17 October, 2013

მავთულხლართები მომავალი პრეზიდენტისათვის

საოკუპაციო ზოლის გასწვრივ, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „დე-ფაქტო“ საზღვრის გადმოწევასა და ზედ მავთულხლართების გაჭიმვას რუსული გარნიზონი ინტენსიურად მას შემდეგ შეუდგა, რაც საქართველოში გამოიკვეთა ძირითად საპრეზიდენტო კანდიდატთა ვინაობა. მაისის მეორე ნახევრიდან, პერიოდულად, რუსული მხარე არ ზოგავს სამხედროთა შრომასა და ლითონის კონსტრუქციებზე დასახარჯ ფულს, რომ ეს თემა აქტუალური იყოს, თუმცა ყველასათვის ცხადია, რომ ეს ღონისძიებები არ არის ნაკარნახევი არც სოჭში ოლიმპიადის ჩატარების უსაფრთხოების გაზრდის მოსაზრებებით და  არც მავთულხლართებს აქვთ რაიმე  სამხედრო დანიშნულება. რუსული პროვოკაციის მიზანი რომ ქართულ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებაა, ეს ნათლად ჩანს იმ გარემოებიდან, რომ სამხედროები სწორედ დასახლებებზე „საზღვრის“ გადატარებას ესწრაფვიან, რათა რაც შეიძლება მეტი ოჯახი გაამწარონ ხელოვნურად შექმნილი პრობლემებით და ამ გზით, მაქსიმალურად დიდი ხმაური ატყდეს მედიაში „მცოცავი ოკუპაციის“ გამო, საზოგადოების ყურადღებაც უპირველესად ამ პრობლემის სიმწვავესა და გადაუჭრელობაზე იყოს მიმართული. წონასაარჩევნო კამპანიის პერიოდისთვის ამ ცინიკური ქმედებების დამთხვევა მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არის ჩვენს შიდაპოლიტიკურ საქმეებში მეზობელი სახელმწიფოს ირიბი ჩარევა, სასურველი შედეგის მიღების მიზნით, ხოლო დვანელებისა და დიცელების ტრაგედია, ცხადია, კრემლს არ აწუხებს, ისევე, როგორც არ ადარდებდა ასიათასობით დევნილის ბედი განვლილ ორ ათწლეულში.
შეიძლება ითქვას, რომ რუსული ჩანაფიქრი, ამ ეტაპზე მაინც, წარმატებით ხორციელდება: მავთულხლართებისა და საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებ უბრალო ადამიანთა გაჭირვება  გახდა წამყვანი თემა მედიაში, ამაზე კამათობენ პოლიტიკოსები, ოპოზიციამ ხელისუფლების საკრიტიკო მსუყე ლუკმა ჩაიგდო ხელთ და მთავრობის უუნარობის აფიშირებას ახდენს, ეწყობა საპროტესტო აქციები, კონცერტები, უცხოელი დიპლომატები კონფლიქტის ზონაში ჩადიან და საკუთარი თვალით ნახულობენ რუს სამხედროთა უგუნურობის ფაქტებს, ალაპარაკდა საერთაშორისო საზოგადოება... ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ კრემლი დემონსტრატიულად იქცევა, რომ ყველას დაანახოს: „აი, რა ცუდი ბიჭი ვარ, ცუდ საქმეებს ვაკეთებ, მაგრამ მაინც ვერ დამსჯით და კუთხეში ვერ დამაყენებთო“. ქართველობა ხედავს, რომ ახალი ხელისუფლებაც, ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობების დარეგულირების მისეული კურსით, და დასავლელი მოკავშირეებიც უძლურნი არიან, გადაჭრან პრობლემა. შედეგად, ხალხში ძლიერდება 2008 წლის აგვისტოს ომში მარცხით საფუძველდადებული კაპიტულანტური განწყობები.
