20 September, 2013

პოლიტიკური ზიარჭურჭელი

    გაზეთი "ქრონიკა+", #22, 17.09.2013
2013 წლის პოლიტიკური ცხოვრების დამახასიათებელი ერთ-ერთი ტენდენცია პარტიებს შორის წევრთა და მხარდამჭერთა მიგრაცია აღმოჩნდა, რამაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი შეიძინა. თავიდან თუ ეს უმთავრესად საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებული „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამარჯვებული კოალიციის პარტიებში მედროვეთა გადაძრომაში გამოიხატებოდა, წინასაარჩევნო პერიოდში ვექტორი შეიცვალა და უკვე მმართველი ძალიდან ოპოზიციურ ფლანგზე აქტივისტთა გადადინება დაიწყო.
დღე არ გავა, რომ ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბმა რომელიმე ქალაქში ან რაიონში „ქართული ოცნებიდან“ მათკენ ათეულობით წევრისა და მხარდამჭერის გადასვლის თაობაზე არ გვამცნოს. ამგვარი განცხადებები საპრეზიდენტო კანდიდატის სააგიტაციო კამპანიის განუყრელ კომპონენტად იქცა, რასაც კოალიციის წარმომადგენლები ან უარყოფენ-ხოლმე, ან მოწინააღმდეგეს აქტივისტთა მოსყიდვა-გადაბირებაში სდებენ ბრალს. პოლიტიკოსების პირიდან დემაგოგიური განცხადებების მოსმენას შეჩვეული ყურისთვისაც კი უხეშად გამკაწრავი აღმოჩნდა თავის მართლების „არგუმენტი“, რომ თითქოს ეს აქტივისტები თავიდანვე ბურჯანაძის მხარდამჭერები იყვნენ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „სახალხო კრების“ მოწოდებით ივანიშვილს დაუჭირეს მხარი და ახლა თავის დედა-პარტიას უბრუნდებიან. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანებიც გვხვდებიან, მაგრამ ბურჯანაძის მიერ ძალთა მოკრების მთელ პროცესზე ერთეული მაგალითების განზოგადება ისეთივე ტყუილია, როგორც ის, რომ ისინი „ქართული ოცნების“ წევრები საერთოდ არ ყოფილან, ან იქ  სპეციალურად ამ დღის დადგომისათვის ვინმემ წინასწარ „შეაგზავნა“. როგორც ჩანს, კოალიციის მესვეურებს სირაქლემის პოზაში ყოფნა და საკუთარ შეცდომებზე თვალის დახუჭვა ურჩევნიათ, თუმცა „შუბი ხალათში არ იმალება“ და რეალური მიზეზების შესახებ ყველასათვის კარგადაა ცნობილი, მით უფრო, რაიონებში, სადაც „ოცნების“ აქტივისტებს ყველა კარგად იცნობს.
„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებს შეუძლიათ შეინარჩუნონ მათგან გაქცეულ აქტივზე ცხვირგაბზუებული მდგომარეობა, მაგრამ რაც უფრო მაღლა აწევენ თავებს, მით მეტი მათი მხარდამჭერი გადაინაცვლებს ქართული პოლიტიკური ზიარჭურჭლის ოპოზიციურ სივრცეებში. ეს პროცესი რომ მოსალოდნელი იყო, ამაზე ჯერ კიდევ „ქრონიკა+“-ის მაისის ნომრებში ვწერდით, მისი საფუძველი კი საპარლამენტო არჩევნების დამთავრების შემდეგ მალევე ჩაიყარა, როცა ყოფილი თანამებრძოლები, რომელთა რისკის, თავგანწირვისა და ბრძოლის ფასადაც მოიპოვეს მანამდე ურეიტინგო პოლიტიკოსებმა საპარლამენტო მანდატები თუ მინისტრის პორტფელები, ისე გაუშვეს სახლებში, რომ მადლობის თქმის ღირსადაც კი არ ჩააგდეს.
