29 September, 2013

„ქარის ფაქტორი“ ქართულ პოლიტიკაში

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვე დარჩა და 26 კანდიდატი ამომრჩევლისთვის თავის მოწონებას ცდილობს, კამპანია სულ უფრო ცხელ ფაზაში შედის.  მართალია, უფლებაშეკვეცილი, მაგრამ მაინც სახელმწიფოს მეთაურისა და მთავარსარდლის სავარძლისთვის ბრძოლაში ლიდერობს სამი მათგანი: გიორგი მარგველაშვილი, დავით ბაქრაძე და ნინო ბურჯანაძე. გაზეთის წინა ნომერში ქალბატონი ნინოს წინასაარჩევნო სტრატეგიის თავისებურებებზე ვიმსჯელეთ, ამიტომ ამჯერად სხვა კანდიდატებს შევეხოთ. არავინ იცის, ამზადებს თუ არა რომელიმე მხარე კონკურენტების საწინააღმდეგოდ ტელევიზიებით ასაფეთქებელ იმგვარ „ბომბებს“, როგორიც შარშანდელი სექტემბრის „ციხის კადრები“ იყო. იმედი ვიქონიოთ, რომ ამჯერად აჟიოტაჟს გადავრჩებით და ყველაფერი მშვიდად ჩაივლის.
ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტობის ღირსად დასახელებული, განათლების ექს-მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ამომრჩეველს მისთვის ჩვეული წვერის გარეშე და კლასიკურ ჰალსტუხ-კოსტუმში გამოწყობილი ხვდება, „ქართული ოცნების“ მაისურებიანი გოგო-ბიჭების მიერ მოფრიალე დროშების ფონზე და მოსახლეობას სახელდახელოდ აღმართული სცენებიდან მიმართავს სიტყვით. მის „პი-არ“ მენეჯერებს ამით, ალბათ იმის ჩვენება უნდათ, რომ კანდიდატს ზურგს უკან ხელისუფლება უდგას მთელი თავისი ძალმოსილებით. „მარგველაშვილის უფასო სახელმძღვანელოები“ დარიგდა, მაგრამ მოწაფეთა მშობლებს საარჩევნო ყუთთან ეს გაახსენდებათ თუ არა, ჯერ არ ვიცით. ისიც უცნობია, რამდენი ფანი ჰყავს ამჟამად ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მისი სიტყვების გავლენით გააკეთებს არჩევანს: გიორგი მარგველაშვილისთვის ნდობის გამოცხადება, იცოდეთ, ჩემთვის ნდობის გამოცხადებას ნიშნავს. ნდობის „პერეადრესაცია“ ასე მარტივად არ ხდება და მხოლოდ ამ ფაქტორით 50%-ზე მეტი მხარდაჭერის მიღება პირველივე ტურში, როგორც ამას მმართველი გუნდი გეგმავს, ზედმეტად ოპტიმისტური პროგნოზია, თუ სახელოში რაიმე სხვა „კოზირები“ არ აქვთ შემონახული ოქტომბრის მეორე ნახევარში გამოსაყენებლად. ვიცი, რომ ძალიან ბევრი, მხრების აჩეჩვით, ასეთ  კითხვას სვამს: „შარშან ბიძინა ივანიშვილს დავუჭირეთ მხარი, ის კი პოლიტიკიდან მიდის. ვინ არიან ისინი, ვისაც გვიტოვებს მმართველებად?!“
 მმართველი კოალიციის კანდიდატისგან განსხვავებით, ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერისით საპრეზიდენტოდ შერჩეული დავით ბაქრაძე ხაზგასმულად უბრალოდ იცვამს, არ ერიდება ჯინსებითა და მაისურით ხალხთან უშუალო და გულახდილ საუბარს, ტრიბუნებსა და ხუთჯვრიანი დროშების ფრიალს თავს არიდებს. ძნელი არაა იმის მიხვედრა, რომ ეს იმიჯი მისი პარტიის ე.წ. რებრენდინგის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელმაც უნდა დაანახოს ყველას, რომ „ნაციონალები“ მიხვდნენ თავის წარსულ შეცდომებს, რომელთაგან უმთავრესი ხალხისგან დისტანცირება იყო, კარდინალურად გარდაიქმნენ და მოსახლეობის გულისტკივილი თავიანთ გულთან ახლოს მიაქვთ.
ბაქრაძეს ხელს უწყობს ის გარემოება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიციური მმართველობის სიმახინჯეებთან ასოცირებული პერსონები ამჟამად სცენიდან განდევნილები, ან თვალს მიფარებულები არიან: ბაჩანა ახალაია და ვანო მერაბიშვილი - ციხეში, ზურაბ ადეიშვილი - იძულებით ემიგრაციაში, გიგა ბოკერია - ტელეეკრანზე ძვირად სანახავი, ხოლო მიხეილ სააკაშვილი გულისამაჩუყებელი მოგონებებით და „დამსხვრეული იმედებით“ ემშვიდობება საპრეზიდენტო სასახლეს. „უსამართლოდ დაჩაგრულ მშენებელთა“ პოზა „ნაციონალური მოძრაობისათვის“ მომგებიანი აღმოჩნდა და იმ სტაბილურ მხარდამჭერთა გარდა, რომელსაც ზრდასრული მოსახლეობის 10-15%-ად უთვლიან ამ პარტიას, მათ მხარეს ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი რაოდენობა დაბრუნდა, თუმცა, გამოკითხვებში ამის აღიარებისგან და ღიად დემონსტრირებისგან თავს იკავებენ: ამ კატეგორიაში ჯერ კიდევ ძლიერია ხელისუფლების განაწყენების შიში, მაგრამ უკვე ყველამ კარგად გაითავისა, რომ საარჩევნო ბიულეტენთან მარტოდ დარჩენილებს თავისუფლად და უკონტროლოდ შეეძლებათ სასურველი კანდიდატის შემოხაზვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო კამპანიის დამგეგმავთა სასახელოდ შეიძლება ითქვას, რომ გათვლა ახალი ხელისუფლებით გულაცრუებაზე და „დაჩაგრულისადმი“ ბუნებრივ სიმპათიებზე სწორია და, ალბათ, შედეგიანიც იქნება. პარადოქსულია, მაგრამ ამომრჩევლის იმ კატეგორიის დაბრუნებაში, რომელიც „ნაციონალებს“ შარშან გადაუდგა, უნებურად ეხმარებიან აგრესიული ოპონენტები, რომლებიც ხან ხმაურიან თავდასხმებს აწყობენ მათ ღონისძიებებზე, ხან კი გაბერილი ფალოსის მულაჟით დაარბენინებენ სახედარს ქუჩებში. ამგვარი საცირკო წარმოდგენები რომ ხალხისათვის გამაღიზიანებელია და უკუეფექტს იძლევა, ბოლოს „ოცნებაც“ მიხვდა და, ბოლო დროს აღარც „უფლებადამცველები“ ჩანან სცენაზე და არც მათი არმია, რომელიც მანამდე ლამის კეტებით დასდევდა „ნაც-ებს“ და ჯავრის ამოყრის ამგვარი დემონსტრირება დიდ სასახელო საქმედ მიაჩნდა. მიუხედავად გაპასიურებისა, მათი სცენიდან გაშვება ბევრს არაფერს შეცვლის, რამდენადაც სახელგატეხილი და მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის საძულველი პარტია ერთ წელიწადში ქვიშის გარეშეც საკმარისად გაირეცხა „გაცილებით ბნელებისა“ ხელისუფლებაში ხილვის შიშების გაჩენით.  
