10 August, 2013

„ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი“?

                                     გაზეთი "ქრონიკა+"#16, 06.08.2013
პროკურატურის მიერ ბაჩანა ახალაიასთვის წაყენებული ბრალდებებიდან ერთ–ერთში გამართლებამ და, მასთან ერთად სამხედროების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში  ბრალდებული შვიდი პირის განთავისუფლებამ, საზოგადოებაში არაერთგვაროვენი რეაქცია გამოიწვია. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ზეიმობდნენ დაცვის მხარის მიერ ბრალდების არგუმენტების გაცამტვერებას, ხოლო კოალიცია „ქართული ოცნების“ ელექტორატმა, რომელიც ახალაიას დემონიზირებულ ფიგურას სააკაშვილის დროინდელი სადამსჯელო სისტემის ერთ–ერთ მთავარ შემოქმედად მიიჩნევს, ეს ფაქტი საკუთარი მოლოდინების მორიგ გაცრუებად აღიქვა და სოციალურ ქსელებში გადმონთხეული აგრესია ყოფილი კუმირებისკენ მიმართა. არა მარტო გენერალურ პროკურორ კბილაშვილისა და მისი მოადგილე ნაცვლიშვილის გადადგომის მოთხოვნები, არამედ საერთო–სახალხო აჯანყებისკენ ემოციური მოწოდებებიც კი გაისმა. ეს უკანასკნელი ამ ეტაპზე არარეალურად ჟღერს და ირონიას იწვევს: მართლაც, ვის უნდა აუჯანყდეს ხალხი, ოპოზიციაში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ პრეზიდენტობის ვადამიწურულ სააკაშვილს? მაგრამ, ეს იდეა შეიძლება ანგარიშგასაწევი გახდეს იმ შემთხვევაში, თუ მმართველმა კოალიციამ სერიოზულად დაკარგა ნდობა მოსახლეობაში, რასაც ის „წარმატებით ახერხებს“. ყოფილ მმართველ პარტიასთან „ქართული ოცნების“ ე.წ. კოჰაბიტაციის პროცესმა გააჩინა მყარი ეჭვი, რომ კოალიციამ დაივიწყა წინასაარჩევნო დაპირებები და, „დასავლეთის ზეწოლით“, კოლაბორაციონიზმის გზა აირჩია. არ არის გამორიცხული, „ქანქარას პრინციპით“, ხალხის სიყვარული და ნდობა ახლანდელი მმართველების მიმართ, მათი არჩევიდან ერთ წელიწადში, სიძულვილსა და უნდობლობაში გადაიზარდოს.  ასეთ ვითარებაში ამბოხისკენ მოწოდებებმა შეიძლება ნაპერწკლის როლი შეასრულოს და სოციალური უსამართლობის გაგრძელებით გამოწვეულმა უკმაყოფილებამ გამოხატვის უფრო სერიოზული და საშიში ფორმები შეიძინოს მთლიანად ხელისუფლების მიმართ, პოზიცია–ოპოზიციანად, რომელთაც უკვე ერთობლივად მოიხსენიებენ კიდეც „ნაც–ქოცებად“.
ამ ფონზე კოალიცია "ქართული ოცნების" რიგები პარლამენტარმა კობა დავითაშვილმა დატოვა და ეს ნაბიჯი ამგვარად განმარტა: „ჩვენ შორის მრავალ საკითხზე დაგროვდა სისტემატური უთანხმოება. უმთავრესი მაინც იყო სამართლიანობის აღდგენა. კოალიციის მიმართ საზოგადოების უმთავრესი მოთხოვნა, სააკაშვილის რეჟიმის მოშორებასთან ერთად, იყო სამართლიანობის აღდგენა. სააკაშვილის რეჟიმი მოვიშორეთ, სამართლიანობის აღდგენა კი მხოლოდ დაჭერები არაა, ამ სამართლიანობაში იგულისხმება უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება, უკანნოდ განთავისუფლებული ადამიანების დაბრუნება სამსახურში და სხვ. ამ მიმართულებით კი ვერავითარ წინსვლას ვერ ვხედავ, პირიქით, საპირისპირო ნაბიჯები დავინახე.
უმრავლესობიდან ერთი წევრის წასვლა კოალიციაში ტრაგედიად არ მიიჩნიეს, იმედი აქვთ, რომ ეს ერთეულ ფაქტად დარჩება და ტენდენციად არ გადაიქცევა. თუმცა, ზოგიერთი მათგანი დავითაშვილს თანაგრძნობითაც ეკიდება. ლევან ბერძენიშვილის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კობა  „ნაციონალებთან" მივა. ის ჩვენგან წავიდა იმიტომ, რომ სათანადოდ ვერ გავეცით პასუხი ნაციონალებს, ამიტომ კიდევ უფრო დაუპირისპირდება მათ. მესმის მისი, არ მოხდა იმ ფაქტის გამოძიება, კინაღამ რომ მოკლეს ნაციონალებმა. იმედი მაქვს, რომ მომავალში ამას მაინც დაესმება წერტილი“.
