06 July, 2013

„კავკასიური ცარცის წრე“: ივანიშვილი აზდაკის როლში

                                           გაზეთი "ქრონიკა+ " #11, 02.07.2013
რობერტ სტურუას მიერ გენიალურად დადგმული სპექტაკლის სცენა, სადაც ცარცის წრეში ჩაყენებულ პატარა ბიჭუნას ერთი მხრიდან დედა, ხოლო მეორიდან - დედინაცვალი ექაჩებიან, ბოლო 25 წლის განმავლობაში  ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის სიმბოლოდ გვექცა ქართველებს. ევროატლანტიკური ალიანსისა და რუსეთის ინტერესები კავკასიაში ისე გადაიკვეთა, რომ ამ ჭიდილში ქვეყანას ორი კუთხე მოგლიჯეს, ასე რომ, არც ერთია ჩვენი დედინაცვალი და არც მეორე - დედა, რომ შევეცოდოთ და ხელი გაგვიშვას. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი, დიდი ალბათობით, ირანის მიმართ სამხედრო აგრესიის გეგმაზე ხელს იღებს და სამხედრო პლაცდარმად აღარ ვჭირდებით, ახლო ამოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა დასავლეთის „სასიცოცხლო ინტერესი“ კავკასიის ორი ქვეყნის - საქართველოსა და აზერბაიჯანის მიმართ, რომელთა ტერიტორია ევროპისათვის „გაზპრომის“ მონოპოლიის ალტერნატიული ენერგომომარაგების დერეფნად განიხილება.

















ბოლო მოვლენებმა დაადასტურეს „ქრონიკა+“-ის წინა ნომრებში გამოთქმული მოსაზრება:გასული წლის დეკემბერში, ანკარაში ვიზიტით მყოფმა ვლადიმერ პუტინმა შეძლო ერდოღანის დარწმუნება იმაში, რომ „სამხრეთის ნაკადითა“ და ტრანსადრიატიკული მილსადენით ევროპის გაზმომარაგება ანკარასათვის უფრო პერსპექტიული და მომგებიანია, ვიდრე ყატარიდან მილსადენის გამოჭიმვა“ და ამ მიზნით სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობაში მონაწილეობის მიღება. თურქეთის პრემიერმა დაურეკა ბარაქ ობამას და უარი უთხრა ამბოხებულთათვის განკუთვნილი  შეიარაღების გატარებაზე, რითაც ქ.ალეპოსთვის მიმდინარე ბრძოლებში სირიის სამთავრობო ჯარებს შეუწყო ხელი, რომლებსაც სხვა სახმელეთო გზები გადაკეტილი აქვთ. არადა, კონფლიქტის წინა ეტაპებზე თურქეთის სამხრეთი ტერიტორია უპრობლემოდ ჰქონდათ დათმობილი შეიარაღებული ოპოზიციის მებრძოლების ბაზებს. ევროატლანტიკური ალიანსის თვალში ამ გარემოებამ ერთიათად გაზარდა საქართველოს, როგორც კავკასიაში მისი ერთგული სტრატეგიული პარტნიორისა და ფორპოსტის ფასი, რასაც მოწმობს ნატო-ს გენერალური მდივნისა და სხვადასხვა მისიების გახშირებული ვიზიტები თბილისში.
ასეთ ვითარებაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ მიმართა დასავლეთის ერთგულ მოკავშირეობაში ქართული პოლიტიკური სპექტრიდან საკუთარი უალტერნატივობის პოზიციონირების ნაცად ხერხს. აშშ ადმინისტრაციის აზრის გამხმოვანებელ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ საქართველოს მთავრობის მიმართ კრიტიკული სარედაქციო წერილის გამოქვეყნებისა და კონგრესში ასეთივე სულისკვეთების რეზოლუციის მიღების ფონზე ევროპის სახალხო პარტიამ სცადა დებატების გამართვა „საქართველოში მდგომარეობის გაუარესების თაობაზე“, რაც დასავლეთის მხრიდან ივანიშვილის ხელისუფლების ობსტრუქციის მკაფიო მაჩვენებელი იქნებოდა, მაგრამ ვერ მოახერხა. ამ კრიტიკულ მომენტში აშკარად გამოჩნდა, რომ EPP-ს კოვზი ნაცარში ჩაუგდო „რესპუბლიკელების“ საგარეო ასპარეზზე აქტიურობამ: ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდა ვიზიტით დიდ ბრიტანეტში, შემდეგ კი ევროპარლამენტში თინა ხიდაშელმა წაიღო „კასრის ვიდეოები“. დავინახეთ, მსოფლიო ლიბერალ-ინტერნაციონალისა და ევროპის ლიბერალური პარტიების ოჯახის წევრ ქართველ რესპულიკელებს ევროპარლამენტის სხვა ფრაქციებთანაც ისე წარმატებით უმუშავიათ და მხარდაჭერა მოუპოვებიათ, რომ მათმა საერთაშორისო ავტორიტეტმა გადაწონა „ნაციონალური მოძრაობის“ თანამოაზრე „ევროპის სახალხო პარტიის“ გავლენები.
