23 March, 2012

ჯანმრთელობის ძარცვის სისტემა

                გამოქვეყნებულია საიტზე   http://european.ge/767/ 
                  და გაზეთში "ქართული ოცნება" #1 მაისი, 2012 წელი
ახალი საავადმყოფოების დიდი ზარ–ზეიმით გახსნა მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრა რომ არის, ამას ხალხი „საკუთარ ტყავზე“ მალევე იგრძნობს, მაგრამ, ვიდრე ამას მიხვდება, სულაც არაა ძნელი იმის პროგნოზირება, თუ რა შედეგებს მოგვიტანს საქართველოს ჯანდაცვის დღევანდელი სისტემა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მისი მფლობელების მოგებაზეა მომართული. მის შემოქმედ ხელისუფალთა ბაქი–ბუქით დეკლარირებული  მიზნების  უკან, რამდენადაც მთელი ეს სექტორი უკვე კერძო კაპიტალის ხელშია, მოსახლეობის ჯიბის ხარჯზე ზემოგების მიღების დაუოკებელი წყურვილი დგას და სწორედ ესაა ამ სისტემის რეალური მამოძრავებელი ძალა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“, მისი იდეოლოგიური (და მერკანტილური) ხედვებიდან გამომდინარე,  ჯანდაცვის სისტემა მთლიანად კერძო „ინვესტორებს“ გადაულოცა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან უფინანსებს პროგრამებს, რომლებიც  მათი გამდიდრების ერთ–ერთი წყაროა. მაგალითად, „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ“ მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევისთვის ბიუჯეტიდან გაღებული თანხები კერძო სადაზღვევო კომპანიებს ერიცხებათ. კონტროლის პალატამ ერთხელ ჩაატარა მათი შემოწმება და აღმოაჩინა, რომ მათგან მხოლოდ 20–50% ხმარდება  დაზღვეულთა მომსახურებას, დანარჩენი კი კომპანიების მფლობელებს რჩებათ. ცხადია, ასე იქნება, რადგან სადაზღვევო კომპანიის მიზანი მოგების მიღებაა და არა – ქველმოქმედება და გაჭირვებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
რაც უფრო მეტი ოჯახი გაღარიბდება იმდენად, რომ სახელმწიფოსგან მიიღებს სადაზღვევო პოლისს, მით უფრო მეტ მოგებას მიიღებენ ამ პროგრამით სადაზღვევო კომპანიები: ჯანდაცვის ასეთი სისტემა მოსახლეობის გაღატაკებით არის დაინტერესებული. სამედიცინო დაწესებულებებსა და ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების უკონტროლობა მოსახლეობის გაღარიბების ერთ–ერთი მძლავრი ფაქტორია.
კომპანიების მოგება მით მეტი იქნება, რაც უფრო ნაკლებ ხარჯებს გასწევს ის დაზღვეულთა მომსახურებაზე. საამისო ბერკეტი ხელისუფლებამ მათ აჩუქა ჰოსპიტალური სექტორის გადაცემით. ახლა საავადმყოფოები სადაზღვევო კომპანიების საკუთრებაა და ისინი დაინტერესებულები არიან, რომ  დაიქირავონ რაც შეიძლება ნაკლები მედპერსონალი, რომელიც მათი ნების უსიტყვო შემსრულებელი იქნება, და რაც შეიძლება ნაკლები გადაუხადონ მას. ექიმები, სამუშაოს დაკარგვის შიშით, მენეჯერებს თვალებში უნდა შეჰყურებდნენ, მათი მიზანი  პაციენტის განკურნება აღარ არის, არამედ მისი მდგომარეობის გაუმჯობესება, რომ დროზე გაწერონ ბინაზე და ჰოსპიტალის მფლობლმა სადაზღვევო კომპანიამ არ იზარალოს. იმავდროულად, დაზღვევის არმქონე პაციენტი, რომელიც „ჯიბიდან“ იხდის,  მაქსიმალურად უნდა „გაიყვლიფოს“ არასაჭირო კვლევებისა და მანიპულაცია–ოპერაციების ჩატარებით. ამ პირობებს სრულიად აკმაყოფილებს შემოქმედებით აზროვნებას მოკლებული, არაკვალიფიცირებული კადრები, რომლებიც მხოლოდ „გაიდლაინებით“ იმუშავებენ: ჯანდაცვის ასეთი სისტემა ორიენტირებულია სამედიცინო დახმარების მოცულობისა და ხარისხის შემცირებაზე, მას არ სჭირდება კვალიფიციური და პატიოსანი ექიმები.
ასეთ პირობებში საავადმყოფოში მოხვედრილი პაციენტი დაავადებისგან არ განიკურნება, (როცა ეს შესაძლებელია), არამედ ქრონიკული ავადმყოფი გახდება, რომელიც წლობით მოიხმარს მედიკამენტებს. ჯანდაცვის სისტემა იმ კომპანიებ ხელშია, რომლებიც თვითონ აწარმოებენ მედიკამენტებს და მათ დისტრიბუციას, სამედიცინო დაზღვევას და სამკურნალო საქმესაც. ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს, მაგრამ სწორედ ასეთი სისტემა იძლევა ზემოგების მიღების საშუალებას წამლების ხარისხის შემცირების (რაც ასევე დაავადების ქრონიზაციის ხშირი მიზეზია) ხარჯზე მათი თვითღირებულების კლების, მათ კლინიკებში მათივე წარმოებული „ჯენერიკების“ გამოყენების სავალდებულობისა და სხვა კომპანიებთან ფარული შეთანხმებით მედიკამენტების ფასების მაქსიმალური ზრდის გზით. ქართული ოლიგოპოლურფარმაცევტული ბაზარი „არასაჭირო პრეპარატების“ დანიშვნა-გამოწერით კატასტროფულად ზრდის მკურნალობის ხარჯებს: თუ დასავლეთის ქვეყნებში სამკურნალო პრეპარატების ხარჯი მკურნალობის ხარჯის 12%-16% შეადგენს, საქართველოში ეს წილი 50%–ს  აღწევს. ჯანდაცვის ასეთი სისტემისთვის მომგებიანია ქრონიკული დაავადებებით დასნებოვნებული პაციენტების სიმრავლე, რომლებსაც დაბალი ხარისხის მედიკამენტებს ძვირად მიჰყიდიან კომპანიები.
