18 December, 2010

თავი III. მეთოთხმეტე მეფე

დავით გარეჯის უდაბნოს თავზე მზე კაშკაშებდა. მას ჯერ არ ჰქონდა ის მწველი ძალა, ზაფხულობით არემარეს ჩალისფრად რომ ბუგავს და მთვარის უსიცოცხლო ლანდშაფტს ამსგავსებს. ასეთ დროს ხვატისგან დაქანცული თვალი კლდეებს გმირულად ჩაბღაუჭებული ჯუჯა ხეების მწვანე ლაქებითღა გრძნობს, რომ დედამიწაზე იმყოფება. აყვავებული მინდვრების სპარსული ფარდაგისმაგვარი სიჭრელიდან მხოლოდ ისინი შემორჩებიან სიცოცხლის ნიშნად, მაგრამ მათი მეჩხერი ჩრდილი ადამიანის თავშესაფრად საკმარისი აღარაა.
ქრისტეს აქეთ მეექვსე საუკუნიდან მოყოლებული, გარეჯის კლდეებში ნაკვეთ გამოქვაბულებში დაბინავებული შავანაფორიანი ბერები ლოცულობენ სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრებ თანამოძმეთა გადარჩენისთვის, სამრეკლოდან ზარების წკრიალ–გუგუნით ამცნობენ–ხოლმე სამყაროს, რომ ადამის მოდგმა ველურ ბუნებას ამ ხრიოკსაც არ უთმობს.
ნათლისმცემლის ეკლესიაში უხეშად ნაქსოვი ბერული ჩოხით მოსილი ახალგაზრდა კაცი იდგა და ქართველთა მეფის დავით აღმაშენებლის ფრესკას აჰყურებდა. კედლებზე ჯერ კიდევ შემორჩენილიყო ბერქა მონღოლთა ყაენის შემოსევის დროს შენობის შიგნით დანთებულ კოცონთა ჭვარტლი. გაპარტახების შემდეგ მაინც ფენიქსივით ფერფლიდან აღმდგარიყო მონასტერი.
„დავითს რომ ჩვენს დროში ეცხოვრა, ნუთუ ისიც დამპყრობთა წეს–ჩვეულებებს გადმოიღებდა? არა! მონღოლებზე არანაკლები იყვნენ თურქ–სელჯუკთა ურდოები, რომელთაგან იავარქმნილი ქვეყანა ისე ააყვავა და გააძლიერა, რომ მთელს მსოფლიოში ქუხდა მისი სახელი. ამ დიდი მეფის შთამომავალნი ისე როგორ დაჩუკენდნენ, რომ სამეფოს ვერ უპატრონეს და დაუბანელ, ბინძურ ხალხს ფეხქვეშ გაეგნენ,”–ფიქრობდა ბერი,–„კიდევაც გასაკვირია, მტრისთვის ხარკის მისაცემად და დიდებულთა ფუფუნებაში შესანახად არნახულად გაზრდილი გადასახადებით წელგაწყვეტილი ხალხი როგორ ახერხებს ცხოვრებას და მაინც არ თმობს მამა–პაპის რჯულს, მეფე–მთავარნი კი, რომელთაც არც შიათ და არც სწყურიათ, მონღოლთ ჰბაძვენ.“
–რაზედ ჩაფიქრებულხარ, შვილო პიმენ?– ჰკითხა ეკლესიაში შემოსულმა მხცოვანმა ბერმა.
–მამაო, მართალია, რომ ათონის მთიდან ჩამოსულ ბასილ მონაზონს ჩვენი მეფე უმხილებია, ურჯულოთა მსგავსად მრავალცოლიანობისა გამო?
–არ შეისმინა მეფემან საღმრთო წესით აღსავსე მისი სიტყვა და არ დაუტევნა უწესო ქორწინებანი,– ბერმა დანანებით გადაიქნია თავი,–მამა ბასილი წინასწარცნობის მადლითაა მოსილი და ავი მომავალი უქადა. ბოლოს ასე უთქვამს მეფისათვის: „მე აჰა, ესერა წარვალ, მაგრამ შენ უკეთუ ეგო უწესოებასა მაგას, ბოროტად და უპატიოდ მოიკლა მძლავრთა მიერ და ოხერ იქმნეს სამეფო შენი, იავარ-ჰყონ სიმდიდრე შენი, შვილნი შენნი მიმოდაიბნინეს და სხვამან დაიპყრას მეფობა შენიო”.
–უწმინდესი და უნეტარესი, ჩვენი კათალიკოს–პატრიარქი ნიკოლოზი რას ამბობს?
–მრავალჯერ ამხილა და დამოძღვრა მან მეფე. –რაკი ვერ ვარწმუნე, დავუტევებ პატრიარქობასო,–ასე უთქვამს.
მცირე ხანს დუმდნენ. მერე პიმენმა განაახლა საუბარი:
–წინა კვირას სვეტიცხოველი მოვილოცე. ნეტა, უფალს დაეშთო ჩემი თვალები და არ მეხილა გლახაკთა და დავრდომილთა სიმრავლე მცხეთასა და ტფილისში. გული აღარ მიძლებდა, ცრემლად დავიღვარე და, ისნის სასახლესთან რომ გამოვიარე, მძვინვარების ეშმა შემიჩნდა: მინდოდა მეფესთან შევარდნა და გულის მოსაოხად გინება მისი.
–შლეგი უნდა იყო, ეგ რომ ქნა, შვილო, თანაც, ღვთის გზაზე შემდგარს არ გეკადრება. თავხედური პირდაპირობის ეგ მოსურვება, კახელი დიდებულის სისხლის აჩქროლებაა შენში,–გაეხუმრა ბერი.
–არც მეფე უნდა კადრულობდეს მისი უუნარობით გაძვალტყავებული ერის სულში ფურთხებას და ურჯულოთა მსგავსად ვნებათა მორევში ცურვას, სადაც თავის ხალხსაც ჩაიყოლებს და ჩაახრჩობს. განა არ ხედავ, მამაო, როგორ დაეცა ერი? ვიცი, შეურაცხადი თუ გაუბედავს მეფეს სიმართლის პირში მიხლას, რომ ის კი არაა ხელისუფალი, არამედ მონღოლთა ყაენისგან ათაბაგად დაყენებული სადუნ მანკაბერდელი... ჰოდა, გავხდები შლეგი, ღვთის გლახა, და ვამხელ მეფეს სახალხოდ!
–ჯერ მოძღვარს დაეკითხე, რამეთუ სალოსის გზით სიარული მხოლოდ განგების რჩეულთ ძალუძთ.
„...და იქმნა პიმენ ქრისტესათვის სალოს.” მზისგან გახუნებულ მის ჩოხას შავი აღარ ეთქმოდა. მოდიოდა და გზაზე შემხვედრ გლეხებს, ქალაქის ბაზრობაზე თავშეყრილ ვაჭრებსა და ხელოსნებს, მეფის სასახლის შესასვლელთან სამათხოვროდ ჩამომჯდარ ხეიბრებსა და ბალღებს ხელების ქნევით, ხარხარითა და ღრიალით ზაფრავდა:
–„ამ ხალხს მისი წინამძღოლნი გზა–კვალს ურევენ და მათგან გაძღოლილნი იკარგებიან. ამიტომაც თავის ჭაბუკებზე არ ხარობს უფალი და ქვრივ–ობლებს არ იბრალებს, რადგან ყველანი უკეთურნი და ბოროტეულნი არიან, და ყოველი პირი სიბილწეს ლაპარაკობს. რადგან დიდი ხნის მოწყობილია კოცონი, მეფისათვის გამზადდა, გაღრმავდა და გაფართოვდა, უხვად არის მასზე ცეცხლი და შეშა. უფლის სუნთქვა, როგორც გოგირდის ნიაღვარი, გააჩაღებს მას!”*
სასახლის ჭიშკრის წინ პიმენს ორი მცველი გადაეღობა.
–გამატარეთ, მეფესთან უფლის სიტყვა მიმაქვს!
–არ სცალია შენნაირებისთვის მეფეს!–მკვახედ უპასუხეს.
ბერი, ძაღლისებრ წკმუტუნით, მტვერში გაგორდ–გამოგორდა, მერე წამოხტა და გაშტერებულ მონასპას არაადამიანური ხმით, ლომივით ისე დაუღრიალა, რომ სასახლის ფანჯრებიდან თავები გამოყვეს:
–ხორცით აღგზნებულ მეფეს ხალხისთვის არ სცალია! მეფე ცოლებთან ერთობა! თავად მეფე ვის ქვეშაა? მონღოლების გოშიის, სადუნასი! გასომხებული ქურთი, სადუნა მეფობს ქართლში!!!
მანკაბერდელის აუგად ხსენების გაგონებაზე დემეტრეს სახეს სისხლი მოაწვა. უბრალო ბერმა ისარი შიგ გულში მოარტყა. ბავშვობიდანვე ვერ იტანდა ამ დიდვეზირს, მონღოლებმა რომ ზედამხედველად დაუნიშნეს, მაგრამ არ შესწევდა მასთან შებრძოლების ძალა და ითმენდა, ბოღმას ყლაპავდა, არ იმჩნევდა. ნახე, თურმე, ხალხი რას ლაპარაკობს და ამის გამო აბუჩად როგორ იგდებენ ბაგრატოვანთა ღვთივკურთხეული გვარის მეფეს!
–აქ მომგვარეთ ეგ მყეფარე ბერი!–უბრძანა მხლებლებს.
პიმენი წიხლებით დააჩოქეს მეფის წინაშე. დემეტრე სახეზე დააცქერდა და გრძელთმაწვერიან ბერში ბავშვობის მეგობარი იცნო, ოქროსფერკულულებიანი ანდრო, ზაფხულობით ერთად რომ იპარებოდნენ ვეჯინის სასახლიდან ხან ტყეში, ხან მდინარეზე და ხის ხმლებით დევებად წარმოსახულ ბუჩქებს კაფავდნენ.
–ანდრო, შენა? რა დაგიშავე ეგეთი, უშვერი სიტყვებით რომ მლანძღავ?
–მე ანდრო აღარა ვარ, მეფეო. პიმენი, ღვთის გლახა მიწოდე! დაშავებით კი, აბა ჩემთვის რა უნდა დაგეშავებინა, შლეგისათვის?!– პიმენი იატაკზე დაჯდა, მიმოიხედა და თითი დემეტრესკენ გაიშვირა:–აკი არა სცალია მეფესა, ცოლებსა ტ...ვსო?–გადაიხარხარა.
დემეტრემ თვალებში ჩახედა და შლეგობისა ვერაფერი შეატყო. სპექტაკლს მიუხვდა, –გაგონილი ჰქონდა, სალოსი ბერები სხვათა დასანახად გიჟებივით იქცევიანო. ხელის აქნევით ყველა მხლებელი დაითხოვა.
-რაში მდებ ბრალს? შენ კარგად იცი, ტრაპიზონის კეისრის ასულზე ამ სამეფოს კეთილმეზობლობისა და თანადგომისათვის დამაქორწინეს, სოლღარი კი მონღოლთა ყაენთან დასამოყვრებლად ვითხოვე, კვლავ ჩვენი ხალხისთვის, ხარკის შემცირების პირობით. ნათელა კი მართლა გულით შემიყვარდა და მხოლოდ ტრფობის დაუძლეველი გრძნობისა გამო მოვიტაცე სამცხიდან... განა, მე არა მაქვს ბედნიერების უფლება?
–შენ მეფე ხარ და ერიც შენ გბაძავს. ეგ არ იცის ხალხმა, რატომ და რისთვის მოიქეცი ასე. შენი შემხედვარე, დიდებულებიც მონღოლებივით მრავალცოლიანნი გახდნენ და აღარავინ დაგიდევს უფლის მცნებებს. გაიხედე გარეთ, რა შავ დღეშია ხალხი...
–ვიცი, შენგან არ მესწავლება.
–მეც ვიცი, რომ ღამ–ღამობით გლეხად გადაცმული დადიხარ ქალაქში და ობლებსა და გლახაკებს მოწყალებას ურიგებ, მაგრამ მაგით ვერ უშველი რწმენადაკარგულ ხალხს. ურჯულოს მსგავსი შენი საქციელით ერი ირყვნება და გადაგვარდება, აღარ იქნება სახსენებელი ქართველთა, მონღოლთა ურდოებში ავითქვიფებით!
–და რა უნდა ვქნა მე ქართველთათვის?–ირონიით ჩაეკითხა დემეტრე, თუმცა პასუხი წინდაწინ იცოდა.
–უწესოდ მოყვანილი ცოლები უნდა განუტევო და მხოლოდ ეკლესიით ნაკურთხი ქორწინებით შერთული უნდა გეჯდეს დედოფლად, მართლმორწმუნეობის მაგალითი მეფემ უნდა მისცეს ერს!
ახლა კი ამოასხა დემეტრეს:–წადი, შენი დედაც ...!
–მონღოლივით იგინება მეფუკა, მონღოლებთან წოლით მათი სისხლი გადასხმია!–პიმენის ისტერიული ხარხარი გარედან შემოჭრილი ყვირილის ხმამ გადაფარა.
* * *

