიკვარული ავეჯით დაამშვენა. აქაური პატარძალი აღარ შეეფერებოდა და ცოლად დედალაქიდან, შეძლებული ოჯახის ქალი ითხოვა.”
რევოლუციას მიტმასნილი და პრეფექტთან ერთად ხელისუფლებაში ამოტივტივებულების შესახებაც მრავალი ამბავი მოყვა პავლემ. დორა გაოცებული უსმენდა – ის ხომ ამ ქალაქში, სხვაგვარი, ზღვისპირა ლაღი ცხოვრების შემდეგ გამოექცა ომს.
–ვფიქრობ, დროა, სასამართლო გავმართოთ. ჩვეულებრივი კი არა, – დანმა ჩაიცინა, –არაამქვეყნიური... ღორობა ყველას რომ არ გადაედოს, ვირუსივით.

VII. Dura Lex, sed Lex! *

დანმა ქალაქის სასაფლაოს ჭიშკართან სამხედრო ფორმებითა და ვეებერთელა სარკეებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი მოაყენა. პავლეს ნახაზები მისცა და მათ მიხედვით სასაფლაოს კედლებზე სარკეების დამონტაჟება დაავალა.
–აქ, დღეს ხელს არავინ შეგიშლის, დაღამებამდე მზად იყოს!
ჰორიზონტიდან ამოგორებულ დიდ, სავსე მთვარეს მოწითალო ფერი დაჰკრავდა. პავლე მუშაობას მორჩა. მის მიერ დაყენებული სარკეები სწორ ექვსკუთხედს ქმნიდნენ.
შუაღამის დადგომას ცოტაღა აკლდა, როცა დანი გამოჩნდა და სასაფლაოს ცენტრში დადგა. მოშორებით მდგომი საცხოვრებელი სახლების მხრიდან, ღამის სიჩუმეში, კარგად ისმოდა ხმები. სადღაც საათმა თორმეტჯერ ჩამოჰკრა. დანმა ხელი აღმართა და ბრილიანტის სამკუთხა პრიზმა მთვარეს მიუშვირა. წახნაგებიანი ქვა ისე აკიაფდა, თითქოს ღამის მნათობისგან მომავალი მთელი ფერმკრთალი ნათება შთანთქაო. მისგან გამომავალი, ლაზერივით უწვრილესი სხივი ერთბაშად აირეკლა სარკეებში. დანის გარშემო, თორმეტი საფლავიდან ამოხეთქილმა კუბოებმა ჰაერში კამარა შეკრეს და სატვირთო მანქანაზე დალაგდნენ. დანი და პავლე კაბინაში ჩასხდნენ და ათიოდე წუთში ქალაქის სასამართლოს მიადგნენ. დანმა მცველები ღრმა ძილში ჩაძირა, ასე რომ მათ არ დაუნახავთ, როგორ გადაიცვეს ჩონჩხად ქცეულმა მიცვალებულებმა “სპეცნაზის” სამოსი და ნიღბები, გადაასხდნენ საკუთარ კუბოებს და, შენობის წინ ერთ მწკრივად განლაგებულები, ბრძანების მოლოდინში ჰაერში გაირინდნენ.
მთვრალ პრეფექტს ორსული მეუღლის გვერდით ის–ის იყო ჩასთვლიმა, რომ მისი საძინებლის ფანჯარა გაიღო და ოთხმა სპეცრაზმელმა ის, ხელ–ფეხით ატაცებული, სასამართლოსკენ გააფრინა.
ამ დროს ერთ–ერთი სახლიდან ქალის კივილის ხმა მოისმა. ეს ქალაქის საგადასახადო სამსახურის უფროსის საყვარელი წიოდა, რომელსაც ზედდამხობილი შიშველი კაცი ააცალეს და ფანჯრის გისოსებს შორის უხმაუროდ ცისკენ გააძვრინეს. კივილი უმალვე შეწყდა – მომტაცებელთაგან ერთ–ერთმა ნიღაბი მოიხსნა და ქალი გულწასული მიესვენა ბალიშს.
მთავარი მიწათმომწყობი რესტორნიდან საკუთარი ავტომობილით ბრუნდებოდა. გზამ და მის გასწვრივ გამწკრივებულმა ხეებმა თანდათან ზომებში კლება რომ დაიწყო, თვალები მოისრისა, მაგრამ საჭე ვეღარ დაიმორჩილა. გაიოზმა მიმოიხედა და როცა მანქანის ოთხივე ბორბალთან მფრინავ კუბოებზე გადამჯდარი ჩონჩხები დაინახა, რომლებიც მის მანქანას მიაქანებდნენ, მიღებული შოკისაგან გაშეშდა.
მოსამართლის ტრიბუნა ჯერ ცარიელი იყო, როცა სამივე განსასჯელი გალიებში მოათავსეს. სპეცრაზმელებმა სამხედრო ფორმები გაიძრეს და ნაფიცი მსაჯულების ადგილები დაიკავეს. მათგან ყველაზე კომიკურად თეთრი კაბის, შლაპისა და ვუალის ნარჩენებში გამოწყობილი ის ჩონჩხი გამოიყურებოდა, რომელსაც გრძელი “დამსკი” სიგარეტი კბილებში გაეჩარა და მისთვის სანთებელით ცეცხლის წაკიდებას უშედეგოდ ცდილობდა. დანარჩენები წყნარად ისხდნენ.
გალიების პირდაპირ, პროკურორის მაგიდასთან, ადგილი პავლემ დაიკავა, რომელსაც ჰალსტუხის მაგივრად სახრჩობელის თოკის ყულფი ჩამოეკონწიალებინა. თვალებახვეული, ნახევრად შიშველი დორა, პინებიანი სასწორით ხელში, კუთხეში მდგომი მცირე შემაღლებიდან გაქვავებული დასცქეროდა დარბაზს.
დარბაზში ორი კაცი იჯდა. ექიმი ბესიკ ბირთველი და “კანონიერი” ქურდი უჩა. გაოცებისაგან ხმაწართმეულები ხან ერთმანეთს შესჩერებოდნენ, ხან სასამართლოს დარბაზს ათვალიერებდნენ და ვერაფრით მიმხვდარიყვნენ, მყისიერად როგორ აღმოჩნდნენ ამ უცნაურობაში.
–Stand up, Суд идет! –კედლებიდან მჭექარე ხმა შემოიჭრა და ყველანი ფეხზე წამოყარა.
მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი დანი მძიმე ნაბიჯებით შემოვიდა.
-შეგიძლიათ დასხდეთ, ბატონებო! სასამართლო განიხილავს საქმეს “კანონი ქალაქის მმართველთა წინააღმდეგ”,– გამოაცხადა დანმა.
-რა კანონი, რომელი კანონი, ვაბშე ვინ ხართ?- გამოერკვა ნიფხვისამარა პრეფექტი.
-Shut up, козел! სასამართლოს უპატივცემულობისათვის საკუთარ მძღნერში ჩაგახრჩობ! - ისე დაჰყვირა დანმა, რომ დანარჩენებს ხმის ამოღების სურვილი უმალ გაუქრათ, – ეს კანონი სამყაროს შექმნის მომენტიდან მოქმედებს და მას მე განვასახიერებ. თქვენი უხვეულო ტვინებისათვის გასაგები რომ იყოს: ყველაფერი, რასაც კი გაიფიქრებთ, იტყვით ან მოიმოქმედებთ, ბუმერანგივით უკან გიბრუნდებათ, ამ კანონით დადგენილი წესებისა და ვადების შესაბამისად, რომელთაც თქვენი აზროვნება ვერ სწვდება, – ქედმაღლურად განმარტა დანმა და პავლეს მიუბრუნდა,–ახლა კი საქმეს შევუდგეთ. რაში ედება ბრალი ამ სამ პირს?
-ადამიანების მიმართ უსულგულობაში. გერასიმე ქალაქის საგადასახადო სამსახურის უფროსად დიდი ხანია მუშაობს, ჯერ კიდევ მეფის დროიდან. მეწარმეებს საგადასახადო წესების დარღვევას აბრალებს და ისეთ ჯარიმებს აკისრებს, რომელთა გადახდა არ ძალუძთ. გადასახადებისა და ჯარიმების შემცირებისთვის კი მათგან ქრთამს იღებს.
-კონკრეტულად?
-მისი ბოლოდროინდელი აქტივობით დავიწყებ: ერთ–ერთ პატარა მაღაზიას მხოლოდ იმიტომ შეუგზავნა საგადასახადო პოლიცია, რომ მისი მეპატრონის და ოპოზიციონერი ლიდერის შეხვედრას დაესწრო. ჯარიმა იმხელა იყო, რომ მეწარმემ, მის გადასახდელად, ციხეში რომ არ ჩაესვათ, მაღაზია გაყიდა, მერე კი ოჯახიანად უცხოეთში გადაიხვეწა. ბირთველის კლინიკას, რომელსაც ჯერ მუშაობა არ დაუწყია, ჯარიმა დააკისრა და ქონება დაუყადაღა – ექიმი აქ არის და დაგიდასტურებთ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ასე ულმობლად არ იქცევა ყველას მიმართ. მაგალითად, პოლიციის უფროსის ბენზინგასამართ სადგურს იმის ნახევარსაც არ ახდევინებს, რაც კანონით ეკუთვნის. გავაგრძელო?
-არ არის საჭირო, გასაგებია. რას იტყვით თავის გასამართლებლად, პატივცემულო?
გერასიმე სარცხვინელზე ხელებაფარებული წამოდგა.
–მე რატომ მაბრალებთ, მაგას „ზემოდან” მავალებენ და თუ ყოველთვიურად “სტავკა” არ მივუტანე უფროსებს, მომხსნიან,– ამოიკნავლა.
–ეგ თავის გასამართლებლად არ გამოგადგება. ორმოცდაათი წლის კაცმა უნდა იცოდე, რომ ჩვენს ზემოთ, – დანმა ხელები ცისკენ აღაპყრო, – მხოლოდ შემოქმედია და არა ადამიანები. რას იტყვიან ნაფიცი მსაჯულები? დამნაშავეა?
მსაჯულებმა ერთდროულად დაიქნიეს თავის ქალები თანხმობის ნიშნად და კისრის მალების ისეთი ღრჭიალი გაისმა, რომ ყველას, დანის გარდა, თმები ყალყზე დაუდგა.
–რაში მდგომარეობს გაიოზ მიწათმომწყობის დანაშაული?
– გლეხებს ის სათიბები და საძოვრები ჩამოართვა, სადაც ტრანსევრაზიულ ნავთობსადენს უნდა გაევლო, პრეფექტისა და თავის ნათესავებზე გააფორმა. ასე მოიქციეს მუცელში მშენებელი კომპანიის მიერ ამ მიწებზე გაცემული საკომპენსაციო თანხები – ასიათასობით დოლარი. ბოლოს ერთ კაცს სახელმწიფო მიწა კანონდარღვევით მისცა იჯარით და როცა მან ოპოზიციასთან მიკედლება გაბედა, თავადვე დაასმინა გამომძიებელთან. ამით თვითონ ციხეს გადაურჩა, იმ ფერმერს კი ხუთწლიანი სასჯელი აჰკიდეს.
–პრეფექტმა დაგავალა თუ მარტო შენი ვაჟკაცობაა?–ჩაეძია დანი მიწათმომწყობს.
–ერთად მოვიფიქრეთ,–გამოტყდა ნირწამხდარი გაიოზი.
–შენზე ამბობენ, დიდი გურმანიაო?
–გემრიელი კერძების სიყვარულიც ცოდვაა?
დანმა არაფერი უპასუხა.
–დამნაშავეა?
მსაჯულებმა კვლავ ააჭრიალეს კისრები, თანხმობის ნიშნად თავის ქნევისას.
–პრეფექტი რაშია დადანაშაულებული?
–ფინანსისტ ოთარას ჯერ უკანონო გადარიცხვების გაკეთება დააძალა, მას მერე კი ამ კომპრომატებით აშანტაჟებს და ქალაქის ბიუჯეტს საკუთარი ჯიბესავით იყენებს. როგორც დიპლომირებულ ეკონომისტს, კარგად მოეხსენება, რომ ბიუჯეტის არსი „მდიდარს ართმევს – ღარიბს აძლევს” პრინციპში მდგომარეობს, მაგრამ რაც მაგ სკამზე დაჯდა, არც ერთ გაჭირვებულს არ დახმარებია. გამონაკლისებსაც აკეთებს, რა თქმა უნდა: პარლამენტის წევრის ნათესავებს სანატორიუმში მკურნალობის ხარჯები დაუფინანსა. ქალაქის ხარჯზე მოიწყო ცხოვრება და თუ ვინმე მის მხილებას გაბედავს – ციხეში ისტუმრებს.
–ასე გამოდის, ღარიბ–ღატაკებისათვის განკუთვნილ ფულს იპარავს... უჩა, შენ ღარიბებს პარავ თუ მდიდრებს?
–უქონელს რა გააჩნია, რომ მოვპარო? არაპატიოსანი გზით გამდიდრებულ მელეხებს თუ მოვპარავ, ღმერთი ალბათ არ მიწყენს...
–გიწყენს! – გააწყვეტინა დანმა. შენმა ღმერთმა ხომ გითხრა: “არა იპაროო”?! გამონაკლისები ყურში თუ გიჩურჩულა, ჩვენც გვითხარი,–გაეცინა დანს. უჩა შეფიქრიანებული დაჯდა.
პრეფექტმა დორას გახედა და თავის მართლება ვეღარ გაბედა. ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს.
–სასამართლო გადის განაჩენის გამოსატანად. ყველა თავ–თავის ადგილზე დააბრუნეთ! – გამოაცხადა დანმა.
... დილით, ძილისაგან გამოფხიზლებული სამივე ბრალდებული იმას ფიქრობდა, ეს რა კოშმარი დამესიზმრაო.
გერასიმემ პირი დაიბანა და წვერის გასაპარსად მოემზადა. სარკეში რომ ჩაიხედა, გაოგნებისაგან დაბარბაცდა – თავის ორივე მხარეს ციკნის რქები ამოზრდოდა. სირცხვილით ექიმებსაც ვერ ეჩვენა და მას შემდეგ ქუდმოხდილი არავის უნახავს. ამიტომაც ვერ შედის ეკლესიაში – იქ ხომ მამაკაცს ქუდმოუხდელად არ შეუშვებენ.
გაიოზ მიწათმომწყობმა საუზმის პირველი ლუკმა რომ გადაყლაპა, პირში მიწისა და ჩალის გემო იგრძნო. ცოლს შეუკურთხა და რესტორანში წავიდა. იქაც იგივე დაემართა. სამედიცინო კონსილიუმმაც ვერაფერი გაუგო – ფსიქიატრს მიმართეთო, ურჩიეს.
პრეფექტის ცოლმა მშვიდობით მოილოგინა. პედიატრის ნათქვამმა სიხარული ჩაუმწარა – ახალშობილი დაავადებული დაიბადა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მუდმივად უნდა ემკურნალათ. მკურნალობა კი ძვირი ღირდა. ასეთ ხარჯებს პატარა ქალაქის ბიუჯეტი ალბათ გასწვდებოდა. მთავარია, პრეფექტის თანამდებობიდან არ მოეხსნათ.
------------------------------------
* (ლათ.) კანონი მკაცრია, მაგრამ კანონია

