02 May, 2013

ივანიშვილის პოლარული ვარსკვლავი


                                              გაზეთი "ქრონიკა+", #2, 30.04.2013

ცივი ომის“ დამთავრების შემდეგ დასავლეთმა რუსეთის მიმართ თავისი დამოკიდებულება კარდინალურად რომ შეცვალა, ამის გაცნობიერება საქართველოში დღემდე ძალზე ჭირს. რუსეთს, საბჭოთა კავშირის ანალოგიურად, კვლავ განიხილავენ NATO–ს მტრად თუ არა, მოწინააღმდეგედ მაინც, საქართველო–რუსეთის ურთიერთობებს კი მხოლოდ ამ პრიზმიდან ხედავენ. ქართული საზოგადოება თვალს ხუჭავს იმაზე, რომ ბარაქ ობამა ორჯერ აირჩიეს და ორჯერვე აშშ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება რუსეთთან მიმართებაში "გადატვირთვის“ პოლიტიკის გამოცხადებით დაიწყო, ევროპელი პოლიტიკოსების გამუდმებულ მოწოდებებსაც, -რუსეთთან ურთიერთობები დაალაგეთო, - ყურადღების მიღმა ტოვებს.
ცხადია, თუ მოვლენების აღქმისას ჩვენი წინასწარი მზაობა დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირებულობის დრომოჭმულ სტერეოტიპს ემორჩილება, ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციაზე და მეზობელთან აგრესიული რიტორიკით საუბარზე უარის თქმის საგარეო-პოლიტიკური კურსი "პრორუსულად" მოგვეჩვენება, ხოლო მთავრობის განცხადებები ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ სწრაფვაზე - ბლეფად. მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ამგვარი "მრუდე სათვალის" გარეშე დაკვირვებამ კი, შესაძლოა, სულ სხვა რეალობა დაგვანახოს, სადაც რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება არათუ ვნებს ქვეყნის ევროინტეგრაციას, პირიქით, ხელს უწყობს.
1980–იანი წლების ბოლოს დასავლეთი იმედოვნებდა, რომ შესაძლებელი იყო საბჭოთა კავშირის ლიბერალიზაცია სახელმწიფოს დაშლის გარეშე, გაერთიანების გზაზე მდგომ ევროპასთან მისი შემდგომი ინტეგრაციით. მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომელთაც ევროპასთან გაცილებით მჭიდრო ისტორიულ–კულტურული ერთობა ჰქონდათ შენარჩუნებული, მოიაზრებოდა მომავალი ევროგაერთიანების ნაწილად, ამიტომაც სსრკ–ს დაშლის შემდეგ ისინი სწრაფად მიიღეს ევროპულ ოჯახში. „დანარჩენ სსრკ–ს“ კი „ზემოდან გარდაქმნას“ უპირებდნენ, უფრთხოდნენ რა მის ნამსხვრევებზე კონფლიქტების, ავტორიტარული რეჟიმების და სხვა, ძნელად სამართავი პროცესების წარმოშობას. ისტორიამ გვაჩვენა, რომ ეს სიფრთხილე უსაფუძვლო არ იყო, მაგრამ „ბოთლიდან ამოშვებულმა ჯინმა აიწყვიტა“ და რესპუბლიკების ძლიერმა ცენტრიდანულმა მისწრაფებებმა საბჭოთა კავშირის რღვევა გამოიწვია. მართლაც, შედეგად მივიღეთ ავტორიტარული რეჟიმები შუა აზიასა და ბელარუსში, ნაციონალისტურად განწყობილი მთავრობები ამიერკავკასიაში, ოლიგარქულ–კრიმინალური რუსეთი და მრავალი დღემდე ჩაუმცხრალი ეთნიკური კონფლიქტი.
დასავლეთის ამ სურვილს, საბჭოთა კავშირის ნაბიჯ–ნაბიჯ რეფორმირებითა და ევროპასთან ინტეგრაციით მიეღო ერთიანი პოლიტიკურ–ეკონომიკური სივრცე ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე, რასაც დასავლეთ ნახევარსფეროში აშშ–სა და კანადას თუ მივათვლით, შეგვიძლია ხატოვნად „ჩრდილოეთის ლიბერალური სარტყელი“ ვუწოდოთ, საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობა იდეურად დაუპირისპირდა, გლობალურ პოლიტიკაში „ერთიანი კავკასიის“ დამოუკიდებელ მოთამაშედ ცნობის განუხორციელებელ ამბიციას შეეჭიდა და, საბოლოოდ, ემსხვერპლა.
ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს ახალი გეოპოლიტიკური ფუნქცია მოუძებნა, რომელიც ქვეყნის გავლით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ენერგომატარებლების ტრანზიტში, ხოლო საპირისპირო მიმართულებით – ლიბერალური ღირებულებების გავრცელებაში მდგომარეობდა. აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარებას, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რეფორმების გამოცდილების ექსპორტის მცირე ლაბორატორიის ფუნქციაც დაემატა. მაგრამ ნეოკონსერვატიულ წრეებთან დამეგობრებულმა სააკაშვილმა ჩათვალა, რომ ატლანტიკიდან წყნარ ოკეანემდე ერთიანი პოლიტიკურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის გეგმა დასავლეთმა სამუდამოდ დაივიწყა. ის რუსეთს კვლავ NATO–ს მტრად მოიაზრებდა და ჩრდილოელ მეზობელთან მკვეთრი დაპირისპირების ხარჯზე აგებდა საკუთარ "პროდასავლურ" პოლიტიკას.
სააკაშვილის ანტირუსული ისტერია, გარკვეული დოზით, შესაძლოა, კიდეც აწყობდა დასავლეთს პუტინთან პოლიტიკური ვაჭრობის საწარმოებლად, მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ უმთავრესი გეგმების ცვლილება არ მომხდარა. რა თქმა უნდა, წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, მათში კორექტივები მოხდა. გამოჩნდა ახალი ფორმულა: „ჯერ–მოდერნიზაცია, შემდეგ–ლიბერალიზაცია“, რომელსაც განსხვავებული ტემპებითა და წარმატებით მიჰყვება რუსეთიც და სხვა ქვეყნებიც. რუსეთთან ურთიერთქმედებას შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ ამოცანად მიიჩნევს ზბიგნევ ბზეჟინსკი: "რუსეთი ახლა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომ პუტინთან ერთად თუ პუტინის გარეშე, დასავლეთის მიმართულებით მოძრაობის გარდა მას სხვა არჩევანი არა აქვს... შესაძლოა, პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთი დემოკრატიზაციის უკუმიმართულებით მოძრაობს, მაგრამ ამ შირმის უკან ხდება ცვლილებები, რომლებიც უეჭველს ხდიან დასავლეთთან თანამშრომლობის გარდაუვალობას." ბზეჟინსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთი აუცილებლად დაადგება განვითარების დასავლურ გზას.
ცხინვალის რეგიონში 2008 წლის სამხედრო კონფლიქტმა მსოფლიოს დაანახა კავკასიაში ამგვარი დაპირისპირების გლობალურ პრობლემად გადაქცევის საფრთხე, როცა პატარა ქვეყნის „ცხელთავიანი“ ხელმძღვანელის ერთ გაუაზრებელ ქმედებას შესაძლოა მთელი ცივილიზაციისათვის დამღუპველი შედეგები მოეტანა. პოლიტიკოსები იძულებული გახდნენ დაფიქრებულიყვნენ ევროატლანტიკური სამხედრო ბლოკის „ასპირანტი ქვეყნის“ რუსეთის ასეთ სიახლოვეში ყოფნის მიზანშეწონილობაზე – კავკასია ბალტიისპირეთი არ არის, სადაც ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის პოლიტელიტების ცივგონებიანობიდან გამომდინარე, შესაძლებელია ორი სამხედრო მონსტრის მშვიდობიანი მეზობლობა. მეომარ მხარეთა დაშოშმინება ევროგაერთიანებას მოუწია, რომლის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა მაშინ საფრანგეთი იყო. პრეზიდენტი სარკოზის შუამავლობამ გაზარდა მისი ქვეყნის საგარეო–პოლიტიკური მნიშვნელობა კავკასიის რეგიონისთვის, პოლიტიკური ასპარეზიდან წასვლამდე მცირე ხნით ადრე ის ჩვენს დედაქალაქებსაც ესტუმრა და მომავლის ხედვის მნიშვნელოვანი მესიჯებიც ანდერძივით დაგვიტოვა, რომელთა შორის უპირველესი რუსეთთან მტრობის დაძლევისა და მშვიდობიან თანაარსებობა–თანამშრომლობაზე გადასვლის აუცილებლობაა. ამ ამოცანის დაძლევა იტვირთა მისი სტუმრობის დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენილმა მილიარდერმა, რომელიც ასევე საფრანგეთის მოქალაქეა. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ფეხის შედგმისთანავე დასვა აქცენტები „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგების მიერ გლობალური პროცესებში რუსეთისადმი დასავლეთის დამოკიდებულების გაუაზრებლობაზე და პროგრესული მსოფლიოს თვალში საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფება მის გონივრულ ალტერნატივად წარმოაჩინა.
