19 April, 2011

თავი II. შეგირდი

ახლა მოსაგონებლად სახალისოცაა, მაგრამ მაშინ სამშობლოდან შორს, უცხო ქალაქში, უფულოდ დარჩენილი გიორგი შამათავას ტვინი გამალებით ფიქრობდა გამოსავალზე: სად დაეძინა, ან რა ეჭამა? ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენას ვაგონის გამცილებელს აბრალებდა. მოსკოვი–მიუნჰენის მატარებელს შუაღამისას ბრატისლავაში შეახტა. დამშვიდობებისას ფრანტიშეკმა ასკრონიანი ჩაუჩურთა ჯიბეში:
– შეიძლება დაგჭირდეს, ვიდრე პრაღიდან გაფრინდები.
მატარებლის დაძვრიდან ნახევარი საათიც არ იყო გასული, რკინიგზელის ფორმიანი ახალგაზრდა კაცი თავზე რომ დაადგა: სხვა, უფრო გრძელი გზით მივდივართ და ფული უნდა დაამატოო. ქაღალდის ბანკნოტი წაართვა და თან გააფრთხილა, – არ დაგეძინოს, პრაღაში ზუსტად ხუთ საათზე ვიქნებითო. მაშინ იმაზე, რომ ჯიბეში ხურდებიღა დარჩა, არ უნაღვლია: იფიქრა, დილით თვითმფრინავში ისაუზმებდა, მერე კი მოსკოვის აეროპორტის შემნახველი ბანკიდან გამოიტანდა იქ დატოვებულ ფულს. ოცდაათ მანეთზე მეტი საბაჟოზე არ გაატანინეს. ესეც თავზესაყრელი იქნებოდა ერთი დღისათვის, იმდენად მაღალი იყო საბჭოთა რუბლის ოფიციალური კურსი ჩეხოსლოვაკიურ კრონასთან შედარებით, მაგრამ სოციალისტური ქვეყნების ბანაკი უკვე დაშლის პირას იყო და ბანკები, რუბლის კურსის მკვეთრი ცვლილების მოლოდინის გამო, მის კონვერტაციას არ ახდენდნენ. ლენინის მოტვლეპილთავიანი გამოსახულების მქონე სამ წითელ თუმანს აქ ახლა ფერადი ქაღალდის ნაგლეჯების ფასი ჰქონდა.
საათს არ ატარებდა. ერთხელ ამაზე უთხრეს კიდეც: – მხოლოდ ბედნიერ ადამიანებს არ სჭირდებათ მაჯის საათებიო, – უსაათობა თუ მართლაც ბედნიერების ნიშანია, ალბათ, მართლებიც იყვნენ, იმდენად დიდი ოპტიმიზმით უყურებდა მაშინ ოცდაერთი წლის სტუდენტი მომავალს. გიორგიმ კუპეს კარი არ დაკეტა და ცოტა ხანში გაჩერებაზე ამოსული ორი შუა ხნის მამაკაცი დაემგზავრა. თანამგზავრებს რამდენჯერმე ჰკითხა დრო.მისი ანგარიშით, ხუთი იქნებოდა, როცა მატარებელი გაჩერდა.
–Который час?– კიდევ ერთხელ შეეკითხა.
–Pět.
წამოიწია და ჩანთას დასწვდა.
-Это, наверно, уже Прага?
- Ano, ano!
-Нет?! Мы пока ещё перед Прагой?
- Přes Praha? Já, Já, přes Praha !(1)
იფიქრა: „ალბათ ჯერ არ ვართ პაღაში, გარეუბანში შევჩერდით,”- და ისევ დაჯდა.
დაიძრა თუ არა მატარებელი, გამცილებელი ისევ გამოეცხადა:
–ფული დაამატე!
გიორგი აენთო:
–ერთხელ ხომ გადაგიხადე, რაღას მთხოვ?
–შენ ბილეთი პრაღამდე გაქვს, ჩვენ კი მას გავცდით.
–როგორ თუ გავცდით?!–გაოგნებულმა გადახედა თანამგზავრებს,–ამათ მითხრეს, პრაღაში ჯერ არ შევსულვართო?
გამცილებელი მგზავრებს ჩეხურად გამოელაპარაკა და განუმარტა:
–ამათ გითხრეს, მატარებელი პრაღის გავლით მიდისო.
ფული აღარ მისცა – რაც არ ჰქონდა, რა გადაეხადა? მთებში ავიდნენ და მათ შორის გაშენებულ ქალაქამდე ჩქარმა მატარებელმა აღარ გააჩერა.
გიორგი სადგურიდან გამოვიდა და ვაგზლის შენობის წინ გადაშლილ მოზრდილ მოედანს მიმოავლო თვალი. უკან, პრაღისაკენ, ერთ საათში გადიოდა პირველი მატარებელი, რომელშიც უბილეთოდ უნდა ემგზავრა. საუბედუროდ, ის საგარეუბნო მატარებელი აღმოჩნდა და წამდაუწუმ აჩერებდა. პირველ გაჩერებამდე კონტროლიორს საპირფარეშოში დაემალა. კიდევ კარგი, კლოზეტი გაწკრიალებული იყო, თორემ ასე საბჭოთა მატარებლის ტუალეტში რომ შეკეტილიყო ათი წუთით, სიბინძურის სუნი დაახრჩობდა. მერე წიგნი ამოიღო და კონტროლიორების შემდეგ ჩამოვლებზე ისეთი სერიოზულობით „ჩაუღრმავდებოდა”–ხოლმე, ბილეთის წარდგენის მოთხოვნით მისი შეწუხება აღარ უფიქრიათ.
ერთ–ერთ გაჩერებაზე ამოსული მისი თაობის ბიჭი გვერდით მაგიდას მიუჯდა, დიდი, ნახატებიანი წიგნი გადაშალა და ჩაჰკირკიტებდა. მიშას თვალი გაექცა და სინელნიკოვის, ჩეხურ ენაზე გამოცემული, “ადამიანის ანატომის ატლასი” იცნო.
–Друг, на медицинском учишься?
- Ano! (2)
გიორგი გაოცდა,–რა ჯანდაბად კითხულობს ისეთი ინტერესით, გეგონება დღეს უნდა ჰქონდეს ანატომიის ჩათვლა, თუ სამედიცინოზე არ სწავლობსო. იხტიბარი არ გაიტეხა, მაინც გააგრძელა საუბარი:
–А я на втором курсе медицинского института. Мы тоже этой книгой изучаем анатомию.
-О, kolega!(3) –გაუღიმა უცნობმა და მერე დაწვრილებით აუხსნა, თან დაუხაზა კიდეც, როგორ უნდა გაეგნო გზა პრაღის მეტროში და რანაირად მისულიყო აეროპორტამდე. ამასობაში ჩეხოსლოვაკიის ფედერაციის დედაქალაქშიც ჩააღწიეს. თანამგზავრი რომ სტუდენტი–მედიკოსი იყო, უკვე აღარ ეპარებოდა ეჭვი, მაგრამ რად იუარა? მცირე ხნის ფიქრის შემდეგ მიხვდა, რომ ჩეხურად „Ano“ ნიშნავდა „ჰო“–ს და არა – No – “არა”-ს..
„დროზე რატომ ვერ მივხვდი?!”–გაუჯავრდა საკუთარ თავს,–„ახლა შეიძლება თვითმფრინავს ვეღარც მივუსწრო”. მართლაც, დააგვიანდა, უფრო სწორად, ათი წუთი იყო დარჩენილი აფრენამდე, მაგრამ ფორმაში გამოწყობილ სიმპათიურ გოგონასთან ხვეწნა–მუდარამ არ გაჭრა:
–ჩასხდომა დამთავრებულია, ტრაპი მოხსნილია, სალაროში მიბრძანდით! – ღიმილით პასუხობდა მეათედ თუ არა, მეხუთედ მაინც.
ძლივს შეეგუა იმ აზრს, რომ თვითმფრინავში ვერ ააღწევდა და მოლარეს ბილეთი მიაწოდა. „ახლა თუ კიდევ ფულის დამატება მომთხოვეს, დაგვიანების გამო...”–შეამცივნა: მთელი მისი ფინანსები ოც კრონას არ აღემატებოდა. საბედნიეროდ,– „აეროფლოტის” შემდეგი რეისი მოსკოვისაკენ ზუსტად 24 საათში იქნებაო,–დააიმედეს და ისე ჩაურტყეს ბილეთში მეორე დღეს გამგზავრების უფლება, რომ დამატებით არანაირი თანხა არ მოუთხოვიათ.
„დიდება „აეროფლოტს” ასეთი წესებისთვის!”–გაუხარდა გიორგის, რომ ჩეხეთში დიდი ხნით ჩარჩენა არ მოუწევდა, მაგრამ მალე კუჭი აეწვა და იმაზე დააფიქრა, ერთი დღე–ღამე მშიერს როგორ გადაეგორებინა. ძილს არ დაეძებდა, აეროპორტში სკამზე გაძლებდა, თუ დაანებებდნენ, მაგრამ შიმშილი როგორ მოეკლა?!
* * *
გიორგი ბრატისლავაში გამართული ერთკვირიანი ახალგაზრდული კონფერენციიდან ბრუნდებოდა, რომელიც სლოვაკეთის დამოუკიდებლობის ლოზუნგით ხელისუფლებაში მოსული პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ მოაწყო და სხვადასხვა ქვეყნებიდან თანატოლების ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიწვია. „იქ პრაღიდანაც ხომ იყვნენ?” გიორგის გაახსენდა, კონფერენციის მესამე დღეს ფრანტიშეკ სტანოს როგორ გაუბრწყინდა სახე:
–ჩვენი ჩეხი კოლეგების ჩამოსვლის იმედი აღარ მქონდა, მეგონა, ჩეხოსლოვაკიიდან გამოყოფას რომ ვითხოვთ, ამის გამო გაგვინაწყენდნენ, – მაინც ბუზღუნებდა: – ან დაგვიანება რა იყო, ან სამი კაცის გამოშვება? შორს ხომ არ არის ბრატისლავა პრაღიდან, ცოტა უფრო მეტნი ვერ გამოუშვეს?! ჩვენ ათ კაცს მაინც ველოდით.
გიორგი სადილის დროს სუფრაზე პრეღელების პირდაპირ მოხვდა. ფრანტიშეკიც გვერდით მიუჯდა და ჩეხებს დაგვიანების გამო უსაყვედურა, რაზეც მათ თავი როგორღაც იმართლეს, მიკიბ–მოკიბეს, საქმეებს დააბრალეს. მასპინძელს სახეზე მაინც უკმაყოფილება ეწერა. გიორგის მათი პრობლემები დიდად არ ანაღვლებდა, მაგრამ სლოვაკების პოზიცია მოეწონა, რომლებიც თანამოაზრეობას პოლიტიკაზე მაღლა აყენებდნენ და ამით ჩეხ თანატოლებს ანამუსებდნენ: – თუნდაც ჩვენს ქვეყნებს შორის საზღვარი გაევლოს, ცხვირი კი არ უნდა გაგვიჭიროთ და მეგობრობა დაივიწყოთო. თავადაც, წამოსვლამდე, მოსკოვში რუს ახალგაზრდა დემოკრატებს ესტუმრა და ისე გულთბილად მიიღეს, კომუნისტური რეჟიმის სიდამპლეზე იმდენი ილაპარაკეს, საქართველო რომ დამოუკიდებლობას ითხოვდა, არც უხსენებიათ.
გიორგის დაძაბული სიტუაციის განმუხტვის მარტივი გზა მოუვიდა აზრად.
–მეგობრობის სადღეგრძელოს დალევთ?
–რით?–ჰკითხა მის პირდაპირ მჯდომმა, მაღალმა და აპოლონივით დახვეწილნაკვთებიანმა ონდრეი ტურეკმა, თან ამით მასპინძლებს მსუბუქად გაჰკენწლა: სუფრაზე ალკოჰოლი არ ჰქონდათ.
გიორგი გავიდა და რამდენიმე წუთში რუსული არყის ბოთლით ხელში დაბრუნდა, რომელიც მასპინძლებისათვის სასაჩუქროდ ჰქონდა წამოღებული. თბილისის აეროპორტში ქართული კონიაკი თვითმფრინავში არ აატანინეს, მოსკოვში ნაყიდი არაყი კი „შერემეტიევოში“ ბარგში ჩასაბარებელ ჩანთაში ჩადო და ხელუხლებელი დახვდა ჩასვლისას.
–„Столичная”!-გამოაცხადა საზეიმოდ.
Ruská vodka? Je to dobré!(4) - და ათიოდ წუთში შეჭიკჭიკებული მეზობლების გაბუტვისგან აღარაფერი დარჩა. ფრანტიშეკმა მაინც თავისი გაიტანა, თავად პრაღისა და პრაღელების სადღეგრძელო დალია, სტუმრებს კი „დამოუკიდებელი სლოვაკეთისა” დააძალა. მათაც აღარ იუარეს: მთავარი ადამიანობა და მეგობრობაა, თქვენი ბრატისლავაც გახდეს დედაქალაქი, გაგიმარჯოთო!
ჩეხებს არაყმა უხერხულობა დააძლევინა, გიორგის „კავკასიელი მშვიდობის მტრედი” უწოდეს და ამაზეც იხალისეს. ონდრეიმ ბოლოს სავიზიტო ბარათიც მისცა და გულიანად ეპატიჟებოდა პრაღაში, რაზეც ფრანტიშეკი ისევ აბუზღუნდა, ამჯერად – ნახევრადხუმრობით:
–ჩემს სტუმრებს თავი დაანებეთ, თავად როცა მოაწყობთ კონფერენციას, მერე დაპატიჟეთ. ჩვენ კი ოცკაციანი დელეგაციით მაინც ჩამოვალთ, თუნდაც საზღვარი დაგვიკეტოთ,–იცინოდა.
* * *
ასე მალე თუ მოუწევდა პრაღელებთან სტუმრობა, მაშინ რას წარმოიდგენდა, მაგრამ ახლა ონდრეის სავიზიტო ბარათი რომ ამოქექა ჯიბიდან, შვებით ამოისუნთქა.
ტელეფონ–ავტომატმა ერთი კრონა შეიწირა, სამაგიეროდ საღამოს, რვა საათისათვის პარტიის ოფისში მიიპატიჟეს. ჩანთა შემნახველ საკანში ჩააბარა, რაც ათი კრონა დაუჯდა, და ღიღინ–ღიღინით ისე ავიდა აეროპორტიდან პრაღისაკენ მიმავალ ავტობუსში, სამგზავრო ბილეთის აღება არ გახსებნებია.
მშვიდობიანად ვერც ამჯერად ჩააღწია: ბოლო გაჩერებაზე ოცდაათიოდე წლის მამაკაცმა სახელოზე მოქაჩა და ხელისგულში ჩადებული ჟეტონი ჩუმად დაანახა:–ბილეთი წარმოადგინეო. უბილეთობის გამო ასი კრონით დაჯარიმება დაუპირა. გიორგიმ საბჭოთა ფული შესთავაზა – თუმნიანი, ოფიციალური კურსით, ამდენს უდრიდა. კრონებით ჯარიმის გადახდაზე ცივი უარის მიღების შემდეგ კონტროლიორი გაბრაზდა და, როგორც ჩანს, ურჩთათვის მის არსენალში არსებული ყველაზე სასტიკი სასჯელით – პოლიციაში წაყვანით დაემუქრა. გიორგი ხალისით დაეთანხმა (სჯეროდა, რომ აქ, შუაგულ ევროპაში, პატიმრებს არ სცემდნენ. ისეთი უნამუსოებიც როგორ აღმოჩნდებოდნენ, რაიმე საკვები არ მიეცათ, თუნდაც საბჭოთა საელჩოს ხარჯზე?!). ამგვარი არაადექვატური რეაქცია კონტროლიორისთვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა, პასპორტი და ბილეთიც დაუბრუნა. კიდევაც დროზე გაექცა “შერეკილ უცხოელს”, თორემ საქართველოს ისტორია–გეოგრაფიის მოკლე კურსის მოსმენით სამსახურისგან მოცდენა არ ასცდებოდა: გიორგიმ პირი მოაღო იმის მოსაყოლად, საიდან არის და რა ხდება მის ქვეყანაში.