არჩევნების ბედს ის ამომრჩეველი კი არ წყვეტს, ვისაც ჩამოყალიბებული პოლიტიკური სიმპათიები აქვს, დროებით დასაქმებულია პარტიის წინასაარჩევნო სააგიტაციო ქსელში, ან რომელიმე ლიდერზე აფანატებს - ასეთების ხვედრითი წილი საერთო რაოდენობაში საკმაოდ მცირეა, არამედ ის უბრალო ადამიანები, რომლებსაც „ფეისებად“ და „ავტორიტეტებად“ არავინ მიიჩნევს და, ამის გამო, მათ მისამხრობად მხარეები თავს არ იწუხებენ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სწორედ ასეთ მასებზე გააკეთა გათვლა და აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ახალმა მთავრობამ ხალხს იმედი გაუცრუა: არც ბენზინი გაიაფდა 1 ლარით, არც გაზისა და ელენერგიის ტარიფები განახევრდა, გაუარესდა კრიმინალური მდგომარეობა... აქ საქმე ის კი არ არის, სტატისტიკურად რამდენად მოიმატა ან დაიკლო დანაშაულის მაჩვენებელმა, არამედ მედიით ყოველდღიურად ჩვენამდე მოტანილ საშინელ ამბებში: ბანკებს აყაჩაღებენ, ვიღაცას ყელი გამოჭრეს, მოზარდი დაიკარგა უგზო-უკვლოდ,  მცირეწლოვანი გააუპატიურეს და ა.შ.  ამასთან, ყოფილმა ოპოზიციონერებმა ისე ღრმად დაარწმუნეს საზოგადოება იმაში, რომ კომუნალური გადასახადებიდან და საწვავიდან, როგორც ყველა სხვა ბიზნესიდან, „ნაციონალი“ მაღალჩინოსნები „წილს იღებდნენ“, რომ ტარიფების ძველ დონეზე შენარჩუნება   ხალხს აფიქრებინებს, - ეს „წილები“ ახლა სხვებთან მიდის, მათთან,  ვინც ახლაა მაღალ სკამებზე. მითია ეს თუ სინამდვილე, საარჩევნო მიზნებისთვის ამას აქვს  მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, რომ რკინისებური ლოგიკაა და ამ ეჭვს „პრემიებისმოყვარული“ ახალი ხელისუფლების ფიცი-მტკიცი არ შველის. ამის გამო „ქართული ოცნებიდან“ პოლიტიკური იმიჯი ყველაზე მეტად შეელახათ იმ მინისტრებს, ვინც შესაბამის სფეროებზეა პასუხისმგებელი, ასევე პრემიერის კონკრეტულ მრჩეველს - ვიღაცაზე ხომ უნდა გადატყდეს ეჭვის ჯოხი?!
დავით ბაქრაძის სასარგებლოდ, ისე, რომ მას თითიც კი არ გაუნძრევია, იმუშავა როგორც „ოცნების“ მთავრობის ყველა არაპოპულარულმა ქმედებამ, ასევე დაპირებულმა, მაგრამ გადაუდგმელმა ნაბიჯებმა, გაძვირებულმა ცხოვრებამ და მოსახლეობის შემოსავლების კლებამ. რამდენია იმედგაცრუებული და გულში იმის მაფიქრალი, „ამათ ისევ ძველები ჯობდნენ“, ბოლოს გამოჩნდება. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მომავალს სკეპტიკურად უჭვრეტს და ამბობს, რომ „ეს მცდელობები არის უშედეგო და განწირულია მარცხისთვის. ამაში დარწმუნებული ვარ იმიტომ, რომ საკმარისზე მეტი გაკვეთილები მივიღეთ ამ ვითომდა რებრენდიგითა და ვითომ სახელის შეცვლით". მიუხედავად ამისა, ყოფილი მმართველი პარტია გადარჩება თუ არა,  ამის ვერდიქტს საქართველო საპრეზიდენტო არჩევნებში გამოიტანს  - მისი კანდიდატის მიერ მიღებულმა ხმებმა 20-30%-ს თუ გადააჭარბა, ანუ, წინა კვლევებთან შედარებით, მხარდაჭერის მატების დინამიკა რომ გამოჩნდეს, მაინც „დასრულდება კოჰაბიტაცია“?
სახელისუფლებო კანდიდატის ბაგეთაგან გაგონილი „კოჰაბიტაციის დასრულების“ წინასაარჩევნო ლოზუნგი კიდევ ერთი ქართული პარადოქსია. როცა გუბაზ სანიკიძემაც იგივე                                                         გაიმეორა, სოციალურ ქსელებში ირონიის ნიაღვარი წამოვიდა. თუ მარგველაშვილმა საკუთარი გამარჯვება იგულისხმა, რის შემდეგაც, თავისთავად, „ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო ინსტიტუტს ტოვებს, ამას რად უნდოდა ხმამაღალი განცხადება, ისედაც ცხადი არაა? მაგრამ თუ იმ პროცესზე მიანიშნა, რაც ჩვენში „კოჰაბიტაციად“ მოინათლა, სინამდვილეში კი კოალიციის პარტიებში ყოფილ მმართველთა მასობრივ გადაძრომას, მაღალჩინოსნებისთვის ძველი ცოდვების პატიებას ან მინიმალური ბრალდებების წაყენებას, ძველი და ახალი ხელისუფლებების წარმატებული შეზრდის სხვა მანკიერ გამოვლინებებს წარმოადგენს... ვხედავთ, რომ ეს უკვე მომხდარია და, ხალხის თვალის ასახვევად, ორი-სამი დამატებითი ტელე-მსხვერპლშეწირვა თუ გათამაშდა და ამით „კოჰაბიტაცია დასრულდა“, მოსახლეობა რა შეღავათს იგრძნობს?!
ნინო ბურჯანაძის კამპანიის ეს სლოგანი, რომელსაც „ოცნება“ ეპლაგიატება, თავად ავტორისგანაც ასევე პარადოქსულად ჟღერს: თუ ბურჯანაძე გახდა პრეზიდენტი, კვლავ ორ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას მოუწევს „კოაბიტირება“ ხელისუფლებაში, თუმცა, ამ შემთხვევაში ეს უმნიშვნელო დეტალია და ბურჯანაძე „სამართლიანობის აღდგენაში“ „ნაციონალების“ პოლიტიკური ველიდან განდევნას რომ გულისხმობს, ეს ხალხისთვის გასაგებია. წინა ხელისუფლებისგან პოლიტიკური მიზეზებით დევნილი, მრავალი ჩემნაირის უფლებების აღდგენაში მთავრობას რომ, თურმე, მთელი ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობა უშლიდა ხელს, რომელიც „მონსტრი დასავლეთით“ აშინებდა „ოცნებას“, 28 ოქტომბერს კი ყველა შარშანდელ წინასაარჩევნო დაპირებას ერთბაშად ახდენილს ვიხილავთ, - ამ საკენკის გადამყლაპავი ბევრი არ მეგულება.
ჯერ-ჯერობით ისე ჩანს, რომ გიორგი მარგველაშვილის პირველივე ტურში გამარჯვება იმ პირობებში, როცა „ქართული ოცნება“ საარჩევნო კომისიებში შედეგების გაყალბების ბერკეტებს არ ფლობს და ამგვარ მანკიერ პრაქტიკას ემიჯნება, ადვილი საქმე არ იქნება. როგორც ჩანს, ამის უზრუნველსაყოფად ბოლო თვეებში საკრებულოს თავმჯდომარეებისა და გამგებლების ცვლილებების პარადი ვიხილეთ, რომლებიც, როგორც პრესა წერს, „სუს“-ის მიერ შერჩეული კადრებით ჩაანაცვლეს. „კუდ-სოდი“ მაშინ იყო ეფექტური ამგვარი საქმეებისთვის, როცა მოსახლეობას მისი ეშინოდა, ორ თვეში ვერც პოლიციური მანქანის რესტავრაციაა შესაძლებელი და, თუნდაც  მრავალრიცხოვანი აგენტურის სრული მობილიზაცია მოხდეს საამისოდ, გარანტირებული შედეგის იმედი მაინც საპნის ბუშტივით შეიძლება გასკდეს. ყველაზე მეტად მერაბიშვილის დროინდელი კადრებისა და აგენტურის სანდოობაა საეჭვო, რამეთუ „ბუნებაი ქართველთა ორგულ არს... მრავალნი თვალთმაქცობენ, შიშითა განილევიან და ირხევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“. ოქტომბერში რომ ქარი ჩრდილოეთიდან, ან დასავლეთიდან უფრო ძლიერად გამოქროლდეს და ჭორვილური სიო ვეღარ იგრძნონ?!

