11 June, 2013

რუსეთს ივანიშვილის „პოკლონი“ ეჩქარება

                                 გაზეთი "ქრონიკა +", #7, 04.06.2013


მიმოწერითა და სატელეფონო ზარებით აზრთა ხანგრძლივი გაცვლა-გამოცვლის შემდეგ  ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა შედგება. ივნისში, ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ლოხერნში, „დიდი რვიანის“ სამიტი გაიმართება, რომელზეც ლიდერები დღევანდელი მსოფლიოს მრავალ საჭირბოროტო საკითხზე იმსჯელებენ.  ობამასა და პუტინის შეხვედრის დღის წესრიგის არასაჯარო ნაწილში, არ არის გამორიცხული, ერთ-ერთ ქვეპუნქტად საქართველოს საკითხიც მოხვდეს, რაზეც მიანიშნებს რუსეთის მნიშვნელოვანი გააქტიურება უკანასკნელ პერიოდში.

პუტინს, ობამასთან დაგეგმილი შეხვედრის წინ, სჭირდება ჩვენს მთავრობაზე საკუთარი გავლენის დემონსტრირება, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს საკითხი რომ „გადასაცვლელ მონეტად“ გამოიყენოს. ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც  სამიტზე დადგება, სირიის ძალზე გახანგძლივებული სამოქალაქო ომია. მისი დასარეგულირებელი, ე.წ. „კოფი ანანის გეგმის“ განსახორციელებლად რუსეთი მხარეებს „ჟენევა-2“ ფორმატში მოლაპარაკებებს სთავაზობს, მაგრამ არაბული ქვეყნების, სირიის მთავრობისა და ოპოზიციის ერთ მაგიდასთან თავმოყრა გაუჭირდა. ამასობაში ევროკავშირმა მოხსნა ემბარგო სირიის ოპოზიციისათვის იარაღის მიწოდებაზე, ხოლო აშშ რესპუბლიკელმა სენატორმა მაკ კეინიმ არალეგალურად გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი და ამბოხებულებთან მოლაპარაკებები გამართა. ბაშარ ასადის რეჟიმის შესანარჩუნებლად წარმატებით „ვაჭრობისათვის“, რუსეთს წაადგებოდა სახელოში „საქართველოს კარტის“ ქონა, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე არ მოუწიოს დათმობაზე წასვლა. მსგავსი გარიგების სურვილი გამორიცხული არაა: „საქართველო ირანის სანაცვლოდ“ რომ მოსკოვმა ადრეც შესთავაზა ამერიკას, მაგრამ ობამა არ დასთანხმდა,  ამის შესახებ ზუსტად ერთი წლის წინ წამოსცდა სტუდენტებთან შეხვედრისას აშშ ელჩს რუსეთში მაიკლ მაკფოლს, რომელიც „გადატვირთვის პოლიტიკის“ ერთ-ერთი არქიტექტორია.
ასეთ ვითარებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავს იკავებს როგორც რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისგან, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით ოკუპანტადაა გამოცხადებული, ასევე დიდი სტრატეგიული პარტნიორის დედაქალაქში ვიზიტისგანაც. მან თქვა, რომ ჰქონდა აშშ-ს მიწვევა გასული წლის ნოემბერში, მაგრამ ვიდრე „არ დაანახებს ახალი ხელისუფლების სახეს“, ამას არ აპირებს. ივანიშვილი ჯერ საკუთარი ხელისუფლების გამყარებას გეგმავს, რომ  უცხოელებთან წელგამართული წარსდგეს, და არა - დიდხელმწიფის კარზე სამადლოდ მისული ახალბედა პოლიტიკოსის რანგში. არ არის გამორიცხული, მისმა ამგვარმა „ფეხისათრევამ“ ორივე მხარეს გარკვეული ეჭვები აღუძრას საქართველოს ახალი მთავრობის მიერ დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმართვის სურვილზე.

ამ ეტაპზე პრაგმატული ივანიშვილი მხოლოდ მეზობლებთან და ევროგაერთიანებასთან ურთიერთობას სჯერდება. მართალია, ევროპაში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგულ მხარდაჭერად რჩება „ევროპის სახალხო პარტია“, მაგრამ ევროპარლამენტის სხვა ფრაქციები უმრავლესობაში მყოფთა აზრს არ იზიარებენ. გასულ კვირას, „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე ხანგრძილივი დებატები გაიმართა  საქართველოში ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების საკითხზე. მმართველი კოალიციიდან ბრიუსელში ვიქტორ დოლიძე და თინათინ ხიდაშელი იყვნენ წარგზავნილები და ძალიან იყოჩაღეს;  მიუხედავად სახალხო პარტიის სრული მობილიზაციისა, ჯერ პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე, შემდეგ ბიუროზე და, ბოლოს, პლენარულ სხდომაზე, EPP-ს იდეამ მერაბიშვილის პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლად გამოცხადების შესახებ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. თუმცა, ევროპა კრიტიკული თვალით აკვირდება ჩვენში მიმდინარე პროცესებს, რასაც მოწმობს ევროჩინოსანთა ხშირი ვიზიტები და მათი მოზომილი განცხადებები.

