29 September, 2013

„ქარის ფაქტორი“ ქართულ პოლიტიკაში

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვე დარჩა და 26 კანდიდატი ამომრჩევლისთვის თავის მოწონებას ცდილობს, კამპანია სულ უფრო ცხელ ფაზაში შედის.  მართალია, უფლებაშეკვეცილი, მაგრამ მაინც სახელმწიფოს მეთაურისა და მთავარსარდლის სავარძლისთვის ბრძოლაში ლიდერობს სამი მათგანი: გიორგი მარგველაშვილი, დავით ბაქრაძე და ნინო ბურჯანაძე. გაზეთის წინა ნომერში ქალბატონი ნინოს წინასაარჩევნო სტრატეგიის თავისებურებებზე ვიმსჯელეთ, ამიტომ ამჯერად სხვა კანდიდატებს შევეხოთ. არავინ იცის, ამზადებს თუ არა რომელიმე მხარე კონკურენტების საწინააღმდეგოდ ტელევიზიებით ასაფეთქებელ იმგვარ „ბომბებს“, როგორიც შარშანდელი სექტემბრის „ციხის კადრები“ იყო. იმედი ვიქონიოთ, რომ ამჯერად აჟიოტაჟს გადავრჩებით და ყველაფერი მშვიდად ჩაივლის.
ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტობის ღირსად დასახელებული, განათლების ექს-მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ამომრჩეველს მისთვის ჩვეული წვერის გარეშე და კლასიკურ ჰალსტუხ-კოსტუმში გამოწყობილი ხვდება, „ქართული ოცნების“ მაისურებიანი გოგო-ბიჭების მიერ მოფრიალე დროშების ფონზე და მოსახლეობას სახელდახელოდ აღმართული სცენებიდან მიმართავს სიტყვით. მის „პი-არ“ მენეჯერებს ამით, ალბათ იმის ჩვენება უნდათ, რომ კანდიდატს ზურგს უკან ხელისუფლება უდგას მთელი თავისი ძალმოსილებით. „მარგველაშვილის უფასო სახელმძღვანელოები“ დარიგდა, მაგრამ მოწაფეთა მშობლებს საარჩევნო ყუთთან ეს გაახსენდებათ თუ არა, ჯერ არ ვიცით. ისიც უცნობია, რამდენი ფანი ჰყავს ამჟამად ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მისი სიტყვების გავლენით გააკეთებს არჩევანს: გიორგი მარგველაშვილისთვის ნდობის გამოცხადება, იცოდეთ, ჩემთვის ნდობის გამოცხადებას ნიშნავს. ნდობის „პერეადრესაცია“ ასე მარტივად არ ხდება და მხოლოდ ამ ფაქტორით 50%-ზე მეტი მხარდაჭერის მიღება პირველივე ტურში, როგორც ამას მმართველი გუნდი გეგმავს, ზედმეტად ოპტიმისტური პროგნოზია, თუ სახელოში რაიმე სხვა „კოზირები“ არ აქვთ შემონახული ოქტომბრის მეორე ნახევარში გამოსაყენებლად. ვიცი, რომ ძალიან ბევრი, მხრების აჩეჩვით, ასეთ  კითხვას სვამს: „შარშან ბიძინა ივანიშვილს დავუჭირეთ მხარი, ის კი პოლიტიკიდან მიდის. ვინ არიან ისინი, ვისაც გვიტოვებს მმართველებად?!“
 მმართველი კოალიციის კანდიდატისგან განსხვავებით, ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერისით საპრეზიდენტოდ შერჩეული დავით ბაქრაძე ხაზგასმულად უბრალოდ იცვამს, არ ერიდება ჯინსებითა და მაისურით ხალხთან უშუალო და გულახდილ საუბარს, ტრიბუნებსა და ხუთჯვრიანი დროშების ფრიალს თავს არიდებს. ძნელი არაა იმის მიხვედრა, რომ ეს იმიჯი მისი პარტიის ე.წ. რებრენდინგის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელმაც უნდა დაანახოს ყველას, რომ „ნაციონალები“ მიხვდნენ თავის წარსულ შეცდომებს, რომელთაგან უმთავრესი ხალხისგან დისტანცირება იყო, კარდინალურად გარდაიქმნენ და მოსახლეობის გულისტკივილი თავიანთ გულთან ახლოს მიაქვთ.
