13 July, 2013

„სოკარი“ და „გაზპრომი“: შეთანხმება თუ დაპირისპირება?

3 ივლისს საქართველოს  პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა შეუთანხმდა ბრიტანულ კომპანია BP–ს და აზერბაიჯანულ „სოკარს“ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი „სამხრეთ კავკასიის მილსადენის“ გამტარუნარიანობის გაზრდაზე, პროექტ „შაჰ–დენიზი 2“–ის ფარგლებში. 40 მილიარდის ღირებულების ამ პროექტიდან 2 მილიარდი დოლარი დაიხარჯება საქართველოში, რაც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, ხოლო აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის მოწოდებული იაფი გაზის ოდენობა გასამმაგდება.
ბუნებრივი აირის ევროპულ ბაზარზე „გაზპრომის“ წილი ამჟამად 28%–ს შეადგენს, რუსეთის მიერ საექსპორტო გაზსადენების ამბიციური პროექტების განხორცილების შემდეგ  ვარაუდობდნენ მის 31,5%–მდე ზრდას, თუმცა ევროგაერთიანება მომწოდებელთა უფრო მეტად დივერსიფიცირების მომხრეა. ევროპა გამალებით ეძებს ბუნებრივი აირის სხვა წყაროებს, ამ მიზნით განიხილება ხან ისრაელსა და კვიპროსს შორის ზღვისპირა შელფზე აღმოჩენილი საბადოების დამუშავება, ხან – გაზის იმპორტირება ჩრდილოეთ ერაყიდან და შორეული ყატარიდან.
„2006 და 2009 წლებში ევროპის გაზმომარაგების უკრაინული კრიზისების შემდეგ, ევროკავშირი მიისწრაფვის მისთვის გაზის მიწოდების მარშრუტების, წყაროებისა და პარტნიორების დივერსიფიკაციისაკენ. ამ სფეროში პარტნიორთა სიმრავლე მომავალში ევროპას გაზის კოლაფსების თავიდან აცილების საშუალებას მისცემს და უზრუნველყოფს ევროპული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობისათვის საჭირო გაზის საკმარისი ოდენობით მიწოდებას,“– აღნიშნა ენერგეტიკის დარგში ევროკომისარმა გიუნტერ ოტტინგერმა სტატიაში „შაჰ–დენიზის გადაწყვეტილება: მეტი გაზი ევროპას“.
ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიმწოდებელთა გამრავალფეროვნების ამოცანა უნდა გადაეჭრა პროექტ „ნაბუკოს“, რომლის 3300 კილომეტრიანი გაზსადენის თურქმენეთიდან ავსტრიამდე გადაჭიმვა ჯერ კიდევ 2002 წელს იქნა ჩაფიქრებული. შესაძლოა, ამ ძალზე ძვირადღირებული პროექტისათვის 14 მლრდ. ევროს (კომპანია BP-ს შეფასებით) შოვნაში ევროპა დახმარებოდა კიდეც კონსორციუმს, რომელშიც გაერთიანდნენ OMV Gas GmbH (ავსტრია), BOTAŞ (თურქეთი), „ბულგარგაზი“ (ბულგარეთი) და S.N.T.G.N. Transgaz S.A. (რუმინეთი), მაგრამ თურქმენეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა საკუთარი გაზის ექსპორტის მიმართულებად აღმოსავლეთი – ჩინეთის მზარდი ეკონომიკა აირჩიეს და რუსულ „გაზპრომს“ ევროპულ ბაზარზე კონკურენცია არ გაუწიეს.
„ნაბუკოს“ იდეის ხორცშესხმის უკანასკნელი იმედი აზერბაიჯანული შაჰ–დენიზის საბადოს გაზის მარაგები იყო, რისთვისაც შეთავაზებულ იქნა საწყისთან შედარებით უფრო მცირე მასშტაბიანი და მოკლე Nabucco West გაზსადენის იდეა, მაგრამ 2013 წლის 26 ივნისს შაჰ–დენიზის კონსორციუმმა (BP, ოპერატორი-25,5%, Statoil25,5%, SOCAR10%, LUKOIL10%, NICO10%, Total10% და TPAO9%) კასპიის გაზის ევროპაში ტრანსპორტირებისათვის არჩევანი ტრანსადრიატიკული მილსადენის პროექტზე შეაჩერა.   ამით წააგო არა მარტო „ნაბუკომ“, „გაზპრომმაც“ დაკარგა ევროკავშირში რუსული გაზის მიწოდების მოცულობის გაზრდის პერსპექტივები, ხოლო ევროპამ ბრწყინვალედ დაასრულა გაზის მიმწოდებელთა დივერსიფიკაციის ოპერაცია.
