12 November, 2015

ჩემი სოფლის ეკლესია

ჩემი სოფლის ახლო-მახლო ბევრი ნასოფლარია.  სახლების და ეკლესიების ნანგრევები ბუჩქნარითაა დაფარული. ერთი ასეთი, კარგად შემორჩენილი უსახურავო ნაეკლესიარი, რომელსაც მხოლოდ ცალი კედელი აქვს ჩამოშლილი, ნაწისქვილარისკენ მიმავალი ბილიკის პირასაა, სადაც მთიელივით შეუპოვარი მდინარე კლდიდან გადმოსჩქეფს და მოზრდილ გუბედ ჩერდება, ზაფხულობით ბავშვებმა ცურვა რომ ისწავლონ. პაპანაქება იდგა და ამ ჩანჩქერზე გასაგრილებლად მივდიოდი.
მთელი ეს მინდორ-ველი ჩვენი წინაპრების სისხლით არის მორწყული. დამპყრობლებთან ომებს ეწირებოდნენ, რომ საცხოვრისი შეენარჩუნებინათ და ოფლისღვრით ლუკმა პურის მოპოვების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ამ ადგილას, რამდენიმე საუკუნის წინ, დიდი ბრძოლა გამართულა.
მხცოვანმა მეფემ, რომელსაც ბრძოლის წინ ავი სიზმარი ჰქონდა ნანახი, სარდლობაც და ქვეყნის ხელმძღვანელობაც ცხრამეტი წლის ვაჟს გადაულოცა. იქვე მყოფმა კათალიკოს-პატრიარქმა მეფედ აკურთხა. ასაკოვანი  დიდაზნაურები და სასულიერო პირები ბრძოლის ველს გაეცალნენ, ასპარეზი ახალგაზრდებს დაუთმეს და მახლობელ გორაზე ავიდნენ, შვილებისთვის ზემოდან საგულშემატკივროდ.
მიუხედავად მომხდურთა მრავალრიცხოვნებისა, ქართველებმა უკუაქციეს მტერი და დაედევნენ. გაქცეულ მაჰმადიანთა ერთი რაზმი თავის გადასარჩენად  ტყეში შევარდა, მაგრამ ასწლოვან წიფლებს შორის ორიენტაცია დაკარგა, რკალზე ირბინა და სწორედ იმ გორაკს მიადგა, საიდანაც ოციოდე მოხუცი  ბრძოლის ველს გადაჰყურებდა. „დავხოცავთ და გზას გავაგრძელებთო,“-იფიქრეს.
მეფემ და დიდებულებმა ხმალ-შუბი მოიმარჯვეს, მათ არც სასულირო პირები ჩამორჩნენ: ანაფორებს ქვემოდან სატევრები იშიშვლეს და მტერს დაერივნენ. მეფეს სიზმარი აუხდა და ამ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრეს,  მისი ანდერძი: „მე ნუ მიგლოვებთ, ქვეყანას მიხედეთო“,- დღემდე ახსოვს შთამომავლობას.
***
გვარიანად შემლღვალი და ფორმადაკარგული სანთლები ჯიბიდან ამოვიღე და ეკლესიის ნანგრევში, საკურთხველის ნაშთზე დავანთე. იქვე, მინდორზე ჭაღარაშერეული მწყემსი ცხვრის ფარას აძოვებდა. თვალი მკიდა, პირჯვრის წერით როგორ გამოვედი მორღვეული კედლიდან. მთელი დღე უბრად მჯდომს, სულიერთან ლაპარაკზე ენა ექავებოდა და ჩაღიმებით გადმომძახა:
-ეშმაკს სანთლები დაუნთე?
-ეშმაკს რათა? ეკლესიის ნანგრევია და რა, ლოცვა არ შეიძლება?
-ლოცვა ყველგან შეიძლება, მაგრამ, „მიტოვებულ ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონნენო“, არ გაგიგონია?
-ეშმაკს ჯვრისა და სანთლის ეშინია!- ვუპასუხე ახალგაზრდული თავდაჯერებით.
-უკვე აღარ... შეეჩვია და იმუნიტეტი გამოიმუშავა. საკმეველსაც შეაჩვია ცხვირი და თავადაც ლოცულობს-ხოლმე, - მაგას ხომ თავის თვალითა ჰყავს ნანახი ღმერთი და, ადამიანისგან განსხვავებით, არა ეჭვობს, არის თუ არა ცაში ვინმე...
„იმუნიტეტი“ მწყემსის პირიდან უცნაურად ჟღერდა და გზა ჩაფიქრებულმა განვაგრძე. ისე, ეს კაცი არც მანამდე და არც ამის მერე აღარსად შემხვედრია, ალბათ ჩვენებური არ იყო და,  ცხვრის ძოვებ-ძოვებით, საიდანმე შემოეხეტა.
