06 June, 2013

ხელისუფლება აკვარიუმში, შტაინერი და ... მშიერი ბავშვი!

                               გაზეთი "ქრონიკა +", #6, 28.05.2013

სააკაშვილის ხელისუფლება  უხვად აფინანსებდა ეკლესიას (აგვისტოს ომის შემდეგ  საპატრიარქოსთვის გადარიცხული თანხები წელიწადში 11 მილიონიდან 25 მილიონ ლარამდე გაიზარდა), ჩუქნიდა ძვირადღირებულ „ჯიპებს“, არ ბეგრავდა გადასახადებით. ეს კეთდებოდა არა „ნაციონალთა“ ღვთისმოსაობის გამო, არამედ მრევლის სოციალურ-პოლიტიკური აქტივობიდან გამოთიშვისთვის, რასაც სასულიერო პირების დიდი ნაწილი ასრულებდა კიდეც და პრეზიდენტის მიმართ საჯარო ხოტბა-დიდების შესხმასაც არ ერიდებოდა. პრივილეგიების სანაცვლოდ „მასების ოპიუმის“ როლის შესრულებას, როგორც ჩანს, ეკლესიური პრაგმატიზმი მორალურად ამართლებდა.
რელიგიურ ორგანიზაციათა რეგისტრაციის შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს მესვეურებსა და „ნაციონალებს“ შორის  „შავმა კატამ“  გაირბინა. ეკლესიამ ხალხზე საკუთარი გავლენის დემონსტრირება და საერო ხელისუფლების წაჩოქება მრევლის ხალხმრავალი მსვლელობით სცადა, წმინდა სინოდის სხდომაზე ხელისუფალთა თავხედური მივარდნის შემდეგ რეპრესიული სახელმწიფო მანქანის შიშმა უკან დაახევინა. საზოგადოებამ ეს მაშინ იმით ახსნა, რომ მღვდელმთავრებზე კომპრომატების მომძიებელმა კუდ-ის ერთ-ერთმა განყოფილებამ თავისი ბინძური ფუნქცია წარმატებით შეასრულა.
„ნაციონალებისთვის“ საპასუხო დარტყმის მიყენების შესაძლებლობა ეკლესიას ახალი  პოლიტიკური ძალის გამოჩენის შემდეგ მიეცა. სასულიერო პირები ღიად დაუდგნენ გვერდში „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო აგიტაციის საქმეში, საპარიარქოსთან ასოცირებული ორგანიზაციები 2012 წ. სექტემბრის მანიფესტაციებში მონაწილეობდნენ და თავადაც მოახდინეს მასობრივი მსვლელობის ორგანიზება.
ეს წვლილი ახალმა ხელისუფლებამ საპატრიარქოს დაუფასა დაფინანსების იმავე დონეზე დატოვებით, როგორიც 2013 წლის ბიუჯეტის პროექტით იყო განზრახული. ერთი თვის წინ ივანიშვილის მიერ ეკლესიაში არსებული პრობლემებისა და საბიუჯეტო თანხებით ეკლესიის დაფინანსების შესაძლო შეწყვეტის გაკვრით ხსენებას თბილისის ქუჩებში მრავალათასიანი მრევლის სასიგნალო მსვლელობა მოჰყვა. სააღდგომო ეპისტოლეში აბორტის აკრძალვისა და ამ გზით გადარჩენილ ახალშობილთა ღატაკი ოჯახებიდან ეკლესიისათვის აღსაზრდელად გადაცემის მოთხოვნით გამოჩნდა, რომ მღვდელმთავრებს ქვეყნის ცხოვრებაში გაცილებით დიდ როლზე აქვთ პრეტენზია და არ დაკმაყოფილდებიან მხოლოდ ადამიანთა სულიერი დამოძღვრის ფუნქციით.

