02 May, 2013

"ვარდოსნები" ახალ "ხავერდოვან რევოლუციას" ამზადებენ


გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებიდან ზუსტად ოთხი თვის შემდეგ, 2 თებერვალს, იარებმოშუშებული „ნაციონალურმა მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ახალ მთავრობას ოთხ წელიწადს ვერ აცდის და 2003 წელი გაიხსენა, როცა ეს პარტია დედაქალაქს მართავდა.
 „დღესაც უნდა დავიწყოთ რაღაც ფორმით ხელისუფლებაში დაბრუნება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, ხელისუფლების ნაბიჯ-ნაბიჯ შევიწროვება და მისი შეცვლის დაჩქარება. უნდა დავბლოკოთ მათი დესტრუქციული ქმედებები. რა ფორმით მოხდება ეს ყველაფერი ამას დრო აჩვენებს. ჩვენ გვაქვს მთელი არსენალი ქმედებებისა, რომელიც დაასუსტებს ამ ხელისუფლებას", - გეგმები გაამჟღავნა ვანო მერაბიშვილმა.
 ამ ფრაზაში პოლიტიკური ლუდიზმის ნიშნები შეიმჩნევა, რომელიც ახასიათებს „ხავერდოვანი რევოლუციებისათვის“ გამოყენებულ ტექნოლოგიებს პოსტმოდერნულ ეპოქაში: პოლიტიკური ძალა, რომელიც წარმოგვიდგენს თავს ხელისუფლების ოპოზიციად, სინამდვილეში მის რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკას კი არ ებრძვის, არამედ უარყოფს მას მთლიანობაში და ფარულ საბოტაჟს უწყობს.
ასე რომ, „ოთხ წელს ვერ დავაცდით“, გამეორებული პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ, მართებული იქნება გავიგოთ, როგორც ახალი უსისხლო გადატრიალებისთვის სამზადისის გამოცხადება, რომლის მოწყობა-განხორციელების წარმატებული გამოცდილება აქვთ მის თანამებრძოლებს და არც საამისო კრეატიულობა აკლიათ.
-ისევ „ვარდების რევოლიცია“?-ეჭვიანად იკითხავს მკითხველი.
-რატომაც არა? ათი წლის წინ „ვარდოსანთა“ ხელში თუ მხოლოდ თბილისის საკრებულო, ტელეკომპანია „რუსთავი-2“ და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, უმთავრესად „თავისუფლების ინსტიტუტისა“ და „კმარას“ სახით, დღეს ისინი პოზიციებს არ თმობენ ხელისუფლების მთელ რიგ შტოებში, პრეზიდენტის ინსტიტუტი, სასამართლოები, თვითმმართველობების ნაწილი, ერთგული კადრები სახელმწიფო უწყებებში, პოპულარული ნაციონალური მაუწყებლები, მათ არსენალს დღითი დღე ემატება სოკოებივით მომრავლებული „ენ-ჯე-ო“-ები, როგორც პოლიტიკური კამპანიის დამატებითი ინსტრუმენტი და დაფინანსების წყარო. „ხავერდოვანი რევოლუციის“ დასაწყებად ამჟამინდელი სასტარტო პირობები“ გაცილებით უკეთესია, ვიდრე მაშინ, ხოლო ვანო მერაბიშვილის ეს „წამოცდენა“ სულაც არ მეჩვენება საქილიკო ან უმნიშვნელო თემად. მასობრივი კულტურისა და ტელევიზიის მუდმივი ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოსახლეობა კვლავ ადვილად შეიძლება გადააქციონ უზარმაზარ ვირტუალურ ბრბოდ, რომელიც ჯერ არ არის მოედანზე გამოსული, მაგრამ მყუდრო ბინებში, ტელევიზორებთან შეყუჟული, უსმენს ერთსადაიმავე ლიდერებს.