ამდენად, ოქტომბრის ბოლოს ფლუგერის ისრის მიმართულება უტყუარად გვამცნობს, რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ ქართველები მართლა არ „გადავგვარდით“ და ძველ ჩვეულებას არ ვუღალატეთ, არ დავემსგავსეთ ევროპელებს, რომლებიც, როგორც წესი, არ მიჰქარავენ, ქარიზმატულებზე არ აფანატებენ და არჩევანს ქარაფშუტულად არ აკეთებენ.


20 September, 2013

პოლიტიკური ზიარჭურჭელი

    გაზეთი "ქრონიკა+", #22, 17.09.2013
2013 წლის პოლიტიკური ცხოვრების დამახასიათებელი ერთ-ერთი ტენდენცია პარტიებს შორის წევრთა და მხარდამჭერთა მიგრაცია აღმოჩნდა, რამაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი შეიძინა. თავიდან თუ ეს უმთავრესად საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებული „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამარჯვებული კოალიციის პარტიებში მედროვეთა გადაძრომაში გამოიხატებოდა, წინასაარჩევნო პერიოდში ვექტორი შეიცვალა და უკვე მმართველი ძალიდან ოპოზიციურ ფლანგზე აქტივისტთა გადადინება დაიწყო.
დღე არ გავა, რომ ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბმა რომელიმე ქალაქში ან რაიონში „ქართული ოცნებიდან“ მათკენ ათეულობით წევრისა და მხარდამჭერის გადასვლის თაობაზე არ გვამცნოს. ამგვარი განცხადებები საპრეზიდენტო კანდიდატის სააგიტაციო კამპანიის განუყრელ კომპონენტად იქცა, რასაც კოალიციის წარმომადგენლები ან უარყოფენ-ხოლმე, ან მოწინააღმდეგეს აქტივისტთა მოსყიდვა-გადაბირებაში სდებენ ბრალს. პოლიტიკოსების პირიდან დემაგოგიური განცხადებების მოსმენას შეჩვეული ყურისთვისაც კი უხეშად გამკაწრავი აღმოჩნდა თავის მართლების „არგუმენტი“, რომ თითქოს ეს აქტივისტები თავიდანვე ბურჯანაძის მხარდამჭერები იყვნენ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „სახალხო კრების“ მოწოდებით ივანიშვილს დაუჭირეს მხარი და ახლა თავის დედა-პარტიას უბრუნდებიან. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანებიც გვხვდებიან, მაგრამ ბურჯანაძის მიერ ძალთა მოკრების მთელ პროცესზე ერთეული მაგალითების განზოგადება ისეთივე ტყუილია, როგორც ის, რომ ისინი „ქართული ოცნების“ წევრები საერთოდ არ ყოფილან, ან იქ  სპეციალურად ამ დღის დადგომისათვის ვინმემ წინასწარ „შეაგზავნა“. როგორც ჩანს, კოალიციის მესვეურებს სირაქლემის პოზაში ყოფნა და საკუთარ შეცდომებზე თვალის დახუჭვა ურჩევნიათ, თუმცა „შუბი ხალათში არ იმალება“ და რეალური მიზეზების შესახებ ყველასათვის კარგადაა ცნობილი, მით უფრო, რაიონებში, სადაც „ოცნების“ აქტივისტებს ყველა კარგად იცნობს.
„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებს შეუძლიათ შეინარჩუნონ მათგან გაქცეულ აქტივზე ცხვირგაბზუებული მდგომარეობა, მაგრამ რაც უფრო მაღლა აწევენ თავებს, მით მეტი მათი მხარდამჭერი გადაინაცვლებს ქართული პოლიტიკური ზიარჭურჭლის ოპოზიციურ სივრცეებში. ეს პროცესი რომ მოსალოდნელი იყო, ამაზე ჯერ კიდევ „ქრონიკა+“-ის მაისის ნომრებში ვწერდით, მისი საფუძველი კი საპარლამენტო არჩევნების დამთავრების შემდეგ მალევე ჩაიყარა, როცა ყოფილი თანამებრძოლები, რომელთა რისკის, თავგანწირვისა და ბრძოლის ფასადაც მოიპოვეს მანამდე ურეიტინგო პოლიტიკოსებმა საპარლამენტო მანდატები თუ მინისტრის პორტფელები, ისე გაუშვეს სახლებში, რომ მადლობის თქმის ღირსადაც კი არ ჩააგდეს.
პოლიტიკურ ელიტაში გავრცელებული შეხედულება, რომ მათთან მხარდამჭერები მხოლოდ ფულისა და დასაქმების გულისათვის მიდიან, აშკარად გამოსჭვივის ახლადგამოჩეკილი მაღალჩინოსნების რიტორიკაში. როგორც ჩანს, ივანიშვილიც ამაში დაარწმუნეს და პრეს-კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ადგილებზე „ნაცმოძრაობის“ ბირთვს ნიჭიერი ადამიანები შეადგენენ, რომელთაც, წინა ხელისუფლებასთან სიამტბილობაში ყოფნის გარდა, თვითრეალიზაციისათვის სხვა გზა არ ჰქონდათ. ეს მხოლოდ ნაწილობრივი სიმართლეა, ფაქტი კი ის არის, რომ კონფორმისტთა დიდ არმიას, რომელთაც ფული და გავლენები არც თუ პატიოსანი გზებით ჰქონდათ მოპოვებული წინა რეჟიმებთან მიტმასნის გამო, „ქართულმა ოცნებამ“ თავად გაუხსნა ჩამკეტი, დამარცხებული პარტიიდან მმართველ კოალიციაში გადმოღვრელად, ეს „კოჰაბიტაციით“ გაამართლა და ხელი დასავლეთზე შეიწმინდა, აქაოდა, ევროპა-ამერიკა „გვაწვება“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სამსახურებიდან ვერ გავათავისუფლებთ, შესაბამისად, ჩვენი მხარდამჭერებისათვის ვაკანტური ადგილები ვერ გაჩნდებაო. თებერვალში დავით საგანელიძემ დაიტრაბახა კიდეც, რომ კაბინეტში მაგიდაზე ცენტრალური ოფისის თანამშრომელთა „სი-ვი-ების“ დასტა უდევს და ერთი ადამიანიც კი არსად დაუსაქმებია.
კლიენტელიზმის პოლიტიკაზე გაცხადებული უარის თქმით და, იმავდროულად, ნეპოტიზმის აყვავებით, როცა სამსახურის შოვნა მხოლოდ გამაღალჩინოსნებულთა ნათესავ-მეგობრებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, „ქართულმა ოცნებამ“ ის ტოტი მოჭრა, რაზეც იჯდა. ასეთ ვითარებაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არათუ სრულად გადაუხადა თავის კოორდინატორებს წინასაარჩევნოდ დაპირებული ხელფასები, ბევრი მათგანის დასაქმება-დაწინაურებაც კი მოახერხა და ის საკადრო რესურსი შეინარჩუნა, რომელზე დაყრდნობითაც დღეს დავით ბაქრაძე ჩაერთო საპრეზიდენტო სავარძლისთვის ბრძოლაში. ამის შემხედვარე „ოცნების“ აქტივისტთა ნაწილი დღეს უკვე ღიად სდებს ბრალს პარტიულ ლიდერებს ღალატსა და კორუფციული გარიგებით თანამდებობების განაწილებაში, დემონსტრატიულად აპროტესტებს „ნაციონალთა“ და მათ სატელიტთა შერწყმას „ოცნებასთან“, ამგვარ ლიდერთა ფიტულებსაც კი წვავს. საპასუხოდ, „ოცნებიდან“ მხოლოდ ის ისმის, რომ ამას აკეთებენ „შეგზავნილები“, თუმცა, ამ ურთიერთბრალდებებში ვინ არის მართალი, ძნელი გასარკვევია, ხოლო მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის უნიათობა მართლაც აფიქრებინებს დამკვირვებელს. რომ მის გარშემო ან არაკომპეტენტურობა, ან ღალატი სუფევს.
