21 October, 2010

დავიზარდენით, პაპა!

ქარი ქროდა და ყინავდა, ძვალ–რბილში ატანსო, – ამაზე იტყვიან. ხეს ამოფარებულმა ბასილამ გორაკიდან კარგა ხანს ზვერა მისი სოფლისაკენ მიმავალი საურმე გზა, რომელიც თოვლის ნამქერს დაეფარა. კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, ყველა საკუთარ ბუდეში შეყუჟულიყო.
–ამ ქარბუქში გამოგზავნის ვითომ ბოკერია თავის ძაღლებსა?–მაინც ჭოჭმანობდა: საიმედო გამოქვაბულის სიბნელეში, ნაბადგახვეულს გაეთია ეს ღამეც, თუ დიდი ხნის მონატრებულ ცოლ–შვილთან მისულიყო ამაღამ და მათთვის ახლადმონადირებული კურდღლებით გაემრავალფეროვნებინა მწირი გლეხური სუფრა.
უცებ ჩამობნელდა, მთაში როგორც იცის. გაიარ–გამოიარა, ფეხები რომ არ მოყინვოდა. სათვალთვალოზე დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა: უკუნში აქედან მაინც ვეღარ დაინახავდა მის დასაჭერად გამოგზავნილ მილიციის რაზმს, თუნდაც უკვე რაიონის ცენტრიდან გამოსულები ყოფილიყვნენ. სახლისკენ დაეშვა და გზად იმას ფიქრობდა, ნეტა აღარ ჩამოყაროს ამჯერად ცრემლები ცოლმა და არ დაიწყოს ბუზღუნი:–როდემდე ვიყოთ, ბასილ, სულ შიშსა და უშენობაშიო... განა თვითონ კი უნდოდა ადამიანებისგან ნადირივით მალვა, მაგრამ მილიციის უფროსს ვიღაცამ ენა მიუტანა (ეჰ, დამსმენსა და ბოროტს რა დალევს!),–ქაქუცას მეგზურად ეგა ჰყავდა, მანგლისის ყაზარმებს რომ დაეცაო, – და ბასილასაც მოუწია ტყეში გავარდნა. კიდევაც დროზე მოასწრო უმცროსმა ძმამ, გოგლამ, გაფრთხილება, –დაჭერას გიპირებენო, – თორემ ეხლა ბასილას ძვლები „ჩეკისტების” დახვრეტილ სხვა ქართველებთან ერთად ეყრებოდა საკუთარი ხელებით ამოთხრილ რომელიმე ორმოში.
ოცდაათი წლით მასზე უმცროსი ძმა ახალი არჩეული იყო რაიონის გლეხთა კომიტეტის თავმჯდომარედ და თავისი რევოლუციური წარსულის გამო ბოლშევიკებში დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობდა. ბასილას გადამრჩენელი ძმის პარტიულობა კი არა, სიყვარული იყო: „შპიონი” ღამით მისულიყო ნოე ბოკერიას სახლში და მის ცოლისდას, გოგლას შეყვარებულს, შემთხვევით ყური მოუკრავს მათი საუბრისათვის, შუაღამისას სახლიდან გამოპარულა და საქმროსთვის შეუტყობინებია მოსალოდნელი უბედურების შესახებ.
არა, არ იყვნენ ეს შობელძაღლი ბოლშევიკები იმის დამნახავნი, რომ უკლებლივ ჩააბარა მთელი ქვემო ქართლის ცხვარ–ძროხა. არანაირი ბრძანება არ მიუღია ქართული გვარდიის შტაბის ოფიცერ ვასილ აფციაურს მისთვის მინდობილი საქონლის თაობაზე, ან ვის ეცალა ამისათვის... როცა გაიგო, სერგო ორჯონიკიძის წითელი არმია სომხეთიდან შემოიჭრაო, თავისით გადაწყვიტა, ლიხს იქით გადაერეკა: ჯარს კვება დასჭირდება, ძალებს მოვიკრებთ და შემოვუტევთ წითლებსო. თავის ერთგულ ხუთიოდე მწყემსთან ერთად, ტყის გზებითა და ბილიკებით ერთ კვირაში იმერეთამდე მიაღწია, მაგრამ ჟორდანია–რამიშვილის გემს, მთელი მთავრობიან–კრებიანად, უკვე საფრანგეთისაკენ აეღო გეზი. რაღას იზამდა? დააბრუნა საქონელი და ჩაუთვალა „რევკომს”.