პრაღის სამხაზიანი მეტროს მიწისქვეშა სამკუთხედში გზა ადვილად გაიგნო. ვაგონის კარის დახურვისას Pozor!” რომ გამოაცხადეს, არ დაფეთებულა: მგზავრების რეაქციას დააკვირდა და მიხვდა, ეს მხოლოდ სიფრთხილისაკენ მოწოდებას ნიშნავდა და არა – ხანძარს.

ევროპის ერთ–ერთი ულამაზესი ქალაქის გოთიკისა და რენესანსის არქიტექტურის აუჩქარებლად დათვალიერების შანსის გემრიელად გამოყენებაში შიმშილი უშლიდა ხელს. ხუთ კრონად ნაყიდი ტკბილი ნაყინით კუჭი დროებით მიაჩუმა და მერე ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დასეირნობდა შემოდგომის ჯერ კიდევ თბილი მზით განათებული პრაღის ცენტრალური უბნების ქუჩებსა და მოედნებზე. მოსაღამოვდა, მიშაც დაიღალა ბოდიალით. სახალხო მუზეუმის წინ ტურისტები ირეოდნენ, შადრევნის კიდეზე ჩამოჯდა და ხალხის თვალიერებით შეიქცია თავი. აქედან პარტიის ოფისამდე ხუთი წუთის სავალი იყო.
როცა კედლის ძველებურმა საათმა რვაჯერ ჩამოჰკრა, გიორგიმ ოფისის კარი შეაღო. გულღიად შეეგებნენ და მოუბოდიშეს, მანამდე არ გვეცალა, დღეს პოლიტბიუროს სხდომა იყო, პარტიის მთელი ხელმძღვანელობა იყო შეკრებილი და ჩვენც გაწამაწიაში ვიყავითო. ჩეხეთში ბუტაფორიული მრავალპარტიულობის ნაცვლად ნამდვილი პლურალიზმი იკიდებდა ფეხს, ორმოცამდე ახალი პარტია გამოჩეკილიყო, მაგრამ მათ ფონზე გიორგის მასპინძლები თავს იწონებდნენ: ახლადჩატარებული არჩევნების შედეგებით, პარლამენტში მესამე ადგილზე ვართ ოცი მანდატით, ვაცლავ ჰაველის “სამოქალაქო ფორუმისა” და კომუნისტური პარტიის შემდეგ, კოალიციურ მთავრობაში კი ორი მინისტრის პორტფელი გვერგოო.
ონდრეიმ ის–ის იყო, მოასწრო მისი მეგობარი რამდენიმე გოგო–ბიჭის გიორგისთვის გაცნობა, რომლებიც პარტიის ახალგაზრდულ ფრთას შეადგენდგნენ, რომ მასთან ცალკე კაბინეტში საუბარი პარტიის ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა ისურვა.
–მარეკ ბენდა!–გაეცნო საშუალო სიმაღლის პარტიული ბოსი. გიორგის თავი დაკითხვაზე ეგონა, ისე გამჭოლად უყურებდა განიერი ოთხკუთხა სათვალიდან მომღიმარი ცისფერი თვალებით. მისივე თვალებისფერი ლურჯკოპლებიანი ჰალსტუხი და ელეგანტური შავი კოსტიუმი ასაკს მატებდა, თორემ სინამდვილეში მასზე ოდნავ უფროსი თუ იქნებოდა.
მარეკმა უამრავი კითხვა დააყარა გიორგის, რომელსაც პოლიტიკაზე ლაპარაკის განწყობა არ ჰქონდა. ძალზე დიდი ინტერესი იგრძნობოდა სტალინისა და შევარდნაძის სამშობლოდან ჩამოსულის მიმართ, რომელთაგან ერთმა მათი სამშობლო კომუნისტური სისტემის მარწუხებში მოაქცია, მეორემ კი მათგან განთავისუფლების საშუალება მისცა.
ამ დროს ქერათმიანმა გოგონამ ყავა მოართვათ. გიორგის მის დანახვაზე ხელი აუკანკალდა და ლამბაქზე მცირეოდენი შავი სითხე დაეღვარა. პრაღაში სეირნობისას ბოჰემიელების გარეგნობამ განაცვიფრა: მშიერ კუჭზეც კი სლავების ეს შტო იმდენად აჯადოვებდა თავისი დახვეწილი ნაკვთებით, ეგონა, ანგელოზების ფრესკები გაცოცხლდნენ და მათ შორის დავდივარო. ამ გოგონას სინატიფე კი უკვე მეტისმეტი იყო, შთაბეჭდილებებიდან ისედაც გადატვირთულისათვის, – გონება მთლად დაებინდა. მარეკი თავიდან გაოცდა იმაზე, თუ სად გაქრა სტუმრის პასუხებში ლოგიკა:
–თქვენ ფიქრობთ, რომ გამსახურდია არ ივარგებს თქვენი ქვეყნის ლიდერად, ნაციონალისტური მიდრეკილებების გამო?
–დიახ, რა თქმა უნდა.
–შევარდნაძე? საქართველო თუ დამოუკიდებელი გახდა, შევარდნაძეს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დატოვება მოუწევს.
–დიახ, არც შევარდნაძე.
–აბა ვინ გესახებათ ქვეყნის მომავალ პრეზიდენტად?
–გამსახურდიას აირჩევს ხალხი.
–თქვენ არ თქვით, არ მომწონსო?
–არ მომწონს.
–შევარდნაძე?
–არ მომწონს.
–რატომ?
–კომუნისტია.
–აბა, გამსახურდია?
–არა...
მარეკმა თვალი გააყოლა გიორგის მზერას – ქაღალდებში მოფუსფუსე გოგონასკენ, როგორც იქნა, მიხვდა კავკასიელის დაბნევის მიზეზს, ჩაეცინა და ჩეხურად გადაულაპარაკა:
–გადი, ხელი გვეშლება.
მარეკმა ბოლოს, როგორც იქნა, გაარკვია გიორგის პოლიტიკური სიმპათიები, უფრო სწორად, თავად მიიყვანა იმ აზრამდე, რომ შევარდნაძე, რომელიც მის თვალში ევროპის ერთ–ერთი განმანთავისუფლებელთაგანი და ცნობილი დემოკრატი იყო, საქართველოს უფრო კარგად უპატრონებდა, ვიდრე დიდ პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებელი ლიდერი ეროვნული მოძრაობიდან. გიორგი გოგონას გაცნობის ცნობისწადილით ისე იყო ატაცებული, ოღონდ დროზე დასრულებულიყო ეს დაკითხვა–საუბარი, მზად იყო, შევარდნაძე კი არა, ეშმა ეღიარებინა დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტობის ღირსად.
გოგონაც და სხვა ახალგაზრდებიც არსად წასულიყვნენ, საუბრის დასასრულს ელოდნენ. ონდრეიმ მისი მომნუსხველი რომ გააცნო, მან კი სავიზიტო ბარათი აჩუქა, გიორგი მთლად დადნა და დაიბნა.
–ადელამ ისე დააბა ჩვენი სტუმარი, მგონი, ჩასიძებას გვიპირებს და აღარც წავა, ონდრეის შეეხიზნება! – ბიჭების ჩეხურად ნათქვამი ხუმრობა მიშასთვის ადვილად გასაგები იყო და ცოტა წამოწითლდა.
–დაშლის დროა. წამოდი, ნამდვილი ჩეხური ლუდი უნდა დაგალევინოთ, მილებით რომ მოდის პირდაპირ ლუდსახარშიდან! – უხერხულობიდან მასპინძელმა იხსნა.

"სტაროპრამენის” ლუდის ქარხნის გრძელ თეთრ–ყვითელ შენობაში განთავსებული რესტორანი “Na verandách”(5) დღესაც ჩეხი ახალგაზრდების თავშეყრის ერთ–ერთი საყვარელი ადგილია. აქ ვახშმით გააგრძელეს სტუმრის გაცნობა ონდრეიმ და მისმა ორმა მეგობარმა. ლუდის სუპს მიყოლებულმა მუქმა, თითქმის შავი ფერის, ათქვეფილი ნაღებისმაგვარქაფიანმა “კელტმა” მიშა მოთენთა. თვალწინ აულივლივდა სუფრაგადაუფარებელი ხის მაგიდები, კედლებზე ჩამოკიდებული ნახატები. მქრქალად განათებული დარბაზში შეკრებილი ახალგაზრდების ჟრიამული შუა საუკუნეების რაინდების ხმამაღალ შეძახილებად ეჩვენებოდა.
–შენი ქვეყანა სად არის?–არ ცხრებოდა ერთ–ერთი, რომელიც, როგორც ჩანს, სასკოლო გეოგრაფიასთან მწყრალად იყო.
–კავკასია თუ არ იცი, როგორ აგიხსნა? ძველბერძნული მითები იცი?
–რომელი?
–იასონმა „ოქროს საწმისი“ რომ მოიტაცა.
–კი, მედეაც გამიგია...
–ჰოდა, კოლხეთიდან ვარ, მედეას სამშობლოდან!
-ოოო, „ოქროს საწმისი“! კოლხიდა! -მასპინძლებმა გიორგის ეჭვნარევი აღტაცებით შეხედეს.
-მართლა?
-ადრე რომ კოლხიდა და იბერია ერქვა, ახლა საქართველო ჰქვია! მე კოლხების შთამომავალი ვარ!
მეორე დილით, დამშვიდობებისას გიორგიმ ონდრეის წითელი საბჭოთა თუმნიანი უსახსოვრა.
-ამას კედელზე გავაკრავ, სუვენირად! - გაუღიმა მასპინძელმა, შემდეგ აეროპორტამდე მიაცილა და მშვიდობიანი ფრენა უსურვა.
* * *
თბილისში ერთი კვირის დაბრუნებულიც არ იყო, როცა ახალი მოწვევა მოუვიდა. ამჯერად ვენაში, ევროპის ახალგაზრდა დემოკრატების (DEMYC) კონფერენციაზე იწვევდნენ. ამ დროს თბილისში პოლიტიკური სიტუაცია იძაბებოდა: ეროვნულ-განათავისუფლებელი მოძრაობის ნაწილმა ალტერნატიული პარლამენტის - “ეროვნული კონგრესის” არჩევნების ჩატარება სცადა, მაგრამ ხალხის ძირითადი ყურადღება მაინც 28 ოქტომბრისათვის დანიშნულ უმაღლესი საბჭოს პირველ მრავალპარტიულ არჩევნებს იყო მიპყრობილი. წაუსვლელობაც არ იქნებოდა: „საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატები“ დამოუკიდებლობისათვის მებროლი ქვეყნის შესახებ ინფორმაციის ევროპაში გავრცელებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. გიორგი, სწავლას რომ არ ჩამორჩენიყო, თანაკურსელების მიერ განვლილი მასალის კითხვისას ღამების ათენებდა.
მოსკოვში ერთი დღით ადრე ჩაფრინდა და მაშინვე ავსტრიის საელჩოს მიაშურა. იქ განუცხადეს - ვიზა ათ დღეში იქნებაო. ცენტრალური ფოსტამტიდან ტელექსი აფრინა კონფერენციის ორგანიზატორებთან - ავსტრიის სახალხო პარტია იმ დროს მმართველი ძალა იყო – დამეხმარეთ თქვენი დიპლომატების ბიუროკრატიის დაძლევაშიო. ნახევარ საათში პასუხი მოუვიდა: საელჩოში სამუშაო დღის დასრულებამდე უნდა მიესწრო. ტაქსი დაიჭირა. პასპორტი ვიზაჩარტყმული დაახვედრეს.
დილაობით, კონფერენციის „The Future is Europe - Europe on the move” სხდომებზე, ევროპის გაერთიანებაზე საუბრობდნენ დასავლეთ ევროპის გულდაარხეინებული ქვეყნებიდან ჩამოსული დელეგატები. ისინი საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის მსურველი რესპუბლიკების წარმომადგენლებს შესვენებების დროს პირად საუბრებში ურჩევდნენ: თუ ჩვენთან გინდათ მომავალში გაერთიანება, რუსეთისგან გამოყოფას რად ესწრაფვით, მათთან ერთად შემოგვიერთდითო, თან ისეთი შუბლისძარღვგაწყვეტილი იერით უკეთებდნენ იგნორირებას გიორგის არგუმენტებს, სისხლი აწვებოდა-ხოლმე სახეში.
დღის მეორე ნახევარში, თუ რაიმე კულტურული ან საქმიანი ღონისძიება არ იყო დაგეგმილი, კონფერენციის მონაწილეები თავისუფლები იყვნენ. ერთ დღეს პარლამენტის შენობა დაათვალიერებინეს.
ნახევარწრიულად, საქმიანად ეწყო დეპუტატების მაგიდები, რითაც ძალიან განსხვავდებოდა ეს მცირე ზომის დარბაზი პომპეზურობის მოყვარული კომუნისტების საბჭოების სხდომათა უზარმაზარი სასახლეებისაგან. ასეთივე მოკრძალებული პრეზიდიუმის უკან დროშა და გერბი იყო ჩამოკიდებული. გიორგიმ გერბზე გამოსახული არწივის ბრჭყალებში ნამგალი და ურო რომ შენიშნა, გაიკვირვა:
-ავსტრიაში არ ყოფილა საბჭოური წყობილება და რატომ უჭირავს არწივს მუშურ-გლეხური იარაღები?
-საბჭოთა კავშირი არაფერ შუაშია. 1919–ში, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, ჩვენთან დემოკრატია დამყარდა და სოციალისტებმა მონარქიული სიმბოლოებიც შეცვალეს, - აუხსნა ჰარრი ჰიმმერმა. მას „Bonzenquäler" („ბობოლების რისხვა”) შეარქვეს, ეროვნული საბჭოს ახლახანს ჩატარებულ არჩევნებში თამამი სლოგანით - „გააწამეთ ბობოლები, აირჩიეთ ჰიმმერი!"(6) - გამოსვლის გამო, რომელმაც, მართალია, გამარჯვება ვერ მოუტანა, მაგრამ ხალხს ამით თავი დაამახსოვრა.
-ჩვენთან კომუნისტურ სიმბოლიკას ვიცილებთ და ისტორიულს აღვადგენთ. ახლა ხომ სოციალისტები აღარ არიან ავსტრიის პარლამენტის უმრავლესობაში, სახალხო პარტია არწივს რატომ არ აცილებს მასონურ სიმბოლოებს?-გულუბრყვილოდ იკითხა გიორგიმ. მასპინძელს ენა ჩაუვარდა და, პასუხად, მხრები აიჩეჩა.
-რაო, რა თქვაო?- გადაულაპარაკ-გადაუჩურჩულეს იქ მყოფებმა ერთმანეთს და ყველამ გიორგის ისე დაუწყო ცქერა, თითქოს ზოოპარკში უცხო ცხოველი მოეყვანათ. გიორგის ეგონა, კითხვა ვერ გაიგესო და ის-ის იყო, კიდევ უფრო ხმამაღლა დააპირა ნათქვამის გამეორება, რომ ბულგარელმა ვასილ ილიევმა სახელოზე მოქაჩა და გვერდზე გაიხმო.
-მოიცა, ესენი ისე მიყურებენ, მგონი, ვერ გაიგეს და გავუმეორებ...
-არავითარ შეთხვევაში!-უჩურჩულა ვასილმა.
-რატომ? რამე ცუდი ვთქვი?
-მერე აგიხსნი.
გიორგიმ ჩათვალა, რომ მისთვის უცნობი რომელიმე ავსტრიული ტრადიციისთვის რაღაც შეურაცხმყოფელი წამოროშა და გაჩუმდა. არადა, წამოსვლამდე გადაიკითხა ამ ქვეყნის ისტორია. მასპინძელმა ნაძალადევი ღიმილით განაგრძო ექსკურსიამძღოლობა.

პარლამენტის შენობიდან გამოვიდნენ. მის წინ მრავალფიგურიანი მონუმენტია: დელფინებზე კუპიდონები სხედან – ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ოთხი დიდი მდინარის აღმნიშვნელი მამაკაცთა ფიგურები, ხოლო საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების გამომსახველ ქალთა ქანდაკებებს ზემოდან მოოქროვილმუზარადიანი - მიწებსა და ძალაუფლებაზე მაღლა მდგომი სიბრძნის განსახიერება – ქალღმერთი ათენა-პალლადა არის აღმართული.
