16 June, 2013

„თურქული ზაფხულის“ პეტროპოლიტიკური კულუარები

                                       გაზეთი "ქრონიკა+", #8, 11.06.2013
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა უკანასკნელ ხანს ქვეყანაში განვითარებულ ანტისამთავრობო გამოსვლებში გარე ძალების ხელი დაინახა, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადიც მის ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას გარედან პროვოცირებულად თვლის და შარშან ხელს სწორედ ანკარისაკენ იშვერდა: სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების ერთ-ერთ საგარეო-პოლიტიკურ ფაქტორად ექსპერტები  ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში თურქეთის ჰეგემონობისათვის ბრძოლის გაძლიერებას ასახელებენ, რაც აშკარა გახდა რეჯეპ ტაიიპ ერდოღანის პარტიის - სამართლიანობა და განვითარება - საპარლამენტო არჩევნებში განმეორებითი გამარჯვების შემდეგ. გარდა ამისა,  საუდის არაბეთისა და კატარის სუნიტი რადიკალი ისლამისტები მხარს უჭერენ ამბოხებულთა შორის მყოფ თანამოაზრეებსსალაფიტებს (ვაჰაბიტებს). ეს უკანასკნელები მიზნად ისახავენშიიტური ნახევარმთვარისდამხობას, რომელშიც ირანს, სირიასა და ლიბანურჰესბოლასმოიაზრებენ. ბოლო ხანებში მათი და ერდოღანის მთავრობის ურთიერთობა ანტაგონიზმის ნიშნებს ავლენს. ისე ჩანს, რომ თურქეთის პრემიერი მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტისათვის გათხრილ ორმოში ახლა უკვე თავად ვარდება.
სირიაში რელიგიურ-პოლიტიკურ ნიადაგზე 2011 წელს დაწყებულ ამბოხებას სოციალური წინაპირობებიც ჰქონდა. 2000 წლამდე იქ დღევანდელისგან სრულიად განსხვავებული, სოციალისტური ქვეყნისათვის დამახასიათებელი ეკონომიკური პოლიტიკა ტარდებოდა. ბაშარ ასადის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში მოხდა რეფორმები, რომლებმაც სურათი 180 გრადუსით შეაბრუნა. ამ ცვლილებების შედეგად სირიაში შეიქმნა ორი კლასიძალზე მდიდრებისა და ძალზე ღარიბების. საშუალო კლასი, რომელიც მანამდე ფორმირდებოდა, თანდათან გაქრა. გაჩნდა მმართველი ალავიტური კლანის მიმართ სოციალური სიძულვილი.
დასავლეთი და არაბული ქვეყნების ნაწილი თვლიან, რომ ძალადობის შეწყვეტა პრეზიდენტ ასადის გადადგომითაა შესაძლებელი. რუსეთი და ჩინეთი ეწინააღმდეგებიან  ამგვარ გადაწყვეტას იმ საბაბით, რომ გარე ჩარევითა და სახელმწიფოებრიობის დაკარგვით სირიის კონფლიქტი კიდევ უფრო გაფართოვდება და ასადის რეჟიმის წინააღდეგ მიმართულ რეზოლუციებს გაეროს უშიშროების საბჭოზე  ვეტოს ადებენ. უშიშროების საბჭოს ორი მუდმივი წევრის რუსეთისა და ჩინეთის სირიის საკითხში პოზიციების თანხვედრა ამ უკანასკნელის შორსმჭვრეტელური პრაგმატიზმითაა ნაკარნახევი. კადაფის დროს ჩინეთის წრაფი ტემპებით მზარდი  მრეწველობა ლიბიიდან იღებდა მისთვის საჭირო ნავთობის 13%–, ახლა კი მას ეს წყარო გადაეკეტამეორე მისი მიმწოდებელი ირანია, რომელიც ენერგომატარებლებში ჩინეთის მოთხოვნილების 26%– აკმაყოფილებს. რეგიონში გათამაშებულ სტრატეგიულ კომბინაციაში სირია შუალედურ რგოლად განიხილება, რომლის ხელისუფლების გადაფორმატების შემთხვევაში აშშ-ს ირანზე დარტყმისათვის გზა ეხსნება, რაც ორივე ქვეყანას სტაბილურ ეკონომიკურ და სტრატეგიულ პარტნიორს დააკარგვინებს.