VIII. ერთი მერცხალი?

ელგუჯამ სახლიდან გამოსვლის წინ ლოგინად ჩავარდნილ მეუღლეს დახედა და გული ცრემლით დაენამა. უკვე ერთი წელია, რაც მისი ცხოვრების ერთგულ თანამგზავრს და შვილებზე გადაყოლილ დედას ინსულტმა ცალ მხარეს ხელ–ფეხი დაუდამბლავა და ლაპარაკის უნარი წაართვა. მდგომარეობა დღითი–დღე უარესდებოდა, მკურნალობა ვერაფერს შველოდა. მივიდა, შუბლზე ეამბორა. ავადმყოფმა ძალა მოიკრიბა და მიმიკით რაღაც ანიშნა. ელგუჯამ მის მზერას თვალი გააყოლა და მაგიდაზე საწერ–კალამი დაინახა. “იქნებ რამე უნდა დამიწეროს?” კალამი ხელში დააჭერინა, ფურცელი მოუმარჯვა. ნელ–ნელა, გაჭირვებით მოხაზა ავადმყოფმა ასოები. აცაბაცა ნაწერში ელგუჯამ გაარჩია: „მიყვარხარ. ისეთი არაფერი გააკეთო რომ საიქიოში ვიდარდო”.
–გპირდები, საყვარელო! საიქიოშიც ერთად ვიქნებით...–დაამშვიდა მომაკვდავი, ფურცელი პიჯაკის გულის ჯიბეში ჩაიდო და მუნიციპალიტეტის საბჭოს სხდომაზე გულდამძიმებული წავიდა, სადაც მასთან ერთად სხვა სამსახურების უფროსებიც იყვნენ დაბარებულები. ოფიციალურად, პრეფექტს ის არ ემორჩილებოდა – მხოლოდ სატყეო დეპარტამენტთან იყო ანგარიშვალდებული, მაგრამ თათბირებსა და სხდომებს, თავაზიანობის გამო, ყოველთვის ესწრებოდა. ყველაზე მწვავე საკითხი, რაც დღეს უნდა განეხილათ, სამთო კომპანიის მიერ სამების მთაზე მანგანუმის მოპოვება იყო. ელგუჯა ამ მთის სიახლოვეს გაშენებულ სოფელში გაიზარდა და თითოეულ ხეს ბავშვობიდან იცნობდა ისევე, როგორც რაიონის მთელ ტყეებს. მთელი ცხოვრება მათ მოვლა–პატრონობაში ჰქონდა გატარებული, ბოლო ათწლეული სატყეო მეურნეობის უფროსად მუშაობდა და იმით ამაყობდა, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ერთი ჯანმრთელი ხეც კი არ მოჭრილა საშეშედ.
საბჭოში ასაკით ყველაზე უმცროსი, ბესიკ ბირთველი დერეფანში იდგა და იქ მოტრიალე ხალხს აკვირდებოდა. საბჭოს წევრები სათითაოდ შედიოდნენ პრეფექტის კაბინეტში და იქიდან დაძაბული სახეებით გამოდიოდნენ. ამის შემხედვარე ბირთველი სულ უფრო და უფრო იქუფრებოდა. „ჯერ ოცდაათისაც არ არის და მუნიციპალიტეტის ინტრიგების არაფერი გაეგება. სჯერა, რომ კარიერული წესით ამოღებისას გარემო მძიმე ელემენტებით დაბინძურდება და ჩვენი ქალაქის მოსახლეობას დააავადებს, მაგრამ პრეფექტის მიერ დაზომბირებულ საბჭოს ვერ დაარწმუნებს,”–დაასკვნა ელგუჯამ. სამების მთაზე ახალი კარიერის ამოღებას ოციოდე უზარმაზარი წიფელი უნდა შეეწირა, მათ მოჭრაზე ნებართვის გაცემა, პრაქტიკულად, მხოლოდ ელგუჯაზე იყო დამოკიდებული: დეპარტამენტის ხელმძღვანელთან სტუდენტობის დროიდან მეგობრობდა და თუ ელგუჯა წინააღმდეგი წავიდოდა, პრეზიდენტის ზურგის მქონე თავმჯდომარეს ნებართვის გაცემაზე ვერავინ დაიყოლიებდა. მაგრამ ეს პრეფექტისა და მისი ხროვის გადამტერების ფასად დაუჯდებოდა.
სიტყვით გამოსვლის წინ ბირთველმა მოსახლეობის პეტიცია საბჭოს წევრებს გადასცა გასაცნობად. ყალბი, ერთი ხელით შესრულებული, ხელმოწერები მასში წითელი მელნით იყო გადახაზული. ბესომ ემოციურად ისაუბრა, დრო და დრო თვალს წინასწარ მომზადებული ტექსტისკენ აპარებდა, რამე რომ არ გამორჩენოდა.
–მავანმა ჩვენი სურვილი, გვქონდეს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია იმ გარემოს შესახებ, რომელშიც ვცხოვრობთ და ვმუშაობთ, კონსტიტუციის 37–ე მუხლით გარანტირებული ეს უფლება, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატურად გაიგო. იყო მუქარის, ხელის შეშლის, პროვოკაციული ანკესების გადმოგდების, საზოგადოების თვალში დისკრედიტაციის მცდელობები, სხვადასხვა მხრიდან. კონკრეტული ფაქტების დასახელებისაგან ამჯერად თავს შევიკავებ, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ კონსტიტუციურ უფლებებში შეზღუდვა, სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესის შეჩერება შეუძლებელი იქნება ლანძღვა–გინების კორიანტელით, ან პროკურატურაში ჩივილით. მომავალმა განსაჯოს მტყუან–მართალი და ღმერთმა ისე მოუმართოს ყველას ხელი თავის საქმესა და ცხოვრებაში, ბიზნესმენი იქნება ეს თუ მოხელე, როგორი სინდისითაც ის დატოვებს თავის ნამოღვაწარს თუ ნაავკაცარს ამ ქვეყანაში! – რიხიანად დაასრულა ბირთველმა და დარბაზს გადახედა. რამდენიმე დამსწრემ ტაშის დაკვრა დააპირა, მაგრამ პრეფექტს რომ შეხედეს, ნირი წაუხდათ. “დაჩმორებული” სახეების დანახვამ ბესოს გული აუცრუა.
–Una hirunda non facit ver, **- ჩაულაპარაკა ბირთველმა სხდომის მდივანს, როცა გამოსვლის ტექსტი ოქმში ჩასაკერებლად ჩააბარა. მდივანმა ვერაფერი გაიგო და გაოცებული მზერა გააყოლა დარბაზიდან გასულ, ხელჩაქნეულ ბესოს.
პრეფექტმა მთელი თავისი მჭერვმეტყველება მოიხმო იმის დასასაბუთებლად, რომ კარიერების ამოღებით არაფერი დაუშავდებოდა არც სალოცავს და არც ბუნებას. გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვაც ააფრიალა.
ბირთველის გამოსვლის შემდეგ საბჭოს წევრები მაინც ყოყმანობდნენ. ელგუჯას გულთან რაღაც შეუფრთხიალდა. წამოდგა და ყველა მას მიაჩერდა.
–მე არ გავცემ დაპროექტებული კარიერის ტერიტორიაზე ასწლოვანი ხეების მოჭრის ნებართვას. ქვაბულის ამოღებისათვის დაგეგმილი აფეთქებებით ამ მთის უნიკალური ლანდშაფტი დაინგრევა. ჩვენ ეს ბუნება შვილებს უნდა შევუნარჩუნოთ და მომავალში ქალაქი ტურიზმის განვითარებით გაცილებით მეტ შემოსავლებს მიიღებს, ვიდრე ახლა – სამთო კომპანიის გადასახადებით. რას ჩააცივდნენ ამ წმინდა მთას – ჩვენს რაიონში სხვა საბადოებიცაა. თუ ძალიან უნდათ, მთის ნგრევას თავი დაანებონ და გვირაბის მეშვეობით ამოიღონ მადანი.
–მართალია, მართალი!..– აყვნენ საბჭოს წევრები.
პრეფექტს სახე გაუშავდა, წამოხტა და თავის კაბინეტში გაიჭრა.
–თუ მასეა საქმე, გვირაბით ამოვიღებთ, ოღონდ ეს გაცილებით ძვირი დაგვიჯდება და თქვენთვის დაპირებულ წილს დაემშვიდობეთ, – სულხანის ხმაში ბრაზის ნოტები გაკრთა. პრეფექტს ტელეფონიანი ხელი აუკანკალდა.
–ჩემი ცოლი მაინც დაასაქმეთ თქვენთან, – გაუწვა გენერალურ დირექტორს.
–გამოვუძებნით რამეს...
ელგუჯა სახლში დაბრუნდა. ლოგინში მწოლ მის ცოლს სახეზე ფანჯრიდან შემოჭრილი მზის სხივი ელამუნებოდა და არაბუნებრივი სითეთრით ასხივოსნებდა. საოცრად მშვიდი და მომღიმარი შეგებებოდა მრავალნატანჯი ქალი სიკვდილს.
---------------------------------------------
** (ლათ.) ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს

IX. ფსკერი

ბირთველი სხდომიდან პირდაპირ ტაძარში მივიდა – სანთლებს დავანთებ და ეგებ აფორიაქებული სული დავიმშვიდოო. ეკლესიის ინტერიერი სადღესასწაულოდ, ყვავილებით იყო მორთული.წირვა დასასრულს უახლოვდებოდა, სამიოდე მგალობელი ცდილობდა, ხმაშეწყობილად ეგალობა. კანკელის კარი გაიღო, საკურთხეველიდან მღვდელმა ბარძიმი გამოიტანა.
მლოცველთა შორის წლებისგან წელში მოხრილი რამდენიმე ბებო იდგა. ზიარება არავინ დაგვასწროსო, რიგში წინა ადგილების დასაკავებლად მღვდლისკენ გაექანნენ და გარს შემოეხვივნენ, ამ არეულობაში რამდენჯერმე დაეჯახნენ კიდეც. ბიძგებმა მღვდელი შეატორტმანა, ხელში ბარძიმი შეუყანყალდა და მისი უწმინდესი შიგთავსი დაეღვარა. მკვდრისფერი დაედო, ხელისკანკალით დაასვენა ბარძიმი, პირქვე დაემხო და უხმოდ მოთქვამდა. მრევლი გაირინდა.
ბირთველი ეკლესიის ეზოში გამოვიდა და შუაზე გადახერხილი, გრძელი მორისაგან დამზადებულ სკამზე ჩამოჯდა. ეკლესიიდან მაისურსა და ჯინსებში გამოწყობილი დანიც გამოვიდა, ბესოს მახლობლად დაჯდა და გაეცნო. ბირთველს მისი სახე ეცნაურა. გაახსენდა, რომ ეს კაცი, მოსამართლის მანტიამოსხმული, სიზმრად ყავდა ნანახი.
–თქვენ მე სიზმარში გნახეთ, აქაურ ხელისუფალთათვის მსჯავრი უნდა დაგედოთ...
–განაჩენი გამოტანილია და სისრულეშია მოყვანილი, – დანის სარკაზმით ნათქვამიდან ბესომ დასკვნის გაკეთება ვერ შეძლო,– მინდა რაღაც გკითხოთ...
–ბრძანეთ.
–მაინტერესებს, უზენაესის არსებობაში ეჭვი ხომ არ გეპარებათ?
–გულწრფელად გეტყვით, მორწმუნე არ ვარ და მხოლოდ ვცდილობ, ჩავწვდე რელიგიას. ალბათ ეს ათეისტური აღზრდის ბრალია. თუმცა, ჩემი სპეციალობის გამოისობით, ბევრჯერ ვყოფილვარ ისეთი სასწაულების შემსწრე, რაც მხოლოდ ზებუნებრივი ძალების ჩარევით თუ აიხსნება.
–არაორგანული ელემენტების დომხალის „ცხელ ქვაბში” დუღილით ორგანული ნაერთების შექმნის, შემდეგ კი მათი „თვითორგანიზაციით” ნუკლეინის მჟავებისა და ცილების ნატიფი სტრუქტურების წარმოქმნისა გჯერათ? - დანი აშკარად დასცინოდა.
–ამის ალბათობა იმდენად მცირეა, რომ ნულს უახლოვდება.
–მაგის ალბათობა ნულია! თქვენ ეს უნდა აღიაროთ და მხოლოდ ამის შემდეგ გაერკვევით „ზებუნებრივ” მოვლენებში. ვთქვათ, განკაცებული ანგელოზი რომ ნახოთ, იწამებთ?
„ეს კაცი უბერავს თუ მეკაიფება?” - გაიფიქრა ბირთველმა.
თქვენ მას იცნობთ...

ქუჩიდან ბესოს დაუძახეს.
–როგორც იქნა, გიპოვე! – შემოუერთდათ სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელი. აღელვება ეტყობოდა.
–ვაჟა, რა მოხდა, ავადაა ვინმე?
–ერთი ადამიანი რომ იყოს ავად, კიდევ ეშველებიდა, მთელი ბავშვები დაგვიავადმყოფეს! – აღშფოთებული ვაჟა თავს ვეღარ იკავებდა, – წარმოგიდგენია, კრიმინალები სკოლის მოსწავლეებს ფულს სძალავენ, ყველა მოზარდი დააშინეს! ეს რა უბედურებაა...
–მერე და მე რატომ მეუბნები, პოლიცმაისტერისთვის უნდა გეთქვა.
–საქმეც ისაა, რომ პოლიცმაისტერისა და ჟანდარმერიის უფროსის შვილები სძალავენ. ნარკომანებს ჯერ მაგათთვის გამოურეცხავთ ტვინი, ნარდში ფული წაუგებინებიათ, მერე “სოჩიკი” ჩაგირთეთო, ასტრონომიულ ციფრებზე აუყვანიათ ვალი და ახლა, რასაც ავალებენ, უსიტყვოდ ემორჩილებიან.
–მამებმა არ იციან?
–ვუთხარი და არ დაიჯერეს, ჩვენს ბიჭებს რაღაცეებს ნუ უგონებ, სკოლაში საუკეთესო მოწაფეები არიანო, აქეთ შემომიბღვირეს.
–სირაქლემასავით ქვიშაში თავის ჩარგვას გავს, –კომენტარი გაუკეთა დანმა.
–მე რა შემიძლია გავაკეთო?
–უჩა რომ არის, შენი ბავშვობის მეგობარი, მისი სახელით აშინებენ ბავშვებს, ფულიც მასთან მიგვაქვს, „ობშიაკშიო”...
–არა მგონია, უჩას ხელი ერიოს ამ სიბინძურეში. შენ გჯერა?
–რომ არ მჯერა, ამიტომაც გეძებდი.
–მოდი, უჩას ნურაფერს ეტყვით. საბჭოს სხდომამდე შენ რომ ნარკოტიკი ჩაგიდო პოლიციის აგენტმა,– მიუბრუნდა დანი ბესოს, – მასავით სასტიკად დასჯის, ან კიდევ უფრო უარესად, და სულს დაიმძიმებს... ჩვენ თვითონ გავარკვიოთ.
–რა ნარკოტიკი? - გაოცდა ბირთველი.
–არ უთქვამს? კარგია.–დანს ჩაეღიმა, ბესომ ვერაფერი გაიგო.
–აბა, საქმეს მივხედოთ!–ამ სიტყვებთან ერთად დანის სახემ ტრანსფორმაცია მოახდინა. ბესო და ვაჟა საკუთარ თვალებს ვეღარ უჯერებდნენ – მათ წინაშე უჩა იდგა.
–მანქანაც დაგვჭირდება,– დანი სივრცის ერთ წერტილს მიაშტერდა, სადაც ჰაერი თანდათან შესქელდა, შეიმღვრა და რამდენიმე წამში ეკლესიის ჭიშკართან შავად მოპრიალე „ჯიპი” გაჩნდა. ვაჟამ და ბესომ მისი მიმართულებით ჰაერის მსუბუქი ქროლვა იგრძნეს მხოლოდ.
–მძღოლი? თქვენ არ გამომადგებით ამისათვის, –დანმა მიიხედ–მოიხედა და ღობესთან ქუჩის ძაღლი შენიშნა, რომელიც ძვალს ღრღნიდა. მისი მზერის ქვეშ ქოფაკმა ზრდა დაიწყო, ადამიანის ტანი გამოება და სმოკინგით შეიმოსა, – თავი ჰქონდეს, – ჩაიქირქილა დანმა,
ძაღლისთავიანი ავტომობილთან მიიჭრა და მკვირცხლად დაიკავა მძღოლის ადგილი. პირში ძვალი ჯერ კიდევ ეკავა. გალოკა და ცალი ხელით ფანჯრიდან მოისროლა.
–ეს ფოკუსი ატომების გადანაცვლებაში მდგომარეობს, ახლა კი წავიდეთ, ბატონებო, და გავიგოთ, who is who! –დანმა თმააბურძგლული თანამოსაუბრეები სტუპორიდან გამოიყვანა.
დოგ–მენმა ავტომობილი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გააქროლა.
–აი, ისინიც!–ვაჟამ პოლიცმაისტერისა და ჟანდარმერიის უფროსის ვაჟები შენიშნა. მუხრუჭების ღრჭიალზე ბიჭები შედგნენ.
–სალამი „ძველებს”! – უჩას დანახვაზე დაბნეულობა დაეტყოთ, – აბა, ძმებო, აქეთ მოდით.
ბიჭები მორჩილად მივიდნენ მანქანის გამოღებულ კართან.
–რამდენი შეაგროვეთ?-პირდაპირ საქმეზე გადავიდა უჩა–დანი.
–ზუსტად ოთხასი დოლარი.
–ყველამ მოიტანა?
–თითქმის.
–თავისი ნებით გაბარებენ თუ?..
–ღარიბი ოჯახების შვილებს მაშინვე მოაქვთ, როგორც კი ვეტყვით, აი მდიდრები ვინც არიან, იმათ ცოტა წამორტყმა სჭირდებათ, – გაიკრიჭა პოლიცმაისტერის შვილი.
–ფული და „კაი ბიჭების” სია ვის მიეცით?
–„ჩორნას” ვაძლევთ–ხოლმე თქვენთან წამოსაღებად.
ბირთველი პატარაობიდან იცნობდა იმას, ვისაც ბიჭები „ჩორნას” ეძახდნენ. უკუღმა იყო დაბადებული და მშობიარობის მიღებისას მეანმა მხრის ნერვული წნული დაუზიანა. მშობლებმა დროზე ვერ უმკურნალეს და მარცხენა ხელი განუვითარებელი ჰქონდა. დედ–მამას ეცოდებოდა და ანებივრებდნენ, რამაც ბავშვი გაათავხედა. ფიზიკური არასრულფასოვნების კომპლექსის კომპენსირებისთვის, მოზარდობისას, კრიმინალებს მიეკედლა, მათი მეთოდები აითვისა და გარყვნილი ჭკუის წყალობით თავის თანატოლ, რამდენიმე ჯანმაგარ ბეყეს რობოტებივით, „შესტიორკებად” იყენებდა.
დანმა უჩას სააგარაკო სახლის კარი გააღო და ყველას ჰოლში შეუძღვა. ძაღლისთავას უბრძანა:- ეგ „ჩორნა” სასწრაფოდ აქ მომგვარეო, - თავად კი ბარი გამოაღო და კონიაკით გაუმასპინძლდა ბესოს და ვაჟას. პოლიცმაისტერისა და ჟანდარმერიის უფროსის ბიჭები კუთხეში აიტუზნენ.
–Дохляк, блин...– წაუსტვინა დანმა, როცა დოგ–მენმა „ჩორნა” ოთახში ხელისკვრით შემოაგდო, –ეს მახინჯი ატერორებს მთელ ქალაქს ჩემი სახელით?!
ისედაც ჩია ტანის, ნარკოტიკების მიღებისგან გაძვალტყავებული „ჩორნა” შიშისგან მთლად გაილია.
–აბა, სულ რამდენი ფული გადაეცით ამას ჩემთვის გადმოსაცემად? – მიუბრუნდა დანი ბიჭებს.
–ორჯერ სამას–სამასი, ბოლოს კი ოთხასი დოლარი.
–სად არის, „ჩორნა”, ათასი დოლარი?
–მოვიტან...
–რას მოიტან, სად წაიღე–მეთქი, გეკითხები?–დაუღრიალა უჩა–დანმა.
–წამალი ვიყიდეთ ბიჭებმა...– ჩურჩულით ამოიხავლა, –მოვიტან, დავამატებ კიდეც...
–წახვალ და ჩემი სახელით ვინმეს დააყაჩაღებ, არა, შე ნაბიჭვარო?! ვინ მოგცა ჩემი სახელით ბავშვებისთვის ფულის „შეწერების” უფლება, ამოიღე ხმა!
„ჩორნა” შიშისაგან საბოლოოდ დადუმდა, თრთოდა და იცოდა, რაც ელოდა კრიმინალების მგლური კანონებით.
–თქვენ ვინ ყოფილხართ?! – მიუბრუნდა დანი ვაჟას და ბესოს, – ეს ნაგავი როგორ გაშინებთ ყველას?! თქვენი ბავშვები დაამონა, თქვენ ხარჯზე „კაიფობდა” და ამ ქალაქში არავის აღმოაჩნდა იმის შნო, რომ თავის ადგილზე მოესვა?! ამჯერად მე ვიზამ თქვენს გასაკეთებელს, მაგრამ რა აზრი აქვს ისეთი ქალაქის არსებობას, რომელიც თავის მომავალზე არ ზრუნავს და ვიღაც სირებს უხმოდ ემორჩილება...
დანმა ოთახში მიმოიხედა და ბუხართან რკინის მსხვილ საჩხრეკს ჰკიდა თვალი.
–ყოველი მოპარული თუმნისათვის – ერთი როზგი! – გამოაცხადა დანმა და საჩხრეკით ულმობლად დაუწყო ცემა „ჩორნას”, თან ითვლიდა. ის კი ადგილიდან ვერ იძვროდა, ცდილობდა განუვითარებელი ხელის საჩხრეკისათვის შეგებებით მოელბო უჩა–დანის გული. ადამიანს ალბათ შეეცოდებოდა კიდეც, მაგრამ დანი ხომ ადამიანი არ იყო.

