28 October, 2010

წითელი ქოფაკი

„მივალ, მივყვები თეთრი გზებით მე ჩემს ფარასა…“–ღიღინებდა თეთრწვერა და სევდიანთვალებიანი მოხუცი, დინჯად მიაბიჯებდა და თან მძიმე კომბალს ეყრდნობოდა. ამ არემარეში მას ყველა „ბიძია დემიურგს” ეძახდა, მაგრამ არავინ იცოდა, ვინ იყო, ან რამდენი წლის, ან რატომ ერქვა ასეთი უცნაური სახელი. იმასაც ამბობდნენ, ცხოველების ენა ესმისო. შესაძლოა, ადამიანებზე უკეთ მართლაც ცხვრებსა და ძაღლებს უგებდა – ამ მარტოსულს ხომ მთელი ცხოვრება მათთან ჰქონდა გატარებული.
იმ ზაფხულს შვებულებას მთის ერთ–ერთ მიყრუებულ სოფელში ვატარებდი, წინაპრების დანატოვარ სახლში, მათი საფლავების სიახლოვეს და ქალაქის ორომტრიალისგან ვისვენებდი. გამვლელებისგან შემთხვევით შევიტყე, რომ ბიძია დემიურგს, თავისი მრავალრიცხოვანი ფარებით, არც თუ ისე შორს დაედო ბინა. ფსიქოლოგის პროფესიული ჟინით მაინტერესებდა, ისეთი იშვიათი და საინტერესო ფსიქოტიპის ბუნება გამომერკვია, როგორიც, ჩემი წარმოდგენით, ასეთ ადამიანს უნდა ჰქონოდა. ამიტომაც მის გასაცნობად გავეშურე.
ჩემდა გასაოცრად, საკმაოდ ენაწყლიანი მოსაუბრე გამოდგა. ხალისით მიყვებოდა თავის ცხვრებზე, ძაღლებზე, თხებზე... ისინი წარმოადგენდნენ ბიძია დემიურგის არსებობის საზრისს.
–ეს რა უცნაური ფერის ქოფაკი გყოლიათ,–მივუთითე ზორბა, კაშკაშა წითელი ფერის ნაგაზზე, რომელიც ამაყად თავაწეული მიმოდიოდა.
–მართლა იშვიათი ჯიშის რამაა, შვილო. რვა–ათი ათეული წლის წინ ეგეთები ბევრნი იყვნენ, მერე თითქოს გადაშენდნენ. ეგ ლეკვი სადღაც იპოვა ჩემმა ბებერმა ლემამა და კბილებით მოათრია,–დამანახა თეთრბალნიანი, უკვე მოტეხილი ძაღლი, რომელიც სხვებისგან მოშორებით, თათებში თავჩარგული იწვა და მზეს ეფიცხებოდა,–ეგაც და სხვა ლეკვებიც მაგან გამოზარდა და დაგეშა. შვიდი წლის წინ, მაგისმა გაზრდილებმა რომ შეატყვეს, დაბერდა და აღარავინ უგდებდა ყურს,–არც ძაღლი და არც ცხვარი,–აუჯანყდნენ და ლამის დამიგლიჯეს. ლემაც მიხვდა, რომ ძველი ილაჯი აღარ ჰქონდა და არ შეებრძოლა, გაერიდა. ეგ რომ გაინაპირეს, მერე ერთმანეთს დაერივნენ პირველძაღლობისთვის. ყველას აი მაგ წითელმა ქოფაკმა აჯობა. რომლებიც ვერ შეეგუვნენ მაგის პირველობას, გაექცნენ და ეხლა მგლებთან ერთად დაძრწიან, შორიდან უღრენენ. დანარჩენმა ძაღლებმა კუდის ქიცინით აღიარეს წითელის უფროსობა.
–ძაღლებშიც თუ იყო იერარქია, არ ვიცოდი,–გულწრფელად გავიოცე.
–ჰო, თავის ბელადები ამათაცა ყავთ,–გაიღიმა დემიურგმა,–ეგრე რომ არ იყოს, გამიჭირდებოდა ამოდენა ფარების მოვლა. ეს წითელი ქოფაკი ავად თუ კარგად, ეხლა ამ ფარას მიმწყემსავს. მაგის შიშმა წესრიგი დაამყარა ძაღლებშიც და ცხვრებშიაც, აღარ მაწუხებენ ბღავილითა.
–კარგად პატრონობს?