ამ მოვლენას უმალ გამოეხმაურა აშშ. „ტრანსადრიატიკული მილსადენის პროექტის არჩევა კასპიის ნავთობის ევროპასთან დამაკავშირებელ მარშრუტად არის ევროპის ენერგოუსაფრთხოების განვითარების პროცესისა და ენერგორესურსების მიწოდებაში კონკურენციის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი“,– განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა პატრიკ ვენტრელმა,–„მიუხედავად იმისა, რომ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტი მიმართულია ევროპის მომარაგებაზე, მას შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი გლობალურ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“.
რუსეთის მთავრობის ვიცე–პრემიერმა ა.დვორკოვიჩმა The Wall Street Journal–ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი თანდათან იწყებს ევროპის ენერგობაზრიდან გასვლას და აღნიშნა, რომ გაზზე მოთხოვნა არის არა მარტო ამ კონტინენტზე, რასაც მოწმობს ახალი კონტრაქტები, რომლებიც აზიის მომხმარებლებთან გაფორმდა. რუსეთის გულდაწყვეტა გასაგებია: აქამდე ის ევროპისათვის გაზის მიწოდებაში თავის წამყვან როლს არა მარტო მოგების მიღების, არამედ პოლიტიკური ზეგავლენის ბერკეტადაც წარმატებით იყენებდა.
„ნაბუკოს“ პროექტის საპირწონედ რუსეთმა გასული წლის დეკემბერში „სამხრეთის ნაკადის“ დაჩქარებული ტემპებით მშენებლობა დაიწყო, რომლის მილსადენი რუსეთიდან, ქ.ანაპიდან, შავი ზღვის ფსეკერზე გაიდება ბულგარეთის ნავსადგურ ვარნამდე, აქედან კი ორად დაიტოტება და, ბალკანეთის ნახევარკუნძულის გავლით, იტალიასა და ავსტრიას მიაღწევს. ამ გრანდიოზული გაზსადენის გაყვანაც ძვირი ჯდება (15,5 მილიარდი  ევრო), მაგრამ  თავისი უზარმაზარი სიმძლავრით 63 მლრდ. კუბ. მ. წელიწადშიძალზე მომხიბვლელია კომპანია South Stream Transport–ის აქციონერებისათვის („გაზპრომი“ – 50%, იტალიური Eni 20% ფრანგული EDF Group 15% და გერმანული Wintershall AG15%). გაზსადენის სახმელეთო ნაწილების მფლობელებად, „გაზპრომთან“ ერთად, ასევე გვევლინებიან ბალკანეთის ქვეყნების ნავთობისა და გაზის კომპანიები, 50%–იანი წილებით:  ავსტრიული OMV, უნგრული MVM, სერბიული „სერბიაგაზი“, სლოვენიური Plinovodi, ხორვატიული Plinacro, „ბულგარეთის ენერგეტიკული ჰოლდინგი“ და ბერძნული DESFA. „სამხრეთის ნაკადს“ არა აქვს დაფინანსების პრობლემები და უზრუნველყოფილია სანედლეულო ბაზით, რისთვისაც რუსეთი თავის ტერიტორიაზე 2446 კმ ჯამური სიგრძის გაზსადენებს აგებს სხვადასხვა საბადოებიდან ქ.ანაპამდე. შავი ზღვის გავლით ბუნებრივი აირის ევროპისათვის მიწოდებით რუსეთი იმედოვნებს სატრანზიტო ქვეყნებზე – თურქეთსა და უკრაინაზე დამოკიდებულების შესუსტებას.
სააგენტომ E&E Publishing გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „ცნობილი გახდა გამარჯვებული სამხრეთის გაზის დერეფნისათვის ბრძოლაში“, სადაც გადმოცემულია აშშ–ში აზერბაიჯანის ელჩის ელინ სულეიმანოვის მოსაზრება, რომ პროექტი არ ისახავს მიზნად ისეთ კომპანიებთან დაპირისპირებას, როგორიცაა „გაზპრომი“. „აზერბაიჯანი არ აპირებს არავისთან კონკურენტულ ბრძოლაში ჩაბმას, არამედ სურს კონკურენტულ ბაზარზე მუშაობა“, – განაცხადა სულეიმანოვმა. იმავე სტატიაში ნათქვამია, რომ გარდა საბერძნეთის, ალბანეთისა და იტალიისა, რომლებზეც გაივლის ტრანსადრიატიკული მილსადენი, მისი მეშვეობით მომავალში შესაძლებელი იქნება გაზის ტრანსპორტირება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ხორვატია, ბულგარეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა.
