24 October, 2013

რეგიონალიზმის ოცწლიანი შიში

ჩვენში მყარად არის ფეხმოკიდებული აზრი: „რომ არ ყოფილიყო ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ეთნიკური ადმინისტრაცია, ჩვენ არ გვექნებოდა ქართულ-ოსური კონფლიქტი, რამეთუ ქართველებსა და ოსებს შორის შესანიშნავი ურთიერთ-დამოკიდებულება არსებობდა. სეპარატიზმისაკენ საქართველოს ოსური მოსახლეობა „ეთნიკურმა ადმინისტრაციამ“ წააქეზა. ასევე იყო აფხაზეთში“. ზედაპირულად მართლაც ასე ჩანს: არ არის ადმინისტრაცია - არ არის პრობლემა. თუმცა, ვინც ღრმად გაქექავს გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ამბებს, სოხუმსა და ცხინვალში სეპარატიზმის გაჩენის ისეთ ფესვებს წაადგება, რომლებზეც დღეს არ წერენ ისტორიის სახელმძღვანელოებში და არც საუბრობენ.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების არსებობა თავისთავად ვერ იქნებოდა სეპარატიზმის გაჩენის მიზეზი და, რეალურად, არც იყო: კრემლის მიერ მართულმა პარტიულ-სამეურნეო ნომენკლატურამ ის საკუთარი მიზნების მისაღწევ ინსტრუმენტად გამოიყენა. მხოლოდ „კა-გე-ბეს“ ძალისხმევა ვერ აღმოჩნდებოდა საკმარისი იმ მოვლენების გამოსაწვევად, რაც მოხდა ამ კუთხეებში, რომ არა თავად აფხაზური და ოსური ადგილობრივი ელიტების ინტერესები, რომლებიც თავიანთი საქმიანობის (მ.შ. „ბიზნესების“) პერსპექტივებს მოსკოვში ხედავდნენ, და არა - თბილისში, საიდანაც საკუთარი მდგომარეობისათვის საფრთხე დაინახეს: საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით ისინი კარგავდნენ მდგომარეობის შენარჩუნების გარანტიებს, რომლებსაც მათ კრემლი აძლევდა. უნდა ითქვას, რომ ეს საფრთხე რეალური იყო. „ეროვნული მოძრაობისგან“ ზურგმიცემულ, აფხაზეთში მცხოვრებ ქართველ ჩინოსანთა ხარბი მზერის მათ თანამდებობებზე და გავლენის სფეროებზე დამიზნება, ასევე თბილისიდან ცხინვალში „თბილ სკამებზე“ მოსხდომის მოსურნეთა გაჩენა ლოგიკური იყო „კომუნისტური ინტერნაციონალიზმის“ დოგმების რღვევისა და ნაციონალისტური განწყობების საყოველთაო აზვირთების კვალობაზე.
ანალოგიური ფესვები ჰქონდა მთიანი ყარაბაღის სეპარატიზმსაც, რომლის პარტიულ-სამეურნეო ნომენკლატურა საკუთარ პერსპექტივებს ერევანში ხედავდა. აქაც, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, მიღწეულ იქნა „დამოუკიდებლობა“, მაგრამ აზერბაიჯანთან ომისა და ნაციონალიზმის აღზევების ტალღაზე მომძლავრებულმა ყარაბაღულმა ელიტამ სწორედ სომხეთის დედაქალაქში მოახერხა გავლენიანი პოზიციების მოპოვებით თვითრეალიზება.
20 წლის შემდეგ მაინც უნდა ითქვას გახსნილად, რომ სოხუმსა და ცხინვალში ადგილობრივი ადმინისტრაციების არსებობა ის ფარი აღმოჩნდა, რომელიც აფხაზურმა და ოსურმა ელიტებმა ქართული პოლიტ- და ბიზნეს-ელიტების ექსპანსიისგან თავის დასაცავად აიფარეს, საკუთარი ინტერესები კი „ერთა თვითგამორკვევის“ და „რუსეთთან ძმობის“ ლოზუნგებით გააფორმეს. მეზობელი აგრესორი სახელმწიფოს სპეცსამსახურების ხრიკები უშედეგო აღმოჩნდებოდა, რომ ვერ ეპოვა ხელმოსაჭიდი სეპარატიზმის სოციალურ საფუძვლებში. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მათი კულტურული, ინტელექტუალური, პოლიტიკური ელიტების და ბიზნეს-წრეების, ასევე ადგილობრივი  ადმინისტრაციების არსებობა თავისთავად არ შობს სეპარატიზმს, თუ ეს უმცირესობები ინტეგრირებული არიან საერთო-სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, რეალურად უზრუნველყოფილია მათი განვითარების შესაძლებლობა და თანასწორუფლებიანობა, რაც აღარ აჩენს შიშებს ეროვნული, რელიგიური ან სხვა რაიმე ნიშნით შესაძლო დისკრიმინაციის თაობაზე. ამის კარგი მაგალითია შვეიცარიის კონფედერაცია, რომლის გერმანულენოვან ნაწილში არ გაჩენილა სეპარატისტული განწყობები და მიერთების სურვილი ჰიტლერულ გერმანიასთან, რომელიც მსოფლიოზე გაბატონებას ლამობდა. ასევე შეიძლება იქნას მოყვანილი მოლდოვასგან დნესტრისპირეთის რესპუბლიკის მოხლეჩის მაგალითი, როცა გამოყოფილ ტერიტორიებს მანამდე არ ჰქონდათ ერთიანი ეთნიკური ადმინისტრაცია ან რაიმე სახის ავტონომია, მაგრამ რუსეთის მე-14 არმიის ქ.ტირასპოლში  ყოფნა იქ სეპარატისტული ტენდენციების განვითარების საფუძველი გახდა.