ამ ფონზე ნინო ბურჯანაძეს, რომელიც გვპირდება, რომ „რუსეთს მავთულხლართებს ააღებინებს“, ეძლევა საშუალება, მოახდინოს ელექტორატის მობილიზება, რომელსაც ყელში ამოუვიდა განუწყვეტელ დაძაბულობაში ცხოვრება და ფიქრობს: „დიდ დათვს“ მაინც ვერ მოვერევით, ამიტომ, მშვიდობის სანაცვლოდ, ხომ არ აჯობებს, დასავლურ კურსზე უარი ვთქვათ და, ეგებ, ეკონომიკური თვალსაზრისით, რამე მაინც ვიხეიროთ?
მედალს, როგორც ყოველთვის, ორი მხარე აქვს და შექმნილი სიტუაცია, იმავდროულად,  ხელს აძლევს „ნაცინალურ მოძრაობას“, ასევე მოახდინოს საკუთარი პროდასავლურობის დემონსტრირება როგორც ევროპისა და ამერიკის, ასევე, ანტირუსულად განწყობილი საზოგადოების თვალში, გამოჩნდეს ერთადერთ „პატრიოტულ“ ძალად და საარჩევნო ურნასთან მისულ ამომრჩეველს დავით ბაქრაძის სასარგებლოდ გადააწყვეტინოს ხმის მიცემა.
„მცოცავი აგრესიის“ თემა განვლილ ერთ წელიწადში კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული საქმეების ნიველირებას ახდენს და აზარალებს სახელისუფლებო კანდიდატს, შესაბამისად, მისი აქტუალიზება საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებისთვის ხელისშეშლისკენაა მიმართული.
მიუხედავად სოციოლოგიური კვლევების დამკვეთ-შემსრულებების ობიექტურობისადმი სკეპტიკური დამოკიდებულებისა, საყურადღებოა „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ მიერ 17 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც გამოკითხულ 3755 თბილისელთაგან გიორგი მარგველაშვილს მხარს უჭერს 32,7%, ნინო ბურჯანაძეს - 28,7%, დავით ბაქრაძეს - 14,06%, შალვა ნათელაშვილს - 5,7%, არც ერთს - 2,9%, სხვა კანდიდატებს - 5,50%, 8,5%-ს კი ჯერ არ გადაუწყვეტია. მოყვანილი ციფრები მხოლოდ თბილისის განწყობებს ასახავს და რეგიონებმა შეიძლება რომელიმე მხარეს „გადაწონონ“, მაგრამ ის ილუზია, რომ სოფლებში ყოველთვის ხელისუფლებას უხრიან თავს, გასული წლის 1 ოქტომბრის არჩევნებმა თუ ბოლომდე ვერ გააქრო, წლევანდელი არჩევნები საპნის ბუშტივით გახეთქავს, თუ, რა თქმა უნდა, მმართველები არ წავიდნენ შედეგების გაყალბებაზე იქ, სადაც „დამკვირვებელთა მახვილი თვალი“ ვერ მისწვდება.
საპრეზიდენტო კანდიდატებისადმი მარდაჭერის თვალსაზრისით სიტუაცია რომ რეგიონებშიც საკმაოდ ჭრელია, ეს საიდუმლო არ არის, ამიტომ სადმე, „მიუვალ ადგილებში“ ბიულეტენების ჩაყრა ან ოქმების გადაწერა, თუ ამას სისტემური ხასიათი არ ექნა, შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს. მასობრივი გაყალბების შემთხვევაში კი იზრდება საპროტესტო გამოსვლებით დესტაბილიზაციის რისკი, რაც ხელისუფლებას, წესით, არ უნდა აწყობდეს.