კოალიციის რიგებიდან წასვლის გარდა, „ხალხის პარტიის“ ლიდერმა პრეზიდენტობისათვის ბრძოლაში ჩაბმის საკუთარ გეგმებიც გაამხილა. „ჯორჯიან თაიმსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში მან არ დამალა, რომ იმ სეგმენტში გაუწევს კონკურენციას ნინო ბურჯანაძეს, რომელთაც „კოჰაბიტაციის მოწინააღმდეგეებს“ უწოდებენ: „რაც შეეხება საპროტესტო ელექტორატს, მათი ნაწილი არჩევნებამდეც არ იყო „ოცნების“ მხარდამჭერი, უბრალოდ, „ნაციონალების“ გაყრაში დაეხმარნენ ივანიშვილს. ამ ელექტორატში არ შევედავები ქალბატონ ნინოს, მაგრამ ამ ათი თვის მანძილზე საპროტესტო ელექტორატი კიდევ უფრო გაიზარდა „ქართული ოცნების“ ყოფილი მხარდამჭერებით, რომლებიც იმედგაცრუებულები არიან „ოცნების“ უნიათო და უხერხემლო ქმედებებით, კოჰაბიტაციის გამო, – გულახდილად უთხრა კობა დავითაშვილმა ჟურნალისტ მაკა დეკანოსიძეს, – და აქ, ვის მეტი შანსი აქვს, კოალიციასთან ერთად მებრძოლ კობა დავითაშვილს თუ ცალკე მდგომ ნინო ბურჯანაძეს, ეს ძალიან საკამათო საკითხია“.
სამართლიანობისათვის, უნდა გავიხსენოთ, რომ ნინო ბურჯანაძის „ცალკე მდგომობის“ მიზეზი ამ ქალბატონის ამბიციურობა სულაც არ იყო, ის და დღევანდელი არასაპარლამენტო ოპოზიციის სხვა პარტიებიც ესწრაფვოდნენ კოალიციაში შესვლას, მაგრამ “სახალხო კრებიდან“ სოსო ჯაჭვლიანისა და ლუკა კურტანიძის გადმოპატიჟების შემდეგ, სხვებს კარი ცხვირწინ მიუხურეს. კოალიციისა და მისი ლიდერის პოზიციას მაშინ იმით ამართლებდა საზოგადოება, რომ „პრორუსულობაში ეჭვმიტანილი“ ბურჯანაძისა და ზოგიერთი სხვა ოპოზიციური ფიგურის მიღება დაადასტურებდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოებულ კამპანიის მითს ჩრდილოელი მეზობლის დავალებით ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის თაობაზე, რითაც „ქართული ოცნება“ დასავლეთის მხარდაჭერას დაკარგავდა, რაც ესოდენ აუცილებელი იყო, სააკაშვილის იმპულსური ხასიათიდან გამომდინარე,  პროცესების მშვიდობიანად განვითარებისათვის. ამ მიზეზით ე.წ. „პრორუსული“ პოლიტიკური ძალები ქუჩაში დარჩნენ და არჩევნების შემდეგ  აქტიური კამპანია გამართეს საზოგადოების იმ ნაწილის მისამხრობად, რომელსაც კონსერვატიული შეხედულებები აქვს.
„ანტი–ნატოს“ დროშებით შეიარაღებული პოლიტიკური ძალების ამ აქტივობის თაობაზე, რის გამოც მათ ზურგს უკან რუსული სპეცსამსახურებისა და ფულის ყოფნის ეჭვი ჩნდება, რამდენიმე თვის წინ ხათუნა ლაგაზიძე აღნიშნავდა: „ბოლო პერიოდში ძალიან საეჭვოდ ხდება საქართველოს საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელი ღირებულებების გათანაბრება დასავლეთის კულტურის ნაწილთან, ანუ იმ ღირებულებების, რომელიც თანამედროვე საქართველოს საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელია და აპრიორი აგრესიას იწვევს. ამ ღირებულებების გაიგივებას ახდენენ დასავლეთთან. 
ანტიდასავლური პროპაგანდისტული კამპანიის ძირითადი მესიჯები, რომელთა გავრცელებაც ხდება საზოგადოებაში, არის ევროატლანტიკური ცივილიზაციის ცხოვრების წესის გაიგივება სექსუალური და რელიგიური უმცირესობების მხარდაჭერასთან და ქრისტიანობის უარყოფასთან, ხდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დათმობის გარეშე NATO–ში საქართველოს შესვლის უპერსპექტივობის მტკიცება და დასავლური ორიენტაციის ამ ნეგატივის გაიგივება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „რესპუბლიკურ პარტიასთან“. ამის ალტერნატივად გვისახავენ ერთმორწმუნე რუსეთის „სიწმინდეს“, სადაც აიკრძალა ლგბტ პროპაგანდა, და ხდება რუსეთთან დამოყვრების მოსურნე ძალების ასოცირება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, რომლის ავტორიტეტის გამოყენებას ამ გზით ცდილობენ მასების თვალში საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად.
მიუხედავად ამ კამპანიის პოსტულატების სიმყიფისა, პრინციპი „რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო დამაჯერებელია გაუთვითცნობიერებელი ხალხისათვის“ ხშირად პროპაგანდისტულ აქციებში ამართლებს და სამართლიანი სოციალური უკმაყოფილების სასურველ კალაპოტში მიმართვის აპრობირებული მეთოდია. როგორც ჩანს, ამ ტენდენციას, როგორც საზოგადოების ცნობიერებაზე ზემოქმედების მოსამზადებელ ეტაპს, ითვალისწინებს მამუკა არეშიძე, როცა გაზეთ „ალიასათვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ „ხვალ–ზეგ ულტრაძლიერი ძალა გამოჩნდება და დღევანდელი პოლიტიკური სურათი უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. დღევანდელი პოლიტიკოსები იმდენს იზამენ, ბოლოს და ბოლოს ამ ძალის გამოჩენას შეუწყობენ ხელს“.