–„ახლოს მოდექით, ჯადოქრის შვილებო, მემრუშეთა და მეძავთა თესლო! ვის ამასხარავებთ, ვის წინააღმდეგ მოგიღიავებიათ პირი? ვისთვის გამოგიყვიათ ენა? განა ცოდვის შვილები არა ხართ თქვენ, სიცრუის თესლი?”
რომ გამოხურებულხართ მუხებს შორის, ყოველი ხემხვივანის ქვეშ, ბავშვთა დამკვლელნო ხევებში, კლდეთა ნაპრალებში? რიყის ქვებშია თქვენი ხვედრი; ისინია, ისინი შენი წილი, სწორედ მათ უღვრიდი საღვრელს და ძღვენს სწირავდი. როგორ ავიტანო ეს დამშვიდებით?
-ეს ვინღაა?-მეფე სარკმელთან მივიდა და მოედანს გადახედა.
ზურგიდან დაინახა შავებში ჩაცმული, ჭაღარა კაცი, მაღლობზე შემდგარიყო და ქადაგებდა. გარსშემოხვეულ ხალხი მას დასცინოდა, მაგრამ ის არაფრად აგდებდა ბრბოს ხორხოცს:
–„ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეუფე და მისი მხსნელი, ცაბაოთ უფალი:
მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი და ჩემს გარდა არ არის ღმერთი.
მე ვარ უფალი, თქვენი წმინდა, ისრაელის შემქმნელი, თქვენი მეფე.
დაუბრუნდით მას, ისრაელიანებო, ვისაც ღრმად განუდექით!”
-შენი ბიძაა, ესაია, ძე ამოცისა!- მოესმა ხმა. იუდეის მეფე მენაშე სარკმელს მოსცილდა და შემობრუნდა. ოთახში არავინ იყო. მცირე ხანს დაფიქრდა, შემდეგ ქონდაქართუხუცესი დაიბარა.
–შეიპყარით ესაია! აქამდე ვითმენდი მის ავყიობას, მაგრამ ახლა, მელექის კერპისთვის მსხვერპლთშეწირვისას კიდევ რომ მოგვივარდეს, თავის ტვინგამოლაყებულ ხალხთან ერთად, და ხელი შეუშალოს დღესასწაულს, ვეღარ ავიტან!
–დილეგში ჩავაგდოთ?
–შუაზე გადახერხეთ! თანაც – ხის ხერხით, რომ კარგად ეწამოს. ვნახოთ ერთი, როგორ უშველის მისი ღმერთი,–სარკასტული ღიმილით დაასრულა ბრძანება.
ცხენების ფლოქვების თქარათქურმა ისევ სარკმელში გაახედა. სასახლის ეზოში შემოჭენებული აშურელთა მცირერიცხოვანი რაზმის უფროსმა გაქაფული ცხენის სადავე მსახურს მედიდურად მიუგდო და, დამტვრეული ივრითით, მეფესთან სასწრაფო აუდიენცია მოითხოვა.
–ძლევამოსილი მხედართმთავარი აშურისა შამაშუმუქინი, ძე ასარქადონისა, მმართველი ბაბილონისა, ჩემი პირით გაუწყებს, რომ ჩვენი დიდი ქალღმერთის, იშთარის ნებით, ის აღსდგა მისი ძმის, აშურის მეფის, აშურბანიფალის დასამხობად. ბაბილონის, ელამის, არამეისა და ქალდეის მეფეებმა, მთავრებმა და ხალხებმა შამაშუმუქინი აღიარეს მეფობის ღირსად.
ახლა შენ შემოგითვალა, იაგუდუს მეფე მენაშეს, რათა მოიხმო გონიერება, აღარ დაემორჩილო ბოროტ აშურბანიფალს და შენი ჯარითა და ხალხით შამაშუმუქინი აღიარო მეფედ აშურისა, ამისაკენ მოუწოდო ფინიკიისა და სირიის მეფეებსაც.
იშთარის მფარველობით, შამაშუმუქინი თქვენთან ერთად სძლევს რა თავის ძმას და გამეფდება ნინევიაში, ერთიორად შეგიმცირებთ ხარკს. თქვენ კი ებრაელებს, გპირდებათ: აშურში გადასახლებულ ისრაელიანთა ყველა ტომს დააბრუნებს მამაპაპეულ მიწებზე და მათზე მეფობასაც შენ გიბოძებს, მენაშეს; შენი წინაპრების, დავითისა და სოლომონის მსგავსად, გაგამეფებს მთელს ისრაელზე.
მენაშე დაფიქრდა. რასაც შამაშუმუქინი ჰპირდებოდა, ოცნებაშიც კი ვერ წარმოიდგენდა: - ჰა მელექ ლე იშრა–ელ! (მეუფეო ისრაელისა!), - ასე დაუძახებს ეგზალტირებული ხალხი... მაგრამ გრძნეულებით სახელგანთქმულმა აშურბანიფალმა რომ დასჯაბნოს? სიკვდილი არ ასცდებათ აჯანყებულებს. საბოლოო პასუხის გაცემამდე კარგად უნდა მოიფიქროს, ქურუმებს დაეკითხოს.
–მადლიერი ვარ დიდი მხედართმთავრისა და ბაბილონის გამგებლისა, რომ მის გვერდზე ყოფნის ღირსად ჩამთვალა. ახლა ჩემი ხალხი ჩვენი დიდი კერპის დღესასწაულისათვის ემზადება, მანამდე შიკრიკებს გავგზავნი ტვიროსსა და არვადში, შამაშუმუქინის მხარდაჭერისაკენ მოვუწოდებ. თქვენ მოისვენეთ ჩემს სასახლეში, დღესასწაულის შემდეგ კი ფინიკიელთა და სირიელთა დასტურითურთ, დაბრუნდებით აშურის ახალ ხელმწიფესთან,–ღიმილით დაითანხმა შამაშუმუქინის წარმოგზავნილი კაცი და სახლთუხუცესს უბრძანა, რომ აშურელებისთვის ღირსეულად ემასპინძლა.
სასახლიდან ქალის განწირული კივილის ხმა მოისმა. მეშულემეთი, დედოფალი იუდეისა, წყევლიდა ქმარს და მის დასაკაწრად იწევდა, სეფე–ქალები ძლივს აკავებდნენ გამწარებულ დედას. მენაშეს თანხლებ ქურუმებს ორივე მხრიდან ხელი ჩაევლოთ მათი ვაჟის, ხუთიოდე წლის იეშუასთვის და მოზლუქუნე ბიჭუნას გასასვლელისკენ მიათრევდნენ.
–ბავშვს თავი დაანებე! ღმერთის თუ აღარ გჯერა, იეშუამ რა დაგიშავა, რატომ უნდა მომიკლა შვილი!–მოთქვამდა მეშულემეთი.
–დადუმდი, დიაცო, არაფერი გესმის შენ, კერპისთვის შვილის შეწირვა უნდა გიხაროდეს, უგუნურო! მეფური სისხლის საფასურად მელექი ისრაელს კეთილდღეობასა და დიად მომავალს მოანიჭებს!
–რა უნდა მიხაროდეს, შე არაკაცო! შენ ქვეყანა და ხალხი კი არ გადარდებს, მხეცო, საკუთარი გაახალგაზრდავებისა და ძალაუფლებისათვის სწირავ შვილს! წყეულიმც იყავ, წყეულიმც იყავ უკუნისამდე!
მენაშემ ყური აღარ უგდო ცოლის წივილ–კივილს და, ქურუმებთან ერთად, ბავშვი გარეთ გამოიყვანა. მეფე, სამხედროთა რაზმითურთ, სათავეში ჩაუდგა რამდენიმე ათეული კერპმსახურისგან შემდგარ პროცესიას, რომელიც სასახლიდან ბენ–ჰინომის ველისაკენ დაიძრა.
მოედანზე მყოფმა ესაიამ ეტლში მტირალ იეშუას თვალი მოჰკრა და ხმამაღლა შეჰღაღადა ზეცას:
––„მისმინეთ მე, გულგაკერპებულნო, სიმართლეს განშორებულნო!
რადგან დავიწყებული გყავს შენი ხსნის ღმერთი და კლდე შენი სიმტკიცისა აღარ გახსოვს; რადგან გაგიშენებია ნეტარების ბაღები და უცხო ვაზი ჩაგიყრია. აჰა, უფლის სახელი შორიდან მოდის, გიზგიზებს მისი რისხვა და შენივთდა კვამლი, მისი ბაგეები სავსეა წყრომით და მისი ენა მჭამელი ცეცხლია!
კერპის გამომსახველნი არარაობაა ყველანი და მათი ძვირფასეულობა უსარგებლოა; თავად არიან ამის მოწმენი, ვერაფერს ხედავენ, ვერაფერს მიმხვდარან, ამიტომაც შერცხვებიან. რადგან მოისვრის იმ დღეს ყოველი კაცი თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს, რომლებიც თქვენმა ცოდვილმა ხელებმა გააკეთეს. აჰა, ცეცხლის წამკიდებლებო, კოცონების გამჩაღებლებო, ყველანი შემოდით თქვენი ცეცხლის ალში და თქვენს გაჩაღებულ კოცონებში. ეს დაგემართებათ ჩემი ხელით: კერპებისათვის შეიწირებით!”
მენაშე ქონდაქართუხუცესზე გაბრაზდა და ის იყო, ბოღმა უნდა ამოენთხია, რომ დაინახა, ქონდაქრებმა როგორ სტაცეს ხელი მოხუცს და მოედნიდან წაათრიეს. მაინც არ ცხრებოდა ესაია:
–“იაჰ ვე (მე ვარ) უფალი და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი! მე გიცხადებდი შენს სიმართლეს და საქმეებს, მაგრამ სარგებლობა არ მოჰქონდა შენთვის. როცა შემომღაღადებ, მაშინ გიხსნას შენი კერპების კრებულმა. ყველას ერთიანად აიტაცებს ქარი, ქროლვა წაიღებს”...
იუდეველთა წინასწარმეტყველი ხმლის ქარქაშის თავში ჩარტყმამ დაადუმა. ახლა პროცესიას შეეძლო მშვიდად განეგრძო გზა ჰეი ბენ–ჰინომში აღმართულ გორაკზე დადგმული რკინის კერპისაკენ.
ჩამავალი მზის სხივებში მოლურჯო–მოწითალოდ ალაპლაპდა ხარისთავა კერპი, რომელიც მის მსახურთ წინდაწინ საგულდაგულოდ ქვიშით გაეხეხათ ჟანგისაგან და მის წინ პალესტინის ცხელი მზით გამომხმარი შეშა კოშკურასავით დაეწყოთ. უამრავი ხალხი შეგროვილიყო სადღესასწაულოდ. იუდეის ყველა ქალაქიდან და სოფლიდან მოვიდნენ, რომ მსხვერპლშეწირვისათვის ეყურათ და მერე თან წაეღოთ ბავშვის ფერფლთან შერეული ნაცარი, თავ–თავიანთი ყანებისა და ვენახების მიწაზე მოსაბნევად – ბარაქიანი მოსავლის საწინდარად.
იეშუა კერპის წინგამოწვდენილ ხელებზე გადააწვინეს და ხელ–ფეხით მათზე დააბეს. ბავშვი ხან უზარმაზარი კერპის თავს შიშით ახედავდა, ხან ხალხის მასაში მამას ეძებდა თვალებით. აი, მისკენ წამოსული მენაშეც დაინახა, ოქროსფერ სამოსში, და იმედი გაუჩნდა, რომ მამა დაიხსნიდა ხარისთავა რკინის კაცის ხელებიდან. მენაშემ ზედ არ შეხედა, ხალხისაკენ შებრუნდა და დაიძახა:
–მელეხხჰქ!
–მე–ლექ, მე–ლექ, მე–ლექ! –აყვირდა პასუხად ბრბო. დოლებისა და ტამტამების ბრაგაბრუგმა, შოფარების ყურისწამღებმა ჭყიპინმა გააყრუა არემარე. ქურუმებმა შეშას ცეცხლი ჩირაღდნებით შეუნთეს.
როცა ერთბაშად ავარდნილმა ალმა ტანი აუწვა, გამწარებული იეშუა აყვირდა:
–მამა, მამა! ეს მე ვარ, იეშუა, მიშველე!
ბრბოს ღრიანცელში მამას შვილის ხმა აღარ ესმოდა.
– მამა, იაჰ ვე (მე ვარ), გადამარჩინე! იაჰ ვე, მიშველე!
ბავშვის განწირული ხმა განა არ გაიგო მენაშემ?! წამიერად ძარღვებში სისხლიც გაეყინა იაჰვეს ხსენებაზე, რომელმაც მის წინაპრებს სასტიკად აუკრძალა კერპებისთვის ადამიანთა მსხვერპლად შეწირვა და, მიუხედავად ცეცხლის მხურვალებისა, რომელშიც მისი ვაჟი იწვოდა, შიშისგან შეაჟრჟოლა კიდეც: ვაითუ გაიგოსო ელოჰიმმა ბავშვის ძახილი? მაგრამ არაფერი მოხდა და მენაშეც დამშვიდდა. დინჯად და ღირსეულად ჩამოვიდა გორაკიდან, მის გარშემო კი ხალხი როკავდა და ღრიალებდა:
–ჰა მელექ, ჰა მელექ, ჰა მელექ ლე იშრა–ელ!
ხალხი ყვიროდა თუ მენაშეს ესმოდა ასე?
–ჰა მელექ, ჰა მელექ, ჰა მელექ ლე იშრა–ელ!
ერის წინაშე ვალმოხდილობის შეგრძნებით ბრუნდებოდა იერუშალაიმში მენაშე, ისრაელიანთა მეთოთხმეტე მეფე**.
ბავშვის განწირული ხმა განა არ გაიგო მან, ვინც თავს „იაჰ ვე”-ს უწოდებდა?! მაგრამ, ალბათ ჩვენი გონებისთვის მიუწვდენელი მიზეზებისა გამო, არაფერი მოიმოქმედა და მხოლოდ ადამიანის დამწვარი ხორცის სუნით აღგზნებულ ბრბოს გაეცალა, რომელიც მთელი ღამე კერპის გარშემო როკავდა. არავის შეუნიშნავს, მოკლესახელოებიანი, განიერი და გრძელი, ლაჟვარდისფერი კვართით მოსილმა როგორ გაიარა ამომავალი მზით განათებული იერუშალაიმის ქუჩები, ავიდა ციონის მთაზე და მეფე შლომოს მიერ მისთვის აგებულ ტაძრის შესასვლელთან აღმართულ ორ სვეტს შორის შეჩერდა. შეიძლება პარადოქსიცაა, მაგრამ იმავე შლომომ აღმართა ბენ–ჰინომის ველზე გორაკი ხარისთავა რკინის კერპისთვისაც.
ტაძარში მხოლოდ ფიქრებში ღრმად ჩაფლული აზარია იდგა, პირველ რაბინთაგან ერთ–ერთი, და სხვების მოსვლას ელოდა. მის წინ სპილენძის თორმეტ ხარზე მდგომ უზარმაზარ მრგვალ სამსხვერპლოზე კარგა ხანია, აღარ შეუწირავთ იუდეველებს თავიანთი ღმერთისათვის ხარი, კრავი, ან, თუნდაც, მტრედი, უფლის საქებრად აღარ უქუხია ლევიანელთა საყვირებისა და წინწილების ხმას. მეფის მიერ საკუთარი ვაჟის კერპისათვის მსხვერპლშეწირვისა და ესაია წინასწარმეტყველის ტრაგიკული აღსასრულის ამბები უკვე ყველას გაეგო იერუშალაიმში და, აქედან გამომდინარე, შექმნილ ვითარებაზე ბევრი საფიქრალი გაუჩნდათ იუდეველთა მოძღვრებს, რომელთაც ყურს აღარც მეფე უგდებდა და აღარც ხალხი.
ცეცხლის ან კვამლის ღრუბლის სახით გამოცხადებითა და ქუხილივით მჭექარე ხმით საუბრით ვერაფერი შეასმინა ამ ხალხს, ახლა რომ ანთროპომორფულად სჩვენებოდა აზარიას, არაფერი ხეირი იყო მოსალოდნელი, ამიტომაც ერთიანად ნაქსოვი კვართი ოქროს სასანთლესთან დატოვა და თავად წმიდათაწმინდაში, ხირამ აბიფის მიერ ჩამოსხმული ორი უზარმაზარი ქერუბიმის ფრთებქვეშ მცირე ღრუბლის სახით დაივანა ელოჰიმმა.
–შემოდი!–აღთქმის კიდობნიდან გამოსულმა ხმამ ფიქრებიდან გამოარკვია აზარია, ტანში ცივმა ჟრუანტელმა დაუარა. წმიდათაწმინდაში შევიდა, მხოლოდ წამიერად გაბედა ჰაერში მოლივლივე ღრუბლის ქულისათვის თვალის შევლება და ძირს განერთხა.
–მე ვარ, რომელმაც აღვუთქვი შლომოს: ავირჩიე და ვაკურთხე ეს სახლი ჩემი სახელის სამარადისო სამკვიდრებლად–მეთქი. მაგრამ ისიც ვუთხარი: თუ გამიდგებით და მიატოვებთ ჩემს წესებსა და ბრძანებებს, მე რომ მოგეცით, შეუდგებით უცხო ღმერთებს და თაყვანს სცემთ მათ, ამოვძირკვავ მათ ჩემი მიწიდან, რომელიც მათ მივეცი, და ამ სახლს, რომელიც გავნათლე ჩემი სახელით, მოვიშორებ ჩემი პირიდან, საარაკოდ და სათრეველად გავხდი ყველა ხალხს შორის.
და აჰა, რადგან უარმყო ჩემმა ერმა, რომელიც ხალხებში გამოვარჩიე, ვეღარ ნახავს ისრაელი ჩემი აღთქმის ფიქლებს! არ მსურს, ვიხილო ისინი იშთარის კერპის გვერდით, რომელსაც მენაშე მალე აქ შემოათრევს.
უთხარ ლევიანებს, ასე ინება–თქო ცაბაოთმა: ღამით, ჩუმად გაიტანეთ აღთქმის კიდობანი და ყველა სიმდიდრე ტაძრიდან მკვდარ ზღვასთან, ყუმრანის გამოქვაბულებში წაიღეთ. სასანთლესთან დატოვებული კვართი კი ტაძრის მშენებელთა საძმოს გადაეცით, რათა მაშიახს დაახვედრონ. როცა დრო მოვა, სადაც ის კვართი დაიმარხება, იქ წაიღონ ლევიანელებმა კიდობანიც, მანამდე კი „იაჰად” (ერთად) იყვნენ, ადამიანთაგან მოცილებულნი.
სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. მერე თვალცრემლიანი აზარია წმიდათაწმინდადან ოთხით გამოხოხდა, ფეხზე გაუბედავად წამოიმართა და, როცა ბარბაცით მიაღწია სასანთლის წინ დადებულ კვართამდე, გონება დაებინდა და ჩაიკეცა.
* * *
ტაძარში შემოსულ პიმენს საკურთხეველთან გრძნობადაკარგული ბერი ნიკოლოზი, პატრიარქყოფილი დახვდა. წყალი აპკურა, ყურის ბიბილოები დაუზილა და გონს მოიყვანა. კანკელის მოღიავებულ კარში მოსჩანდა დიდი ოთხკუთხა ყუთი, რომლის თავსაფარზე დამაგრებულ მომცრო ქერუბიმთა გაშლილი ფრთები სარკმლიდან შემოჭრილ მზის სხივებზე ოქროსფრად ელვარებდნენ. „ალბათ კიდობანს სახურავი აჰხადა,”-ეჭვმა გაუელვა პიმენს. ნიკოლოზმა მის მზერას თვალი გააყოლა და მისუსტებული ხმით აუწყა:
–კიდობანში დიდი თეთრი ოთხკუთხა ქვა დევს, ზედ წარწერებია ამოტვიფრული, როგორც მივხვდი, უფლისა და ანგელოზთა დასის სახელებია. მასთან შეხებით, წინასწარცნობისა და, ალბათ, სხვა უნარებიც ეხსნება ადამიანს...
–რატომ გაწირეთ თავი, მამაო? კარგად უწყით, დემეტრე მეფის პაპამ, ლაშა–გიორგიმ, ჭაბუკური ცნობისწადილით ატაცებულმა რომ მოინდომა კიდობნის შიგთავსის ხილვა, ამით მოისწრაფა სიცოცხლე. მეტაძრენი აფრთხილებდნენ, მაგრამ არ ირწმუნა მათი.
–მე უკვე მხცოვანი ვარ და თუნდაც დღესვე მიიბაროს ჩემი სული უფალმა, არ ვინაღვლი. თქვენ მებრალვით... საქართველოს მყოფადის ხილვა შევთხოვე უფალს, ამიტომაც შევბედე, სარქველი ამეხადა კიდობნისათვის. რაც მე ვიხილე, ღმერთმა არ ქნას, აცხადდეს. ამილახორი უნდა ვნახო დღესვე.
–მეფე დემეტრეს დარბაზი მოუწვევია და იქ იქნება ამილახორი. მონღოლთა ყაენს, თავისი პირველი ემირი, ბუღა უმხილებია შეთქმულების მოწყობაში, სიკვდილით დაუსჯია ისიცა და ყველა მისი თანამზრახველიც. განრისხებული არღუნ–ყაენი ახლა დემეტრე მეფეს იბარებს თავისთან: აქამდე ხომ დემეტრეს ბუღა მფარველობდა და ეს ყველამ უწყის. ვშიშობ, ბასილი მონაზონისგან მეფისთვის ნაწინასწარმეტყველების ახდენის ჟამი დადგა.
–მით უფრო, საჩქარო ყოფილა ამილახორის ნახვა...
პიმენმა ნიკოლოზი სენაკში გადაიყვანა, საწოლზე დააწვინა და ბერებს ჩააბარა მოსავლელად, თავად კი ცხენს მოახტა და ტფილისისაკენ გააჭენა. ისნის სასახლეში დარბაზის ბჭობა ახალი დაწყებული იყო და ლოდინი მოუწია.
ცუდი ამბავი მალე მოსდებოდა ქალაქს. მოედანზე ჯგუფ–ჯგუფად იდგა ხალხი, დაზაფრული სახეებით ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით საუბრობდნენ. ქვეყნის მომავალი მეფის გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული: მონღოლთათვის ხარკის ძლევით ნაყიდი მყიფე მშვიდობიანობის პერიოდი თუ ურდოების ახალი შემოსევით დასრულდებოდა, ისედაც გაჭირვებულ ქვეყანას განადგურება მოელოდა. ყაენის გამოგზავნილი მხედართმთავარი, სიუქოლ–ნოინი უკვე ტფილისისაკენ მიმავალ გზას დასდგომიდა. დემეტრეს ურჩობით გამხეცებულ მონღოლებს, შესაძლოა, ქართველები დედა–წულიანად ამოეწყვიტათ და ამით ქართლის ისტორია 1288 წელს დამთავრებულიყო.
დემეტრეს ნათქვამმა მსახურთა პირით ხალხამდე გამოაღწია. სიტყვა–სიტყვით იმეორებდნენ, ასე უთქვამსო მეფეს:
–„აქამომდე მშვიდობით ჰგიეს სამეფო ჩემი. აწ განრისხებულ არს ყაენი. აჰა, სამეფო ჩემი მონღოლთა წინაშე ძეს... თუ არა წარვიდე ურდოს, იხილეთ, რავდენი სული ქრისტიანე სიკვდილსა მიეცემის და ტყვე იქმნების, ეკლესიანი შეიგინებიან და მოოხრდებიან, კაცნი და ჯვარნი დაიმუსრვიან… რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ ჩემთვის მრავალი სული მოკვდეს და მე თვითონ მძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა ამისგან. აწ მნებავს, რათა წარვიდე ყაენის წინაშე და იყოს ნება ღმრთისა: უკეთუ მე მომკლან, ვგონებ, რომე ქვეყანა უვნებელად დარჩეს.”
დარბაზის წევრებმა მეფეს სთხოვეს, რომ მთიულეთის ციხე–სიმაგრეებში დამალულიყო, სადაც დამპყრობლები ვარ მისწვდებოდნენ, მაგრამ დემეტრემ მშვიდი სახით იუარა:
–„მეწყალვის უბრალო ერი, ვითარცა ცხოვარნი კლვად უღონო არიან და არა-სადა აქუნ ნუგეშინისცემა. მე დავსდებ სულსა ჩემსა ერისათვის ჩემისა და არა დავიშლი ურდოს წასვლას.”
მეფის ასეთმა თავგანწირვამ ყველა გააოგნა და დაადუმა.
ბოლოს აბრაჰამ კათალიკოსმა ამოიღო ხმა:
–„უფალი სახარებასა შინა ბრძანებს: „არა არს სიყვარული უფროს ამისსა, რათა დადვას კაცმან სული თვისი მოყვასისათვის“. და თუ ერთი მოყვასისათვის სულის დადება კეთილ არს, რაოდენ ძვირფასია გაწირვა თავისა უამრავ ადამიანთა გადარჩენისათვის. აწ თუ შენ დასდებ სულსა შენსა ერისათვის, ჩვენ ყოველნი, ეპისკოპოსნი, ვიტვირთავთ ცოდვათა შენთა და წინაშე ღმრთისა ვწამებთ, რათა მოწამეთა თანა შერაცხილ იქმნე!”
მეფის გადაწყვეტილებამ ხალხი ცოტა დააწყნარა, მისი პირადი ცხოვრების მძაფრი კრიტიკოსები ახლა უკვე ქება–დიდებით მოიხსენებდნენ დემეტრეს, ერისათვის თავდადებისა გამო. მხოლოდ ერთი ქალი მოთქვამდა მწარედ მთელს სამეფოში– დედოფალი ქართლისა. უკანასკნელ ხავსს ეჭიდებოდა მისი ქმარი: ყაენის რისხვის ჩასაცხრობად და თავის გადასარჩენად, დამპყრობლის კარზე მძევლად ზვარაკივით მიყავდა მათი უფროსი ვაჟი – დავითი.
–ნამდვილად ისრაელის მეფეთა სისხლია ბაგრატიონთა ძარღვებში. განა ზუსტად ასე არ მოიქცა ქრისტეშობამდე 647 წელს მეფეთა შორის ღვთის გმობით გამორჩეული მანასეც კი?–ფიქრობდა პიმენი და მოქანცული ცხენისათვის მათრახის გადაჭერით ცდილობდა, ამილახორის გაჭენებულ თეთრონს არ ჩამორჩენოდა. მხედრები სვეტიცხოველს მიუახლოვდნენ.
ნიკოლოზისთვის ბერებს ცოტაოდენი ღვინო დაუძალებიათ და შედარებით მომაგრებული, ღაწვებშეფაკლული დახვდა სტუმარს. იმ საღამოს დიდხანს გაუგრძელდათ ბჭობა ამილახორსა და პატრიარქყოფილს, ბოლოს პიმენი იხმეს:

–ძმაო პიმენ, – მიმართა ნიკოლოზმა,–გადავწყვიტეთ, რათა მეტაძრეთ კიდობანი სვეტიცხოვლიდან დაფარულად გაიტანონ და კავკასიონის მიუვალი მთების მღვიმეში გადამალონ. სამალავის ადგილის შესახებ ცნობა რომ არ დაეკარგოს შთამომავლობას, ყველაზე უპრიანად მივიჩნიეთ ეს საიდუმლო ერთ გვარს მივანდოთ, რომელშიც მამა შვილს გაუზიარებს მას, შვილი– შვილიშვილს... უბედური შემთხვევაც ხდება, ამიტომ საიდუმლო ანბანით ერთ ეტრატზე აღვწერთ ადგილსა მას, ხოლო მეორეზე – ანბანის საიდუმლოს, და მათაც შეინახავენ გვარში.
–როგორც დიდი მეფე დავით აღმაშენებლის ასულისა და ბიზანტიის სახელოვან იმპერატორთა დინასტიის, კომნინების შთამომავალთ, ჩვენი საძმოს ხატების – წითელი ჯვრის საკუთარი სხეულით მატარებელთ, თქვენს გვარს ვანდობთ ამ საქმეს,–განაგრძო ამილახორმა,–ამიტომ შენი ძმა, ალექსი უნდა მოგვიყვანო. ღირსეულ კაცად ვცნობთ და შთამომავალნიც ღირსეულნი ეყოლება, ღვთის წყალობით, გავუმხელთ საიდუმლოს და, გვჯერა, სამუდამოდ დაიმარხავენ გულებში. თუ ღმერთმა გაგვწირა და სამშობლო ჩვენი უსჯულოთა მძლავრობით აღიგავა პირისაგან მიწისა, თავშესაფრის ნახვას ტრაპეზუნდში შეძლებთ, სადაც თქვენი სახლეული მეფობს, და თუ იქიდანაც მოგიწიათ წასვლა, საბერძნეთს შეგიფარებენ ნათესავნი.
პიმენი დუმდა. ან კი რა ეთქვა, როცა ყველაფერი საღად განესაჯათ ბრძენკაცებს.
–გაემგზავრე, შვილო, პიმენ, მოგვგვარე აქ თავადი ანდრონიკაშვილი,–გაუღიმა ნიკოლოზმა და პირჯვარი გადასახა, დალოცვის ნიშნად.
ამილახორი უხეშად გამოთლილ ხის მაგიდას მიუჯდა, მელანი და ბატის წამახული ფრთა მოიმარჯვა და სენაკის სარკმლიდან გადმოღვრილი დაისით განათებულ ქაღალდზე ნიკოლოზ ბერის კარნახით წერას შეუდგა.
„უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სატახტო ქალაქს, იერუსალიმს.
ქრისტესა და სოლომონის ტაძრის რაინდთა დიდ მაგისტროსს რაინდს გიიომ დე ბოჟეს.
ძმური სიყუარულით გწერთ და მოგიკითხავთ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნიდან კომანდორი გეორგიისა, მაგისტროსი ნიკოლოზი და რაინდთა მარშალი ამილახორი გიორგი. ჩვენამდე მოაღწია ამბავმა, თუ ვითარ თავგანწირვით ებრძვით სარაცინებს, რათა არ დაანებოთ ქრისტეს წმინდა საფლავი. ცრემლსა ვღვრით, ვინაითგან ვერარა ღონეს ვხმარობთ ჩვენს ძმებთან ერთად წმინდა ბრძოლისათვის. უსჯულოთა ურდოს ბატონობის ქვეშ მყოფ ქართველთა სამეფოს აღარ შესწევს უწინდელი ძალი, რათა წინ აღუდგეს მათ. ჭეშმარიტად, ღვთის რისხვა დაგვატყდა თავს მთავართა ჩვენთა უსჯულოებისათვის.
აწ გავუსწორეთ თვალი აწინდელსა უბადრუკს მდგომარებას, რომელიც განუწყვეტელ ომებში მყოფს ჩვენს ერსა და საძმოსაც ამოწყვეტით ემუქრება და ქვა იგი წმინდა და ძლიერი, მომსვრელი ყოველთა ბილწთა, კიდობანიანად იდუმალად გადავიტანეთ სვეტისა ცხოველისა ტაძრიდან მიუვალი მთების სამალავში. საიდუმლოი ესე ქუაბისა ვანდეთ მხოლოდღა ბიზანტიის უავღუსტოეს იმპერატორთა და დავითიან–სოლომონიან ქართველთა მეფე დავით დიდი აღმაშენებლის შთამომავალთ, დრომდე, ვიდრე უფალი კვლავ არ გადმოხედავს მოწყალებისა თვალითა ცოდვილსა ამას ქუეყანასა.
უფალო, შეგვინდევ და შეგვეწიე.”
მეორე დილას ძმებს, პიმენ–ანდრონიკესა და ალექსის, სვეტიცხოვლის გალავანში შესვლისას სამრეკლოდან ზარების სამგლოვიარო გუგუნი მოესმათ. ნიკოლოზის სული მიებარებინა უფალს.
ამილახორი მეფის კარზე მიიჩქაროდა, ამიტომ ძმები ცალკე დასხა და დიდი საიდუმლო გაანდო, რომელიც ასწლეულების განმავლობაში უნდა ერთგულად შეენახათ მათ შვილთაშვილებს. წასვლისას პიმენს უთხრა:
–პიმენ, ძმაო, ლათინთა ენის კარგი მცოდნე ჩვენში, შენს გარდა აღარავინ მეგულება. ეს უსტარი გადათარგმნე, ქართულად ნაწერი კი დაწვი. გავატან რომელსამე ჩვენს ძმათაგანს, უსჯულო დევრიშის სახით წარვგზავნი იერუსალემს.
* * *
აშურბანიფალის მიერ შეთქმულთა კოალიციის სასტიკად დამარცხებამ დაასამარა მენაშეს ოცნება გაერთიანებული ისრაელის მეფობაზე. აჯანყებულთა მეთაურმა შამაშუმუქინმა, ძმას ხელში რომ არ ჩავარდნოდა, საკუთარ სასახლეს ცეცხლი წაუკიდა და ოჯახიანად მასში თავი დაიწვა.
აშურის მეფე თავისი ძლევამოსილი არმიით ბაბილონშია, იუდეიდან რამდენიმე დღის სავალზე და თუ მენაშე არ დამორჩილდება და არ გაყვება მის წარმოგზავნილთ, ის დაანგრევს იერუშალაიმს და მიწასთან გაასწორებს ქვეყანას. სასწორის მეორე პინაზე მენაშეს თავისუფლება, და, შესაძლოა, სიცოცხლეც დევს.
მენაშე მარტოდმარტო, მშვიდად გამოვიდა ქალაქიდან და აშურბანიფალის წარმოგზავნილი მხედრობისაკენ გაემართა. იერუშალაიმის გალავანსა და ქონგურებზე გამოფენილი ხალხი სუნთქვაშეკრული უმზერდა, როგორ დაადეს ბორკილები მათ მეფეს, გაბოჭეს რკინის ჯაჭვებით და ბაბილონის გზას გაუყენეს. მდუმარე ებრაელები მაშინღა დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში, როცა ჰორიზონტზე აშურელთა ცხენების ფლოქვებით ავარდნილი მტვერი გაიფანტა.
აშურის სატახტო ქალაქის საპყრობილის ჯურღმულებში კედელზე ხუნდებით მიჭედილ მენაშემდე მხოლოდ სიმყრალე და წამებულთა კვნესა–ვაება აღწევდა. მზის სინათლეს მონატრებულ თვალებში გადაირბინეს განვლილი ცხოვრების სურათებმა და ახლა იგრძნო, თუ რას ნიშნავდა შლომოს სიტყვები: „ამაოებათა ამაოებაა, ამაოა ყველაფერი”. როგორც მოკვდავთა უმეტესობას სჩვევია, გასაჭირში ჩავარდნილსა და სასოწარკვეთილს გაახსენდა ღმერთი ისრაელისა, ელოჰიმი, და, ცრემლგამშრალმა, გულითღა შეჰღაღადა – წყურვილისაგან დამსკდარი ტუჩები აღარ ემორჩილებოდნენ.
–ზღვის ქვიშაზე ურიცხვი ცოდვები მაქვს ჩადენილი. შენი მცნებების დაუცველობით განგარისხე და შენს წინაშე მრავალი ბოროტება ჩავიდინე, ვცოდე, ვცოდე, უფალო და ვუწყი ჩემი ცოდვანი! მაინც შემოგბედავ ლოცვას: მომიტევე, მომიტევე და არ დამღუპო ჩემს ცოდვებში, შენ ხომ მონანულთა ღმერთი ხარ, და უსაზღვროა შენი მიტევების მადლი!
ამ დროს აშურბანიფალი ნინევიაში, სასახლის აივანზე ისვენებდა. მოკრიალებულ ცას გახედა მრავალ მეცნიერებაში განსწავლულმა მეფემ, აშურისტანის ბიბლიოთეკის დამაარსებელმა. „რაღაც უცნაურად გაფერმკრთალდა დღის ნათელი,”-მიზეზს მალევე მიხვდა და გაჭვარტლული მინის მოტანა უბრძანა. გახედა მზეს – იშთარის ხატებას ხილულ სამყაროში. შავი დისკო ნელ–ნელა მიცოცავდა იშთარის სახეზე და ბრწყინვალებას უკარგავდა. შეშფოთებულმა აშურბანიფალმა სასწრაფოდ ქურუმები იხმო.
–რატომ არ მაცნობეთ მოსალოდნელი მზის დაბნელების შესახებ?–უღრიალა.
გაოგნებული ქურუმები დუმდნენ.
–ახლავე გადათვალეთ 19756 დღე წარსულისაკენ, შემდეგ კიდევ ამდენივე და იმდენჯერ, სადამდეც გვაქვს წინაპართა ჩანაწერები. ჩადით ხელნაწერთა საცავში და მომახსენეთ, ნახსენებია თუ არა სადმე ამ დროთათვის მომხდარი დაბნელება მნათობისა?
ქურუმები დაფაცურდნენ, გაღიზიანებული მეფე აივანზე ბოლთას სცემდა და დრო და დრო ცას გახედავდა, რომელიც თანდათან იბინდებოდა.
* * *
მაღალი კარვის წინ მოსაუბრე არღუნ–ყაენმა და მისმა მხედართმთავარმა ვერ შენიშნეს, თანდათან როგორ იკლო მზის მცხუნვარებამ.
_კავკასიონის მთებში გიბრძანებ გალაშქრებას, იახოვე–ნოინო!
–საქართველოში?
–არა, ქართველთა მეფემ თავისივე ხელით აღგვიწერა მთელი ქონება და ყველა მისი საჭურჭლე დავაცარიელეთ, დიდძალი სიმდიდრის პატრონი ყოფილა. ბაგრატოვანთა ნათესავები არიან ალანთა მეფეები და ვეჭვობ, მათთან გადამალავდა დანარჩენს. თავიანთ მაღალ მთებს შეფარებული ალანები გვეურჩებიან, ხარკის მოცემაზე უარს ამბობენ. დაარბიე მათი ქვეყანა და სისხლად აქციე მათი მდინარეები, იქნებ მათ საჭურჭლეებსაც მიაგნო.
–ასრულებულ იქნება ბრძანება შენი, დიდო ყაენო! გალაშქრებამდე, ერთ თხოვნას შემოგბედავ, თუ არ გამიჯავრდები...
–დღეს კარგ ხასიათზე ვარ, ყველა ჩემი მტერი დავსაჯე და თქვი, რაც გინდა,–აგისრულებ!
–შენი სამართალი უეჭველია მთელს დუნიაზე! სამართლიანობით სახელგანთქმულები ხართ დიდი ილხანები, ამიტომაც მოჰკვეთე თავი დემეტრე ქართველთა მეფეს და ამით დიდი სიბრძნე დაგვანახე ქვეშევრდომებს. ჩემს თხოვნას თუ ყურად იღებ და მრისხანებას მოწყალებად გადააქცევ, ამით კიდევ ერთხელ გამაოცებ შენი სიდიადით, უძლეველო!
–კარგი, რა მეხოტბესავით გაილექსე, მითხარი რას მთხოვ?
–დემეტრეს მცირეწლოვან ვაჟს ნუ დასჯი მამამისის მუხანათობისათვის, მისი თავი მე მაჩუქე, მბრძანებელო!
ყაენს სახე აელეწა, გაცოფებულივით დორბლი გადმოუვიდა ტუჩიდან და ის იყო, უნდა ეღრიალა თავხედი ნოინისათვის, რომ ხალხის ყვირილმა შეაჩერა. ყველა ცას აჰყურებდა და ხელს გაშავებული მზისაკენ იშვერდა.
–ეს რა ხდება?–ნოინის ხმა შიშმა დაბზარა.
იაჰ–ვემ მზეს ახედა, ტუჩებზე ირონიული ღიმილი გაუკრთა.
–მზეც ამას გთხოვს, დიდო ყაენო, ამიტომაც დაიბურა პირი! მაჩუქე დავითის თავი და თუ ისევ არ გაანათოს, თავი მომჭერი!
–იქნებ მართალიც ხარ... ჩემ ხალხში მხოლოდ შენ კითხულობ წიგნებს და სიბრძნის მარგალიტებს ჰკრებ. კარგი, შენი იყოს ეგ ბიჭი, ოღონდ ახლავე თუ არ გათენდა...
–შენი ხმალი და ჩემი კისერი!–არ დაამთავრებინა სიტყვა გაღიმებულმა ნოინმა.
* * *
განა არ შეეძლო მენაშეს ვაჟის გადარჩენაც იაჰ–ვეს? მაგრამ მოკვდათათვის შეუცნობელია გზანი უფლისანი: როგორც უნდა, ისე დაარღვევს თავისსავე დადგენილ კანონებს, თუ მოისურვა – მზესაც დააბნელებს უდროოდ.
ქურუმებმა ხმის კანკალით მოახსენეს აშურბანიფალს, რომ ვერაფერი აღმოაჩინეს მატიანეებში, -მზის დაბნელება წელს არ უნდა მომხდარიყო.
–განრისხებულია დიდი ქალღმერთი თუ... რომელ ღმერთს შეეძლო, ბუნების კანონზომიერება დაერღვია?-ფიქრობდა აღელვებული. ამასობაში კი შავი დისკო მთლად გადაეფარა მზეს და აშურში ბნელი ჩამოწვა, –არც ერთ კერპს არ შესწევს ძალა, უდროოდ დაჩრდილოს იშთარის სახე, არც ერთს, გარდა... ებრაელთა უხილავი ღმერთი იზამდა ამას! მირისხდება მის მიერ, მისი ხალხისთვის მეფედ დადგენილის დატყვევებისთვის!–განმარტა და შვებით ამოისუნთქა: გაურკვევლობაში ყოფნაა რთული, თორემ, უბედურების მიზეზი თუ იცი,–გამოსავალსაც იპოვი.
–საპყრობილის უფროსს უხმეთ! თუ ცოცხალია იაგუდუს მეფე, დაუყოვნებლივ გამოუშვას და გაამგზავროს თავის ქვეყანაში!
ქურუმები ადგილიდან არ იძვროდნენ და თვალს ხან განრისხებული მეფისაკენ აპარებდნენ, ხან – დაბნელებული მნათობისაკენ და აჰა, გამოჩნდა ნამგლისებრი ნათელი მის კიდეზე,- შვებით ამოისუნთქეს.
„სწორად გადავწყვიტე! თავი დაანება ებრაელთა ღმერთმა იშთარს, დიდი ქალღმერთი კვლავ გაანათებს აშურს თავისი სხივებით!”-დამშვიდდა აშურბანიფალი.
მზე არ დაბნელებულა მაშინ იუდეაში. არც საქართველოში დაბნელებულა.

