29 June, 2013

მსოფლიო „ცივი ომის“ განახლების ზღურბლზე

                                                         გაზეთი "ქრონიკა+", #10, 25.06.2013 
საინფორმაციო თუ საფინანსო-ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესების განვითარებამ ქვეყნებისა და ხალხების ბედი ერთმანეთზე ისე გადააჯაჭვა,  რომ მკითხველისათვის გასაკვირი არ უნდა იყოს, როცა ჩვენი ყურადღების საგანი ხდება მსოფლიოს ამბები, განსაკუთრებით კი სამეზობლოში - თურქეთში, ირანსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში მომხდარი მოვლენები, რამდენადაც მათთან არის დაკავშირებული „ბედი ქართლისა“...  წინა კვირას ჩრდილოეთ ირლანდიაში „დიდი რვიანის“ სამიტი ჩატარდა, მანამდე კი ირანში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს.
ირანის პოლიტიკური კლასი პირობითად ორ ბანაკად იყოფა: „რეფორმატორებად“ და „კონსერვატორებად“. ამ უკანასკნელებმა მოიგეს 2004 წლის საპარლამენტო, შემდეგ 2005 და 2009 წლების საპრეზიდენტო არჩევნები. კონსერვატორებს მხარს უჭერს მსხვილი ბიზნესი, არმია და გავლენიანი „ისლამიც რევოლუციის მცველთა კორპუსი“. ზომიერი კონსერვატორები თანდათანობითეკონომიკური რეფორმების მომხრეები არიან, რადიკალი–კონსერვატორები კი ეკონომიკის სახელმწიფო მართვის პრინციპებს იცავენ და მის ლიბერალიზაციას ეწინააღმდეგებიან,  ორივე ფრთა ისლამური ფასეულობების შეურყვნელობის სადარაჯოზე დგას. რეფორმატორები ისლამური ფასეულობების ასეთივე ერთგულები არიან, მაგრამ, იმავდროულად, გამოდიან სიტყვის თავისუფლებისა და მოქალაქეთა (მ.შ. ქალთა) უფლებების დაცვის მოთხოვნებით, ამასთან, თვლიან, რომ შესაძლებელია ეკონომიკის დინამიური ლიბერალიზაცია.
14 ივნისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხუთი კონსერვატორი კონკურენტი პირველსავე ტურში დაჯაბნა და 52,48%–ით გაიმარჯვა რეფორმატორმა ხასან როუხანიმ. ირანში პრეზიდენტ ავისი მნიშვნელობით სახელმწიფოს მეორე პირია, ის ახდენს მთავრობის ფორმირებას და ხელმძღვანელობს მას. მთელი ძალაუფლება კი ამ თეოკრატიულ ქვეყანაში უზენაეს ლიდერს – ალი ხოსეინი ჰამენეის უპყრია, რომელიც 1989 წლიდან არის ქვეყნის ხელმძღვანელი. ის არა მარტო ირანელი შიიტების, არამედ ლიბანელი, სირიელი და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების თანამოაზრეთა რელიგიური წინამძღოლიცაა.
ირანის რესპუბლიკის ახლადარჩეული პრეზიდენტისთვის უდიდესი გამოწვევა ეკონომიკის სტაგნაციიდან გამოყვანაა: მან როგორმე უნდა მოახერხოს ინფლაციის ზრდის ტემპების შეკავება, რომელიც წელიწადში 30%–ს აღწევს, ირანული რიალის დევალვაციის შეჩერება და შეამციროს უმუშევრობა, რომელიც 20%–ს აღწევს. ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება მხოლოდ ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსვლის შემთხვევაშია შესაძლებელი. ჩანს, ამის გააზრება მოხდა ირანის რელიგიურ ელიტასა და საზოგადოებაში, რისი მაჩვენებელიც როუხანის გამარჯვებაა, რომელიც დასავლეთთან ურთიერთობაში უფრო მოქნილი პოლიტიკის წარმოებას აპირებს.
