13 May, 2013

"ოცნების" ხიდს ბზარები დაეტყო

                                                   გაზეთი "ქრონიკა+", #3, 07.05.2013


სააკაშვილის მმართველობის ვირტუალური სამოთხე 1 ოქტომბრის ტყუილით დასრულდა, სადაც "ნაციონალურ მოძრაობას" არარეალური 40% დაუწერეს, იმ საბაბით, რომ პრეზიდენტი დაეოკებინათ, წაგების გამო წონასწორობიდან არ გამოსულიყო და სპეცრაზმებით ხალხის მორიგი დარბევებისა და დიქტატურის დამყარების მაგვარი რაიმე საშინელება არ ჩაედინა. საამისოდ გაწვრთნილი "ზონდერები" და ძალოვნები სრულ მზადყოფნაში იყვნენ, ასე რომ, ეს შიშები საკმაოდ რეალური იყო. თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, მოვლენების ამგვარი განვითარების თავიდან აცილებაში, ისევე, როგორც ცესკოს მიერ დადებულ შედეგებთან გამარჯვებული ოპოზიციის შეგუებაში, აშშ და ევროპის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევამ დიდი როლი ითამაშა.
არჩევნებს, ახალ მთავრობაზე დასავლეთის გარკვეული ძალების აქტიური ზეწოლის შედეგად, კვლავ სიცრუე მოჰყვა, სახელად - "კოჰაბიტაცია", რაც "ქართული ოცნების"
მხარდამჭერებში იმედცრუებისა და ანტიდასავლური განწყობების გაძლიერების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად იქცა. საზოგადოება ძირეულ ცვლილებებს ელოდა, უპირველეს ყოვლისა კი - წინასაარჩევნო კამპანიისას დამნაშავეებად გამოცხადებული ხელისუფლების მაღალჩინოსების დასჯის ხილვას. ამის ნაცვლად ვიხილეთ მათი "დაჭერა-გაშვებების" სერიალი, რასაც ძველი ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მოსამართლეთა კორპუსის შეუცვლელობით გვიხსნიდნენ, მაგრამ ჩნდებოდა სულ უფრო და უფრო მეტი კითხვები მთავრობის კონტროლს ქვეშ მყოფ სტრუქტურებში "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს აღზევებული კადრების წამყვან თანამდებობებზე დატოვება-დაწინაურების და კოალიციის პარტიებში მათი მასობრივი "პორტირების" გამო.
ორი თვის წინ ექს-პრეზიდენტმა, რომლის სახელით გამოქვეყნებული პროგნოზები ბევრჯერ ასრულებულა, მთავრობას მოქმედების სტილის შეცვლისაკენ უშედეგოდ მოუწოდა. მისი აზრით, ივანიშვილისა და მისი გუნდის წევრების უმოქმედობა ქვეყანას სავალალო შედეგამდე მიიყვანს, თუკი ხელისუფლება არ დასჯის ძველი მთავრობის წევრებს და სამართალი არ აღსრულდება, ამას თავად ხალხი გააკეთებს. "პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს, ხალხიც ჯერჯერობით მხარს უჭერს. მოვიდა კონკრეტული მოქმედებების დრო. მარტო ლაპარაკი საქმეს არ აკეთებს. თუ ბიძინა არ იმოქმედებს, მისი ხელისუფლება სააკაშვილის ხელისუფლების ბედს გაიზიარებს", - აცხადებს შევარდნაძე გაზეთ "ასავალ-დასავალთან" საუბრისას.
წინა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მასაში გაჩნდა განცდა, რომ ცხრაწლიანი ტყუილების დრო ახლა "ქართულმა ოცნებამ" გააგრძელა, რომელიც "სამართლიანობის აღდგენას" სააკაშვილის საპრეზიდენტო დროის გასვლამდე ჭიმავს და ამ საკითხს უყურებს მაკიაველისეული პრინციპით - "მიზანი ამართლებს საშუალებას". კაცობრიობის ისტორია ვინც იცის, გაახსენდება მრავალი შემთხვევა, როცა კეთილშობილი ზრახვებით ხელისუფლებაში მოსულებს, ამ პრინციპით მოქმედებისას, მიზნებამდე ვერ მიუღწევიათ, დროთა განმავლობაში იდეებიც დავიწყებიათ და ხელში მხოლოდ ბინძური "საშუალებები" შერჩენიათ, როგორადაც აღიქმება ნებისმიერი სიცრუე, რომელსაც მალევე ეხდება ფარდა ჩვენს პატარა ქვეყანაში, რომელშიც ყველამ ყველაფერი იცის. "თეთრი ხელთათმანებით" მუშაობა ვერ შეძლო და საკუთარი პოსტიდან უკვე ახალი მთავრობის ერთი მინისტრი გადადგა, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სამსახურის მიერ მის უწყებაში სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის სკანდალური ფაქტების გამომზეურების შემდეგ.
ჯერ-ჯერობით ბიძინა ივანიშვილი, მედიასთან კომუნიკაციისას თავისი გახსნილობითა და საოცარი გულახდილობით, მთავრობის მიმართ სიმპათიების და ნდობის შენარჩუნებას ახერხებს, თუმცა, ბოლო ტელეინტერვიუში მისი ერთი გამონათქვამის დაჯერება მოსახლეობას გაუჭირდა. საქართველოს ადვოკათა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა გადაცემის ნახვის შემდეგ პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართა: "...ქალბატონ ნინო შუბლაძესთან ... თქვენ განაცხადეთ, რომ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს მოსახლეობას ყველა დაპირება შეუსრულა. უბრალოდ გაოგნებული ვიყავი თქვენი გამოსვლით ... ეტყობა, თქვენ გარემოცვა ვირტუალურ გარემოში გაცხოვრებთ და არ ფლობთ არანაირ ინფორმაციას თუ რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში."
გარემოცვის მიერ პირველი პირის იზოლაციისა და რეალობისგან მოწყვეტის პრობლემა ძირძველი დემოკრატიების ევროპულ ქვეყნებშიც დგას, მაგრამ იქ ამის ნიშნები ხელისუფლებაში მოსვლის 2-3 წლის შემდეგ შეინიშნება. ჩვენში ფეხმოკიდებულ ამ სტერეოტიპს დავით ზურაბიშვილმა ენამოსწრებულად "კეთილი მეფისა და მოღალატე ვეზირების ზღაპარი", რომლის პერსონაჟებადაც გადააქცია "რესპუბლიკელებისა" და "ოცნების რუხ კარდინალად" წოდებული გია ხუხაშვილის დემონიზაციის ბოლოდროინდელმა ტენდენციამ. ჩახედული არ ვარ პრემიერ-მინისტრის კარის ინტრიგებში, მაგრამ რასაც აბრალებენ, ერთის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარის პარტიას, მეორეს მხრივ კი - პრემიერის აწ უკვე ოფიციალურ მრჩეველს, ძნელად დაიჯერებს საღად მოაზროვნე, რომ ისეთი მრავალჭირნახული და ბრძოლებში გამობრძმედილი კაცის ტკბილმოუბარი ენით მართვა, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, ვინმემ შეძლოს.
პრემიერ-მინისტრის ავტორიტეტი საზოგადოებაში იმდენად მაღალია, რომ ნაძალადევის ოლქში ამ ფაქტორით მმართველი კოალიციის კანდიდატის გარდა, მისმა კონკურენტებმაც ისარგებლეს შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში, სადაც საარჩევნო უბნებში 7 თვის წინ მოსული ამომრჩევლების ნახევარზე ოდნავ მეტმა მიიღო მონაწილეობა. თამარ კორძაიას ოპონირება მიდიოდა ბინძური "შავი პიარის" მეთოდებით, რომ ის არის "პროდასავლელი ლიბერალი, ანტიეროვნული და მოღალატე რესპუბლიკელი", "ლეზბიანკებისა და პედერასტების უფლებების დამცველი, შესაბამისად, ერთსქესიანი ქორწინებების პოტენციური ლობისტი" (ციტატების გამო ბოდიშს ვიხდი), ხოლო პრემიერ-მინისტრი, არაოფიციალურად, მის მეტოქეს უჭერს მხარს. ამ გზით ე.წ. "ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი" მეტ-ნაკლებად ოთხ კანდიდატზე გადანაწილდა. "სეთურის მანქანამ" კი იმუშავა, მაგრამ კორძაიას დამარცხება ვერ შეძლო, თუმცა, "ქართულმა ოცნებამ" ამჯერად ვეღარ მოიზიდა 1 ოქტომბერს მოსული მხარდამჭერების 75%: ზოგს დაეზარა, ზოგმა "მოიოცნება" და, გულაცრუებულმა, თავისთვის სასურველი სხვა ძალა ჯერ ვერ შეარჩია, სხვებმა დანარჩენი კანდიდატები მოხაზეს, მაგრამ არა - "ნაციონალური მოძრაობა", რამაც დაადასტურა ის სუბიექტური დაკვირვება, რომ მმართველი კოალიციის პოპულარობის კლება არაფერს მატებს სააკაშვილის პარტიის რეიტინგს. თუმცა, შედეგების ინტერპოლირებით ძველ აქტივობაზე (ანუ ამომრჩევლის იგივე აქტივობა რომ ყოფილიყო და ხმები ისეთივე პროპორციით გადანაწილებულიყო) ვხედავთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე თვეში გაცილებით მეტი აქტიური ამომრჩეველი (32,71% - 27700) დაკარგა, ვიდრე "ნაციონალურმა მოძრაობამ" (8,83% - 7500). იმერეთის რაიონებში ''ოცნების'' მომხრეთა რაოდენობის ცვლილებები (აბსოლუტურ ციფრებში) უმნიშვნელოა, მაშინ, როცა "ნაციონალების" მხარდაჭერა, 2012 წლის არჩევნებთან შედარებით, 65-70%-ით შემცირდა. ნაძალადევის შედეგებზე, სავარაუდოდ, გავლენა იქონია თავად კოალიციის აქტივისტებში ფარულმა განხეთქილებამაც, რაზეც სოციალურ ქსელებში ღიად საუბრობენ: "ოცნების აქტივისტები და თუნდაც კომისიის წევრები "ოცნებიდან" სხვა კანდიდატზე და სხვის პიარზე მუშაობდნენ, კორძაიაზე კი, ძირითადად, - "რესპუბლიკელები". თუ ეს მართალია, პროდასავლურ-ლიბერალურ მიმართულებას, როგორადაც პოზიციონირდება "რესპუბლიკური პარტია" ამომრჩევლის თვალში, თბილისელების საკმაოდ მაღალი მხარდაჭერა ჰქონია. ამდენად, შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ გამოთავისუფლდა ფართო ელექტორალური სეგმენტი "მესამე ძალისათვის", რაც არასახელისუფლებო პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატს გამარჯვების შანსს აძლევს.
დრო გვიჩვენებს, როგორ იმოქმედებს მმართველი ძალის იმიჯზე მისი დაპირისპირების პირველი შემთხვევა მისი მხარდამჭერი საზოგადოების ყველაზე აქტიურ ნაწილთან. 1 მაისს, მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, როცა ევროპის ქალაქების მთავარი მოედნები წითელი დროშების ფრიალმა წალეკა, თბილისში ამ დღის აღსანიშნავად მოწყობილი სტუდენტური დემონსტრაცია პოლიციამ დაშალა, არასამთავრობოთა შეფასებით, "არაპროპორციული ძალის გადამეტებით". უფლებადამცველებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს ყველას, რომ "შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაა დაცული", მაგრამ...
უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაწყებული, ვარაზისხევის, თამარ მეფისა და აღმაშენებლის გამზირების გავლით რუსთაველის პროსპექტამდე მოღწეული მსვლელობის ორგანიზატორები - "ლაბორატორია-1918"-ის 24 აქტივისტი დააკავეს, უფრო სწორად, მუჯლუგუნებითა და გინებით წაათრიეს და საპატრულო მანქანებში შეტენეს, ზედ ორიოდე ჟურნალისტიც მიაყოლეს. მართალია, ხელწერილების ჩამორთმევის შემდეგ ყველა დაკავებული სახლებში გაუშვეს და ჩვენი პოლიციელებისა და მათთან შეთანხმებულად მოქმედი სამოქალაქო ტანსაცმლიანი კუნთმაგარი პროვოკატორების ("ზონდერები" ექსკლუზიურად ჩვენებური ფენომენია) "ვაჟკაცობა" ბევრად ჩამოუვარდებოდა ჩილეს, კოლუმბიის, მექსიკის ან თურქეთის 2013 წლის საპირველმაისო დემონსტრაციების დამრბევი მათი კოლეგების სისასტიკეს, მაგრამ აქ "ძაღლის თავი" ჩამარხულია წითელდროშოვან სტუდენტთა დაჭერების ტელეკადრებში, რომლებიც მსოფლიომ იხილა და საქართველო იმ ქვეყნების რიგში ჩააყენა, სადაც მშრომელთა უფლებების დაცვისათვის მებრძოლთა დემონსტრაციებს არბევენ.
საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ თავი იმართლა:"სტუდენტები სხვადასხვა ადგილებში კეტავდნენ გზებს, არ აძლევდნენ ავტომაქანებს გადაადგილების საშუალებას, ღებავდნენ ვიტრინებს და ავტომანქანებს, იყვნენ აგრესიულები მოქალაქეებისა და პოლიციელების მიმართ". ჩვენი ობივატელისთვის ეს საკმარისი არგუმენტია, რომ "ანარქისტი" სტუდენტების უსაქციელობით აღშფოთდეს და პოლიციელების უხეშობა გაამართლოს, თუმცა ათენის, პარიზის, ლონდონის თუ მადრიდის ქუჩებს სტუდენტური გამოსვლების დროს ისეთი ლეწვა-მტვრევა ახსოვს, რომ ევროპელთათვის, ალბათ, გაუგებარი იქნება საღებავ-პულველიზატორებით ვიტრინების გათხუპვნის, დაზიანებული საქარე მინისა და ტროტუარიდან გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საბაბით მოსოციალისტო ახალგაზრდების დასჯის მიზეზი. სავარაუდოდ, ამ ამბავს არაოფიციალურად ის საკმაზიც დაერთვება, რომ მშრომელთა უფლებების დამცველი ახალგაზრდების აქცია იმ მთავრობის პოლიციამ დაარბია, რომლის სათავეშიც "რუსეთში ფულნაშოვნი ოლიგარქ-მილიარდერია". ახლა ერთი შარშანდელი გეი-პარადის მსგავსი სამაისო დარბევაღა დარჩა გასამეორებელი და ახალ მთავრობას გარანტირებული ექნება როგორც ევროპელი სოციალისტების, ისე ამერიკელი დემოკრატებისგან ზურგშექცევა.
უცხოელთათვის არ აქვს მნიშვნელობა, პირველმაისობის ისტორიული ტრადიციის დასაწყისის - ჩიკაგოში მუშათა გამოსვლის დახვრეტის პაროდია - "ჩიკაგო-2013" - თბილისში პრემიერის მთავარი დასაყრდენი მინისტრის ბრძანებით მოხდა, თუ ეს თავად ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა, მოწყობილი მის უწყებაში მოკალათებული, მერაბიშვილის აღზრდილი კადრების მიერ, როგორც ეს "პრაიმერ-ინფოს" მეშვეობით უმალ გააჟღერა ვინმე "პოლიციიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ამ ეტაპზე ვინაობის გამხელა არ ისურვა". მათთვის ფაქტია "სექსისტური შრომის კოდექსის" წინააღმდეგ პროტესტით გამოსულ სტუდენტებზე სახელმწიფოს ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა, რითაც საკუთარმა პოლიციამ საერთაშორისო ასპარეზზე "ღორი შეუგდო" ევროპელ სოციალისტთა პარტიაში გაწევრიანების მსურველ "ქართულ ოცნებას".
თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა გაამართლა 1 მაისს თავის ხელქვეითთა მოქმედება, რითაც უარყო მის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ვერსია: “ჩვენ ვართ ხელისუფლება და ეს არის სახელმწიფო, თუ გნებავთ, რომ მიიღოთ ქაოსი, მაშინ საზოგადოებამ მხარი უნდა დაუჭიროს გუშინდელი ტიპის აქციებს, თუ გინდათ დაწყნარებულ სახელმწიფოში ცხოვრება, მაშინ პოლიციამ უნდა დაიცვას წესრიგი”, – მეორე დრესვე განაცხადა ღარიბაშვილმა. "პოლიციელის მუნდირის ღირსების დაცვა" აღარ უხსენებია, მაგრამ გასაგებია, რომ ამ მოტივით ფორმიანი კაცის მუშტი თუ წიხლი უდრტვინველად უნდა ავიტანოთ, გინებაზე და "ბიჩოკების" სროლაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამგვარი ლექსიკა ყველა მის წინამორბედსაც ჰქონდა, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა ხალხისაგან ხელისუფლების გაუცხოების პროცესების ლოგიკურ დასასრულამდე მისვლა.
-რატომ არის შერჩევითი სამართალი "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ? - მინისტრის მისამართით იკითხა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა და უცხოური ლობისტების მფარველობის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ მიტინგის ჩატარებისას კანონდარღვევაზე მიუთითა. პასუხი იმდენად მარტივია, რომ სიღრმეებში ქექვას არ საჭიროებს: იმიტომ, რომ პოლიტელიტებს და მათ ბიზნეს-ინტერესებს შორის "კოჰაბიტაცია" იყო, არის და იქნება! ასევე დარჩება "ხიდჩატეხილობისპრობლემა" ქართულ პოლიტიკურ მოდელში, მაგრამ ამჯერად რატომღაც ძალიან სწრაფად და დინამიურად ვითარდება ეჭვისა და უნდობლობის ჭიებით 1 ოქტომბერს გადებული ნდობის ხიდის საყრდენების გამოხვრის პროცესი.