30.12.2010
-----------------------------------------
*აქ და შემდგომში ციტატების ამონაკრები ბიბლიიდან და მატიანეებიდან ბრჭყალებშია მოყვანილი.
** გაერთიანებული საქართველოს მეფეების სათვალავში დემეტრე თავდადებულიც მეთოთხმეტეა.

25 November, 2010

მართა და ბასილევსი

მართა დედოფლის სახეზე მჭმუნვარება იყო აღბეჭდილი. მალემსრბოლის მიერ მოტანილი შვილის წერილი წაიკითხა თუ არა, სასწრაფოდ ეტლის შეკაზმვა ბრძანა და, რამდენიმე მოახლესთან ერთად, პენტიგოსტისისკენ გაემართა. ქალაქ სერრის სიახლოვეს მყოფი კონსტანტინე დუკა აუწყებდა: დალმაციისკენ მიმავალი იმპერატორი ალექსანდრე დავითანხმე, ჩვენს მამულში შეისვენოსო. დედოფლის უგუნებობის მიზეზი მოახლეთ ზაფხულის სიცხის გამო მოქანცვა ეგონათ, მაგრამ მართა ცუდი წინათგრძნობის გამო იყო გულდამძიმებული.
მას შემდეგ, რაც ნიკიფორე დიოგენემ თავისი განზრახვა გაუმხილა, მშვიდი ძილი აღარ ღირსებია, ახლა კიდევ უფრო შეფიქრიანდა: არ არის გამორიცხული, რომ მის კუთვნილ სასახლეში მოლაშქრეთა შესვენება სულაც ტკბილმოუბარმა ნიკიფორემ ჩააგონა საიმპერატორო კარის ინტრიგებში გამოუცდელ კონსტანტინეს, ის ხომ მხოლოდ ოცი წლისაა... შესაძლოა, სწორედ აქ გეგმავს დიოგენე ამბოხს? მართას მიმხრობის მიზნით კი არწმუნებდა, ეს შენი შვილის აღზევებისათვის უნდა ჩავიდინოო, მაგრამ აღარ სჯერა მართას ბერძნების, რომლებიც მას ზურგსუკან მარია ალანელს ეძახიან, რომ დაამცირონ: აქაოდა, გიორგი ქართველთა მეფესა და მის დას დედა ბარბაროსი, ალანელი ჰყავდათო.
ნიკიფორე ჯერ ოცდახუთი წლისაც არ არის, მაგრამ ყველა აღტაცებულია მისით: ეს გოლიათური აღნაგობის, მხარბეჭიანი, შავგვრემანი ჭაბუკი გასაოცარი ოსტატობით აჭენებს ცხენს, ისვრის მშვილდისარს, მართავს საბრძოლო ეტლს და ტყორცნის შუბს. ალბათ, საიმპერატორო ტახტზე პრეტენზიაც გაუჩნდა: მართალია, სამი წელიც ვერ გაძლო მამამისმა, რომან მეოთხემ, ბიზანტიის თვითმპყრობელად, მაგრამ ისიც საკმარისია, მისი შვილები, ლევი და ნიკიფორე რომ პორფიროგენეტები, ანუ პორფირაში დაბადებულნი არიან... ლევი ბრძოლაში დაიღუპა, მაგრამ ნიკიფორე მამის ტახტიდან ჩამოგდებისა და თვალების ამოშანთვის გამო ბოღმას დღემდე გულში ატარებს.
მართას გაახსენდა სასახლის ის ოთხკუთხა, პირამიდულსახურავიანი შენობა, ნავსადგურს რომ გადაჰყურებს და პორფირას რომ ეძახიან, სადაც განიცადა მშობიარობის ტკივილი და დედობის სიხარული: მარმარილოს იატაკებით, რომიდან ჩამოტანილი, უცხო ქვით მოპირკეთებული კედლებით, რომელიც თითიქმის მთლად ხასხასა წითელია, ოდნავ შესამჩნევი, წვრილი თეთრი წვეთებით დაწინწკლული... ბერძნებს, რატომღაც, სისხლის ფერი გამორჩეულად უყვართ, ძალაუფლებასთან აიგივებენ, იმპერატორის ოჯახის წევრებს გარდა, წითელი წაღების ჩაცმის უფლებას არავის აძლევენ. მართას ქმარმა, მიხეილ მეშვიდე დუკამ, ტახტზე ასვლისთანავე, საჩქაროდ გააძრობინა ალისფერი წაღები ნიკიფორესა და მის ძმას. ლევი ბუნებით მიმტევებელი და არაამბიციური იყო, ნიკიფორე კი გულღვარძლიანია, რაც არ უნდა მალოს ეს ღიმილიანი ნიღბის ქვეშ, წყენა არ დაავიწყდებოდა.
რვა წლის შემდეგ კი უკვე მიხეილისა და მართას ოთხი წლის ვაჟს გახადეს წითელი წაღები. მაშინ ქერათმიან კონსტანტინეს უთხრეს:–მამაშენი აღარაა იმპერატორი, ბერად შედგა და ეპისკოპოსი იქნებაო. ბავშვს, რომელსაც ყველა მითებიდან გადმოსულ პატარა ეროტს ადარებდა, ფირუზისფერი თვალები აუწყლიანდა, რძისფერი სახე შეეფაკლა და ოქროსფრად მბზინავი წარბები დახარა. ერთხანს უცქირა წითელ წაღებს, შემდეგ კი თავად გაიხადა და შავები ჩაიცვა. როცა ახალმა იმპერატორმა, ნიკიფორე ვოტანიატემ ნახა, მასაც კი აუჩვილდა გული, და სხვა რომ ვეღარაფერი მოიფიქრა, ჭრელი წაღების ჩაცმა უბრძანა, რომელშიც ალაგ–ალაგ წითელი იქნებოდა შერეული. ამ წითელი წაღების გამო იყო, რომ მართა ამ უშვილო ბერიკაცს ცოლად გაყვა, ტახტის მემკვიდრედ კონსტანტინეს გამოცხადების პირობით, მაგრამ ვერაგმა ვოტანიატემ სიტყვა გატეხა.
ამიტომაც შეიტკბო მართამ ძმები კომნინები, ისააკს საკუთარი დისწული მიათხოვა, ალექსი კი ოფიციალურად იშვილა. დასაღუპავად განწირულები იყვნენ, როცა ვოტანიატეს კარზე დაწინაურებულმა სკვითებმა, ბორილმა და გერმანემ, იმპერატორი კომნენთა ღალატში დაარწმუნეს და მათთვის თვალები დათხრა გადააწყვეტინეს. მაშინ ძმები მართამ გადაარჩინა: კონსტანტინეპოლიდან სქიზაში გაქცეულ აჯანყებულებს ერთგული ქართველი მაგისტროსის პირით შეატყობინა მტრების განზრახვა. მისი შვილობილი, ალექსი, ახლა იმპერატორია, თავიდან დანაპირებიც შეუსრულა და კონსტანტინე თანამმართველად გამოაცხადა, თავის ასულ ანნაზეც დანიშნა. მაგრამ, რა გამოვიდა საბოლოოდ? ვიდრე ალექსის და ირინას ვაჟი შეეძინებოდათ, კომნინები იფიცებოდნენ, კონსტანტინე ყოველთვის ბიზანტიის ბასილევსი იქნებაო. ტახტის მემკვიდრე რომ ეყოლათ, გაჩუმდნენ, მერე კი ოთხი წლის იოანე სასწრაფოდ იმპერატორად აკურთხეს და კონსტანტინეს წითელი წაღები გაახდევინეს, – მომავალში, ჩვენს შვილს არ შეეცილოსო, – თითქოს თოთხმეტი წლის ყმაწვილი სახელმწიფოს მართვა–გამგეობაში ჩაერეოდა. ბავშვს მხოლოდ ის უხაროდა, იმპერატორს ამალაში უკან გვირგვინდადგმული რომ მისდევდა და ბრძანებებზე წითელი მელნით ხელს აწერდა. აი, ასეთები არიან ბერძნები, უპირონი, მათ ვერ ენდობა ადამიანი... თუმცა, სხვაგანაც ასეა, როცა საქმე ტახტსა და ძალაუფლებას ეხება, ძმა ძმას არ ინდობს, და ეს არც კომნინებისგანაა გასაკვირი.
ფილიპოპოლიდან პენტაგოსტისამდე შორი არ იყო და მოსაღამოვებულს გზიდან დაინახეს ვილლასთან დაბანაკებული საიმპერატორო ჯარის კარვები. მართამ მხოლოდ მცირე ხნით შეისვენა და მსახურებს განკარგულებები მისცა: ბასილევსებისა და დიდებულთათვის მოსასვენებლად ოთახები სასწრაფოდ მოემზადებინათ, ხვალისათვის სანაქებო ნადიმი გაემართათ და საამისოდ მიმდებარე სოფლებიდან პროვიანტი მოემარაგებინათ. შემდეგ ალექსსა და ირინას ეახლა, მოიკითხა, მათაც გულთბილად მიიღეს. ბასილევსი თითქოს შეფიქრიანებული იყო, მაგრამ არ იმჩნევდა.
როცა ირინა და მარია სეფე–ქალების თანხლებით გავიდნენ, ალექსიმ ოთახში მარტო დარჩენა ინება და ფიქრებში ჩაიძირა. „რაც თავი მახსოვს, საიმპერატორო ტახტი მამიდან შვილზე, როგორც მეფეთა წესია, არ გადაცემულა. შეთქმულებები, აჯანყებები... მამაჩემი ბულგარეთის უკანასკნელი მეფის ქალიშვილზე ქორწინების შედეგად უზარმაზარი სიმდიდრის პატრონი გახდა და შეეძლო წუთისოფელი უზრუნველად გაეტარებინა. ალბათ, არც მოინდომებდა ძალაუფლებას, მაგრამ ქვეყანაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში გამეფებული ანარქია და მოხელეთა თავგასულობა სახელმწიფოს ნგრევას უქადდა. ამას სხვებიც გრძნობდნენ და, იმპერატრიცა თეოდორას სიკვდილის შემდეგ, ამიტომაც მოუწოდეს, ტახტზე ასულიყო და წესრიგი დაემყარებინა. ეკლესიასა და დიდგვაროვნებს არაფრად ეამათ მათი შემოსავლების შემცირების ხარჯზე ჯარის გაძლიერება, შეთქმულება მოუწყეს და ბერად აღკვეცა აიძულეს. მათ მიერ ტახტზე აყვანილმა კონსტანტინე დუკამ კი, იმის მაგივრად, არმია გაეძლიერებინა, ისედაც გაჭირვებულ ხალხს გადასახადები გაუზარდა და ამ გზით შევსებული ხაზინა ფაქტიურად გაფლანგა, აკი ამიტომაც ვერ გაუმკლავდა ვერც თურქ–სელჯუკებს, რომელთაც აღმოსავლეთის მიწები დაიკავეს, და ვერც დუნაის გაღმიდან მოთარეშე უზებს, ბალკანეთის ნახევარკუნძული რომ მოაოხრეს. მის წინააღმდეგაც მოაწყეს პატრიოტებმა შეთქმულება, მაგრამ დამარცხდნენ.
კონსტანტინეს სიკვდილის შემდეგ მისმა ქვრივმა ქმრად რომან დიოგენე დაისვა და იმპერატორად აკურთხებინა. რომანი გულადი კაცი იყო, თამამად შეებრძოლა თურქებს, მაგრამ ის ვერ განსაზღვრა, რომ ჯერ ჯარი გაეძლიერებინა და მერე დაეწყო ბარბაროსებთან ომი. ალბათ, ამიტომაც დამარცხდა და ტყვედ ჩაუვარდა სულთანს. მისი შვილებიც, ლევი და ნიკიფორე, ვაჟკაცობითა და სიძლიერით მამას გვანან. საწყალი ლევი... ცხოვრებაში თავმდაბალი, ომში ნამდვილ დევგმირად იქცეოდა და შიშის ზარს სცემდა მტერს, ის რომ არ მოეკლათ სკვითებს უთანასწორო ბრძოლაში, ალბათ დააშოშმინებდა თავის უმცროს ძმას და ნიკიფორეც არ დამიწყებდა ქვემძრომობას. მარია ალანელის ქმარი მიხეილ პარაპინაკი და რომანის ბიჭები ხომ ერთი დედის ნაშობნი არიან, მაგრამ მან, ტახტზე ასვლისთანავე, დედასთან ერთად ისინი კიპერუდის მონასტერში გამოამწყვდია. მიხეილს უნიათო მმართველობის გამო აუჯანყდნენ და ტახტიდან ჩამოაგდო ვოტანიატემ, მერე ჩვენ ავუჯანყდით მას და მოხუცი მონასტერში გავისტუმრეთ... როდის მოეღება ამ გადატრიალებებს ბოლო... ერთი დინასტია უნდა მეფობდეს, ღირსეული საგვარეულო, რომელიც აგონიაში მყოფ ბიზანტიას ბარბაროსთაგან იხსნის, და ეს კომნინთა დინასტია იქნება! არ დავუშვებ, რომ მეც, წინამორბედებივით, ტახტიდან ჩამომაგდონ და ჩემს შვილს არ გადავულოცო ძალაუფლება!
ნუთუ, მართლა ჩემს მოსაკლავად მოვიდა ნიკიფორე წუხელ? ასე თქვა მსახურმა: კარავში უჩუმრად შემოვიდა ნაშუაღამევს, ხმლის ვადაზე ხელი ედო, მცირე ხანს იდგა შემოსასვლელთან, გაფითრებული, გიყურათ მძინარე ბასილევსებს, შემდეგ გაბრუნდა და წავიდაო. მე მარაოს გინიავებდით, კოღოებს რომ არ შეეწუხებინეთო... მანამდე კი, საღამოს, დაფნუტის მახლობლად რომ დავბანაკდით, მანუილ ფილოკალი მოვარდა აღშფოთებული, რატომ გაშალა ნიკიფორემ თავისი კარავი თქვენს საძინებელთან ასე ახლოს, ბოროტება არ ჰქონდეს ჩაფიქრებული ამღამისათვის, უნდა გადავადგმევინოო... მე კი ვუთხარი:–ნუ იზამ, ნუ ექნება ნიკიფორეს ჩემგან, უნდობლობის გამო, წყენის საბაბი, თუ ავს რამეს მიპირებს, გამოამჟღავნოს ღვთისა და ხალხის წინაშე–მეთქი, - მაგრამ, პორფიროგენეტია მაინც და, ვინ იცის, იმპერატორის კვერთხი ესიზმრება ღამ–ღამობით...
მოახლის სიტყვები ვითომ დასაჯერებელია? რა დაინახა სანთლის შუქზე, გაფითრდა თუ არა ნიკიფორე? ან იყო კი შემოსული საერთოდ, თუ შურის გამო აბრალებენ, როგორც ბორილი და გერმანე, ვოტანიატეს ჩვენზე რომ აგულიანებდნენ. საიმპერატორო კარზე ათასი ინტრიგა იხლართება... რა დავუშავე ასეთი, რატომ უნდა ჰქონდეს გულში ჩემზე წყენა? ნახევარძმისაგან დამცირებულებს, ძმად მე მოვევლინე, კეთილ რჩევებს ვაძლევდი, ვასაჩუქრებდი, ვუპატრონე, ვეფერე, მათ დედას კუნძული კრეტაც კი ვუბოძე რეზიდენციისათვის, და ... გველი გამიზრდია უბეში! პრესლავის მახლობლად, სკვითებთან იმ ავადგასახსენებელი ბრძოლის დროს, ლევი რომ შეაკვდა ბარბაროსებს, ექვს კაცს ვანდე ჩემი დაცვა, ექვს უერთგულესს, და მათ შორის ორნი ძმები დიოგენეები იყვნენ. ნუთუ, ვერ იგრძნო ნიკიფორემ ჩემგან ნდობა და სიყვარული, და ახლა, სიკეთის სანაცვლოდ, თავისი ხელით მოკვლას მიპირებს? “
გაახსენდა, ორიოდე წლის წინ, გაზაფხულის მზემ როცა საიმპერატორო სასახლის იპოდრომის მოლი ააშრო, ცხენბურთის თამაშის დროს დაქირავებული მკვლელი როგორ მიუგზავნეს. მაშინ ბასილევისის თეთრონი დაიღალა და მოთამაშეთ ჩამორჩა. ალექსიმ ლაგამი მოსწია, გაქაფული ცხენისათვის ამოსუნთქვისა და ძალების მოკრების საშუალება რომ მიეცა. ამ დროს მაყურებლების რიგებიდან აღმოსავლურ, ფართო კაბაში ჩაცმული შავგვრემანი კაცი გამოიჭრა და მის წინ მუხლებზე დაეცა, რაღაცას შესთხოვდა. მოთამაშეთა ყიჟინის გამო სიტყვებს ვერ არჩევდა, ამიტომაც მიუახლოვდა და მთხოვნელისაკენ ცხენიდან გადმოიხარა. წელში მოხრილ კაცს კაბაში შეეყო მარჯვენა, რაღაც უცნაურად ფართხალებდა. ასეთი საქციელის გამო იმპერატორმა გიჟად შერაცხა და ის იყო, ცხენისთვის დეზი უნდა ეკრა, რომ კაცმა ხელები გაშალა და მიწაზე ღრიალით განერთხა:
–მაპატიე, ბასილევსო, შემიწყალე...
–ვინ ხარ, ან რა დაგიშავებია, შეწყალებას რომ მთხოვ?
კაცი წამოიწია, კაბიდან ქარქაშიანი სატევარი ამოაძვრინა, ცხენის ფეხებთან მიუგდო და მოთქმა განაგრძო:
–ამით უნდა მომეკალი, ბასილევსო, მაგრამ ქარქაშიდან ვერ დავძარი! ახლა მივხვდი, რომ შენ დიდი ღმერთი მართლა გფარავს. მაპატიე, ღვთივკურთხეულო!
ალექსიმ კიდევაც აპატია და დასაჩუქრებულიც გაუშვა. გარსშემოხვეული ახლობლები სამეფო ქალაქიდან მის გაძევებას ურჩევდნენ, რაზეც ალექსიმ უპასუხა:
–თუ უფალი არ იფარავს ქალაქს, ტყუილად ირჯებიან გუშაგნი!
ეს – ხალხის დასანახად, თორემ მუზაკს დაავალა მისი შეპყრობა და გამოტეხვა. იმავე ღამეს ბარბაროსი, რომელიც სომეხი თუ თურქი აღმოჩნდა, საპყრობილეში სასტიკად აწამეს. „ნიკიფორე დიოგენეს დავალებით ვმოქმედებდიო”, – ასე უთქვამს და სულიც ამოხდომია. არც მაშინ დაიჯერა ალექსიმ ნიკიფორეს ორგულობა და კარისკაცთა ავენიანობად მიიჩნია, თუმცა, გულში ეჭვის ჭია მაინც შეეპარა. ამიტომაც უბრძანა მსახურთ დიოგენეს თვალთვალი და მისი თითოეული ნაბიჯის შესახებ მოხსენების გაკეთება.
კარზე ფრთხილად დააკაკუნეს. ნიკიფორე მარია ალანელთან შევიდა,–მოახსენა მუზაკმა. ალექსიმ ხელის გაქნევით ანიშნა, წადი და თვალყურის დევნება გააგრძელეო.
მართასა და ალექსის მოსასვენებელ ოთახებს შორის კარი იყო დატანებული. ბასილევსი იქვე მდგომ სკამზე ჩამოჯდა და გარკვევით ესმოდა ალანელის ოთახში დაწყებული საუბარი.
–მოხარული ვარ, დედოფალო, რომ თქვენი ნახვა პირადად მეღირსა,–მოისმა დიოგენეს ხმა.
–მეც მოხარული ვარ, რომ ჩემი მეუღლის ძმას ჯანმრთელსა და დავაჟკაცებულს გხედავ,–უპასუხა მარიამმა,–მაგრამ, არ დაგიმალავ, ნიკიფორე, შენი ჩანაფიქრის მომხრე არ ვარ, აკი მოგწერე კიდეც.
–რატომ, დედოფალო? განა არ გნებავთ, თქვენმა ერთადერთმა ვაჟმა დაიბრუნოს მამა–პაპისეული სკიპტრა იმპერატორისა, რომელიც მას კომნენებმა წაართვეს? ხომ ხედავთ, მოგატყუათ ალექსიმ, და თავისივე ხელმოწერით დადასტურებული ქრისტოვული, რომ კონსტანტინე მისი თანამმართველი იქნებოდა მარადჟამ, შვიდი წლის წინ თავადვე დახია და გააუქმა, ხოლო ერთადერთ მემკვიდრედ იოანე გამოაცხადა, თავისი ვაჟი?–ინტრიგას ხლართავდა ნიკიფორე.
–შენ რად გაწუხებს ბედი კონსტანტინესი? განა ოდესმე უთქვამს ჩემს შვილს, რომ იმპერატორობა სურს?
–შესაძლოა მას არც უნდა, თავისი თავმდაბლობით, მაგრამ ღვთივკურთხეული ის არის და ქრისტიანული აღმოსავლეთის მართვა მისი მისიაა.
–მაგ ლოგიკით, თავადაც პორფიროგენეტი ხარ, და როგორ დავიჯერო, რომ ტახტი შენთვის არ გწადია?–პირში, მიკიბ–მოკიბვის გარეშე მიახალა მართამ.
–მართალი ბრძანდებით დედოფალო, და შესაძლოა, სხვა დროს მეც მეფიქრა ამაზე, მაგრამ ახლა მე არ ძალმიძს იმ მისიის შესრულება, რაც კონსტანტინეს დააკისრა უფალმა.
–რომელ მისიაზე მელაპარაკები, ნიკიფორე, ნუთუ ვარსკვლავთმრიცხველთ რამე აქვთ ნათქვამი ისეთი, მე რომ არ მსმენია?–მართას ხმაში ირონია გაკრთა.
–არა, დედოფალო, ჰოროსკოპებს არ ვგულისხმობ... ნუთუ არ აქვს თქვენთვის ნათქვამი, ან მოწერილი თქვენს ძმას, გიორგი მეფეთა–მეფეს, რა მიზნით აპირებენ ლათინები, ფრანკები, ნორმანები და კელტები იერუსალიმის დალაშქვრას, და რომ ეს ჟამი მოახლოვდა?
–მე ვიცი, რომ ალექსი ბასილევსის თხოვნა ლათინთა მიმართ თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების თაობაზე ჯერ–ჯერობით უპასუხოდაა დაშთომილი. რომც გამოემართონ დასავლელნი ქრისტეს საფლავის ქრისტიანთათვის დასაბრუნებლად, განა სარკინოზთა წინააღმდეგ მრავალ ომში გამობრძმედილი ალექსი უფრო კარგ თანამებრძოლობას არ გაუწევს მათ, ვიდრე ოცი წლის კონსტანტინე, რომელსაც ჯერ ერთ ბრძოლაშიც არ გამოუჩენია თავი? არც სახელმწიფოს მართვა–გამგეობის სირთულისა გაეგება რამე, ალექსი კი ქვეყანას უფრო გონივრულად უპატრონებს. ამჟამად ბიზანტიას, დიახაც რომ ნიჭიერი და გულადი მხედართმთავარი უდგას სათავეში, რომელიც ქვეყნის გადარჩენას ცდილობს. რა საჭიროა ახალი არეულობა?
–მაგრამ ვერც ალექსი კომნინი, ამჟამინდელი ბასილევსი, და ვერც მე, ნიკიფორე დიოგენე, რომც გავმეფდე, ვერ შევძლებთ აღმოსავლეთის კარის ჩარაზვას გოგი–მაგოგისათვის, რომელიც ამ ათასწლეულის დამდეგს გაიხსნა. ეს მხოლოდ ვარსკვლავ–მეფეთა შთამომავალს შეუძლია და ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, დედოფალო, ამის ნიშანი თქვენს ვაჟს ბეჭებს შუა უნდა ჰქონდეს.
მართა გაჩუმდა. საიდან უნდა სცოდნოდა ნიკიფორეს ის, რომ კონსტანტინეს, ბაგრატოვანთა მსგავსად, ბეჭზე დაბადებიდან ჯვრის ფორმის წითელი ლაქა აქვს? მართამ მშობიარობისას არავინ დაისწრო, საქართველოდან გამოყოლილ უახლოეს მხლებელთა გარდა და არც მერე არავის ანდო ბერძენთაგანს მისი გადიობა. ამ ნიშნის არსებობას არავის უმხელდნენ, როგორც ეს დედამისმა, ბორენა დედოფალმა დაარიგა.
–დედოფალო, რამდენადაც ვიცი, ორმოცი წლის წინ, მამათქვენის ბიზანტიაში ყოფნისას გადაწყდა ასე...
მართას ბავშვობა გაახსენდა. თეოდორა ბერძენთა დედოფალმა უნდა შვილად გაგზარდოსო,–ასე უთხრეს და აცრემლებული ექვსი წლის გოგონა უცხოეთში გამოისტუმრეს. როცა გრძელი და დამქანცველი გზის გავლის შემდეგ კონსტანტინოპოლამდე მოაღწიეს, პატარა მართა გაოგნდა ეკლესიების მოოქროვილი გუმბათებისა და უზარმაზარი სასახლეების ხილვით. ასე ეგონა, ამხელა სახლებში ზღაპრული დევები ცხოვრობენო და შიშისაგან აკანკალებული შეიყვანეს საიმპერატორო სასახლეში. იქ კი არეულობა სუფევდა: იმპერატრიცა გარდაცვლილიყო. გოგონას გაუხარდა: აქ აღარ დამტოვებენ და დედ–მამასთან ერთად დავბრუნდები სამშობლოშიო. მისი დანახვისთანავე შავ ანაფორაში ჩაცმულმა, შავწვერიანმა კაცმა, ხმამაღლა დაიძახა:
–უწყოდეთ ყოველთა, ვითარმედ დღეს დედოფალი განვიდა და დედოფალი შემოვიდა!
გიორგი მთაწმინდელის წინასწარმეტყველება ცხრა წელიწადში ახდა და მართას, უკვე მარიად სახელდებულს, იმპერატრიცას გვირგვინი დაადგეს. ეს 1065 წელს მოხდა, გავიდა კიდევ ცხრა წელიწადი და ვაჟი შეეძინა, კონსტანტინე... ახლა კი ეს ჭაბუკი მისი შვილის რაღაც გაუგებარ მისიაზე ლაპარაკობს, რომელიც თურმე ოთხი ათეული წლის წინ განუსაზღვრეს. რაღაც დაუჯერებელია. ან ვისგან გაიგო ეს ამბები?
–დედოფალო მარია, უკვე ყველაფერი არის ამისათვის მზად, ალექსის უახლოესი რამდენიმე კაცის გარდა, ყველა: უბრალო ხალხი და ჯარი, დიდებულები და ეკლესიის მოღვაწენი, სინკლიტის ყველა წევრიც კი ჩვენს მხარესაა და დიდი ზეიმით შეხვდებიან კონსტანტინეს!
–ალექსი ძლიერი პიროვნებაა და არ გადადგება თავისი ნებით...
–ის უნდა მოკვდეს...
–რა? ჩემი შვილის ცხოვრების გზა უდანაშაულო ადამიანის სისხლით გინდა მორწყო?! არავითარ შემთხვევაში! ვინ ჩაიდენს ამას?–აღშფოთებულმა მართამ თავისდაუნებურად ხმას აუწია.
–მე მომიწევს ამის გაკეთება,–ჩაილაპარაკა ნიკიფორემ,–ჟამი ახლოსაა: შუმერთა უძველესი კალენდრით დიდი ციური წელი ქრისტეს აქეთ 1093–ში* ამოიწურა და იწყება ახალი... ვერავის ვერ ვანდობ... ამიტომაც გეახელით: თუ ამაღამ ბასილევსის კართან დაცვა იდგა, აი, ამ კარიდან უნდა შემიშვათ.
მართამ წონასწორობა დაკარგა:
–თავხედო! ეშმაკს აუმღვრევია შენი სული, ვხედავ, მთლად დაუმონებიხარ! მოყვასის სისხლით გინდა შეიღებო ხელები და მე, ღვთის გზაზე შემდგარი ქალი, ჩემი შვილობილის მკვლელობის თანამონაწილედ უნდა გამხადო? გაეთრიე და თვალთ აღარ დამენახო!
იმპერატორი ალექსი კრიჭაშეკრული უსმენდა, მერე დიდხანს სცემდა ბოლთას ოთახში. კარს იქიდან მარიას ლოცვის ხმა ისმოდა, ქართულად ლოცულობდა, ამიტომაც ვერ გაარკვევდა, მის გადარჩენას შესთხოვდა ღმერთს, თუ ნიკიფორეს გამარჯვებას, უფრო კი, ალბათ, თავისი კონსტანტინესათვის ლოცულობდა, მის მეტი ხომ არავინ ჰყავდა ამ ქალს, დედოფლადყოფილს...
იმ ღამით, მამლების მეორედ დაყივლების შემდეგ, როცა მორფევსს დაემძიმებინა ყველაზე ფხიზელთა ქუთუთოები და ძეხორციელის ჩქამი არ ისმოდა, ნიკიფორემ მარტოდმარტო, ფეხაკრეფით გაირა დერეფნები და სატევარჩაბღუჯული მიუახლოვდა იმპერატორის პალატას. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, წარმოიდგინა კიდეც, როგორ ჩასცხებდა ლახვარს გულში ალექსის და ამ დროს... ძმა მოელანდა. მოუწონებდა კი ლევი საქციელს? ალბათ არა. თვალწინ დაუდგა სურათი, როცა ბოლოს ნახა: პრესლავასთან, ხმალამოღებული, თავგანწირვით რომ ეკვეთა სკვითებს...