შეუძლებელია, აზერბაიჯანი არ იცნობდეს რუსეთის გაცხადებულ გეგმებს, „სამხრეთის ნაკადის“ მეშვეობით მოახდინოს ბალკანეთის ქვეყნების გაზმომარაგება. ბუნებრივი აირის მომწოდებელთა ამგვარი დივერსიფიკაცია იტალიისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე ქვეყნებისათვის როგორც ენერგოუსაფრთხოების, ისე კონკურენციის შედეგად გაზის ფასის შემცირების თვალსაზრისით ძალზე ხელსაყრელია, მაგრამ რთულია იმის პროგნოზირება, მოახერხებენ თუ არა „სოკარი“ და BP, თავი აარიდონ „გაზპრომთან“ ამ რეგიონისთვის ენერგოომს. საინტერესოა, რომ რუსული „როსნეფტი“ BP-ს აქციების 5%–ის მფლობელია, ხოლო BP, თავის მხრივ, „როსნეფტის“ აქციების 19,75%–ს ფლობს.
საქართველომ, გაზის ექსპორტიორთა სიახლოვის გამო, უკვე მოახერხა მომწოდებელთა დივერსიფიცირება და, საჭიროებისას, აქვს საშუალება ბუნებრივი აირი მიიღოს არა მარტო აზერბაიჯანიდან, არამედ რუსეთიდან – ჩრდილოეთ–სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენით, და, განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორც ეს მოხდა გასულ ათწლეულში კავკასიონზე გამავალი მონაკვეთის დაზიანებისას – ირანიდან, თუმცა, ცვლილებები ენერგოპოლიტიკაში მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარ ქარტეხილებთან.
„სოკარი“ ტრანსადრიატიკული მილსადენის პროექტთან მიერთებამდეც მუშაობდა დასავლეთის მიმართულებით: უკრაინასა და რუმინეთში, სადაც ავტოგასამართი სადგურების ქსელებს ხსნის; თურქეთში, სადაც ალიანსმა SOCAR&Turcas/Injas შეიძინა თურქული ნავთობქიმიური კომპანია Petkim Petrokimya–ს აქციების 51% და მასში 20 მლრდ. დოლარის ინვესტირებას აპირებს; შვეიცარიაში, სადაც Exxon Mobil–ის შვეიცარული ფილიალი Esso Schweiz GmbH შეიძინა. საქართველოში კომპანია ავტოგასამართი სადგურების ქსელთან ერთად, ყულევის ნავთობტერმინალის მფლობელიცაა. „სოკარი“ აზერბაიჯანული ნავთობის მსხვილი ექსპორტიორია, რასაც სამი ნავთობსადენის მეშვეობით ახორციელებს: 2013 წლის პირველ ნახევარში ბაქო–ნოვოროსიისკით 825,317 ათასი ტონა, ბაქო–თბილისი–ჯეიჰანით – 10,135 მლნ. ტ, ხოლო ბაქო–სუფსას მეშვეობით 1,364 მლნ. ტ ნავთობი გაიტანა მსოფლიო ბაზარზე. 2012 წელს აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტის მოცულობამ 25 მლრდ. ტ შეადგინა. 
აზერბაიჯანის შორს მიმავალ გეგმებს, რომ თავი დაიმკვიდროს ევროპის ენერგობაზარზე, ადასტურებს ამ ქვეყნის ელჩი საბერძნეთში  რახმან მუსტაფაევი გაზეთ „კატიმერინი“–სთვის მიცემულ ინტერვიუში. ელჩის თქმით, ტრანსადრიატიკული მილსადენი მხოლოდ პირველი ფაზაა, გაზის ახალი მოცულობების გამოჩენისთანავე ეს პროექტი, დამატებითი ინტერ–კონექტორების მეშვეობით, შეიძლება იქნას გამოყენებული აღმოსავლეთ ევროპის, დასავლეთ ბალკანებისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში ბუნებრივი აირის მისაწოდებლად. „საბერძნეთი გახდება ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს აზერბაიჯანის გაზს და გახსნის სამხრეთის დერეფანს“,–აღნიშნა ელჩმა. საინტერესოა, რას გულისხმობს აზერბაიჯანული მხარე „გაზის ახალი მოცულობების გამოჩენაში“, – მხოლოდ საკუთარი და კასპიის ზღვისქვეშა საბადოების გაუხსნელი მარაგებიდან ბუნებრივი აირის ექსპორტს ევროპაში, თუ მეზობელი ირანის გაზის რესურსების დასავლეთის მიმართულებით გადაქაჩვის პერსპექტივასაც?
