გაზეთი "ქრონიკა+", 14.05.2013
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყნის ერთპარტიული მართვის სტილი
თავისი ერთბელადობით, გრანდიოზომანიით, გარეშე ძალის “მტრის ხატის“ შექმნით, მასობრივი
მიყურადების შიშითა და მრავალი სხვა ნიშნით კომუნისტებისას ისე ჰგავდა, რომ „უკვე ნანახის“- déjà vu - შეგრძნება გააჩინა ადამიანებში, ვინც
სსრკ-ს მოესწრო. ბოლშევიკების მმართველობის ბოლო წლების, „გლასნოსტის“ ეპოქისა არ
იყოს, აქაც იყო დაშვებული ოპოზიციურობა და დოზირებული თავისუფალი სიტყვა, რომელმაც
ორივე რეჟიმს ტოტალიტარული სიმყარე გამოაცალა.
2011 წლის 26 მაისის
მშვიდობიან მომიტინგეთა ეგზეკუცია სისასტიკით არ ჩამოუვარდებოდა 1989 წლის 9
აპრილის დარბევას, ორივე ადამიანთა მსხვერპლით დასრულდა, რომელთა „დანაშაული“
მხოლოდ ის იყო, რომ „არასანქცირებულ“ მიტინგში მონაწილეობდნენ. რეპრესიული
მანქანის სისასტიკემ საზოგადოებაში გამოიწვია ბუნებრივი პროტესტი და ის
ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკებად გახლიჩა.
სახელმწიფოს მხრიდან
ხალხზე უსამართლო ძალადობას მასობრივი აქციები
მოჰყვა. ტალღის სათავეში მოქცეულმა დისიდენტებმა კომუნისტური რეჟიმის
დასასრული გაფორმეს 1990 წლის 28
ოქტომბრის არჩევნებით, თუმცა ოპოზიციისთვის მოულოდნელი იყო შედეგები:
დემორალიზებულ კომპარტიას მაინც საკმარისი რესურსი გააჩნდა ფალსიფიკაციისათვის,
მაგრამ რატომღაც მაშინდელმა უშიშროების სამსახურმა - „კა-გე-ბემ“ ის არ გამოიყენა
და, მოსალოდნელი 30-35%-ისა და უზენაეს საბჭოში ძლიერი ოპოზიციური ფრაქციის
შექმნის ნაცვლად, კოალიცია „მრგვალ მაგიდას“ ხელისუფლების აისბერგის მწვერვალი
მთლიანად გადააბარა.
22 წლის წინანდელი
მოვლენების ანალოგიურად, წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნება“ ასევე ახდენდა
ხალხის მხარდაჭერის დემონსტრირებას უპრეცენდენტო მასობრიობის მქონე აქციებით.
სააკაშვილის რეჟიმის მიერ ადმინისტრაციულ-პოლიციური რესურსის სრულად გამოყენების
შემთვევაში ოპოზიციურ კოალიციას 40-45% პროცენტისა და პარლამენტში ძლიერი
ოპოზიციური უმცირესობის შექმნაზე მეტის მიღება არ შეეძლო, მაგრამ აქაც, რატომღაც,
უშიშროების სამსახურს - „კუდ“-ს პატიმრების წამების სკანდალური კადრები ტელეეთერში
გაეპარა. დიდმასშტაბიანმა დემონსტრაციებმა ხელისუფლებას ჩამოაცილა შსს მინისტრი
ახალაია, რომელიც რეპრესიული მანქანის თავკაცად აღიქმებოდა. მმართველი პარტიის
აქტივსა და მხარდამჭერებში დემორალიზაცია მოხდა. არჩევნების წაგების შემდეგ პრეზიდენტმა
სააკაშვილმა არ გამოიყენა საკუთარი უფლებამოსილება, მინისტრთა კაბინეტის ძალოვანი
ბლოკი თავად დაეკომპლექტებინა და ხელისუფლება მთლიანად „ქართულ ოცნებას“ შეაჩეჩა,
რომლის დაბნეულობა ამ მოულოდნელობით მთავრობის დაკომპლექტების პროცესში აშკარა
იყო.
