31 January, 2018

რელიგია და შობადობა (ანუ, გადავშენდებით?)

2017 წელს საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შობადობას გადააჭარბა. ამ ფაქტის გაჟღერებამ ქართული საზოგადოების ნაწილში შეშფოთება გამოიწვია. ეს გასაგებიცაა: თუ ინდივიდუალური ცხოვრების გარდაუვალ დასასრულთან რელიგია იმქვეყნიური მარადიულობის დაპირებით გვაგუებს, კოლექტიური არსებობის დასასრული, ანუ გადაშენების საფრთხის წარმოდგენა, ნებისმიერი ეთნოსისათვის შემზარავი უნდა იყოს. ამ ფაქტს სოციალურ ქსელებში გამოხმაურება მოჰყვა და ჩემ ვირტუალურ თუ რეალურ მეგობრებთან პოსტებისა და კომენტარების შეზღუდულ სივრცეში პაექრობას, ბლოგის ფორმატში უფრო ვრცლად მსჯელობა ვარჩიე. 
ძირითადი ნარატივი, რომელიც შევნიშნე, ახალი არ არის, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მახსოვს და იმდენად მყარად არის ფეხმოკიდებული, რომ ჩვენს აზროვნებაზე დღემდე მოქმედებს. თანაც, იმდენად „გადაშენების“ საფრთხის შედარებით შორეული პერსპექტივა კი არ გვაშინებს, არამედ, უფრო ახლო მომავალში, საკუთარ სამშობლოში უმცირესობაში აღმოჩენის შიში გვაქვს.
ამ დროს ოფიციალური ბაქო, შობადობის მაჩვენებლების გაზვიადებით, ცეცხლზე ნავთს გვისხამს. ის რომ სტატისტიკას პოლიტიკური პროპაგანდისათვის იყენებს, ცოტა ღიმილისმომგვრელია, მაგრამ მეზობლებს აფრთხობს. ჩვენი, ქართველი აზერბაიჯანელები მოსახლეობის 6%-ს შეადგენენ და საზოგადოებაში მათი „უცხოდ“ აღქმა  კვლავაც რელიგიური განსხვავების ფაქტორთან  მყარად არის დაკავშირებული. ასე ებმება რელიგია ეთნიკური დისბალანსის საფრთხის შიშშს:   ამ ტემპებით მუსლიმი მოსახლეობის რაოდენობა მალე ქართველებს გადაუსწრებს, ყოველ შემთხვევაში - აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით მაინცო (აქ არ დავიწყებ მათემატიკურ ფუტურისტიკას, თუ რამდენ წელიწადში მოახერხებს 6%-იანი უმცირესობა უმრავლესობად ქცევას, ბუნებრივ მატებაში არსებული სხვაობის შენარჩუნების, ან, თუნდაც, გაღრმავების შემთხვევაში).  ამ დროს ავიწყდებათ, რომ ქართველების ნაწილი ასევე მუსლიმია.