დიდი ეჭვია, რომ თბილსკამნაშოვნ „ოცნებელებს“ ყოფილი თანამებრძოლები აღარ აწყობდათ, რამდენადაც იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც არ ეგუებოდა სააკაშვილის რეჟიმს, არც ახალი ხელისუფლების მანკიერებებზე დახუჭავდა თვალს და „ინტრიგანობას დაიწყებდა“, იდეალისტების ადგილი ჩვენში ხომ მხოლოდ ოპოზიციაშია. ამდენად, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ, კონფორმისტებისთვის კარის ფართოდ გაღებითა და საკუთარი მხარდამჭერების განაწყენებით თავად შექმნა პოლიტიკურად აქტიურ ადამიანთა ის მასა, რომელიც მოძრაობაში მოვიდა, როგორც კი მიზიდულობის ახალი ცენტრი გამოჩნდა, გააქტიურებული ნინო ბურჯანაძის სახით.
ყველა აღიარებს ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო კამპანიის წარმატებულ დასაწყისს: მისი ტონი დამაჯერებელია, მესიჯები - მკაფიო და ნათელი, ადვილად აღწევს ამომრჩევლის გულამდე. მტკიცე და შეუპოვარი პოლიტიკოსი ქალის იმიჯში ნინო ბურჯანაძეს ცვლილებების შეტანა არ დასჭირვებია და ახლა იმხრობს ადამიანებს საკუთარ თავში დარწმუნებულობის შეგრძნებით, რომ თანამებრძოლებს, „ოცნებისგან“ განსხვავებით, არ გააწბილებს პოლიტიკური კონიუნქტურის ცვალებადობის გამო. ბურჯანაძის ეს თვისება, რომელიც მას სხვა პოლიტიკური ლიდერებისგან მკვეთრად გამოარჩევს, არ არის მსახიობური თამაში, რაშიც მისი მხარდამჭერები 2011 წლის 26 მაისის დარბევის დროს და შემდგომ პერიოდში დარწმუნდნენ: მიუხედავად გადატანილი ძლიერი სტრესისა, ქალბატონ ნინოს ქალური სისუსტეები არ გამოუვლენია,  მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით ცდილობდა დახმარებოდა ციხეებში გამომწყვდეულ აქტივისტებს და მათ ოჯახებს, რაც მათი ერთგულების საწინდარი გახდა. ეს სუბიექტური ფაქტორი ქვეცნობიერ დონეზე საკმაოდ ძლიერად ამყარებს საკუთარ ლიდერზე მისი მიმდევრების ემოციურ დამოკიდებულებას და მყარი პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბების საფუძველს იძლევა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი შედეგით დასრულდება საპრეზიდენტო არჩევნები. წაგების შემთხვევაში „დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველოს“ მხოლოდ ცალკეული მერყევი სუბიექტები ჩამოსცილდებიან, ძირითადი ბირთვი კი შენარჩუნდება და მომავალი პოლიტიკური ბრძოლებისთვის კარგად გამოწრთობილ, შეკრულ დიდ გუნდად შეუძლია ჩამოყალიბდეს.
ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, რომლის პოლიტიკაში შემოსვლისა და სააკაშვილთან დაპირისპირების სტილის თავისებურებას ოპოზიციური საერთო-სახალხო ლიდერობის ჩვენება წარმოადგენდა, რითაც თავის ბანაკში მოიზიდა შეხედულებებით ძალზე განსხვავებული პოლიტიკური ძალები და ეკლექტური კოალიცია ჩამოაყალიბა,  ბურჯანაძე არ ცდილობს ყველა ელექტორალური სეგმენტის მაქსიმალურად მოცვას. მისი სტრატეგიული ჩანაფიქრი, რომ მყარად დაიკავოს კონკრეტული ნიშა, შესაძლოა, ძლიერი პოლიტიკური პარტიის  შესაქმნელად სწორ და შორსგამიზნულ ხედვას ემყარება, მაგრამ მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში მომგებიანი არ არის. შესაძლოა, სოციალურ ქსელებზე დაკვირვებით, ან მხარდამჭერებთან საუბრებით მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ კონსერვატიულ-რუსოფილურმა განწყობებმა მოსახლეობის ფართო მასები მოიცვა და მისი საასპარეზო არეალი, სხვებთან შედარებით, გაცილებით ფართოა, მაგრამ ვეჭვობ, ეს მხოლოდ ილუზია შეიძლება აღმოჩნდეს და არჩევნების შედეგებმა არ დაადასტუროს. ნებისმიერ შემთხვევაში, საპრეზიდენტო სავარძლისთვის ბრძოლაში წარმატებისათვის უპრიანი იქნებოდა ჭრელი ელექტორატის მაქსიმალური მოცვის ტაქტიკა, ვიდრე საკუთარი ნებით შემოზღუდვა მისი მხოლოდ ერთი სეგმენტით, რაოდენ დიდიც არ უნდა მოსჩანდეს ის საზოგადოებრივი აქტიურობის გამო ან, თუნდაც, სოციოლოგიური გამოკითხვებით.
ძალზე საეჭვო პოსტულატზე დაყრდნობით წინასაარჩევნო სტრატეგიის შერჩევა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ზეობის წლებმა მთელ ქართველობას დასავლური ცივილიზაცია შეაძულა და რუსეთის კალთის ქვეშ დაბრუნების ნოსტალგია გაუჩინა, საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძის მარცხის განმსაზღვრელი შეიძლება აღმოჩნდეს, იმ პოტენციურ ელექტორატზე საკუთარი ნებით უარის თქმის გამო, რომელიც ასეთ განწყობებს არ იზიარებს. ის ამომრჩეველი, რომლისთვისაც დღევანდელი ავტოკრატიულ-ოლიგარქიული რუსეთის პროვინციად გახდომა არაა მიმზიდველი, საპრეზიდენტო არჩევნებში ან მარგველაშვილ-ბაქრაძეს შორის გადანაწილდება, ან სახლში დარჩება.
პოლიტიკურ ზიარჭურჭელში აქტივისტების თავისუფლად გადადინება იმის გამოა შესაძლებელი, რომ ჩვენში პარტიებს მხოლოდ ამორფული იდეოლოგიური ბაზისი აქვთ და, ძირითადად, ლიდერის პიროვნებაზე არიან ორიენტირებულები. ამას მოწმობს საერთო წესიდან გამონაკლისი, რესპუბლიკელების სახით, რომელთა პარტიაშიც ზემოაღწერილი პროცესები ყველაზე ნაკლებად არის შესამჩნევი, რაც განპირობებულია არა მარტო  ხელმძღვანელობის მხრიდან წევრების მიმართ გამოჩენილი ყურადღებით, არამედ, კოალიციის სხვა სუბიექტებთან შედარებით, გაცილებით მკაფიოდ გამოხატული იდეოლოგიური ბაზისით, შიდაპარტიული წყობისა და ურთიერთობების მოწესრიგებულობით. ეს პარტია რომ სკამების მშოვნელებით ყოფილიყო დაკომპლექტებული, ბურჯანაძის ბანაკში წევრთა გადაბარგების პროცესს ყველაზე მეტად უნდა დაეზარალებინა იმ პირობებში, როცა აღმასრულებელ ხელისუფლებაში „სახელოები“ თითქმის არ არგუნეს. პარტიის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა "მეცხრე არხის" ეთერში განაცხადა: „დღეს საქართველოში აღმასრულებელ სისტემაში და ზოგადად, მმართველობის სისტემის ცენტრალურ უწყებებში დაახლოებით 650–მდე თანამდებობაა, აქედან რესპუბლიკელი იყო სამი და, დავით ზურაბიშვილის წასვლის შემდეგ, დარჩა ორი“.