როგორც გამსახურდიას,
ისე ივანიშვილის მთავრობები ვერ აკონტროლებენ სახელისუფლებო ვერტიკალის ქვედა
დონეებს, ხელმძღვანელ პოსტებზე (მინისტრ-მოადგილეებად თუ რაიონების
პრეფექტებად/გამგებლებად) საკუთარი კადრების დანიშვნის მიუხედავად. მათ უწევთ
აღიარება, რომ „აგენტები“/„ჩანერგილები“ ბლომად ჰყავთ სახელისუფლებო, მათ შორის
ძალოვან სტრუქტურებში, რომლებიც კულისებს მიღმა მდგომ სხვა „პატრონს“
ემორჩილებიან. პროცესების მართვის უნარის
დეფიციტს, პოლიტიკურ-ეკონომიკურ სისტემებში კარდინალური რეფორმების გატარების
გაუბედაობას, ეკონომიკაში „ძველებსა“ და „ახლებს“ შორის გავლენების გადანაწილების
დაძაბულობას და მოსალოდნელი სოციალური კრიზისის აჩრდილის შიშს დიდხანს ვერ შველის
ლიდერის მაღალი რეიტინგი, რომლის იმიჯის მსხვრევა დროის საქმეა.
მაშინაც და ამჯერადაც,
ხელისუფლებაში ახლადმოსულთა აქილევსის ქუსლია სისტემის ერთპიროვნული მართვა, რაც
ძალზე მაღალს ხდის ლიდერის მიერ შეცდომების დაშვების ალბათობას, ასევე პოლიტიკური
პროცესების კულუარულობა: გამსახურდიას მთავრობაში „ძოძუაშვილის გავლენის“ ფუნქციას
ივანიშვილის კარზე „ხუხაშვილის ყოვლადმრჩევლობა“ ასრულებს (სხვა საკითხია, მითია ეს,
თუ რეალობა, - ხალხი ხელისუფლების სახეს ასე ხედავს). ხანგრძლივი და სტაბილური
მმართველობის მხოლოდ ორი ფორმა არსებობს - დიქტატურა (ავტორიტარიზმი) და ნამდვილი
დემოკრატია, მათი ნაზავი ყოველთვის ეკლექტურია და არამყარი. შეუძლებელია დიდხანს
გაგრძელდეს ხელისუფლების სათავეში მოსული ძალზე განსხვავებული პარტიების ინტერესების
დაბალანსება და მხოლოდ მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალის რეაქციონერობის შიშით
შეკავშირება, ამიტომ მთავრობაში მყოფი ძალების კოალიციურობა საკუთარ თავში შეიცავს
იმის საფრთხეს, რომ რაღაც მომენტში მათი ნაწილი ლიდერის კონტროლს აღარ
დაემორჩილება და ოპოზიციაში ჩაუდგება, როგორც ეს 1991 წელს მოხდა. იმედია,
ისტორიის კალკირება შემდგომში აღარ გაგრძელდება და თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი
ალასანია არ გაიმეორებს კიტოვანის როლს, თუმცა, საამისო პიროვნული საბაბი თითქოს
აქვს კიდეც, პრემიერის მხრიდან მისი საპრეზიდენტო ამბიციებისათვის „ადგილის
მიჩენის“ გამო.
გახანგრძლივებული déjà
vu-ს ზმანება არ
ქრება და უკანასკნელ მოვლენებსაც დაღს ასვამს: 1991 წლის 2 სექტემბერს მილიციის მიერ
კინოს სახლთან მცირე ოპოზიციური მიტინგის ძალით დაშლის მსგავსად, იმავე ადგილას, 2013
წლის 1 მაისს საპატრულო პოლიციამ დაარბია განსხვავებულად მოაზროვნე სტუდენტთა დემონსტრაცია.
ორივეჯერ აქციები მცირერიცხოვანი და „კანონის ფარგლებიდან გამოსული“ იყო, მაგრამ
საკმარისი იმისათვის, რომ მოქალაქეთა ცნობიერებაში
სამართალდამცავი სახელმწიფო სტრუქტურა აღქმულ იქნას არა მათ დამცველ, არამედ
რეპრესიულ მანქანად. რეიტინგებითა და მხარდაჭერის მაღალი ციფრებით ხიბლში
ჩავარდნილ და უმნიშვნელო პროტესტის რევოლუციად გადაქცევის მოშიშ ხელისუფლებას
ამჯერადაც დაავიწყდა, რომ ძალადობის გამოყენებაზე საზოგადოების თანხმობა მთავრობას
მხოლოდ კრიმინალთან ბრძოლაზე აქვს, თავისი ამ ქმედებით კი ბიძგს აძლევს საპროტესტო წერტილის ზრდას, რომლის
დინამიკა მის კონტროლს აღარ დაექვემდებარება.
ორი ათეული წლის ინტერვალით
ისტორია თითქოს სპირალურად მეორდება, მაგრამ მხოლოდ „უკვე ნანახის“ საფუძველზე
მოვლენათა განვითარების პროგნოზირება მართებული არ იქნება: ამასობაში განვითარდა
როგორც ხელისუფლების შენარჩუნების PR-ტექნოლოგიები, ასევე დაიხვეწა მმართველი
ძალის დამხობის „ხავერდოვანი“ და უსისხლო მექანიზმები, რომელთა გამოყენების მოსურნე
ჩვენში ყოველთვის გამოჩნდება.