X. მაქცია

ზაფხულის მიწურულს მრავალკუთხა, ჩუქურთმიანი ლამპიონებით განათებული პარკის ბებერი ხეების ქვეშ ახალგაზრდული ვნებები ჩქეფდა. ობელისკთან შეჯგუფებული ბიჭების გვერდით ჩავლისას ტანწერწეტა გოგონები თვალნაჭერისკენ გატყორცნილი ელვისებრი მზერით მათში მამრის ცხოველურ ინსტინქტებზე პასუხისმგებელ გენებს აღვიძებდნენ. უკვე დაწყვილებულები, პირველი კოცნის გემოს გასინჯვის მოლოდინის გულისფრიალით, „ბესედკების” ქვეშ შეყუჟვას ამჯობინებდნენ,
-მითხარი, მართლა გიყვარვარ?
-კი.
ფიქრიას პასუხზე ვაჟას ტკბილმა ჟრუანტელმა დაუარა და ისეთი სიმსუბუქე იგრძნო, ეგონა, ჰაერში ფარფატებდა. ღამეები უთენებია იმის ფიქრში, თუ რატომ არ პასუხობდა მის მრავალგზის ნათქვამს: „მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!” იქნებ სხვა უყვარდა? ეჭვებით გატანჯული იხსენებდა მის თაფლისფერ თვალებს, ცდილობდა მათში ღრმად ჩაეხედა, ისე ღრმად, რომ სულში ჩასწვდომოდა და ამოეცნო, რა იმალებოდა ამ მდუმარე სიბნელეში. თვალებს არ შეეძლოთ ტყუილის თქმა, ისინი ხომ ყოველ შეხედვაზე ისეთი ალერსიანი მზერით ათბობდნენ, რეგვენი უნდა ყოფილიყო, რომ არ ეგრძნო. მაშ რატომ არ პასუხობდა აქამდე, რატომ ყლაპავდა ბაგეებთან მომდგარ სიტყვებს, რომლებსაც ვაჟას ცაში ატყორცნა შეეძლოთ? ოთხი წლის ყინული, როგორც იქნა, გალღვა. მთელი ღამე ვაჟა დადიოდა, უფრო სწორად, დაფრინავდა ქალაქის ქუჩებში და გულში მღეროდა: „You’re beautiful, You’re beautiful, You’re beautiful – It’s true…”
ვაჟამ არ იცოდა, რა ტკივილს ინახავდა პატარა გული. როცა შეყვარებული გამოუტყდა, არც მაშინ დაიჯერა, იმდენად შემზარავ ფანტაზიად მოეჩვენა. გაუწყრა კიდეც, – რატომ დამცინი, ან ეგ რამ მოგაფიქრაო. ფიქრია პატარა ბავშვივით ატირდა და გაექცა. ნუთუ ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო? ასეთი რამ მხოლოდ ზღაპრებში და ფილმებში თუ გაგონილა, როგორ შეიძლება, ეს რეალურად ხდებოდეს? არა, მისი შეყვარებული სულაც არ გავდა ბოდვებით შეპყრობილს, ფსიქიურად დაავადებულს. თუმცა, მისი ნათქვამი ბოდვას გავდა: ყოველ სავსემთვარეობას ძუ მგლად ვიქცევი და ვიდრე მთვარე არ ჩავა, ასე დავძრწივარო... ფიქრიამ გულწრფელად უთხრა, ამაში ახლა აღარ ეპარება ეჭვი, მაგრამ იქნებ ეს მხოლოდ მისი ცუდი სიზმარია, რომელიც ბავშვივით დაიჯერა და სინამდვილედ მიიჩნია... უნდა შეამოწმოს, რაგინდ სამასხარაოც არ უნდა იყოს მისი საქციელი ვინმეს თვალში.
მთვარის ავსებამდე ორიოდე დღე იყო დარჩენილი. ფოლკლორს ჩაუჯდა: ინტერნეტი, წიგნები, ფილმები, ისევ ინტერნეტი... ვაჟამ ბევრი რამ შეიტყო, მაგრამ მაინც ვერ გასცა პასუხი კითხვას: რამდენად შეიძლება ეს რეალური იყოს?
იმ დღეს მეწამული ფერი დაჰკრავდა მთებს იქიდან ამოწვერილ ღამის მნათობს, რომელიც ვაჟას არაბუნებრივად დიდი მოეჩვენა. მთვარე დინჯად ატორტმანდა ცის კაბადონზე და ვერცხლისფრად გაანათა არემარე. ვაჟა ქალაქის განაპირა უბანში ჩუმად ჩაიპარა, ფიქრიას სახლთან ხეს ემოეფარა და გაირინდა. მაჯის საათმა 24:00 აჩვენა და არაფერი მოხდა. საკუთარ თავზე გაეცინა და წასვლა დააპირა.
ანაზდად ჩქამი მოესმა. ვაჟამ ღობისკენ გაიხედა. რაღაც ლანდი გაკრთა, შეირხა, და როცა ღობიდან გადმომხტარი მგლის თვალებმა მთვარის შუქზე ყვითლად გაიელვეს, ვაჟას ცივმა ოფლმა დაასხა. მგელმა სწრაფად გაირბინა ქუჩა და ტყისკენ მოკურცხლა. სახლებიდან ძაღლების ყეფა და წკავწკავი კარგა ხანს ისმოდა. უკაცრიელ ქუჩებში რეტდასხმულივით ბოდიალისას ნიავმა დაუბერა და მთებიდან მგლის ყმუილის ხმა მოაწვდინა, რომელიც ტირილს უფრო გავდა.
მეორე დღეს გვიან გაეღვიძა და აღარ უნდოდა წუხელ ნანახის გახსენება. თავს ირწმუნებდა, ამდენი ზღაპრების კითხვის შემდეგ, ალბათ, საკუთარი თავი დავაჯერე და დავაჰიპნოზეო. ჩვეულებისამებრ დაუმესიჯა ფიქრიას და ბარში დაპატიჟა.
ფიქრია მასზე ადრე მისულიყო. შეყვარებულს შორიდან შეხედა და საკუთარი სისუსტის შერცხვა: ან იქ რამ მიმიყვანა, ან მგელი რამ მომალანდაო. მიაუახლოვდა, გადაკოცნა და შენიშნა, რომ შემოდგომის თბილი საღამოს მიუხედავად, ფიქრიას რატომღაც აჟრჟოლებდა.
სევდიანად შემოხედა და ამოიკვნესა: – ახლა ხომ დაიჯერე?
ვაჟა გაოგნდა. შემდეგ ხელი მოხვია და ბარში შეიყვანა. დიდხანს ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ უბრად. შესცქეროდნენ ერთმანეთს და ვერაფერს ამბობდნენ. ბოლოს ვაჟამ მოიკრიბა ძალ–ღონე, წამოდგა, წელში მოხრილმა მაგიდას ხელები დააყრდნო და თაფლისფერ თვალებში კიდევ ერთხელ ჩახედა:
–მაინც მიყვარხარ!
... ოცდარვა დღის შემდეგ ვაჟა ისევ იქ იდგა. მგელი არ ჩანდა, ალბათ ამჯერად სხვა გზით გაიქცა ტყისკენ. იდგა და ელოდა – გათენებისას ხომ მაინც უნდა დაბრუნებულიყო?
მთვარე ჰორიზონტისაკენ გადაგორდა, ჩრდილები დაგრძელდნენ და გაფერმკრთალდნენ, რულმოკიდებული ვაჟა გარემოს ნაცრისფრად აღიქვამდა. ძაღლების ყეფამ გამოაფხიზლა. მგელი შუა ქუჩაში მორბოდა. ვაჟა წინ გადაუდგა. თვალი გაუყარა ყვითლად მოელვარე თვალებში. ცხოველი შეყოვნდა, დაიძაბა და პირდაპირ ვაჟასკენ მოსხლტა. გვერდზე ოდნავ გაწეულ ვაჟას სახესთან ჩაუფრინა კბილებდაკრეჭილმა მხეცმა. ვაჟამ მოასწრო, ხელები ბალანში ჩაავლო და ძირს დასცა. მყისიერად გადაანაცვლა ხელები მგლის კისრისაკენ, შემდეგ დინგზე მძლავრად მოუჭირა ორივე ხელი და ნახევრადგაღებული დორბლიანი პირი მოაკუმინა. ცხოველი აკვნესდა.
ვაჟამ ფიქრიას უმანკო სახე წარმოიდგინა, ამოიგმინა და მგლის დინგს ტუჩებით დაეკონა. ვნებიანად კოცნიდა და თვალებში ჩასცქეროდა, თან გულში იმეორებდა: მაინც მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ... ყვითელმა თვალებმა მხეცური ელვარება დაკარგა და დაინისლა, შემდეგ დაინამა და ორივე მხრიდან ცრემლები ჩამოუგორდა. ვაჟამ ხელი გაუშვა, მგელმა პირი იბრუნა და ტყისკენ წაბანცალდა. მგლის ცრემლის წვეთები ქუჩის მტვერს დილის ნამად ეცემოდა.
დანი უხმოდ შესცქეროდა ამ სცენას. თითქოს რაღაც შეეკუმშა მკერდში იმ ადგილას, სადაც ადამიანებს გული აქვთ, თითქოს ყელში რაღაც ბურთისმაგვარიც მოებჯინა. საჩვენებელი თითით, რომელზეც სამკუთხა პრიზმა გაკრთა ელვასავით, მიწაზე რამდენიმე იეროგლიფი სწრაფად მოხაზა. ნისლში თითქმის გაუჩინარებული მგელს გახედა, რომლის სილუეტი თანდათან ადამიანისას ემსგავსებოდა, ამჯერად – სამუდამოდ.