სავარაუდოდ, ამერიკიდან წამოსულ კრიტიკაზე რეაქცია იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ ესტონური გაზეთისათვის მიერ მიცემულ ინტერვიუში დასავლეთისათვის გაგზავნილი მკაფიო მესიჯი, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციიდან რამდენიმე დღეში ის პოლიტიკიდან წავა. ამას მოჰყვა ისრაელში მისი ვიზიტისას განცხადება, რომ არჩევნების შემდეგ საააკაშვილი არ მიიღებს ინდულგენციას და თუ დანაშაული დაუმტკიცდა, შეიძლება ციხეშიც ამოყოს თავი. ამ განცხადებებს შოკური ეფექტი ჰქონდა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ისტებლიშმენტისთვის. არადა, ამაში არაფერი იყო ახალი და განსაცვიფრებელი: ამჟამინდელმა პრემიერმა პოლიტიკაში ფეხის შედგმისთანავე რამდენჯერმე ნათლად დააფიქსირა, დაახლოებით რა ვადით აპირებს ამ სფეროში ყოფნას, მაგრამ საქართველოში სკამის უზენაესობის გარდა სხვა არაფრის მნახველ პუბლიკას ეს გულში არ სჯეროდა.
ჩვენი პოლიტიკოსების უმრავლესობა მიჩვეულია არა ღია დემოკრატიულ პროცესში წარმატების მოპოვებას, არამედ გაწაფულია „მეფის კარის“ ინტრიგებსა და ამ გზით კონკურენტების დაძირვაში, მშვენივრად გრძნობს თავს ახალი „პატრონის“ კალთის ქვეშ და ასე ფიქრობს ცხოვრების გაგრძელებას. უახლოეს მომავალში არ ჩანს ივანიშვილზე ძლიერი „ბელადის“ გამოჩენის საფრთხე, რის გამოც უზრუნველი ცხოვრების პერსპექტივა ჰქონდათ, პრემიერ-მინისტრი კი ამ ნაბიჯით პოლიტიკურ ბაზრის აქამდე ჩვენთვის ჩვეული, ერთპიროვნული რეგულაციებიდან გაათავისუფლებს და ისეთ მოსუფთავებულ ასპარეზს დატოვებს, რომელზეც თამაშის არც გამოცდილება აქვს და არც სურვილი ჩვენს პოლიტელიტას. ცხადია, იმ „ქაოტურ“ ვითარებაში, რომელიც შეიქმნება ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ბევრი გაქრება ავანსცენიდან და, პრემიერის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ახალი სისხლიც“ შემოვა ამ სფეროში, რომლის სახეთა ერთფეროვნება ქართველი ამომრჩევლისათვის უკვე გამაღიზიანებელი გახდა. შეგნებულად არ განვიხილავ ყანდიაშვილისეულ „დავმშვიდდეთ, არ წავა“-სა და „დენ სიაო პინის“ ვერსიებს, რომელთა მიხედვით ივანიშვილი, სულ ცოტა, შუშის სასახლიდან გააგრძელებს პოლიტიკური პროცესების კულუარულ მართვას. ჩემი დაკვირვებით, ეს ამ პიროვნების მსოფლმხედველობას ეწინააღმდეგება და იმ იძულებითი მისიის შესრულების შემდეგ, რასაც სააკაშვილისა და მისი „ნაცმოძის“ ოლიმპოდან გაყრა ჰქვია, რისი გამკეთებელიც ბატონი ბიძინას გარდა სხვა პიროვნება, უბრალოდ, ფიზიკურად არ არსებობდა საქართველოში, ის დაუბრუნდება თავისი ცხოვრების მისთვის კომფორტულ, წინანდელ წესს, თუ შემოდგომამდე რამე განსაკუთრებული და მოულოდნელი არ მოხდა.   დღემდე „ბელადების“ არსებობით დახშული და ლამის ავგიას თავლებად ქცეული ქართული პოლიტიკური სივრცის გათავისუფლება იქნება მის მიერ დაპირებული „ევროპელთათვის გასაოცარი დემოკრატია“, ხოლო სპეკულაციები „მემკვიდრის“ თაობაზე უაზროა, რამდენადაც ქარიზმატულ-ამბიციური პირებს ან „რკინის კაცებს“, საეჭვოა, ივანიშვილმა პრემიერის პოსტი დაუთმოს და ქვეყანა ხელახლა ატაროს იმ წრეზე, რომელსაც ჩვენ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ვტკეპნით.