საქართველო პატარა
ქვეყანაა და ჩვენს შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე ყოველთვის მძლავრ გავლენას ახდენს დიდ
სახელმწიფოთა ინტერესების გადაკვეთა, რაც აქ გადატრიალებებისა და რევოლუციების
შესაძლებლობებს აჩენს, განსხვავებით ისეთი ქვეყნებისგან, როგორიც აშშ, რუსეთი ან
ჩინეთია, რომლის მთავრობებს აქვთ ფუფუნება, ანგარიში არ გაუწიონ მსოფლიოს სხვა
ქვეყნების აზრს. ამიტომაც მიმდინარეობს გამალებული ბრძოლა მმართველ კოალიციასა და
ოპოზიციაში გადასულ „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის საერთაშორისო მხარდაჭერის
მოპოვებისათვის. სააკაშვილმა იცის საგარეო ფაქტორის ფასი, რაზეც უცხოეთის
სხვადასხვა ქვეყნებში მისი ვიზიტების ინტენსივობა მეტყველებს. თუ მან არსებული მთავრობის დისკრედიტაციის მიზანს
წარმატებით მიაღწია და დასავლეთის სერიოზული მხარდაჭერა მოიპოვა, შეიძლება ითქვას,
რომ ივანიშვილის მთავრობის დამხობა მისთვის მხოლოდ „ტექნიკის საქმეა“. საამისო
წინაპირობები უკვე შექმნილია ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის ვარდნით, რაც სოციალურ
დაძაბულობას და მთავრობის პოლიტიკისადმი უკმაყოფილოთა რიცხვს განუწყვეტლივ
გაზრდის.
რა თქმა უნდა, არ
სძინავს რუსეთსაც, რომელსაც ამიერკავკასიაში საკუთარი ინტერესები გააჩნია.
სააკაშვილის ხელისუფლებიდან „ჩაჩოჩებისა“ და ორმხრივი ურთიერთობების დათბობის
ფონზე სწრაფად ვითარდება კულტურულ-ეკონომიკური კავშირები, რაც საფუძველს უქმნის
საზოგადოებაში ანტიდასავლური დისკურსისა და რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი
პოლიტიკური ძალების გაძლიერებას. სავარაუდოდ, რუსეთი „იანუკოვიჩის უკრაინული
ვარიანტის“ გათამაშებას შეეცდება, და ფსონს ნინო ბურჯანაძის გაპრეზიდენტებაზე
დადებს, რომელსაც სააკაშვილმა „კრემლის მეგობარი“ უწოდა. ამაში მას „ქართულ ოცნებაში“
მყოფი ცალკეული ძალების ფარული მხარდაჭერის იმედი შეიძლება ჰქონდეს.
ბურჯანაძის გამარჯვების
შემთხვევაში, მისი შემდგომი ლოგიკური ნაბიჯი იქნება საკანონმდებლო ორგანოში
საკუთარი პოლიტიკის მხარდამჭერების მნიშვნელოვანი წილის მოპოვება, რისთვისაც
პროცესები იმგვარად უნდა წარმართოს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები
დაინიშნოს. ამის მოთხოვნა საზოგადოებაში სულ უფრო მძლავრდება, მმართველ კოალიციასა
და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ყბადაღებული „კოაბიტაციით“ უკმაყოფილების გამო. მოვლენების ამ სცენარით განვითარება არა მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“ დაასამარებს,
არამედ გავლენის სახელისუფლებო ბერკეტებს დიდი ხნით დააკარგვინებს პროდასავლურ
პოლიტიკურ ძალებს.
საზოგადოებრივი აზრის
ცვლილების არსებული დინამიკის შენარჩუნების პირობებში ქალბატონი ნინოს მიერ საპრეზიდენტო
არჩევნების მოგების შანსი სულ უფრო
მოიმატებს და ის ადვილად მოერევა როგორც სახელგატეხილი „ნაციონალური მოძრაობის“
კანდიდატს, რომლის რეიტინგი, შუალედური არჩევნების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ,
15-20%-ს არ სცილდება და კლების ტენდენცია აქვს, ასევე „ქართული ოცნებასაც“,
რომელსაც საპრეზიდენტო სკამისათვის ბრძოლაში არ ჰყავს ბურჯანაძის საპირწონე
პოლიტიკური ფიგურა - ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი მათთვის ბოძებულ
თანამდებობებს სჯერდებიან. მხოლოდ PR-ტექნოლოგიებით აქ ფონს ვერავინ გავა,
რამდენადაც საპრეზიდენტო არჩევნები პიროვნებათა ბრძოლაცაა, სადაც „რკინის ლედის“ იმიჯის
მქონე გამოცდილ პოლიტიკოსს გამარჯვების მეტი პოტენციალი აქვს.