***
სოფელში მოქმედი ეკლესიაც გვაქვს. ისიც ნანგრევად ქცეული ყოფილა მას მერე, რაც ხალხმა აქაურობა მიატოვა. მერე რუსის საიმპერატორო ჯარი დაბანაკდა ჩვენი სოფლის თავზე, ზედ გორის წვერზე, რომ არემარე კარგად ეკონტროლებინა. ხალხიც  თანდათან ისევ ჩამოსახლდა, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან. რუსებმა ეკლესია აღადგინეს, ზედ ხახვის ფორმის გუმბათი დაადგეს და სამხარიხიანი რუსული ჯვარიც დაადგეს.
ჩემი სოფლის ეკლესიაში კედლები თეთრადაა შეღებილი. აშრევებულ ადგილებზე რომ დააკვირდეთ, რამდენიმე ფენას დაინახავთ. ისტორიის მასწავლებელი გვეუბნებოდა, ბათქაშზე ადრე ფრესკებიც იყო და წარწერებიც, მაგრამ რუსის ოფიცრებმა, თავიანთი წესისამებრ, თეთრად შეთხიპნესო. ვისა სცალია სარესტავრაციოდ, თორემ, ვინ იცის, რამდენ საიდუმლოს გაგვიმხელდნენ  ძველი ფრესკები.
როცა წამოვიზარდეთ, სკოლიდან „შატალოზე“ აქეთ ვიპარებოდით-ხოლმე. მასწავლებლები ვერ მოგვძებნიდნენ: არავინ იფიქრებდა, თუ ბავშვები ძველ ტაძარში ვიქნებოდით, - მაშინ მთავრობა ხალხს უკრძალავდა ეკლესიაში სიარულს, მშობლებიც გვიშლიდნენ. ცნობისმოყვარეობით ვათვალიერებდით მოოქროვილ ჩარჩოებში ჩასმულ ხატებს და ვმსჯელობდით, რატომ იყო ზოგზე გამოხატული სინზე დადებული მოჭრილი თავი, ჯვარზე დალურსმული იესოს ქვეშ რად იყო თავის ქალა, ან კანკელის თავზე აღმართულ ერთ ჯვარს ზედ გველი რად ეხვეოდა... ალბათ ბავშვობის თბილი მოგონებების ბრალია, ახლაც რომ მიყვარს იქ მისვლა, როცა არავინაა და სიჩუმეში იმის ცქერა, როგორ გადადის ერთი ხატიდან მეორეზე სარკმლიდან შემოჭრილი მზის სხივი.
მაშინ ეკლესიაში მხოლოდ რუსი ბაბუშკები დადიოდნენ და რუსივე მღვდელი ჰყავდათ,  შეწითლებულ სახეზე მოლურჯო პაჭუა ცხვირით. უწყინარი კაცი იყო, ლოცვისას რაღაცას იბუტბუტებდა თავის ენაზე. ბაბუშკებს თავშლებს ნაკურთხი წყლით კარგად რომ გაუწუწავდა  და გაისტუმრებდა, მერე თავის ორ ამხანაგთან ერთად საკურთხეველში შეიკეტებოდა და არაყს გადაჰკრავდა. „ბოჟე, ცარია ხრანიიიი“ - მოისმოდა-ხოლმე ჩუმი ღიღინი, ჩვენ რომ მაშინ უხილავი ღვთის სადიდებელი ჰიმნი გვეგონა.
***
უკვე ბუნდოვნად მახსოვს: სოფელში ძველი დროიდან ერთი თავადი იყო შემორჩენილი და სულ იბრძოდა ქართული ეკლესიის აღსადგენად. ლეგენდად ჰყვებიან, იმპერატორთანაც კი აპირებდა შეხვედრას და იმის თხოვნას, ქართველებს ჩვენი სახელმწიფო და ეკლესია აღგვიდგინე, როგორც ადრე გვქონდაო. ამ თავადს ხალხი „გიჟ-პოეტას“ ეძახდა, ლექსებსა წერს და ამბობს: - ჩვენი ქვეყანა რუსეთისგან ცალკე უნდა იყოს, რუსის ჯარი აქედან უნდა წავიდეს... აბა, სად გაგონილაო, - გადაიქნევდნენ-ხოლმე თავს გლეხები. მგონი, გიჟს უფრო იმიტომ ეძახდნენ, რომ მთელი თავისი მიწები გლეხებისთვის დაეჩუქებინა და ცოლის მზითვის იმედზე დარჩენილა, - ამას ჭკუადალაგებული როგორ იზამდა?! თორემ, ქეიფის დროს, როცა შეთვრებოდნენ და ყანწს წასწვდებოდნენ, თავადის ლექსების თქმა იცოდა ხალხმა, პათეტიკურად და გულზე მჯიღის ცემით. მართალია, მეორე დღეს მთქმელის თვალებში შიშნარევი მზერა ბევრჯერ დამინახავს („მთავრობას ვინმემ ენა ხომ არ მიუტანა და არ გამაციმბირონო“),  მაგრამ ჩემი ბავშვობის დროს ამის გამო აღარავის იჭერდნენ, ჩინოვნიკები ყურის წაყრუებას დაეჩვივნენ.