დილიდან საღამომდე შეუსვენებლივ იბრძოდნენ, ბრძოლის სასწორი კი მერყეობდა, ხან სკვითები სჯაბნიდნენ, ხან ბიზანტიელნი, მაგრამ ბოლოს ბარბაროსებს ოცდათექვსმეტათასიანი ლაშქარი წამოეშველა და სასტიკად დამარცხდნენ, ყველა გარბოდა. მხოლოდ ალექსი, ოციოდე მხედრის იმედად, წინ გაიჭრა, ერთ ხელში ხმლითა და მეორე ხელში ღვთისმშობლის ომოფორით, რომელიც დროშასავით ეპყრა. ვიდრე თანმხლებნი დაეწეოდნენ, ალექსის სამი ქვეითი სკვითი ეცა. ორმა მისი ცხენის აღვირს სტაცა ხელი, მესამე მარჯვენა ფეხზე დაეჯაჯგურა, ცხენიდან რომ ჩამოეთრია. ალექსიმ ერთს ხმლით ხელი წააცალა, მეორეს მოუქნია და ისე საზარლად დაუღრიალა, რომ გააქცია, მესამეს კი, ფეხზე რომ ებღაუჭებოდა, ორჯერ მოზომილად ჩასცხო: პირველი დარტყმით ჩაჩქანი წააცალა, მეორეთი კი თავი გადაუპო.
ნიკიფორე, სხვებთან ერთად, იმპერატორთან მიიჭრა, რათა დაცვის რკალი შეექმნათ მის გარშემო. პროტოსტრატორმა მოუწოდა:
–რაღად ჰყოვნი, ბასილევსო? რატომ იგდებ თავს საფრთხეში, ხომ ხედავ, ჩვენი ფალანგები გარღვეულია და ჯარი –უკუქცეული, პანიკით მოცული გარბის...
–ჯობს გმირულად დავეცე ომში, ვიდრე ცოცხალი დავრჩე, თავლაფდასხმული!
–ეგ სიტყვები უბრალო მოკვდავს დაამშვენებდა, მაგრამ იმპერატორის სიკვდილი – დაღუპვაა ქვეყნისა! შენი გადარჩენით ბიზანტიას გადაარჩენ, ძალებს მოვიკრებთ და უეჭველად გავიმარჯვებთ!
ამ სიტყვებმა ალექსის ჩვეული გონიერება დაუბრუნა და ჭკვიანურად განსაჯა:
–დადგა დრო, ღვთის შეწევნით, გადარჩენაზე ვიზრუნოთ...ახლა რომ ჩვენც იმ გზით გავიქცეთ, საითაც ჩვენი ჯარი გარბის, მათ მდევარ სკვითებს, უკან შემობრუნებულებს, შევეჩეხებით. ამიტომ აი იქით მივეჭრათ,–ალექსანდრემ მათ განაპირა რაზმზე მიუთითა,–ღვთის ნებით, მათ მწყობრს გავარღვევთ და ზურგში მოვექცევით, იქიდან კი სხვა გზით წავალთ. ერთხელ დაბადებულნი–ერთხელ უნდა მოვკვდეთ!–დაიძახა ალექსიმ და წინ გაიჭრა. ხმალთაკვეთებით გაიკაფეს გზა სკვითთა შორის, მაგრამ მტრის ერთი რაზმი დაედევნათ. ალექსიმ წამოწეულ სკვითს სახეში ხელუკუღმა ისეთი მოსცხო, რომ ცხენიდან ჩამოაგდო, და ამ არეულობაში უცებ ჰკიდა თვალი, რომ ერთი ბარბაროსი ზურგიდან მიუახლოვდა ნიკიფორეს.
–უკან მიიხედე, ნიკიფორ! – შეუძახა იმპერატორმა და დიოგენემაც მოასწრო მოქნეული მახვილის აცილება.
ახლა ხელახლა ჩაესმა ყურში: “უკან მიიხედე, ნიკიფორ!”, ისე ცხადად, როგორც შვიდი წლის წინ. ამჯერად ერთ ადგილას გააქვავა ნიკიფორე ამ ხმამ, საძინებლის კარისაკენ ნაბიჯი ვეღარ გადადგა. გაბრუნდა და თადახრილი წავიდა, ლევი კი, თითქოს, მის ზურგს უკან დარჩა და ცრემლით დანამული თვალებით უღიმოდა...
ბასილევსი დილიდანვე აპირებდა ლაშქრობის გაგრძელებას, მაგრამ კონსტანტინე დუკა შეევედრა: ნადიმს ვამზადებთ საღამოსთვის, დაგვდეთ პატივი მე და დედაჩემს და დღესაც დარჩით, მოისვენეთო.
–კარგი, პორფიროგენეტო, გულს არ დაგწყვეტ. მაშ მოდი, გზის მტვერიც ჩამოვიბანოთ... ჩემი შენდამი სიყვარულის ნიშნად კი ფეხმარდი არაბული ულაყი უნდა გაჩუქო, ქარზე სწრაფად დაჰქრის!–ალექსიმ ცხენის მოყვანა უბრძანა მსახურს.
კონსტანტინემ მრავალი მადლობით უპასუხა ბასილევსს, მერე ულაყს შემოატა და გააჭენ–გამოაჭენა.
ნიკიფორემ რომ გაიგო, ამაღამ ისევ აქ ვრჩებითო, ცხენი შეკაზმა და სანადიროდ გავივლიო,–დაიბარა. ხალხს და ხმაურს გაარიდა თავი, მძიმე ფიქრებით შეპყრობილს მარტოობაში უნდოდა ყოფნა.
მსახურებმა სასწრაფოდ მოზიდეს ფიჩხი, კოცონები დაანთეს და გაცხელებული წყალი აუზებში ჩაასხეს. იმპერატორმა ალექსიმ და მისმა უმცროსმა ძმამ, დიდმა დომესტიკოსმა ადრიანემ კონსტანტინეს შესთავაზეს, აბანოში ერთად შევიდეთო. ერთგულ ტატიკიოსს კი ჩუმად უბრძანეს: შენი ჯარისკაცებით ჩვენი დაცვა უზრუნველყავი, მუზაკს კი ნიკიფორე დიოგენეზე ეჭიროს თვალიო.
აბანოში ბასილევსმა თვალით ანიშნა ადრიანეს, კონსტანტინეს ბეჭებზე დააკვირდიო.
–რა უცნაური ხალი გქონია, წითელ ჯვარს გავს, ოთხივე ბოლო თანაბარი აქვს, –დააცქერდა ადრიანე ჭაბუკის ზურგს.
–ჰო, დედაჩემისგან გადმომეცა მემკვიდრეობით, ამბობენ, ასეთი ხალები ბაგრატოვანთა საგვარეულო ნიშანიაო,–ალალად მიუგო კონსტანტინემ.
ნიკიფორემ შენიშნა, რომ ამხედრებული მუზაკი ჩუმად აედევნა. მართალია, დიდ დისტანციას იცავდა და ცდილობდა, გორაკებს ამოფარებოდა, მაგრამ ცხადი იყო, რომ მას უთვალთვალებდა. ამიტომაც მალევე მობრუნდა ბანაკში. აქ შეიტყო, ბასილევსი და მისი ძმა კონსტანტინესთან ერთად რომ შევიდნენ საბანაოდ და სახე აეჭარხლა. „ალექსიმ თუ ღვთის ნიშანი უნახა ზურგზე, შეიძლება ყველაფერს მიხვდეს და არ აცოცხლებს!”,– აღელვებული შეიჭრა ვილლაში და აბანოებისაკენ გაემართა. გზა ტატიკიოსმა გადაუღობა:
–რატომ მოსულხარ ბასილევსთან შეუფერებელი ტანისამოსით, თანაც, მახვილით შეიარაღებული! ახლა აბანოს დროა და არა ბრძოლისა და ნადირობის,– ხელი მოკიდა, გარეთ გაიყვანა დაბნეული ნიკიფორე, თავად შებრუნდა და ცხვირწინ კარი მიუჯახუნა.
ასეთი დახვედრის გამო ნიკიფორე დაეჭვდა:–იმპერატორმა და მისმა გარემოცვამ, როგორც ჩანს, ყველაფერი შეიტყეს და ტატიკიოსი ამიტომაც არის ასე დიდგულად ჩემთან, – იფიქრა და გაქცევა განიზრახა. თავშესაფრად მარია დედოფლის კუთვნილი მამულები იგულა, – „როგორმე თუ გავაღწიე ქრისტოპოლში, პერნიკში ან პეტრიწონში, იქ დავიმალები და მერე ალანელი მიშუამავლებს ალექსისთან,“–იცოდა დედოფლის კეთილი გულის ამბავი, გასაჭირში მყოფს რომ არ გასწირავდა. მისი ცხენი რამდენიმესაათიანი ჭენების შემდეგ ისე იყო დაღლილი, გზაში დაეცემოდა, ამიტომ მსახურს უხმო და ფეხმარდი ულაყის სათხოვნელად კონსტანტინესთან გააგზავნა. მსახური უარით დაბრუნდა:
–დილით მაჩუქა ბასილევსმა, ჯერ ერთი დღეც არ გასულა და მე რომ ახლავე გათხოვო, იმპერატორი დიდ უზრდელობაში ჩამითვლისო, ასე ბრძანა პორფიროგენეტმა, – მოახსენა მსახურმა.
რა მოემოქმედა, არ იცოდა და ბედს დამორჩილდა. ყოველწუთიერად დაპატიმრების მოლოდინისგან დაძაბული დიოგენე ნადიმზე შევიდა. ალექსიმ კი, დაინახა თუ არა, გაუღიმა, თავისთან მოიხმო და თბილად მოიკითხა:–სად დაიკარგე, თვალთ დამაკლდი, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ და ჩემს უერთგულეს ადამიანად მიმაჩნიხარო,– ამით კიდევ უფრო დააბნია ნიკიფორე.
ნადიმი მართლაც სანაქებო გამოვიდა, კარგად მოილხინეს, ბევრი ღვინოც დაილია. გვიანობამდე თათბირობდნენ ალექსი და ადრიანე, რომელსაც ცოლად ნიკიფორეს უმცროსი და ჰყავდა და ცოლისძმა გასაწირად არ ემეტებოდა. საბოლოოდ, ადრიანემ დაითანხმა ბასილევსი, რომ თუ დიოგენე ყველაფერში გულახდილად გამოტყდებოდა, შეთქმულების ყველა წვრილმანს გაამხელდა და თანამზრახველებს დაასახელებდა, იმპერატორი შეიწყალებდა. ალექსი კონსტანტინეს უდანაშაულობაში სრულიად დარწმუნებული იყო, თუმცა მარიას ქცევა არ მოსწონდა. მეორე დილამდე ელოდა, იქნებ მოვიდეს და საფრთხის შესახებ გამაფრთხილოსო, მაგრამ ვერ ეღირსა. დილით ბრძანა:
–კონსტანტინე დედასთან დარჩეს, ჯერ ახალგაზრდაა და ჯანმრთელობით სუსტი, დედისერთაა და ხანგრძლივ ლაშქრობაში რომ ავად გახდეს, ჩემს დედობილს თვალებში როგორ შევხედოო,– ამით კიდევ ერთხელ დაანამუსა მართა, მაგრამ მას, როგორც ჩანს, დიოგენეს არგამხელა მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი. „ესე იგი მღალატობ, ალანელო,“– ბოღმით ფიქრობდა ბასილევსი, როცა მარიას და მის ვაჟს ტკბილად ემშვიდობებოდა,–„მაინც ოცნებობ, კონსტანტინეს დააკავებინო საიმპერატორო სკიპტრა“.
პენტიგოსტისიდან წამოსულები კვლავ სერრთან დაბანაკდნენ. დიდმა დომესტიკოსმა ადრიანემ თავის კარავში დაიბარა ნიკიფორე, მაგრამ დანაშაულის აღიარებაზე ვერც თხოვნით, ვერც მუქარით, ვერც დაპირებებით დაითანხმა. ნიკიფორე იქვე დატოვა და დაღონებული მივიდა ძმასთან,–არაფერს ამხელსო,–გაშალა ხელები.
ბასილევსმა მუზაკი დაიბარა და ნიკიფორეს დაპატიმრება უბრძანა, თან გააფრთხილა: ნურაფერს დაუშავებ, ისე გამოტეხეო. მუზაკმა, ათიოდე ჯარისკაცის თანხლებით, დიოგენე თავის კარავში გადაიყვანა და კარგა ხანს ტკბილად ესაუბრა, მაგრამ ბოლოს მოთმინების ფიალა აევსო და მისი წამება გადაწყვიტა. ბორკილებდადებული ნიკიფორე გავარვარებული შანთის დანახვაზე გატყდა. მუზაკმა ჯარისკაცებს იმპერატორის პირადი მდივნის გრიგორი კამატიროსის გაღვიძება და საწერ–კალამითურთ მოყვანა უბრძანა, ნიკიფორეს ჩვენებები რომ სიტყვასიტყვით აღენუსხათ.
დილით ალექსიმ გადაიკითხა კამატიროსის ჩანაწერები და ნიკიფორეს სამგზავრო ჩანთიდან ამოღებული წერილები. დიოგენემ ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალა, იმპერატორად გახდომა მინდოდაო, ყველა ბიზანტიელი შეთქმული დაასახელა, მაგრამ მარია ალანელსა და კონსტანტინეზე სიტყვა არ დაუძრავს. „მაინც იტყუება, არაფერს ამბობს გოგი–მაგოგის ჭიშკრებსა და ვარსკვლავ–მეფეებზე, და არც იმას ამხელს, ეს იდეები ვინ ჩააგონა. აქ რაღაც სხვა ამბავია, ან, იქნებ სულაც მარია ალანელის მისამხრობად დასჭირდა ეს ზღაპრები? მაგრამ მარიამ რომ არ გაიკვირვა მასთან საუბრისას, ესე იგი მანაც კიდევ რაღაც იცის და მიმალავს.”
შეთქმულების მოთავეები თვალების ამოშანთვით დასაჯეს, ყველა სხვა მონაწილეს შეწყალება გამოუცხადეს. ბასილევსმა სასიკვდილოდ არ გაიმეტა ნიკიფორე: მაინც არ კარგავდა იმედს, რომ მის გულში ჩამარხულ რაღაც საიდუმლოს, ადრე თუ გვიან, ათქმევინებდა.
ორიოდე თვის შემდეგ ბასილევსი და მუზაკი ადრიატიკის ზღვის ნაპირზე საღამოს დასეირნობდნენ, სხვა თანმხლები პირებისგან იმდენად წინწასულნი, რომ ზღვის ტალღების დგაფუნში მათ საუბარს ვერავინ მოისმენდა.
–ვფიქრობ, ჩემი ქალიშვილის, ანნას კონსტანტინე დუკაზე დანიშვნა არ იყო სწორი ნაბიჯი. მაგრამ მარია ალანელს, ჩემს დედობილს ვერ ვაწყენინებ და პირობას ვერ დავარღვევ, ბევრი სიკეთე მახსოვს მისგან... ახლა რომ ვიღებდე გადაწყვეტილებას, ანას ნიკიფორე ვრიენიოსს მივათხოვებდი. ვატყობ, დიდად მოსწონს ჩემი ქალიშვილი ამ უმდიდრეს და სახელოვანი ჩამომავლობის, თანაც ჩემს უერთგულეს და უგანათლებულეს კაცს, ირინაც ამ აზრისაა,–გული გადაუშალა ალექსიმ.
ერთგული ხელქვეითი უმალ მიუხვდა გულისწადილს:
–ანნა რომ არ იყოს დანიშნული, რამდენად იჩქარებდით მის ქორწინებას, ბასილევსო?
–ის ჯერ მხოლოდ თერთმეტი წლისაა. სრულწლოვანებამდე, სულ ცოტა, სამი წელიწადი უკლია...
–გასაგებია, ბასილევსო.
* * *
1096 წლის ქრისტეშობის დღესასწაული შავად გაუთენდა სამშობლოდან შორს, უცხო ხალხსა და ქვეყანაში მცხოვრებ მონაზონს, რომელსაც ადრე მარია იმპერატრიცას ეძახდნენ. დედის მოთქმამ შეძრა კონსტანტინოპოლის ზეცა. ერთადერთ შვილს, კონსტანტინეს ქართულად დასტიროდა მართა, ასული ბაგრატ ქართველთა მეფისა. მისი სასოწარკვეთილი გოდების შესახებ ხმებმა დედაქალაქთან დაბანაკებულ ჯვაროსნებამდეც კი იმ დილითვე მიაღწია. მათ რიგებში მყოფ გიორგის გულმა რეჩხი უყო, მისი სისხლის მქონე ვაჟკაცის ამქვეყნიდან წასვლა მთელი სხეულით იგრძნო. უპირატესად კი ბეჭზე გამოსახული ხალის გარშემო სტკიოდა, რომლის მსგავსი წითელი ჯვრები ახლა მარტო მას კი არა, ქრისტეს საფლავის ურჯულოთაგან გამოსახსნელად შორეული ქვეყნებიდან ჩამოსულ ასიათასობით რაინდს ეხატა აბჯარზე.
შავ–თეთრ აბჯარში ჩამჯდარმა ჯვაროსანმა რაინდმა კონსტანტინოპოლში იმ დროს შეაჭენა, როცა ეკლესია–მონასტრების ზარები საზეიმო წირვის დასრულებას იუწყებოდნენ. მანგანის სასახლესთან შეჯგუფული ხალხის საუბრიდან შეიტყო, რომ კონსტანტინეს ნეშტი წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში დაესვენებინათ. მონასტრის ეზოში შევიდა, პირველივე შემხვედრ ბერს ცხენი მიაბარა მოსავლელად და ოქროს მონეტები ჩაუდო მუჭში. მუზარადი მოიხადა და უნაგირს მიამაგრა. ევროპული ჯაჭვის პერანგის – ჰოუბერკის მიუხედავად, შეჭაღარავებული შავი თმითა და წვერ–ულვაშით, ელინურ ქანდაკებასავით სწორი ცხვირითა და ლურჯი თვალების არწივისებრი ამაყი მზერით ბერმა მასში იბერიელი შეიცნო.
რაინდმა, ეკლესიაში შესვლისთანავე, მოოქროვილ კუბოსთან მტირალ დედას მიაპყრო მზერა და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა. დიდი ტკივილით ერთბაშად მოტეხილ, გაჭაღარავებულ შაოსან ქალში აპრეხილი ოქროსფერი წარბებითა და ზღვისფერი თვალებითღა თუ იცნობოდა მართა. სადღა იყო კვიპაროსივით ტანაშოლტილი, მომხიბლავი დედოფალი, რომელსაც გაცოცხლებულ ქანდაკებას და ზეციდან გადმოსული სიყვარულის ქალღმერთს ადარებდნენ? მის თოვლივით თეთრ სახეს, ადრინდელი ვარდისფერის ნაცვლად, ახლა სუდარისფერი დასდებოდა.
–ძმაო, გიორგი...–შესტირა მართამ, მის მკერდზე მიესვენა და ჯაჭვის პერანგზე გამოსახული წითელი ჯვარი ცრემლით დაუნამა. კრინტი ვერ დაძრა რაინდმა, ან რა ეთქვა, რით ენუგეშებინა შვილმკვდარი, რომლის სიცოცხლის ერთადერთი საზრისი, იმედი და ოცნება, დედისერთა კონსტანტინე, სიკვდილს დაუნდობელი ბრჭყალებით წაერთმია...
უგრძნობად ქცეულ კონსტანტინეს გადაუსვა ოქროსფერ ქოჩორზე ხელი, თითქოს ამით უნდოდა, აენაზღაურებინა ის სითბო და სიყვარული, რაც წლების განმავლობაში მონატრებულმა ბიძამ ბავშვისათვის თავის დროზე ვერ გაიღო. ცხედრის კანის სპილენძისფერმა შეფერილობამ დააეჭვა მრავლისმნახველი და სხვადასხვა მეცნიერებებში განსწავლული გიორგი. მგლოვიარე ქალებში თავისი ბიძაშვილი, ალანთა მეფე დურღულელის ქალიშვილი იცნო და გარეთ გაიხმო.
–ირინა, არ დაგიმალავ, მაეჭვებს ასე ჭაბუკის სასიკვდილოდ დასნეულება. იქნებ მიამბო, რა დაემართა?
–ჯანმრთელი ბავშვი იყო, მაგრამ ორი წლის წინ გაცივდა და მას შემდეგ ხშირად მუცელს იტკიებდა... მერე ხელ–ფეხის ტკივილი და დაბუჟებაც დაერთო. თანდათან გაძვალტყავდა და მუცელში წყალმანკი ჩაუდგა, ბოლოს თვალთაც დააკლდა. იმპერატორი ყურადღებას არ აკლებდა, თავიდანვე საუკეთესო ესკულაპებს უბრძანა პატრონობა კონსტანტინესი, მაგრამ ვერარა გაუგეს, დღითიდღე ხელში გვადნებოდა.
–წამალს თუ აძლევდნენ?
–ექიმების დანიშნულ სხვადასხვა მიქსტურებს ვაძლევდით, სნეულების დაწყებისთანავე.
–მიქსტურებს ვინ ამზადებდა?
–ბასილევსის პირად ექიმს შეგირდი ჰყავს, ფარმაციაში განსწავლული, სახელად მიხეილ პანტეხნოსი.
–ყოველთვის მის დამზადებულ წამალს იღებდა, თუ სხვა მეაფთიაქენიც ჰყავთ იმპერატორის კარზე?
–არა, იმპერატორის ოჯახის წევრთათვის მხოლოდ პანტეხნოსის დამზადებული წამლის მირთმევაა ნებადართული, აწ განსვენებულიც პორფიროგენეტი იყო...
–მართას მიმიხედე, ირინა, ანუგეშე, და ნურავის ეტყვი, რომ მნახე...
პანტეხნოსის საცხოვრებელი საიმპერატორო სასახლის მახლობლად მოიკითხა და მიასწავლეს.
მიუხედავად ყელზე მიბჯენილი ხმლის წვერისა, კონსტანტინეს მოწამვლა მიხეილ პანტეხნოსმა გადაჭრით უარყო.
–აი რეცეპტურა, რომლის მიხედვითაც ვამზადებდი წამალს პორფიროგენეტისთვის, იმპერატორის კარის რამდენიმე ექიმის ხელისმოწერითაა დადასტურებული, – თამამად გამოუწოდა მან შავ–თეთრ აბჯროსან რაინდს პერგამენტი. ჯვაროსანმა ხმალი მის სასულეს მაინც არ მოაცილა, მარცხენა ხელით გამოართვა ფურცელი და თვალებთან მიიტანა. მართლაც, რეცეპტში რომელიმე შხამის უმცირესი დოზაც კი არ იყო მითითებული.
ბასილევსის ექიმის შეგირდის ყურადღება რაინდის თითზე წამოცმული ბეჭდის გამოსახულებამ მიიპყრო: გიშრისაგან გამოთლილი შავი გველით შექმნილი წრე, ასპიტის თავსა და კუდის წვერს შორის, ლალის ჯვრით იყო გაწყვეტილი, ცენტრში კი ალმასის თვლიდან ოსტატურად გამოკვეთილი თასი ელვარებდა.
გიორგიმ ხმალი დაუშვა და ქარქაშში ჩააგო.
–მაშ, ამბობ, რომ კონსტანტინესთვის მიქსტურაში დარიშხანი შენ არ შეგირევია?–მაინც ეჭვიანად ჩაეკითხა.
ერთიანად აცახცახებული პანტეხნოსი რაინდის წინ მუხლებზე მოწყვეტით დაეცა, თან ბეჭედს თვალს ვერ წყვეტდა.
–სიმართლეს გეტყვი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის კესაროსო**, შემინდე მე, ცოდვილი! არ ვიცოდი, თუ ამით შენს რისხვას დავიმსახურებდი, თორემ არ გავბედავდი ამას, თუნდაც მოვეკალი გაიძვერა მუზაკს. მან მაიძულა, ყვითელი ფხვნილი, რომელიც, ალბათ, მართლაც არსენიკუსია, უმცირესი დოზებით შემერია პორფიროგენეტისთვის დამზადებულ ყველა წამალში და ეს არავისთვის გამემხილა. არ ვიცი, რით გამოვისყიდო ჩემი ცოდვა შენს წინაშე, მირჩევნია, ახლავე მომკვეთო თავი მე, ჩვენი საძმოს უღირს წევრს...–ცრემლებად იღვრებოდა ახალგაზრდა დასტაქარი.
გიორგის ეჭვი დადასტურდა. მკვლელობის ბრმა იარაღად გამოყენებული შეგირდი მოსაკლავად მაინც შეებრალა.
–შენი ხელობა სიკვდილთან და სენთან ბრძოლაა. ახლა მხოლოდ იმიტომ გპატიობ, რომ ერთ–ერთი ჩვენთაგანი აღმოჩნდი. ღმერთს შეევედრე დანაშაულის შენდობა, მე არ განგიკითხავ, მაგრამ იცოდე: ჩვენი დიადი მიზნის მისაღწევი ერთ–ერთი გეგმა შენი უმეცრებით ჩაიშალა! საძმოს წინაშე ცოდვის გამოსასყიდად, როცა ჩემი წარგზავნილი მოვა და ორ სიტყვას გეტყვის: Arsenicus et Konstantin, კვლავ იმდაგვარი ბოროტებით სულის დამძიმება მოგიწევს, როგორიც ახლა ჩაიდინე... ვისზედაც ის მიგითითებს. მანამდე კი, ვიდრე ამის ჟამი არ დამდგარა, გიბრძანებ ილოცო და ეცადო, ბასილევსის პირადი ექიმის თანამდებობა დაიკავო.
რაინდი ოთახიდან გავიდა. მიხეილი კიდევ დიდხანს იყო მოკაკვული და უხმოდ მოთქვამდა.
შებინდებისას რაინდი წმინდა გიორგის მონასტერში დაბრუნდა და ბერს დანაყრებულ–დასვენებული ბედაური გამოართვა. ეკლესიის შესასვლელთან ჯარისკაცები მრავლად იყვნენ.
–ბასილევსი და ბასილისა არიან მოსულნი სამძიმრის სათქმელად, ამალითურთ,–განუმარტა ბერმა.
–პრესვიტერ ფილიპეს უთხარი, გამოვიდეს, ბეჭდის მქონე რაინდი გიხმობს–თქო.
გიორგიმ მუზარადი დაიხურა და ეკლესიიდან ჩქარი ნაბიჯით გამოსული ანაფორიანი წვეროსანი შეაჩერა, რომელსაც კისერზე ძვირფასი თვლებით მოოჭვილი დიდი ოქროს ჯვარი ჰქონდა ჩამოკიდებული. ღვთისმსახურმა თავიდან ამრეზით შეათვალიერა ჯვაროსნის აბჯრით მოსილი, მაგრამ როცა მის ხელზე ბეჭედი იხილა, მოიდრიკა.
–მუზაკი უნდა გამოიხმოთ გარეთ, მამაო, სასწრაფო უსტარის მისაღებად,–უთხრა და ცხენზე ამხედრდა. ანაფორიანი დაუყოვნებლივ გაბრუნდა და ეკლესიის კარში გაუჩინარდა.
მცირე ხნის შემდეგ მკერდგაბღენძილი დიდებული, რომელსაც რამდენიმე შეიარაღებული მხლებელი გამოყვა, მონასტრის ჭიშკართან მდგომ მხედართან მივიდა.
–შენ მუზაკი ხარ?–იკითხა რაინდმა.
–მე გახლავარ. დროზე მომეცი, რაც გაქვს გადმოსაცემი!
–პორფიროგენეტმა კონსტანტინემ მოგიკითხა საიქიოდან!
ამ სიტყვებთან ერთად დამასკური ფოლადის ხმალმა იელვა და, თვალისდახამხამებაში, მუზაკის თავწაკვეთილი გვამი მის მხლებელთა ფეხებთან სისხლით რწყავდა ეზოს.
–Memento mori, Alexios!-დაიღრიალა ჯვაროსანმა და ცხენს მათრახი გადაჰკრა.
შავ–თეთრი მხედრის ბედაურის ფლოქვების ხმა საიმპერატორო ქალაქის ქუჩებში დამდგარმა ღამის სიბნელემ ისე უცებ ჩანთქა, რომ უკან გამონთებულმა მდევრებმა მის კვალს ვეღარსად მიაგნეს.
–––––––––––––––––––––––––––
* მოქმედება ხდება 1094 წელს
** გიორგის “მეფეთა მეფისა და აღმოსავლეთისა და დასავლეთის კესაროსის” ტიტულით მოიხსენიებს არსენ იყალთოელი რუის–ურბნისის საეკლესიო კრების (1104) “ძეგლისწერაში”. ქართველ მეფეთა შორის გიორგი II ერთადერთი იყო, რომელიც ატარებდა ყველაზე მაღალ ბიზანტიურ ტიტულს– კესაროსობას, სავარაუდოდ, XI საუკუნის 80–იანი წლებიდან. კესაროსობა არ წარმოადგენდა ჩვეულებრივ ტიტულს. V საუკუნის მიწურულიდან კესაროსობის პატივის მატარებელი პიროვნება საიმპერატორო ტახტის ერთ–ერთ რეალურ მემკვიდრედ ითვლებოდა. ამიტომაც, ეს ტიტული თითქმის ყოველთვის საიმპერატორო კარის ნათესავს ენიჭებოდა. იგი იწოდებოდა იმპერატორის შემდეგ პირველ პირად და შესაბამისი რეგალიებიც გააჩნდა.