-მოდი, აქედან ფეხით გავიაროთ, სადაც დაგვაბინავეს, იქამდე შორი არაა და თან გზად ღირსშესანიშნაობებს დაგათვალიერებინებ, - შესთავაზა ვასილმა, რომლის მამა კომუნისტების მმართველობის დროს ემიგრაციაში გაქცეულა ოჯახიანად და განათლება შვილებისთვის ვენის უნივერსიტეტში მიუცია. ვასილს სტუდენტობა აქ ჰქონდა გატარებული და ახლა უკვე დიპლომირებულ ადვოკატს, ბულგარეთის დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს და ორი შვილის მამას, ვინ იცის, სიჭაბუკის დროინდელ რა მოგონებებს აღუძრავდა ძველი ქალაქის ქუჩებში გასეირნება. რინგშტრასსეს გასწვრივ ბევრი უნიკალური შენობა თუ ძეგლი ნახეს, მოცარტის ქანდაკების წინ მწვანე მოლზე ხასხასა წითელი ყვავილებით გამოყვანილ ვიოლინოს გასაღებთან შეჩერდნენ. ვასილმა ჰკითხა:
-მოცარტი რომ ცნობილი მასონი იყო, იცი?
–არა.
–საერთოდ, მასონებზე რა აზრის ხარ?
-რაღაც ლეგენდების მსგავსი მაქვს წაკითხული ჩვენს ოპოზიციურ პრესაში, დაუჯერებელ ამბებს წერენ.
-აბა, ავსტრიის გერბის მასონურ სიმბოლოებზე რომ იკითხე?
-ისე, უბრალოდ ვთქვი... გაგონილი მაქვს, თითქოს ბოლშევიკებმა შრომის იარაღების სიმბოლიკა მასონებისგან გადმოიღეს.
-მერე, ეგ ხმამაღლა რამ გათქმევინა ამდენ ხალხში?
-რა მოხდა, ეგ ხომ ისტორიაა, რაღა დროს შუა საუკუნეებისდროინდელი ორდენებია?-გაუკვირდა გიორგის.
-აქ მათი ხსენება არაა მიღებული, თუმცა ყველამ იცის, რომ ისინი არსებობენ და დღევანდელი მსოფლიოს განვითარებაში დიდ როლსაც თამაშობენ.
გიორგის გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა:
-მაშ, რასაც წერენ, ზღაპრები არ არის? სიმართლეა?
-შენ რა გაქვს წაკითხული, არ ვიცი...
-გამსახურდიას მიმდევრები მათ ისეთ ანტიქრისტიანულ მონსტრებად სახავენ, მსოფლიო სიონისტურ შეთქმულებაზე ისეთ აბდაუბდას წერენ, სისულელე მგონია.
-კი, ბევრი არარეალური მითია მათ შესახებ შექმნილი. როგორ ფიქრობ, ადამიანები, რომელთა იდეალები „ძმობა, ერთობა, თავისუფლებაა”, ასეთები იქნებიან?
-რა ვიცი, არა მგონია.
-გატყობ, მათზე არაფერი იცი...-ვასილმა თვალებში ჩახედა.
-კი, მართალია.-ალალად უპასუხა მიშამ,- თუ შეგიძლია, მომიყევი მათ შესახებ, დამაინტერესდა.
ვასილი საშუალოზე დაბალი, ჩაფსკვნილი კაცი იყო და მუდამ სერიოზული გამოხედვა ჰქონდა, მაშინაც კი, როცა იცინოდა. კონფერენციის მონაწილე თავქარიანი ახალგაზრდებისაგან ის თავისი ნაადრევი დაბრძენებით და მოზომილი სიტყვა-პასუხით გამოირჩეოდა, რითაც მიშას პატივისცემა მალე დაიმსახურა.
ეშენბახგასსეს გაუყვნენ. ეს Palacio Eschenbach ფონ ეშენბახის სასახლე ხომ არ არის, რომელმაც „პარციფალი“ დაწერა? - აპირებდა გიორგი კითხვას, მაგრამ ამ დროს ვასილმა მასონების შესახებ თხრობა ისე საინტერესოდ დაიწყო, რომ სასტუმრომდე - კოლპინგჰაუსამდე მიშას თვალწინ ვენის ხუროთმოძღვრების შედევრებმა სიზმრად ნანახი კადრებივით გადაიარეს.
-ჩვენ რომ ახლა კონფერენციაზე ვართ, სადაც ევროპის გაერთიანებაზე მსჯელობენ, ეს ბოლოდროინდელი სიახლე არაა, მასონთა საძმოს ასორმოცდაათი წლის მუშაობის შედეგია. ჯერ კიდევ 1848 წელს ვიქტორ ჰიუგომ გაახმოვანა იდეა, რომ მონარქიული კონტინენტის წიაღიდან „ევროპის შეერთებული შტატების“ შენობა აღიმართებოდა. თვრამეტი წლის შემდეგ შვეიცარიში დაფუძნდა მშვიდობისა და თავისუფლების საერთაშორისო ლიგა, რომელმაც ევროპის ფედერალური რესპუბლიკის სტილში მოწყობის პროექტი წამოაყენა. პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ „საფრანგეთის დიდი აღმოსავლეთის“ ლოჟის საბჭო ამ იდეის განხორციელებისკენ მოუწოდებდა. 1926-ში ვენაში დიდი პომპეზურობით ჩატარდა პირველი პან-ევროპული კონგრესი, რომელზეც პროგრამა მიიღეს, რომ შექმნილიყო „ყველა ევროპული ქვეყნის ასოციაცია“.
-ეს იდეა მაშინ ფაშისტებმა დაასამარეს?
-კი, მასონები ხომ თავგადაკლული ანტიფაშისტები იყვნენ. იტალიელი ნაცისტები მასონობას „მწვანე გველს“ ეძახდნენ და სასტიკად დევნიდნენ, ფლორენციაში „მასონზე ნადირობაც“ კი გამოცხადდა და მათ მთელი ორი კვირა მოსაკლავად დასდევდნენ. ესპანეთში ფრანკომ მასონობა სასტიკად აკრძალა. ამბობენ, გესტაპომ დახვრიტა და საკონცენტრაციო ბანაკებში სული ამოხადა რვა ათას მასონს გერმანიიდან და ოკუპირებული ქვეყნებიდან. საინტერესო ისაა, რომ ევროპის ფედერალური მოწყობის იდეას ბოლოს ეს-ესის „შავი ორდენის” ხელმძღვანელებიც თავისებურად იზიარებდნენ და ჰიტლერზე ტერაქტი რომ არ ჩაშლილიყო, დოქტორ ჰაუსჰოფერის გავლენით ალბათ გერმანიის ელიტა ამ გზას დაადგებოდა.
-მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რა მოხდა?
-ოთხ წელიწადში გერმანიაში დიდი ლოჟა აღდგა, ავსტრიაშიც ამ პერიოდში აღორძინება დაიწყო, ევროპის სხვა ქვეყნებში - მოგვიანებით და თანდათან, იმდენად გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს ნაცისტებმა. გასოციალისტურებულ ქვეყნებში, ცხადია, მასონურმა ლოჟებმა არსებობა შეწყვიტეს: სტალინისტებიც ხომ მათ დევნიდნენ, და არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში.
1948 წელს ჩერჩილმა ჰააგაში მოაწყო ევროპის კონგრესი, რომელშიც გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწეები მონაწილეობდნენ და რომელმაც ქვეყნებს მოუწოდა, საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილი კონტინენტის ხალხთა გაერთიანების იდეისათვის შეეწირათ. ასე რომ, ევროგაერთიანება თავისუფალი კალატოზების ხანგრძივი და დაუღალავი მუშაობის შედეგად ყალიბდება.
სასტუროში შესვლისთანავე ვასილმა ამ თემაზე საუბარი შეწყვიტა.
მეორე დღეს, ქვეყნის პირველ პირთან კონფერენციის მონაწილეთა შეხვედრის წინ, ჰარრი ჰამერი და მისი თანამემამულე, DEMYC-ის გენერალური მდივანი ართურ ვინკლერ–ჰერმადენი განსაკუთრებით აღელვებულები ჩანდნენ. Hofburg Palace, შუა საუკუნეებში ავსტრია–უნგრეთის იმპერიის მმართველი დინასტიის – ჰაბსბურგების ზამთრის რეზიდენცია, ამჟამად პრეზიდენტის სასახლედ გამოიყენება. მორკალული შენობის მეორე სართულის აივანზე წყვილ–წყვილად აღმართულ სვეტებს ზემოდან უზარმაზარი არწივი დასცქერის შესასვლელს.
პრეზიდენტს 72 წელი უსრულდებოდა, მაგრამ მაღალი და ხმელი ტანის კურტ ვალდჰეიმი თავის ასაკთან შედარებით გაცილებით მხნედ გამოიყურებოდა. სახეზე ნაოჭები რომ არა, მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდებისგან მხოლოდ პროტოკოლის შესაბამისი ოფიციალური სამოსით თუ გამოარჩევდით, ისე ენერგიულად, გულღიად და უშუალოდ ჩაება ჭაბუკებთან დისკუსიაში. ლიტველმა ჟურნალისტმა სტასის მაციულევიჩუსმა დრო იხელთა, დიქტოფონი მიუშვირა, საბჭოთა კავშირიდან ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოყოფაზე აზრი ჰკითხა და, პასუხის მოსმენის შემდეგ, კმაყოფილება სახეზე დაეწერა.
–საქართველოზეც ჰკითხე,–სთხოვა გიორგიმ. ვალდჰეიმის ნათქვამი რომ უთარგმნეს, გუნება გაუფუჭდა: მისი სამშობლოს დამოუკიდებლობას გაეროს გენერალურ მდივნად ათი წლის განმავლობაში ნამუშევარი ეს პოლიტიკოსი ძალზე ორჭოფულად უყურებდა, სადღაც შორეული მომავლის პერსპექტივაში გადაიტანა და დემოკრატიზაციის წარმატებას დაუკავშირა. „არ აწყობთ საბჭოეთის დაშლა, აუტკივარი თავის ატკიება,“–დაასკვნა გიორგიმ, ლანგრით ღვინის დამტარებელს ერთი ჭიქა გამოართვა, ავსტრიული ყურძნის ნაჟურის დასაგემოვნებლად, ფანჯარასთან მივიდა და დაღონებული სახით გადახედა ყალყზე შემდგარი ცხენით კვარცხლბეკზე ასულ მწვანე მხედარს.
–რაო, ქართველო, არ მოგეწონა ფაშისტის პასუხი?–ყურთან თითქმის ჩურჩულით ნათქვამი მოესმა. მოსკოველი ანდრეი აბრამოვი ალბათ გულში როგორ დასცინოდა, პირშიჩალაგამოვლებული რომ დატოვეს.
–რუსები ყველა გერმანელს ფაშისტობას რატომ სწამებთ?
–ყველა – არა. ეს კურტი სინამდვილეში გვარად ვაცლავიკია, გაგერმანელებული ჩეხი. გერმანიის ნაციონალ–სოციალისტური სტუდენტური ლიგის წევრი იყო, მერე ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა, 41-ში დაიჭრა კიდეც.
–კაი, რა...
–არჩევნების წინ ამოუქექეს კონკურენტებმა, რომ ჰოსპიტლის შემდეგ მაშინვე იურისპრუდენციის სწავლას კი არ შეუდგა ვენის უნივერსიტეტში, როგორც თავის ბიოგრაფიაში წერს, არამედ გენერალ ლიორის ადიუტანტი იყო, ობერ–ლეიტენანტის წოდებით. ამბობენ, 1943 წლის მარტში საბერძნეთის კუნძულ დელოსზე მინოტავრის ლაბირინთის შესასვლელს მიაკვლია და შიგ კილომეტრნახევარიც გაიარა, 1945 წლის მარტამდე იქ „ეს–ეს”–ის ბაზას ქმნიდა.
–„ეს–ეს”-ს ანტიკური ეპოქის ნაშთებთან რა საქმე ჰქონდა?

–ჰიმლერმა შექმნა ორგანიზაცია „ანანერბე” და „ეს–ეს”–ის ოფიცრებით დააკომპლექტა. ეძებდნენ უძველესი ცვილიზაციებისგან შემორჩენილ საიდუმლო ცოდნას, მაგიას, ტექნოლოგიებს, რომ ომში გამოეყენებინათ. როცა ფაშისტები დაამარცხეს, მფრინავი თეფშების ნახაზებიც კი იპოვეს. „ფაუ–7” - არ გაგიგია?
–შტირლიცზე(7) მაქვს წაკითხული, „ფაუ”–ს პროექტი როგორ ჩაუგდო.
–დროზე დაამარცხეს, თორემ ატომური ბომბებიც ექნებოდათ და რაკეტებიც...
მოსკოველი ოპოზიციონერებისგან „ახალგაზრდა დემოკრატთა ფედერაციის” შესახებ გიორგის არაფერი სმენოდა, თავიდანვე ეჭვის თვალით შეხედა აბრამოვსაც და მის ორ მეგობარს – კოლიასა და ვალერის: ჯარისკაცულად წელგამართულები, გამოწკეპილები დადიოდნენ. ახლა კი დარწმუნდა: „საიდან იცის ამდენი? ესენი ნაღდად КГБ-შნიკები(8) არიან. ნეტა აქ რად მოიპატიჟეს ჰარრიმ და ართურმა?!”
სასახლიდან რომ გამოვიდნენ, ვასილი მოძებნა და სთხოვა, იქნებ კიდევ გაგვესეირნა და გვესაუბრაო. სამსაათიან შეხვედრაზე ფეხზე დგომითა და წითელი ღვინით მოთენთილები იყვნენ, ამიტომ მახლობელ პარკში - ფოლკსგარდენში კაფეში ჩამოსხდნენ, ყავა შეუკვეთეს და მასონებზე საუბარი გიორგიმ ამჯერად თავად წამოიწყო.
-ვასილ, გუშინ მითხარი, რომ ომის შემდეგ ავსტრიაში მასონური ლოჟები აღდგაო...
-კი, ახლა აქ ოფიციალურად სხვადასხვა მიმართულების რამდენიმე ლოჟაა.
- სხვადასხვა მიმართულების?
-ამჟამად მსოფლიოში ძირითადად ორი მიმართულება დომინირებს: ანგლო-საქსური და ფრანგული,-აუხსნა ვასილმა,- ერთნი ძველ ტრადიციებს უფრო იცავენ და „ინგლისის გაერთიანებული დიდი ლოჟის” ხელმძღვანელობას აღიარებენ, მეორენი, რომლებიც „საფრანგეთის დიდი აღმოსავლეთის” გავლენას აღიარებენ, ნაკლებად კონსერვატიულები არიან. ამ უკანასკნელთან ახლოა მესამე მიმართულება – „მემფის მიცრაიმი“, რომელიც თავის ისტორიას ეგვიპტის პირემიდების მშენებლობის დროიდან ითვლის. არის, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი ლოჟებიც, ასევე – ქალთა ორგანიზაციებიც.
-წაკითხული მქონდა, მათი წესდებით ქალის მასონობა იკრძალებაო?-გაუკვირდა მიშას.
-დრონი მეფობენ... 1953 წელს ახალგაზრდა, მოსოციალისტოდ განწყობილმა ავსტრიელმა ძმებმა გადაწყვიტეს ორივე დიდი ლოჟის გავლენიდან გამოსვლა, ფრანგულისაც და ინგლისურისაც, ზოგი რიტუალი და დოგმატი, ასევე გარეგანი დეკორი მოძველებულად მიიჩნიეს და 55-ში დააფუძნეს „დამოუკიდებელ თავისუფალ ავსტრიელ კალატოზთა“ ლოჟა - UFML, რომელიც „ავსტრიის დიდი აღმოსავლეთის” სახელითაა ცნობილი. ესენი დოგმატიზმს უარყოფენ, საზოგადოების მიმართ უფრო გახსნილები არიან და გაწევრიანებაც მათთან უფრო მარტივია. ქალები ამ ლოჟის საქმიანობაში დიდი ხანია, რაც მონაწილეობენ. ოფიციალურ წევრებად რამდენიმე მათგანი, მგონი, ხუთი წლის წინ მიიღეს. ერთი სიტყვით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და დემოკრატიული მასონური ლოჟა აქაა, -გაიცინა ვასილმა,-სხვა მიმართულების ლოჟებიც არის. ჰო, სხვათაშორის ვენის მახლობლად თავისუფალი კალატოზების მუზეუმიცაა - შლოს როზენაუ, დრო რომ გვქონდეს, მეც სიამოვნებით დავათვალიერებდი. მოდი, თუ გინდა, ვენის პარკისკენ გავიაროთ და შიდა ქალაქში ავსტრიის დიდი ლოჟის - Großloge von Österreich შენობა ვნახოთ.