ხასან როუხანი, რომლის პოლიტიკური ლექსიკონის საკვანძო სიტყვაა „ზომიერება“, დასავლეთისათვის უფრო მისაღები ფიგურაა, ვიდრე მისი წინამორბედი, რომელიც ხისტი და რადიკალური იყო. თუმცა, არ უნდა ველოდოთ მისგან ღია პროამერიკულ ან ანტირუსულ განწყობებს. პირობითად ის შეიძლება მივიჩნიოთ ექს-პრეზიდენტ მოხამად ხატამის იდეურ მემკვიდრედ, რომელმაც თავის დროზე სათავე დაუდო ე.წ. „ცივილიზაციათა შორის დიალოგს“ და ახლა სათავეში უდგას არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც კულტურათა და რელიგიათა შორის ურთიერთობას ავითარებს.
როუხანიმ პრეზიდენტად არჩევისთანავე განაცხადა, რომ მზადაა ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მსოფლიო თანამეგობრობასთან მოლაპარაკებისათვის. ძირითადი წინააღმდეგობა ირანსა და დასავლეთს შორის სწორედ ამ საკითხშია: აშშ და მისი მოკავშირეები თვლიან, რომ ირანი ამ პროგრამით ფარულად ემზადება ბირთვული იარაღის შესაქმნელად, რასაც კატეგორიულად უარყოფენ თეირანში. ამის გამო უკანასკნელ წლებში სულ უფრო და უფრო გამკაცრდა ეკონომიკური სანქციები, რამაც ქვეყნის ეკონომიკა კრიზისამდე მიიყვანა, თუმცა, ამით არც ევროპული ქვეყნები დარჩნენ დიდად კმაყოფილები, რომლებიც ასევე დაზარალდნენ.
მოსკოვი მიესალმა განცხადებას ბირთვული პროგრამის საკითხში  მეტი გახსნილობისათვის ირანის მზაობის შესახებ. „როუხანის გამონათქვამები ახლოსაა რუსეთის საყოველთაოდ ცნობილ ხედვასთან პრობლემის დარეგულირების თაობაზე: საბოლოო გადაწყვეტა შეიძლება და უნდა გახდეს ირანის უფლების ცნობა სამოქალაქო ბირთვული პროგრამის განვითარებაზე, ურანის გამდიდრების უფლების ჩათვლით, ყველა დარჩენილი საკითხის გარკვევისა და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ მთელი ირანული ბირთვული წარმოების საიმედო და ყოველმხრივი კონტროლის ქვეშ მოქცევის შემდეგ, რასაც მოჰყვება ყველა სანქციის მოხსნა, – როგორც ცალმხრივად დაწესებულის, ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს ხაზით შემოებულის“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ლოხ-ერნში გამართულ „დიდი რვიანის“ სამიტის კომუნიკეში  ეს ფაქტი უკვე აისახა და მინიშნებაც გაკეთდა, რომ  „ირანს აქვს შესაძლებლობა, თავი აარიდოს შემდგომ საერთაშორისო იზოლაციას და გაიუმჯობესოს საკუთარი მდგომარეობა, თუ სწრაფად გადაწყვეტს თავის პრობლემებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან“. ამდენად, თუ ირანმა გახსნა თავისი ბირთვული პროგრამა საერთაშორისო ექსპერტების მონიტორინგისათვის, დასავლეთი მზადაა, მოუხსნას ეკონომიკური სანქციები. მოვლენათა ამგვარი განვითარება ხელს აძლევს როუხანის, რომელიც ამ გზით გამოიყვანს ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან, ევროპას, რომლის არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას ირანთან ვაჭრობის პერსპექტივა გამოაცოცხლებს და, რა თქმა უნდა, რუსეთს, რომელიც თავისთვის მომგებიანად ეხმარება თეირანს ბირთვული პროგრამის განხორციელებაში.