ამგვარ სიტუაციაში პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მენეჯმენტის იმავე ხელში მოქცევა, რომელიც მართავს ჰოსპიტალებს, გამოსავალი კი არაა, პირიქით, მანკიერ სისტემას აძლიერებს: სოფლის ექიმებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე აქვთ ფიქსირებული ხელფასი (კომპანიებს ეს არ აზარალებს) და მათთვის ფარულად მედიკამენტების გასაღებას  დავალების მიცემაც შესაძლებელი ხდება.
რაც არ უნდა მანკიერი სისტემა იყოს ამ სფეროში, ან სულაც რომ არ გვქონდეს სამედიცინო დახმარების არანაირი სისტემა, ბუნებრივ პირობებში მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც ჯანმრთელი იქნება და მისგან ფულის ამოქაჩვას ეს კარტელები ვერ შეძლებენ. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ "მწვანე შუქი" აენთო ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც მეწარმეთა მიერ გარემოს დაბინძურებას უკონტროლოს ხდიან. ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებული გარემო, განადგურებული ტყეები და დანგრეული ეკოსისტემები ხომ თანდათან, მაგრამ განუხრელად ზრდის მოსახლეობის დაავადებიანობას.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“, თავისი რვაწლიანი მმართველობის პერიოდში შექმნა ისეთი სისტემა, რომლისთვისაც „ჯანმრთელობის დაცვის“ სახელის დარქმევა მხოლოდ სარკაზმით თუ შეიძლება. მისი მიზანი, საბოლოო ჯამში, ხელისუფლებასთან შეზრდილი ოლიგარქების მიერ ზემოგების მიღებაა, მის მიერვე გაღატაკებული და დაავადებული მოსახლეობისაგან.
დროა,  ჩვენმა ხალხმა ამაზე თვალი გაახილოს და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვისთვის, შვილების გადარჩენისთვის, ავტორიტარული რეჟიმის წინაშე შიშის დაძლევით წინ აღუდგეს მისი საარჩევნო ხმებით მანიპულირებას „ვაუჩერებითა“ და სხვა სატყუარებით, წლევანდელი საპარლამენტო არჩევნებით ხელისუფლებაში მოიყვანოს პატიოსანი ადამიანები, ვინც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ჯანდაცვის სექტორის გარდაქმნის ისეთ მოდელებს გვთავაზობს, რომლებიც არა ოლიგარქების, არამედ ჩვენი – მოქალაქეების ინტერესებზე იქნება ორიენტირებული.

16 March, 2012

„ფეისბუქური“ რევოლუციის აჩრდილი

გამოქვეყნებულია  გაზეთში "ქართული ოცნება" #2 მაისი
თანამედროვე სოციოლოგიის ერთ–ერთი ფუძემდებელი მანჰეიმი აღნიშნავდა, რომ ძლიერი კრიზისების დროს ითრგუნება საღი აზრი – ადამიანის უნარი, გონივრულად განსაჯოს არსებული მდგომარეობა და იმოქმედოს საკუთარი დასკვნების მიხედვით. ასეთ დროს მიმდინარე მოვლენების გააზრების აუცილებლობა ადამიანს აუტანელ ტვირთად ექცევა და ის გაურბის რეალობას, ემალება ირაციონალურის სფეროში: ინტერესდება ოკულტიზმით, კითხულობს ჰოროსკოპებს, უჯერებს ასტროლოგებსა და მკითხავებს. ადამიანის ცნობიერების გარედან მართვის საწინააღმდეგო ფსიქოლოგიური დაცვა ამ დროს მკვეთრად სუსტდება.
მასების ცნობიერებაზე მანიპულირების გასაადვილებლად ელიტები მოსახლეობის ნაწილის გაღარიბებას იყენებენ. როცა ხალხი აღარ „ბოლდება“ პროპაგანდით და გარდაქმნებს ითხოვს, მმართველების ძალაუფლებას საფრთხე ემუქრება, მაშინ ელიტა*არჩევანის წინაშე დგება: ან დაჰყვეს „ქვედა ფენების“ მზარდ მოთხოვნებს და გახადოს საზოგადოება უფრო ღია და სამართლიანი, ან შეამცირებინოს მოთხოვნები, სოციალური სირთულეების შექმნით „მოახრჩოს“ ხალხი.
2011 წლის 26 მაისის მიტინგის სასტიკმა დარბევამ საზოგადოებრივი აზრის პოლარიზაცია გამოიწვია. საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც არ თანაუგრძნობდა „სახალხო კრების“ აქციების ლოზუნგებს და ქუჩაში არ გამოდიოდა, პირდაპირი ეთერით მშვიდობიანად მოპროტესტე თანამოქალაქეების, მათ შორის ბავშვებისა და მოხუცების სადისტურად ცემის ხილვის შემდეგ სამართლიანმა აღშფოთებამ მოიცვა. ასეთ მდგომარეობაში ჩვენი ცნობიერების მართვა „რუსეთიდან წამოსული მე–5 კოლონის“ მითით შეუძლებელი გახდა და ხელისუფლებამ საჩქაროდ, ვიდრე სპეცრაზმის ხელკეტების შიში განელდებოდა, ზედიზედ რამდენიმე ისეთი მოქმედება განახორციელა, რაც სოციალურ ფონს დაამძიმებდა და ხალხის გაღარიბებას შეუწყობდა ხელს: გაიზარდა ფასები საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობაზე, ელენერგიის გადასახადს „მიაბეს“ დასუფთავების გადასახადი, გაგრძელდა პირველადი მოხმარების საგნების გაძვირება და მისთ.