გიორგი დაეთანხმა. მომცრო ქუჩაზე - რაუხენშტეინგასსეზე შეუხვიეს და ვასილმა ერთ-ერთი შენობის სადარბაზოს შესასვლელ მასიური ხის კარის ზემოთ ჩამოკიდებული კუბური ფორმის ქვა დაანახა და მისი მნიშვნელობა განუმარტა.
-ვასილ, ნიკოლოზ რერიხის მიერ შექმნილ ერთდოლარიან კუპიურაზე რომ პირამიდაა გამოსახული, ეს იმის აღსანიშნავადაა, რომ შეერთებული შტატები მასონებმა დააფუძნეს?
-ბენჯამენ ფრანკლინი, ჯორჯ ვაშინგტონი და დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმომწერთა უმრავლესობა რომ კალატოზები იყვნენ, ცნობილი ფაქტია, იდეებიც მათია. მაგრამ მთლად მასეც არ უნდა იყოს საქმე. რა თქმა უნდა, ამერიკელ მასონთა სულიერი წინაძღოლების უმრავლესობა დამოუკიდებლობის მომხრეთა შორის იყო, მაგრამ ბევრნი იყვნენ ისეთებიც, ვინც ვაშინგტონს ებრძოდა, მაგალითად, ინგლისელ სამხედროთა წრეებში.
-საფრანგეთის დიდი რევოლუციაც მათი მოწყობილია? შენ ხომ თქვი: “ძმობა, ერთობა, თავისუფლება” მასონური ლოზუნგიაო?
-მანდაც ანალოგიურად იყო - ზოგი ბარიკადის ერთ მხარეს იყო, მაგალითად, მარატი და დანტონი, ზოგი - მესტრი და ტასსენი - მეორე მხარეს. ტასსენი საფრანგეთის დიდი აღმოსავლეთის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, ამ ლოჟის წევრებს გილიოტინით წააცალეს თავები.
-გამოდის, საძმო კია, მაგრამ ერთსულოვნება არა აქვთ.
-ზოგადად, ითვლება, რომ ლოჟაში სამ რამეზე არ შეიძლება საუბარი: ნაციონალობაზე, რელიგიასა და პოლიტიკაზე.
-რატომ?
-ეს თემები ადამიანებს კი არ აახლოვებს, ერთმანეთთან აპირისპირებს.
-ეგ მართალია. მაგ საბაბებით უამრავი ომი წამოწყებულა და მილიონობით სიცოცხლე შეუწირია. რელიგიისადმი რა დამოკიდებულება აქვთ? ამბობენ, ეკლესიას ებრძვიანო?
-ლოჟებში საკურთხეველზე ბიბლია კი უდევთ, მაგრამ მათ რიგებში ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანს იღებენ, მთავარია, რაიმე ფორმით სწამდეს შემოქმედის, რომელსაც „სამყაროს დიდ არქიტექტორს” უწოდებენ, რომ ერთმანეთის რელიგიური გრძნობები არ შებღალონ. ანტიკლერიკალიზმიც მასონობის პირმშო კი არაა, რევოლუციის დროინდელ საფრანგეთში და შემდგომ პერიოდში ათეიზმის გავრცელების შედეგია, რამაც საძმოს წევრებზეც იმოქმედა. მასონები თვლიან, რომ ყველა რელიგიაშია ღვთის შეცნობისაკენ მიმავალი გზა და რომელს აირჩევ, ეს შენი საქმეა.
-აბა, ერთი რელიგიის შექმნას აპირებენო?
ვასილს გაეღიმა.
-გჯერა, რომ ეგ პრაქტიკულად შესაძლებელია? ქრისტიანობა დაიშალა უამრავ მიმდინარეობად, ისლამიც. ერთი რელიგია რომც შეიქმნას, მაშინვე გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც რაიმე განსხვავებულის თაყვანისცემას მოინდომებს, მიმდევრებსაც გაიჩენს. უბრალოდ, ეგაა, საერთო ჰუმანისტურ პრინციპებზე როგორმე უნდა შეთანხმდეს ყველა, რომ კანის ფერის, ღმერთის სახელის ან სალაპარაკო ენის გამო ერთმანეთი არ ვხოცოთ. ასე არ არის?
-კი, ნამდვილად. მრავალფეროვნებაში თავისთავად ცუდი არაფერია, თუ ნაძირალებმა მათი გამოყენებითა და საკუთარი განსაკუთრებულობის იდეებით ხალხს ტვინი არ აუმღვრიეს და არ გააგიჟეს.
ვასილმა კიდევ ბევრი რამ უამბო თავისუფალ კალატოზთა საძმოს ისტორიიდან: სოლომონის ტაძრის მშენებელი ოსტატის, ჰირამ აბიფის შესახებ ლეგენდიდან მოყოლებული, ტამპლიერების და დეკაბრისტების ჩათვლით. ბოლოს ჰკითხა:
-შენ, გატყობ, ისე დაინტერესდი, მოგწონს მათი იდეები?
-გულახდილად გეტყვი: თუ ეგ ყველაფერი, რაც შენ მომიყევი, სიმართლეა, საღად მოაზროვნე ადამიანი რატომ უნდა იყოს მათი წინააღმდეგი? მე ისეთ ქვეყანაში გავიზარდე, სადაც ეთნიკური და რელიგიური ტოლერანტობა დიდი ხნის ისტორიული ტრადიციაა, ჩვენი დიდი მეფის - დავით აღმაშენებლის დროიდან მოყოლებული, დედაქალაქში გვერდიგვერდ დგას ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, მეჩეთი და სინაგოგა. კათოლიკურ მესსასაც დავსწრებივარ, არა მარტო ბრატისლავაში, თბილისშიც. ევროპას რომ ანტისემიტიზმის ციებ-ცხელება ემართებოდა ჯვაროსნების დროს თუ მეოცე საუკუნის დასაწყისში, ებრაელებს ჩვენგან ასეთი რამ არასოდეს უგრძვნიათ, ნაბუქუდონოსორისგან დევნილები, 26 საუკუნეა, საქართველოში ცხოვრობენ.
-ამ ბოლო დროს ევროპული პრესა წერდა, რომ აფხაზურ, ოსურ და სხვა უმცირესობებთან პრობლემები გაქვთ.
-მაგას რუსეთის სპეცსამსახურები აღვივებენ, რომ დამოუკიდებლობის მიღწევაში შეგვიშალონ ხელი. თუმცა, ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი ლიდერის უპასუხისმგებლოდ წამონაყვირმა ლოზუნგმა „საქართველო - ქართველებისთვის!“ მათ წისქვილზე დაასხა წყალი.
-თუ სურვილი გექნა, ალბათ პრობლემა არ უნდა იყოს საძმოში შენი გაწევრიანება, ოცდაერთი წლის ხომ ხარ? ოღონდ ეგ არ ვიცი, საქართველოში ლოჟა რომ არ აქვთ, ეს ხომ არ შეუშლის ხელს...-თავისთვის ჩაილაპარაკა ვასილმა.
-შენ მათ იცნობ?!-გიორგისთვის ახლა ცხადი გახდა, საიდან ჰქონდა საიდუმლო საზოგადოების შესახებ ამდენი ინფორმაცია მის ახლადშეძენილ მეგობარს.
-მამაჩემის ერთი მეგობარი, რომელიც აქაური ლოჟის წევრია, ვენაში ცხოვრობს. შემიძლია შეგახვედრო.
გიორგი ბავშვობიდან უაღრესად ცნობისმოყვარე იყო და ამ შემოთავაზებაზე უარს ეტყოდა?! სულმოუთქმელად ელოდა, დასთანხმდებოდა თუ არა ვასილს სატელეფონო ხაზის მეორე მხრიდან უცნობი კაცის ხმა.
-საქმე გაგიჩარხე,-გაუცინა ბულგარელმა,-ისე აღვუწერე შენი თავი, დავაინტერესე. ხვალ საღამოს შეუძლიათ გაგესაუბრონ. შენ მანამდე კარგად მოიფიქრე, მართლა გინდა თუ არა მათთან ურთიერთობა. ამან შეიძლება შენი მომავალი მკვეთრად შეცვალოს.

პირველად რომ შეაბიჯა ლოჟის დიდ დარბაზში, გიორგი პატარა ბავშვივით, დაჭყეტილი თვალებით შესცქეროდა ორ დიდ მოოქროვილ სვეტს, („აღმართა სვეტები ტაძრის დარბაზში; აღმართა მარჯვენა სვეტი და უწოდა სახელად იაქინი; აღმართა მარცხენა სვეტი და უწოდა სახელად ბოყაზი“-გახსენდა ამ დროს), მათ ზემოთ - კენტავრებისა და სხვა მითოლოგიური პერსონაჟების ბარელიეფებს, ფეხაკრეფით გაიარა შავ-თეთრი ფილებით ჭადრაკის დაფის მსგავსად მოპირკეთებულ იატაკზე. აქ რომ მოენდომებინათ მისი გაცნობა, ალბათ მუცელში ენაჩავარდნილი იჯდებოდა. როგორც ჩანს, ეს გაითვალისწინეს – კარისკაცმა მყუდრო, თანამედროვე სტილში მოწყობილ ოთახში შეიყვანა.
დამხვდურთაგან ორივე კარგად ფლობდა რუსულს და თარჯიმანი არ დასჭირვებიათ. გიორგის ვინაობა გამოჰკითხეს, მშობლებითა და წინაპრებითაც დაინტერესდნენ. გულთბილი და უშუალო საუბრის ისეთი ატმოსფერო შექმნეს, თითქმის დაავიწყდა კიდეც, რომ დიდი ხნის ნაცნობებთან კი არა, მისთვის ლამის მისტიკურ „მასონებთან“ იყო სტუმრად. უცნაური ის იყო, რომ პოლიტიკაზე თითქმის არაფერი უკითხავთ, ძირითადად მისი შეხედულებები აინტერესებდათ სამყაროზე, სიკეთესა და ბოროტებაზე, უფრო მეტად - ჩვეულებრივ, ყოფით საკითხებზე. ტყუილები გიორგის ისედაც არ ახასიათებდა, ამ უცხო ხალხთან არც არაფერი დაუმალავს და არც გაუზვიადებია, გულგახსნილი უყვებოდა ყელაფერს. ამით, ეტყობა, თავისუფალ კალატოზებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მათაც მის მრავალ კითხვას ამომწურავად უპასუხეს. დამშვიდობებამდე უთხრეს:
-თუ გადაწყვეტ ჩვენთან დამეგობრებას, იფიქრე და ზეგამდე შეგვატყობინე. ამ დღეებში შეკრება გვაქვს დაგეგმილი, ვეცდებით საქართველოში ლოჟის გახსნამდე შენთან ურთიერთობის ფორმები მოვიფიქროთ და დანარჩენი ძმებიც დავითანხმოთ შეგირდად შენს მიღებაზე.
სასტუმროში, ვახშმის შემდეგ. ვასილმა ცალკე გაიხმო და შეხვედრაზე მიღებული შთაბეჭდილების შესახებ ჰკითხა.
-კარგი ხალხი იყო, გულთბილი. მგონი, მინდა მათთან ურთიერთობა და ამის შესახებ ვთხოვ კიდეც. შენ, ვასილ, არ ხარ მათი საძმოს წევრი?
ვასილი ჩაფიქრდა და არაფერი უპასუხა. გიორგისაც ეუხერხულა, რომ ჩასძიებოდა.
კონფერენციის დასრულებამდე თავისუფალი კალატოზები ერთხელ კიდევ შეხვდნენ. აღმოჩნდა, რომ საძმოს რამდენიმე წევრი მას ჯერ კიდევ ჩეხოსლოვაკიაში გაუცნია და ახლა, როცა თავად მოინდომა, შეგირდად მისი მიღების წინააღმდეგი არავინ გამოჩენილა. ვიდრე გიორგის სამშობლოში გამომგზავრება მოუწევდა, ლოჟის სხდომაც ესწრებოდა, სადაც ინიციაციის რიტუალის ჩატარება მოხდებოდა.
ეს დღეც დადგა და გიორგიმ ლოჟის დასავლეთის კარებზე სიმბოლურად დააკაკუნა. საძმოს წევრებმა კითხვები დაუსვეს, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყვნენ, რომ მათთან გაწევრიანების სურვილი "კალატოზობის" გზაზე შემდგარის თავისუფალი ნების გამოხატულება იყო, გაცნობიერებული ჰქონდა პასუხისმგებლობა თავის საქციელზე და რაიმე ილუზიების ტყვეობაში არ იმყოფებოდა.
ორღანის მუსიკის ფონზე გერმანულად გაჟღერდა საგალობელი. გიორგიმ იცოდა, რომ ეს 132-ე ფსალმუნი უნდა ყოფილიყო:
„აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!
ვითარცა ნელსაცხებელი თავზე, წვერებზე ჩამოღვრილი, აარონის წვერებზე, მისი სამოსის კალთებზე ჩამოღვრილი.
ვითარცა ცვარი ხერმონისა, სიონის მთებზე ამოღვრილი! რადგან იქ დაადგინა უფალმა კურთხევა - სიცოცხლე უკუნისამდე.“
ინიციაციის რიტუალის დასასრულ გიორგის თვალსახვევის მოხსნის უფლება მისცეს და აღარ გაჰკვირვებია, მიმლოცველ საძმოს წევრთაგან რამდენიმე სახე რომ ეცნაურა.
სხდომის დროს გიორგი, გერმანულის არცოდნის გამო, დარბაზის მდიდრული მოწყობილობის ჭვრეტით იყო დაკავებული. შემდეგ ძვირფასი თასებით სადღეგრძელოებიც ითქვა. გემრიელმა ავსტრიულმა ღვინომ უცხო საზოგადოებაში სტუმრად ყოფნის შეგრძნება გაუქრო და ისეთი გრძნობა დაეუფლა, რომ ამ ხალხთან (ამიერიდან - „ძმებთან“) მას ენობრივი ბარიერიც აღარ აშორებდა, თითქოს, თარგმანის გარეშეც კი ესმოდა მათი სიტყვების შინაარსი და სკოლაში ნასწავლი საყველპურო ინგლისურითაც თავადაც კარგად აგებინებდა, რისი თქმა სურდა.
მოსკოვში გადმოფრენის წინა დღეს კიდევ ლოჟაში დასამშვიდობებლად შეიარა.
-ჯორჯ, ერთი თხოვნა გვექნება შენთან: სტალინური რეპრესიების დროს დაღუპული ჯესსე ანდრონიკოფის საქმე გვაინტერესებს. როგორც შევიტყეთ, ბერიას ის მოსკოვიდან თბილისში გადაუგზავნია და ახლა საქართველოს უშიშროების კომიტეტის არქივში ინახება. იქნებ მოხერხდეს მისი ასლის გადაღება, ან სულაც არქივიდან გამოტანა? რაც „პერესტროიკა“(9) დაიწყო, ხომ დიდი არეულობაა თქვენთან და ეგ უწყებაც ანგარიშს უწევს ხალხს...
-„ჯესსე“ ქართული სახელი არაა, იქნებ, „იესე ანდრონიკაშვილი“?
-კი, ქართულად, ალბათ, ასე იქნება.
-ვეცდები. თავადაც მინდა, 1938-ში დახვრეტილი ბაბუაჩემის საქმეც მოვიძიო და ერთად მოვიკითხავ.
-ძალიან კარგი!-გაუხარდათ,-ერთ-ერთი ჩვენი ძმა წარსულში გერმანელებთან, „ანანერბეში“ მსახურობდა. მისი ინფორმაციით, შტანდარტენფიურერ ფრიდონ წულუკიძეს, თქვენს თანამემამულეს, ჰიმლერისათვის უძველესი ხელნაწერი მოუპოვებია, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოში დიდი სიწმინდე ინახება და მისი ადგილსამყოფელის საიდუმლო ანდრონიკოფების საგვარეულოს ებარა. ვფიქრობთ, ჯესსე, როგორც გვარის უფროსი, ამ ინფორმაციის ამოსაგლეჯად დააპატიმრა „ჩე-კა“-მ10 და მთელი მისი არქივის კონფისკაცია მოახდინა. ჩვენ ჰერმეტული ანბანით დაშიფრული შუა საუკუნეების დროინდელი მანუსკრიპტი გვაინტერესებს, რომელიც ამ კაცს უნდა ჰქონოდა და ახლა, სავარაუდოდ, КГБ-ს არქივში უნდა იყოს.
