23 June, 2013

ავღანური ყაყაჩოსათვის დაღვრილი კავკასიური სისხლი

                                                   გაზეთი "ქრონიკა+", #9, 18.06.2013 
ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის (გაერო, E/INCB/2012/1) მოხსენების თანახმად,  მსოფლიოში ოპიატური ყაყაჩოს უკანონო კულტივირებისა და წარმოების უდიდესი წილი დასავლეთ აზიაზე, ძირითადად ავღანეთზე მოდის, სადაც უკანონო ოპიატების 2/3 იწარმოება. ქვეყანაში ამ ნარკოტიკული ნედლეულის ნათესების ფართი შარშან 18%-ით გაიზარდა და 154.000 ჰექტარს მიაღწია (მსოფლიო ნათესების 64%). პროცესი განსაკუთრებით გააქტიურდა ავღანეთის სამხრეთში, მ.შ. ჰელმანდის პროვინციაში, სადაც ყაყაჩოს კულტივირების უდიდესი ფართობებია და, ISAF-ის სამშვიდობო ძალების კონტინგენტის ფარგლებში, 1500-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცისგან შემდგარი ორი ქვედანაყოფია განთავსებული.
ოპიატური ყაყაჩოს უკანონო მოყვანა ავღანეთის მოსახლეობის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა: 191.500 სასოფლო შიდამეურნეობა ამის ხარჯზე ცხოვრობს. ავღანეთში ასევე ფართოდ მოჰყავთ კანაბისიც (ჰაშიში), რომლის ნათესების ფართობი 8.000-17.000 ჰექტარს აღწევს. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ფერმერები წინააღმდეგობას უწევენ ნათესების განადგურების ოპერაციებს, თავს ესხმიან სამართალდამცველებს, აყენებენ ნაღმებს, აწყობენ დემონსტრაციებს ძალადობის გამოყენებით... ცხადია, მათ აქვთ აგრესია მთავრობის დასახმარებლად ჩამოსული უცხოელი ჯარისკაცების მიმართაც.  ISAF–ის მისიაში მონაწილეობის დაწყებიდან დღემდე 29 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და ბევრიც დაიჭრა. ბოლო ორი ინცინდენტი თვითმკვლელი ტერორისტების მიერ ბაზებზე შევარდნისა და აფეთქებების მოწყობით მოხდა. ავღანურ ნარკოშემოსავლებზე კონტროლის დამყარება „თალიბანის“ მოძრაობის ერთ-ერთი არგაცხადებული მიზანია, რომელთანაც სხვა ექსტრემისტულ ისლამისტურ  დაჯგუფებებსაც აქვთ კავშირი.
ავღანეთიდან ნარკოტიკების 35% ირანის გავლით, ე.წ. „ბალყანური მარშრუტით“ გადის. ყოველწლიურად აქ 30 ტონამდე ჰეროინის ამოღება ხდება; ნარკომაფიასთან ბრძოლას ბოლო წლების განმავლობაში 4000 ირანელი მესაზღვრე და პოლიციელი შეეწირა, მაგრამ ამ ქვეყნიდან აზერბაიჯანის, კასპიისა და თურქმენეთის გავლით ნარკოტრანზიტი ისევ ფართომასშტაბიანია. გაეროს ექსპერტთა ბოლო მოხსენებაში აღნიშნულია, რომ თურქეთის მიერ კონტროლის გამკაცრების გამო, ნარკოდილერები ბოლო პერიოდში ამ ქვეყანას გარს უვლიან და ევროპაში ავღანური ოპიუმის კონტრაბანდისთვის სხვა მარშრუტებს ირჩევენ, მ.შ. კავკასიას. ამავე დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ნარკოტიკების უკანონო მოხმარების მაჩვენებელი, 2006 წლის 0,6%-თან შედარებით, შარშანდელ 1,3-1,4%-მდე გაიზარდა, რაც ირიბად მიანიშნებს იმაზე, რომ ნარკოტრანზიტის „ბალყანური მარშრუტი“, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანასაც კვეთს.