რთული არაა იმის პროგნოზირება, რომ პრორუსულ ძალებს საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის მხოლოდ ერთი შანსი აქვთ: საპრეზიდენტო არჩევნებში მათი კანდიდატის დამარცხების შემდეგ მასობრივი არეულობების გამოწვევა და რევოლუციის მცდელობა, ან ამ ტალღაზე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისათვის დანიშნულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისათვის ბრძოლა. მმართველი კოალიციის მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდის კვალობაზე, ვადამდელი არჩევნების თემა სულ უფრო მძლავრად ხმოვანდება და სასურველ ნიადაგს უმზადებს პროცესების ამ მიმართულებით განვითარებას.
რაც შეეხება „ამბოხის“, „რევოლუციის“ თუ მასობრივი გამოსვლების მაპროვოცირებელ მოვლენას, მისი გამოწვევა,   საზოგადოებრივი ცნობიერების მანიპულირებით სათანადო კონდიციამდე მიყვანის შემდეგ, რთული არაა და მისი როლი შეიძლება შეასრულოს ბაჩანა ახალაიას ან ვანო მერაბიშვილის გამართლება–განთავისუფლებამ სასამართლოს მიერ, რომელიც კვლავ ძველი კადრებითაა დაკომპლექტებული და „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშ რჩება.  რევანშისტული სულისკვეთებით განმსჭვალული ამ პოლიტიკური ძალის გარდა, ქვეყანაში ქაოტური მდგომარეობის შექმნას ხელი შეიძლება შეუწყოს წარსულში გარკვეული გავლენების მქონე ისეთი ფიგურების დაბრუნებამ, როგორებიცაა თენგიზ კიტოვანი, იგორ გიორგაძე, ასლან აბაშიძე, ლევან მამალაძე და სხვები. ამგვარი ძველი თუ ახლადგამოჩეკილი ლიდერების გარშემო უმუშევრად დარჩენილი და უკმაყოფილო, ყოფილი სამხედროების, პოლიციელების, სპორტსმენებისგან შემდგარი ორგანიზებული ძალების ფორმირებაც არ არის გამორიცხული. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძალოვანი სტრუქტურები ძირითადად კვლავ მერაბიშვილის დროინდელი კადრებითაა დაკომპლექტებული, გარე ძალების აქტიური ფინანსური და აგენტურული ჩარევის შემთხვევაში საეჭვოა ჩვენი სტრუქტურების მზაობა, გაუძლონ  ასეთ გამოწვევებს, მით უფრო, რომ სპეცსამსახურებს, ოფიციალურად, აკრძალული აქვთ პარტიების საქმიანობაში ცხვირის ჩაყოფა, როგორც ამას აკეთებდა სააკაშვილის დროინდელი კუდ–ი.
დღეს უკონტროლო პროცესების განვითარების ხელისშემშლელი მთავარი ფაქტორი არის პრემიერ–მინისტრის მაღალი ავტორიტეტი და მის მიმართ საზოგადოების ნდობა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებიდან მოკლე ხანში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, რაც მან არაერთხელ დააანონსა, შეიქმნება ავტორიტეტული ხელისუფლების ის ვაკუუმი, რომლითაც სარგებლობის საშუალება შეიძლება ფსევდოპატრიოტული ლოზუნგებით ქუჩაში გამოსულ, რეალურად კი უცხოეთის სპეცსამსახურების ფარული კონტროლის ქვეშ მყოფ ძალებს მიეცეთ.


 


02 August, 2013

ვირთხები ქართულ პოლიტიკურ „სიზმარაში“

                                 გაზეთი "ქრონიკა+", #15, 30.07.2013
საქართველოს პრემიერ–მინისტრი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ იმ პოლიტიკური პარტიას რომ გაემიჯნება, რომლის საპატიო თავმჯდომარეც არის, ეს აჭარის ტელევიზიისათვის მიცემულ მის ბოლო ინტერვიუში ნათლად გამოჩნდა. ბიძინა ივანიშვილმა აპრილშიც თქვა: „არ ვთვლი, რომ მოვედი, როგორც პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებელი და პოლიტიკური პარტიის შემქმნელი”. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“, კოალიციის სხვა პარტიებთან შედარებით, ყველაზე დიდი მაგნეტიზმით იზიდავს სკამების შენარჩუნების მოსურნეებს ყოფილი ხელისუფლების მმართველი თუ სატელიტი პარტიებიდან და ასეთებს კარს ფართოდ უღებს. თბილისის საკრებულოს „გაოცნებების“ ამბით დაგვირგვინებული ეს პროცესი განსაკუთრებით თვალშისაცემია ადგილობრივ თვითმმართველობებში. ამის გამო ამჟამინდელი „მმართველი პარტია“ უკვე სოციალურ ქსელებში საქილიკოდ იქცა:გადმოპორტირდი დაწინაურებით!!! ,,ქართული ოცნება. აქცია ძალაში 2014 წლის გაზაფხულამდე“ (გოჩა გიგაშვილი).