დასავლეთისა და რუსეთის კავკასიურ ინტერესთა კონფლიქტის გამწვავების ახალ ფაზაში, რისი წინაპირობებიც ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შექმნა, გაცხადებულზე მეტი ხნით რაიმე, თუნდაც კულუარული გურუს  ფორმით პოლიტიკაში ივანიშვილის დარჩენა და საერთაშორისო ინტრიგებში ჩაბმა-ჩაყოლა დიდი საფრთხეების შემცველია ამ წარმატებული ბიზნესმენის კაპიტალისათვის. ამდენად, მის მიერ მოდუღებული „ფაფის გათქვლეფა“ მოუწევთ იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტების ლიდერობაზე აქვთ პრეტენზია.
თბილისში ნატო- გენერალურ მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის რიტორიკა ბოლო ვიზიტის დროს თუ „დემოკრატიის შუქურად“ წოდებული სააკაშვილის პრეზიდენტობიდან წასვლის შემდეგ მისთვის პირადი ხელშეუხებლობის გარანტიების შექმნას ემსახურებოდა, რეალურად ის ეცდებოდა, მიეღო და საანალიზოდ წაეღო ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება დასავლეთს გადაწყვიტოს, ვისი მეშვეობით შეიძლება შეივსოს „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის მსხვრევის შემდეგ ქართული პოლიტიკის „პროდასავლურ“ ბანაკში გამოთავისუფლებული ნიშა. ისე ჩანს, რომ ივანიშვილმა საბოლოოდ გადაუსვა ხაზი მძლავრ ოპოზიციურ პარტიად ამ ძალის დარჩენის პერსპექტივებს და „კოჰაბიტაციის“ პერიოდის დასასრულის დემონსტრირება მოახდინა იმით, რომ მაღალჩინოსანი ნატო-ელი სტუმრის ვიზიტის პერიოდში თბილისის მერიისა და საკრებულოს ჩინოვნიკთა დემონსტრატიული დაჭერების განხორციელებას არ შეუშალა ხელი. ამდენად, დასავლეთს მოუწევს შეგუება იმ რეალობასთან, რომ ხელოვნურად ვეღარ გაგრძელდება ამერიკული ორპარტიულობის მსგავსი ბუტაფორული მოდელი, რომელშიც ამ ეტაპზე ოპოზიციის როლს „ნაციონალური მოძრაობა“ ასრულებდა, რაც მას მომავალში ხელისუფლებაში დაბრუნების ილუზიებს აძლევდა. ივანიშვილის წასვლის შემდეგ ევროატლანტიკური კურსის მხარდამჭერ ქართველ პოლიტიკოსებს თავად მოუწევთ ხალხში რეალური მხარდაჭერის მოპოვებისათვის საკუთარი იმიჯის გაკეთილშობილებაზე ზრუნვა.