02 May, 2013

ივანიშვილის პოლარული ვარსკვლავი


                                              გაზეთი "ქრონიკა+", #2, 30.04.2013

ცივი ომის“ დამთავრების შემდეგ დასავლეთმა რუსეთის მიმართ თავისი დამოკიდებულება კარდინალურად რომ შეცვალა, ამის გაცნობიერება საქართველოში დღემდე ძალზე ჭირს. რუსეთს, საბჭოთა კავშირის ანალოგიურად, კვლავ განიხილავენ NATO–ს მტრად თუ არა, მოწინააღმდეგედ მაინც, საქართველო–რუსეთის ურთიერთობებს კი მხოლოდ ამ პრიზმიდან ხედავენ. ქართული საზოგადოება თვალს ხუჭავს იმაზე, რომ ბარაქ ობამა ორჯერ აირჩიეს და ორჯერვე აშშ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება რუსეთთან მიმართებაში "გადატვირთვის“ პოლიტიკის გამოცხადებით დაიწყო, ევროპელი პოლიტიკოსების გამუდმებულ მოწოდებებსაც, -რუსეთთან ურთიერთობები დაალაგეთო, - ყურადღების მიღმა ტოვებს.
ცხადია, თუ მოვლენების აღქმისას ჩვენი წინასწარი მზაობა დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირებულობის დრომოჭმულ სტერეოტიპს ემორჩილება, ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციაზე და მეზობელთან აგრესიული რიტორიკით საუბარზე უარის თქმის საგარეო-პოლიტიკური კურსი "პრორუსულად" მოგვეჩვენება, ხოლო მთავრობის განცხადებები ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ სწრაფვაზე - ბლეფად. მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ამგვარი "მრუდე სათვალის" გარეშე დაკვირვებამ კი, შესაძლოა, სულ სხვა რეალობა დაგვანახოს, სადაც რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება არათუ ვნებს ქვეყნის ევროინტეგრაციას, პირიქით, ხელს უწყობს.
1980–იანი წლების ბოლოს დასავლეთი იმედოვნებდა, რომ შესაძლებელი იყო საბჭოთა კავშირის ლიბერალიზაცია სახელმწიფოს დაშლის გარეშე, გაერთიანების გზაზე მდგომ ევროპასთან მისი შემდგომი ინტეგრაციით. მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომელთაც ევროპასთან გაცილებით მჭიდრო ისტორიულ–კულტურული ერთობა ჰქონდათ შენარჩუნებული, მოიაზრებოდა მომავალი ევროგაერთიანების ნაწილად, ამიტომაც სსრკ–ს დაშლის შემდეგ ისინი სწრაფად მიიღეს ევროპულ ოჯახში. „დანარჩენ სსრკ–ს“ კი „ზემოდან გარდაქმნას“ უპირებდნენ, უფრთხოდნენ რა მის ნამსხვრევებზე კონფლიქტების, ავტორიტარული რეჟიმების და სხვა, ძნელად სამართავი პროცესების წარმოშობას. ისტორიამ გვაჩვენა, რომ ეს სიფრთხილე უსაფუძვლო არ იყო, მაგრამ „ბოთლიდან ამოშვებულმა ჯინმა აიწყვიტა“ და რესპუბლიკების ძლიერმა ცენტრიდანულმა მისწრაფებებმა საბჭოთა კავშირის რღვევა გამოიწვია. მართლაც, შედეგად მივიღეთ ავტორიტარული რეჟიმები შუა აზიასა და ბელარუსში, ნაციონალისტურად განწყობილი მთავრობები ამიერკავკასიაში, ოლიგარქულ–კრიმინალური რუსეთი და მრავალი დღემდე ჩაუმცხრალი ეთნიკური კონფლიქტი.
დასავლეთის ამ სურვილს, საბჭოთა კავშირის ნაბიჯ–ნაბიჯ რეფორმირებითა და ევროპასთან ინტეგრაციით მიეღო ერთიანი პოლიტიკურ–ეკონომიკური სივრცე ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე, რასაც დასავლეთ ნახევარსფეროში აშშ–სა და კანადას თუ მივათვლით, შეგვიძლია ხატოვნად „ჩრდილოეთის ლიბერალური სარტყელი“ ვუწოდოთ, საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობა იდეურად დაუპირისპირდა, გლობალურ პოლიტიკაში „ერთიანი კავკასიის“ დამოუკიდებელ მოთამაშედ ცნობის განუხორციელებელ ამბიციას შეეჭიდა და, საბოლოოდ, ემსხვერპლა.
ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს ახალი გეოპოლიტიკური ფუნქცია მოუძებნა, რომელიც ქვეყნის გავლით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ენერგომატარებლების ტრანზიტში, ხოლო საპირისპირო მიმართულებით – ლიბერალური ღირებულებების გავრცელებაში მდგომარეობდა. აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარებას, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რეფორმების გამოცდილების ექსპორტის მცირე ლაბორატორიის ფუნქციაც დაემატა. მაგრამ ნეოკონსერვატიულ წრეებთან დამეგობრებულმა სააკაშვილმა ჩათვალა, რომ ატლანტიკიდან წყნარ ოკეანემდე ერთიანი პოლიტიკურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის გეგმა დასავლეთმა სამუდამოდ დაივიწყა. ის რუსეთს კვლავ NATO–ს მტრად მოიაზრებდა და ჩრდილოელ მეზობელთან მკვეთრი დაპირისპირების ხარჯზე აგებდა საკუთარ "პროდასავლურ" პოლიტიკას.
სააკაშვილის ანტირუსული ისტერია, გარკვეული დოზით, შესაძლოა, კიდეც აწყობდა დასავლეთს პუტინთან პოლიტიკური ვაჭრობის საწარმოებლად, მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ უმთავრესი გეგმების ცვლილება არ მომხდარა. რა თქმა უნდა, წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, მათში კორექტივები მოხდა. გამოჩნდა ახალი ფორმულა: „ჯერ–მოდერნიზაცია, შემდეგ–ლიბერალიზაცია“, რომელსაც განსხვავებული ტემპებითა და წარმატებით მიჰყვება რუსეთიც და სხვა ქვეყნებიც. რუსეთთან ურთიერთქმედებას შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ ამოცანად მიიჩნევს ზბიგნევ ბზეჟინსკი: "რუსეთი ახლა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომ პუტინთან ერთად თუ პუტინის გარეშე, დასავლეთის მიმართულებით მოძრაობის გარდა მას სხვა არჩევანი არა აქვს... შესაძლოა, პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთი დემოკრატიზაციის უკუმიმართულებით მოძრაობს, მაგრამ ამ შირმის უკან ხდება ცვლილებები, რომლებიც უეჭველს ხდიან დასავლეთთან თანამშრომლობის გარდაუვალობას." ბზეჟინსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთი აუცილებლად დაადგება განვითარების დასავლურ გზას.
ცხინვალის რეგიონში 2008 წლის სამხედრო კონფლიქტმა მსოფლიოს დაანახა კავკასიაში ამგვარი დაპირისპირების გლობალურ პრობლემად გადაქცევის საფრთხე, როცა პატარა ქვეყნის „ცხელთავიანი“ ხელმძღვანელის ერთ გაუაზრებელ ქმედებას შესაძლოა მთელი ცივილიზაციისათვის დამღუპველი შედეგები მოეტანა. პოლიტიკოსები იძულებული გახდნენ დაფიქრებულიყვნენ ევროატლანტიკური სამხედრო ბლოკის „ასპირანტი ქვეყნის“ რუსეთის ასეთ სიახლოვეში ყოფნის მიზანშეწონილობაზე – კავკასია ბალტიისპირეთი არ არის, სადაც ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის პოლიტელიტების ცივგონებიანობიდან გამომდინარე, შესაძლებელია ორი სამხედრო მონსტრის მშვიდობიანი მეზობლობა. მეომარ მხარეთა დაშოშმინება ევროგაერთიანებას მოუწია, რომლის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა მაშინ საფრანგეთი იყო. პრეზიდენტი სარკოზის შუამავლობამ გაზარდა მისი ქვეყნის საგარეო–პოლიტიკური მნიშვნელობა კავკასიის რეგიონისთვის, პოლიტიკური ასპარეზიდან წასვლამდე მცირე ხნით ადრე ის ჩვენს დედაქალაქებსაც ესტუმრა და მომავლის ხედვის მნიშვნელოვანი მესიჯებიც ანდერძივით დაგვიტოვა, რომელთა შორის უპირველესი რუსეთთან მტრობის დაძლევისა და მშვიდობიან თანაარსებობა–თანამშრომლობაზე გადასვლის აუცილებლობაა. ამ ამოცანის დაძლევა იტვირთა მისი სტუმრობის დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენილმა მილიარდერმა, რომელიც ასევე საფრანგეთის მოქალაქეა. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ფეხის შედგმისთანავე დასვა აქცენტები „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგების მიერ გლობალური პროცესებში რუსეთისადმი დასავლეთის დამოკიდებულების გაუაზრებლობაზე და პროგრესული მსოფლიოს თვალში საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფება მის გონივრულ ალტერნატივად წარმოაჩინა.
წინამორბედებისგან განსხვავებით, "თეთრი სახლის" ამჟამინდელი, დემოკრატების ადმინისტრაცია ერთპოლუსიანი გლობუსის იდეას აღარ იზიარებს. მსოფლიო ჟანდარმის როლის შესრულება რომ ძალზე ძვირი უჯდებათ, ეს პრაგმატულმა ამერიკელებმა უკვე გაიცნობიერეს და ე.წ. "მულტიცენტრული მსოფლიოს" ხედვით აღიჭურვნენ. გლობალური პოლიტიკის ცენტრებიდან საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი კვლავ ვაშინგტონი და მოსკოვია, მათთან ერთად კი ევროპაც, რომლის ფლაგმანად უკანასკნელ ხანს პარიზს მოიაზრებენ.
ბოლო დროს საგრძნობლად გაცივდა პოლიტიკური ურთიერთობები გერმანიასა და რუსეთს შორის, რამაც აამაღლა ფრანგულ-რუსული კავშირების მნიშვნელობა. ევროპელთა შორის ფრანგები გამოირჩევიან როგორც ამერიკასთან პარტნიორობით, ასევე რუსეთთან ტრადიციული პოლიტიკური მეგობრობითაც, შესაბამისად, მათ შეუძლიათ დააბალანსონ ორივე ზესახელმწიფოს როგორც სამხედრო–პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ინტერესები კავკასიის რეგიონში, რაც თავად ევროპისთვისაც ძალზე მომგებიანია, რამდენადაც აქ უკვე გადის ენერგომატარებელთა და სატრანსპორტო ნაკადების დივერსიფიკაციისათვის მათთვის აუცილებელი სატრანზიტო გზები. თუ ახალი ხელისუფლება საგარეო–პოლიტიკურ კურსს ევროპასთან და, განსაკუთრებით, საფრანგეთთან მეგობრობაზე აიღებს, ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციის შემდეგ, საქართველოს, როგორც რეგიონალური მოთამაშის როლი გაიზრდება, რაც შეზღუდავს კავკასიაში როგორც რუსეთის, ასევე ნატო–ს წევრი თურქეთის ჰეგემონობის მადას.
ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტი არაერთგვაროვანია და თუ სააკაშვილის გუნდს უკანასკნელი ცხრა წლის მანძილზე ჩამოუყალიბდა მყარი მეგობრული ურთიერთობები ევროპის სახალხო პარტიასთან, რომელთა ერთ-ერთი ლიდერი რუსეთზე გულაცრუებული გერმანიის პრემიერი ანგელა მერკელია, "ქართულ ოცნებას" ასეთი მეგობრები ჯერ არ ჰყავს. მწვავე ეპისტოლეების გაცვლა-გამოცვლამ EPP-სა და საქართველოს მთავრობას შორის ყველასათვის თვალსაჩინო გახადა, თუ რამდენად ეფექტურად იყენებს ამ ინსტრუმენტს სააკაშვილი საერთაშორისო ასპარეზზე ოპონენტების დისკრედიტაციისათვის.
მმართველი კოალიციის წინაშე მწვავედ დადგა ევროპელ პოლიტიკოსებში მხარდამჭერთა მოძიების ამოცანა. "რესპუბლიკელების" გაწევრიანება ლიბერალ-ინტერნაციონალში და მჭიდრო კავშირები ევროპარლამენტის ლიბერალ-დემოკრატების ფრაქციასთან EPP-ს დასაბალანსებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ორიოდე თვის წინ ივანიშვილმა თავისი პარტიისათვის სასურველ პარტნიორებად ევროპელი სოციალ-დემოკრატები - PES გამოაცხადა, რომელთა შორის არის საფრანგეთის სოციალისტი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი. ევროპელი მემარცხენეებისათვის, იდეოლოგიური თვალსაზრისით, მისასალმებელი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ცვლილებები, როგორიცაა საბავშვო ბაღების გადასახადის გაუქმება, უმაღლეს სასწავლებლებში რიგი სპეციალობეით უფასო სწავლებისა და სკოლებში - უფასო სახელმძღვანელოების შემოღება, ქვეყნის მთელი მოსახლეობის ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტით უზრუნველყოფა, სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის ინვესტირება. შეუქმნის თუ არა მათთან დამეგობრებაში უხერხულობას "ქართულ ოცნებას" ის, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე მილიარდერია? აშშ დემოკრატიული პარტიის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, რომლის წევრები, უპირატესად, დაბალი სოციალური ფენა და მულტიმილიარდერები არიან, ხოლო მისი ოპონენტი რესპუბლიკური პარტია საშუალო ფენას ეყრდნობა, ასეთი რამ მთლად გასაოცარი არ უნდა იყოს, მაგრამ ევროპელთა შეხედულებები ამერიკელებისაგან მაინც განსხვავებულია.
როგორც ჩანს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამდე, სადაც პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა, ამ მხრივ გარღვევის მოხდენა ვერ მოხერხდა და ივანიშვილს "ორმხრივი ცეცხლის" ატანა მოუხდა, ერთის მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" ლობირების შედეგად ქართული შიდაპოლიტიკური პროცესების თაობაზე მიკერძოებული პოზიციის მქონე EPP-სა და, მეორეს მხრივ, რუსული დელეგაციისაგან, რომელიც საქართველოს მთავრობის განცხადებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების პრიორიტეტულობაზე ყოველთვის "ხიშტებით" ხვდება.
სტრასბურგში ვიზიტისას ბიძინა ივანიშვილი ევროპელ პოლიტიკოსთა იმ ჯგუფების წარმომადგენლებსაც შეხვდა, რომელთა მყარი მხარდაჭერის მოპოვებას მმართველი კოალიცია მომავალში შეეცდება: ევროპის ლიბერალ-დემოკრატების ალიანსის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს ანე ბრასორს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტთა ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილეს, ნატაშა ვუკოვიჩს. პრემიერ-მინისტრი კმაყოფილი დაბრუნდა:"ამ მოკლე დროში, რაც შეიძლებოდა, ძალიან კარგი ურთიერთობები დავამყარეთ. აინტერესებდათ ახალი გუნდი და დაგვინახეს. მგონი, კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ," - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
რუსეთთთან ურთიერთობის დალაგებასა და საქართველოს ტერიტორიულ საკითხზეც პრემიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი:"ამას დრო დაჭირდება. მოკლე დროში ის შეიძლებოდა, რაც ჩვენმა პრეზიდენტმა ძალიან ოსტატურად გააკეთა. ჩიხში შესვლა იოლია, გამოსვლა არ არის მარტივი. მე გარწმუნებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვალთ ამ ჩიხიდან. დავიბრუნებთ ამ ტერიტორიებს და მეგობრულ ურთიერთობასაც დავამყარებთ." ევროსაბჭოში გამოსვლისას ივანიშვილის სიტყვის დედააზრი იყო ის, რასაც ჩვენგან, დიდი ხანია, ელიან, - საქართველო აღარ აპირებს, რომ ევროპელები ჩაააყენოს უხერხულ მდგომარეობაში და აიძულოს, ჩვენს გამო შევიდეს კონფრონტაციაში რუსეთთან, რომელიც მათ ძალიან სჭირდებათ.
ვაშინგტონისა და მოსკოვის ფალავნების საჭიდაო მოედნად ჩვენი ქვეყნის გადაქცევის ნაცვლად, რამაც არც ერთ მხარეს სასურველი შედეგი არ მოუტანა, თუ ორივე დათმობს პოზიციებს და ევროპის ფარულ პროტექტორატზე შეთანხმდება, მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივა ექნება არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონსაც. ამ ეტაპზე NATO-სა და ОДКБ-ს შორის გარკვეულწილად ნეიტრალური, "ბუფერული" ზონის შექმნით რუსეთი მიიღებს მისი სამხრეთი საზღვრების უსაფრთხოების გარანტიებს, ხოლო მსოფლიო კიდევ ერთ "თავის ტკივილს" ასცდება. ამ ორი ბლოკის ინტეგრაცია დაწყებულია და შორს არაა ის დრო, როცა რუსეთს ევროპა ჩაიხუტებს, ჩვენი მხრიდან კი ამ პროცესისათვის ხელის შეშლა პოლიტიკური სიბეცეა.
შესაძლებელია თუ არა ამგვარი ოპტიმალური გამოსავლის მონახვა, მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობა აიძულებს ივანიშვილის მთავრობის ხომალდს, საგარეო პოლიტიკურ ზღვაში ცურვისას, პოლარული ვარსკვლავი პარიზის, ბრიუსელისა და სტრასბურგის თავზე ეძიოს, თუ უნდა, რომ მშვიდობიანად გააღწიოს "სცილასა" და "ქარიბდას" შორის.