XI. არჩევანი

არჩევნების წინ პრეფექტმა ბირთველის მიმხრობა გადაწყვიტა და თავისთან დაიბარა.
–უკმაყოფილო არ უნდა იყოთ, სამთო კომპანიამ თქვენი მოთხოვნები შეასრულა: სამების მთაზე ახალ კარიერს აღარ ამოიღებენ და მადანს მაღაროს მეშვეობით მოიპოვებენ, მუშებს რესპირატორები დაურიგეს და შხაპსაც მოუწყობენ, მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკიდან ნარეცხ წყალს მდინარეში არ ჩაღვრიან.
–იმ ქვაბულებს რა ეშველება, რომლებიც უკვე ამოიღეს?
–ხომ გამოაქვეყნეს გაზეთში, როცა მადანი გამოილევა, რეკულტივაციის პირობას ვიძლევითო.
–კარგით, ვნახოთ...
პრეფექტმა ქალაქის ცენტრალურ საარჩევნო უბანში კომისიის თავმჯდომარეობა შესთავაზა. ბესომ იფიქრა, ეს უბანი უცხოელი დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისთვის საჩვენებლად უნდოდათ, –ამიტომაც დაეთანხმა.
საარჩევნო კამპანიის დროს მმართველ ძალას მკვეთრად დაუპირისპირდა ოპოზიცია, რომლის აქტივისტებსაც სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული ჟანდარმები დასდევდნენ და სცემდნენ, მაგრამ ამით ხალხი არათუ შინდებოდა, პირიქით, უფრო ღიზიანდებოდა და ხმამაღლა გამოთქვამდა პროტესტს. დედაქალაქში მრავალათასიანი მიტინგები იმართებოდა.
–ჩვენ შევცვლით ყველაფერს, რაც მეფის დამპალი რეჟიმისგან დარჩა: დავამარცხებთ კორუფციას სახელმწიფო სტრუქტურებში, უმაღლესი განათლების მისაღებად აღარ დაგჭირდებათ ქრთამის გადახდა, ჩვენ ამოვძირკვავთ ქუჩის კრიმინალებს და ჩავყრით მათ ციხეში, ყველა დამნაშავეს ვამხელთ და დავსჯით!–ყვიროდა მეგაფონში უცხოეთში განსწავლული ახალგაზრდა, მხარბეჭიანი ლიდერი.
–Changes! Changes! Changes! –პასუხობდა მასა.
–ჩვენ დავაგებთ გზებს და გავარემონტებთ სკოლებს, ავაშენებთ ახალ კლინიკებს, მოვიზიდავთ ინვესტიციებს და აღმოვფხვრით უმუშევრობას, დავამარცხებთ სიღატაკეს, გავაასმაგებთ ბიუჯეტს, გაჭირვებულ ადამიანებს მივცემთ სამედიცინო დაზღვევას, პენსიას გავზრდით ას დოლარამდე!
–Changes! Changes! Changes! –სკანდირებდა ხალხი.
–ჩვენ ღირსეულად გამოვალთ ომში დამარცხებით გამოწვეული კრიზისიდან, შევქმნით ძლიერ არმიას და პოლიციას, ჩვენ შევქმნით ახალ სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყანა გაბრწყინდება!
–Changes! Changes! Changes! –ითხოვდა ერი.
შესვენებაზე სახლში სადილად მისულმა ბესომ მიტინგის პირდაპირი ტელეტრანსლაციის მხოლოდ ნაწილი ნახა, მაგრამ მასების განწყობა მასაც გადაედო. საარჩევნო უბანში წავიდა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები ელოდნენ. ბირთველმა მათ პირობა მისცა:
–სხვაგან არ ვიცი, მაგრამ ამ უბანში ვერავინ მოახერხებს თუნდაც ერთი ყალბი ბიულეტენის ჩაგდებას!
ახალგაზრდებმა ეჭვის თვალით შეხედეს.
–თქვენი წარმომადგენლები ხომ იქნებიან, თავისი თვალით ნახავენ ყველაფერს.
ადამიანის ცხოვრების გზა ხესავითაა, რომლის ძირიდან წვერისკენ მიცოცავ. ჯერ ღეროს მიყვები, მერე რომელიმე ტოტს, შემდეგ მის განშტოებას... მაგრამ როცა გზის გასაყარზე ხარ, არ იცი, ესა თუ ის ტოტი საით წაგიყვანს – ზემოთ, ადამიანობის მწვერვალისაკენ, თუ ჩამოგიტყდება და ჯოჯოხეთში ჩაგაგდებს. ხშირად ისიც კი არ ვიცით, არჩევანს რა მომენტში ვაკეთებთ: უმნიშვნელო რამ გვგონია, მაგრამ შეიძლება ამ ერთმა ნაბიჯმა განსაზღვროს მთელი შემდგომი ცხოვრება. რაღაც პერიოდი მოვლენების ლოგიკური ჯაჭვის ტყვეობაში ვართ, შემდეგ განშტოებამდე, ანუ არჩევანამდე. დროის უკან დაბრუნების შანსი ცხოვრების ამ ხეზე არ არსებობს,”–არიგებდა წინა დღეს ბირთველი თავის ვაჟს, ახლა კი თავად იდგა გზაგასაყარზე.
გვიან საღამოს, როცა არჩევნებისათვის უბნის მომზადება დაამთავრა, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამოიარა. პრეფექტურის შენობის წინ რამდენიმე პირი იდგა. როცა ბირთველი მიუახლოვდა და მიესალმა, პრეფექტი ჯგუფს რამდენიმე ნაბიჯით გამოეყო და ბესოს ხვალინდელი არჩევნებისათვის მზადებაზე გამოჰკითხა. სიჩუმე ჩამოვარდა, ბირთველის სიტყვები კარგად რომ დაეჭირათ.
–ხვალ ვერაფერს მოვახერხებთ მმართველი პარტიის სასარგებლოდ?-შემპარავად ჩაურთო პრეფექტმა.
–მე ამას არასოდეს დაგპირებივართ, – აღელდა ბესო.
–მაინც?
-შანსი არაა.
პრეფექტმა ხელკავი გამოსდო, საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა და ორივენი ჩინოვნიკების ჯგუფს შეუერთდნენ, რომელთა შორის ჟანდარმერიის უფროსიც იყო. მათ შეხედვაზე ბირთველმა გაიფიქრა: „არცა კუდი ძაღლისაი გასწორდების და არცა კირჩხიბი მართლად ვალს.”
–ხალხი ისეთ ჭკუაზეა, ოპოზიციას მისცემს ხმას, თუ მმართველ პარტიას ბიულეტენები არ ჩავუყარეთ, – სიჩუმე დაარღვია ერთ–ერთი სამსახურის უფროსმა, – რა მოხდება ახლა იმისთანა, ასი–ორასი ბიულეტენი შენს უბანზე რომ ჩაუშვათ ყუთში?-ნახევრადხუმრობით მიუბრუნდა ბესოს. ბირთველმა თავი უარყოფის ნიშნად გაიქნია.
–ხვალ მე თავად დავივლი ყველა უბანს და ვინც არ გააყალბებს ამ არჩევნებს, იქვე დავაჭედებ შუბლში!–ქამარში გარჭობილ პისტოლეტზე ხელის ტყაპუნით დაიმუქრა ჟანდარმერიის უფროსი.
ეჭვსგარეშე იყო, რომ მუქარა ბესოს მისამართით იყო ნასროლი. პრეფექტი ჩუმად იყო და მის რეაქციას დაძაბული ელოდა.
–მე ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, ეს ჩემი ქალაქია,–ბირთველი შეეცადა, მღელვარება არ შესტყობოდა, –ჩემი შემშინებელი ამ ქუჩებში არ დადის! თუ ვინმეს არჩევნების გაყალბება უნდა, თავის სოფელში სცადოს, მაგალითად...–და ბირთველმა პრეფექტის მშობლიური სოფელი დაასახელა.
მკვეთრად გამობრუნდა და გაეცალა. მუქარით ისე იყო შეურაცხყოფილი, ღამე ვერ დაიძინა. თითქოს პასუხიც გასცა, მაგრამ... „მაგათთვის მხოლოდ სიტყვა არ კმარა, დღეს საქმით გავცემ პასუხს,”–გადაწყვიტა გამთენიისას. ბესომ კარგად იცოდა, რომ თუ ახალგაზრდა ოპოზიციონერი არ გაპრეზიდენტდებოდა, მას ისე შეზღუდავდნენ, რომ მშობლიური ქალაქიდან ოჯახიანად გადახვეწა მოუხდებოდა, როგორც ეს ბევრ სხვას მოუწია. მეორე მხრივ, შიშის გამო რომ ჩაჰყოლოდა დღევანდელ მმართველებს მათ ბინძურ საქმეებში, საკუთარ ღირსებას დაკარგავდა, თავის „მე”–ს დაანგრევდა. სხვები ასე იქცეოდნენ, ფულსაც აკეთებდნენ, ყოველ ახალ ხელისუფლებას თავზე ქონწასმულები უძვრებოდნენ, მის საქციელს „გიჟობად” ნათლავდნენ და ზურგს უკან ქირქილებდნენ... ბირთველმა არჩევანი გააკეთა: მაძღარ მონობას მშიერი თავისუფლება ერჩივნა.
არჩევნების დღეს ბესო თანამოქალაქეებმა გააოცეს. ნუთუ ეს ის ხალხი იყო, სულ რაღაც ორიოდე თვის წინ პეტიციაზე ხელისმოწერისა რომ ეშინოდათ?! ყავარჯნიანი პენსიონერებიც კი, რომელთაც მეფისდროინდელი ყმობა ძვალ–რბილში ჰქონდათ გამჯდარი, მოთმინებით იდგნენ რიგებში და თამამად, ხმამაღლა, ყველას გასაგონად ამბობდნენ:
–ოღონდ ესენი წაეთრიონ და საღამომდე ვიდგები რიგში, ვიდრე ურნამდე არ მივაღწევ!
–ჩვენი ხმა ახალგაზრდებს უნდა მივცეთ! ჩვენ კი მოვჭამეთ ეს წუთისოფელი, მაგრამ შვილებმა და შვილიშვილებმა მაინც იცხოვრონ ნორმალურ ქვეყანაში!
–გამოჩნდა, როგორც იქნა გამოჩნდა, ოქროს აკვანში გაზრდილი გმირი! ცოტაც მოვითმინოთ და გვიშველის!
–ვინც ამ გათახსირებულებს მისცეს ხმა, ხელები გაუხმეს!
პრეფექტის ემისრები უბანში რამდენჯერმე შემოძვრნენ, ბირთველს ვერაფერი გაუბედეს, ხელისუფლების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს ეჩურჩულებოდნენ, რომლებიც თავმჯდომარეზე ანიშნებდნენ: –თუ ეგ გაგვიშვებს, ბიულეტენების ჩაყრას ვეცდებით, თუ არა და, შარის თავი არა გვაქვსო.
ამ ქალაქში ვინ – ვინ იყო, ბესომ ზეპირად იცოდა, ამიტომ პრეფექტის რომელიმე პროვოკატორს შემოსულს დაინახავდა თუ არა, გვერდიდან არ სცილდებოდა, გაყავდა უბნიდან კაბინეტში, პრეტენზიებს აუღელვებლად ისმენდა, საჩივრის დაწერას სთავაზობდა, საარჩევნო კანონს უკითხავდა და „პატრონთან” გაწბილებულს უშვებდა.
საღამოს უბანი დაიკეტა.
–ყველამ ქურთუკები გაიხადეთ, სანთლები აანთეთ და მაგიდები შეაერთეთ!–გასცა განკარგულება ბირთველმა.
–სანთლები რად გვინდა, დენი ხომ არის?
-მისი უცაბედი გამორთვისას რომ არ შეურიოთ ყალბი ბიულეტენები!–მკვახედ უპასუხა ბირთველმა და მაგიდაზე ურნა გადმოაპირქვავა. ფხიზლად ადევნებდა თვალს ხმების დათვლის პროცესს და როცა შემაჯამებელ ოქმებს ხელი მოაწერა, ერთი მათგანი დემონსტრატიულად თვითონ შეინახა, თან ზემდგომ კომისიაში საარჩევნო მასალების წამღებ პირებს დაუბარა:
–ეს ოქმი იქ ვინმემ არ გადაწეროს და ჩემი ხელმოწერა არ გააყალბოს, თორემ თავს დაიღუპავს!
ქალაქმა ახალგაზრდა ოპოზიციონერი ლიდერის პრეზიდენტობას დაუჭირა მხარი, რომელსაც ხალხის მხსნელის ქარიზმა მართლაც ჰქონდა.
–მე ჩემი სიტყვა არ გავტეხე, ახლა ჯერი თქვენზეა, როგორ შეუსრულებთ ხალხს დანაპირებს...–დაემშვიდობა ოპოზიციის წარმომადგენლებს.
მარტოდმარტო მიმავალს ღამის სიჩუმეში ვიღაცის ნაბიჯების ხმა მოესმა. ბესო დაიძაბა და მოსალოდნელი თავდასხმის მოგერიებისთვის მოემზადა. ვარსკვლავების მკრთალ სინათლეზე მამაკაცის სილუეტი გამოკრთა.
–გამარჯობა!–დანის ხმა იცნო.
„რას დადის ეს კაცი ამ შუაღამისას?”-თავადაც მიესალმა და გვერდზე ჩაუარა.
დანი ნახევრად შემობრუნდა და მოაძახა:
–მეორეც ბიჭი გეყოლება, გამარჯვებული ყოფილიყოს!
...როცა ნიკოლოზი დაიბადა, ბებია ქალმა აღტაცებით დააძახა:
–მომავალი პრეზიდენტი დაიბადა!
სამშობიარო ბლოკში შესულ ბირთველს ეს მაინცდამაინც არ ესიამოვნა და თავისთვის ჩაილაპარაკა: – რაც ენდომება, ის გახდეს, მთავარია, ღირსეული ადამიანი იყოს ცხოვრებაში...

XII. ანგელოზი

ლაშამ პირველად იმ დღეს დაიცვა დედა გაცოფებული ზაზასაგან, როცა სახლი ქურდებისაგან არეულ–დარეული დახვდა. სკოლიდან მოსულს შეეშინდა და დედას დაურეკა. სამსახურიდან გამოქცეულმა დედამ ბავშვები დაამშვიდა: –პურის ფულის მეტი არაფერი გვქონდა და რა უნდა მოეპარათო, – მაგრამ მაინც ეტყობოდა განერვიულება. სახლი მიალაგ–მოალაგა, მშიერი ბავშვები წყალწყალა სუპითა და ხმელი პურის ნატეხებით დააპურა, მერეღა მიაქცია ყურადღება კომოდზე დატოვებულ ფულს. ისე დაიბნა, ხელებიც კი აუცახცახდა, როცა თავისი დადებული სამი დოლარის ნაცვლად სამასოცდაცამეტი გადათვალა – იმ დროისათვის საკმაოდ დიდი თანხა, რომლითაც ოჯახს რამდენიმე თვე არჩენდა. ფული უჯრაში გაუცნობიერებლად შეინახა და კიდევ უფრო გაოცდა, როცა გადასაგდებად აღებულ წერილში ქურდის მიერ გაკეთებული მინაწერი ნახა.