ზოგიერთი თვლის, რომ პერვერსიების განვითარება არ არის დამოკიდებული სწორ აღზრდაზე, მაგრამ მე, როგორც მოქალაქესა და ექიმს მიმაჩნია, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს სრულფასოვან ოჯახში და არა - ბავშვთა სახლებსა და რელიგიურ ორგანიზაციებში. მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის სახელმწიფო ამჟამად ახორციელებს სწორ სოციალურ პროგრამას, და ამით ცდილობს მაქსიმალურად დაიცვას ბავშვის სული გარემოს გავლენით არასწორი ფორმირებისაგან, მ.შ. სქესობრივი აღზრდის ასპექტში. მოზარდის ჰარმონიული განვითარების შესაძლებლობა და ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის ჩამოყალიბება ერთსქესიან გარემოში, იქნება ეს ჰომოსექსუალთა ოჯახები თუ მონასტრები, ძალიან საეჭვოა.  აბორტის აკრძალვასთან ერთად, ბავშვთა ბიოლოგიურ ოჯახებში გასაზრდელად, საკუთარი საბიუჯეტო შემოსავლების ხარჯზე ეკლესიას რომ ამ სახელმწოფო პროგრამის დაფინანსების გაზრდა მოეთხოვა, გასაგები იქნებოდა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდასთან ბრძოლის ლოზუნგით  მოძღვართა მიერ ატეხილი აჟიოტაჟი. ამგვარი არათანმიმდევრულობა აშკარას ხდის, რომ ამ საკითხში ქართული საზოგადოება ღრმა დილეტანტიზმშია ჩაძირული და უმცირესობათა თემა აქ მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენება.
მთავრობის საგარეო-პოლიტიკური წარმატებისათვის ხელის შეშლის მიზნით ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს შესაძლო პროვოკაციის რისკზე ჩვენ ჯერ კიდევ 7 მაისს ვწერდით, მაგრამ  ამ გაფრთხილებას  ყური არავინ უგდო.  იმის ნაცვლად, რომ გაემართათ დიალოგი ორივე მხარესთან და კონფლიქტის პრევენცია მოეხდინათ, მაღალჩინოსნებმა კაბინეტებიდან დამკვირვებლის როლი იკმარეს, მოვლენების განვითარებაზე პასუხისმგებლობა კი უიარაღო პოლიციელებს აჰკიდეს, რომელსაც „არც მწვადისა და არც შამფურის დაწვის“ პრინციპით უნდა ემოქმედა.
 „პოლიცია... ჩადგება შუაში სექსუალური უმცირესობებისა და მათი მოწინააღმდეგე მოძრაობის წარმომადგენლებს შორის და არ დაუშვებს რაიმე სახის ესკალაციას", - განაცხადა პრემიერმა წინა დღეს, მაგრამ პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გახსნა ბარიერი კონტრ-მიტინგსა და ფლეშ-მობელებს შორის. ამის შემდეგ ის უკვე არა სამართალდამცავი, არამედ ჰუმანიტარული ორგანიზაციის როლს ასრულებდა და, სანამ რუსთაველზე და მიმდებარე ქუჩებზე ვნებები არ ჩაცხრა, თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა მისი ამგვარი მოქმედება შეაფასა, როგორც „სწორი და ადექვატური“. ეგზალტირებულ მასასთან შედარებით მცირერიცხოვან და პერანგისამარა მყოფ პოლიციელებს როგორ უნდა ემოქმედათ ვითარების ადექვატურად, გაუგებარია.
პროცესში მონაწილე ყველა მხარეს აწყობდა ვითარების ესკალაცია:  უმცირესობათა უფლებადამცველებს - ქვეყანაში ფუნდამენტალისტური და ჰომოფობიური განწყობების ევროატლანტიკისთვის საჩვენებლად, რუსეთზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალებსა და სასულიერო პირებს - ხელისუფლებისთვის მასებზე საკუთარი გავლენის სადემონტრაციოდ და მხარდამჭერთა მობილიზაციისათვის, მთავრობას - მწვავე სოციალური პრობლემატიკიდან საზოგადოების ყურადღების გადასატანად. თუმცა, ვითარება გახდა უკონტროლო და სახელმწიფოს უსუსურობის შეგრძნება გააჩინა. ეს იყო ერთგვარად ჯანყი სახელმწიფოს წინააღმდეგ და, გაცილებით ნაკლებად, იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვიზეც იმ კონკრეტულ მომენტში მიიწევდნენ,“- ასე შეაფასა თინათინ ხიდაშელმა ამ დღეს განვითარებული მოვლენები, სადაც თვალნათლივ ჩანდა ეკლესიის მესვეურთა საორგანიზაციო მოწოდებები, მათ მიერ პოლიციის კორდონის გარღვევა და, ბოლოს, ერთ-ერთი მღვდელმთავრის მუქარანარევი ქადაგებაც მოვისმინეთ.