"ვარდოსნები" ახალ "ხავერდოვან რევოლუციას" ამზადებენ


გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებიდან ზუსტად ოთხი თვის შემდეგ, 2 თებერვალს, იარებმოშუშებული „ნაციონალურმა მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ახალ მთავრობას ოთხ წელიწადს ვერ აცდის და 2003 წელი გაიხსენა, როცა ეს პარტია დედაქალაქს მართავდა.
 „დღესაც უნდა დავიწყოთ რაღაც ფორმით ხელისუფლებაში დაბრუნება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, ხელისუფლების ნაბიჯ-ნაბიჯ შევიწროვება და მისი შეცვლის დაჩქარება. უნდა დავბლოკოთ მათი დესტრუქციული ქმედებები. რა ფორმით მოხდება ეს ყველაფერი ამას დრო აჩვენებს. ჩვენ გვაქვს მთელი არსენალი ქმედებებისა, რომელიც დაასუსტებს ამ ხელისუფლებას", - გეგმები გაამჟღავნა ვანო მერაბიშვილმა.
 ამ ფრაზაში პოლიტიკური ლუდიზმის ნიშნები შეიმჩნევა, რომელიც ახასიათებს „ხავერდოვანი რევოლუციებისათვის“ გამოყენებულ ტექნოლოგიებს პოსტმოდერნულ ეპოქაში: პოლიტიკური ძალა, რომელიც წარმოგვიდგენს თავს ხელისუფლების ოპოზიციად, სინამდვილეში მის რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკას კი არ ებრძვის, არამედ უარყოფს მას მთლიანობაში და ფარულ საბოტაჟს უწყობს.
ასე რომ, „ოთხ წელს ვერ დავაცდით“, გამეორებული პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ, მართებული იქნება გავიგოთ, როგორც ახალი უსისხლო გადატრიალებისთვის სამზადისის გამოცხადება, რომლის მოწყობა-განხორციელების წარმატებული გამოცდილება აქვთ მის თანამებრძოლებს და არც საამისო კრეატიულობა აკლიათ.
-ისევ „ვარდების რევოლიცია“?-ეჭვიანად იკითხავს მკითხველი.
-რატომაც არა? ათი წლის წინ „ვარდოსანთა“ ხელში თუ მხოლოდ თბილისის საკრებულო, ტელეკომპანია „რუსთავი-2“ და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, უმთავრესად „თავისუფლების ინსტიტუტისა“ და „კმარას“ სახით, დღეს ისინი პოზიციებს არ თმობენ ხელისუფლების მთელ რიგ შტოებში, პრეზიდენტის ინსტიტუტი, სასამართლოები, თვითმმართველობების ნაწილი, ერთგული კადრები სახელმწიფო უწყებებში, პოპულარული ნაციონალური მაუწყებლები, მათ არსენალს დღითი დღე ემატება სოკოებივით მომრავლებული „ენ-ჯე-ო“-ები, როგორც პოლიტიკური კამპანიის დამატებითი ინსტრუმენტი და დაფინანსების წყარო. „ხავერდოვანი რევოლუციის“ დასაწყებად ამჟამინდელი სასტარტო პირობები“ გაცილებით უკეთესია, ვიდრე მაშინ, ხოლო ვანო მერაბიშვილის ეს „წამოცდენა“ სულაც არ მეჩვენება საქილიკო ან უმნიშვნელო თემად. მასობრივი კულტურისა და ტელევიზიის მუდმივი ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოსახლეობა კვლავ ადვილად შეიძლება გადააქციონ უზარმაზარ ვირტუალურ ბრბოდ, რომელიც ჯერ არ არის მოედანზე გამოსული, მაგრამ მყუდრო ბინებში, ტელევიზორებთან შეყუჟული, უსმენს ერთსადაიმავე ლიდერებს.
„ხავერდოვანი“ რევოლუციების ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი მათი არაძალადობრივი ხასიათია, ან, სულ მცირე, დასაწყისისთვის მოვლენათა უსაფრთხო, არაძალადობრივი განვითარების სრული ილუზია უნდა შეიქმნას. ამ აპრობირებული მეთოდით ხდება მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ ძალოვანი სტრუქტურების გამოყენების ნეიტრალიზება, ანუ იმ მთავარი ძალისა, რომელიც სახელმწიფოს რევოლუციის საპირწონედ გააჩნია. ამგვარი რევოლუციების ტექნოლოგია იყენებს თანამედროვე ლიბერალური სახელმწიფოების იმ თვისებას, რომლითაც სიტყვის, გამოხატვისა და შეკრებების თავისუფლებების უზენაესობა აღიარებულია არა მარტო მათი კონსტიტუციებით, არამედ, პრაქტიკულადაც, მასებისა და სამართალდამცავი ორგანოების მუშაკების ტვინებში ჩაბეჭდილი აქსიომით, რომ ძალადობის გამოყენება დაუშვებელია უიარაღო დემონსტრანტების მიმართ.
 „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ხაზს უსვამენ მათ მიერ მოწყობილი აქციების არაძალადობრივ ხასიათს: „19 აპრილის აქცია იქნება ჩვეულებრივი, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. ჩვენ ვართ ის ოპოზიცია, რომელსაც სხვაგვარად არც წარმოუდგენია", - აცხადებდა გიორგი გაბაშვილი, - "ჩვენი ლიდერები აქციაზე მოსვლას ოჯახებით აპირებენ და მთელი ის პანიკური კამპანია, რომელიც მთავრობის მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში წარმოებს, რომ თითქოს რაღაც სახიფათო უბედურება ელოდება ქვეყანას 19-ში, ტყულია, სიმართლე არის ის, რომ მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ ხელისუფლება ისტერიკაშია".
ოპოზიციის მოქმედებათა არაძალადობრივი ხასიათი აჩლუნგებს ხელისუფლების უნარს, დაინახოს საფრთხეები, რომლებადაც ის, ტრადიციული შეხედულებებით, მხოლოდ შეიარაღებულ ამბოხსა და შეთქმულებას განიხილავს. ამ გზით რევოლუციების პირველ ეტაპზე მიიღწევა სახელმწიფოს ხელოვნური „მიძინება“. მშვიდობიანი ბრძოლის განუწყვეტლობას არა მარტო სახელმწიფო აპარატის დაუძლურება მოჰყვება, არამედ საზოგადოების გახლეჩაც. თუ ხელისუფლება ძალადობით უპასუხებს, მაშინ ხალხის უდიდეს ნაწილში ეს გამოიწვევს თანაგრძნობის გაჩენას პროტესტანტების მიმართ, როგორც ეს მოხდა 2011 წლის 26 მაისის შემდეგ. როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცნობიერებდა ხელისუფლებისათვის ამ საფრთხეს, ამიტომ 19 აპრილის აქციის მზადებისა და მიმდინარეობის პერიოდში იყო მაქსიმალურად ფრთხილი და კორექტული მომიტინგეთა მიმართ: „რეგიონებიდან მომავალ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს პოლიცია არ აფერხებს“ - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.
„დემოკრატიულობანას“ ამ თამაშში შსს-მ მცირედ გადააჭარბა კიდეც და, თავისდაუნებურად, ჯერ არდაწყებული დადგმის თანამონაწილე გახდა: შს მინისტრმა, საავტომობილო ესკორტით, რუსთაველის გამზირზე გაიარ-გამოიარა და „სიტუაცია დაათვალიერა“ მიტინგის დაწყებამდე. არადა, ყველა „ხავერდოვანი რევოლუცია“ სხვა არაფერია, თუ არა დიდი პოლიტიკური სპექტაკლი, რომელიც სპეციალური ტექნიკური და მხატვრული საშუალებების გამოყენებით იდგმება და ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად გამოიყენება. გადამწყვეტი მომენტი ფართო აუდიტორიის მქონე ამ, უხშირესად, ტელეშოუს მიმდინარეობისას მაშინ დგება, როცა ხელისუფლების მიერ დაწესებული ისეთი წესები, როგორიცაა ლეგალური პროცედურები, მათი ძალოვანი უზრუნველყოფა, ნორმებისა და შეზღუდვების სისტემა და მისთ. უკვე აღარ მოქმედებს, - მათ თამაშის წესები ცვლის. ასეთ მომენტში კარნავალის რეალობა ყოფას სჯაბნის და აქამდე „ბერიკაობის ყეენად“ მყოფი ფიგურა რეალური მმართველი ხდება, რომელსაც მასები ემორჩილებიან, ნამდვილი „მეფე“ კი მასხარად გადაიქცევა. ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ ეს 2003 წელს და იგივე მსახიობებით ამ სანახაობის დასაწყისს ათი წლის შემდეგ გვაჩვენებენ, თუმცა, ჯერ მხოლოდ დასაწყისია და ამ საკვანძო მომენტის დრო არ მოსულა.
ჩვენში ხელისუფლების ჩამოგდებისათვის მზადება სიმბოლური სახელების დარქმევით იწყება, რომელთაგან საშინაო და საგარეო მაყურებლის დასანახად მმართველი ლიდერის დემონიზირება უკვე მრავალჯერ ნაცადი მეთოდია, - ასე იყო გამსახურდიას, შევარდნაძის, თავად სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლის დასაწყისშივე. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შეესაბამება რეალობაში ხელისუფალის მოქმედებები მისთვის ოპოზიციის მიერ მინიჭებულ ეტიკეტს, ახლაც იგივე სახელდებამ გაიჟღერა: „ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დიქტატურას ამყარებს!“ (აკაკი ბობოხიძე, 06.02); „ქვეყანაში მყარდება რუსი ოლიგარქის ტოტალიტარული რეჟიმი!“ (სერგო რატიანი, 22.02). 19 აპრილის მიტინგზე კი „ვარდოსნებმა“ ე.წ. შეფუთვა შეცვალეს და თავს „ახალი ეროვნული მოძრაობა“ უწოდეს.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ ახალი ეროვნული მოძრაობა. ეს არ იქნება პოლიტიკური მოძრაობა, მაგრამ წარმმართველი ძალა, რა თქმა უნდა, იქნება "ნაციონალური მოძრაობა". ეს მოძრაობა გააერთიანებს სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ვისთვისაც სულ ერთი არ არის საქართველოს მომავალი, გააერთიანებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჯგუფებს. ჩვენ გვინდა, რომ ამ მოძრაობამ შექმნას წარმომადგენლობა ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ყველა სადარბაზოში,“ - რით არ არის ვანო მერაბიშვილის ეს სიტყვები ახალი „ხავერდოვანი რევოლუციისთვის“ მასობრიობის საფუძვლის შექმნის გეგმის გაჟღერება?
„ხავერდოვანი რევოლუციების“ გამოცდილებამ აჩვენა, რომ ძალზე ადვილია მასებში პოლიტიზირებული ეთნიკურობისა და მტრის ხატის შექმნა, რომელზეც ეთნოსმა შური უნდა იძიოს. მხარდამჭერთა ამ გზით მიღწეული შეკავშირება თავისი ინტენსივობით გაცილებით ძლიერია სოციალური სამართლიანობის და კეთილდღეობის ამაღლების მოტივებზე, რომელთა მეშვეობითაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. სააკაშვილის მგზნებარე მოწოდებით, „საქართველოს მთავარი მტერი რუსეთია“, ოკუპანტი, რომელსაც ადგილზე განასახიერებს „კრემლის მეგობარი ბურჯანაძე და კრემლის ნახევრად მეგობარი მთავრობა“ .

„ეს ადამიანები ყველაფერს ეროვნულს, ცხრა წლის განმავლობაში ასამარებდნენ და დღეს ამ ბრენდით გამოსვლა მათი მხრიდან აბსოლუტური ცინიზმია", - განუცხადა სააგენტო "ივერონს" გია ხუხაშვილმა. გასაკვირი ამაში არაფერია: სპექტაკლი იწყება და თუ ის დაემსგავსება აბსურდის თეატრს, უხილავ რეჟისორს ძალიან აწყობს, - ჩვენი ცნობიერების ირაციონალურით მანიპულირება უფრო გაადვილდება, ტრადიციებისა და საღად აზროვნებისათვის მყარი ნიადაგის გარეშე დარჩენილი ადამიანები ადვილად მართვად მასად გადაიქცევიან.