უკვე შეიძლება პროგნოზის გაკეთება ახლო მომავლისათვის, რომ ელექტორატის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით დაყოფის შემთხვევაში, რასაც ქართული პოლიტელიტა თავისი მოქმედებებით ყოველდღიურად ამძაფრებს, ლიბერალურ-პროდასავლურად განწყობილი ამომრჩეველი, მოძლიერებული რუსოფილური ბანაკის საპირწონედ,  ფსონს ან რესპუბლიკურ პარტიაზე, ან კვლავ რებრენდინგგავლილ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დადებს, ამ მიმართულებით მოხდება იმ აქტივისტთა გადადინებაც, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ მიიმხრო ნინო ბურჯანაძემ.

15 September, 2013

ივანიშვილი „ბელადების ეპოქას“ ამთავრებს!..

                      გაზეთი "ქრონიკა+" #21, 10.09.2013


ბოლო თვეში სტალინის თემის წარსულიდან ამოქექვამ და მისი ძეგლების კვარცხლბეკებზე თვითნებური დაბრუნების შემთხვევების გახშირებამ ნათლად გვაჩვენა, რომ ქართველი ხალხის ცოცხალ მეხსიერებაში საბჭოეთის პერიოდმა ღრმად ჩაბეჭდა ბელადის ხატება, რომელიც მასისთვის არის არა იმდენად მტერთან საბრძოლველად, ან საკუთარი ცხოვრების უკეთესად თვითორგანიზებისათვის არჩეული წინამძღოლი, რამდენადაც  „მამა“, რომელსაც ერი საკუთარ ყოფასა და მომავალზე მთელ პასუხისმგებლობას აკისრებს, თავად კი კაპრიზებიანი ბავშვის პოზას იკავებს.
ამ არქეტიპის შესაბამისად, პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოს სამივე პრეზიდენტს მოუწია „ბელადობა“, რაც განაპირობებდა მმართველობის სტილის შესატყვის ფორმებსაც: ხელისუფლების ცენტრალიზაციას და ერთი პირის ხელში კონცენტრაციას, გადაწყვეტილებების მიღებას მხოლოდ მმართველი ელიტების ინტერესების გათვალისწინებით, „სამეფო კარის“ ინტრიგებსა და ნეპოტიზმს...
გავრცელებულია აზრი, რომ ხელისუფლებათა ცვლის მიუხედავად, ქვეყნის ერთსადაიმავე წრეზე სიარულის მიზეზი არის კონსტიტუციური წყობის არასრულყოფილება და პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩვენი ეროვნული ხასიათისთვის „შეუფერებლობა“, ამიტომაც დღეს არსებული პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის შემოღებაში ხედავს გამოსავალს. მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ნებისმიერი სისტემა თავისთავად არ შეიძლება იყოს „ცუდი“ ან „კარგი“, ისევე, როგორც ჩაქუჩი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც შრომის, ასევე მკვლელობის იარაღად. საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციით აღიარება თავისთავად ვერ იქნება პანაცეა, რამდენადაც მის პირობებშიც შესაძლებელია ფასადური დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული ავტოკრატიის შექმნა, თუ საამისო განწყობები და პირობები არსებობს. თუმცა, საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი ამგვარი მიდრეკილებების ლიდერების თავნებობისგან გარკვეულწილად დაგვიცავს, თუ პოლიტიკური პარტიები განვითარდებიან ძალაუფლების ხელში ჩაგდების მსურველი ჯგუფებიდან თანამოაზრეთა გაერთიანებების დონემდე და ადგილებზე ფეოდალიზმთან მიახლოვებული კლანური მმართველობა ნამდვილ დემოკრატიულ თვითმმართველობებად გარდაიქმნა. ეს თავისთავად არ მოხდება და ვერც „სტოლიპინის რეფორმები“ უშველის, თუ თავად საზოგადოებამ არ იბრძოლა უკეთესი მომავლის იდეალებისათვის.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ხალხმა დიდი იმედებითა და ხმათა უდიდესი უმრავლესობით თავის წინამძღოლად სამჯერ აირჩია სხვადასხვა ასაკისა და ყაიდის სამი ადამიანი, მაგრამ არჩევიდან მცირე ხანში სამივეს მიმართ ჯერ დრტვინვა, შემდეგ კი გინება დაიწყო და მესამე პრეზიდენტსაც იგივე ხალხი აცილებს ისევ „გა–და–დე–ქი!“ და „დიქ–ტა–ტო–რო!“ შეძახილებით. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებიდან მათი გაძევების ფორმები სხვადასხვა იყო: 1991–1992 წ. – სამხედრო გადატრიალება, 2003 წ. – ხავერდოვანი „ვარდების რევოლუცია“, ხოლო 2012 წ. „ხალხის საარჩევნო შეთქმულება“, სამივე შემთხვევაში პროცესების არსი პრაქტიკულად ერთნაირია: ქართულ პოლიტიკურ სცნაზე სამჯერვე, განსხვავებული ვარიაციებით, გათამაშდა თაურმამის წინააღმდეგ შვილების შეთქმულებისა და ბელადის სიმბოლური მკვლელობის ფროიდისეული სცენარი.
თუ დავუშვებთ, რომ ხალხს გააჩნია კოლექტიური ფსიქოლოგიური ფენომენი, მისი ამ ე.წ. ეროვნული ხასიათის განვითარებასა და ადამიანის ინდივიდუალურ განვითარებას შორის შესაძლებელია პარალელები, მაშინ ადვილად დავინახავთ ანალოგიას იმ ასაკთან, როცა ბავშვი მშობლის მიმართ გაორებულ  დამოკიდებულებას ავლენს. სწორედ ამგვარი, ამბივალენტური და სწრაფად ცვალებადი დამოკიდებულება აქვს ქართველ ხალხს საკუთარი „ბელადების“ მიმართ: თავიდან მხსნელად მიიჩნევს, შემდეგ ნაწილი მასზე აფანატებს, ნაწილს – სძულს, ბოლოს კი აგრესია სძლევს სიყვარულს. აშკარაა, რომ მასის ფსიქიკამ სამივე პრეზიდენტის შემთხვევაში ვერ დაძლია კოლექტიური „ოიდიპოსის კომპლექსი“ და განვითარების ამ ინფანტილურ ფაზაში „გაიჭედა“, რაც არ გამორიცხავს საზოგადოების იმ ინტელექტუალური ნაწილის სრულ მომწიფებულობას, რომელსაც პოლიტიკურ პროცესებზე და მასების ცნობიერებაზე რეალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობა არ გააჩნია.
„ვარდოსნები“ამ ჯიუტი ბავშვის როზგებით აღზრდას შეეცადნენ. პოლიციური სახელმწიფო, ეკონომიკაში – ულტრალიბერალიზმის ფრაზეოლოგიას ამოფარებული ცენტრალიზებული მართვა და ბიუროკრატიაში ე.წ. მერიტოკრატიის დამკვიდრების გაცხადებული მცდელობა, „ზემოდან“ ქცევის წესების ძალადობრივი დამკვიდრებით, ანგრევდა ხალხის კოლექტიურ გონს. სტალინის ძეგლების აღებით ებრძოდნენ „ბელადიზმის“ გარეგნულ გამოვლინებებს, მაგრამ რეალობაში გატკეპნილ გზას დიდად ვერ გასცდნენ და საკუთარი მოღვაწეობას კრახით დაასრულეს, როცა მათი რევოლუციური ლიდერი თავად გადაიქცა მასსისგან უარყოფილ ბელადად. გაბელადებული სააკაშვილის შემდეგ ხელისუფლებაში მოსული ბიძინა ივანიშვილიც საუბრობს „საზოგადოების დაბალ პოლიტიკურ დონეზე“ და მისი „აღზრდის აუცილებლობაზე“, რაც  თავის თავში მსგავსი მეთოდებით „ბნელი მასსის“ მზრუნველი, მაგრამ მკაცრი მამის ხელით განათლების ცდუნებასაც მოიცავდა, მაგრამ, წინამორბედისგან განსხვავებით, თავიდანვე შინაგანად სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ამას, – წინასაარჩევნო ხალხმრავალი შეკრებებისას ყოველთვის ახდენდა „ბი–ძი–ნა, ბი–ძი–ნა!“–ს შეძახილების კორექტულ ტრანსფორმაციას „სა–ქარ–თვე–ლო!“–დ.
დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ძალზე მტკიცე ხასიათის პიროვნებამ, გაუძლო მისი უგვირგვინო მეფედ აღიარების ცდუნებას და საზოგადოებას პოლიტიკიდან საკუთარი წასვლის აუცილებლობა დაუსაბუთა: „ამ მოჯადოებულ წრეზე ტრიალი უნდა დამთავრდეს. აღარასოდეს ასე აღარავინ არ უნდა ავირჩიოთ. ამისათვის კი საჭიროა დაუყოვნებლივ დავიწყოთ სამოქალაქო საზოგადოების სწრაფი ტემპებით მშენებლობა და ხელისუფლება მოვაქციოთ მუდმივი საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ.