ახლა კი ფიქრობს: რომ გამეყიდა ის საქონელი ქუთაისში, დიდძალი ფული დამრჩებოდა, ოჯახსაც წავიყვანდი და, თურქეთის გავლით, დავეწეოდი გაქცეულებს, იმათაც გამოვადგებოდი,– ვინ იცის, ეხლა რამდენი შიმშილობს კიდეც უცხოეთშიო. მაგრამ მაშინ ამგვარი აზრიც კი არ მოსვლია, ხალხის ქონების ბედს თავად როგორ გადაწყვეტდა! ეხლა კი გვიანია გაქცევაზე ფიქრი,–კარგად ჩარაზესო საზღვრები ბოლშევიკებმა. თუმცა, რომ მოინდომოს... მაგრამ ამ მთებსა და ხევებს, ტყეებსა და გარიჟრაჟზე ამოწვერილი მზით იისფრად შეღებილ ცას ვერ შეელევა, სამშობლო რო ჰქვია. ახალგაზრდა რომ იყოს, კიდევ ჰო, როგორღაც შეეგუებოდა უცხოეთს, ენასაც ისწავლიდა, მაგრამ ზურგზე ექვსი ათეული წელი აქვს მოკიდებული და უმძიმებს ცოტა წელსა. ჯანს კი არ უჩივის, ბევრ ახალგაზრდაზე მხნედ არის – მაგრამ ბალღები ჯერ პატარები არიან და დაზრდა უნდათ. გვიან მოეკიდა ოჯახს,–არავინ მოსდიოდა თვალში მას მერე, რაც თექვსმეტი წლის გულისსწორი წაართვა უცებ ჭირმა, და რა ექნა? ოცდახუთი წელიწადი გლოვობდა და სანამ ერთი ალვისტანიანი ქალი არ მიამსგავსა რაღაცით, არ გალღვა ბასილას გაქვავებული გული. ისე, მართალია ეს ქალშავაიც: შვილებს ტყიდან ვერ დააკვალიანებს, მაგრამ რომ წავიდეს და ჩაბარდეს, თავი იმართლოს, – ვინ დაიჯერებს ბასილას ტყუილს, მეტი არაა ჩემი მტერი...
სახლის კარი ფრთხილად შეაღო და ბუხრის სიმხურვალეზე მეტად ოჯახური სითბოს ძარღვებში ჩაღვრა ეამა, რძისა და ბავშვის თოთო კანის, ქალის თმისა და კერიის ნაცრის სურნელებით შეზავებული.
–მამა მოსულააა... რა მოგვიტანე ტყიდანა?
“ამათ დღედაღამ ცქერას რა სჯობს, ამათი ტიტინის მოსმენასა, მაგრამ რა ვუყო მუხთალ ბედსა და მილიციასა,” –დაიბოღმა ბასილა, მაგრამ მალევე მოალბო ცოლის ალერსმა.
–მამიი, ვაჟაზე მოგვიყევი რა, ბოლოს რო იყავი, არ დაგიმთავრებია ის ამბავი,–მამის კალთა დაისაკუთრა ნაბოლარამ.
–როგორ არ დაუმთავრებია, შენ დაგეძინა, –გაეცინათ უფროსებს.
–მაშინ სხვა ამბავი მოყვეს, ან ლექსები მითხრას!–არ ეშვებოდა მამის ალერს დანატრებული, რომლისთვისაც ბოლშევიკები და მენშევიკები იგივე იყო, რაც დევები და ამირანის ზღაპრის გმირები.
ვაჟა–ფშაველა, ამათთვის უკვე ლეგენდაა, ბასილას ცხოვრებაში კი ის სინათლეა, რომელმაც სამუდამოდ გაუნათა სული. თანატოლები იყვნენ და ორივენი მთის ლაღი შვილები, – ალბათ ამასაც ჰქონდა წვლილი მათ დამეგობრებაში, – მაგრამ მთავარი მაინც პოეზიის სიყვარული იყო, იმ ლექსებისა, მათი გენებიდან ამოხეთქილები, სისხლში რომ ტრიალებდნენ და პირიდან თავისით ამოითქმებოდნენ.