თავადის ლექსები კი მაინცდამაინც არ ეპიტნავებოდათ და ალბათ იმიტომაც მოაკვლევინეს. ერთი ბოღმა კაცი იყო, ყველაფრით უკმაყოფილო და ყველას მაგინებელი, იმან გადაჰკიდა თავადს გლეხის ბიჭები, შეუნთო და შეუნთო:
-აი, წელს რომ ჯერ სეტყვა იყო, მერე გვალვამ და კალიამ რომ გადაგიჭამათ მთელი ნათესები, სულ თავადის ბრალია, ღმერთი მაგის გამო გვსჯის!
-რათა, კაცო, რას აშავებს?-უკვირდათ თავიდან გლეხებს.
-რათა და, ეგ ხომ მთავრობის მოწინააღმდეგეა, მეფე კიდე ღმერთისგანაა დასმული და უფალი გვიწყრება.
-ეგ სადა სწერიაო?-იკითხავდა  რომელიმე ეჭვიანი გლეხი.
-სადა და ღმერთის წიგნში, - გააძრობდა საიდანღაც ნაშოვნ ძველ ლოცვანს ეს სულძაღლი და წააკითხებდა: „უფალო, ძლევა ჯვარითა ღვთივდაცულსა ხელმწიფესა ჩვენსა მოანიჭე...“
თუ ამაზე ვინმე ხმას ამოიღებდა და წაიკნავლებდა: „ხელმწიფე წერია, ქართველების მეფე, რუსების იმპერატორი ხომ არაო“, - ურწმუნო თომას ეგრევე გააჩუმებდნენ:
-დაეტიე შენ ადგილას, შენ რა გესმის წიგნებისა, წადი, ძროხების ნეხვს მიჰხედე! - გეგონება, თავად რომის აბამოებიდან გამოსულები იყვნენ და  სულ ნელსაცხებლების სუნი სდიოდათ.
ჰოდა, გამოასულელა ზოგი გლეხი ამ ბოღმა კაცმა და ერთ დღესაც, შიმშილისგან გამწარებულმა გლეხებმა დუხჭირ ცხოვრებაზე ჯავრი ამ თავადის მოკვლით იყარეს. პოლიციამ ზოგი დაიჭირა, ზოგი ვერა და მიავიწყდათ მერე ეს ამბავი, სანამ დრო არ შეიცვალა და დიდი იმპერია, მუქთამჭამელებისგან გამოხრულ-გამოფუტუროვებული, არ დაემხო და დაიშალა.
მაშინ გაახსენდათ თავადი და ახალმა მღვდელმა, გუმბათი და ჯვარიც რომ გამოუცვალა ეკლესიას: - წმინდანი იყი ეგ კაცი, იმის სულზე ილოცეთო!- გამოაცხადა. ადრე რომ თავადს ხალხი აგინებდა, დღეს სწორედ ისინი დიდი მოწიწებით  ეამბორებიან იმის ხატს.
***
ახალმა დროებამ ახალი მოდა მოიტანა: ურწმუნო ხალხი მრევლი გახდა. როგორც ადრე გამოეწყობოდნენ-ხოლმე საპირველმაისოდ ან საშვიდნოემბროდ, სუფთად ჩაცმულები სოფლის საბჭოსთან ტაშის დასაკვრელად ადიოდნენ, ახლა აღდგომას და გიორგობას დღესასწაულობენ ეკლესიაში და, პარტკომის ნაცვლად, მღვდელს უჯერებენ. ესეც არიგებს, როგორც შეუძლია, და ქრისტეზე უყვება. თავად ხალხი თავს არ იწუხებს კითხვით: „ბიბლია“ დიდი წიგნია და ძვირი ღირს, საქორწილე საჩუქრად თუ ვინმე გაიმეტებს ფულს მაგის საყიდლად, მერე სახლში გამოსაჩენ ადგილზე დადებენ, თავმოსაწონებლად, თორემ ვინაა მაგის წამკითხავი და გამგები, - რაც წერია, სულ სხვანაირად განიმარტებაო.