                                              გაზეთი "ქრონიკა +",#1, 23.04.2013

21 February, 2013

დაასრულებს თუ არა ივანიშვილი „ბელადების დროს“


ქართველი ხალხის ცოცხალ მეხსიერებაში საბჭოეთის პერიოდმა ღრმად ჩაბეჭდა ბელადის ხატება, რომელიც მასსისთვის არ არის მტერთან საბრძოლველად ან საკუთარი ცხოვრების უკეთესად თვითორგანიზებისათვის არჩეული წინამძღოლი, არამედ  „მამაა“, რომელსაც ერი საკუთარ ყოფასა და მომავალზე მთელ პასუხისმგებლობას აკისრებს, თავად კი კაპრიზებიანი ბავშვის პოზას იკავებს. ამ არქეტიპის შესაბამისად, პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოს სამივე პრეზიდენტს მოუწია „ბელადობა“, რაც განაპირობებდა მმართველობის სტილის შესატყვის ფორმებსაც: ხელისუფლების ცენტრალიზაციას და ერთი პირის ხელში კონცენტრაციას, გადაწყვეტილებების მიღებას მხოლოდ მმართველი ელიტების ინტერესების გათვალისწინებით, „სამეფო კარის“ ინტრიგებსა და ნეპოტიზმს...
როგორც ჩანს, ზოგიერთმა მოაზროვნემ, ხელისუფლებათა ცვლის მიუხედავად, ქვეყნის ერთსადაიმავე წრეზე სიარულის მიზეზად კონსტიტუციური წყობის არასრულყოფილება და პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩვენი ხასიათისთვის „შეუფერებლობა“ მიიჩნია, ამიტომაც დღეს არსებული პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის შემოღებაში ხედავს გამოსავალს. თუმცა, მათ ავიწყდებათ, რომ ნებისმიერი სისტემა თავისთავად არ შეიძლება იყოს „ცუდი“ ან „კარგი“, ისევე, როგორც ჩაქუჩი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც შრომის, ასევე მკვლელობის იარაღად. საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციით აღიარება თავისთავად ვერ იქნება პანაცეა, რამდენადაც მის პირობებშიც თავისუფლად არის შესაძლებელი ფასადური დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული ავტოკრატიის შექმნა, თუ საამისო განწყობები და პირობები არსებობს.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ხალხმა დიდი იმედებითა და ხმათა უდიდესი უმრავლესობით თავის ბელადად სამჯერ აირჩია სხვადასხვა ასაკისა და ყაიდის სამი ადამიანი, მაგრამ არჩევიდან მცირე ხანში სამივეს მიმართ ჯერ დრტვინვა, შემდეგ კი გინება დაიწყო და დღეს უკვე მესამე პრეზიდენტს იგივე ხალხი აცილებს ერთიდაიგივე „გა–და–დე–ქი!“ და „დიქ–ტა–ტო–რო!“ შეძახილებით. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებიდან მათი გაძევების ფორმები სხვადასხვა იყო: 1991–1992 წ. – სამხედრო გადატრიალება, 2003 წ. – ხავერდოვანი „ვარდების რევოლუცია“, ხოლო 2012 წ. „ხალხის საარჩევნო შეთქმულება“, სამივე შემთხვევაში პროცესების არსი პრაქტიკულად ერთნაირია: ქართულ პოლიტიკურ სცნაზე სამჯერვე, განსხვავებული ვარიაციებით, გათამაშდა თაურმამის წინააღმდეგ შვილების შეთქმულებისა და ბელადის სიმბოლური მკვლელობის ფროიდისეული სცენარი.
თუ დავუშვებთ, რომ ხალხს გააჩნია კოლექტიური ფსიქოლოგიური ფენომენი, მისი ამ ე.წ. „ეროვნული ხასიათის“ განვითარებასა და ადამიანის ინდივიდუალურ განვითარებას შორის შესაძლებელია პარალელები, მაშინ ადვილად დავინახავთ ანალოგიას იმ ასაკთან, როცა ბავშვი მშობლის მიმართ ამბივალენტურ დამოკიდებულებას ავლენს. ჩვენი ხალხი სწორედ ამგვარი გაორებული დამოკიდებულებითაა საკუთარი „ბელადების“ მიმართ: თავიდან მხსნელად მიიჩნევს, შემდეგ ნაწილი მასზე აფანატებს, ნაწილს – სძულს, ბოლოს კი აგრესია სძლევს სიყვარულს. აშკარაა, რომ მასსის ფსიქიკამ სამივე შემთხვევაში ვერ დასძლია „ოიდიპოსის კომპლექსი“ და განვითარების ამ ინფანტილურ ფაზაში „გაიჭედა“, რაც არ გამორიცხავს საზოგადოების იმ ინტელექტუალური ნაწილის სრულ მომწიფებულობას, რომელსაც პოლიტიკურ პროცესებზე და მასების ცნობიერებაზე რეალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობა არ გააჩნია.
„ვარდოსნების“ იდეოლოგები ამ ჯიუტი ბავშვის როზგებით აღზრდას შეეცადნენ. პოლიციური სახელმწიფო, ეკონომიკაში ულტრალიბერალიზმი და ქვეყნის მართვაში მერიტოკრატიის დამკვიდრების გაცხადებული მცდელობა, „ზემოდან“ ქცევის წესების ძალადობრივი დამკვიდრებით, ანგრევდა ხალხის კოლექტიურ გონს, სტალინის ძეგლების აღებით ებრძოდნენ „ბელადიზმის“ გარეგნულ გამოვლინებებს, მაგრამ რეალობაში გატკეპნილ გზას დიდად ვერ გასცდნენ და საკუთარ მოღვაწეობას კრახით ასრულებენ, როცა მათი რევოლუციური ლიდერი თავად გადაიქცა მასსისგან აწ უკვე უარყოფილ ბელადად. ახალი პრემიერ–მინისტრიც საუბრობს „საზოგადოების აღზრდის აუცილებლობაზე“, რაც  თავის თავში მსგავსი მეთოდებით „ბნელი მასსის“ მზრუნველი, მაგრამ მკაცრი მამის ხელით განათლების ცდუნებასაც მოიცავს, მიუხედავად იმისა, რომ ხალხმრავალი შეკრებებისას ყოველთვის ცდილობს „ბი–ძი–ნა, ბი–ძი–ნა!“–ს შეძახილების კორექტულ ტრანსფორმაციას „სა–ქარ–თვე–ლო!“–დ.
წარსულთან შედარებით, დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში ქვეყნის შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე გარეგანი ფაქტორები გაცილებით დიდ გავლენას ახდენს. წინამორბედებისგან განსხვავებით, რომლებსაც ბიპოლარული მსოფლიოს ნგრევისა და აშშ მსოფლიო ჰეგემონობის პირობებში უწევდათ მოღვაწეობა, როცა ქვეყანას შავ აჩრდილად თავს ადგა ჩრდილოელი მტრის ხატება, ივანიშვილი განსხვავებულ სიტუაციაში იწყებს მოღვაწეობას. ომისა და ძლიერი მტრის პირობებში თვითგადარჩენის ინსტინქტი ხალხში არა მარტო სულიერი და მატერიალური რეზერვების მობილიზაციას, არამედ „ძლიერი ხელის“ მქონე ბელადის მოთხოვნის გაჩენა–გაძლიერებასაც უწყობს ხელს. წინამორბედი ნეოკონსერვატორებისაგან განსხვავებით,  აშშ ხელისუფლებაში ამჟამად მყოფი დემოკრატები, ბარაკ ობამას მეთაურობით, მულტიცენტრული მსოფლიოს იდეას იზიარებენ, რაც საქართველოს შანსს აძლევს, გამოძვრეს ჩვენს რეგიონში აშშ–რუსეთის დაპირისპირების „წინა ხაზზე“ მყოფი ქვეყნის როლიდან, რომლის დროსაც ორ დიდ მოთამაშეს შორის ერთ–ერთიპატრონად“ უნდა გვეღიარებინა, მეორე კი „საერთო მტრად“ შეგვერაცხა.
ცხინვალის რეგიონში 2008 წლის სამხედრო კონფლიქტმა მსოფლიოს დაანახა კავკასიაში ამგვარი დაპირისპირების გლობალურ პრობლემად გადაქცევის საფრთხე, როცა მცირე ქვეყნის „ცხელთავიანი“ ხელმძღვანელის ერთ გაუაზრებელ ქმედებას შესაძლოა მთელი ცივილიზაციისათვის დამღუპველი შედეგები მოეტანა. პოლიტიკოსები იძულებული გახდნენ დაფიქრებულიყვნენ ნატო–ს „ასპირანტი ქვეყნის“ რუსეთის ასეთ სიახლოვეში ყოფნის მიზანშეწონილობაზე – კავკასია ბალტიისპირეთი არ არის, სადაც ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის პოლიტელიტების ცივგონებიანობიდან გამომდინარე, ორი სამხედრო მონსტრის (ვიდრე ერთმანეთს შეეწყმიან) მეზობლობა შესაძლებელია. მეომარ მხარეთა დაშოშმინება ევროპას მოუწია, რომლის თავმჯდომარეობის რიგი მაშინ საფრანგეთს ეკუთვნოდა. პრეზიდენტი სარკოზის მაშინდელმა შუამავლობამ გაზარდა მისი ქვეყნის საგარეო–პოლიტიკური მნიშვნელობა კავკასიის რეგიონისთვის, პოლიტიკური ასპარეზიდან წასვლამდე მცირე ხნით ადრე ის ჩვენს დედაქალაქებსაც ესტუმრა და მომავლის ხედვის მნიშვნელოვანი მესიჯებიც ანდერძივით დაგვიტოვა, რომელთა შორის უპირველესი რუსეთთან მტრობის დაძლევისა და მშვიდობიან თანაარსებობა–თანამშრომლობაზე გადასვლის აუცილებლობაა. ამ ამოცანის დაძლევა იტვირთა მისი სტუმრობის დღეს  პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენილმა მილიარდერმა, რომელიც ასევე საფრანგეთის მოქალაქეა და, იმავდროულად, საქართველოს პრემიერ–მინისტრიც არჩევნების გზით გახდა.
„შეთქმულების თეორიის“ მოყვარულთა სმენისათვის საამო  შეიძლება აღმოჩნდეს ვარაუდის გამოთქმა, რომ კავკასიის რეგიონში დაპირისპირებულ მხარეთა დაშორიშორების აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა ერთგვარ „ბუფერულ ზონად“ უნდა გადაიქცეს, რომლის პროტექტორატიც ევროპამ იკისრა, მისი  ერთ–ერთი ლიდერის – საფრანგეთის მეშვეობით, რომელსაც საქართველოსთან დამაკავშირებელი ღრმა ისტორიულ–კულტურული ფესვები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი მეტწილად „პრორუსულობა–პროამერიკელობის“ ნიშნითაა ძველებურად  პოლარიზებული და გამოკვეთილი ძლიერი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალა მას აქ არ ჰყავს, არსებობს ქვეყნის ევროპულ არჩევანზე საერთო–სახალხო კონსენსუსი, რაც  ისეთი პროევროპული პოლიტიკური პარტის გაძლიერებისათვის მყარ ელექტორალურ საფუძველს ქმნის, როგორიც არის, მაგალითად, „სოციალ–დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“, რომელსაც საფრანგეთისა და მრავალი სხვა ევროპული ქვეყნის ამჟამინდელ მთავრობებთან იდეოლოგიური სიახლოვე და ერთ მსოფლიო გაერთიანებაში – სოციალისტურ ინტერნაციონალში ერთად ყოფნაც აკავშირებს