ბასილას ბავშვობიდან სწყუროდა წერა–კითხვის სწავლა, სოფელში კი არავინ იცოდა და მშობლებიც ამის თხოვნაზე თავში წამოარტყამდნენ–ხოლმე:–გადი, გაიქე, ხბორებს მიხედე, მამინდომა ქალაქელობაო! ოცდახუთი წლისა იყო, როცა გაიგო, დიდ თონეთში ახალგაზრდა კაცი ჩამოსულა მასწავლებლად, ჩვენსავით მთიელია, ფშავიდანო.
–აკი არ არი მთიელის საქმე წიგნებიო,– დაიბუხუნა ბასილამ და თონეთის გზას დაადგა. ძაან კი ეძნელებოდა ლუკასთვის ეთხოვა, – წერა–კითხვა მასწავლეო, – როცა მის ირგვლივ შემოხვეული ბავშვები დაინახა, მაგრამ სძლია მთის კაცის ურჯუკ თავმოყვარეობას და მივიდა. იმან კი ძმასავით მიიღო, ბავშვობიდთნ თანშეზრდილივით, ასოებიც მალე ასწავლა და წიგნებსაც ატანდა–ხოლმე სახლში წასაკითხად. გაზეთში დაბეჭდილი „გოგოთურ და აფშინა” რომ ანახა და,– აქ რომ წერია „ვაჟა–ფშაველა”–ეგ მე ვარო,– უთხრა, ბასილას გაკვირვების დანახვაზე ლუკას გაღიმება თვალწინ ეხლაც უდგას. „ალუდა ქეთელაურს” როცა წერდა, უკითხავდა და,–აბა, რას მეტყვიო? –დააცქერდებოდა–ხოლმე. ერთხელაც შეუჩნდა და გამოტეხა, რომ ბასილაც წერდა ჩუმ–ჩუმად ლექსებს. ჩაუსწორა ალაგ–ალაგ და თან შეაგულიანა,–კარგად გამოგდის, წერეო. კაი გულის ბიჭი იყო, თორე აბა სად ბასილას გამოთქმულები და სად–ვაჟას პოეზია...
ეხლაც უფრთხიან ბასილას თონეთელები, – უბირებმა, როგორ გაბედეს ვაჟა–ფშაველაზე ხელი აღემართათ, იმ სიკეთის სამაგიეროდ, მათი შვილები რომ წერა–კითხვას აზიარა! სხვებისგან გაიგო, ვინც იყვნენ დამხდურები, დაიმარტოხელა ორი მათგანი და კარგადაც მიამჟავა, თუმცა ამის თაობაზე არსად გაამხილა, –ლუკას ეწყინებაო. მერე ფშაველამ თავად მოიგონა სიცილით მუშტი–კრივის ეს ამბავი და „არწივიც” წაუკითხა, - მაგის მერე დაუწერე თონეთელ ყოვებსაო. ეხლა რომ იგონებს, აღარც უკვირს ეს ამბავი,–ილია მოსაკლავად გაიმეტეს და ამ ხალხისგან რაღაა გასაკვირი.
მაშინაც ტყეში იყო გასული ბასილა –„ერთობის” ბიჭებთან ერთად, რევოლუციას უწყობდნენ მეფეს. ილია ვინ იყო ქართველობისთვის, ბნელებს ვერაფრით გააგებინა და გაიყარა კიდეც მისი და მომავალი „ბოლშევიკების” გზები. კოჭებშივე ეტყობოდათ, რანიც იყვნენ, –უბრალო ხალხს აყაჩაღებდნენ, სანამ ბასილამ, ძმობილ ივანე წიკლაურის პირით, ლექსად არ შეუთვალა:
ჩემო ძმობილო ივანე,
უთხარ ტყის ყარაულებსა,
ურჩიე ჭკვიანად ყოფნა,
ხალხს ნუ უტეხენ გულებსა.
არბევენ საწყალ მწყემსებსა,
ავდრისგან დაწუწულებსა.
მოკითხე, უანგარიშე,–
რას უშვრებიან ფულებსა.