წირვისას მღვდელს ხუცურის კითხვა უჭირს და მის წაფორხილებაზე მე და ჩემს მეგობრებს რამდენჯერმე ფხუკუნი რომ წაგვსკდა, მესანთლე გოგომ მკაცრი თვალებით გადმოგვხედა: „ღვთის სახლში წესიერად მოიქეცით, თორემ ღმერთი დაგსჯითო“. მღვდელს ჰგონია, ძველი ქართულისა არაფერი გაგვეგება და ძნელად ამოსაკითხ სიტყვებს ალაგ-ალაგ გამოტოვებს-ხოლმე, არადა, ჰაგიოგრაფიის სწავლისას ისე გაგვწვრთნა ლიტერატურის მასწავლებელმა, დასვენებაზე ანეკდოტების მოყოლისასაც სულ „მუნ“ და „ვითარმედ“ ისმოდა სკოლის დერეფანში. გაბროს ბიჭმა ერთხელ კი თქვა: ჩვენ მღვდელს სემინარიის დიპლომი „ჩაწყობითა“ აქვს აღებული, მანამდე უბანში ეგ და ლექტორი პადძელნიკები ყოფილან, ქალაქელმა ვახომ იცნოო, - მაგრამ არ ვუგდეთ ყური. ისე კი, ვხალისობდით-ხოლმე მის ძველბიჭურ წამოცდენებზე: „ქრისტემ ფარისევლები მიაჩმორა“, „იუდამ მაცხოვარი ჩაუშვა“...
***
ჩვენი ეკლესიის იატაკი ნესტისგან ძალიან დალპა,  ორას წელიწადში კოჭები ჭიებმა გამოხრეს და ალაგ-ალაგ ფიცრები ჩატყდა. წავიდა მღვდელი გამგებელთან: - ტყიდან ხის მასალა  უფასოდ გამოუყავი ეკლესიას, სამაგიეროდ შენ სულზე ვილოცებ მეც და მრევლიც და ცოდვები მოგეტევებაო, - დაჰპირდა. გამგებელს ეს გარიგება ჭკუაში დაუჯდა, სატყეოს უფროსს დააძალა და აშოლტილი ხეები მოაჭრევინა, მერე თავისსავე სახერხზე დაახერხინა კოჭებად და ფიცრებად, მუშებს ამაში ფული არ მისცა: - ღვთის საქმეა და „იქ“ ჩაგეთვლებათო, - თვალები დაუბრიალა წაწუწუნებაზე.
მოიკრიბნენ ჩვენი სოფლის ბიჭები და  ეს ხე-ტყე მთიდან „ბარტავოი“ მანქანით ჩამოზიდეს, ბენზინის ფულიც თავად აკრიფეს. მე მაშინ სტუდენტი ვიყავი და, მშობლების სანახავად ჩამოსულმა, ეკლესიის ეზოში დიდი შტაბელები რომ გავიკვირვე, ამიხსნეს, რომ იატაკის გამოსაცვლელად  მოუზიდიათ. ჩემს გაოცებაზე, - ამდენი  რად სჭირდება ამ პატარა ეკლესიას-მეთქი?-მხრები აიჩეჩეს: -მამაომ უფრო იცისო.   სასწავლებლად დავბრუნდი ქალაქში და შემდეგ არდადეგებამდე ეგ ამბავი აღარც გამხსენებია.
ზაფხულის საღამოა და ვხედავ, რომ ჩემი უმცროსი და საეჭვოდ იპრანჭება, ეკლესიაში სალოცავად წასვლის მიზეზით. დედამ თვალით მანიშნა: გაჰყევი, თვალი მიადევნე, გარდატეხის ასაკშია, რა იცი, რა ხდებაო. მეზარებოდა, მაგრამ უფროსი ძმის მოვალეობამ დამძალა: - უჰ, შენ გაიხარე, რომ გამახსენე, სული დამიმძიმდა ცოდვებისგან და მეც უნდა წამოვიდე განსაწმენდელად-მეთქი. შევატყე, მაინცდამაინც არ ეპიტნავა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და დაქალებს გადაუმესიჯა.
დედისთვის არ მითქვამს, რომ ეკლესიის შორიახლო მდგომი, სახლის კუთხეს ამოფარებული მათი ტოლი ბიჭები დავლანდე, - სიგარეტის კვამლმა გასცა მათი „სამალავი“. ზურგით დავდექი და, გასაფრთხილებლად, მოტკეცილ მაისურში კარგად გამოკვეთილი, დაკუნთულ-ნავარჯიშევი კუნთები ავუთამაშე, რომ, ემანდ, რამე ზედმეტი არ გაეფიქრათ გოგოებზე და არ მიექარათ. მაგრამ დაიკოს არაფერი ვუთხარი: ბუნების წესია, ვიღაც უნდა უყვარდეს და ვიღაცა შეიყვარებს, მერე გაიზრდებიან და ბავშვური სიყვარული გადაუვლით, ამ ასაკის რომანტიკული გატაცება ლამაზ მოგონებად დარჩებათ. ყველას გამოუცდია, მაგრამ რომ იზრდებიან და მშობლები ხდებიან, მერე ავიწყდებათ.