პრემიერ–მინისტრის პოსტის დატოვების წინასწარ გამოცხადებული გადაწყვეტილებით ჩანს, რომ ივანიშვილის ხედვა ამწუთიერობაზე არაა ორიენტირებული და მას საკმაოდ საფუძვლიანად აქვს გასიგრძეგანებული საკუთარი პიროვნების როლი საზოგადოების განვითარების საქმეში:  „ჩემი მისიაა მესიების მისიების დასრულება საქართველოში. ამისათვის კი არსებული მესიის დამარცხება არ არის საკმარისი, – აუცილებელია იმის უზრუნველყოფაც, რომ თავადაც მესიად არ ვიქცე. ამიტომ მე უნდა წავიდე სწორედ ახლა. საზოგადოების იმ ნაწილში, ვისაც აშფოთებს ჩემი პოლიტიკიდან წასვლა, ბევრია ისეთი, ვისაც სწორედაც რომ არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საერთო პროცესებზე, – ასეთებს ურჩევნიათ იყვნენ პასიურად მშვიდად და ყველაფრისთვის პასუხი აგოს სხვამ.
კარის ვეზირებმა დღეს ივანიშვილს შეიძლება უკიჟინონ, რომ „მისი წასვლის დრო არ არის, ქვეყანა შეიძლება ქაოსსა და კრიზისში მოექცეს, გარშემო მტრები გვახვევია“, – ეს არგუმენტები ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობის მქონე ქვეყანაში არასოდეს დაილევა და თუ მათ დაუჯერა, მარადიულ პრემიერად მოუწევს დარჩენა. ასეთი განწყობებისა და ულიდეროდ დარჩენის შიშების არსებობა საზოგადოებაში კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ერს ბავშვის პოზაში ყოფნა ურჩევნია და „უმამოდ“ დარჩენა აფრთხობს, თუმცა, ივანიშვილის ასეთი მკვეთრი ნაბიჯის მიუხედავად, არც ეს დროული „შოკური თერაპია“ იქნება საკმარისი ნაციონალური ინფანტილიზმის დასაძლევად: ხალხი ახალი ბელადის, ახალი „მამობილის“ ან „დედობილის“ ძებნას და შექმნას შეუდგება.
რამ უნდა გამოიყვანოს ჩვენი ხალხი ბელადომანიის მდგომარეობიდან, როგორ უნდა განვითარდეს ის „მამა–მარჩენალის“ ყოლის მოთხოვნილების მქონე ჭირვეული ბავშვიდან საკუთარ მომავალზე პასუხისმგებლობის აღების უნარიან, ზრდასრულ საზოგადოებად? ბევრს წუწუნებენ ჩვენში პოლიტიკური კულტურის არქონაზე, მაგრამ რა გზით უნდა გაჩნდეს ელექტორატში უნარები, რომ პარტიებს არა ლიდერების მიმართ სიმპათია–ანტიპათიების მიხედვით მისცეს ხმა, არამედ მათი პროგრამების გაცნობის შემდეგ – ამის მზა რეცეპტი არავის აქვს. არადა, ამის გარეშე, ქვეყნის ნებისმიერი ხელმძღვანელი,  მისი პიროვნული თვისებების მიუხედავად, მორიგ ბელადად გადაქცევის რისკის ქვეშ იმყოფება.
რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში მოსულმა ძალამ თუ არ ინება ჭეშმარიტი დემოკრატიული პროცესისათვის ხელშეწყობა და არ შექმნა სივრცე სხვა პოლიტიკური ძალების განვითარება–გაძლიერებისათვის, თავად ჩაიგდო ხელში მართვის ყველა ბერკეტი და ისინი მხოლოდ საკუთარი ჰეგემონობის შექმნა–გახანგრძლივებისათვის გამოიყენა, გარდაუვალია ქვეყნის კვლავ ავტორიტარიზმის გზაზე დადგომა, რაც არ უნდა დემოკრატიული რიტორიკისა და შეხედულებების მქონე პოლიტიკოსები იყვნენ ხელისუფლების მწვერვალებზე. ივანიშვილი, მთავრობის ხელმძღვანელად ყოფნის განვლილ თვეებში, მისი მომხრეებისათვის უჩვეულო, გაუგებარი და მტკივნეული გზით წავიდა: „ქართულ ოცნებას“ ხელი შეუშალა, გადაქცეულიყო ახალ ერთმმართველ პარტიად,  კოალიციაში ამგვარი მისწრაფებებისა და მენტალობის მქონე ადამიანების სიჭარბის, ჩვეული მეთოდებით ძალაუფლების სამუდამოდ ჩაბღაუჭების მათი სურვილებისა და მცდელობების მიუხედავად. დღეისათვის შექმნილია შედარებით თავისუფალი გარემო, რომელიც პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებისათვის სასტარტო ეტაპად შეიძლება გამოდგეს.
მეორე ტესტი, რომლის გავლის შემდეგ შესაძლებელი გახდება იმის თქმა, რომ საზოგადოება ბელადომანიის მდგომარეობიდან გამოსვლას იწყებს, ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილებზე რეალური თვითმმართველობის დამკვიდრება იქნება. პრემიერ–მინისტრი აცხადებს, რომ ეს დემოკრატიის ქვაკუთხედია და ამ რეფორმას მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ბოლო პრეს–კონფერენციაზე მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ამას და დაგვაიმედა, რომ მთავრობა სულ მალე  განიხილავს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც ქვეყნის მუნიციპალური მოწყობის ახლებურ, თანამედროვეობისათვის  შესაფერის ხედვას ემყარება.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გზით შექმნის მცდელობები რამდენჯერმე იყო – 1991 წელს მათ მუშაობას აკონტროლებდა დანიშნული პრეფექტი, 1998–2006 წლებში – რეალურად ასევე ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული და პარტიულ კომისრად ქცეული გამგებელი, ხოლო ამის შემდეგ „ვარდოსნებმა“ სოფლის პრობლემების გადაწყვეტა მუნიციპალური ცენტრიდან დანიშნულ რწმუნებულებს და ადგილობრივი მერიტოკრატიის კარიკატურულ ფორმას – NGO-ების ფორმით შექმნილ ე.წ. „სათემო ორგანიზაციებს“ მიანდეს. ამდენად, დამოუკიდებლობის 22 წლის განმავლობაში არც ერთმა ხელისუფლებამ არ დაუშვა ხალხისთვის ძალაუფლების რეალური გადაცემა, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციური რიტორიკით მის წყაროდ სწორედ ხალხს ასახელებდა. თუ ადამიანებმა საკუთარი სოფლისა და ქალაქის მართვის მაგალითზე არ იგრძნეს, რა არის სინამდვილეში დემოკრატია, გასაკვირი არ არის, რომ პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნები ჩვენთვის მხოლოდ დემოკრატიის ბუტაფორიული მექანიზმები და „ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა“ იქნება და ისევ „კეთილი ბელადის“ მარადიულ მოლოდინში ვიქნებით.
თუმცა, ამჟამად გვაქვს განვითარების შანსი: მთელმა მოსახლეობამ, თითოეულმა ჩვენთაგანმა,  თვითმმართველობის მუშაობაში ჩართვის მეშვეობით, საკუთარ თავზე ავიღოთ  და ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა ჩვენი უბნის, სოფლის, ქალაქის მომავალზე, არ გადავაბაროთ ის მხოლოდ  „რჩეულებს“, თავად კი სამზარეულოებიდან მათი კრიტიკოსის როლით არ შემოვიფარგლოთ. თანდათან გაჩნდება საკუთარი მამულის მეპატრონეობის კოლექტიური განცდა, რომელიც, განივრცობა რა მთელს ქვეყანაზე, ჩაენაცვლება და მოსპობს ბელადის ყოლის სურვილს. ხალხი, მისთვის ამჟამად ფსიქოლოგიურად კომფორტული, მაგრამ განვითარებისათვის უპერსპექტივო, ინფანტილური მდგომარეობიდან ნაბიჯ–ნაბიჯ გაიზრდება სამოქალაქო პასუხისმგებლობის შეგრძნებით განმსჭვალულ საზოგადოებამდე.
როგორ ჩაივლის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნები: რეალურად ავირჩევთ თუ არა ადგილებზე თავკაცებს, თუ შევეგუებით მმართველი ძალის მიერ მათ „დანიშვნებს“, იქნება თუ არა თავისუფალი კონკურენტული გარემო სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური პარტიებისათვის, ამაზე დიდად იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ ქვეყანაში იცხოვრებენ ჩვენი შვილები.