08 November, 2010

წყლის ბიჭუნა

თიბათვე იწურებოდა, ცხელოდა და პატარა სანდრო მშობლებმა ქალაქს გაარიდეს, მაღალმთიან სოფელში ბებია–ბაბუას მიაბარეს. თვალწარმტაცი ბუნება გულს სიხარულით უვსებდა ბიჭუნას: ბუმბერაზი მყინვარები სოფელს გადმოჰყურებდნენ, მურყვამები ზღაპრული დევებივით იდგნენ სახლებს შორის.
საღამოს ბებომ ლოგინში დააწვინა, “ოქროს გასაღებზე” ზღაპარი წაუკითხა და სანდრომაც ჩათვლიმა. ძილ–ბურანში მყოფმა ჯერ კიდევ იგრძნო ბებოს სუნთქვა და ტუჩების შუბლზე შეხება, მისი ჩიფჩიფით წარმოთქმული ლოცვა კი უკვე ძალიან შორიდან მოესმა და ხის თოჯინების სიცილ–კისკისში ჩაიკარგა. ხასხასა მწვანე მოლზე ბურატინო, არლეკინო, მალვინა და პიერო დაჭერობანას თამაშობენ, ძაღლი არტემონი მხიარულად დახტის და მალვინას გარშემო ურბენს, თითქოს გაცელქებული ბიჭებისაგან მისი დაცვა უნდაო. აბზეკილცხვირიანმა ბურატინომ სანდრო შენიშნა და მისკენ გამოექანა, სანდროც გარბის ხტუნვა–ხტუნვით, თავი რომ არ დააჭერინოს. არტემონი ყეფს, რაღაც ძალიან გაავებული ყეფს. სანდრო ჩერდება და უკან იხედება. სხვებიც შეჩერებულან და არტემონს შეჰყურებენ. მუდამ მომღიმარე არლეკინო რატომღაც დაღონებულა, მალვინას თვალებზე ცრემლები მოსდგომია, პიერო ზლუქუნებს. არტემონი გაჩუმდა. ეს ბოხი ხმა ვისია?
–ფული! დროზე! თეთრ ქალანუ*, თუ არა, შენ ქმარს ახლავე გამოვჭრი ყელს!
–ვაი, ყარაბას–ბარაბასი იქნება! –ფიქრობს სანდრო.
–არა გვაქვს, შვილო, ფული საიდან გვექნება? – ფირუზისფერი ციდან ბებოს შიშნარევი ხმა ისმის.
–ძროხები ხომ გაყიდეთ? ფული რა უყავით... ენასთ*!–ბრაზობს ყარაბასი.
ხის თოჯინებიანი მწვანე მოლი დაპატარავდა და სიბნელეში ჩაინთქა. ვიღაცის ხროტინი ესმის, მერე – ქალის კივილი. ხმაური აღვიძებს. სანდრომ თვალები გაახილა და ვერ ხვდება, რა უნდა მათ სახლში ყარაბას–ბარაბასს.
–ვარჩხილ* იქ არის, კარადაში... ეს რა უქენით! ბოლა ლეკეთ*!...– წყევლას ხრიალით ამთავრებს ბებო.
სანდრო ფეხაკრეფით მიიპარა ოდნავ გამოღებულ კართან, იატაკზე დაფენილ სინათლის ზოლზე შედგა. ღრიჭოში ცალი თვალით იჭყიტება: ბაბუ უმოძრაოდ გდია ძირს, თავი შავ–წითელი სითხის გუბეში უდევს, სახეგასიებული ბებო საწოლზეა მიგდებული, თვალგახელილი მისჩერებია ჭერს. ორი კაცი სანდროსკენ ზურგით დგას, კომოდში იქექებიან და რაც ხელში ხვდებათ, ძირს ყრიან.
–ვიპოვე, თეთრ ამხვით*!–ხრიწიანი ხმით ამბობს ერთი.
ბებოც მოკლეს...ბაბუც მოკლეს... მეც მომკლავენ... –სანდროს თავისი გულის ბაგაბუგი და თავში ქარის შხუილი ფიქრს უხშობს,–უნდა გავიქცე... სად? ამ ოთახიდან გასასვლელი სხვა კარიც არის... და სანდროც გარბის.
–ჩუ! რა ხმაა? ბაღანა იქნება...
–დაგვინახავდა, თუ გაგვასწრო, დავიღუპეთ! ჰე, მიჰყევი, ჩვადაგრ*!...
ოთახში შევარდნილმა ბეთქილმა ეზოში გასასვლელი კარიდან ბიჭის შიშველ კანჭებსღა მოკრა თვალი და დაედევნა.
–ბიმურზა, გარეთ არ გაუშვა!– ეზოს ჭიშკართან მდგომ ბიძაშვილს გასძახა.
ადამიანის ბნელი ლანდი შეირხა და სანდროსკენ ხელებგაშლილი წამოვიდა. სანდრო გვერდზე გახტა და ბოსტნისკენ გაიქცა. იქ დაბალი ღობეა, გადავახტები და გავექცევი, –დედა, მიშველე...
ბეთქილიც მიჰყვა, დაეწია და მხარზე სტაცა ხელი. ბიჭუნა დაიკლაკნა და ხელიდან დაუსხლტა, ისევ გვერდზე გავარდა, მაგრამ წონასწორობა დაკარგა და წყლით სავსე კასრს მიეჯახა, მთვარის შუქზე წყლის ზედაპირი ლითონისფრად ალაპლაპდა.
–არ მომკლა, ბიძძძია ყარაბას, მე ხომ არრაფერი და..დამიშავებია შენი თოჯჯინებისთვის...– ასლუკუნდა კასრთან ჩაცუცქული, მთელი ტანით აცახცახებული ბიჭუნა.
ბეთქილმა კისერში ჩაავლო ხელი და ჰაერში წიწილასავით აიტაცა.
–დროზე გაათავე! ალჩად*!–ესმის ბესლანის ბრძანება.
გონებაამღვრეულმა ბეთქილმა ბიჭუნა თავით ჩააყუდა წყლიან კასრში. წყალი ათუხთუხდა, სანდრო ხელებით კასრის კედლებს ეჭიდებოდა და ფეხებს იქნევდა. ბეთქილმა თვალი აარიდა და ღრუბლებში მიმალულ მნათობს გახედა, მარჯვენა ხელი ბიჭის წვრილ კისერს არ მოაშორა, უფრო ძალუმად მოუჭირა თითები, რომ დროზე დამთავრებულიყო ეს საშინელება. სანდროს შესუნთქულმა წყალმა ჯერ მკერდი აუწვა, მერე მოითენთა, მოდუნდა, ჩასთვლიმა და წყლის ქვეშ ისევ გამოჩნდნენ ბურატინო, მალვინა, პიერო... ხელს უქნევდნენ, აქეთ მოდი, ჩვენ გამოვექეცით ყარაბასსო... სანდრომ ერთიც გაიბრძოლა და მათკენ გაცურა. მხოლოდ არლეკინი იყო მოწყენით.
ბეთქილმა კასრს ძლიერად ჰკრა წიხლი, თითქოს ჯავრი მასზე ამოიყარაო და ჭიშკრისაკენ გაიქცა. კასრი, მის კედელზე ჩვარივით გადაკიდებული ბიჭის სხეულთან ერთად, გვერდზე გადაბრუნდა. წყალი ეზოში დაიღვარა, მერე აორთქლდა, ცაში ავიდა და ელოდა, როდის დაუბრუნდებოდა დედამიწას წვიმის ცრემლებად.

ბეთქილის სოფლამდე მთის ბილიკებით ათიოდე კილომეტრი იყო ფეხით სავალი, ასე რომ შინ გამთენიისას დაბრუნდა. კარი რომ შეაღო, ნათურაანთებულ ოთახში ღამენატეხი მშობლები დახვდნენ. მამას მაგიდასთან მიმჯდარს ჩასძინებოდა, დედა ტახტზე მოკუნტულიყო ტანთგაუხდელი. ხმაურზე მამამ თავი ასწია:
–სად იყავ, შვილო, ამაღამ?
–ბიძაშვილებთან, იცი შენ...
–არ გარგებს, ბეთქილ, მათი აყოლა,–დაღლილი ხმით, დინჯად დაუწყო მამამ დარიგება, –არ დგანან მაგენი კარგ გზაზე და შენც ხიფათს შეგამთხვევენ. ნაპარავ–ნაყაჩაღარი ფულებით რომ მოაქვთ ახლა თავი, არ შეარჩენს ცოდვებს ხოშა–ღერმეთ*, დასჯის ჯგრაგ*, დამიჯერე მე.
მამას ყური აღარ უგდო, საძინებელში შევიდა და ლოგინზე მიეგდო.

მას მერე კარგა ხანს მალავდა მარჯვენა ხელს ჯიბეში, თითქოს კიდურის ბრალი ყოფილიყოს ყველაფერი. სუფრაზე ბავშვების სადღეგრძელოს ხომ ვერ სვამდა, მოიქუფრებოდა და გარეთ გავარდებოდა–ხოლმე. ყმაწვილების ჟრიამულიც კი აღიზიანებდა,– ერთი–ორჯერ ისე გაბოროტდა, ლამის სკივრში გადამალული ავტომატი ამოიღო და ტყვიების ჯერი დაუშვა მათ თავზე,–თავი ძლივს შეიკავა.
დროთა განმავლობაში მიივიწყა ეს ამბავი. რა ხოშა–ღერმეთ, რის ჯგრაგ,– გადაყრუებულ მეჩებს თუ სჯერათ ასეთი ზღაპრების. მთავარია, ადამიანთაგან ვერავის გაეგო და სისხლი არ მოეკითხათ. ბეთქილმა რამდენიმე წელიწადში სინდისი მიაჩუმა და ცოლიც შეირთო. გოგო–ბიჭი ეყოლა. ბიჭის დახრჩობიდან შვიდი წლის შემდეგ კი ძლიერ შეშინდა:– მართალი არ იყოსო ძველი ლეგენდები...
ბიმურზა, ნათესავებთან ერთად, ღონივრად უქნევდა ცელს ფერდობზე აბიბინებულ ბალახს. მზის სხივები ისე მწველად კბენდნენ ზურგს, რომ იფიქრა,–გაწვიმდებაო. მართლაც, უცებ მოიქუფრა ცა, შავნაცრისფერმა ღრუბელმა დღის სინათლე დაბურა და კოკისპირულად ჩამოიქცა ზეციდან წყალი. ნაუცბათევად შეყარეს ბუჩქებში ცელები და სოფლისაკენ მიმავალ საცალფეხო ბილიკზე დაეშვნენ. ისეთი თქეში იყო, ორ ნაბიჯში ძლივს არჩევდა წინ მიმავალის სილუეტს.
უკნიდან ადამიანის ნაბიჯების ჭყლაპუნი ესმის, არადა, ბოლოს ბიმურზა მირბოდა. –ვინ წამოგვეწია, ნეტავ? წამიერად შეყოვნდა, მოიხედა და ვერავინ დალანდა. გზა გააგრძელა, მაგრამ ვეღარ დაეწია ამხანაგებს. –ეჰეჰეიიი!...–გასძახა, გზა არ ამებნესო, მაგრამ პასუხად მხოლოდ ქუხილი და წვიმის შხრიალი მოესმა. ბილიკს ვეღარ არჩევს, წვიმის ფარდაში ვერც ბუჩქს, ხეს ან ქვას ხედავს, რომ მიხვდეს,– სად არის, ან საით გაიქცეს.
უცებ ელვამ გაანათა არემარე და ფერდობზე პატარა ბიჭის სხეული წამიერად გამოკრთა. ბავშვი თითქოს თავდაჯერებული მიყვებოდა სოფლისაკენ გზას,–ასე მოეჩვენა ბიმურზას და მისკენ გაიქცა.
–ჰეი, ჰეი, ჟიამღელავ*!
კიდევ გაიელვა და გაჩერებული ბიჭი დაინახა, რომელიც ხელით ანიშნებდა, უკან მომყევიო. ბიმურზაც ფეხდაფეხ მიჰყვა. სირბილის დროს ფეხი ქვას წამოკრა თუ სველ ბალახზე აუსრიალდა, ვერ მიხვდა, –ძირს პირქვე დაენარცხა და გასრიალდა. როცა შეჩერდა, ხელები, მიწაზე დაყრდნობის მაგიერ, ჰაერში ააფართხალა, – უფსკრულზე გადაშვერილ კლდის ქიმზე იწვა. მიხვდა, რომ მისი სიცოცხლე ახლა ბეწვზე ეკიდა, სულ ოდნავ, რამდენიმე გოჯითაც რომ წაიწიოს წინ, უეჭველად მთელი ტანით გადაეშვება ხრამში. გაყუჩდა, გახევდა და კლდეს მიეზარდა.
–ის ბიჭი სადღაა, ხომ არ გადავარდა?
წვიმა შედარებით შეთხელდა და მიმოიხედა. გარშემო არავინაა. მის წინ კი, უფსკრულს ზემოთ, თითქოს ვიღაც მიდის ჰაერში. აი, გაიელვა ისევ და კარგად დაინახა: კი, ის ბიჭია, ნახევრადშიშველია. გაჩერდა და ხელს უქნევს, დამშვიდობების ნიშნად. იცნო ბიმურზამ: კასრთან მიგდებული ბიჭის სახე მთვარის შუქზე კარგად დაამახსოვრდა, როცა ბესლანმა უთხრა, –წადი, შეამოწმე, ცოცხალი არ იყოსო.
წვიმამ გადაიღო და მთელი სოფელი ბიმურზას ეძებდა. მალევე იპოვეს, კლდის ქიმზე იყო ნახევრად გადაკიდებული, გულზე ხელებდაკრეფილი. ან როგორ გაძლო ასეთ მდგომარეობაში, ამდენ ხანსო, – გაუკვირდათ. წამოაყენეს, შინ მიიყვანეს. ერთიანად ცახცახებდა და ხმას არ იღებდა. ბუხარი დაუნთეს, სახლში დაცხა,–მაინც კანკალს ჰყადა ატანილი. მეზობელს ბიჭი გამოეგზავნა, ხომ არაფერი გჭირდებათო. ბიმურზამ ოთახში შემოსული რომ დაინახა, ღრიალი მორთო:– ლცემ ჭყინტ*, ლცემ ჭყინტ! საწოლის ქვეშ შეძვრა და ვეღარ გამოიყვანეს, სანამ მეზობელი სოფლიდან გადმოსულმა ექიმმა დამაძინებელი ნემსი არ გაუკეთა.
ბიმურზა გადარეულაო,– რომ გაიგო ბეთქილმა, მაშინვე მის მოსანახულებლად გაიქცა. ზორბა ვაჟკაცი წელში მოკუნტულიყო, შიშისაგან დამანჭული წინ უაზროდ იცქირებოდა, ხელებს თვალებზე ბავშვივით იფარებდა, თითქოს უნდა, ვიღაცას დაემალოსო, და უაზროდ ბუტბუტებდა:
–ლცემ ჭყინტ, ლცემ ჭყინტ...
მხოლოდ ბეთქილი მიხვდა, თუ რას ნიშნავდა “წყლის ბიჭუნა”. ციებიანივით ტანში გასცრა, გარეთ გავარდა და ღრიალით ბოძს ურტყამდა თავს:
–ჯგრაგ! ლამპატივ*, ჯგრაგ...