-თუ ასეა, შეიძლება არც გაამხილონ, მაგრამ მაგ უწყების რომელიმე მაღალჩინოსნის მოსყიდვა რომ ვცადო? გამიგია, კორუფციამ ბოლო დროს მათთანაც მოიკიდა ფეხი.
-ფინანსები არაა პრობლემა. მთავარი - მანუსკრიპტის მოპოვებაა.
-კარგით, დაე, ეს იყოს ჩემთვის გაუთლელი ქვიდან იდეალური კუბის დამზადების დასაწყისი ფიზიკურ სამყაროში! - გაიღიმა გიორგიმ, - ჩასვლის შემდეგ გავარკვევ, თუ რას შევძლებ და დაგიკავშირდებით.
რამდენიმე დღეში თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა და თანამედროვე ქართველთაგან „თავისუფალი კალატოზების” ერთ-ერთმა პირველმა შეგირდმა ტრაპიდან ფეხი მშობლიურ მიწაზე ჩამოდგა. ხელნაწერი კი, რომლის არქივებიდან მოპოვებასაც დაჰპირდა, ზუსტად 700 წლის წინ იყო დაწერილი.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
1 -რომელი საათია?
–ხუთი.
–ეს, ალბათ, უკვე პრაღაა?
– (ჩეხ.) დიახ, დიახ!
–არა? ჩვენ ჯერ პრაღის წინ ვართ?
–ა, პრაღის გავლით? ნამდვილად, პრაღის გავლითაა!
2 -მეგობარო, სამედიცინოზე სწავლობ?
– (ჩეხ.) კი!
3 (რუს.)–მე კი სამედიცინო ინსტიტუტის მეორე კურსზე ვარ. ჩვენც ამ წიგნით ვსწავლობთ ანატომიას.
(ჩეხ.)–ო, კოლეგა!
4 –„სტოლიჩნაია” („დედაქალაქური”).
(ჩეხ.) რუსული არაყია? კარგია!
5 (ჩეხ.) „ვერანდებზე”
6 (გერმ.)"Bonzen quälen, Himmer wählen!"
7 საბჭოთა მზვერავი გერმანიის მაღალ ეშელონებში მეორე მსოფლოო ომის დროს, იულიან სემიონოვის წიგნის „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება” და მის მიხედვით გადაღებული კინოფილმის პერსონაჟი.
8 КГБ - სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი – საბჭოთა კავშირის დაზვერვა და კონტრდაზვერვა, პოლიტიკური პოლიციის ფუნქციებით.
9 Перестройка-გორბაჩოვის მიერ გამოცხადებული საბჭოთა კავშირის გარდაქმნის, დემოკრატიზაციის კურსი.
10 ЧК-Чрезвычайная Комиссия - უშიშროების სამსახური ბოლშევიკების დროს.

19-23.04.2011

29 March, 2011

თავი IV. ოტტო, გრაალის მაძიებელი

1935 წლის 24 ოქტომბერს ბერლინში, ვილჰელმშტრასსე 77–ში მდებარე შენობის შესასვლელში მოფრიალე შავსვასტიკიანი წითელი დროშების ქვეშ მკვირცლად შეირბინა ოცდაათიოდე წლის სიმპათიურმა მამაკაცმა. მისაღებში ხანმოკლე ლოდინის შემდეგ, მდივანმა ის დიდი მოწიწებით შეუშვა ადოლფ ჰიტლერის კაბინეტში.
–ჩემო ფიურერო, როგორ მოგეწონათ რეკონსტრუირებული რეიხსკანცხელარია? – იკითხა ახალგაზრდა არქიტექტორმა მისალმების შემდეგ. ალბერტ შპეერი გერმანიის ახალი კანცლერის გარემოცვაში ერთადერთი იყო, რომლის მიმართაც ჰიტლერი მეგობრობის მსგავს რაღაცას გრძნობდა, ვისაც უსმენდა და ხანდახან გულახდილად ესაუბრებოდა კიდეც.
თავად რადზივილის ყოფილი სასახლის მეორე სართულზე მყოფი კაბინეტის სამი ფანჯარა ვილგელმსპლაცს გადაჰყურებდა. თითქმის ყოველდღე იკრიბებოდა ბრბო, სკანდირებდა და ბელადის ხილვას ითხოვდა:
–ჰაილ ჰიტლერ! ჰაილ ჰიტლერ! ჰაილ ჰიტლერ!
ამან მუშაობა შეუძლებელი გახადა. ჰიტლერმა შპეერს ბაღს იქით მდებარე დიდ დარბაზში უბრძანა ახალი კაბინეტის მოწყობა, წინ კი „ახალი ისტორიული აივანი“ მიაშენებინა, საიდანაც აღტკინებული ხალხის წინაშე გამოჩნდებოდა.
–ფანჯარა ძალიან მოუხერხებელი იყო, ყველა მხრიდან არ ვჩანდი, – კმაყოფილებით უთხრა,– ბოლოს და ბოლოს, ხომ არ გადავეყუდებოდი? ოთახიც პატარა იყო, სად მიმეღო უცხოელი სტუმრები, კუთხეში მიმეკუნჭა? მოკლედ, იმ საპნისმხარშავი კონცერნის კანტორას, რაც იყო, გაცილებით სჯობია, – შეაქო ჰიტლერმა მომავალი პირადი არქიტექტორი, რომელსაც მოკლედშეჭრილი თმის ქოჩორი, მაშინდელი მოდის წესებით, მარჯვნიდან მარცხნივ ჰქონდა გადატკეცილი.
–მაგრამ მესამე რეიხის გრანდიოზულ გეგმებს უფრო მასიური შენობა შეეფერება. ალბერტ, უნდა ვიფიქროთ ახალი რეიხსკანცელარიის აშენებაზე, რომელიც თავისი ზომებით და იერ–სახით ნაციონალ–სოციალიზმის ბატონობის იდეის შესატყვისი იქნება. ერის ისტორიაში სისუსტის პერიოდებიც არის–ხოლმე, ასეთ დროს შენობები იწყებენ მეტყველებას წარსულ ძლიერებაზე. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამით ვერ გააღვიძებ ეროვნულ ცნობიერებას. მაგრამ, დაცემის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ თუ ისევ გაიღვიძა ნაციონალური სიდიადის გრძნობამ, წინაპართა ეს ძეგლები საუკეთესო შეხსენება იქნება შთამომავალთათვის.
–დღეიდანვე პროექტის შემუშავებას შევუდგები, ფიურერო!
ჰიტლერის სულში მისიონერულ მოწოდებასთან განუყოფლად იყო თანშეზრდილი ხუროთმოძღვრობისადმი დაუოკებელი ლტოლვა. „–როგორ მინდოდა, არქიტექტორი გავმხდარიყავი!“– შესჩივლებდა–ხოლმე ის ალბერტს, როცა მის მორიგ პროექტს ათვალიერებდა. ათი წლის წინ, შემკვეთი რომ ჰყოლოდა, შეიძლება ჩამოსცილებოდა კიდეც პოლიტიკას, მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა კი შპეერში ხედავდა საკუთარ ახალგაზრდობას და თავისი არარეალიზებული ოცნების ხორცშესხმას მისთვის ხელისშეწყობით ახერხებდა: „ის მე ამიგებს ისეთ შენობებს, როგორებიც არ აღმართულა უკანასკნელი ოთხი ათასწლეულის განმავლობაში.“
–საბოლოოდ, ისტორიის დიდი ეპოქების შესახებ ხსოვნას მხოლოდ მათი მონუმენტური არქიტექტურა შეინახავს, – ჰიტლერმა აზრი განაგრძო, – რა დარჩა დიდი რომის იმპერიის იმპერატორებისგან? რა დაამტკიცებდა მათ არსებობას, ხუროთმოძღვრება რომ არა?
რომის სიძველეთა ხსენებამ ფიურერს გერმანთა წარსული მოაგონა, რომლის განდიდებისათვის ჰიმლერმა სამი თვის წინ ორგანიზაცია „Ahnenerbe” („წინაპართა მემკვიდრეობა”) ჩამოაყალიბა.
–რა ძალა გვადგა, მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ წარსული არ გაგვაჩნია? ის არ გვეყოფა, რომ როცა რომაელები გიგანტურ შენობებს აგებდნენ, მაშინ ჩვენი წინაპრები თიხის ქოხებში ცხოვრობდნენ... ახლა კიდევ, ჰიმლერმა ამ ნასოფლარების გათხრები დაიწყო და ექსტაზი ემართება ყველაფერზე, რასაც იპოვის, – ქოთნის ნატეხი იქნება ეს თუ ქვის ცული! ამით მხოლოდ ვამტკიცებთ, რომ ველურებივით ცეცხლის გარშემო ვროკავდით და ქვის ცულებით ვნადირობდით იმ დროს, როცა საბერძნეთმა და რომმა კულტურული განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწიეს... საკმარისი საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ საკუთარი წარსული მივაჩუმათოთ. ამის ნაცვლად, ჰიმლერი მის შესახებ მთელი მსოფლიოს გასაგონად გაჰკივის.*
შპეერის წასვლის შემდეგ ფიურერი ერთხანს ჩაფიქრებული იჯდა, შემდეგ თაროდან გადმოიღო ჰიმლერის მიერ მისთვის ნაჩუქარი წიგნი "Kreuzzug gegen den Gral". შუა საუკუნეების მოყვარული მკვლევარი ოტტო რანი ხატოვნად აღწერდა ლანგედოკში თავისი მოგზაურობისას ნანახსა და მოსმენილს და ასკვნიდა, რომ ვოლფრამ ფონ ეშენბახის ალეგორიულ პოემა „პარციფალში” ნახსენები მუნსალვეშეს მთის ციხე-კოშკი, სადაც გრაალი ინახება, იგივე მონსეგიურია, რომელზეც კატარების უკანასკნელი ბასტიონი იყო აღმართული.
გრაალის თემამ ბავშვობის მოგონებები წამოუტივტივა. მაშინ ტანმორჩილ, ფერმკრთალ ავსტრიელ ბიჭუნას ადოლფ შიკლგრუბერი ერქვა და ქალაქ ლამბახის ბენედიქტიანელთა მონასტრის გუნდში მღეროდა. მონასტრის წინამძღვარი თეოდორ ჰაგენი კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობიდან როცა დაბრუნდა, მის ბაგეთაგან გაიგო პირველად დიდი მოწიწებით წარმოთქმული ეს სიტყვა - „გრაალი“. ბიჭი გაუბედავად შეეკითხა, - რას ნიშნავსო. აბბატმა თავზე ხელი გადაუსვა და ცნობისმოყვარეობა დაუკმაყოფილა:
–გრაალს თასთან აიგივებენ, რომელშიც იოსებ არიმათიელმა ქრისტეს ჯვარცმისას უფლის სისხლი მოაგროვა. ზოგი ფიქრობს, არქანგელოზმა მიხეილმა ლუციფერთან ბრძოლის დროს მახვილის წვერით ამოაგდო მისი გვირგვინიდან დიდი მწვანე ზურმუხტი, რომელიც დედამიწაზე ჩამოვარდა და გრაალი ეს ქვააო. მაგრამ, როგორც ახლახანს ჩემს მიერ მოგზაურობიდან ჩამოტანილი უძველესი მანუსკრიპტებიდან შევიტყე, ასე არ უნდა იყოს. გრაალი, ალბათ, ქვებია, რომლებზეც წარღვნამდელი დამწერლობით - რუნებით არის დატანილი უდიდესი ცოდნა, კაცობრიობამ რომ დაკარგა. ფონ ეშენბახმაც „პარციფალში“გრაალი ხომ ქვად წარმოგვიდგინა – Lapsis exillis...
ადოლფი გაიზარდა, აბბატ ჰაგენის ეს სიტყვები კი მტკიცედ ჩაებეჭდა და, ახლა უკვე მესამე რაიხის ფიურერს, სჯეროდა, რომ სწორედ მოძღვარმა უთხრა სიმართლე.
სიჭაბუკისას, ვენის მუზეუმში დიდხანს იდგა-ხოლმე და უმზერდა ერთ ექსპონატს „ლონგინის შუბის“ წვერს, რომლითაც რომაელმა ჯარისკაცმა ჯვარცმულს ფერდი განუგმირა და ტანჯვა შეუმოკლა. დამწყები მხატვარი ცდილობდა, წარმოესახა ქრისტეს ვნებათა სიმძაფრე. ერთხელაც ყური მოჰკრა, როგორ უთხრა ექსკურსიამძღოლმა ტურისტებს, - ის, ვინც ლონგინის შუბსა და გრაალს დაეპატრონება, მსოფლიოს მბრძანებელი შეიქნებაო.
მეცნიერებისა და ტექნიკის პროგრესმა ყველას მიავიწყა ძველი ლეგენდები, მაგრამ ადოლფი მრავალჯერ გამხდარა სასწაულების მომსწრე, რომელთაც მატერიალისტური ახსნა არ მოეძევებოდათ. ახლა, როცა გერმანია ძალას იკრებს სხვა ხალხებზე გასაბატონებლად, რა ბედნიერება იქნება, მის ბელადს ხელთ ეპყას შუბიცა და გრაალიც!
ჰიტლერმა მდივანს უხმო და წერილის კარნახს შეუდგა. საბეჭდი მანქანის კლავიშები სწრაფად და რიტმულად აჩხაკუნდნენ, მაგრამ მათი ხმიანობა, ვაგნერის ტაქტების ნაცვლად, უკვე ავტომატების შორეულ კაკანად მოისმოდა.
„ვაიშენფელდი, ბავარიის მიწა.
უძველესი გერმანული ისტორიისა და წინაპართა მემკვიდრეობის კვლევის საზოგადოება.
პროფესორ გერმან ვირტს.
პატივცემულო ბატონო ვირტ!
თქვენი ინსტიტუტის სწრაფი ზრდა და წარმატებები, რომლებსაც მიაღწიეთ ბოლო ხანებში, ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ვთვლი, რომ ახლა „ანანერბე“ მზადაა გადაწყვიტოს აქამდე მის წინაშე არსებულ ამოცანებთან შედარებით გაცილებით სერიოზული საკითხები. საქმე ეხება ეგრეთწოდებული წმინდა გრაალის მოძიებას, რომელიც, ჩემი შეხედულებით, წარმოადგენს ჩვენი არიელი წინაპრების დანატოვარ, რეალურად არსებულ რელიქვიას. ამ არტეფაქტის მოსაძებნად შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი ფულადი ფონდები საჭირო ოდენობით.“
სამი თვის შემდეგ, ვეველსბურგის ციხე-კოშკში განთავსებულ „ანანერბეს“ შტაბ-ბინაში, მაგიდასთან ორნი ისხდნენ და ყურადღებით ეცნობოდნენ პროფესორ-ისტორიკოსის ოტტო კლიუზეს მოხსენებით ბარათს, რომელსაც ვირტმა საკითხის ძირფესვიანი შესწავლა დაავალა.
ერთი მათგანი: საკმაოდ შემელოტებული თმითა და დაბალი შუბლით, წელში ოდნავ მოხრილი. სწორი ცხვირის ქვეშ - მოკლედ შეკრეჭილი ულვაშის ბნელი ზოლი და წვრილი ტუჩები, ისეთივე ფერმკრთალი, როგორც სახის კანი. მის უძრავ სახეს ხანდახან აცოცხლებდა პირის კუთხეებში გაელვებული დამცინავი ღიმილი. წვრილ, ქათქათა თეთრ ხელებზე მოცისფროდ გამოკრთოდა სისხლძარღვები. ბავშვურ თითებზე უადგილოდ მოჩანდა მასიური ვერცხლის ბეჭედი, თავის ქალის გამოსახულებით. რომ არა ეს-ესელის შავი უნიფორმა, ვერ იფიქრებდით, რომ ეს მოინტელიგენტო, შუახნის სოფლელი პედაგოგის ტიპი ამ საშინელი უწყების ხელმძღვანელი ჰენრიხ ჰიმლერი იყო.