გაზაფხულზე კოალიციის მხარდამჭერები გააღიზიანა დავით უსუფაშვილის მიერ რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემული ინტერვიუს კონტექსტიდან ამოგლეჯილმა ფრაზამ:ნაციონალური მოძრაობის, როგორც ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალის გადარჩენა თუ პოლიტიკურ სპექტრში დარჩენა, ეს არის ქართული დემოკრატიის ამოცანა“.  მაშინ ეს „ევროპელობა“ ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ისევ „ქართული პოლიტიკური ტრადიცია“ არჩია, როცა კომუნისტებიდან – „მრგვალ მაგიდაში“, იქიდან – „მოქალაქეთა კავშირში“, შემდეგ – მისგან გამოყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში“, და ა.შ. გადაბარგების პროცესი კონკრეტული თანამდებობის პირის მარიფათიანობად აღიქმება. ამდენად, „ქართული ოცნების“ გადავსება ჩასაძირად განწირული გემიდან გამოქცეული ვირთხებით, რაც ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყეს ალღოიანმა მედროვეებმა, არ უნდა იყოს გასაკვირი. ჩემი „ფეისბუქ“–მეგობარი ოთარ ამირანოვიჩი ამ მოვლენას, რუსული გამონათქვამით, ენამოსწრებულად ახასიათებს: „Мы хотели как лучше, а получилось как всегда“ (ჩვენ გვინდოდა უკეთესად და გამოგვივიდა, როგორც ყოველთვის).
როდესაც ბიძინა ივანიშვილი, დაპირებისამებრ, დატოვებს პოლიტიკას და „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ პირველი სახელისუფლებო პარტიის ხიბლს დაკარგავს, ახალ მმართველებში გადაძრომას ნაჩვევი ხალხისგან მისი დაცლის პროცესიც ასეთივე ლოგიკური იქნება. მით უფრო, რომ მის რიგებში არ ჩანს ვინმე „ქარიზმატული“, ან, თუნდაც ძლიერი ლიდერობის უნარის მქონე პოლიტიკოსი, რომელიც ამდენი მედროვის გაერთიანებას და ერთ ორგანიზაციაში შენარჩუნებას შეძლებს. „პოსტბიძინასეული“ დროისათვის უბელადოდ დარჩენილ კოალიციასაც დაშლას უწინასწარმეტყველებენ, რამდენადაც მხოლოდ ამომრჩევლის წინაშე ნაკისრი პასუხისმგებლობის ტვირთით გაერთიანებული პარტიების ერთ კოალიციაში დარჩენა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე, როგორც ამას ივანიშვილი აანონსებს, ისეთი ზღაპარია ჩვენს რეალობაში, რომ  ფანტასტიკის ყველაზე  დიდი მოყვარულებისთვისაც კი დაუჯერებელია.  შორიდანვე ჩანს, „საკმაოდ ერთსულოვან“ და „საკმაოდ შეკრულ“ ამ ჭრელ შემადგენლობას იმდენი შიდა ბრძოლა  და წინააღმდეგობა აქვს, რომ მათი ერთად ყოფნა მხოლოდ ერთი პიროვნების – ბიძინა ივანიშვილის ფაქტორითაა განპირობებული.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ მისი კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს. დღეს რეალური სურათი ამის საპირისპიროა, მაგრამ შეიძლება მმართველ გუნდს სადმე სეიფში „სრულიად საიდუმლოს“ გრიფით რაიმე „ვიდეოკოზირი“ ჰქონდეს შემონახული საოქტომბროდ, გასული წლის „ციხის კადრებისა“ არ იყოს? ამის შემდეგ ივანიშვილი პოლიტიკიდან ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებაში გადასვლას გეგმავს, რაც, უეჭველია, პოლიტიკურ ძალთა განლაგებაზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. ივლისში, ქართული პრესისთვის გამართულ პრეს-კონფერენციაზე, პრემიერ-მინისტრი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქართული პოლიტიკური სპექტრის ახალ კონფიგურაციას შეეხო. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა მოხდება, როცა ამ დროისათვის "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური გვამი გახდება, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციის ადგილი თავისუფალი არ დარჩება და თავად სახელისუფლებო კოალიციას აქვს იმის პოტენციალი, რომ ოპოზიციის ნიშაც მასში შემავალმა პარტიებმა დაიკავონ.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თავიდანვე „რესპუბლიკელებს“ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი „უპორტფელო“ მინისტრის პოსტი სიმბოლურად არგუნეს (სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში), ექს–მინისტრ დავით კირვალიძეს, რომელიც რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძის სიძეა,  სასოფლო–სამეურნეო მიწების დახვნისთვის დღეს პროკურატურაში დაკითხვებზე დაატარებენ, და, ბოლოს, განათლების მინისტრად მოვლენილმა GIPA-ს „კარგმა მენეჯერმა“ სანიკიძემ მოადგილედ დავით ზურაბიშვილი აღარ ისურვა, ცხადი ხდება, რომ კოალიციურ მთავრობაში ფაქტიურად არმყოფი „რესპუბლიკური პარტია“ მომავალი ოპოზიციონერობის ერთ–ერთი ყველაზე სავარაუდო კანდიდატია. მართლაც, რატომ უნდა აიღონ „რესპუბლიკელებმა“ საკუთარ თავზე წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება–არშესრულებაზე პასუხისმგებლობა, თუ საამისოდ აღმასრულებელ ხელისუფლებაში არანაირი ბერკეტები არ გააჩნიათ?