გაეროსა და არაბთა ლიგის სპეციალური რწმუნებულის კოფი ანანის გეგმა, რომელიც სირიაში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ისახავს მიზნად, დღემდე უგულებელყოფილია როგორც ქვეყნის ხელისუფლების, ისე მეამბოხეთა ლიდერების მხრიდან. რუსეთის დიპლომატია ინტენსიურად მუშაობს, რომ მის განსახორციელებლად მხარეები ივლისისთვის „ჟენევა-2“ კონფერენციაზე დაითანხმოს. სამშვიდობო პროცესის გაჭიანურების ფონზე რუსეთის საგარეო პოლიტიკისა და სამხედრო დოქტრინის იდეოლოგები ხმამაღლა აცხადებენ, რომ სირია მათი გეოპოლიტიკური ინტერესების სივრცეში შედის და შეიარაღებული ძალები მუდმივ მზადყოფნაში უნდა იმყოფებოდეს, რომდაიცვან იქ თავისი ქვეყნის ინტერესები“. საქმე ისაა, რომ ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემთხვევაში რუსეთი არა მარტო კარგავს ახლო აღმოსავლეთში თავის მოკავშირეს, არამედ იარაღის რეგიონულ ბაზარზე პოზიციებსაც თმობს. სირიის ნავსადგურ ტარტუსში რუსეთს დარჩა საზღვარგარეთის უკანასკნელი (თუ სევასტოპოლს არ ჩავთვლით) სამხედროსაზღვაო ბაზა, რომელსაც ამ მიზნით იყენებს.
სირიის დრამის რელიგიურ-პოლიტიკური მიზეზების აბრის უკან  პეტროპოლიტიკური (ნახშირწყალბადური ენერგორესურსების გეოპოლიტიკა) ინტერესები გამოსჭვივის. რუსეთის გავლენისგან თავის დასაღწევად ევროგაერთიანება ეძებს გაზმომარაგების ალტერნატიულ წყაროს, რომელიც სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სიმძლავრეზე გაცილებით უფრო მასშტაბური უნდა იყოს, ამ კონტინენტის ეკონომიკის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
პროექტ ნაბუკო-ს მეშვეობით რუსეთის გაზზე დამოკიდებულებისაგან თავის დახსნის ილუზიას ევროპა თანდათან ემშვიდობება. ყველაზე დიდ პრობლემას ამ გაზსადენისთვის ბუნებრივი აირის არარსებობა წარმოადგენს. კასპიური და შუააზიური გაზი მთლიანად რუსეთის ხელშია: თურქმენეთსა და რუსეთს შორის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თურქმენულ საექსპორტო გაზს მთლიანად "გაზპრომი" ფლობს; ანალოგიური მდგომარეობაა ყაზახურ გაზთან დაკავშირებით, სადაც რუსეთი მთლიანად აკონტროლებს ბუნებრივი აირის საბადოებს; ირანის მონაწილეობას „ნაბუკოს" პროექტში  აშშ კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ბუნებრივი აირის რესურსებით მანიპულირებდა ბაქო, რომელმაც შარშან განაცხადა, რომ არ იყო მზად დასავლეთის მიმართულებით საჭირო ოდენობის აირის  მისაწოდებლადაზერბაიჯანულსოკარსადა რუსულ ენერგოგიგანტგაზპრომსშორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ევროპის გაზით ერთობლივ მომარაგებას ითვალისწინებს. რაც შეეხება ბუნებრივი აირის კასპიის ზღვისქვეშა მარაგებს: როგორც იტალიური გამოცემა il Foglio იტყობინება, აზერბაიჯანის მთავრობა რამდენიმე კვირაში საბოლოოდ გადაწყვეტს, ვის მიჰყიდოს ეს მარაგები და, სავარაუდოდ, არჩევანს ტრანსადრიატიკული მილსადენის პროექტის სასარგებლოდ გააკეთებს, რომლის გაყვანას თურქეთიდან, საბერძნეთის, ალბანეთისა და იტალიის გავლით აპირებენ უმსხვილესი გერმანული ენერგოკომპანია E.On და ნორვეგიის სახელმწიფო ნავთობკომპანია Statoil. ასე რომ, ამჟამად „სამხრეთის ნაკადის“ რუსული პროექტი უკონკურენტოა, რომლის განხორციელებითაც მოსკოვი კიდევ უფრო გაიმყარებს ევროპაზე ზემოქმედების მძლავრ ბერკეტს  და საკუთარი ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ბურჯს - ბუნებრივი აირის ექსპორტს.