პოლიტიკურ ელიტაში გავრცელებული შეხედულება, რომ მათთან მხარდამჭერები მხოლოდ ფულისა და დასაქმების გულისათვის მიდიან, აშკარად გამოსჭვივის ახლადგამოჩეკილი მაღალჩინოსნების რიტორიკაში. როგორც ჩანს, ივანიშვილიც ამაში დაარწმუნეს და პრეს-კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ადგილებზე „ნაცმოძრაობის“ ბირთვს ნიჭიერი ადამიანები შეადგენენ, რომელთაც, წინა ხელისუფლებასთან სიამტბილობაში ყოფნის გარდა, თვითრეალიზაციისათვის სხვა გზა არ ჰქონდათ. ეს მხოლოდ ნაწილობრივი სიმართლეა, ფაქტი კი ის არის, რომ კონფორმისტთა დიდ არმიას, რომელთაც ფული და გავლენები არც თუ პატიოსანი გზებით ჰქონდათ მოპოვებული წინა რეჟიმებთან მიტმასნის გამო, „ქართულმა ოცნებამ“ თავად გაუხსნა ჩამკეტი, დამარცხებული პარტიიდან მმართველ კოალიციაში გადმოღვრელად, ეს „კოჰაბიტაციით“ გაამართლა და ხელი დასავლეთზე შეიწმინდა, აქაოდა, ევროპა-ამერიკა „გვაწვება“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სამსახურებიდან ვერ გავათავისუფლებთ, შესაბამისად, ჩვენი მხარდამჭერებისათვის ვაკანტური ადგილები ვერ გაჩნდებაო. თებერვალში დავით საგანელიძემ დაიტრაბახა კიდეც, რომ კაბინეტში მაგიდაზე ცენტრალური ოფისის თანამშრომელთა „სი-ვი-ების“ დასტა უდევს და ერთი ადამიანიც კი არსად დაუსაქმებია.
კლიენტელიზმის პოლიტიკაზე გაცხადებული უარის თქმით და, იმავდროულად, ნეპოტიზმის აყვავებით, როცა სამსახურის შოვნა მხოლოდ გამაღალჩინოსნებულთა ნათესავ-მეგობრებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, „ქართულმა ოცნებამ“ ის ტოტი მოჭრა, რაზეც იჯდა. ასეთ ვითარებაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არათუ სრულად გადაუხადა თავის კოორდინატორებს წინასაარჩევნოდ დაპირებული ხელფასები, ბევრი მათგანის დასაქმება-დაწინაურებაც კი მოახერხა და ის საკადრო რესურსი შეინარჩუნა, რომელზე დაყრდნობითაც დღეს დავით ბაქრაძე ჩაერთო საპრეზიდენტო სავარძლისთვის ბრძოლაში. ამის შემხედვარე „ოცნების“ აქტივისტთა ნაწილი დღეს უკვე ღიად სდებს ბრალს პარტიულ ლიდერებს ღალატსა და კორუფციული გარიგებით თანამდებობების განაწილებაში, დემონსტრატიულად აპროტესტებს „ნაციონალთა“ და მათ სატელიტთა შერწყმას „ოცნებასთან“, ამგვარ ლიდერთა ფიტულებსაც კი წვავს. საპასუხოდ, „ოცნებიდან“ მხოლოდ ის ისმის, რომ ამას აკეთებენ „შეგზავნილები“, თუმცა, ამ ურთიერთბრალდებებში ვინ არის მართალი, ძნელი გასარკვევია, ხოლო მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის უნიათობა მართლაც აფიქრებინებს დამკვირვებელს. რომ მის გარშემო ან არაკომპეტენტურობა, ან ღალატი სუფევს.
დიდი ეჭვია, რომ თბილსკამნაშოვნ „ოცნებელებს“ ყოფილი თანამებრძოლები აღარ აწყობდათ, რამდენადაც იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც არ ეგუებოდა სააკაშვილის რეჟიმს, არც ახალი ხელისუფლების მანკიერებებზე დახუჭავდა თვალს და „ინტრიგანობას დაიწყებდა“, იდეალისტების ადგილი ჩვენში ხომ მხოლოდ ოპოზიციაშია. ამდენად, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ, კონფორმისტებისთვის კარის ფართოდ გაღებითა და საკუთარი მხარდამჭერების განაწყენებით თავად შექმნა პოლიტიკურად აქტიურ ადამიანთა ის მასა, რომელიც მოძრაობაში მოვიდა, როგორც კი მიზიდულობის ახალი ცენტრი გამოჩნდა, გააქტიურებული ნინო ბურჯანაძის სახით.