არჩევნების შედეგების გაყალბებას რომ მასობრივი არეულობები შეიძლება მოჰყვეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ციხეში მჯდომი გენერალური მდივანი „ფეისბუქით“ იკვე აცხადებს: „რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ იცვლება - მას დაგეგმილი აქვს შიდა არეულობის მოწყობის გზით შეაფერხოს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი... არჩევნების მეორე დღეს, გაყალბების საბაბით, ნინო ბურჯანაძის ხელით რუსეთს განზრახული აქვს თბილისში არეულობის მოწყობა, რაც დაახლოებით იქნება 26 მაისის სცენარის განმეორება. ბურჯანაძემ უმალ უპასუხა: "ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" უუნარობის გამო გათავხედდა. ის, რომ ვანო მერაბიშვილი დღეს ამ განცხადების კეთებას ბედავს, ეს არის "ქართული ოცნების" დანაშაული... როგორც კუზიანს სამარე არ გაასწორებს, "ნაციონალურ მოძრაობას", პოლიტიკური სამარის გარდა, არაფერი გაასწორებს.
„26 მაისის სცენართან“ დაკავშირებით მერაბიშვილს, როგორც ჩანს, „მცირე ამნეზია“ დაემართა და დაავიწყდა, რომ ვანოს მიერ მაშინდელი გამოსვლების სასტიკად და საჩვენებლად დარბევა რომ არა, შეიძლება საპროტესტო მუხტს იმ მასშტაბებისთვის არ მიეღწია, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება გადაიყოლა. დავუშვათ, მხოლოდ წყლის ჭავლის გამოყენებით, „ცივილურად“ რომ დაეშალა იმ ღამეს „სახალხო კრების“ ხუთასიოდე მომხრე, მოვლენები სხვა გზით წარიმართებოდა და, ეგებ, თავადაც არ მჯდარიყო ახლა ციხეში. საეჭვოა, ღარიბაშვილმა ოდესმე არ გაითვალისწინოს წინამორბედის შეცდომა და მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების შემთხვევაში „26 მაისის“ დარბევა გაიმეოროს: „მეორე ბიძინა“ აღარ გამოჩნდება, რომ გაავებული მასები მოთოკოს, არჩევნებითა და „კოჰაბიტაციით“ დააოკოს. ცხადზე ცხადია, რომ ნებისმიერი მთავრობა, ვინც ძალადობაზე წავა, უკვე სისხლიანი ანგარიშსწორებისთვის იქნება განწირული.
ასე რომ, ხელისუფებას არ აწყობს არჩევნებისშემდგომი აპოკალიპტური სცენარების განხორციელებისათვის რაიმე საბაბის მიცემა, ამიტომ, არ უნდა შეეცადოს საკუთარი ფავორიტის გაყალბების გზით გაყვანას. მას მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი აქვს, რომელსაც არაფერი ეტყობა საიმისო, რომ ქვეყანაში არეულობა სურდეს და აქცენტს წინასაარჩევნო აგიტაციაზე გააკეთებს. იმ შემთხვევაში, თუ მარგველაშვილმა მართლაც ვერ შეძლო 50%-ზე მეტი ხმის მიღება, „ოცნება“ ასევე მშვიდად წავა არჩევნების მეორე ტურზე, სადაც, თუ ზემოთმოყვანილი კვლევის ციფრები რეალობასთან ახლოსაა, თითქმის განაღდებული ექნება გამარჯვება, პროდასავლურ-პრორუსული  ორიენტაციით პოლარიზებულ საზოგადოების პირობებში, გამოკლებული საპრეზიდენტო კანდიდატების ხმების გადანაწილების ხარჯზე.
დღეს ისე ხატავენ სიტუაციას, თითქოს მმართველ ძალას მეორე ტურის ცეცხლივით ეშინია. შესაძლოა, ეს მართლაც ასე იყოს ცალკეული პირებისათვის, ვინც მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობს და 60-70%-ის გარანტიას აძლევს პრემიერს, მაგრამ მათი ფიასკო სულაც არ ნიშნავს ივანიშვილის იმიჯის შელახვას, პირიქით, საერთაშორისო ასპარეზზე კოალიცია კიდევ უფრო გაიმყარებს დემოკრატიული მმართველის სახელს, ხოლო თუ ზოგიერთი პოლიტიკოსი სკამს ან მინისტრის პორტფელს დაკარგავს ახალ მთავრობაში, ეს მისი პირადი ტრაგედია იქნება, და არა - „ქართული ოცნების“, შეიძლება - პირიქითაც, ზოგიერთ სახელგატეხილ ფიგურაზე ხელის შეწმენდა ივანიშვილს კიდეც აწყობდეს.
