02 August, 2013

ვირთხები ქართულ პოლიტიკურ „სიზმარაში“

                                 გაზეთი "ქრონიკა+", #15, 30.07.2013
საქართველოს პრემიერ–მინისტრი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ იმ პოლიტიკური პარტიას რომ გაემიჯნება, რომლის საპატიო თავმჯდომარეც არის, ეს აჭარის ტელევიზიისათვის მიცემულ მის ბოლო ინტერვიუში ნათლად გამოჩნდა. ბიძინა ივანიშვილმა აპრილშიც თქვა: „არ ვთვლი, რომ მოვედი, როგორც პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებელი და პოლიტიკური პარტიის შემქმნელი”. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“, კოალიციის სხვა პარტიებთან შედარებით, ყველაზე დიდი მაგნეტიზმით იზიდავს სკამების შენარჩუნების მოსურნეებს ყოფილი ხელისუფლების მმართველი თუ სატელიტი პარტიებიდან და ასეთებს კარს ფართოდ უღებს. თბილისის საკრებულოს „გაოცნებების“ ამბით დაგვირგვინებული ეს პროცესი განსაკუთრებით თვალშისაცემია ადგილობრივ თვითმმართველობებში. ამის გამო ამჟამინდელი „მმართველი პარტია“ უკვე სოციალურ ქსელებში საქილიკოდ იქცა:გადმოპორტირდი დაწინაურებით!!! ,,ქართული ოცნება. აქცია ძალაში 2014 წლის გაზაფხულამდე“ (გოჩა გიგაშვილი).