საზოგადოება, რომელიც ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლას დიდ მოლოდინებს უკავშირებდა, არც საკანონმდებლო ორგანოს მუშაობითა არის დიდად აღფრთოვანებული. ჯერ–ჯერობით არ ჩანს ისეთი რეფორმების საკანონმდებლო ბაზის შექმნისათვის მუხლჩაუხრელი მუშაობა, რომელიც ხალხის სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებდა, გარდა ჯანდაცვის სფეროში საყოველთაო დაზღვევის შემოღებისა, რამაც მოსახლეობას, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროებისას, ოჯახის ბიუჯეტის კატასტროფული ხარჯების შიში მოუხსნა.
ივლისის ბოლოს პარლამენტარები რიგგარეშე სესიაზე ოცი კანონპროექტის განსახილველად შეიკრიბნენ, რომელთაგან ერთ–ერთი „ნარჩენების იმპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ეხება. საქართველოში ნაცრის იმპორტის დაშვების თაობაზე მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი პროექტი მმართველ გუნდში დებატებისა და პოლემიკის საგანი გახდა. ენერგეტიკის სამინისტროს ე.წ. აქროლადი ნაცრის იმპორტი რთული ჰიდრო-საინჟინრო ნაგებობების მშენებლობისთვის ესაჭიროება, მაგრამ, როგორც „ნაციონალების“ დროს, ახლაც არავინ ზრუნავს მოსახლეობასთან კომუნიკაციაზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების მონაწილეობაზე. სკამნაშოვნ პოლიტიკოსებს  თავიანთი ამომრჩევლები მხოლოდ საარჩევნო ურნაში ხმის ჩაგდების წინ ახსენდებათ, როცა წინასაარჩევნო კამპანიის დაპირებებით მათი „ტვინების გამორეცხვაა“ საჭირო. რიგითი ადამიანების პრობლემებისადმი პარლამენტართა ქედმაღლური დამოკიდებულება პრემიერმაც გააკრიტიკა, ამის გამო  საზოგადოებაში პროტესტი მატულობს და სულ უფრო ხშირად ისმის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნები. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ „ფეისბუქისათვის“ ტიპიური გახდა კრიტიკული პატოსის პოსტები: პრეზერვატივების, კოცნის აკრძალვის, ლოთების ყურისაწევის, ჩოხებისა და ჩიხტიკოპების შესახებ საკითხების საკანონმდებლო პასუხისმგებლობით მოგვარების შემდეგ - პირდაპირ თვალებში შემოყრაზე რომ გადავიდოდნენ, ზუსტად ვიცოდი. აი, მახათების შესახებ კანონს როდის მიიღებენ - მაგას ველოდები, მეტი საქმე მაინც არ აქვთ“ (რუსა მუმლაძე–ავალიანი).
2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებით ხელისუფლების შეცვლიდან ათი თვის შემდეგ ხალხი ისევ სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია. მმართველმა გუნდმა ამ სიტყვების უტრირება მოახდინა, გადააქცია „ნაციონალთა“ დაშინების ლოზუნგად და ხალხს მხოლოდ ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესების სანახაობა არგუნა. უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე „საქართველო და მსოფლიოსათვის“ მიცემულ ინტერვიუში სამართლიანად აღნიშნავს: „ვერავინ მანახებს რიგით მოქალაქეს, რომლის უფლებებიც აღდგა. მე არ ვგულისხმობ იმას, რომ ქართულმა ოცნებამ იქ თანამდებობები იშოვა, სავარძლებს დაეპატრონა და თავისი ხალხი დაასაქმა. სხვას ვის შეეხო ეს პროცესი?! სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული თუნდაც ერთი კაცი მანახეთ, რომელიც ისევ აღადგინეს. ვერ იპოვით ქვეყანაში ასეთ ადამიანს...“  შემიძლია პირადი მაგალითით დავადასტურო ეს სიტყვები: თავის დროზე საავადმყოფოდან ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერობისათვის რომ დამითხოვეს, ცნობილი ფაქტია, და მიუხედავად ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრის ერთი წლის წინანდელი საჯარო დაპირებისა, რომ „მომავალში აუცილებლად დავუბრუნდებოდი ჩემს პროფესიას“, მისი კანცელარია და ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ წერილობითი დაპირებებით კვებავს ჩემს ოჯახს, რომ, თურმე, ივლისში კონკურსები იქნება. ივლისიც გავიდა და ფიქტიური კონკურსებიც კი არსად ჩანს, სამაგიეროდ, კარგად ჩანს ნეპოტიზმის აყვავება .

„ქართული ოცნების“ ფრუსტრაციაში მყოფ ამომრჩეველს საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაძლებისკენ მოუწოდებენ თბილ სავარძლებში მოკალათებული გუშინდელი ოპოზიციონერები და ქვეყნის მართვაში საკუთარ უნიათობას კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაწეული საბოტაჟით ხსნიან, მაგრამ, „აღდგომა და ხვალეო“, – ნათქვამია და ეს არჩევნებიც ჩაივლის. ალბათ, აღარ იქნება ყბადაღებული „კოჰაბიტაციის“ საჭიროება და ამის შემდეგ რომელი მტრის ბოროტი მანქანებით ახსნიან ხალხის გაჭირვებაში ყოფნის აუცილებლობას, მაგასაც ვნახავთ. თუმცა, სწორედ ზემოთნახსენები „რესპუბლიკელები“ შეიძლება გადააქციონ იმ „ბუად“, რომელიც თეთრ ცხენზე ამხედრებულ რაინდებს გველეშაპივით უშლის ხელს ხალხისთვის კეთილდღეობის ტბიდან წყლის გამოშვებას. საამისოდ თადარიგიც დაჭერილია და, ბოლო თვეების განმავლობაში, ინტენსიური კამპანია მიმდინარეობს მედიითა და სოციალური ქსელებით, რომ „სოროსის ნაშიერ“ რესპუბლიკელთა ანტიქართველობასა და ჩლიქიან–კუდიანობაში დაარწმუნონ მოსახლეობა. არადა, უკვე ყველასათვის გაცხადებულია, რომ ის მითიური „სოროსი“, რომელიც ვარდოსანთა მთავრობას ხელფასებს უხდიდა და პროექტებს უფინანსებდა, თავად ბიძინა ივანიშვილი იყო.