წინამორბედებისგან განსხვავებით, "თეთრი სახლის" ამჟამინდელი, დემოკრატების ადმინისტრაცია ერთპოლუსიანი გლობუსის იდეას აღარ იზიარებს. მსოფლიო ჟანდარმის როლის შესრულება რომ ძალზე ძვირი უჯდებათ, ეს პრაგმატულმა ამერიკელებმა უკვე გაიცნობიერეს და ე.წ. "მულტიცენტრული მსოფლიოს" ხედვით აღიჭურვნენ. გლობალური პოლიტიკის ცენტრებიდან საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი კვლავ ვაშინგტონი და მოსკოვია, მათთან ერთად კი ევროპაც, რომლის ფლაგმანად უკანასკნელ ხანს პარიზს მოიაზრებენ.
ბოლო დროს საგრძნობლად გაცივდა პოლიტიკური ურთიერთობები გერმანიასა და რუსეთს შორის, რამაც აამაღლა ფრანგულ-რუსული კავშირების მნიშვნელობა. ევროპელთა შორის ფრანგები გამოირჩევიან როგორც ამერიკასთან პარტნიორობით, ასევე რუსეთთან ტრადიციული პოლიტიკური მეგობრობითაც, შესაბამისად, მათ შეუძლიათ დააბალანსონ ორივე ზესახელმწიფოს როგორც სამხედრო–პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ინტერესები კავკასიის რეგიონში, რაც თავად ევროპისთვისაც ძალზე მომგებიანია, რამდენადაც აქ უკვე გადის ენერგომატარებელთა და სატრანსპორტო ნაკადების დივერსიფიკაციისათვის მათთვის აუცილებელი სატრანზიტო გზები. თუ ახალი ხელისუფლება საგარეო–პოლიტიკურ კურსს ევროპასთან და, განსაკუთრებით, საფრანგეთთან მეგობრობაზე აიღებს, ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციის შემდეგ, საქართველოს, როგორც რეგიონალური მოთამაშის როლი გაიზრდება, რაც შეზღუდავს კავკასიაში როგორც რუსეთის, ასევე ნატო–ს წევრი თურქეთის ჰეგემონობის მადას.
ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტი არაერთგვაროვანია და თუ სააკაშვილის გუნდს უკანასკნელი ცხრა წლის მანძილზე ჩამოუყალიბდა მყარი მეგობრული ურთიერთობები ევროპის სახალხო პარტიასთან, რომელთა ერთ-ერთი ლიდერი რუსეთზე გულაცრუებული გერმანიის პრემიერი ანგელა მერკელია, "ქართულ ოცნებას" ასეთი მეგობრები ჯერ არ ჰყავს. მწვავე ეპისტოლეების გაცვლა-გამოცვლამ EPP-სა და საქართველოს მთავრობას შორის ყველასათვის თვალსაჩინო გახადა, თუ რამდენად ეფექტურად იყენებს ამ ინსტრუმენტს სააკაშვილი საერთაშორისო ასპარეზზე ოპონენტების დისკრედიტაციისათვის.
მმართველი კოალიციის წინაშე მწვავედ დადგა ევროპელ პოლიტიკოსებში მხარდამჭერთა მოძიების ამოცანა. "რესპუბლიკელების" გაწევრიანება ლიბერალ-ინტერნაციონალში და მჭიდრო კავშირები ევროპარლამენტის ლიბერალ-დემოკრატების ფრაქციასთან EPP-ს დასაბალანსებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ორიოდე თვის წინ ივანიშვილმა თავისი პარტიისათვის სასურველ პარტნიორებად ევროპელი სოციალ-დემოკრატები - PES გამოაცხადა, რომელთა შორის არის საფრანგეთის სოციალისტი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი. ევროპელი მემარცხენეებისათვის, იდეოლოგიური თვალსაზრისით, მისასალმებელი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ცვლილებები, როგორიცაა საბავშვო ბაღების გადასახადის გაუქმება, უმაღლეს სასწავლებლებში რიგი სპეციალობეით უფასო სწავლებისა და სკოლებში - უფასო სახელმძღვანელოების შემოღება, ქვეყნის მთელი მოსახლეობის ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტით უზრუნველყოფა, სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის ინვესტირება. შეუქმნის თუ არა მათთან დამეგობრებაში უხერხულობას "ქართულ ოცნებას" ის, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე მილიარდერია? აშშ დემოკრატიული პარტიის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, რომლის წევრები, უპირატესად, დაბალი სოციალური ფენა და მულტიმილიარდერები არიან, ხოლო მისი ოპონენტი რესპუბლიკური პარტია საშუალო ფენას ეყრდნობა, ასეთი რამ მთლად გასაოცარი არ უნდა იყოს, მაგრამ ევროპელთა შეხედულებები ამერიკელებისაგან მაინც განსხვავებულია.
