12 October, 2013

რა ღირს ღირსება?


გაზეთი "ქრონიკა+", #25, 08.10.2013
„დღე და ღამ ლუკმაპურის ძებნაში მყოფმა ვერ ვიგრძენი, რომ თანდათან დავკარგე. ნივთი არ იყო, რომ დაცემისას გაჟღარუნებულიყო. სულში ჩავიხედე, - ვეღარ ვიპოვე. სხვებსაც შევავლე თვალი, თითქმის აღარავის ჰქონდა: ახლანდელ ცხოვრებაში გამოსადეგი არ ყოფილა. ადრე რაში გვჭირდებოდა, ალბათ, მალე დაგვავიწყდება. ახალი თაობები ანაქრონიზმად მიიჩნევენ. ვფიქრობ, ვეძებო და დავიბრუნო თუ არა ?.. ღირსება.“
რიგითი ქართველის აღსარებიდან
„მეც მაქვს ჩემი სიამაყე“,- ჩაილაპარაკა ჟურნალისტებზე გაბრაზებულმა პრემიერმა ე.წ. პრეს-კონფერენციის დროს. მედიაში მომუშავეთ დიდი ხანია, ეს ცნება „ეთიკით“ ჩაანაცვლეს, რომელსაც ერთეულები თუ დაგიდევენ. დანარჩენები „სკანდალზე“ არიან ორიენტირებულნი: რაც შეიძლება ხმამაღლა, მეტი სენსაცია, მეტი მკითხველ-მაყურებელი, მეტი რეკლამა, ანუ, მეტი ფული! არცაა გასაკვირი: იქ, სადაც კერძო კაპიტალი ბატონობს, სფერო, სახელად „ჟურნალისტიკა“, ისეთივე ბიზნესია, როგორც სხვა რამის ყიდვა-გაყიდვა. ასე რომ, პრემიერს ტყუილად უკვირს, კონკრეტული ადამიანის ხსენებისას რატომ არავინ არჩევს სიტყვებს, არავინ უფიქრდება,- ენით არ დავკოდოო. მით უფრო, საჯარო პირების ხსენებისას, რომლებმაც ე.წ. „თმენის ვალდებულება“ დაიბრალეს, ჰოდა, ითმენენ კიდეც. უკვე ისეთ აბსურდამდეც კი მივიდნენ, რომ სულერთია, როგორ კონტექსტში მოიხსენიებს მათ პრესა,- მთავარია, მათზე წერონ, თუნდაც, მათი ინტიმის შესახებ გამოგონილი მითები. ამას „პოპულარობა“ ჰქვია. უკეთესია, თუ ტელევიზიაში რომელიმე გადაცემაში ან თოქ-შოუზე იწვევენ, რაიმე სკანდალის გამო: აქ უკვე „ფეისი“ ხდები. პოლიტიკოსისთვის მთავარი ხომ „ცნობადობაა“ და მის მიღწევაში „შავი პიარიც“ სასარგებლოა, ზედმეტი ლანძღვა კი უკუეფექტსაც იძლევა: ყოველთვის აღმოჩნდება სკეპტიკოსთა არმია, რომელიც მედიით გავრცელებულ ინფორმაციაში ეჭვს შეიტანს. არც არის გასაკვირი, იმდენი ჭორი და ტყუილი ვრცელდება. ყველაზე ცუდი ვარიანტია, თუ პოლიტიკოსი მიივიწყეს და აღარ ახსენებენ. ასე რომ, არსებული მდგომარეობა ვაიპოლიტიკოსებს და ცრუჟურნალისტებს თანაბრად აწყობთ: ფული კეთდება, ხალხი კი ტელეეთერიდან გადმოფრქვეული ლანძღვა-გინების კორიანტელით არის გაბრუებული.