წინა ათწლეულში თეიირანის ბირთვული მისწრაფებების გამო მტრული პოზიცია ეკავა აშშ-ს, რომელიც თავს „მსოფლიო ჟანდარმად“ თვლიდა და ამ საბაბით დაუფარავად ემზადებოდა ამ ქვეყანაზე შეიარაღებული თავდასხმისათვის, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა რუსეთი. ამ თვალსაზრისით მნიშვნელობა ენიჭებოდა ISAF-ის მისიით ავღანეთში ამერიკისა და მისი მოკავშირეების ჯარების ყოფნას, რომლებსაც, საჭიროების შემთხვევაში, ირანზე აღმოსავლეთიდან შეეძლოთ განეხორციელებინათ დარტყმა. წინამორბედისგან განსხვავებით, გლობალური წესრიგის დამყარების თაობაზე ბარაქ ობამას ადმინისტრაციის ახლებური, „მულტიცენტრული მსოფლიოს“ ხედვით,  ირანთან სამხედრო კონფლიქტი თავად აშშ-სთვის არის არასასურველი. ვაშინგტონი აგრესიის გეგმაზე რომ ხელს იღებს, ეს იქიდანაც გამოჩნდა, რომ 18 ივნისს მოკავშირეებმა საბრძოლო მოქმედებების სარდლობა ოფიციალურად ავღანეთის უშიშროების ძალებს გადააბარეს და მომავალი ერთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად დატოვებენ ამ ქვეყანას. იმავდროულად, ობამას ადმინისტრაციამ დაიწყო პირდაპირი მოლაპარაკებები მოძრაობა „თალიბანთან“, რომ მან შეწყვიტოს შეიარაღებული ბრძოლა ავღანეთის მთავრობასთან და ლეგალურად ჩაერთოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
დასავლეთის მიმართულებიდან ირანზე თავდასხმის პლაცდარმი, ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სირია უნდა გამხდარიყო, რისთვისაც ამერიკის მოკავშირე არაბული ქვეყნები და თურქეთი ეხმარებოდნენ ალავიტური (შიიტური) მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებულ სუნიტებს. 17-18 ივნისს ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართულ სამიტზე დასავლეთის ლიდერების განაცხადს, რომ სირიის ოპოზიციისათვის ღიად მიეწოდებინათ შეიარაღება, რუსეთის პრეზიდენტის მწვავე რეაქცია მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ბარაქ ობამა და ვლადიმერ პუტინი, შეხვედრის ყველა სხვა მონაწილესთან ერთად, შეთანხმდნენ სირიაში ორწლიანი სისხლისღვრის შეწყვეტის აუცილებლობაზე, რომელმაც 93.000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, პრობლემის გადაწყვეტის გზებზე მხარეებს განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ, რამაც დაძაბული დისკუსიები გამოიწვია. „ჩვენ ვერ ვთანხმდებით პრეზიდენტ პუტინთან იარაღის მიწოდების, ქიმიური იარაღისა და სირიის ხელისუფლებისადმი დამოკიდებულების საკითხებში,“- აღიარა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა. ფაქტიურად, ლოხ-ერნის შეხვედრა წარიმართა ფორმატით „შვიდი ერთის წინააღმდეგ“. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონის განცხადებით, საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთობლივი კომუნიკესთვის შეიძლება რუსეთის გარეშე მოეწერათ ხელი, რასაც წინ ანგელა მერკელი აღუდგა და მონაწილეებს მოუწოდა, ამ საკითხში რუსეთის იზოლაცია არ მოეხდინათ, რამდენადაც მოსკოვის გარეშე სირიის კონფლიქტის გადაწყვეტა შეუძლებელია. „რუსეთმა ამ პროცესში გარკვეული როლი უნდა ითამაშოს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