გაზაფხულზე კოალიციის მხარდამჭერები გააღიზიანა დავით უსუფაშვილის მიერ რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემული ინტერვიუს კონტექსტიდან ამოგლეჯილმა ფრაზამ:ნაციონალური მოძრაობის, როგორც ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალის გადარჩენა თუ პოლიტიკურ სპექტრში დარჩენა, ეს არის ქართული დემოკრატიის ამოცანა“.  მაშინ ეს „ევროპელობა“ ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ისევ „ქართული პოლიტიკური ტრადიცია“ არჩია, როცა კომუნისტებიდან – „მრგვალ მაგიდაში“, იქიდან – „მოქალაქეთა კავშირში“, შემდეგ – მისგან გამოყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში“, და ა.შ. გადაბარგების პროცესი კონკრეტული თანამდებობის პირის მარიფათიანობად აღიქმება. ამდენად, „ქართული ოცნების“ გადავსება ჩასაძირად განწირული გემიდან გამოქცეული ვირთხებით, რაც ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყეს ალღოიანმა მედროვეებმა, არ უნდა იყოს გასაკვირი. ჩემი „ფეისბუქ“–მეგობარი ოთარ ამირანოვიჩი ამ მოვლენას, რუსული გამონათქვამით, ენამოსწრებულად ახასიათებს: „Мы хотели как лучше, а получилось как всегда“ (ჩვენ გვინდოდა უკეთესად და გამოგვივიდა, როგორც ყოველთვის).
როდესაც ბიძინა ივანიშვილი, დაპირებისამებრ, დატოვებს პოლიტიკას და „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ პირველი სახელისუფლებო პარტიის ხიბლს დაკარგავს, ახალ მმართველებში გადაძრომას ნაჩვევი ხალხისგან მისი დაცლის პროცესიც ასეთივე ლოგიკური იქნება. მით უფრო, რომ მის რიგებში არ ჩანს ვინმე „ქარიზმატული“, ან, თუნდაც ძლიერი ლიდერობის უნარის მქონე პოლიტიკოსი, რომელიც ამდენი მედროვის გაერთიანებას და ერთ ორგანიზაციაში შენარჩუნებას შეძლებს. „პოსტბიძინასეული“ დროისათვის უბელადოდ დარჩენილ კოალიციასაც დაშლას უწინასწარმეტყველებენ, რამდენადაც მხოლოდ ამომრჩევლის წინაშე ნაკისრი პასუხისმგებლობის ტვირთით გაერთიანებული პარტიების ერთ კოალიციაში დარჩენა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე, როგორც ამას ივანიშვილი აანონსებს, ისეთი ზღაპარია ჩვენს რეალობაში, რომ  ფანტასტიკის ყველაზე  დიდი მოყვარულებისთვისაც კი დაუჯერებელია.  შორიდანვე ჩანს, „საკმაოდ ერთსულოვან“ და „საკმაოდ შეკრულ“ ამ ჭრელ შემადგენლობას იმდენი შიდა ბრძოლა  და წინააღმდეგობა აქვს, რომ მათი ერთად ყოფნა მხოლოდ ერთი პიროვნების – ბიძინა ივანიშვილის ფაქტორითაა განპირობებული.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ მისი კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს. დღეს რეალური სურათი ამის საპირისპიროა, მაგრამ შეიძლება მმართველ გუნდს სადმე სეიფში „სრულიად საიდუმლოს“ გრიფით რაიმე „ვიდეოკოზირი“ ჰქონდეს შემონახული საოქტომბროდ, გასული წლის „ციხის კადრებისა“ არ იყოს? ამის შემდეგ ივანიშვილი პოლიტიკიდან ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებაში გადასვლას გეგმავს, რაც, უეჭველია, პოლიტიკურ ძალთა განლაგებაზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. ივლისში, ქართული პრესისთვის გამართულ პრეს-კონფერენციაზე, პრემიერ-მინისტრი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქართული პოლიტიკური სპექტრის ახალ კონფიგურაციას შეეხო. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა მოხდება, როცა ამ დროისათვის "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური გვამი გახდება, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციის ადგილი თავისუფალი არ დარჩება და თავად სახელისუფლებო კოალიციას აქვს იმის პოტენციალი, რომ ოპოზიციის ნიშაც მასში შემავალმა პარტიებმა დაიკავონ.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თავიდანვე „რესპუბლიკელებს“ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი „უპორტფელო“ მინისტრის პოსტი სიმბოლურად არგუნეს (სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში), ექს–მინისტრ დავით კირვალიძეს, რომელიც რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძის სიძეა,  სასოფლო–სამეურნეო მიწების დახვნისთვის დღეს პროკურატურაში დაკითხვებზე დაატარებენ, და, ბოლოს, განათლების მინისტრად მოვლენილმა GIPA-ს „კარგმა მენეჯერმა“ სანიკიძემ მოადგილედ დავით ზურაბიშვილი აღარ ისურვა, ცხადი ხდება, რომ კოალიციურ მთავრობაში ფაქტიურად არმყოფი „რესპუბლიკური პარტია“ მომავალი ოპოზიციონერობის ერთ–ერთი ყველაზე სავარაუდო კანდიდატია. მართლაც, რატომ უნდა აიღონ „რესპუბლიკელებმა“ საკუთარ თავზე წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება–არშესრულებაზე პასუხისმგებლობა, თუ საამისოდ აღმასრულებელ ხელისუფლებაში არანაირი ბერკეტები არ გააჩნიათ?
საზოგადოება, რომელიც ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლას დიდ მოლოდინებს უკავშირებდა, არც საკანონმდებლო ორგანოს მუშაობითა არის დიდად აღფრთოვანებული. ჯერ–ჯერობით არ ჩანს ისეთი რეფორმების საკანონმდებლო ბაზის შექმნისათვის მუხლჩაუხრელი მუშაობა, რომელიც ხალხის სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებდა, გარდა ჯანდაცვის სფეროში საყოველთაო დაზღვევის შემოღებისა, რამაც მოსახლეობას, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროებისას, ოჯახის ბიუჯეტის კატასტროფული ხარჯების შიში მოუხსნა.
ივლისის ბოლოს პარლამენტარები რიგგარეშე სესიაზე ოცი კანონპროექტის განსახილველად შეიკრიბნენ, რომელთაგან ერთ–ერთი „ნარჩენების იმპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ეხება. საქართველოში ნაცრის იმპორტის დაშვების თაობაზე მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი პროექტი მმართველ გუნდში დებატებისა და პოლემიკის საგანი გახდა. ენერგეტიკის სამინისტროს ე.წ. აქროლადი ნაცრის იმპორტი რთული ჰიდრო-საინჟინრო ნაგებობების მშენებლობისთვის ესაჭიროება, მაგრამ, როგორც „ნაციონალების“ დროს, ახლაც არავინ ზრუნავს მოსახლეობასთან კომუნიკაციაზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების მონაწილეობაზე. სკამნაშოვნ პოლიტიკოსებს  თავიანთი ამომრჩევლები მხოლოდ საარჩევნო ურნაში ხმის ჩაგდების წინ ახსენდებათ, როცა წინასაარჩევნო კამპანიის დაპირებებით მათი „ტვინების გამორეცხვაა“ საჭირო. რიგითი ადამიანების პრობლემებისადმი პარლამენტართა ქედმაღლური დამოკიდებულება პრემიერმაც გააკრიტიკა, ამის გამო  საზოგადოებაში პროტესტი მატულობს და სულ უფრო ხშირად ისმის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნები. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ „ფეისბუქისათვის“ ტიპიური გახდა კრიტიკული პატოსის პოსტები: პრეზერვატივების, კოცნის აკრძალვის, ლოთების ყურისაწევის, ჩოხებისა და ჩიხტიკოპების შესახებ საკითხების საკანონმდებლო პასუხისმგებლობით მოგვარების შემდეგ - პირდაპირ თვალებში შემოყრაზე რომ გადავიდოდნენ, ზუსტად ვიცოდი. აი, მახათების შესახებ კანონს როდის მიიღებენ - მაგას ველოდები, მეტი საქმე მაინც არ აქვთ“ (რუსა მუმლაძე–ავალიანი).
2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებით ხელისუფლების შეცვლიდან ათი თვის შემდეგ ხალხი ისევ სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია. მმართველმა გუნდმა ამ სიტყვების უტრირება მოახდინა, გადააქცია „ნაციონალთა“ დაშინების ლოზუნგად და ხალხს მხოლოდ ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესების სანახაობა არგუნა. უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე „საქართველო და მსოფლიოსათვის“ მიცემულ ინტერვიუში სამართლიანად აღნიშნავს: „ვერავინ მანახებს რიგით მოქალაქეს, რომლის უფლებებიც აღდგა. მე არ ვგულისხმობ იმას, რომ ქართულმა ოცნებამ იქ თანამდებობები იშოვა, სავარძლებს დაეპატრონა და თავისი ხალხი დაასაქმა. სხვას ვის შეეხო ეს პროცესი?! სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული თუნდაც ერთი კაცი მანახეთ, რომელიც ისევ აღადგინეს. ვერ იპოვით ქვეყანაში ასეთ ადამიანს...“  შემიძლია პირადი მაგალითით დავადასტურო ეს სიტყვები: თავის დროზე საავადმყოფოდან ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერობისათვის რომ დამითხოვეს, ცნობილი ფაქტია, და მიუხედავად ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრის ერთი წლის წინანდელი საჯარო დაპირებისა, რომ „მომავალში აუცილებლად დავუბრუნდებოდი ჩემს პროფესიას“, მისი კანცელარია და ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ წერილობითი დაპირებებით კვებავს ჩემს ოჯახს, რომ, თურმე, ივლისში კონკურსები იქნება. ივლისიც გავიდა და ფიქტიური კონკურსებიც კი არსად ჩანს, სამაგიეროდ, კარგად ჩანს ნეპოტიზმის აყვავება .