„მთავრობის მზაობა არის ისეთი, რომ კანონის დარღვევის ფაქტზე ყველამ უნდა აგოს პასუხი, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ სასულიერო პირი. კანონის წინაშე ყველა თანასწორნი ვართ. მე ვფიქრობ, რომ იმ კითხვებს, რაც ევროპის თუ ამერიკის მხრიდან არსებობს, პასუხი გაეცემა სამართალდამცავი სტრუქტურების სწორი ქმედებით,“ - ევროკავშირისა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მკვახე განცხადებების შემდეგ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რაც იმას ნიშნავს, რომ არეულობაში მონაწილე რამდენიმე აქტივისტსა და ორიოდე მღვდელს მსუბუქად დააჯარიმებენ, რითაც შეეცდებიან თეოკრატიის მოსალოდნელობით შეშფოთებული საზოგადოების დაშოშმინებას.
სოციალურ ქსელებში ამ მოვლენებს მწვავე დისკუსიები მოჰყვა, საზოგადოებრივი აზრი მკვეთრად გაიყო. როგორც ყოველთვის, გარე ძალების „ფარული ხელის“ ვერსიებიც გამოითქვა. მაგალითისთვის, ერთ-ერთი კომენტარი: „დღეს ეკლესიამ დაამტკიცა, რომ წარმატებით ჩაანაცვლა "შავები". მან იგრძნო ძალა და, შესაბამისად, რეალურად საშიში გახდა სახელმწიფოსთვის. ამას არავითარი კავშირი არა აქვს რწმენასთან და ეს რუსული ფულით მომძლავრებული შავრაზმული მოძრაობაა. თუ არ იქნა მიღებული გადამჭრელი ზომები, რეალურად მივიღებთ ორხელისუფლებიანობას და ხშირად გავხდებით სახელმწიფოს დაშანტაჟების მოწმენი.“ ანალოგიურად ფიქრობენ დასავლეთშიც: "17 მაისს სასულიერო პირებმა, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ახალ მთავრობას ესროლეს გამოწვევა, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში", _ წერს ფრანგული „ფიგაროს“ ჟურნალისტი რეჟი ჟანტე.
მაისის მოვლენებში „ვიღაც“ რომ არის ინსპირატორი, ამას ეჭვობს მთავრობაც: „საფუძვლიანი ეჭვი აქვს შს მინისტრს, რომ ეს გარედან იმართებოდა. იყვნენ ძალები, ვინც ამას ახალისებდნენ და, თუ გნებავთ, აფინანსებდნენ კიდეც. ეს ეჭვი აქვს შს მინისტრს და მე მას ეჭვის დონეზე ვიზიარებ, რომ ის, რაც მოხდა ჩვიდმეტში, ეს არ მომხდარა ბუნებრივად,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ეს იმ ადამიანებს ეხება, რომლებიც 17 მაისს ძალადობდნენ 
ეკლესიის მრევლის ძალადობის, ხელისუფლების უმოქმედობის შეფასებამ და პოლიტიკურ ლიდერთა გამონათქვამებმა ისედაც გათიშული საზოგადოება კიდევ უფრო დაასეგმენტა, მ.შ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ბანაკიც. პროცესები თუ მართლაც „გარედან მართულია“, მაშინ ძნელი არაა დავინახოთ „ხავერდოვანი რევოლუციის“ ტექნოლოგებისათვის დამახასიათებელი ხელწერა, რომლის საწყის ეტაპზე სწორედ საზოგადოების გახლეჩა და რადიკალიზაციის მიღწევა არის აუცილებელი. პროცესების შემდგომი განვითარება ნათლად დაგვანახებს, სპონტანური იყო ეს მოვლენები თუ რომელიმე მხარე მართლაც ახორციელებს გარკვეულ სცენარს, რომელშიც სამოქალაქო დაპირისპირების შენარჩუნება და გამწვავება აუცილებელი კომპონენტი უნდა იყოს.     
ბიძინა ივანიშვილის მიერ მიმდინარე პროცესების შეფასებაში ცვლილება მხოლოდ „ექსპერტთა კლუბთან“ შეხვედრის შემდეგ მოხდა, სადაც, როგორც ჩანს, მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მას პირუთვნელად უთხრეს. აძლევენ თუ არა მას  „შიდა ექსპერტები“ ისეთ რჩევებს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანას სერიოზულ რყევებს ააცილებს, უკვე საეჭვო ხდება. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პრემიერი მართლაც მოექცა საქართველოში ინტელექტუალური კადრების დეფიციტის „ხუხაშვილისეული“ მითის გავლენის ქვეშ და საკუთარ გარემოცვაში ჩაიკეტა.
საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირებული ფუნდამენტალისტური და ლიბერალური ნაწილების ხილული ანტაგონიზმის არა თუ აღმოფხვრის, დარეგულირების მცდელობებიც კი ხელისუფლების მხრიდან არ ჩანს. ჯერ-ჯერობით, სახელმწიფო სტრუქტურები ინერციით განაგრძობენ ფუნქციონირებას, მაგრამ მართვის სისუსტის სიმპტომები მათი სტაბილურობის სიმყიფის განცდას უკვე იძლევა. ხელისუფლება პროცესების მართვის ვირტუალურ, PR-მეთოდებზე გადადის. ეტყობა, მმართველი კოალიცია საგარეო-პოლიტიკურ ფიასკოს ეგუება, უარყო „კოაბიტაციის“ რეჟიმი და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა დაჭერა-დასჯის დაწყებით ის „სისხლის გამოშვება“ დაიწყო, რომლითაც მასების მხარდაჭერის შენარჩუნება სურს. „სანახაობა პურის გარეშე“ ეფექტურია ხანმოკლე პერსპექტივაში, მაგრამ მხოლოდ იმ ჭირის დამალვის მცდელობაა, რომელიც შეიძლება დროებით მინავლდეს, მაგრამ არსად გაქრება და სახელმწიფოს ორგანიზმს პერმანენტული ციებ-ცხელებით გამოღრღნის.
რაც შეეხება საერო სახელმწიფოს მოწყობასა და ეკლესიასთან მის ურთიერთობას: დღევანდელი მდგომარეობის მიზეზები რუდოლფ შტაინერმა ჯერ კიდევ 1919 წელს გვიწინასწარმეტყველა ნაშრომში „სოციალური საკითხის ძირითადი პუნქტები აწმყოსა და მომავლის ცხოვრებისეულ აუცილებლობებში“, სადაც გამოთქვა სოციალური ორგანიზმის სამნაწილიანი მოწყობის იდეა. საზოგადოების ცხოვრების ეკონომიკური, პოლიტიკური და სულიერ-კულტურული მხარეების ერთმანეთისგან გამიჯვნისა და სამივე მათგანში თითოეული მოქალაქის მონაწილეობის შტაინერისული მოდელი გამახსენა XXI საუკუნის საქართველოს მდგომარეობამ: ბიზნესის პოლიტიკასთან გადახლართვა, როცა ფული სულ უფრო მეტად მართავს სახელმწიფოს, დღევანდელ დემოკრატიას ფარსად აქცევს,  სახელმწიფოსა და ეკლესიის სრულად განცალკევების პრინციპიდან გადახვევას თეოკრატიის საფთხეები მოჰყვება. ამგვარი მომავლის შესაძლებლობაზე გვაფრთხილებდნენ მოაზროვნეები, მაგრამ კაცობრიობა მხოლოდ ერთ დემონს დაემონა: „MONEY, MONEY, MONEY!”.
დააკვირდით: „ნაციონალური მოძრაობის“ ბედის ჩარხის უკუღმა ტრიალი იმ დროიდან დაიწყო, როცა ხელისუფლებასთან შეზრდილი, ოლიგარქიულ-მონოპოლური კაპიტალი მთლიანად გაბატონდა ეკონომიკური ცხოვრების ყველა დონეზე,  რამაც ქვეყანა სტაგნაციისა და სოციალური აფეთქების გარდაუვალობის წინაშე დააყენა. ასევე, ქვეყნის ყველაზე დიდი სულიერი ორგანიზმის - ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის შიდა საქმეებში ხელების ფათურმა, ამ ინსტიტუტის საკუთარი პოლიტიკური ბატონობის გამყარების მიზნით   საფინანსო და სხვა სახის „ძღვენებმა“ სასულიერო პირებს მოღვაწეებს პოლიტიკურ პროცესში ჩარევისა და გავლენის მოპოვების საპასუხო სურვილი გაუჩინა.
P.S. კვლავ შემაძრწუნებელი ინფორმაცია: „შუახევის მუნიციპალიტეტის ბარათაულის თემში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი დუმბაძეების 4-სულიანი ოჯახის ყველაზე პატარა წევრის, 3 წლის ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მას კვების დარღვევის ნიადაგზე ქრონიკული დაავადება ჩამოუყალიბდა.“ ჩვენში არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე,  ეკლესის პოზიცია შიმშილით სიკვდილის პირას მისული ბავშვის მდგომარეობის თაობაზე, ალბათ, ისევ მისი ოჯახის რელიგიური კუთვნილების მიხედვით გაცხადდება, ჯანდაცვის მინისტრი კი უბნის ექიმს სერტიფიკატის ჩამორთმევით დასჯის.

არავის არაფერს ვავალდებულებ და არ ვთხოვ,- ყველა თავის საქციელზე აგებს პასუხს სინდისის წინაშე, - მაგრამ მახსენდება, რომ ებრაულ სინაგოგაში თემის ყველა წევრი შემოსავლის 10%-ს ღვთის საქმისათვის ტოვებს, რაბინები ამ თანხებს გაჭირვებულებს უნაწილებენ, ხელმოკლე ნიჭიერ ბავშვებს სწავლის ფულს უხდიან...

No comments:

Post a Comment