ევროპულ  ენერგობაზარზე რუსული ბუნებრივი აირის მონოპოლიას საფრთხე მხოლოდ სამხრეთიდან ემუქრება: გაჟონა ინფორმაციამ, რომ ბაშარ ასადის დამხობის შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს სირიის ტერიტორიაზე მილსადენის გაყვანის პროექტი, რომლის მეშვეობითაც ევროპას გაზი მიეწოდება ყატარიდან. ეს შეამცირებს ბალტიის ზღვის გავლით გაყვანილი ჩრდილოეთის ნაკადის მნიშვნელობას, ხოლო სამხრეთის ნაკადს“, რომლის გაზსადენის შავი ზღვის ფსკერზე გაყვანის სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია, თითქმის უსარგებლოს გახდის.  
ყატარის ეროვნული ბანკის სპეციალისტების მიერ მომზადებული ანალიტიკური დოკუმენტის („2013 წლის ყატარის ეკონომიკური პროგნოზი“) მიხედვით, ამ ქვეყანაში ბუნებრივი აირის დადასტურებული მარაგები 25 ტრილიონ კუბურ მეტრზე მეტია, რაც საშუალებას აძლევს მას დღევანდელი მოპოვების დონე (2012 წ. - 420 მლნ. კუბ. მ.) უახლოესი 160 წლის განმავლობაში შეინარჩუნოს. ისეთი გიგანტები, როგორიცაა Exxon Mobil და  BP, მჭიდროდ თანამშრომლობენ ემირატთან უახლესი ტექნოლოგიებით გაზის მოპოვებასა და დაჭირხვნაში, რომელმაც გასულ წელს მსოფლიო ბაზარზე 77 მლნ. ტ. თხევადი აირი გაიტანა და ექსპორტის მესამედი დაიკავა ამ სეგმენტში.
ყატარსა და მის გავლენიან მოკავშირეებს ევროპის ბაზარზე ბუნებრივი აირის მიწოდების პროექტის განხორციელებაში ხელს უშლის „შიიტური ნახევარმთვარე“: ყატარული გაზის მსოფლიო ექსპანსიის გაფართოებას წინ ირანი ეღობება. სირიაში თეიირანისა და მოსკოვის მეგობარი ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემთხვევაში, ემირატს ირანის გვერდის ავლით, ხმელთაშუა ზღვისა და თურქეთისკენ გაზსადენის გაყვანის საშუალება მიეცემა, ხოლო მისი ბუნებრივი აირის სიიაფის გამო გამანადგურებელ დარტყმას მიიღებს „გაზპრომი“, რომელსაც ევროპის ბაზარზე ამგვარ კონკურენტთან ფასების ომის გაჩაღება მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.