პრემიერის საგარეო-პოლიტიკური პასიურობის ფონზე პრეზიდენტი სააკაშვილის განუწყვეტელი ვიზიტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მხოლოდ მისი ბუნებრივი ჰიპერაქტიურობით არაა განპირობებული: „ნაციონალური მოძრაობა“ გამალებულად ცდილობს მოიპოვოს საგარეო მხარდაჭერა, რაც მისი რევანშისტული გეგმის ერთი-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. აპრილ-მაისში სააკაშვილმა აშშ-ს მმართველ წრეებში ამ მიზნით აქტიურად იმუშავა და, გავლენიან სენატორებთან ერთად, ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და სახელმწიფო მდივან ჯონ ქერისაც შეხვდა. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ამ ვიზიტებისას ამერიკული პოლიტელიტა უხვად მომარაგდებოდა ივანიშვილის „პრორუსულობის“ დამამტკიცებელი ფაქტებით. აშშ ადმინისტრაციის ამგვარი ეჭვები დღეს პუტინს აწყობს, მაგრამ მათ მხოლოდ სასურველი ფონის შექმნა შეუძლიათ, ოფიციალურ შეხვედრაზე საქართველოს საკუთარი გავლენის სფეროდ მოხსენიებისთვის მას უფრო მეტად ხილვადი არგუმენტი სჭირდება. საამოსოდ მშვენიერი იქნებოდა პრემიერ ივანიშვილის „პაკლონნი“ ვიზიტი რუსეთში, ან, თუნდაც, სადმე სხვაგან გამართული შეხვედრა უმაღლეს დონეზე.
ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან კონტაქტების უფრო მეტად გაღრმავებას არ ჩქარობს და ცდილობს, დისტანცირება მოახდინოს რუსეთში მოღვაწე, კრემლთან დაახლოებული ქართველებისგან. კახა კუკავას თქმით, პრემიერის პირადი განკარგულებით მოხდა ისე, რომ მაისის ბოლოს თბილისში ჩატარებულ „დიასპორის დღეებში“ მონაწილეობის მისაღებად მოსაწვევები ყველა ქვეყანაში გაიგზავნა, გარდა რუსეთისა. მოსკოვიდან საქართველოში საყვედურნარევი მესიჯი ჩამოიტანა "რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის" პრეზიდენტმა ვლადიმერ ხომერიკმა: „მე ვარ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი და ის მზად არის, შეხვდეს ივანიშვილს. სამწუხაროა, რომ ივანიშვილი ამისთვის მზადყოფნას არ გამოთქვამს. პუტინმა უნდა მოამზადოს ეს შეხვედრა?! ეს უნდა იყოს საქართველოს მთავრობის ინიციატივა. ახალმა მთავრობამ განცხადება უნდა გააკეთოს, როგორ უყურებს ამ შეხვედრას. პუტინი არაფერს ითხოვს და მზად არის, ყველა საკითხზე ელაპარაკოს ივანიშვილს.
ხომერიკის მოწოდებამ გაიჟღერა ამისთვის ძალზე შეუფერებელ მომენტში, როცა ქართულ საზოგადოებაში კვლავ დაიწყო მატება მანამდე მინავლებულმა ანტირუსულმა განწყობებმა, რუსი მესაზღვრეების მიერ ქართული სოფლების გავლით ე.წ. სამხრეთ ოსეთთან საზღვრის ეკლიანი მავთულხლართებით გამიჯვნის ფონზე.  კრემლმა ამ პროვოკაციული ქმედებით საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის დემონსტრირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მანამდე ნაცადმა მეთოდებმა ვერ გაუმართლა.
პოლიციისა და „ზონდერების“ მიერ 1 მაისის სტუდენტური მანიფესტაციის დაშლა რომ ნეგატიურად უნდა ასახულიყო ჩვენი ხელისუფლებისა და ევროპის სოციალისტთა ურთიერთობებზე, ამაზე „ქრონიკა+“-ის წინა ნომრებშიც აღვნიშნეთ. მაშინ გავრცელდა კულუარული ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილის მიერ პოლიციის ქმედებების საჯაროდ გამართლების მიუხედავად, შს მინისტრს სერიოზული „შიდა გარჩევა“ მოუწყია გარემოცვისთვის. შესაძლოა, მართლაც ამ დროს გაირბინა „შავმა კატამ“ მის პირველ მოადგილე გელა ხვედელიძესთან, რომლის როლზეც დემონსტრაციის დარბევაში გარკვეული მინიშნებები კეთდებოდა. ამას მოჰყვა „კვერცხებისა და ფარესაშვილის სკანდალი“, რომელშიც ხვედელიძემ თავად დატოვა კვალი საიტის საყიდლად საქართველოდან თანხის გადარიცხვის სახით, რაც უშიშროების გამოცდილი მუშაკისგან დაუჯერებელია. საბოლოოდ, ის შს მინისტრის მოადგილეობიდან მინიმალური დანაკარგებით (სავარაუდოდ, მხოლოდ ჯარიმით) წავიდა, პოლიციის მიერ დაკავებულ 24 სტუდენტს კი 400 ლარიანი ჯარიმები აჰკიდა სასამართლომ, რომ წითელი დროშებით ქალაქში სეირნობის სურვილი აღარ გაუჩნდეთ.
17 მაისის „ლგბტ ფლეშ-მობის“ უკან თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ სახავენ, მის საწინააღმდეგოდ აგორებული კონტრ-აქციის ორგანიზატორებად ასეთივე წარმატებით შეიძლება დავინახოთ რუსეთიდან მართული ძალები. საამისოდ ეფ-ეს-ბეს პატრონაჟის ქვეშ მყოფი რუსული ეკლესიისა და ქართველი მართლმადიდებლების მჭიდრო კონტაქტები, ხალხმრავალ აქციაზე კრემლის მოტრფიალე პოლიტიკოსებისა და მათი მომავალი ლიდერის - ჩრდილოეთში მილიონებნაშოვნი ლევან ვასაძის გამოჩენაც კმარა. თავად კონტრ-აქციებიც გამოირჩეოდა დაუფარავი ანტიდასავლური პროპაგანდით და ევროპა-ამერიკის „სოდომური ცოდვის ბუდედ“ წარმოჩენით მაშინ, როცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ მამათმავლობა თავად რუსეთშიც არანაკლებაა გავრცელებული, მიუხედავად მისი ოფიციალური აკრძალვისა.  რუსოფილური განწყობები აქ ეროვნულ-პატრიოტული ლოზუნგებით იყო გადაფარული, მაგრამ მალევე,  ზეაქტიური პატრიოტების მიერ „მესაზღვრეების“ ქმედების არგაპროტესტებით, ნათლად გამოჩნდა. „ფეისბუქის“ ერთ-ერთი მომხმარებელი ამაზე წერდა: „სად იყვნენ რუსული ოკუპაციის საპროტესტო აქციაზე ჩვენი ურაპატრიოტი მამულიშვილნი? რატომ არ გამოიყვანა მამა გიორგი ყიფშიძემ თავისი 30 ათასიანი ლაშქარი, სად იყო ონაცისტ ევგენი მიქელაძის ეროვნული ფრონტი, სად იყო სრულიად საქართველოს ერონული დარბაზი და მეგაფონიანი ქორეპისკოპოსი იაკობი? რუსეთის ყოფილი საელჩოს წინ მხოლოდ ორმოცდაათიოდე კაცი შეიკრიბა! ანუ, ქართველებს უკვე მკაფიოდ განუსაზღვრავთ მტერი და მოყვარე. საამისოდ, ეკლესიამ თავისი "ღვაწლი დადო".