მეორე მამაკაცი, რომელსაც „შავი ორდენის“ ასეთივე ბეჭედი ეკეთა, თავისი წარმოსადეგი გარეგნობით მის სრულ ანტიპოდს წარმოადგენდა: ახოვანი, საოცრად მაღალი შუბლით, პატარა და მოუსვენარი თვალებით, რომლებიც მხეცის სიეშმაკესა და ძალას ასხივებდნენ, გრძელი ცხვირით და მსხვილტუჩებიანი ფართო პირით. ზორბა მამაკაცისთვის შეუფერებელი, წიკვინა ხმა და ფართო თეძოები ყოველგვარ ეშხს უკარგავდნენ ნაცისტური გერმანიის პოლიტიკური პოლიციის, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის შეფის - რეინგარდ ჰეიდრიხის ფიგურას.
მოხსენებითი ბარათის შედგენამდე, გრაალის თაობაზე ინფორმაციის მისხალ-მისხალ შესაგროვებლად პროფესორ კლიუზეს და მის ასისტენტებს, გერმანული პედანტურობით, ყველა ხელმისაწვდომი წიგნსაცავის მტვრიანი ფოლიანტები გადაუქექავთ, საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი და პოლონეთი მოუვლიათ. მათ მიერ შედგენილი მიმოხილვა ობიექტურ მეცნიერულ ანგარიშს წარმოადგენდა, რომლის მიხედვითაც გრაალს ყველზე აქტიურად ჯვაროსანი რაინდები ეძებდნენ, რომელთაგან ტამპლიერთა ორდენმა იერუსალიმში, სოლომონის ტაძრის ადგილას ჩატარებული გათხრებისას, სავარაუდოდ, მიაგნო კიდეც. ამას მოწმობდა ამ ორდენის ძლიერებისა და სიმდიდრის სწრაფი ზრდა, რომელიც შეწყდა საფრანგეთის მეფე ფილიპე ლამაზისა და მისი გავლენის ქვეშ მყოფი რომის პაპის შურიანობის გამო. ერთ დღეში, 1307 წლის 13 ოქტომბერს, პარასკევ დღეს, ფილიპემ ტამპლიერთა ხელმძღვანელები დააპატიმრა, შემდეგ ინკვიზიციისათვის ჩვეული მეთოდებით აწამა და დახოცა, მაგრამ მათი სიმდიდრის ხელში ჩაგდება ვერ მოახერხა და მიწების კონფისკაციით დაკმაყოფილდა.
„სოლომონის ტაძრის რაინდებთან“ მჭიდრო კავშირი უნდა ჰქონოდათ ერეტიკოს-გნოსტიკოსებს, კატარებს, რომლებიც, შესაძლოა, თავიანთ ტაძრებში ინახავდნენ და თაყვანს სცემდნენ გრაალს, ვიდრე ვატიკანი კათოლიკე რაინდების დახმარებით ალბიგოურ ომებში მათ გაანადგურებდა. მათი უკანასკნელი სიმაგრე - ციხე-კოშკი მთა მონსეგიურზე 1244 წლის 16 მარტს დაეცა. მოხსენებაში მოიხაზა ძიების სავარაუდო ტერიტორიები პირენეებისა და ალპების მთებში, ისტორიულ ლანგედოკში, სადაც შუა საუკუნეებში კატარების მოძღვრება იყო გავრცელებული.
-ინგლისში, მეფე ართურის მითიური სამეფოს ტერიტორიაზე, გრაალის ამჟამად ყოფნას უარყოფს...-ჩაილაპარაკა ჰიმლერმა.
-კი, საფუძვლიანად ასაბუთებს... გლასტონბერის სააბატოს ნანგრევებში არ იქნებაო...
-რეინგარდ, „პარციფალზე“ გსმენიათ?- პენსნეს ქვემოდან მონაცრისფრო-ცისფერი, სევდიანი თვალები გამოაბზინა ჰიმლერმა.
-ვაგნერი უდიდესი კომპოზიტორია, ძალიან მიყვარს!-ჰეიდრიხი მუსიკის დიდი მოყვარული იყო და მშვენივრად უკრავდა ვიოლინოზე.
-არა, მე ფონ ეშენბახის პოემაზე გეუბნებით, ვაგნერის უკვდავ ოპერას რომ უდევს საფუძვლად. მისი და კატარების ისტორიის ანალიზის შედეგები ახალგაზრდა მკვლევარმა ოტტო რანმა გრაალის მისტერიებზე დაწერილ წიგნში ორი წლის წინ გამოაქვეყნა. თქვენსავით ახალგაზრდაა, ენერგიული და ეგ ადგილები მოვლილიც აქვს. წერილებსაც წერდა ჩემს სახელზე, ექსპედიციები დამიფინანსეთო.
-ჰოდა, მივიღოთ ეს-ეს-ში. ალპინისტების ექსპედიცია წაიყვანოს, - შესთავაზა ჰეიდრიხმა.
-კარგი, ასე მოვიქცეთ. დავითანხმებ და მაშინვე უნტერშარფიურერის წოდებას მივანიჭებ, ხალისიანად რომ იმუშაოს... ჰიტლერი გრაალის სასწრაფოდ პოვნას ითხოვს.
ჰეიდრიხმა აღარაფერი თქვა. საქაღალდე დაკეცა და წამოდგა.
-ჰაილ!- ხელის აწევით ნაცისტური მხედრული სალამი მისცა და სხვა, რელიკვიების ძებნასთან შედარებით, მისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საქმეების მოსაგვარებლად გაეშურა.
* * *
სამშობლოდან გადახვეწილის ბედი მწარე რომ იყო, ფრიდონ წულუკიძე წარმოიდგენდა, მაგრამ ამდენ ხანს თუ ვერ დაბრუნდებოდა, არ ეგონა, როცა 1921-ში თურქეთის გავლით საფრანგეთისკენ გაემგზავრა და ბოლშევიკებს გარიდებულ ქართველობას შეუერთდა. რვა წლის შემდეგ გერმანიაში გადასახლდა, გერმანელ არისტოკრატზე დაქორწინდა და ორიოდე წელი „ქართველ მოქალაქეთა საზოგადოებასაც” თავმჯდომარეობდა, მაგრამ აქაც მეტად უჭირდა საარსებო საშუალების პოვნა, მით უფრო, რომ ახლა მის იმედად მოხუცი მამა, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ბავშვიც იყო. პროფესია ერთი ჰქონდა – სამხედრო ოფიცერი, მაგრამ უცხოეთის არმიებში დაქირავებისაგან დიდხანს იკავებდა თავს, - ქართულ ჯარში ეწადა სამსახური. ამაყი თავადი ცხოვრებამ აიძულა, დახმარების სათხოვნელად მიხეილ ახმეტელთან მისულიყო, რომელსაც გერმანელები საბჭოთა კავშირის დიდ ექსპერტად მიიჩნევდნენ. ახმეტელი ახალი გადმოსული იყო ვროცლავის აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტიდან გერმანიაში, სადაც „არქეოლოგიური კვლევის ცენტრის” სახელით შენიღბული საბჭოთა კავშირის კვლევის ინსტიტუტი შეუქმნეს ჰიმლერმა და ჰეიდრიხმა. ამ უკანასკნელთან ახმეტელს დიდი ხნის თანამოაზრეობა აკავშირებდა. მესამე რეიხის ასეთი გავლენიანი პირების მეგობარს არ უნდა გასჭირვებიყო ფრიდონისთვის სამსახურის გამოძებნა.
–დარწმუნებული ვარ, პირველ მსოფლიო ომში ბატალიონის უფროსად შენს ნაბრძოლობას გერმანელები დაგიფასებენ, მით უფრო, რომ ვილჰელმ კაიზერისგან მე–3 და მე–4 ხარისხის „ანნას მედლებით” ყოფილხარ დაჯილდოებული,–დააიმედა მიხეილმა.
მართლაც, ჰეიდრიხთან ახმეტელის შუამდგომლობით, ფრიდონს ეს–ეს–ში შესვლისთანავე ობერ–შტურმფიურერობას დაჰპირდნენ, უახლოეს მომავალში წოდების მომატების პერსპექტივით. მიუხედავად იმისა, რომ ერთგვარი „გამოსაცდელი ვადის” განმავლობაში სამსახური დახაუს საპატიმრო ბანაკში მოუწევდა, ფრიდონმა ვეღარ უთხრა უარი. დახმარების სათხოვნელად მისული კაცისაგან სამსახურის ადგილის დაწუნება არ იქნებოდა ლამაზი და, შესაძლოა, ნაცისტები ამის გამო გადამტერებოდნენ კიდეც. სად წასულიყო? წასასვლელი არსად ჰქონდა. 1937 წელი იყო. როგორც საბჭოთა კავშირიდან ახლადგამოღწეულები ჰყვებოდნენ, საქართველოში ისეთი სასტიკი რეპრესიები მძვინვარებდა, რომ უმნიშვნელო ბრალდებით ხვრეტდნენ ადამიანებს. სხვა სამშობლო კი მას არ ჰქონდა.
როცა ფრიდონი დახაუს ბანაკის უფროს ჰანს ლორიცს ადიუტანტმა წარუდგინა, ობერფიურერმა ეჭვის თვალით შეათვალიერა. მაღალ და ხმელ ქართველს გერმანელივით აკურატულად გადაევარცხნა ჩალისფერი დატალღული თმა და რომ არა ოდნავ კეხიანი ცხვირი, ნამდვილი არიელისგან არც განირჩეოდა. ჰანსმა მის პირად საქმეს ჩახედა.
–ორმოცდასამი წლის ხდებით... – თავად ერთი წლით უმცროსი იყო და თუმცაღა ეცადა, ჰეიდრიხის პროტეჟეს მიმართ უკმაყოფილება მისი თანდასწრებით მაინც არ დასტყობოდა, ხმის ინტონაციამ მაინც გასცა. „აზიური წარმოშობის კაცს, თანაც არისტოკრატს, რა დისციპლინა უნდა მოვთხოვო?”-უსიტყვოდ დაეწერა სახეზე.
რამდენიმე თვეში მისი დამოკიდებულება ფრიდონის მიმართ მკვეთრად შეიცვალა. ქართველი მისდამი მინდობილ საქმეს პირნათლად და სკრუპულოზურად ასრულებდა, ასე რომ ჰანსი მისი დანახვისას აღარ ბრეცდა თავის სქელ ტუჩებს და, ისედაც აპრეხილ ცხვირს, კიდევ უფრო მაღლა აღარ სწევდა. ყველასთვის გასაოცრად, ლორიცმა წულუკიძისთვის წოდების ვადამდე მომატების თხოვნით პატაკი თავად დაწერა, როგორც ჩანს, ქართველების არანაკლებ არიელობაში დარწმუნდა.
–მალე ჰაუპტშტურმფიურერი გახდებით, ფრიდ,–გაღიმების მიუხედავად, ჰანსის ოდნავ მოჭუტულ თვალებში მაინც გამოსჭვიოდა მგლური სიავე. ფრიდონმა მხოლოდ თავშეკავებული მადლობა მოახსენა. ობერფიურერმა მის ცისფერ თვალებში ღრმა სევდა ვერ ამოიკითხა.
ფრიდონს ნებისყოფის დიდი დაძაბვის ფასად უჯდებოდა გულის გაკერპება უამრავი განათლებული, პატიოსანი და უდანაშაულო ადამიანის ტანჯვის ცქერისას, რომლებიც ციხეში მხოლოდ იმიტომ იყვნენ ჩაყრილი, რომ განსხვავებულად აზროვნებდნენ ან წინაპრებში ებრაელი ერიათ. ოფიცრის მაღალმა ხელფასმა საშუალება მისცა, მიუნჰენში უკეთეს და მზიან ბინაში გადაეყვანა ოჯახი, ბავშვები სრულფასოვნად ეკვება და სამსახურში სასიარულოდ ავტომობილი შეეძინა, მაგრამ ერთი სული ჰქონდა, როდის გაასრულებდა ამ „გამოსაცდელ ვადას” და ჩვეულებრივი ჯარისკაცული ცხოვრებით იცხოვრებდა. მამას არ აგებინებდა, რცხვენოდა ეთქვა, რომ ციხის ყარაულად მუშაობდა.
კვირაში ერთხელ, სხვა ოფიცრების მსგავსად, ბანაკის პასუხისმგებელ მორიგედ უწევდა დახაუში ღამე დარჩენა. გვიან შემოდგომაზე ეს–ეს–ის ხელმძღვანელობამ მათ რიგებს მასზე ათი წლით უმცროსი ოტტო რანი შეჰმატა. როგორც ამბობდნენ, ჰიმლერი რაღაცით განურისხებია ამ პოეტივით შთაგონებულმზერიან ახალგაზრდას, რომელიც სამხედრო ფორმას ისეთი ზიზღით დახედავდა–ხოლმე, გეგონებოდა, ძალით ჩააცვესო. ასეთ დროს მორკალულ შავ წარბებს ზეაზიდავდა და ოდნავ გადმობურცული ზედა ტუჩით გაბუტულ ბავშვს ემსგავსებოდა.
ობერშტურმფიურერ რანს ფრიდონთან ერთად უწევდა დღეღამური მორიგეობა. მიუხედავად იმისა, რომ წოდება ერთნაირი ჰქონდათ, ოტტოს, როგორც ახალბედას, ბანაკს არ ანდობდნენ და მორიგე ქვედანაყოფის უფროსის მოადგილედ ნიშნავდნენ.
ღამის სიჩუმეში ნაგაზების განუწყვეტელი ყეფით ნერვებმოშლელი ფრიდონი დასამშვიდებლად ის–ის იყო, წიგნს ჩაუღრმავდა, რომ შემობრაგუნებული ოტტო საყარაულო პოსტების შემოვლის დასრულების შესახებ მოხსენებისათვის გამოეჯგიმა.
–დაჯექი, არ არის საჭირო ამ უკუნ ღამეში ფორმალობები,–ხელით ანიშნა წულუკიძემ.
ოტტო გადაშლილ წიგნს მიაჩერდა: აშკარად, შრიფტი ეუცნაურა და დაინტერესდა.
–რა ენაზე კითხულობთ, ჰერრ ფრიდ?–ვეღარ შეიკავა ცნობისწადილი.
–ჩემი მშობლიური ენაა, ქართული,–გაეღიმა ფრიდონს, – მსოფლიოში არსებული თოთხმეტი ანბანიდან ერთ–ერთია.
–გამიგონია, მაგრამ არასოდეს მინახავს,–გამოტყდა ოტტო,–მე ხომ პროფესიით ისტორიკოსი ვარ.
–აქ როგორ მოხვდით?
–გრალი** ვერ ვუპოვე ფიურერს და ჰიმლერი გამიბრაზდა, დახაუში გამამწესა.
ფრიდონი შეცბა. წიგნს, რომელსაც ის კითხულობდა, „გრაალის მცველნი” ერქვა და სულ ახალი გამოცემული ჰქონდა ემიგრაციაში მყოფ მწერალს, გრიგოლ რობაქიძეს. „ნუთუ ქართული იცის და სათაური წაიკითხა?”
-გრაალს ეძებდით? –გაიკვირვა ფრიდონმა,–რა საოცარი დამთხვევაა, ეს წიგნიც გრაალზეა, ოღონდ მოქმედება ჩვენს დროში, საქართველოში ხდება. ეშენბახის „პარციფალის” თავისებური ინტერპრეტაცია აქვს ავტორს.
–სწორედ მაგ მისტიკური პოემის ალეგორიების ამოხსნით ვიყავი დაკავებული, როცა ჰიმლერმა „ანანერბეში” მიმიწვია...
გრაალის თემამ ორივეს დაავიწყა, თუ ვინ იყვნენ და სად იმყოფებოდნენ. ოტტო თავდავიწყებით უყვებოდა თავის ექსპედიციებზე ლანგედოკში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობაში ლეგენდებად შემორჩენილ ამბებს ისმენდა, კატარების ისტორიისა და ეშენბახის პოემის ანალიზით ნაპოვნი „გასაღებების” მეშვეობით პოულობდა მონსეგიურის მთის მიწისქვეშეთში საიდუმლო შესასვლელებს... მუხლების კანკალით როგორ ჩავიდა ლომბრივისა და საბარტის გროტებში, მკრთალ სინათლეზე მბზინავ მთის ბროლის კედლებსა და კირქვის სტალაგმიტებს შორის ხეტიალში რამდენი წმინდა კატარისა და ტამპლიერი რაინდის ძვლებს შეეხო ხელით. ადამიანების თვალთაგან დაფარულ ამ უძველესი სალოცავების კედლებზე გამოსახული სიმბოლოებით ოტტომ დაადგინა, რომ კატარებსა და სოლომონის ტაძრის რაინდებს შორის ნამდვილად იყო ძალზე ახლო კავშირები და ღრმად იყო დარწმუნებული, რომ გრაალის ადგილსამყოფელიც აქ იყო.