თავიდანვე მსურს კიდევ ერთ სტერეოტიპულ შეხედულებას შევეხო, რომელიც ქართველობას მის ტრადიციულ აღმსარებლობასთან - მართლმადიდებელ ქრისტიანობასთან აიგივებს და ამით საკუთარი ერის შემადგენლობიდან მოკვეთს ყველა სხვა აღმსარებლობის ეთნიკურად ქართველს. მისი საწყისი იმ პოსტულატშია, რომელსაც სკოლაში ჰაგიოგრაფიის სწავლისას გვინერგავენ:  „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების“. ეს შეხედულება ქართველთა იდენტობისთვის შუა საუკუნეებში აუცილებელი იყო, რომ მუსლიმური სამყაროთი გარშემორტყმულებს თავი გამორჩეულად გვეგრძნო და არ ავთქვეფილიყავით უფრო დიდ ხალხთა მასებში.
თვლიან, რომ დღეს პოსტსაბჭოთა ხალხიდან თანამედროვე ნაციად ჩამოყალიბება ჰაერივით გვჭირდება, რომ გლობალიზაციის პირობებში, ამჯერად, მსოფლიოს მასშტაბით არ ავითქვიფოთ და საკუთარი იდენტობა არ დავკარგოთ. მაგრამ რამდენად უპრიანია ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელი ეს უძველესი პოსტულატი XX-XXI საუკუნის მიჯნაზე ახალი ქართული სახელმწიფოს შექმნისათვის? იმის ნაცვლად, რომ სალიტერატურო (სახელმწიფო) ენის ფლობის ნიშნით მაინც მოახდინოს ისედაც მცირე ეთნოსის კონსოლიდაცია, ფორმულა „ქართველი = მართლმადიდებელს“ კიდევ უფრო ავიწროვებს და მასშტაბებში ამცირებს ქართველად თვითაღქმას.
სამწუხაროა, რომ ქართველთა დიდი ნაწილი კვლავ ამ ფორმულით აზროვნებს და საშუალებას აძლევს მეზობელ იმპერიულ პროპაგანდას, რელიგიურ სხვაობაზე აქცენტირებით, შუღლი გააღვივოს აჭარლებსა და დანარჩენ ქართველებს შორის (ბოლო წლებში ამის არაერთი ფაქტი მოხდა) და ამით ქვეყნისათვის კიდევ ერთი ძირძველი კუთხის მოგლეჯის საფრთხე შექმნას. რუსული ანდაზა ამბობს, „ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, სულელი - საკუთარზეო“, მაგრამ იმას აღარ ამბობს, თუ რა ეწოდება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვის ტრაგიკულ შეცდომებზე გაკვეთილის სწავლის უნარის არმქონეს.
ეს „ნაშთი ძველი დიდებისა“ - ქართველობის გაიგივება მართლმადიდებლობასთან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მყოფი სახელმწიფოს ხალხის კონსოლიდაციას ხელს უშლის. დემოგრაფიულ სიტუაციასთასთან კი ამას ის კავშირი აქვს, რომ აჭარა ერთადერთი კუთხეა საქართველოში, სადაც პროცესები დეპოპულაციისაკენ არ მიდის, ბუნებრივი ნამატი მაღალია. ამ კუთხის მცირემიწიანობის შედეგად, მისი მოსახლეობა ქვეყნის სხვა რეგიონებში სახლდება და იქ არსებული სიცარიელის შევსებას ახდენს. საქართველოს სხვა მხარეებში დასახლებული აჭარლების უდიდესი ნაწილი კვლავაც ბეჯითად მისდევს მიწათმოქმედებას, სხვა კუთხეების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, რომელთა უდიდესი ნაწილი ქალაქური ცხოვრებისაკენ მიილტვის.
ასეთ ვითარებაში მადლობის მეტი რა უნდა გვეთქმოდეს აჭარლებისთვის, რომლებიც ქართველთა უძველესი სახელწოდების - გეორგიანელების, ანუ მიწათმოქმედების სახელს დღესაც ამართლებენ და დეპოპულაციის ნეგატიური ტენდენციის შერბილებაში, თავისი ტრადიციული მრავალშვილიანობით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ?! მაგრამ შუა საუკუნეებიდან შემორჩენილი ქართველთა იდენტობის ძველი ფორმულა მათ ასევე „უცხოდ“ აცხადებს, და „თათრებად“ ნათლავს. მე თუ მკითხავთ, რატომღაც პატრიოტიზმად მონათლული ამგვარი აზროვნება სულ ცოტა, ახლომხედველობაა და, მოსალოდნელი შედეგებიდან  გამომდინარე კი - საკუთარი სამშობლოს მტრობა.

აჭარლებისა და ქართველი აზერბაიჯანელების რეპროდუქციული ქცევის შემხედვარეს მართლაც გიჩნდება ის შეხედულება, რომ შობადობაში განსხვავებას რელიგიური ფაქტორი იძლევა. გადახედავ ევროპას, გადახედავ რუსეთს, რომლებიც ჩვენს აღქმაში ტრადიციულ ქრისტიანულ ქვეყნებად აღიქმებიან, - და აქაც იგივე დეპოპულაციის სურათია. შეიძლება დაასკვნა, რომ ქრისტიანობა, (მიუხედავად მისი მიმდინარეობებისა, კათოლიციზმი იქნება ეს, პროტესტანტობა თუ მართლმადიდებლობა) მისი მიმდევარი მოსახლეობის გამრავლებაზე ნეგატიურად აისახება. ეს - ერთი შეხედვით.