გასული წლის დეკემბერში, ანკარაში ვიზიტით მყოფმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრემიერთან სირიის საკითხში თანხმობას მიაღწია. როგოც ჩანს, რუსეთმა შეძლო ერდოღანის დარწმუნება იმაში, რომ „სამხრეთის ნაკადითა“ და ტრანსადრიატიკული მილსადენით ევროპის გაზმომარაგება ანკარისათვის უფრო პერსპექტიული და მომგებიანია, ვიდრე ყატარიდან მილსადენის გამოჭიმვა, რომლითაც ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება ხმელთაშუა ზღვით, თურქეთს გვერდის ავლითაც იქნება შესაძლებელი. ამის შემდეგ ერდოღანის მთავრობამ შეცვალა დამოკიდებულება სირიის ამბოხებულებისადმი, რომელთაც მანამდე ზურგს უმაგრებდა.
მაისში ერდოღანი ამერიკას ესტუმრა, მაგრამ სირიის საკითხში ბარაქ ობამასგან მხარდაჭერა ვერ მიიღო. თეთრი სახლი თურქეთის მთავრობის მიერ ერაყის ქურთისტანიდან ნავთობის პირდაპირი ექსპორტირების გადაწყვეტილებითაც იყო გაღიზიანებული. ვიზიტის დასრულებისთანავე თურქულ მედიაში გაკეთდა პროგნოზები, რომ სირიის პრობლემის მოუგვარებლობას ქვეყნისთვის ეკონომიკური ზარალებისა და დესტაბილიზაციის მოტანა შეეძლო, ხოლო სოციალური მშვიდობის შენარჩუნება სულ უფრო მეტად გაჭირდებოდა. ეს შიშები მალევე გამართლდა.
ახლახანს თურქულმა სპეცსამსახურებმა სირიის საზღვართან დააკავეს „ალ-ქაიდასთან“ ახლოს მდგომი დაჯგუფების, „ჯაბხატ ალ-ნუსრას“ მებრძოლები, რომლებსაც კონფლიქტის ზონაში მომწამლავი ქიმიური აირის - ზარინის შეტანა უნდოდათ. ქიმიური იარაღის გამოყენებაში დამასკომ ამბოხებულები მარტშიც დაადანაშაულა, მაგრამ მაშინ ოპოზიციამ ეს უარყო. მოსკოვი თურქეთისგან ამ ინცინდენტის გამოძიებას და მისი შედეგების გასაჯაროებას ითხოვს. ამდენად, უკვე აშკარაა ერდოღანის მთავრობის დაპირისპირება ექსტრემისტ-ისლამისტებთან, რომლებიც სირიაში ამბოხებულების მხარეს იბრძვიან.საზღვარზე  ქიმიური იარაღის პარტიის ამოღების შემდეგ სტამბოლში მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო. თურქულ სახელმწიფოს საერო ხასიათს დიდხანს უნარჩუნებდა არმიის განსაკუთრებული სტატუსი და ავტორიტეტი, რომელიც სეკულარული სახელმწიფოებრიობის გარანტად გამოდიოდა. ერდოღანმა ჩაატარა „წმენდები“ შეიარაღებულ ძალებში და მისთვის არასასურველი გენერალიტეტი ციხეებში ჩასვა, რითაც სამხედროების როლი ძლიერ შეასუსტა. ისლამური ტრადიციებისა და ფასეულობების აღდგენისაკენ მიმართულმა სამთავრობო პოლიტიკამ, რომელსაც მხარდამჭერები უმთავრესად სასოფლო-სამეურნეო რეგიონებში ჰყავს, ქალაქების საზოგადოებაში და, განსაკუთრებით, ახალგაზრდობაში სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია. ბოლო კონსტიტუციური ცვლილებებით საპრეზიდენტო უფლებამოსილებების გაზრდამ გააჩინა შიშები, რომ ერდოღანი უახლოეს არჩევნებზე პრეზიდენტად იყრის კენჭს და „ფადიშაჰად“ დააჯდება ქვეყანას. სტამბულის შუაგულში ისტორიული პარკის გაჩეხვის ცნობა ის საბაბი