აწიოკებენ სოფლებსა,
ქალ–რძალს ხუთავენ სულებსა.
ნეტავ რას ემართლებიან
ისედაც დაჩაგრულებსა.
ფინთი დრო არის, ასწავლე
მაგ ეშმაკთ დანათლულებსა:
ზენაით ქარი უბერავს,
ეშმაკთ ნუ სწირვენ სულებსა!
მაინც არ მოიშალეს მამაძაღლობა. წუთისოფლის სიმუხთლე აკვირვებს მრავლისმნახველ ბასილას: ყოფილი ყაჩაღები ეხლა მას ეძახიან „ხალხის მტერს”და დასაჭერად დასდევენ.
ცოლ–შვილი დააძინა, მაგრამ ბუხართან მიმჯდარს ძილი არ ეკარებოდა. მოგონებები მოეძალა და დრო და დრო ჩუმად ამოიოხრებდა, თან მინავლებულ ცეცხლს შეშას უმარჯვებდა. რული მოერია თუ მწარე ფიქრებში ჩაიძირა ღრმად,–ამას მნიშვნელობა აღარა აქვს,– მილიციელებმა კარი რომ შემოანგრიეს, მაშინღა ასწია თავი.
–ადექ, ბასილავ, ჩაიცვი და წამოგვყევ, უფროსს უნდა ჩავაბაროთ შენი თავი! – ერთ–ერთმა „ვინტოვკის” ლულა მიუშვირა.
–ვისები ხართ, ცალთვალა ჭყონიას ჩეკისტები, თუ ბოკერიას მილიციელები?
–წითელი მილიციონერები ვართ!
–ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო, ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა...–ჩაილაპარაკა ბასილამ და ფეხებზე ჩექმები ამოიცვა.
–დედას ნუ გვაგინებ, ჩვენც კაცნი ვართ და ბრძანება რო არა, აქვე ჩაგაძაღლებდით, იცოდე!
–დედის გინება როგორ მოგესმა, ბალღო, ვაჟაის ლექსია, არ გაგიგონია მაინცა?
მილიციელი დადუმდა. ცოლმა აზლუქუნებული ბავშვები ძლივს მიაჩუმა. მონგრეულ კარში გადარეული ქარის ღმუილი შემოვარდა.
–დათბით მაინცა, უკანა გზაზე სულ გაითოშებით, მე სად გაგექცევით ამდენებსა,–შესთავაზა ბასილამ. მართლაც ძალიან იყვნენ შემცივნულები მილიციელები, უარი არ უთქვამთ, შაშხანები კედელთან მიაყუდეს და ცეცხლთან მოგროვდნენ, ბასილას გარშემო, თითქოს ალყაში მოიქციესო.
–ქალო, გააწყე სუფრა, ვინ იცის, ბოლოჯერღა ვჭამო ჩემ ჭერქვეშ!
–აღარ გაგივა ეგ ნომერი, ბასილ, ამასწინეებზე რო მოგვატყუე: ქალი ცოდოა ამ ყიამათში, არყის ამოსატანად მე გავალ, ამ ქარბუქში მაინც სად გაგექცევითო და გაგვეპარე!
–აქა მაქ ჭაჭის არაყი, არსად წაგივალთ!–სიმწრის სიცილით დაამშვიდა ბასილამ.
ნელი აფუსფუსდა, თუ კი რამ ჰქონდათ სახლში, სუფრაზე დაალაგა. ბასილამ ნაკვერჩხალზე მწვადი ააშიშხინა.
–შინაური ღორისა არ გეგონოთ, ტახია, გუშინდელი ნანადირევია!
სანთლის მკრთალ შუქზე მაგიდას შემოუსხდნენ და მადიანად ილუკმებოდნენ. ბასილამ არყიან ბოთლს წაატანა ხელი.
–სირცხვილია, ჭაღარა კაცი ხარ, მაიტა, ჩვენ დავასხამთ,–ინამუსა ერთ–ერთმა.