ავღანეთიდან ირანის, შემდეგ კი კასპიისა და აზერბაიჯანის გავლით რუსეთში მიმავალი ნარკოტრეფიკის ბილიკები დაღესტანზე გადის. ამ რესპუბლიკაში მის მფარველობას რუსული მედია მოსკოვში მცხოვრებ უმდიდრეს დაღესტნელ ბიზნესმენებს, ძმებს - მაგომედ და ზიავუდინ მაგომედოვებს მიაწერს. სააგენტო „რუსპრესის“ ინფორმაციით, მათი არაფორმალური „ძალოვანი საყრდენი“ ნარკოტიკებთან ბრძოლის რესპუბლიკური განყოფილების ყოფილი უფროსი, მილიციის ექს-პოლკოვნიკი უმახან უმახანოვი იყო, რომელიც „დაუმორჩილებლებსა და უკმაყოფილოებთან“ საქმეებს აგვარებდა, რისთვისაც, საჭიროებისას, ისლამისტ „ბოევიკებს“ იყენებდა. უმახანოვების კლანი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია, მასში ძმები - დაღესტნის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი ახმედფაშა უმახანოვი და „ედინაია როსიას“ ცნობილი ფუნქციონერი, ქ.ხასავიურტის მერი საიგიდფაშა უმახანოვიც მოიაზრებიან. იმავე დასახელების რაიონის ადმინისტრაციის უფროსთან, ალიმსოლთან ალხამატოვთან ამ კლანის დაპირისპირება, რომლის მიზეზად ხასავიურტზე გამავალი მაღალშემოსავლიანი კასპიური ნარკოტრეფიკი სახელდება, სისხლიან კავკასიურ ვენდეტად იქცა.
ჯერ მოკლეს დეპუტატი უმახანოვის ვაჟი (ქალაქის მერის ძმისშვილი) მაგომედხაბიბი. მოკლულის ძმა, ხაბიბი, ალხამატოვს 2009 წლის 27 სექტემბერს გაუსწორდა. გამოძიების ვერსიით, მოსკოვში მივლინებით მყოფ დაღესტნელ ჩინოვნიკს ნაქირავებ ბინასთან ხაბიბ უმახანოვი ოთხ თანამზრახველთან ერთად ჩაუსაფრდა. ნიღბიანმა თავდამსხმელებმა „კალაშნიკოვის“ ავტომატებიდან  ცეცხლი გაუხსნეს ალიმსოლთან ალახმანოვს და მის მცველს, როცა ისინი მორიგი შეხვედრიდან დაბრუნდნენ და სადარბაზოს მიუახლოვდნენ. მცველი დაიჭრა, მაგრამ ცოცხალი გადარჩა, „ძმის სისხლის აღება“ კი ხასავიურტის რაიონის ხელმძღვანელის მკვლელობით დასრულდა.
დანაშაულის ადგილიდან გაქცეულების „მერსედეს S350“-მა, მოძრაობის წესების დარღვევის გამო, საგზაო ინსპექციის ყურადღება მიიპყრო და მათ საპატრულო მანქანა გამოედევნა. დამნაშავეებმა მდევრების ჩამოცილება ეზოების გავლით სცადეს, მაგრამ ჩიხში მოხვდნენ.  აქ მათ პოლიციელები დაადგნენ, თუმცა მხოლოდ საჭესთან მჯდომი ბუდაიხანოვი შეიპყრეს, - ოთხ მკვლელს მანქანიდან გადახტომა და მიმალვა მოესწრო. მკვლელობის ორ თანამონაწილეს მშობლიურ ხასავიურტში შარშან აგვისტოში მიაგნეს, ერთი მათგანი  - საიპოვი დაიჭირეს, მეორემ კი, ზაურბეკ მაგომედოვმა, სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა, რის გამოც ადგილზე ჩაცხრილეს. პრესა, თვითმხილველთა ნაამბობზე დაყრდნობით, ეჭვს გამოთქვამდა, რომ მაგომედოვს წინააღმდეგობა არ გაუწევია და მისი ლიკვიდაცია იმის გამო მოხდა, რომ მან ბევრი იცოდა ნარკოტრეფიკის თაობაზე, მის შესაძლო ჩვენებებს კი ამ ბიზნესის სავარაუდო მფარველებზე, ძმებ მაგომედოვებზე გამომძიებელთა გაყვანა შეეძლო.