აღმოჩნდა, რამაც სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში დაგროვილი საპროტესტო მუხტი გააერთიანა და ტაქსიმის მოედანზე გადმოღვარა. პოლიციის მხრიდან დემონსტრანტებზე ძალადობამ ეკოლოგიური ლოზუნგებით ანთებულ ალს ნავთი დაასხა და უწესრიგობათა ხანძარი მთელ ქვეყანას მოედო. რუსი ანალიტიკოსების ეჭვები „თურქული ზაფხულის“ დაწყებაში დასავლეთის სპეცსამსახურების როლზე გადაჭარბებულია, რამდენადაც ერდოღანის პოლიტიკის მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილების სოციალური მიზეზები დაგროვდა და პროტესტმა იფეთქა კიდეც, - შესაბამისი ნიადაგისა და კონფლიქტის მომწიფების გარეშე „დაზვერვათა“ ვერანაირი ხრიკები ვერ შობს რევოლუციას. ათა თურქის სამშობლოში არ უნდა იყოს გასაკვირი არც ქვეყნის ისლამიზაციის წინააღმდეგ მიმართული ამბოხის თავისთავადი წარმოქმნა და არც ამ ფონზე მემარცხენე-ლიბერალური იდეების მოძალება ქვეყნის ურბანისტულ საზოგადოებაში.
ის პარადოქსული ფაქტი, რომ თურქეთის ისლამიზაციის საწინააღმდეგოდ მიმართულ საპროტესტო აქციებში მორწმუნე მუსლიმანებიც მონაწილეობენ, ერდოღანის მთავრობის რადიკალ-ისლამისტებთან დაპირისპირებით შეიძლება აიხსნას. ასევე, პრემიერ-მინისტრის უცნაური ქცევაც, რომელმაც შიდაარეულობით მოცული ქვეყანა დატოვა და ჩრდილოაფრიკულ ქვეყნებში დიპლომატიურ ტურნეში გაემგზავრა: სავარაუდოდ, ერდოღანი არაბული სამყაროს ლიდერებში შუამავლებს ეძებს, სირიაში მებრძოლ სალაფიტებთან ფარული კონფლიქტის სასწრაფოდ დასარეგულირებლად. ამ უკანასკნელთა 500-კაციანი დაჯგუფება ბოლო დღეებში სირიიდან თურქეთში შეღწევას ცდილობდა, რასაც ქვეყანაში სერიოზული დესტაბილიზაციის გამოწვევა შეეძლო.

მეზობელი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების გამოცდილება ჩვენთვის იმ თვალსაზრისითაც არის ჭკუის სასწავლებელი, რომ ბოლო დროს დემოკრატიას მხოლოდ უმრავლესობის ბატონობად გვისახავენ. ფუნდამენტალისტური განწყობების მეშვეობით ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილით მანიპულირება და ამ გზით, ერდოღანის პარტიის მსგავსად. ლეგიტიმაციის მიღება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ როცა უმრავლესობის ნებას მთავრობა ძალად მოახვევს თავს უმცირესობაში დარჩენილ საზოგადოებას, ეს საპასუხო პროტესტს აუცილებლად გამოიწვევს. ასე რომ, თუ ხელისუფლებას არ სურს, „არაბულ გაზაფხულსა“ და „თურქულ ზეფხულს“ მოჰყვეს „ქართული შემოდგომა“, დიდი სიბრძნის გამოჩენა მართებს როგორც საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების დაცვისას, ასევე დიდი თუ პატარა მეზობლების ეკონომიკური ინტერესების დაბალანსებისა და საშინაო სოციალური პოლიტიკის ეფექტურად წარმართვის კუთხით.

1 comment:

  1. http://www.debka.com/article/23066/US-troop-buildup-in-Jordan-after-Turkey-shuts-US-NATO-arms-corridor-to-Syrian-rebels-

    ReplyDelete