სასმელით კი შეავსეს ჭიქები, მაგრამ ხელს ვერ აკარებდნენ,–ასეთ სიტუაციაში რა ეთქვათ და როგორ დაელოცათ, როცა კაცი ოჯახიდან სასაკლაოზე თუ არა, სულ ცოტა, გასაციმბირებლად მიჰყავდათ? უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ისევ ბასილამ იმარჯვა:
–ღმერთის თქვენ არა გწამთ და მისი დიდების თქმას არ დაგაძალებთ, ჩემ ოჯახში დასალოცად რომ არა ხართ მოსულები, ეგეც ცხადია... მოდი, დიასახლისი დავლოცოთ, დღეის ამას იქით ქალიც ეგ უნდა იყოს ამ სახლში და კაციცა, ცალუღელად მოუწევს ყოფნა და ჯანმრთელობა ვუსურვოთ, რო ბალღები დაეზარდოს და ეპატრონოს! ჩემო დამტირებელო და ბოლო გზაზე გამცილებელო,–მიუბრუნდა ბასილა მეუღლეს,–ტყუილა ხომ არ გასწავლე შაშხანის ხმარება, „ზატვორის” გადატენვა და ნიშანში სროლა. ქართველი ქალები ომშიც გვერდში ედგნენ კაცებსა და შენც სირცხვილად არ ჩაგეთვლება, თუ იარაღს იხმარ, ინადირებ კიდევაცა და ბალღებს შიმშილით არ დახოცავ!
–დავლოცოთ, ხალხო, გამძლეობა ვუსურვოთ!–აიტაცეს მილიციელებმა სადღეგრძელო და გადაჰკრეს.
–ოჰოჰოო, რა მაგარია, წავიდა ჯანში!
–ერთი რას გაგათბობთ, ორი ფეხითა ხართ მოსული, ცალით ხო არა? ახლა ჩვენი მიწა–წყლისა ვთქოთ, ალგეთ–ხეობას გაუმარჯოს! კლდეკარიდან მოწანწკარებს, ჩემი ბაღის ბოლოში ჩაივლის და ბორჩალოს ცხელი ველების გასაგრილებლად მიედინება. რაც ამ ხეობაში ჩვენი წინაპრების სისხლი დაღვრილა, ვინ აწონოს! გაწყვეტდნენ ხოლმე ურჯულოები აქ მოსახლეთ და მაინც აივსებოდა ეს ხეობა, აჟრიამულდებოდა ალგეთის წყალში მობანავე ბავშვებითა. ძველებს უთქვამთ: „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი, ისე არ ამოსწყდებიან, ჯავრი შასჭამონ მტრისანიო”. ალგეთელი მგლის ლეკვებს გაუმარჯოთ!–გადახედა ბასილამ ოთახის კუთხეში პირქუშად მჯდომ თავის ბიჭებს.
–ამინ!–წამოსცდა ერთ მილიციელს.
–ამინ კი არა, გაუმარჯოს–თქო, ამხანაგო!–გაუსწორა იმან, რომელიც უფროსობდა რაზმს.
დიასახლისი მიდი–მოდიოდა, სუფრას დრო და დრო საჭმელებს ამატებდა. მას ყურადღებას აღარავინ აქცევდა,– ჭაჭის ორნახადმა არაყმა თავისი გაიტანა.
–აბა, გვეყოფა ეხლა, თორე დაგვათენდება და თეთრიწყაროში კიდე უფროსობა გველოდება!, – ბრძანა რაზმის უფროსმა და ყველანი წამოიშალნენ.
წასვლისას ბასილამ ბავშვები გადაკოცნა, მძინარე ნაბოლარას თავზე ხელი ნაზად გადაუსვა და ცოლს გადაეხვია:
–კერკეტი კაკალი მყავხარ, ნათობიძიანთ ქალო, მეუღლეობაც ეგეთი უნდა, შენ რომ მიწევ!–შეაქო და დააყოლა,–მალე გნახავ!
ჩურჩულით ნათქვამ ბოლო სიტყვებს ერთმა მილიციელმა ყური მოჰკრა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია: დაითრო ბებერიო. ბასილა შუაში ჩაიყენეს და შეძლებისდაგვარად მხნედ მოარღვევდნენ თოვლის ნამქერებს, მათაც სახლში ვიღაც ელოდებოდა და არ ეძინა: ზოგს–ცოლი, ზოგს–დედა, ზოგს–და... იქნებ, ლოცულობდნენ კიდეც, – ღმერთო, დაიფარე და მშვიდობით დააბრუნე, ტყვიას გადაარჩინეო. თან არ უტყდებოდნენ გულში გაკენწლილ ეჭვს: დაიფარავდა კი ღმერთი უღმერთო საქმეზე წასულს?