28 July, 2013

ივანიშვილის ჩანაფიქრი: რეალობა თუ ოცნება?


გაზეთი"ქრონიკა+"#14,23.07.2013
ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლიდან ათი თვის განმავლობაში მისი მთავრობის მოღვაწეობაზე დაკვირვებით ძნელია, ზუსტად განისაზღვროს, თუ როგორი  ტიპის ქვეყნის აშენებისკენ მიჰყავს მას საქართველო, რამდენადაც ამორფულია მისი პარტიის იდეოლოგიური ბაზისი და ძალზე  ჭრელია თავად კოალიცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობაც, რომელშიც უპრობლემოდ „პორტირდებიან“ პოლიტიკაში და სკამებზე დარჩენის მსურველები „ნაციონალური მოძრაობიდან“. მიუხედავად ამისა, უკვე შეიძლება მისი მართვის სტილის გარკვეული ანალიზის გაკეთება პრინციპით „ხე ნაყოფით იცნობა“, პრემიერის კონცეპტუალური ხედვის ზოგიერთი მნიშვნელოვანი ელემენტის ამოსაცნობად.

პოლიტიკაში მოსვლიდან დღემდე ივანიშვილი ერიდება საკუთარი მსოფლმხედველობის აფიშირებას, ძალზე იშვიათად და ფრაგმენტულად თუ უხსენებია, რომ არის ლიბერალი და მართლმადიდებლური სარწმუნოებისაა. ორივე ეს ცნება ჩვენს დღევანდელობაში იმდენად ზოგადია და ფართო დიაპაზონის შეხედულებებს შეიძლება მოიცავდეს, რომ რთულია, კონკრეტულად განისაზღვროს ძირითადი ვექტორი, რომელსაც ის ხედავს ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გზისათვის. საზოგადოებაში კითხვების გაჩენის საპროფილაქტიკოდ პრემიერი იშველიებს იმას, რომ არის ბიზნესმენი, არ არის გათვითცნობიერებული პოლიტიკური იდეოლოგიების თეორიაში და მხოლოდ დროებით, კონკრეტული ფუნქციით არის შემოსული ამ სფეროში, რასაც ავტორიტარული რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლება ჰქვია. იმედი მაქვს, მისთვის საწყენი არ იქნება  ეჭვი, რომ ასეთ ნიჭიერ ადამიანს არ შეიძლება არ ჰქონდეს მწყობრი და ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობა და საკუთარი ხედვა სამშობლოს მომავალზე, რომელსაც, პრაგმატული მოსაზრებით, არ გვიზიარებს.
ივანიშვილის მართვის სტილის კონტურები პოლიტიკაში გაკეთებული მისი პირველივე ნაბიჯებიდან გამოჩნდა. ის ცდილობდა, თავის გარშემო შემოეკრიბა პრინციპული ადამიანები, რომლებიც შეხედულებებს არ იცვლიან კონიუნქტურის გამო, მაგრამ თავად ამ შეხედულებათა სპექტრი ყოფილიყო ძალზე მრავალფეროვანი, ისეთივე, როგორიც არის დღეს ქართული საზოგადოება. „ქართული ოცნების“ თემატურ ჯგუფებში შეკრებილ ენთუზიასტებს, რომელთა ნააზრევსაც შემდგომში დიდწილად დაეყრდნო კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა სამომავლო დაპირებების კუთხით, მცირეოდენი შანსიც კი არ ჰქონდათ, გამოეცნოთ ლიდერის თვალსაზრისი ამა თუ იმ საკითხზე და შეეძლოთ მხოლოდ საკუთარი მოსაზრებების ჭიდილში დაეწერათ კონცეფციები ცალკეული დარგობრივი მიმართულებების მიხედვით, სრული თავისუფლების პირობებში. ივანიშვილმა ამით თითქოს უთხრა არსებული რეჟიმით უკმაყოფილო საზოგადოებას: „თავად განსაზღვრეთ, როგორ ქვეყანაში გსურთ ცხოვრება, მე ამაში არ ჩავერევიო“. ის გამოვიდა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ხალხის მაკონსოლიდირებელი ლიდერის როლში, წინასაარჩევნო მესიჯების შეფასებაც კი არ დაუწყია მათი იდეალისტურობა–რეალისტურობის თვალსაზრისით, თუმცა, უეჭველია, მათზე საკუთარი მოსაზრებები ექნებოდა, რომელთა გამჟღავნებასაც ერიდებოდა.