შვიდი წელი იმეორებდა გასაცოდავებული ბიმურზა ერთსადაიმავეს: “ლცემ ჭყინტ, ლცემ ჭყინტ”,-სხვა სიტყვა არ ამოსვლია პირიდან. შეშინებულის შეულოცეს, ქალაქში წაიყვანეს ცნობილ პროფესორ–ფსიქიატრებთან, ბოლოს მკითხავთანაც იყვნენ.
–წმინდა გიორგის რისხვაა თქვენი ოჯახის თავზე, უმანკო სისხლის საზღაურს ითხოვსო,–ასე თქვა მკითხავმა.
ბიმურზას იქნებ რამე ეშველოსო, მამამისმა გიორგობა დღეს მოზვერი დაუკლა ჯგრაგს სალოცავში, სანთლები დაანთო და მუხლმოყრილი, თვალცრემლიანი ევედრებოდა პატიებას. მაინც განრისხებული იმზირებოდა თეთრ ცხენზე მჯდომი ჯგრაგ.
მოხუცმა მამამ არ იცოდა, ჯგრაგ რა სისხლის საზღაურს ითხოვდა მათგან. ეს იცოდა ბესლანმა, რომელსაც წესად ჰქონდა, ყაჩაღობისას ერთი მოწმეც კი არ დაეტოვებინა ცოცხალი,–მერე სადმე ხმით არ გვიცნონ და, მთის ადათისამებრ, შურისმაძიებლებმა ყველანი არ ამოგვწყვიტონო. ამიტომაც არავინ იცოდა, სხვადასხვა სოფლებში დაღვრილ სისხლში მას თუ ჰქონდა ხელი გასვრილი. მაინც ფრთხილობდა: არ აჩენდა ქონებას და ისევ სოფლის განაპირას, მურყვამს მიშენებულ მამისეულ ქვითკირის სახლში ცხოვრობდა.
უხვთოვლიან ზამთარში ჩამოწოლილმა ზვავებმა ბევრი ოჯახი გაამწარა, ბევრს სახლ–კარი დაუნგრია, მრავალი ადამიანიც იმსხვერპლა. ბესლანის ოჯახს უბედურებამ გვერდი უქცია.
–ალბათ, ჯგრაგ აღარ გვემდურის, ლოცვით და მსხვერპლით მოლბაო,– გულში უხაროდა მამამისს, მაგრამ დაბეჩავებულ ბიმურზას რომ ჩააკითხავდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სიხარულის ეს ნაპერწკალი მყის ჩაუქრებოდა და ისევ დადარდიანებული დადიოდა.
ზაფხული არნახულად ცხელი გამოდგა, მინდორში ბალახიც კი ნაადრევად გადაიწვა. ხალხი იმას დარდობდა, ზამთარში საქონელი რით გამოეკვებათ. ბესლანს სამალავში გადანახული ნაყაჩაღარი ძვირფასეულობის იმედი ჰქონდა, ამიტომაც ივლისის ბოლოს მთელი საქონელი გასაყიდად გარეკა,–შემოდგომაზე ფასი დაეცემაო.
შუადღისას მეხის დაცემის მსგავსმა გრგვინვამ და დედამიწის გუგუნმა შეძრა სოფელი. ყველა გარეთ გამოვარდა, გაკრიალებულ ცაზე ღრუბლის ნასახი არ იყო, მიწისძვრასაც არ გავდა... ვიღაცამ დაიძახა: სოფლის ბოლოში მეწყერს ბესლანის სახლი მთლად დაუნგრევიაო. ყველა იქით გაიქცა.
სოფელში დაბრუნებული ბესლანი დიდხანს იდგა ნაპრალის პირას გაუნძრევლად, კრიჭაშეკრული და სახეგაშავებული ჩასცქეროდა ხახადაფჩენილ დედამიწას. არც მაშინ ამოუღია ხმა, როცა თანასოფლელების მიერ ნანგრევებიდან ამოსვენებულ, დაჩეჩქვილ–დასისხლიანებულ ცხედრებს დახედა: შვილებს, ცოლს, დედ–მამას.
ნანგრევებში სამალავი იპოვა, იმდენი ძვირფასეულობა ამოიღო, რაც მათ დასამარხად და საფლავის გასაკეთებლად იქნებოდა საკმარისი, დანარჩენი იქვე ჩატოვა. მას მერე ბესლანი სოფელში აღარავის უნახავს.
ქალაქში კი ნახეს: თმა–წვერ მოშვებული კაცი სვანური ქუდით, შავ პერანგზე გლოვის ნიშნად დაბნეული ხუთი მომცრო სურათით, მეთევზეებთან მივიდა და ერთადერთი კითხვა დაუსვა: –ეს მდინარე ყველაზე ღრმა რომელ ხიდთან არისო. საღამოს კი სპორტული საქონლის მაღაზიასთან ტაქსი გააჩერა და ოთხი ორფუთიანი გირი ხიდამდე მიატანინა, ხელში თოკი ჰქონდა ჩაბღუჯული...

გაზაფხულზე თოვლის ნადნობმა წყალმა გამორეცხა ალბათ ბესლანის სახლ–კარის ქვეშ მიწა და ზაფხულის სიცხემ რომ ააორთქლა წყალი, წარმოქმნილ სიცარიელეში ჩაინგრა მურყვამიანადო,– ასე აუხსნეს ბეთქილს მეწყერის გაჩენის მიზეზი. წყალმაო? ტანში გასცრა კვლავ ბეთქილს. იანგარიშა და დაასკვნა: თურმე, შვიდ წელიწადში ერთხელ მოდის მათ დასასჯელად ჯგრაგ, წყლის ბიჭუნას სახით. დედ–მამა უკვე მიწას ყავდა მიბარებული და აღარ დააყოვნა, ცოლთან ერთად ბარში გადმოსახლდა, მთავრობის მიერ აშენებულ ახალ სახლში. უნაპირო და უდაბური ველები მის მშობლიურ, ამაყ მთებს საერთოდ არ გავდა, მაგრამ ამას დაეძებდა? ჯგრაგისგან შორს უნდა ყოფილიყო. ცხელი და ხრიოკი ადგილი დახვდათ, ეზოში ორიოდე ხემ ძლივს გაიხარა. წყალი უჭირდა სოფელს და კასრებით იმარაგებდნენ, მაგრამ წყლიანი კასრის დანახვაზე ბეთქილს ელეთ–მელეთი მოსდიოდა და ცოლმაც ვერაფერი გააწყო, შეეგუა მის ამგვარ ახირებას. დიდი ავზი დააყენეს, დროდადრო შეავსებდნენ და იქიდან ხმარობდნენ წყალს.
მეშვიდე ზაფხულს დანა პირს არ გაუხსნიდა ბეთქილს: დადარდიანებული დადიოდა, უბედურებას ელოდა, ცოლ–შვილს გვერდიდან არ იცილებდა. ივლისის ბოლოს მთლად სახლში გამოკეტა ყველა, ღამით კი არა, დღისითაც აღარ უშვებდა გარეთ. –ბოროტი სიზმარი მაქვსო ნანახი,–ასე აუხსნა.
ცუდი არაფერი მოხდა და ბეთქილიც თანდათან დამშვიდდა. ბევრი იფიქრა და დაასკვნა: აქედან კავკასიონიც არ ჩანს და, ალბათ, ჯგრაგის ძალა აქამდე ვერ აღწევს, ვერც წყლის ბიჭუნას სახით გამომეცხადებაო ამ უწყლო უდაბნოში. ძველებურად გააგრძელა ცხოვრება, შვილებს უმაღლესი დაამთავრებინა, ქალაქში დააბინავა, დააოჯახა.
ამასობაში ქვეყანა აირ–დაირია, მერე ისევ დალაგდა და ხელისუფლებამაც მოიცალა მათთვის. ახლა ონკანში მუდმივად მოჩუხჩუხებდა წყალი, მაგრამ ბეთქილს ჭირივით ეჯავრებოდა ხელის დაბანა, კვლავინდებურად სველი ჩვრით იწმენდდა–ხოლმე.
ერთხელაც მისმა ვაჟმა ჭიშკარს ექსკავატორი მოაყენა და შუაგულ ეზოში ორმო ამოათხრევინა, – აუზი უნდა გავაკეთო, ზაფხულობით ბავშვები გაგრილდებიანო. გაუძალიანდა ბეთქილ, რად გვინდაო, მაგრამ მოხუცს ყური აღარავინ უგდო.
–ღრმა მაინც არ გააკეთოო, –ამაზე ძლივს დაითანხმა.
ერთი მეტრის სიღრმეზე ამოაშენეს, კაფელით მოაპირკეთეს. ზაფხულობით როგორღაც იტანდა მზეზე მოლაპლაპე წყლის ზედაპირის დანახვას, მთვარიან ღამეს ეზოში არ ადგამდა ფეხს და არდადეგები დაუმთავრდებოდათ თუ არა შვილიშვილებს, მაშინვე ცლიდა აუზს.
შვილიშვილებიდან გამორჩეულად უყვარდა პატარა ბეთქილი. შეიძლება იმის გამო, რომ ვაჟმა მის საპატივსაცემოდ დაარქვა სახელი, ან კი იმიტომ, რომ გვარის ერთადერთი გამგრძელებელი ჰყავდა, – მეტის გაჩენა აღარ ისურვა გაქალაქელებულმა რძალმა. ის იყო ერთადერთი სიხარული, ბაბუს თვალებს სევდას რომ აცილებდა. მის გვერდით თმაგათეთრებული ბეთქილი ისევ ბავშვად იქცეოდა–ხოლმე, ოთხზე დადგებოდა, ზურგზე შეისვამდა და ცხენივით ჭიხვინებდა. გვერდიდან არ იცილებდა ზაფხულობით, ზამთარში კი, ცოლისაგან მალულად, მის ფოტოსურათებს ეფერებოდა.
მაინცდამაინც ივლისის იმ ავადსახსენებელ დღეს მოუწია ქალაქში წასვლა. სიჭაბუკისას ჩადენილი ცოდვის თარიღს რა დაავიწყებდა, მაგრამ ატყდა მისი ქალი და აღარ გააჩერა ენა: – სოფლის მაღაზიაში შაქარი გათავებულა, შეიძლება მთელი კვირა ვერ შემოიტანონ და წადი, ქალაქიდან ჩამოიტანე, ბავშვებს ჩაი მაინც ხომ უნდა დავუტკბოო. დილაადრიან გაიღვიძა, მძინარე ბეთქილთან შევიდა, მოეფერა, შუბლზე აკოცა და ავტობუსის პირველ რეისს დაეშურა.
ბეთქილმა რომ გაიღვიძა, მზე უკვე ზენიტისკენ მიიწევდა. ბებომ ასაუზმა და ეზოში გაუშვა. თავად მეზობლის ქალთან გადავიდა, სათიბში წასული კაცებისთვის საგზლის მომზადებაში მისახმარებლად. ბეთქილის და და მამიდაშვილები უკვე სადღაც წასულიყვნენ, დიდ ბავშვებთან ერთად სათამაშოდ. ბეთქილი თუ აეტორღიალებოდა, თორემ ისე არ მიჰყავდათ, – ჯერ პატარა ხარო.
ეზოში იბოდიალა ბეთქილმა, ხან სატვირთო მანქანით ითამაშა, ხან – ნიჩბით თხარა მიწა. ამასობაში მზემ დააცხუნა და ჩრდილშიც კი აუტანელი გახადა ყოფნა. ბეთქილი აუზს მიუახლოვდა, მაგრამ მარტოს არასოდეს უბანავია და თითქოს ვერ ბედავდა. არა, კი არ ეშინოდა, – წყალი მხოლოდ მკერდამდე სწვდებოდა, მაგრამ მაინც...
წყალში ჩაიხედა და მისი თანატოლი ბიჭი შენიშნა,–ეს ვინ არის და როდის ჩახტა აქ, რომ ვერ დავინახე?–გაოცდა. ბიჭუნა ყვინთვით მოუახლოვდა, ჯერ ფეხზე დადგა, მერე წყლიდან ამოიზიდა და აუზის კიდეზე შემოჯდა.
–უჰ, ნეტა მეც ვიცოდე მასეთი ყვინთვა,–გაიფიქრა ბეთქილმა.
ბიჭმა გაუღიმა და ხელი დაუქნია, თითქოს ამით ეუბნებოდა: აქეთ მოდი, ერთად ვიბანაოთ, რას დამდგარხარ მაგ სიცხეშიო.
–რომ მოვიდე, ყვინთვას მასწავლი?–ჰკითხა ბეთქილმა. ბიჭმა, თანხმობის ნიშნად, თავი დაუქნია.
ბეთქილმა ტანსაცმელი გაიძრო და აუზში ჩახტა, ცისარტყელის ფერებად აკიაფებული წყლის შხეფები ეზოში მიმოაბნია. –რა უცნაური ბიჭია,– ფიქრობს ბეთქილი,– ხმასაც არ იღებს და თან შუშასავითაა, მის იქეთ ყველაფერს ვხედავ, ოღონდ სასაცილოდ მიღრეცილ–მოღრეცილს.
ბიჭუნაც წყალში ჩახტა, მაგრამ წყალი არ აშხეფებულა. ბეთქილისკენ მოდის, მოუახლოვდა. მერე ჩაყვინთა, –აი, ასე ქენი, ყვინთვა ასე უნდაო. ბეთქილმა ღრმად შეისუნთქა ჰაერი, ფეხები აიქნია და წყალში ჩაწვა. მთელი ჰაერი ბუშტებად ამოაბუყბუყა, აღარ უნდა მეტი ყვინთვა, ჰაერის ჩასუნთქვა უნდა ბეთქილს, მაგრამ ფსკერს ვეღარ პოულობს, რომ ფეხებით დაებჯინოს. ვიღაცამ კისერზე მოხვია ხელი და ქვემოთ მიათრევს, იმ ბიჭმა ხომ არა? აბა სხვა არავინ არის აქ მათ გარდა... გამიშვიო, უნდა რომ სთხოვოს ბეთქილმა, მაგრამ უკანასკნელ ჰაერს უშვებს წყალში და ვერ აგებინებს, ის კი ანცობს, ისევ ფსკერისაკენ ექაჩება. თვალები გაახილა და აკვარელით გადღაბნილი ნახატიღა დაინახა: ბურატინო, მალვინა, პიერო და მოწყენილი არლეკინი, არტემონიც იქვე იყო ჩაცუცქული.
–ვაი, დიააააა!–ქალაქიდან მომავალი ბეთქილის ყურს მისწვდა ცოლის გოდება...

–შენთან მოვდივარ, ბაბუ... შენთანაც, წყლის ბიჭუნავ... თქვენი ყარაბასი!–ამოიგმინა ბეთქილმა, ყულფში თავი გაყო და სკამს წიხლი ჰკრა, როგორც ოდესღაც – წყლით სავსე კასრს.

––––––––––––––––––––––––––––––
თეთრ ქალანუ-ფული მოგვეცით
ენასთ–დროზე
ვარჩხილ–ფული
ბოლა ლეკეთ–ბოლომდე ამოწყდით/ თქვენი ჯიში ამოწყდეს
თეთრ ამხვით–ფული ვიპოვე
ჩვადაგრ–მოკალი
ალჩად–წავედით
ხოშა–ღერმეთ – ღმერთი
ჯგრაგ –წმინდა გიორგი
ჟიამღელავ–დამიცადე
ლცემ ჭყინტ–წყლის ბიჭუნა
ლამპატივ-მაპატიე

05-07/11/2010

28 October, 2010

წითელი ქოფაკი

„მივალ, მივყვები თეთრი გზებით მე ჩემს ფარასა…“–ღიღინებდა თეთრწვერა და სევდიანთვალებიანი მოხუცი, დინჯად მიაბიჯებდა და თან მძიმე კომბალს ეყრდნობოდა. ამ არემარეში მას ყველა „ბიძია დემიურგს” ეძახდა, მაგრამ არავინ იცოდა, ვინ იყო, ან რამდენი წლის, ან რატომ ერქვა ასეთი უცნაური სახელი. იმასაც ამბობდნენ, ცხოველების ენა ესმისო. შესაძლოა, ადამიანებზე უკეთ მართლაც ცხვრებსა და ძაღლებს უგებდა – ამ მარტოსულს ხომ მთელი ცხოვრება მათთან ჰქონდა გატარებული.
იმ ზაფხულს შვებულებას მთის ერთ–ერთ მიყრუებულ სოფელში ვატარებდი, წინაპრების დანატოვარ სახლში, მათი საფლავების სიახლოვეს და ქალაქის ორომტრიალისგან ვისვენებდი. გამვლელებისგან შემთხვევით შევიტყე, რომ ბიძია დემიურგს, თავისი მრავალრიცხოვანი ფარებით, არც თუ ისე შორს დაედო ბინა. ფსიქოლოგის პროფესიული ჟინით მაინტერესებდა, ისეთი იშვიათი და საინტერესო ფსიქოტიპის ბუნება გამომერკვია, როგორიც, ჩემი წარმოდგენით, ასეთ ადამიანს უნდა ჰქონოდა. ამიტომაც მის გასაცნობად გავეშურე.
ჩემდა გასაოცრად, საკმაოდ ენაწყლიანი მოსაუბრე გამოდგა. ხალისით მიყვებოდა თავის ცხვრებზე, ძაღლებზე, თხებზე... ისინი წარმოადგენდნენ ბიძია დემიურგის არსებობის საზრისს.
–ეს რა უცნაური ფერის ქოფაკი გყოლიათ,–მივუთითე ზორბა, კაშკაშა წითელი ფერის ნაგაზზე, რომელიც ამაყად თავაწეული მიმოდიოდა.
–მართლა იშვიათი ჯიშის რამაა, შვილო. რვა–ათი ათეული წლის წინ ეგეთები ბევრნი იყვნენ, მერე თითქოს გადაშენდნენ. ეგ ლეკვი სადღაც იპოვა ჩემმა ბებერმა ლემამა და კბილებით მოათრია,–დამანახა თეთრბალნიანი, უკვე მოტეხილი ძაღლი, რომელიც სხვებისგან მოშორებით, თათებში თავჩარგული იწვა და მზეს ეფიცხებოდა,–ეგაც და სხვა ლეკვებიც მაგან გამოზარდა და დაგეშა. შვიდი წლის წინ, მაგისმა გაზრდილებმა რომ შეატყვეს, დაბერდა და აღარავინ უგდებდა ყურს,–არც ძაღლი და არც ცხვარი,–აუჯანყდნენ და ლამის დამიგლიჯეს. ლემაც მიხვდა, რომ ძველი ილაჯი აღარ ჰქონდა და არ შეებრძოლა, გაერიდა. ეგ რომ გაინაპირეს, მერე ერთმანეთს დაერივნენ პირველძაღლობისთვის. ყველას აი მაგ წითელმა ქოფაკმა აჯობა. რომლებიც ვერ შეეგუვნენ მაგის პირველობას, გაექცნენ და ეხლა მგლებთან ერთად დაძრწიან, შორიდან უღრენენ. დანარჩენმა ძაღლებმა კუდის ქიცინით აღიარეს წითელის უფროსობა.
–ძაღლებშიც თუ იყო იერარქია, არ ვიცოდი,–გულწრფელად გავიოცე.
–ჰო, თავის ბელადები ამათაცა ყავთ,–გაიღიმა დემიურგმა,–ეგრე რომ არ იყოს, გამიჭირდებოდა ამოდენა ფარების მოვლა. ეს წითელი ქოფაკი ავად თუ კარგად, ეხლა ამ ფარას მიმწყემსავს. მაგის შიშმა წესრიგი დაამყარა ძაღლებშიც და ცხვრებშიაც, აღარ მაწუხებენ ბღავილითა.
–კარგად პატრონობს?
–აბა ძაღლმა რა იცის ბალახის არჩევა? მაგრამ ეს წითელი ქოფაკი ჭკვიანი გამოდგა: თანდათან ისწავლა უხეირო ბალახისა და კარგის გარჩევა იმისდა მიხედვით, თუ სად უფრო ბღავიან ცხვრები დაუნაყრებლობისაგან. თუმცა... აგე იმ მთებზე მინდვრებს ხომ ხედავ, –ჩრდილოეთით ორი დიდი მთა იყო, მზისგულ კალთებზე ბიბინა ბალახით, – ადრე მანდაც ბალახობდა ეს ფარა, ახლა კი მხოლოდ კურდღლები ბუდობენ. კაი ოცი წელი იქნება, მგლები დაეპატრონნენ და არ უშვებენ იქით ცხვარს. ამან კიდე, შარშანწინ იქით გარეკა ფარა და გამოენთნენ მგლები. ძაღლები იქიდან კუდამოძუებულები გამოიქცნენ, მგლებმა კი დამიგლიჯეს ცხვრები. შორიდან შევუძახეთ და ხმაურით ძლივს დავაშოშმინეთ. მეგონა, ამის შემდეგ გადააგდებდნენ წითელს ბატონობიდან, მაგრამ არა – ისევ ისე ღრენს და ყეფს, მაგათაც აშინებს და ცხვრებსაც.
–გამიგია, ცხვრებს ყოჩი უნდა მიუძღოდეს წინ და საბალახოს ურჩევდესო...
–ადრე ეგრე იყო, ჰყავდა ამ ფარას ყოჩები, მაგრამ ნადირისგან რაღაც ცოფისნაირი შეეყარათ და დაერივნენ ერთიანად ყოჩებსა... მახსოვს, გზაზე მივდიოდით, წიწამურთანა, ყველაზე ჭკვიანი რომელიც იყო, იმას რამდენიმე ცოფიანი რქებით ეძგერა და მოკლეს. გავიდა წლები და ცოფმა თითქოს გადაუარათ, მაგრამ იმის მერე ვეღარ დაიბადა ამ ფარაში საყოჩე ერკემალი. გამოჩნდება–ხოლმე ზოგჯერ ცოტა ჭკვიანი და ყოჩაღი, მაგრამ აღარ უგდებენ ეს ცხვრები ყურს, ძაღლების შიშს დაეჩვივნენ ალბათ... მაგათ ურჩევნიათ, ძაღლურ ჭკუაზე იარონ ნახევრადმშივრებმა, ვიდრე თავისნაირს დაუჯერონ და სწორ გზაზე გაყვნენ. რა ჭკუა მოეთხოვებათ? ცხვრები არიან...
–„ცხვარი ცხვარია და თუ გაცხარდა, ცხარეაო”, მართლა ასეა, ბიძია დემიურგ?
–ჰო, ცხარდებიან–ხოლმე. ამასწინათ, ძაღლებს კბენა–კბენაში ორი ცხვარი შემოაკვდათ, თხებმა გაიგეს და ატეხეს კიკინი, აიყოლიეს ვაცები, ვაცებმა–ცხვრები და ერთიანად აბღავლდნენ. წითელმა ცოტა ხანს უთმინა, მერე თავის ერთგულ ძაღლებთან ერთად დაერია, თხებიც კი გამორეკა სადგომიდან, და გააკმენდინა ხმა. ძლივს მოვაქუჩე ბუჩქებში გადამალული, აკანკალებული ვაცები. მეორედ რომ აბღავლდნენ, აღარ უგდო ყური წითელმა, იბღავლეს, იბღავლეს და გაყუჩდნენ. ამ ამბების მერე ძაღლები ადრინდელივით აღარ აწუხებენ ცხვარს. ან მანამდე რად კბენდნენ, ვერ ვიგებდი, მაგათი მონაწველი ყველითა და რძით არიან დამძღრები და რაღას ერჩოდნენ?! ახლა წითელი ქოფაკი უშლის ცხვრების უმიზეზოდ დაწიოკებას, უღრენს ეგეთ ძაღლებს და წყნარად არიან ერთნიც და მეორენიც, მეტსაც იწველებიან... ფარაც ჩუმადაა და მეც კმაყოფილი ვარ წითელის პირველძაღლობით. ცხვარი ძოვს იმას, რასაც ძაღლები აძოვებენ, „ძაღლი ჰყეფს, ქარავანი კი მიდის...”
–და როდემდე გაგრძელდება ასეთი იდილია?
პასუხად დემიურგმა მხოლოდ ჩაიცინა და ღიღინი გააგრძელა:„მივალ, მივყვები უგზოუკვლოდ მე ჩემს ფარასა…“
-------------------------------
დემიურგი (პლატონი)- შემოქმედი

29.06.2010

ამ ჩანახატის დაწერიდან 5 წლის შემდეგ (18.09.2015) "ფეისბუქზე" ვნახე ეს ლექსი და, ავტორის ნებართვით, აქ ვაქვეყნებ:


რა გითხრათ აბა,.. სიბინძურეა ეს პოლიტიკა,
სავაზელინო, მუდამ ნაცადი ფასობს პრაქტიკა,
უკანალების მარჯვედ მოქნევის და რომანტიკა
მაყუთის გაჭრის .. სულ ერთნაირი არის ტაქტიკა -
სხვის დაკრულს მუდამ მიყვება უკან, პეტელით ფარა,
რა მოხდა მერე, მეცხვარემ ბევრჯერ თუკი იხმარა,
გროშკაპეიკად გაპარსა ცხვარი და არ აკმარა,
ბევრჯერ მიდენა ციცაბო კლდეზე და გადაყარა.
რად უნდა ამას ბევრი პონტი და რიჟა ბაზარი,
ალალს სულ ხმარობს ან ნაბოზარი, ან ნაბიჭვარი,
სანამ ამ ქვეყნად გასაპარსავი იქნება ცხვარი,
მგელიც იქნება, ანდა ძაღლი მგელთან ნაჯვარი.