სერზე რომ გადმოვიდნენ, ირიჟრაჟა და დაბის სახლების კონტურები გამოკრთა. ქარიც გაყუჩდა. ბასილა როგორ ჩამორჩათ, ვერ შენიშნეს. ოციოდე ნაბიჯიდან დაუძახათ, ტყის პირას მდგომმა:
–ეხლა, გზად, ლექსი გამოუთქვი თქვენ ნოე–უფროსსა, დაიხსომებთ?
– აბა გვითხარ!–შემობრუნდა ათივე მილიციელი.
რაზე დამდევ, ბოკერია,
ცოფი ხომ არ მოგერია?
მე არაფერს არ ვაშავებ,
ამის მოწმე სოფელია.
ამას გირჩევ: მე ნუ დამდევ,
„ტურეცკი” მაქვს ოხერია,
თუ სადმე შამოგეყარე,
დაგვხრეტ, როგორც ხოკერია!
*
შებრუნდა და ჩქარი ნაბიჯით ტყეში შევიდა.
–აბა, ეხლავე წამოდი, თორე გესვრით!–გასძახეს მილიციელებმა და შაშხანები მიუშვირეს.
–თქვენი „ვინტოვკები” თუ „უზატვოროდ” ისვრიან, მესროლეთ!
მილიციელებმა ახლაღა დახედეს შაშხანებს–არც ერთს არ ჰქონდა ჩახმახი.
–ქალი ეშმაკზე ერთი დღით ადრე გაჩნდაო, ტყუილი არა ყოფილა...–ჩაილაპარაკა ერთმა. ათეისტ უფროსს აღარ მიუცია შენიშვნა. ტყეში შესული ბასილას გამოდევნებას აზრი აღარ ჰქონდა: ვინ იცის, რომელი ხის ფუღუროში ეგულებოდა გადამალული იარაღი, ან რას დაიჭერდნენ ამ უღრანში, რომლის ყოველი გოჯიც თავისი ხუთი თითივით იცოდა, მდევარისაგან განსხვავებით.
–ბასილ, ჰაი ბასიილ!–გასძახა უფროსმა.
–ჰოო!–გამოსძახა ტყემ ბასილას ხმით.
–თუ ეგრე იყო, ან აქამდე რას გამოგვყევ, არ დაგეზარა მაინცა?
–ან მგლებს არ შაეჭამეთ უიარაღონი, ან გზა არ აგბნეოდათ ბნელში, გამოგაცილეეთ!
–ეეეჰ, კიდე გაგვექცა,–თავჩაქინდრული მილიციელები თეთრიწყაროსკენ დაეშვნენ.
თენდებოდა. ალგეთელი მგელი მარტოკა მიაბიჯებდა გაქვავებული გმირებივით მდუმარედ მდგომ ასწლოვან მუხებს შორის და თოვლში ღრმა ნაკვალევს ტოვებდა. „შენ გენაცვალე, ტყევ, ჩემო გადამრჩენელო! მდევარისგანაც მიფარავ და საზრდოსაც გვაძლევ მე და ჩემ ოჯახობასა, უშენოდ რა იქნებოდა არემარე – მხოლოდ ხრიოკი უდაბნო,”-ფიქრობდა ბასილა და ჯერ არ იცოდა, რომ გუდარეხის ტყეში ჩამოთლილ დიდ წიფელზე ხანჯლის წვერით მის მიერ ამოკაწრული ლექსი ერთი წლის შემდეგ გაზეთში დაიბეჭდებოდა, ხალხი ისე აიტაცებდა, რომ ავტორი დაავიწყდებოდათ, დაამღერებდნენ კიდევაც და მისი სიტყვებს კომუნისტები თავიანთ ლოზუნგადაც კი გადააქცევდნენ.