დიდი უმრავლესობის სწრაფად და მკვეთრად გაღატაკება მოსახლეობის ნების პარალიზებისთვის ქმედითი მეთოდია. ამას, იმავდროულად, უმცირესობის ასეთივე მკვეთრი და სამართლიანობის ნატამალს მოკლებული გამდიდრება  ახლავს თან. შედეგად, უმრავლესობას აღარ აქვს სულიერი და ფიზიკური ძალები, საკუთარი ოჯახების გამოკვების გარდა, კიდევ რაიმე აქტივობისთვის. ნეოლიბერალები სიტყვით კი აღიარებენ, რომ „საშუალო ფენა არის პოლიტიკურად აქტიური და დემოკრატიის ბაზას წარმოადგენს“, მაგრამ საქმით სწორედ მის შექმნას უშლიან ხელს – ეშინიათ, – იმიტომ, რომ დემოკრატია არსებული რეჟიმისათვის სიკვდილს უდრის.
28 მაისს, სოლიდარობის „მდუმარე აქციაზე“ 15000 თბილისელის გამოსვლამ  ხელისუფლება დააფრთხო და ამ გააქტივებული ფენის ნეიტრალიზაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, მისი სასწრაფოდ გაღატაკების მიზნით. „შერონსთოუნობის“ სანახაობა რომ არ აღმოჩნდებოდა ურჩი ქალაქის სამართავად საკმარისი და, პირიქით, გააღიზიანებდა კიდეც ხალხს, - ეს კარგად უწყოდნენ. გლეხებისგან განსხვავებით, ქალაქელი მოკლებულია საკუთარი ოჯახის გამოკვების ავტონომიურობას, ამიტომ სიღატაკე (განსაკუთრებით, შიმშილის შიში) მის ქცევაზე კონტროლის მძლავრი საშუალებაა. ეს იდეა განავითარა მალტუსმა ჯერ კიდევ კაპიტალიზმის გარიჟრჟზე და, მას შემდეგ, მმართველი ელიტების პოლიტიკურ არსენალში ადგილი დაიმკვიდრა მშრომელი მასის გაღატაკების ტექნოლოგიამ.
ეს სოციალური მღელვარების ჩახშობისა და შემდგომი პროფილაქტიკის აპრობირებული მეთოდია: საფრანგეთში  1968 წლის სტუდენტური გამოსვლების შემდეგ ამგვარი პოლიტიკით ფრანგების მესამედის ფასეულობები გადაიხარა „ტყავის გადარჩენისკენ“ მიმართული ცინიკური პრაგმატიზმისაკენ. „თავდაცვით დინამიზმად“ ან „მელის რეალიზმად“ მონათლული ცხოვრების ამგვარი სტილი, რომელიც ეყრდნობა კრიზისის წინაშე შიშს, გავრცელდა ყველა ფენაში და მოიცვა ახალგაზრდობა, რაც საზოგადოების ნაწილს ადვილად მართვად ბრბოდ აქცევს.
მოსახლეობის ფართო ფენების გაღატაკებით ხდება ხანგრძლივი ემოციური სტრესის გამოწვევა, რომელიც ცნობიერების დაცვითი მექანიზმების რღვევას იწვევს, საზოგადოების წევრებს შორის ირღვევა არსებული კავშირები. გათითოკაცებულ, ატომიზირებულ, ქაოსის მდგომარეობაში მყოფ საზოგადოებას აღარ ძალუძს გაერთიანება, ბრბოდ ქცეული ადამიანები ადვილად სამართავი ხდებიან. ამ მიზნით ეკონომიკური მეთოდების გამოყენება იმ დროს ხდება, როცა ვერ ხერხდება სიდუხჭირის გამოწვევა ომებით ან ობიექტურად, სტიქიური უბედურებების შედეგად. ცხოვრების დონის დაცემა ერთ–ერთი ყველაზე მძლავრი სოციალური სტრესია, რომელიც თავისი ზემოქმედების ძალითა და ხანგრძლივობით აღემატება სტიქიური უბედურებებით გამოწვეულ სტრესებს.
სპეცრაზმელთა ჯგუფის მიერ არასრულწლოვანი ბიჭის სასტიკად ცემისა და   "გაურკვეველ ვითარებაში" დაღუპული მომიტინგეების ცხედრების ხილვით ხელისუფლებაზე დაბოღმილი ხალხის ენერგიის „მოშთობა“ამ კლასიკური მეთოდით სურდათ, მაგრამ მხედველობიდან გამორჩათ „კონტროლირებადი გაღატაკების“ პროცესის თანმდევი გარემოება: ასეთ დროს პარალელურად ხდება თვითგადარჩენისათვის აუცილებელი სოლიდარული კავშირების წარმოქმნა. ადრე თუ ეს კავშირები ადამიანების ფიზიკური კონტაქტის საშუალებებით იყო შეზღუდული და მეგობრულ–მეზობლური თანადგომის ფარგლებს ვერ გასცდებოდა, ახლა სოლიდარობა შესაძლებელი გახდა ვირტუალურადაც, სოციალური ქსელების მეშვეობით. გასული წლის ზაფხულიდან „ფეისბუქზე“ გაჩნდა საზოგადოების ვირტუალური სტრუქტურიზაციის ტენდენცია, რაც ათასგვარი „ღია“, „დახურული“ თუ „საიდუმლო“ ჯგუფების სიმრავლით ხასიათდება და არსებული სოციალური რეალობის მიმართ პროტესტის მქონე ადამიანებს აერთიანებს. რა თქმა უნდა, მათში გაერთიანებულ მომხმარებელთაგან არავის აქვს იმის ილუზია, რომ აღნიშნულ ჯგუფურ აქტივობას უშიშროების სამსახურის არ აკვირდება „თხუნელა“ პროფაილების მეშვეობით, მაგრამ ამაში, ანონიმურად თუ ღიად დარეგისტრირებული ადამიანები, უკვე დადებით მომენტსაც კი ხედავენ: „დაე, იცოდეს ხელისუფლებამ, რა გვაწუხებს!“
ინტერნეტის განვითარებამ ახალი რეალობა მოიტანა და „დემოკრატიის ვირტუალური ოაზისი“ გააჩინა:  ბლოგოსფერო, საიდანაც  სტატიები  ტირაჟირდება სოციალური ქსელებით, რომელთა შორის ყველაზე მასობრივი და პოპულარული ჩვენში „ფეისბუქია“, ტელევიზიებსა და პრესაზე არანაკლები მნიშვნელობის ფაქტორი გახდა. ქართველმა ინტერნეტ–მომხმარებელმა „არაბული გაზაფხულის“ რევოლუციების დროს გამოყენებული ტექნოლოგიების ათვისება სცადა: სოციალური ქსელის გამოყენებით მოხდა საზოგადოების მობილიზაცია როგორც „მდუმარე აქციისათვის“, ისე „ქართუ ბანკის“ მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად, ასევე უნივერსიტეტის სტუდენტობის ბოლო საპროტესტო აქციაზეც, ხელისუფლებისაგან მართული სტუდენტური თვითმმართველობის ძალადობის წინააღმდეგ.