„ქურდებშიც ყოფილან ადამიანის გულის მქონენიო,”-დედის ეს ფრაზა ლაშას სამუდამოდ დაამახსოვრდა. ზაზა, რომელიც სულ მივლინებებში იყო და ღამეს სახლში იშვიათად ათევდა, მაინცდამაინც იმ საღამოს მოვიდა. თავიდან ცოლს არ დაუჯერა და ბოზობით ფულის შოვნა დააბრალა, მერე კი მაინც გააგრძელა სკანდალი:–ეგ ფული მომეცი, გამოძიებას უნდა ჩავაბაროო. რომ არა უსამართლო შეურაცხყოფით გამოწვეული დედის ცრემლები, ლაშა ალბათ ადრინდელივით გაარიდებდა თავს მშობლების ჩხუბს ეზოში. ეს უკვე ვეღარ აიტანა, ბოღმამ ყელში ამოასხა და მამას წინ გადაუდგა:
–ბოზობას ვის აბრალებ, შენ საყვარლებში მოიკითხე ბოზები! რესტორნებს ხომ არ აკლებ, ჩვენ კიდე გვატყუებ, თითქოს ფული არა გქონდეს...
ზაზა შეცბა. არ ეგონა, ბიჭი თუ უკვე იმხელა გახდა, რომ ასეთები ესმოდა. მაინც არ გატყდა:
–შე ლაწირაკო, რა ჭორებს აყოლიხარ, რაებს მიგონებ...–მაგრამ შვილის თვალებში ისეთი გამწარება ამოიკითხა, რომ მის ხმას რიხი უნებურად დაეკარგა.
–ეს კაცი, შენ რომ ქმარს ეძახი, –მიუბრუნდა გაფითრებულ დედას, – მივლინებაში კი არ იყო, გუშინ თავის ბოზთან ერთად ლოთობდა რესტორანში, ჩემი თვალით ვნახე!
–არ დაუჯერო, ბოდავს...
–გაეთრიე, მოღალატევ, არამზადავ!!! –აღმოხდა აქვითინებულ დედას.
ზაზამ მხრები ჩამოყარა, თითქოს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ საკუთარი შვილების სიძულვილით მომზირალი სახეების დანახვაზე სიტყვა პირზე შეაშრა, გაბრუნდა და წავიდა.
დედის ტირილისათვის რომ არ ეყურებინა, ლაშა ეზოში ჩავიდა. ბავშვებს დიდი შავი ხოჭო დაეჭირათ, ასანთის კოლოფში ჩაესვათ და გამვლელ გოგონებს ანახებდნენ შესაშინებლად.
–გაუშვით ეგ ხოჭო, ბიჭებო, შიმშილისგან მოკვდება, არ გეცოდებათ? – ლაშას ნათქვამზე ბავშვების სახეებზე სიანცე გაქრა. სამართლიანობისთვის და ვაჟკაცობისთვის უბანში ყველა პატივს სცემდა, ამიტომ ბავშვები დაემორჩილნენ. ცოტა კი გაუკვირდათ: ხოჭოც თუ შეიძლება ცოდო ყოფილიყო, ეს აქამდე მათთვის არავის უთქვამს.
ჩაფიქრებული ლაშა ეზოში სკამზე ჩამოჯდა. მამასთან დაპირისპირება ადრე თუ გვიან რომ მოუწევდა, ამ აზრს თითქოს შეგუებულიც იყო, მაგრამ სხვა მისი თანატოლი ახლა ისე იქნებოდა გაბრაზებული, რომ, სულ ცოტა, გულში მაინც აგინებდა სიძულვილით. მას კი რატომღაც ზაზა შეეცოდა. იცოდა, რომ არ იყო შესაბრალი და მაინც შეეცოდა. სხვებს რატომ არა აქვთ ადამიანების მიმართ სიბრალული, რატომ ჩხუბობენ, რატომ შურთ, რატომ სძულთ? - ბევრს ფიქრობდა და ვერ აეხსნა. თუ მას უყვარს ყველა: ადამიანებიც, ცხოველებიც, ჩიტებიც, მწერებიც, სხვები რატომ არ გრძნობენ იგივეს?
... ბირთველს, როცა დეიდაშვილი გამოუტყდა,– თანაკლასელი შემიყვარდაო,– გაეღიმა.
–თხუთმეტი წლის ხარ უკვე და განა არ არის დრო, ბიჭი მოგეწონოს?
– არ ვიცი ზუსტად, ეს გრძნობა, მე რომ გამიჩნდა, სიყვარულია თუ სიბრალული, – ბესოს გაკვირვებაზე ანამ განმარტა: –ძმა დაეღუპა აპენდიციტით, თორმეტი წლის და როცა პანაშვიდზე მივედით კლასელები, ისეთი საყვარელი იყო, ისეთი სიმპათიური, რომ იმის შემდეგ სულ ლაშაზე ვფიქრობ. იქნებ, უბრალოდ, შემეცოდა და ეს არაა სიყვარული?
– დრო გავა და მიხვდები. თუ სიყვარულია – გაძლიერდება, თუ არადა – გადაგივლის...
–იმას მოსწონხარ?
–არ ვიცი, მაგრამ ამ ბოლო დროს თითქოს სხვანაირად მექცევა, სულ ზრუნავს ჩემზე და შეხვედრისასაც სხვანაირად მკოცნის, ისე არა, როგორც სხვა გოგოებს. ან იქნებ, მე მეჩვენება, იმიტომ რომ მიყვარს?
–თუ კარგი ბიჭია, გიყვარდეს, ამაში ცუდი არაფერია, პირიქით...
–კარგი ბიჭია. მართლა კარგი ბიჭია.
–თუ საშუალება მოგეცა, გამაცანი, მეც მაინტერესებს, ვინ შეიძლება ჩვენი სიძე გახდეს.
–ოოო, ნუ დაიწყე, რა დროს სიძე–პატარძლობაა. გაცნობით კი გაგაცნობ, როცა მოვახერხებ. დამეგობრდებით,–გაუღიმა.
... ანამ ეს დაპირება ოცი წლის განმავლობაში ვერ შეასრულა.
–შენი რჩევა მჭირდება.
–მითხარი.
–რომ გითხრა, მეორედ უნდა გავთხოვდე–მეთქი, არ გამიბრაზდები?
–რაც შენ პირველ ქორწინებაში სიმწარე და ტანჯვა ნახე, მას მერე კიდევ ბედავ ოჯახის შექმნაზე ფიქრს? შენ ისევ ბავშვურად გჯერა ყველაფრის... ესეც ახვარი რომ გამოდგეს, არ გეშინია? ან ვინ გითხოვს, გოგო, ორშვილიან ქალს, ხომ არ გადაირიე, ვის უნდა ზედმეტი საზრუნავი აიკიდოს?!
– ბესო, გინდ დამიჯერე, გინდ–არა,მაგრამ ბავშვობიდან გვიყვარს ერთმანეთი.
–არ გადამრიო, ლაშაზე ამბობ?!
-კი.
–აბა, მომიყევი...
–როცა გავიგე, ჩემს ქმარს საყვარელი ჰყავდა, ქუჩაში მოვდიოდი და ვტიროდი. ჩემი კლასელი ბიჭები შემხვდნენ, მათ შორის ლაშაც იყო. პირველად ვნახე ამდენი წლის შემდეგ. გამომკითხეს ტირილის მიზეზი და ვეღარ დავუმალე, შევჩივლე:, ოჯახი მენგრევა და მიშველეთ–მეთქი. დამაწყნარეს და ავიდნენ მასთან სამსახურში. არ ვიცი, რით შეაშინეს, მაგრამ თითქოს რაღაც პერიოდი აღარ დადიოდა იმ ქალთან. მერე ისევ აუშვა. ისევ ბიჭებს ხომ არ შევჩივლებდი, ან რაღა აზრი ჰქონდა. როცა დავრწმუნდი, რომ აღარც მე ვაინტერესებდი და აღარც ბავშვები, –გავცილდი. ლაშა მაშინ შემხვდა მეორედ. დამაწყნარა, ბავშვობისასაც მის გვერდით ყოველთვის ვმშვიდდებოდი და თავს დაცულად ვგრძნობდი... მერე მაკითხავდა და მეხმარებოდა, ხან–რაში, ხან–რაში. ამასწინათ სიყვარულში გამომიტყდა: ბავშვობიდან შენ მიყვარხარ და სხვა არც არავინ მყვარებიაო.
–იცი, რას ვერ ვხვდები - მაშინ რატომ დაშორდით?
–ჩემმა დაქალმა ამბავი მომიტანა, ლაშას დედას ასე უთქვამს მეზობლებში: ჩემმა ბიჭმა თქვა, ანას ცოლად არ მოვიყვანო.
–მოგატყუა?
– წარმოიდგინე, არა. ლაშამ ახლა მითხრა, მაშინ მართლაც ასე ვუთხარი დედაჩემს: ამ ერთოთახიან ბინაში ანას ცოლად ვერ მოვიყვანო; მერე მე თვითონ დაგცილდი, არ მინდოდა, შენი ბედნიერებისთვის ხელი შემეშალაო...
ბირთველს სახე დაუდარდიანდა.
–სულელი. გამოგტყდომოდა სიყვარულში და იქნებ როგორღაც გვარდებოდა ეგ პრობლემა. ეს მონსტრიც აღარ გადაგეკიდებოდა...
–რა გითხრა… ბავშვები ვიყავით, სად გვქონდა მაგდენი ჭკუა?
–კაი, ახლა სად არის, რას აპირებთ, დამალაპარაკე...
–ახლა სამსახური მიატოვა და უცხოეთში წავიდა, მშენებლობაზე მუშაობს, ჩვენთვის ბინის ფულს სანამ არ გამოვიმუშავებ, ისე არ ჩამოვალო.
–ბავშვები? ბავშვები როგორ აიტანენ მამინაცვალს?
ანას სახეზე თბილი ღიმილი დაეფინა.
–ბავშვებს თავი შეაყვარა, იმხელა სითბო და სიყვარული აგრძნობინა, მთხოვენ, როცა დაქორწინდებით, ლაშას გვარზე გადაგვიყვანეო.
–კაცი კი არა, ანგელოზი ყოფილა...– ბესოს ხმაში ანამ მაინც დაიჭირა ეჭვის ნოტები.
...უცხოეთიდან დაბრუნებული ლაშას გაცნობისთანავე მისმა სუფთა, მოკრიალებული ცასავით ნათელმა თვალებმა ბესოს ისეთი ნდობის შეგრძნება გაუჩინა, თითქოს ბავშვობიდან ერთად გაზრდილიყვნენ. გულის სიღრმეში მაინც ეჭვობდა, ასეთი ძლიერი სიყვარულისა არ სჯეროდა, რომ უნაკლო გარეგნობის, განათლებული კაცი, გარშემომყოფთა აზრის საწინააღმდეგოდ, მაინც დაქორწინდებოდა ბავშვობის შეყვარებულზე. ლაშამ და ანამ ჯვარი დაიწერეს და ისეთი ტკბილი ოჯახი შექმნეს, რომ ბირთველი დეიდაშვილის ბედნიერებით ხარობდა. უცხოეთში ლაშა ეკლესიური გამხდარიყო და მისი რწმენა ანასაც გადაეცა. ბესოს უკვირდა, როგორ შეეძლოთ, მასავით ათეისტურ დროში გაზრდილებს, ასე სწრაფად და გულწრფელად ეწამათ ღმერთის. ბევრი უნახავს რწმენის გზაზე შემდგარი და კარგად ხედავდა, რელიგიას ადამიანის მყისიერი გაკეთილშობილება რომ არ შეუძლია, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია, ამიტომაც დაასკვნა, რომ ლაშა გასაოცრად სუფთა ბუნების ბავშვობიდანვე უნდა ყოფილიყო.
    როცა ლაშამ უთხრა, საპატრულო პოლიციაში ვაპირებ მუშაობის დაწყებასო, გაოცდა:
–შენ პოლიციელად ვერ წარმომიდგენიხარ!
–იცი, ჩემთვის გასაგებია, როგორი წარმოდგენისაც ხარ შენ ამ სტრუქტურაზე, მაგრამ ეს აღარ იქნება მეფისდროინდელი ჟანდარმერია ან საგზაო პოლიცია. შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ძველი, კორუმპირებული კადრები ერთი ხელის მოსმით გაყარა და ახალ სტრუქტურას აყალიბებს, ახლა იქ სამუშაოდ პატიოსან ადამიანებს იღებენ.
–ჩვენი მექრთამე პოლიციელი, ასე უცებ, „ბობი” გახდება?! რა ვიცი, სცადე...–ბირთველი მაინც სკეპტიკურად იყო განწყობილი. თავად ისე აიცრუა გული სახელმწიფო სამსახურზე, პოლიტიკას სათოფეზე აღარ ეკარებოდა, კერძო საექიმო პრაქტიკით იყო კმაყოფილი: „ასე მეტი კეთილი საქმის გაკეთება შემიძლია და ჩემს შვილებს თანამოქალაქეების სიყვარულს დავუტოვებო,”-ამბობდა. მისდა გასაკვირად, ლაშა კმაყოფილი იყო საპატრულო პოლიციაში მუშაობით. როცა ქუჩაში მდგომი პოლიციელობიდან საპატრულო მანქანაზე გადაიყვანეს, გამოუტყდა:
–სხვებს ქუჩაში, უამინდობაში, ან სიცხეში, მორიგეობა ეზარებათ, მე კი იქ ყოფნა უფრო მსიამოვნებდა. იცი, ადამიანებთან ახლოს ვიყავი, მათი დახმარება შემეძლო, ახლა ეს მანქანა ჩემსა და მათ შორის კედელივით არ აღიმართოს.
მისმა მეწყვილე პოლიციელმა ერთხელ ბესოს სიცილით უამბო:
–ამასწინათ ორი ხულიგანი დავიჭირეთ, წინასწარი დაკავების იზოლატორში მიგვყავდა. ლაშამ საფუნთუშესთან გამაჩერებინა მანქანა. გადავიდა და ამათ ღვეზელები არ უყიდა? -ეშიებათო. ისე გამიკვირდა, ენა მუცელში ჩამივარდა... ეგ რა არის! ერთხელ რამდენიმე საპატრულო მანქანით თინეიჯერების ჯგუფურ ჩხუბზე გავედით გამოძახებაზე, ძლივს გავაშველეთ, „დუბინკების” გამოყენებაც კი მოგვიხდა. ლაშამ კი, არათუ ხელჯოხი, ერთ ლაწირაკს ყური აუწია და ისე მოიყვანა მანქანამდე, თან ჭკუას არიგებდა. აღარ ვიცოდით, ამ სცენაზე გვეცინა თუ მოჩხუბრები გაგვეშველებინა...
ბესომ ლაშას გადახედა:
–მართლა?
ლაშამ ღიმილით დაუდასტურა.
ბესოს ისიც უკვირდა, როგორ უხაროდა ლაშას, როცა სხვას რამეში წაადგებოდა.
–შენი ქმარი მაოცებს: სხვების ცხოვრებით ცხოვრობს და მათი სიხარულით ხარობს, თავისი თავი ჩირად არ უღირს,–უთხრა ანას ბესომ, როცა ექოსკოპიურ გამოკვლევაზე ერთად მიდიოდნენ. ანა უკვე ხუთი თვის ორსული იყო. ბირთველმა ქალაქში ერთ–ერთი საუკეთესო სპეციალისტთან წაიყვანა. დათომ კოლეგა და მისი ახლობლები ურიგოდ შეიპატიჟა კაბინეტში, კვლევის საფასურიც არაფრისდიდებით არ გადაახდევინა.
ლაშა მონიტორს თვალს არ აცილებდა და გახარებული ამბობდა:
–ნახე, სახე დავინახე, ჩემი ბიჭის სახე!
კლინიკიდან როცა წამოვიდნენ, ბირთველი დაინტერესდა, რა სახელი შეურჩიეს მომავალ ვაჟს:
–რა თქმა უნდა, მამაჩემის სახელი უნდა დავარქვა!