სამების მთაზე, სალოცავში ავიდა, მუხლებზე დაეცა და მადლობა უთხრა შემოქმედს მფარველობისთვის. ეკლესიიდან გამოსულმა მთის წვერიდან გადახედა მის წინ ხელისგულივით გადაშლილ ალგეთხეობას, მზის სხივებით ცეცხლისფრად შეღებილ ღრუბლებს. სიმსუბუქე იგრძნო ისეთი, გეგონება მიწიდან რაღაცამ აიტაცაო, ჰაერი ღრმად შეისუნთქა და თავისივე ხმა ყურთ ომახიანად ჩაესმა:
ტყეებს ნუ სჩეხავ, ძმობილო,
მთა გატიტვლდება, ბრალია,
ია და ვარდი დაზრება,
ფესვებს მოუთხრის ქარია,
ტყე შეუნახე შვილებსა,
მამა ხარ, შენი ვალია!
თორემ ჩამორეცხს ავდარი,
კლდე–ღა დარჩება სალია,
მთის ცივი წყარო დაშრება,
ყანას მოგიჭამს კალია;
ვეღარ იშოვი ხე–ტყესა,
გამოგეთხრება თვალია,
დაგღუპავს, დაგანიავებს
ძლიერი ზენა ქარია.
ტყეს გაუფრთხილდი, ძმობილო,
ტყე მუდამ შენი ფარია...

* * *
მესამე დილას შინიდან გამოსულ მილიციელს სახლის ჭიშკართან ჩაცუცქული ბიჭი ეცნაურა. ბავშვი წამოხტა, გაუბედავი ნაბიჯებით მიუახლოვდა და გაზეთილ ჩვარში გახვეული ჩახმახები გაუწოდა.
–დილა მშვიდობისა! ეს მამამ გამომატანა თქვენთანა... თან მადლობა შემოგითვალათ.
ბიჭს თვალი ხასხასა მწვანე სამხრეებზე მბზინავი ოქროსფერი ვარსკვლავებისაკენ გაურბოდა.
–ეგრე უთხარ ბასილასა, ოცი წლის წინ დათესილი სიკეთე ეხლა მოიმკე–თქო,–უთხრა ფორმიანმა კაცმა, მცირე ხანს ჩაფიქრდა და მერე განუმარტა:
–მაშინაც ხიფათიანი დრო იყო. დედ–მამამ ქალაქში წამიყოლა. წინა დღით გაყიდული ხბორების ფული პერანგის შიგნით ჩამიჩურთეს: თუ ყაჩაღები შამოგვხვდნენ, იქნება გაიპაროო...
კოჯრის ტყესთან მართლაც დაგვადგნენ „ერთობის“ ბიჭები, ბასილაც მათთან იყო. გაჩხინკულ ბალღს მუცელთან გამობერილ პერანგზე დამაცქერდა და ჩემი თავი მაშინათვე გააშვებინა,–ყმაწვილს გული არ დაუშინოთ, ცოდოაო.
თქვენც ეგეთები უნდა დაიზარდოთ. სიკეთე თესეთ, სიკეთე და... წინ დაგხვდებათ უეჭველადა!

21.10.2010
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
**ხოკერი–ხის ქერქისაგან ყაპყატოთი შეკერილი ძირგამოწნული პატარა კასრი, რომელშიც მატყლის ფთილებს და ტარ-ფარტენას აწყობენ.

გამოყენებულია გიორგი და ვასო აფციაურების ავტობიოგრაფიული ჩანაწერები და გამოუქვეყნებელი ლექსები (მამაჩემის პირადი არქივიდან), ს.გიგაურის ნარკვევი „ვისია ლექსი „ტყეებს ნუ სჩეხავ, ძმობილო!” (ჟურნალი „დროშა”, №12 (421), 1971 წ.)


3 comments:

  1. ამაყი სევდა... ძალიან მომეწონა. დალი

    ReplyDelete
  2. მადლობა, დალი! აი, ასეთი წინაპარი მყავდა :)

    ReplyDelete
  3. ვკითხულობდი და მიხაროდა,რომ ქართველი ვარ! დიდი მადლობააააააააააა,შესანიშნავია!

    მართლაც "შენ გენაცვალე,ტყევ,ჩვენო გადამრჩენელო!" გაიხარეთ,ბ-ნო მამუკა!

    ReplyDelete