როგორც ჩანს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამდე, სადაც პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა, ამ მხრივ გარღვევის მოხდენა ვერ მოხერხდა და ივანიშვილს "ორმხრივი ცეცხლის" ატანა მოუხდა, ერთის მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" ლობირების შედეგად ქართული შიდაპოლიტიკური პროცესების თაობაზე მიკერძოებული პოზიციის მქონე EPP-სა და, მეორეს მხრივ, რუსული დელეგაციისაგან, რომელიც საქართველოს მთავრობის განცხადებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების პრიორიტეტულობაზე ყოველთვის "ხიშტებით" ხვდება.
სტრასბურგში ვიზიტისას ბიძინა ივანიშვილი ევროპელ პოლიტიკოსთა იმ ჯგუფების წარმომადგენლებსაც შეხვდა, რომელთა მყარი მხარდაჭერის მოპოვებას მმართველი კოალიცია მომავალში შეეცდება: ევროპის ლიბერალ-დემოკრატების ალიანსის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს ანე ბრასორს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტთა ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილეს, ნატაშა ვუკოვიჩს. პრემიერ-მინისტრი კმაყოფილი დაბრუნდა:"ამ მოკლე დროში, რაც შეიძლებოდა, ძალიან კარგი ურთიერთობები დავამყარეთ. აინტერესებდათ ახალი გუნდი და დაგვინახეს. მგონი, კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ," - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
რუსეთთთან ურთიერთობის დალაგებასა და საქართველოს ტერიტორიულ საკითხზეც პრემიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი:"ამას დრო დაჭირდება. მოკლე დროში ის შეიძლებოდა, რაც ჩვენმა პრეზიდენტმა ძალიან ოსტატურად გააკეთა. ჩიხში შესვლა იოლია, გამოსვლა არ არის მარტივი. მე გარწმუნებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვალთ ამ ჩიხიდან. დავიბრუნებთ ამ ტერიტორიებს და მეგობრულ ურთიერთობასაც დავამყარებთ." ევროსაბჭოში გამოსვლისას ივანიშვილის სიტყვის დედააზრი იყო ის, რასაც ჩვენგან, დიდი ხანია, ელიან, - საქართველო აღარ აპირებს, რომ ევროპელები ჩაააყენოს უხერხულ მდგომარეობაში და აიძულოს, ჩვენს გამო შევიდეს კონფრონტაციაში რუსეთთან, რომელიც მათ ძალიან სჭირდებათ.
ვაშინგტონისა და მოსკოვის ფალავნების საჭიდაო მოედნად ჩვენი ქვეყნის გადაქცევის ნაცვლად, რამაც არც ერთ მხარეს სასურველი შედეგი არ მოუტანა, თუ ორივე დათმობს პოზიციებს და ევროპის ფარულ პროტექტორატზე შეთანხმდება, მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივა ექნება არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონსაც. ამ ეტაპზე NATO-სა და ОДКБ-ს შორის გარკვეულწილად ნეიტრალური, "ბუფერული" ზონის შექმნით რუსეთი მიიღებს მისი სამხრეთი საზღვრების უსაფრთხოების გარანტიებს, ხოლო მსოფლიო კიდევ ერთ "თავის ტკივილს" ასცდება. ამ ორი ბლოკის ინტეგრაცია დაწყებულია და შორს არაა ის დრო, როცა რუსეთს ევროპა ჩაიხუტებს, ჩვენი მხრიდან კი ამ პროცესისათვის ხელის შეშლა პოლიტიკური სიბეცეა.
შესაძლებელია თუ არა ამგვარი ოპტიმალური გამოსავლის მონახვა, მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობა აიძულებს ივანიშვილის მთავრობის ხომალდს, საგარეო პოლიტიკურ ზღვაში ცურვისას, პოლარული ვარსკვლავი პარიზის, ბრიუსელისა და სტრასბურგის თავზე ეძიოს, თუ უნდა, რომ მშვიდობიანად გააღწიოს "სცილასა" და "ქარიბდას" შორის.




No comments:

Post a Comment