ევროპელთა შორის ფრანგები გამოირჩევიან როგორც ამერიკასთან პარტნიორობით, ასევე რუსეთთან ტრადიციული პოლიტიკური მეგობრობითაც, შესაბამისად, მათ უნდა დააბალანსონ ორივე ზესახელმწიფოს როგორც სამხედრო–პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ინტერესები კავკასიის რეგიონში, რაც თავად ევროპისთვისაც ძალზე მომგებიანია, რამდენადაც აქ უკვე გადის ენერგომატარებელთა და სატრანსპორტო ნაკადების დივერსიფიკაციისათვის მათთვის აუცილებელი სატრანზიტო გზები. თუ ახალი ხელისუფლება საგარეო–პოლიტიკურ კურსს ევროპასთან და, განსაკუთრებით, საფრანგეთთან მეგობრობაზე აიღებს, ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციის შემდეგ, საქართველოს, როგორც რეგიონალური მოთამაშის როლი გაიზრდება, რაც შეზღუდავს კავკასიაში როგორც რუსეთის, ასევე ნატო–ს წევრი თურქეთის ჰეგემონობის მადას. გარეგანი დაკვირვებით, ასეც არის: ივანიშვილმა პირველი უცხოური ვიზიტი ბრიუსელში განახორციელა, შემდეგ კი მეზობლებს – ბაქოს, ერევანსა და ანკარას ესტუმრა, რაც მის საგარეო–პოლიტიკურ პრიორიტეტებზე სიმბოლურად მიანიშნებს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროგაერთიანებას, რომლის ასოცირებულ წევრად მალე ოფიციალურად მიგვიღებენ, დემოკრატიის მკაცრი კრიტერიუმები აქვს დაწესებული თავისი მეგობრებისათვის დემოკრატიის განვითარების კუთხით, მას შეუძლია ფსევდოდემოკრატიულ რეჟიმებზე თვალის დახუჭვა, თუ ასეთს თავად ხალხი ჰგუობს. მაგალითისთვის იგივე ტუნისი გამოდგება, რომლის „განათლებულ და პროგრესულ პრეზიდენტთან“ ფრანგები კარგა ხანს მეგობრობდნენ, სანამ მოსახლეობას მოთმინების ფიალა არ აევსო, რამაც „არაბული გაზაფხულის“ რევოლუციების ტალღას დაუდო სათავე. ასე რომ, ივანიშვილის პოლიტიკური ბედი უკვე არა იმდენად საგარეო ფაქტორებზეა დამოკიდებული, რამდენადაც თავად მასზე და ქართულ საზოგადოებაზე.
რამ უნდა გამოიყვანოს ჩვენი ხალხი „ბელადომანიის“ მდგომარეობიდან, როგორ უნდა განვითარდეს ის „მამა–მარჩენალის“ ყოლის მოთხოვნილების მქონე ჭირვეული ბავშვიდან საკუთარ მომავალზე პასუხისმგებლობის აღებისუნარიან ზრდასრულ საზოგადოებად? ბევრს წუწუნებენ ჩვენში პოლიტიკური კულტურის არქონაზე, მაგრამ რა გზით უნდა გაჩნდეს ელექტორატში უნარები, რომ პარტიებს არა ლიდერების მიმართ სიმპათია–ანტიპათიების მიხედვით მისცეს ხმა, არამედ მათი პროგრამების გაცნობის შემდეგ – ამის მზა რეცეპტი არავის აქვს. არადა, ამის გარეშე, ქვეყნის ნებისმიერი ხელმძღვანელი, მიუხედავად მისი პიროვნული თვისებებისა, მორიგ ბელადად გადაქცევის რისკის ქვეშ იმყოფება.
რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში მოსულმა ძალამ თუ არ ინება ჭეშმარიტი დემოკრატიული პროცესისათვის ხელშეწყობა და არ შექმნა სივრცე სხვა პოლიტიკური ძალების განვითარება–გაძლიერებისათვის, თავად ჩაიგდო ხელში მართვის ყველა ბერკეტი და ისინი მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ჰეგემონობის შექმნა–გახანგრძლივებისათვის გამოიყენა, გარდაუვალია ქვეყნის კვლავ ავტორიტარიზმის გზაზე დადგომა, რაც არ უნდა დემოკრატიული რიტორიკისა და შეხედულებების მქონე პოლიტიკოსები იყვნენ ხელისუფლების მწვერვალებზე. ამ არჩევანის ბედი ახლა კოალიცია „ქართული ოცნების“  პოლიტიკური ელიტის, არსებული რეალობის გათვალისწინებით კი, უმთავრესად, თავად ბიძინა ივანიშვილის პირად პასუხისმგებლობაზე ჰკიდია. დღეს ეს ძალა პოსტრევოლუციურ რეჟიმშია, „ოპოზიციად“ აღიარებს და პოლემიკაშია მხოლოდ რევანშისტული სულისკვეთებით გაჟღენთილ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რითაც სხვა ოპონენტების გამოჩენას მედია–სივრცეში შანსს უსპობს. ამით ის, შესაძლოა, თავისდაუნებურად, მაგრამ ემსგავსება მოწინააღმდეგეს. ჯერ–ჯერობით პოლიტიკური პლურალიზმის დამკვიდრების პრიორიტეტს საზოგადოება მმართველი ძალის მხრიდან ვერ ხედავს. იმედი ვიქონიოთ, რომ დემოკრატიისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს „ნაციონალთა“ პოლიტიკური ასპარეზიდან განდევნის შემდეგ ვეღირსებით, თუ ამგვარი „ორპარტიული სისტემა“ პროცესის ორივე მხარეს ხანგრძლივად არ გაუტკბა.
მეორე ტესტი, რომლის გავლის შემდეგ შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ ივანიშვილი არ გახდება მორიგი „ბელადი“, ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილებზე რეალური თვითმმართველობის დამკვიდრება იქნება. პრემიერ–მინისტრი აცხადებს, რომ ეს დემოკრატიის ქვაკუთხედია და ამ რეფორმას მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებული აქვს პარლამენტის  რეგიონული პოლიტიკის კომიტეტს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მასთან არსებულ საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოსთან ერთად, რომელთა ძალისხმევით „სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონის პროექტი თითქმის მზად არის (სხვა მიმართულებებით მუშაობა გრძელდება).
ამ კანონპროექტზე მუშაობისას, რომლითაც სოფელს ეძლევა უფლება და შესაძლებლობა, პირდაპირი დემოკრატიის ფორმით მართოს საკუთარი თავი, ქალბატონი მარინა მუსხელიშვილი პრინციპულად იცავდა პოზიციას, რომ  სოფელს რეალურად მართავდეს მცხოვრებთა საერთო კრება, და არა – მათ მიერ არჩეული საბჭო და თავმჯდომარე. არ ვიცი, რამდენად გაიზიარებს ის ჩემეულ ხედვას იმასთან დაკავშირებით, რომ საერთო კრებას („აგორას“, „ვეჩეს“ ანალოგს) და არჩეულ წარმომადგენელთა შორის დომინანტობის საკითხი გადამწყვეტია მასსის ფსიქიკაში არსებული ბელადის არქეტიპის დაძლევაში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გზით შექმნის მცდელობები ადრეც იყო – 1991 წელს მათ მუშაობას აკონტროლებდა დანიშნული პრეფექტი, 1998–2006 წლებში – რეალურად ასევე ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული და პარტიულ კომისრად ქცეული გამგებელი, ხოლო ამის შემდეგ „ვარდოსნებმა“ სოფლის პრობლემების გადაწყვეტა მუნიციპალური ცენტრიდან დანიშნულ რწმუნებულებს და ადგილობრივი მერიტოკრატიის კარიკატურულ ფორმას – NGO-ების ფორმით შექმნილ ე.წ. „სათემო ორგანიზაციებს“ მიანდეს. ამდენად, დამოუკიდებლობის 22 წლის განმავლობაში არც ერთმა ხელისუფლებამ არ დაუშვა ხალხისთვის ძალაუფლების რეალური გადაცემა, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციური რიტორიკით მის წყაროდ სწორედ ხალხს ასახელებდა. თუ ადამიანებმა საკუთარი სოფლისა და ქალაქის მართვის მაგალითზე არ იგრძნეს, რა არის სინამდვილეში დემოკრატია, გასაკვირი არ არის, რომ მუნიციპალური საკრებულოებისა და მერების, პარლამენტებისა და პრეზიდენტების არჩევნები ჩვენთვის მხოლოდ დემოკრატიის ბუტაფორიული მექანიზმები და „ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა“ იქნება და ისევ „კეთილი ბელადის“ მარადიულ მოლოდინში ვიქნებით.
 თუ მთელმა მოსახლეობამ, თითოეულმა ჩვენთაგანმა, საზოგადოებრივი თვითმმართველობის მუშაობაში ჩართვის მეშვეობით აიღო და იგრძნო პასუხისმგებლობა საკუთარი უბნის, სოფლის, ქალაქის მომავალზე, არ გადააბარა ის მხოლოდ თავის „რჩეულებს“, თავად კი სამზარეულოებიდან მათი კრიტიკოსის როლით არ შემოიფარგლა, თანდათან გაჩნდება საკუთარი მამულის მეპატრონობის კოლექტიური განცდა, რომელიც, განივრცობა რა მთელს ქვეყანაზე, ჩაენაცვლება და მოსპობს ბელადის ყოლის სურვილს. ხალხი, მისთვის ამჟამად ფსიქოლოგიურად კომფორტული, მაგრამ უპერსპექტივო ინფანტილური მდგომარეობიდან თანდათან გადავა სამოქალაქო პასუხისმგებლობის შეგრძნებით განმსჭვალული საზოგადოების მდგომარეობაში.
როგორ ჩაივლის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნები: რეალურად აირჩევენ თუ არა ადგილებზე თავიანთ თავკაცებს, თუ მმართველი ძალა ისევ „დაუნიშნავს“ მათ მოსახლეობას, გაჩნდება თუ არა კონკურენტული გარემო სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური პარტიებისათვის, ამაზე დიდად იქნება დამოკიდებული ახლანდელი მმართველი ვერტიკალის სათავეში მყოფი პიროვნების ბედი (რა სახელიც არ უნდა ერქვას მას კონსტიტუციით)  – ბელადად გადაიქცევა ის თუ დარჩება პოლიტიკოსად.