მარტივად აიხსნება, რატომ არის ხელისუფლების კრიტიკა უფრო პოპულარული, ვიდრე მთავრობის ქება, რაც, თურმე, „მინისტრებს სწყინთ“: ნებისმიერი მწარმოებელი, მათ შორის საინფორმაციო პროდუქტის მასებზე გამყიდველიც, ორიენტირებულია ბაზარზე. იმ პირობებში, როცა ხალხის, სულ ცოტა, 90%-ს მომავლის შიში აქვს, არ იცის, რა აჭამოს შვილებს ხვალ, ან ექნება თუ არა დღევანდელი ლუკმა დიდხანს, საკუთარ მდგომარეობაში დამნაშავეს ძვირადღირებულ, ხშირად - ჩამუქებულმინებიან „ჯიპებში“ მსხდომ მმართველებში ხედავენ. მინისტრობა ნიშნავს ჩვენი ცხოვრების ცალკეულ სფეროებზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების გაცხადებას, ამდენად, როცა მოუწყობელია ცხოვრება, ჯავრის ამოყრა მთავრობაზე არის უპრიანი. ასე რომ, როცა მედია „გულს ფხანს“ რიგით მოქალაქეს ოლიმპოს მწვერვალზე მყოფი პოლიტიკოსის, თუნდაც ზღვარგადასული, კრიტიკით, ეს არის იმის გარანტია, რომ „პროდუქტი კარგად გაიყიდება“. აქ ერთვება თავისუფალი ბაზრის განუყრელი წესი -კონკურენციის მექანიზმი, რომელიც აიძულებს ბაზარზე გამოსულ გამყიდველებს ერთმანეთს შეეჯიბრონ მყიდველთათვის სულ უფრო ახალი და მძაფრი შეგრძნებების შექმნა-შეფუთვაში, ასეთ პირობებში კი „მაღალზნეობრივი და აკადემიური“ მედია-საშუალება გაკოტრებისთვისაა განწირული. მგონი, ბატონი ბიძინა რომ დაფიქრებულიყო მედია-ბაზარზე უხარისხო საქონლის სიჭარბის სოციალურ-ეკონომიკურ მიზეზებზე,  ადვილად ჩაწვდებოდა, რომ აქ „ჭარბწარმოების კრიზისი“ არასოდეს დადგება, რამდენადაც ასეთი საინფორმაციო საშუალებების ხანგრძლივი ზეობა მომხმარებლის გემოვნების, უფრო სწორად კი, უგემოვნობის ჩამოყალიბებას იწვევს და მოთხოვნა ე.წ. ხარისხიან პროდუქციაზე ამ მანკიერ წრეში არასოდეს გაჩნდება. არსებულ სოციალურ გარემოში მთავრობის მაქებარი (თუნდ დამსახურებულად თუ თუნდ - დაუმსახურებლად) მხოლოდ ის იქნება, ვინც სახელისუფლებო სუფრიდან იკვებება, მაგრამ მას არ ეყოლება მკითხველ-მაყურებელი, - ესეც აქსიომაა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლო წლების „რუსთავი-2“, ისე „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ -დღემდე, ვერ იქნებიან პოპულარულები, როცა მუშაობა მიდის სახელისუფლებო პროპაგანდის მიმართულებით და იმალება ის, რასაც ხალხი „სიმართლეს“ ეძახის, ანუ მწვავე სოციალური თემები მოზომილად შუქდება, ან გადაიფარება სხვა „ნიუსებით“. სიყალბე ადვილად საგრძნობია, სამაგიეროდ, მწვავე კრიტიკის ტრიბუნა („იმედი“ 2007 წლამდე, „მაესტრო“ 2013-მდე, ახლანდელი „რუსთავი-2“ და ა.შ.) ყოველთვის გაცილებით საინტერესოა, თუნდაც პოლიტიკურად ანგაჟირებული იყოს, როგორც გლადიატორების ბრძოლა კოლიზეუმის არენაზე. ძველი რომაელებისა არ იყოს, ხალხს „პური დასანახაობა“ უნდა, უპურობის დროს კი მხოლოდ ერთიღა რჩება და რამდენად სწადია მასას ვირტუალური ბრძოლები, თუნდაც, წესების გარეშე, - მაძღართათვის ძნელად გასაგებია.