ახლო წარსულის მწარე გამოცდილებამ ქვეყნის სახელმწიფოებრივ მოწყობაში არათუ ფედერალიზმის შემოღების, არამედ რეგიონალიზმის მიმართაც კი ქართულ საზოგადოებას ფობიები გაუჩინა. 1995 წელს ჯერ კიდევ გვჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო დაკარგული ტერიტორიების სწრაფად დაბრუნება. ეს იმედი და რეგიონალიზმის შიში გამოსჭვივის კონსტიტუციის მაშინდელ ჩანაწერში, რომელიც დღემდე გვისპობს ამ თემაზე დისკუსიის შესაძლებლობას: საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა განისაზღვრება კონსტიტუციური კანონით, უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ“(მუხლი 2.3). მახსოვს მაშინდელი მოყალბო არგუმენტიც, - „ქვეყნის მოწყობის საკითხს მხოლოდ ქართველები ხომ ვერ გადავწყვეტთ, აფხაზებთან და ოსებთან ერთად უნდა ვიმსჯელოთო“. დღევანდელი რეალობა იმის ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, რომ „მთელ ტერიტორიაზე იურისდიქციის სრულად აღდგენა“ უახლოეს ათწლეულში მაინც მოხდება და ყველაზე დიდი ოპტიმისტებიც კი „რუსეთის რღვევა-ნგრევის“ მოლოდინში არიან. ასე რომ, უპრიანი ხდება საკითხის დასმა, როდემდე უნდა იქნას დოგმატიზირებული ეს კონსტიტუციური ჩანაწერი, და რატომ არ შეიძლება დავიწყოთ მსჯელობა ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის უკეთეს მოდელზე, რომლითაც კომუნისტების დროიდან შემორჩენილ, არსებულ დრომოჭმულ სისტემას ჩავანაცვლებთ?
ამ კითხვის საჯაროდ დასმისთანავე ავტორის მიმართ ბრალდებების კორიანტელი რომ დადგეს, გასაკვირი არ იქნება, იმდენად ძლიერია სტერეოტიპული აზროვნების, ძვალ-რბილში გამჯდარი კლიშეების ძალა. უმალ გაიჟღერებს: „საქმე, როგორც ჩანს, შეეხება არა უბრალოდ ადმინისტრაციული მმართველობის საშუალების ძიებას, არამედ, ალბათ, არსებობს საქართველოს ფედერალიზაციის, ავტონომიურ ტერიტორიებად დაყოფის სურვილი, რომლის პირველ საფეხურად ფედერაციული სახელმწიფოს გამოცხადება მოიაზრება, რომელსაც ალბათ კონფედერაციის შექმნა, შემდეგ კი ქვეყნის უსისხლო დაშლა მოჰყვება“. („რეგიონალიზმი შეაფერხებს ეროვნულ კონსოლიდაციას“, 19.07.2002).  როგორც სოციალური ქსელებიდან შევიტყე, ამგვარი სურვილი ჰქონიათ: რუსეთს, ფედერალიზმზე ჩაციკლულ მასონებს და „ქართველთა ეროვნული კონსოლიდაციის“ სხვა მტრებს. შესაბამისად, კონსტიტუციის იმ ერეტიკოს გამკრიტიკებელს, რომელიც განვითარების დამაბრკოლებელ ცნობილ მუხლზე ხმის ამოღებას გაბედავს, „მოღალატის“ იარლიყისა და ანათემაზე გადაცემის მოპოვების მაღალი შანსი აქვს.
წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ახალი არაფერი იქნება და ასეთი არგუმენტი აფრიალდება: “დავუშვათ, რეგიონალიზმს დაამთხვევენ არსებულ სამხარეო მოწყობას, ანუ ამჟამინდელი მხარეები იქცევა შესაბამისად, ინსტიტუირებულ რეგიონებად... ამით ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯს არათუ სახელმწიფოებრივ-ადმინისტრაციულ, არამედ ეროვნული ცნობიერებისა და თვითშეგნების დივერსიფიცირებისკენ. ისტორიული მხარეების ინსტიტუირებით და შესაბამისი მმართველობა-თვითმმართველობის სტრუქტურების ორგანოთა შექმნით, ძალაუნებურად სათავეს დავუდებთ რეგიონული ეთნოიდენტიფიკაციის პროცესს, რაც აუცილებლად დააკნინებს დროთა განმალვობაში საერთო სახელმწიფოებრივ, ეროვნულ იდენტიფიკაციას“. არდაწყებული დისკუსიის ბოლოს, წესით, უნდა გაიჟღეროს: „დარჩეს ყველაფერი, როგორც არის,  სამხარეო დონეზე კი შენარჩუნდეს მმართველობითი სტრუქტურები!“ („დილის გაზეთი“, 23.07.2001).
შესაძლებელია თუ არა მართლაც ისე მოხდეს, რომ რეგიონებში „მმართველობა-თვითმმართველობის სტრუქტურების შექმნის“ შემთხვევაში „ქართლელობა, კახელობა, იმერლობა და ა.შ. ჩამოყალიბდება და ისინი ჩამოყალიბდებიან, ვითარცა თავისთავადი ეთნიკური ერთეულები“? შუა საუკუნეებში ქვეყანა ასწლეულების განმავლობაში იყო ფეოდალური დაქუცმაცების პირობებში და  ასეთი რისკები მართლაც არსებობდა, მაგრამ იმდროინდელი პრიზმით  XXI საუკუნის საქართველოს განვჭვრეტა არ არის მართებული. დღეს საერთო-ეროვნული კონსოლიდაციის  მაშინდელ ფაქტორებზე (ენა და რელიგია) უფრო ძლიერი მატერიალური, გნებავთ, განსხეულებული ერთობის ფაქტორი არსებობს, თბილისის სახით, სადაც თავმოყრილი არიან საქართველოს ყველა პროვინციის შვილები და 2-3 თაობის განმავლობაში ჯერ კიდევ ინარჩუნებენ კუთხურ იდენტიფიკაციას, სანამ სოფლად სახლსაც არ გაყიდიან და საბოლოოდ არ გათბილისელდებიან. დედაქალაქში მყოფი ინტელიგენცია აძლევს ტონს არა მხოლოდ პოლიტიკურ, კულტურულ, სამეცნიერო თუ სხვა პროცესებს, არამედ ქალაქის მეტყველებაც კი სალიტერატურო ენის ნორმებს ედება საფუძვლად. თბილისის სიდიდის გამო დემოგრაფიული „თავკომბალობა“ მრავალ ნეგატიურ ასპექტსაც შეიცავს, მაგრამ ერის კონსოლიდაციის თვალსაზრისით ის ძალზე მყარი ფიზიკური სუბსტრატია.
საეჭვოა, რომ რეგიონული ადმინისტრაციული ცენტრების გაჩენამ დააკნინოს თბილისის მაკონსოლიდირებელი როლი. წარმოვისახოთ ეს ზუგდიდის მაგალითზე ისევე, როგორც ამას ოპონენტები აკეთებენ, - „მეგრული სეპარატიზმი“ ხომ უნიტარიზმის მოტრფიალეთათვის ერთ-ერთი ტაბუირებული თემა და, იმავდროულად, ჩურჩულით ნათქვამი არგუმენტია.
დავუშვათ, სკოლებში მეგრული ენის გრამატიკა ისწავლება, წიგნები და გაზეთებიც კი იბეჭდება (ალბათ, მესტიაში - სვანურად იქნება). გამოჩნდა რამდენიმე პარანოიკი, ან უცხოეთის მიერ დაქირავებული, და სეპარატიზმს ქადაგებს: „ფოთი, ანაკლია და ზუგდიდი, თხილი და მანდარინი მშვენივრად გვაცხოვრებს მეგრელებს, რაში გვინდა თბილისის დიქტატი?!“ იმდენი ქნეს, რეგიონულ რეფერენდუმს მიაღწიეს (ეს დღევანდელი კანონმდებლობით დაუშვებელია). აი ახლა კი წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდება თბილისში და რამდენი გათბილისელებული მეგრელი ჩავა თავის მშობლიურ დაბა-სოფლებში სეპარატისტებთან საბრძოლველად, - არა მხოლოდ პატრიოტული  სულისკვეთებით, არამედ წმინდა პრაგმატული მოსაზრებებითაც, - მათ არ სურთ „თეთრ ყვავებად“ ქცევა და საკუთარი აწყობილი ცხოვრების დანგრევა ვიღაც „ხანგების“ გამო. თუ ხმას არ ჩაიკმენდენ „სამეგრელოს რესპუბლიკის“ იდეის ავტორები, თბილისიდან ჩამოსული „მეგრული სამხედრო ბატალიონისგან“ ალიყურები და ჩაწიხვლა არ ასცდებათ. იგივე ფანტასტიკური ჟანრის სცენარია მოსალოდნელი გურიის, იმერეთის, კახეთის თუ სხვა „რესპუბლიკების“ გამოცხადების შემთხვევაში.
