13 May, 2013

"ოცნების" ხიდს ბზარები დაეტყო

                                                   გაზეთი "ქრონიკა+", #3, 07.05.2013


სააკაშვილის მმართველობის ვირტუალური სამოთხე 1 ოქტომბრის ტყუილით დასრულდა, სადაც "ნაციონალურ მოძრაობას" არარეალური 40% დაუწერეს, იმ საბაბით, რომ პრეზიდენტი დაეოკებინათ, წაგების გამო წონასწორობიდან არ გამოსულიყო და სპეცრაზმებით ხალხის მორიგი დარბევებისა და დიქტატურის დამყარების მაგვარი რაიმე საშინელება არ ჩაედინა. საამისოდ გაწვრთნილი "ზონდერები" და ძალოვნები სრულ მზადყოფნაში იყვნენ, ასე რომ, ეს შიშები საკმაოდ რეალური იყო. თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, მოვლენების ამგვარი განვითარების თავიდან აცილებაში, ისევე, როგორც ცესკოს მიერ დადებულ შედეგებთან გამარჯვებული ოპოზიციის შეგუებაში, აშშ და ევროპის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევამ დიდი როლი ითამაშა.
არჩევნებს, ახალ მთავრობაზე დასავლეთის გარკვეული ძალების აქტიური ზეწოლის შედეგად, კვლავ სიცრუე მოჰყვა, სახელად - "კოჰაბიტაცია", რაც "ქართული ოცნების"
მხარდამჭერებში იმედცრუებისა და ანტიდასავლური განწყობების გაძლიერების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად იქცა. საზოგადოება ძირეულ ცვლილებებს ელოდა, უპირველეს ყოვლისა კი - წინასაარჩევნო კამპანიისას დამნაშავეებად გამოცხადებული ხელისუფლების მაღალჩინოსების დასჯის ხილვას. ამის ნაცვლად ვიხილეთ მათი "დაჭერა-გაშვებების" სერიალი, რასაც ძველი ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მოსამართლეთა კორპუსის შეუცვლელობით გვიხსნიდნენ, მაგრამ ჩნდებოდა სულ უფრო და უფრო მეტი კითხვები მთავრობის კონტროლს ქვეშ მყოფ სტრუქტურებში "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს აღზევებული კადრების წამყვან თანამდებობებზე დატოვება-დაწინაურების და კოალიციის პარტიებში მათი მასობრივი "პორტირების" გამო.
ორი თვის წინ ექს-პრეზიდენტმა, რომლის სახელით გამოქვეყნებული პროგნოზები ბევრჯერ ასრულებულა, მთავრობას მოქმედების სტილის შეცვლისაკენ უშედეგოდ მოუწოდა. მისი აზრით, ივანიშვილისა და მისი გუნდის წევრების უმოქმედობა ქვეყანას სავალალო შედეგამდე მიიყვანს, თუკი ხელისუფლება არ დასჯის ძველი მთავრობის წევრებს და სამართალი არ აღსრულდება, ამას თავად ხალხი გააკეთებს. "პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს, ხალხიც ჯერჯერობით მხარს უჭერს. მოვიდა კონკრეტული მოქმედებების დრო. მარტო ლაპარაკი საქმეს არ აკეთებს. თუ ბიძინა არ იმოქმედებს, მისი ხელისუფლება სააკაშვილის ხელისუფლების ბედს გაიზიარებს", - აცხადებს შევარდნაძე გაზეთ "ასავალ-დასავალთან" საუბრისას.
წინა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მასაში გაჩნდა განცდა, რომ ცხრაწლიანი ტყუილების დრო ახლა "ქართულმა ოცნებამ" გააგრძელა, რომელიც "სამართლიანობის აღდგენას" სააკაშვილის საპრეზიდენტო დროის გასვლამდე ჭიმავს და ამ საკითხს უყურებს მაკიაველისეული პრინციპით - "მიზანი ამართლებს საშუალებას". კაცობრიობის ისტორია ვინც იცის, გაახსენდება მრავალი შემთხვევა, როცა კეთილშობილი ზრახვებით ხელისუფლებაში მოსულებს, ამ პრინციპით მოქმედებისას, მიზნებამდე ვერ მიუღწევიათ, დროთა განმავლობაში იდეებიც დავიწყებიათ და ხელში მხოლოდ ბინძური "საშუალებები" შერჩენიათ, როგორადაც აღიქმება ნებისმიერი სიცრუე, რომელსაც მალევე ეხდება ფარდა ჩვენს პატარა ქვეყანაში, რომელშიც ყველამ ყველაფერი იცის. "თეთრი ხელთათმანებით" მუშაობა ვერ შეძლო და საკუთარი პოსტიდან უკვე ახალი მთავრობის ერთი მინისტრი გადადგა, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სამსახურის მიერ მის უწყებაში სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის სკანდალური ფაქტების გამომზეურების შემდეგ.