06 September, 2013

ვის აწყობს რელიგიური შუღლი საქართველოში?

გაზეთი "ქრონიკა+", #20, 03.09.2013

გაზეთის წინა ნომერში ქართული სამოქალაქო სექტორის მიმართ „ვაზელინის ზღვაზე დასასვენებლად წასვლის“ გამო ჩემი საყვედური უსამართლო აღმოჩნდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა არა მარტო გააკრიტიკეს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობაში ცენტრალური ხელისუფლების ჩარევის ფაქტები, არამედ მკაცრად შეაფასეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რამდენიმე დღის განმავლობაში ზედიზედ ჩატარებული რეიდები, რომელთა დროსაც ჩატარებული ღონისძიებები „ხშირ შემთხვევაში უკანონო ხასიათს ატარებდა და არღვევდა მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.
ავადმოსაგონარი 90–იანი წლების დროინდელი „წესრიგის დაცვის“ ამ ფორმების განმეორებამ, რომელიც რეალურად დანაშაულის პრევენციაში არანაირ ეფექტურ როლს არ ასრულებდა და, შედეგად, მხოლოდ სამართალდამცავებისადმი მოსახლეობის ნეგატიურ დამოკიდებულებას აყალიბებდა, ამჯერადაც ხალხისა და უფლებადამცველთა გაღიზიანება გამოიწვია: „პოლიციელთა მიერ ხდებოდა არა რომელიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული ან სხვა სამართალდამრღვევი პირის ძებნა მისი დაკავების მიზნით, არამედ ზოგადად გამვლელი პირების ალბათობით შერჩევა, შეჩერება და ჩხრეკა. საინტერესოა, რომ თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც აღნიშნულია, რომ აღნიშნული რეიდები პრევენციულ ხასიათს ატარებდა, რაც ეწინააღმდეგება რეიდის ჩატარების კანონისმიერ მიზნებს,“– აღნიშნულია ოთხი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში.
არასამთავრობო სექტორი ასევე მწვავედ გამოეხმაურა სხვადასხვა სარწმუნოების თემებს შორის მესხეთში განვითარებულ დაპირისპირებას და ხელისუფლებას, ფაქტიურად, რელიგიური შუღლის გაღვივებაში დასდო ბრალი: „26 აგვისტოს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ მეჩეთის მინარეთის მოშლითა და ძალოვნების მიერ მუსლიმი მოსახლეობის ფიზიკური შეურაცხყოფით უხეშად დაირღვა მუსლიმთა უფლებები... აღნიშნული ღონისძიების მიზანს არ წარმოადგენდა გადასახადის შესაძლო დანაკლისის დადგენა და ბიუჯეტში მიმართვა. ჭელაში მომხდარი ინციდენტი სცილდება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უკანონო მოქმედებას და რელიგიური უმცირესობებისადმი მთავრობის დისკრიმინაციული პოლიტიკის უკიდურესად შემაშფოთებელ სიმპტომად გვევლინება", – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელი  რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა.