გაღატაკებით გამოწვეული ხანგრძლივი ემოციური სტრესის დროს ადამიანის ფსიქიკაში განვითარებული პროცესები ერთგვარ „აუტიზმს“ იწვევს, როდესაც ნევროტიზირებული პიროვნება საკუთარ პრობლემებში იკეტება, რითაც საზოგადოების დაქუცმაცება მიიღწევა. ხელისუფლება „ფეისბუქს“ განიხილავდა ხალხში დაგროვილი აგრესიის „ორთქლის გამოშვების“ და საზოგადოებრივად აქტიური მომხმარებლების დროულად გამოვლენის საშუალებად, მათი შემდგომი ნეიტრალიზაციისათვის, ასევე ხალხის დეზორგანიზაციისთვის ჭორების გავრცელების ახალ მანქანად, რომელიც ნაკლებ რესურსებს საჭიროებს და დროში უფრო ეფექტურია. მაგრამ, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, ამ საშუალებას თავისი „გვერდითი ეფექტებიც“ ჰქონია, რაც სოციალური ქსელის ყველასათვის თანაბარი ხელმისაწვდომობითაა განპირობებული. ის თანდათან საჭადრაკო დაფას ემსგავსება, რომლის ერთ მხარეს ხელისუფლებაა, მეორე მხარეს კი – საზოგადოება, მაგრამ უკვე თითქმის თანაბარ პირობებში, სადაც მასების ცნობიერების ფლობისათვის ჭიდილში ინტელექტი და მჭერვმეტყველება განაპირობებს ბრძოლის ბედს.
მმართველი ელიტის ჰეგემონია, გრამშის მიხედვით, ემყარება საზოგადოების „კულტურულ ბირთვს“, რომელიც შეიცავს სამყაროსა და ადამიანზე, სიკეთესა და ბოროტებაზე, მშვენიერებასა და საზიზღრობაზე წარმოდგენების, უამრავ სიმბოლოსა და ხატების, ტრადიციებისა და ცრურწმენების, მრავალსაუკუნოვანი ცოდნისა და გამოცდილების ერთობლიობას. ვიდრე ეს ბირთვი სტაბილურია, საზოგადოებაში არის „მდგრადი კოლექტიური ნება“, მიმართული არსებული წყობის შენარჩუნებისაკენ. ამ „კულტურული ბირთვის“ აფეთქება და ამ კოლექტიური ნების ნგრევა არის რევოლუციის წინაპირობა.
ლიბერტარიანელმა „ვარდოსნებმა“, 2003 წელს იმიტირებული რევოლუციის შემდეგ, სწორედ ქართული საზოგადოების ამ „კულტურულ ბირთვზე“ მიიტანეს იერიში, რაც გამოიხატებოდა ძეგლების ნგრევა–გადაადგილებით, ძირძველ ფასეულობებზე მენტალური იერიშებით, აკადემიური საუნივერსიტეტო ტრადიციების მოშლით, „ახალი ქართველის“ აღზრდისაკენ მიმართული საგანმანათლებლო რეფორმებით და ა.შ. მაგრამ რვაწლიანი მმართველობის შემდეგ, ძალაუფლების შენარჩუნების დაუოკებელმა სურვილმა ისინი თავად გადააქცია რევოლუციონერებიდან რეაქციონერებად, თავიანთი წიაღიდან შვეს ოლიგარქები, დაამყარეს მონოპოლია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და გაბატონებულ კლასად გადაიქცნენ.
ეს ახალი გაბატონებული კლასი საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამუდმებით ნერგავს თავისი მნიშვნელოვნობის, საკუთარი ცხოვრების წესისა და აზროვნების ეტალონობის ილუზიას, რაც, გრამშის მიხედვით, მისი ჰეგემონობის შენარჩუნებისთვისაა აუცილებელი. სინგაპურიზაციის მაქებარი სააკაშვილის  გამოსვლებში, „ნანუკას შოუში“ და „ტაბულას“ სტატიებში – ყველგან ხალხის ზომბირების ერთი და იგივე მეთოდია: – საზოგადოებაში არათანასწორობა სამართლიანია, ელიტარულ ცხოვრებას უნდა ესწრაფვოდეთ,  – ამას წარმოგვიჩენენ  „პროგრესად“  და გვარწმუნებენ, რომ ამგვარ ყოფას ალტერნატივა არა აქვს.
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება  ინფორმაციის მასობრივი საშუალებების ფლობას და მათი მეშვეობით მასების მართვას. ყველას კარგად გვახსოვს, „ვარდების რევოლუციისთვის“ ხალხის მობილიზებაში გადამწყვეტი როლი  „რუსთავი–2“–მა შეასრულა. დღეს ამ ტექნოლოგიას მათი ოპოზიცია გამოიყენებს: სამი სახელისუფლებო არხის ტელესივრცეში ბატონობას ბოლო ეღება სატელიტურ მაუწყებლობაზე „მაესტროსა“ და „მეცხრე არხის“ გასვლით.