ჯერ-ჯერობით ბიძინა ივანიშვილი, მედიასთან კომუნიკაციისას თავისი გახსნილობითა და საოცარი გულახდილობით, მთავრობის მიმართ სიმპათიების და ნდობის შენარჩუნებას ახერხებს, თუმცა, ბოლო ტელეინტერვიუში მისი ერთი გამონათქვამის დაჯერება მოსახლეობას გაუჭირდა. საქართველოს ადვოკათა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა გადაცემის ნახვის შემდეგ პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართა: "...ქალბატონ ნინო შუბლაძესთან ... თქვენ განაცხადეთ, რომ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს მოსახლეობას ყველა დაპირება შეუსრულა. უბრალოდ გაოგნებული ვიყავი თქვენი გამოსვლით ... ეტყობა, თქვენ გარემოცვა ვირტუალურ გარემოში გაცხოვრებთ და არ ფლობთ არანაირ ინფორმაციას თუ რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში."
გარემოცვის მიერ პირველი პირის იზოლაციისა და რეალობისგან მოწყვეტის პრობლემა ძირძველი დემოკრატიების ევროპულ ქვეყნებშიც დგას, მაგრამ იქ ამის ნიშნები ხელისუფლებაში მოსვლის 2-3 წლის შემდეგ შეინიშნება. ჩვენში ფეხმოკიდებულ ამ სტერეოტიპს დავით ზურაბიშვილმა ენამოსწრებულად "კეთილი მეფისა და მოღალატე ვეზირების ზღაპარი", რომლის პერსონაჟებადაც გადააქცია "რესპუბლიკელებისა" და "ოცნების რუხ კარდინალად" წოდებული გია ხუხაშვილის დემონიზაციის ბოლოდროინდელმა ტენდენციამ. ჩახედული არ ვარ პრემიერ-მინისტრის კარის ინტრიგებში, მაგრამ რასაც აბრალებენ, ერთის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარის პარტიას, მეორეს მხრივ კი - პრემიერის აწ უკვე ოფიციალურ მრჩეველს, ძნელად დაიჯერებს საღად მოაზროვნე, რომ ისეთი მრავალჭირნახული და ბრძოლებში გამობრძმედილი კაცის ტკბილმოუბარი ენით მართვა, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, ვინმემ შეძლოს.
პრემიერ-მინისტრის ავტორიტეტი საზოგადოებაში იმდენად მაღალია, რომ ნაძალადევის ოლქში ამ ფაქტორით მმართველი კოალიციის კანდიდატის გარდა, მისმა კონკურენტებმაც ისარგებლეს შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში, სადაც საარჩევნო უბნებში 7 თვის წინ მოსული ამომრჩევლების ნახევარზე ოდნავ მეტმა მიიღო მონაწილეობა. თამარ კორძაიას ოპონირება მიდიოდა ბინძური "შავი პიარის" მეთოდებით, რომ ის არის "პროდასავლელი ლიბერალი, ანტიეროვნული და მოღალატე რესპუბლიკელი", "ლეზბიანკებისა და პედერასტების უფლებების დამცველი, შესაბამისად, ერთსქესიანი ქორწინებების პოტენციური ლობისტი" (ციტატების გამო ბოდიშს ვიხდი), ხოლო პრემიერ-მინისტრი, არაოფიციალურად, მის მეტოქეს უჭერს მხარს. ამ გზით ე.წ. "ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი" მეტ-ნაკლებად ოთხ კანდიდატზე გადანაწილდა. "სეთურის მანქანამ" კი იმუშავა, მაგრამ კორძაიას დამარცხება ვერ შეძლო, თუმცა, "ქართულმა ოცნებამ" ამჯერად ვეღარ მოიზიდა 1 ოქტომბერს მოსული მხარდამჭერების 75%: ზოგს დაეზარა, ზოგმა "მოიოცნება" და, გულაცრუებულმა, თავისთვის სასურველი სხვა ძალა ჯერ ვერ შეარჩია, სხვებმა დანარჩენი კანდიდატები მოხაზეს, მაგრამ არა - "ნაციონალური მოძრაობა", რამაც დაადასტურა ის სუბიექტური დაკვირვება, რომ მმართველი კოალიციის პოპულარობის