საეჭვო არ არის, რომ სააკაშვილის იმიჯ-მეიკერებად მასების ფსიქოლოგიაში საკმაოდ განსწავლული ადამიანები მუშაობდნენ, რომლებმაც „ქალაქელი დედიკოს ბიჭობა“  პრეზიდენტს „აღვირახსნილი მაჩოს“ ნიღბით შეუცვალეს, რომლის საამურო თავგადასავლების შესახებ ტყუილ-მართალი ჭორებისა და „ყვითელი პრესის“ მეშვეობით ფართოდ ვრცელდებოდა. როგორც ჩანს, საფუძვლიანი გათვლა გაკეთდა იმაზე, რომ ასეთი ლიდერის ხატება ყველაზე მეტად მიესადაგება გაღატაკებული მამაკაცების ქვეცნობიერ იდეალს, რომლებმაც არათუ „რუს ნაშებთან გულავის“ შნო, არამედ, უმეტესწილად, ოჯახის მარჩენალის ტრადიციული ფუნქციაც კი დაკარგეს და ამის გამო ფრუსტრაციაში იმყოფებიან, ხოლო ელექტორატის მდედრობითი სქესის მეორე ნახევრის ლიბიდოც ამგვარ ტანმაღალ და ბრგე ლიდერზე დაფიქსირდება.
თებერვალში პრემიერ-მინისტრმა თავისი გარემოცვიდან მომავალ პრეზიდენტობაზე ამბიციის მქონე ერთადერთ გამოკვეთილ ლიდერს - ირაკლი ალასანიას, გადაკრული ნათქვამით, ნებით თუ უნებლიედ, სწორედ „მაჩოს“ როლი მოარგო. სიმპათიური ჰაბიტუსის მქონე ამ პოლიტიკოსს ყველაზე ვაჟკაცური სფეროს - თავდაცვის ხელმძღვანელობა აბარია და მანაც ეს როლი, გარკვეულწილად, შეიფერა. მას შემდეგ ეკრანზე გამოჩენით თავს არ აბეზრებს მაყურებელს და ამით ინტერესს აღძრავს თავისი პერსონის მიმართ, მაგრამ თუ გამოჩნდა, საკმაოდ ეფექტურ და ამგვარი იმიჯისთვის შესაფერისი ქმედებებით წარსდგება აუდიტორიის წინაშე, რითაც არა მარტო პოლიტიკაში გამოცდილ, არამედ ენერგიულ და გადაწყვეტილებისუნარიან პერსონად წარმოუდგება საზოგადოებას. მიუხედავად კონსტიტუციური შესწორებებით უფლებების შეკვეცისა, რომლის ნიუანსებში ფართო მასები დიდად არ ერკვევიან, მომავალი პრეზიდენტი მაინც რჩება მთავარსარდლად, რომლისთვისაც სწორედ ასეთი უნარებია საჭირო, რაშიც ალასანიას ძნელად გაეჯიბრება დღესდღეობით დასახელებული  პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატი. ამასთან, ქვეყნის პირველ პირს უნარჩუნდება საგარეო-პოლიტიკური კურსის წარმართვის ფუნქციები, რაც ამ თანამდებობაზე პრეტენზიის მქონე კანდიდატისთვის, გონიერი ამომრჩევლის თვალში, დიპლომატიური გამოცდილების კრიტერიუმიც ემატება,  რისთვისაც ალასანიას გაერო-ში ელჩად ნამუშევრობა საკმაოდ მყარი არგუმენტია.
მეორე ფსიქოლოგიური ფაქტორი არის  სოლიდარობა დაჩაგრულისადმი, როგორ მდგომარეობაში ყოფნის განცდაც საქართველოს მოსახლეობის უდიდეს  ნაწილს აქვს, და ამის გამო ვიცე-პრემიერის პოსტიდან გადაყენებული ალასანიას მიმართ ამომრჩეველმა, თანაგანცდის გამო, ქვეცნობიერი იდენტიფიცირება შეიძლება მოახდინოს. რეჟიმისგან დევნილ-შევიწროებულის იმიჯს ივანიშვილმა თავადაც წარმატებულად გაუკეთა ექსპლუატაცია წინასაარჩევნო პერიოდში. თავიდანვე უბრალო მოკვდათათვის ის „ჭორვილელ გლეხის ბიჭად“ წარმოისახა, რომელსაც ნიჭის, შრომისა და იღბლის წყალობით გაუღიმა ბედმა, რითაც აიცილა უხილავი შურის კედლის აღმართვა ღატაკ მასასა და უმდიდრეს ბიზნესმენს შორის.