ჰოდა, ამ გოგო-ბიჭების მესიჯობა-ეშმაკობაზე ფიქრებში გართული მივედი წმინდა ნიკოლოზის ხატთან სანთლის დასანთებად. რა ვიცი, ადრე თითქოს თბილად მიმზერდა და ეხლა კი თითქოს შემომიბღვირა, - ასე მომეჩვენა. უკან დავიხიე და ფეხი ჩატეხილ ფიცრებს შუა ჩამივარდა, კინაღამ კოჭი ვიღრძე. წამოვედი გაბრაზებული, თინეიჯერების ვნებები აღარ გამხსენებია.
ერთი იმათგანი, კოჭებს და ფიცრებს ოფლად გახვითქული რომ ეზიდებოდნენ, სოფლის ბირჟაზე ჩაცუცქულიყო.
-ბიჭო, აკი ეკლესიის იატაკი უნდა შევაკეთოთო, რა იქნა ის მასალა?-ჯიქურ ვაჯახე, მიუსალმებლად.
-ჰო, რა ვიცი...- თვალი მომარიდა.
- რა „რა ვიცი“? სად აორთქლდა იმდენი ხე-ტყე?
წამოდგა და ხელით გვერდზე გამიხმო, ახლოში მდგომ კაცებს რომ ჩვენი ლაპარაკისთვის ყური არ ეგდოთ.
-აბა, რა დაგიმალო... მამაომ თურქეთში წაიღო გასაყიდად, ეგრე ამბობენ.
-კაი ერთი, თურქეთში როგორ გაიტანდა, ხომ იცი, აკრაძალულია? საბუთს ვინ მისცემდა ლევად მოჭრილ ტყეზე?
- საბუთი რად უნდოდა... უშიშროების უფროსმა თავის ბიჭები გააყოლა გამცილებლებად და იმათ გადაატანინეს საზღვარზე. თავად მოუყოლიათ, ოჯახებში რომ დაბრუნებულან.
-ჰოო...- აღარაფერი ვუთხარი. აშკარა იყო, ადრე სიხარულით რომ იცვამდა სტიქაროსნის მოსასხამს, მაგის ხალისი სულ დაჰკარგვოდა.
მეც გული ავიყარე და მას მერე კარგა ხანს აღარ მივსულვარ ჩემი სოფლის ეკლესიაში. ვიღაცამ მითხრა, ის მღვდელი რაღაც სპეციალური ოქროს თუ ვერცხლის ჯვრით დაუჯილდოვებიათ და ქალაქში გადაუყვანიათ, ახალმა კი ეკლესია გაარემონტა, ოღონდ შემომწირველის სახელს არ ამხელსო.
***
ამ ამბიდან ერთი წელი იქნებოდა გასული, ჩემმა ძმამ ხელი მოიტეხა და ცუდად უხორცდებოდა,  ექიმებმა თაბაშირის ცვლით გააწვალეს. დედამ რომელიღაც ჟურნალში ამოიკითხა: მთაში, ერთი ეკლესიის ძირას წყარო გამოდის, იმის წმინდა წყლებში კალმახები სახლობენ და თუ ავადმყოფი მივა, გამოვლენ, ჩაყოფილ ხელზე მიელამუნებიან და არჩენენო. დამიწყო ხვეწნა: - წაიყვანე ბავშვი იმ წყაროზე, კალმახებთან, ეგებ ეშველოს, ჩვენ სამაგისოდ არ გვცალიაო. მამას გადავხედე და კრინტი არ დაძრა,  ულვაშებში ღიმილი ჩამალა. 
რა გაუძლებდა იმედმოცემული მშობლის ხვეწნას და მეორე დღეს დავქოქე მანქანა, ხელდაბინტული ძამიკო ჩავისვი და აღმართებს ავუყევი. კითხვა-კითხვით მივაგენი გზის გადასახვევს, მაგრამ თავად ამ სოფელში ძეხორციელი არ ჭაჭანებდა, მიტოვებული სახლების ფანჯრებზე ზოგან ფიცრები იყო აკრული, ზოგან კი ჩალეწილი მინებიდან ხახადაღებული სიბნელე მომჩერებოდა. ამასობაში ცა მოიქუფრა და ჟინჟვლა დაიწყო. სოფლის შუკებში ხან აქეთ-შევაგდე მანქანა, ხან-იქეთ, სანამ ეკლესიის გუმბათი არ დავლანდე. მომეძალა მისტიური ფიქრები: ჭირმა დახოცა აქაურები თუ ვამპირებმა გადაჭამეს-მეთქი. თუმცა, როგორც მერე გავიგე, მიზეზი პროზაული იყო: აქედან ხალხი უცხოეთში გაკრეფილიყო, ლუკმა-პურის საშოვნად.