რამდენადაც ამ ახალი მმართველი კლასის იდეოლოგიურ–კულტურული ბირთვის ბატონობა საზოგადოებრივ აზრზე არ იყო შერყეული, გასული წლის მაისის აქციები თავიდანვე იყო განწირული მარცხისათვის. როგორც „ქართული პარტიის“, ისე „სახალხო კრების“ მიერ გახმოვანებული ლოზუნგები არასისტემატიზირებული იყო და  ისეთს არაფერს შეიცავდა, რომ საზოგადოებისათვის არსებული ყოფის მანკიერებებზე თვალი აეხილა და "ვარდოსანთა" იდეოლოგიური ბატონობა დაემსხვრია.
26 მაისის შემდეგ უკმაყოფილო ადამიანებმა ქვეცნობიერად დაიწყეს ისეთი იდეოლოგიური ბაზისის ძებნა, რომელიც მათ მმართველი ელიტის დამარცხებაში გამოადგებოდათ. საზოგადოებამ დაიწყო ძველი პოლიტელიტის უარყოფა, მიუხედავად მათი „პოზიცია–ოპოზიციურობისა“, ხალხის ცნობიერება აღარ ემორჩილებოდა „პრორუსულობა–პროამერიკულობის“ ცნებებით მანიპულირებას, რისი მცდელობები დღესაც მრავლადაა. ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებში გამოხატვა ჰპოვა საზოგადოების წიაღიდან ახალი, ჩაგრულთა კლასის ინტერესების გამომხატველი ინტელიგენციის გაჩენის ალბათობამ: მწერლობამ დაიწყო გამოსვლა საკუთარ თავში ჩაკეტილი ტკბობიდან, პოეზიაში გაჩნდა პროტესტითა და რევოლუციური სულისკვეთებით გაჟღენთილი ლექსები, პროზაში – სოციალური პრობლემატიკის, ხალხის ყოფის სიდუხჭირის ამსახველი ნაწარმოებები.
რევოლუციური ინტელიგენციის ბრძოლის მეთოდი კონტრკულტურის შექმნაა: ნონკონფორმისტული იდეალების, ალტერნატიული კულტურული სიმბოლოების,  ცნებათა ახალი სისტემის დამკვიდრება. გრამშის დოქტრინის მიხედვით, რევოლუციონერების ამოცანა ობივატელური მასების საკუთარ რწმენაზე მოქცევა არ არის, მთავარია, ინტელიგენციას შეეცვალოს ცნობიერება.
ეს ტენდენცია მმართველი ელიტისათვის გაცილებით საშიშია, ვიდრე ნებისმიერი „რუსეთიდან დაფინანსებული ოპოზიციური ძალა“: მის მიერ ხალხის უმრავლესობაზე კულტურული დიქტატის დაკარგვას არსებული სოციალური წყობის რღვევა გარდაუვლად მოჰყვება. დღეს რევოლუციის მთავარი ბრძოლები ხდება არა ქუჩებში, ბარიკადებზე, ან საწარმოებში – ექსპლუატატორებსა და ჩაგრულებს შორის, არამედ კულტურულ სფეროში, ამ ორი კლასის მიერ ნაშობ რევოლუციურ და რეაქციულ ინტელიგენციებს შორის. ახლა ამ ბრძოლის ასპარეზი ვირტუალური სივრცეა, თუმცა, ამ ვირტუალურობის გამო ის ადამიანების ცნობიერებაზე ზემოქმედების თვალსაზრისით არანაკლებ ქმედითია, ვიდრე მიტინგზე ტრანსპარანტები ან დროშების ფრიალი.
როცა რევოლუციური ინტელიგენცია ხალხის ცნობიერებისათვის ბრძოლაში იმარჯვებს, მასები აღარ ემორჩილებიან მმართველ ელიტას და ქუჩაში გამოდიან, იფიცებიან, საპროტესტო აქციებს, საბოტაჟს იწყებენ. ხელისუფლებას, რომელმაც დაკარგა კულტურული ზეგავლენა მასებზე, უხეში ძალის გამოყენების გარდა სხვა აღარაფერი რჩება.
სააკაშვილის ხელისუფლება, რომელმაც დაკარგა იდეურ–კულტურული ჰეგემონია, ძალაუფლებაში დასარჩენად, მიტინგებზე ჰიტლერისეული ხავილით ხალხის „ზომბირების“ პარალელურად, უკვე მის არსენალში დარჩენილ ამ უკანასკნელ მეთოდსაც იყენებს: საზოგადოებრივად აქტიურ პირებს სამსახურებიდან აგდებენ, ოპოზიციის აქტივისტებს დაკითხვებს უწყობენ,  მასობრივი დაჭერების "1937 წლის" განმეორება ჰორიზონტზე გამოჩნდა. შიშის დანერგვით ცდილობენ ჩვენს გადაქცევას პირშიწყალჩაგუბებულ მონებად, მაგრამ მათ ავიწყდებათ მთავარი: მხოლოდ ძალადობის მეშვეობით საზოგადოების მორჩილებაში ხანგრძლივად ყოლა შეუძლებელია.

09 February, 2012

საით მიცურავს სააკაშვილი?

გამოქვეყნებულია საიტზე http://european.ge/672/

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ობამასა და სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ გამართული პრესკონფერენციის განსხვავებული ინტერპრეტაციების მიუხედავად, ყველა  პოლიტოლოგი აღნიშნავდა, რომ საზოგადოებისათვის მაინც საიდუმლოდ რჩება, თუ რა ითქვა დახურულ კარს მიღმა, რაც სპეკულაციებისათვის ფართო ასპარეზს ტოვებს. შენიშნეს, რომ სიტყვა „რუსეთი“ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე აშშ პრეზიდენტს მხოლოდ წამოსცდა, ამ თემას ორივე ქვეყნის ლიდერმა თავი აარიდა.