„ხავერდოვანი“ რევოლუციების ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი მათი არაძალადობრივი ხასიათია, ან, სულ მცირე, დასაწყისისთვის მოვლენათა უსაფრთხო, არაძალადობრივი განვითარების სრული ილუზია უნდა შეიქმნას. ამ აპრობირებული მეთოდით ხდება მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ ძალოვანი სტრუქტურების გამოყენების ნეიტრალიზება, ანუ იმ მთავარი ძალისა, რომელიც სახელმწიფოს რევოლუციის საპირწონედ გააჩნია. ამგვარი რევოლუციების ტექნოლოგია იყენებს თანამედროვე ლიბერალური სახელმწიფოების იმ თვისებას, რომლითაც სიტყვის, გამოხატვისა და შეკრებების თავისუფლებების უზენაესობა აღიარებულია არა მარტო მათი კონსტიტუციებით, არამედ, პრაქტიკულადაც, მასებისა და სამართალდამცავი ორგანოების მუშაკების ტვინებში ჩაბეჭდილი აქსიომით, რომ ძალადობის გამოყენება დაუშვებელია უიარაღო დემონსტრანტების მიმართ.
 „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ხაზს უსვამენ მათ მიერ მოწყობილი აქციების არაძალადობრივ ხასიათს: „19 აპრილის აქცია იქნება ჩვეულებრივი, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. ჩვენ ვართ ის ოპოზიცია, რომელსაც სხვაგვარად არც წარმოუდგენია", - აცხადებდა გიორგი გაბაშვილი, - "ჩვენი ლიდერები აქციაზე მოსვლას ოჯახებით აპირებენ და მთელი ის პანიკური კამპანია, რომელიც მთავრობის მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში წარმოებს, რომ თითქოს რაღაც სახიფათო უბედურება ელოდება ქვეყანას 19-ში, ტყულია, სიმართლე არის ის, რომ მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ ხელისუფლება ისტერიკაშია".
ოპოზიციის მოქმედებათა არაძალადობრივი ხასიათი აჩლუნგებს ხელისუფლების უნარს, დაინახოს საფრთხეები, რომლებადაც ის, ტრადიციული შეხედულებებით, მხოლოდ შეიარაღებულ ამბოხსა და შეთქმულებას განიხილავს. ამ გზით რევოლუციების პირველ ეტაპზე მიიღწევა სახელმწიფოს ხელოვნური „მიძინება“. მშვიდობიანი ბრძოლის განუწყვეტლობას არა მარტო სახელმწიფო აპარატის დაუძლურება მოჰყვება, არამედ საზოგადოების გახლეჩაც. თუ ხელისუფლება ძალადობით უპასუხებს, მაშინ ხალხის უდიდეს ნაწილში ეს გამოიწვევს თანაგრძნობის გაჩენას პროტესტანტების მიმართ, როგორც ეს მოხდა 2011 წლის 26 მაისის შემდეგ. როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცნობიერებდა ხელისუფლებისათვის ამ საფრთხეს, ამიტომ 19 აპრილის აქციის მზადებისა და მიმდინარეობის პერიოდში იყო მაქსიმალურად ფრთხილი და კორექტული მომიტინგეთა მიმართ: „რეგიონებიდან მომავალ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს პოლიცია არ აფერხებს“ - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.
„დემოკრატიულობანას“ ამ თამაშში შსს-მ მცირედ გადააჭარბა კიდეც და, თავისდაუნებურად, ჯერ არდაწყებული დადგმის თანამონაწილე გახდა: შს მინისტრმა, საავტომობილო ესკორტით, რუსთაველის გამზირზე გაიარ-გამოიარა და „სიტუაცია დაათვალიერა“ მიტინგის დაწყებამდე. არადა, ყველა „ხავერდოვანი რევოლუცია“ სხვა არაფერია, თუ არა დიდი პოლიტიკური სპექტაკლი, რომელიც სპეციალური ტექნიკური და მხატვრული საშუალებების გამოყენებით იდგმება და ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად გამოიყენება. გადამწყვეტი მომენტი ფართო აუდიტორიის მქონე ამ, უხშირესად, ტელეშოუს მიმდინარეობისას მაშინ დგება, როცა ხელისუფლების მიერ დაწესებული ისეთი წესები, როგორიცაა ლეგალური პროცედურები, მათი ძალოვანი უზრუნველყოფა, ნორმებისა და შეზღუდვების სისტემა და მისთ. უკვე აღარ მოქმედებს, - მათ თამაშის წესები ცვლის. ასეთ მომენტში კარნავალის რეალობა ყოფას სჯაბნის და აქამდე „ბერიკაობის ყეენად“ მყოფი ფიგურა რეალური მმართველი ხდება, რომელსაც მასები ემორჩილებიან, ნამდვილი „მეფე“ კი მასხარად გადაიქცევა. ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ ეს 2003 წელს და იგივე მსახიობებით ამ სანახაობის დასაწყისს ათი წლის შემდეგ გვაჩვენებენ, თუმცა, ჯერ მხოლოდ დასაწყისია და ამ საკვანძო მომენტის დრო არ მოსულა.