ბაქრაძეს ხელს უწყობს ის გარემოება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიციური მმართველობის სიმახინჯეებთან ასოცირებული პერსონები ამჟამად სცენიდან განდევნილები, ან თვალს მიფარებულები არიან: ბაჩანა ახალაია და ვანო მერაბიშვილი - ციხეში, ზურაბ ადეიშვილი - იძულებით ემიგრაციაში, გიგა ბოკერია - ტელეეკრანზე ძვირად სანახავი, ხოლო მიხეილ სააკაშვილი გულისამაჩუყებელი მოგონებებით და „დამსხვრეული იმედებით“ ემშვიდობება საპრეზიდენტო სასახლეს. „უსამართლოდ დაჩაგრულ მშენებელთა“ პოზა „ნაციონალური მოძრაობისათვის“ მომგებიანი აღმოჩნდა და იმ სტაბილურ მხარდამჭერთა გარდა, რომელსაც ზრდასრული მოსახლეობის 10-15%-ად უთვლიან ამ პარტიას, მათ მხარეს ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი რაოდენობა დაბრუნდა, თუმცა, გამოკითხვებში ამის აღიარებისგან და ღიად დემონსტრირებისგან თავს იკავებენ: ამ კატეგორიაში ჯერ კიდევ ძლიერია ხელისუფლების განაწყენების შიში, მაგრამ უკვე ყველამ კარგად გაითავისა, რომ საარჩევნო ბიულეტენთან მარტოდ დარჩენილებს თავისუფლად და უკონტროლოდ შეეძლებათ სასურველი კანდიდატის შემოხაზვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო კამპანიის დამგეგმავთა სასახელოდ შეიძლება ითქვას, რომ გათვლა ახალი ხელისუფლებით გულაცრუებაზე და „დაჩაგრულისადმი“ ბუნებრივ სიმპათიებზე სწორია და, ალბათ, შედეგიანიც იქნება. პარადოქსულია, მაგრამ ამომრჩევლის იმ კატეგორიის დაბრუნებაში, რომელიც „ნაციონალებს“ შარშან გადაუდგა, უნებურად ეხმარებიან აგრესიული ოპონენტები, რომლებიც ხან ხმაურიან თავდასხმებს აწყობენ მათ ღონისძიებებზე, ხან კი გაბერილი ფალოსის მულაჟით დაარბენინებენ სახედარს ქუჩებში. ამგვარი საცირკო წარმოდგენები რომ ხალხისათვის გამაღიზიანებელია და უკუეფექტს იძლევა, ბოლოს „ოცნებაც“ მიხვდა და, ბოლო დროს აღარც „უფლებადამცველები“ ჩანან სცენაზე და არც მათი არმია, რომელიც მანამდე ლამის კეტებით დასდევდა „ნაც-ებს“ და ჯავრის ამოყრის ამგვარი დემონსტრირება დიდ სასახელო საქმედ მიაჩნდა. მიუხედავად გაპასიურებისა, მათი სცენიდან გაშვება ბევრს არაფერს შეცვლის, რამდენადაც სახელგატეხილი და მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის საძულველი პარტია ერთ წელიწადში ქვიშის გარეშეც საკმარისად გაირეცხა „გაცილებით ბნელებისა“ ხელისუფლებაში ხილვის შიშების გაჩენით.  