სხვა საკითხია, რომ მეორე ტურის შემთხვევაში ოპოზიციური კანდიდატი ქართულ პოლიტიკაში ძლიერ ფიგურად და მიზიდულობის „მეორე პოლიტიკურ ცენტრად“ იქცევა, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილის სახელით საუბრის სამართლიანი ამბიციები გაუჩნდება. თუ ეს ბაქრაძე იქნება, „ნაციონალური მოძრაობა“ მყარად მოთავსდება ოპოზიციურ ნიშაში და რღვევის საფრთხე აღარ დაემუქრება, მაგრამ თუ ბურჯანაძე აღმოჩნდა მარგველაშვილის პირისპირ, მაშინ მართლაც დაიწყება „პოლიტიკური სამარის“ გათხრა პარლამენტში დარჩენილი უმცირესობის დეპუტაციისათვის, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისა და საკანონმდებლო ორგანოდან „ნაციონალთა“ გაყრის საკითხის დაყენებით.
რაც შეეხება ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების ჩაშლისკენ მიმართულ სავარაუდო „ბიზნეს-გეგმას“, ვფიქრობ, მავთულხლართებში ჩადებული რუსული „ინვესტიცია“ ფუჭი აღმოჩნდება: ვინც არ უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, ხელიდან არ გაუშვებს მასზე ხელმოწერის შანსს, მათ შორის, ე.წ. „პრორუსული“ ბურჯანაძეც. ჩვენს ქვეყანას ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის ორი გზა აქვს: პირველი „კავკასიური კედლის“ აღმართვა და რუსების ლანძღვით გულის მოოხებაა, რამაც არ გაამართლა. მეორე ხანგრძლივი და მძიმე დიპლომატიური მოლაპარაკებებია, რომელთაც ხშირად ვაჭრობის პროცესს ადარებენ. ცხადია, რომ საქართველოს პირველ პირს, რომლის ფუნქციებში, ინაუგურაციის შემდეგ ძალაში შესული კონსტიტუციური შესწორებებით, საგარეო-პოლიტიკური აქტივობა რჩება, რუსებთან მოლაპარაკებების მაგიდაზე დაჯდომისას აწყობს ოპონენტს ესაუბროს არა მშვიდობის მახვეწარი კნავილით, არამედ წელგამართულად, ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნის სახელით. ამას უკრაინის პრეზიდენტის, იანუკოვიჩის და სხვათა მაგალითებიც მოწმობს, რომელზეც წინასაპრეზიდენტო რბოლისას რუსეთმა ფსონი დადო.

კრემლში მსხდომ პოლიტიკოსებამდე ამ რჩევამ რომ მიაღწიოს, მაგის იმედი არ მაქვს, მაგრამ მათ ადგილას დავფიქრდებოდი, რატომ არ აწყობს მათ მოძმე სლავურ ქვეყნებს რუსული „საბაჟო კავშირი“, უარყოფენ „ევრაზიული კავშირის“ იდეას და ევროპისაკენ ურუსეთოდ მიისწრაფვიან? ეგებ, ჩექმისა და მუშტის იმპერიულ პოლიტიკურ აზროვნებაზე უარის თქმას, თანასწორუფლებიან პარტნიორობაზე დამყარებულ ურთიერთობებზე გადასვლას უფრო მეტი სარგებელი მოეტანა თავად რუსი ხალხისა და მათი მეზობლებისთვის? იმედს ნუ დავკარგავთ, რომ ის, რაც ნისლიან ლონდონში 100 წლის წინ გაიაზრეს და კოლონიებზე უარი თქვეს, დიდთოვლიან მოსკოვში მყოფი კრემლის პოლიტელიტისათვის, „რუსული ფეჩის“ სიმხურვალეში საუკუნოვანი კოტრიალით   ტვინის გალღობის შემდეგ მაინც გახდება გასაგები.

No comments:

Post a Comment