წყენაგადაყლაპული კაცის მდგომარეობა მხოლოდ იმ დრომდე მოდის წინააღმდეგობაში ირაკლი ალასანიას „მაჩოს“ იმიჯთან, ვიდრე ის ივანიშვილის მიმართ მორჩილების დემონსტრირებას ახდენს, მაგრამ საკმარისია ოპოზიციაში ჩაუდგეს პრემიერს, რომ მეამბოხის შარავანდედით შეიმოსება და რომანტიკულ ელფერს შეიძენს, რის მიმართაც ძალზე მგრძნობიარეა ჩვენი ემოციებისამყოლი საზოგადოება. ამდენად, ფსიქოანალიზის კარგად მცოდნე ბიძინა ივანიშვილმა თავად შეუქმნა ყველა წინაპირობა ირაკლი ალასანიასთვის ქართული ელექტორატის ქვეცნობიერი იდეალის შესატყვისი იმიჯის შესაქმნელად.  დამკვიდრებული მასობრივი სტერეოტიპების გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „პროდასავლელთა“ ბანაკიდან ალასანია ყველაზე უკეთ მიესადაგება სააკაშვილის ჩამნაცვლებლის როლს, მაგრამ ეს არ ემთხვევა ქვეყნის ფაქტიური მმართველის შეხედულებებს, თუ როგორი ტიპის პრეზიდენტი გვჭირდება განვითარების ამ ეტაპზე: პრემიერმა არჩევანი ფილოსოფოს გიორგი მარგველაშვილზე შეაჩერა. ალასანიასთვის, კოალიციის ლიდერის მხარდაჭერის გარეშე და მხოლოდ საკუთარ პარტიაზე დაყრდნობით, საპრეზიდენტო ბრძოლაში ჩაბმა ძალზე სარისკოა, „გალუციფერება“ მას შეიძლება პოლიტიკურ გეენაში ჩავარდნის ფასად დაუჯდეს. თუმცა, პრეზიდენტობის კანდიდატების ოფიციალურ წარდგენამდე ჯერ კიდევ რჩება დრო და ივანიშვილმა შეიძლება იმ დროისათვის შექმნილი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით გადაიფიქროს და კანდიდატურა შეცვალოს, რაც მისთვის უჩვეულო სულაც არ იქნება.
თუ „ქართული ოცნების“ კანდიდატი შეიცვალა, მაშინ არ არის გამორიცხული, ე.წ. პრორუსული ბანაკიდან პრეზიდენტის სავარძელზე პრეტენზია ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადოს, რომელიც მარგველაშვილთან მეგობრობის დემონსტრირებას ახდენს და უარს ამბობს ქართულ პოლიტიკაში ჩაბმაზე. მისი იმიჯიც კარგად შეესაბამება წარმატებული ქართველი მამაკაცის პორტრეტს, ოღონდ იმ კონსერვატიული შეხედულებების აუდიტორიისათვის  მისაღები შტრიხებით, რომელიც დიდი ხანია, ამგვარი ლიდერის გამოჩენას ნატრობს.  პოლიტიკაში არნამყოფი მილიონერი ლევან ვასაძე უფრო მიმზიდველია ამ კატეგორიის ამომრჩევლისათვის,  რომელიც ახლა ნინო ბურჯანაძის ლიდერობას სჯერდება. ქალი-მმართველის, „თამარ მეფის“ ჩვენეული არქეტიპი ამ თანმიმდევრული და პრინციპული პოლიტიკოსის წარმატებაზე კარგად მუშაობს და საპრეზიდენტო რბოლაში მასების ქვეცნობიერზე ზემოქმედების ინსტრუმენტის როლს უსრულებს.

ჩვენი ქვეყნის შიდაპოლიტიკურ სივრცეში ხელების მოფათურე ორივე მხარეს, რუსეთსაც და დასავლეთსაც, საპრეზიდენტო სავარძლისთვის ბრძოლაში სჭირდება გამოკვეთილი ლიდერული მახასიათებლებით აღჭურვილი თითო ფავორიტის ყოლა, რომელთაც ერთმანეთს შეარკინებდნენ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ამ მოსალოდნელ სცენარში საკუთარი მიშვნელოვანი კორექტივები შეაქვს, რითაც სიტუაციას ნაკლებადპროგნოზირებადს ხდის.

No comments:

Post a Comment