„ქართული ოცნების“ ფრუსტრაციაში მყოფ ამომრჩეველს საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაძლებისკენ მოუწოდებენ თბილ სავარძლებში მოკალათებული გუშინდელი ოპოზიციონერები და ქვეყნის მართვაში საკუთარ უნიათობას კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაწეული საბოტაჟით ხსნიან, მაგრამ, „აღდგომა და ხვალეო“, – ნათქვამია და ეს არჩევნებიც ჩაივლის. ალბათ, აღარ იქნება ყბადაღებული „კოჰაბიტაციის“ საჭიროება და ამის შემდეგ რომელი მტრის ბოროტი მანქანებით ახსნიან ხალხის გაჭირვებაში ყოფნის აუცილებლობას, მაგასაც ვნახავთ. თუმცა, სწორედ ზემოთნახსენები „რესპუბლიკელები“ შეიძლება გადააქციონ იმ „ბუად“, რომელიც თეთრ ცხენზე ამხედრებულ რაინდებს გველეშაპივით უშლის ხელს ხალხისთვის კეთილდღეობის ტბიდან წყლის გამოშვებას. საამისოდ თადარიგიც დაჭერილია და, ბოლო თვეების განმავლობაში, ინტენსიური კამპანია მიმდინარეობს მედიითა და სოციალური ქსელებით, რომ „სოროსის ნაშიერ“ რესპუბლიკელთა ანტიქართველობასა და ჩლიქიან–კუდიანობაში დაარწმუნონ მოსახლეობა. არადა, უკვე ყველასათვის გაცხადებულია, რომ ის მითიური „სოროსი“, რომელიც ვარდოსანთა მთავრობას ხელფასებს უხდიდა და პროექტებს უფინანსებდა, თავად ბიძინა ივანიშვილი იყო.

No comments:

Post a Comment