ჭელაში მინარეთის მოჭრამდე ორი კვირით ადრე იმ იმედით, რომ „სადაც ჯერ არს“ გონიერი ხალხი ისხდებოდა და ყურად იღებდა გაფრთხილებას, ვწერდი: „ნიგვზიანში, წინწყაროსა და  სამთაწყაროში მომხდარი ფაქტები ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის რელიგიური შუღლის გამოწვევის მოსინჯვაა და იმითაა საშიში, რომ ჩვენი სახელმწიფოს დანაწევრების მზაკვრულ გეგმაში შეუძლია ძირძველი კუთხის – აჭარის მოგლეჯის წინაპირობა შექმნას“. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ შესაბამისი სტრუქტურები ქვეყნის მთლიანობაზე მზრუნველი მამულიშვილებით არ ყოფილა დაკომპლექტებული. სამხრეთი მეზობლის პანთურქიზმის იდეით განმსჭვალული პოლიტელიტა ჩვენში ისლამის მხარდაჭერით რომ ცდილობს საკუთარი გავლენის გაძლიერებას, შესამჩნევი პროცესია, მაგრამ აკრძალვებით და მუსლიმანი ქართველებისთვის ქრისტიანობის თავს მოხვევით რომ ეს პრობლემა არ გადაიჭრება, გონიერ ადამიანებს უნდა ესმოდეთ. პირიქით, გაჩნდება წინააღმდეგობა და მივიღებთ პოლიტიზირებულ სუნიტურ მიმდინარეობას, დაპირისპირებას ტრადიციული რელიგიების მიმდევართა შორის, რაც ქართველობას დახლეჩს რელიგიური ნიშნით.
სამცხეში მომხდარმა მოვლენებმა უახლოეს მომავალში სხვა „ნაღმების“ გააქტიურების შიში გააჩინა საზოგადოებაში. ფილოსოფოსი ირაკლი კაკაბაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს: „ნაციონალური მოძრაობა და რუსული სპეცსამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოში დაიწყოს რელოგიური ან ეთნიკური კონფლიქტი. მამუკა არეშიძე თვლის, რომ ხელისუფლებაში მყოფი „მეხუთე კოლონის“ მიერ „შეგნებულად და მიზანმიმართულად იძაბება ვითარება ქართველ ქრისტიანებსა და მუსლიმნებს შორის“ და ეჭვობს, რომ „ყოფილი ხელისუფლების წევრები, რომლებიც ამ საქმეში არიან ჩართულნი, თანამშრომლობენ ჩვენი მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურებთან. რელიგიურ დაპირისპირების გაჩაღებაშიი, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელთან ერთად, „რუსულ კვალს“ ხედავს ლაშა ამირეჯიბიც და ჯავახეთში ეთნიკური შუღლის გაღვივების პროგნოზს აკეთებს: „უახოეს მომავალში გართულებებს უნდა ველოდოთ სამცხეჯავახეთში, სომხეთის მხრიდან.“  
საზოგადოების დიდი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ რელიგიური და ეთნიკური შუღლის პროვოცირება მხოლოდ ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალების ინტერესშია, რომლებიც ადგილზე ყოველთვის პოულობენ დასაყრდენს. „ვიღაცას ყოველთვის ექნება ინტერესი შენი ქვეყნის მიმართ. ნაძირლებიცა და რენეგატებიც ყოველთვის იარსებებენფარულიც და აშკარაც. შენ არ უნდა მოატყუებინო თავი, არ გაბრიყვდე, ტაშის კვრით, ვაშას ძახილითა და პირჯვრის წერით არ უნდა გაეკიდო უკან ყველა ნაძირალას, ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური ჯილდოსა და ნეტარების მოლოდინში“,–წერს ეკატერინე აღდგომელაშვილი სოციალურ ქსელში.
ყველას კარგად გვახსოვს, რომ ამგვარივე მეთოდებით დაიწყო ეროვნული დაპირისპირების გაღვივება გასული საუკუნის 80–იანი წლების ბოლოს, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების საქართველოსგან ჩამოგლეჯით დასრულდა. ასე რომ, მოკლე პერიოდში საქართველოს ოთხ სხვადასხვა რეგიონში რელიგიური შუღლის კერების გაჩენაში კრემლის სამფეროვანი ძაფით ნაკერი ხელწერა აშკარაა, მაგრამ გასაკვირია როგორც ჩვენი სპეცსამსახურების უმოქმედობა, ისე ფსევდოეროვნული და ფსევდორელიგიური ლოზუნგებით ხალხის გაბრიყვების მასშტაბები: ნუთუ, ჭკუას ვერასოდეს ვისწავლით?!
ჭელას მოვლენებში აშკარად გამოიკვეთა სახელმწიფო სტრუქტურების როლი, რასაც მოხელეთა უპასუხისმგებლობითა და ახლომხედველობით ხსნიან. სხვათა შორის, ასევე ფინანსთა სამინისტროს სამსახურის მიერ იყო მოწყობილი თბილისის მერიის თანამდებობის პირების დემონსტრაციული დაპატიმრება–გაშვებები საქართველოში მყოფი მაღალი რანგის უცხოელი სტუმრების თვალწინ, რაზედაც მთავრობამ მაშინ თვალი დახუჭა და არავინ დაუსჯია. ამჯერადაც, „კანონის თვალსაზრისით“, მათ საქციელს ამართლებენ, რაც ეჭვს აჩენს, რომ ხელისუფლებას შეიძლება გარკვეულწილად აწყობდეს კიდეც მოვლენათა ასეთი განვითარება და საზოგადოებრივი დისკუსიის ამ მიმართულებით წარმართვა.
2013 ლს საქართველოში ეკონომკური ზრდის ოპტიმისტური საპროგნოზო მაჩვენებელის (6%) მიღწევის შესაძლებლობაში რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულმა ბანკმა, მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მალევე ეჭვი შეიტანეს. ივლისის დასაწყისში ეკონომიკის მინისტრმა აღიარა, რომ ამ ციფრის მიღწევა არარეალისტურია და, რიგი წინაპირობების შესრულების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება 4,5%-5%-იანი ეკონომიკური ზრდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, 2013 წლის განვლილ 7 თვეში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი საშუალოდ 1,7%–ს შეადგენს, ბოლო სამ თვეში სტაბილურად უარყოფითია დღგ–ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ცვლილება, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით (–5,6 მაისში, –2,7 ივნისში და –3,5 ივლისში). ამდენად, თუ წლის მეორე ნახევარში საქართველოს ეკონომიკაში ბუმი არ აღინიშნა, რისი ნიშნებიც ჯერ არ ჩანს, ეკონომკური ზრდის დაგეგმილი მაჩვენებლის მიღწევა ვერ მოხერხდება, ხოლო საპროგნოზო 5–6%–იანი ზრდის მიხედვით გაწერილი სახელმწიფო ბიუჯეტი, შესაძლოა, კორექტირების საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს და საეჭვო გახადოს იმ სოციალური პროექტების მდგრადობა, რომლებიც მთავრობას აქვს დაწყებული ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში.
ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე აკრიტიკებს ჯანდაცვაში მიმდინარე ცვლილებების არასისტემურობას: „ჯანდაცვა, მისი იდეოლოგია, რეალიზებული ფორმები - ერთადერთ მიზანს ისახავს: რაკი ქართველები იხდიან ფულს, ბოლომდე ამოხადონ სული. ისტემა აგებულია ვიწრო ჯგუფის ინტერესებზე. მთავრობაში არ არსებობს რესურსი იმ რეფორმის გასატარებლად, რომელიც საზოგადოებრივ მოძრაობა "ქართულ ოცნებაში" მუშავდებოდა მთელი წლის განმავლობაში. ეს არის პოლიტიკური ნების საკითხი. როცა არ არის სერიოზული სოციალური პოლიტიკა, იქ ჯანდაცვის რეფორმა არ გაკეთდება, - ერთი ჩაკეტილი და მახინჯი წრის წარმომადგენლებია საპარლამენტო კომეტეტშიც და სამინისტროშიც, მინისტრის ჩათვლით!“ მიუხედავად ამისა, მოსახლეობამ მიიღო საგრძნობი შეღავათი საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებამდე მცირე ხნით ადრე „საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის“ შემოღებით, თუმცა სპეციალისტები ამ სისტემაში კორუფციის თანდათანობით განახლებისა და დარგის განვითარების შეფერხების საფრთხეებს ხედავენ.
განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კონცეფცია, რომელიც შემუშავდა გია დვალის ხელმძღვანელობით, მკვდრადშობილი აღმოჩნდა და დაწერისთანავე  მიივიწყეს. ამ ფონზე სტუდენტურ გრანტებზე გამოყოფილი ხარჯების გაორმაგება და უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების შემოღება განათლების ყოფილი მინისტრის წინასაარჩევნო კამპანიისთვის წინასწარი ხარკის გაღების პოპულისტური ნაბიჯების ელფერს ატარებს.  ორივე ღონისძიება, ისევე როგორც თინათინ ხიდაშელის ინიციატივით მიღებული კანონი საბავშვო ბაღებში გადასახადის გაუქმების შესახებ, სასექტემბროა, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებს ემთხვევა. იმავდროულად, კახეთში შარშანდელი სეტყვის შედეგად დაზარალებულთათვის საგრძნობი კომპენსაციების გაცემისა და, რთველის წარმატებით ჩატარების მიზნით, ყურძნის ჩასაბარებელი მინიმალური ფასის ერთ ლარამდე აწევამ ამ რეგიონის მოსახლეობის სახელისუფლებო კანდიდატისადმი მხარდაჭერა უნდა უზრუნველყოს.
ფაქტია, წელს არანაირი უცხოური კერძო ინვესტიცია ჩვენს ეკონომიკაში არ განხორციელებულა და ეს ტენდენცია არ შეიცვლება საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომლის შემდეგაც მრავალმილიარდიანი ინვესტიციების ილუზიით გვკვებავს რუსეთში მცხოვრები ჩვენი დიასპორა იმ ქვეტექსტით, რომ ამას კრემლისთვის სასურველი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში გააკეთებს. რა უშლიდათ აქამდე ხელს, ან ახლა რატომ არ აბანდებენ ფულს თავიანთ სამშობლოში და რატომ ელოდებიან საპრეზიდენტო არჩევნებს? ამ კითხვაზე პასუხგაუცემლობა დიდი ეჭვის ქვეშ აყენებს მათი მამულიშვილური ზრახვების გულწრფელობას და აშკარას ხდის ამ „პირობებიანი პატრიოტიზმის“ დამოკიდებულებას კრემლის ნება–სურვილზე.
ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის ნაწილობრივად გახსნის შედეგები ჯერ–ჯერობით ხელშესახები არ არის და დადებითი განწყობების სტიმულირებას არ ახდენს. „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებებით გამოწვეული, კეთილდღეობის ეპოქის სწრაფი დადგომის გადაჭარბებული მოლოდინების მსხვრევისა და, ეკონომიკური სტაგნაციის გამო, მოსახლეობის ფართო ფენების შემოსავლების კლების შედეგად, ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების სოციალური საფუძველი შეიქმნა. ხალხში სულ უფრო იკიდებს ფეხს აზრი, რომ ახალი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა კრახს განიცდის და ქვეყნის განვითარების ჩამოყალიბებული ხედვა ხელისუფლებას საერთოდ არ გააჩნია.
ამდენად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სხვადასხვა მოტივებითა და ხარისხით, საქართველოში რელიგიური შუღლის გაღვივება შეიძლება აწყობდეს მხოლოდ პოლიტელიტებს: კრემლს – რუსოფილური პოლიტიკური ძალებისთვის მართლმადიდებელი მრევლის ელექტორალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად და საქართველოს ნაწილებად დახლეჩის იმპერიული გეგმის ასამუშავებლად; ანკარას – პანთურქისტული აზროვნების გავლენის სფეროს გასაჩენად; ოპოზიციაში გადასულ „ნაციონალურ მოძრაობას“ – ამომრჩევლისა და მსოფლიო საზოგადოებისათვის ახალი ხელისუფლების მიერ ქვეყნის მართვის უუნარობის საჩვენებლად; ოფიციალურ თბილისს – წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობიდან და სოციალური სიდუხჭირის პრობლემატიკიდან საზოგადოების ყურადღების გადასატანად,  მაგრამ  შინააშლილობა დამღუპველია ხალხისა და ქართული სახელმწიფოსათვის.