ლიდერის ამგვარი „გაბუნდოვანებული“ დამოკიდებულება იმ ეტაპზე საკმაოდ პრაგმატული იყო, რამდენადაც, მაშინდელ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული საზოგადოებრივი ჯგუფების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ივანიშვილის მიერ საკუთარი იდეოლოგიური ხედვის დაფიქსირებისთანავე რომელიმე სეგმენტის მხარდაჭერა აუცილებლად იქნებოდა დაკარგული. ამით ის სააკაშვილის ანტიპოდი იყო, რომელიც მხოლოდ საკუთარი შეხედულებების ჭეშმარიტებას აღიარებდა და არათუ არ უგდებდა ყურს იმას, თუ რა განწყობები იყო ხალხში ამა თუ იმ საკითხის მიმართ, არამედ დიდად არ იწუხებდა თავს საკუთარი გადაწყვეტილებებისა თუ მთავრობის დარგობრივი პოლიტიკების  ახსნით, მხოლოდ ტელეპროპაგანდით იფარგლებოდა.
"ნაციონალური მოძრაობის" ყველაზე დიდი შეცდომა იყო ხალხთან საუბრის უუნარობა („საჯარო შეხვედრების“ PR-სპექტაკლები ანგარიშში ჩასათვლელი არ არის). არადა, სახელმწიფო მართვაში აქსიომა უნდა იყოს, რომ რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე მოსახლეობაში ფართო საინფორმაციო კამპანია უნდა გაშალო, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა ჩართო და არ უნდა გარიყო, მით უფრო, მტრად არ უნდა გამოაცხადო შენი ოპონენტი რომელიმე საზოგადოებრივი ჯგუფი, თუ გსურს, რომ ნაბიჯ–ნაბიჯ არ დაკარგო სხვადასხვა სეგმენტის მხარდაჭერა და ხელისუფლებაში ხანგრძლივად დარჩე.
სააკაშვილი იქცეოდა როგორც კარგი და კრეატიული მენეჯერი, რაც ბიზნესისათვის მშვენიერია, მაგრამ ბიზნესში საქმიანობა სხვაა და სახელმწიფოს მართვა სხვა, აქ თუ ნარცისიზმი შეგეპარა და შენი მიზნები, ამოცანები ხალხს არ განუმარტე, არ დაარწმუნე საკუთარი ხედვის სისწორეში და თითოეულ საკითხზე მაქსიმალური მხარდაჭერა არ მიიღე, დემოკრატიდან ბოლშევიკად მალევე გადაიქცევი, რომელიც მოქმედებს პრინციპით "Лес рубят-щепки летят" (სადაც ხე იჭრება, იქ ნაფოტი ცვივაო...). ასე მოხდა კიდეც „ნაციონალური მოძრაობის“ ზეობის ცხრა წლის განმავლობაში. იგივე საფრთხე ემუქრება ნებისმიერ ხელისუფალს, რა გარემოში და სახელმწიფო წყობაშიც არ უნდა უწევდეს მას მოღვაწეობა, მათ შორის ახლანდელ ხელისუფლებასაც.
ობიექტურობისათვის უნდა ითქვას, რომ მთავრობა დღეს პრემიერისგან იღებს მაგალითს და ცდილობს, ჟურნალისტებთან, არასამთავრობო სექტორთან იყოს მაქსიმალურად გახსნილი. ზოგ მინისტრს ეს უკეთ გამოსდის, ზოგს – ნაკლებად, მაგრამ ამ კუთხით ხალხი მაინც უკმაყოფილოა და მეტი დიალოგის, კრიტიკისადმი საჯარო პირების მეტი ამტანობის მოთხოვნილება აქვს. საოცარია, მაგრამ არჩევნების შემდეგ პარლამენტის დეპუტაცია საერთოდ „დაეკარგა“ მისსავე ამომრჩეველს. ამ „წესს“ ცალკეული გამონაკლისების არსებობა ადასტურებს და მათ შორის კომუნიკაბელობის თვალსაზრისით თინათინ ხიდაშელი ლიდერობს, რომელიც ამისათვის სოციალურ ქსელებს წარმატებით იყენებს პირადად, და არა „მდივნის“ თუ „პიარშიკის“ მეშვეობით, ისევე აგრძელებს უცნობ–ნაცნობ „ფეისბუქ–მეგობრებთან“ მიმოწერას თუ დისკუსიებს, როგორც მაშინ, როცა ოპოზიციაში იყო, ჭორ–მართლის ნაზავით „რესპუბლიკელების“ მიმართ აგორებულ კამპანიას არ უშინდება და საკუთარი „ვოლლიდან“ ღვარძლიან კომენტარებსაც კი  არ შლის.
ბიძინა ივანიშვილმა არც გაპრემიერების შემდეგ შეცვალა საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში პირადი ჩარევის მინიმალურობის დაცვის პრინციპი, მიუხედავად იმისა, რომ საამისოდ უამრავი სახელისუფლებო ბერკეტი  შეიძინა, საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების ამ მიზნით გამოუყენებლობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. აქამდე ერთი, მმართველი პარტიის იდეოლოგიურ–პოლიციური წნეხის ქვეშ მყოფ საზოგადოებას მან მაქსიმალური თავისუფლება მისცა და მწვავე კონფლიქტების დროსაც კი მხოლოდ მსხვერპლის არიდების ტაქტიკას მიმართავს, რაც 17 მაისის მოვლენებში მკაფიოდ გამოჩნდა. ივანიშვილი ლამის ანარქიის ზღვარზე პროცესების მიშვებამდე ბალანსირებს, რაც აჩვენებს, რომ ის საზოგადოებას „თავისუფალი ბაზრის თვითრეგულირების“ ეკონომიკური მოდელის მსგავსი ხედვით უდგება და თვლის, რომ არსებულ პრობლემებსა და წინააღმდეგობებს მიჩქმალვა–დაწნეხვა კი არა, გაშიშვლება და ზედაპირზე ამოტანა უნდა, აზრთა ჭიდილი და დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის ბრძოლა არის ის გზა, რომელიც მჩქეფარე საზოგადოებრივ ცხოვრებას თავისთავად დაადუღებს და დაწმენდს.