...იმ დღეს, როცა ბოლოს ნახა ლაშა, საშინელი ქარი ქროდა. ბირთველს საოფისე ავეჯის შეძენა უნდოდა საკუთარი საექიმო კაბინეტის გასახსნელად და ლაშას სთხოვა, მაღაზიებში გამყევიო. უკვე ჩვევად ექცა, თუ რამე დასჭირდებოდა, პირველ რიგში, ლაშასთვის უნდა მიემართა დახმარებისთვის. ამჯერად ის მორიგეობიდან ღამენათევი წაჰყვა და ბესოს ეუხერხულა: – დღეს დაგესვენა და სხვა დროს წავსულიყავითო, -მაგრამ ლაშამ დაიჟინა:– დაღლილი არ ვარო. ქარსა და წვიმაში ფეხით მოიარეს ქალაქის სხვადასხვა უბნებში მდებარე მაღაზიები. ბესომ მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის და დამშვიდობება დააპირა.
–მე ხომ დაგყვებოდი მთელი დღე შენს საქმეებზე, ერთ ჩემს საქმეზე შენც წამომყევი და მერე წადი სახლში,–სთხოვა.
ბესო უკან ისე გაყვა, არც დაფიქრებულა, მოსაღამოვებულს რა საქმე უნდა გამოსჩენიყო, და თავი რესტორანში ამოყო.
ლაშა უღიმოდა:
–ჩვენ ერთად არ დაგვილევია!
ბირთველს სასმელი თანდათან მოეკიდა.
–ლაშა, რაღაცაში უნდა გამოგიტყდე და არ დამცინო...
–არა, რას ამბობ!
–იცი, შენთან ურთიერთობა სულ უფრო მეტად მიჭირს. არა, კი არაფერი გიწყენინებია... ახლავე აგიხსნი: ეკლესიაში, რაიმე სიწმინდეს როცა ვეხები, საკუთარი სიბილწის უხერხული შეგრძნება მიჩნდება... ამ ბოლო დროს, როცა შენ გხედავ, ამდაგვარ რაღაცას ვგრძნობ. რაღაცნაირად ვკომპლექსდები, რომ შენსავით წმინდა გულის მქონე ადამიანი არ ვარ... “ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის” - ამითღა ვიმართლებ ხოლმე თავს. მაგრამ შენ როგორ ხარ ასეთი? მეც ვცდილობ, მაგრამ ბევრი არაფერი გამომდის...
ლაშამ ისეთი სითბოთი შეჰღიმა, ბირთველს ენა ლამის წაერთვა.
–კარგი, სხვა დროს აგიხსნი უფრო გასაგებად, თორემ იტყვი, სასმელი აჭიკჭიკებსო...
ბესომ არ იცოდა, რომ ლაშასთან სასაუბროდ „სხვა დრო” აღარ დადგებოდა. იქ, სადღაც ზემოთ, ვიღაც სხვაგვარად ფიქრობდა და მისთვის ამოუცნობ ენაზე წერდა ბედისწერის წიგნს.

...საპატრულო პოლიციის ავტომობილის წინ მიმავალმა მანქანამ მოძრაობის წესი უხეშად დაარღვია. ლაშამ საჭესთან მჯდომ მეწყვილეს გადახედა და ხმის გამაძლიერებლით მათ შეჩერებისკენ მოუწოდა. მძღოლმა მანქანა გააჩერა. მეწყვილემ საპატრულო ავტომობილი მის უკან, საბარგულთან მიუყენა, ჯარიმის გამოსაწერად გადავიდა და მძღოლისკენ გაემართა.
პატრულის მიერ გაჩერებული მანქანის უკანა სავარძელზე მიგდებულ, „გაგლეჯილ კაიფში” მყოფ „ჩორნას” და მის ამფსონს თან ბლომად ჰეროინი მიჰქონდათ.
 –გვიჭერენ, ბოზიშვილი ვიყო,–„ჩორნა” მანქანიდან გადმოხტა, საპატრულო მანქანაში მჯდომ პოლიციელს სახეში ორჯერ ესროლა და გაიქცა.

...ლაშას ვაჟი ერთი თვის შემდეგ, ფერიცვალებას დაიბადა. ბირთველმა მეგობრებს სთხოვა, მისთვის მობილური ტელეფონით გადაღებული კადრები ეშოვათ, რომელზეც გამვლელმა შემთხვევით აღბეჭდა ლაშას უკანასკნელი ამოსუნთქვა. ნერვიულობისგან ხელაცახცახებულ გადამღებს კადრში წამიერად ცა მოეყოლებინა. ბირთველმა კომპიუტერში ეს კადრი გააჩერა და გაადიდა. უცნაური, ფრთიანი ადამიანის ფორმის, ქათქათა თეთრი ღრუბელი აღბეჭდილიყო მოკრიალებულ ცაზე. ანგელოზი სევდიანად დასცქეროდა ცოდვილ ქალაქს.

XIII. განკითხვის ღამე, ანუ წყალწალეკილნი

პატარა ქალაქი ლამაზი მდინარის ხეობის მარცხენა ნაპირზე იყო გაშენებული, რომლის კამკამა წყალში ზაფხულობით ბავშვებს ჭყუმპალაობა უხაროდათ. თევზაობით თავისშემაქცევარ დიდ–პატარასაც ხშირად იხილავდით მის ჭალებში. მოპირდაპირე ნაპირი სამების მთის ციცაბო ფერდობს წარმოადგენდა და ვეება წიფლის ხეების ტყით იყო დაფარული. მეფის დროს ქალაქთან ახლოს, უზარმაზარი კაშხლით გადაღობეს მთის ცელქი მდინარე. ამგვარად შექმნილი დიდი წყალსაცავიდან სარწყავი არხი გაიყვანეს და, გარდა ამისა, მცირე ელსადგურიც დაამონტაჟეს. რევოლუციის შემდეგ აღარავის ახსოვდა ხელოვნური ტბის ნაპირებზე სანატორიუმ–სასტუმროების გაშენებით ტურიზმის აყვავების გეგმები და თავად კაშხალიც მის გარშემო მომძლავრებულ სიმწვანეში მიიმალა. თავიდან ეგებ ვინმემ კიდეც გაიჭვრიტა შორეულ მიმავალში და, მისი დაზიანების შემთხვევაში, ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაციის გეგმაც შეადგინა, მაგრამ ახალი თაობებისთვის ტბა ისეთი ჩვეული შეიქნა, თითქოს ოდითგან აქ ყოფილიყოს.