„ცივი ომის“ დამთავრების შემდეგ დასავლეთმა რუსეთის მიმართ თავისი დამოკიდებულება კარდინალურად რომ შეცვალა, ამის გაცნობიერება საქართველოში დღემდე ძალზე ჭირს. რუსეთს კვლავ განიხილავენ, საბჭოთა კავშირის ანალოგიურად, ნატო–ს მტრად თუ არა, მოწინააღმდეგედ მაინც, და საქართველო–რუსეთის ურთიერთობებს ამ პრიზმიდან ხედავენ მაშინ, როცა რეალობა სულ სხვაა.  რუსეთთან მიმართებაში პრეზიდენტ ობამას მიერ გამოცხადებული  „გადატვირთვის“ პოლიტიკა რას ნიშნავს, აქაურმა „სახელისუფლები ექსპერტებმა“ ვერ გაიცნობიერეს.
1980–იანი წლების ბოლოს დასავლეთი იმედოვნებდა, რომ შესაძლებელი იყო საბჭოთა კავშირის ლიბერალიზაცია სახელმწიფოს დაშლის გარეშე, გაერთიანების გზაზე მდგომ ევროპასთან მისი შემდგომი ინტეგრაციით.  მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომელთაც ევროპასთან გაცილებით მჭიდრო ისტორიულ–კულტურული ერთობა ჰქონდათ შენარჩუნებული, მოიაზრებოდა მომავალი ევროგაერთიანების ნაწილად, ამიტომაც სსრკ–ს დაშლის შემდეგ ისინი სწრაფად მიიღეს ევროპულ ოჯახში. „დანარჩენ სსრკ–ს“ კი „ზემოდან გარდაქმნას“ უპირებდნენ, უფრთხოდნენ რა მის ნამსხვრევებზე კონფლიქტების, ავტორიტარული რეჟიმების და სხვა, ძნელად სამართავი პროცესების წარმოშობას. ისტორიამ გვაჩვენა, რომ ეს ხედვა სწორი იყო, მაგრამ „ბოთლიდან ამოშვებულმა ჯინმა აიწყვიტა“ და რესპუბლიკების ძლიერმა ცენტრიდანულმა მისწრაფებებმა საბჭოთა კავშირის რღვევა გამოიწვია. მართლაც, შედეგად მივიღეთ ავტორიტარული რეჟიმები შუა აზიასა და ბელარუსში, ნაციონალისტურად განწყობილი მთავრობები ამიერკავკასიაში, ოლიგარქულ–კრიმინალური რუსეთი და მრავალი დღემდე ჩაუმცხრალი ეთნიკური კონფლიქტი.
დასავლეთის ამ სურვილს, საბჭოთა კავშირის ნაბიჯ–ნაბიჯ რეფორმირებითა და ევროპასთან ინტეგრაციით მიეღო ერთიანი პოლიტიკურ–ეკონომიკური სივრცე ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე, რასაც დასავლეთ ნახევარსფეროში აშშ–სა და კანადას თუ მივათვლით, შეგვიძლია ხატოვნად „ჩრდილოეთის სარტყელი“ ვუწოდოთ, საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობა იდეურად დაუპირისპირდა და „ერთიანი კავკასიის“, როგორც მსოფლიოში დამოუკიდებელ, სულ ცოტა, რეგიონალურ მოთამაშედ ცნობის განუხორციელებელ ამბიციას შეეჭიდა.
საბჭოთა კავშირის რღვევა არ შედიოდა დასავლეთის გეგმებში, მაგრამ სახელმწიფოს ერთიანობის შენარჩუნება სამხედრო–ტოტალიტარული მმართველობის აღდგენასღა შეეძლო, რაც კიდევ უფრო მეტად არ აწყობდათ. 1991 წლის აგვისტოში გკჩპ- მიერ მოწყობილმა, წარუმატებელმა შეთქმულებამ მსოფლიოს დაანახა, რომ იყო მხოლოდ ორი ალტერმნატივა: ან სსრკ–ს აღდგენა სტალინისეული მეთოდებით და „რკინის ფარდის“ ხელახალი ჩამოშვებით, ან მისი დაშლა. მესამე, „რეფორმულ–ცივილური გზა“ გამოირიცხა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც შეეგუა მიღებულ რეალობას, თუმცაღა, გულისტკენით.
გამსახურდიამ ამ შეთქმულების თაობაზე განაცხადა, რომ  ეს გორბაჩოვის მიერ დადგმული შოუ იყო, რაზეც ჟურნალისტის შეკითხვაზე აშშ მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა (მამამ) გააკრიტიკა:
"მე ვფიქრობ, რომ ამ კაცმა (ანუ გამსახურდიამ) ცოტათი მაინც უნდა დაამუშაოს ის განცხადებები, რომელთა გაკეთებასაც აპირებს... ეს არის კაცი, რომელიც მიცურავს დინების საწინააღმდეგოდ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენება... ის უნდა მიჰყვეს დინებას და გაიგოს, რა ხდება მსოფლიოში". 
„რა ხდებოდა მსოფლიოში“, ამის გაგება მაშინ გამსახურდიამ არ ინდომა, რაც მისი გაძევებით დასრულდა, ჩვენს ქვეყანას კი გლობალიზაციის პროცესის ეს მიუღებლობა და „ახალი მსოფლიო წესრიგის“ ჩარჩოებში საკუთარი ადგილის ვერგააზრება სამოქალაქო ომის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სისხლიანი კონფლიქტებით  დაკარგვის ფასად დაუჯდა.