 „სოკარის“ ინტერესს, შეესყიდა ბერძნული გაზგამანაწილებელი კომპანია DESFA, „გაზპრომი“ არ შეეწინააღმდეგა და ივნისის დასაწყისში ჩატარებულ ტენდერში განაცხადი არ შეიტანა. რამდენადაც DESFA მონაწილეობს „სამხრეთის ნაკადის“ პროექტში და, „გაზპრომთან“ ერთად, მათი შვილობილი კომპანიის South Stream Greece S.A. თანადამფუძნებელია, ამ ტენდერში მწვავე კონკურენციას პროგნოზირებდნენ.  მოულოდნელად, „გაზპრომმა“ საბერძნეთის ბაზარი უმტკივნეულოდ დაუთმო „სოკარს“, რაც იძლევა იმის ეჭვის საფუძველს, რომ ეს მოხდა ამ კომპანიებს შორის, ან უფრო მაღალ დონეზე მიღწეული კონფიდენციალური შეთანხმების შედეგად.
რამდენიმე წლის წინ „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა და „გაზპრომის“ გამგეობის თავმჯდომარემ ალექსეი მილერმა გააფორმეს კონტრაქტი 2010–2015 წლებში აზერბაიჯანული გაზის რუსეთში ექსპორტის თაობაზე, მისი შემდგომში პროლონგაციის პერსპექტივით. ხელის მოწერის ცერემონიაზე მაშინ ითქვა, რომ „სოკარის“ ევროპასა და აზიაში გასვლის  გეგმებთან დაკავშირებით, მიღწეულ იქნა შეთანხმება „გაზპრომთან“  ამ ბაზრების ათვისებისას მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ. ამ შეთანხმების შემდეგ აზერბაიჯანმა უარი თქვა „ნაბუკოს“ პროექტისთვის გაზის მიწოდებაზე, რესურსების არასაკმარისობის მოტივით, ეს პროექტი ილუზორული გახადა და ხელები გაუხსნა რუსეთს მისი ალტერნატივის – „სამხრეთის ნაკადის“ რეალიზაციისათვის. თუმცა, არსებული მილსადენებით აზერბაიჯანიდან რუსეთში წელიწადში არაუმეტეს 5 მლრდ. კუბ. მ. აირის გატანაა შესაძლებელი (2012 წ. ექსპორტირდა 2 მლრდ. კუბ. მ.), რაც „სამხრეთის ნაკადში“ მისი სრულად გადაქაჩვის შემთხვევაშიც კი, ვერ მოახდენს აზერბაიჯანის მარაგების ევროპულ ბაზარზე გატანის სურვილის საკმარისად დაკმაყოფილებას.  მყარად შეთანხმდნენ თუ არა მხარეები ბაკლანეთისა და ცენტრალური ევროპის ბაზრებზე გაზის არაერთობლივი ექსპორტის შემთხვევაში თამაშის რაიმე წესების დაცვაზე, მაშინ, როცა აზერბაიჯანულ და რუსულ კომპანიებს შორის ხელშეკულება დაიდო, ან შემდგომში, „შაჰ–დენიზი 2“ პროექტის განხილვის პერიოდში, – ცნობილი არ არის.

„სოკარი“, BP და Total წლის ბოლომდე ტრანსადრიატიკული, 520 კილომეტრიანი მილსადენის აქციონერები გახდებიან, რომლის დამპროექტებლები არიან შვეიცარული EGL, ნორვეგიული Statoil და გერმანული E.ON Rughas. ის თურქეთის საზღვართან დაიწყება, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით, ადრიატიკის ზღვას გადაკვეთს და იტალიამდე მიაღწევს. მომავალში შესაძლებელი იქნება გაზსადენის საპროექტო სიმძლავრის გაორმაგება და  მისი გამტარობის წელიწადში 20 მლრდ. კუბ. მეტრამდე გაზრდა.  ამ მილსადენისთვის „შაჰ–დენიზი 2“ პროექტით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გავლით გაზის ტრანსპორტირება დაგეგმილია 2018 წლიდან, ამასთან, 6 მლრდ. კუბ. მეტრი აირი  მიეწოდება თურქეთს, 10 მლრდ. კუბ. მეტრი კი ევროპისკენ წავა. იმოქმედებს თუ არა ტრანზიტის მოცულობების გაზრდის გამო  საქართველოსთვის ბუნებრივი აირის წილის გასამმაგება იმ დროისთვის სამომხმარებლო ტარიფზე და მისცემს თუ არა ეს შეღავათს ხალხს, თუ, როგორც აქამდე ხდებოდა, მხოლოდ პოლიტელიტის ინტერესების საგნად იქცევა,  მომავალი დაგვანახებს.


No comments:

Post a Comment