21 October, 2010

მეხუთე განზომილება

დილით მტანჯველმა სიზმარმა გამომაღვიძა–მარიონეტი თოჯინასავით ხელ–ფეხზე, მკერდსა და ენაზეც კი უხილავი თოკები მქონდა მობმული და ვიღაც თავის ნებაზე მათამაშებდა. ვცდილობდი, მივწვდომოდი კისერზე ჩამოკიდებულ დანას, რომ თავი გამეთავისუფლებინა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ამ ბრძოლით დაქანცულმა და გაოფლილმა გავახილე თვალი.
ძილში ნანახს რაიმე მისტიურ მნიშვნელობას არასოდეს ვანიჭებდი. სიზმარი ადამიანის სულის სარკესავითაა–კოშმარი, მაგალითად, აწეწილი სულიერი მდგომარეობის დროს მესიზმრება. ჩემეული კლასიფიკაციაც კი მაქვს: მარტივს ვეძახი სიზმარს, თუ მასში პირდაპირ აისახება ის, რაც მაწუხებს – დაუკმაყოფილებელი სურვილები, დათრგუნული ემოციები... რთულს ვარქმევ, თუ ეს ყველაფერი სიმბოლოების სახით გამოძვრება ქვეცნობიერიდან. ასეთ შემთხვევაში ფსიქოანალიზის მოშველიება მჭირდება–ხოლმე მის გასაშიფრად.
წუხანდელ სიზმარში ტვინმა საკმაოდ შაბლონური სიმბოლო გამოიყენა–მარიონეტი თოჯინა, ცხოვრებისეული პრობლემებით ბედისწერა თავის ნებაზე რომ ათამაშებს და ამ ორომტრიალისთვის თავის დაღწევის ძლიერი სურვილი, რომელსაც ვერ ვახორციელებ. გადავიღალე და დასვენება მჭირდება,–დავასკვენი.
მართალია, ამ სიზმრის განმარტება რთული არ იყო, მაგრამ მაინც ცუდ გუნებაზე ავდექი. კრიალა ცა და ზაფხულის მზე ცხელ დღეს მოასწავებდა, მაგრამ ჯერ დილა იყო და შინიდან გამოსულმა ღრმად შევისუნთქე გრილი, ანკარა ჰაერი. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ გადავწყვიტე მეგობრის მონახულება – ეგებ, მასთან მასლაათით ეს უჟმური განწყობილება გამოვიკეთო–მეთქი.
მცირე ხანს კორპუსის წინ ვიდექით და უაზროდ ვადევნებდით თვალს ქუჩაში გამვლელებს. მერე ალეკოს რაღაც გაახსენდა:
–გინდა, კარგ ხასიათზე მოგიყვანო?
-?
-ამასწინათ ორი ქალი გავიცანი, აქვე ცხოვრობენ. ავიდეთ?
–რა ქალები?–ვითომ ვერ მივხვდი.
–კეთილი გოგოები, უარს რომ არაფერზე გვეტყვიან,–ღიმილით განმიმარტა.
–ბორდელები არ მიზიდავს...–ვითომ ვიუარე, მაგრამ ამით ალეკოს გზა–კვალი ვერ ავუბნიე: კარგად იცნობდა ჩემ ხასიათს და იცოდა, ცდუნებას დიდხანს ვერ გავუძლებდი.
–უჰ, შენც ეხლა დიდი პატიოსანი ვინმე არ იყო, ფრთებიღა გაკლია, ანგელოზო! წამო, წამო, კამფეტივით გოგოები არიან.
სიცილით დავეთანხმე. მაღაზიებში გავიარეთ, კონიაკი, შოკოლადი, ხილი და სიგარეტი ვიყიდეთ და ალეკოს ახალი ნაცნობების მოსანახულებლად წავედით. გზად ის რაღაც უცნობ მელოდიას ღიღინებდა,–ეტყობა, მუზა ესტუმრა და სიმღერას თხზავდა,– მეც ხმა აღარ ამომიღია.
კარი ტანწერწეტა შავთვალა გოგომ გაგვიღო. ალეკომ მისალმების ნიშნად გადაკოცნა.
–ეს ხათუნაა, ეს კი ჩემი ძმაკაცია – გია.
ხათუნამ შემათვალიერა და ეშხიანად გამიღიმა. მეც ღიმილით ვუპასუხე. სასტუმრო ოთახში შეგვიძღვა. მაგიდაზე დავდგით კონიაკი და დავყარეთ შოკოლადები, ხილი კი წყლის გადასავლებად ჩვენმა მასპინძელმა სამზარეულოში გაიტანა. ამ დროს თვალი ვკიდე, მამაკაცი გამოვიდა სხვა ოთახიდან დერეფანში, ხათუნამ ის გააცილა და კარი ჩაკეტა. იმ ოთახიდან, საიდანაც უცნობი გამოვიდა, ქალის ხმა მოისმა:
–ხათო, რამდენი დატოვა?
–ნორმალურად, რა...–კარი მიხურა და მეც აღარ დამიძაბავს სმენა. უცნობი ქალის ხმის ტემბრმა მეხსიერების ჯურღმულიდან მოგონება ამიმიტივტივა...
...მაკასთან, თანაკლასელობისა და ნათესაობის გარდა, გულითადი მეგობრობაც მაკავშირებდა. ერთად ვიყავით დაზრდილები და თუ რაიმე პრობლემა გვქონდა, ყოველთვის ერთმანეთს ვუზიარებდით. შესაძლოა, და–ძმას შორისაც კი არ იყოს ხშირად ისეთი ნდობა და გაგება, როგორიც ჩვენს შორის იყო.
სკოლის დამთავრების შემდეგ ცხოვრებამ დაგვაცალკევა – მე სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე, მაკა კი არასოდეს ფიქრობდა, სერიოზულად ემეცადინა და მშობლებმა მისი „მოწყობა“ მხოლოდ სხვა ქალაქში მოახერხეს. ყოველთვის, როცა კი სახლში ჩამოსულს ვნახავდი, ახალ–ახალი შთაბეჭდილებების გაცვლისას, ერთმანეთს ლაპარაკს ძლივს ვაცლიდით.
არდადეგები იყო და თანაკლასელის, ნიკას დაბადების დღეზე ერთ სუფრასთან მოვხვდით. ჩვეულებრივ მოკისკისე მაკას იმ დღეს ნაძალადევი მხიარულება შევატყე. იუბილარის დალოცვისა და რამდენიმე „ტრადიციული” სადღეგრძელოს შემდეგ საცეკვაოდ წამოვიშალეთ. მაკამ წამჩურჩულა:–სადმე, ცალკე იქნებ გავიდეთო. მის ხმაში დაძაბულობის ნოტები მომესმა და მეც შიგნით რაღაც დამეჭიმა, ცუდი წინათგრძნობასავით.
ნიკას მამის კაბინეტი ცარიელი დაგვხვდა, კარები ყრუდ მივხურეთ და ჩამოვსხედით. წიგნებით დამძიმუბული თაროები, ძველებური საწერი მაგიდა და მკრთალად მბჟუტავი ბრა ქმნიდნენ სიმყუდროვეს, რომელსაც მეზობელი ოთახიდან კედელში გამოჟონილი მძიმე როკიც ვერ არღვევდა. გავყუჩდი და ველოდი, რას მეტყოდა. ის კი არ ჩქარობდა, თითქოს ორჭოფობდა, ძველებურად დაეცალა თუ არა ჩემთან რაღაცით დამძიმებული გული.
–სიგარეტი გაქვს?–როგორც იქნა, გაჭიმული პაუზა გაწყვიტა.
აქამდე არ ვიცოდი, თუ ეწეოდა, მაგრამ სახის გამომეტყველება გავყინე, ჯიბიდან კოლოფი ამოვიღე და ზანტად მივაწოდე. რამდენიმე ღრმა ნაფაზი დაარტყა, თითქოს ამით ძალის მოკრება უნდოდა აშლილი ნერვების მოსათოკად. შემატყო, მოთმინების ძაფი რომ გამიწვრილდა და ნაჩქარევად მითხრა:
–რასაც გეტყვი, ჩვენს შორის დარჩეს, კარგი?
–რას ბოდიალობ, როდისმე ყოფილა, რომ ჩვენში ნათქვამი სადმე წამომცდენოდეს?–უნდობლობით განაწყენებულმა ვუპასუხე.
–არა, მაგრამ ახლა ისეთი მომენტი მაქვს, რომ ვერავის ვენდობი, აი მხოლოდ შენ...
–აღარ იტყვი, რა მოხდა?
ისევ ღრმად ჩაისუნთქა სიგარეტის კვამლი, თვალი მომარიდა და ყრუდ ამოთქვა:
–იცი... ქალიშვილი აღარა ვარ.
ჯერ წესიერად ვერც კი გამეაზრებინა მისი ნათქვამი, შინაგანმა ხმამ რომ მიკარნახა: არ აფეთქდე, თორემ იარას უფრო გაუმწვავებო. თუმცა კი იმ ვიღაცის მიმართ ბრაზმა, რომელმაც ჩემს დაიკოს ტრავმა მიაყენა, ჩემს სახეს სისხლი მოახეთქა, მაგრამ მაინც შევძელი თავის შეკავება. მაკა ალბათ გულისფანცქალით ელოდა ჩემს რეაქციას, რომელიც მისთვის, შესაძლოა, განაჩენის ტოლფასი ყოფილიყო. “ახლა მას ჩემგან, უპირველეს ყოვლისა, თანაგრძნობა სჭირდება“...
–მერედა რა გულს იხეთქავ?
“უნდა დავაწყნარო. გული ბოღმისაგან დაცალოს, თორემ სტრესს რომ ვერ გაუძლოს, თავს რამეს დამართებს.“
–როდის მიხდა ყველაფერი, როგორ?-ხმაში მაქსიმალურად ჩავღვარე სითბო.
–ამ რამდენიმე დღის წინ ჩემი დაქალის მეგობარი ბიჭები ამოვიდნენ. მე და ნანა, ხომ იცი, ერთად ვცხოვრობთ ნაქირავებში. თვითონ კი გულაობს ბიჭებში, მაგრამ მე თუ ასე მიღალატებდა, არ მეგონა...–ნერვიულად მოქაჩა სიგარეტს და გააგრძელა–მაგის ძმაკაცების კომპანიიდან ერთ ტიპს ვევასებოდი, მაგრამ მე მაგრად მეჯავრებოდა: ყაჩაღია, მგონი, ნაციხარიცაა, დაბალი, შიმპანზესნაირი სახის... ყოველ საღამოს მოდიოდნენ, ხან ბარებში მივყავდით საგრიალოდ, ხან – რესტორნებში. ნანამ რამდენჯერმე მკითხა, მაგ ტიპზე რას ფიქრობო, მაგრამ არაფერი ვუთხარი. გაგონილი მქონდა, “ძველი ბიჭია” და დიდი ავტორიტეტი აქვს მაგნაირ ხალხშიო. ყველაფერზე წამსვლელი რომ იყო, მაგას მეც ვხედავდი, სუფთა მკვლელის სიფათია რა... მეშინოდა – ძნელია მარტოკა ყოფნა უცხო ქალაქში, არც ნათესავი, არც მეგობარი, რამე რომ გაგიჭირდეს, დახმარებას ვერავის სთხოვ. თან, ჩვენს დროში, პოლიციაც ხომ მაგათთანაა შეკრული.
თავიდან ზედმეტებში არ გადადიოდა, ისე, რა, მეარშიყებოდა, მეც მსუბუქ ფლირტს ვუშვებდი, როგორც ყველასთან, მაგრამ არ ვუახლოვდებოდი. ბოლო დროს რამდენჯერმე დამიმარტოხელა და ხელები მომიფათურა. მივხვდი, დიდხანს აღარ მოითმენდა და, შეშინებული, სახლში გამოვიქეცი. თავი მოვიავადმყოფე. მერე მშობლებმა დამიწყეს ჩაძიება, ლექციებს რატომ აცდენო. ვერაფერი ვუთხარი. გამოცდებიც კარს მომადგა. ჰოდა, ვიფიქრე, ჩემს თავს თავად მივხედავ, პატარა აღარ ვარ–მეთქი. ადრეც მქონია მასეთი მომენტები, მაგრამ თავი დამიღწევია და მეგონა, ახლაც როგორმე გამოვძვრებოდი.
გამოცდები ჩავაბარე და წამოსვლას ვაპირებდი. წარმოიდგენე, ბოლო ავტობუსზე არ დამაგვიანდა?! ალბათ, ესეც ბედი იყო. იმ საღამოს ამოვიდა ძმაკაცებთან ერთად, წავიდეთ ღამის ბარში, ვიგრიალოთო. წავყევით. მეშინოდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი, თავისუფლად ვიქცეოდი, ბლომად დავლიე კიდეც.
სახლში ამ ტიპმა და მაგის ძმაკაცმა მოგვაცილეს, კიდევ გახსნეს კონიაკი, კიდევ დავლიეთ. იქნებოდა ღამის ოთხი საათი, როცა მაგის ძმაკაცი და ნანა სადღაც წავიდნენ. დავრჩით პირისპირ... – ყელი გადაუშრა და ჩაახველა, – ვიფიქრე, ყვირილი რომც დავიწყო, მაინც არავინ მომეშველება, ამას ყველა იცნობს და ეშინიათ... თანაც ეს ამბავი რომ გახმაურებულიყო, ინსტიტუტში თავი მომეჭრებოდა. მეც მაგარი მთვრალი ვიყავი, უკვე ყველაფერი უაზრობად მეჩვენებოდა, რაც იქნება, იქნება–მეთქი, ხელი ჩავიქნიე... მოკლედ, ეგრე, რა, წინააღმდეგობაც კი არ გავუწიე...
მაკა დადუმდა, ფიქრებში ჩაიძირა. ჩემს თავში კი აზრები ციებ–ცხედებიანივით ირეოდა.
–ახლა რა არის, იცი, მაკუნა, მთავარი? რაც მოხდა, იმას აღარაფერი ეშველება და მაგაზე დარდსა და თავის ტანჯვას აზრი არა აქვს, მომავალზე უნდა იფიქრო...
მაკა მიმიხვდა, რის თქმასაც ვაპირებდი, ყელში მობჯენილი ბურთი გადაყლაპა და გამაწყვეტინა:
–მაგას ტყუილად ფიქრობ. ეგ ვარიანტი გამორიცხულია. მე მაგის ცოლი ვერ გავხდები, მაგ ნაძირალას ოჯახში ვერ გავჩერდები. მამაჩემმა ეგ რომ გაიგოს, ინფარქტს მიიღებს. მოკლედ, არ არსებობს, რა... გადავალ მაგ ბინიდან და ისე ვიზამ, რომ შემეშვან, მე–ჩემთვის, ეგენი–თავისთვის. მერე ცხოვრება თავად მაჩვენებს, რა ვქნა და როგორ მოვიქცე.
ვეღარაფერი ვუთხარი. მეც ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა, მაკა ვიღაც გარეწრის ცოლი გამხდარიყო მხოლოდ იმისათვის, რომ გათხოვილი ქალის სახელი ჰქონოდა. მინდოდა, როგორმე გამემხნევებინა:
–აღარ იდარდო მაგაზე, დაივიწყე. რაღა დროს აზიატური “ქალწულობის კომპლექსებია“, მეოცე საუკუნე იწურება.
–ქართველები ევროპელობაზე თავს ძალიან კი ვდებთ, მაგრამ შენნაირად კიდე ვინმე თუ ფიქრობს...–მაკა ცოტა გამოცოცხლდა,–აი შენ, მაგალითად, რომ მოგეწონოს გოგო და ქალიშვილი არ იყოს, ცოლად მოიყვან?
ჯიქურ დასმულმა კითხვამ შემაცბუნა.
–არ მიფიქრია...ალბათ გამიჭირდება. ეჭვიანი ტიპი ვარ და...
მაკას მზერაში ირონია გაკრთა.
–კარგი, კარგი. რა მინდა, იცი, რომ გკითხო: საქალწულე აპკის გამთელება თუ შეიძლება?
-გაკერვა შეიძლება. ჰიმენოპლასტიკა ჰქვია. მამაკაცი ვერაფერს მიხვდება.
–თუ მაგდენი იცით კაცებმა და მაინც ანიჭებთ ქალიშვილობას დიდ მნიშვნელობას, კაი დებილები ყოფილხართ,–ჩაიცინა.
პასუხად მხოლოდ მხრები ავიჩეჩე.
მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა. მაკა ბევრჯერ შემხვდა, ძველებური სიცილ–კისკისით, თითქოს დაივიწყა კიდეც ის ამბავი.
...ზარის წკარუნმა დამაბრუნა აწმყოში. რა თქმა უნდა, მაკას არაფერი ესაქმებოდა ამ არაოფიციალურ საროსკიპოში, უბრალოდ, ხმის მიმსგავსებამ მომაგონა ის.
ხათუნამ კარი გააღო და ქერათმიან მაღალფეხება გოგოს შემოუძღვა. შემოტკეცილ ჯინსის შარვალსა და თეთრი აბრეშუმის ბლუზის ქვეშ ვნებიანად იკვეთებოდა ქალის სხეულის ტკბილი კონტურები.
–ეს ანუკაა.
გოგოები სავარძლებში მოკალათდნენ.
–ალეკო, შენ ხომ მუსიკოსი ხარ?
–კი.
–გიტარაზე არ გვიმღერებ?
–ჯერ არ ვარ მაგის ხასიათზე. მოგვიანებით.
–შენ, გია, რას საქმიანობ?
–ექიმი ვარ. რეანიმატილოგი.
–მძიმე საქმე აგირჩევია. ძნელი არაა, მთელი შენი ცხოვრება სიკვდილ–სიცოცხლის მიჯნას უყურო?
–ყველას თავისი საქმე მოსწონს.
–ჰო, მაშ გიას ნამდვილად სჭირდება კარგი დასვენება,–ხათუნამ ჩაიხითხითა და ანუკას ანცად გადახედა. ამასობაში ალეკომ კონიაკი ჩამოასხა:
–აბა, ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს, გოგოებო!
–გაუმარჯოოოს!–ჭიქები გაწკარუნდა.
ანუკა ყურადღებას არ მაკლებდა, მეც მომეწონა: ელინური ქანდაკებასავით დახვეწილი სახე ჰქონდა.
-“კისკა” რას შვრება?-ეს, ალბათ, იმ ქალს ეხებოდა, რომელიც არ გამოჩენილა.
–ჩაეძინა. ხუმრობა ხომ არაა, რა ვირს გაუძლო!–უპასუხა ხათუნამ.
–“Vir” მამაკაცის გაგებით, თუ სახედრის?–ჩავერიე მათ საუბარში.
–ორივე გაგებით,–გაეცინა.
სასმელმა კარგ ხასიათზე დაგვაყენა და უცხოობის ზღვარი მალე წაშალა. ნელ–ნელა ვწრუპავდით კონიაკს, ხილს და შოკოლადს ვაყოლებდით, უწმაწურ ანეკდოტებს ვყვებოდით და ვხორხოცებდით.
ანუკა ჯერ სავარძლის სახელურზე შემომისკუპდა. ერთი ხელი გადამხვია, მეორეთი კი მარწყვს მაჭმევდა. მერე ჩემს კალთაში გადმოინაცვლა. ფრანგული სუნამოს იასამნის მსგავს არომატთან შეზავებული მისი კანის სურნელი მაბრუებდა, დატალღული ოქროსფერი კულულების ლოყაზე მოლამუნება ჟრუანტელს მგვრიდა. ხელი შევუცურე სიფრიფანა ბლუზის ქვეშ და გამკვრივებულ ძუძუებზე მოვეფერე. ანუკა გაიტრუნა, მოდუნდა და უფრო მომეკრო. მისი მკერდის პრიალა კანის ალერსმა ძლიერ აღმაგზნო. ვნებისაგან სახეაჭარხლებულები უხერხულად წამოვდექით და მეზობელ ოთახში გავედით.
...მიბნედილი და ძალაგამოცლილი მივწექი. ანუკა სადღაც გავიდა, ალბათ სააბაზანოში, მცირე ხნის შემდეგ დაბრუნდა, საფერფლე სკამზე დადო, თვითონ ტახტის კიდეზე ჩამოჯდა და კმაყოფილი სახეებით სიგარეტი გავაბოლეთ. ოთახი კვამლით აივსო. სული შემიგუბდა და ფანჯარასთან მივედი, სუფთა ჰაერის შესასუნთქად. ფანჯარა აივნის გვერდით აღმოჩნდა, რომელზეც ვიღაც იდგა. ვინ იქნებოდა სხვა, იმ მეძავის გარდა, ვისთანაც ჩვენს მოსვლამდე ვიღაც ტიპმა “იგულავა”. ფანჯრის გაღების ხმაზე უცნობმა ქალმა ჩემსკენ გამოიხედა.
ელდანაკრავი გადმოვვარდი უკან: ჩემი ბავშვობის უძვირფასესი მეგობრის – მაკას მზერას შევეფეთე. გულირამდენჯერმე ძლიერად შემიფართხალდა, მერე ავტომატის ჯერივით დაიწყო ბაგა–ბუგი. ზღვის ტალღების დგაფუნით ყურებში დავბარბაცდი ტახტისაკენ.
–ცუდად ხომ არ ხარ?–ანუკას ხმა შორიდან ჩამესმა. ძალა მოვიკრიბე და ოთახიდან სწრაფად გამოვედი.
–წავედით, ალე!
მეგობარი მიმიხვდა, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე, ხათუნასთან ღლაბუცს უმალ შეეშვა და ხმისამოუღებლად გამომყვა.
–რა ბზიკმა გიკბინა, რა მოხდა, რა “ბლედნი” ხარ?-მკითხა, როცა გარეთ გამოვედით.
–ძმურად, არაფერი მკითხო. ახლა სამსახურში მორიგეობაზე მაგვიანდება, სხვა დროს გეტყვი,–ტყუილის თავიც არ მქონდა.
სადარბაზოდან გამოსვლისას სახეში მეცა გამლღვალი ასფალტის სუნით გაჯერებული ბუღი.კიდევ კარგი, ორ–სამ წუთში ცარიელმა ტაქსმა საავადმყოფოსკენ გამაქროლა, თორემ გული შემიწუზდებოდა. მანქანაში ოცი საუკუნის წინანდელი ამბავი გამახსენდა:
...იესო ნაზარეველი ტაძრის ეზოში იჯდა, თავი ძირს დაეხარა და მიწაზე თითით რაღაცას წერდა. მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ვიღაც ქალი მოიყვანეს, რომლისთვისაც მრუშობაზე წაესწროთ. სხვა დროს ადათისამებრ ისე ჩაჰქოლავდნენ, რომ წარბსაც არ შეიხრიდნენ, მაგრამ ახლა იესოს აზრი აინტერესებდათ, რას იტყვის, ეგებ სჯულის საწინააღმდეგო რამე დასცდესო,–მზაკვრულად ფიქრობდნენ. ამიტომაც ჩააყენეს ქალი შუაში და დაჟინებით ეკითხებოდნენ:
–მოსემ რჯულში მცნებად დაგვიდო ასეთების ჩაქოლვა, შენ რაღას იტყვი?
იესო ჯერ არ პასუხობდა, ალბათ გულში ეცინებოდა ამ კაცუნების ვირეშმაკობაზე. შემდეგ, როცა თავი მოაბეზრეს, წელში გასწორდა და უთხრა:
–ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად მან ესროლოს ქვა!
ისევ დაიხარა და მიწაზე წერა განაგრძო. ხალხი ჩუმად გაიკრიფა. დარჩნენ ტაძრის ეზოში იესო და ქალი. თავი ასწია ცოტა ხნის შემდეგ იესომ:
–დედაკაცო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?
–არავინ, უფალო.
–არც მე გდებ მსჯავრს, წადი და ამიერიდან ნუღარ სცოდავ...
...მაშინ, როცა მაკამ თავისი გასაჭირი შემომჩივლა, რაღაც რომ მეღონა? ეგებ ჩემი უმოქმედობით მეც ვუბიძგე ამ გზისაკენ? აი რა ნაყოფი გამოიღო ჩემმა უმოქმედობამ. თუმცა, მე რა უნდა მექნა? ყველა თავის საქციელზე თავად აგებს პასუხს, თავის ბატონ–პატრონია, თავის–უფალია, თავისუფალია...–არ გამომდიოდა სინდისის მიჩუმათება, მაგრამ მაინც ჯიუტად ვცდილობდი. და ვერ ვხვდებოდი, რატომ...