არჩევნების ბედს ის ამომრჩეველი კი არ წყვეტს, ვისაც ჩამოყალიბებული პოლიტიკური სიმპათიები აქვს, დროებით დასაქმებულია პარტიის წინასაარჩევნო სააგიტაციო ქსელში, ან რომელიმე ლიდერზე აფანატებს - ასეთების ხვედრითი წილი საერთო რაოდენობაში საკმაოდ მცირეა, არამედ ის უბრალო ადამიანები, რომლებსაც „ფეისებად“ და „ავტორიტეტებად“ არავინ მიიჩნევს და, ამის გამო, მათ მისამხრობად მხარეები თავს არ იწუხებენ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სწორედ ასეთ მასებზე გააკეთა გათვლა და აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ახალმა მთავრობამ ხალხს იმედი გაუცრუა: არც ბენზინი გაიაფდა 1 ლარით, არც გაზისა და ელენერგიის ტარიფები განახევრდა, გაუარესდა კრიმინალური მდგომარეობა... აქ საქმე ის კი არ არის, სტატისტიკურად რამდენად მოიმატა ან დაიკლო დანაშაულის მაჩვენებელმა, არამედ მედიით ყოველდღიურად ჩვენამდე მოტანილ საშინელ ამბებში: ბანკებს აყაჩაღებენ, ვიღაცას ყელი გამოჭრეს, მოზარდი დაიკარგა უგზო-უკვლოდ,  მცირეწლოვანი გააუპატიურეს და ა.შ.  ამასთან, ყოფილმა ოპოზიციონერებმა ისე ღრმად დაარწმუნეს საზოგადოება იმაში, რომ კომუნალური გადასახადებიდან და საწვავიდან, როგორც ყველა სხვა ბიზნესიდან, „ნაციონალი“ მაღალჩინოსნები „წილს იღებდნენ“, რომ ტარიფების ძველ დონეზე შენარჩუნება   ხალხს აფიქრებინებს, - ეს „წილები“ ახლა სხვებთან მიდის, მათთან,  ვინც ახლაა მაღალ სკამებზე. მითია ეს თუ სინამდვილე, საარჩევნო მიზნებისთვის ამას აქვს  მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, რომ რკინისებური ლოგიკაა და ამ ეჭვს „პრემიებისმოყვარული“ ახალი ხელისუფლების ფიცი-მტკიცი არ შველის. ამის გამო „ქართული ოცნებიდან“ პოლიტიკური იმიჯი ყველაზე მეტად შეელახათ იმ მინისტრებს, ვინც შესაბამის სფეროებზეა პასუხისმგებელი, ასევე პრემიერის კონკრეტულ მრჩეველს - ვიღაცაზე ხომ უნდა გადატყდეს ეჭვის ჯოხი?!
დავით ბაქრაძის სასარგებლოდ, ისე, რომ მას თითიც კი არ გაუნძრევია, იმუშავა როგორც „ოცნების“ მთავრობის ყველა არაპოპულარულმა ქმედებამ, ასევე დაპირებულმა, მაგრამ გადაუდგმელმა ნაბიჯებმა, გაძვირებულმა ცხოვრებამ და მოსახლეობის შემოსავლების კლებამ. რამდენია იმედგაცრუებული და გულში იმის მაფიქრალი, „ამათ ისევ ძველები ჯობდნენ“, ბოლოს გამოჩნდება. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მომავალს სკეპტიკურად უჭვრეტს და ამბობს, რომ „ეს მცდელობები არის უშედეგო და განწირულია მარცხისთვის. ამაში დარწმუნებული ვარ იმიტომ, რომ საკმარისზე მეტი გაკვეთილები მივიღეთ ამ ვითომდა რებრენდიგითა და ვითომ სახელის შეცვლით". მიუხედავად ამისა, ყოფილი მმართველი პარტია გადარჩება თუ არა,  ამის ვერდიქტს საქართველო საპრეზიდენტო არჩევნებში გამოიტანს  - მისი კანდიდატის მიერ მიღებულმა ხმებმა 20-30%-ს თუ გადააჭარბა, ანუ, წინა კვლევებთან შედარებით, მხარდაჭერის მატების დინამიკა რომ გამოჩნდეს, მაინც „დასრულდება კოჰაბიტაცია“?
სახელისუფლებო კანდიდატის ბაგეთაგან გაგონილი „კოჰაბიტაციის დასრულების“ წინასაარჩევნო ლოზუნგი კიდევ ერთი ქართული პარადოქსია. როცა გუბაზ სანიკიძემაც იგივე                                                         გაიმეორა, სოციალურ ქსელებში ირონიის ნიაღვარი წამოვიდა. თუ მარგველაშვილმა საკუთარი გამარჯვება იგულისხმა, რის შემდეგაც, თავისთავად, „ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო ინსტიტუტს ტოვებს, ამას რად უნდოდა ხმამაღალი განცხადება, ისედაც ცხადი არაა? მაგრამ თუ იმ პროცესზე მიანიშნა, რაც ჩვენში „კოჰაბიტაციად“ მოინათლა, სინამდვილეში კი კოალიციის პარტიებში ყოფილ მმართველთა მასობრივ გადაძრომას, მაღალჩინოსნებისთვის ძველი ცოდვების პატიებას ან მინიმალური ბრალდებების წაყენებას, ძველი და ახალი ხელისუფლებების წარმატებული შეზრდის სხვა მანკიერ გამოვლინებებს წარმოადგენს... ვხედავთ, რომ ეს უკვე მომხდარია და, ხალხის თვალის ასახვევად, ორი-სამი დამატებითი ტელე-მსხვერპლშეწირვა თუ გათამაშდა და ამით „კოჰაბიტაცია დასრულდა“, მოსახლეობა რა შეღავათს იგრძნობს?!