სხვათა შორის, აღწერილი მექანიზმით არც ყბადაღებული „ჯავახკის“, ანუ ჯავახეთის სომხური სეპარატიზმის თემის ამოწურვა არის უკვე შეუძლებელი (ასეთი საფრთხის შემთხვევაში), რამდენადაც რეგიონის ინტეგრაცია სულ უფრო მეტად ხდება ქართულ ეკონომიკურ სივრცეში. რა თქმა უნდა, თუ ამ პროცესს ადგილობრივი კულტურულ-ინტელექტუალური ელიტის თბილისში და ახალციხეში თვითრეალიზაციის შესაძლებლობა დაემატა, და არა მხოლოდ ერევანში, როგორც აქამდე იყო. ასეთ შემთხვევაში ნინოწმინდისა და ახალქალაქის სომხურ სკოლებში ქართული ენის სწავლება თავისთავად გახდება ძალზე მოთხოვნადი, ყოველგვარი სპეციალური „სახელმწიფო პროგრამის“ გარეშე.
გამონაკლისი, ჯერ-ჯერობით, ქვემო ქართლია, რომლიდანაც საკადრო პოტენციალი ათასობით კილომეტრის მოშორებით - ბაქოში ეძებს საკუთარ პერსპექტივას. ამიტომაც ჩვენი მმართველები, ამ რეგიონში მშვიდობისა და „საარჩევნო ხმების“ მოსაპოვებლად,  ხშირად ალიევების კარს სტუმრობენ. ამგვარი მდგომარეობა სახელმწიფოს იმ უნიტარული მოდელის ბრალია, რომელშიც აზერბაიჯანელებს, მაქსიმუმ, პარლამენტში 1-2 დეპუტატისა და გამგებლების მოადგილეების რამდენიმე თანამდებობა თუ ეკუთვნით. „სიტუაციის მართვა“ აქ ქართული სპეცსამსახურების მიერ ადგილობრივი ლიდერების „დავერბოვკებით“ ამოიწურება. აზერბაიჯანული ფირმების ბოლოდროინდელი აქტივობა სიტუაციის შეცვლას იწყებს: „სოკარს“, „ემბავუდს“ და სხვა ფირმებს საკუთარი ბიზნესის ქვეყნის მასშტაბით გაშლა აქვთ განზრახული. ისინი თავიანთ სტრუქტურებში ძირითადად აზერბაიჯანელებს ასაქმებენ, მაგრამ ადგილობრივებს ეს უჩენს საკუთარ სახლთან სიახლოვეს დასაქმების შანსს. სწორი პოლიტიკის წარმართვით ამ ეთნიკური უმცირესობის სახელმწიფოს ცხოვრებაში წარმატებული ინტეგრაცია იქნება შესაძლებელი.

„ჩვენი უჭკვიანესი მეფეები და სახელმწიფო მოღვაწეები მუდამ იმის ცდაში იყვნენ: საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობაში საქართველოში მცხოვრები ყველა ტომის, ენისა და ჯიშის ხალხი ჩაერთოთ“ (კ.გამსახურდია). ხელოვნურად, როგორც ეს დღემდე კეთდებოდა, საქმე არ გამოვა, ხალხს (მ.შ. ეთნიკურ უმცირესობებს) უნდა მიეცეს საშუალება, თავად გამოავლინოს საკუთარი ლიდერები, რომლებიც სახელმწიფოს სამსახურში ჩადგებიან. მაგრამ სად მიეცემათ მათ ასპარეზი, რა ინსტრუმენტები არსებობს ადგილებზე, მმართველობა-თვითმმართველობებში მყარად მოკალათებული, თბილისიდან მხარდაჭერილი კლანების პირობებში? ალბათ დროა დავფიქრდეთ, რომ უნიტარიზმზე ჩაბღაუჭება და რეგიონალიზმის ფობიები ხელს უშლის კარგი დევიზის განხორციელებას: „გადავადნოთ ჩვენი ეთნიკური ვინაობა სახელმწიფოებრიობის ბრძმედში და ვიქცეთ თანამედროვე ერად!“
გაზეთი "ქრონიკა+", #27, 22.10.2013

No comments:

Post a Comment