შორს ვარ იმ აზრისაგან, თითქოს ტრადიციულად ქრისტიანული ქვეყნების მოსახლეობა იმდენად ღრმად რელიგიურია, რომ ამქვეყნიურობისაგან განრიდებას რეპროდუქციულ ქცევაში ამჟღავნებს და ამგვარად მისდევს ქრისტეს მოწოდებას: ყველაფერი მიატოვეთ, ყველა სიამეს გაერიდეთ, რათა ხორციელად კი არა, პირველ რიგში სულიერად გადარჩენა შეძლოთო. ჩახვალთ სხვა ქვეყნებში და ნახავთ, რომ მათ უმრავლესობას ჩვენსავით ზედაპირული, ძირითადად - რიტუალური დამოკიდებულება აქვს რელიგიისადმი. განდეგილად, ბერად შემდგარი იშვიათი ღრმადმორწმუნენი, ცხადია, საერთო დემოგრაფიულ სურათს ვერ შეცვლიან.
childbirth and church-ის სურათის შედეგიყველა რელიგია, მათ შორის, ქრისტიანობა, პირიქით, გამრავლებისკენ მოგვიწოდებს: ის უნიკალურად აღიარებს და უფრთხილდება ადამიანის სიცოცხლეს მუცლადყოფნის პერიოდიდანვე, ეწინააღმდეგება აბორტებს, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს და შობადობის რეგულირების სხვა მეთოდებს, მიიჩნევს რა ამას უზენაესის ნებისათვის წინააღმდეგობად და ბოროტებად. რელიგიური მოსაზრებებით, ზოგიერთ ქვეყანაში აბორტი დღესაც აკრძალულია, თუმცა ამის შედეგად ბუნებრივი მატება არ გაზრდილა და ამ ქვეყნებშიც ისეთივე დეპოპულაციის პროცესები მიდის, როგორიც სხვაგან, სადაც ოჯახის დაგეგმვის ეს სასტიკი მეთოდი კანონიერად გამოიყენება. თუ დააკვირდებით მორწმუნეთა ოჯახებს (ჩვენებურად - „ეკლესიურებს“), არც ისინი გამოირჩევიან მრავალშვილიანობით, მაქსიმუმ, 2-3 შვილი ჰყავთ. ალბათ, დიდი ახსნა არ სჭირდება იმას, რომ რელიგიური მოსაზრებების გამო აბორტსა და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების უარყოფა არ ნიშნავს ოჯახის დაგეგმვის სხვა მეთოდებზე უარის თქმას, რომლებიც „მცირე ცოდვათა“ რანგში გადის.
ამდენად, მხოლოდ „გავმრავლდეთ!“ ქადაგება შობადობის მაჩვენებელს არ შველის. თეოკრატიული სახელმწიფოშიც კი. თუ, რა თქმა უნდა, ამ სახელმწიფომ საწოლში სამეთვალყურეო სისტემები ტოტალურად არ დაგვიმონტაჟა და სასჯელის შიშით არ გვაიძულა შვილების გაჩენა. სხვათა შორის, ათეისტურ საბჭოთა კავშირში არსებობდა „უშვილობის გადასახადი“ და თუ შვილი არ გყავდა, ხელფასიდან სახელმწიფოს სასარგებლოდ 12 მანეთს გიქვითავდნენ - საბჭოეთს მუშა ძალა და მრავალრიცხოვანი ჯარი სჭირდებოდა.
„ერის გამრავლების“ თუ მსგავსი იდეების გამო რელიგიურ ტოტალიტარიზმში დაბრუნებით ფაშიზმის აბსურდს მივიღებთ, რომელმაც ‘წმინდა რასის“ გასამრავლებლად რა ღონისძიებებიც გაატარა - გეცოდინებათ. გამოვრიცხოთ ეს გზა, - ყველაფერი, რაც იდეების გამო ხელოვნურად და ძალით ინერგება, ეწინააღმდეგება საზოგადოების ბუნებრივ განვითარებას და შეუძლებელია, „ტაძრამდე მიგვიყვანოს“.