ედუარდ შევარდნაძემ ამ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში საქართველოს ფუნქცია მოუძებნა, რომელიც ქვეყნის გავლით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ენერგომატარებლების ტრანზიტში, ხოლო საპირისპირო მიმართულებით – ლიბერალური ღირებულებების გავრცელებაში მდგომარეობს. ხილულ სამყაროში ეს ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის მშენებლობის წარმატებული დასრულებით გამოიხატა, რასაც ახლა ბაქო–თბილისი–ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის პროექტის განხორციელება აგრძელებს. ეს ასუსტებს ევროპის დამოკიდებულებას რუსეთის ენერგომატარებლებზე და ამ ქვეყნის შესაძლო ამბიციას, „ჩრდილოეთის სარტყელში“ ლიდერი იყოს, აღვირს სდებს, რომ თანასწორუფლებიანი სახელმწიფოების ნებაყოფლობითი ერთობის ნაცვლად EuroRussia არ მივიღოთ მომავალში.
2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ მეორე მიმართულებითაც სცადა მსოფლიოს წინაშე თავის წარმოჩენა, როგორც „ხავერდოვანი რევოლუციებისა“ და პოსტრევოლუციურ ქვეყნებში რეფორმების გამოცდილების ექსპორტის მცირე ლაბორატორიამ. მაგრამ საქართველოში, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ატლანტიკიდან წყნარ ოკეანემდე ერთიანი სივრცის შექმნის გეგმა დასავლეთმა სამუდამოდ დაივიწყა, საკუთარ ხედვებში რუსეთს კვლავ საბჭოთა კავშირის მემკვიდრედ და ნატო–სთან დაპირისპირებული ქვეყნად მოიაზრებენ, ხოლო სააკაშვილის ხელისუფლებისადმი უპირობო მხარდაჭერისათვის საკმარისად მხოლოდ ნეოკონსერვატიული იდეოლოგიისადმი ერთგულება მიიჩნიეს.
რა თქმა უნდა, ზემოაღნიშნულ გეგმაში დასავლეთმა, წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, კორექტივები შეიტანა. გამოჩნდა ახალი ფორმულა: „ჯერ–მოდერნიზაცია, შემდეგ–ლიბერალიზაცია“. იმ რეფორმებს, რასაც საქართველოში სააკაშვილი აკეთებს მცირე მოდელზე, ვლადიმერ პუტინი შემდეგ რუსეთის მასშტაბებზე განვრცობას ცდილობს, რაც ჩვენს პრეზიდენტს ბავშვივით ახარებს და ამას ტრაბახით ამბობს, სადაც კი საშუალება მიეცემა.
პუტინმა მართლაც წარმატებით გაართვა თავი ამოცანას, ოლიგარქიულ–კრიმინალური რუსეთი მოდერნიზაციის გზაზე დაეყენებინა. ის ისეთივე ნეოკონსერვატიული იდეოლოგიის მიხედვით აშენებს რუსეთს, როგორც სააკაშვილი, ამიტომაც ჰგავს მათი მართვის სტილები ერთმანეთს. ქართველი კოლეგისგან განსხვავებით, მას გაცილებით უკეთ აქვს გააზრებული გლობალურ პროცესებში რუსეთის ინტეგრაციისათვის ზემოაღნიშნული ფორმულის გატარების მნიშვნელობა, ამიტომაც ბოლო არჩევნებში საკუთარ პარტიას 50% აკმარა, ხოლო „რუსული ზამთარი“ რომ „არაბულ გაზაფხულს“ არ დაემსგავსოს, სავარაუდოდ, ქვეყნის ზომიერი ლიბერალიზაციის მიმართულებით ნაბიჯებსაც, დაპირებისამებრ, გადადგამს. ახლა მან „ბეწვის ხიდზე“ უნდა გაიაროს, რაც ქვეყნის მოდერნიზაციის გაგრძელების კვალდაკვალ ლიბერალური რეფორმების გატარების დაწყებას ნიშნავს ისე, რომ პროცესი უკონტროლო არ გაუხდეს და ქვეყანა არ დაენგრას. მისი სახელისუფლებო პარტნიორი, პრეზიდენტი მედვედევი „ელექტრონულ დემოკრატიაზეც“ კი საუბრობდა, როგორც მართვის სამომავლო მოდელზე, მაშინ, როცა ამ იდეის მშობელი „მეკობრეთა პარტიები“ ევროპაში კანტი–კუნტად არიან წარმოდგენილნი საკანონმდებლო ინსტიტუტებში, ხოლო საქართველოში ამის შესახებ ერთეულებს თუ სმენიათ.
გარკვეულ დონემდე უკვე მოდერნიზებული რუსეთის გლობალურ ეკონომიკაში ჩართვის ერთ–ერთი ინსტრუმენტი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაა. „The Washington Post“ აშშ–სა და საქართველოს პრეზიდენტების 30 იანვრის შეხვედრას თავის სარედაქციო სტატიაში ასე აფასებს: „პრეზიდენტმა ობამამ, რომელსაც გასული სამი წლის განმავლობაში სააკაშვილისგან თავი შორს ეჭირა, გასულ კვირას ის თეთრ სახლში მიიღო. ეს ნაწილობრივ იყო ჯილდო იმისთვის, რომ, მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ამჟამინდელი ოკუპაციისა, საქართველომ რუსეთის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში დაუშვა.“ ორი დღის წინ კი რუსეთის პრემიერ-მინისტრი "გაზპრომის" პრივატიზაციის შესაძლებლობაზე ალაპარაკდა. პუტინმა პოლიტოლოგებთან შეხვედრაზე თქვა: „ოდესღაც, ჩვენ "გაზპრომის" ლამის სრული პრივატიზება მოვახდინეთ, მაგრამ თქვენმა მონა-მორჩილმა ის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ დააბრუნა. ეს ცალკე დისკუსიის საკითხია, მაგრამ ოდესღაც გადავალთ იმაზე, რომ "გაზპრომი" სხვა რეჟიმში იმუშავებს". ცხადია, ამჯერად ამ რუსულ ენერგომონსტრს პუტინი  ელცინისდროინდელ ოლიგარქებს აღარ ჩაუგდებს ხელში. უნდა ვივარაუდოთ, რომ მოხდება „გაზპრომის“ კაპიტალის ინტერნაციონალიზაცია და ის საერთაშორისო კორპორაციად გადაქცევისკენ წავა, რაც რუსეთის დასავლეთთან ინტეგრაციის კონტექსტს კარგად ესადაგება.