ჩვენში ხელისუფლების ჩამოგდებისათვის მზადება სიმბოლური სახელების დარქმევით იწყება, რომელთაგან საშინაო და საგარეო მაყურებლის დასანახად მმართველი ლიდერის დემონიზირება უკვე მრავალჯერ ნაცადი მეთოდია, - ასე იყო გამსახურდიას, შევარდნაძის, თავად სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლის დასაწყისშივე. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შეესაბამება რეალობაში ხელისუფალის მოქმედებები მისთვის ოპოზიციის მიერ მინიჭებულ ეტიკეტს, ახლაც იგივე სახელდებამ გაიჟღერა: „ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დიქტატურას ამყარებს!“ (აკაკი ბობოხიძე, 06.02); „ქვეყანაში მყარდება რუსი ოლიგარქის ტოტალიტარული რეჟიმი!“ (სერგო რატიანი, 22.02). 19 აპრილის მიტინგზე კი „ვარდოსნებმა“ ე.წ. შეფუთვა შეცვალეს და თავს „ახალი ეროვნული მოძრაობა“ უწოდეს.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ ახალი ეროვნული მოძრაობა. ეს არ იქნება პოლიტიკური მოძრაობა, მაგრამ წარმმართველი ძალა, რა თქმა უნდა, იქნება "ნაციონალური მოძრაობა". ეს მოძრაობა გააერთიანებს სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ვისთვისაც სულ ერთი არ არის საქართველოს მომავალი, გააერთიანებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჯგუფებს. ჩვენ გვინდა, რომ ამ მოძრაობამ შექმნას წარმომადგენლობა ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ყველა სადარბაზოში,“ - რით არ არის ვანო მერაბიშვილის ეს სიტყვები ახალი „ხავერდოვანი რევოლუციისთვის“ მასობრიობის საფუძვლის შექმნის გეგმის გაჟღერება?
„ხავერდოვანი რევოლუციების“ გამოცდილებამ აჩვენა, რომ ძალზე ადვილია მასებში პოლიტიზირებული ეთნიკურობისა და მტრის ხატის შექმნა, რომელზეც ეთნოსმა შური უნდა იძიოს. მხარდამჭერთა ამ გზით მიღწეული შეკავშირება თავისი ინტენსივობით გაცილებით ძლიერია სოციალური სამართლიანობის და კეთილდღეობის ამაღლების მოტივებზე, რომელთა მეშვეობითაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. სააკაშვილის მგზნებარე მოწოდებით, „საქართველოს მთავარი მტერი რუსეთია“, ოკუპანტი, რომელსაც ადგილზე განასახიერებს „კრემლის მეგობარი ბურჯანაძე და კრემლის ნახევრად მეგობარი მთავრობა“ .

„ეს ადამიანები ყველაფერს ეროვნულს, ცხრა წლის განმავლობაში ასამარებდნენ და დღეს ამ ბრენდით გამოსვლა მათი მხრიდან აბსოლუტური ცინიზმია", - განუცხადა სააგენტო "ივერონს" გია ხუხაშვილმა. გასაკვირი ამაში არაფერია: სპექტაკლი იწყება და თუ ის დაემსგავსება აბსურდის თეატრს, უხილავ რეჟისორს ძალიან აწყობს, - ჩვენი ცნობიერების ირაციონალურით მანიპულირება უფრო გაადვილდება, ტრადიციებისა და საღად აზროვნებისათვის მყარი ნიადაგის გარეშე დარჩენილი ადამიანები ადვილად მართვად მასად გადაიქცევიან.

                                              გაზეთი "ქრონიკა +",#1, 23.04.2013

No comments:

Post a Comment