–აბა ძაღლმა რა იცის ბალახის არჩევა? მაგრამ ეს წითელი ქოფაკი ჭკვიანი გამოდგა: თანდათან ისწავლა უხეირო ბალახისა და კარგის გარჩევა იმისდა მიხედვით, თუ სად უფრო ბღავიან ცხვრები დაუნაყრებლობისაგან. თუმცა... აგე იმ მთებზე მინდვრებს ხომ ხედავ, –ჩრდილოეთით ორი დიდი მთა იყო, მზისგულ კალთებზე ბიბინა ბალახით, – ადრე მანდაც ბალახობდა ეს ფარა, ახლა კი მხოლოდ კურდღლები ბუდობენ. კაი ოცი წელი იქნება, მგლები დაეპატრონნენ და არ უშვებენ იქით ცხვარს. ამან კიდე, შარშანწინ იქით გარეკა ფარა და გამოენთნენ მგლები. ძაღლები იქიდან კუდამოძუებულები გამოიქცნენ, მგლებმა კი დამიგლიჯეს ცხვრები. შორიდან შევუძახეთ და ხმაურით ძლივს დავაშოშმინეთ. მეგონა, ამის შემდეგ გადააგდებდნენ წითელს ბატონობიდან, მაგრამ არა – ისევ ისე ღრენს და ყეფს, მაგათაც აშინებს და ცხვრებსაც.
–გამიგია, ცხვრებს ყოჩი უნდა მიუძღოდეს წინ და საბალახოს ურჩევდესო...
–ადრე ეგრე იყო, ჰყავდა ამ ფარას ყოჩები, მაგრამ ნადირისგან რაღაც ცოფისნაირი შეეყარათ და დაერივნენ ერთიანად ყოჩებსა... მახსოვს, გზაზე მივდიოდით, წიწამურთანა, ყველაზე ჭკვიანი რომელიც იყო, იმას რამდენიმე ცოფიანი რქებით ეძგერა და მოკლეს. გავიდა წლები და ცოფმა თითქოს გადაუარათ, მაგრამ იმის მერე ვეღარ დაიბადა ამ ფარაში საყოჩე ერკემალი. გამოჩნდება–ხოლმე ზოგჯერ ცოტა ჭკვიანი და ყოჩაღი, მაგრამ აღარ უგდებენ ეს ცხვრები ყურს, ძაღლების შიშს დაეჩვივნენ ალბათ... მაგათ ურჩევნიათ, ძაღლურ ჭკუაზე იარონ ნახევრადმშივრებმა, ვიდრე თავისნაირს დაუჯერონ და სწორ გზაზე გაყვნენ. რა ჭკუა მოეთხოვებათ? ცხვრები არიან...
–„ცხვარი ცხვარია და თუ გაცხარდა, ცხარეაო”, მართლა ასეა, ბიძია დემიურგ?
–ჰო, ცხარდებიან–ხოლმე. ამასწინათ, ძაღლებს კბენა–კბენაში ორი ცხვარი შემოაკვდათ, თხებმა გაიგეს და ატეხეს კიკინი, აიყოლიეს ვაცები, ვაცებმა–ცხვრები და ერთიანად აბღავლდნენ. წითელმა ცოტა ხანს უთმინა, მერე თავის ერთგულ ძაღლებთან ერთად დაერია, თხებიც კი გამორეკა სადგომიდან, და გააკმენდინა ხმა. ძლივს მოვაქუჩე ბუჩქებში გადამალული, აკანკალებული ვაცები. მეორედ რომ აბღავლდნენ, აღარ უგდო ყური წითელმა, იბღავლეს, იბღავლეს და გაყუჩდნენ. ამ ამბების მერე ძაღლები ადრინდელივით აღარ აწუხებენ ცხვარს. ან მანამდე რად კბენდნენ, ვერ ვიგებდი, მაგათი მონაწველი ყველითა და რძით არიან დამძღრები და რაღას ერჩოდნენ?! ახლა წითელი ქოფაკი უშლის ცხვრების უმიზეზოდ დაწიოკებას, უღრენს ეგეთ ძაღლებს და წყნარად არიან ერთნიც და მეორენიც, მეტსაც იწველებიან... ფარაც ჩუმადაა და მეც კმაყოფილი ვარ წითელის პირველძაღლობით. ცხვარი ძოვს იმას, რასაც ძაღლები აძოვებენ, „ძაღლი ჰყეფს, ქარავანი კი მიდის...”
–და როდემდე გაგრძელდება ასეთი იდილია?
პასუხად დემიურგმა მხოლოდ ჩაიცინა და ღიღინი გააგრძელა:„მივალ, მივყვები უგზოუკვლოდ მე ჩემს ფარასა…“
-------------------------------
დემიურგი (პლატონი)- შემოქმედი

