04 October, 2013

ივანიშვილი - რეფორმის გარანტი

                გაზეთი "ქრონიკა+", #24, 01.10.2013
წინა კვირაში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე მომუშავე საზოგადოებრივი მრჩეველთა საბჭოს წევრების პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ქართული მედიის ყურადღების მიღმა აღმოჩნდა, ამიტომ თავს უფლებას ვაძლევ, იქ გამართული დისკუსიაზე შთაბეჭდილებები მკითხველს გავუზიარო და იმ არახილული ბრძოლის შესახებ მოგითხროთ, რომელიც ორი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარეობს სამოქალაქო ენთუზიასტებსა და საბჭოთა ადმინისტრაციულ-მბრძანებლობითი სისტემის მემკვიდრეობის შენარჩუნების მსურველ სკამოსანთა შორის.
ვახტანგ ხმალაძე, დავით ლოსაბერიძე, კონსტანტინე კანდელაკი, ალექსანდრე სვანიშვილი, დავით ზარდიაშვილი, - აი არასრული ჩამონათვალი იმ ადამიანებისა, ვინც 1995 წლიდან  დაიწყო საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის შესაქმნელად ფიქრი, მსჯელობა და სხვადასხვა შეხვედრებსა და კონფერენციებზე განსხვავებულ მოდელებსა და კონცეფციებზე იდეების გაჟღერება. ვანო ხუხუნაიშვილის ხელმძღვანელობით პარლამენტში შექმნილ ინტერფრაქციულ ჯგუფთან თანამშრომლობით მათ მოამზადეს კანონი   „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“, რომლის საფუძველზეც 1998 წელს ჩატარებული არჩევნებით, ძირითადად, საბჭოთა კავშირის დროინდელი ადგილობრივი საბჭოების საზღვრებში, შეიქმნა ორდონიანი სისტემა: 1000-ზე მეტი თვითმმართველობა სოფლებში, თემებში, დაბებსა და ქალაქებში, რომლებსაც რაიონულ დონეზე აერთიანებდა პროპორციული სისტემით არჩეული საკრებულო. მცირე თვითმმართველობებს არც უფლებები მისცეს და არც იმდენი ფინანსები ანდეს, რომ მათ   თავიანთი დასახლებების პრობლემების გადაწყვეტა შესძლებოდათ. მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა რაიონის დონეზე ძალაუფლების ხელიდან გაშვება და ცენტრიდან დანიშნული გუბერნატორისა და გამგებლების მეშვეობით შექმნა სახელისუფლებო  ვერტიკალი, რომელიც მალევე შემოიზარდა ადგილობრივი ნახევრადმაფიოზური კლანებით.
2002 წელს, პირველივე ციკლის დასასრულისთვის, უკვე ნათლად გამოჩნდა მაშინდელი სისტემის ყველა სისუსტე. თვითმმართველობის განვითარებაზე მოფიქრალ ჯგუფს შეუერთდა ახლანდელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, რომელიც მანამდე რაიონებში ბიუჯეტების გამჭვირვალობის მიღწევასა და პროგრამული წესით მათი შემუშავების დანერგვას ცდილობდა. ამ დროს კონსტანტინე კანდელაკის ინიციატივით შეიქმნა „საქართველოს ქალაქების თვითმმართველობათა კავშირი“, რომელიც იბრძოდა გამგებლების პირდაპირი წესით არჩევის, თვითმმართველობებისათვის მეტი უფლებების გადაცემისა და ფისკალური დეცენტრალიზაციისათვის. ამ მოთხოვნებს იზიარებდა მაშინდელი ოპოზიცია, რომელმაც 2003 წლის „ვარდების რევოლუციით“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხალხისთვის დანაპირების შესრულების მიზნით თავიდან გარკვეული ნაბიჯები გადადგა: ჯერ პრემიერმა ზურაბ ჟვანიამ შექმნა სამთავრობო კომისია, შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა - სახელმწიფო კომისია, რომელშიც სამთავრობო და საპარლამენტო თანამდებობის პირებთან ერთად საზოგადოების სამი წარმომადგენელიც შეიყვანა: თენგიზ შერგელაშვილი, დავით ლოსაბერიძე და გია ხუბუა.
2004 წელს თვითმმართველობის განვითარებით დაინტერესებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა: „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“ (თ.შერგელაშვილი), „კავკასიური ინსტიტუტი“ (დ.ლოსაბერიძე), „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი“ (კ.კანდელაკი) და „კივიტას გეორგიკა“ (დ.მელუა), ათეულობით ექსპერტთან ერთად შეიმუშავეს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ცვლილების, ხელისუფლების დონეებს შორის უფლებამოსილებათა და ფინანსური გამიჯვნის კონცეპტუალური განაცხადი, რომლის ხელისუფლებასთან ლობირებას პრემიერის კანცელარიის ამჟამინდელი რეგიონული სამსახურის უფროსი ირაკლი მელაშვილი ახდენდა. იმ პერიოდში თბილისის მაშინდელი მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი მხარს უჭერდა „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ (ვაჟა სალამაძე) მიერ შემუშავებულ დედაქალაქის ხელისუფლების დეცენტრალიზაციისა და ტერიტორიული მოწყობის კონცეფციას.