2011 წლის 7 ოქტომბერს თბილისში ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ თავისი გამოსვლა თითქმის მთლიანად რუსეთ–საქართველოს ამჟამინდელ უკიდურესად დაძაბულ ურთიერთობებს  მიუძღვნა და საკუთარი ქვეყნისა და გერმანიის მაგალითზე ნათლად თქვა, რა არჩევანის გაკეთებას ელის ევროპა საქართველოსგან:
„ეს ის არჩევანია, რომელიც საფრანგეთმა და გერმანიამ 1945 წელს სამი დამანგრეველი კონფლიქტის შემდეგ გააკეთა. მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნების მეხსიერებაში ომის მოგონებები ღრმად იყო ჩაბეჭდილი, ორმა შორსმჭვრეტელმა ადამიანმა, შარლ დე გოლმა და კონრად ადენაუერმა, კაცობრიობის ცნობიერებაში ყველაზე საშინელი კონფლიქტის ნანგრევებზე თავისი ხალხი შერიგების გზაზე დააყენა. დღეს საფრანგეთისა და გერმანიის მეგობრობა გულწრფელი და მტკიცეა. ეს მეგობრობაა სწორედაც ევროკავშირის მამოძრავებელი ძალა. საქართველოსა და რუსეთს მოვუწოდებ მტკიცედ დაადგნენ ამავე გზას. რადგან არც კავკასიაში და არც არსად სხვაგან,  დაპირისპირება ბედისწერა არ არის...
რაც მთავარია, ომიდან სამი წლის შემდეგ, დადგა დრო, რომ აზროვნება და მიდგომები შეიცვალოს... საფრანგეთი რუსეთს თავის მეგობრად მიიჩნევს, მას სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს, რადგან ჩვენი ბედი ურთიერთდაკავშირებულია. ჩვენ ერთად, ევროპელები და რუსები, უზრუნველვყოფთ ჩვენი ხალხების მდგრად კეთილდღეობას, ჩვენი კონტინენტის სტაბილურობას და გავაგრძელებთ მსოფლოში გავლენის შენარჩუნებას ისე, რომ სხვებმა თავისი წესი არ მოგვახვიონ თავს. პარტნიორი და მეგობარი, აი, ვინ უნდა იყოს ან კვლავაც გახდეს რუსეთი საქართველოსთვის.
სარკოზის ვიზიტის დღეს საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენილი ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან დიალოგის დაწყებისა და ურთიერთობების კონსტრუქციულ რეჟიმში გადაყვანის ინიციატივით გამოვიდა. სააკაშვილის ხელისუფლებამ სცადა, ეს გამოეყენებინა მასზე ნეგატიური PR-კამპანიის აგორებისთვის, რომელიც თავისი ანტირუსული რიტორიკით ქსენოფობიის კლასიკურ  ნიმუშებს, დიდი ხანია, გასცდა. ივანიშვილი ყოველთვის სვამს აქცენტებს „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგების მიერ გლობალური პროცესებში რუსეთისადმი დასავლეთის დამოკიდებულების გაუაზრებლობაზე და დასავლეთს საკუთარ პოლიტიკურ დაჯგუფებას მის გონივრულ ალტერნატივად წარმოუჩენს: „როდესაც სააკაშვილის აბსოლუტურად არადიპლომატიური, შეურაცხმყოფელი განცხადების შედეგად რუსეთის მთავრობის მისამართით, რუსეთის მთავრობა ისე გაღიზიანდა, რომ საერთაშორისო სამართლისთვის მიუღებელი და გაუაზრებელი ქართველბის დეპორტაცია დაიწყო.
ბიძინა ივანიშვილმა ამერიკულ პრესაში ღია წერილის გამოქვეყნება  შტატებში სააკაშვილის ვიზიტს დაამთხვია, სადაც მას დიდ შეცდომად მიუთვალა საომარი კონფლიქტამდე რუსეთთან ურთიერთობების გამწვავება: „ბოლო წვეთად იქცა უგუნური ჩართვა 2008 წლის აგვისტოს ომში, რომელიც იმით დასრულდა, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა.
„საქართველო, რომლის წინაშეც უამრავი საფრთხეა, არ უნდა დაისაჯოს მისი მმართველი ელიტის შეცდომებისთვის“ – მიმართავს ივანიშვილი დასავლეთს და  მისივე ფინანსური დახმარებით უკვე მოდერნიზებული საქართველოს ლიბერალიზაციის ეტაპზე გადასვლას სთავაზობს, ქვეყნის ხელისუფლებაში ახალი, „ნაცმოძრაობასთან“ შედარებით უფრო პროგრესულად მოაზროვნე ძალების მოყვანით. ამით ჩვენმა ატლანტიკელმა პარტნიორებმა უნდა დაინახონ, რომ, რუსეთისგან განსხვავებით, სადაც პუტინი–მედვედევის ტანდემი, მათ ოპონენტებთან შედარებით, გაცილებით ლიბერალურია, ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს ჭეშმარიტ დემოკრატიას, ხელისუფლების შეცვლის გზით. ამით საქართველო თავისი მმართველების გაუაზრებელი მოქმედებით აღარ შეუშლის ხელს „ჩრდილოეთის სარტყლის“ კონტურების გამოკვეთას. გადააგდებს თუ არა დასავლეთი მის ყელში გაჩხერილ, მსოფლიო პოლიტიკის დინების საწინააღმდეგოდ მცურავი თევზის ძვალს – სააკაშვილის ხელისუფლებას, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ გარეშე ფაქტორების გათვალისწინება რომ გვმართებს, – ესეც უეჭველია.