ქალაქსა და კაშხალს შორის ერთი ბორცვი იყო, მის თხემზე, ძველი ნანგრევის საფუძველზე ახლადაშენებული ეკლესიით. სააღდგომო ღამეს აქ ქალაქის მთელი ახალგაზრდობა იკრიბებოდა და ლიტანიობდა. გიორგობის უჟმურნისლიანი თვის ცივ საღამოს უჩვეულოდ ხალხმრავალი მოსჩანდა ეს ბორცვი. ვიღაცამ სამრეკლოზე რამდენჯერმე ზარებიც კი დაარისხა, რომელთა გუგუნ–წკრიალი ხეობაში მიმოიფანტა. აქ ამოსული ადამიანები შიშისგან კანკალებდნენ, თუ სიცივისგან, ძნელი დასადგენი იყო. ყველა კაშხალს მისჩერებოდა, რომლის ბზარიდან წყალი გადმოსჩქეფდა და ქალაქს წალეკვით ემუქრებოდა.
ბორცვზე მდგომებმა ერთი საათის განმავლობაში რამდენჯერმე იგრძნეს მიწიდან მომავალი სუსტი გუგუნი, რომელსაც გაღრმავებული ბზარიდან ხელახალი წყალმოვარდნის დგაფანი მოყვა. წყალმა უკვე მდინარეზე გადებული ხიდის ბურჯებიც გაანგრია და დედაქალაქისაკენ მიმავალი გზაც დატბორა, ასე რომ ხალხი, ბავშვებიანად, ბორცვზე შეიხიზნა – გადარჩენის სხვა გზა არც ჰქონდათ. მთავრობა ალბათ ხვალ დილით მოახერხებდა ვერტმფრენებით ადამიანების ბორცვიდან გაყვანას, ბნელში კი ეს სათუო იყო. ღამის კოშმარის მოლოდინში ხალხი გაიტრუნა, აქა–იქ გაისმოდა კაცების ღრმა ამოოხვრა და ქალების ეპიზოდური მოთქმა დაკარგულ სახლ–კარსა და სარჩო–საბადებელზე. აქამდე ღმერთი სწამდა თუ არ სწამდა, უკვე ყველა სანთელს ანთებდა და ლოცულობდა: ეგებ შეჩერდეს კაშხლის რღვევა და ქალაქი განადგურებას გადაურჩესო, თუმცაღა, ნიაღვრის ყოველ ახალ გაცოფებაზე იმედის ნაპერწკალი მათ გულებში სულ უფრო და უფრო ნავლდებოდა.
ბირთველმა კაშხლისაკენ დაჟინებით მომზირალი დანი შენიშნა. ამაში არც არაფერი იყო გასაკვირი – უმეტესობა ხომ იქით იყურებოდა. დანი პერიოდულად ხელს იშვერდა კაშხლის მიმართულებით. ბინდში ბესომ მის თითზე მკრთალად მოელვარე ალმასსა და ბზარს შორის ვიწრო, ლაზერის სხივისმაგვარი ცისფერი ძაფი დალანდა. „ნუთუ დანი ანგრევს კაშხალს?“-გაუკრთა აზრი, რომელიც სწრაფად ირწმუნა. ბირთველმა ხალხში გზა გაიკაფა და გვერდზე ამოუდგა.
–რატომ შვრებით ამას, დან? რა დაგიშავეთ ასეთი?
დანმა არ უარყო. თვალებში შეხედა და ცივი ხმით უთხრა:
–ეს ქალაქი არსებობის ღირსი არ არის. თქვენ ხომ იხილეთ განკაცებული ანგელოზი? და რა შეიცვალა ამით თქვენში? „ბოზები ისევ ისე ბოზობენ, ქურდები ქურდობენ, и это разве нормально?”- დანმა ვარლამის ხმამაღალი პაროდია გააკეთა აბულაძის ფილმიდან „მონანიება” და განაგრძო,– კაცს რომ შავი მუშის ადგილი ვერ უშოვია, მოშიმშილე შვილების ცქერა რომ ვეღარ აუტანია და ამის გამო თავს იკლავს, გოგო რომ დედისთვის წამლის ფულის შოვნის ფასად მეძავობას იწყებს, ეს ნორმალურია? თავზე რომ გაღორებული მმართველები დაისვით და ემონებით, მთელი ქალაქი რომ ერთ ნარკომანს გააბლატავებს და მისი შიშით სოროებში შეძვრება, „სამართალდამცველები” რომ თინეიჯერებზე პლანს ყიდიან, მოსამართლე პატიოსან ხალხს რომ ციხეში უშვებს და ქურდი რომ სამართალს გაგიჩენთ, ეს ნორმალურია?.. ამ ქალაქის ცოდვები წყალმა უნდა აღგავოს პირისაგან მიწისა!–პათეტიკურად დაასრულა დანმა და კიდევ ერთხელ გაიშვირა ხელი კაშხლისაკენ. ისევ გაისროლა მისმა ბეჭედმა ცისფერი სხივი, ბზარის ხახა კიდევ უფრო გაღრმავდა, მისი უკუნიდან გაათმაგებული ღრიალით გადმოინთხა მთის მდინარის ანკარა წყლის ნიაღვრები და ქალაქისაკენ შუა საუკუნეებში მომხდურთა ურდოებივით გაექანა.
–სასტიკი ხართ, დან, უგულო და არაადამიანი!–ბირთველის ამ სიტყვების ადრესატმა წარბიც არ შეიხარა, გულცივად განაგრძო ქალაქის დატბორვის ცქერა.
დანისა და ბირთველის საუბრის შინაარსი გადაჩურჩულება–გადმოჩურჩულებით უცებ მოედო ბორცვზე მყოფთ და ხალხი აქეთ მოჯგუფდა.
–განა სხვა ქალაქებში ჩვენზე კეთილშობილი და სათნო ადამიანები ცხოვრობენ?-ხმა ამოიღო ფიქრიას ჩახუტებულმა ვაჟამ,–ჩვენ რით ვართ სხვაზე უარესები, ასე რომ გვწირავ?
–ჩვენშიც ხომ არიან თავისუფალი სულის ადამიანები, ჩვენი ბუნება და სალოცავი რომ არ დაანგრევინეს? –თქვა პავლემ.
–ჩვენი სიყვარული და მეგობრობა, გაჭირვებულის თანადგომა და სტუმრის პატივისცემა, ეს ყველაფერი წყალმა რატომ უნდა წალეკოს?-მოისმა დორას გაუბედავი ხმა.
ამ დროს პრეფექტმა ღიპით გამოარღვია ხალხის წრე და დანს მბრძანებლური ტონით აუქნია ხელი:
–ახლავე შეწყვიტეთ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, რომელიც კაშხლის ნგრევის გზით ქალაქის წალეკვაში გამოიხატება!
–თორემ რა?-დანმა სარკასტული ღიმილით სამკუთხა ალმასიანი ხელი პრეფექტისკენ გაიშვირა,–ეს ღორი ისევ პირველკაცობს?! მეგონა, ახალი ხელისუფლება გამოცვლიდა და ამათაც არ შესძრომია?!
მუცელგაბერილ, ვარდისფერკანიან ღორად ქცეული პრეფექტი ჭყვიტინით გავარდა ხალხისაკენ და დორას ფეხებქვეშ გაძრომა სცადა, ქალი ზედ მოიქცია. დორამ შეჰკივლა და ისღა მოახერხა, ორივე ხელი კუდში მაგრად ჩაევლო, რომ თავი შეემაგრებინა. ღორ–პრეფექტმა ათიოდე მეტრზე ხტუნვა–ხტუნვით გააჭენა დორა, რომლის გადმოგდების შემდეგაც ტალახის გუბეში გაღრუტუნდა და მიჩუმდა.
ამის შემხედვარე ბავშვებმა გულიანად გაიცინეს, უფროსებსაც დაავიწყდათ თავიანთი გასაჭირი და აფხუკუნდნენ.
–საახალწლოდ რა მწვადებს ავაშიშხინებთ!–იანგლეს ახალგაზრდებმა.
-ბუნტია, ბუნტი!-მოქაქანდნენ ამ დროს პოლიცმაისტერი, პროკურორი და ჟანდარმერიის უფროსი. ხალხი გაისუსა.
–ეს ვიღაცა უნდა დავაპატიმროთ!–განაცხადა მკაცრი ტონით ჟანდარმერიის უფროსმა.
–ახლავე სანქციას გავცემ!–განუყრელი საქაღალდიდან ფურცელი ამოაძვრინა პროკურორმა, ზედ რაღაც წაჩხაპნა და პოლიცმაისტერს გადასცა. ეს უკანასკნელი, ცალ ხელში ღერბიანი ფურცლის ფრიალითა და მეორე ხელში – ხელბორკილებით, დანისაკენ წავიდა:
–ქალაქის ღრმადპატივცემული პრეფექტის ცხოველად, კერძოდ კი, ღორად გადაქცევით, თქვენ მოახდინეთ ამბოხი და ადგილობრივი ხელისუფლების დამხობა, რის გამოც დაისჯებით, როგორც ერის მოღალატე!
დანი აშკარად გააოცა ასეთმა არაადექვატურობამ, თითით კეფაც კი მოიფხანა, ფიქრის ნიშნად. ერთი ხელის გაქნევით სამი ნაპერწკალი ისროლა მისმა ბეჭედმა და დარბაისელი სამართალდამცავები მოზრდილ ვირთხებად აქცია, რომელთაგან ერთ–ერთი ხელბორკილებისა და გასაღებების ასხმაში გაიხლართა, წვალებით გამოძვრა და კოლეგებს უკან გაჰყვა შლიგინით. სანახაობით ხალხიც გაერთო და დანიც, ამიტომაც ვერ შენიშნა, მყისიერად რომ წააცალა დაშვებული ხელიდან უჩამ ბეჭედი.
ბირთველმა კეფასთან სუნთქვა იგრძნო, მის ხელისგულში ვიღაცამ სამკუთხა ალმასისთვლიანი ბეჭედი ჩადო და ხალხში მიიმალა.
–აი, ვინ გეძახდათ ცხვრებს! თქვენ მწყემსებად ღორები და ვირთხები ირჩიეთ, ამიტომაც არ არის ეს ქალაქი არსებობის ღირსი!–დანმა ხელი კაშხლისაკენ აღმართა, მაგრამ მის თითზე ალმასი აღარ აკიაფდა.
–ათწლიანი ემიგრანტობით დაისჯები!–გადასძახა ხალხში ვიღაცას დანმა
–არაუშავს, ამად ღირს,–ჩაილაპარაკა თავისთვის უჩამ.
ბირთველმა ბეჭედი თითზე წამოიცვა, ბზარისკენ გაიშვირა და კონცენტრირება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. წყალი ისევ ძალუმად მოჩქეფდა და ტბორავდა ქალაქს. რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ ვაჟას გადასცა – ვერც მან მოახერხა ვერაფერი. დანი ქირქილებდა. ბეჭედს ხან ვინ იზომავდა ხელზე, ხან–ვინ, მაგრამ მისი ძალის დამმორჩილებელი არავინ ჩანდა. ბესომ ეკლესიის ღია კართან მდგომი ქალი შენიშნა, რომელსაც ორიოდე წლის ბიჭუნა ხელში ეკავა და ძუძუს აწოვებდა. უკნიდან გამოსჭვიოდა სანთლების ლიცლიცა სინათლე და ნაზ შარავანდედს ქმნიდა მათი სილუეტის გარშემო. ბირთველმა ბეჭედი მოითხოვა და ბავშვთან მივიდა.
–ეს დაიკავე, პატარავ!–მოეფერა და სთხოვა:–შინ წასვლა ხომ გინდა? აბა, წყალს უთხარი, გაჩერდეს ტბაში და ჩვენკენ აღარ გადმოვიდეს...
ბავშვმა მძიმე ბეჭედი გაშლილი ხელით გააქან–გამოაქანა და თქვა:
–წყალო, გაჩელდი!
სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა ხალხში. თანდათან წყლის დგაფუნი რაკრაკად იქცა, რაკრაკი – წკანწკარად და ბოლოს წყალიც გაჩუმდა.
–ხალხოოო, წყალმა დაიძინა, ჩაუთქვით რაც გინდათ!–დაიძახა ვიღაცამ.
ხალხი ბორცვის ძირში მომდგარი წყლისკენ ჩაიხვეტა, ხელს ყოფდნენ შიგ და ნატრულობდნენ:
–მშვიდობა იყოს!
–სიყვარული იყოს!
–სიხარული იყოს!
–ბარაქა იყოს!
–მრავალშვილიანობა იყოს!
–სიკეთე იყოს!
–რწმენა იყოს!
ბირთველმა კვლავ სთხოვა ბიჭუნას:
–ახლა იფიქრე, რომ დანგრეული კაშხალი გამთელდეს...
ბავშვს ეს თამაში მოეწონა და ხალისიანად გაიქნია ბეჭდიანი ხელი:
–კასხალო, გამთელდიიი!
სიბნელეში არ ჩანდა, მაგრამ დღისით რომ ნახეს, ყველა გაოცებული დარჩა: საიდან გაჩნდა და ჩაესხა ბზარში ტონობით დუღაბი.
ბირთველმა დანი მოძებნა თვალებით. ბორცვზე მყოფთა შორის ვერ იპოვა. მდინარეს გახედა, რომლის ზედაპირი ახლადამოწვერილი მთვარის შექზე ვერცხლისფრად ლაპლაპებდა და შეუმჩნევლად მიიწევდა ძირს. ვიღაც მიდიოდა მდინარეზე. რომ არა მისი ფეხსაცმლის ლანჩებიდან დაბიჯებისას აშხეფებული წყლის წვეთები, იფიქრებდით, ყინულზე მიდისო. დანმა მდინარე გადაიარა და სამების მთის კალთას აუყვა, ხეებს შორის ბნელში გაუჩინარდა მისი დაპატარავებული აჩრდილი. მთა ვერცხლისფერი პირამიდასავით გადმოჰყურებდა ხეობას.
წყლის დონემ სწრაფად იკლო, ქალაქის ქუჩებში საოცრად დათბა და ასფალტს ოხშივარი ასდიოდა. ადამიანებმა თავიანთ კერებს მიაშურეს, ზარალზე ივიშვიშეს, სახლები მიალაგ–მოალაგეს და დაღლილებმა დაიძინეს.
...დილით ბირთველმა გაღვიძებისთანავე ფანჯარაში გაიხედა, თითქოს უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ მისი მშობლიური, პატარა ქალაქი ისევ ცოცხლობდა. თეთრად ქათქათებდა ყველაფერი, საზეიმო და ბავშვის სულივით წმინდა სითეთრით. პირველ თოვლს ხეები შეეჭირხლა, სახურავებს ქუდებად დასდებიყო და ფანჯრებში ღიმილით იჭყიტებოდა: ძილისგუდებო, გარეთ გამოდით, გამოდით, გამოდითო...

ავტორის მინაწერი
ზემოთ მოყოლილ ამბებს პაპაჩემი, ბესარიონ ბირთველი, ზღაპრებად მიამბობდა ბავშვობისას, მეც პირდაღებული ვუსმენდი და კოვზით გამოწვდილ ლუკმებს ანგარიშმიუცემლად ვყლაპავდი. ზოგი რამ თუ დამავიწყდა, ან ბაბუამ აურ–დაურია რამე, სიბერის გამო, ნუ დამძრახავთ. ალბათ არც დავწერდი, რომ არა ეზოდან შემომავალი ბავშვების ჟრიამული, წამდაუწუმ რომ გაითვლიან და მეცადინეობაში ხელს მიშლიან:
–დან, დან, დან!
კარგს რას მოგვიტან?
ვირთხა, ღორი, მენ–დოგიიი –
ამ ქალაქის ფეთ–შოფიიი...
წა–ი–ტან!

ბესო ბირთველი,
საქართველო,
2050 წელი