ეს კონცეფციები წარუდგინეს ევროსაბჭოს კონგრესს და სამუშაო ჯგუფებს, სადაც ისინი პოზიტიურად შეაფასეს და, თითქოს, ხალხისათვის რეალური თვითმმართველობის უფლების გადაცემას წინ აღარაფერი ეღობებოდა, მაგრამ „ვარდოსნებმა“ ამ დროისათვის უკვე იგემეს ხელისუფლებაში ყოფნის სიტკბოება, რომელმაც ყოფილ რევოლუციონერებს მალე დაავიწყათ თავიანთი იდეალები. რეფორმების სწრაფად გატარების მოტივით სააკაშვილმა კურსი  მაქსიმალურ ცენტრალიზაციაზე აიღო, რისთვისაც ადრეული ჩანაფიქრისგან საპირისპირო პრინციპებზე დაყრდნობილი კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“  მიაღებინა პარლამენტს, რომლის საფუძველზეც ჩატარდა 2006 წლის ადგილობრივი არჩევნები. ადგილებზე თუნდაც სუსტი, მაგრამ მაინც თვითმმართველობის ერთი ხელის მოსმით გაუქმებით, მათ ნაცვლად რწმუნებულების ინსტიტუტის შემოღებითა და მუნიციპალიტეტებად სახელდებულ რაიონებში ბუტაფორიული თვითმმართველობების შექმნით „ნაციონალებმა“ შენიღბეს შევარდნაძის დროინდელი სახელისუფლებო ვერტიკალი: პრეზიდენტი-გუბერნატორი-გამგებელი-სოფლის რწმუნებული, ხოლო 2010 წლის არჩევნების შემდეგ ადგილებზე ერთპარტიული სისტემა ჩამოაყალიბეს, რომელსაც სიშიშვლეს ვეღარ უფარავდა ალაგ-ალაგ ლეღვის ფოთლების ნაგლეჯებად აფარებული,  საკრებულოებში მათივე სატელიტი პარტიების მწირი წარმომადგენლობა. ცხადია, გიგი უგულავას თბილისის მერად მოვლინებისთანავე დედაქალაქის ხელისუფლების დეცენტრალიზაციის კონცეფციაც აღარავის გახსენებია, თუმცა, უცხოეთისთვის თვალის ასახვევად, თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები და 5 დიდი თვითმმართველი ქალაქი მაინც დაკანონდა. დიდი მიხვედრა არ უნდოდა იმ ფაქტს, რომ პოლიციური სახელმწიფოს პირობებში თბილისის მერად ოპოზიციონერი ვერ გავიდოდა და თვითმმართველობები ვერ დაუსხლტებოდნენ  ყოვლისმომსმენი მერაბიშვილის კლანჭებს.
იმ დროს შექმნილ ვითარებას ვერ შეურიგდნენ დავით ლოსაბერიძე და თენგიზ შერგელაშვილი, სახელმწიფო კომისია პროტესტის ნიშნად დატოვეს, კონცეფციის პრინციპებიდან რადიკალურად გადახვევისა და პროცედურული წესების დარღვევების გამო. მათთვის და სხვა ქართველი ექსპერტებისთვის, ვინც თავი არ გაიპოხა და სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ფსევდო-თვითმმართველობის სისტემის შექმნაში მონაწილეობაზე უარი თქვა,  ამის შემდეგ არა მხოლოდ ხელისუფლების მიერ მოწყობილი ღონისძიებების, არამედ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოთანამშრომლე მრავალი უცხოური ორგანიზაციისა და ფონდის კარი სამუდამოდ დაიხურა.
პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენისთანავე, მეორე პრეს-კონფერენციისას, ახალმა  ლიდერმა გააჟღერა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით სწორედ იმ პრინციპებს იზიარებს, რომლებიც თავის დროზე გამაღალჩინოსნებულმა „ნაციონალებმა“ უარყვეს. ავტორთა ჯგუფმა შერგელაშვილის, მელაშვილის, ლოსაბერიძისა და კანდელაკის შემადგენლობით, გადაამუშავა 2005 წელს შემუშავებული კონცეფციები, ახალ რეალობასთან მათი ადაპტირება მოახდინა და 2012 წლის დასაწყისში გამოაქვეყნა, რაც საფუძვლად დაედო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის იმ ნაწილს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას, მის დემოკრატიზაციასა და ხელისუფლების დეცენტრალიზაციას შეეხებოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებისა და კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ამ სფეროში რეფორმის განხორციელება იტვირთა, რისთვისაც მინისტრის ბრძანებით შეიქმნა საზოგადოებრივი მრჩეველთა საბჭო, რომელშიც სხვადასხვა ხედვების და გამოცდილების მქონე ადამიანები გაერთიანდნენ, შეიქმნა სამუშაო ჯგუფები ექსპერტების მონაწილეობით, რომლებმაც ცალკეული მიმართულებებით ახალი კანონმდებლობის მომზადებაზე დაიწყეს მუშაობა. ამ საბჭოს შესახებ უფრო დაწვრილებით მკითხველს შეძლია შეიტყოს ინტერნეტ-საიტიდან www.droa.ge და „ფეისბუქის“ გვერდიდან „თვითმმართველობის დროა“.