 „დიდი რვიანის“ სამიტის შედეგებზე იყო დამოკიდებული, ხელახლა დაიწყებოდა თუ არა  მსოფლიოში „ცივი ომი“: რუსეთი ოფიციალურად აწვდის შეიარაღებას სირიის მთავრობას, რასაც ჯერ კიდევ კონფლიქტამდე დადებული კონტრაქტების შესრულებით ამართლებს, დასავლეთის ქვეყნების მიერ აჯანყებული ოპოზიციისათვის სამხედრო დახმარების გაწევის გადაწყვეტილება კი უკვე ამ რეგიონიდან გლობალური დაპირისპირების დასაწყისს მოასწავებდა. ეს, ცხადია, ესმოდათ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერებს და „ჩიტი ბრდღვნად არ უღირდათ“, - ამიტომაც, ერთობლივ კომუნიკეში არაფერია ნათქვამი ასადის რეჟიმის შეცვლაზე. პუტინმა თავისი გაიტანა და „რვიანი“ სირიის საკითხზე „ჟენევა-2“ სამშვიდობო კონფერენციის გამართვაზე  დაიყოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2014 წლის არჩევნებამდე ასადი არ დათმობს სახელმწიფოს მეთაურის პოსტს, რასაც ემხრობა მისი მეორე დიდი მხარდამჭერი - ირანი, რომლის ახალმა პრეზიდენტმაც ეს პოზიცია ნათლად დააფიქსირა. ლიდერებმა მაინც გამონახეს საერთო ინტერესი - ტერორიზმთან ბრძოლა, და კონფლიქტის ორივე მხარეს „ალ-ქაიდის“ აქტივისტების ქვენიდან გაძევებისკენ მოუწოდეს.
„დიდი რვიანის“ სამიტზე სირიაში ასადის რეჟიმის შეცვლის საკითხის გადაუწყვეტობამ ილუზორული გახადა ევროპის იმედი, მომავალში ყატარიდან მიეღო იაფი გაზი და „გაზპრომის“ მარწუხებიდან თავი დაეხსნა. ახლა უკვე დასავლეთის ყურადღება კვლავ საქართველო-აზერბაიჯანისაკენ გადმოინაცვლებს, როგორც ალტერნატიული გაზმომარაგების სატრანზიტო დერეფნისაკენ და კულუარებში კვლავ დაიწყება ფიქრი „ნაბუკოსა“ და მსგავსი პროექტების განხორციელებაზე. ევროპისათვის ბუნებრივი აირის ამგვარი მიმწოდებელი, ატომური პროგრამის პრობლემისა და სანქციების მოხსნის შემდეგ, შეიძლება გახდეს ირანი (სპარსეთის ყურიდან ევროპაში ნავთობის გატანა ტანკერებითაც არის შესაძლებელი).
რუსეთის ინტერესებშია ევროპისთვის ენერგომატარებლებით მომარაგების ალტერნატიული გზების მოჭრა და მასზე პოლიტიკური ზემოქმედებისგაზის ბერკეტის“ ირანული გაზის ტრანზიტი ხელში ჩაგდებით გამყარება. ამ მიზნით ხელსაყრელია საქართველოზე გამავალი გაზსადენი, რომელიც რუსეთს აკავშირებს სომხეთთან. სავარაუდოდ, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო პრივატიზების თემა, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, კვლავ შეიძენს აქტუალობას. მოსკოვი ამ გაზსადენის ყიდვას ჯერ კიდევ 2004 წელს გვთავაზობდა, მაგრამ ქართულმა ოპოზიციამ ხელისუფლებასქვეყნის გაყიდვაშიდასდო ბრალი. 2006 წელს ნიკა გილაურმა "როიტერსგანუცხადა, რომსაქართველოს მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვა რუსული კომპანია "გაზპრომისთვისშესაძლებელია, თუ კონტრაქტის ღირებულება და პირობები მისაღები იქნება,“ თუმცა მოგვიანებით  ეს განცხადება უარყო. მაშინ სტრატეგიული გაზსადენის რუსეთისთვის მიყიდვას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა აშშ, თბილისში კი ამ პროცესს პარლამენტის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის ხისტმა წინააღმდეგობამ შეუშალა ხელი. შემდგომში გაზსადენის რეაბილიტაციისათვის ამერიკელებმა 35 მლნ დოლარიათასწლეულის გამოწვევისხაზით გაიღეს და ახლა ეს ობიექტი სრულიად გამართული და გასაყიდადშეფუთულია: 2010 ელ  "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონით ის სტრატეგიული ობიექტების ნუსხიდან ამოიღეს. 