კლება არაფერს მატებს სააკაშვილის პარტიის რეიტინგს. თუმცა, შედეგების ინტერპოლირებით ძველ აქტივობაზე (ანუ ამომრჩევლის იგივე აქტივობა რომ ყოფილიყო და ხმები ისეთივე პროპორციით გადანაწილებულიყო) ვხედავთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე თვეში გაცილებით მეტი აქტიური ამომრჩეველი (32,71% - 27700) დაკარგა, ვიდრე "ნაციონალურმა მოძრაობამ" (8,83% - 7500). იმერეთის რაიონებში ''ოცნების'' მომხრეთა რაოდენობის ცვლილებები (აბსოლუტურ ციფრებში) უმნიშვნელოა, მაშინ, როცა "ნაციონალების" მხარდაჭერა, 2012 წლის არჩევნებთან შედარებით, 65-70%-ით შემცირდა. ნაძალადევის შედეგებზე, სავარაუდოდ, გავლენა იქონია თავად კოალიციის აქტივისტებში ფარულმა განხეთქილებამაც, რაზეც სოციალურ ქსელებში ღიად საუბრობენ: "ოცნების აქტივისტები და თუნდაც კომისიის წევრები "ოცნებიდან" სხვა კანდიდატზე და სხვის პიარზე მუშაობდნენ, კორძაიაზე კი, ძირითადად, - "რესპუბლიკელები". თუ ეს მართალია, პროდასავლურ-ლიბერალურ მიმართულებას, როგორადაც პოზიციონირდება "რესპუბლიკური პარტია" ამომრჩევლის თვალში, თბილისელების საკმაოდ მაღალი მხარდაჭერა ჰქონია. ამდენად, შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ გამოთავისუფლდა ფართო ელექტორალური სეგმენტი "მესამე ძალისათვის", რაც არასახელისუფლებო პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატს გამარჯვების შანსს აძლევს.
დრო გვიჩვენებს, როგორ იმოქმედებს მმართველი ძალის იმიჯზე მისი დაპირისპირების პირველი შემთხვევა მისი მხარდამჭერი საზოგადოების ყველაზე აქტიურ ნაწილთან. 1 მაისს, მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, როცა ევროპის ქალაქების მთავარი მოედნები წითელი დროშების ფრიალმა წალეკა, თბილისში ამ დღის აღსანიშნავად მოწყობილი სტუდენტური დემონსტრაცია პოლიციამ დაშალა, არასამთავრობოთა შეფასებით, "არაპროპორციული ძალის გადამეტებით". უფლებადამცველებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს ყველას, რომ "შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაა დაცული", მაგრამ...
უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაწყებული, ვარაზისხევის, თამარ მეფისა და აღმაშენებლის გამზირების გავლით რუსთაველის პროსპექტამდე მოღწეული მსვლელობის ორგანიზატორები - "ლაბორატორია-1918"-ის 24 აქტივისტი დააკავეს, უფრო სწორად, მუჯლუგუნებითა და გინებით წაათრიეს და საპატრულო მანქანებში შეტენეს, ზედ ორიოდე ჟურნალისტიც მიაყოლეს. მართალია, ხელწერილების ჩამორთმევის შემდეგ ყველა დაკავებული სახლებში გაუშვეს და ჩვენი პოლიციელებისა და მათთან შეთანხმებულად მოქმედი სამოქალაქო ტანსაცმლიანი კუნთმაგარი პროვოკატორების ("ზონდერები" ექსკლუზიურად ჩვენებური ფენომენია) "ვაჟკაცობა" ბევრად ჩამოუვარდებოდა ჩილეს, კოლუმბიის, მექსიკის ან თურქეთის 2013 წლის საპირველმაისო დემონსტრაციების დამრბევი მათი კოლეგების სისასტიკეს, მაგრამ აქ "ძაღლის თავი" ჩამარხულია წითელდროშოვან სტუდენტთა დაჭერების ტელეკადრებში, რომლებიც მსოფლიომ იხილა და საქართველო იმ ქვეყნების რიგში ჩააყენა, სადაც მშრომელთა უფლებების დაცვისათვის მებრძოლთა დემონსტრაციებს არბევენ.
საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ თავი იმართლა:"სტუდენტები სხვადასხვა ადგილებში კეტავდნენ გზებს, არ აძლევდნენ ავტომაქანებს გადაადგილების საშუალებას, ღებავდნენ ვიტრინებს და ავტომანქანებს, იყვნენ აგრესიულები მოქალაქეებისა და პოლიციელების მიმართ". ჩვენი ობივატელისთვის ეს საკმარისი არგუმენტია, რომ "ანარქისტი" სტუდენტების უსაქციელობით აღშფოთდეს და პოლიციელების უხეშობა გაამართლოს, თუმცა ათენის, პარიზის, ლონდონის თუ მადრიდის ქუჩებს სტუდენტური გამოსვლების დროს ისეთი ლეწვა-მტვრევა ახსოვს, რომ ევროპელთათვის, ალბათ, გაუგებარი იქნება საღებავ-პულველიზატორებით ვიტრინების გათხუპვნის, დაზიანებული საქარე მინისა და ტროტუარიდან გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საბაბით მოსოციალისტო ახალგაზრდების დასჯის მიზეზი. სავარაუდოდ, ამ ამბავს არაოფიციალურად ის საკმაზიც დაერთვება, რომ მშრომელთა უფლებების დამცველი ახალგაზრდების აქცია იმ მთავრობის პოლიციამ დაარბია, რომლის სათავეშიც "რუსეთში ფულნაშოვნი ოლიგარქ-მილიარდერია". ახლა ერთი შარშანდელი გეი-პარადის მსგავსი სამაისო დარბევაღა დარჩა გასამეორებელი და ახალ მთავრობას გარანტირებული ექნება როგორც ევროპელი სოციალისტების, ისე ამერიკელი დემოკრატებისგან ზურგშექცევა.
უცხოელთათვის არ აქვს მნიშვნელობა, პირველმაისობის ისტორიული ტრადიციის დასაწყისის - ჩიკაგოში მუშათა გამოსვლის დახვრეტის პაროდია - "ჩიკაგო-2013" - თბილისში პრემიერის მთავარი დასაყრდენი მინისტრის ბრძანებით მოხდა, თუ ეს თავად ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა, მოწყობილი მის უწყებაში მოკალათებული, მერაბიშვილის აღზრდილი კადრების მიერ, როგორც ეს "პრაიმერ-ინფოს" მეშვეობით უმალ გააჟღერა ვინმე "პოლიციიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ამ ეტაპზე ვინაობის გამხელა არ ისურვა". მათთვის ფაქტია "სექსისტური შრომის კოდექსის" წინააღმდეგ პროტესტით გამოსულ სტუდენტებზე სახელმწიფოს ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა, რითაც საკუთარმა პოლიციამ საერთაშორისო ასპარეზზე "ღორი შეუგდო" ევროპელ სოციალისტთა პარტიაში გაწევრიანების მსურველ "ქართულ ოცნებას".
თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა გაამართლა 1 მაისს თავის ხელქვეითთა მოქმედება, რითაც უარყო მის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ვერსია: “ჩვენ ვართ ხელისუფლება და ეს არის სახელმწიფო, თუ გნებავთ, რომ მიიღოთ ქაოსი, მაშინ საზოგადოებამ მხარი უნდა დაუჭიროს გუშინდელი ტიპის აქციებს, თუ გინდათ დაწყნარებულ სახელმწიფოში ცხოვრება, მაშინ პოლიციამ უნდა დაიცვას წესრიგი”, – მეორე დრესვე განაცხადა ღარიბაშვილმა. "პოლიციელის მუნდირის ღირსების დაცვა" აღარ უხსენებია, მაგრამ გასაგებია, რომ ამ მოტივით ფორმიანი კაცის მუშტი თუ წიხლი უდრტვინველად უნდა ავიტანოთ, გინებაზე და "ბიჩოკების" სროლაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამგვარი ლექსიკა ყველა მის წინამორბედსაც ჰქონდა, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა ხალხისაგან ხელისუფლების გაუცხოების პროცესების ლოგიკურ დასასრულამდე მისვლა.
-რატომ არის შერჩევითი სამართალი "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ? - მინისტრის მისამართით იკითხა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა და უცხოური ლობისტების მფარველობის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ მიტინგის ჩატარებისას კანონდარღვევაზე მიუთითა. პასუხი იმდენად მარტივია, რომ სიღრმეებში ქექვას არ საჭიროებს: იმიტომ, რომ პოლიტელიტებს და მათ ბიზნეს-ინტერესებს შორის "კოჰაბიტაცია" იყო, არის და იქნება! ასევე დარჩება "ხიდჩატეხილობისპრობლემა" ქართულ პოლიტიკურ მოდელში, მაგრამ ამჯერად რატომღაც ძალიან სწრაფად და დინამიურად ვითარდება ეჭვისა და უნდობლობის ჭიებით 1 ოქტომბერს გადებული ნდობის ხიდის საყრდენების გამოხვრის პროცესი.




No comments:

Post a Comment