ამგვარად, პროდასავლურ
პოლიტელიტას ხელისუფლების სათავეში დარჩენის შანსი ოქტომბერში ეწურება, თუ მანამდე
არ მოახერხეს გადაჯგუფება და შეთანხმებული მოქმედებებით ახალი პოლიტიკური
სპექტაკლის დადგმა, რომელიც, ალბათ, ისევ გაგვიჩენს déjà vu-ს შეგრძნებას: ეს შეიძლება
იყოს სანაია-გონგაძის მკვლელობათა მსგავსი ტრაგედიით მასების ცნობიერებაზე მკვეთრი
ზემოქმედების მოხდენა, შექმნილი ისტერიული ფონის მეშვეობით მასობრივი საპროტესტო
გამოსვლებიის ინსპირირება და „ელვისებური ხავერდოვანი რევოლუცია“. ასეთ
შემთხვევაში პრეზიდენტი, ალბათ, ქვეყნის სტაბილიზატორის როლს შეასრულებს და გვირგვინდადგმული დაასრულებს თავის ვადას. შესაფერისი
პირობების შექმნის შემთხვევაში არ არის გამორიცხული მთავარსარდლის მიერ სამხედრო
პუტჩის განხორციელება და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ან განსხვავებული
სცენარი, რომელთა მოფიქრებაში თანამედროვე პოლიტტექნოლოგიების სპეციალისტებს
კრეატიულობა არ აკლიათ.
რამდენად
არის შესაძლებელი „ზემოდან“ და „გარედან“ დაგეგმილი სცენარებით ჩვენი
შიდაპოლიტიკური სიტუაციის მართვა? იმის
გათვალისწინებით, რაც ბოლო ათწლეულებში თავს გადაგვხდა, გამორიცხული არაფერია.
თუმცა, სოციალური უსამართლობით შეწუხებულმა „უბრალო ხალხმა“ შეიძლება ერთ მშვენიერ
დღეს თვალგახელილმა გაიღვიძოს და ამგვარი გეგმები ჩაშალოს კიდეც. ფილოსოფოსი და
პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე ამ კვირაში თბილისში ბრუნდება, მან უკვე დააანონსა „მემარცხენე
ფრონტის“ აქტივობის დაწყება, “რომელიც იწყებს მუშაობას იმისათვის, რომ დაიკავოს მთელი საქართველო”.
ორი ათეული წლის წინ, თანამოაზრეთა გარსშემოკრებით, მან ერთხელ უკვე მოახერხა
მაშინდელი სისტემის დასაყრდენის - კომკავშირის დაშლა. ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ დუღილში
ირაკლის აქტიური ჩართვა ჩვენს თაობაში déjà vu-ს შეგრძნებას კიდევ უფრო
გააძლიერებს.
„ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება რომ გახდეს სამართლიანი. ამისათვის ვიწყებთ ყოველდღიურ აქციებს ძალიან მალე. ჩვენი გზა არის მშვიდობიანი: არაძალადობა მთავარი პრინციპია. თუმცა ჩვენ არ მოვერიდებით ბურჟუა-ოლიგარქიული და ნეოლიბერალური კანონების დარღვევას. უსამართლო კანონები უნდა შეიცვალოს! ჩვენ შევცვლით კლასობრივ სეგრეგაციას და დავამკვდრებთ ნამდვილ თანასწორობას!“ - გაცხადებულია მგზნებარე
მანიფესტში, რომელიც სოციალური ქსელებით გავრცელდა. მსოფლიო
მოძრაობა Occupy-ს მსგავსი ქართული ტალღის გაჩენა, რომელიც საზოგადოებრივი
მოწყობის არსებულ უსამართლო სისტემას დაუპირისპირდება, ის ამბიციური განაცხადია,
რომელიც ობივატელს უახლოეს მომავალში მშვიდი ცხოვრების ილუზიას გაუქრობს. რამდენად გაითავისებს
მემარცხენე ინტელექტუალების მოწოდებებს ქართველი ხალხი, ჯერ-ჯერობით ძნელი
სათქმელია, მაგრამ სიდუხჭირე, რომელშიც მოსახლეობის უდიდესი ნაწილია ჩავარდნილი,
საამისოდ ნოყიერ ნიადაგს ქმნის.
თუმცა,
„კაცი ბჭობდა - ღმერთი იცინოდაო“,- ნათქვამია და, ნუ ვიმკითხავებთ, დაველოდოთ
მოვლენების განვითარებას.
No comments:
Post a Comment