–აი რა მომიყვა, ჰერრ ფრიდ, ერთმა მწყემსმა: იმ დროს, როცა მონსეგიურის კედლები ჯერ კიდევ დანგრეული არ იყო, კატარები იქ ინახავდნენ წმინდა გრალს. მის დასაუფლებლად და თავიანთი პრინცის დიადემაში დასაბრუნებლად ლუციფერის არმიები გარს შემოერტყნენ ციხესიმაგრეს. ყველაზე კრიტიკულ მომენტში ციდან ჩამოეშვა თეთრი მტრედი, რომელმაც ნისკარტით მთა ორად გააპო. ესკლარმონდამ, გრალის მცველმა, ეს წმინდა, უძვირფასესი ქვა ნაპრალის სიღრმეში ჩააგდო. მთა კვლავ შეიკრა – ასე გადარჩა გრალი. როცა დემონები შევიდნენ ციხესიმაგრეში, უკვე გვიანი იყო და, გაცოფებულებმა, ყველა წმინდანი დაწვეს. ყველა დაიღუპა, ესკლარმონდა დე ფუას გარდა. როცა მან დაინახა, რომ გრალი გადარჩენილია, მთის მწვერვალზე ავიდა, გადაიქცა თეთრ მტრედად და აზიის მთებისაკენ გაფრინდა.
–პარციფალის ნახევარძმა, ფეირეფიცი, აზიიდანაა, – თქვა ფრიდონმა, – მისი არაევროპელობა კი კანის ფერით არის გამოხატული – იგი ჭრელია, თეთრიც არის და შავიც. გრაალის დედოფალი რეპანს დე შოი მას ცოლად მოჰყვება და მიდის მის სამეფოში – ინდოეთში, მათი შვილია Presviter Joahn, რომელმაც სათავე დაუდო აღმოსავლეთის ქრისტიან მეფეთა დინასტიას.
–ეშენბახი ხომ ტამპლიერი იყო, ამიტომაც პოემაში გაჟღერებულია მათი უმთავრესი იდეა, რომ არა ცეცხლითა და მახვილით, არამედ ქრისტიანული სიყვარულის ძალით უნდა გაერთიანდეს მსოფლიო ჭეშმარიტი სარწმუნოებით. წმინდა გრალი უნდა იქცეს იმ ცხოველმყოფელ ძალად, რომელიც ყველა ხალხსა და ქვეყანას გააერთიანებს ერთი რელიგიით, რათა მოისპოს ომები და დამყარდეს საყოველთაო მშვიდობა. ეს უნივერსალისტური იდეაა ზეეროვნული მსოფლიო სახელმწიფოსი, ანუ იმპერიისა, რომელსაც ვოლფრამის კონცეფციით არა რომის პაპი, არამედ გრალის მიერ არჩეული მეფე უდგას სათავეში. მის ხელთ ორი მახვილია – საერო და სასულიერო ხელისუფლებათა სიმბოლოები.
–პრესვიტერი იოანე ორივეს აერთიანებს, მეფე–ბერია, როგორც ტამპლიერები იყვნენ რაინდი–ბერები. ოტტო, არ გიფიქრიათ, აღმოსავლეთის რომელი ქვეყანა იყო მისი სამეფოს პროტოტიპი ეშენბახისათვის? საით გაფრინდა ესკლარმონდა?
იმ ღამეს საუბრის დასრულება არ დასცალდათ, შემდეგ მორიგეობაზე ოტტომ ისევ ჩამოაგდო თავის იდეა–ფიქსზე საუბარი.
–რას წერს გრალზე თქვენი თანამემამულე?
–რომანის სამოქმედო დრო გასული ათწლეულია, რუსეთის მიერ 1921 წელს დემოკრატიული საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებული აგრესიისა და ოკუპაციის პერიოდი, რასაც უსასტიკესი რეპრესიები მოჰყვა. რობაქიძე ქმნის გრაალის ქართულ მისტიკურ ისტორიას, თითქოს თასი საუკუნეთა განმავლობაში ქართველ ერისთავთა საგვარეულოს ებარა. იმ დროს, როცა რომანის მოქმედება მიმდინარეობს, მისი მფლობელია თავადი გიორგი. საქართველოს უმძიმესი განსაცდელი უდგას და გიორგი ერისთავი ქმნის გრაალის წმინდა მხედრობას, მის რაინდთა ორდენს. აქ შეიძლება შევნიშნოთ პარალელები ეშენბახთან: ვოლფრამის მეთევზე–მეფეს თავადი გიორგის სახით თავისი ორეული ჰყავს, ხოლო პარციფალს – ლევან ორბელიანი, ასევე თავისი ორეული გრაალის დედოფალსაც ჰყავს, თავად გიორგის რძალი ნორინა, რომელიც ქართველი კი არა, უცხოელია.
–რატომ არის ქართული გრალის დედოფალი უცხოელი ქალი? –ჩაეძია ოტტო.
–რატომ თხოვდება ეშენბახისეული გრაალის დედოფალი აღმოსავლეთში?–კითხვითვე უპასუხა ფრიდონმა.
–გამოდის, ტამპლიერებს გრალი თქვენს სამშობლოში წაუღიათ,–გაიღიმა ოტტომ,–ამიტომაც ვერ მივაგენი ევროპაში. კიდევ კარგი, არ ისურვა წმინდა გრალმა, რომ მე მეპოვა, თორემ იდგებოდა ახლა ვეველსბურგის ციხე–კოშკში, შავი მარმარილოსგან მისთვის გამოკვეთილ კვარცხლბეკზე...
ფრიდონმა ტუჩებთან თითი მიიტანა, ანიშნა: სიფრთხილე გვმართებსო. ოტტო ამაზე კიდევ უფრო გაღიზიანდა და, მართალია ჩურჩულით, მაგრამ მაინც უთხრა:
–ამ ყველაფრის შემხედვარე, რაც ახლა ხდება, ძალიან ვღელავ. საით მიექანება ჩემი გერმანია? ჩემნაირ შემწყნარებელ და ლიბერალ ადამიანებს სამშობლოში აღარ ედგომებათ, უფრო სწორად, მათ აქ, დახაუში მიუჩინეს ადგილი!
–რა გიკვირთ? ნაციონალიზმი ნაძირალების თავშესაფარია,–ჩურჩულითვე უპასუხა წულუკიძემ.
ემოციების მოზღვავების ფონზე წარმოთქმულ ამ სიტყვებში ოტტო რამდენიმე დღეში კიდევ ერთხელ დარწმუნდა, როცა პატიმრის ზოლებიან პიჟამაში გადაცმულ პროფესორ იაჰვენსენს დახაუს ერთ–ერთ ბარაკში შეეფეთა. რანი 1922–26 წლებში გიესსენის უნივერსიტეტში იურისპრუდენციას, გერმანულ ფილოსოფიას და ისტორიას სწავლობდა და სწორედ ამ პროფესორს ემადლიერებოდა ყველაზე მეტად, როგორც თვითონ ამბობდა, საკუთარი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისათვის. სპეტაკი თეთრი თმითა და ჭაღარა „ბლანჟე” წვერით ის სხვა პატიმრებს შორის თვალში მოსახვედრი იყო და ოტტოს მის დანახვაზე სირცხვილის ალმურმა თავით ფეხამდე დაუარა. ვერც კი გამოელაპარაკა. ან რა ეთქვა, რა იმედი მიეცა, როცა აქედან ცოცხალი თითქმის არავინ გადიოდა? კრემატორიუმში ყოველდღე წვავდნენ შიმშილისგან ჩონჩხადქცეულ ათობით ადამიანყოფილს.
დილით ჰანსმა, ბანაკის უფროსმა, ფრიდონს და ოტტოს დაავალა: დოქტორი ავგუსტ ჰირტი მოვა და ყველანაირად შეუწყეთ ხელიო. „ანანერბეს” სამედიცინო პროგრამების ხელმძღვანელი რამდენიმე თანაშემწით გამოცხადდა. პუტკუნა ლოყებქვეშ, ფორმის საყელოზე მარცხნივ, შავ ფონზე სამი ვერცხლისფერი რომბი და ორი ორმაგი ხაზი ბზინავდა, ანუ მათზე მაღალჩინოსანი იყო და ორივემ ერდროულად გაშალეს მარჯვენა, ნაცისტური მისალმების ნიშნად. ჰირტმა ოდნავ აიქნია ხელი, თითქოს არც შეუნიშნავს მასპინძლები, ისე გასწია ლაზარეთისკენ.
ჰირტს 20–დან 60 წლამდე ასაკის ებრაელები აინტერესებდა, როგორც თვითონ განმარტა, „ჩამოყალიბებული თავის ქალებით”. ფრიდონი და ოტტო მთელი დღე კარტოთეკაში იქექებოდნენ, იწერდნენ ებრაელი პატიმრების ნომრებს, რომლებსაც მერე მათი ქვეშევრდომები ეძებდნენ ბარაკებში და რიგ–რიგობით მიყავდათ ლაზარეთში. შტანგენფარგლით მათი თავების გაზომვებში დოქტორი ისე იყო გართული, სადილად არც კი შეუსვენია. ნაშუადღევს, როგორც იქნა, დაღლილობა მოერია და ორივე თავისთან დაიბარა:
–მნიშვნელოვანი ექსპერიმენტისთვის ქალი და მამაკაცი შევარჩიე. აი მათი ნომრები, ოღონდ თავად გაისარჯეთ და მოიყვანეთ, ჯარისკაცებს ნუ ანდობთ ამ საქმეს,–სთხოვა.
ქალი მალევე იპოვეს და მიუყვანეს. მამაკაცის მოსაძებნად ბარაკში რომ შევიდნენ და ნომერი გამოაცხადეს, ახალგაზრდა, მაგრამ უკვე თმაშევერცხლილი განაწამებსახიანი ებრაელი გამოეყო პატიმართა რიგებს. „ალბათ მუსიკოსი იქნება”,–გაიფიქრა ფრიდონმა, როცა მის გრძელ თითებს შეხედა, რომლებსაც, სიგამხდრის მიუხედავად, მაინც არ დაკარგოდათ სინატიფე. ორი ბიჭუნა ერთდროულად აზლუქუნდა. ერთი, უფროსი, ათიოდე წლის, ცდილობდა ვაჟკაცურად მოქცეულიყო და ცრემლი შეეკავებინა, მასზე უმცროსი კი მამას გამოენთო და მერე ოტტოს წინ დაეცა მუხლებზე, ჩექმაზე ხელი შემოხვია და შესტირა:
–ჰერრ, ნუ წაიყვანთ მამას, გევედრებით, მის მეტი აღარავინ დაგვრჩა... ჰერრ...
ოტტო გახევდა და წულუკიძეს ფერდაკარგული თვალებით გახედა. ფრიდონსაც ხახა გადაუშრა, ხმას არ იღებდა. ასაკოვანმა, თეთრთმიანმა პატიმარმა მიირბინა, ბავშვს ხელი მოხვია და წამოაყენა, გულში ჩაიკრა. ამ დროს აჰხედა ოტტოს. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ და პროფესორმა თავისი მოწაფე იცნო.
პატიმარმა ბავშვი უკან–უკან წაიყვანა, თან ოტტოს თვალს არ აცილებდა. მეორეც მას აეკრა. ფრიდონმა შენიშნა ეს მრავლისმეტყველი უტყვი მზერა და გახევებული ოტტო გამოაფხიზლა:
–ობერშტურმფიურერო, გველოდებიან!
ოტტოს წამოსვლას წამოლასლასება უფრო ერქვა. თავჩაღუნული დასცქეროდა თავის გაპრიალებულ ჩექმებს, რომლებიც ბავშვის ცრემლს დაენამა.
პატიმარი ლაზარეთში მიიყვანეს, თავად კი ეზოში გაჩერდნენ. ოტტომ, რომელმაც სიგარეტის წევა დახაუში ყოფნისას დაიწყო, მაგრად მოქაჩა თამბაქო. თითები უცახცახებდა.
–ის ჩემი მასწავლებელი იყო უნივერსიტეტში. ვაღმერთებდი,–უპასუხა ოტტომ ფრიდონის კითხვანარევ მზერას,–ჰერრ ფრიდ, თქვენ გყავთ შვილები?
–ორნი. მათი თანატოლები არიან.
–მადლობა ღმერთს, ოჯახს არ მოვეკიდე. ამ ჯოჯოხეთურ დროში, ვინ იცის, რა მოელით ბავშვებს.
ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ ჰირტის თანაშემწეებმა ჯარისკაცების დახმარება ითხოვეს. როდესაც ლაზარეთიდან საკაცეებით ორი გვამი გამოასვენეს, ოტტო უცნაურმა ცნობისწადილმა აიტანა, მივიდა და ერთ–ერთს ზეწარი გადახადა. ძვირად დაუჯდა თავმოკვეთილი გვამის წაკვეთილი კისრიდან გამოჩხერილი ხერხემლის მალების, გადაჭრილი საყლაპავისა და ტრაქეის, სისხლშემხმარი არტერიების ნაფლეთების ხილვა. ფრიდონი რომ არ მიშველებოდა ფერწასულს, ალბათ წაიქცეოდა. მერე გაზონზე ახლადმოსულ თოვლს არწყია.
ფრიდონს ომის დროს ჭურვებით დაფლეთილ–დასახიჩრებული ბევრი უნახავს და აიტანა. მაგრამ ომი – ომია, აქ კი ფრონტის ხაზი არ იყო. ან, იქნებ იყო კიდეც, ოღონდ უხილავი, რომელიც საზღვარს ავლებდა ადამიანობასა და მხეცობას შორის?
ჰირტმა და მისი თანაშემწეებმა სამშობლოს წინაშე ვალმოხდილებივით, ამაყად თავაწეულებმა გაიარეს და ჩანთები ავტომანქანის საბარგულში ჩააწყვეს. მათი ყნოსვა მიჩვეული იყო ფორმალინის სპირტხსნარის მძაფრ სუნს, რომელიც უხვადდასხმული ძვირფასი ოდეკოლონების არომატში ირეოდა. კმაყოფილებით დატოვეს დახაუ: ხუმრობა ხომ არაა, თავის ქალების კოლექციას ორი ტიპიური სემიტის ეგზემპლარი შემატეს!
ოფიცრების ოთახში ოტტო მარტო იყო, იჯდა და იატაკს უაზროდ დასჩერებოდა. წულუკიძე შევიდა, გვერდზე მიუჯდა და ისე ანგარიშმიუცემლად უთხრა, რომ ეგონა, სხვა ვიღაც ლაპარაკობდა მის მაგივრად:
–ოტტო, მე გავიყვან აქედან თქვენს პროფესორს და იმ ბავშვებს, თუ, რა თქმა უნდა, დამეხმარებით და არ დამასმენთ.
ახალგაზრდამ ამოხედა, თვალებში სინათლის სხივი გაუკრთა.
–მერე მე მივატოვებ ამ სამსახურს და წავალ სადმე, მთებში... მაგრამ თქვენ ძალიან რისკავთ, შეიძლება მათ ადგილას აღმოჩნდეთ.
ფრიდონმა თავი გაიქნია.
–მეც წავალ აქედან, აქ ჩემი ადგილი არ არის. წავალ ესპანეთში, კომუნისტებთან ვიომებ.
ღამის მორიგედ წასვლის წინ ფრიდონმა მამისა და ბავშვების პასპორტები გულის ჯიბეში ჩაიდო და მეუღლეს სთხოვა, მათი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის თითო კომპლექტი გაეტანებინა. ქმრის დაღარულ შუბლსა და დარდიან თვალებს რომ შეხედა, გრეტამ არაფერი ჰკითხა, ჩუმად შეუსრულა თხოვნა.
ზამთრის გრძელი ღამე ისე გალიეს ფრიდონმა და ოტტომ, არაფერზე უსაუბრიათ. ორივე თავ–თავის ფიქრებს მისცემოდა.
ირიჟრაჟა. რანმა, მეტი დამაჯერებლობისათვის, ავტომატი გადაიკიდა და ბარაკისაკენ წავიდა. მისი ლულა ზურგში მიუშვირა და მოხუცი და ბავშვები ისე წამოიმძღვარა წინ.