თუ ქრისტიანობაც ისევე ეწინააღმდეგება შობადობის რეგულირებას, როგორც სხვა რელიგიები, მაშ, როგორ ხდება, რომ ქრისტიანულ ქვეყნებში დაბალი შობადობის პრობლემაა, სხვაგან კი - არა? მოდი, ქვეყნებს მხოლოდ ტრადიციული რელიგიის ნიშნით ნუ შევაფასებთ, რომელიც, როგორც ზემოთ ვთქვი, მათი მოსახლეობის რეპროდუქციულ ქცევაზე სულაც არ ახდენს გადამწყვეტ გავლენას.  ამ ქვეყნებს სხვებთან შედარებით განვითარებული ეკონომიკაც გამოარჩევს, სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაციითა და ტექნოლოგიზაციით, და ურბანიზაციის მაღალი დონით. იმის გამო, რომ კეთილდღეობის  მაჩვენებლები აქ მაღალია, კვლავ ნუ ავჩქარდებით და ნუ დავასკვნით, რომ „კარგად ცხოვრება შობადობას ამცირებს“.
რა კავშირშია ურბანიზაცია შობადობასთან? ქალაქში მოსახლეობის დიდი ნაწილის გადასახლებამდე არ იდგა შობადობის პრობლემა არც ევროპაში, არც ჩვენთან. ოჯახებში, რომლებიც სოფლის მეურნეობით ცხოვრობენ და მიწას  ტრადიციულად, „ბარით და თოხით“ ამუშავებენ, შვილების სიმრავლე სამუშაო ძალის მატებას ნიშნავს. ასეთ ვითარებაში ეკონომიკურად მომგებიანია ერთიანი მეურნეობა, რომელსაც ერთი დიდი (ან რამდენიმე ოჯახი ერთად) უძღვება, რისთვისაც ადრე დიდ სახლებს აშენებდნენ, რომ „ძმებს ერთად ეცხოვრათ“. დღესდღეობით ახალგაზრდა წყვილები ცალკე ამჯობინებენ ცხოვრებას, რის გამოც დიდი ფართის მქონე სახლები ფუნქციურად დაუტვირთავია. თუმცა, ცალკე სახლი ახალი ოჯახისათვის სოფლად გაცილებით ხელმისაწვდომია, ვიდრე თბილისში, სადაც ის 10-ჯერ უფრო ძვირი ღირს.
ამდენად, თუნდაც საცოვრებელი ფართით შვილების უზრუნველყოფის ფაქტორი, მაღალშემოსავლიანი ოჯახების გარდა, სერიოზულ პრობლემას უქმნის ქალაქის მოსახლეობის ისედაც სიდუხჭირეში მყოფ უდიდეს ნაწილს. ხოლო მათთან შედარებით მაღალშემოსავლიან ოჯახებში იზრდება სხვა ფაქტორების მნიშვნელობა, როგორიცაა შვილების მაღალი სტანდარტებით განათლებით უზრუნველყოფა, - რაც კერძო სასწავლებლებში  აქაც ძვირია, რომ აღარაფერი ვთქვათ უცხოეთში განათლების მიღების სურვილზე. ამას ემატება დასაქმებული ქალის მშობიარობასთან დაკავშირებული სამუშაოს დაკარგვის რისკი, რის გამოც ძიძების აყვანა ხდება აუცილებელი, და სხვა, მრავალი ამგვარი ფაქტორი, რომელიც გაცილებით დიდ გავლენას ახდენს ურბანულ გარემოში, ვიდრე სასოფლო საზოგადოებაში, სადაც ასეთი მოთხოვნილებები არა აქვთ.
აქვე აღვნიშნავ, რომ მოთხოვნილებათა ეს ზრდა უშუალოდ ქალაქში ცხოვრებასთან არ არის დაკავშირებული, იგივე ან მსგავსი „ურბანული მენტალობა“ სოფლად მცხოვრებ ადამიანებსაც შეიძლება ჰქონდეთ, რაც მოხდა კიდეც გასული საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოში, როდესაც „ქალაქური  შეხედულებები“ გავრცელდა რეგიონებშიც და მოიტანა 1-2, მაქსიმუმ, 3 შვილამდე ოჯახის დაგეგმვის ტენდენცია.