მივადექით ეკლესიას. იქ მარტოხელა ბერძენი მნათე კი არ დაგვხვდა, როგორც ჟურნალში წერდნენ, - ბერები დასახლებულიყვნენ და მონასტრად ექციათ. ცოტნე გაფართოებული თვალებით ჩასჩერებოდა  ხიდაკის ქვეშიდან გამომავალი წყლის გუბეს და კალმახებს. იჯდა და ელოდა. თანდათან, იმედგაცრუება დაეტყო, მაგრამ გულს არ იტეხდა და ხან მტკივან ხელს ჩაჰყოფდა, ხან - ადგილს შეიცვლიდა და სიღრმეს ჩასცქერდა, კალმახის დანახვის იმედით. ჩვენს გარდა, კიდევ რამდენიმე მანქანით ამოსული ადამიანები ამაოდ ელოდნენ მათ გამოჩენას.
ამასობაში მონასტერს ტვირთის სიმძიმით საბურავებჩაზნექილი მიკროავტობუსი და ზორბა შავი ჯიპი მოადგა,  მათი საყვირების ჭყვიტინმა მდუმარება დაარღვია.  მონასტრის ჭიშკრიდან არავინ გამოხედა და ჯიპიდან შუა ხნის, გვარიანად ჩასუქებული, შავანაფორიანი და წვერმოშვებული მამაკაცი მკვირცხლად გადმოხტა, კართან გაბრაზებული სახით მივიდა და ბრახუნი აუტეხა. მალევე გამოცვივდნენ ხმელ-ხმელი, ახალგაზრდა ბერები.
-რას მალოდინებთ, თქვე ახვრებო, დროზე ეხლა, თორემ გაგძუყნით, თქვენი...! - ისე ხმამაღლა „აკურთხა“ დამხვდურები, კალმახმომლოდინეებს თვალები შუბლზე აგვიცვივდა. ბერები ხმისამოუღებლად შეუდგნენ მიკროავტობუსიდან ტომრებისა და ყუთების მონასტერში შეზიდვას, მათზე გაბრაზებულს კი ღიპს ზემოთ ჩამოკიდებულ მტკაველისხელა მძიმე ჯვარზე ეტყობოდა, მაღალი წოდება მისთვის სიტყვისშეუბრუნებლობის გარანტიას წარმოადგენდა. ან, შეიძლება, ეს შეურაცხყოფის თმენით ახალგაზრდა ბერებში თავდამბლობის ერთგვარი გამოცდა-გამოწრთობა იყო?..
განკურნების იმედად მოსულმა ხალხმა თანდათან გაკრეფა დაიწყო და ჩვენც გულდამძიმებულები დავგორდით დაღმართებზე. მეზობელ სოფელში გავლისას ნაცბობ სახეს მოვკარი თვალი.
- გიორგი, აქ საიდან? - გავძახე თანაკურსელს. მოვიდა და გადამეხვია, თურმე, სხვა ეკომიგრანტებთან ერთად, მისი ოჯახიც აქეთ გადმოსახლებულიყო. როცა ჩვენი მთებში ამოსვლის მიზეზი შეიტყო, სახე მოექუფრა.
- აღარ არიან კალმახები, დაიხოცნენ. მათი მომვლელი მნათეც საბერძნეთში წავიდა.
- რა მოხდა?
-რაც ეს ეკლესია მონასტრად აქციეს, ბევრმა დაიწყო ამოსვლა. ბერძენ მნათეს ყურს აღარავინ უგდებდა, მოშინაურებულ კალმახებს ხელით იჭერდნენ და კახპა ქალებს ძუძუებშიც კი უსხამდნენ...
 მიპატიჟებაზე უარით დავემშვიდობეთ და გზა განვაგრძეთ. ერთი სული მქონდა, დროზე გავცლოდი ამ დაწყევლილ, თითქოს ატომური აფეთქების შემდეგ რადიაციით დაბინძურებულ და გაუკაცრიელებულ მხარეს. ცოტნე კრიჭაშეკრული იჯდა მანქანაში და სადღაც შორს გაჰყურებდა სივრცეს. მინდოდა, რაღაცით გამომეყვანა ამ მდგომარეობიდან, მაგრამ აზრებს თავს ვერ ვუყრიდი. რადიო ჩავრთე. „იმედზე“ (აქ სხვა არაფერს იჭერდა) „ნაუტილიუს პომპილიუსი“  ჩაერთოთ:

„Видишь, там на горе-е-е,
возвышается крест.
Под ним десяток солда-a-aт. 
Повиси-ка на нё-ём.
А когда надое-е-ест, 
возвращайся назад,
Гулять по воде, гулять по воде, 
гулять по воде  со мно-ой!

ბუტუსოვმა სიმღერა დაამთავრა თუ არა, მივხვდი, ძმასთან რაზე უნდა მელაპარაკა.
-ადამიანებს კალმახები არ არჩენდნენ.
-აბა რა არჩენდა?-ეჭვნარევად ამომხედა.
-მათივე რწმენა. საკუთარი გონების ძალით იცვლებოდა ბიოქიმიური პროცესები სხეულში.
-ეგ როგორ?