29.06.2010

ამ ჩანახატის დაწერიდან 5 წლის შემდეგ (18.09.2015) "ფეისბუქზე" ვნახე ეს ლექსი და, ავტორის ნებართვით, აქ ვაქვეყნებ:


რა გითხრათ აბა,.. სიბინძურეა ეს პოლიტიკა,
სავაზელინო, მუდამ ნაცადი ფასობს პრაქტიკა,
უკანალების მარჯვედ მოქნევის და რომანტიკა
მაყუთის გაჭრის .. სულ ერთნაირი არის ტაქტიკა -
სხვის დაკრულს მუდამ მიყვება უკან, პეტელით ფარა,
რა მოხდა მერე, მეცხვარემ ბევრჯერ თუკი იხმარა,
გროშკაპეიკად გაპარსა ცხვარი და არ აკმარა,
ბევრჯერ მიდენა ციცაბო კლდეზე და გადაყარა.
რად უნდა ამას ბევრი პონტი და რიჟა ბაზარი,
ალალს სულ ხმარობს ან ნაბოზარი, ან ნაბიჭვარი,
სანამ ამ ქვეყნად გასაპარსავი იქნება ცხვარი,
მგელიც იქნება, ანდა ძაღლი მგელთან ნაჯვარი.



3 comments:

  1. zalian,zalian zalian momewona bravooo!!!!

    ReplyDelete
  2. დიდი მადლობა შექებისათვის! ამ ჩანახატის ისტორია ასეთია: ჩემმა ვაჟმა მისაღები გამოცდის წინ მთხოვა,- რაიმე ტექსტიდან ნაწყვეტი შემირჩიე გასაანალიზებლად, რაც მქონდა, ყველა ამოვწურეო. ვერაფერი მოვიფიქრე და უცებ ეს დავუწერე:აბა, თუ მიხვდები, რა მხატვრული ხერხია გამოყენებული–მეთქი? რა ვიცოდი, თუ ამას მოვაყოლებდი "დანი და პატარა ქალაქს", მერე სხვა მოთხრობებს და, ბოლოს, "უკანასკნელი ომის" დაწერის პრეტენზიაც გამიჩნდებოდა :)

    ReplyDelete
  3. ორი წლის შემდეგ ბიძია დემიურგმა, ფარაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ასეთი კომენტარი გააკეთა:
    –იყნოსეს ძაღლებმა, წითელის პირველძაღლობას ყავლი გასდისო, თეთრ საღებავს დაეძებენ: ბალანი შევიღებოთ, ცხვრების ფარას შევერიოთო. მრავალსხივებიანი ვარსკვლავი რომ ახატია ლურჯ აბრაზე, მის ქვეშ კარია და მიძვრებიან და მიძვრებიან იქ ცხვრისქურქმოსხმული ძაღლები, ჩასაძირად განწირული გემიდან გაქცეული ვირთხებივითა...

    ReplyDelete