ყველა აღიარებს ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო კამპანიის წარმატებულ დასაწყისს: მისი ტონი დამაჯერებელია, მესიჯები - მკაფიო და ნათელი, ადვილად აღწევს ამომრჩევლის გულამდე. მტკიცე და შეუპოვარი პოლიტიკოსი ქალის იმიჯში ნინო ბურჯანაძეს ცვლილებების შეტანა არ დასჭირვებია და ახლა იმხრობს ადამიანებს საკუთარ თავში დარწმუნებულობის შეგრძნებით, რომ თანამებრძოლებს, „ოცნებისგან“ განსხვავებით, არ გააწბილებს პოლიტიკური კონიუნქტურის ცვალებადობის გამო. ბურჯანაძის ეს თვისება, რომელიც მას სხვა პოლიტიკური ლიდერებისგან მკვეთრად გამოარჩევს, არ არის მსახიობური თამაში, რაშიც მისი მხარდამჭერები 2011 წლის 26 მაისის დარბევის დროს და შემდგომ პერიოდში დარწმუნდნენ: მიუხედავად გადატანილი ძლიერი სტრესისა, ქალბატონ ნინოს ქალური სისუსტეები არ გამოუვლენია,  მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით ცდილობდა დახმარებოდა ციხეებში გამომწყვდეულ აქტივისტებს და მათ ოჯახებს, რაც მათი ერთგულების საწინდარი გახდა. ეს სუბიექტური ფაქტორი ქვეცნობიერ დონეზე საკმაოდ ძლიერად ამყარებს საკუთარ ლიდერზე მისი მიმდევრების ემოციურ დამოკიდებულებას და მყარი პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბების საფუძველს იძლევა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი შედეგით დასრულდება საპრეზიდენტო არჩევნები. წაგების შემთხვევაში „დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველოს“ მხოლოდ ცალკეული მერყევი სუბიექტები ჩამოსცილდებიან, ძირითადი ბირთვი კი შენარჩუნდება და მომავალი პოლიტიკური ბრძოლებისთვის კარგად გამოწრთობილ, შეკრულ დიდ გუნდად შეუძლია ჩამოყალიბდეს.
ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, რომლის პოლიტიკაში შემოსვლისა და სააკაშვილთან დაპირისპირების სტილის თავისებურებას ოპოზიციური საერთო-სახალხო ლიდერობის ჩვენება წარმოადგენდა, რითაც თავის ბანაკში მოიზიდა შეხედულებებით ძალზე განსხვავებული პოლიტიკური ძალები და ეკლექტური კოალიცია ჩამოაყალიბა,  ბურჯანაძე არ ცდილობს ყველა ელექტორალური სეგმენტის მაქსიმალურად მოცვას. მისი სტრატეგიული ჩანაფიქრი, რომ მყარად დაიკავოს კონკრეტული ნიშა, შესაძლოა, ძლიერი პოლიტიკური პარტიის  შესაქმნელად სწორ და შორსგამიზნულ ხედვას ემყარება, მაგრამ მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში მომგებიანი არ არის. შესაძლოა, სოციალურ ქსელებზე დაკვირვებით, ან მხარდამჭერებთან საუბრებით მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ კონსერვატიულ-რუსოფილურმა განწყობებმა მოსახლეობის ფართო მასები მოიცვა და მისი საასპარეზო არეალი, სხვებთან შედარებით, გაცილებით ფართოა, მაგრამ ვეჭვობ, ეს მხოლოდ ილუზია შეიძლება აღმოჩნდეს და არჩევნების შედეგებმა არ დაადასტუროს. ნებისმიერ შემთხვევაში, საპრეზიდენტო სავარძლისთვის ბრძოლაში წარმატებისათვის უპრიანი იქნებოდა ჭრელი ელექტორატის მაქსიმალური მოცვის ტაქტიკა, ვიდრე საკუთარი ნებით შემოზღუდვა მისი მხოლოდ ერთი სეგმენტით, რაოდენ დიდიც არ უნდა მოსჩანდეს ის საზოგადოებრივი აქტიურობის გამო ან, თუნდაც, სოციოლოგიური გამოკითხვებით.