-აი, ქრისტემ როგორ გაიარა წყალზე და მოწაფეებსაც უთხრა, თქვენც შეგიძლიათო?
 ცოტნემ მხრები აიჩეჩა.
-გონების ძალით წყლის მოლეკულები ერთმანეთს მიუახლოვა და ყინულივით გაამკვრივა. თუ გონმა შექმნა ყველაფერი, აზრს  არა მხოლოდ მატერიის ფორმის შეცვლა, მის სტრუქტურაზე ზემოქმედებაც უნდა შეეძლოს, - ეგ აჩვენა ქრისტემ მოციქულებს. მაგრამ ადამიანები ამას ვერ იცნობიერებენ და რწმენისათვის ხილული სასწაულები სჭირდებათ. კალმახები მათ ასეთ, შეუგნებელ რწმენას ამყარებდნენ, - სულ ეს იყო.
ცოტნემ არაფერი მიპასუხა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ისევ გახალისდა და დაივიწყა ნანახი. ორიოდე კვირის შემდეგ ტკივილებმა გაუარა, თაბაშირიც მოიცილა, სახვევებიც, და მას მერე ხელი აღარასოდეს სტკენია.
***
12 აპრილი იყო. ეს თარიღი -„კოსმონავტიკის დღე“ - ბავშვობიდან კარგად მახსოვს, ადამიანი ამ დღეს დედამიწის საზღვრებს გასცდა და კოსმოსში გაიჭრა. ახლად აბიბინებული ბალახისა და ყვავილების სურნელით გაჟღენთილი ჰაერი გამაბრუებლად მოქმედებდა.
ჩვენი სოფლის ეკლესიასთან შეჯგუფულ ხალხს მოვკარი თვალი, ცნობისმოყვარედ მივედი, - რა ხდება-მეთქი?- ვიკითხე. - მეუფე გვესტუმრაო. მსხვილი, ახოვანი კაცი ეკლესიის კართან, საფეხურზე შემდგარიყო და მრევლს მოძღვრავდა:
- ეშმაკის მოციქულნი, ფრანკ-იუდო-მასონები, ევრო-ამერიკა ცდილობენ, რომ მართლმადიდებელი ერები ერთმანეთს წაკიდონ და გადაამტერონ, ქართველებს რუსეთი მტრის ხატად დაუსახონ და ამით თავის სოდომ-გომორში შეგვიტყუონ... თუ თქვენ ღმერთისგან მფარველობა არა გსურთ, მაშინ მოემზადეთ მონობისთვის. და თუ მონობა აგირჩევია, რაღა ევრო-ამერიკას ირჩევ ბატონად, სადაც სოდომური ცოდვები ცხოვრების წესადა აქვთ და ერთსქესიანი გათახსირება - დაკანონებული. გინდათ, რომ შვილები ჰომოსექსუალისტები გაგეზარდოთ? - შესძახა მთავარეპისკოპოსმა და თავშლიან თავებს ზემოდან მზერა მიმოავლო.
- არა, მამაო, არ გვინდა! ღმერთმა დაგვიფაროს!-ამოსძახეს აქეთ-იქიდან.
- ისევ რუსეთი გერჩიოს ბატონად, რადგანაც ის ზნეობრივად ვერ გაგრყვნის, - განაგრძო ომახიანად, - ფიზიკური მონობა გვერჩიოს ზნეობრივ მონობა-გათახსირებას. რუსეთი და საქართველო, როგორც ძმები, ისე იყვენენ წარსულში, რუსეთმა გადაგვარჩინა უსჯულოთაგან გადაშენებას...
მეორედ მოსვლა მალე იქნება, ხალხო, გინდათ, წარწყმედილები შეხვდეთ ქრისტეს?! - მეუფემ  მრევლს გადახედა, პირჯვარი გადასახა და გენერალივით წელგამართული შებრუნდა ეკლესიაში.
-უფალო შეგვიწყალე, უფალო შეგვიწყალე... - შიშნარევი ჩურჩულით დაიშალნენ.
ორი შუა ხნის კაცი ჩამცდა და ყური მოვკარი:
-მართალს ამბობს. ცარიელი თავისუფლება რა თავში ვიხალოთ. არადა, რა კაი იყო,  აქ როცა სამხედრო ნაწილი იდგა, ოფიცრების ცოლებთან როგორ დავძვრებოდით ღამ-ღამობით, გახსოვს?
- ჰო, კარგები იყვნენ, დალევა უყვარდათ რუს ბიჭებსა...
ამათ ტრაბახზე ჩამეცინა, ერზეც და ბერზეც ხელჩაქნეული დავადექი გზას.
***
იმ დღეს არც თოვდა და არც სიონის ზარები დუმდნენ. პირიქით, რეკდნენ და მოჟრიამულე თბილისელ მოქალაქეებს უხმობდნენ. თავადაზნაურობა წინა საღამოსვე  მიიწვია კათალიკოსმა.