თუ ეს თეზა სიმართლესთან ახლოსაა, მაშინ გასაგები ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან არა ფორმალურად, არამედ რეალურად უმოკლეს ვადაში წასვლის სურვილი ნაკარნახევია არა მხოლოდ მისთვის ამ სფეროში მოღვაწეობისას ცხოვრების სტილის შეცვლის დისკომფორტულობით, არამედ მსოფლმხედველობრივი პრინციპითაც: სანამ ის პოლიტიკაში რჩება, საზოგადოებრივი ცხოვრების პროცესების სრულად განთავისუფლება შეუძლებელია სწორედ მისი ფიგურის არაადექვატური მძიმეწონიანობის გამო, რაც თავისთავად ახშობს პოლიტიკურ ბაზარზე თავისუფალ კონკურენციას და ამ სფეროში სხვა მოღვაწეებს კვლავ ბელადის ორბიტაზე მოტრიალე ნაწილაკებად აქცევს, ისევე როგორც საეჭვოს ხდის მისი საპირწონე ოპოზიციური ძალების რეალურად ჩამოყალიბების პერსპექტივებს.
ბიძინა ივანიშვილის წინაშე დღეს ორი გზაა: ან დარჩეს პოლიტიკაში და გადაიქცეს მორიგ ქართველ „მეფუკად“, ან მალევე შექმნას ამ ველზე თავისუფალ კონკურენციასთან მიახლოებული პირობები მაინც, ჯერ კიდევ ორგანიზაციულად საკმაოდ სუსტი პოლიტიკური პარტიებისთვის, და პროცესი თვითდინებით მიუშვას, მათი ბუნებრივი სელექციის მიზნით. იმედია, მას არ მოხიბლავს პირველი პერსპექტივა და ქვეყანას კვლავ იმ წრეზე არ წაიყვანს, რომელიც მრავალჯერ გვიტკეპნია და ისეთ რეალობას შექმნის, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას ახალ, ჯერ ჩვენთვის ძალზე უცხო ეტაპზე გაიყვანს და მის მონაწილეებს თვითგანვითარებისა და საკუთარი პოტენციალის რეალიზაციის საშუალებას მისცემს.  
ამგვარი მიმართულებით „წრფივი და თანაბარი მოძრაობის“ პერსპექტივა რეალური იქნებოდა, ჩვენი პოლიტიკური სისტემა გარე ძალების გავლენისაგან  თავისუფალი რომ იყოს. ამგვარი შანსი, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, სიზმარშიც კი ძნელი წარმოსადგენია, რამდენადაც მსოფლიოს დიდი ქვეყნების სტრატეგიული ინტერესების გადაკვეთის ერთ–ერთ საკვანშო წერტილში ვიმყოფებით და ღიად თუ ფარულად, ისინი აუცილებლად ეცდებიან ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე საკუთარი გავლენის გაძლიერებას. თუმცა, არის ერთი, შესაძლოა, თეორიული, მაგრამ მაინც შანსი:  მოძრაობის ფიზიკური პროცესის ანალოგიურად, სისტემაზე თუ გარე ძალების მოქმედება ერთმანეთს აწონასწორებს, მაშინ ეს ისეთსავე სიტუაციას ქმნის, როგორიც ასეთი გავლენების არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა.
ამდენად, ჩვენი შიდა „პოლიტიკური ბაზრის“ გათავისუფლების იდეალთან მისაახლოვებლად საჭიროა  ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის, რუსეთის, თურქეთის და უფრო მცირე მეზობლების – აზერბაიჯანისა და სომხეთის ინტერესებისა და გავლენების იმგვარი დაბალანსება, რომ „მათი ტოლქმედი ნულის ტოლი იყოს“, ანუ არც ერთ მათგანს არ შეეძლოს პოლიტიკური სისტემის თავის მხარეს „გადაქაჩვა“. თუ ივანიშვილის საგარეო  აქტივობას დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ის სწორედ ამგვარი ბალანსის მიღწევისკენაა მიმართული, რასაც ხელი შეიძლება შეუწყოს ჩვენში სხვა ქვეყნების (მაგ., ისრაელის) ინტერესების გაჩენამ.

თუ ეს მოხერხდა, ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკურ აღმავლობასაც მძლავრი ბიძგი შეიძლება მიეცეს, ინვესტიციების შემოდინების სახით. იზოლაციაში ყოფნას და „დიდი ქართული კედლით“ გარე სამყაროსგან შემოზღუდვას, რაც, თუ ჩრდილოეთ კორეას არ დავემსგავსეთ, გლობალიზაციის პირობებში შეუძლებელია, ჩვენი შვილების მომავლისთვის გაცილებით უმჯობესი იქნება, თუ ყველა იმ საგარეო ფაქტორს, რაც აქამდე ქვეყნის განვითარებას უშლიდა ხელს, ჭკვიანურად გამოვიყენებთ და ჩვენთვის სასარგებლოდ ავამუშავებთ.