„მრავალშვილიანი ოჯახები დღეს უკვე იშვიათი მოვლენაა... ახალგაზრდა მშობლები, მაქსიმუმ, ორი შვილის ყოლას ბედავენ და მომავალში ეს ტენდენცია შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს“. „მეორე და მეტი შვილის ყოლას ჩვენს დროში მხოლოდ რელიგიური აზროვნების ადამიანები ან უპოვარები თუ ბედავენ, რომლებიც ბავშვების გარეშეც ძლივს ირჩენენ თავს. საშუალო და მაღალი შემოსავლების მოქალქეები კი ერთ ან, მაქსიმუმ, ორი შვილზე ჩერდებიან კმაყოფილდებიან, რაც შემაშფოტებელი ტენდენციაა“.
ეს ქართველი ექსპერტების სიტყვები არ გეგონოთ - აზერბაიჯანელი მეცნიერებისაა (http://ru.echo.az/?p=55887). დიახ, მიუხედავად, მუსლიმური სარწმუნოებისა, აქაც იგივე ტენდენციებია. ეს არაა გასაკვირი - ურბანიზაციის კოეფიციენტმა ჩვენს მეზობლებთან 53%-ს მიუკაკუნა.  ჩვენთან ის 57%-ს გადასცდა. პროგნოზებით, აზერბაიჯანში კიდევ რამდენიმე წელი შენარჩდება შობადობის არსებული დონე, შემდეგ კი იქაც იგივე პროცესები წავა, რაც სხვა განვითარებულ ქვეყნებში. რა თქმა უნდა, თუ კავკასიის ქვეყნებში ეკონომიკა განვითარდა, სოფელში ტექნიკის შეყვანამ მუშახელი გამოათავისუფლა და მოსახლეობის ეს ნაწილი გაქალაქელდა.
ასე რომ, მეზობლების მხრიდან დემოგრაფიული ექსპანსია დიდად არ გვემუქრება. ჩვენი უმცირესობების გამრავლების ტემპებითაც არ შეიქმნება ეთნიკური დისბალანსი, თუ ქართულ საზოგადოებასთან მათი ინტეგრირება გაგრძელდა - „ურბანული მენტალობა“ მათშიც ვრცელდება. ცხადია, თუ არ გავრიყავთ და თავიანთ სოფლებში, იზოლაციაში არ ვამყოფებთ. ჰოდა, მოდი, ამას რელიგიას ნუ დავაბრალებთ.
დემოგრაფიული საფრთხეები სხვა ეთნოსების გამრავლებაში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის მასობრივ ემიგრაციაში, რაც ჩვენს ეკონომიკას შრომით რესურსს აცლის. ჩვენ რომ ნორმალური, სოციალური სახელმწიფოს აშენების შნო გვქონდეს, ეს საფრთხე არ გვექნებოდა. მონოპოლისტურ-მტაცებლური კაპიტალიზმის პირობებში, შიმშილისგან ოჯახის გადარჩენის მიზნით, უცხოეთში სამუშაოს მოძებნა  ბუნებრივი მოვლენაა და  ჩვენს ემიგრანტებს ცრუპატრიოტებისგან დასაძრახი არაფერი აქვთ.

ჰოდა, თუ რეცეპტი გინდათ: მდიდარმა ქართველებმა მადას უკლონ, ღირსეული შრომის ანაზღაურება მისცენ დაქირავებულებს და საქართველო არ დაიცლება. მათგან „ერის გამრავლება-გადარჩენაზე“ ზრუნვა და ათასგვარი „ფონდების“ შექმნა კი ისეთივე სიყალბეა, როგორიც აქამდე ბევრი გვინახავს. 

No comments:

Post a Comment