27 December, 2012

აზერბაიჯანული ჩალის გემო


„დიდი აბრეშუმის გზად“ წოდებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო დერეფანში საქართველოსთვის სატრანზიტო ფუნქციის მინიჭებით, გლობალურ ეკონომიკაში ჩვენი ქვეყნის აქტიურად ჩართვის იდეაში, ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტის შექმნა ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციამდე“ მოიაზრებოდა. სააკაშვილის ხელისუფლებამ არა თუ უარი არ თქვა მასზე, როგორც „შევარდნაძისეულ პროექტზე“, არამედ მის პრაქტიკულ ხორცშესხმას მიჰყო ხელი. ამიერკავკასიის სარკინიგზო ქსელის თურქეთთან, ხოლო ოსფორის სრუტეში გამავალი სარკინიგზ გვირაბის „მარმარაის“ მშენებლობის დასრულების შემდეგ - ევროპასთან დასაკავშირებლად, მარაბდა-ახალქალაქის 178 კმ-იანი ცალხაზიანი რკინიგზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და ახალქალაქიდან ყარსამდე ახალი ხაზის მშენებლობა გადაწყდა, რამაც სხვა მეზობლების უკმაყოფილება გამოიწვია.

აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის ბლოკირების გამო, ახალი რკინიგზის ექსპლოატაციაში შესვლამდე, ბაქოდან ევროპისკენ სარკინიგზო ტვირთების გადაზიდვა მხოლოდ რუსეთის გავლითაა შესაძლებელი, ან ბათუმისა და ფოთის პორტებში გემებზე მათი გადატვირთვაა საჭირო. ახალქალაქსა და ყარსს შორის 105 კი­ლო­მეტ­რი სიგ­რ­ძის ლიანდაგის დაგება ( 75 კი­ლო­მეტ­რი თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 29 კი­ლო­მეტ­რი კი - სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე) რუსეთის მიმართულებას უალტერნატივობას უკარგავს და, საზღვაო გზით გადაზიდვის საჭიროებ გამორიცხვით, უფრო ეფექტურს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ ამიერკავკასიაში რუსეთის პეტროპოლიტიკური ინტერესები ამ პერიოდისთვის უკვე შეილახა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და შაჰ-დენიზის საბადოდან სამხრეთ კავკასიის მილსადენით ბუნებრივი აირის ევროპისკენ ტრანსპორტირებით, კასპიის ზღვიდან ევროპისკენ, თურქეთის გავლით, სარკინიგზო დერეფნის გაჭრას ის მდუმარედ შეხვდა, შესაძლოა, იმის გამო, რომ   ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით ასევე შესაძლებელი იქნება დერეფნის გახსნა, რომელიც რუსეთს თურქეთთან დააკავშირებს, რაც ორ ქვეყანას შორის სულ უფრო მზარდ სავაჭრო ურთიერთობებზე დადებითად აისახება.
მოსკოვისგან განსხვავებით, ერევანი თბილისის ყარსთან სარკინიგზო კავშირის დამყარების პროტესტით შეხვდა. სომხეთს სურდა, ბაქო-ყარსის რკინიგზას მის ტერიტორიაზე გაევლო და თავს მნიშვნელოვან რეგიონულ პროექტებში ჩართულობისგან  გარიყულად თვლიდა. აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის გამო მინავლებული სამხედრო კონფლიქტისა და თურქეთთან ისტორიულად არაკეთილმეზობლური ურთიერთობის ფაქტორებმა მარშრუტის არჩევაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია: ცხადია, ორივე ქვეყანამ თავი აარიდა, რომ მათი დამაკავშირებელი სტრატეგიული რკინიგზა არამეგობრული სახელმწიფოს ტერიტორიაზე და, შესაბამისად, მის გარკვეულ კონტროლს ქვეშ მოქცეულიყო. საპასუხოდ აშშ-ში სომხური ლობის აქტივობით ჩვენი „სტრატეგიული პარტნიორი“ პროექტის დაფინანსებას გამოეთიშა. მიუხედავად ამისა, ბაქომ და ანკარამ ძირითადად საკუთარი ფინანსებით გადაწყვიტეს რკინიგზის გაყვანა, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე ჩასატარებელი სამუშაოებისთვის ჩვენს ქვეყანას აზერბაიჯანმა პირველ ეტაპზე 200 მლნ. 1%-იანი , მეორე სტადიაზე კი 575 მლნ. 5%-იანი აშშ დოლარის ოდენობის 25-წლიანი კრედიტი მისცა.
ასეთი წინაისტორია უძღოდა პროექტს, რომლის მიხედვითაც სარკინიგზო მა­გის­ტ­რა­ლის მშე­ნებ­ლო­ბა 2007 წელს და­იწყო, ხოლო პირ­ვე­ლი მა­ტა­რე­ბე­ლი ბა­ქო-თბი­ლი­სი-ყარ­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით 2013 წლის ბო­ლოს გა­ივ­ლის. 