27 მარტს საქართველოს მთავრობამ მოიწონა „დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის“, რომლის საჯარო განხილვები სამინისტრომ და მრჩეველთა საბჭოს წევრებმა მოაწყეს საქართველოს ყველა რეგიონში, მათზე გამოთქმული მრავალი შენიშვნის გათვალისწინებით კი ხდებოდა ახალი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ პროექტის შემუშავება, რომელზეც ამ დღეებში მთავრობის სხდომაზე უნდა იმსჯელონ.
კანონპროექტით გათვალისწინებული მრავალი სიახლე: რწმუნებულების ინსტიტუტის გაუქმება და დასახლებულ პუნქტებში საზოგადოებრივი თვითმმართველობების შექმნა, რომლებსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი ექნებათ, 15.000-ზე მეტი მოსახლეობის მქონე ურბანული დასახლებებისთვის თვითმმართველი ქალაქების სტატუსის მინიჭება, ახალი მუნიციპალიტეტების შექმნა და მუნიციპალური მოწყობის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოპტიმიზაცია, რეგიონულ დონეზე თვითმმართველობის ელემენტების შემოტანა, მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევნები, ფისკალური დეცენტრალიზაცია და, ფინანსებთან ერთად, ცენტრიდან ადგილებზე უფლებამოსილებების გადაცემის დაკანონება, რომ იმის გადაწყვეტა, თუ რომელი ორღობე უნდა შეკეთდეს ან ქუჩა მოიხრეშოს სოფელში, სამინისტროებში აღარ წყდებოდეს, - ამ საკითხებზე მწვავე დისკუსია გაიმართა პრემიერ-მინისტრთან საზოგადოებრივი საბჭოს წევრების შეხვედრისას 26 სექტემბერს, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, მისი პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი და პარლამენტარი ზურაბ ტყემალაძე ესწრებოდნენ. როგორც აღმოჩნდა, სიახლეების შიში და სახელისუფლებო ვერტიკალის ძველებურად დატოვების სურვილი ზოგიერთი სამინისტროს სავარძლებში ათწლეულობით იბუდებს, ერთადერთი სამთავრობო უწყება, სადაც ამ „ჯადოსაგან გამოლოცვა“ წარმატებით მოხერხებულა, დავით ნარმანიას სამინისტროა, რომელიც ძალაუფლებას კი არ ებღაუჭება, პირიქით, ცდილობს საკუთარი უფლებამოსილებები გადაუნაწილოს რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს, თავისთვის კი მხოლოდ მონიტორინგის ფუნქციას იტოვებს.
შეხვედრაზე გავაკეთე სასიამოვნო აღმოჩენა, რომ ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ ღრმად არის ჩახედული თვითმმართველობის ახალი კანონპროექტით შემოთავაზებულ სიახლეებში და იზიარებს მის ფუნდამენტურ პრინციპებს, არამედ ამ რეფორმას საზოგადოებაში სამოქალაქო კულტურისა და თვითშეგნების ზრდის ინსტრუმენტად განიხილავს, განსხვავებით მისი კაბინეტის ზოგიერთი კონსერვატორი წევრისაგან, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი ენთუზიასტი სამოქალაქო აქტივისტის პოზიციიდან ეკამათებოდა. აქამდე თუ მხოლოდ გარედან დაკვირვებისა და პროცესების ანალიზის საფუძველზე ვწერდი, „ბიძინა ივანიშვილი ბელადების ეპოქას ამთავრებს“-მეთქი („ქრონიკა+" #21, 10.09.2013), ახლა ახლოდან დავრწმუნდი, რომ არ შევმცდარვარ, როცა ამ კაცს არა მისი მილიარდების (როგორც ბოროტი ენები იგესლებიან), არამედ ლიბერალური ღირებულებებისა და სოციალური სამართლიანობის იდეების ერთგულებისათვის დავუჭირე მხარი და ის პოლიტიკური დევნა, რომელიც წინა ხელისუფლებისაგან ავიტანე, საკუთარი პროფესიული საქმიანობისგან წლობით ჩამოცილება, მიღირდა იმად, რომ ჩვენს შვილებს ნორმალურ სახელმწიფოში ცხოვრების შანსი მიეცეთ.

-ჩემგან რას ითხოვთ?-გვკითხა პრემიერმა. -რეფორმისათვის პირადად თქვენს მკაფიო პოლიტიკურ მხარდაჭერას-მეთქი. მისი პასუხი მაძლევს იმედს, რომ ჩემს სამშობლოში დემოკრატიას მყარი საფუძველი ჩაეყრება, რეალური ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბების სახით.

No comments:

Post a Comment