ამდენად, ვერც „მიჯირყვნითა“ და ვერც „მიჭირხვნით“ ჩვენს მედიას ვერაფერი ეშველება და დღევანდელ პრემიერს გულნატკენს მოუწევს პოლიტიკური ასპარეზიდან წასვლა და აქტიური მოქალაქის სამზირლიდან არსებული მდგომარეობის გააზრება, ოღონდ, ეს ანალიზი რომ ობიექტური გამოუვიდეს, ერთი გარემოება უნდა გაითვალისწინოს: არასოდეს ენდოს მაძღარი მრჩეველ-ვეზირების სიტყვაკაზმულ დასკვნებს და სოციოლოგიურ ფსევდოკვლევებს, - გიორგი მეფესავით თავად იაროს ბუშლატგადაცმულმა ხალხში, ისე, როგორც ამას ადრე აკეთებდა (ეს ლეგენდაა, თუ მართლაც ასე იქცეოდა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლამდე, - არ ვიცი).
ის, რაც მოეთხოვება საზოგადოების ყველა წევრს - ყველას უნდა ჰქოდნეს პასუხისმგებლობის განცდა, ყველაფერს, რასაც ვამბობთ, უნდა ჰქონდეს არგუმენტი. ჩვენ აღარ ვიყიდით "არასწორ ჟურნალისტიკას“,- ამბობს ბიძინა ივანიშვილი და მდგომარეობის გამოსწორებას 20 წელიწადში ვარაუდობს. გულით მინდა, ორ ათეულ წელიწადში ქართველი ხალხის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის იმედი მქონდეს, რომ ჩვენს შვილებს პოლიტიკური თოქ-შოუები არ აინტერესებდეთ,  მაგრამ არა იმის გამო, რომ „პოლიტიკა უპოვართა საქმე არაა“, არამედ დალაგებული ქვეყანა და დალხენილი ცხოვრება ჰქონდეთ, სადაც გარჯა და ნიჭი ფასდება. დღეს კი, მასობრივი უმუშევრობისა და სიღატაკის პერიოდში, გაუფასურებულია როგორც ინტელექტუალური, ისე ფიზიკური შრომა. დამსაქმებელს თავი ლამის ქველმოქმედი ჰგონია, რახან მოწყალება მოიღო, სამუშაოდ მიგიღო და შიმშილით სულის გაფრთხობას გადაგარჩინა, დასაქმებული კი მისი მადლიერი უნდა იყო, როგორც მხსნელის. არადა, ნებისმიერი ბიზნესმენის შემოსავალი რომ მისი მუშახელის შრომით იქმნება და ის ფუფუნება, რომელშიც ცხოვრობს, ფრანგული სუნამოს ნაპკურის საფარველქვეშ, იმ „დაქირავებულის“ დაღლილობის ოფლის სუნით არის გაჟღენთილი, რომელსაც არაადექვატურად მცირე გასამრჯელოს უხდის, - ეს ყველამ მიიყურისძირა. მშრომელი კაცის თავმოყვარეობის აღდგენისაკენ მიმართული მცირე, მაგრამ მაინც რაღაც ნაბიჯი იქნებოდა დაპირებული „შრომის კოდექსის“ იმ სახით მიღება, როგორსაც ხალხი ითხოვდა. მაგრამ მისი უდიდებულესობა „ინვესტიცია“, ურომლისოდაც სამუშაო ადგილები არ ჩნდება, თურმე, მხოლოდ მონებით დასახლებულ ტერიტორიებზე ხორციელდება, ამდენად, „როზა ლუქსემბურგის ოცნება“ დაივიწყეს და ნახევარზომებით შემოიფარგლნენ. ასე რომ, ნუ გაგვიკვირდება, თუ ჩვენს ქვეყანაში სიამაყე მხოლოდ პრემიერს, მის მინისტრებს და დეპუტატებს შერჩათ, ისეთი ცნებები კი, როგორიცაა „ზნეობრივი პასუხისმგებლობა“, „პიროვნების თავმოყვარეობა“, და მისთ., ლიბერტარული კაპიტალიზმის ეპოქაში უმრავლესობამ მიივიწყა.