ალხამატოვის მკვლელობაში კიდევ ორ სხვა ბრალდებულზე - ხაბიბ უმახანოვსა და მიკაილ კადიევზე (იგივე მიქაელ ქადოევი) საერთაშორისო ძებნა 2009 წელს გამოცხადდა. პირველთან დაკავშირებით საქართველოს შს სამინისტროს 13 ივნისის განცხადებაში  ნათქვამია: „მიკაილ კადიევის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე პირი დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სამართალდამცავების მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს იქნა დაკავებული.“ მართლაც, ხაბიბი ჯერ მოსკოვში იმალებოდა, შემდეგ დუბაიში გააღწია, სადაც უმახანოვები უძრავ ქონებას ფლობენ. შარშან შემოდგომით ის მცირე ხნით გერმანიაში, ნათესავებთან გაემგზავრა, სადაც დააკავეს. შემდეგ მისი რუსეთში ექსტრადირება მოხდა, სადაც გაასამართლეს.
მკვლელობის მხოლოდ ერთი თანამონაწილე არ იყო ბოლო დრომდე დატუსაღებული და, როგორც ახლა გაირკვა, „ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს“. საქართველოს შსს-ს მიერ ტერორისტული აქტის მომზადებაში ბრალდებით 13 ივნისს დაკავებული მიკაილ გაშიმის ძე კადიევი, დაბადებული დაღესტნის დაბა კაჩუბეიში 1982 წლის 28 სექტემბერს, იძებნებოდა რუსეთის ფედერაციის პროკურატურის მიერ რფ სსკ 30-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ჟ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (მკვლელობის მიზნით თავდასხმა), მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისათვის მოსკოვის სამძებროს ჯილდოც კი ჰქონდა გამოცხადებული. ამ დროს, თურმე, ის მშვიდად ცხოვრობდა აქ, ჩვენს გვერდით, და საქართველოდან გასვლა-შემოსვლაც მისთვის პრობლემა არ იყო.  სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, კადიევი გარკვეული პერიოდის განმავლობაში  ვერტმფრენების კომპანია „თუშეთის“ მფლობელის, ზაურ ქორთოშიძის კუთვნილ სახლში აფარებდა თავს, რომელთანაც ნაცნობობა აკავშირებდა, რაც დაადასტურა შსს პრეს-სამსახურის უფროსმა.

საინტერესოა, რომ ანტიტერორისტულმა დეპარტამენტმა მი ადიევი, მის თანამემამულე მაგომედ მაგომედოვთან ერთად. შარშან 13 დეკემბერსაც დააკავა ბათუმში, სადაც ადგილობრივ მუსლიმთან სტუმრად იმყოფებოდნენ. მაგომედოვს, დაღესტნიდან საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით, სასჯელი შეეფარდა, შემდეგ კი ამნისტიის გზით გათავისუფლდა, ხოლო ადევმა კი, ერთ-ერთი ვერსიით, ბათუმიდან თბილისში ეტაპირებისას თავს გაქცევით უშველა, რაც ცოტა არადამაჯერებლად ჟღერს. იმ დროს შსს- ასეთი კომენტარი გააკეთა:ადევი დაკავებული არ ყოფილა. მას ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა. მას უკანონოდ არ გადმოუკვეთავს საზღვარი. ალბათ საქართველოში იქნება. მაგმედ მაგმედოვის დაკავებას ვადასტურებთ“. უცნაურია, რატომ არ ჩაიხედა მაშინ პოლიციამ „ინტერპოლის“ მიერ ძებნილთა ცირკულარებში? წელს, 19 აპრილს, ამნისტიით გათავისუფლებული მაგომედოვიც დაიკარგა. ორივე პირის პოვნას მათი ნათესავები და ნაცნობები, ქართველ უფლებადამცველ ორგანიზაციებთან ერთად, ამაოდ ცდილობდნენ. “გამქრალ“ კადიევს, ამასობაში, ასაფეთქებელი მასალები მოუმარაგებია, მამედოვი სად და როდის გამოჩნდება, ვინ უწყის?!

კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის ინფორმაციით, კადიევი არის იმ ჯგუფის წევრი, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დაკავებული ჰყავთ ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებს. ეს ქვეყანა არის თურქეთი. დაკავებული კი - რუსლან პაპასირი, იგივე ზოონი, ადამიანი, რომელსაც ჩამოჰყავდა ლაფანყურის მონაწილე ჩეჩნები თბილისში. კადიევიც ამ ჯგუფიდან არის... იარაღი ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ამ ჯგუფს 2010-2011 წლებში თავად დაურიგეს, თავისი ცნობებით და დამადასტურებელი დოკუმენტაციით, რომ ისინი საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლები იყვნენ".

ლაფანყურის სპეცოპერაცია, რომლის დეტალები დღემდე ბურუსითაა მოცული და საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების საგანს წარმოადგენს, დაიწყო 2012 წლის 28 აგვისტოს. სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები მიეკუთვნებოდნენ ისლამის მიმდინარეობას - სალაფიზმს (მათ „ვაჰაბიტებსაც“ უწოდებენ), რომლის გაძლიერება სერიოზულ პრობლემებს უქმნის რუსეთის სახელმწიფოებრიობას. სალაფიტურმა ჯამაათებმა (თემებმა) ფართო გავრცელება ჰპოვა ჩრდილოკავკასიელ, მ.შ. დაღესტნის ახალგაზრდობაში, ის იქცა მუსლიმანური რელიგიური სწავლებისგაწმენდისადა პირველსაწყისებთან დაბრუნების ახალგაზრდულ მოძრაობად. თუმცა, სალაფიზმი მხოლოდ ინდივიდის სულიერი სწავლებით არ შემოიფარგლება: ის ავრცელებს არაბული ენის მსოფლიო ბატონობის, „მსოფლიო ხალიფატისიდეებს, რომლის ნაწილადაცკავკასიის იმარატიმოიაზრება. დაღესტნის მუსლიმანურთემის შიგნით წლების განმავლობაში გრძელდება და ძლიერდება დაპირისპირებები, განსაკუთრებით ტრადიციული სუფიური საძმოების ტარიკატების მომხრეებსა და ბოლო ათწლეულებში მომძლავრებულ სალაფიტებს შორის. ეს ხშირად ვლინდება სისხლიანი ტრაგედიებით, ომლებიც დაიწყო დაღესტნის მუფტის, აბუბაქაროვის დემონსტრატიული მკვლელობით. ბოლო წლებში, რუსეთის მასშტაბით, სალაფიტების ხელით მოკლულ იქნა ტრადიციული ისლამის მიმდევარი 60–ზე მეტი სულიერი ლიდერი და მათი ოჯახის წევრი, ათობით მათგანი დაიჭრა.