ძალზე საეჭვო პოსტულატზე დაყრდნობით წინასაარჩევნო სტრატეგიის შერჩევა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ზეობის წლებმა მთელ ქართველობას დასავლური ცივილიზაცია შეაძულა და რუსეთის კალთის ქვეშ დაბრუნების ნოსტალგია გაუჩინა, საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძის მარცხის განმსაზღვრელი შეიძლება აღმოჩნდეს, იმ პოტენციურ ელექტორატზე საკუთარი ნებით უარის თქმის გამო, რომელიც ასეთ განწყობებს არ იზიარებს. ის ამომრჩეველი, რომლისთვისაც დღევანდელი ავტოკრატიულ-ოლიგარქიული რუსეთის პროვინციად გახდომა არაა მიმზიდველი, საპრეზიდენტო არჩევნებში ან მარგველაშვილ-ბაქრაძეს შორის გადანაწილდება, ან სახლში დარჩება.
პოლიტიკურ ზიარჭურჭელში აქტივისტების თავისუფლად გადადინება იმის გამოა შესაძლებელი, რომ ჩვენში პარტიებს მხოლოდ ამორფული იდეოლოგიური ბაზისი აქვთ და, ძირითადად, ლიდერის პიროვნებაზე არიან ორიენტირებულები. ამას მოწმობს საერთო წესიდან გამონაკლისი, რესპუბლიკელების სახით, რომელთა პარტიაშიც ზემოაღწერილი პროცესები ყველაზე ნაკლებად არის შესამჩნევი, რაც განპირობებულია არა მარტო  ხელმძღვანელობის მხრიდან წევრების მიმართ გამოჩენილი ყურადღებით, არამედ, კოალიციის სხვა სუბიექტებთან შედარებით, გაცილებით მკაფიოდ გამოხატული იდეოლოგიური ბაზისით, შიდაპარტიული წყობისა და ურთიერთობების მოწესრიგებულობით. ეს პარტია რომ სკამების მშოვნელებით ყოფილიყო დაკომპლექტებული, ბურჯანაძის ბანაკში წევრთა გადაბარგების პროცესს ყველაზე მეტად უნდა დაეზარალებინა იმ პირობებში, როცა აღმასრულებელ ხელისუფლებაში „სახელოები“ თითქმის არ არგუნეს. პარტიის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა "მეცხრე არხის" ეთერში განაცხადა: „დღეს საქართველოში აღმასრულებელ სისტემაში და ზოგადად, მმართველობის სისტემის ცენტრალურ უწყებებში დაახლოებით 650–მდე თანამდებობაა, აქედან რესპუბლიკელი იყო სამი და, დავით ზურაბიშვილის წასვლის შემდეგ, დარჩა ორი“.

უკვე შეიძლება პროგნოზის გაკეთება ახლო მომავლისათვის, რომ ელექტორატის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით დაყოფის შემთხვევაში, რასაც ქართული პოლიტელიტა თავისი მოქმედებებით ყოველდღიურად ამძაფრებს, ლიბერალურ-პროდასავლურად განწყობილი ამომრჩეველი, მოძლიერებული რუსოფილური ბანაკის საპირწონედ,  ფსონს ან რესპუბლიკურ პარტიაზე, ან კვლავ რებრენდინგგავლილ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დადებს, ამ მიმართულებით მოხდება იმ აქტივისტთა გადადინებაც, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ მიიმხრო ნინო ბურჯანაძემ.

No comments:

Post a Comment