რკინიგზის ექსპლოატაციაში შესვლამდე ერთი წლით ადრე საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს ეჭვები გაუჩნდა. გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: "ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა კითხვებს ბადებს. ამაზე, შესაძლოა, კითხვის დასმა აზერბაიჯანში ვიზიტის დროსაც მომიწიოს და ჩვენს მეგობარ ქვეყანას ძალიან რბილად ავუხსნათ, რომ რაღაც ეტაპზე ეს, შესაძლოა, ჩვენთვის არ იყოს სასარგებლო და დარეგულირება სჭირდება".  პირველი კითხვა პროექტის გარემოსდაცვით ასპექტებს შეეხებოდა, რასაც მასთან ოპოზიციაში მყოფი  მიხეილ სააკაშვილი უმალ გამოეხმაურა: „ამ პროექტზე იმის თქმა, რომ თურმე ეკოლოგიას ემუქრება, მიუღებელია".
ზოგადად, დაგეგმილი მშენებლობების გარემოსდაცვით ასპექტებზე კითხვების დასმა უპრიანია ტექნიკური პროექტის შედგენამდე, როდესაც სარკინიგზო ხაზის მარშრუტი ისაზღვრება და მისი გარემოზე ზემოქმედების შესაძლო ნეგატიური ასპექტების შეფასება ხდება. ჯერ კიდევ პრეზიდენტის სავარძელში მჯდომი სააკაშვილისგან და პოლიტიკოსთა უმრავლესობისგან განსხვავებით, რომელთათვისაც უპირველესი ბაქო-ყარსის რკინიგზის გეოპოლიტიკური მნიშვნელობაა, იმ ქართველი სპეციალისტებისთვის, ვინც პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე მუშაობდა, მშობლიური ბუნების დაცვისა და საკუთარი მოსახლეობის ინტერესები სულაც არ იყო მეორეხარისხოვანი. ამის თქმის საფუძველს შემდეგი ისტორია მაძლევს:
2007 წელს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მივმართე, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაზრდილი მიმოსვლის გამო, ქ.თეთრიწყაროსა და ქ.წალკაში რკინიგზასთან ახლოს მდებარე საცხოვრებელ უბნებში ხმაურის ემისია დადგენილ ნორმებს გადააჭარბებდა. სამინისტრომ  თავიდან მომიცილა და ოპერატორ კომპანიასთან გადამამისამართა. სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო რკინიგზის მშენებლობისთვის აღებული კრედიტიდან თანხების გამოყოფა მოსახლეობის ხმაურის დაცვისთვის გასატარებელი ღონისძიებებისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ საცხოვრებელ სახლებთან სიახლოვეში მიმავალი მატარებლებისგან გამოცემული ხმაურისგან ადამიანების დაცვაზე ჩვენში აქამდე არავის უზრუნია, მაშინ იდეალისტურ ოცნებას უფრო წააგავდა, ვიდრე რეალურად მიღწევად მიზანს, მაგრამ შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ ხელმძღვანელობა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის („მწვანე კავკასია“) სახელით დაწერილ წერილს, ჩემდა გასაოცრად, ყურადღებითაც მოეკიდა და საპროექტო ორგანიზაციას დაავალა კიდეც, ხმაურის ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებებისთვის ლიანდაგებსა და სახლებს შორის ხეებისა და ბუჩქნარის „მწვანე ზოლების“ გაშენების იდეა, ხოლო იმ სახლებში, სადაც ეს საკმარისი არ აღმოჩნდებოდა - მეტალოპლასტმასის ორმაგმინიანი ფანჯრების ჩასმა გაეთვალისწინებინა. მიუხედავად იმისა, რომ ამისათვის საჭირო თანხამ თითქმის 800 ათას აშშ დოლარს მიაღწია, ყოველივე ეს პროექტის „გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშშიც“ აისახა და პროექტის ხარჯთაღრიცხვაშიც. ამ პრეცენდენტმა, სავარაუდოდ, შემდგომში იქონია გავლენა «თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტზეც», სადაც  ანალოგიური ღონისძიებები იქნა გათვალისწინებული და ადამიანების რკინიგზის ხმაურისგან დაცვის აქამდე უყურადღებოდ მყოფი საკითხის გათვალისწინების აუცილებლობა დამპროექტებელთათვის რუტინად იქცა.
ვფიქრობ, ამ მაგალითით ნათელი ხდება, თუ რამდენად გულისხმიერად იქნება მშენებლობის ეკოლოგიური ასპექტები გათვალისწინებული ამ საერთაშორისო პროექტში, რომლის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, ვეჭვობ, პრემიერ-მინისტრის მრჩევლებს ნანახი ჰქონოდათ, თორემ ამ მინიშნებას ბიძინა ივანიშვილს არ გააკეთებინებდნენ. როგორც ჩანს, აქ რომ არაფერი იქნებოდა ხელმოსჭიდი, ამას მალე მიხვდნენ და შემდგომში საქართველოს მთავრობის წევრები მხოლოდ პროექტის ეკონომიკურ ასპექტებზეღა ლაპარაკობდნენ. ისევე როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ექსპერტი გია ხუხაშვილი:
„კორიდორში ადრე ტვირთები როცა მოძრაობდა, ჯერ გადაადგილდებოდა რკინიგზით, შემდეგ კი პორტებით, ანუ ფულს შოულობდა როგორც რკინიგზა, ასევე პორტები. ამ შემოვლითი გზის (თბილისი-ყარსი)  მშენებლობით შეიძლება ამ ტვირთების რაოდენობა გაიყოს და პორტებში მოხვდეს ნაკლები რაოდენობის ტვირთები, რაც გამოიწვევს ბათუმისა და ფოთის პორტების შესუსტებას. ეს რისკი არ იყო კარგად თავის დროზე დათვლილი და, შესაბამისად, არც ხიფათი გაუთვალისწინებიათ“. 
საჯაროდ გაცხადებული ინფორმაციით, ბა­ქო-თბი­ლი­სი-ყარ­სის სარ­კი­ნიგ­ზო მა­გის­ტ­რა­ლის ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შეს­ვ­ლის შემ­დეგ, მი­სი სა­შუ­ა­ლე­ბით დასწყისში წელიწადში 1.2 მლნ ადა­მი­ა­ნის გა­დაყ­ვა­ნა და 3.5 მლნ ტო­ნა ტვირ­თის გა­და­ტა­ნა იგეგ­მე­ბა, ხოლო სატ­რან­ს­პორ­ტო კო­რი­დო­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი გამ­ტა­რი­ა­ნო­ბა  17 მი­ლი­ონ ტო­ნა ტვირთს შე­ად­გენს, თუმცა ბიძინა ივანიშვილს, რატომღაც (?) გაცილებით მაღალი ციფრები მიაწოდეს: „საპროექტო სიმძლავრე და გამტარიანობა 25 მილიონ ტონამდეა და პატარა გარდაქმნების საშუალებით შესაძლოა, 40-დეც ავიდეს. არის საფრთხე იმისა, რომ პირველ ეტაპზე, როდესაც ახალი რკინიგზა მუშაობას დაიწყებს, ძველ რკინიგზას ტვირთბრუნვა შეუმცირდეს. ეს მქონდა მხედველობაში. ამავდროულად, რკინიგზის გარკვეულმა ნაწილმაც შესაძლოა, დატვირთვა ვერ მიიღოს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ამჟამად მოქმედ საქართველოს რკინიგზას, რომელიც ბაქოს და, შესაბამისად, ცენტრალური აზიის ქვეყნებს ფოთისა და ბათუმის პორტებთან აკავშირებს, 20 მილიონი ტონა ტვირთის გადატანა შეუძლია. სწორედ მისი ტვირთების ნაწილის შეიძლება გადამისამართდეს ახალქალაქ-ყარსის მიმართულებით, თუმცა კი პროექტის შემუშავებისას ლაპარაკი იყო დამატებითი ტვირთების გადაზიდვაზე და არა არსებული მარშრუტის შეცვლაზე, მაგალითად, 2007 წელს, რკინიგზის მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიალზე ითქვა, რომ პროექტის რეალიზებაში დიდი წვლილი შეიტანა ყაზახეთმაც, რომელმაც გადაწყვიტა 10 მილიონი ტონა ტვირთი სწორედ ამ რკინიგზით გადაიტანოს. ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ასევე მოიაზრება როგორც ალტერნატიული სატვირთო ტრანსპორტირების გზა ირანიდან მომავალი არსებული სატრანზიტო გზების ნაცვლად.
აზერბაიჯანში საქართველოს ახალი მთავრობის პირველ ოფიციალურ ვიზიტამდე პოლიტოლოგმა ვაფა გულუზადე აღნიშნა, რომ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა შეიძლება არამომგებიანი იყოს საქართველოსთვის იმ თვალსაზრისით, რომ ის არ მოსწონს რუსეთს“, რითაც ბიძინა ივანიშვილის  მიერ რუსეთის ინტერესების შესაძლო გათვალისწინებაზე მიანიშნა. „ნაციონალური მოძრაობის“ პიარ-სტრატეგიაც ხომ სწორედ იმას ითვალისწინებს, რომ პრემიერი დიდი მეზობლის ინტერესების გამტარებლად წარმოაჩინონ საერთაშორისო საზოგადოების თვალში, თავად კი  პროდასავლელობის საკუთარ ერთგულებაში დაარწმუნონ ატლანტის ოკეანისგაღმელ-გამოღმელები. ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის სარგებლიანობაში ივანიშვილის „დაეჭვება“ ამის დასადასტურებელ ერთ-ერთ არგუმენტად იქცა.
პრემიერ-მინისტრისთვის ამ საერთაშორისო რკინიგზის თაობაზე „კითხვები“ მისი მრჩეველ-ექსპერტების მიერ შეგნებულად იქნა „შეგდებული“ თუ მათი არაკვალიფიცირებულობის ბრალია, ამაზე თავად ივანიშვილმა უნდა გააკეთოს დასკვნები. ფაქტია, ამ საკითხების საჯაროდ გაცხადებით, შემდეგ კი - უარყოფით პრემიერი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს საერთაშორისო საზოგადოების თვალში.
ბაქოში ვიზიტად მყოფ ჩვენს დელეგაციას ილჰამ ალიევმა ასვა-აჭამა, მაგრამ პირშიჩალაგამოვლებულები გამოუშვა - ფორმალურად მაინც მოეწერათ რაიმე „ურთიერთგაგების კომუნიკესთვის“ ხელი, მაგრამ ამ დონეზეც ვერ ივარგა ჩვენმა დიპლომატიამ, რაც ვიზიტის სრულ მოუმზადებლობაზე მიანიშნებს. სააკაშვილს მიეცა  პრემიერ-მინისტრზე საქილიკო თემა, რის შანსსაც ის ხელიდან არასოდეს უშვებს.
ასეთი ფიასკოს გამო ივანიშვილმა, წესით, საკუთარი მრჩევლები კინწისკვრით უნდა გაყაროს, თუ მათი მჭერვმეტყველებით არ არის მონუსხული. ასე რომ არ იყოს, მას ეცოდინებოდა, რომ ამ პროექტს გარკვეული პრობლემებიც ახლავს, რომელთა მოხერხებული გამოყენებითაც შესაძლებელია ქართული მხარის მიერ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე კონტროლის ბერკეტების შექმნა, მაგრამ ეს მხოლოდ ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო და არანაირ „ხეირს“ არ მოუტანს მის გარემოცვას. ამ ფაქტორების საჯაროდ დასახელებისგან, ალბათ, თავშეკავება არის მიზანშეწონილი და პირადად ივანიშვილს მოვახსენებდი, ამის საშუალება რომ მქონოდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა, სამწუხაროდ, მის მხარდამჭერებს არ გვეძლევა, მიუხედავად მცდელობებისა.
კინოფილმში „იმერული ესკიზები“ საყოველთაოდ ცნობილი ეპიზოდია, სადაც მასწავლებელი რამდენჯერმე ეკითხება მოწაფეებს: -რა სარგებლობა მოაქვს მამალს?
ალბათ ბევრს აინტერესებს კითხვაზე პასუხი, თუ რა სარგებლობა მოაქვს პრემიერ მინისტრისთვის მის გარშემო მყოფ ზოგიერთ მამალსა და ინდაურს, რომელთა რჩევების მიყოლა ბიძინა ივანიშვილის იმიჯს არაფერს მატებს, თუ არ ვნებს.

24 June, 2012

სიმბოლოებთან მებრძოლი დონ–კიხოტების დრო


„ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე, რაა მამული?
წინაპართაგან წასულა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული...“