რადგან შრომა არ იყიდება მის შესატყვის ფასად, ჩვენი თაობა ყიდის იმას, რასაც ადრე „ღირსება“ ერქვა. კიდევ უფრო მაოცებს, როცა ამგვარ მძიმე პირობებში მყოფ ხალხს მავანნი მოუწოდებენ, ეროვნული ღირსება გამოვიჩინოთ და ოკუპანტების მავთულხლართები შიშველი ხელებით გავაპროტესტოთო. თუ ინდივიდუალური ღირსების დეფიციტია, კოლექტიური, ანუ „ეროვნული“, საიდან გაჩნდება? ვეჭვობ, იმის იმედით ამბობენ, რომ მხოლოდ პრასის მიტანებით ნათქვამი „ნიკოფსიიდან დარუბანდამდის“ სადღეგრძელოებით საიდანღაც, გენების სიღრმიდან ამოხეთქავს პატრიოტიზმი და მშიერი მონების ბრბოდ გადაქცეული საზოგადოება უცებ მაღალკეთილშობილური სენტენციებით დაიწყებს აზროვნებას და ქცევას. ასეთი მოწოდებები მხოლოდ მასების ცნობიერებით მანიპულაციის მცდელობებია, მაგრამ პრაგმატიზმით გაჟღენთილ დღევანდელობაში სულ უფრო ცოტა რჩება ახალგაზრდა, ვინც პატრიოტული ლოზუნგებით აღიგზნება, ოჯახის რჩენის ვალდებულებებით ტვირთდამძიმებულ უფროს თაობებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
არის კი გამოსავალი ამ ბნელი ლაბირინთის ჯურღმულიდან, ან აკიაფდება გვირაბის ბოლოში სინათლის სხივი? თუ არიადნეს ძაფს ჩავავლეთ ხელი, აუცილებლად გავალთ სამშვიდობოს, მაგრამ როცა ნაყალბევს გვტენიან ხელში, რომელიც სახედრის დასაბმელ თოკს უფრო ჰგავს, სიბრძნე გვმართებს.


გადავავლოთ თვალი იმ ხალხების წარსულს, რომლებმაც ამგვარ და უარეს ჭაობში ჩაძირვისგან იხსნეს თავი, გავიხსენოთ ის იდეალები, რომელთაც მათ ჩასჭიდეს ხელი, მივუბრუნდეთ განმანათლებლების დროინდელი ლიბერალური აზროვნებისა და ეკონომიკის საფუძვლებს, რომლებმაც ისტორიულად დაამტკიცეს თავისი უტყუარობა. მართალია, რეალობა ახლა სხვაგვარია, მაგრამ ფასეულობები არ ცვდება, მხოლოდ  ტერმინების შინაარსის გაუკუღმართება სცადეს, რომ ხალხი ადვილად სამართავ მასად ექციათ. წუმპიდან ვერც მესია ამოგვიყვანს და ვერც მოციქული, თუ თავად არ მოვინდომეთ. ეს ტვირთი ერთი კაცის ასაწევი არაა, თუნდ ყველაზე მდიდარი და წარმატებული ქართველი იყოს, პასუხისმგებლობა ერის გაძღოლაზე იმ პიროვნებათა ხვედრია, ვისაც გონება უჭრის და სინდისი შერჩენია.

ალბათ დროა, ბელადსა და მის მიერ მოყვანილ რძისა და თაფლის მდინარეებზე ოცნებებს შევეშვათ, საფუძვლიანად და კრიტიკული თვალით გადავხედოთ ჩვენს ყოფასა და აზროვნებას, ჩვენი უბედურების სათავე ჩვენშივე ვეძებოთ და არა მითოლოგიზირებულ „მტრებში“, თუ გვინდა, რომ ღირსეული მოქალაქეების საზოგადოებად ჩამოვყალიბდეთ.

No comments:

Post a Comment