გუშინწინ მთელი ხალხი დიდი ზარ-ზეიმით დახვდა რუსის ჯარის შემოსვლას, მღვდლებმა პარაკლისები გადაიხადეს, წმინდა ნინოს ჯვარის პეტერბურღიდან თბილისს ჩამოტანის გამო. იმპერატორმა ალექსანდრემ მოწყალება გაიღო და დაუბრუნა ქართველობას თხუთმეტსაუკუნოვანი სიწმინდე, რომელიც მას ერთი წლის წინ აჩუქა გიორგი ბაგრატიონმა, „გრუზინსკი“-დ წოდებულმა. დღეს ისევ რეკენ ზარები...
სიონის კათედრიდან მანიფესტი ჯერ რუსულად წაიკითხეს:
-...Во взаимность сихъ великодушныхъ попечении нашихъ о благе всехъ и каждаго изъ васъ мы требуемъ: чтобы вы, для утверждения постановленной надъ вами власти, дали присягу въ верности по форме при семъ приложенной.
Духовенство, яко пастыри душевные, первые должны дать примеръ. Наконецъ да познаете и вы цену добраго правления... 
გარედან ჩოჩქოლი მოისმა და თეთრჩოხიანმა ახალგაზრდამ ხანჯლებჩაბღუჯულ მეგობრებს გადაულაპარაკა:
- რუსებს ალყა შემოურტყამთ, ზარბაზნები მოუშვერიათ. უკეთუ არ ჰყოთ ფიცსა ერთგულებასა ზედა რუსეთისასა, ამოგწყვეტთო.
- ჩვენს ელჩობასა, გარსევან ჭავჭავაძესა და გიორგი ავალიშვილს, პროტესტის ნოტა მიუცია იმპერატორისთვის.
- ინგლისსა და საფრანგეთსაც პროტესტი უთქვამთ სამეფოს გაუქმებაზედა.
- მერე?
- ... 
- ბატონიშვილი უნდა გავიყვანოთ, თორე მოჰკლავენ მემკვიდრესა.
იულონის გარშემო კახელი თავადები შეჯგუფდნენ და თანდათან, ყურადღება რომ არ მიეპყროთ, ტაძრის კარისკენ გადაინაცვლეს. სანამ პეტერბურღში შედგენილ ფიცს, კათალიკოს ანტონის მითითებით, არქიმანდრიტი ტრიფილე ბორძიკით წაიკითხავდა, უკვე ეზოში გააღწიეს.
-ცხენები მტკვართან, ჭალაში გვყავს დაბმული...
გენერალი კნორინგი თვალს არ აცილებდა კათალიკოსს: იმაზე, თუ რამდენად ზედმიწევნით შეუსრულებდა ანტონი დავალებას, დიდად იყო დამოკიდებული, დაიღვრებოდა თუ არა აქ სისხლი... იმპერატორის ერთგულების ფიცზე კათალიკოსი მორჩილად აწერდა ხელს. რიგში იდგნენ: მთავარეპისკოპოსი იუსტინე, თბილელი მიტროპოლიტი არსენი, ბოდბელი იოანე, რუსთველი სტეფანე, წილკნელი გერვასი, ნეკრესელი ამბროსი, ნიქოზელი ათანასე...
ეპოლეტებიანი კმაყოფილებით იფშვნეტდა ხელებს და დროდადრო  სუნამოთი დანამული ცხვირსახოცი ცხვირთან მიჰქონდა, ტუზემცების სუნს რომ არ შეეწუხებინა.
ამ დროს ერთბაშად იხუვლეს კახელებმა და ჯარისკაცების მწკრივი გაარღვიეს. ბრძანების გარეშე რუსებმა ვერც სროლა გაბედეს, ვერც დადევნება. როცა გენერალს მოახსენეს, გაბრაზებულმა ბრძანა:
-Арестовать всехъ князей, которые под клятвою подпись свою не поставятъ, к чёртовой матери!
 ანტონსა და შვიდ მღვდელმთავარს უბრძანა, იმპერატორისა და მთელი მისი უდიდებულესი საიმპერატორო გვარის ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის საზეიმო სამადლობელი ლოცვები აღევლინათ. ზარბაზნებიც დააქუხეს.
 აპრილის გრილი საღამო მიიწურა და საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაური, ამიერიდან - ანტონ ირაკლიევიჩი, მთვარის მკრთალ შუქზე სევდიანად დასცქეროდა იმპერატორის მიერ ბოძებულ ბრილიანტის ძვირფას ჯვარს, ალექსანდრე ნეველის ორდენსა და სერაფიმებით შემკულ თეთრ ბარტყულას, - მშვიდობიან ყოფაში გაცვლილი სამშობლოს თავისუფლების საფასურს.


29.09.2015

No comments:

Post a Comment