განყოფილებაში შევედი, გაოფლილი კვართი გავიძრე და თეთრი ხალათი შემოვიცვი. სამუშაო ბევრი არ გვქონდა – რამდენიმე ავადმყოფი იწვა, ისინიც კრიტიკული მდგომარეობიდან უკვე გამოსულები იყვნენ და ერთ–ორ დღეში რეანიმაციიდან პალატებში გადაიყვანდნენ. საორდინატოროში კარ–ფანჯარა გავაღე, ორპირი ქარი რომ დატრიალებულიყო. მაგიდაზე, ავადმყოფობის ისტორიების გვერდით, რაღაც ჟურნალი იდო. ალბათ ვინმეს დარჩა–მეთქი, ვიფიქრე და ალალბედზე ისე გადავშალე, გარეკანისათვის არც კი დამიხედავს. ძველებრაული ეზოთერული თხზულების “სეფერ ეცირა”-ს (“წიგნი შექმნისა”) თარგმანს წავაწყდი. მოსესა და აბრაამის დროინდელი შეხედულებები ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის ეტაპებზე ნამდვილად არ იყო გასართობი, მაგრამ მაინც დავიწყე კითხვა: “…ათ სფეროს, ანუ რიცხვს, არყოფნიდან ... აქვს შემდეგი ათი უსასრულობა:
უსასრულო დასაწყისი და უსასრულო დასასრული,
უსასრულო სიკეთე და უსასრულო ბოროტება,
უსასრულო სიმაღლე და უსასრულო სიღრმე,
უსასრულო აღმოსავლეთი და უსასრულო დასავლეთი,
უსასრულო ჩრდილოეთი და უსასრულო სამხრეთი.
და ყველაფერ ამის ზემოთ – ერთიანი უფალი ღმერთი, სამყაროს მეუფე, რომელიც უსასრულო ეონების განმავლობაში მართავს ყველაფერს და ყველაფერში...“
აქ შევჩერდი და დავფიქრდი: “უსასრულო სიმაღლე და სიღრმე, აღმოსავლეთი და დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი – ეს სამგანზომილებიანი სივრცეა, უსასრულო დასაწყისი და უსასრულო დასასრული – სხვა არაფერია, თუ არა დრო – მეოთხე განზომილება, მეტი არც არის, მაგრამ აქ კიდევ მეხუთეცაა ... “
–გია ექიმო, გია ექიმო, სწრაფად, სწრაფად! –ექთნის ყვირილზე წამოვვარდი. ახალგაზრდა კაცი მოეყვანათ, თითქმის აღარ სუნთქავდა და გალურჯებულიყო. “გუგები დავიწროვებული აქვს, ესე იგი მორფინით ინტოქსიკაციაა, სავარაუდოდ, დიდმა დოზამ სუნთქვის ცენტრი დათრგუნა“. ექთანმა ლარინგოსკოპი მომაწოდა. მარჯვედ ჩავუდგი საინტუბაციო მილი და ხელოვნური სუნთქვის აპარატთან მივაერთე. ლავიწქვეშა ვენაში კათეტერი ჩავუყენე და წამლების წვეთოვნად შეყვანა დავუწყე. მხოლოდ ამის შემდეგღა დავაკვირდი პაციენტის სახეს, რომელიც ნაცნობი მეჩვენა: “ღმერთო ჩემო, ეს ხომ ბექაა! რას დამსგავსებიხარ, ბიჭო!..“–მისი გაძვალტყავებული სახის შემხედვარეს გული შემეკუმშა.
ბექა და მე ერთ სადარბაზოში ვცხოვრობთ, ჩემზე გაცილებით უმცროსია. ორი წლის წინ მამა გარდაეცვალა – კიბომ იმსხვერპლა. მას შემდეგ იშვიათად ვხედავდი. მამის დაღუპვამ თვრამეტი წლის ყმაწვილს მძიმე სულიერი ტრავმა მიაყენა და შინ გული აღარ უდგებოდა, გარეთ კი თავზეხელაღებული ამხანაგები გაიჩინა. ახლაღა გამოვუტყდი თავს იმაში, რომ ბექას ნარკოტიკებისადმი მიჩვევაში გარკვეული ბრალი მეც მიმიძღოდა:
მამამისის გარდაცვალებიდან ორიოდე თვე იქნებოდა გასული, კარზე რომ მომიკაკუნა. აფორიაქებული ჩანდა:
–გია, ძმურად, უნდა გამიგო, რა... წამალი გვაქვს ნაშოვნი ბიჭებს და გასინჯვა გვინდა.
–რა წამალი?
–მორფი, რა...
მივხვდი, საიდანაც ექნებოდათ “ნაშოვნი”–სიმსივნით გამოწვეულ უძლიერეს ტკივილებს ცხონებულს ნარკოტიკებიღა უყუჩებდა და ალბათ სახლში შემორჩათ ამპულები. მე, რა თქმა უნდა, ცივ უარზე დავდექი – შხამი გამეკეთებინა, და თანაც ბექასთვის, რომელიც უმცროსი ძმასავით მიყვარდა? ჩემს უარზე ის ცოტა დაღონდა: – ბიჭებისთვის უკვე ნათქვამი მაქვს, სანდო კაცს მოვიყვან და ის გაგვიკეთებს, შენი იმედი მქონდაო. მე ხელები გავშალე – ასეთ საქმეში ვერაფრით დაგეხმარები–მეთქი.
–კარგი, გია, რახან ეგრეა, ვნახავთ სხვა ვინმეს,–თქვა და კარისკენ გაემართა.
ბექა უცნობი სიამოვნების მიღების ცნობისწადილით ისე იყო აღტკინებული, მივხვდი, ვერაფერი დააბრკოლებდა. არადა, აქამდე არათუ ნარკოტიკს, სიგარეტსაც არ გაკარებია.
“ვის ნახავს სხვას? ეტყობა, თავად არ არიან გამოცდილები და ვერ გაუბედავთ ვენაში ჩხვლეტა, ამიტომაც ეძებენ ვინმეს, ვინც ამას გაუკეთებს. მაგრამ... ვაითუ პოლიციაში დააბეზღოს? მაშინ კი ნაღდად ვერ იქნება ბექას საქმე კარგად, მით უფრო, თუ ციხემდე მივიდა. იქიდან გამოსული კაცი არ მინახავს გამოსწორებული, გზაგამრუდებული კი – რამდენიც გინდა. საცოდავ დედამისს ესღა უნდა, ისედაც მეუღლის დაკარგვითაა გამწარებული და გატეხილი? რაც იქნება – იქნება, გავუკეთებ ერთხელ, ბოლოს და ბოლოს, ერთხელ გასინჯვით ნარკომანი ხომ არ გახდება. მერე დაველაპარაკები, ცალკე, როცა დაწყნარებული იქნება, ავუხსნი, რა ზიანს მოუტანს...”
–ბექა, მოიცა, მოვდივარ!
უკვე კართან მისული მოტრიალდა და გაოცებულმა შემომხედა: ასე უცებ როგორ შეიცვალა გადაწყვეტილებაო.
–“ბაიანი” გექნება...
–რა “ბაიანი”?
–შპრიცი, რა.
–კი, უნდა მქონდეს სადღაც...
უჯრაში მოვქექე ერთჯერადი შპრიცი.
–ეს ერთიღა მქონია.
–არა უშავს, გვეყოფა.
მეზობელ უბანში გადავედით და იქ, ერთ–ერთი მისი ამფსონის ბინაში, ორნი დაგვხვდნენ. არ მესიამოვნა მათი უაზრო სახეების დანახვა. ბექამ ჯიბიდან სამი ამპულა ამოიღო და მომაწოდა. თავები წავატეხე და ვარდისფერი სითხე ნემსის წვერით ამოვწრუპე. მკლავი ჯერ ბექამ დაიკაპიწა, ალბათ ამით თავისი გულადობის დამტკიცება თუ უნდოდა. ცოტა მეშინოდა კიდეც: ხელი არ ამიკანკალდეს, ასეთ ახლობელს შეგნებულად რომ ვწამლავ–მეთქი, მაგრამ ვენაში კარგად შევედი და ბექას სისხლს ერთ მილილიტრზე ნაკლები მორფინი ნელა შევურიე. მან ვერ შენიშნა, როგორ დავუკელი შხამის დოზას სკალის ორი–სამი დანაყოფი. შპრიცში დარჩენილი საწამლავი იმ ორს თანაბრად გავუნაწილე. ხმისამოუღებლად გამოვედი გარეთ. ბინდდებოდა და ურნაში რომ ნემსიანი შპრიცი მოვისროლე, გამვლელებმა, ალბათ, ვერც კი შეამჩნიეს...
აი, ეს მიკლავდა გულს – მაშინ რომ მე ბექასთვის ტკბილი საწამლავის გემო არ გამესინჯებინა, ეგებ ხელიდან წასული ნარკომანი არ გამხდარიყო და ახლა ბედისწერას ცოცხალ–მკვდარი ისევ ჩემთვის არ მოეყენებინა. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს – ხან მონიტორს მივჩერებოდი და გულის მუშაობას ვადევნებდი თვალყურს, ხან ბექას გადავხედავდი. ველოდი, როდის მოერეოდა მისი ორგანიზმი შხამს და სუნთქვას აღიდგენდა.
ირიჟრაჟა... უკვე თვალები მებლირტებოდა... თითქოს ბექა წამოიწია და წამოჯდა. თუმცა არა, ბექა ლოგინზეა მიგდებული და ხელოვნური სუნთქვის აპარატი ფილტვებს ჟანგბადით პერიოდული ქშენით უვსებს, ეს მისი ლანდივითაა. ჩემსკენ მობრუნდა:
–რა გინდა ჩემგან, რას მაწვალებ, რას მერჩი? რას მაბრუნებ ძალით ამ ქვეყანაზე, რა არის აქ კარგი, ჩვენი ცხოვრება მხოლოდ ტანჯვა–წამებაა... მე თუ “კაიფში” გავიპარე, შენ რა? ტკბილად მაინც მოვკვდები...–კი არ მელაპარაკებოდა, არა, ხმას არ იღებდა, მხოლოდ თვალებით მხვრეტდა შორიდან, მაგრამ თავის აზრებს ჩემს ტვინში ხლართავდა.
–რა გეჩქარება სიკვდილი, ჯერ სულ ახალგაზრდა ხარ, მაგასაც მოესწრები. ცხოვრება წინა გაქვს,–შევეკამათე, მისგან მოქნეულ მახვილს ჩემი აზრების ფარი მივაგებე.
–რა იცი შენ, როდის ჯობს სიკვდილი? რა იცი, რომ ახლა თუ გამაცოცხლე, მერე ათას ბოროტებას არ ჩავიდენ და, ბოლოს, იმქვეყნად უფრო ცოდვებით დამძიმებული არ წავალ? ჯერ კაცისმკვლელი მაინც არ ვარ და მერე, რა იცი, რა იქნება, ნარკოტიკული შიმშილი საით მიბიძგებს, რა შემემთხვევა...
–რა უნდა მოხდეს ამაზე უარესი, ნეტა არ მიქარავდე!–კვლავ აღვუდექი წინ. პასუხად ისე ჩაიცინა, რომ უსიამოდ შემაჟრჟოლა.
ხმაურმა გამომაფხიზლა. ექთანი შემოვიდა და ავადმყოფს დახედა:
–გია, მგონი გონს მოდის!
სადღაც, ჩემს შიგნით, სიხარულის ბურთისებრი ელვა გასკდა.
დილით მორიგეობა გადავაბარე და თან ბექას შესახებ კოლეგებს ვუთხარი, ჩემი ახლობელია და ყურადღება მიმიქციეთ–მეთქი. საავადმყოფოდან საოცრად დათრგუნული გამოვედი, თითქოს ყველა ბოროტებაში, რაც ამ ცოდვილი დედამიწის ზურგზე დატრიალებულა, მეც მქონდა წილი. ქუჩაში უამრავი ადამიანი ირეოდა, მე კი არ ვიყავი ახლა ნაცნობებთან შეხვედრისა და თბილი ღიმილით მოკითხვის ხასიათზე. ტაქსი გავაჩერე, უკანა სავარძელში გადავწექი და თავი ისევ ფიქრს მივეცი.
“ასე რატომ მემართება, თითქოს კარგის გაკეთება მინდა–ხოლმე და ბოროტებას კი ვთესავ? ალბათ, ეს იმის ბრალია, რომ არავითარი რწმენა არ გამაჩნია.” ათეიზმის ზეობის დროს გაზრდილისგან, როცა ოფიციალური იდეოლოგიაც კი კრახს განიცდიდა და გაკილვის საგანი გამხდარიყო, არცაა გასაკვირი ნიჰილისტური დამოკიდებულება რელიგიის მიმართ. გალაქტიკები და მეტაგალაქტიკა, ატომები და კვარკები, ფარდობითობის თეორია და ტვინის ელექტროფიზიოლოგია – ეს ყველაფერი ბავშვობიდანვე ნაცნობი და ახლობელი იყო, ჩემს გონს შეწოვილი და გათავისებული ჰქონდა. რელიგია და სააღდგომო კვერცხები მაშინ ბებიების საქმედ და ჩამორჩენილობად აღიქმებოდა. “ალბათ, მორწმუნე ჩემს მდგომარეობაში არ აღმოჩნდება: მას ხომ სწამს და ეს რწმენა, როგორც შუქურა, ისე უნათებს გზას ცხოვრების უკიდეგანო ოკეანეში, უჩვენებს – როგორ მოიქცეს, საით გაცუროს. მეც რომ მქონდეს თუნდაც მკრთალი პოლარული ვარსკვლავი, ალბათ შევძლებდი სწორად გარკვევას ამ მეხუთე განზომილებაში – “უსასრულო სიკეთესა და უსასრულო ბოროტებაში”…
ამ დროს მანქანის სარკმლიდან ეკლესიის გუმბათი გამოჩნდა და მის თავზე – მზის სხივებით აბრდღვიალებული ოქროსფერი ჯვარი.
–აქ გამიჩერე!
მძღოლმა გაკვირვებით შემომხედა. გული რომ არ დასწყვეტოდა, თანხა იმდენი მივეცი, რაც სახლამდე მიყვანისთვის უნდა გადამეხადა. ვიწრო ქუჩას გავუყევი. უძილობისაგან დროდადრო ტანში მაჟრიალებდა.
ამ ტაძარში ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ ახლა შიგნით ისეთი გრძნობით შევედი, თითქოს პირველად მოვხვდი უცხო ადგილას. არავინ იყო, კართან მჯდომი მოხუცი ქალის გარდა, რომელიც სანთლებს ჰყიდდა. ერთი სანთელი გამოვართვი.
მცირე ხანს ერთ ადგილს ვტკეპნიდი. დღის ნათელი სვეტებად ეშვებოდა სარკმლებიდან და ფრესკებსა და ხატებს აცოცხლებდა. მარადიულობასთან მიახლოვების, სიწმინდით გარემოცვის, იდუმალებისა და თან განახლების უცნაური გრძნობა მავსებდა.
სანთელი ავანთე. გამლღვალი ცვილის სურნელმა თითქოს დამამშვიდა. მუხლებზე დავეშვი მაცხოვრის ხატის წინ.
“ღმერთო, თვალი ამიხილე, მომეცი რწმენის უნარი, ნუ დამტანჯავ გაურკვევლობით, თუ კი რამე შემიცოდავს, მაპატიე და სწორ გზაზე დამაყენე, ბოროტებისაგან დამიფარე...”
ხატიდან ნათელმოსილი იესო ისე მიცქერდა, თითქოს მოფერებით მსაყვედურობდა:
“შენი და შენნაირების გულისთვის, თქვენი ცოდვების გამოსასყიდად ვეცვი ჯვარს, მსხვერპლად შევწირე თავი კრავივით, და თქვენ კი მხოლოდ მაშინ გახსენდებით, როცა გაგიჭირდებათ...”
ამ დროს ვიგრძენი, რომ ტაძარში ვიღაც შემოსულიყო და მე მიცქერდა. წამოვდექი, სანთელი შანდალზე დავამაგრე და მოვიხედე.
მამა ამბროსი იყო, იდგა და მიღიმოდა.
–აქ რამ მოგიყვანა, შე უღმერთო, დილაადრიან?–ხუმრობით მომიალერსა თავისი ხავერდოვანი ბარიტონით. მე ხელზე ვეაიბორე, მან დამლოცა, გადამკოცნა და მომიკითხა.
–თქვენ ხომ ჯანმრთელად ბრძანდებით, მამაო? მე რა მიშავს, ბნელი აზრები რომ არ მაწუხებდეს,–ხუმრობით ვუპასუხე მეც.
კედელთან მდგომ ხის გრძელ სკამზე ჩამოვსხედით და გულახდილად ვუამბე, რაც განვიცადე წინა დღე–ღამეს.
–კარგია, რომ შენით მიხვედი მაგ დასკვნამდე, ურწმუნო კაცი ბრმასავითაა...
–ყველაფერი ამერია: თითქოს სწორად ვიქცეოდი ყოველთვის, ხანდახან კომპრომისზეც მივდიოდი ჩემს სინდისთან, როგორც ყველა, მაგრამ გულში ავი არ გამივლია. ჩანს, არაა ეს საკმარისი. მარტო “სახარების” კითხვითა და ინტელექტუალური მსჯელობით ვერ იშოვი თურმე იმას, რასაც რწმენა ჰქვია. მეგონა, ჩემი მისია ამქვეყნად კარგად მქონდა გაცნობიერებული – ადამიანებს უნდა ვუმკურნალო, სიკვდილის ბრჭყალებიდან დავიხსნა–მეთქი. ახლა კი ვეჭვობ, ვაითუ არაა სწორი, ბუნებას რომ ვებრძვი?
–ეგ ნუ გადარდებს, თუ ღმერთს არ სურს, შენ ვერაფრით უშველი მომაკვდავს. ექიმებს ის გავიწყდებათ, რომ ადამიანი მხოლოდ ბიოლოგიური არსება არაა, კაცი ღმერთმა “ხატად თვისა” შექმნა. სულიერი არსების ბევრი სატანჯველი კი მხოლოდ მიკრობებით არაა გამოწვეული, სულსაც სჭირდება მკურნალობა.
–ეგ უკვე თქვენი სფეროა.
–ეჰ, მანკიერებაც რომ ფიზიკური ტკივილით სტანჯავდეს კაცს, ალბათ უფრო მიაქცევდა ყურადღებას. მაგრამ ასე არაა, ბევრს ისე აქვს მოჩლუნგებული სინდისი, რომ არც უფიქრდება, რას სჩადის – მადლს თუ ავს, ან რა ნაყოფს გამოიღებს მისი ქმედება. კარგია, რომ ამაზე ფიქრობ და ბოროტების სათავეს შენში ეძებ, რათა დათრგუნო...
ტაძარში რამდენიმე კაცი შემოვიდა, თან ბავშვი შემოიყვანეს. ჩვენ გვიყურებდნენ, როგორც ჩანს, პატარის მონათვლას აპირებდნენ და მორიდებით ელოდნენ ჩვენი საუბრის დასრულებას.
–მაპატიეთ, მამაო, მე წავალ,–წამოვდექი.
–გია, შვილო, გიმეორებ: კარგია, რომ შენს შეცდომებზე ფიქრობ, გულწრფელი მონანიებით განიწმინდები, ღმერთი მოგიტევებს, მაგრამ ტაძრიდან განდევნილი ეშმაკის ამბავი თუ გახსოვს: პატრონმა რომ გააგდო, მაგრამ ის კვლავ მობრუნდა და ცარიელი რომ დახვდა სამყოფელი, შფიდი უწმინდური თან მოიყოლა. ადამიანი მარტოკა უძლურია საკუთარ დაცემულ ბუნებასთან და დემონურ ძალებთან ჭიდილში, თუ მყარი დასაყრდენი არა აქვს ფეხქვეშ, ეს გახსოვდეს!
დავემშვიდობე და ტაძრიდან გამოვედი. ჩემი სატკივარი სხვას რომ გავუზიარე და მანაც გამიგო, ამან დამამშვიდა, თითქოს ჩემი შემღვრეული სული დაიწმინდა და ნალექი მოიცილა.
სახლში მივედი, ნათლობის ჯვარი მოვიძიე და მკერდზე დავიკიდე, იმ გადაწყვეტილებით, რომ ამიერიდან მეცხოვრა რწმენით და არავითარ ცთუნებას არ დავმორჩილებოდი, მეთესა მხოლოდ სიკეთე და მყვარებოდა ყველა, მტერიც კი.
“ვინ იცის, ბექას დედა როგორ დარდობს ახლა: არ იცის შვილი სად არის”,– ავირბინე კიბეები და ზარის ღილაკს თითი დავაჭირე. კარი შავებში ჩაცმულმა მანდილოსანმა გამიღო, რომლის სახეზე დარდს ნაოჭებად დაესვა ტვიფარი.
–დღეს ბექა შემხვდა, ძმაკაცთან მივდივარ რაიონში, საქეიფოდ, და ერთი კვირა იქ დავრჩებიო, თქვენთან დამაბარა,–კარგ მსახიობს შეშურდებოდა, ისეთი ოსტატობით ვიცრუე.
–გმადლობ, შვილო, დამაწყნარე, თორემ ბექას ლოდინში თვალი არ მომიხუჭავს, გული ცუდს მიგრძნობდა თითქოს...
“–აკი მცნებებს დავიცავო? “არა იცრუო!”– დაგავიწყდა?
–აბა ამ ისედაც მოტეხილ ქალს გულს ხომ არ გავუხეთქავდი?!”
...რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ. ბექა მომჯობინდა და საავადმყოფოდან გაეწერა. ტელევიზორში საღამოს საინფორმაციო გამოშვებას ვუყურებდი. ის იყო, წამოდგომა და ოთახიდან გასვლა დავაპირე, რომ კრიმინალური ქრონიკა დაიწყო და რაღაცამ შემაკავა:
“–შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვატყობინებენ: უნომრო მანქანით მიმავალი სამი ბოროტმოქმედი არ დაემორჩილა პოლიციის პატრულის ბრძანებას, შეჩერებულიყვნენ, და ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს წესრიგის დამცველებს. პოლიციასა და ბოროტმოქმედებს შორის მომხდარ შეტაკებაში, ორმხრივი სროლის შედეგად, სამი პოლიციელი დაიღუპა და სამიც მძიმედ დაიჭრა. დაიღუპა ორი ბოროტმოქმედი, მესამე კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დადგენილია მათი ვინაობაც: ქალაქ თბილისში მცხოვრები, უმუშევარი ბექა დავითური, ოცი წლის...” დიქტორის ბოლო სიტყვები ჩემთვის ლახვრის ჩაცემის ტოლფასი იყო.
“ნუთუ?..არაა გამორიცხული, მოკლული პოლიციელებიდან რომელიმე ბექას ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა. ამას არ მეუბნებოდა საავადმყოფოში?! უფრო სწორად, მე მომელანდა...ნუთუ, აზრი ქმნის მართლაც ყველაფერს და ტვინის ხვეულებში დაბადებული არც ერთი სიტყვა უკვალოდ არ იკარგება? ყველა და ყველაფერი რაღაცნაირად ერთმანეთაანაა დაკავშირებული... თითოეულ სიტყვას მაგიური ძალა აქვს... “პირველად იყო სიტყვა...”
მახეში გაბმული მტრედივით მოფართხალე გულს შავი გველი შემოეხვია. ისე ძლიერად შემოეჭდო, თითქოს მისგან მაცოცხლებელი სისხლის გამოწურვა უნდოდა. მივფრინავდი ბნელ და ცივ გვირაბში, რომლის ბოლოშიც მკრთალად ციალებდა ნათელი.

თებერვალი–მარტი, 1994 წელი