დასავლეთი თუ აქამდე ლუპით აკვირდებოდა მის მიმართ ივანიშვილის მთავრობის ლოიალობას, ამის შემდეგ უკვე მიკროსკოპით დააკვირდება. რდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვაზე კრინტის დაძვრაც კი უმალ გადააწყვეტინებს აშშ-სა და მის მოკავშირეებს „რეჟიმ ჩეინჯის“ ჩატარებას, რასაც არასოდეს მორიდებიან ჩვენსავით პატარა ქვეყნებში, როცა საკითხი პეტროპოლიტიკურ, ანუ, დიპლომატიური ტერმინოლოგიით, „სასიცოცხლო ინტერესებს“ ეხება. საამისო ფონი კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს თაობაზე თავისი ბოლო რეზოლუციით უკვე შექმნა.
დღეს გაზსადენი ნავთობისა და გაზის კორპორაციას ეკუთვნის, რომლის 100 %–იან წილსაპარტნიორო ფონდის მფლობელობაშია, საქართველოს რკინიგზის“  და  „ელექტროსისტემისასეთივე წილებთან ერთად, მისი პრივატიზება კი ამ ფონდმა, შესაძლოა, სულ მალე მთავრობის დაუკითხავადაც შეძლოს, რამდენადაც მიმდინარეობს მისი გარდაქმნა სუვერენულ ფონდად. ამდენად, დასავლეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ფონდის ხელმძღვანელის ფიგურა და მისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით: აღმასრულებელი დირექტორად ახალმა მთავრობამ დანიშნა ირაკლი კოვზანაძე, რომელიც 2004-2008 წლებში „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების“ სიით იყო არჩეული საქართველოს პარლამენტ და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს თავმჯდომარეობდა.
თუმცა, ვინც არ უნდა იყოს „სუვერენული ფონდის“ ხელმძღვანელი, ცხადია, რომ ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის საკითხის გადაწყვეტა, არაფორმალურად მაინც, მთავრობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. მყარი „პროდასავლელების“ იმიჯი აქ „რესპუბლიკელებსა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ აქვთ, მაგრამ მათი გავლენა ამგვარი საკითხების გადაწყვეტაზე საეჭვოა, - პრემიერის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში და, განსაკუთრებით, ტრანზიტის საქმეებში „რუხ კარდინალად“ წოდებული გია ხუხაშვილია, რომლის საგარეო-პოლიტიკური ორიენტირები საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი.

იმის მოლოდინი, რომ „ციხის კადრებისა“ და „კასრის ვიდეოების“ ჩვენება ამერიკა-ევროპის რეალ-პოლიტიკას და ჩვენი მთავრობა-ოპოზიციისადმი დამოკიდებულებებს განსაზღვრავს, შეიძლება მხოლოდ ისტორიაში გაუთვითცნობიერებელ მიამიტებს ჰქონდეთ. რა თქმა უნდა,  ამ კადრების ნახვა ადამიანურად ყველას შეაძრწუნებს, მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკა სხვა პრიორიტეტებს უფრო მეტად ეყრდნობა. თანაც, ამგვარი სკანდალები დასავლეთის ცივილიზირებული ქვეყნებისთვის სულაც არ არის „უცხო ხილი“.




No comments:

Post a Comment