ნინო ბურჯანაძის კამპანიის ეს სლოგანი, რომელსაც „ოცნება“ ეპლაგიატება, თავად ავტორისგანაც ასევე პარადოქსულად ჟღერს: თუ ბურჯანაძე გახდა პრეზიდენტი, კვლავ ორ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას მოუწევს „კოაბიტირება“ ხელისუფლებაში, თუმცა, ამ შემთხვევაში ეს უმნიშვნელო დეტალია და ბურჯანაძე „სამართლიანობის აღდგენაში“ „ნაციონალების“ პოლიტიკური ველიდან განდევნას რომ გულისხმობს, ეს ხალხისთვის გასაგებია. წინა ხელისუფლებისგან პოლიტიკური მიზეზებით დევნილი, მრავალი ჩემნაირის უფლებების აღდგენაში მთავრობას რომ, თურმე, მთელი ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობა უშლიდა ხელს, რომელიც „მონსტრი დასავლეთით“ აშინებდა „ოცნებას“, 28 ოქტომბერს კი ყველა შარშანდელ წინასაარჩევნო დაპირებას ერთბაშად ახდენილს ვიხილავთ, - ამ საკენკის გადამყლაპავი ბევრი არ მეგულება.
ჯერ-ჯერობით ისე ჩანს, რომ გიორგი მარგველაშვილის პირველივე ტურში გამარჯვება იმ პირობებში, როცა „ქართული ოცნება“ საარჩევნო კომისიებში შედეგების გაყალბების ბერკეტებს არ ფლობს და ამგვარ მანკიერ პრაქტიკას ემიჯნება, ადვილი საქმე არ იქნება. როგორც ჩანს, ამის უზრუნველსაყოფად ბოლო თვეებში საკრებულოს თავმჯდომარეებისა და გამგებლების ცვლილებების პარადი ვიხილეთ, რომლებიც, როგორც პრესა წერს, „სუს“-ის მიერ შერჩეული კადრებით ჩაანაცვლეს. „კუდ-სოდი“ მაშინ იყო ეფექტური ამგვარი საქმეებისთვის, როცა მოსახლეობას მისი ეშინოდა, ორ თვეში ვერც პოლიციური მანქანის რესტავრაციაა შესაძლებელი და, თუნდაც  მრავალრიცხოვანი აგენტურის სრული მობილიზაცია მოხდეს საამისოდ, გარანტირებული შედეგის იმედი მაინც საპნის ბუშტივით შეიძლება გასკდეს. ყველაზე მეტად მერაბიშვილის დროინდელი კადრებისა და აგენტურის სანდოობაა საეჭვო, რამეთუ „ბუნებაი ქართველთა ორგულ არს... მრავალნი თვალთმაქცობენ, შიშითა განილევიან და ირხევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“. ოქტომბერში რომ ქარი ჩრდილოეთიდან, ან დასავლეთიდან უფრო ძლიერად გამოქროლდეს და ჭორვილური სიო ვეღარ იგრძნონ?!

ამდენად, ოქტომბრის ბოლოს ფლუგერის ისრის მიმართულება უტყუარად გვამცნობს, რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ ქართველები მართლა არ „გადავგვარდით“ და ძველ ჩვეულებას არ ვუღალატეთ, არ დავემსგავსეთ ევროპელებს, რომლებიც, როგორც წესი, არ მიჰქარავენ, ქარიზმატულებზე არ აფანატებენ და არჩევანს ქარაფშუტულად არ აკეთებენ.


No comments:

Post a Comment