მიუხედავად მის მიმართ გამოთქმული კრიტიკისა, შს მინისტრმა მოახერხა, რომ წლევანდელი სამაისო გამოსვლები თბილისში უმსხვერპლოდ დასრულებულიყო. ღარიბაშვილმა მაისშივე მოასწრო წარმატებულად ემოგზაურა ისრაელში, სადაც მაღალ დონეზე იქნა მიღებული. ამით საფუძველი შეუქმნა პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ახლო აღმოსავლეთის ცხელი რეგიონის ეპიცენტრში მყოფ, ამერიკის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან, რომლის დიასპორას ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში დიდი გავლენა აქვს.  ივანიშვილის მცდელობა, გამოიყენოს ისტორიული კავშირები ებრაელ ერთან და, ვაშინგტონში პირველ ვიზიტამდე,  ისრაელის პოლიტელიტის მეშვეობით მოიპოვოს ნდობა და მხარდაჭერა აშშ მმართველ წრეებში, რუსეთის მზერას არ გამოეპარებოდა. ამდენად, გასაკვირი არაა ის, რომ ჩრდილოელი მეზობელი მის ხელთ არსებულ ყველა მეთოდს იყენებს ჩვენი მთავრობის საგარეო კურსის მიმართულებაზე ზეწოლის მოსახდენად.

"ის რაც ხდება ძალიან არასასიამოვნო და, მართალი რომ გითხრათ, გაუგებარიცაა. რამეთუ, მე მეგონა, სხვა დამოკიდებულება განვითარდებოდა ახალ ხელისუფლებასა და რუსეთს შორის. ჩვენ არ ვაკლებდით არაფერს სიტუაციის დასალაგებლად”,- გულისწყრომა არ დამალა პრემიერ-მინისტრმა „პრაიმ-ტაიმისათვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსი სამხედროების მიერ ქართულ სოფლებში პროვოკაციული მოქმედებების კომენტირებისას. მეზობლისკენ გადადგმულ სამშვიდობო ნაბიჯებზე საპასუხოდ „მორიელის კბენა“ ივანიშვილისთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ რუსეთის მოლოდინიც, ალბათ, განსხვავებული იყო და ახალი ხელისუფლებისგან მოსკოვისკენ მკვეთრ შემობრუნებასა და ძღვენ-ლაქუცით მისვლაში მდგომარეობდა. 



 

No comments:

Post a Comment