-შნელ, შნელ!
ფრიდონს ავტო მოფარებულში ეყენა. სანამ პროფესორმა ტანისამოსი გამოიცვალა და ბავშვებსაც გადააცვა, ოტტო მოშორებით იდგა და თვალყურს ადევნებდა, ვინმეს შემთხვევით არ გამოევლო. როცა პატარები მანქანის საბარგულში ჩატიეს, პალტოგადაფარებული მოხუცი კი უკანა სავარძელთან ჩაწვა, ოტტო კაბინეტში ავიდა და დაღუპულების ჟურნალში სამივეზე ჩანაწერი გააკეთა. ფრიდონს დაანახა, თითქოს ამით უნდოდა დაერწმუნებინა, რომ არ უღალატებდა.
წულუკიძემ მანქანა დაქოქა. როცა მის უკან დახაუს მძიმე ჭიშკარი მიიხურა, მაშინღა ამოისუნთქა. შესასვლელის თაღზე შემომჯდარმა უზარმაზარმა არწივმა, რომელსაც სვასტიკა ბრჭყალებით ჰქონდა ჩაბღუჯული, ქვის ბრმა თვალებით გააყოლა მზერა მანქანის საბარგულს, რომელშიც ორი პატარა გული გამალებით ძგერდა.
სახლებს გასცდნენ თუ არა, ფრიდონმა მანქანა მომცრო ტევრში შეაყენა. ბავშვები საბარგულიდან ამოიყვანეს, დაბუჟებული ხელ–ფეხი დაუზილეს და უკანა სავარძელზე დასვეს. ყმაწვილები, რომლებიც პატიმრობას დროზე ადრე დაეჭკვიანებინა, ყურადღებით ისმენდნენ მათ დარიგებებს. ფრიდონმა მამამისის პასპორტი პროფესორს გადასცა.
–ელ იაჰვენსენი,–მადლიერი ღიმილით გაუწოდა ხელი მოხუცმა.
–სასიამოვნოა, ჰერრ, თქვენი გაცნობა,–მექანიკურად უპასუხა ფრიდონმა, – ობერ–შტურმფიური წულუკიძე,–ხელი შეაგება.
მანქანა საავტომობილო ტრასაზე გაქროლდა. სამშვიდობომდე გრძელი გზა ჰქონდათ გასავლელი, რომლის ყოველ ნაბიჯზე შეიძლება გესტაპოსფორმიანი სიკვდილი ყოფილიყო ჩასაფრებული. მიუნჰენი და აუგსბურგი მშვიდად გაიარეს, არავის შეუჩერებია. როგორც ჩანს, ესესელის ფორმა, საყელოზე სამი რომბითა და ორი ხაზით, საშვის ფუნქციას კარგად ასრულებდა. ფრიდონსაც ამის იმედი ჰქონდა.
ერთ–ერთი სოფლის გზის პირას მდგომ მაღაზიაში ფრიდონმა ბუტერბროდები იყიდა, მისავათებული ბავშვები შეაღვიძა და როცა სარკეში დაინახა, დამშეულები როგორ ხარბად შეექცეოდნენ საჭმელს, ყელში მობჯენილი ბურთი ძლივს გადაყლაპა. იაჰვენსენი, ნებისყოფის დაძაბვით, თავშეკავებულად, მცირე ლუკმებით ცდილობდა მიეღო საკვები, რომ ნაშიმშილარი კუჭი არ ასტკივებოდა.
შტუტგარტის შემდეგ ფრიდონმა გეზი სამხრეთისაკენ აიღო და მალე შვეიცარიის თოვლიანი ალპებიც გამოჩნდა.
–ჰერრ ცულუკიდზე...
–ფრიდი დამიძახეთ.
–კარგით. მინდოდა მეკითხა, თქვენ გერმანელი არ ხართ, ხომ ასეა?
–დიახ, ქართელი ემიგრანტი ვარ.
–კომუნისტებს გამოექეცით, ალბათ, და გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის იმედით დაიწყეთ ფაშისტებთან სამსახური?
–მართალი ბრძანდებით.
–ამ ბოლო დროს ჰიტლერი და სტალინი კარგად უგებენ ერთმანეთს, ალბათ მსოფლიოს გაყოფაზეც შეთანხმდებიან... თქვენ ეს არ გაწყობთ, ხომ ასეა?
–ნამდვილად.
–ციურიხში რომ ჩავალთ, იქიდან მე ერთ ძველ მანუსკრიპტს გამოგატანთ, იქნებ რაიმე საბაბით ჰიმლერთან შეაგზავნოთ. ამით ამ მოსალოდნელ ზავს ბუტაფორიად აქცევთ და, ვინძლო, ამით დავატაკოთ ეს ორი მონსტრი, რომ კაცობრიობა გადავარჩინოთ.
–ძველ მანუსკრიპტს დღევანდელ პოლიტიკაში რა ძალა ექნება?–დაეჭვდა წულუკიძე.
პროფესორს ჩაეღიმა.
–შეიძლება გაგონილი გქონდეთ კიდეც, რომ ჰიტლერი მისტიური გრაალის დაუფლების სურვილითაა შეპყრობილი.
–თქვენი ნასტუდენტარის მონაყოლიდან შეიძლება ასეთი დასკვნის გაკეთება.
–ავსტრიის ანშლუსით იმიტომ დაიწყო, რომ ლონგინის შუბი ჩაეგდო ხელში. ახლა გრაალის ჯერია, რომ მსოფლიოზე გაბატონდეს. ეგ ხელნაწერი, რომელსაც მე მოგცემთ (თუ, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად გავაღწიეთ), წერილია. სხვათა შორის, თქვენს სამშობლოში დაიწერა***. იქიდან ჰიმლერი შეიტყობს, რომ გრაალს ევროპაში ტყუილად ეძებს, მერე კი თავის ფიურერსაც დაარწმუნებს, რომ გერმანულ სამხედრო მანქანას, დასავლეთის ნაცვლად, აღმოსავლეთისაკენ უქნას პირი. თქვენც ხომ ეს გინდათ?
წულუკიძე ჩაფიქრდა. „რობაქიძის აზრს იმეორებს, გეგონება, რანთან ჩემი საუბარი მოისმინაო. ოტტომ ხომ არ მოუყვა?”
–ოტტოსთან მე არ მისაუბრია, არ დაგვცალდა,–გამოიცნო ფრიდონის აზრები იაჰვენსენმა.
–არა, მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. რა თქმა უნდა, ვეცდები.
–ფრიდ, თქვენ ამით, შესაძლოა, პლანეტა დაღუპვისაგან იხსნათ. გერმანელი ფიზიკოსების პოტენციალი, თავის რუს და ამერიკელ კოლეგებთან შედარებით, ძალიან მაღალია. ისინი ახლოს არიან კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი და მომწამლავი იარაღის – თერმობირთვული ბომბის შექმნასთან. უფრო სწორად, რამდენიმე წელიწადში იქნებიან. თუ ჰიტლერმა ანგლოსაქსებთან გამართა ომი, როგორც ახლა აპირებს, ამასობაში რუსებიც კუდში მიჰყვებიან და მათაც ექნებათ ანალოგიური ბომბები. რა თქმა უნდა, ეს ორი პარანოიკი ბოლოს მაინც დაეტაკება ერთმანეთს, მაგრამ ამ იარაღით დედამიწას დაანგრევენ. ამიტომ, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჰიტლერი საბჭოთა კავშირს დაესხას თავს და არა – ინგლისსა და ამერიკას. მსხვერპლი ამ შემთხვევაშიც უზარმაზარი იქნება, მაგრამ კაცობრიობა გადარჩება.
–თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ძველი წერილი ჰიტლერს გეგმებს შეაცვლევინებს?
–შეუძლებელია, გერმანელთა დაზვერვას არ მოეხსენებინა, რომ ჩეკისტი ალექსანდრე ბარჩენკო კრიპტოგრაფიის საიდუმლო განყოფილების უფროსი, 1926 წლიდან ყირიმში ეძებს გრაალს. და არა მარტო ყირიმში. ასე რომ, სტალინსაც ჰიტლერივით სჭირდება ეს არტეფაქტი, იმავე მიზნით – მსოფლიოზე ბატონობისთვის. თუ ჰიტლერმა დაიჯერა, რომ გრაალი საბჭოთა კავშირშია, სასწრაფოდ დაიწყებს ომს, თუნდაც გერმანიის სამხედრო პოტენციალი არ იყოს საამისოდ სათანადოდ მომზადებული*. ფიურერი აღარ დაუგდებს სამხედრო სპეციალისტების რჩევებს ყურს, იმის შიშით, სტალინმა არ დამასწროს გრაალის ხელში ჩაგდებაო.
–კარგით, დამარწმუნეთ. ვეცდები ეს მანუსკრიპტი ჰეიდრიხის ხელში აღმოჩნდეს. ეს საკმარისი იქნება?
–სავსებით. ალბათ გაგონილი გექნებათ ანეგდოტი ოთხი H-ს შესახებ–Himmlers Hirn Heisst Heydrich**** .
–კი, რა თქმა უნდა, ემიგრანტულ წრეებშიც შემოაღწია, – უგულოდ გაიცინა წულუკიძემ,–თქვენ შეძლებთ, ბავშვებს უპატრონოთ? შვეიცარიაში გყავთ ვინმე ნაცნობი? ცოტაოდენ ფულს მე მოგცემთ, დასაწყისისთვის გეყოფათ.
–მაგაზე არ შეწუხდეთ, ფრიდ. შვეიცარიის ბანკებში საკმაო ფული ირიცხება ჩემს სახელზე. თუ თქვენ გადაწყვეტთ ოჯახთან ერთად თავი დააღწიოთ ფაშისტებს, სიამოვნებით გიმასპინძლებთ.
–მადლობელი ვარ შემოთავაზებისათვის, ჯერ საზღვრის გადაკვეთაა საქმე.
წულუკიძემ შვებით ამოისუნთქა: ესე იგი, ბავშვებსა და მოხუცს უცხო ქვეყანაში ბედის ანაბარა არ მიაგდებდა. ახლა მთავარი იყო, რომ იქამდე ჩაეყვანა.
საბაჟო კონტროლი უპრობლემოდ გაიარეს. გაუმართლათ: ახალგაზრდა გესტაპოელმა მებაჟემ პასპორტებში კირკიტს თავისი მხედრული ქცევით საჭესთან გაბღენძილი ობერშტურმფიურერისათვის თავის მოწონება ამჯობინა.
იაჰვენსენმა ფრიდონს ციურიხის ერთ–ერთ ბანკთან მიყვანა სთხოვა. მალევე გამობრუნდა, დაპირებული მანუსკრიპტითა და ბანკნოტებით სავსე ჩანთით.
–ფრიდ, თავს მოუფრთხილდით, თქვენნაირი ადამიანი ბევრი არ დადის ამ ბედკრული დედამიწის ზურგზე,–უთხრა ჭაღარამ დამშვიდობებისას. მისი სიმკვირცხლის შემხედვარე წულუკიძეს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ აქამდე თითქოს მოტეხილი მოხუცი ალპების ჰაერს ერთბაშად გაეახალგაზრდავებინა, ან, შეიძლება, თავისუფლებამ იმოქმედა ელექსირივით.
* * *
ჰიმლერმა ჰეიდრიხის მიერ მოტანილ ლათინურ ხელნაწერს დახედა, ექსპერტთა დასკვნასაც გადაავლო თვალი, სადაც მისი ხუთასწლოვანი ასაკი ეჭვგარეშედ იყო ცნობილი. ჯერ ფრიდონ წულუკიძისთვის ჰაუპტშტურმფიურერის წოდების მინიჭების ბრძანებას მოაწერა ხელი, მერე ეს–ესიდან წასვლის შესახებ ოტტო რანის პატაკს წააწერა: „დაკმაყოფილდეს”. მდივანს დაავალა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დავალების შესასრულებლად ესპანეთში ხანგრძლივი მივლინებით წულუკიძის გამგზავრების ბრძანება მოემზადებინა.
ამასობაში რეინგარდიც მოვიდა.
–რა გითხრათ მიხეილ ახმეტელმა საქართველოსა და ტამპლიერებს შორის კავშირების შესახებ?–დაინტერესდა ჰიმლერი მისალმებისთანავე.
–თავად ისტორიკოსი არ არის, მაგრამ ისე ჰყვარებია თავიანთი წარსული, სპეციალისტებზე არანაკლები ცოდნა აქვს. მისი ნათქვამით გამოდის, რომ ეშენბახის პრესვიტერი იოანე ქართველთა მეფე დავით მშენებელია. ჰერალდიკა ამას ამტკიცებს: დავითის დროშა ისეთივეა, როგორც ტამპლიერების – შავ–თეთრი, მასზე წითელი ჯვარია და რქიანი ცხენი - მარტორქა. იგივე სიმბოლიკა აქვთ ტამპლიერებს – წითელი ჯვარი თეთრ ფონზე, მათ გერბზე კი ზუსტად ასეთივე ცხენია გამოსახული. ჰენრიხ, შეუძლებელია, ეს შემთხვევითი დამთხვევები იყოს. მანუსკრიპტში ნახსენები დინასტია კი ტრაპიზონის მეფეებისაა, კომნინების. მათ წინაპარს, ისააკს, დავითის ქალიშვილი ჰყავდა ცოლად. ტრაპიზონის იმპერია ყირიმის მიწებსაც მოიცავდა. ახლა გასაგებია, რას ეძებენ იქ რუსები.
–ვივარაუდოთ, რომ გადარჩენილმა ტამპლიერებმა გრაალი კავკასიაში წაიღეს?
–სრულიად შესაძლებელია. ფილიპე ლამაზის დროს საქართველოს სამეფო ხელახლა გაძლიერდა და მათ მეფეს, გიორგი ბრწყინვალეს, „რაინდთა მფარველსაც” უწოდებდნენ – ასე ამბობს ახმეტელი.
–რას იტყვით, რეინგარდ, გავაგზავნოთ ექსპედიცია თურქეთში?
–აუცილებლად. ყირიმსა და კავკასიაშიც... როცა ჩვენი გახდება.
–ალბათ, მალე!–გაიღიმა ჰიმლერმა,–ფიურერს მოვახსენებ.
–ჰაილ ჰიტლერ!

-- * * *
მზემ შეალღო ტიროლის მთები, ერთფეროვანი სითეთრე ნაკადულებით გადაიდღაბნა, ალაგ–ალაგ ენძელებმა წამოყვეს თავი. ოტტო აუჩქარებლად ავიდა მწვერვალზე. ქვიდან სველი თოვლი გადაფერთხა, ჩამოჯდა და დაისის ალში ცეცხლის ენებად აელვარებულ მყინვარებს მიმოავლო თვალი.
16 მარტი მოახლოვდა – დღე, როცა საუკუნეების წინ ორასმა კატარმა თავი გაწირა რწმენისათვის და ცოცხლოდ დაწვა ირჩია. მათთან მისვლა ეწადა, ვისი დატოვებული კვალის შესწავლასაც მიუძღვნა ცხოვრება. როგორ უნდოდა, მათი მოძღვრებისათვის თანამედროვენი ეზიარებინა, რითაც სისხლით მორწყულ მიწაზე მშვიდობა და ახალი წესრიგი დამყარდებოდა, მაგრამ ევროპის გაერთიანებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორს იყო. ბნელი ძალები ბოგინობდნენ ცოდვილ დედამიწაზე და კაცობრიობას კაცთაკვლის მორიგ ციკლონში ითრევდნენ.
აქედან კი, მაღალი გადმოსახედიდან, ადამიანთა უგუნურობისაგან შორს, ოტტო გრძნობდა სამყაროსთან სიახლოვეს, მასთან ერთობის დაუოკებელ სურვილს. ციანიდის ამპულა კბილებით გადატეხა და ნუშისსსუნიანი სითხე პირში ჩაეღვარა. მალე აყვავდებოდა ნუში...

-----------------------------------------------
* ალბერტ შპეერი, „მოგონებები”
** ოტტო რანი თავის წიგნებში ამ არტეფაქტს, ფრანგული მანერით, „გრალს” უწოდებს
*** იხ. „მეთოთხმეტე მეფე”
**** (გერმ.)ჰიმლერის ტვინს ჰაიდრიხი ჰქვია