გენიოსმა გალაკტიონმა ორ სტრიქონში მოაქცია თეზისი, რომ თაობათა ცვლის მიუხედავად, ადამიანის მიერ სამშობლოს აღქმაში გადამწყვეტი მნიშვნელობა იმ გარემოსთან სიმბოლური ერთობის განცდას აქვს, რომელიც ბავშვობიდან ჩაგვებეჭდა.
 სიმბოლო წარმოადგენს საგნის, მოვლენის, ადამიანური ურთიერთობის ან საზოგადოებრივი ინსტიტუტის ხატებას, რომელიც შინაარსობრივად გამოეყო ამ ობიექტების ფიზიკურ არსს, ჩვენს ცნობიერებაში აღიბეჭდა და მეტაფიზიკური შინაარსი შეიძინა. სიმბოლოები ქმნიან  სამყაროს, რომელშიც ჩვენ სულიერად ვცხოვრობთ, რომელიც ახდენს  ხალხის, საზოგადოების, ქვეყნის ისტორიის მოწესრიგებას, ჩვენს კოლექტიურ ცხოვრებაში ერთმანეთთან აკავშირებს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. წარსულის სიმბოლოები: ზღაპრული გმირები, ისტორიული პერსონები, კულტურულ–არქიტექტურული ძეგლები, რომელთა მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება გვაქვს ყველას, ვინც თავს კონკრეტული ეთნოსის წარმომადგენლად მივიჩნევთ, ქმნიან კოლექტიურ მეხსიერებას, რომელიც ცალკეულ ინდივიდთა მექანიკურ მასას ხალხად გვაქცევს. ზოგადეროვნულ სიმბოლიკაზე შეტევის შედეგად შესაძლებელია საზოგადოების „კულტურული ბირთვის“ რღვევა, რასაც მოჰყვება მისი სტრუქტურების დაშლა: ხალხი ისე გათითოკაცდება, რომ ადამიანების  ერთმანეთთან ურთიერთობაში მეგობრულ–მეზობლურ–ნათესაური სოლიდარული კავშირებიც კი ქრება.
მე–20 საუკუნეში ჩვენ გავიარეთ ის ეტაპები, როცა ბოლშევიკებმა, რელიგიასთან ბრძოლის ლოზუნგით, მრავალი ისტორიულ–კულტურული ძეგლი ხელყვეს და მათ მიერვე შექმნილი ახალი სიმბოლიკის დანერგვას შეეცადნენ. თუმცა, ფაშიზმთან დაპირისპირების საფრთხემ აიძულა სტალინი, მტერთან ბრძოლაში ხალხის შეკავშირების მიზნით, მოეხდინა ისტორიული სიმბოლოების რესტავრაცია (ფილმი „გიორგი სააკაძე“, ტეტრალოგია „დავით აღმაშენებელი“ და სხვ.). თანდათან მიღწეულ იქნა ათასწლოვანი წარსულის  კულტურული ხაზის გაგრძელება საბჭოთა სინამდვილეში: „შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი“. ქართველთა ცნობიერებაში სხვადასხვა ეპოქისა და ტიპის სიმბოლიკის სიმბიოზი შეიქმნა: ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე თანაარსებობდნენ დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და სტალინის კულტები, ვახტანგ გორგასლის ძეგლი  თეატრად ქცეულ მეტეხის ტაძართან, თბილისის თავზე აღმართული „ქართვლის დედა“  და ნარიყალას ნანგრევები, ხოლო რესტავრირებული „ძველი თბილისი“ გვერდიგვერდ მდგომი სიონით, მეჩეთითა და სინაგოგით ქართული ტოლერანტობის (რასაც მაშინ „ინტერნაციონალიზმი“ ერქვა) სიმბოლოდ გადაიქცა. შუა საუკუნეების წარსულზე ხსოვნას გვინახავდა სვეტიცხოველი და ჯვარი, გელათი და ბაგრატის ნანგრევები, ვარძია და უფლისციხე, ხოლო უახლესი წარსულისას – დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალები და  სტალინის  ძეგლ–მუზეუმი გორში. ეს არ იყო მხოლოდ არქიტექტურული ეკლექტიკა, ის სიმბოლოებად იყო ასახული ხალხის ცნობიერებაში: ქართულ სუფრაზე „წინაპართა სადღეგრძელოსთან“ ერთად „ომში დაღუპულთა და დიდი ბელადის“ სადღეგრძელოებიც ითქმებოდა. დიდი ადგილი ეჭირა სპორტს, განსაკუთრებით ქართულ ფეხბურთს, თბილისის „დინამოს“ წარმატებები საერთო–სახალხო დღესასწაულად იქცეოდა ხოლმე.
ამგვარი ზოგადეროვნული სიმბოლიკის შექმნა ძალდატანებით, ხელოვნურად შეუძლებელია, თუ ის არ ასოცირდება კოლექტიურ მეხსიერებაში რაიმე ისეთ მოვლენასთან, რომელმაც  ძლიერი საერთო განცდა გამოიწვია. ამიტომაც კომუნისტურმა სიმბოლიკამ, როგორიც იყო „ნამგალი და ურო“ და ლენინის ყველგანმდგომი ძეგლები. ჩვენში ფეხი ვერ მოიკიდა და უცხოდ დარჩა, ხოლო 1941–45 წლების ომი, თითქმის ყველა ოჯახიდან ადამიანები რომ იმსხვერპლა და 1956 წლის 9 მარტის ტრაგედია ხალხის ე.წ. „ცოცხალ“ მეხსიერებაში ინახებოდა.
80–იან წლებში ქართული საზოგადოება სტრუქტურირებული იყო არსებული სოციალური წყობის წესებით, მას ჰყავდა გამოკვეთილი კულტურული ელიტა, რომელსაც პატივს სცემდა და რომელიც ერის ლიდერის, პარტოკრატიასთან შუამავლის, ხალხის აზრის მიმტანის, მისი ინტერესების დამცველის  როლს ასრულებდა: 1978 წელს ენის სახელმწიფოებრიობის დაცვა, „თვითმფრინავის ბიჭების“ საქმეზე შუამდგომლობა და სხვა, ნაკლებად გახმაურებული ფაქტები ამის მაგალითებად გამოდგება. ამ საზოგადოებრივ ფენას ჯერ „წითელი ინტელიგენცია“ უწოდეს, შემდეგ „ჩარეცხეს“ კიდეც, მაგრამ ვერ ჩაანაცვლეს „ახალი ელიტით“, რამდენადაც დღეს „გაპიარებული“ ნიჭიერი და უნიჭო მწერლები, მსახიობები, მომღერლები თუ სპორტსმენები არ სარგებლობენ ხალხში იმ საერთო თაყვანისცემით, რაც მათ სიმბოლოებად აქცევდა. დღეს ისინი, ერთეულების გარდა, მხოლოდ „ცნობადი სახეები“ არიან, რომელთა ფუნქცია პოლიტიკური შოუს ფასადის შელამაზებაა და არა – ხალხის ინტერესების დაცვა.
საბჭოთა კავშირი ჩამოყალიბდა იდეოკრატიულ სახელმწიფოდ, რომლის ლეგიტიმაცია და ჰეგემონიის შენარჩუნება ემყარებოდა სწორედ სიმბოლოებისა და იდეების ავტორიტეტს, და არა – ინდივიდუალურად ხმის მიცემის სპექტაკლს ე.წ. პოლიტიკურ ბაზარზე, ამდენად, მისი რღვევა ასე სწრაფად არ მოხდებოდა, რომ არა საზოგადოების გამამთლიანებელი სიმბოლიკის მიზანმიმართული ნგრევა, რასაც თავად კომუნისტური პარტიის მაშინდელი ელიტა  ფარულად ხელს უწყობდა. მანამდე მკაცრად ცენზურირებული აზრებისადმი ამგვარი „ლოიალობის“ საყოველთაოდ ცნობილი მაგალითია ედუარდ შევარდნაძის მფარველობა თენგიზ აბულაძის ფილმისადმი „მონანიება“, რომლის ეკრანებზე გაშვებამ კულტურული შოკი გამოიწვია. მიუხედავად ამ ნაწარმოების ზოგადსაკაცობრიო იდეებისა, ჩვენს რეალობაში ფილმმა კონკრეტული როლი შეასრულა – სტალინის კულტისა და მასთან დაკავშირებული კომუნისტური იდეალების ჩამოფშვნა მოახდინა. ბერია, ორჯონიკე და სხვა ბოლშევიკები დემონებად გადაიქცნენ, სტალინის თაყვანისცემა – პენსიონერ–ვეტერანთა რეტროგრადობად. არქიტექტურაში საბჭოთა სიბოლოებზე შეტევის ეს პროცესი „ძეგლების ნგრევის“ დიდ ტალღაში გამოიხატა, რომელმაც საქართველოს ყველა კუთხე–კუნჭულს გადაუარა.
საზოგადოებრივ–პოლიტიკური ცხოვრების ასპარეზზე ქვეყნის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოსულ „ეროვნულ მოძრაობას“ საკუთარი სიმბოლიკა  სჭირდებოდა, რომელიც ჩაენაცვლებოდა წარმატებით დანგრეულ საბჭოთა ხატებებს. ახლის არარსებობის გამო მოხდა გადავიწყებული სიძველეების რეანიმაცია, აფრიალდა 1918–21 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამფეროვანი დროშები. ეროვნულ გმირთა პანთეონში შემოვიდნენ იდეური მიმდინარეობის  ამ ტალღის შესაბამისი დადებითი სახეები: 1924 წლის აჯანყების მეთაური ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ტრაგიკულად დაღუპული თანამედროვე, გაუტეხელი დისიდენტი მერაბ კოსტავა, წმინდანად და ერის სულიერ მამად შეირაცხა ილია ჭავჭავაძე.
„ეროვნულ მოძრაობის“ პერიოდს სიმბოლურად დაუკავშირდა დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის დაცვის სამოქალაქო აქციებით დაიწყო სტუდენტი ახალგაზრდობის აქტიურობა, ასევე უზენაესი საბჭოს (პარლამენტის) შენობა და მასთან განუყოფლად დაკავშირებული ტერიტორია, სადაც 1989 წელს მოხდა ჩვენს „ცოცხალ მეხსიერებაში“ აღბეჭდილი, თვითმყოფადობისათვის ბრძოლისა და ერის ერთიანობის განცდის მომნიჭებელი 9 აპრილის ტრაგედია.
ქუთაისში  პარლამენტის გადატანის მიზნით მისი ახალი, მინისბაკნიანი კუს ფორმის ჯერ დაუსრულებელ შენობაში საზეიმო სხდომის ჩატარების ახირებაც და იმავდროულად, დავით–გარეჯის ტერიტორიის აზერბაიჯანისადმი კუთვნილების განცხადებაც იმის უკანასკნელი ფაქტებია, თუ როგორ დაუნდობელ ბრძოლას აწარმოებენ სააკაშვილის „ვარდოსნები“ ყველა ამ სიმბოლოსთან. მათ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეცვალეს „მენშევიკური“ (სოციალ–დემოკრატიული) საქართველოს დროინდელი სახელმწიფო სიმბოლიკა: სამფეროვანი დროშა – თეთრი ხუთჯვრიანით, რომელსაც არანაირი ემოციური კავშირი არა აქვს ჩვენს ისტორიაში მომხდარ მოვლენებთან, გარდა 2003 წლის „ვარდების რევოლუციისა“; ხოლო გერბი, მასზე გამოსახული საწყლად მომზირალი ლომითა და დამხრჩვალ ცხვარს მიმსგავსებული „ოქროს საწმისით“, შუასაუკუნოვანი ევროპელი რაინდების საგვარეულო გერბების ასოციაციას იწვევს და ემოციური მუხტით ვერაფრით შეედრება წმინდა გიორგისა  და შვიდი მნათობის გამოსახულებიან, შვიდქიმიანი ვარსკვლავში ჩასმულ ძველ გერბს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 1991 წლის დეკლარაციაზეა გამოსახული. თავად ამ დეკლარაციის მიღების ფაქტის მნიშვნელოვნობის მიჩქმალვა მეთოდურად ხდება დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნით 26 მაისს, რომლის მხოლოდ ქრონიკალური აღმა გვაქვს, რამდენადაც მისი შესაბამისი ისტორიული მოვლენა ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში „ცოცხალი“ აღარ არის. თავის დროზე, გამსახურდიას ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის გამოცხადება ტრაგედიის ზუსტად ორ წლისთავს იმ განზრახვით დაამთხვია, რომ დღესასწაულის  9 აპრილის თარიღის ტრაგიკულობასთან შერწყმით მისი სიმბოლური დატვირთვა გაეძლიერებინა.

შკარაა, რომ ჩვენი საზოგადოების „კულტურული ბირთვის“ სიმბოლოებთან ბრძოლის 25 წლის წინ დაწყებულ პროცესს სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო გააფთრებით აწარმოებს, ვიდრე გამსახურდიას დროინდელი საზოგადოებრივ–პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელსაც იგივე სახელს (ოღონდ ქართულად) – „ეროვნული მოძრაობას“ ვუწოდებდით: გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟი მაშინ აზრად არავის მოსვლია, ისევე, როგორც 9 მაისის თარიღით მანიპულირება.  ასევე ვერანაირი პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვერ აიხსნება „პადოშას კანონის“ მიღება კომუნისტური სიმბოლიკის აკრძალვის თაობაზე, როცა ამგვარი პოლიტიკური მიმდინარეობა ჩვენში ამჟამად არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით იმ  ზიზღს ყოველივე კოლექტიურისადმი, რაც ლიბერტარიანული იდეოლოგიის მატარებელ დღევანდელ პოლიტელიტას შინაგანად ახასიათებს, რომელსაც წითელი ფერის დანახვაც კი ხარივით აღიზიანებს. დღევანდელი მმართველების „წარსულის გადმონაშთებისადმი“ სიძულვილისა და მართვის ავტორიტარული მეთოდების პარადიგმა ჩვენს ისტორიაში გასული საუკუნის  20–30–იან წლებში ადვილად მოიძებნება, რის გამოც მათ „ნეობოლშევიკები“ და „ნეოკომკავშირლები“ შეერქვათ, შესაბამისად, აღარავის უკვირს, რომ გაზეთ „ალიას“ ბოლო წლის ნომრებს გამოშვების თარიღად, სიმბოლურად,   „1937 წელი“ აწერია, ხოლო მერები და გამგებლები ძეგლებს აქეთ–იქით „დაათრევენ“.
ისტორიის დიდი ეპოქების შესახებ ხსოვნას მხოლოდ მათი მონუმენტური არქიტექტურა ინახავსო“, – ამბობდა ადოლფ ჰიტლერი, რომელსაც არქიტექტურის ცვლილების მანიაკალური ჟინით ბაძავს ქვეყნის დღევანდელი პირველი პირი. თავისთავად, აღმშენებლობაში არაფერია ცუდი, თუ ის გააზრებულად ხდება და არ არღვევს საზოგადოებრივი ცნობიერების „კულტურული ბირთვის“ შემადგენელ სიმბოლიკას, როგორც ძველი თბილისის იერ–სახეს – მტკვარზე სწორედ ამ უბანში გადაჭიმული „ოლვეის“–ხიდი. ხელისუფალთა დაუოკებელი სწრაფვა, გადაწერონ ისტორია, რამდენადმე უფრო ასატანი იქნებოდა, რომ ამ პარანოიის გამო არ იკარგებოდეს ფასდაუდებელი ისტორიულ–კულტურული მემკვიდრეობაც, რაც ბაგრატის ტაძრის ნანგრევების „რასტავრაციით“ მოუვიდა ჩვენი ქვეყნის გაერთიანების ამ სიმბოლოს. ქვეყნის ბიუჯეტის სახსრებით, გაღატაკებული ხალხის ხარჯზე მსოფლიო მოიარეს და მაინც ვერაფერი შეიგნეს ამ სულითკალოშიანებმა: ათენში ნახეს რესტავრირებული აკროპოლი თუ რომში – რკინა–ბეტონით აღდგენილი კოლიზეუმი?
თეთრი ძაფითაა ნაკერი სააკაშვილის სურვილი, ამგვარი კონვულსიური ქმედებებით როგორმე გადაფაროს, გააფერმკრთალოს ის ღვაწლი, რომელიც მის ამჟამინდელ კონკურენტს – ბიძინა ივანიშვილს აქვს შეტანილი თანამედროვე საქართველოს სულიერი სიძლიერის შესანიშნავი სიმბოლოს – სამების ტაძრის აშენებაში. ასევე ნათელია მიზანი, რატომაც ებრძვის დღევანდელ მმართველთა „ელიტა“ ზოგადეროვნულ სიმბოლოებს – ამ გზით შეიძლება საზოგადოების დეგრადაცია, დესტრუქტურირება, ჩვენი გადაქცევა ატომიზირებულ, ბრბოს თვისებების მქონე, ადვილად სამართავ მასად. 
ძალაუფლების მქონე ჯგუფისთვის ბრბოდ გადაქცეული ადამიანთა მასა, ცხადია, ადვილად სამართავია, მაგრამ ის თავის ქაოტურობაში იმავდროულად მოიცავს დიდ დამანგრეველ პოტენციას, რომელმაც შეიძლება სპონტანურად იფეთქოს და წალეკოს ძალადობაზე დამყარებული სახელმწიფო. ამიტომაც საზოგადოებრივი ყოფის სტაბილიზებისათვის საჭირო გახდება ძველი სიმბოლოების ღრმად გააზრებული, საერთო–სახალხო კონსენსუსზე დაფუძნებული რესტავრაცია ან ახლის შექმნა.