2012 წლის აპრილის მიწურულს დაღესტანში სუფიური ტარიკატების ხელმძღვანელებსა და სალაფიტებს შორის მოლაპარაკებები დაწყო. რამდენიმე დღეში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი ტერაქტის მიუხედავად, ისინი გაგრძელდა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღოდა დაღესტნის სულიერ ლიდერს, შეიხ საიდ აფანდი ელჩირკავის. თვითმკვლელი ტერორისტი ქალის მიერ 2012 წლის 28 აგვისტოს, ხალხში დიდი გავლენისა და ავტორიტეტის მქონე ამ შეიხის მკვლელობამ მოლაპარაკებები ჩაშალაიმავე დღეს დერბენტის რაიონის სასაზღვრო პუნქტზე სალაფიტმა სამხედრო პირმა თანამშრომლები ავტომატით დაცხრილა,
ელჩირკავის  მკვლელობამდე 10 დღით ადრე ხასავიურტში დახოცეს  დაღესტნელი შიიტები, რომლებიც იქ მუსლიმანების მცირე წილს შეადგენენ: ტერორისტები მეჩეთში შეიჭრნენ და მლოცველებს ცეცხლი გაუხსნეს. ეს აქცია მოჰყვა ბაქოში ჩრდილოკავკასიელი მუფტიების შეხვედრას, რომლებმაც აზერბაიჯანელი შიიტი შეიხისალლახშუკიურ ფაშაზადეს ლიდერობა აღიარეს და ბაქო კავკასიის მუსლიმანობის სულიერ ცენტრად დასახეს. ეს შეიხი წინა წლებშიც აქტიურობდა ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც ვიზიტების დროს ხვდებოდა როგორც ადგილობრივ სულიერ ლიდერებს, ასევე რესპუბლიკების ხელმძღვანელებს. ამდენად, შარშანდელი აგვისტოს სისხლიანმა მოვლენებმა ისლამის სხვადასხვა მიმდინარეობას შორის მშვიდობიანი დაზავების პერსპექტივა მოსპო.
დღემდე პასუხგაუცემელია კითხვები, არის თუ არა კავშირი შარშან აგვისტოში დაღესტანში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებსა და ლაფანანყურის სპეცოპერაციას შორის, სწორედ ამ პერიოდში ასე დაჟინებით რად მიისწრაფოდა სალაფიტი მებრძოლების რაზმი დაღესტანში გადასვლისაკენ, მისი ლიკვიდაციის მაღალი საფრთხის მიუხედავად? 25 აგვისტოდან ინტერნეტფორუმებსა და მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია დაღესტანში, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე, რუსული ჯარებისა და ჯავშანტექნიკის დიდი რაოდენობით კონცენტრირების შესახებ, რასაც სექტემბერში დაგეგმილი სამხედრო წვრთნებისთვისკავკაზ–2012“ მზადებით ხსნიდნენ. მედიაში იყო ვერსია, რომ რუსული სპეცსამსახურები ინფორმირებულები იყვნენ ამ რაზმის გადაადგილების თაობაზე, მასში ჩანერგილი გრუ-ს აგენტურის მეშვეობით და საჯარისო ნაწილები საზღვართან სწორედ მას ელოდნენ. ასევე არ არის ახსნილი ქართული მხარის რადიკალური მოქმედების მიზეზები, რომელიც მანამდე მფარველობდა სალაფიტ მებრძოლებს თავის ტერიტორიაზე: ნუთუ, საქართველოდან „ბოევიკების“ გადასვლის დადასტურებული საბაბის გამოყენებით, მაშინ მართლაც ასეთი მაღალი იყო რუსული ჯარების შემოჭრის ალბათობა? 
ამ წერილში აღწერილი დაღესტნური კრიმინალური საგა, რომელმაც გაგრძელება საქართველოში ჰპოვა, მხოლოდ ერთი ფრაგმენტია ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესების მოზაიკაში. როგორც ვხედავთ, ისლამური სამყაროს შიდაკონფესიური დაპირისპირება, რომელიც სირიის სამოქალაქო ომისა და რუსეთში ხშირი ტერაქტების სახით ვლინდება, მჭიდროდაა გადაჯაჭვული ავღანეთიდან ნარკოტრეფიკის გაკონტროლებაზე ბრძოლასთან, დიდი სახელმწიფოების გეოპოლიტიკურ ინტერესებთან და სპეცსამსახურების ფარულ აქტივობებთან. 

No comments:

Post a Comment